| ცვილის კაცი და მეწამული მონასტრის საიდუმლოება |
|
გაზიარება
|
ნაწილი პირველი
შერმადინ ხოვლელი
თავი პირველი
მორიელები
პირველი მორიელი რედაქციიდან რომ გამოდიოდა მაშინ იგრძნო. ბინდდებოდა, მეორე სართულიდან კიბეს დაუყვა, პალტოს საყელო აიწია და პაპიროსის ამოსაძვრენად ხელი ჯიბეში ჩაიყო_თითებზე რაღაც ააცოცდა. ხელი ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღო, დაიხედა და ცივმა ოფლმა დაასხა.
ელდანაკრავმა მთელი ძალით დაიქნია ქვეწარმავალი, კიბის საფეხუზე დააგდო და გასრისა, მაგრამ მოინუსხა. კარგა ხანს ვეღარ გადადგა შემდეგი ნაბიჯი, გასრესილ მორიელს დაშტერებოდა.
შფოთვა მოეძალა. რამენაირად თავი უნდა მოეთოკა.
ფრთხილად ჩადგა ფეხი შემდეგ საფეხურზე, დაჭყლეტილ ქვეწარმავალს გვერდი ისე აუქცია, თითქოს წამოხტომისა ეშინოდა. რამდენიმე საფეხურის შემდეგ პირით უკვე სადარბაზოს გასასვლელისკენ იდგა. სულ ათი თუ თერთმეტი ფეხის ჩადგმაღა ჰქონდა დარჩენილი რათა იქ გასულიყო, საიდანაც მომაკვდავი დღის შუქი შემიდიოდა. ეს, მიხეილის ქუჩის შუქი, თუნდაც გაცრეცილი, თუნდაც ღვთისა და ხვალინდელი დღისგან განწირული იმედს ჰგავდა. ზიმედ ამუშავდა გონება: \"მორიელი? რა ჯაჰნაბამ ჩამისვა ჯიბეში? რა დოზანაა?\"
ქუჩაში გავიდა_ ვაშა! ყინავდა, ოღონდ ტფილისურად, უთოვლოდ. მეორე ფიქრი თავში, რომ მოუვიდა ასეთი იყო: \"რამ შემეშინა და ამაცახცახა ასე ძალიან?\" შემდეგ იქითა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ისევ ნაბიჯი გაუცივდა_კისრიდან ხერხემლის გასწვრივ ისევ რაღაც მიუძვრებოდა. გაიწელა, ხელის ჩაყოფა სცადა, მაგრამ პალტოს ვიწრო და უხეშმა საყელომ არ გაუშვა. ის კი უკვე ბეჭებთან ცოცავდა.
ფეთიანად გაიხადა პალტო. როგორ და რანაირადაც მოახერხა და მიწვდა ისე დიაცა ხელი. მოარტყა. პალტო იქვე ცაცხვის დაბალ ტოტზე დაკიდა. არაფრისა მორიდებია, პიჯაკს შიგნიდან პერანგი ამოიჩაჩა, მიიგრიხ-მოიგრიხა, ტანი გაიქნია-გამოიქნია, ორჯერ-სამჯერ ახტა-დახტა და ბეჭებზე მისრესილი მორიელი მიწაზე ჩამოატყეპა.
ღელვისას სჩვეოდა, თითებს თმაში შეიცურებდა და უკნ გადაიწევდა. ახლაც ასე ჰქნა. რედაქციაში აბრუნებას კი აზრი აღარ ჰქონდა, იქიდან ხომ ბოლო თავად გამოვიდა. მერე ყველა ჯიბე საგულდაგულოდ შეიმოწმა _ რა მორიელი, რის მორიელი. პალტო ცაცხვის დაბალი ტოტიდან ჩამოხსნა მკლავზე გადაიკიდა და ქუჩის გადასაკვეთად ტროტუარიდან ფეხი ჩადგა, მაგრამ ორი ნაბიჯის მერე შეჰყვირა, რადგან ახალი ქვეწარმავალი მარჯვენა სახელოში მიუბობღავდა. აი, ახლა კი პალტო შუა მიხეილის ქუჩაში დააგდო და მარცხენა ხელით მარჯვენა მკლავი იცემა. თან, იცემა და ასე უბრალოდ? მორიელის გაჭყლეტვა ხომ იგრძნო მაინც ვერ შეჩერდა, მიაყოლა და მიაყოლა სილაქი. სიცივე აღარ აწუხებდა. სიცივე კი არა, აღარაფერი აღარ აწუხებდა კაცთა საწუხრებიდან, იმიტომ, რომ ქვეწარმავალი ახლა მარცხენა მკლავზე დაუბობღავდა.
მარჯვენა დაიცა მთელი ღონით. მერე ისევ, ისევ, ისევ...
მეეტლეს ეგონა, რომ ქუჩაში დაგდებული პალტოს ასაღებად დახრილი კაცი ხედავდა. ბოლოწამსღა მოჰქაჩა ცხენებს აღვირი. ცხენსაც არ ეგონა გაჩერებას ასე სწრაფად თუ მოსთხოვდნენ. მოკლედ ეტლმა გეზი დაჰკარგა და კიდევ კარგი ძალიან არ მიჰქროდა, თორემ პალტოსთვის დახრილ კაცს მოჰკლავდა. მაგრამ გადარჩენილ კაცს მთელი ეს ამბავი არ დაუნახავს, ორთავ ხელს მუცელსა და მკერდზე ირტყამდა.
-გიჟი დაამბით, მამაძაღლი, გიჟი! გარადავოი!_იღრიალა მეეტლემ. გიჟი ყამით შეჩერდა, მეეტლეს ცარიელი მზერით შეხედა, მერე ის თავის პალტო ქუჩაში დასტოვა და გაღმა გადაბარბაცდა. გზად, კიდევ, პიჯაკიც გაიძრო, პერანგიც შეიხსნა და ტანიდან რამდენიმე მორიელიც ჩამოუვარდა, მაგრამ ეს მის მეტი არავის შეუმჩნევია.
გარადავოი ახლოს არ აღმოჩნდა. ეტლთან სამმა თუ ოთხმა გამვლელმა მოიყარა თავი, რადგან იმ სიცივეში სეირისთვისაც კი იქ დიდხანს გამჩერებელი არავინ იყო.
-უი, რა მთვრალია, - თქვა ქალმა, რომელსაც ბეწვის საყელოში ჩამალული სახე არ უჩანდა.
-გიჟია, ჩემმა მზემ, რა მთვრალი, რის მათვრალი,-ვერ ცხრებოდა მეეტლე.
-მარაფეტია! - საქმის ცოდნით ჩაიბუტბუტა გრძელცხვირა ახალგაზრდა, ნახშირივით შავმა კაცმა, და მიმოიხედა, იმიტომ, რომ ჰამაც უნდოდა მისი სხვანაირად ჩაბუტბუტებული ვინმეს გაეგო და მიმხვდარიყო, რა ბიჭთანაც ჰქონდათ საქმე, ჰამაც ისეთი რამე თქვა წესით, რომ არავის უნდა გაეგო და ვითომ სწორედ ეს შეამოწმა კიდეც.
იქით პორტფელიანმა ბატონმა ჩაიარა და ყველას ალმაცერად გაჰხედა.
ის კი გაიქცა. გაღმა, რომ გადაბანცალდა ერთიც ამოისუნთქა და გაიქცა. ზევით მირბოდა, ცალ ხელში პიჯაკი ეჭირა, მეორეს იქნევდა. სირბილში მორიელები არ სჩანდნენ. მირბოდა სანამ ქოშინმა დახრჩობა არ დაუპირა, მაგრამ ზედა ქუჩაზე გულს უკვე მკერდის ამოგლეჯვა და თავისი გზის პოვნა უნდოდა. მეტი ვეღარ შეძლო, შედგა, მოიხარა, მუხლებს დაეყრდნო, მიწას ჩაჰხედა.
ნახევარ ნაბიჯში მისკენ ხუთი მორიელი მობობღავდა.
-ოჰ, თქვენი…
ხუთივეს შესდგა, დახოცა, დაჭყლიტა, დასრისა, მუსრი გაავლო და ფანრის ბოძს მიეყრდნო. შორიდან გაზის ფანრების ამნთები მოდიოდა, ქუჩას მოუყვებოდა, თავის საქმეს შვრებოდა.
-რა ვქნა?-ხმამაღლა ჰკითხა ბინდიან ქუჩას. ჯერ კიდევ ქოშინებდა.
გზის გაგრძელება ამჯობინა. რამდენიმე ნაბიჯი, რომ გადადგა ხელი დაიქნია, ქვეწარმავალი ჩამოაგდო, ფეხიც დააბიჯა, ოღონდ აღარ უღრიალია. მეფანრეს გაუსწორდა, მეფანრემ ეჭვით შეხედა.
-მორიელები მესევიან, - შესჩივლა.
-დაგესევიან, მამაძაღლი, აბა, რას იზამენ. ეხლა ისეთი დროა…-თავი გააქნია მეფანრემ და გაერიდა.
აგურის კედელს მიეყრდნო. ეს კედელი მანუფაქტურის ღობე-გალავანი იყო. კისერში ჩაიყო ხელი და ტკაც, მოუჭირა.
-ვერ კი მკბენენ, ისე ვხოცავ, მაგრამ როდემდე?..-ფერი სულ წასული ჰქონდა, გათანგულიაო, ამაზე იყო ნათქვამი.
შემდეგ ფეხის გულზე იგრძნო ღიტინი. ბათინკი გაიხადა და დაბერტყა. ორი ჩამოვარდა.
-აბანოში წავიდე?
-წადი, რა, - უპასუხა საიდანღაც ამოზრდილმა ბავშვმა. სეირობდა მამაძაღლი.
-მოიწი აქ ბიჭო. მოიწი და ორ შაურს მოგცემ,-თითით მოიხმო და რომ მიუახლოვდა თითითვე მიწისკენ მიანიშნა,-ამას ჰხედავ?
-რასა?
-აი, რაც დაბობღავს.
ბიჭმა რამე უპასუხა თუ არა ვეღარ გაიგო, რადგან, რაღაც ჯანდაბამ გვერდით მიახედა. აგურის კედლიდან, რომელიც მანუფაქტურის ღობე-გალავანი იყო, მორიელები გადმოდიოდნენ. აი, ახლა კი ძალიან ხმამაღლა იბღავლა და გონებაზე შავი ფარდა ჩამოეფარა. დღის შუქი მოკვდა, ქუჩას უკვე გაზის ფანრები ანათებდნენ.
თავი მეორე
ყვავები რექვიემს ჩხაოდნენ
იმავე დღეს ფოტოგრაფ ევგენი ენიკალოპოვის დაკრძალვას მაინც და მაინც ბევრი ხალხი არ დასწრებია. თუ დაკვირვებიხართ, კიდევ, ყოველთვის ასეა: პროცესიის მონაწილეთ მოქალაქეებზე ორჯერ მეტად სცივათ. კუბოს ენიკალოპოვის მეუღლე და გათხოვილი შვილი მიუყვებოდნენ. შვილიშვილებს ბავშვურად, აქეთ-იქით გაურბოდათ თვალები და გამართულ გზაზე სიარულს საფლავებზე ხტუნვა ერჩიათ, სიძე კი რამეებს და რუმეებს აგვარებდა _ დანარჩენებს ხან საქმიანად გაასწრებდა და ხანაც საქმიანადვე ჩამორჩებოდა.
მიუსაფარია სასაფლაო. მიუსაფარია ზამთარი. თითქმის შავ ხეებს ფოთლები აღარ ჰქონდათ და ტოტებზე ყვავები შემოესათ. ყვავები რექვიემს ჩხაოდნენ. ჩრდილიან ადგილებში ძველი, გაყინული თოვლი გამვლელს და გამომვლელს ახსენებდა, რომ ისინიც აუცილებლად მოკვდებოდნენ. ისტორიკოსმა გრიგოლ ლაშხმა გაყინული თითები ანგლიჩნური, ოღონდ ძველი პალტოს ჯიბეებში ღრმად ჩამალა _ ხელთათმანები შინ დარჩენოდა. ის და გარდაცვლილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფრიად მეგობრობდნენ. ენიკალოპოვი შეუცვლელი კაცი იყო, ყველაფერი ეხერხებოდა. ვორონცოვის მოედნის უკან ატელიეს ფლობდა, ფოტოგრაფიებს იღებდა, ზაფხულობით კი აუცილებლად პოულობდა დროს და მთელი ტფილისი კოჯორსა და მანგლისში, რომ გაიკრიფებოდა მეცნიერებს ექსპედიციებში დაჰყვებოდა. ბოლოს დიდი გეგმებიც დასახა, უკვე ალბომის გამოშვებაზე ფიქრობდა. ლაშხთან ერთად მეცენატის მოძიებასა და ევროპაში გამგზავრებას აპირებდა. ევროპაში ხომ ტიპოგრაფია სხვა სართულზე ბრძანდება.
მოკლედ გრიგოლ ლაშხს ევგენი ენიკალოპოვი ხელიდან გამოეცალა. ბოლო ექსპედიციაში გადაღებული მთელი ფირიც ოხრად დარჩა, ერთი ფოტოგრაფია დაბეჭდა ცხონებულმა და მიაბარა კიდეც უფალს სული.
შეჩერდნენ. სიძე დაფაცურდა, ქალებმა მოთქმას უმატეს. ამ ქვეყნად ენიკალოპოვის ადგილი აღარ იყო, ბოლო ალაგასღა იწვა. გრიგოლ ლაშხმა თავი ჩახარა. ბავშვობიდან სთრგუნავდა კუბოზე დაყრილი მიწის გუგუნი. ყველანი შეჯგუფდნენ.
-საბრალო ევგენი, კაცო, - გვერდით ამოუდგა გარდაცვლილის ნათესავი, ვორონცოვის მოედანთან, ატელიეში რამდენჯერმე ნანახი შედარებით ახალგახრდა კაცი.
-აბა…
მერე ქალებმა იკივლეს და ყვავებმა ჩხავილს უმატეს.
-როგორ სჩხავიან ეს ოხრად დასარჩენები, - ისტორიკოსმა ლაშხმა სხვა არ იცოდა რა ეთქვა.
-როგორ მოჰკვდა, კაცო, საწყალი.
გრიგოლმა გაკვირვებით შეედა და მაშინღა მოაგონდა, რომ მეგიბრის სიკვდილის მიზეზი არ იცოდა. ნათესავი ეტყობა მიხვდა ასე რომ იყო საქმე.
-მტკვარში დაიხრჩო საბრალო.
-მტკვართან რამ მიიყვანა? ფოტოგრაფიას იღებდა?
-არა, თევზაობა მონდომებია.
-ამ ყინვაში?
-მეც ვერა გამიგია რა. ალბათ, წერას ჰყავდა აყვანილი, თორემ სამუშაოზე წასული ისევ შინ მიბრუნებულა, თევზაობა მწადიაო, ტანისამოსი გამოუცვლია, ყელიანი ჩექმა ჩაუცვამს და…
გრიგოლ ლაშხი ვერაფერს მიხვდა. კუბოს ფიცარზეც სწორედ ამ დროს დაიგუგუნა სასაფლაოს მუშების დაყრილმა მიწამ, გარდაცვლილის გათხოვილ შვილს კი გული შეუღონდა. ახლო მდგომებმა ხელი შეაშველეს, კუნძზე თბილი თავშალი გაუშალეს, წყალი შეაძლიეს. სიძემ გულშემოყრილ ცოლს გაჰხედა, სხვათა ზრუნვა დაინახა და კაცურად რამე-რუმეების მოგვარება განაგრძო. ბავშვები დედას მიეხუტნენ.
ისტორიკოსი ანგარიშმიუცემლად ათვალიერებდა ხალხს. სასაფლაოდან პირდაპირ სასწავლებელში, სტუდენტებთან მიიჩქაროდა. ანაზდად მზერა უქუდო, ხუჭუჭა კაცმა მიიპყრო. აქამდე არ დაენახა ეს კაცი, რომელიც გასაოცრად ჯიქურ მისჩერებოდა. რაღაც ძალიან ავი იგრძნობოდა მის თვალებში. ჩაფსკვნილი, ღონიერი ვინმე სჩანდა.
ლაშხმა მზერა მოარიდა, კაცმა კი არა. თითქოს მიახლოება უნდოდა და ხელსაყრელ წამს ელოდებოდაო. შემდეგ ლაშხს მავანი ჩამოეფარა, მაგრამ კაცმა ადგილი შეიცვალა. ახლა თითქოს უფრო ბოროტად უყურებდა. ისტორიკოსი შეშფოთდა. \"ვინ არის, რა უნდა ჩემგან?\"-თუმცა თავისთვის დასმულ კითხვას ისა სჩვევია, რომ თავად თუ არ უპასუხე, არვინ გაგცემს ხმას. ენიკალოპოვის ნათესავისკენ გაიხედა, ქვრივისთვის ხელმკლავი გამოედო და ანუგეშებდა. პროცესია სასაფლაოს გასასვლელისკენ ბრუნდაბოდა.
ენიკალოპოვის ნათესავმა ლაშხის მზერა მაინც შეამჩნია და ისტორიკოსმა ამით ისარგებლა, მიუახლოვდა.
-მომიტევეთ, ღვთის გულისათვის, მაგრამ ერთის წუთით მოგაცდენთ. აი, ის ახალგაზრდა ცხონებული ევგენის ნათესავია?
-რომელი, აბა?
-აი, ის…
მაგრამ, მართლაც რომელი? წამის წინ, როდესაც ისტორიკოსი კითხვისთვის პირს აღებდა ის ხომ იქ იდგა.
-მომიტევეთ, ახლა აღარ ჩანს. თვალს მოეფარა.
-ეგ არაფერი, რომ გამოჩნდება დამანახეთ, - და ნათესავი სხვა ნათესავებს შეუერთდა.
გრიგოლ ლაშხი მარტო მიაბიჯებდა. \"ნეტავ სად გაქრა?\"
ცხადია არ გამქრალა, მხოლოდ უკან აღარ მისდევდა, წინიდან მოევლო და მალიმალ აბრუნებდა თავს ისტორიკოსისთვის ავი მზერა რომ არ მოეკლო.
სასაფლაოს გარეთ კი ეტლები ჩამწკრივებულიყვნენ, კლიენტებს ელოდნენ. ლაშხმა ნაბიჯი შეანელა, მერე ის წამი იხელთა უცნობი უკან რომ არ იხედებიდა და იმედჩასახული უახლოეს ეტლში აძვრა.
-ავლაბრისკენ!
მეეტლემ მათრახი გაატლაშუნა, ცხენებმა ფლოქვები ააკაკუნეს, ხიდან ყვავმა დაიძახა ყველანი მაინც აქ დაბრუნდებითო.
\"უხერხულად კი გამოვიდა, ქვრივს არ დავემშვიდობე\"-გაიფიქრა ლაშხმა. ეტლიდან გამოჩნდა როგორი გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით ავი მზერის პატრონი. ალბათ მას ეძებდა… მაგრამ, რატომ? ო, ღმერთო, რაღაც სიგიჟეა.
ეტლი ერევნის მოედანზე, რომ გავიდა თავი სამშვიდობოს იგრძნო, მაგრამ ამ მეეტლეს საითღა მიჰყავს?
-ეი, მეეტლევ, საით?
-განა ჰავლაბარი არ მითხარი, კნიაზ?
დასწყევლოს უფალმა, ავლაბარი უთქვამს და აღარ კი ახსოვდა. მაგრამ რატომ ავლაბარი, განა სასწავლებელში არ მიეჩქარებოდა? გულის ჯიბიდან ძეწკვზე დაკიდებული საათი ამოიღო. \"არა უშავს, რა, მოვასწრებ. შინ მისვლა მარგებს კიდეც.\"
მაინც ვინა ბრძანდებიდა? იქნებ სულაც მოეჩვენა ავი დაჟინება, თორემ ისე კაცი იყო ფიქრნაკლული მზერით და მეტი არაფერი? ეგეთები ხომ მრავლად არიან, მეტიც კია. ან თუ განსვენებულის ნათესავი იყო, იქნებ საბრალოზე უნდოდა რისამე დარდიანის თქმა მან კი დარდი ვერ შეიცნო?
\"ევგენი მტკვარზე სათევზაოდ წასულა და დამხრჩვალა. უცნაურია, ნამდვილად. ნუთუ თევზაობა უყვარდა?\"
ასეთი ფიქრით აჰყვა ეტლს ავლაბარში. მერე მეეტლეს გაჩერება უბრძანა, გადაუხადა და ჩავიდა.
მისი სახლი იქვე, ერთი ვიწრო ქუჩის ბოლოში იდგა. მეუღლესთან ერთად ბინა მესამე სართულზე ეკავა. კიბეს იქ მაცხოვრებელი ხალხი აივნებზე აჰყავდა. თვითონ ის კიბე პირდაპირ ვიწრო ქუჩაზე გამოდიოდა, კიბის ქვეშ და გვერდით კი პაწაწინა ეზო იყო. ვიწრო ქუჩაში ეტლი ვერ ეტეოდა, უფრო განიერ ქუჩაზე უნდა გაგეჩერებინათ, ვიწროს კუთხეში. სწორედ იქ, სადაც ისტორიკოსმა გააჩერებინა. ვიწრო ქუჩას თავზე სარეცხები ეფარა _ სარეცხის თოკები მოპირდაპირე სახლებს შორის იყო გადაჭიმული. ვიწრო ქუჩაზე მეტწილად ჩრდილი დგებოდა და ზამთარში სარეცხს გაშრობა უჭირდა.
გრიგოლ ლაშხი ვიწრო ქუჩაზე შევიდა. ხელები ჯიბეებში ბოლომდე ჰქონდა ჩაყოფოლი, თუმცა ამოყოფილიც, რომ ჰქონოდა რა შეიცვლებოდა? წინ ლანდი გაკრთა, ყინვიანი შუადღის ლანდი. პროფესორმა შიშნაჭამი თვალებით აიხედა. ის იყო, მეტად ავი, ხელში გრძელი დანა ეჭირა. მართალი ყოფილა, შიშისგან ენის მუცელში ჩავარდნა, თურმე მართლა არსებობს. ისტორიკოსი ამაში დარწმუნდა _ საშველად ვერავის უხმო. მერე, უცებ, გადარჩენის დიდმა სურვილმა ამოჰხეთქა სადღაც მისი ტანის თუ კიდევ რაღაცის სიღრმეში. გრიგოლ ლაშხმა მთელი ძალ ღონე მოიკრიბა, მიტრიალდა და ის-ის იყო საიდანაც მოვიდა თავქუდმოგლეჯილი იქითვე უნდა გაქცეულიყო, რომ ბედისწერამ ბოროტი ოინი უყო: მისკენ უკნიდან ზუსტად ისეთი კაცი მოიწევდა და მასაც ხელში დანა ეჭირა. ისტორიკოსი ცხოველის უნებურ ალღოს მიენდო, ღონივრად შემობრუნდა, ხელი სარეცხი თოკის ქვეშ შედგმულ გრძელ ორკაპას სტაცა, მოხერხებულად უფრო კი იღბლიანად გაიქნია და სახლისკენ გაიქცა. სარეცხი ჩამიწყდა, ქუჩაში აიბლანდა. ლაშხი კი მირბოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მისდევდნენ.
კიბე. პროფესორი ზევით მიიწევდა. მისდევდნენ. ცალი თვალით მოახერხა უკან მიხედვა. დანიანი მდევარი მასზე ახალგაზრდა და გაცილებით სწრაფი იყო. მეორე არ ჩანდა.
მაინც შეიძლებოდა მისწრება, მესამე სართულამდე ათი-თორმეტი საფეხურიღა რჩებოდა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრობა მაგრამ...
არა, ეს შეუძლებელია! კიბის თავზე, სწორედ იმ ათი თუ თორმეტი საფეხურით მაღლა, მეორე იდგა და თვალებიდან ბოროტებას აკვესებდა. ხელში ფოლადი აულაპლაპდა.
-თამარ! - ახლა კი შეძლო დაბღავლება ისტორიკოსმა გრიგოლ ლაშხმა და კიბის მოაჯირს გადაევლო. დანის ჩაცემას გაურკვევლობაში გადაძვომა ამჯობინა. ძნელია მოქნეული ფოლადისთვის გულის შეშვერა.
ტანის სიმძიმეს ვერ გაუძლო, წონასწორობა დაკარგა და კიბეს მოსწყდა.
თავი მესამე
მთვარის ოთახი
მთვარემ გააღვიძა. ვერ მიხვდა სად იყო. თვალი ღამიდან ბილიკად შემოსულ შუქს გააყოლა და შეკრთა _ დიდი, ავადმყოფურად ყვითელი სახე უცქერდა. ეს სახე სნეული თვალებით რაღაც საზარელს ასხივებდა. ახლაღა მოაგონდა მორიელები. ააცახცახა, ცივმა ოფლმა წვეთებად გამოაყარა შუბლზე. ეჭვი გაუჩნდა, რომ ცოცხალი აღარ იყო.
წამოჯდა. ესე იგი აქამდე იწვა.
ხმის ამოღებას კი არა გატოკებასაც დიდი ვაჟკაცობა სჭირდებოდა. თითქოს სხეულიც აღარ ჰქონდა, ვინ იცის სწორედ ეს იყო სამყაროს აღსასრული. ანგარიშმიუცემლად უსმენდა რაღაც ერთფეროვან ხმას.
მაგრამ გადიოდა წამები, წუთები და მის გარშემო არაფერი იცვლებოდა, ხოლო უძრავს ჯოჯოხეთსაც ეჩვევა კაცი. შიში ხომ მხოლოდ მომავლისა არსებობს და თუ წუთებს და წამებს მომავალი არ მოაქვთ… ალბათ, თავადაც არ არსებობენ. მერე უნებლიედ თითი გაამოძრავა_სხეული ჰქონია. ერთფეროვან ხმასაც მიუგდო ყური. საათი წიკწიკებდა. წამები ტკაცუნით ცდილობდნენ დამტკიცებას, რომ მართლა არსებობენ. მიმოიხედა. საწოლზე წოლილა, თავი ბალიშზე სდებია, ზედ საბანი ჰხურებია. მაისურის ამარა იჯდა, ხოლო გვერდით, სკამზე, მოწესრიგებით ეწყო მისი სამოსი.
გაბედა და ნელა აიხედა. მთვარის შუქმაც ღამეულად პატივი სცა, მეტად გაუნათა გარემო. ყვითელი სახე ძველებურად უცქერდა, მაგრამ… თავი გვერდზე გადახარა, თვალები მოჭუტა და დაინახა, რომ სნეულს ჩარჩო ჰკრავდა. ოვალური, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩარჩო ჩარჩოა. ნახატი ყოფილა.
უფალო შეგვიწყალე! პირჯვარი გადაისახა. თითქოს ნელნელა სითამამე უბრუნდებოდა. გულმა უჩურჩულა ქვეწარმავლები არ გამოჩნდებიანო. დაადგინა: ოთახში იყო.
თვალი კედლებს მოავლო. არა, აქ, ყველა წვრილმანი საიდუმლოზე მიუთითებდა. შიშით, ალბათ აღარ ეშინოდა, მაგრამ უცხო გრძნობა კი უჭამდა ჯიგარს. რა ხდება?
მარცხენა კედელზე მთელ სიგრძეზე გაკრული გველის ტყავი დაინახა. რაღაცნაირად, დაკლაკნილად ეკიდა. ბუნებას საოცარი ფერებით მოეხატა, ყოველ შემთხვევაში მთვარის შუქზე ასე სჩანდა. დიდი გველების შესახებ სმენოდა, როგორ არა, მაგრამ ეს უხსენებელი მეტად მსხვილი და გრძელი უნდა ყოფილიყო. გველიან კედელზე, კიდევ გადაჭრილი ბამბუკები მიემაგრებინათ ზევითაც და ქვეითაც. დუდუკებს ჰგავდა.
საცვლის ამარა წამოდგა, კედელს მიუახლოვდა, კარგად დააკვირდა. განზე ერთი სურათიც დაინახა, მისკენ ჩაიწია, პირდაპირ დაუდგა. კიდევ კარგი მორიელები აღარ სჩანდნენ.
კარგა დიდი ზომის ნახატი გახლდათ. იქაც ღამე იყო და ღამის ფონზე ვეება ნაგაზი იღრინებოდა. აქა-იქ უცნაური საღებავი ესვა, ნათელი. მხეცი თითქოს სადაცაა ოთახში შემოხტებოდა.
\"რაღაც ხდება ჩემს თავს\" _ ახლა მთლად მრგვალჩარჩოიან სურათს მიადგა. ანგლიჩნურ სმოკინგებში გამოწყობილი კაცები ცეკვავდნენ. ერთი ქალიც არ ერიათ.
მერე კიდევ ნახატი იყო: გამოღლეტილი, მიტოვებული, გამოშიგნული ცარიელი სახლი, თითქოსდა მკვდარი სურვილებით. ისევ გადაისახა პირჯვარი. ახლა იგრძნო, რომ ოთახში მძიმე, მაარამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. დასწყევლოს უფალმა!
მოპირდაპირე კედლისკენ წავიდა. სიგიჟე და ბოდვა… იქ ძალიან ბევრი ვიოლინო იყო. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ვიოლინო შეაკრთობდა. კედელზე უამრავი, სხვადასვა ზომის თარო მიემაგრებინათ. ვიოლინოებს შორის ერთი თარო გამოირჩეოდა. ამ თაროზე ერთნაირი ქანდაკები ეწყო მწკრივად. ექვსი დათვალა. კიდევ, კედელზე მიჭედებული ლურსმნიდან თოკი მოიგრიხებოდა და შიგ თანაბარი დაშორებით ლიმნის ან ფორთოხლის კურკები იყო ჩაწნული. მაგია გაახსენდა და გააჟრჟოლა.
იმავე კედელთან ჭურჭლის კარადა აღმოსავლური, ყელმოღერებული, ტანკენარი სურებითა და დოქებით გამოევსოთ, კედელში კი ბუხარი ჩამქრალიყო და ზედ იშვიათი ჩიბუხების გრძელ რიგს ეძინა.
