| პირადი ბიბლიოთეკა |
|
გაზიარება
|
ჯერომ დ. სელინჯერი,
«თამაში ჭვავის ყანაში» (1951)
როცა ამ სვეტების წერა გადავწყვიტე და ჩემი წიგნის თაროებს მივადექი პირველი კანდიდატების მოსაქექად, რატომღაც სელინჯერის ერთი ძველი გამოცემა მომხვდა თვალში. გადმოვიღე და გამახსენდა, რომ ბოლოს «თამაში...» 4 წლის წინ წავიკითხე, მწერლის 80 წლის იუბილეს «აღსანიშნავად». სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფანქრით დახაზული წიგნის შინაარსი ადვილად გავიხსენე (ისე, სიმართლე ითქვას, თურმე არც არასდროს დამვიწყებია) და ვიფიქრე, რომ სვეტებსაც ამ რომანით დავიწყებდი. მერე დავეჭვდი, ვინმემ რო მკითხოს, შე კაი კაცო, რაღა ვიღაც გადამთიელს ეცი, აგერ, გიორგი წერეთლის «პირველი ნაბიჯით» ან «კაცია-ადამიანით?!» დაგეწყოო, რა ვუპასუხო-მეთქი და უცებ თითქოს წიგნის მთავარი გმირის, ჰოლდენ კოლფილდის ხმამ მიკარნახა: ნუ ხარ ფხუკიანი, ერთი ფეთიანი ამბავია და მინდა თავში მოვყვები და მინდა ბოლოში-მეთქი. აი ასე მივუგე იმ აბეზარ მოჩვენებას და წერა დავიწყე.
ახლა კი დროა, თვითონ წიგნზე მოგიყვეთ, მაგრამ უნდა ვეცადო, ავტორზე საუბარმა არ გამიტაცოს, რადგან ქვეყანაზე იმდენი ჭორი და მითი დაყიალობს სელინჯერზე, რომ ვერ გადარჩები, ჩაგიტყუებს. თანაც ჰოლდენ კოლფილდივით მეც მიყვარს თემიდან გადახვევა, აგერ, უკვე მესმის კიდეც მისი მაზალო კლასელების შებღავლება: «გადაუხვია! გადაუხვია!» და მეც ვნებდები, თუმცა რად გინდა! ისევ გადახვევაზე უნდა ვთქვა, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ...
ჰოლდენი ერთგან ამბობს: «კაცს უნდა აცალო, თუკი რაიმემ დააინტერესა და გატაცებით ყვება, გაუშვი _ მოჰყვეს. ძალიან მიყვარს, როცა კაცი გატაცებით ყვება. ამას რა სჯობია!» რა სჯობია და გატაცებით სმენა, თანაც ისეთი გატაცებული მთხრობელისა, როგორიც ჰოლდენია.
თავის დროზე რა არ უწოდეს საწყალ ბიჭს _ ბედოვლათი, ახირებული, შესაბრალისი, მანჰეტენელი ულისე, უიღბლო თინეიჯერი და ა.შ., მაგრამ დღემდე მაინც უცვლელად მოაღწია მისმა განუმეორებელმა ხმამ. იგი ყვება, დასცინის, იხსენებს, განიცდის, გარბის, რცხვენია, სწყინს, ავადაა, ნანობს. ფეხბურთის მატჩს ესწრება თავისი სკოლელების მონაწილეობით, ამ დროს კი სიცივისგან ტრაკი ეწვის, მაგრამ თამაშის ცქერით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. უფრო იმიტომ დგას, რომ სკოლასთან გამომშვიდობების გრძნობა განიცადოს. სკოლიდან გაგდების შემდეგ (თუ არ ვცდები, ეს სკოლა უკვე მეექვსეა, საიდანაც დაიფრინეს) ნიუ-იორკში დააწვება და თავგადასავალიც იწყება. წასვლამდე ერთს დაიღრიალებს დერეფანში, «მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!» ისე, რომ თავისი სართულის «ყველა ნაბიჭვარს» გააღვიძებს და კიბეზე დაეშვება. მოხუც მასწავლებელს კი დაუწერს: «ძვირფასო მისტერ სპენსერ!.. თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურის გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი».
შემდეგ უკვე ცხოვრების გამოცდები იწყება _ ტაქსის მძღოლები, მონაზვნები, მელიფტე, სამი გოგო, მეძავი და ყოფილი მასწავლებელი _ ვისგანაც თავპირისმტვრევით გამორბის. ნიუ-იორკში ერთ ბიჭს დაინახავს, «ღმერთივით ბიჭს», მშობლების უყურადღებობით ესარგებლა, პირდაპირ ქუჩის სავალ ნაწილზე გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა ამაყად, თან ღიღინებდა: «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»... ჰოლდენს ერთბაშად გულზე მოეშვება, ნაღველი გადაეყრება.
არადა, სანაღვლოც ბევრი აქვს 16 წლის ბიჭს. სულ თავისი უმცროსი ძმა ახსენდება, ელი, ცოტა ხნის წინ რომ გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით (გარდაცვალების ზუსტი თარიღიცაა _ 1946 წლის 18 ივლისი). ელი ცაცია იყო და ბეისბოლის ხელთათმანზე _ თითებზეც და ჯიბეზეც _ ყველგან ლექსები ეწერა, მწვანე მელნით. როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, იდგა და ლექსებს კითხულობდა. ელი რომ მოკვდა, იმ ღამეს ჰოლდენს გარაჟში ეძინა და სულ მუშტებით ჩალეწა მინები, მერე ავტობუსის მინებსაც მიადგა, მაგრამ დასერილი ხელებით ვერაფერი მოახერხა. ხელი ხშირად ახსენებდა ხოლმე თავს, წვიმიან ამინდში, ზოგჯერ მუშტსაც ვერ კრავდა, მაგრამ ამაზე არ ნაღვლობდა, ამბობდა: ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრასო.
ვინც არ მოსწონს, ჰოლდენი ყველას ნაბიჭვარს უწოდებს. მთელი რომანი სავსეა ასეთი «ახვრებით», თუმცა ერთი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, მისტერ ოსენბერგერი, ადამიანი, ვისაც დამკრძალავი ბიურო ჰქონდა, თავის დროზე დიდი ფული ეშოვა ამ ბიზნესში და ვისი სახელობის ფლიგელშიც იყო მოთავსებული ჰოლდენის საერთო საცხოვრებელი. ერთხელ ეს კაცი სკოლას ეწვევა თავისი დიდი «კადილაკით» და ბავშვებს ჭკუას დაარიგებს, სულ უნდა ილოცოთ და რა დროც უნდა იყოს, ღმერთს ესაუბროთო. ქრისტე ისე უნდა იგულოთ, როგორც თქვენი ძმაკაცი. მეც, პირადად, სულ ქრისტეს ვესაუბრები, მაშინაც კი, როცა საჭეს ვუზივარო. «ამან მომსპო! _ ამბობს ჰოლდენი, _ წარმოვიდგინე, როგორ გადაჰყავს ამ გამოქექილ ნაბიჭვარს მანქანა პირველ სიჩქარეში და თან ქრისტესა სთხოვს, ცოტა უფრო მეტი მკვდარი გამომიგზავნეო». მაგრამ რომანში არა მხოლოდ ნაბიჭვრები ჩანან. როგორც ერთ-ერთმა იმდროინდელმა რეცენზენტმა თქვა (იყო დრო, როცა ამერიკული პრესა ლამის ყოველდღე აქვეყნებდა სტატიებს ამ ნაწარმოებზე), «წიგნში ხშირად გაისმის ანცი ბავშვების მომხიბლავი ხმებიც». პირველ რიგში ეს ჰოლდენის პატარა დაიკო ფიბია, ვისაც ღამით, ჩუმად მოინახულებს ჰოლდენი და ვინც ფრაზაში: «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში», «დაიჭერს» _ «შეხვდებით» გაუსწორებს ძმას, თანაც დასძენს, ეგ ხომ რობერტ ბერნსის ლექსიაო. აი, სწორედ ამ სცენის შემდეგ მოდის ის მთავარი აბზაცი, საიდანაც რომანს სათაურიც დაადგა ავტორმა და რომლის ციტირებასაც არ მოვყვები, თქვენ თავად წაიკითხეთ.
მხოლოდ ერთს დავძენ, ეს წიგნი თავის დროზე მკვლელ-მანიაკებს შორისაც ძალიან პოპულარული იყო, დაწყებული ჩარლი მენსონით და დამთავრებული მარკ ჩეპმენით (ამ გიჟმა, ვიდრე ხუთ ტყვიას დაახლიდა, სელინჯერის რომანის თავის ეგზემპლარზე მოაწერინა ხელი ჯონ ლენონს), მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, სჯობია იმაზე იფიქროთ, საით მიფრინავენ ხოლმე იხვები, როცა ტბა იყინება.
ერთი სიტყვით, «კარქა იყავით!»
დემნა შენგელაია,
«სანავარდო» (1926)
რამდენიმე თვის წინ გრიგოლ წერეთლის «ძველი ბერძნული ლიტერატურის ისტორიის» (ქართული გამოცემა) პირველი ტომი შევიძინე აღმაშენებლის გამზირზე, ერთ მყუდრო ბუკინისტურ მაღაზიაში. ოციან წლებში გამოცემული წიგნი კარგად იყო შენახული, ძალიან იაფიც ღირდა, სულ რაღაც 4 ლარი, და რაც მთავარია, წიგნის სატიტულო ფურცელს ხელით ლამაზად გამოყვანილი ფაქსიმილე ამკობდა, სადაც გარკვევით იკითხებოდა _ «დემნა შენგელაია». გახარებულმა, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიყიდე წიგნი, თუმცა გადათვალიერებისას პატარა იმედგაცრუება მელოდა. საქმე ის გახლავთ, რომ წიგნი საერთოდ გაუჭრელი იყო, ერთი სიტყვით _ ხელუხლებელი და იმის იმედი, რომ იქ მწერლის მარგინალიებს, აშიებზე მიწერილ ფრაზებს ვნახავდი, აღარ უნდა მქონოდა. არადა, საინტერესო იქნებოდა, რას მიაწერდა დემნა შენგელაია, ვთქვათ, პინდარეს სტილის გრიგოლ წერეთლისეულ შეფასებას, ანდა ჰესიოდეს ოთხი საუკუნე რა ფიქრებისთვის განაწყობდა მწერალს... თუმცა, ღმერთმა უწყის, იქნებ არც ჰქონდა დემნა შენგელაიას ჩვევად წიგნების აჭრელება, შესაძლოა, არც უყვარდა ანტიკური ლიტერატურა ან სულაც რუსულად ჰქონდა წაკითხული გრიგოლ ფილიმონოვიჩის ეს წიგნი.
