| რუტინა, კაფე. |
|
გაზიარება
|
ვზივარ კაფეში.
არადა, მართლა ვზივარ კაფეში.
მე და ჩაი და ალუბლის ტორტის დიდი ნაჭერი.
ანუ ჩვენ ვსხედვართ.
მოპირდაპირე მაგიდასთან ზის სამი გოგო.
სხედან ხმამაღლა. მთელი კაფის გასაგონად.
და სანამ ჩაის ცხელი ფინჯნისკენ ფრთხილად ვწევ ტუჩებს,
და სანამ დიდი დაკვირვებით,
ალუბალს და ცომს ვაცალკევებ,
მესმის სიტყვები:
”არ უყვარდა”, ”ქორწილი”, და ”მე - არასოდეს”
მესმის, რომ მათი საუბარი არის ლაღი. ქარაფშუტული.
მესმის და ვამბობ,
შენ არც ისე,
არც ისე დიდხანს დგახარ მიწაზე, ასე ფიქრობდე,
რომ ვიღაცის საუბარი შენსას არა ჰგავს.
რომ შენ ეს ფრაზა არასოდეს წამოგცდებოდა.
მაშინ რატომ სურს ამ ჩემს პირს, რომ უცებ გაიღოს, გამოაცხადოს:
დიახ, არსებობს მეგობრებო.
ყველაფერი არსებობს და ყველაფერი ეს - შეიძლება.
აქაც იმიტომ შემოვედი,
ამ კაფეში შეიძლება იჯდე და წერო
და თან გიჟად არავინ ჩაგთვლის.
ამ კაფეში, მეტიც, სტილიც კია - იჯდე და წერო ასი ათასი სისულელე,
ვითომ არ გესმის,
ვითომ ვერ ხედავ ორი ორი ცნობილი ადამიანი ერთ მაგიდას როგორც მიუსხდა.
ვითომ, რადგან მუზა მოფრინდა,
რა მოხდა მერე, დაჯდე და თვალი გაუშტერო შენს წინ ლამფის ჩრდილს
ანდა ფანქარი აწვალო კბილით.
ყველაფერი გააკეთო, რომ არ შეგეტყოს,
რატომ ზიხარ
ამ კაფეში
ასეთ დროს
მარტო
და რატომ გინდა
არ წამოგცდეს სიტყვები უკვე რომლებიც გაჩნდა:
მე მინდა მოკვდე.
მე მინდა მოკვდე ჩვეულებრივად.