შუა ოთახში მაგიდა იდგა, გარს სკამების ალყა ერტყა, მაგრამ სკამზე მეტი სავარძელი სჩანდა ამ ავეჯით დახუნძლულ, მაგრამ მაინც თითქოსდა თავისუფალ ოთახში. იდგა ტანმსხვილი და საშუალო, ზურგგადაგრეხილი და სარწევი სავარძელი. საწოლის მოპირდაპირე კედელს… მთლიანად ფარავდა უშველებელი კარადა, ხოლო იმ მხარეს, სადაც მას მთვარის ბილიკმა თავი აპოვნინა, ანუ საწოლის გვერდით, შუაში იყო აივანზე გამავალი კარი, აქეთ-იქით ფანჯარა და კიდევ ერთგან ვიწრო და მაღალი კედლის საათი.
შემდეგ მთვარის შუქმა იკლო.
კი მაგრამ კარი?
ვაი, შენ გულო ნაადრევად და ამაოდ დამშვიდება, რომ გჩვევია: სადმე ხომ უნდა იყოს გასასვლელი?
ერთხელაც მოავლო ოთახს თვალი და დარწმუნდა, რომ კარი არსად იყო.
კარი არ არის! კარი არ არის!
ვიღაცამ მისი სხეულის შიგნიდან ყოველი მიმართულებით ააზვირთა განგაშის ტალღები. აივნის კარს მივარდა და ბედად კლიტეში გასაღები შეამჩნია. გასაღები გადაატრიალა, სახელური დასწია. კარი რბილად დაემორჩილა, გაიღო. ქუჩიდან სუსხი შემოვარდა. მიტრიალდა, იმ სკამთან მივიდა, რომელზეც მისი ტანისამოსი მოწესრიგებით ეწყო და ჩაიცვა. ჩქარობდა. სუნთქვაც კი აერია. შარვლის ტოტებში ფეხების გაყოფა მთლად იოლად ვერ შეძლო. მერე პიჯაკს ხელი დაავლო. პალტო? ნუთუ დაუმალეს? თუმცა არა, პალტო ხომ ხეს აჩუქა მიხეილის ქუჩაზე.
აივანზე გავიდა. მოაჯირს გადააწვა, გადაიხედა. ჩვეულებრივი ტფილისური დაღმართი მიიკლაკნებოდა. მეორე სართულზე იდგა. მოაჯირს ყოჩაღად გადაევლო და ქუჩას მისცა თავი. ყინვა კლიენტის გამოსაჭერად გამოსული მეძავის სიხარულით შემოეხვია. იდუმალი ოთახის აივანი ათი ნაბიჯის შემდეგ აღარ სჩანდა. სადღაც ძაღლებმა დაიწყეს ყეფა.
თავი მეოთხე
წითელი ვარდი
ირაკლი თეთრაული სკამიდან ძლივს წამოდგა. სკამი გადაყირავდა, მაგრამ მის გვერდით მჯდომმა გამხდარმა კაცმა ხელის წავლება მოასწრო. ირაკლის სკამისა და გამხდარი კაცის ეს თავგადასავალი არც გაუგია, წონასწორობა შეინარჩუნა, ულვაშზე ხელი ჩამოისვა და რამდენადაც შეძლო მართად გაეშურა პირდაპირ. დარბაზში პაპიროსის კვამლი ქოშინებდა, ღვინისა და სიმაძღრის ოხშივარი კედლებს ასკდებოდა, ხან მავანის ხარხარს ეყდნობოდა, ხან მავანის ტრაბახს ეკიდებოდა, ხანაც მავანის ბოღმას უტყაპუნებდა მხარზე ხელს. თხუთმეტი თუ ოცი წუთით ადრე ერთმა გიჟმაჟმა ჭერს ტყვია ახალა, მაგრამ კოჭლი გოგიას შვილმა დარბაისლურად აუხსნა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. ამის შემდეგ დარბაზში გოგიას ბიჭის ყოველ გამოჩენაზე გიჟმაჟი ჰაეროვან ლოღნას უგზავნიდა და კაცი ხარო, უყვიროდა. იმ სუფრაზე, საიდანაც ირაკლი თეთრაული წამოდგა, ამოისუნთქეს, თავად ირაკლი კი დარბაზის ბოლოში ფრთაგაშლილი კამპანიისკენ გაბარბაცდა.
უცხო კაცის მიმთვრალება აბა, რომელ კამპანიას უყვარს და ჩვენ რომ ვახსენეთ ის კამპანიაც აიჯაგრა, შეიშმუშნა. მრავალ ღვინოში გამოვლილმა თამადამ ნაცადი უკმეხი მზერა დაახვედრა დაუპატიჟებელ მობანცალეს, მაგრამ, ვაგლახ, ირაკლი თეთრალისთვის მნიშვნელობა უკვე აღარაფერს ჰქონდა, მზერას მზერისგან ვეღარ ასხვავებდა. თავიდან ისე გაიღრიჯა, უცხო თვალს რომ დაენახა იფიქრებდა დოსტებთან მისულაო, მაგრამ მერე უკან დაიხია ანუ, კაცობის უსასრულო მარაგიდან მოწიწება ამოიღო და…თავის შესამაგრებლად უახლოესი სკამის ზურგს დაეყრდნო, ამ სკამზე კი მანდილოსანი იჯდა. შეუღრინეს.
-ოჰ, მომიტევეთ, თქვენი ფეხის მტვრად მიგულეთ, - ბოდიშის გასაძლიერებლად ირაკლიმ გაიღიმა კიდეც. უფრო სწორად თავად გახლდათ სავსებით დარწმუნებული, რომ გაიღიმა.
-აქეთ დაეყრდენით ჩემო ბატონო, - დაასწრო სხვებს კამპანიის, როგორც ჩანს ყველაზე თავაზიანმა და, ალბათ, ყველაზე მუშტმოშიშმა წევრმა, მაგრამ თეთრაულს არაფერი გაუგია, რადგან იმას იხსენებდა ბოდიშის ნიშნად ეამბორა თუ არა მანდილოსანს ხელზე. თან გრძნობდა, რომ ორჯერ ამბორი მეტისმეტი და უწესო საქციელი იქნებოდა. გრძნობდა და ბარბაცებდა.
თავაზიანმა ხელი მიაშველა და სულ დაავიწყა, რას ფიქრობდა.
-მე მომიტევეთ, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს მდაბლად შეწუხებას, რომ ვბედავ, მაგრამ…- აქ თეთრაულმა თითი მრავალმნიშვნელოვნად ასწია იმ ჭერისკენ, არცთუ დიდი ხნის წინ ტყვია, რომ აჭამეს, - თქვენი სადღეგრძელო მინდა შევსვა.
-ამას კიდევ დალევა უნდა? - გადაულაპარაკა სუფრის გაღმა მჯდომმა კავალერმა სხვა დამას.
-ეჰ, ჩემო კარგო, ალბათ ღვინის გამო დამათხოვრობს ასე, - მიუგო დამამ.
ირაკლი თეთრაულმა ეს გადალაპარაკება, შეამჩნია, მაგრამ ვერფრით მიხვდა გაჰკილეს თუ შეაქეს, ბოლოს იფიქრა შემაქებდნენო და ფართოდ გაიღიმა. თამადამაც გაიღიმა, გადაწყვიტა სხვა მხრიდან მოევლო.
-მაშ, სტუმარს პატივი ვცეთ და განსხვავებული სასმისი შევთავაზოთ.
-მოჰკვდება, იროდიონ, - შეშფოთდა მავანი კეთილი.
-მოჰკვდეს! - მეტი ბედნიერებით გაიღიმა თამადამ.
თეთრაული ქანაობით ეახლა სუფრის გამრიგეს, ვეება ფიალა გამოართვა, ნაწილი იატაკზე დაღვარა, დანარჩენზე კი ნებისყოფა მოიკრიბა და თავი შეიმაგრა.
-მაშ, ამ ფიალით, ჩემო ყოვლად განათლებულო საზოგადოებავ,-დაიწყო და მიმოიხედა, - დაე იყოს ისე, როგორც იესო მაცხოვარმა ბრძანა და…
-გაამოსთ, - ჩაერია თავაზიანი.
თეთრაულმა უარის ნიშნად ხელი გააქნია. ცოტა კიდევ დაისხა იატაკზე.
-არა და არა, ჩემო კეთილშობილო საზოგადოებავ, მე ჩემი სევდა, ბალღამი უნდა მოგახსენოთ.
-ბრძანეთ, ბატონო. უკაცრავად.
-არ არის ჩემო სილიბისტრო ამდენი ბოდიში საჭირო, გვადღეგრძელებს სტუმარი და არც თავის მეგობრებს ალოდინებს დიდხანს. ალბათ შფოთავენ კიდეც, - გაღიზიანდა თამადა.
-დიახ, თქვენ ყველაფერი იცით! ყვე-ლა-ფე-რი, - ამოიღრიალა უცბად თეთრაულმა, - თქვენ იცით, რომ ახლოვდება ქრისტეშობიდან ათას ცხრაას თექვსმეტი წელი და იწყება სიკეთის, მეცნიერების ეპოხა.
-ჰოდა, ამიტომაც გაგიმარჯოსთ, ჩემო ბატონო, - წამოხტა კავალერი, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს სისულელე მისი დამისთვის უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა და ამასაც თავი, რომ დავანებოთ, თავადაც უნდა გამოეჩინა მარიფათი, - შესვით!
და თეთრაულიც ლოთთა მოულოდნელი მოჩილებით დაჰყვა.
-იცოცხლეთ.
-გაამოსთ.
-გაგიმარჯოთ.
-ღმერთმა გადღეგრძელოთ.
კამპანია პირში სჩრიდა დაუპატიჟებელ სტუმარს სიტყვებს, რომელთა წარმომთქმელი ის უკვე აღარ იყო.
დიდი ჭყლაპუნით დასცალა ფიალა, მაგიდის ზედ კიდეზე დადგა, ორთავ ხელი გაშალა და აღარაფერი უთქვამს ისე მიტრიალდა.
შემდეგ გასასვლელისკენ მიდიოდა და ზურგით დამცინავ და ბრაზიან მზერას მიათრევდა. ერთადერთი, ყველაზე თავაზიანს არ შეუხედავს. ლარნაკიანმა ოფიციანტმა რის ვაივაგლახით აუქცია გვერდი. ქუჩაზე ასასვლელად არცთუ მაღალ კიბეს აუყვა, მეგარდერობეს პალტო გამოართვა, მხარზე გადაიგდო და გარეთ გავიდა. ყინვა ხომ მისთვის ყინვა არ იყო.
შინ წასვლა არ სურდა. ორთაჭალის ტურფობა და დიდრონი ძუძუები მოაგონდა. იმდენს ვერა ხვდებოდა, რომ ამაო იქნებოდა ვნებათა ღელვანი იმ ღამით მისთვის. იფიქრა წავალ ხვაშიადს დავიამებო, მაგრამ ასეთი ამბავი მოხდა:
-ღმერთო ჩემო, ის… აქ? მარტო ამ კუნაპეტ ღამეში?
ის ქუჩას მიუყვებოდა მორცხვი, ნაზი, სათნო, კდემამოსილი. ირაკლი თეთრაული მას ძალიან კარგად სცნობდა, მაგრამ საიდან? იქნებ იმ ოცნებიდან ღვინის ქვეშ რომ ჰყავდა ჩაძირული? ღმერთო, რაოდენ განსხვავდებოდა მისი ქალწულებრივი სიარული ამა ქვეყნის სხვა ქალთა ნაბიჯებისგან. შავ ღამეში მიდიოდა წითლად მოსილი. წითელი პალტო, წითელი მოსასხამი, წითელი ბერეტი…და უკუნეთი. რაიმე არ დაუშავდეს, ცივმა ჰავამ არ დაჰკრას, ვინმე ოხერმა არ დააშინოს, რაიმეს ფეხი არ წამოჰკრას.
თეთრაული მიჰყვებოდა, ცდილობდა დასწეოდა, დახმარება შეეთავაზებინა, მაგრამ ასულმა ნაბიჯს უმატა.
-ო, მშვენიერებავ!
ასულმა კიდევ უფრო ააჩქარა ნაბიჯი.
-ო, სათნოებავ, ნუ გეშინიათ თქვენი მონისა ნუ გეშინიათ.
მაგრამ შავ ფონზე გამოსახული წითელი საოცრება წინ მიიწევდა.
-მე ხომ გიცნობთ...
ქალწულმა ქუჩა გადაკვეთა, თუმცა რაღაც დაუვარდა. თთრაული დაიხარა, გზაზე წითელი ვარდი ეგდო.
-მშვენიერო ასულო, ვარდი…
დასულ ეს იყო. სიბნელიდან ეტლი გამოვარდა.
-გარეკე მეეტლევ, გარეკე. ლხინი დილამდეა! - ჰყვიროდნენ ეტლს შემოხუნძლული ყმაწვილები.
შემდეგ ვიღაცამ შემზარავად იკივლა, მაგრამ ირაკლი თათრაულისთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
თავი მეხუთე
რეპორტიორი იგვიანებს
იქნებოდა დილის ათი საათი გაზეთ \"ტფილისის კურიერის\" რედაქციაში სართო ოთახის ღრეჩოიანი კარი ხელჯოხიანმა, შლაპიანმა, ჭაღარაბლანჟიანმა, პენსნეიანმა და თეთრხელთათმანიანმა კაცმა რომ შეაღო. მეორე ხელში ჩემოდანი ეჭირა.
-ბოდიში, მაგრამ რედაქტორის ნახვა მინდოდა, - კილოთი ლაპარაკობდა, დაღლილი სჩანდა.
ოთახში ხუთი ქალი და მსუქანი დავითი იყვნენ. ქალთაგან სამი რაღაცას წერდა, მეოთხე, ალბათ შეფარვით ქსოვდა, რადგან კარის ხმაზე ყაისნაღი, ძაფ-გორგალი და ის, რასაც ქსოვდა სწრაფად და მოხერხებულად დამალა, ხოლო კიდევ ერთი ფანჯარასთან იდგა, გრძელ მუნდშტუკში გარჭობილ პაპიროსს სწევდა და ფიქრიანი მზერით გადაჰყურებდა მკრთალ მიხეილის ქუჩას. პაპიროსით მდგომს სტუმრის შემოსვლა არც გაუგია. საგაზეთო წერილზე თუ ფიქრობდა. მსუქანმა დავითმა ძველი გაზეთების დასტაში ქექვას თავი ანება და სტუმარს მიუტრიალდა
-რედაქტორი არ გახლავთ ჩემო ბატონო. მე ვერაფრით დაგეხმარებით? დავით მუშკუდიანი გახლავართ, როდესაც რედაქტორი წასულია გაზეთის მუშაობაზე პასუხს მე ვაგებ.
კაცმა რამდენიმე ნაბიჯით ოთახის სიღრმისკენ შეიწია და თვალი ფანჯრასთან მიდგმული მაგიდისკენ გააპარა. ალბათ იმიტომ, რომ მაგიდასთან სკამი იდო, სკამზე კი ჩამოჯდომა შეიძლება, მითუფრო თუ კაცი ნამგზავრი და დაღლილია. სტუმრის ეს სკამმშიერი მზერა მსუქან დავითს არ გამოპარვია.
-დაბრძანდით, დაღლილი სჩანხართ, - თან წამოდგა, მონიშნულ მაგიდას საკამი გამოუწია და სტუმარს შესთავაზა. სტუმარმა მადლობა უთხრა, დაბრძანდა და ჩემოდანი ფეხებთან დაიდგა.
-ნამგზავრი გახლავართ, ჩემს ასაკში კი…- უხერხული ღიმილით თითქოს მოიბოდიშა კაცმა, - ჰო, მართლა, მე ისმაილ დავითაძე ვარ, ბათომის ლიტერატურული კლუბის დირექტორი და ჟურნალ \"ტალღის\" რედაქტორის მოადგილე.
-დავით მუშკუდიანი, - გაუმეორა მსუქანმა დავითმა.
სტუმარმა ახლა უკვე ძალიან დაღლილი მზერით მიმოიხედა.
-მაშ რედაქტორი იგვიანებს?
-ქუთაისში გახლავთ, ჩემო ბატონო, გიმნაზიის მოწაფეებთან შეხვედრა აქვს პუბლიცისტიკურ საკითხთან დაკავშირებით.
-ოჰ! შეიცხადა ისმაილ დავითაძემ, - მაშინ…მაშინ იქნებ იმ ახალგაზრდას შემახვედროთ… ღმერთო ჩემო, რა ჰქვია, მურღულია თუ მარშანია…
-მალაზონია?
-კი, კი, მალაზონია. შარშან გავიცანი ბათომში. სულ ერთხელ ველაპარაკე, მაგრამ ფრიადი გეგმების დასახვა მოასწრო. ვითხარი კიდეც, რომ თქვენს რადაქტორს კარგად ვიცნობდი და ამ გეგმებზე სალაპარაკოდ თფილისში ჩამოვიდოდი.
-მალაზონია უკვე უნდა იყოს სამუშაოზე, მაგრამ იგვიანებს. თუ სადმე არ მიიჩქარით, დაელოდეთ.
-სხვა რა გზა მაქვს, - სტუმარმა მადლობის ნიშნად გაიღიმა და თავიც დაუქნია მსუქან დავითს, მაგრამ მოულოდნელად სახე დაემანჭა და მკერდზე ხელი მიიდო.
-ცუდად ხომ არ ბრძანდებით? - შეშფოთდა მსუქანი დავითი.
-არა უშავს, გამივლის, - ახლა გაჭირვებით ლაპარაკობდა, - კაცმა რომ თქვას თფილისში სამკურნალოდ უფრო ჩამოვედი. ორი წლი წინ ქუთაისში ვიყავი პროფესორ ვაშაკიძესთან. მომიხდა მაშინ პროფესორის წამლობა და ახლაც მასთან ჩავედი, მაგრამ აქეთ დამხვდა გადმოსახლებული. აი, ასეა…არა უშავს, გამივლის.
მსუქანმა დავითმა უნდობლად შეხედა ისმაილ დავითაძეს. ცუდი ფერი ედო ბათომელ სტუმარს სახეზე, ისევ გულ-მკერდზე იკიდებდა ხელს, ისრესდა. შემდეგ გულის ჯიბეში ნერვიულად დაიწყო ქექვა, ნიკაპი აუკანკალდა.
-სად ოხრობაში წავიღე…
რედაქციის ქალები დაფაცუედნენ.
-ჩანთაში აბები მაქვს. ხომ არ ინებებთ, ბატონო? - ყველაზე მეტად მქსოველი ღელავდა.
ისმაილ დავითაძემ თითქოსდა იმედის თვალით შეხედა. ზოგმა ჭიქას დაუწყო ძიება, მაგრამ ჭიქებში ჩაის ნარჩენები ესხა და გამოსარეცხი იყო. მსუქან დავითს გვერდით ოთახში რედაქტორის ფინჯანი მოაგონდა, ჯიბიდან ნდობის დამადასტურებელი გასაღები ამოიღო და იქით გასწია. ბათომელი სტუმარი კი თითქოს უფრო ცუდად ხდებოდა, პალტოს ღილები შეიხსნა, ხელები მაგიდაზე ბალიშად დააწყო და თავი დადო.
ისმაილ დავითაძე წამოსწიეს, გული გაუღეღეს, აბები შეასვეს, წყალი მიაპკურეს.
-გმადლობთ, გმადლობთ.
-რის მადლობა, ბატონო, ნუ ლაპარაკობთ თქვენი ჭირიმე და გაგივლით.
გავიდა წუთები. სტუმარს უკეთესობა დაეტყო, ფერი დაუბრუნდა, გაიღიმა. გაზეთ \"კურიერის\" მუშაკებმა შვებით ამოისუნთქეს.
-აი, ასეა. ღმერთმა დასწყევლოს სიბერე.
მერე, ქალები თავიანთ ადგილებს უბრუნდებოდნენ. მხოლოდ ის ერთი, გრძელი მუნდშტუკითა და ფიქრიანი თვალებით, კვლავ უძრავად იდგა და მიხეილის ქუჩის ზამთარს გადაჰყურებდა. საოცარი პროფილი ჰქონდა, ერთი შეხედვით ულამაზო, გამხდარ სახეზე გამოკვეთილი ყვრიმალებით, მაგრამ შტამბეჭდავი, არისტოკრატული.
-კეთილი, - ამოიოხრა ისმაილ დავითაძემ, - მალაზონიაც არ სჩანს… ალბათ, რაიმე მნიშვნელოვანი საქმე აქვს. ეგ არაფერი, სჯობს ჯერ ექიმს ვეჩვენო, აქ კი ზეგ... ან უფრო მაზეგ დავბრუნდები. ბატონი რედაქტორიც ხომ დაბრუნდება ამ ზეგამდე?
-უეჭველად, - მიუგო მსუქანმა დავითმა, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა შეეშალა სტუმრისთვის წასვლაში ხელი თუ არა, მაგრამ ის ისე დაბეჯითებით წამოდგა, და წელში გაიმართა რომ გაჩერება ამჯობინა. ისმაილ დავითაძე ნელა, დაკვირვებითა და მტკიცედ დგამდა ნაბიჯებს.
-ჩაგაცილებთ, ბატონო, - შესთავაზა მსუქანმა დავითმა.
-არა, გენაცვალე, ჩემი გულის ამბავი ვიცი, ახლა ერთხანს აღარაფერი მიჭირს, - ისინი უკვე დერეფანში იდგნენ. დასამშვიდობებლად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ანაზდად ისმაილ დავითაძე მოუბრუნდა: - თუმცა, სანამ წავიდოდე… ჩეჩმის გზას ხომ არ მიმასწავლიდით?
მსუქანმა დავითმა დერეფნის ბოლოსკენ მიუთითა. ბათომელი სტუმარი მიტრიალდა და ოდნავი აჩქარებით გაეშურა საპირფარეშოსკენ. მსუქან დავითს გაეღიმა: \"ვერ ითმენს,\" - გაიფიქრა. კიბიდან ნაბიჯების ხმა ისმოდა. დავითი ოთახში შებრუნდა.
-კი მაგრამ, გოგოებო, სადა ბრძანდება ჩვენი უფალი მალაზონსკი? - დასჭექა როგორც კი ღრეჩოიანი კარი მიხურა.
-ალბათ, გვიანამდე წერა და იკითხა რაიმე. განა გუშინ ბოლო არ დარჩა? - გამოეხმაურა ყაისნაღიანი.
ამ დროს სახელური ღონივრად დასწიეს, კარი ღრჭიალით გაიღო და რედაქციაში ახოვანმა, შავებში გამოწყობილმა, უსიამოვნო იერსახის მამაკაცმა შემოაბიჯა.
-პოლიციის კაპიტანი ბაკუროვი ვარ. თქვენი მუშაკის ბ. მალაზონიას საკითხზე მოვედი.
-მალაზონიას? - გაოცებისგან და სიბრაზისგან პირი დააღო მსუქანმა დავითმა. დიდი თავხედი ვინმე ჩანდა კაპიტანი ბაკუროვი.
-დღეს არ მოსულა, ხომ?
-არა.
-ყველაფერი დაწვრილებით არის შესასწავლი. აბა, რომელია მისი მაგიდა?
ფიქრიანმა ქალმა ოდნავ შესამჩნევად მოჯღანა სახე.
თავი მეექვსე
წამი
იაკობ ჯაყელი ბორჯომიდან პირდაპირ სამუშაოზე არ წასულა, შინ მივიდა, ისადილა, მოწესრიგდა და ისე გაეშურა სახლისკენ, სადაც ხელნაწერები ელოდნენ. მისი სამყარო მხოლოდ წიგნებისგან, ქაღალდებისა და პერგამენტებისგან შედგებოდა. ბარე ათი წელიწადი დასჭირდა კატოს შესაგუებლად. ო, როგორ ეჭვიანობდა თავიდან. და, სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა. იმ დღესაც, ნათლად ხედავდა, რომ იაკობს ერთი სული ჰქონდა თავის კაბინეტში როდის გამოიკეტებოდა და ბორჯომში წასვლამდე ანუ ოთხი დღის წინ შეწყვეტილ სიტყვას, ღვთის წიაღს დაუბრუნდებოდა. პირველად იყო ღმერთი… და ძალიან ძნელია მთელი ცხოვრება ღმერთზე ეჭვიანობა. უბრალოდ დამარცხდები და მეტი არაფერი.
მეორე მხრივ კატო მართალი ბრძანდებოდა. ცხოვრება, ხომ ხანმოკლეა, დღევანდელ წამს ხელიდან გაუშვებ და მორჩა, მეორე ასეთი წამი შეიძლება აღარც დადგეს. ის კი არა, შეიძლება საერთოდ აღარ დადგეს მეორე წამი და ჰე, დარჩები მონატრების და მოგონების ამარა. ახლობლისთვის დროის მიძღვნას დიდი ადამიანობა სჭირდება. იაკობისთვის თითქოს ყველაფერი მარტივად იყო: კატოს თუ უყვარდა, ესე იგი ჩუმად უნდა ყოფილიყო და პერგამენტებთან განმარტოებაში მისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. იმას აღარ კითხულობდა, რომ კატოც ადამიანი იყო, მასაც სჭირდებოდა სიყვარული და თანაც ისეთი, როგორისაც თვითონ ქალს სჯეროდა. განა ყველა ადამიანი ადამიანი არ არის? მერე რა, რომ მას ღმერთთან სასაუბროდ თავისი ენა აქვს, სხვას კი არა. ისე, ახალგაზრდობაში კატო წყენას არ დასჯერდებოდა, მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა.
კიდევ კარგი გასვლის წინ ლოყაზე ამბორი არ დავიყებია. ღმერთო, რა დამღლელი ყოფილა ცხოვრება. შვილი მაინც ჰყოლოდათ.
…სწრაფად აირბინა კიბე. კოლეგებს, თუმცა კოლეგებ რა, ისე არ გამოგვივიდეს თითქოს მისი ხელნაწერების გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა, სულ სამ ადამიანს, გამარჯობა უთხრა, ბორჯომზე ნაჩქარევად, ორი სიტყვით მოჰყვა, მოკლედ ზრდილობასა და ღიმილს რამდენიმე ფუჭი წუთი შესწირა და კაბინეტის კარი მიიხურა. მასიურ მაგიდაზე გადაშლილი წიგნიდან ოთხი დღის გაწყვეტილი აზრი უმზედა.
შემდეგ საფერფლე ნამწვავებით ივსებოდა, ხოლო შორიახლოს დაყრილი ფერფლი სულის შებერვას იხვეწებოდა და კერასინიც ვერ ათბობდა კაბინეტს. ელენემ, როგორც სჩვეოდა, ცხელი ჩაი და ფუნთუშები შეუტანა. ამ გაუთხოვარ ქალს ყოველთვის მზად ჰქონდა იაკობისთვის ჩაი და სურნელოვანი ფუნთუშები, ხოლო იაკობს ყოველთვის სწამდა, რომ ეს სურნელი ნამცხვრისა კი არა ელენესი იყო.
მაგრამ იმ დღეს სხვა რამ მოხდა: ფუნთუშებმა გული კინაღამ აურიეს. \"ბევრ პაპიროსს ვწევ\" - უსაყვედურა თავს, ფანჯარასთან მივიდა, გააღო და ჰაერის დიდი ულუფა ჩაყლაპა.
მომჯობინდა. ოთახში გაიარ-გამოიარა და ისევ მაგიდასთან მივიდა. ხელი უნებლიედ კვლავ პორტსიგარისკენ წაიღო, მაგრამ მიხვდა ხელის მზაკვრობას, თავი მოთოკა და ჯიბიდან ამოღებულ საათზე დრო დათქვა, აქამდე აღარ მოვწევო.
და ისევ მეცნიერებამ ჩაყლაპა. თაროდან ორი ახალი წიგნი ჩამოიღო. ახლა, მაგიდაზე, გადაშლილი და გადაუშლელი წიგნების ტევა მართლა აღარ ჰქონდა, განა ისე, სათქმელად რომ იტყვიან ხოლმე. დიდ, გაშლილ დავთარს ემატებოდა და ემატებოდა მოწესრიგებული კაცის ხელით გამოყვანილი ჩაწიკწიკებული სტრიქონები, მაგრამ… სტრიქონებმა ვალსის ცეკვა დაიწყეს, გაცურდნენ. თვალები დახუჭა. იფიქრა, რომ გაახელდა სტრიქონები ძველებურად დაწყობილი დახვდებოდა, მაგრამ მოტყუვდა. კედელს აჰხედა. ისიც, რაღაცნაირად დაბრეცილიყო.
\"ალბათ, მგზავრობამ დამღალა\"
ჯობდა ქუჩაში გასულიყო და ცივ ჰაერზე ცოტა გაესეირნა. ხელნაწერები კი უარზე იყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა მოეცადათ. ჯარისკაცივით გაჭიმული საკიდიდან ზამთრის სამოსი ჩამოიღო და კაბინეტიდან გავიდა.
-ელენე, ცოტა ხნით უნდა გავიდე.
ქალს გაფითრებული ეჩვენა.
-შეუძლოდ ხომ არ ბრძანდებით, ბატონო იაკობ?
-არა, ახლავე დავბრუნდები.
ჩასვლისას კიბე უფრო გრძელი დაუხვდა, ხოლო საფეხურები მაღალი. ქუჩაში გავიდა. ასეთი უსიცოცხლო ქუჩა არასდროს ენახა, რამდენიმე გამვლელიც კი უფრო ჯადოთი ამოძრავებულ გვამს ჰგავდა, ვიდრე სულიერს. მარცხნივ გაუხვიოს თუ მარჯვნივ? მარჯვნივ გაუხვია, მაგრამ გაჩერდა. უცხო შფოთვა და თრთოლვა მოსძალებოდა. შემოტრიალდა და დაბნეული ნაბიჯით ახლა საპირისპირო მხარეს გაეშურა.
-ბატონო იაკობ, ამობრძანდით, - დაუძახა ელენემ ამ ყინვაში გაღებული ფანჯრიდან.
ელენეს დაძახილი არ გაუგია, გაშტერებული იდგა და თან სად? სწორედ იმ სადარბაზოს წინ, რომლიდანაც წეღან გამოვიდა, რომელშიც კიბეს ზევით აჰყავდით და იქ, ერთ ოთახში თავიანთ დირიჟორს სტრიქონები ელოდებოდნენ.
იაკობი რაღაც უჩვეულოს ხედავდა: მის პირდაპირ, ხესთან ვიღაც იდგა. ორი ნაბიჯი გადადგა უკეთ რომ დაენახა.