სხვა საქმეა, დემნა შენგელაიას წიგნებიდან ანდრეი ბელის «პეტერბურგი» რომ ჩამვარდნოდა ხელთ, ეს მწერალი ხომ განსაკუთრებით უყვარდა მას და ლიტერატურულ წრეებშიც უკვე ტრადიციად იქცა ბელის ქართველ მწერალზე გავლენის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით კი «სანავარდოზე». მაგრამ ახლა ამაზე ხმას არ ამოვიღებ, სჯობია, თავად რომანს მივხედოთ.
«სანავარდო» რაღაც აზრით რევოლუციური ნაწარმოებია, საეტაპო, არა მხოლოდ მწერლის, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურის «ბიოგრაფიაში». ასეთ რომანებს, როგორც წესი, არ უმართლებს ხოლმე და მიბნეული იარლიყებიც ხელს უშლის მის სწორად აღქმას. ზემოთ ტყუილად არ მიხსენებია პინდარეს სტილი და ჰესიოდეს ოთხი საუკუნე, რადგან ერთი მხრივ «სანავარდო» ძალზე მნიშვნელოვანია სტილის თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი (ეს უკვე ჰესიოდეს არჩივია) თემა იპყრობს ყურადღებას _ რადგან მოთხრობილია ამბავი სისხლდამჟავებული ძველი თაობისა და ახალი, წვივმაგარი ადამიანების მოლოდინის შესახებ, ესაა ფიქრი გარდასული, «თავგამხმარი» მოდგმისა და ჩვენი დროის ჭინკების გამო.
«სანავარდო» საგანცხრომო საკითხავი რომანი არ გახლავთ, მასში მხოლოდ ლიტერატურის მოყვარული გაინავარდებს, დატკბება სტილის ცეცხლოვანი გამონათებებით, შხამიანი მეტაფორებით _ საზარელი და საუცხოო რომაა იმავდროულად თხრობის მანერით. რომანს ეპიგრაფად ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი სიტყვები უძღვის, იაკობ ხუცესის «შუშანიკის წამებიდან», ანუ დასაწყისშივე მოინიშნება რომანის სივრცეც (ცეცხლებრ შემწველი მზის მხურვალებით, ხორშაკი ქარებით, მავნებელი წყლით) და პერსონაჟებიც _ დამჭკნარი, დამღიერებული, პირმსივანი და დღემოკლედ ცხოვრებული ადამიანები.
ესაა რომანი ყარამან ჭილაძის, მისი შვილის, ბონდოსა და მათი საგვარეულო სენის შესახებ, დიდებასთან ერთად რომ დაუტოვეს წინაპრებმა და რომელიც კვალდაკვალ მოსდევს მთელ მოდგმას. თუმცა მალე ეს სენი თავს დაანებებს «დევნას», რადგან მოდგმა გადაშენდება და «მთვრალი დედაკაცივით დატრიალებულ» სამყაროში აღარ დარჩება მისი ადგილი. «ეს გვარი ფლობდა დიდებულ ჭყონდიდელთა კვერთხს და ზვიადად განაგებდა სანავარდოს, საჭილაოს, მარანს, ორპირს, ქორეისუბანს, საჯავახოს», _ იწყებს ავტორი თხრობას და სიტყვებიც გაიბმება ძაფივით, აისხმება კრიალოსანი.
რომანი კარებადაა დაყოფილი და ყოველი კარის «შეღება» თითქოს რაღაც ახალს მოასწავებს, სადღაც მიგვიძღვება. აქ «მიდის ყველაფერი, მიექანება მოლიპულზე» და ჩვენც მივყვებით ხაშმსა და ალმურში გახვეულ პერსონაჟებს.
რომანის მთავარ გმირს, ბონდოს, ბევრი რამ აკავშირებს სიმბოლისტური პროზის კლასიკურ გმირებთან, თუმცა მისი «დახასიათება» უფრო დოსტოევსკის გმირებს გაგახსენებთ: «მაღალი, გამხდარი, ხელ-ფეხი ისე ქანაობდა, თითქოს ქინძისთავებით ჰქონდა მხრებზე მიბმული, გრძელი, მოღუნული ცხვირი, დედის ეშხიანი თვალები და ამ თვალებში _ რაღაც უაზრო და დამაფიქრებელი. ტუჩის კუთხეებს თითქოს ვიღაც ეზიდებოდა. სიარული აჩქარებული, სულწასწრებული».\\\"
ბონდო სანახევროდ ლანდებთან ცხოვრობს, «კოცნის, ემუსაიფება, ეთამაშება მათ»\\\", ხალიჩებზე ამოქსოვილ სამკაულებთან მეგობრობს, ოქროსქოშებიან მზეთუნახავებსა და ჭაღარა გენერლებთან. «ყოველ ღამით, როცა დააწვენდნენ, ხალიჩა მოიხსნებოდა კედლიდან, წამოვიდოდა ზღაპარივით გაშლილი და ჩაიხუტებდა ბონდოს...» და მთელი მისი ცხოვრებაც ნატვრაში გადიოდა, იგი მალე დაღამებას ნატრობდა. ქვეყანა კი უნიჭო ბოდვას ემსგავსებოდა.
ბონდოს ვერც ქალაქმა უშველა, რომელიც მამის მონათხრობის წყალობით ჯადოსნურ მხარედ გაშლილიყო მის გონებაში, ტფილისი კი მაშინ «ღვინოში აზავებდა ქვეყნის დარდსა და დიდებას»\\\". მალე ყარამანს ცოლისძმამ მოსწერა ქალაქიდან: «რაცხა შემოაფრინდება გულბოყვში, წააქცევს და კანკალს დააწყებინებსო»\\\".
შემდეგ იყო «თეთრგრანიტიანი»\\\" პეტერბურგი, გათოშილი კუნძული და მ-ლლე Fიფი. ბონდო პეტერბურგელ კნიაჟნას საქართველოდან მზის მაგიერ სიბნელეს ჩაუტანს... რადგან მისი გენეალოგია საუკუნეთა სიღრმეებში იკარგებოდა, კნიაჟნას საგვარეულო შტო კი ნათელი იყო. ბოლოს კი ბონდო ისევ სანავარდოში მიდის, მშობლიურ მხარეში, სადაც ჩავა და ამჯერად უთვისტომობას ჩაიტანს და სადაც ყარამანი რაღაც ბნელსა და გამოუცნობს დაინახავს თავის შვილში.
რომანში კვდებიან, კვდება სოფელი, ადამიანები, კვდება ბონდოს დედა ციცინოც და იგი ზღაპრებით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. მოახლეს, ლიზიკიას, უტატანებს, «ხომ ხედავ, არ მეძინება, შენ არ დაგაძინა მამაზეციერმა!.. ცეცხლს მიხედე და ზღაპარი მომიყევი» და ლიზიკიაც ყვება დოდო ბაყაყის ზღაპარს, მთვარიან ღამეში ციების ლორწოს რომ ღვრიდა ირგვლივ. სწორედ ასევე, სამყაროსა და ქვეყნის კვდომასაც მხოლოდ ავტორის თხრობა ახანგრძლივებს და ისიც იმავე ზღაპარს გვიამბობს: იქ «გვალვით შეწუხებული, ლელიანში ჩაფენილი კოღოები სულს ძლივს იბრუნებენ და შხამს ინახავენ, რომ საღამოთი მეტი სიმწარით მოშხამონ სანავარდოს მიდამოები»\\\", იქ «ავხორცი, მსუქანი ბაყაყები ხითხითებენ და თათებით ხორთუმმომარჯვებულ კოღოებს იგერიებენ»\\\".
პირქუში რომანია სანავარდო და ფინალიც ასეთი პირქუში აქვს. ბოლოს გასკდება მოღრუბლული ცა უზარმაზარი ხარის ფაშვივით, დაუშვებს კოკისპირული, დამპალი წვიმა და გაისმება ექოსავით: «სატურიაში, სატურიაში, სადაც ახალმა ცხოვრებამ დაიდო ბინა».
ეს «ახალი ცხოვრება\\\"« დღესაც გრძელდება, დღესაც ამ სატურიაში ვცხოვრობთ და ჩვენი ხვრინვით ფრთას ვასხამთ ახლო წარსულის ლანდებს.
ჰერმან მელვილი,
«ტაიპი» (1846)
ეს რომანი შარშან წავიკითხე სოფელში. რაჭაში ვისვენებდი და წაღებული წიგნებიდან პირველად «ტაიპის»\\\" ჩავუჯექი. არც შევმცდარვარ, რადგან არაფერი ისე არ ახალისებს უსაქმობასა და ე.წ. საკურორტო სიზანტეს, როგორც სათავგადასავლო რომანების ნთქმა, თანაც ისეთი არატიპური თრაველოგუე-სტისა (მაშინ ასე უწოდებდნენ ამ ჟანრს), როგორიც მელვილია. მართლაც, ნუთუ შეიძლება ჟიულ ვერნის, მაინ რიდისა და ფენიმორ კუპერის გვერდით მოვიხსენიოთ «მობი დიკისა» და «იზრაილ პოტერის»\\\" ავტორი...
ჰოდა, ამ შარშანდელმა განცხრომამ «ტაიპიში»\\\" ამოკითხული პატარ-პატარა განცხრომები გამახსენა წლევანდელ, თბილისურ ხვატში ჩარჩენილ მკითხველს. წარმოიდგინეთ, რომანის მოქმედება სადღაც მარკიზის კუნძულებთან ხდება და თავგადასავლებთან ერთად წიგნში დეტალურადაა აღწერილი იქ მცხოვრები კაციჭამიების უცნაური სიზანტე და სიამოვნებათა მთელი ის კრიალოსანი, რითაც ისინი თავს ირთობენ. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს კიდეც, რა შუაშია სიზანტე-სიამოვნებებიო, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
ახლა კი მოდი ვნახოთ, «რას გვიამბობს «ტაიპი\\\":
პირველივე აბზაცს შეუდგება თუ არა, გამოცდილი მკითხველი იფიქრებს, «მობი დიკის»\\\" გაგრძელებას ხო არ ვკითხულობო, თუმცა კი ნაწარმოებს რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. გმირი (მთხრობელი) ნახევარი წელია გემიდან არ ჩამოსულა, რომლის შემადგენლობაც უკვე ექვს თვეზე მეტია ვეშაპებს დასდევს წყნარ ოკეანეში. გემზე შიმშილობენ, აღარც პროვიზია დარჩათ, არც ტკბილი კარტოფილი და ბანანის ასხმა და არც წვნიანი ფორთოხლები, მხოლოდ ორცხობილა _ მზითა და ოკეანის ქარით გამომშრალი. დასაკლავიც უკვე კარგა ხნის წინ დაიკლა. გემბანზე ერთადერთი მამალიღა დააბიჯებს, თავის დროზე მხიარული და მამაცი ყვინჩილა, სახელად «პედრო\\\"« და მასაც კუნძზე დაადებინებენ სულ მალე თავს. ვერ აეწყო გემის ხელმძღვანელობასა და მეზღვაურებს შორის ურთიერთობაც და სწორედ ეს გახდება ორი მათგანის გაქცევის მიზეზი.