-ბატონო იაკობ, ამობრძანდით! - ელენეს ხმაში უკვე ნამდვილი შფოთვა იგრძნობოდა.
კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ახლა ნათლად ხედავდა, რომ წელსზევით შიშველი ახალგაზრდა, რომელსაც თვალისჩინი არ ჰქონდა.. არა, საერთოდ თვალის გუგები არ ჰქონდა.. არა, არა, სახეც კი არ ჰქონდა, მშვილდისარს უმიზნებდა. იაკობს ააძაგძაგა. გარშემო ყველაფერმა ცურვა დაიწყო.
-დასწიე მშვილდისარი! - მეტი ვეღარაფრის თქმა მოასწრო. ის კი არა, სადარბაზოდან სწორედ ამ დროს გამოვარდნილ ელენეს ესეც არ გაუგია. ბოლო, რაც იაკობ ჯაყელმა დაინახა მისკენ გამოფრენილი ისარი იყო, რომელსაც წამიც არ დასჭირვებია.
თავი მეშვიდე
ოთახში სანთელი ენთო
იმ ღამით, უკარო ოთახის აივნიდან შუა ღამეში, რომ გადაეშვა, საით გარბოდა თავად არ იცოდა. თავქვე ეშვებოდა. ქუჩები ეცნობოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ტფილისისანი იყო, ჩაკლაკნილი. ძაღლებიც ჩვეულებრივად, ტფილისურად უყეფდნენ. ირბინა თავქუდმოგლეჯილმა, ირბინა და რომ გაიოფლა და შედგა, თავი ნაცნობ ადგილას, დუქან \"ავოესთან\" იპოვნა. გათენებამდე დიდი დრო იყო.
პიჯაკი შეიკრა, საყელო აიწია. აქედან გზა კარგად იცოდა. ამქვეყნად თავისი დასასრული, ხომ ყველაფერს აქვს და ალბათ, სიგიჟესაც ექნება _ შინ მივა, საწოლში ჩათბება და ამ ოპერის დასასრულიც ეგ იქნება. \"ავოედან\" შორს არ ცხოვრობდა.
სიცივეს ჩქარი ნაბიჯით გაურბოდა. დარწმუნდა, რომ არავინ სდევდა. წუთში მიხეილის ქუჩაზე ჩავიდა, რედაქციასთან გადაკვეთა და დაბლა, მტკვრისკენ განაგრძო გზა. აქ ყველანი მშვიდად იყვნენ, ხეებიც, სახლებიც და ძაღლებიც. პირდაპირი ქუჩიდან მარცხნივ შეუხვია. აქ იყო მისი სახლი, ორი წლის წინ ადიდებულმა მტკვარმა მთვრალი კინტოს მუცელს რომ დაამსგავსა, ისე დაუგრიხა კედლები.
მიუახლოვდა და გაჩერდა. მოეჩვენა თუ რა ჯანდაბა იყო, მის ფანჯარაში თითქოს სანთლის შუქი დაცურავდა. დაიცადა. არაფერი! ნაბიჯი გადადგა და ისევ. იქ, ვიღაც იყო.
სხეული დაეჭიმა, ტანი დაუკითხავად მიტრიალდა, ფეხები გასაქცევად მოემზადნენ, გულმაც სიჩქარე ურჩია, მაგრამ გონებამ არ გაუშვა.. ისევ სახლისკენ მიბრუნდა, სამი ჩუმი ნაბიჯით კედელს მიეკრო და ჩაცუცქდა. ასე, ჩაცუცქულმა ქვემოდან ჩაუარა ვაროს ფანჯარას და თავისი ფანჯრების ქვეშ მოექცა.
იქნებ, გაბედოს და წამოიმართოს? ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ მის ოთახში მართლაა ვიღაც. ერთხანს იყოყმანა, მერე კი მართლა გაბედა, წამოდგა და ოდნავ გვერდულად შეიხედა ფანჯარაში. ბნელოდა. ფარდა ან რამე ხომ არ ეფარება?
უცბად, კედელს მიახმა. სუნთქვა შეიკრა. გაქცევას და ხის უკან ამოფარებას კი არა კვლავ ჩაცუცქებასაც ვეღარ ასწრებდა. ერთადერთი ხსნა შეკრული სუნთქვა და ღამე იყო. ბედს უნდა ეხსნა. ისიც, თუ მისკენ წამოვიდოდნენ, პირდაპირ შეეფეთებოდნენ და მაშინ ბედიც ვეღარაფერს უშველიდა. როგორ შერცხვებოდა ბედი? თავისი ბედი თუ იხსნიდა ამ სირცხვილისგან _ როგორ, ბედი ხარ, მოინდომე და კაცს ვერ დაეხმარე…
მისკენ არ წამოსულან, ღამემ იქით, მარჯვნივ გაიტყუა. ორნი იყვნენ, ერთი ბრგე და მეორე ჩია, კაფანდარა. ხმა არ ამოუღიათ. არც ქურდებივით გაძურწულან, გამოვიდნენ სახლიდან და გაუყვნენ გზას. ჩუმად, ფრთხილად, მაგრამ მაინც სხვანაირად.
ვინმე არ ჰყავდეთ ოხრებს დატოვებული _ ხომ შეიძლება, დაბრუნებას აპირებდნენ. კიდევ დაიცადა რამდენიმე წუთი, ღამეს და ოთახს ყური დაუგდო. ჩამიჩუმი არ ისმოდა. შემდეგ წამოდგა, ფანჯარაში მეტი სითამამით შეიხედა, ცოტა შეაღო კიდეც და დარწმუნდა, რომ იქ არც სანთელი ენთო და არც ვინმე ბრძანდებოდა ჩამალული. ფეხაკრეფით შემოუარა სახლს, სამსაფეხურიან კიბეზე ავიდა, საერთო დერაფანს გადაუორნაბიჯა და ის იყო თავისი ოთახის კარს უნდა შეხებოდა, რომ კვლავ ტანში გააცივა _ უკნიდან ნაბიჯის ხმა უალოვდებოდა. თავის მიტრიალება ძალიან დიდ გმირობას ნიშნავდა, მაგრამ… სულ ერთი წამით, რადგან მეორე წამს უკვე ზუსტად იცოდა ვისი ნაბიჯის ხმაც ესმოდა და სიტყვაც იქვე დაეწია
-ეეე, ჯაელობა არ გასვენებს, აი.
ეს იყო ბებერი, მსუქანი, ბუზღუნა, მუდამ ეჭვებით სავსე და ყველაფერში ხელის შემშლელი, მაგრამ იმ წუთას საყვარელი, საყვარელი და კიდევ ერთხელ საყვარელი ვარო.
-ვაჰ, ვარო ბაბო, რამდენი ხანია არ მინახვიხარ, აი. შენ დაილოცე.
ვარომ ბუზღუნით უქცია გვერდი და საპირფარეშოში შევიდა.
კართან დარჩენილმა ჩაიცინა, მაგრამ თმაც გადაიწია, ცხვირი მოისრისა და შარვლის ჯიბიდან გასაღები ამოიღო. კიდევ კარგი გასაღებს პალტოს ჯიბეში არასდროს იდებდა, თორემ მიეილის ქუჩაზე მორიელებისთვის ექნებოდა დატოვებული.
გულუბრყვილო ყოფილა, როგორც ვარო იტყოდა ჰარიფი. გასაღები აბა, რად უნდოდა, ჩაავლო თუ არა სახელურს ხელი კარი თვითონ გაიღო. ფრთხილად შევიდა. ოთახში ბნელოდა. რაღაცას დააბიჯა, კინაღამ წაიქცა. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. დაიხედა, მაგრამ თავიდან ვერაფერი გაარჩია. შემდეგი ნაბიჯიც თარსი გამოდგა, ისევ რაღაცას წამოედო. რის ვაივაგლახით მიაღწია მაგიდამდე, სადაცასანთი ეგულებოდა.
იპოვნა, გაჰკრა, აანთო. შემდეგ ლამფაც აალაპლაპა.
ოთახი ოთახს აღარ ჰგავდა, ყველაფერი იატაკზე ეყარა, მაგარიცა და რბილიც, ქაღალდიცა და ჩაიდანიც. კედლის ღუმელიც კი გამოეშიგნათ. კარადის უჯრაში ოცდახუთ მანეთს ინახავდა, მაგრამ უჯრა კარადაში აღარ იყო და შიგ ოცდახუთი მანეთი დარჩებოდა?
შიგ არა, მაგრამ კარადის დაბლა, იატაკზე, პირსახოცი ეგდო და მის ქვემოდან უძახდა თუმნიანის კუთხე. ოთხზე დადგა, გაქექ-გამოქექა და ოცდახუთივე მანეთი იპოვნა. შემდეგ წამოდგა, ფული საგულდაგულოდ მოკეცა, ჩაიჯიბა და ბოლოჯერ მოავლო ოთახს თვალი.
\"კი, მაგრამ ვარო? ვარო ხომ ნიადაგ უძილობას უჩივის და, რომ ჩასძინებოდა კიდეც აი, ამ ყველაფერს უხმაუროდ ვინ შეძლებდა?\" - გაუნათდა უცბად გონება.
ვარო… ვარო…
ისევ დერეფანში გავიდა, ლამფა მაღლა ასწია, იქაურობა ფრთხილი მზერის ჭავლით დაფარა და დერეფნანში რამდენიმე წლის წინ გაგდებულ, უკვე არავის ტახტზე ვარო დაინახა. ის მონჯღრეულ საწოლზე ღამის პერანგის ამარა გათხლაშულიყო და ხვრინავდა. ხალათი ტანიდან ჩამოსძრობოდა, იატაკზე დაფენილიყო.
მიუახლოვდა, გაოცებით დახედა, მხრები აიჩეჩა: \"რა ოხრობამ ჩააძინა ასე?\" მაგრამ, უნდა ეჩქარა კიდეც და გასასვლელისკენ გაეშურა. ბოლოწამს მაინც გაჩერდა, ვაროსთან დაბრუნდა და შეაჯანჯღარა. ქალმა ვერაფერი იგრძნო.
\"ჯანდაბა და დოზანა!\" _ რის ვაივაგლახით შეუდგა მძიმე სხეულს მხარი. ნაბიჯებს გაჭირვებით დგამდა. ოთახში შეაღწია, საწოლამდე მიიტანა, დააწვინა და საბანიც კი წააფარა _ სიცივე ღამით ძვალსა და რბილში ატანდა.
ქუჩაში ძლიერ ააკანკალა. კედელ-კედელ მიდიოდა სილოვანის სახლისკენ. ძმაბიჭია, დაეხმარება, გაათბობს მაინც. სილოვანი დედასთან ერთად შორიახლოს ცხივრობდა.
აი, ეზოც. შუაში ონკანი. აივანს მიუახლოვდა და მეზობლები რომ არ გაეღვიძებინა ჩუმად დაიძახა
-სილოვან!
მერე ისევ
-სილოვან!
კარი გაჩხაკუნდა. პირველი სართულის აივანზე შალმოსხმული უძილო ხანშიშესული ქალი გამოვიდა.
-რომელი ხარ, შვილო?
-ბოდიში მომითხოვია, ტასო დეიდა, სილოვანს სძინავს?
-სილოვანი შვილო თელავშია, კიდევ ორი დღე არ ჩამოვა. შენ რომელი ხარ, აბა?
მაგრამ, მარო დეიდას ბოლო სიტყვები პიჯაკისამარა ლანდის მოწიწებულ გამოთხოვებაში ჩაიკარგა. ისე კი რიჟრაჟი უკვე თამამდებოდა, გავიდოდა კიდევ ასე ეთი საათი, ან თუ გვეშლება ბოდიშს ვიხდით, უფრო მეტი და მტკვრისპირა სახაშეები პირველ ოხშივარს გამოუშვებდნენ.
არა, არ შეგვშლია, ერთ საათში უკვე ცხელი ხაშით და სირჩა არყით ცდილობდა შიგნის გატბობას, მაგრამ გონებას მომავალი გრძელი დღე ესახებოდა და ზედ იმასაც ხვდებოდა, რომ მისებრ გამზრალს ხაში და არაყი ყინულეთიდან ვეღარ გამოიყვანდა.
მერე, დღე რომ გათენდა, ღამეზე ცივი გამოდგა. მტკვარს გაუყვა სარეცხის თოკს ქვეშ შესაყუდებელი ჯოხივით აწვრილებული. ბორნის ცდაში აბუზული გლეხების დანთებული კოცონი დაინახა და ჩამოუჯდა. დრო, რომ მოუვიდათ გლეხები ბორანს გაყვნენ, ის კი მდინარის პატარა ტალღებს აყოლებდა თვალს და უაზროდ იმეორებდა: \"რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა მოვიფიქრო.\"
შუადღისას ერთ უგვან დუქანში მოითქვა სული, მერე ისევ ბინდი წამოვიდა და…პირველი მორიელიც გამობობღდა ქვეწარმავალთა სახელმწიფოდან.
მეორე ჯიბიდან ამოიყვანა, მესამე _ სახელოდან. შემდეგ, თანდათან გამოვიდნენ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ძმანი მათნი წყეულნი. ის იგრიხებოდა, ხელებს ტანზე დაუნდობლად იცემდა, ფეხებით მიწას სრესდა, ერთი ადგილიდან მეორისკენ გარბოდა. სადღაც, ქვეწარმავლებმა მის გარშემო წრის შეკვრა სცადეს. ბოლოს იღრიალა და გიჟივით გაიქცა.
თავი მერვე
მწვანეპალტოიანი კაცი
მოუცლელი კაცი იყო ცხონებული ევგენი ენიკალოპოვი. აკი ვთქვით, სალონი ვორონცოვის მოედანთან ჰქონდა და დღე ისე არ გავიდოდა ვინმე მოქალაქე ან ვინმე მოქალაქე ოჯახითურთ არ შესულიყო სურათის გადასაღებად. ამას თავად განსვენებულის ხელოვანებასაც თუ დავამატებთ, გასაგები გახდება რატომაც აცხოვრებდა ცოლ-შვილ-შვილიშვილს კარგა ლამაზად, მაგრამ მტკვარმა წაიღო სიცოცხლეცა და შემოსავალიც.
შვილსა და სიძეს კი ფოტოგრაფიისა არაფერი გაეგებოდათ და სალონის გაყიდვას ფიქრობდნენ. იოლადაც ნახეს მუშტარი _ ნათესავს მისცეს ისეთ ფასად, არც მწვადი რომ დაიწვა და არც შამფური, ხოლო ეს ნათესავი სწორედ ის კაცი გახლდათ ფოტოგრაფის დაკრძალვაზე პროფესორ ლაშხს, რომ ემასლაათებოდა.
გაეგებოდა ნათესავს ფოტოგადაღებისა რამე? ცოტა კი და ბევრი არა, მაგრამ უკეთესი საქმეც არ ეგულებოდა. ერთი ყმაწვილი სომეხი თანაშემწედ ჰყავდა შეგულებული, მასთან ერთად ვარაუდობდა ენიკალოპოვის საქმის გაგრძელებას და ის ამბავიც, სალონის თავისზე გადმოწერა მალე რომ მოაგვარა კარგად ენიშნა. ერთადერთი, განსვენებულის მეუღლე სჩიოდა, სანამ ყველაფერს გაუყიდდით კაცისთვის ჯერ გაციება გეცლიათო, მაგრამ ყური, რა თქმა უნდა, არავინ დაუგდო. ასე და ამგვარად, ნათესავმა ენიკალოპოვის შვილს სალონის გასაღები გამოართვა და ვორონცოვის მოედნისკენ გაეშურა. რაღასთვის ეცადა? მოედნიდან წუთის სავალში კი აბრა იყო: \"ფოტო ენიკალოპოვ\", რაც მხოლოდ იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ ნათესავს ჯერ კიდევ ხარჯი უნდა გაეღო. აბა, ასე ხომ არ დატოვებდა.
კართან მისულმა ჯიბე მოიჩხრიკა, გასაღებების რამდენიმე აცმა ამოიღო, ერთი აარჩია, მერე ამ აცმიდან ცხონებულის გასაღები გამოჰყო, კლიტეს მოარგო და გადაატრიალა. როგორც იმთავითვე ფიქრობდა ფარდებს გადაწევდა და სამფლობელოს დღის შუქზე უკვე პატრონის თვალით შეხედავდა, მაგრამ…
სალონში ეტყობა ჯოგმა გაირბინა და მერე უკანაც გამოირბინა. თავიდან ცოტა ხნით დაიბნა, მერე გონებას წიხლი მიაჭირა და გაიხსენა, რომ წინა დღეს მან და ენიკალოპოვის სიძემ იქაურობა ჩაწიკწიკებული დატოვეს. მართლაც, მოწესრიგებული ადამიანი ბრძანდებოდა განსვენებული ევგენი, წასვლით კი წავიდა იმქვეყნად, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი დალაგებული და მოგვარებული დატოვა. მაშ, გამოდის, რომ ქურდები ყოფილან. ალბათ, გაიგეს, რომ სალონის პატრონი გარდაიცვალა და მიჰბედეს. კარი მიხურა, ქუდი მოიხადა და ხელები თეძოებზე დაიკრა, იმ არეულობას რა მოუვლიდა.
-ერიჰა! - მოესმა უკნიდან.
ნათესავი მიტრიალდა. ზღურბლთან მწვანეპალტოიანი კაცი იდგა სასაცილო, მოკლე ულვაშით. ხელში დიდი ჩანთა, თუმცა უფრო ჩემოდანი ეჭირა. თვალებს აცეცებდა.
-თქვენა ბრძანდებით ამ სალონის პატრონი?
-დიახ… ახალი. წინა პატრონი გარდაიცვალა. თქვენ?..
კაცი ოდინდელი პიჟონის ნაბიჯით მიუახლოვდა ენიკალოპოვის ნათესავს. სადღაცაურობა ეტყობოდა.
-მე ცხონებული ევგენის ბავშვობის მეგობარი, ევსტაფი ქსენოპულოსი ვარ. გუშინ ჩამოვედი სევასტოპოლიდან და სამწუხარო ამბავიც დამახვედრეს. აქედან მინდა ევგენის ოჯახს ვეწვიო, მივუსამძიმრო, საფლავი ვკითხო და იქ წარსულს თავი დავუხარო. მაშ თქვენ…
-მე გარდაცვლილის ნათესავი ვარ, - მიუგო ნათესავმა, - საფლავს, თუ გნებავთ, თავადაც გეტყვით სად არის.
ოდინდელმა პიჟონმა პასუხის ნაცვლად იავარქმნილ სალონში თავის კანტურით გაიარ-გამოიარა და \'ნწ, ნწ, ნწ იძახა.
-ეს, ნამდვილად სადმე ახლოს მცხოვრები არამზადის ჩადენილი იქნება. ღმერთო, რამდენი ბრიყვი დაგიგროვდა დედამიწაზე. აბა, ამის ჩამდენს, ეხლა, ფოტოსაქმისა ხომ არაფერი გაეგება, ისაც არ იცის ეს რამე და რუმე, აქ, რომ აწყვია, საჭმელია თუ სასმელი და სალონსა სტეხს, რაღაც ხეირისას ეძებს, თანაც კიდევ ამ ძებნაში ყველაფერს ყირაზე აყენებს. დახეთ, დახეთ რა უქნია, სულ ფირებით მოუვსია იატაკი. აი, რეგვენი! ფირი, რომ არც ოქროსია და არც ვერცხლისა, არ უნდა სცოდნოდა?
ნათესავმა ახლი თვალით დახედა იატაკს და დაინახა, რომ სხვა ნივთებზე გაცილებით მეტი სწორედ ფირები და თვითონ ფოტოები ეყარა.
-პირველი ევროპიელები, - განაგრძობდა ქსენოპულოსი, - ამერიკის ინდიელებს ოქროში უბრალო რამეებს უცვლიდნენ. ფირი… ვაი, ტფილისელ ქურდ-ბაცაცებს, უნახავი ნივთი უნახავთ და დახარბებულან, ევგენის ხსოვნას კი შეურაცხყოფა მიაყენეს. იცით, ეხლა, რა მომაგონდა? მე და ჩვენი ევგენი პატარები რომ ვიყავით მახინჯმა ჟორამ ჭორი დაჰყარა ახალი ბოთლების ჩამოსაცობებში ვერცხლი ურევიაო და ბალღებსაც მეტი რა გვინდოდა, მთელ ქალაქში დავრბოდით, ნაგავს ვაგროვებდით. ეჰ, ჩემო კარგო, რა ხანია ამ თქვენს ტფილისში ფოტოგრაფირება ჩამოვიდა და დასახლდა, მაგრამ ხალხს კარგა ხანს ვერაფერი გაეგო და ვაი, თუ ბევრი დღემდეც ვერ მიმხვდარა რა ხდება და საითა ბრუნავს საათი. ეშმაკის მანქანააო, ფირფიტებში ოქროს ძაფებს მალავენო…
ენიკალოპოვის ნათესავმა პალტო გაიხადა და კართან, საკიდზე გაღიზიანებულმა ჩამოჰკიდა.
-ბოდიშს კი გიხდით, ბატონო ჩემო, მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეში ვარ? ეს ყველაფერი უნდა ავალაგო.
ამაზე მწვანეპალტოიანმა უცნაურად გააქნია ხელი, მერე მისკენ გაემართა, წინ დაუდაგა და ჯიბრით მიუგო
-იცით, რას გეტყვით? ასაკით უფროსი რომ ვარ ცოვრებისაც ცოტა მეტი გამეგება. მერე, ჩემი ევგენის ნალოლიავებ რამეებს ეგრე დავტოვებ? ამ ყველაფერს მე აგალაგებინებთ, თან დროც მაქვს. ხომ იცით მონდომებულ ხალს ყველაფრის დრო აქვს, გემრიელად ცხოვრების გარდა. ამიტომ, მისმინეთ და მე, რასაც გეტყვით ისე გააკეთეთ: განსვენებული ევგენი წესისა და რიგის მოყვარული კაცი იყო, ეჭვი არ არის, რასაც აქ დაყრილს ჰხედავთ, დახარისხებული და ჩამოწერილი ექნებოდა. გამიგეთ, ხომ?
-ვერა.
-ჯერ მაცალეთ, რა, გითხრათ. მოკლედ, აქ სადმე აუცილებლად იქნება ჩემი მეგობრის, ევგენი ენიკალოპოვის დავთარი, სადაც უთუოდ ნახავთ ჩამოწერილს, რომელო ფირი და რომელი ფოტოგრაფია, რომელი კარადის რომელ უჯრაში, რომელ ადგილას უნდა იდოს. აი, ასე. ეხლა ხომ გამიგეთ?
ქსენოპულოსის ქცევითა და მსჯელობით გაბრუებულმა ენიკალოპოვის ნათესავმა სალონში დაკვირვებით მიმოიხედა და გაოცდა. ყბედი მართალი უნდა ყოფილიყო, ფოტოებიცა და ფირებიც გამოშიგნული კარადების მოგრძო უჯრებიდან უნდა ყოფილიყო ამოყრილი. მწვანეპალტოიანი გამარჯვებულის სახით უყურებდა.
-მიდით, მიდით ჩემო კარგო. დროს ნუღარ დაკარგავთ, დავთარი ეძებეთ. \\ტან ერთსაც გეტყვით და დაიმახსოვრეთ, გირჩევთ ევგენის დანატოვარი რამეებიდან არაფერი გადაგდოთ. აბა რა იცით, რა დროს მოგაკითხვთ ვინმე მოქალაქე, აქა და აქ გადაღებული ფოტო მინდა, ამდენსა და მდენს გადავიხდიო. თანაც, ყველაფერს ნახავთ, დააკვირდებით, ისწავლით. ჩემი მეგობარი ევგენი ის კაცია, ვინც იმ ქვეყნიდანაც ბევრს ასწავლის ადამიანსა. იქითა ოთახშიც ნახეთ, აი, იმ კარადაშიც და მაგიდის უჯრებშიც.
სტუმრის ქაქანს ბოლო არ უჩანდა, მაგრამ მართალიც გამოდგა. რამდენიმე დავთარი მართლაც ეგდო ამოყირავებულ სავარძელს და რაღაცის ჩარჩოს ქვეშ.
-აი, - შესძახა ენიკალოპოვის ნათესავმა და დავთრები უნებლიედ ქსენოპულოსს გაუწოდა, მან კი ისინი დიდი ნაჩალნიკის იერით გამოართვა, ზეზეულად სათითაოდ გადაფურცლა და ქვედა ტუჩი გამობზიკა.
-გასაგებია, - თქვა ბოლოს, - დახეთ ერთი, როგორ დაულაგებია ყველაფერი.
სალონის ახალ პატრონს არაფრისთვისაც არ დაუხედავს, სიტყვის უთქმელად მისჩერებოდა.
-ესე იგი, უჯრა ნუმერი ერთიდან უჯრა ნუმერ თხუთმეტამდე ზაკაზებია, - განაგრძო ოდინდელმა პიჟონმა, - მაგრამ, ეგეც ორ ნაწილად იყოფა. პირველიდან ექვსის ჩათვლით სალონში გადაღებული მოქალაქეების ფოტოგრაფიებია, ექვსიდან თოთხმეტის ჩათვლით კი ქორწილები და ღმერთმა ყველას, რომ აშოროს ისინი. კარგი, ეხლა აქეთ ვნახოთ რა ხდება: თოთხმეტიდან ოცდაათ ნუმრამდე სულ ტყე-ღრე, სოფელი, ნასოფლარი და ეგეთი ამბავია. მერედა, თარიღები გნებავთ? აი, ბატონო! მაგალითისთვის უჯრა ნუმერი ერთი, პირველი ფირი: 1914, მარტი-ივნისი. გადაღებულნი ბრძანდებიან მოქალაქენი ფ.ნაკაშიძე, პოღოს აირაპეტიანი ოჯახითურთ, სამსონ გუროშვილი და ეგრე შემდეგ.
ენიკალოპოვის ბავშვობის მეგობარი ისეთი გატაცებით კითხულობდა უცნობი ადამიანების სახელებსა და გვარებს, გეგონებოდათ ამ კაცისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომელიმე მათგანი მართლა არსებობდა თუ არა. შემდეგ დაიხარა, ფეხწინ დაგდებული პირველივე ფირი აიღო აიღო და დააკვირდა.
-აი, ფირი ნუმერი ოცდასამი და ოთხი. მაშ გამოდის, რომ ეს, ოცდამესამე უჯრაში მეოთხედ ედო ჩვენს ევგენის. აბა, ეხლა დავთარშიც შევამოწმოთ. ოცდასამი… აი! არა, ეს კი არა, აი, ეს! დაიცა, ერთიც შევამოწმო…
ბოლოს, როგორც იქნა ყველაფერი შეაჯერა, შეადარა და წაიკითხა
-უჯრა ნუმერი ოცდასამი, ფირი ოთხი, 1915, აგვისტო 7-18. ფშავი, ბუნება და იქაურთა სახლები. ეხლა ფირსაც დავხედოთ და… ეგ არის!
ენიკალოპოვის ნათესავმა ქსენოპულოსის გამარჯვებულ გამომეტყველებას, რომ შეხედა, მიხვდა, ფირზე სწორედ ის იყო აღბეჭდილი, რაც მწვანეპალტოიანმა ოდინდელმა პიჟონმა დავთრიდან ამოიკითხა. ერთი სიტყვით თავი და ბოლო ერთმანეთს ებმებოდა.
-მადლობელი ვარ, ბატონო.
-რის მადლობა, ჩემო კარგო, რის მადლობა. მე ევსტაფი ქსენოპულოსმა საბრალო ევგენი ენიკალოპოვის ნივთები ასეთ დღეში დავტოვო? როგორ გეკადრებათ! საქმეს გადაუდებლად უნდა შევუდგეთ. გვერდიდან არ მოგშორდებით და ყველაფერს ბოლომდე მიგაყვანინებთ. თქვენ ნურაფრისა შეგეშინდებათ. ის კი არა და აჯობებს ამ ყველაფერს თუ გავინაწილებთ. აი, მაგალითად ნუმრებს თოთხმეტიდან ოცდაათამდე მე მივხედავ, მანამდე კი თქვენი იყოს.
-მაგრამ…
-მაგრამ არაფერ შუაშია. ევგენის ხსოვნას სჭირდება ასე, ოღონდ, გენაცვალე, რამე დაანთე, თორემ ძვლები გამეყინა.
ენიკალოპოვის ნათესავი ისევ დაემორჩილა. დიხ, ქსენოპულოსი ყბედობით ტვინს უჭამდა და თავსაც ატკიებდა, მაგრამ არეული სალონის შემყურე ყველაფერზე თანახმა იყო. ხოლო, სანამ აგი ოთახს ათბობდა მწვანეპალტოიანმა ერთხელაც დაკვირვებით ჩახედა რომელიღაც დავთარს, შემდეგ იმ თავისი მწვანე პალტოს გაუხდელად დაიხარა, სალონის ახალი მეპატრონის გასაკვირად ოთხზეც კი დადგა და ფირების აკრება დაიწყო. ძალიან დიდი მეგობრობა უნდა ჰქონოდა განსვენებულთან _ ერთი სული ჰქონდა სამყაროს როდის დაულაგებდა. ქსენოპულოსი ბუტბუებდა
-ნუმერი ჩვიდმეტი. აჰა, მეხუთევ, ხომ გიპოვნე. ძალიან კარგი. ეს რაღაა? არა, ბატონო, ეს ჩემი არ არის. მაშინ, ნუმერი… ნუმერი ოცდასამი.
ოდინდელი პიჟონი ასაკთან შედარებით მკვირცხლი სჩანდა. ჯანმრთელი და ჯან-ღონით აღსავსეც უნდა ყოფილიყო. კარგა ხნის ჩაცუცქული მუხლში, უცბად, ისე გაიმართებოდა, ენიკალოპოვის ნათესავის მოწონებული. მისი შემყურე სალონის ახალი პატრონიც სხვანაირ იშტაზე მოვიდა.
დაახლოებით ორ საათში, ან შეიძლება ცოტა ნაკლებშიც, ოთახი ოთახს დაემსგავსა. ერთი-ორი რაღაც თუ ეგდო იატაკზე, მაგალითად სამელნე, გატეხილი სათვალე და ერთი ჯერაც დაყირავებული სკამი, თორემ ისე ყველაფერი გულის გასახარად გამოიმზირებოდა. ქსენოპულოსიცა და სალონის ახალი მეპატრონეც ფეხზე იდგნენ, აქა-იქ დათხვრილ ტანსაცმელს იბერტყავდნენ და იღიმებოდნენ. მერე მეპატრონემ ყურის ბიბილო მოისრისა, ეთქმეინებოდა
-ვფიქრობ და ვერ გამიგია რა წააყოლეს ქურდებმა ხელს. ისაც კი ვიფიქრე, ცხონებულ ევგენის ვინმე ხომ არ მტრობდა და პატარა გული სიკვდილის მერე მისი სალონის დარბევით ხომ არ მოიფხანა, მეთქი. იქნებ ცოცხალს რასაც ვერ უბედავდა, მკვდარს გაუბედა, ჰა?
-ევგენი და მტერი? თავად თქვენ ხომ არა გმტრობთ ვინმე?
ენიკალოპოვის ნათესავმა მტკიცედ გააქნია თავი.
-მაშ, ერთხელაც კარგად უნდა დასძებნოთ ყველაფერი. მე ვერ ვხვდები რა უნდა წაეღოთ არამზადებს, რადგან არც ვიცი რა ჰქონდა ჩემს მეგობარს ფასეული. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, ჩემო კარგო, ყველაფერი. შეიძლება ვინმე ეჭვიანი ქმარი ეძებდა ცუღლუტი ცოლის ფოტოსა. ბევრიც სხვა რამე შეიძლება ყოფილიყო.
ენიკალოპოვის ნათესავმა მხრები აიჩეჩა
-ერთი ფირიც კი არ აკლია.
პასუხად ქსენოპულოსმა უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ისე, თითქოს სალონის პატრონს რომ არ ეხსენებინა, არც იტყოდაო
-ფირი ერთი აკლია. ნუმერ ოცდამეათე უჯრაში მეცამეტე ფირფიტა არ დევს.
ენიკალოპოვის ნათესავი მითითებულ ადგილას მივიდა, ცარიელ ადგილში მზერა ჩაჰყო და მაგიდაზე დადებულ დავთარს დასწვდა.
-დავთარში კი, ჩემო ბატონო, ბოლო ფურჩელი აკლია. - ჩაიდუდღუნა მწვანეპალტოიანმა.
სალონის პატრონმა დავთარი ხელში ატრიალა, გადაშალ-გადმოშალა, რაღაც ამოიკითხა და ბოლოს ხელი ჩაიქნია
-შეუძლებელია აქ ვინმე ტყისა და ღრის ფოტოსთვის მოსულიყო. აი, უჯრას რა აწერია: მიტოვებულ მონასტერთა შემსწავლელი ექსპედიცია. 3-14 სექტემბერი 1915 წელი. ახალია, რამდენიმე თვის წინანდელი.
ქსენოპულოსმა გაიღიმა
-იმიტომაც გეუბნებით, რომ დაკარგული ნივთი, თუ ასეთი მართლაც არის, სადმე სხვაგან უნდა მოიძიოთ. ან იქნებ, ცხონებული ევგენი, სულაც ოჯახისგან უჩუმრად ფულს აგროვებდა თავისი ფოტოგრაფიული საქმისთვის და ეს ამბავი ქურდ-ბაცაცებმა შეიტყეს? ეჰ, ეჰ. ახლა ამას აღარც კი აქვს მნიშვნელობა. კაცმა არ იცის ვის რა ბოლო გველის. მართლა, რამ მოჰკლა ჩემი ბავშვობის დოსტი, ავადმყოფობდა?
-სათევზაოდ წავიდა და მტკვარში დაიხრჩო.
-ვაჰ! სათევზაოდ?
-აბა! თქვენც ეგ გაიკვირვეთ, არა? არა, აი, თქვენ და ევგენი, ხომ ბავშვობიდან ერთად მობრძანდებით და აბა, გაიხსენეთ, ოდესმე ჰყვარებია თევზაობა?
-ვაჰ! ვაჰ! - ქსენოპულოსმა თავი გააკანტურა.
-აჰა! აი, ხომ ხედავთ. ბედისწერაა ყველაფერი და ეგ არის.
-ბედისწერა, ბედისწერა…- ქსენოპულოსმა ღრმად ამოიოხრა, - კი მაგრამ, რას ამბობენ, რატომ მოუნდა სათევზაოდ წასვლაო? ბოლოწამს ვინ იყო საბრალოს გვერდით?
-არავინ. არც არავინ იცის, რა მოხდა. აქედან, უცბად გაბრუნებულა შინ, სამოსი გამოუცვლია და მტკვრისკენ გაუწევია. გახსენებაც კი შესაზარია.
მწვანეპალტოიანმა წაქცეული სკამი გაასწორა და მძიმედ ჩამოჯდა.
-ვახ, ოხერო სიკვდილო, სად ჩაუსაფრდები ხოლმე კაცს. ამას ვინ იფიქრებდა. კაცი თავის საუბედუროდ დასჩვევია-ღა თევზაობას. არა, ოჯახში უნდა მივიდე, ოჯახში. უნდა ვიკითხო რამე ხომ არ უჭირთ. იქნებ რამე სჭირდებათ.?
სალონის ახალმა პატრონმა დოინჯი შემოირტყა
-არა, საჭირო რა უნდა იყოს. იქ არა ვარ ყოველ დღე? ერთადერთი… საფლავის ქვაზედ წარწერას ვინმე ცოტა იაფად რომ აკეთებდეს კარგი იქნებოდა. იქნებ ნაცნობობა გყავთ…ეგ საქმე მე მაბარია.
ოდინდელმა პიჟონმა მხარზე ხელი დაადო
-ვიცნობდი ერთ კაცს ელიაზე, მაგრამ, დიდი ხანია აღარ შევხვედრივარ. დღესვე გავაგზავნი ჩემს დისშვილსა და ვნახავ. იქნებ აღარც იყოს ცოცხალი. არც მაშინ იყო ჯეელი და ეხლა რა ვიცი, აბა… თუ ცოცხალია და კიდევ ხელობაზე დგას, თქვენ გენაცვალოთ ევსტაფი ქსენოპულოსის თავი.
სკამზე მძიმედ ჩამომჯდარი მწვანეპალტოიანი მძიმედვე წამოდგა, თავის დიდ ჩანთას ხელი მოჰკიდა და სიტყვის დაუმატებლად გავიდა სალონიდან.
-ღმერთო ჩემო, მტკვარში დაიხრჩოო, - მოისმა გასასვლელიდან.
სალონის ახალმა პატრონმა კარამდე მისდია და სანამ ოდინდელი პიჟონი მოსახვევმა არ დამალა არც თვალის მიდევნება დაუმადლებია.
ქსენოპულოსი ქუჩას მიუყვებოდა. ერთხანს იარა, შემდეგ შეჩერდა, მოტრიალდა და უკან გაიხედა. ენიკალოპოვის ნათესავი სალონიანად აღარ სჩანდა. მიიხედ-მოიხედა. ეზოში შესასვლელ პატარა თაღთან იდგა. აი, ქუჩისპირა სახლებში თაღები რომ არის გამოჭრილი და შიგ, ეზოში, კარგა თხუთმეტ ოჯახი, რომ ცხოვრობს, ისეთთან. ეზოში შევიდა, თხუთმეტივე ოჯახის საერთო ჩეჩმა მოძებნა. იქიდან გოგონა გამოდიოდა. მწვანეპალტოიანმა გაუღიმა
-ძალიან სცივა, ხომ?
ერთხელაც მიმოიხედა. გოგონას გარდა არავინ ჩანდა და არავინ არსაიდან იყურებოდა. საძაგლად ციოდა. ღუმელებს ბოლი ასდიოდათ. გოგონამაც გაუღიმა და პირველივე სართულის აივანში შევიდა.
გოგონამ ხელები აივანზე დაიბანა, მერე ბინაში შეიძურწა, ღუმელს მიათბა და ამ საქმესაც რომ მორჩა ფანჯარას ცხვირი მიაჭყლიტა. ისე, ტყუილუბრალოდ იყურებოდა ეზოში, შეეძლო არც გაეხედა. ცოტა ხანში მართლაც მობეზრდა მშრალი ზამთრის ცქერა და ოთახში შეტრიალება დააპირა. ამ დროს ეზოში ჩეჩმის კარი გაიღო და იქიდან მწითური, სათვალიანი, უწვერულვაშო, ქილვაშებიანი კაცი გამოვიდა. სწავლულის იერსახე ჰქონდა. ხელში ისეთივე დიდი ჩანთა ეჭირა, როგორიც წეღანდელ მწვანეპალტოიანს, ოღონდ ამას პალტო ნაცრისფერი ეცვა. ცოტა უფრო ახალგაზრდაც ჩანდა. გამოვიდა, მიმოხიედა, გოგონას, ჰალალ, წეღანდელ კაცსავით გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
თავი მეცხრე
წინა ღამით
სახსრებში სტეხდა. სივრცე მჭიდროდ შემოჰკროდა. უაზროდ მიმოიხედა. პასუხად სიბნელე მიიღო. შემდეგ თვალი შეაჩვია. ღამიდან ნელნელა ქანდაკდებოდნენ საგნები, იკვეთებოდა ახლო და შორი, დიდი და პატარა, შუქი და ჩრდილი. სახე უცქერდა დიდი და ავადმყოფურად ყვითელი.
მთელი სხეული სტკიოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, წამოდგა. საწოლის გვერდით, სკამზე, კოხტად ეწყო მისი ტანსაცმელი. რის ვაივაგლახით აიღო შარვალი და ცალი ფეხი გაუყარა. დაბარბაცდა, ლოგინზე მოადინა ზღართანი. ძველებურად კედელს ებჯინებოდა მთვარის ბილიკი. ხვნეშით ჩაიცვა შარვალი, გაჭირვებით შეებრძოლა ზედა სამოსსაც და აივნისკენ გალასლასდა. გრძნობდა, გადახტომა გაუჭირდებოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? ტყვეობა ან გადახტომა!
სახელურს ჩაებღაუჭა და დაჰქაჩა. სახელურმა თავი კი დახარა, მაგრამ კარი არ გაიღო, კლიტე არ დაემორჩილა. კიდევ სცადა, უფრო ღონივრად. პასუხად ჯიუტი უარი მიიღო. გასაღებს დაუწყო ძებნა. არც კლიტეში სჩანდა, არც რაფაზე, არც მაგიდაზე, არც ფარდის ზონარზე. ბუხრის თავზეც კი გადაატარა ხელი, მაგრამ ამაოდ. უსასოოდ გააყოლა თვალი მთვარის ბილიკს.
აძაგძაგდა. დატანჯული სსეული საწოლში ჩაგდებას სთხოვდა, მაგრამ ამის წარმოდგენაზე გულისრევის უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა. ჩაკეტილი, უკარო ოთახი საათის ავიმომასწავებელ წიკწიკს, უფრო კი ტკაცუნს ასმენინებდა. ოთხის ოცი წუთი იყო. ბუხართან შეშა დაინახა, ასანთიც იქვე იდო. სარწეველაც მიედგათ.
ცეცხლი ასანთის მეორე გაკვრით ააგიზგიზა. ამოიხვნეშა. თავს ძალა ერთხელაც დაატანა, საწოლთან მივიდა, აქლემის ყელის გადასაფარებელი აართვა, ბუხართან დაბრუნდა და სავარძელში მოთავსდა. ტანში სითბომ დაუარა. თვალი ალს გაუსწორა. ცეცხლი ტკაცუნობდა. გრძნობდა, რომ მისი ფიქრი თანდათან ბუნდოვანი ხდებოდა. წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო, თავი ჩაქინდრა და მოლეკილ ძილს შუქ ჩრდილების ქვეყანაში გაყვა.
ძილში ბორგავდა, ჩვეულებრივი ამბები უჩვეულოდ, სიზმრის კვალობაზეც კი გაზვიადებით ესახებოდა. თავისი მიტოვებული ოთახი აშინებდა. ვითომ მაგიდიდან ხელსახოცის აღება უნდოდა და ვერ ახერხებდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ფანჯრიდან მომუშტული ხელები ჩანდა. უკაკუნებდნენ. მერე, ვიღაც გოლიათმა სახე სახესთან ძალიან ახლოს მიუტანა და ხარჩოს საჭმელად დაპატიჭა. ცხვირზე ხელს იჭერდა ხარჩოს სუნს, რომ არ გაეგიჟებინა. შემდეგ უკნიდან დაუძახეს. მიხვდა, რაღაც საშინელებისგან თავის დასაღწევად უნდა მიტრიალებულიყო, მაგრამ ბოჭავდნენ. სარწეველას სახელური წარმოუდგა. მიხვდა, რომ სწორედ ეს სახელური ბოჭავდა. კისერი ეტკინა. ალბათ, დიდხანს ედო თავი ერთსა და იმავე ალაგას გაუნძრევლად. მერე ისევ დააკაკუნეს. უნდა მიტრიალებულიყო, აუცილებლად უნდა მიტრიალებულიყო, მაგრამ თანდათან კაკუნი ტკაცუნად გადაიქცა და დაინახა, რომ მის წინ, ბუხარში, ცეცხლი გიზგიზებდა.
ბუხარი, თურმე ფანჯრის ნაცვლად ჩაედგათ არამზადებს _ მის ოთახს ფანჯარა აღარ ჰქონდა. ვაი, ვაი - იძახდა ვიღაც გადამთიელი ქუჩიდან, ოღონდ არ ჩანდა. ვაი, - ამოიგმინა თავადაც და ყველაფერი დაავიწყდა, სანამ, ვინ იცის, რამდენი ხნის შემდეგ, ისევ კისრის ტკივილმა არ შეაფხიზლა. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო, საგნებმა ზომები დაკარგეს და ერთმანეთს გაუცვალეს დანიშნულება და ადგილი.
…ფართოდ გაახილა თვალები. მთვარის ბილიკი დლას შეეყლაპა _ დილა, ხომ საუზმისაა. ბუხარი მთელი ძალით, ღონითა და ლაზათით ტკაცუნებდა. არა, იმ კუნაპეტში ასანთის მეორე და უღონო გაკვრით ანთებული ცეცხლი ამდენ ხანს და ასე ჯანსაღად ვერ იცოცხლებდა. იქ, რაღაც სხვა ხდებოდა. ცეცხლში ღრმად შეიხედა და რატომღაც იქ მიხვდა, რომ ოთახში მარტო არ იყო, ზურგსუკან ვიღაც იდგა. მტკივანი თავის მოტრიალებას სავარძლიანად მობრუნება არჩია. მოახერხა და ანაზდად ყბა ჩამოუვარდა. ნუთუ, ამ ერთ ღამეში დედამიწა პირიქით დატრიალდა? მაგიდასთან ის იდგა ვისი ეშხითაც, ბოლო დროს, მალიმალ დარბოდა პროფესორ ბაქრაძის კაბინეტში, მარად მოქავებული მარცხენა მუხლის საჩვენებლად.
მუხლის ქავილი ბოლო წლებში დაეწყო. თავიდან, ცოდვა გამხელილი ჯობს და ღელავდა რაიმე საშიში არ იყოსო, მაგრამ, რომ ნახა ის ქავილი ერთი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა, შეეგუა. საღამოობით, რომ მოიცლიდა იფხანდა და ეგ იყო, მაგრამ როგორც კი ის გაიცნო და შეიტყო, რომ დერმატოლოგ ბაქრაძის თანაშემწე ბრძანდებოდა გადაწყვიტა ემკურნალა და თან ისე, რომ ლამის ყოველ ცისმარე დღე ექიმის კაბინეტში მჯდარიყო.
და, ჰა, მისი ოცნების ქალი იდუმალი, უკარო ოთახის შუაში, მაგიდასთან იდგა და საუზმეს აწყობდა.
-სონიკო, თქვენა? - ძლივს წაიჩურჩულა.
ქალი კეთილად მოციმციმე თვალებით უცქერდა. სუსტი იყო, საშუალო სიმაღლისა, ასხმული. მისი სეულიდან არაფერი ჰყვიროდა. თმას შუაში თეთრ ხაზად იყოფდა და დატკეპნით დავარცხნილს უკან ბურთად იკრავდა. სახე ჰქონდა მშვიდი და სათნო, ხოლო ლოყას ხალი ულამაზებდა.
შემცბარი და რეტდასხმული შეჰყურებდა დერმატოლოგ ფერიას, მერე კი წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
-როგორ ბრძანდებით ამ დილით? - კეთილად და ცოტა მორცხვად ჰკითხა ქალმა.
მან ჩაახველა.
-გმადლობთ… თავი მტკივა, ცოტა, თორემ…
-ნუ იღელვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეგ იმის ბრალია ამ სიცივეში უპალტოოდ რომ გივლიათ.
ისევ სცადა წამოდგომა.
-ნუ, ბატონო მალაზონია, ნუ. თქვენთვის მშვიდად ჯდომა აჯობებს. ჩაისაც მანდ მოგართმევთ და ვფიქრობ, ჩვენი გერმანელი მეკონდიტრის ფუნთუშა გეამებათ.
ვაჟი დაჰყვა. სარწეველაში დააბრუნა ავადმყოფი სხეულის მთელი სიმძიმე.
-ვერაფერი გამიგია, სად ვარ?
ქალმა თითქოს ვერ გაიგო შეკითხვა.
-ძია შერმადინს ძალიან სურს თქვენი გაცნობა. ეხლა მალე მოვა. მითხარით, არაფერი გახსოვთ?
მალაზონიამ თავი გააქნია, არაო.
-ეგ არაფერი. ძია შერმადინი ყველაფერს გეტყვით.
-აქ, როგორ მოვხვდი?
-პროფესორ ბაქრაძის კაბინეტთან შეგხვდით და წამოგიყვანეთ. ასე, რომ ვთქვათ, ჩემი სტუმარი ბრძანდებით. მოსვით ჩაი, გეამებათ.
მალაზონიამ მოსვა და ეამა.
-ორივეჯერ?
-დიახ.
-ღმერთო, დიდებულო! არაფერი მახსოვს.
-გულთან ნუ მიიტანთ და მალე გაგივლით.
-გამივლის? ჰო, მაგრამ რა?
შიგნიდანაც ერთიანად ახურებდა და გარედანაც. სხეული ენგრეოდა, სული უწიოდა. რა სჭირს, გაგიჟდა? საიდან გამოტყვრებიან ხოლმე ეს ოხერი მორიელები? ღმერთო, ღმერთო! ქლს, რომლის წინაშეც გმირობის ჩადენა სურდა, თურმე ორი დღეა გიჟად დაუდის სამუშაოზე.
სონიკომ კიდევ შეახსენა ჩაი.
-ფუნთუშაც მიირთვით, ბატონო მალაზონია.
აი, მერე კი ფრიად უცნაური რამ მოხდა, დიდი ტანსაცმლის კარადის კარი გაჭრიალდა, შიგნიდან გაიღო და მალაზონიამ წესიერად გაკვირვებაც ვერ მოასწრო, რომ ოახში ჭაღარა კაცმა შემოაბიჯა.
კაცი რაღაცით სონიკოს ჰგავდა. თანაბარ, მოზომილ ნაბიჯებს დგამდა, სიფთად გაპარსულს სპეტაკი თმა უკან გადაევარცხნა და საშინაოდ ისე გამოწყობილიყო, მეტისმეტი აკურატულობის გამო საგარეოდ ჩაცმულს იტყოდით. ჭკვიანური მზერა ჰქონდა, ბაგიდან კი სანდომიანი ღიმილი ჟონავდა. კანად საოცრად თეთრი იყო, ცვილისააო იფიქრა მალაზონიამ. პირდაპირ მისკენ გაემართა, მარცხენა ხელი მხარზე დაადო, მარჯვენა კი ღონივრად ჩამოართვა.
-შერმადინ ხოვლელი.
-რაპორტიორი მმალაზონია, - მალაზონიამ არ იცოდა კარადისთვის ეცქირა თუ კარადიდან გადმოსულისთვის. დაიბნა.
ცვილის კაცმა ნამდვილი, კეთილი ღიმილით გაიღიმა, მიტრიალდა, მაგიდასთან მივიდა, სონიკოს მზრუნველობით გადაუსვა თავზე ხელი, საუზმეს მიუჯდა და იქიდან იკითხა
-კარადის კარი? იცით, ბატონო მალაზონია, ამხელა კარადას სხვა ვერაფერი მოვუხერხეთ. შეხედეთ ოთახს, დასავლეთით და აღმოსავლეთით პატარა კედლებია, არ დაეტეოდა, სამხრეთით აივანზე გასასვლელი კარი და ფანჯრებია, ასე, რომ რჩებოდა ეს, ჩრდილოეთის კედელი და ერთადერთი რაციონალური გამოსავალი - კარადას ოთახიდან გასასვლელი კარის საქმეც უნდა ეტვირთა. აი, შუაში, რომ ხედავთ, საიდანაც ახლახან შემოვედი, სწორედ ოთახიდან გასასვლელია, ხოლო აქეთ და იქით სათავსოები გახლავთ ანუ კარადა სამ ნაწილადაა გატიხრული, მაგრამ, მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, არ მინდა დაგღალოთ.
-ეს კარადა ძია შერმადინისთვის და ჩემთვის ძალიან ძვირფასია, - ჩაერია სონიკო, - იცით, სად და როდის არის გაკეთებული? თუმცა, ამაზე თავად ძია შერმადინი გიამბობთ სხვა ვითარებაში. ეს ჩვენი ოჯახის ისტორიასთან არის დაკავშირებული და თავად ისტორიაც დიდი და საინტერესოა.
მალაზონია ვერაფერს ამბობდა. შერმადინ ხოვლელმა ცხელი წყალი ჩამოისხა. დიდი მონდომებითა და მოთმინებით იყენებდა ჩაის. სონიკომ მოიბოდიშა
-ბატონო მალაზონია, ხომ არ მიწყენთ მეც ძია შერმადინს რომ შევუეთდე მაგიდასთან, თორემ ასე მოუხერხებელია. თქვენ კი, თუ რამე გენებოთ, გთხოვთ ნუ მომერიდებით.
მალაზონიამ რაღაც ჩაიბუტბუტა. ცვილის კაცი სიყვარულით სვამდა ჩაის.
-კარგია, რომ გაგიცანით, ბატონო მალაზონია. თქვენს შესახებ კარგა ხანია მესმის და გამოგიტყდებით, ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ. - დაარღვია ბოლოს სიჩუმე. მალაზონიამ პასუხად ჩაის დიდი და ალბათ, საკმაოდ უხერხული ყლუპი მოსვა. ცვილის კაცმა განაგრძო
-ნუ მიწყენთ, ჩემო კარგო და მარტო ცხოვრებას ცოდნა სჭირდება. მარტო მცხოვრებ ადამიანს ბევრი რამ უნდა შეეძლოს, საუზმის მომზადებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. აი, მაგალითად, სად მიირთვით გუშინწინ დილის ტრაპეზი? ნუთუ ასე ძნელი იყო ტაფაზე ლორისა და კვერცის საკუთარი ხელით აშიშხინება?
-ბატონო?
სონიკოს გაეცინა.
-ძია შერმადინი ადამიანს რომ გააოცებს თავს ბედნიერად გრძნობს. საიდუმლოს გაგიმხელთ, საუბრის მოულოდნელი გეზით წაყვანა უყვარს.
-ასე ნუ იტყვი ჩემო კარგო, - ნაზად უსაყვედურა ქალს ძიამ, - მე ყოველთვის მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ნათლად ჩანს. ცხოვრებაში ხომ გაცილებით მეტი რამ დევს ცხვირწინ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. ეს მითხარით ყმაწვილო დედათქვენი როდის გარდაიცვალა?
-ოთხი წლის წინ, - მიუგო მალაზონიამ. ალბათ, ოდესღაც სონიკოს უამბო დედის ამბავი.
-დიახ, ოთხის. მამა კი პეტერბურგში ან მოსკოვში ცხოვრობს და ღარიბი კაცი ნამდვილად არ ეთქმის, ხომ?
ვაჟმა ხელები გაასავსავა. ჯდომისგან ზურგიც ასტკივდა. ისევ ახურებდა.
-ღვთის გულისათვის, ნუ დამტანჯავთ. მითხარით რა ხდება.
ცვილის კაცმა ფუნთუშის ბოლო ნაჭერს კარაქი წაუსვა, დინჯად მიირთვა, ყელი ჩაით ჩაიწმინდა და სონიკოს მშვიდი ხმით მიმართა
-შენს მეგობარს პირი არაფრისთვის დაუკარებია. ასე არ ივარგებს.
-ბატონო მალაზონია, მიირთვით, გემუდარებით.
-გამაგებინეთ, რა ხდება ჩემს თავს.
შერმადინ ხოვლელმა ტუჩები ხელსაწმენდით მიიტკეპნა.
-რა ხდება? მიუხედავად იმისა, რომ ცნობისწადილი მკლავს, ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება თქვენი მშობლების ამბავს, ამაზე კი თქვენა პიჯაკმა მიამბო.
-რამ?
-პიჯაკმა. თქვენმა \"შმიდტის\" მანუფაქტურის პიჯაკმა. ის უთუოდ მამის ნაჩუქარია, დღეობაზე, ორი წლის წინ…
-მამაჩემზე…პიჯაკმა გიამბოთ? - მალაზონიამ მზერით საშველად სონიკოს უხმო, მაგრამ მისი ძია შერმადინი ულმობელი ჩანდა.
-დაუფიქრდით, ახალგაზრდავ, ტფილისში \"შმიდტის\" მაღაზია არ არის. ის არც ბაქოშია და არც ოდესაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი პიჯაკი მოსკოვში ან პეტერბურგში უნდა იყოს ნაყიდი, ხოლო მისი ფასი, დაახლოებით რომ ვთქვათ, რეპორტიორის ჯამაგირზე მეტია. ესე იგი ადამიანი ვინც იგი გაჩუქათ მდიდარია. ახლა კი თუ გნებავთ იმაზე ვიმსჯელოთ, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი ანუ კაცი ვინც ასეთი ძვირფასი საჩუქარი გიძღვნათ. მეგობარი? საეჭვოა რეპორტიორსა და თქვენი ცხოვრების წესის ადამიანს ასეთი მეგობარი ჰყავდეს. უფროსი ძმა? და-ძმა რომ არ გყავთ სონიკოსგან ვიცი. მდიდარი საყვარელი? მომიტევეთ და თქვენი ქცევა, ჩემთვის ცნობილი, მაძლევს საფუძველს იმისა, რომ ქალებში გათქვეფილ კაცად არ მიგიჩნიოთ. მაშ ვინ?
შერმადინ ხოვლელი გამომცდელად უყურებდა რეპორტიორს, რომელმაც ეთადერთი რაც შეძლო, ცხვირზე მოისვა ხელი.
-გასაგებია, - სახე შეიცვალა უცებ ხოვლელმა, - მაშინ, სანამ მე ერთ ჭიქა ჩაისაც ჩამოვისხამ თქვენ თავად დააკვირდით საკუთარ პიჯაკს. სონიკო, შენც შეხედე ბატონი მალაზონიასეულ \"შმიდტის\" სამოსს და მერე განვაგრძოთ.
ცვილის კაცმა კვლავ დიდი მონდომებით მოიმზადა ჭიქა ჩაი.
-აბა, რა შეამჩნიეთ?
-ორ წელიწადზე მეტისა უნდა იყოს, ძია შერმადინ. ნაცვეთობაზე მოგახსენებთ, - ჩაება ბიძის თამაშში სინიკო, თუმცა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მისთვის ეამებინა..
-აი, რას ნიშნინავს, საყვარელო, ჩემს გამოწერილ რუსულ გაზეთებს დაკვირვებით რომ არ კითხულობ. ხომ გითხარი, ყველაფერი უნდა წაიკითხო, უკლებლივ ყველაფერი. უმნიშვნელო ქრონიკა არ არსებობს. ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ მანუფაქტურისტ შმიდტს რუსეთის იმპერიაში ერთი ფაბრიკაც არ ჰქონდა გახსნილი. ეს პიჯაკი ბატონმა მალაზონიამ მხოლოდ და მხოლოდ უდიერად იხმარა და სულ ეს არის მისი ცვეთის მიზეზი. ხოლო, განა ადამიანს, რომელსაც შინ დედა, მეუღლე ან თუნდაც მამა ჰყავს ვინმე \"შმიდტის\" პიჯაკის ასე ცვეთის ნებას მისცემს? ცხადია არა. ასე, რომ ჩვენ აშკარად ვხვდებით - ბატონი მალაზონია მარტოხელაა და სასაუზმოდ დუქნებში, აბუჩად აგდებული მდიდრული პიჯაკით დაბრძანდება. დედა, როგორც მოგახსენეთ, ალბათ არ ჰყავს, ხოლო, რაც შეეხება მამას იგი თან ჰყავს და თან არა. უფრო სწორად, მამა ჰყავს, ვინაიდან იგი მისთვის მდიდრულ პიჯაკს ყიდულობს, მაგრამ მასთან არ ცხოვრობს.
რეპორტიორი შერმადინ ხოვლელის ამ ლოგიკამ კიდევ უფრო მეტად დაღალა. საბრალოს სონიკო გამოექომაგა.
-ძია შერმადინ, დაინდეთ ბატონი მალაზონია, ის ხომ ჩვენი სტუმარია. თქვენი დედუქციის მოსმენას, ვაი თუ ორი ჭიქა ცხელი ჩაის შესმა უჯობდა? ბატონო მალაზონია, ჟოლოს მურაბა ხომ არ გეამებათ?
მალაზონია ხმას ვერ იღებდა.
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. შესაძლოა მართლაც გადავამეტე, - შერმადინ ხივლელი დიდ სავარძელში გადაჯდა და ჩიბუხის შემზადება დაიწყო.
-რა ხდება? მითხარით, გეთაყვა, რა ხდება? - ჩაიბუტბუტა ვაჟმა.
თეთრმა კაცმა ასანთს გაკრა და ოთაში სურნელოვანი, მაგრამ კვამლმძიმე ღრუბელი გააჩინა.