ხომალდი მარკიზის კუნძულებთან იდგა, როცა მთხრობელი (თავად მელვილი) და მისი მეგობარი ტობი (რეალური პირი, რ. ტობაიეს გრინი) კუნძულ ნუკუხივაზე გადავიდნენ. გაგონილი ჰქონდათ, რომ იქ ორი ტომი ცხოვრობდა: კაციჭამია ტაიპის ტომი და მშვიდობიანი ხაპარები. მეგობრები ცდილობდნენ, ხაპარებთან გადასულიყვნენ, მაგრამ, როგორც მიხვდით, ტაიპის (მარკიზის კილოკავზე ეს სიტყვა თურმე კაცის ხორცის მოყვარულს ნიშნავს) ჩაუვარდნენ ხელში. მათ ერთადერთი იმედი დარჩათ _ გაგონილი ჰქონდათ, რომ მეზღვაურის ხორცი თურმე ძალიან მარილიანი ყოფილა და ეგებ არ შეგვჭამონო, ფიქრობდნენ. არადა, კაი გულიანი ხალხი აღმოჩნდა ეს ტაიპი, დაახლოებით ისეთი, სომხები რომ არიან აკა მორჩილაძის «მოგზაურობა ყარაბაღში\\\"« (საერთოდაც, ეს ნაწარმოები ძალიან ჰგავს «ტაიპის\\\"«), ანუ «პატივისცემაში»\\\" ჰყავდათ «ტყვეები\\\"«, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ მათ გარეშე. მალე კი ისიც გაირკვა, რომ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო მათი «პატივისცემიდან»\\\" თავის დაღწევაზე.
მიუხედავად ამისა, მეგობრები კაის ჭამენ, კაის სვამენ და კაის ეწევიან _ რაღაც ბალახს, ჩვენებურ პლანს რომ წააგავს (თუმცა, რაღა ჩვენებური, ლათინურად ცანნაბის ინდიცა ჰქვია). მოწევას რაც შეეხება, იქ ბევრი კარგი პასაჟია ამ მავნე და ძვირფასი სიამოვნების შესახებ. მაგალითად, ერთგან ავტორი წერს, «არაფერი ისე არ შვენის ახალგაზრდა ქალს, როგორც მოწევა. რა სჯობია პერუელი ლამაზმანის ცქერას, როცა იგი ფორთოხლის ხეებზე გაჭიმულ ჭრელ ჭილის ჰამაკში ირწევა და კარგ სიგარას აბოლებს?» თუმცა, ავტორს იქვე ფაიავეი ახსენდება (იქაური კუნძულელი ლამაზმანი, მთხრობელის სიმპათია, ერთგვარი «მის ტაიპი 1842»), ხელში ლერწმის გრძელი ჩიბუხი რომ ეპყრა ხისგან გამოთლილი საღვივარით და ნება-ნება რომ აბოლებდა ხოლმე, და დასძენს, ამ სანახაობას მაინც ვერაფერი შეედრებოდაო.
ახლა სასმელისაც ვთქვათ. ესეც მაგარი ჰალუცინოგენი ჰქონიათ, არვას ეძახიან და ამავე სახელწოდების მცენარის ფესვისგან ამზადებდნენ თურმე. შემოუსხდებოდნენ იქაური ჯეელები დიდ ხის გობს და იწყებდნენ ამ ფესვის ღეჭვას, მერე კი გამონაღეჭს გობში აფურთხებდნენ, ასხამდნენ წყალს და ურევდნენ, თანაც აუცილებლად მარჯვენა ხელის თითით. მალე სასმელი მზად იყო და როგორც იტყვიან, სუფრაზე ჩადგმაღა აკლდა.
გასართობი სხვაც ბევრი ჰქონდათ კუნძულელებს. ფაქტობრივად, ისინი ყველაფრით ერთობოდნენ, დაწყებული ღორის დაკვლით _ თევზაობით დამთავრებული და ამის მიუხედავად _ ერთი რამ მაინც ძალზე საგულისხმოა ამ რომანში, კერძოდ კი ის, რომ ავტორი აღწერილ გარემოს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, იმდროინდელ მოდურ ლიტერატურას უპირისპირებს. ერთგან იმასაც კი ამბობს, «მოდურ რომანებში კბილებს სპილოს ძვალს ადარებენ, ჩემი აზრით კი, ტაიპის ხალხს უფრო ლამაზი კბილები აქვს\\\"ო» და მოზრდილი ციტატით ყველა ამგვარ ლიტერატურულ კლიშეს აძევებს ტაიპის სამოთხიდან: «ბედნიერების ამ ნაკრძალში არ იყვნენ ბრაზიანი ბებრუცუნები, სასტიკი დედინაცვლები და ჩამომხმარი შინაბერები, განშორებით გატანჯული მიჯნურები და ნამდვილი ბერბიჭები, გულგრილი და უნიათო ქმრები, მელანქოლიური ყმაწვილები, წვინტლიანი ბიჭუნები და მჩხავანა ჩვილები. იქ სულ მხიარულება, ხალისი და ლაღობა იყო. სპლინი, იპოქონდრია და მსოფლიო სევდა გადახვეწილიყო და სადღაც კლდის ნაპრალებში იმალებოდა»\\\".
მხოლოდ უცნაურ ტყვეობაში ჩავარდნილ მთხრობელს შემოაწვებოდა ხოლმე სევდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაპრალებიდან აღწევდა და ისიც ადგა და გამოიქცა, რადგან ნაცნობ გარემოში ერჩია სევდიანობა. თანაც ვიღაცას ხომ უნდა მოეყოლა ეს ამბავი, ანდა «მობი დიკს\\\"« ვინ «გაქაჩავდა\\\"« მელვილის გარდა.
რა თქმა უნდა, ვერავინ.
იოზეფ როტი,
«რადეცკის მარში»\\\" (1932)
1859 წლის 24 ივნისს იტალიის პატარა ქალაქ სოლფერინოში შვეიცარიელი ანრი დიუნანი ჩავიდა ნაპოლეონ III-ის სანახავად. ახალგაზრდა ბიზნესმენს ალჟირში მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარების პრობლემები უნდა განეხილა იმპერატორთან, ნაპოლეონი კი ამ დროს იტალიელ მოკავშირეებთან ერთად ავსტრიის არმიის შემოტევისთვის ემზადებოდა. სწორედ 24 ივნისს მოხდა ის საზარელი შეტაკება, რომლის მოწმე ანრი დიუნანიც გახდა და რომელსაც ისტორიაში სოლფერინოს ბრძოლა უწოდეს. ბრძოლის დროს სულ რამდენიმე საათში 40 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა და ამ «სანახაობამ»\\\" მთლიანად შეცვალა ყმაწვილი ანრის ცხოვრება. 1862 წელს მან მოგონებები გამოაქვეყნა სოლფერინოს ბრძოლის შესახებ და წიგნის ბოლოს საზოგადოებას საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნაც შესთავაზა ომის მსხვერპლთა დასახმარებლად. ეს გეგმა მალე აიტაცეს ევროპელებმა და ასე შეიქმნა საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, 1901 წელს კი უკვე მხცოვანი ანრი დიუნანი მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა.
თუმცა სოლფერინოს ბრძოლასთან დაკავშირებული ამბები ამით არ დასრულებულა. 1932 წელს გამოიცა იოზეფ როტის რომანი, «რადეცკის მარში», რომლის მთელი სიუჟეტიც ამ ისტორიული ბატალიის გარშემო იყო აგებული.
* * *
გახსოვთ, ალბათ, დემნა შენგელაიას «სანავარდოს»\\\" შესახებ აღვნიშნე, ეს რომანი სისხლდამჟავებული ძველი თაობისა და ახალ, წვივმაგარ ადამიანთა მოლოდინის შესახებაა-მეთქი. «რადეცკის მარშის»\\\" გმირებიც თავადები არიან, ოღონდ, სანავარდოელი ჭილაძეებისგან განსხვავებით, ისინი შედარებით «ახალგაზრდა გვარის»\\\" ხალხია. თუმცა, ამის მიუხედავად, მთავარ გმირს, ყმაწვილ კარლ იოზეფ ტროტასა და მთელ მის მოდგმას, მაინც ვერაფერი იხსნის ისტორიული განსაცდელისგან და ისინიც, ჭილაძეებივით, ეპოქას გადაჰყვებიან _ ამ შემთხვევაში ჰაბსბურგების იმპერიას, რადგანაც რომანს პირველი მსოფლიო ომის მოვლენები ასრულებს.
წიგნში ტროტას გვარის სამი თაობის ისტორიაა მოთხრობილი და ნაწარმოებში მოქმედება სწორედ 1859 წელს იწყება, როცა კარლ იოზეფის ბაბუას, იოზეფს, განსაკუთრებული დამსახურების გამო ბარონის წოდება და მარია-ტერეზიას ორდენი მიენიჭა. საქმე ის გახლავთ, რომ 1859 წელს, სოლფერინოს ბრძოლისას, იოზეფმა იმპერატორი სიკვდილს გადაარჩინა, შემდეგ ეს გმირობა სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებშიც შევიდა და რომანის პირველივე თავში, ერთ-ერთი პერსონაჟი ამ მოვლენას ასე განსაზღვრავს: «ყველა ისტორიული ხდომილება სკოლის სახელმძღვანელოში სხვაგვარად აღიწერება. ბავშვებს სჭირდებათ მაგალითები, რომლებსაც გაიგებენ და დაიხსომებენ. სიმართლეს კი ისინი მოგვიანებით ჩასწვდებიან\\\".
აი, ასეთი გახლავთ «შესავალი\\\"« და რომანის მთელი დანარჩენი ნაწილი ამ სიმართლის წვდომასა და გარკვევას ეძღვნება.