-რა ხდება? სწორედ ეს გახლავთ გასარკვევი. სამწუხაროდ, მე ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია თუ რა მოხდა. მოდით მაშინ ამ საკითხზე გადავიდეთ, თუმცა ვეჭვობ, რომ თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ. და მაინც: თქვენ, უფალო მალაზონია, გუშინწინ შინ არ გისაუზმიათ, ხომ მართალია?
რაპორტიორმა გაიხსენა
-დიახ.
-კეთილი და, სად იტრაპეზეთ?
-მტკვარზე, თევზის დუქანში.
ხოვლელმა კვამლის ისეთი ქულები აუშვა, წამით შიგ ჩაიმალა კიდეც.
-მაშ თევზის დუქანში? მაგ დუქანს, თუ არ ვცდები, დილაობით ბევრი ხალხი არ უნდა ეტანებოდეს.
მალაზონიამ მხრები აიჩეჩა
-ალბათ.
- ძალიან კარგი. ახლა, გთხოვთ, ცუდად ნუ ჩამომართმევთ, გასაგებია დილაობით სასმელს ლოთები ეტანებიან, თქვენ კი ლოთი არ ბრძანდებით, მაგრამ იმ დილით ხომ არ დაგილევიათ რამე?
-არა, მხოლოდ შაშხი გეახელით.
-გემრიელი?
ვაჟმა თავი დააქნია.
-მაშ აი, რას გეტყვით, იქ, დუქანში ვიღაცამ მხარი გაგკრათ.
რეპორტიორმა ხელი თმაში შეცურა და დაფიქრდა.
-დიახ, - თქვა რთი ხნის შემდეგ, - გამხდარი კაცი იყო. მე, რომ გამოვდიოდი, მაშინ შედიოდა. ბოდიშიც არ უთქვამს, ისე გამერიდა.
სონიკომ ახალი ჭიქით ახალი, ქაფქაფა ჩაი მოუტანა და მოსმა აიძულა.
-კი მაგრამ ამის გასახსენებლად ამდენი ხანი რად დაგჭირდათ? - გაიკვირვა ხოვლელმა.
-ფუნთუშაც მიაყოლეთ, - თავისი თქვა სონიკომ.
-ეჰ, - ამოიოხრა მალაზონიამ, - დღეები ისე ჰგავს ერთმანეთს.
ცვილის ადამიანმა ჩიბუხის კვამლი ხელით გაწია.
-საქმეც ეგ არის. თქვენთვის, ბატონო მალაზონია, დღევანდელი დღე გუშინდელს და გუშინწინდელს, რომ არ დაემსგავსოს, აქედან ფეხის მოცვლა გუნებაშიც არ გაივლოთ. თან, ამ საღამოს თქვენი მორიელების გაცნობას ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს ჩემს დისშვილს აგერ უკვე ორი დღეა მათზე ელაპარაკებით.
-მაინც არაფერი მესმის.
-და ისე ვატყობ, ჯერ არც არის საჭირო. ცოტა მოითმინეთ ყმაწვილო, რაღაც-რაღაცები დასაზუსტებელი მაქვს, დავაზუსტებ და მერე შეგვიძლია ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბროთ. ახლა კი იმკურნალეთ, მომჯობინდით.
მალაზონიას თავი უსკდებოდა.
თავი მეათე
სპირალი
ის იყო მწითური, სათვალიანი, უწვერულვაშო, ღიპიანი. ხელში დიდი ჩანთა თუ ჩემოდანი ეჭირა, დაბნეული და მორიდებული მზერით უცქერდა მგლოვიარე ქალს. თამარ გურგენიძე - ლაშხისამ შავი ფიქრიდან ამოიხედა. ოთაში სამნი იყვნენ: ქვრივი, მწითური და განსვენებული გრიგოლ ლაშხის ცხედარი.
გრიგოლის სიკვდილი მეუღლისთვის საშინელი ტრაგედია გამოდგა, მარტოდმარტო შემორჩა მიუსაფარ ქვეყნიერებას. გამჩენმა შვილი არ აჩუქა, მეტი კი რაა ეს ცხოვრება? ერთი და ჰყავდა თამარს, მაგრამ ფოთში გათხოვილი, საკმაოდ ხელმოკლე ოჯახის დედა და ბებია.
მიცვალებულის გაპატიოსნებაც მეზობლებმა ითავეს - კიდევ კარგი ტფილისია - თორემ და, სიძე და მათი შვილები დაკრძალვის დღეს თუ ჩამოვიდოდნენ. კაცმა, რომ თქვას არც თავად გრიგოლის ნათესავები ტრიალებდნენ და თამარმა კარგად იცოდა, რომ ეს მისი ცხონებული მეუღლის ბრალი იყო: მეცნიერებით და წიგნიერებით შეპყრობილი ახალგაზრდობიდანვე აღარ მისდევდა სანათესაო შენ გენაცვალეობას, ამის გამო წყენას წყენაზე იმატებდა და ბოლოს მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, ყველამ მიივიწყა. ჰოდა, იჯდა თამარ გურგენიძე - ლაშხისა საბრალო მეგობრისა და მარჩენალის გაცივებულ სხეულთან, იჯდა და ხან უსუსურად ამოიკვნესებდა, ხან კი სულაც ჩუმად სტიროდა, ცრემლების გულში ჩაბრუნებით. შიგადაშიგ რომელიმე მეზიბლის ქალი ურღვევდა მგლოვიარე მარტოობას, საჭმელს შეუტანდა, რომელსამე გულისამაჩუყებელ მოგონებას მოისმენდა და გავიდოდა თავისი ჯერ კიდევ ცოცხალი ქმრის და მთელი ჯალაბის საპატრონოდ. წიკწიკებდა ლაშხების ოჯახის საათი, გაჰყავდა თუ მოჰყავდა დრო, რომელიც თამარს, ალბათ აღარც სჭირდებოდა.
მაგრამ, აი, კარი მორიდებით გაიღო და გრიგოლისგან დაობლბულ ოთახში მწითური კაცი შევიდა. დიდი ჩანთა თუ ჩემოდანი უხერხულად გადაიტანა ერთი ხელიდან მეორეში, შემდეგ რაღაც ისეთი მოძრაიბა გააკეთა, თითქოს ქუდის მოხდას აპირებსო, მაგრამ ქუდი თავზე არ დახვდა და ამიტომ მხოლოდ თმა გაისწორა. იშმუშნებოდა.
-დიდი ტრაღედიაა, ქალბატონო, დიდი. ვიზიარებ.
თამარ გურგენიძე - ლაშხისამ მწუხარედ დახარა თავი.
-მე გახლავართ ეფრემ ქორიძე, გრიგოლის კოლეგა და ოდინდელი თანამოაზრე.
-ეჰ!
-ეჰ!
ერთხანს უხერხული დუმილი ჩამოვარდა. სწავლული ქორიძე ხან ერთ ფეხს ეყრდნობოდა, ხან მეორეს.
-ქალბატონო…
-თამარ.
-დიახ, დიახ…
დუმილი.
-ქალბატონო თამარ, გრიგოლის შესახებ ჟურნალ \"გონში\" წერილის გამოქვეყნებას ვაპირებ.
ქვრივს სახეზე მადლიერების ალმური მოედო, მაგრამ ქორიძემ სჭრაფად დასძინა,
-ოღონდ ახლა არა, ხვალ ვარშავაში მივემგზავრები და იქიდან დაბრუნების შემდეგ.
-დიდად გმადლობთ, ბატონო ეფრემ.
მწითური ქორიძე დაფაცურდა
-არა, არა. მადლობა რა სათქმელია, მე და გრიგოლი ხომ წლების წინ ჩვენი მეცნიერული ცხოვრების გარიჟრაჟზე თანამოაზრენი ვიყავით. დიახ!
-დიახ.
დუმილი.
-დაბრძანდით, ბატონო ეფრემ. - თამარ გურგენიძე - ლაშხისა ხედავდა, რომ ეფრემ ქორიძე წასვლას არ ჩქარობდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გაებედა.
-არა, არა. მე ხვალ ვარშავაში ვბრუნდები. მე იქ ვცხოვრობ უკვე თვრამეტი წელიწადია. მე და გრიგოლს თავიდან მიმოწერაც გვქონდა.
-დაბრძანდით.
-არა, მე უნდა წავიდე, მაგრამ… იცით იმისათვის, რომ წერილი გრიგოლის შესახებ სრულყოფილი გამოვიდეს უნდა ვიცნობდე მის ბოლო ნაშრომებს, ბოლო საკითხებს, რომელთაც იკვლევდა. იცით, ბოლო წლებში რაღაცნაირად დავშორდით ერთმანეთს.
-ბატონო…
-არა, იცით მინდა მის შესახებ ღრმა წერილი შევქმნა, როგორიც ჭეშმარიტ მკვლევარს ეკუთვნის.
დუმილი.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ, ბატონო ეფრემ?
-იქნებ, სანამ ხალხი მოვა… სანამ პანაშვიდი დაიწყება, მის ბოლო ნაწერბში ჩამახედოთ, თუნდაც სულ ხუთი წუთით.
თამარ გურგენიძე-ლაშხისამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, მაგრამ სწავლულ ქორიძეს ეს არ დაუნაავს, რადგან პირდაპირ ვერ იყურებოდა და უხერხულობის დასაძლევად დიდი ჩანთა თუ ჩემოდანი ხელიდან ხელში გადაჰქონდა.
-დიახ, ბოდოშს ვიხდი.
ქალი მძიმედ წამოდგა, როგორც ქვრივსა და ასაკოვან ადამიანს შეშვენის.
-წამობრძანდით.
ქორიძე გაჰყვა. ისინი ნელა გავიდნენ მეორე ოთახში, სადაც განსვენებული მეცნიერი დიდრონ მაგიდასთან, ლამპის შუქზე ღამეებს ათენებდა.
-აი, აქ დევს ყველაფერი, ზედა უჯრაში, ოღონდ… ბატონო ეფრემ, გატანებით…
-როგორ გეკადრებათ! - ქორიძემ ისე ჩაისუნთქა კინაღამ გაიგუდა, - არა, არა ეგ გულშიაც არ გამივლია.
-ეჰ, არ უყვარდა ჩემს გრიგოლს მის მაგიდას სხვა, რომ ეხებოდა. ალბათ, თქვენც ასე ხართ.
-დიახ, დიახ. რა თქმა უნდა.
თამარ გურგენიძე ლაშხისა უჯრებს ქექავდა, სწავლული კი რატომღაც ფეხის წვერებზე აიწია და ფანჯრიდან გადაიხედა. უცბად, ქალის შეშფოთებული ხმა მოესმა
-კი, მაგრამ აქ იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ აი, აქ იყო. თან, იმ დილით, ყველაფერი, რომ აალაგა და უჯრაში ჩადო, მანდ ვიდექი, კარადაში რაღაცას ვეძებდი.
ქორიძეს სახეზე ჩრდილმა გადაუარა.
-ქალბატონო თამარ, ხომ არ წაიღო სადმე? ვგონებ, სამეცნიერო კონფერენციაზე უნდა წასულიყო.
ქვრივმა დაბნეული, თან იმედიანი თვალებით ამოჰხედა.
-დიახ, შესაძლოა.
მწითური კი უკმაყოფილოდ დაიჯღანა.
-პანაშვიდზე მრავლად იქნებოდნენ კოლეგები..
-ბატონო? პანაშვიდზე? დიახ, მაგრამ.. ღმერთო დიდებულო, მართლა ხომ არ დაიკარგა?!
-არა, არა, არ დაიკარგებოდა. ალბათ, კონფერენციაზე წაიღო. დიახ! იქ იქნება, მდივანთან ან..
-კი, მაგრამ ყველაფერი მდივანთან იქნება? მდივანთან შესაძლოა.. არა, აქ, ერთი დიდი საქაღალდე იყო და ის არ სჩანს, არადა სწორედ ის არის მთავარი. ღმერთო, მგონი გრიგოლის საქაღალდე დავკარგე! - და თამარ გურგენიძე-ლაშხისა თანდათან მიხვდა, რომ რაღაცას ვერ მოუარა, რაღაცას ვერ გაუფრთხილდა. რას? რას და მეუღლის ხსოვნას, თითქმის სულს, მისთვის ყველაზე ძვირფასს, სათაყვანებელს და ვერ გაუფრთხილდა არა წლების, არამედ გრიგოლის გარდაცვალებიდან დღეების შემდეგ.
-არა! არა!
-როგორ არა, ღმერთო! მე ხომ აქ ვიყავი. განა სხვა რა მევალა. გრიგოლ!
-ახლავე, ახლავე მოგიტანთ წყალს.. მმოგართმევთ. დიახ.
მაგრამ ეფრემ ქორიძემ არ იცოდა სად იყო წყალი ან ჭიქა. ქვრივს მხრები აუცახცახდა.
-ვაჰმე, გრიგოლ! მგონი ვერ გაგიფრთხილდი, ვაჟო! თამარ მიშველეო და ვერ გიშველე, მერე ნაწერებიც დავკარგე.. ვერ დავიცავი ვაჟო! ვინ იცის მოშურნეებმა მოიპარეს, მე კი, ალბათ, ვიჯექი და ვერაფერს ვხვდებოდი. ჰო, ბატონო ეფრემ, იყვნენ. აქ მრავლად იყვნენ თქვენი კოლეგები. ხომ იცით.. თქვენ ხომ იცით, რომ.. ვაჰმე, თუ მოიპარეს და მე აი, აქ მჯდომი გრიგოლის ცხედარს მივჩერებოდი. ვინ იცის მეუბნებოდა ჩემი გრიგოლი, გოგოვ, ადექ ხელნაწერებს მპარავენო, მე კი არ მესმოდა. შენი აღარ მესმოდა, ვაჟო, შენი.. აი, თქვენც, როგორ იოლად მიგიშვით მის მაგიდასთან, ბატონო ეფრემ, არადა გიცნობთ განა? ღმერთო, ღმერთო! ნეტამც მოვკვდებოდე, ნეტამც ჩემი გრიგოლი გაცოცხლდებოდეს, მე კი მიწა ჩამიტანდეს!
სწავლულიმა ქორიძემ წყლის მირთმევა, რომ ვერ შეძლო, ხელი მიაშველა მგლოვიარეს.
-თამარ, მიშველეო და ვერ ვუშველე, ბატონო ეფრემ, ვერა! ვერა! აი, აი იმ კიბის თავიდან მიხმო საშველად და ჩავარდა.
-ჩავარდა?
-ჩავარდა, ბატონო, ჩავარდა, - ქვრივს ისტერია ეძალებოდა, - აი, აქ! აი, აქ! საკუთარი სახლის კიბიდან! ღმერთო, მთვრალი ხომ არ იყოო.. როდის, განა როდის ყოფილა გრიგოლი მათვრალი. თქვენ, თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ჩემი გრიგოლი არასდროს სვამდა. წვეთსაც კი. დამიძახა მიშველეო. ღმერთო! ცოცხალს ჩავუსწარი, დასისხლიანებული თავი ავუწიე, თვალი გაახილა, მაგრამ ხმა.. ხმა.. ხმა, უკვე იმქვეყნიური ჰქონდა. ორნიო, ორნი არიანო, ერთნაირებიო, შენაც მოერიდე მანდ დგანანო. ვინ? ვინ, მეთქი. ზუსტად ერთნაირებიო. ვერ დაგიცავი, ვაჟო! მაპატიე, ვაჟო! სამოცამდეც ვერ შეგინახე, ვერ გაგიფრთხილდი, ჩემო გრიგოლ! ივნისში სამოცისა ხდებოდა, ხალხნო, ზუსტად სამოცისა! ვერა, ვერ მიგიყვანე მშვიდ სიბერემდე!
სწავლული ამაოდ ცდილობდა ქვრივის დამშვიდებას. ხალხნოს ხსენებაზე მიიხედა და ვიღაც ქალები დაინახა, შინაურულად ჩაცმულებს მეზობლობა ეტყობოდათ. ჭიქაც იცოდნენ სად იყო და წყალიც.
-დიახ. ბოდიში. დიახ..
ეფრემ ქორიძემ თავისი დიდი ჩანთა თუ ჩემოდანი ჩვილივით აიტატა და გულში ჩაიკრა. ზედ აღარავინ უყურებდა, ჩინებული წამი იყო გასაძურწად. გაიძურწა კიდეც. ნელა, უკანა სვლით, ფეხაკრეფით გავიდა განსვენებული მეცნიერის ბინიდან. გარეთ სუსხი ელოდა, სუსხი და კიბე, რომლიდანაც გრიგოლ ლაშხმა უკანასკნელად დაინახა ქვეყნიერება. მწითური დაბლა ჩაუყვა საფეხურებს. საფეხურები ქუჩისკენ მიუძღვებოდნენ, მაგრამ მეორე და პირველ სართულებს შორის თითქოს რაღაც დაინახაო, მოულოდნელად გაჩერდა და ჩაილაპარაკა
-ივნისში სამოცისა ხდებოდა?! ყველაფერი სულ სხვა ელფერს იძენს.
თავი მეთერთმეტე
თუმანი
რიყეზე ხალხს დიდი წრე შეეკრა. ვინმე ფიქრობს, რომ მდინარის პირას არ ციოდა? ციოდა და, ალბათ, ახლომახლო მოფარებულ ქუჩებზე მეტადაც, მაგრამ უსაქმურებსა და სახლებიდან გამოპარულ ყმაწვილებს ეს ხელს არ უშლიდა. იწურებოდნენ, იბუზებოდნენ და სეირისგან მაინც პირი დაეღოთ.
მტკვრის მხარეს, კედლად, ერთბაშად ოთხ ხეზე კარვის სქელი ნაჭერიც აეფარებინათ. ეს ნაჭერი ქარს ვითომცდა იჭერდა. წრის გარეთ სამი თუ ოთხი ურიკა იჯდა ჯაგლაგი ცხენებით, წრის შიგნით კი მაღალ სკამზე უხელო კაცი ფეხის თითებით ბანქოს სჩეჩავდა. ვაღიაროთ: გაზაფხული, რომ ყოფილიყო ხალხი და წრე ბარე ხუთმაგი იქნებოდა. ჯერ შუადღე იყო და გაცრეცილ მზეს ორი ცალი სხივის დედამიწამდე ჩამოყოფა მოეხერხებინა.
უხელომ ქაღალდი ფეხით არია და ორ თითს შორის გაჩხირა. ერთ რასმედ ღირდა ამ ოსტატობის ცქერა. ბანქო ხან მატარებლის ვაგონებივით მიფრინავდა ერთი ტერფიდან მეორისკენ, იქ რაღაცნაირ სალტოს აკეთებდა და მერე უკან ბრუნდებოდა, ხან ცერზე დგებოდა და მალაყს გადადიოდა, ხანაც კიდევ რა, რა და რა.
-ახლა კი გულთმისნობას განახებთ! - შესძახა შემდეგ რუსულ-ქართულად, - თქვენ კარტს ჩაიფიქრებ, მე გამოვიცნობ! მსურველი! ვინ არის მსურველი, რა, არავინ? მოდით, ნუ მოგერიდება, ეს დღე გართობას ვაჩუქოთ. აბა, სეირი! გაბედულებს ველით! ვინ არის გაბედული? მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი უნდა ჩაიფიქრო და მეტი არაფერი.
წრეში ხალხმა ერთმანეთს გადახედა. უხელოსთან მისვლას არავინ ჩქარობდა, ის კი საშინლად ურევდა მხოლობითსა და მრავლობითს.
-ნუთუ გულთმისნობის ნახვა არავის გსურთ? მაშ, გაგამხნევებ. მოდი, ცხოვრებას მაზანდა ავუწიოთ: თუ შენი ჩაფიქრებული კარტი ვერ გამოვიცანი, თუმანი ჩამგან იყოს! აბა, ახლა ვინ გამოვა?! ვინ არის გაბედული?!
წრე შეიშმუშნა, მიიგრიხ-მოიგრიხა. ბოლოს ვიღაც კეპიანი კაცი გამოეყო, უხელოსთან მივიდა, დანარჩენების მზრა მიუტანა და წინ დაუდო.
-აი, ნამდვილი სეირის კაცი! - შეჰყვირა უხელომ, - აბა, ვნახოთ, რა მოხდება. მაგისი თუმანი ჩემი თუმნის წინააღმდეგ!
ხალხმა ამოიღმუვლასმაგვარი. კეპიანი, რაღა დაგიმალოთ და შეცბა, თავისი თუმნის ხსენებას არ ელოდა, სულ ცოტათი პირიც დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ქართველი იყო და მიხვდა, რომ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. კაცობის და ულვაშის ამბავი იყო. უხელომ ბანქო ფეხის თითებით მოჭრა და კეპიანს გაუწოდა.
-ნახე, ჯიგარო, დარწმუნდი, რომ ჰალალი ქაღალდია.
კეპიანმა გადაშალა-გადმოშალა, ზოგიც სათითაოდ გაარჩია. ქაღალდი იყო, რა, ქაღალდური. წრემ კისერი წაიგრძელა, ხოლო, სანამ კეპიანი ქაღალდს ჩიჩმავდა, უხელომ ჯიბიდან ფეხის თითებით პაპიროსი ამოაძრო, პირში ჩაიდო, მერე ფეხის ტთითებში საიდანღაც ამოძვრენილი ასანთის ღერი მოიქცია, საკამის ფეხს გაჰკრა, აანთო და გააბოლა. კეპიანმა ბანქო გაუწოდა.
-ვიწყებთ! - იღრიალა უფეხომ და კეპიანს მიუტრიალდა, - კარგად დაიმახსივრე კარტი. ჩაიფიქრეთ, რომელიც გინდოდეს, სულერთია. ჩემი საქმე სუფთაა. როდის გავჩერდე მითხარით.
ცალი ფეხით ეჭირა კარტი, მეორეთი სათითაოდ იღებდა ქაღალდებს და კეპიანს აჩვენებდა. ორთავ თვალი დახუჭული რომ ჰქონდა, წრეში ყველა დაიფიცებდა. ასე, თხუთმეტი ქაღალდის შემდეგ კეპიანმა გაჩერება ანიშნა. უხელო გაჩერდა, თვალი გაახილა, კეპიანს გაუსწორა და უთხრა,
-მოდი, მერე ატკაზი, რომ არ მოხდეს, თქვენი კარტი ვინმე სხვასაც უთხარ.
კეპიანმა ხელები გაშალა, აქაოდა ვისაც გნებავსო.
-სულერთია, რაღა, - შეაგულიანა უხელომ.
-მოდი, - კეპიანმა წრიდან ვიღაც იხმო.
-მენა? - მტკვრის მხარეს ერთი სოფლელი ბიჭი იდგა გახარებული სახითა და შეწითლებული ლოყებით. აქეთ-იქით მიმოიხედა, სხვას ხომ არ ეძახიანო.
-შენა, ჰო, შენა!
სოფლელი თავიდან გაუბედავად გამოეყო წრეს, შემდეგ კი გათამამდა, ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და კეპიანს გვერდით ამოუდგა. უხაროდა, ვაჰ, როგორ უხაროდა. კეპიანმა განზე გაიმო, რაღაც უჩურჩულა. სოფლელს კიდევ უფრო აენთო თვალები.
-ვსიო?.. ქალბატონებო და ბატონებო, მაშ, გულთმისნობა! - შესძახა უხელომ და ფეხის თითებით ბანქოს გადარჩევა დაიწყო. თითოეულ ქაღალდს თვალსაჩინოდ ატრიალებდა უსაქმო საზოგადოებისაკენ და იძახდა
-ეს, არა! ეესაც არა! ეეესაც აარა!.. - ნელა აკეთებდა თავის თითლიბაზურ საქმეს, დინჯად, გაწელვით. ხალხს ავიშვიშებდა და წარმოდგენის დასასრულისთვის ამზადებდა. ხალხიც სიამოვნებით ემზადებოდა. ბოლოს უხალომ მარჯვენა ფეხი ერთიანად დაჭიმული კეპიანისკენ წაიღო, გაითამაშა, თითქოს თითებს ჯუბის ჯიბეში უყოფდა და აქამდე უხილავი აგურის შვიდი ამოაძრო.
-აი, ეს!
-არა! - იღრიალა კეპიანმა, - ჯვრის კაკო იყო!
-იმპოსაბლ! - ფეხი ფეხს შემოჰკრა უხელომ.
-რაო?
წრე დაძაბულობისგან შევიწროვდა.
-შეულებელია.
-აი, კაცი.
ყველამ სოფლელისკენ გაიხედა. სოფლელმა ფეხები ოდნავ გაჩაჩხა - მაგრად დადგა.
-ჰო, კაკო მითხრა!
წრე გაირინდა, უხელოს ელოდა.
-რჯულს ვფიცავარ! - გაიმეორა სოფლელმა.
უხელომ ჩამწვარი პაპიროსი გადააფურთხა, მიმოიხედა და იხტიბარი რომ არ გაეტეხა, ხმამახლა შესძახა
-ვაჰ, იყო და იყო! კაკო ტაკ კაკო! თავანი თავანია!
შემდეგ კი მოსეირე საზოგადოებამ ასეთი რამ იხილა: უხელომ ფეხი უბეში მოქნილად ჩაიყო, იქიდან თუმნიანი ამოიღო და კეპიანს გაუწოდა.
-ეს გამარჯვებულს!
წრემ შეიძახა. ზოგმა, უფრო ნასწავლმა, ტაშიც დასცხო. კეპიანმა თუმანი ჯუბის ჯიბეში გააქანა.
-გავაგრძელოთ! - დაიძახა უხელომ, - გამარჯვებას იღბალი უნდა! იღბალი კიდევ, ზნაჩიტ, ქალია, ხან თქვენია და ხან სხვისა. ჯანდაბას, კიდევ გავბედავ, თამაში თამაშია! ახლა ოც მანეთს გამოვდივარ! აბა! აბა, ვის უნდა თამაში? აბა, ვინ არის ვეზუმი? იქნება დღეს ვინმემ უკვე გამოსცადა თავისი ბედი?! ხომ ხედავთ, ჩემი დღე არ არის.
სოფლელი ისევ შუა წრეში იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა. კეპიანმა ჩაუარა და ჩაულაპარაკა
-მიდი, ხომ ხედავ, მე მოვიგე.
-მენა?
-მიდი, ჰო. ოცდახუთი მანათი თამაშად ღირს. ეხლა, მე ვიცი მაგათი ამბავი, მე აღარ მეთამაშება, თორემ კიდევ დავუდგებოდი.
-მიდი, მიდი! - მოისმა მოსეირე წრიდან.
სოფელელს ჯერ ხეირიანად არც ჰო ჰქონდა მოფიქრებული და არც არა, უხელომ ბანქო რომ აჩეჩა და ისე შეხედა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმებული ყოფილიყვნენ და თამაშის დაწყებაღა დარჩენოდათ. კეპიანი წრიდან გავიდა. წრეს ერთი ქონდრისკაცი ებღაუჭებოდა, ფეხის წვერებზე იწეოდა, რამე, რომ დაენახა
-შამახედეთ, თქვე მამაცხონებულებო.
არავინ დახედა. არც ლოყებღაჟღაჟა მსუქანამ, რომელმაც ისიც ვერ გაიგო, ღიპიანმა საფულედან ხუთი მანეთი, რომ ამოაცალა. მერე სხვაგან წავიდა. კეპიანმა ქონდრისკაცს გაედა ცალი თვალით.
წრე კი რაღაცას ხვნეშოდა თუ ღმუოდა, ვიწროვდებოდა და ფართოვდებოდა.
-ყვავის ბიჭი! - დაიძახა უხელომ და სოფლელმა სიმწრისგან ჯიბეში თითს თითი ისე მოუჭირა, ეთი კინაღამ მოიტეხა.
-ჰო, მაგის დედა ვატირე, ეგ იყო, ეგა! - სალდათის ბაზარზე ორი დღის ნავაჭრი ვიღაც ფეხის თითლიბაზს მიჰქონდა.
უხელომ ახალ ღერს მოუკიდა.
-რას იზამ, ჯიგარ, თამაში თამაშია. დღეს მეც წავაგე და შენცა. არ გაგვიმართლა. ნიჩავო, ზატო ქალს გავიჩენთ, მეცა და შენცა.
-ეეე!
-ვაჰ! აი, აზარტნიკი! კიდევ ხომ არ გინდა? იქნებ ეხლა შენ მოიგო.
-დამანებეი, რა თავი, დედა კი ვატირე, - სოფლელმა უხელოს თავანი გადაუთვალა და დიდი, ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. უქაურობას ყინჩად გაეცალა უწვერულვაშო ყმაწვილიც, იერით გიმნაზიელს, რომ ჰგავდა და, ალბათ, სოფლელს სიტყვის კაცად ედგა.
კეპიანმა ამ დროს მოიხედა, ვინმე ხომ არ მითვალთვალებსო, შემდეგ კი იქვე მდგომი ურიკებიდან ერთ-ერთში აძვრა. ურიკა არყის სუნით ჰყარდა, ხოლო შიგ, ძირზე, ათასი რაღაც იდო და ეყარა. შუაში, ზუსტად შუაში, კუნძზე, დაახლოებით ორმოცი წლის თვალებგადმოკარკლული კაცი იჯდა მუხლებზე დაყრდნობით. კაცი მეორეს ელაპარაკებოდა, მეორე კი არ ჩანდა. ტანის შუქჩრდილის მიხედვით, ზორბა უნდა ყოფილიყო, თუმცა საყელო, შარფი და ჩამოფხატული ქუდი სახეს უმალავდნენ. კეპიანის გაფხაჭუნებაზე ლაპარაკი შეწყვიტეს.
-რა გინდა?! - ბოროტად ჰკითხა თვალებგადმოკარკლულმა კაცმა.
-ბეზრუკის თუმანს ვაბრუნებ, მაგილა-ჯან. ხომ შენ უნდა დაგიტოვო? ხომ მე იქ მივდივარ? - აღარ თქვა სად მიდიოდა, ეჭვით გადახედა უცნობს, რომლის არსებობის ამბავიც კი იცოდა, მაგრამ თვალით არ ენახა და არც ის იცოდა ვინ ოხერი და რა საქმეზე ბრძანდებოდა.
-მაიტა.
-აჰა! ეხლა წავალ.
-წადი.
კეპიანი როგორც ამოძვრა, ისე ჩაძვრა. თვალებგადმოკარკლულმა ფეხთან მიდგმული არყის ბოთლი აიღო და პირდაპირ გადაჰხუხა. ხრინწიანი ხმა ჰქონდა.
-არ მამწონს ეგ ამბავი. მე ეგეთ საქმეებს ხელს არ ვკიდებ. არც ჩემი ხალხის ჩათრევა მინდა.
-მაშინ გამაგებინე, რა გადავცე, რომ უარს ამბობ? დახმარება მეტი არაფერია, მაგილა. სულ რამდენიმე დღის ამბავია, მერე წავალთ და იცხოვრე, როგორც გიცხივრია.
მაგილამ რაღაც ჩაიდუდღუნა.
-ვერ გავიგე? - ჩაეძია ზორბა.
-საქმეებს სხვანაირად ვერ აგვარებ?
ზორბამ გამოსცრა,
-რა შევუთვალო?
მაგილამ ამოიოხრა, მერე ჯიბიდან დანა ამოიღო და გამეტებით დაასო ურიკის ძირს.
-ეშმაკმა წაგიღოთ! იყოს!
ზორბამ ჩაიცინა.
-ჩიტ სუსანას შუბის ქვეშ კაბა არ აცვია! ხურდებს ჩამოყრით, შუბა გაიწევა! - ისმოდა გარედან.
თავი მეთორმეტე
ბუხარს მიხეთქებული ყავის ჭიქა
-ერთ ჭიქა კოფესაც მოგართმევთ, ბატონო მალაზონია, მერწმუნეთ, გეამებათ. -თქვა სონიკომ და პასუხს არც დალოდებია ისე წამოდგა. რეპორტიორს ძალიან უკვირდა, რად აძალებდა ქალი ამდენ ყავას, უკვე მესამე ჭიქას. მწარე სითხე დიდად არ ეატებოდა გულზე. პირველ ჭიქაზე ხათრითა და რიდით ვერ თქვა უარი, მეორეზე რიდს თავი ანება, ხათრი დაიტოვა და სუსტი უარი წამოილუღლუღა, ახლა კი, რაც ხდებოდა დაძალებად მიიღო და ასე გაბედა:
-არ დაგიმალვთ, სონიკო და კოფეს მაინცა და მაინც არ ვწყალობ.
-ნუ ურჩობთ, ბატონო მალაზონია, განა ვერ ატყობთ, რომ ძლიერ გამოკეთდით? დაგავიწყდათ, დილით ცუდად, რომ იყავით? ხომ ჩემმა მკურნალობამ გაგახალისათ?
მალაზონიამ იცოდა, რომ ქალი ცამდე მართალი ბრძანდებოდა და, ეგ გვერდით იყოს, ფერია რომ უვლიდა, ამით ნეტარებდა _ თავიც ნაკლებად ტკიოდა, ხურვებითაც აღარ ახურებდა, სხეულიც მოასვენა, შინაური საჭმელიც იგემოვნა, მთისა ბარის ამბებიც სულ ჟრურტულ-ჟრურტულ ისმინა... აი, ახლაც, მისკენ ზურგით მდგომი სონიკო, რაღაც სახალისოს იგონებდა. რაპორტიორს გაეღიმა, ცხოვრების ყველაზე ბნელ ჟამს უფალმა ბედნიერება გამოუგზავნა. გამოდიოდა, რომ არც მხოლოდ სიხარული ეძლეოდა და არც მხოლოდ მწუხარება. არა, არა, ასე კი არ გამოდიოდა, გამოდიოდა, რომ არც მარტოლხინი არსებობდა და არც მარტოჭირი ანუ ვარდს აუცილებლად ეკალი უნდა ჰქონოდა, შავი და თეთრი კი ერთი აბაზიანის ორი მხარე უნდა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ასეთ რამეებზე ფიქრის დროც, რომ არ ჰქონდა? ისევ არ იცოდა რა ოხრობა ტრიალებდა მის თავს და ხვალინდელი დღისა ეეჭვებოდა.
იმ დილით, სიცხიანსა და გათანგულზე თავს დატეხილი რებუსების მთელმა დასტამ უცნაურად იმოქმედა რეპორტიორ მალაზონიაზე. ერთი მხრივ იგრძნო, რომ ტიალ დედამიწაზე ვიღაც დადიოდა ისეთი, მისი ცუდად ყოფნა, რომ არ უნდოდა. სხვანაირად ადამიანები ასე ამბობენ: ამქვეყნად მთლად მარტო არ იყო. მეორე მხრივ კი დაუმძიმდა და დაუბნელდა ყველაფერი. ცხოვრება, გონება... თან ჩაკირკიტების არაქათი აღარ ჰქონდა. შერმადინ ხოვლელმა ის თავისი დაწყობილ-დალაგებული ბოდვა, რომ დაასრულა, ძილის ზღვამ უხმო, იქიდან ამოყვინთული კი სონიკოს სხივებით გათბა.
ისე, უცნაურად მოიქცა იმ დილით ხოვლელი. თავიდან ხომ მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ, შემდეგ მკვეთრად ადგა, საუბარი შეწყვიტა, მეჩქარება, ბინდისას დავბრუნდებიო ისროლა და კარადაში გაძვრა.
რეპორტიორი მალაზონია მესამე ჭიქა ყავასთან ჭიდილს შეუდგა _ ასეთი რამ იყო სონიკოს ეშხი და ხათრი, ქალმა კი მორიგი ამბის თხრობა დაასრულა და თითქმის ამოუსუნთქავად გადავიდა შემდეგზე. რეპორტიორმა შეამჩნია, რომ სონიკო უწინდელზე ხშირად აპარებდა მისკენ თვალს.
ამოწმებდა? რატომ ამოწმებდა?
ბინდი მატულობდა, ტფილისში ლამპის ანთების დრო შემობრძანებულიყო.
მალაზონიამ ქალს მოუსვენრობა შეატყო.
-ძიათქვენზე ღელავთ?
-არა, ძია შერმადინი ყოველთვის ზუსტად ამბობს როდის დაბრუნდება. ჟამის საოცარი შეგრძნება აქვს. მწამს, ახლაც წუთი წუთზე მოვა.
-სანაქებო ნიჭი ჰქონია და ადამიანიც სანაქებო სჩანს.
სონიკომ გაუღიმა, რეპორტიორს კი ანაზდად, რაღაც მწარემ გაჰკრა გულში. განგაშის გრძნობა უბრუნდებოდა.
კარადის კარი გაჩხაკუნდა, გაიღო, მადლიბა უფალს! ოთახში თვალებგაბრწყინებულმა შერმადინ ხოვლელმა შემოაბიჯა.
-საღამო მშვიდობისა, ხომ არ დავიგვიანე?
-ძია შერმადინ! - ამოისუნთქა სონიკომ.
-ძალიან ცივა.
შემდეგ, ცვილის ადამიანი მალაზონიას მიუტრიალდა:
-ჯერ არ გამოჩენილან?
ვაჟს ისედაც უძლიერდებიდა განგაშის გრძნობა და, ამიტომ, ხოვლელის სიტყვებმა შავი ჯადოქრის შელოცვასავით იმოქმედა. ცვილის კაცი მიუახლოვდა და თველებში ჩახედა.
-მგონი მალე მოვლენ, - ფანჯრიდან საღამოს გაუსწორა მზერა, - ნდა, ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ვვარაუდობდი. ბინდდება.
მალაზონიან თითები თმაში შეიცურა და უჩვეულოდ გადაივარცხნა.
-ბინდდება?
შარვლის ტოტზე დაიხედა. ქვეწარმავალი მოძვრებოდა. თვალები გაუფართოვდა. ხოვლელმაც დაკვირვებით შეხედა რეპორტიორის შარვლის იმ წერტილს, შემდეგ მიუახლოვდა, ჩაიცუცქა და წკიპურტი ჰკრა.
-აქ იჯდა?
მორიელი მალაზონიას თვალისგან მოფარებულ ადგილას დავარდა, სადღაც, სკამის ქვეშ.
-ხომ ნახეთ... თქვენი თვალით. - მეორეც გამოჩნდა. მარცხენა ხელის შუა თითზე მობობღავდა.
-არა, მე არ მინახავს.
რეპორტიორმა ხელი დაიქნია, ქვეწარმავალი ჩააგდო. თვალებით შველას ითხოვდა. სონიკოს სათნოების ცრემლი მოაწვა.
-ბატონო მალაზონია, აქ მორიელები არ არიან.
-არც გუშინ დაგსევიან, - მკაცრად ჩაურთო ხოვლელმა, - არც გუშინწინ და საერთოდ, ყმაწვილო, კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ, რომ ეგ ქვეწარმავლები მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში ცოცავენ. ნებისყოფა უნდა მოიკრიბოთ და რაიმე სხვაზე იფიქროთ, თუნდაც დოღზე. გიყვართ დოღი?
ვაჟმა თრთოლვით მოისრისა მუხლები.
-ჩემს გონებაში? გავგიჟებულვარ...
-არა, ბატონო მალაზონია, არა, - სონიკომ სკამი აიღო, რეპორტიორის გვერდით დადგა, თავადაც მიუჯდა და მისი ხელი ფაფუკ თითებს შორის მოიქცია. შემადინ ხოვლელმა მეტისმეტად მეტყველი პოზა შეარჩია.
-სიგიჟე არაფერ შუაშია, ყმაწვილო. თქვენს ადგილას ყველას იგივე მოუვიდოდა, მეც კი.
-და ძია შერმადინი ახლავე აგიხსნით ყველაფერს. დამშვიდდით. თავადაც ხომ ხედავთ, რომ როგორც კი ჩვენთან საუბარში ჩაებით მორიელები მყისავე გაქრნენ.
რეპორტიორმა ანაზდად დაბლა დაიხედა. ქვეწარმავლები მართლაც აღარსად იყვნენ. განგაშის გრძნობაც სადღაც ტანში ჩამალულიყო წერტილად დაპატარავებული _ როგორც ჯინი ტურტლიან ლამპარში.
-ხომ ხედავთ...
მაგრამ, გაახსენეს თუ არა მორიელი, ტანზე მყის რაღაცის ცოცვა იგრძნო და ჯინმაც ტურტლიანი ლამპარიდან თავის ამოყოფა მოიწადინა.
შერმადინ ხოვლელმა ტაში შემოსცხო და გამოაფხიზლა.
-მისმინეთ, ჩემო კარგო, თქვენ აუცილებლად გამოჯანმრთელდებით, ოღონდ ნებისყოფის დაძაბვა და ჩვენი მორჩილება მოგიწევთ, - დაბეჯითებით უთხრა თეთრმა კაცმა, - სამწუხაროდ უცნობი შხამით ხართ მოწამლული, თორემ ნივთიერებას ნივთიერებითვე შევებრძოლებოდით.
-როგორ თუ მოწამლული?!
-სწორედ, რომ მოწამლული! კიდევ კარგი უკვე სამი დღე შესრულდა, რაც თევზის დუქანში გამხდარმა კაცმა მხარი გაგკრათ. ვფიქრობ, შხამმა უკვე უკან უნდა დაიხიოს.
-მაშ... მაგრამ... როგორ?
-როგორ? - და შეკითხვით მოულოდნელად აღფრთოვანებულმა შერმადინ ხოვლელმა ოთახში ხელების ფშვნეტით ბოლთის ცემა დაიწყო, - იმისათვის რომ, ესა თუ ის ადამიანი და ჩვენი სახალხო გმირი, მიქელგაბრიელი ერთმანეთს გააცნო, სულაც არ არის აუცილებელი იმ საცოდავ კაცს ყველა შხამი მაინცა და მაინც დაალევინო. არის შხამები, რომელთა შესუნთქვაც საკმარისია. გამხდარმა კაცმა, ბატონო რეპორტიორო, იმ დილით, ნასაუზმევს რომ დაგეჯახათ, არც მეტი და არც ნაკლები საწამლავი მოგაპკურათ, საღამოს კი მორიელებიც გამოჩნდნენ. ხომ ასე იყო? რაიმე ხომ არ მეშლება? ცხადია არ მეშლება და ყველაფერი სწორია, ოღონდ ესაა, მაგ კერძო საწამლავს ანუ ნივთიერებას ვერ ვცნობ. როგორც ჩანს რაღაც ახალია და ეგ ძალიან მაფიქრებს.
უცბად:
-ძია შერმადინ! - სონიკომ ისე შეიძახა, რომ თავისივე სტყვით გართული და კედლისკენ მიტრიალებული ცვილის ადამიანი კინაღამ შეახტუნა. მალაზონიასკენ ანიშნებდა. მას მარჯვენა ხელი მარცხენა მხარს უკან უხერხულად გადაეყო და გამალებით იცემდა ზურგზე. თვალებში არაამქვეყნიური შუქი ედგა.
სონიკომ დანახვაც ვერ მოასწრო, ისე ელვისებურად დასტაცა შერმადინ ხოვლელმა ხელი წეღანდელს მერე მალაზონიასთან უბრად მყოფ ყავის ჭიქას და პირდაპირ რეპორტიორის ყურთან მთელი ძალით მიაფშვნა ბუხარს. რეპორტიორი შეხტა, ცვილის კაცი კი, თითქოს ადგილიდან ფეხიც არ მოეცვალა, მშვიდად და თავმომწონედ იდგა მზერაარეულის პირდაპირ.
-სხვათაშორის, ყმაწვილო, თქვენი დაბადების თვესა და რიცხვს ხომ არ მეტყოდით? - მიმართა მშვიდად.
თავი მეცამეტე
მკურნალი
-ბიჭო, ხომ გითხარი, გუშინ უნდა მოსულიყავი.
-ვერ შევძელი, პროფესორო.
-რას ნიშნავს, ბიჭო, ვერ შევძელი?! გუშინ უნდა მომეცა ახალი მალამო და გუშინვე უნდა დაგეწყო წასმა. ყასიდად კი არ გმკურნალობ!
-აბა...
-გამაგიჟებ შენ, მე. იცი, რას გეტყვი? თვითონ შენ განკურნება გინდა თუ არა, ჩემთვის სულერთია...
-დიახ...
-დიახ კი არა მისმინე, რასაც ვამბობ! ჩემთვის მთავარი სნეულებაა, მე მას ვებრძვი და ესე იგი ის უნდა დამარცხდეს. ერთხელაც გაგიმეორებ, კარგად, რომ მიმიხვდე: მე შენ კი არ გკურნავ, სნეულებას ვებრძვი, თორემ შენთან სულ არა მაქვს საქმე, ხოლო, მშვიდად ცხოვრება თუ გინდოდა, ჩემთან არ უნდა მოსულიყავი და ეგ შენი ძმაბიჭი დაავადება ჩემთვის არ უნდა გაგეცნო. იქნებოდით ძმურად და ივლიდით ერთად, მაგრამ ეხლა გვიანია, რადგან ჩემთან მოხვედი. ხომ მოხვედი ჩემთან? მოხვედი თუ არა?
-დიახ.
-ჰოდა, თუ დიახ, ბასტა! დამთავრებული საქმეა! სულაც ზაქათალაში, რომ გამექცე და დამემალო, მოგძებნი და მაგ სენს ტანიდან აგაცლი.
-დიახ.
-და იცოდე, მე რომ გეტყვი ხვალ მოხვალო, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ხვალ უნდა მოხვიდე, ხოლო თუ გეტყვი გუშინ მოხვალო _ გუშინ მოხვალ!
-გავიგე, ექიმო.
-ჰოდა, თუ გაიგე, შედი ეხლა ფარდის უკან და ტანთ გაიხადე. ჯერ ზევით, ხომ იცი?
-დიახ.
პროფესორმა ბაქრაძემ გრძელი კაბინეტის მეორე ბოლოს ჭურჭელთან და სხვადასხვა ნივთიერებებთან თავჩახრილ ანაემწეს გაჰხედა.
-რომეს მალამოს აზავებ? აჰ, ჰო, ვიცი, ვიცი.
შემდეგ, ფარდას მოფარებულ პაციენტს გასძახა:
-გაიხადე, ბიჭო?
-დიახ.
პროფესორი წამოდგა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა _ მის კაბინეტში ნიადაგ ძლიერ ცხელოდა, ვინაიდან დერმატოლოგთან ადამიანები ტანსაცმელს იხდიან და შეიძლება შესცივდეთ. ექიმი ბაქრაძე პაციენტთან ფარდის უკან შევიდა. ერთი ხნის შემდეგ იქიდან გამოსძახა თანაშემწეს,
-სონიკო, ნახევარ კოლბაზე მეტი არ მინდა!
-კეთილი.
თანაშემწე თავჩახრილი განაგრძიბდა მუშაობას.
-უკეთ გაქვს, ბიჭო! - ისმოდა ფარდისუკნიდან, - კარგია, კარგი. ეხლა მთავარია ცუღლუტობა არ დამიწყო და რასაც გეტყვი სალდათივით შეასრულო.
-კი ექიმო.
-მიდი, ეხლა ფეხებზე მაჩვენე! მაინც, რატომ არ მოხვედი გუშინ? ასეთი რა საქმე გქონდა?
-პოლიციაში ვიყავ დაბარებული.
-ბიჭოს! მძარცველი ხარ თუ მკვლელი? აბა, მარცხენა ფეხი დამანახე კარგად.
-არა, ექიმო, აბა, რას ამბობთ.
-ჩემთვის სულერთია, ქართველი მძარცველებიც ჯანმრთელები უნდა იყვნენ. აქ არ მომწონს, ცოტა.
-არა, პროფესორო, სასტუმროში ვმუშაობ კარის დამცველად და...
-მერე? ისე, კმაყოფილი ვარ, მალამო მოგხდომია.
-მერე, ორი დღის წინ, ღამით, სასტუმროს გვერდით, დუქნიდან მთვრალი გამოვიდა და ეტლს ჩაუვარდა. ჰოდა, პოლიციაშიც საქმე იშოვნეს. რა იყოო, როგორ იყოო.
-რატომ ჩაუვარდა საწყალი? კარგი, ჩაიცვი. ყველაფერი გასაგებია.
-რა ვიცი, ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი. ქუჩა სულ ცარიელი იყო, იმან კიდევ ყვირილი დაიწყო, ქალიშვილო დაიცა უნდა გაგაცილოთო. ეგრე უგონოდ იყო, ქალიშვილები ეჩვენებოდა.
-მაშ, ქალიშვილები.
-ჰო, პოეტივით იძახდა მშვენიერო ქალოო და ეგეთები. მერე ეტლს ჩაუხტა.
-საშინელებაა, ბატონო ჩვენს თავს, საშინელება.
-თეთრაშვილიაო თუ თეთრაძეიო...
პაციენტი ფარდის წინ გამოვიდა. პატარა ბოთლით მალამოც უნდა მიეღო და პროფესორსაც ჭკუა უნდა დაერიგებინა. სონიკომ თავი ასწია.
-თუ თეთრაულიო?
-ჰოო, ჰოო, თათრაულიო.
ექიმმა გაკვირვებით შეჰხედა თანაშემწეს.
-დაამზადე, სონიკო?
-დიახ.
-კეთილი. ეხლა მალე თინათინი მოვა და ღოგორც დაგპირდი გაგიშვებ.
-ღმერთო, რა პატარა ქალაქია ეს ტფილისი, - ჩაილაპარაკა დერმატოლოგის თანაშემწემ.
თავი მეთოთხმეტე
ელდა დაგრეხილ ქუჩაზე
გვარიანად ბნელა. ქუჩაში ჰაერი ცივმა ქარმა გვირაბებად დახვრიტა. ზოგან მსხვილი ხვრელი გაიყვანა, ზოგან _ ვიწრო. ლოგინზე პირდაღმა დამხობილ მალაზონიას მკვდარივით სძინავს. დაღლილია, თან მიქსტურამაც იმოქმედა. მეოთხე საღამოსაც მიაკითხეს მორიელებმა, მაგრამ უფრო ცოტანი იყვნენ და მალე გაყარა. კოფე, მიქსტურა, კოფე, მიქსტურა და... ეჰ, სისულელეა ყველაფერი, საბოლოოდ კაცმა თავს მაინც თვითონ უნდა უშველოს. საწოლზე გდია, გარეთ ქარი ქრის.
სონიკო დილით სამუშაოზე წავიდა, მაგრამ მალე დაბრუნდა. შუადღისას უკვე შინ იყო. შემდეგ, მთელი დღე მასზე ზრუნავდა, დაიღალა. ახლა კარადის იქითა მხარეს, ბინის მალაზონიასთვის უცნობ ნაწილში სძინავს. მხოლოდ შერმადინ ხოვლელს არ ეკარება რული, იმ დღის \"უწყებანს\" ჩასჩერებია.
გაზეთი წერს: \"ქართულ განათლებულ საზოგადოებას კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გამოაკლდა. მოულოდნელად გარდაიცვალა ეთნოგრაფოსი და ისტორიკოსი იაკობ ჯაყელი. სულისშემძვრელია ის გარემოება, რომ მეცნიერმა ზუსტად ორმოცდამეცამეტე დღეობის წინ მიაბარა სული უფალს. შემაძრწუნებელია აგრეთვე, რომ ერმა ბოლო ხანებში უკვე მეორე გამოჩენილი მწიგნობარი და სულიერი საუნჯის მეოხი დაკარგა. მძიმეა ერის საუკეთესი შვილებთან გამოთხოვება, დანაკლისს ვერაფერი შეავსებს...\"
ქუჩაში ქარი ანგრევს ყველაფერს.
შერმადინ ხოვლელი ნელა დგება, კედელთან მიდის, ვიოლინოს იღებს და ისევ სავარძელში ბრუნდება. ის იწყებს დაკვრას. ოთახში, სურნელოვანი თამბაქოს ბოლქვებზე ფრთხილად ჯდება ჩუმი მელოდია. არა, არა, რეპორტიორს ეს ჰანგი ვერ გააღვიძებს.
ოსტატურად უკრავს ცვილივით თეთრი კაცი, ფიქრით გადაღლილ გონებას ასვენებს. ჰანგი თავად ხოვლელის სიღრმიდან ამოდის და სიცოცხლის ძალად ქცეული ხოვლელშივე ბრუნდება. ახლა, ოთახში მთავარი ვიოლინოა, გარეთ _ ზამთარი.
შემდეგ, მელოდია მთავრდება და ვიოლინოც უბრუნდება ადგილს კედელთან, სადაც ძალიან არ უყვარს ყოფნა. მეორე ჰანგი? რატომ არ დაუკრა ცვილივით თეთრმა ადამიანმა მეორე ჰანგი? ვიოლინო გაოცებით უცქერს პატრონს, მაგრამ იგი ვერ ამჩნევს. ის ფანჯარასთან მიდის და ფარდასთან ისე დგება, რომ თვითონ კარგად ხედავს ქუჩას, ქუჩა კი მას ვერა. გარემოს დათვალიერების წესი შერმადინ ხოვლელს სიყმაწვილიდან სისხლში აქვს გამჯდარი: თანმიმდევრობით მიუყვება მონაკვეთებად დაყოფილ არეს. წვრილმანიც არ გამოეპარება. წლობით ერთისა და იმავეს კეთებამ სხვათა მასგავსად ცქერის უნარიც კი დააკარგვინა. ყოველთვის ამჩნევს, რისი შემჩნევაც სჭირდება.
...სახლი დამტვრეული საწვიმრით, გაბოს კატა თედოს სახურავზე, პოღოსას ვითომცდა ახალი კრამიტი, ზოზოს ფანჯრის პირდაპირ ერთი თვის წინ დაგდებული ბორბლებგატეხილი ორთვალა, რომელიც ბაგრატას არც მიაქვს და არც ვინმეს სჩუქნის, ხე... გამხდარი კაცი! ის დგას და თვალს მისი აივნისკენ აპარებს.
შერმადინ ხოვლელს შიში არ სჩვევია, მაგრამ იძაბება, ალად იქცევა კუნაპეტ ღამეში, იწვის.
\"გასაგებია. მეგონა დამასწრეს, მაგრამ ვერც ამათ უპოვნიათ და ეჭვიც ჩემზე აქვთ. კეთილი ბებერო ურჩხულო, თუ ეს მართლა შენ ხარ, ვატყობ ჩემი გამოწვევა ამოგიჭრია გულში. მაშინ იცოდე, მეც სწორედ შენს გამოწვევას ვეძებ. ვიცი, ვერც შენ მოისვენებ სამარის კარამდე და ვერც მე.\" - ეჩურჩულება ფანჯრის მინას. ქარში ატუზული გამხდარი აშკარად, მალიმალ მისკენ იყურება, მაგრამ ვერავის ხედავს.
\"შენ კი, მოემზადე ოინისთვის\"
გადის წუთი ან ორი. ჩაკლაკნილი ქუჩის ხესთან აყინული გამხდარი კაცი სახლიდან გამოსულ თეთრ ადამიანს ჰხედავს. გამოსული საყელოს იწევს, უცნაურ კუბოკრულ კეპს თვალებამდე იფხატავს და დაღმართს მიუყვება. ჩქარა კი მიდის, მაგრამ არც ისე, რომ მდევარ კაცს თვალთახედვიდან დაეკარგოს. ხელები ჯიბეში უწყვია, უკან არ იხედება.
გამხდარიც გამოცდილი უნდა იყოს, აცდის ამდენ და ამდენ ნაბიჯს და ისე მისდევს. შიგადაშიგ სვლას უჩქარებს, ხან ხეს, ბოძს ან რაიმე ეგეთ სამალავს ეფარება, ხან არა, მაგრამ ასე ვიტყვით თუ ისე, საბოლოოდ მაინც ფრთხილად და თანაბრად უდგას კვალში
სახლს, საიდანაც ღამეული სვლა დაიწყეს, უკვე კარგად გამოცდნენ. ქარმა ხომ იცის, ორივეს სცივა. გაკვირვებული აქეთ-იქიდან უვლის, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხდება. მარტო იმას ატყობს, რომ მისი წუილი არც წინას ეპიტნავება და არც უკანას, მეტი კი არაფერი.
ესაც, დუქანი \"ავოე\" და მოღრეცილი ქუჩა. აქ, ერთი გზა მარცხნივ მიდის, მეორე კი ქვეით და მერე აქეთ-იქით. ცვილივით თეთრი კაცი, უცნაური კეპით, თითქოს უკვე ჩქარობს, მაგრამ ამის დანამდვილებით თქმაც ძნელია. აი, მდევარი კი აშკარად აჩქარდა, თუმცა თვალს მაინც არ აშორებს წინას. წინა ქვეით, გზის გასაყართან ჩადის და აქეთ უხვევს. მერე კი ქარი ერთხელაც უსტვენს გაოცებისგან, რადგან მდევარი, გეგონება ამ ყინვასა და ყიამეთში ამდენ ხანს სხვა რამისათვის წვალობდაო, დევნას, უცბად თავს ანებებს და ერთი სხარტი მოძრაობით ახლო სადარბაზოში იმალება.
რა მოღრეცილიც ის ქუჩაა, ისე მოღრეცილად დაიწყო ქარმა ძრწოლა. გადის წუთი, მეორე, მესამე... ქარი დაბნეულობისგან ქარბორბალად იქცევა. შემდეგ, ცოტა ზევით, სანამ გზის გასაპობამდე მიხვალ, რომელიღაც ეზოს ჭიშკარი იხსნება და იქიდან კუბოკრული ქუდი გამოდის. ჩერდება ცვილივით თეთრი კაცი, საყელოს იწევს, ხან მარჯვნივ იყურება, ხან მარცხნივ. მერე ეტყობა ხვდება, რაც მოხდა, მტკიცე ნაბიჯით სწორედ იმ სადარბაზოსკენ მიდის, რომელშიც წეღან მისი მდევარი შევიდა, კარს აღაბს და თვითონაც იქ უჩინარდება... მაგრამ სულ ერთი წუთით, უფრო სწორედ კი წამით. სადარბაზო უკანა გასასვლელით თუა და კუბოკრულ კეპიანი რწმუნდება, რომ მდევარი ფოკუსნიკის ცხვირსახოცივით გაქრა, იქიდან გამალებით გამორბის და აღმართს გავეშებულიი სჭამს. ქუჩა, რომელიც წეღან ჩამოიკლაკნა, ახლა აიკლაკნება და აკლაკნლი ჩამოკლაკნილზე გრძელია.
რა იმ აღმართზე არბენა და რა ჯოჯოხეთში ჩარბენა. პალტო ეხსნება, ცვილის სახე უფითრდება.
...სახლი, ქვემოდან სხვანაირი, ერთი შეხედვით სხვა სახლებთან შერწყმული, მაგრამ მაინც ცალკე და უმეზობლო. კიბე. კარი ღიაა. პატარა შესასვლელში არც ჩერდება, პირდაპირ ოთახში შერბის იქ კი... რისაც ეშინოდა სწორედ ის ხვდება: საწოლიდან იატაკზე ჩამოვარდნილი საბანი, ამოყირავებული სკამი, ჩამომტვრეული ლარნაკი, აბურდული ვიწრო ნოხი და...
სონიკო აღარაა!
შერმადინ ხოვლელი წაქცეულ სკამს ასწორებს, მოწყვეტით ჯდება. ერთხანს დაჟინებით შეჰყურებს თვალწინ ფართოდ გაშლილ არაფერს, მაგრამ თავსაც მალე ერევა და წელში იმართება. შემდეგ კი, ასეა: ის კარადისკენ მიდის, სახელურს დაბლა სწევს, კარს აღებს და შიგ შედის. მიღმა ოთახში მკვდარივით სძინავს პირქვეჩამხობილ რეპორტიორ მალაზონიას.
თავი მეთხუტმეტე
ხუთი საფეხური
საოცარ და საცოდავ დღეში ჩავარდა შერმადინ ხოვლელის დისშვილი _ ციხე-სიმაგრედ მიჩნეულ ბიძისეულ სახლში, შუა ძილში თავს დევი დაესხა, გვემა, ტუჩი გაუხეთქა, ღამის პერანგის ამარა აიტაცა და სადღაც გააქანა. აბა, რა უნდა თქვა ამაზე კაცმა? ჰაი, ჰაი, რომ გატაცება ქალიშვილთათვის ხშირად საამო არის, მაგრამ სონიკოს ქალწული გული ზუსტად გრძნობდა, რომ ეს ის გატაცება არ იყო. სულ ცოტა იბრძოლა, იფხაჭნა, ოღონდ ცხრათავიან დევს ვერ მოერია. რაღაც ოხრობით, გარემო დაუბნელეს და გააქანეს.