პირველი სიმართლე პირველ სიყვარულთან ერთად მოდის კარლ იოზეფ ტროტასთან, სახელგანთქმული ბაბუის შვილიშვილთან, რადგან სულ მალე ამ სიყვარულს მიწას მიაბარებენ და ყმაწვილის ცხოვრებაშიც ეს პირველი სიმართლე სიკვდილის სახით შემოაღწევს. მისი საყვარელი, ვახმისტრის ცოლი ფრაუ სლამა, მშობიარობას გადაჰყვება და კარლ იოზეფსაც აღარაფერი დარჩება ამ ქალის სურნელის გარდა.
ადრე, საღამოობით, როცა ფრაუ სლამასგან ბრუნდებოდა (ამ დროს ვახმისტრი პატრულში იდგა), ქალისგან წამოყოლილი არომატი ზაფხულის მშრალ საღამოებს ერწყმოდა და მუდამ თან სდევდა ხოლმე კარლ იოზეფს, ისე, რომ მამასთან მიახლოებასაც ვერ ბედავდა. თუმცა, ერთხელ მაინც მოახერხა მოხუცმა ფრანც ფონ ტროტამ შვილის ხელებზე შერჩენილი ამ «სურნელის განზოგადება»\\\" და თქვა, «შემოდგომის სუნი დადგაო»\\\", რადგან ფრაუ სლამა რეზედას სუნამოს იპკურებდა ხოლმე.
ამ ამბის შემდეგ ყველა დანარჩენი სიმართლე სიკვდილს უკავშირდება. კვდება კარლ იოზეფის საუკეთესო მეგობარი, პოლკის ექიმი მაქს დემანტი, რომელიც დუელში დაიღუპება თავის მოწინააღმდეგესთან ერთად. დუელის ეს სცენა უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია რომანში და იგი ერთ-ერთი საუკეთესო დუელია, რომლის შესახებაც აქამდე წამიკითხავს. საქმე ის არის, რომ მაქს დემანტი ახლომხედველია, სქელი ლინზებიდან იყურება, მაგრამ დუელის დღეს აღმოაჩენს, რომ ყველაფერს ისე ცხადად ხედავს, როგორც არასდროს. იგი უმიზნებს მოწინააღმდეგეს და ფიქრობს, «აღარ დამჭირდება სათვალე\\\"«, გონებაშიც ვიღაც ცნობილი ოფთალმოლოგის გვარი ამოუტივტივდება და ამ დროს ლამის ერთდროულად გაისმება პლაცპარადზე გამოსული პოლკის საყვირების ხმაცა და გასროლაც. ერთი სიტყვით, ყველაფერი მთავრდება.
რომანშიც ყველაფერს დამთავრებისკენ, დასასრულისკენ მიერეკება ავტორი, ანუ იგი ოდესღაც განცდილ, რეალურ დასასრულს იმეორებს: დასასრულს ავსტრია-უნგრეთის იმპერიისას, იმპერატორ ფრანც-იოზეფისას და რაც მთავარია, სამშობლოს დასასრულს თუ აღსასრულს, და პერსონაჟებიც ამ აღსასრულს გადაჰყვებიან.
რომანში სამჯერ ხდება ტროტებისა და იმპერატორის შეხვედრა. პირველად მაშინ, როცა იოზეფ ტროტა სიკვდილს აარიდებს 29 წლის ფრანც-იოზეფს. მეორედ უკვე სოლფერინოს გმირის შვილიშვილი შეხვდება ფრანც-იოზეფს და ასაკოვანი, ხანგრძლივი ცხოვრებით გადაღლილი იმპერატორი თავისი მხსნელის შვილად მიიღებს კარლ იოზეფ ტროტას. როცა სიმართლეს გაიგებს, იმპერატორი შედრკება, დათრგუნავს მასსა და ახალგაზრდა ყმაწვილს შორის უეცრად გაჩენილი დროის უზარმაზარი მონაკვეთი და შეშინებული ჩაუვლის ჯარისკაცთა რიგებს, შეშინებული ასაკით, იმდენად დამფრთხალი, რომ საკუთარ ცხვირზე ჩამოკიდებულ გამჭვირვალე წვეთსაც ვერ შენიშნავს. და ბოლოს, იმპერატორს ფრანც ფონ ტროტა ხვდება, კარლ იოზეფის მამა, სოლფერინოს გმირის შვილი, და ფრანც-იოზეფს უკვე აღარაფერი ახსოვს გარდა სასკოლო წიგნში მოთხრობილი ამბისა, ამბისა, რომელიც თავად მის გადარჩენას ეხება და სამივე ტროტასაც იგი უკვე ერთმანეთში ურევს. შუათანა ტროტას შემხედვარეს კი ეჩვენება, თითქოს საკუთარ ანარეკლს უყურებდეს სარკეში.
რომანში ყველა პერსონაჟი ასე აირეკლავს ერთმანეთს: თუკი 50 წლის წინ წინაპარი იმპერატორისთვის გამიზნულ ტყვიას ეღობებოდა, 1916 წელს შვილიშვილი წყლით სავსე სათლებით ხელში კვდება. ბაბუა იმპერატორს იხსნის, შთამომავალი კი იმპერატორის სურათს იპარავს ბორდელიდან, ანუ «ღორებისგან»\\\" იხსნის მას და ბოლოს ყველა ეს გმირობა ერთი პატარა იადონის გალობად და ღმერთისადმი მადლიერებად მიიქცევა.
* * *
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ შესანიშნავი რომანის გამო კიდევ მრავალი რამ დამრჩა მოსათხრობი და იმედია, ამ «სიმრავლეს»\\\" თქვენვე მიაგნებთ (ან უკვე მიაგენით და მონიშნეთ კიდეც). უბრალოდ დავძენ, რომ 1994 წელს ფრანგებმა სატელევიზიო ფილმიც გადაიღეს მის მიხედვით, მაქს ფონ სიუდოვითა და შარლოტა რემპლინგით მთავარ როლებში. და კიდევ, კრიტიკოსებმა თუ ლიტერატურათმცოდნეებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს რომანის სათაურისა და მასში მოთხრობილი ამბის შეუსაბამობა. რა აერთიანებთ შტრაუსის ჭკუამხიარულ მარშსა და იმ პირქუშ ისტორიას, წიგნში რომაა გადმოცემული? თანაც რადეცკის მარშს ნაწარმოებში ბრძოლის ველზეც გაიგონებთ, ბორდელშიც და იგივე მელოდია გაისმება გმირის ბავშვობის მოგონებებიდანაც.
და მართლაც, რა არის მათში საერთო?
წაიკითხეთ და ნახავთ.
პატრიკ ზიუსკინდი,
«კონტრაბასი»\\\" (1984)
პატრიკ ზიუსკინდის პირველი წარმატება სწორედ ამ ერთაქტიან პიესასთანაა დაკავშირებული და მკითხველისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ 1949 წელს დაბადებულ მწერალს სპეციალური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. 1968-74 წლებში იგი მიუნხენის უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, შემდეგ კი ფირმა «სიმენსის» საპატენტო განყოფილებაში მუშაობდა. ერთხანს ზიუსკინდი პინგ-პონგსაც ასწავლიდა, სანამ «კონტრაბასი» არ დაიდგა 1980 წელს.
ამ პიესაში ოსტატურადაა გათამაშებული ფროიდისტული ტვინის ჭყლეტები და მასში, სნობური შარავანდედით შემოსილი კომპოზიტორების გრძელი სიისა თუ სხვა, ყოფითი ხუმრობების გარდა, შედარებით არქაული პლასტებიც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ეს არქაიკა, უპირველეს ყოვლისა, თავად მთხრობელთანაა დაკავშირებული და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი მოვლენა _ ბერძნული ტრაგედიების ყაიდაზე _ სცენის მიღმა ხდება (ან არ ხდება), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოვლენა არა მხოლოდ სცენური სივრცის, არამედ დროის მიღმაც გადის. გმირი «დაპირებით» ტოვებს სცენას, მანამდე კი, კვანძის გახსნის მოლოდინში, სხვადასხვა ამბავს გვიყვება. არადა, ანტიკურ ტრაგედიაში პირიქით იყო, ჯერ ამბები ხდებოდა, შემდეგ კი მაცნეები ჩნდებოდნენ ხოლმე სცენაზე და მომხდარის შესახებ მოგვითხრობდნენ.
ევრიპიდეს ტრაგედიები დეუს ეხ მაცჰინა-თი სრულდებოდა. აქ, თანამედროვე ტრაგედიაში კი პირიქით, მაქინათი იწყება ყველაფერი და ეს მაქინა კონტრაბასის სახით (თუ კორპუსით) გვევლინება. გმირი ამბობს, ჩემი ბედი ზედგამოჭრილია კონტრაბასისტისთვისო და ფროიდისტული მეტაფორიკით გაჯერებულ თავის ამბავს გვიყვება: ჰყავდა მკაცრი მამა და სუსტი დედა, რომელსაც აღმერთებდა, თუმცა, დედას მამა უყვარდა, მამას კი უმცროსი ქალიშვილი. მამის ზიზღით იგი გადაწყვეტილებას იღებს, გახდეს არა მოხელე, არამედ ხელოვანი, დედაზე შურის საძიებლად კი ყველაზე დიდ, ყველაზე მოუხეშავ და «არასოლისტურ» ინსტრუმენტს ირჩევს და ბოლოს, მამის ჯინაზე მაინც მოხელე _ სახელმწიფო ორკესტრის კონტრაბასისტი მესამე პულტთან. ამ როლში მყოფი კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდი მდედრობითი საკრავის, კონტრაბასის სახით, ყოველდღე აუპატიურებს საკუთარ დედას.
საბრალო მთხრობელს ამ პერმანენტული მორალური კატასტროფის პირობებში უწევს ცხოვრება და ეს მის ნევროზულ საქციელზეც აირეკლება. იქვე აღნიშნავს, სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული ხელოვანი ვარ და არაფერს ისე არ გავურბივარ, როგორც თავისუფალი იმპროვიზაციის ანარქიასო და მთელი მისი მონოლოგიც ზუსტად ერგება კეთილგონიერების ადამიანურ ნორმებს, რომ არა უკანასკნელი, სამომავლოდ გადადებული წარმოსახვითი «ინციდენტი», სადაც მან მთელი ორკესტრისა და სახელოვანი დირიჟორის წინაშე თავისი საყვარელი ქალის სახელი უნდა დაიღრიალოს, რათა ყურადღება მიიქციოს. არადა, მისი სიტყვით, ეს ქალი არაფრით გამოირჩევა, ძალზე უფერული ვინმეა და არც ხასიათი უვარგა, სამაგიეროდ, როცა მღერის...