ნეტავ, დიდხანს მიჰყავდათ ჯანდაბისკენ? ისე ახსოვდა, თითქოს იქ, საკუთრივ ჯანდაბაში ფეხითაც ატარეს ცოტა, აქეთ და იქით, ბოლოს კი სადღაც ჩაკეტეს და დასტოვეს.
აკანკალებდა. თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ნესტს გრძნობდა. ძაგძაგის დასაბმელად მოიკუნტა და სხეული ხელებით შეიკრა. \"ნამდვილად მასუნთქა რაღაც, თორემ ასე იოლად როგორ დავყრიდი ფარსა და ხმალს? კივილს ავტეხდი, უბანს ფეხზე დავაყენებდი.\" - ფიქრობდა თავის თავზე გაბრაზებული და დაეჭვებული. თავისი შიშიც აღიზიანებდა. ძია შერმადინის ნასწავლები ორი წესი, როგორ უნდა გავთოკოთ ეს დიდთვალება და ოხერი გრძნობა ვერაფერში გამოიყენა. ალბათ, ბოლომდე ვერ დაიმახსოვრა ან დამახსოვრებული ვერ გაითავისა და იმიტომ. კარგად ახსოვდა, ბოლოს დევს თავში ჩანთის ჩარტყმა დაუპირა, თითქოს ჩასცხო კიდეც, მაგრამ მერე... მერე ნამდვილად გონება დაუბნელეს. ეტყობა, მოძალადეს ხელში მაინც ეკავა რაღაც სასუნთქებელი.
თანდათან სიბნელეს თვალი გააჩვია. კანკალით მაინც კანკალებდა, მაგრამ სიბრმავეს რაღაცეების გარჩევა რომ სჯობს, რად უნდა მტკიცება. ჯერ აქეთ მიძაბა მზერა, მერე იქეთ მოძაბა. დაბლა და ცოტათი წინ, რაღაც შეამჩნია, ზომით საშუალო, ფერით მუქი. იდო და არ ინძრეოდა. სონიკომ სადამდედაც შეძლო დააჭყიტა თვალი, მაგრამ ვერაფერს მიაღწია _ ის რაღაცა ისევ ისე უძრავად იდო და თავადაც ძველებურად ვერ გაეგო რა დოზანას მისჩერებოდა.
ისე, სიმართლე თუ გნებავთ, ამ თვალების ჭყეტვაში ცოტა კი უკლო კანკალს. ბოლოს გაბედულებაც დაუბრუნდა და ხელი გააცოცა, ოღონდ, ზედ საგნის წინ გააჩერა. ერთხელაც დააკვირდა, სუნთქვაც კი შეიკრა. ყველაზე მეტად ის არ უნდოდა გატრუნულ ან მკვდარ ცხოველს, რომ შეხებოდა. იფიქრა, ვაი თუ... და სამი თითი მიადო.
ეს იყო საგანი, ნივთი, რომელსაც შეიძლებოდა ხუთივე თითით შეხებოდა. მეტიც, ის ახლა თითქოს უხმობდა, შინაური ვარო ეფიცებოდა, თავად ლამობდა ქალთან მიცოცებას. სონიკოც უკვე ნამდვილი შეხებით შეეხო, ზედ ხელისგული დაადო, თითები ააცეკვა, შემდეგ ჩაბღუჯა, აიტაცა, გულში ჩაიკრა და ცრემლები წასკდა.
-ჩემი ჩანთა, - ჩურჩულებდა გრძნობამორეული, - ჩემი ჩანთა.
ის, რისაც წეღან ეშინოდა, მონატრებული ახლობელივით ჩაიხუტა. იჯდა ასე, ყიამეთში, სადღაც ჯანდაბის ფსკერზე, გათოშილი, ღამის პერანგს ამარა, დევის გატაცებული, ცრემლი მოსდიოდა და ისევ ისე ცახცახებდა, როგორც წეღან, თვალების დაჭყეტვამდე.
...ისევ შეწყვიტა კანკალი _ ბნელეთის გაღმიდან კარის ღრჭიალი მოესმა. უნებურად ჩანთა ზურგსუკან დამალა. წინ ხელი და ხელში ჭრაქი გამოჩნდა. უჩვეულოდ მაღლა ჩანდა ხელი, ვიღაც ოხერი მართლა ბაყბაყ დევი და გოლიათზე გოლიათი თუ იყო. კლიტე გაჩხაკუნდა, ჩაკეტეს. შემდეგ ბუნდოვანი ჩრდილი დაილანდა, როგორც ჩანს ხელს ადამიანიც მოჰყვებოდა. ადამიანი შედგა და... დადაბლება დაიწყო. ჯერ ერთი საფეხურით დადაბლდა, მერე მეორეთი. \"კიბე ყოფილა,\" - სონიკო თვალს არ აშორებდა მომავალს. ჭრაქიანი ადამიანური სიმაღლისა გამოდგა, მძიმე ნაბიჯით მოიწევდა ქალისკენ. გამხდარი კაცი იყო, რაღაც დიდს მოათრევდა.
სამ-ოთხ ნაბიჯში გაჩერდა. სონიკომ აჰხედა და შეცბა _ მის წინაშე ჯამბაზი იდგა მრგვალი, წითელი ცხვირით, წითელივე ლოყებით და წრედ შემოატული თვალებით. რაღაც მძიმე დააგდო, შემდეგ დაიხარა, ჭრაქი დადგა და თითი დაგდებულისკენ გაიშვირა.
-აჰა, აიღე. აქ, შენი ცუდად ყოფნა არავის უნდა. - თბილ, გაქუცულბეწვიან, ჭუჭყიან მოსასხამზე მიუთითებდა. და, ბარემ, მოდი, აქ, სონიკოს ერთი საიდუმლოც გავთქვათ: გაიფიქრა შერმადინ ხოვლელის დისშვილმა მოძალადის მოცემული არაფერი მინდაო და თბილი მოსასხამი ელვის სისწრაფით შემოიხვია ღამის პერანგზე. ჯამბაზმა ახლა კედლისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ისევ დაიხარა რაღაც გაახმაურა და იმ რაღაცისავე დალაგებას მოჰყვა. ქალს ნავთის სუნი ეცა. შემდეგ, წამით განათდა არემარე და ცეცხლი აგიზგიზდა. ჯამბაზმა წეღან დადებული ჭრაქი აიღო.
-აჰა, - თქვა ისევ. პურს აწვდიდა.
-არ შევჭამ! - მტკიცედ მიუგო სონიკომ.
ჯამბაზმა არაფერი უპასუხა, მხრები აიჩეჩა და პური კალთაში ჩაუგდო.
-არ შევჭამ!
ის კი ყურს აღარ უგდებდა, მიდიოდა.
-ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან?!
პასუხი არ მიუღია. ჭრაქიანი ხელი უკვე მაღლდებოდა. სონიკომ ხუთი საფეხური დათვალა.
თავი მეთექვსმეტე
ნახევარი ბოთლი ტყემალი და გამხმარი პური
პირდაღებული შეჰყურებდა შერმადინ ხოვლელს. ასეთი სირცხვილი არასდროდ ეგემნა. ცხოვრებამ ყოველგვარი მორიდებისა და თავაზიანობის გარეშე პირდაპირ ჰკითხა კაცი თუ ხარო: მას გვერდით ოთახში გამაჯანსაღებელი ძილით ეძინა, აქეთ კი სონიკოს იტაცებდნენ. მაშ, ვინ ხარ შენ რეპორტიორო მალაზონიავ?
იერს თუ დაეჯერება ხოვლელი მშვიდად იჯდა, მაგრამ იერს არ დაეჯერება. ცვილის კაცი უდრტვინველი სხეულის შიგნით საგულდაგულოდ მალავდა ღრმა ჭრილობას, რომლიდანაც შფოთი, დარდი, ბოღმა და ათასი სხვაც მოსდიოდა თქრიალით.
-მიბრძანეთ და მტკვარს მივცემ თავს!
-მტკვრისთვის თავის მიცემას ნუ იჩქარებთ, მაგ საქმით სხვები არიან გართულნი, თან მტერსაც სწორედ ეგ უნდა. ამიტომ, ყმაწვილო, აჯობებს ჯერ სხვა დავალება მოგცეთ. ხვდებით ხომ? მე აქედან ფეხს ვერ მოვიცვლი, რადგან გამტაცებელთაგან პირობებს ველი და...
-პირობებს?
-რა თქმა უნდა პირობებს. ჩვენ სონიკო იმიტომ მოგვტაცეს, რომ გაგვიცვალონ.
-მე ვუნდივართ? - გმირობის იმედმა რეპორტიორი ადგილიდან წამოახტუნა. გამოჯანმრთელებულა.
-ვაგლახ. ვეჭვობ, მათ თქვენ მკვდარი ჰგონიხართ, - იმედი გაუცრუა ცვილის კაცმა, - თქვენთან დაკავშირებით, ალბათ მხოლოდ იმას ღელავენ, რომ გვამს ვერ მიაგნეს.
-მაშ?
-ვფიქრობ, მათ ის საგანი უნდათ, რომელსაც მე ჯერ ვერ მივაგენი, მაგრამ არც პოვნის იმედი გადამიწურავს, რადგან ვეჭვობ, რომ თქვენა გაქვთ.
მალაზონიამ წარბები ჭერამდე ასჭიმა.
-გთხოვთ გაიხსენოთ ფოტოსურათი, სადაც სამი კაცია ასახული. იქნებ, ლამაზ ბუნების ფონზეც დაგანან.
მალაზონიას პასუხისთვის წამიც არ დასჭირვებია.
-ვიცი ეს სურათი. ექსპედიციონერთა ჯგუფია. ამაზე გაზეთისათვის წერილიც კი გავამზადე.
-ეს წერილი? - უსიხარულოდ წარმოსთქვა შერმადინ ხოვლელმა და პიჯაკის ჯიბიდან ოთხად მოკეცილი რამდენიმე ფურცელი ამოიღო. რეპორტიორმა ფურცლები გამოართვა, დახედა და თავი დააქნია.
-და, სად არის ფოტო?
-ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში...\"ტფილისის კურიერის\" რედაქციაში, წერილთან ერთად იდო.
-ეჰ, ჩემო კარგო, - თეატრალურობის გარეშე, ნამდვილი ოხვრით ამოიოხრა შერმადინ ხოვლელმა, - რა თქმა უნდა ზედა უჯრაში, აბა, ქვედაში კანშემოფცქვნილი პურის გამხმარი ნაჭერი და ნახევარი ბოთლი მწვანე ტყემალი დევს, ბანქოს გულის ქალს თუ არ ჩავთვლით გამოჩენილი მარჯვენა ძუძუს კერტით. ის სურათი ვიღაცამ აიღო.
ცვილის კაცი მძიმედ წამოდგა, კარადის განაპირა, ქვედა უჯრა გამოსწია, იქიდან ქაღალდების არცთუ დიდი დასტა გამოიღო და ვაჟს მუხლებზე დაუგდო.
-აი, ყმაწვილო, თქვენს ზედა უჯრაში მეტი არაფერი იდო.
-ეს... თქვენ თავად იყავით?
-ან, ვინმე ისმაილ დავითაძე. ეს სულერთია, უჯრაში მეტი მაინც არაფერი იდო.
რეპორტიორმა დაბნეული და შეწუხებული მზერით შეხედა შერმადინ ხოვლელს. ხოვლელმა ხელები გაშალა.
-მაშ, თუ ექსპედიციის ფოტო არც თქვენ აგიღიათ და არც მე, გამოდის, რომ აუღია ვეღაც მესამეს.
-კი მაგრამ, ვის რა ოხრობად უნდა ქართველ მეცნიერთა ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფია?
ცვილის კაცმა ახლა მხრები აიჩეჩა.
-როგორც ჩანს ამ ფოტოგრაფიას აქვს, რაღაც ფასეულობა. რომ დამეხედა ეგებ ამომეცნო კიდეც. ისე კი, დამეთანხმეთ, ახალგაზრდავ, საგანი, რომლის გამოც ოთხ ადამიანს ჰკლავენ, მეხუთეს სწამლავენ, ხოლო მეექვსეს იტაცებენ, რითიმე მართლაც უნდა იყოს ღირებული.
-ოთხს ჰკლავენ? - რეპორტიორმა იგრძნო, რომ თმა ყალყზე დაუდგა. აი, რა ყოფილა თმის ყალყზე დადგომა.
-დიახ, ოთხს. ფოტოზე ასახულთ და თავად ფოტოგრაფს. დაბეჯითებით გახსოვთ, რომ სურათი სვაგან არსად შეგინახავთ?
დაზაფრული მალაზონია უცბად ვერც მიხვდა, რას ეკითხებოდნენ. ბოლოს თავი ჯერ დააქნია, მერე გააქნია:
-დანამდვილებით.
-ნდა, - ხელი ჩაიქნია ცვილის ადამიანმა, - ოღონდ, მაინც გთხოვთ ამაზე ფიქრს ნუ შეწყვეტთ. არ არის გამორიცხული რაიმე ისეთი წვრილმანი გაგახსენდეთ, ყველაფერი ყირაზე დააყენოს.
ვაჟმა თმაში შეიყო ხელი, მისთვის უჩვეულოდ გადაივარცხნა.
-ახლა რაღა ვქნათ?
ხოვლელმა ჩიბუხი გააბოლა და ოთახს სურნელოვანი თამბაქოს პატარა ღრუბლები შემატა.
-ახლა, ასე უნდა მოვიქცეთ. მე, ჩემო ბატონო, აქ დავრჩები, არამზადებს დაველოდები, თქვენ კი, მგონი ღვთის მადლით უკეთ ბრძანდებით და ამიტომ დავალების მოცემას გავბედავ...
-ღმერთო ჩემო...
-მოკლედ, ისე გამოეწყობით, რომ ვერც მტერმა გიცნოთ და ვერც მოყვარემ, მერე კი წაბრძანდებით და იმ თქვენი ექსპედიციონერული წერილის გმირთაგან ორის, თეთრაულისა და ჯაყელის დაბადების თარიღებს დაადგენთ. ასეა საჭირო. და კიდევ, ჯაყელის გარდაცვალების მიზეზი თითქოს ცოტა ბუნდოვანია, იქნებ ერთხელაც გამოიკითხოთ, დამდეთ პატივი.
-ღმერთო დიდებულო, სულ ეს არის? კი მაგრამ ჩემი დანაშაული სონიკოს წინაშე? როგორ, არ უნდა გამოვისყიდო? ნუთუ...
თეთრმა კაცმა მტკიცე ხელი აღმართა და გააქნია, ოღონდ მალაზონიას გასაჩუმებლად თუ სურნელოვანი თამბაქოს დიადემასავით შემორტყმული ღრუბლის გასაფანტად, ეგრეც უცნობი დარჩა.
-უნდა დამემორჩილოთ და მორჩა!
რაპორტიორი დაემორჩილა, ხოლო ამ დამორჩილებიდან ნახევარ საათში შერმადინ ხოვლელის კარადიდან ფრიად უცხო იერსახის კაცი გაძვრა, გაღმა ოთახ-მოთახი გადაკვეთა, მიმოიხედა და შედგა.
-აქედან კიბით დაეშვებით, მაგრამ სადარბაზოდან არ გახვალთ, ვაითუ გვითვალთვალებენ. უკეთესია უკანა ეზო გასჭრათ და მწვანე ფანჯრების გვერდით მეზობელ ეზოში გასაძვრომი ნაპრალი ნახოთ. აქაური ბავშვების საყვარელი ადგილია. იმ ეზოსაც, რომ გაივლით პატარა, უსახელო ქუჩაზე აღმოჩნდებით. მიხაილოვიც დაბლაა. - უთხრა ხოვლელმა.
-კეთილი, - ერთგულ მოწაფესავით დაუქნია თავი ნაადრევად გაჭაღარავებულ თმა-წვერსა და გადაბმულ წარბთა ზიგზაგში საიმედოდ ჩამალულმა რეპორტიორმა. პატარა ჰოლიც, რომ გადაჭრეს ცვილის კაცმა ბინის კარი გააღო.
-წადით, - იჩურჩულა.
მალაზონია კი რატომღაც გაშტერდა. სახეზე გაოცება და აღმოჩენა გადაეფარა.
-რა? - ისევ იჩურჩულა ხოვლელმა.
-იქ ოთხნი იყვნენ.
-ბატონო?
-იქ, ფოტოზე ოთხნი იდგნენ, სამი მეცნიერი და ერთიც მეგზური. თვით ექსპედიციონერმა ლაშხმა არ იცოდა იმ კაცის სახელი და ვინაობა. მინაწერში უცნობად მინდოდა ხსენება.
-წადით, ნუღარ დგეხართ აქ.
თავი მეჩვიდმეტე
წერილი
თითქოს ფორმა დაეკარგა ყველაფერს. თითქოს აღრეულიყო მარჯვენა და მარცხენა, ზედა და ქვედა, იატაკი ჭერად ასულიყო, კედლებს ადგილები გაეცვალათ, სიცივე გამთბარიყო და ყინვა გაცხელებულიყო. შერმადინ ხოვლელი სავარძელში აღარ სჩანდა. თითქოს სთვლემდა, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებოდით ტუჩებს ამოძრავებდა. ტუჩები ჩიბუხს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდნენ. საათი წიკწიკებდა. თამბაქოს ახალი ბოლქვები უკვე ძნელად პოულობდნენ ოთახში ადგილს. მაგიდაზე ჯამი იდო, ჯამში წყალი ესხა, წყალში დაჭმუჭნული ქაღალდი ეგდო, სქელი ქაღალდი, უფრო ფოტოსურათი.
მოულოდნელად, ცვილის ადამიანი შეტოკდა, გარდაისახა. კაცთა შორის ყველაზე მთვლემარე ყველაზე ფხიზლად იქცა.
-მობრძანდით, - დაიჩურჩულა და წამოიჭრა. კარადებსიქითა ოთახში კიბეზე ამომავალი ფრთხილი ნაბიჯის ხმა ისმოდა.
-ბავშვი გამოაგზავნეს? ნუთუ ასე შეეშინდათ? - ისე ხმადაბლა თქვა თავად ვერ გაიგო.
დააკაკუნეს. შესასვლელთან ატუზულმა ხოვლელმა წესიერად დაკაკუნებაც არ აცადა, კარი გვარიანი ძალით გამოფეთა, თვალი წინდაწინვე თავის სიმაღლეზე კარგა დაბლა გაასწორა და მკაცრად იკითხა:
-აბა, რა დაგაბარეს?
მოსული ჰალალად შეცბა, რადგან კაკუნიდან კარის გაღებამდე ეტყობა რამდენიმე წამს ელოდა. რაღაც იბლუკუნა.
-რა?!
ჩანჩურა ვინმე ბრაძანდებოდა გზირი, შავნიღბიანი, თავზე ფარფლებიანი ქუდი ჩამოემხო. ისე, ნიღაბს ვამბობთ თორემ მართლა ნიღბისმოყვარე ქვეყნებში სამგან გაჩხვლეტილ სქელ ქაღალდს ვინმე ნიღაბს დაარქმევს? სამი ნაჩხვლეტი კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ თავად ნიღბიანმა ადამიანმა დაინახოს და ისუნთქოს.
-რა?!
ჩანჩურა კარის სახელურისკენ უთითებდა. ხოვლელს გზირისთვის თვალი არ მოუცილებია, ხელი სახელურისკენ ისე გასწია და ზედ ჩამოცმული ქაღალდი ჩამოხსნა.
-ეჰ, შვილო, მუნჯი ხარ?
გზირმა თავი დაუქნია. შემდეგ ცვილის ადამიანმა ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჩანჩურა მოქნილი გამოდგა, მოაჯირზე შეხტა, აივნის ბოძს ციბრუტივით შემოევლო, კიბეზე ისკუპა და საფეხურებზე მაიმუნივით დაეშვა. შერმადინ ხოვლელმა კისერი წაიგრძელა, გაქცეულს თვალი გააყოლა და კმაყოფილი ღიმილით შებრუნდა შინ.
ქაღალდზე დიდი ასოებით მკაფიოდ დაეწერათ:
ნაშუაღამევს. სამ საათზედ. მალაკნების ბაზართან, სირაჯხანის წინ. ჩვენსას თან წამოიღებ.
-თუ ყველაფერს სწორად ვხვდები და რამე არ მეშლება, ეგ ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოხდება. - ჩაილაპარაკა ხოვლელმა.
თავი მეთვრამეტე
რეპორტიორმა გადაჰკრა
ფრიად უცნაური გარეგნობის კაცს, _ პირდაპირ რომ ვთქვათ რეპორტიორ მალაზონიას, _ ფრიად უცნაურად გაუმართლა. იმდენად უცნაურად, რომ ერთიხანობა ისაც კი გაიფიქრა მთელი ეს ამბავი მართლა ბოდვა ან სიზმარი ხომ არ არისო, რის შემდეგაც დეჟავიუ ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ვაი, ეს ხომ უკვე გადამხდენია დაემართა. კარგად აკვირდებოდა ადამიანებსა და საგნებს, იქნებ სადმე კონტურების გაორება ან სხვა რამე სხვაქვეყნიური დაენახა, მაგრამ სახეზე მოჭიდებულმა ცივმა ნიავმა უთხრა ტყუილად წვალობ, ეგეთები არ არსებობსო და გამოარკვია. ფეხს აუჩქარა და გაიფიქრა: ეს, ერთი!
კერძოდ რა მოხდა? კერძოდ ის მოხდა, რომ როგორც კი შერმადინ ხოვლელის მითითებულ მისამართზე სწავლულ იაკობ ჯაყელის სახლს მიუახლოვდა, სახლის წინ ხალხი შეამჩნია. გარდაცვლილის ნათესავები იქნებოდნენ. მალაზონია ერთგვარი ღელვით მიუახლოვდა დამწუხრებულთა ჯგუფს და მიმოიხედა. კაცმა რომ თქვას ამაში გასაკვირი არც რამეა, რადგან ამქვეყნად სატირალი ისე არავის უტირია, დაბლა, შესასვლელთან, მავან ეულს ნაცნობის ძებნაში ცოტა არ ეყიალოს და კისერი არ წაეგრძელებინოს. კაცის ბუნებაა ასეთი, უმეტესობას მკვდართან მარტო მისვლა არ უყვარს. რეპორტიორიც დადგა და აიტუზა. უნდა ითქვას, რომ დაღუპულ მეცნიერთაგან იაკობ ჯაყელი იყო ერთადერთი, ვისაც მალაზონია იცნობდა _ სწორედ ის ბრძანდებოდა რედაქციაში და ვერგამოქვეყნებული წერილიც მისი მონათხრობის მიხედვით ჰქონდა აწყობილი.
ატუზულს საუბარი მოესმა:
-ხარლამპ ჩემო, რა ხნისა იყო საბრალო იაკობი?
-იაკობი? გეტყვი ახლა... ესე იგი, მეორე დღეს რმოცდა... მოიცა, რამდენი მითხრეს? ორმოცდაცამეტის ხდებოდაო, მგონი. არა ბიჭო, თუ ორმოცდათერთმეტისო?... გეტყვი ახლა, ეგ იყო სამსონზე სამი წლით უფროსი, ეს დანამდვილებით ვიცი. ესე იგი ორმოცდათერთმეტის იქნებოდა. კი, უეჭველად ეგრე იქნებოდა, ორმოჩდათერთმეტის!
-ახალგაზრდა ყოფილა, მაინც.
-მეცნიერებისთვის, ძალიან.
მალაზონიამ ხელსაყრელი წამი იგრძნო და პირი დააღო მოსაუბრეთათვის სიკვდილის მიზეზი, რომ გამოეკითხა, მაგრამ უცნაურ ფეხზე ამდგარს ესაც არ დასჭირდა _ ესაც დაასწრეს.
-მაინც ვერ გავიგე რამ მოკლა უბედური.
ხარლამპმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ მიუგო:
-ქუჩაში მომკვდარა.
-აუჰ!
-აბა! გულის ამბავი ხომ იცი?... გონებაც დაუკარგავს საწყალს. მშვილდი დაწიე დაბლაო, დაუძახია სიკვდილის წინ ჰაერში. ეტყობა, მოჩვენებები ეწყებოდა.
-აუჰ!
აქ, მალაზონიამ პირიდან ორთქლის დიდი ნაკადი გამოუშვა და ჯერ ნელი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, შემდეგ კი თავიდან რომ ვთქვით, ის უცნაური გრძნობა და ფიქრი მიეძალა.
თეთრაულებთან კი ასე აღარ გამართლებია და კიდევაც კარგი, თორემ უცნაური გრძნობების ცეკვა-თამაში მერე გენახათ. იქ, სახლს ღობეგარშემორტყმული ეზო ჰქონდა და ხალხიც ამიტომ არ ქუჩდებოდა ქუჩაში. ყველა ღობის შიგნით დარდობდა და სწუხდა ახალგაზრდა კაცის წასვლას. ამით იმის თქმა გვინდა, რომ რეპორტიორს სამძიმარზე შესვლა მოუხდა, ხოლო იქიდან გამოსულმა სადაც თავისი ტოლ-სწორნი დაინახა, იქით გაიწია და მათ შეუერთდა. ტკივილით ლაპარაკობდნენ.
-სხვა კაცი იყო.
-სხვა, სხვა...
ეზოში ხის მაგიდა იდგა, მას შემოწყობილნი არაყს ჰხუხავდნენ. მალაზონიასთვის არც კი უკითხავთ ვინ ხარო, ჭიქა გაუვსეს და დედას პური მიაწოდეს. ყველიც იქ იდო, დატეხილი.
-სხვა კაცი იყო, სხვა.
რეპორტიორს დალევა არ უნდოდა. იმ თავისი მორიელებისა ეშინოდა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა არყისა და რეპტილიების ურთიერთობის ამბავი? ვაი, თუ დოსტები გამომდგარიყვნენ?
-სწავლული იყო, ნათელი გონება ჰქონდა.
-აი, ამან დაღუპა, სასმელმა. ჭიქისკენ ერთხელ თუ წაუცდებოდა ხელი, ორი კვირა აღარ გააგდებდა.
-სხვა კაცი იყო.
-სხვა, სხვა.
მერე, კიდევ დაუსხეს. მალაზონია ხელსაყრელ ჟამს ელოდა, ჟამმა კი ცოტა არ იყოს, დააგვიანა. ბოლოს:
-დღეობა როდისა ჰქონდა?
-სხვა კაცი იყო, მღვდელს მისი გაჩენაც არ ჩაეწერა და ამბობდა ყოველი ცისმარე დღე ჩემია, გამიმარჯოსო.
-საწყალი, გულდათუთქული მარეხი იგონებდა, ზამთრის ბილოს თუ გაზაფხულზე გამიჩნდაო...
-სხვა კაცი იყო.
-სხვა.
თავი მეცხრამეტე
მაგილა
სიჩქარესა და ყინვაში ეტლის ძებნა დიდხანს არ მოსწევია _ დუქან \"ავოესთან\" მისულმა შესძახა \"ჰეი, მეეტლევ\", მერე იმ \"ჰეი, მეეტლესთან\" ცოტა ივაჭრა, რაღაცაზე დაიყაბულა, ეტლში ჩემოდნიანად მოკალათდა და კუბოკრული კეპი გაისწორა. ეტლი დაიძრა, ასე, ათ წუთს იარა და მიხეილის საავადმყოფოს მიადგა. ხოვლელმა ოდნავ წინ უბრძანა გაჩერება, მხარზე ხელი დაჰკრა, ახლავე დავბრუნდებიო, უთხრა და არემარე დაკვირვრბით მოათვალიერა. არავინ უთვალთვალებდა. სწრაფად ჩამოხტა, საავდმყოფოს ეზოში ისე შეძვრა, შესასვლელთან ფეხმოცვლით მოხტუნავე ადამიანების ჯგუფს არც შეუმჩნევია. მეეტლემ თვალი გააყოლა, მაგრამ მალე დაეკარგა, ამიტომაც კოფოზე მოიბუზა და წუხანდელი ჭაჭის გუშინწინდელთან შედარებას მიჰყო ფიქრი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ეტლი შეუყანყალდა. მიიხედა. კეპიანი კლიენტი თავის ადგილას ამძვრალიყო.
-წავედით.
-ძალიან შუსტრი ვინმე ხარ, კნიაზ, აი. რამდენი წლისა იქნები? - ეტლი დაიძრა.
-ასაკი რა შუაშია, ჩემო რუფიკ, დაბერება მინდაზე და არმინდაზეა.
-რაზეა?
-დილიხორზე. თუ მთელი ცხოვრება ტკბილი სიბერისთვის ემზადები, ეჭვი არ არის, წლები რომ მოგიგროვდება ჩაჩანაკად იქცევი. აი, თუ სიბერე ჭაღარა ახალგაზრდობა გგონია, არც დაბერდები და არც ცხოვრების ხათაბალა დაგაწყებინებს ბუზღუნს.
-საწყალ მამაშენს ლობიოში ქინძიც არაი აქვს. ეს რა ბალაია? ხათაბალაია.-აღიღინდა მეეტლე. მერე ხმა დაუსევდიანდა, - აი, ჩემი ცოლი, რაღა, მთელი ცხოვრება ამ ჩემი ეტლის ბორბალივით ტრიალებდა, მინუტი რა არის, ერთი მინუტით არ ჩერდებოდა, მაგრამ...ეჰ, მოკვდა.
ხოვლელს არაფერი უპასუია. ერთხანს ორივენი მარცხენა ბორბლის ოდნავ ჭრიალს უსმენდნენ, მერე კი მეეტლემ დაარღვია დუმილი.
-ისე, კნიაზ-ჯან, შენ რა იცი რუფიკა რო მქვიან? როდის მითქვია?
კეპიანს გაეღიმა.
-იცი, როდის? ბევრი წლის წინ, ხელზე ნაკოლკას, რომ იკეთებდი.
-რა?
-წეღან ხელთათმანი მოიძრე? მოიძრე! ხელზე რუფიკა გეწერა? გეწერა! აბა, რაღა გიკვირს?
მეეტლემ თავი მოატრიალა, კლიენტს ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით შეხედა, მერე ხელთათმანში დამალულ მარცხენაზეც დაიხედა, იმ ხელთათმანის წაძრობისა ვერაფერი გაიხსენა, ვერც ვერაფერს მიხვდა და გაჩუმდა.