საერთოდაც, მთლიანად ეს მონოლოგი მუსიკის ჰიმნად აღიქმება, უფრო სწორად კი ამ ჰიმნზე შეთხზულ პაროდიად და რიტორიკული მრავალსიტყვაობის შემდეგ («მუსიკა იარსებებს მუდამ და ყველგან _ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, სამხრეთ აფრიკაშიც და სკანდინავიაშიც, ბრაზილიაშიც და გულაგის არქიპელაგშიც. მუსიკა მარადიული».) მთხრობელი თავის სანუკვარ ოცნებასაც გაგვანდობს: იგი შუბერტის ფორელ-კვინტეტის შესრულებაზე ოცნებობს და იქვე აცნობიერებს, რომ ამის მისაღწევად მან უნდა დაივიწყოს თავისი გიჟური ახირება და ახალ გზას უნდა დაადგეს: სიბეჯითე და მოთმინება, პირველი კონტრაბასისტობა მეორე კატეგორიის ორკესტრში, მეორე კონტრაბასი პირველი კატეგორიის ორკესტრში და ა.შ. ვიდრე საბოლოოდ არ მომწიფდება კვინტეტისთვის. თუმცა მთხრობელი იმასაც აღნიშნავს, ჩემხელა რომ იყო, შუბერტი უკვე სამი წლის მკვდარი იყოო.
ნაწარმოებში ძალზე საინტერესოდ არის არეკლილი სხვადასხვა კულტუროლოგიური პლასტი. ფსიქოანალიზის გარდა, უნდა აღინიშნოს ე.წ. ვაგნერის თემა, 1968 წლის მაისის ახალგაზრდული გამოსვლები, მოცარტი, ვებერის საორკეს¬ტრო რევოლუცია, ბეთჰოვენი და ეს ყველაფერი «ფუნდამენტური სიღრმის მქონე მთავარი ფუძემდებლური ინსტრუმენტის», კონტრაბასის თანხლებით ხდება, ინსტრუმენტისა, რომელსაც ოდესღაც ნაწლავის სიმი ჰქონია, ახლა კი მოქრომული მეტალისა აქვს. იგია მისი საყვარელიც და მისი მარტოობის გამზიარებელიც, მისი უეცარი შიშებისა და ნევროზების წამალი. იგი ვერ იტანს ამ ინსტრუმენტს, მაგრამ მაინც იძულებულია, თავისი გახევებული თითები უფათუროს და ტილიანი ხემი უსვას.
თედო სახოკია,
«მოგზაურობანი» (1950)
ამ წიგნს მხოლოდ 1950 წელს ეღირსა ცალკე გამოცემა. თედო სახოკია უკვე 82-ისა გახლდათ და იმდროინდელ საზოგადოებას აღარც ახსოვდა, რომ ეს ჩანაწერები ჯერ კიდევ 1896-1903 წლებში, «მოამბესა» და «ცნობის ფურცელში»\\\" იბეჭდებოდა.
წიგნი ასეთი საინტერესო ფრაზით იწყება: «როცა ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი ერთ მთლიან გახურებულ თონეს წარმოადგენს, როცა ადამიანი აქ სასუნთქავ ჰაერს ამაოდ დაეძებს, ამ დროს აქედან გასვლას ნეტავ თუ რამე სჯობს!\\\"«
უცნაური დამთხვევაა, მაგრამ დღესაც, ნოემბრის მიუხედავად, ჩვენი დედაქალაქი ასეთივე გახურებულ თონეს დაემსგავსა, პოლიტიკურ ღუმელს, სადაც ყველანი ვიწვით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღეს აქედან არავინ აპირებს გასვლას «უმანკო ბუნებაში\\\"« თავის შესაფარებლად, რადგან დღეს, თბილისში, ადამიანები ცდილობენ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ.
თედო სახოკიას «მოგზაურობას»\\\" ასი წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არჩევნებთანაა დაკავშირებული და უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ბევრი იმოგზაურეს საქართველოში და «მოიხილეს\\\"« ის ადგილები, სადაც ოდესღაც თედო სახოკიას მასპინძლობდნენ. თუმცა ამ ორ მოგზაურობას სწორედ მასპინძელთა დახვედრა განასხვავებს ერთმანეთისგან და, რაღა თქმა უნდა, მოგზაურობის მიზნებიც.
მიზნებზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია, რომ თედო სახოკია ხალხის სანახავად და ზნე-ჩვეულებათა აღსაწერად ჩავიდა გურიაში, აჭარაში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში, რათა ამ კუთხის შვილთა განუმეორებელი ხმა შემოენახა შთამომავლობისთვის და ისიც ნათელია, რომ ჩვენი თანამედროვენი დღემდე მხოლოდ ამ ხმების დასაკუთრებისთვის იღვწოდნენ. ამიტომაც უბრალოდ მინდა, თავდაპირველად, მასპინძლობაზე მოვახსენო ორიოდე სიტყვა წლევანდელი, წინასაარჩევნო მასპინძლობით გაოგნებულ მკითხველს.
არსებითად, მთელი წიგნი ამაზეა და ყველგან ერთნაირი გულუხვობით ხვდებიან მთხრობელს მდიდარნიც და უპოვარნიც.
გურიის ერთ სოფელში თედო სახოკიას ერთი გლეხი გადაეღობება გზაზე: «რაკი აქედან მობრძანდებით და ჩემს ქოხის პირდაპირ გაიარეთ, თუ შეიძლება, იმდენი პატივი მეცით, ჩემს ღარიბ ქოხში შემობრძანდითო» და თან დასძენს, «თქვენი ხელის ნარეცხი დასტუეთ ჩემს სახლშიო». ბოლოს კი ხილეულითა და ოქროსფერი, ნაზი «ჩხავერის»\\\" ღვინით მოხასიათებულ სტუმრებს ბოდიშს მოუხდის, «ასე ცოტა რამისთვის გაგსარჯეთო»\\\".
ავტორს ყველგან ასე ხვდებიან, გურიაშიც, აჭარაშიც და სამურზაყანოშიც. თედო სახოკიას სამურზაყანოელ მასპინძელთან ურთიერთობაც ბოდიშებით იწყება; იქაური გლეხი გუძა წინასწარ ამბობს, შენ რომ გეკადრება, ისეთ პატივს ვერა გცემო, თუმცა, შემდეგ ავტორი მთელ თავს მიუძღვნის ამ ღარიბ გლეხთან («თავისი კრუხის წიწილებივით სამი ნაგლეჯუა ბავშვით»\\\") სტუმრობის ამბავს. აჭარაში, სუფრასთან ჩამომჯდარ სტუმარს ერთი იქაური მოხუცებული ეტყვის, «ბრძანე, ბატონოო!» და საჭმლისკენ გაიშვერს ხელს: «...ხელმა მიმახვედრა, რომ საჭმლის ჭამასა მთხოვდა და ჩვენებური «საჭმელი მიირთვით\\\"-ის მაგიერ «საჭმელი ბრძანე»\\\" ან მარტო «ბრძანე»\\\" სცოდნიათ-მეთქი\\\", დასძენს თედო სახოკია. არადა, მან პირველად ვერც გაიგო ასეთი ქართული და თავს ეკითხებოდა, ნეტა რის თქმა უნდა აჭარელ მოხუცსო.
წიგნი სწორედ ასეთ, ამჟამად გადაშენების პირას მისულ ქართულ კილოკავებს უკვდავყოფს (გაგახსენებთ, რომ თედო სახოკიამ, უზარმაზარი «ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმათა\\\" ლექსიკონიც» შეადგინა). მაგალითად, შესანიშნავია ბახმაროში, საზაფხულო საძოვრებზე ამოსული მეგრელი მეჯოგეების აღწერა და მათი ენა, უცნაური, ჯვარული აქცენტით რომ საუბრობდნენ ქართულად. აი, რას ამბობს უზა კვარაცხელია, იქაური მწყემსების ბელადი: «ქალემქ რომუ გაჩიდენ აქანა, წახითა და მოგვესიპა, ბატონო, საქიმე: ნადირიქ გეიქცა, ხორიცი გოუფუჭდა, სემილარისტი (ვითომ, ნასწავლი) ქალებიქ აქური გოლეფი (მთები) რომე ნახესუ და დათვალესუ, ყოლიფერი წახითა. არ ღირს აქანა ყოფნა, ბალახი კიდო სუნთელი გაფუჭდა»...
ასეთი მაგალითები უსასრულოდაა წიგნში. უბრალოდ, რამდენიმე ნიმუში მინდა მოვიყვანო გურული და აჭარული მარაგიდან: მაგალითად, გურიაში წყაროს საცივს ეძახიან («გურიელის საცივი»\\\"), დამსვენებლებს _ მეჰაერეებს, თეთრეული კი აჭარაში წველა ძროხა, რძე და მისი პროდუქტები ყოფილა. დიდცხვირას _ სურათცხვირიანს უწოდებენ აჭარაში, გზა-ბაწარს _ ვიწრო ბილიკს, ზღვაურს კიდევ _ ზღვიდან მობერილ ქარს.
წიგნი ნატანების სადგურით იწყება და გაგრით მთავრდება, გზადაგზა კი ავტორი ათას საინტერესო ისტორიას გვიამბობს, რომლებიც მის მიერვე თარგმნილი ბოკაჩოს «დეკამერონივით\\\"« ძირითადი ამბის ჩარჩოში ჯდება თხრობით მარგალიტებად.
აქ წაიკითხავთ ბათუმის მაწყევარი მოხუცი გურული მეომრის მონათხრობს («გამუექეცი და ბათუმს ქვა და გუნდა მივაყარე\\\"«), მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის, მამუკა თავდგირიძის, აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილისა და აკეთელი მათუსალას, 147 წლის სიმონიკა ღლონტის, ამბავს, მეორე ცოლი რომ შეურთავს 110 წლისას (ეს კაცი ავტორის იქ ყოფნისას გარდაიცვალა თურმე). დეტალურადაა მოთხრობილი აჭარის შემოერთების ისტორიაც და ავტორი სიტყვებს არ იშურებს იმ ადამიანთათვის, «ვისი სახელიც დაუვიწყრად უნდა ჩავიქსოვოთ ხსოვნაში»\\\". გარდა ამისა, წიგნში ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავთ ღომის (და არა სიმინდის ღერღილის) მოყვანის ურთულესი პროცესის შესახებ, შეხვდებით აჭარელ მეთევზეებს და ა.შ.
თავის დროზე სწორედ «მოგზაურობანიდან» გავიგე, რომ პირველად ოზურგეთის ბაღში დაურგვევინებია თ. ვორონცოვს ოდესიდან გამოწერილი ვაზის, «იზაბელას»\\\" ჯიში. შესანიშნავია გურიელის მეღვინეთუხუცესის, «ღვინის გამოცნობაში მეტად დახელოვნებული კაცის»\\\", ვინმე ანთაძის ამბავი. ერთხელ უცხო სტუმრების თანდასწრებით გამოუცდია მთავარს თავისი მეღვინეთუხუცესი. აურევიათ სამნაირი ღვინო: ფერსათული, ოსეთური, ჩაქვური _ და ანთაძისთვის მოუხმიათ, გამოიცანიო. მეღვინეთუხუცესს კი გემო უნახავს თუ არა, უთქვამს:
«ფერად ფერსათულიაო,
გემოდ _ ოსეთურიო,
ცოტას მოიჩაქურებსო».\\\"
აფხაზეთისადმი მიძღვნილ თავებზე ლაპარაკი დიდხანს გაგვიგრძელდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ თედო სახოკია «ცნობის ფურცელში»\\\" თავის დროზე სოხუმელის\\\" ფსევდონიმითაც კი წერდა და მისი წერილები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ეგ კი არა და, ამას წინათ ინტერნეტში, სეპარატისტების ცისფრად აკიაფებულ საიტზე (აბკჰაზია.ნაროდ.რუ) ვიღაც ენამახვილი პუბლიცისტი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა თედო სახოკიას 1905 წელს გამოქვეყნებულ ერთ სტატიას.
ბოლოს, ისევ არჩევნების თემით დავასრულებ და აბა, რა ნამუსი იქნება, «მოგზაურობანის»\\\" აჭარული თავიდან რომ არ მოვიყვანო ეს საფინალო ამბავი.
თედო სახოკიას ხულოში ხის ჯამე (მეჩეთი) უნახავს, რომელსაც საძირკვლად ოსმალთა მიერ დანგრეული ქართული ეკლესიის ქვები ჰქონია. მაჰმადიანებს თავიდან პირდაპირ მეჩეთად უქცევიათ ეს ეკლესია, მაგრამ ხოჯასა და მლოცველების ხმა, გუმბათის რეზონანსის მიზეზით, ერთმანეთში ირეოდა თურმე და ამ უხერხულობის ასაცილებლად ქვის გუმბათი მოუნგრევიათ, ხით შეუცვლიათ, მერე კი სულაც დაუქცევიათ ქვითკირის ეკლესია. დაახლოებით 100 გვერდის შემდეგ კი, სხალთის ეკლესიის აღწერისას, ავტორს «წამოსცდება»\\\": «ჭერში (ეკლესიის) ოთხივ კუთხივ ჩაკირულია ხმის გასადიდებელი ჭურები, რომელნიც მტრის ხელს ხელუხლებლად გადარჩენილანო».
კენ კიზი
«ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა\\\"« (1962)
ყოველთვის ძალიან მაღიზიანებდა, როცა ლიტერატურულ ნაწარმოებს რეალურ მოვლენებთან აწყვილებდნენ ხოლმე. მაგალითად, ტექსტის გასაგებად სულ არ მჭირდებოდა, ვთქვათ, დავით გურამიშვილის «დავითიანის», თომას მანის «დოქტორ ფაუსტუსის» ან ჯორჯ ორუელის «1984»-ის შექმნის რეალური თუ იდეოლოგიური ფონის კვლევა, რადგან ჩემთვის თავად ტექსტი იყო მნიშვნელოვანი. მართალია, ასეთი ფონის არსებობას ადვილად ვაღიარებდი, მაგრამ ყოველთვის ვარჩევდი, ნაკლები მელაპარაკა ამის შესახებ. დღეს კი, პირიქით, საქართველოში შექმნილი ვითარება არა მხოლოდ ნაწარმოების რეალური ფონის აქტუალიზებას მაიძულებს, არამედ დღევანდელ პრობლემებთან მის შესაბამებასაც.
დღევანდელი ჩემი სვეტი კენ კიზის სახელგანთქმულ რომანს ეძღვნება. შესაძლოა, ვიღაცამ ბანალურადაც ჩათვალოს ეს არჩევანი, რომელიც ასე პირდაპირ მიანიშნებს, ერთი მხრივ, საქართველოში შექმნილ შლეგურ სიტუაციას, მეორე მხრივ კი, იმ დაუმორჩილებლობასა და პროტესტს, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა გამოთქვამს საზოგადოება. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს სწორედ ასეთი პირდაპირი პარალელებია საჭირო, ანუ ისეთი რამ, რაც თვალს აგვიხელს და ახალი _ ამჯერად ლიტერატურული _ სახეებით შეავსებს ჩვენს პოლიტიზებულ რეალობას.
ესაა რომანი თავისუფლებაზე და შესაძლოა, იგი ყველაზე სახელგანთქმული წიგნიც იყოს ამ თემაზე. ჩვენში «გუგულმა» თავდაპირველად ფილმის სახით შემოაღწია, ახლა კი უკვე ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ფილმისა და რომანის განსხვავების «ძირითად პრინციპებზეც» კი საუბრობს.
როგორც გახსოვთ, რომანში მთხრობელი ინდიელია, რომელიც ყრუ-მუნჯად აჩვენებს თავს და ნაწარმოების დასაწყისშივე მისგან ასეთ სიტყვებს გავიგონებთ: «ერთხელაც იქნება, ყველაფერს მოვყვები _ საავადმყოფოზეც, იმ ქალზეც, იქაურებზეც... და მაკმერფიზე. იმდენი ხანია ხმა არ ამომიღია, რომ სათქმელმა შეიძლება ჯებირები გამოარღვიოს და თქვენც იფიქრებთ, რომ სისულელეებს ვროშავ, რომ ასეთი კოშმარები სინამდვილეში არ ხდება და რომ შეუძლებელია ეს საშინელება სიმართლე იყოს. მაგრამ გთხოვთ, მომისმინოთ, რადგან ჩემი გამჭირვებია, აზრებს ძლივს ვუყრი თავს». «და რადგან ყველაფერი, რასაც გაიგონებთ _ სიმართლეა...» ესეც პირველი მსგავსება: ჩვენც ხომ კარგა ხანია ხმა არ ამოგვიღია, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ხმებმაც ხომ გადმოარღვია ჯებირები, მაგრამ იქ, იმათ, დღემდე სისულელედ მიაჩნიათ ეს გამბედაობა.
თავიდან ასეთ სისულელედ აღიქვამს მაკმერფის ოინებს უფროსი მედდაც (ორუელის უფროსი ძმაც გაგახსენდება კაცს) და მისი სამი შავკანიანი სანიტარი. აი, როგორ აღწერს ავტორი ამ ქალბატონს: «უმცირესი შეფერხება მის გაზეთილ, საათივით აწყობილ მაქინაში და იგი რისხვის გრდემლად იქცევა, რომელზეც ღიმილია გადაჭიმული. დადის, დააბიჯებს და მის სახეს, ცხვირსა და ნიკაპს შორის, ისევ ის თოჯინური ღიმილი კვეთს შუაზე. თვალებიც უჟუჟუნებს, მაგრამ შიგნით ქვასავით მაგარია... უზარმაზარია ბულდოზერივით და სულმთლად რკინისაა _ ჩაქუჩივით». სანიტრებზე კი ავტორი ამბობს, სამი ტელეფონივით შავი ტიპიაო.
თავად ავტორი, ცხადია, მთავარ გმირს ადარებს თავს, რადგან რომანი, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულია. ისიც მასავით ქერაა, დიდი ბაკენბარდებითა და გრძელი კულულებით, ფართო ღიმილითა და განიერი ბეჭებით. მთხრობელი ინდიელი მაკმერფის ბეისბოლის ბურთს ადარებს და აღფრთოვანებულია მისი მანერებით. როცა რენდლი იცინის, ასე ჰგონია, თითქოს პირველად ისმენდეს სიცილს წლების განმავლობაში. თავად მაკმერფის კი ის აცვიფრებს ყველაზე მეტად, რომ საავადმყოფოში არავინ იცინის.
მაკმერფი მიჩვეულია პირველობას, იგი ტრაქტორზე ამხედრებული პირველი და მთავარი რაინდი იყო ორეგონის სატყეოში, კორეის ომიდან მოყოლებული, ბანქოში პირველობდა, მთავარი კაცი იყო პენდლტონის ბარდის გადამამუშავებელ ფერმაში და ახლა საგიჟეშიც პირველი ადამიანი ხდება. იგი პირველია, ვინც ხმამაღალ სიმღერას დასცხებს, გაიცინებს, დასცინებს უფროს მედდას, იტყვის სიმართლეს. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი სიტყვა, რომელიც ინდიელს მრავალწლიანი დუმილის შემდეგ წამოსცდება, «მადლობაა». იგი ემადლიერება მაკმერფის, ისევე როგორც სხვა პაციენტები, ვინც მისი წყალობით სამყარო ნახა, ბავშვობა გაიხსენა, მომავალზეც დაიწყო ფიქრი... და რაც მთავარია, მან თავისი მემკვიდრე-ევანგელისტი დატოვა, ინდიელი, ვისაც ეს ამბავი უნდა მოეთხრო.
და მე მგონი, მალე ჩვენთანაც გამოჩნდება ასეთი მახარობელი, ვინც «ერთხელაც იქნება, ყველაფერს მოჰყვება», გადმოანგრევს დუმილის ჯებირებს, მკითხველს სიმართლეს ეტყვის და ამით სათავეს დაუდებს ახალ, XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურას. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში არავინ იფიქრებს, რომ ავტორი სისულელეს როშავს. რადგან ჩვენ მომსწრე ვართ ამისა, ვმონაწილეობთ ამაში და მომავალშიც, ყველას კარგად გვეხსომება, თუ რა ხდებოდა 2003 წლის ნოემბერს საქართველოში.
მანამდე კი გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ არ გასულა 2003 წლის ეს ცივი ნოემბერი.
ორჰან ფამუქი
«მე მქვია წითელი» (1995)
ეს ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატიურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს, ძლიერი, ჭკვიანი და სასტიკი მმართველები, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ქალიშვილები და თავიანთივე შეკვეთით შექმნილი წიგნები უყვარდათ.
ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა.
მთხრობელთა შორის ბევრი უსულო არსებაცაა, მაგრამ სიუჟეტს ძირითადად სულიერები ქსოვენ. პირველ რიგში ესაა ყარა, ადამიანი, ვინც რომანში გამომძიებელიცაა (ეს ტიტული ძალზე პირობითად შეგვიძლია მივანიჭოთ მას) და ეჭვმიტანილიც, შეყვარებული გმირიცა და გულმოდგინე მხატვარიც _ თავისი ფილოსოფიური ჭვრეტებითა და აღსარებებით.
თორმეტწლიანი ყარიბობის შემდეგ ყარა მშობლიურ სტამბულს უბრუნდება: «ამბობენ, მიცვალებულებს მიწა უხმობს, მე კი სიკვდილმა მომიხმო. ვბრუნდებოდი ქალაქში და მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ სიყვარული დამხვდა, რომელიც ისეთივე შორი და მივიწყებული იყო, როგორიც ჩემი ქალაქი». ამ ძველ სიყვარულს შექიურე ჰქვია, იგი ყარას ბიძაშვილია და თავის დროზე სწორედ ამ სიყვარულის გამო წავიდა ყარა ქალაქიდან, რადგანაც ბიძამისმა, ოსტატმა ენიშთემ (ვინც ყარას ხატვას ასწავლიდა) არ მოიწონა მათი საქციელი და ნათესავი სახლიდან გააძევა... და ყარაც თორმეტი წლით დაემშვიდობა თორმეტი წლით უმცროს მიჯნურ შექიურესა და წაბლის ჩრდილში ჩაფლულ ქუჩებს. ამის შემდეგ შექიურე მალე გაათხოვეს მეომარზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი ლაშქრობისას დაიკარგა და ვისგანაც შექიურემ ორი შვილი _ შევქეთი და ორჰანი გააჩინა.
ამათგან შევქეთი არაფერს ჰყვება, სამაგიეროდ ავტორის უფლებით აღჭურვილი პატარა ორჰანი თავიდანვე ერთვება თხრობაში, რომანის ბოლოს კი დედამისის უცნაური შენიშვნა თავად ავტორის, ორჰან ფამუქის ჩანაფიქრის მოხდენილობასაც გაგვანდობს (ამაზე მოგვიანებით).
რომანში კიდევ არიან მთხრობელები: ენიშთე ეფენდის მოსწავლეები _ ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი _ ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატიურებიდან) და რაც მთავარია _ თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა.
ყველა ეს პერსონაჟი მკითხველთან, ანუ ჩვენთან, ახლო ურთიერთობაში აცნობიერებს თავის არსებას. მაგალითად, თავიდანვე ყარა იმ მკითხველს მიმართავს, ვინაც ინტერესი გამოიჩინა მისი ამბის მიმართ და ნახატისა და ბედნიერების შესახებ განსჯას შეუდგება, თავის მხრივ კი შექიურეც გვიზიარებს თავის გულისნადებს: «არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ გესაუბრებით. მრავალი წლის მანძილზე, მამის წიგნების თვალიერებისას, მუდამ ლამაზმანთა გამოსახულებებს ვეძებდი. ისინი ყოველთვის დარცხვენილნი ჩანდნენ, მათი შეწუხებული მზერა ყოველთვის უჭვრეტდა რაღაცას ან ვიღაცას, თითქო პატიებას ითხოვენ თავიანთი სილამაზის გამოო. ისინი არასდროს უყურებენ სამყაროს ამაყად თავაწეულები _ როგორც კაცები, მეომრები ან ფადიშაჰები. მაგრამ სახელდახელოდ შექმნილ იაფფასიან წიგნებში ზოგიერთი ქალი მიწას კი არ დაჰყურებს, რაიმე საგანს, არამედ პირდაპირ მკითხველისთვის მიუპყრია მზერა. და მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე: ვინაა ის მკითხველი, ვისაც ის უყურებს?»
რა თქმა უნდა, ეს თამამი მზერა თავად შექიურეს ეკუთვნის და არა მხოლოდ მას; თითქმის ყველა მთხრობელი პირდაპირია და მოურიდებელი თავის მკითხველთან. აქვე ჩანს ავტორის თვითირონიაც, რომელიც, ფაქტობრივად, სახელდახელოდ შექმნილ, იაფფასიან წიგნად ასაღებს თავის რომანს, საიდანაც ვარსკვლავიან ზეცასავით _ პერსონაჟთა მირიადი თვალი გვიყურებს, ჩვენი თანაგრძნობის იმედად რომ კიაფობენ ხოლმე.
ამ რომანში პერსონაჟები ხან მაგარი ყავის მოდუღებისკენ მოგვიწოდებენ, რათა ყურადღებით მოვისმინოთ და არაფერი გამოგვეპაროს მონათხრობიდან, ხან კი ჩვენივე რეაქციაზე ხვდებიან, რომ უკვე ვიცით მომხდარის შესახებ და იძულებულნი ხდებიან, ამჯერად მხოლოდ თავისი გრძნობები გაგვიზიარონ. ზოგჯერ ისინი უეცრად მოსწყდებიან ხოლმე თავიანთ ამბავს, როგორც ფოთოლი _ ხეს და ამ დროს თხრობაში განსჯა იჭრება, იწყება ფილოსოფიური თუ სახელოვნებო საკითხების გარკვევა.
ასეთ ჩანართებში ყველაზე ხშირად ძველი ოსტატების შესახებ მოგვითხრობენ ხოლმე. თითქმის ყველა პერსონაჟს, ამა თუ იმ მოვლენის საილუსტრაციოდ თუ სანიმუშოდ, სპარსული მინიატიურის სცენები და მათი ავტორების უცნაურობანი აკერია პირზე. მაგალითად, როდესაც მკვლელი, ოთხი დღის შემდეგ დანაშაულის ადგილს დაუბრუნდება, რატომღაც XV საუკუნის დიდი ჰერატელი მხატვარი, ბეჰზადი ახსენდება: «ბეჰზადმა იცოდა თავისი ძალა; იგი არსად ტოვებდა ხელმოწერას _ ნახატის ყველაზე მიმალულ კუთხეშიც კი... ბეჰზადი შედევრებს ქმნიდა და ყოველთვის ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა, რის მიხედვითაც ამ საოცრებათა შემოქმედს ამოიცნობდნენ».
რომანში ბევრს ლაპარაკობენ ხატვის აღმოსავლურ და დასავლურ მანერაზე; დეტექტიური სიუჟეტი კი ძირითადად ვენეციურ, გიაურთა სკოლასა და აღმოსავლურ სკოლებს შორის «ურთიერთობაზე» იგება.
აქ შეხვდებით შირაზელ მხატვრებს, რომელთაც ჰორიზონტის ხაზი ნახატში მაღლა ასწიეს და ახალი სტილი შექმნეს მხატვრობაში; გაიგებთ, რომ მხატვრობა _ ესაა სიჩუმე გონებისთვის და მუსიკა თვალისთვის, რომ ალაჰისგან მხატვრისთვის ყველაზე დიდი წყალობა სიბრმავეა, რადგან მხოლოდ ბრმა მხატვრის მეხსიერებით შეიძლება გაიგო, როგორ ხედავს ალაჰი სამყაროს. მხატვარი ხომ მთელი ცხოვრება ხელს იწაფავს, რათა სიბერეში ხელმა თავისით დახატოს შედევრი. ეს კი მაშინ მოხდება, როცა სიბრმავის უკუნში მას თვალწინ ალაჰის გამოსახულება დაუდგება და მხატვარსაც შთაგონება ეწვევა.
რომანში ბევრი იმ უკანასკნელ ნახატზე ოცნებობს, რომელსაც დაბრმავებამდე დაათვალიერებდა, თვალის ჩინს მისი ცქერისას გამოეთხოვებოდა და ნახატის უსასრულო დროში გაუჩინარდებოდა. ზოგი კი თავისი ხელით ითხრის თვალებს, ნემსით, რათა მისი მოწაფე შემდეგ ამ ნემსის წვერზე შერჩენილ წვეთს ლუპით დააკვირდეს, «როგორც სევდიან სასიყვარულო სცენას».
ორჰან ფამუქიც ასევე ლუპით აკვირდება თავის პერსონაჟებს, თუმცა ისინი ხშირად გამოდიან ამ საჭვრეტი სივრციდან და გათავისუფლებულნი არც მკითხველს ერიდებიან და არც ავტორს. რომანის ბოლოს მოთავსებული პატარა ორჰანის დედის (შექიურეს) მონოლოგი ასეთი გათავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ და მასში თითქოს ავტორიც თავისუფლდება ამბისგან, რომლის თხრობაც ეს-ესაა დაასრულა:
«ჩემი ორჰანი _ საბრალო, მუდამ ნერვიული, შეურიგებელი და უბედური; მას არ ეშინია, როცა ვინმეს უსამართლოდ აძაგებს ხოლმე. ამიტომაც არ დაუჯეროთ, თუკი ყარას უფრო დაბნეულს აღწერს, შევქეთს კი უფრო ბრაზიანს, ვიდრე სინამდვილეში. არც ისეთი ლამაზი და თავნება ვარ, როგორც წიგნში და ასეთი მძიმე ცხოვრებაც არა გვქონია. რას არ მოიგონებენ, რომ ამბავი უფრო საინტერესო იყოს და ჩვენც დავიჯეროთ ეს ყველაფერი».
წერილი ერთი ეპიზოდით მინდა დავასრულო ორჰან ფამუქის რომანიდან. ამ ეპიზოდში ოსტატი ოსმანი ჩვენს ქალაქს იხსენებს: «აჰ, ტიფლისი, იქ ახლა ალბათ თოვს!» და დასძენს, «როცა ტიფლისის ციხეში თოვლი მოდის, ქალები ყვავილებზე მღერიან ხოლმე, ბალღები კი თოვლს ბალიშის ქვეშ მალავენ _ ზაფხულისთვისო». ორჰან ფამუქმაც, როგორც ჩანს, ეს გადამალული თოვლი იპოვა თავის წარმოსახვაში, თოვლი კი წიგნად გადნა და თბილისშიც ჩამოაღწია, იმ ბალღების შორეულ მემკვიდრეებთან.
რეზო გაბრიაძე
«ქუთაისი ქალაქია» (2002)
«ქუთაისი ქალაქიას» წაკითხვის შემდეგ რომელიმე განათლებული და ენამახვილი ქუთაისელი იტყოდა: «ეგია, ბუჯო, რომანი? ეგია პოემა? ამას რაფრა ეძახი, ბუჯო, რომანს?!» და მართალიც იქნებოდა, იმიტომ, რომ წიგნი მართლაც გრძელი ლექსივით იკითხება და ძალიან უნდა მოინდომო, რომ ერთი ამოსუნთქვით არ წაიკითხო. ისე, კინოსაც ჰგავს ეს უცნაური წიგნი, კარგ, კეთილ კინოს, კერძოდ და ნიშანდობლივ კი ჟაკ ტატის ფილმებს. პირველი გვერდებიდანვე გამახსენდა ის მაგიური კადრები ტატის «ბიძაჩემიდან», ათი წუთის განმავლობაში რამდენიმე ძუკნა-დვარნიაშკა «სასტაულებს» რომ ახდენს (სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა) და დახლქვეშ დამალული ის ფრანგი მურიკელაც დამიდგა თვალწინ, მყიდველის ჩანთაში «ჩასვენებულ» შებოლილ ქარიყლაპიას რომ უყეფს გააფთრებით, აქაოდა არ მიკბინოს ამ შეჩვენებულმაო.
ასეთი სცენები ბევრი მოიძებნება «ქუთაისში», ეს წიგნი სავსეა ამგვარი პოეტური უცნაურობებით. დაწყებული ბუზებით და დამთავრებული ქალაქის ანგელოზით (მთავარი გმირებისა და მეორეხარისხოვანი ინვალიდების გავლით), ყველა პერსონაჟი რაღაც უცხო კანონის მიხედვით მოქმედებს და სწორედ ეს უცხო კანონია, საკითხავ სამოთხეს რომ გვიქმნის ამ ერთი შეხედვით ბანალური ისტორიისგან. ამ უცხო კანონს კი «გაბრიაძის წერის კანონი» ჰქვია.
წერის რეზო გაბრიაძისეულ მანერას ბევრი სახელი შეიძლება მოეძებნოს, ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია _ ასეთი სახელდებისას როგორ უნდა შეაჯვარო ერთმანეთთან სტილი და სიკეთე? ეს ორივე ცნება ხომ ძალზე მნიშვნელოვანია რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებისთვის. ამიტომ გავრისკავ და მის წერის მანერას თხრობით გაკეთილშობილებას ვუწოდებ.
ადრე ზოგ-ზოგიერთი პერსონაჟი თხრობით სიცოცხლეს იხანგრძლივებდა (მაგალითად, შაჰრაზადე), აქ კი ავტორის თხრობა პერსონაჟებს აკეთილშობილებს, მათ შორის ისეთ მონსტრებსაც, როგორიც სტალინი იყო. ერთ-ერთ ბოლო სცენაში ქუთაისის ანგელოზი სტალინს ეხვეწება, პროფესიონალი მღვდელი ბრძანდებით, ერთი პატარა წირვა ჩაგვიტარეთო, ხალხიც მოინანიებს და თქვენცო. სტალინს ამ დროს ხილვა ეწვევა: დაინახავს, ვითომ ეკლესიიდან გამოდის ანაფორაში ჩაცმული, ჯვრით ხელში, «ფეხზე კალოშები აცვია. წინდაში ჩატანებული აქვს შარვალი, ზურგზე ქერტლი აყრია».
ზემოთ შემთხვევით როდი ვთქვი, ყველა პერსონაჟი ერთ კანონს ემორჩილება, დაწყებული ბუზებით-მეთქი. გაბრიაძესთან ყოველი საგანი, ყოველი მწერი თუ ცხოველი ერთიან ქმედებაში ერთვება, აქ ყველაფერი სინქრონულია და ყველა თანაბარია ამ ქმედებაში, რადგან მწერალს ერთი უმცირესი დეტალი ჰყოფნის ამ უშნო რწყილების ჰეროიზირებისთვის და ისინიც ერთად გამოეფინებიან ხოლმე სათაფლიიდან ბანოჯამდე: ლომები, ვეფხვები, ბალანჩივაძეები, გურეშიძეები, ბრეგვაძეები, ფარშავანგები, ალავიძის თხა და ა.შ.
ამ წიგნში ფლორისა და ფაუნის ბევრი წარმომადგენელია. მატარებელში, მაგიდის ქვეშ შეკვეტებული თხა რქებისთვის ადგილს ეძებს და ქვევიდან ურტყამს მაგიდას, ბეღურები ხან მარცხენა თვალით ათვალიერებენ ადამიანებს, ხან მარჯვენით. სადღაც იქვე, კინოთეატრ «კომუნის» უკან, ჩიხში დგას იასამნის ბუჩქიც. ისე, ტყუილად, მისაფსმელად დგას და მორცხვად ხარობს. ქუთაისის მილიციის პირველი განყოფილების ეზოში კი პალმა კვდება უკვე მეორე წელია. ხანდახან გაიელვებს ძროხისა და ველოსიპედის ნაზი სილუეტი, ხან კი ძაღლები ჩაიქროლებენ: ეს საბრალო ცხოველები ყველაფერს ერთნაირი ხალისით მისდევენ, პურის დროგსაც და ფილხაზია მემაროჟნის ლურჯზოლიან თეთრ ურიკასაც.
ნაწარმოებში ოხრადაა მიმოფანტული სხვადასხვა უცნაური ნივთი, ისეთი, ტომ სოიერი რომ სიამოვნებით წააპოწიალებდა გადასაცვლელად: პატარა ჯაყვა ტარზე სადაფის ფირფიტით, ნიკელის ბურთულა, მონპასიეს ჟეშტის კოლოფი, ჰილზებისგან გაკეთებული ზაჟიგალკები, ჭადის გადასაბრუნებელი ნიჩაბი, თითისტარები, კოვზები, ზურგის მოსაფხანი ჯოხები და კბილის საჩიჩქნები, მინერალური წყლის მუშტუკიანი ჭიქა, სიტრო-ლიმონათის იარლიყები, ნიკელირებული ზამბარა, ველოსიპედის ზარი, ამერიკული ღილი არწივითა და წარწერით, საათის ციფერბლატი, წითელი რეზინა და ვინ იცის კიდევ რა.
ერთ პატარა სივრცეზე (ანუ ერთ ქუჩაზე და ერთ აბზაცში) იპოვით მესაათეს, სამკერვალოს, საპარიკმახეროს, სამხატვრო სტუდიას, ღვინის სარდაფს, ყელ-ყურის ექიმს, საზეინკლოს, უტილის ჩაბარების პუნქტს, რენტგენს, მედოლეს, სააკვნე და საკუბოვე ცეხს.
ამ რომანში ბევრი უცნაური რამ ხდება. მაგალითად, მთავარი გმირის, პატარა ვარლამის, ბაბუის წამოსვენებისას, გზაში, პროფესიონალი მოტირლები გამოჩნდებიან. გაიგებენ სახელს, «ისთე», ცოლისთვის სახელსაც დააზუსტებენ და შემდეგ რიგრიგობით და ხმამაღლა დაუწყებენ გამოკითხვას ცას, მიწას, ხალხს, მთებს, ხეებს და ღრუბლებს: «ვინ დადიოდა შენზე კარგი ამ ქვეყანაზე? რატო წადი?! რატო მიგვატოვე, არ გცხვენია?!» ასეთი მარიონეტული პანთეიზმი სხვა ადგილებშიც ხშირად გვხვდება და საერთოდაც, რეზო გაბრიაძის მთელ შემოქმედებას ეს თეატრალური თუ ლიტერატურული წარმართობა ახასიათებს. ამ რომანში ადამიანები (კერძოდ, ჯარისკაცები) ქვებივით აწყვია მანქანებში ან აკაციის ფოთოლივით თრთიან, მცენარეები კი ადამიანებივით ხარობენ და კვდებიან. ვასო მილიციონერს სარდაფიდან უფეხო ინვალიდები ამოაქვს და შეშასავით ყრის, შულცს კი სწორედ იმ მომაკვდავ პალმაზე აყუდებენ. გმირებს ხან აჭარის მთები უღიმის, ხანაც სამეგრელოსი, ხან სვანეთიდან მოვარდნილი ქარის ტალღა მიაქანებს, ხანაც გაუთავებელი ქარი სამტრედიიდან.
წიგნში ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდია ქარსა და უბედურებაში ნიფხავ-პერანგის ამარა ბაბუას მიერ «ჩეჩმის დალაშქვრის» სცენა. წარმოიდგინეთ, ქარი სამტრედიიდან ქუთაისისკენ ზნექს ალვის ხეებს, წელში მოკაკული ბაბუა კი ამ დროს სტიქიონს მიაპობს და ზევით მიიწევს, ჩეჩმისკენ: «ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა. ეზოს თავზე მაღალი ძაბვის მავთულები ერთმანეთს ედებოდნენ, ნაპერწკლებს ყრიდნენ, შხამიანი მწვანე შუქით ანათებდნენ ეზოს. ო, რა მრისხანედ გამოიყურებოდა დღისით ასეთი უბრალო და საწყალი ჩეჩმა!» როგორია? არაა «მეფე ლირივით»? მთელი თავისი «იჭექ-იქუხე, წვიმა ღვარნე, ცეცხლი აფრქვიე»-თი!
ჰო მართლა, ამ ქუხილზე გამახსენდა: რომანში განუწყვეტლივ რაღაცის ხმა ისმის და ზოგს ეს ხერხი, შესაძლოა, კინემატოგრაფის მარაგიდან აღებული მოეჩვენოს, ზოგს კი სხვა, კონტრაპუნქტული ეფექტის საწინდრად. რადიოდან ხან ხარაგოულის მშრომელთა თხოვნით გაშვებული «სისატურა» ისმის, ხან «მე ვარ სიმონა დოლიძე»-ს გადმოსცემენ, ხანაც პავლე ხუჭუა ჰყვება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბიოგრაფიას მისივე რეკვიემის ფონზე. ორკესტრებიც ჩნდებიან _ სამხედრო და აბრეშუმკომბინატის, საიდანაც მესაყვირე გამოეყოფა და «შორი გზიდან სატრფოს ველი»-ს ჩააბულბულებს ხოლმე. ბავშვები მელოდიას ღიღინებენ ფილმიდან «ჯარისკაცის ბედი ამერიკაში», რომელიც ჩემი დაკვირვებით «Mყ Mელანცჰოლყ Bაბყ» უნდა იყოს, ბერნეტ-ნორტონის ცნობილი (ამ სიმღერას ფილმში პრისცილა ლეინი მღერის) ჯაზ-სტანდარტი.
ყველაფერს ვერ ჩამოთვლი, ყველაფერს ვერ გასწვდები. თანაც საქმეს ისიც ართულებს, რომ ძალზე ძნელია ნაწარმოების ჟანრის გარკვევა. თუმცა ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას: წიგნს საოცრად გადამდები აურა აქვს და პირველად წაკითხვის შემდეგ, გარდა გადაკითხვისა, გარეთ გასვლასა და ქადაგებასაც მოგანდომებს. «რის ქადაგებას, ბუჯო?» _ იტყვის კვლავ ის ჩვენი განათლებული ქუთაისელი და სწორედ ეს კითხვა იქნება, გონებას რომ გაგვინათებს და აღმოგვათქმევინებს: «ეგი წიგნი, ბიძია-ბაბუებო, სახარებასავითაა, აპოკრიფულ სახარებასავით და კი ნუ გაგიკვირდებათ მაგი ამბავი».