მტკვარი არ გადაუკვეთავთ, მარცხნივ მიუყვებოდნენ. ავლაბარი და ეგეთები კარგად რომ ჩამოიტოვეს, კიდევ უფრო მარცხნივ დაიჭირეს გეზი.
-კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ, კნიაზ? - იკითხა რუფომ.
-კასრებთან ჩამოვალ.
-ბოჩკებთან? - შეცდომისგან თავი დაიზღვია მეეტლემ, - სახერხის ფარდულებთან?
-ჰო.
მეეტლემ ცალი თვალი მოჭუტა და გადაიანგარიშა ფულს ცოტას ხომ არ ვართმევო. თან გამოუვიდა, რომ ცოტას ართმევდა თანაც მიხვდა, რომ მეტს ვეღარ გამოართმევდა _ ძალიან ოფოფებიანი ვინმე ჩანდა ეს კეპიანი კლიენტი. ამასობაში კასრებთანაც მივიდნენ.
ძალიან ადგილი იყო შერმადინ ხოვლელის ბოლო გაჩერება. ხრიოკზე რამდენიმე ფიცრული იდგა. არავინ სჩანდა. განზე, _ ვინ დათვალა, მაგრამ, მაინც ასე ვთქვათ _ ორმოცდაათამდე დიდი კასრი ელაგა. ცვილის კაცმა რუფო მეეტლეს ხელში დაპირებული თანხა ჩაუდო და ზურგი აჩვენა. პასუხად, რუფომ ერთხელაც გახედა ეჭვით, კაცმა არ იცის რა იფიქრა, იქნებ შეიკურთხა კიდეც, მერე აჩუო და ისევ იმ ქალაქისკენ გასწია, სადაც თავისი ოხერი ცხოვრება პირველი დღიდან აი, აქამდე ქალაქურად გაევლო.
კეპიანი მარტო დარჩა ფარდულებიან ხრიოკზე, მაგრამ არ დაბნეულა. არ დაბნეულა იმიტომ, რომ იცოდა რასაც აკეთებდა. დიდი ჩანთა თუ ჩემოდანი პირდაპირ კასრებისკენ წაიღო და ის კი არა, ერთ-ერთ კასრში შეძვრა კიდეც. ეს საკასრეთი დიდი მიუსაფარი ალაგი იყო და თითქოს სიცარიელის ხმასაც გამოსცემდა, მაგრამ ეს შერმადინ ხოვლელის გულს არანაირად არ ეკარებოდა. გავიდა წუთები, კასრიდან ჩამოძენძილი მათხოვარი გამოძვრა. მათხოვარმა საკასრეთს შემოუარა და გადაღმა მხარეს, ტრიალი და მკვდარი მინდვრის სიღრმისკენ გაუყვა. მინდორს ბოლო არ უჩანდა. ალაგ-ალაგ რაღაც ნაგავი ეყარა.
მიდიოდა ცვილის მათხოვარი, მიაბიჯებდა და კასრებს თუ ჰკითხავდით, პატარავდებოდა. ძალიან, რომ დაპატარავდა, _ ისევ და ისევ იმ კასრებს თუ დაეჯერებათ _ გადახურული ურიკა შემოხვდა. ღონიერ, ქეციან ცხენს უფეხო კაცი მართავდა. უფეხომ მიმავალს გამოჰხედა და გადააპურჭყა. ეტყობოდა პურჭყებაში ფრიად იყო გაწაფული. მათხოვარმა აინუნშიც არ ჩააგდო, როგორც მიაბიჯებდა ისევე განაგრძო და ამ ადგილიდანაც, რომ დაპატარავდა, მარჯვენა მხარეს დაფხრეწილი კარავი დაინახა. კარვის წინ დიდ, ღიპიან, გაბურძგნულ, გაწეწილ და, ალბათ ტილიან კაცს კოცონზე ძველისძველი ჩაიდანი შემოედგა. აქეთ არც გამოუხედავს, ხელებს იქნევდა და ძალიან უცხო ენაზე გაჰყვიროდა რაღაცას.
ამასაც, რომ გასცდა, გადაღმართდა. ცოტა კიდევ გაიარა. ნაგავმა იმატა.
...კარვების, ფიცრულების და ურიკების დასახლება უცბად იწყებოდა და თავისი სუნით, სულითა და შესახედაობით ადამიანს ზედ გულზე აცხრებოდა. ფიცრულების უმეტესობას კარი არ ება, მის მაგივრად ბინძური ჯვალო ეკიდა. ხოვლელი სიღრმისკენ მიიწევდა. ჯერ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ურიკათაგან ბევრს ბორბალი არ ჰქონდა ან თუ ჰქონდა, ისეთი დაბრეცლი, რომ გინდ ჰქონოდა და გინდ არა. მიწაზე ცხენის ნეხვი ეყარა, ზოგი ახალი და ზოგიც გამხმარი. ერთგან ხმაური შემოესმა _ ბავშვები ძაღლის ძვალს აგორებდნენ. ცალკე, ვიღაც აწოწილს და ასე ორმოცი წლისას ამ სიცივეში ბასრი დანებით ჟონგლიორობა დაეწყო. მისი შესრულებით დანის ყოველი გაქნევა კაცის კვლა უფრო იყო, ვიდრე ცირკის ოინი. ალაგ-ალაგ კოცონი ენთო და ქეციანი ცხენები ფრუტუნებდნენ.
ხოვლელი შეუმჩნეველი სვლის ყველა ფანდს იყენებდა და ისე მიიკვლევდა გზას. შიგადაშიგ შეჩერდებოდა, სმენას დაძაბავდა, გამოიკვლევდა ახლომახლო ვინმე ხომ არ სუნთქავდა, მერე რასმე ამოეფარებოდა და იცდიდა. წინ კიდევ მრავლად სჩანდა ურიკები, ფიცრულები და კარვები.
მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს, მათ შორის, თურმე, ჯღან დასახლებასაც. კარვების და ურიკების ველი რომ დასრულდა ცვილის მათხოვარი კარგად ჩაიმალა და იმ მოედანს გაჰხედა, რომელშიც ეს ყველაფერი შედიოდა თუ იზრდებოდა. დიახ, ეს იყო მოედანი გადაღმა მხარეს ჩამუქებული აგურის სამსართულიანი პირქუში შენობით, ჩამტვრეული ფანჯრებით, ნაფანჯრალებზე ალაგ-ალაგ აფარებული ფანერებით, შიგნითვე ანთებული კოცონებით და კიდევ ბევრი ჯანდაბით. ეს იყო არტილერისტთა კორპუსის ოდინდელი, ახლა უკვე გულ-ღვიძლ გამოშიგნული შტაბი, რომლითაც მთავრდებოდა სრულიად გაუგებარი დასახლება. შტაბს ძველი დროებიდან ფართო შესასვლელი კი დარჩენოდა, მაგრამ გამხდარიყო მიმწვარ-მომწვარი, მყრალი და გამურული. შესასვლელის წინ შემორჩენილი მოყანყალე სამი გრძელი საფეხური იხტიბარს არ იტეხდა და თავისი ჭკუით კიბეობდა. კიბის თავზე იდგა ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭი, რომელსაც არყის თითქმის გამოცლილი ბოთლი ხელში ხმალივით ეჭირა და რაღაცას ბღაოდა გაავებული. სანამ შერმადინ ხოვლელი ფასადს სწავლობდა, გალეშილმა ბიჭმა ბღავილს უმატა. საშუალოდ უცხო ენაზე ადიდებდა მავანს, ყველას გამოფატრავს და ზედაც ყელს გამოჭრისო. ხოვლელი უკმაყოფილოდ დაიჯღანა. ნაბიჭვარი აღიზიანებდა ან ხელს უშლიდა. ბედად, ერთ-ერთი გამურული ფანჯრის რაფაზე ვიღაც შემოხტა, ხელები გაანჩხლებით გაპარჭყა და დაიჭყიპინა:
-ეი, ბოზის გაგდებულო, ენა ჩაიგდე, თორემ ამოგგლეჯ.
ცვილის ადამიანს გაეცინა: ის, ვინც რაფიდან დაიჭყიპინა ჯუჯა იყო. ჯუჯამ მრისანედ დააბრიალა თვალები და ჩახტა, ბიჭმა კი შესაბრალისი სახე მიიღო, ბოთლი მიიყუდა, გამოყლაპა, მოისროლა და ხელები გაშალა. ბოთლი ურიკას მოხვდა, მაგრამ ურიკის ბორბალს ძაღლი ყოფილა ამოფარებული. გამოვარდა ძაღლი, მყისვე მიხვდა ვინ დაურღვია მყუდროება, ვინ გააწყვეტინა დღის საამური ძილი, ღონივრად დაიყეფა და გამოენთო. ბიჭმა წიხლი მოუქნია. ააცილა და სასაცილოდ დაეზღერთა მოედანზე. ძაღლი ბარძაყში ჩააფრინდა. ხოვლელს ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. ფასადის მიხედვით გაეთვალა უკანა მხრიდან სად იქნებოდა შენობაში შესასვლელი. ამდაგვარი, ოღონდ ხუთსართულიანი სადღაც ენახა, სამარაში თუ კიდევ უფრო მოუსავლეთში. ბიჭი ოთხით გარბოდა. ოთხით მოსდევდა ძაღლიც. ძაღლი ბიჭს კბენდა. მერე ბიჭი წვეტიან ქვას მისწვდა და ძაღლს თავში ჩასცხო მთელი ძალით. ძაღლი აწკმუტუნდა, მერე რეტიანი სირბილით გაიქცა სადღაც, მაგრამ ცვილის მათხოვარი ამას თვალს აღარ ადევნებდა. პირნაღებინები შენობიდან არავინ იყურებოდა და ამით ისარგებლა, ძალ-ღონე მოიკრიბა რათა რაც შეიძლებოდა სწრაფად შემოერბინა ნაგებობისთვის.
უკანა კარი მართლაც სწორად გამოეთვალა. შიგ შევარდა და წინ ამოზრდილ ტურტლიან ფუთას ამოეფარა. ფუთიდან საძაგელი მწითური კატა გადმოხტა მაწყევარი ჩხავილით. კიბის ქვეშ აღმოჩნდა. იქ, სამარაში თუ კიდევ უფრო მოუსავალში კიბე ცოტა სხვანაირად ახსოვდა. შემდეგი მოქმედების დრო იყო: ერთი, ორი და...
-არ გაინძრე, თორემ გაგაცივებ! - ჩაისისინა ვიღაცამ. კეფაზე ცივი მილის მიდება იგრძნო.
ვერაფერი მოახერხა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ღონიარმა ხელებმა მაჯები ზურგსუკან გაუკოჭეს. ალბათ, სქელი თოკი მოუჭირეს. სტკიოდა. კეფიდან ცივი ლულა არ მოუშორებიათ. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა. გეგმა ირევა\" - გაიფიქრა სიმწრით.
მიმართულებას კეფაზე ლულის მიჭერით ჰკარნახობდნენ. ნაბიჯებს ითვლიდა, გეზსა და მანძილებს იმახსოვრებდა. თავდაპირველად ეგონა იმ კიბეზე აიყვანდნენ, რომლის ქვეშაც შეიპყრეს, მაგრამ სანაცვლოდ მარჯვნივ უბიძგეს ხოლო ის, რის ბოლომდეც გაატარეს, დერეფანი უნდა ყოფილიყო. შემდეგ საფეხურებს აუყვნენ. ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს, იავარქმნილი შენობის კიბეს არ ენდობოდა. მართალიც ბრძანდებოდა _ ორჯერ ფეხის მოტეხვას გადაურჩა. ერთხელ საფეხური არ დაუხვდა თავის ადგილზე, მეორედ კი ბოთლს დაადგა ფეხი. მეორე სართულის დერეფანში არ შეუხვიეს, მესამისკენ აემართნენ.
-ვა, ეს რა ჩიტია? - იკითხა ჩახლეჩილმა ხმამ.
-კაჭკაჭი, - მიუგო დამტუსაღებელმა.
მესამე სართულზე კი თავზე ჩამომხობილ ტომარაში მყრალი სუნი ესტუმრა, შენ მართლაცდა ვინა ხარო.
-თავი დახარე! - უბრძანეს.
ეტყობოდა, რაღაცის ქვეშ გაძვრნენ. შორიახლოდან ქალის მრუშმა კისკისმა მოაღწია. შემდეგ, როგორც ჩანს, უფრო ხალხმრავალ ადგილას გაიარეს, რადგან ვიღაცები შეპყრობილის დანახვამ გააალისა და ბილწი ხუმრობის იშტაზე მოიყვანა. შერმადინ ხოვლელის ყურადღება იმანაც მიიპყრო, რომ ამ შენობაში ვინც კი რამეს ამბობდა ხეირიანად არც ქართული იყო, არც სომხური, არც თურქული, არც რუსული და არც ცვილის კაცისთვის ასე თუ ისე ნაცნობი ბოშური. ვინ, როგორ ახერხებდა.
-გაჩერდი! - უხეშად დაქაჩეს.
ფარდის გადაწევის ხმა მოესმა. შემდეგ ისევ მხარში ჩასჭიდეს რკინის ხელი და და სადღაც შეათრიეს. ისევ გაისმა ფარდის გადაწევის, უფრო სწორად კი, ალბათ უკვე გადმოწევის ხმა. ყურმოკრული ხმების მიხედვით ხოვლელმა დაასკვნა, რომ ოთახში ოთხნი იყვნენ, მათ შორის ჯუჯაც.
-ვინ არის? - იკითხა პირდაპირ, სავარაუდოდ მჯდომმა ადამიანმა.
-გველია. ეხლა მე მეშოკს მოვხდი, დანარჩენი თვითონ გვითხრას.
-ვა, თუ გველია მომე, რაღა და შუაში გავწყვიტავ, - დაიჭყიპინა ჯუჯამ.
პირდაპირ მჯდომი ეტყობა წამოდგა _ სკამი გაუჭრაჭუნდა. ხოვლელს თავის ძალაში თუ ძალაუფლებაში დარწმუნებული ადამიანის ნაბიჯები უახლოვდებოდა.
-ტაკ! რახანც აქ მოსულა ზნაჩიტ და ორი თავი ქონია, ხო ეგრეა?
-ეგრეა.
-ჰოდა, მე ორთავიანი კაცი ნანახი არა მყამს. ნიკაგდა ნე ვიძელ.
-არც ჩვენა, ოქრო-ჯან. არც ჩვენა.
-მაშინ ერთი, ორი და სამი.
უხეშად ჩაბღუჯეს ტომარა და ღონივრად, ხელის ერთი აქნევით სცადეს ცვილის მათხოვრის კისრიდან აძრობა, მაგრამ შემოჭერილმა თოკმა არ გაუშვა. კინაღამ თავი მოწყდა შერმადინ ხოვლელს.
-ერთი, ორი და სამი, მეთქი! - გახალისდა მთავარი.
ისევ ჩაეჭიდნენ ტომარას და ისევ მთელი ძალითა და ღონით აიქნიეს. ხოვლელს ამჯერად კინაღამ ყური აეთალა, მაგრამ, მისდა ბედად ტომარაც აძვრა და ქვეყნიერებას ნათელი დაუბრუნდა. ცვილის ადამიანს ერთბაშად ათმა თვალმა დაუხვიტა სახე და ტანი _ ესაც სწორად გამოუთვლია, ოთხნი ოთახში დახვდნენ, მეხუთემ კი მიიყვანა. თავად შეძლო და მშვიდად მოავლო არემარეს მზერა. მის წინ თვალებგადმოკარკლული კაცი იდგა, მზერით ლოთი და ღონიერი. გარშემო ყველაფერს დაუდევრობის, ველურობისა და ჟამთაგან უვარგისობის იერი ეფინა.
ხოვლელმა შეატყო, რომ პირველი გამარჯვება მას დარჩა, რადგან ისინი მოცახცახე ტუსაღს ელოდნენ, ტომრის ქვეშიდან კი მშვიდი და დაკვირვებული თვალი ამოუვიდათ. მზერა ჯუჯაზე შეაჩერა. გაუღიმა.
-მიცანი?
-ვა!
-მე კიდევ მუნჯი მეგონე. ვას თქმა შეგძლებია. - ხოვლელს ტუჩის კუთხეში დაცინვა აუთამაშდა.
-ვა! ეს, რა ყოჩი გამოდექი, რქიანი. დაჟე ულიბაეშსა, ხო? შენ რა, წერილი რო მოგიტანე სრაზუ მიხვდი ბავშვი რო არ ვიყავი? ვა, ვა, ზნაჩიტ აპასნი ხარ და ის დროა გაგპუტო, რა. მერედა შენგან რა კარქი ესემე გამოვა, იცი? მჭლე ხორცი ვქუსნია...
ყველა ჯუჯას უცქერდა თვალებგადმოკარკლულის გარდა. თვალებგადმოკარკლული შერმადინ ხოვლელს არ აცლებდა გადმოკარკლულ თვალს. ხოვლელმა ჯუჯას გააწყვეტინა.
-ხომ ხედავთ, ბატონებო, მალაკნების ბაზართან ღამე სიარულით აღარ შეგაწუხეთ. თავად მოვედი.
-მოხვედი და ვეღარც წახვალ, ჯიგარო. პასლედნი პუნქტ. მაგილა-ჯან, მიმიშვი რა, ოქრი. ხო იცი რა კარქა ვიცი ესემეები, რას, დვა, რამე, რუმე... - არ ცხრებოდა ჯუჯა.
-სად არის გატაცებული ქალი? - მტკიცედ იკითხა ცვილის კაცმა.
-ვა, ვა, შე ნაბიჭვარო, კაროლი გამომიხვედი, აი! - გაგიჟდა ჯუჯა. შერმადინ ხოვლელმა ანაზდად ტანი გაწია. ჯუჯას ხელში სახიფათოდ ლაპლაპებდა ბებუთი.
სწორედ ასეთ დროს უნდე ჩარეულიყო საქმეში თვალებგადმოკარკლული. სწორედ, რომ ამის დრო იდგა და აპირებდა კიდეც ჩარევას, - ხოვლელი ამას ზუსტად გრძნობდა, - მაგრამ, როგორ ჩაერეოდა? აი, რა იყო მნიშვნელოვანი.
ოთახის მყრალი ჰაერი ბრძანებამ გაკვეთა:
-გაჩერდი, მალიშ, ხვაწიტ!
გამძვინვარებული მალიში უცბად ვერ მიხვდა რა უთხრეს, ბოროტად მიიხედა თვალებგადმოკარკლულისკენ.
-გაჩერდი! - ეს უკვე ბრძანებაზე მეტი იყო. თუ გნებავთ მუქარაც დავარქვათ.
-რა ხდება? სკაჟი კაკოი ნიბუძ, - ჩაიხრიწინა ხოვლელისგან მარცხნივ მდგომმა, ბღუჯა-ბღუჯა წვერიანმა, საშინლად დამუწუკებულმა კაცმა, - ვინ არის ეს მეტრაკე?
მაგრამ, თვალებგადმოკარკლულისთვის ყველაფერი სულერთი ჩანდა, ისევ ძველებური დაჟინებით მისჩერებოდა ხოვლელს.
-ვერა მცნობ? - ამოთქვა ბოლოს.
ხოვლელმა უარის ნიშნად გააქნია თავი. თუ ცნობა იყო თავიდანვე იცნობდა, მითუფრო მისი ნაწრთობ-ნახტუნავები მეხსიერების პატრონი.
-მე კიდევ თავიდანვე გიცანი, პროსტო ჟდალ.
ცვილის კაცმა ხელები გაშალა.
-იმედი მაქვს, სერ, თქვენთვის არაფერი დამიშავებია. - ეს \"სერ\" რაღა იყო?
-ეი, მაგ, რა ჩერტავშჩინაა? ეს ინჩ? - ცალთვალა ბებერი ჩაერია საქმეში.
მაგილამ ინდიელთა ტომის ბელადივით ასწია ხელი.
-სკაჟუ კოტ, მაგრამ მერე.
-ჩუეტ სერცე, ეგ ყველაფერი იმ შენ დამპალ სტუმრების ამბავია. ნე ნრავიცა მნე ეტო. მერე, მამაძაღლი ვიყო... - მაგრამ დამუწუკებულს აღარ დასცალდა, მაგილამ ერთი ძლიერი მოძრაობით ხელი საყელოში სტაცა და ლამის მართლა გადმოცვენილი თვალები ზედ საზიზღარ სახეზე მიადო. - თქვენ, რა, ამიბუნტდით? გაგიჟდით? ჩტო, ზაბილი, არასოდეს არაფერი რომ არ მეშლება? ვერ გაიგეთ, რომ მეთქი გეტყვი, მაგრამ მერმედ?
ცალთვალა უმწეო მუწუკიანის გამოხსნას ცდილობდა, ოღონდ ისე, რომ მაგილას წინააღმდეგ უხეშობაც არ გამოსვლოდა.
-გავიგეთ, მაგილა-ჯან, იახში, ოქრი, გავიგეთ. პონილი, ნუ, - ლიქნად ქცეულიყო წეღან კინაღამ მთელი ქვეყნის გამომშიგვნელი ჯუჯა. ერთადერთი ცვილის კაცი იდგა ცვილის ქანდაკებასავით. ბოლოს დაწყნარდნენ, მაგილამ ოთახს წრე შემოუდრტვინა, ნებისყოფა მოიკრიბა და Yველას გასაოცრად ძალიან ხმადაბლა და მშვიდად თქვა:
-ამ კაცთან მარტო დამტოვეთ. ძელო იესწ.
ვინღა გაბედავდა წინააღმდეგობას. ყველა გავიდა. ისე გავიდნენ, თავიანთ ფეხის ხმასაც კი ჩაუწიეს პატეფონივით. ოთახში, თუკი ის ოთახი იყო, მაგილა და შერმადინ ხოვლელიღა დარჩნენ. მაგილა მიუახლოვდა.
-მე კიდევ სრაზუ უზნალ. გახსომს ბაქო ოცდახუთი წლის წინ? გახსომს რუსი კნიაზის მკვლელობა და რაზბოი? დაგავიწყდა ნეფტით მოთხვრილი ობოლი ბიჭი? ზაბილ, ნავში როგორ ეძინა, შენ კიდევ თავზე დაადექი და რაზბუძილ? აღარ გახსომს კნიაზის ოქროს საათი და ბუმაჟნიკი მაგას რო ქონდა? აღარ გახსომს ცელი ბაკუ მაგის დაპატიმრებას რო ითხოვდა? ტაგდა ლეგკო ბილო ვსიო მაგას დააბრალო და ოსმან ბეი ისე გამოსულიყო, ვითომცდა სპიტაკ. ნამესტნიკმა იცოდა, რომ ოსმან ბეიზე წასვლა, ზნაჩიტ ქალაქში ბუნტია. ყველაფერი დაწყობილი იყო, კაკ ვ კარტი. მთელი ქვეყანა პროწივ პატარა პაცანი ბილ და მარტო შენ გაბედე ის, რაც სძელალ. პომნიშ, როგორ გააპარე? პომნიშ პლან? აბლავა?...
-გამახსენდა.
-პომნიშ, მაშინ, ნა პრაშჩანიე, რა მითხარ?
-მახსოვს. პეტერბურგში დავუთქვი შეხვედრა. დრო და ადგილი ვუთხარი. იმასაც კი ვფიქრობდი, თუ სხვა არაფერი გამოვა ვიშვილებ, მეთქი. რკონში ვაპირებდი დამალვას.
მაგილამ ჩაიცინა.
-ი ნე პრიშოლ, არა? ბედი არ იყო და იმიტო. ტი კაგდა ვ პეტერბურგე იმ ადგილას ელოდებოდი, ის ციგანსკი ტაბორს უკვე ურალისკენ მიჰყავდა.
-სამწუხაროა, - გულწრფელი დანანებით მიუგო ხოვლელმა, თუმცა იქვე ტონი შეცვალა - მაგრამ ეგ ოცდახუთი წლის წინ იყო, მე კი გუშინ გატაცებულ ქალს ვეძებ და ისიც ურალში რომ წავიდეს, ძალიან ბევრ ადამიანს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ის ქალი ჩემი დისშვილია და მე ის უნდა გამოვიხსნა.
ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. შემდეგ, მაგილა ისევ იმ სკამთან მივიდა, რომელზედაც წეღან იჯდა და ზედ მძიმედ დაეშვა.
-ია ვოტ ჩტო სკაჟუ. იმ დღეს, ოცდახუთი ლეტ ტამუ ნაზად, იმ მურიანმა ბიჭმა ურალის გზაზე ფიცი დაიფიცა. ონ სკაზალ, რომ მთელ დედამიწაზე შურს ატამსწიტ, ოღონდ ერთ კაცს გადაუხდის სიკეთეს და იმის მერე პირველს მთელი ცხოვრება ჩესნად აკეთებს, აი, მეორე კი პირველად დღეს შეუძლია ქნას. კლიანუს ბოგომ ი ჩორტომ, ია დოლგა ჟდალ ეტავა დნია.
შერმადინ ხოვლელმა ყური მოისრისა.
-სად არის ჩემი დისშვილი?
-მე არ პახიშჩალ, მაგრამ ვიცი სადაც არის.
-შენ არ გაგიტაცია? კი, მაგრამ ის ჯუჯა შენი კაცი არ არის?
-მალიშ პისმო პრინიოს. მეტი არაფერი.
-შეიძლება ჩამოვჯდე? - იკითხა უცბად ცვილის ადამიანმა, ხოლო მაგილა საუბარში ჩაგდებულმა ასეთმა უბოროტო კითხვამ, რატომღაც შეაცბუნა. თავი დააქნია, კედლისკენ მიმდგარ რაღაცგადაფარებული ყუთისკენ მიანიშნა. ხოვლელი ჩამოჯდა, მუხლები მოისრისა და თვალი თვალში გაუსწორა თანამოსაუბრეს.
-ეს შენი ბანდა იმ კაცის არ არის?
მაგილა კიდევ ერთხელ შეცბა.
-ვისი?
-ვინც ჩენი დისშვილი გაატაცებინა.
თვალებგადმოკარკლულმა წამით იყუჩა.
-იცნობ?
-რაც თავი მახსოვს.
-არა, ბანდა მაია.
-მაშ?
-იმ კაცმა პროსტო პრასილ პამოჩ.
ცვილის ადამიანმა მაგილას სახეს ჩრდილი დაუნახა.
-გეშინია იმ კაცის?
-მე არავის არ მეშინია. ია ვსეხ მაგუ პერერეზაც. იმ კაცმა პროსტო პადასლალ დვა ჩელავეკა და ორ დღეში აბეშჩალი ისპარიცა.
-სონიკო მათ ჰყავთ?
-ჰო.
-აქ? სადმე ახლოს? ამ შენობაში?
-პასლუშაი, - მაგილა მძიმედ წამოიმართა, - ეს დღე ია ვსიუ ჟიზნ ჟდალ და ეგრე ხელიდან არ გავუშვებ, მაგრამ არც იმას ვქნამ, რო ის გოგო მოგატაცებიო ან ჩტობი ტი უკრალ...
-ცდები, ჩემო კარგო. გატაცებით ის თქვენ და თქვენნაირებმა გაიტაცეთ! მე სახლში უნდა წავიყვანო. - გაღიზიანდა ხოვლელი.
-ეტო ვსიო სლავა. ეხლა მე ის ორი აქ მოვიყვან და მოსაგვარებელიც ეგრე მოგვარდება. ეი, მალიშ! - იღრიალა მაგილამ.
ხოვლელმა აღარაფერი თქვა. ფანჯრიდან გაიხედა და დიდ, ხრიოკ ველს მოავლო არაფრისმომტანი მზერა. ველზე ალაგ-ალაგ ბრტყელი, თხელი თოვლი იდო. ოთახში ჯუჯა შემოვიდა.
-ის ორი პრივიძი სუდა.
ჯუჯამ რაღაც ჩაიბურტყუნა, ცვილის მათხოვარი გამოხედვით დაკოდა და გავიდა. მაგილამ პატარა მაგიდაზე თეთრი ფხვნილი მოაპნია. ჯუჯასთან ერთად გავიდა ათი წუთიც. ამ ათი წუთის განმავლობაში თვალებგადმოკარკლული ფხვნილს ყნოსავდა და გადმოკარკლული თვალებს იწითლებდა. ხოვლელი დაკვირვებით ათვალიერებდა ვითომ ოთახის საბრალო ავეჯს.
-ნდა, აქაურობას ეტყობა, რომ ბოშების შემდეგ ცოტა ხნით მაინც მოგიხდა პეტერბურგში ყოფნა, იქიდან კი, ალბათ, ევროპაში წახეტიალდი, დუნაის ციგნებთანაც გაატარე ერთი-ორი წელიწადი. მერე... მერე, მე მგონი ისევ რუსეთის იმპერიაში დაგვიბრუნდი და ადესაში იქურდე ერთხანს. ასე იყო?
მაგილამ პასუხად თეთრი ფხვნილის ახალი ნაკადი შეიყნოსა. თითქოს არც გაუგია, რას ეუბნებოდნენ. ხოვლელს ჩაეღიმა.
-ისე, კარგი მედვეჟატნიკი ჩანხარ, ჯიბეზე კი არ უნდა ვარგოდე.
თვალებგადმოკარკლული ახლა ზურგით იდგა. ნელა შემოტრიალდა, ცვილის ადამიანს ამღვრეული მზერა მიუშვირა.
-ეტო ვსიო ერუნდა. აბა, რამდენი კაცი მყამს მოკლული?
ხოვლელმა წარბები აქაჩა, მაგრამ ამ დროს ნაბიჯების ხმა გაისმა და მოკლულებზე საუბარიც აქ შეწყდა. ფარდა გადაიწია, ფარდის უკნიდან ჯუჯას თავი გამოჩნდა, მაგრამ ტანი არ შემოყოლია. შემდეგ, ჯუჯას თავი გაქრა და მაგილას მოსასვენებელში ორი ჯამბაზი შებრძანდა, ერთი ზორბა, მეორე კაფანდარა.
-ნი უძივლიაისა, ხალხში აგრე დადიან. - განუმარტა ცვილის ადამიანს მასპინძელმა.
-აქ, დასამალს ვერაფერს ვხედავ. სად არის ქალი?!
ჯამბაზებმა მაგილას შეხედეს.
-ეს როგორ გავიგო, მილოსტლივი გასუდარ? - ბოი ხმით იკითხა ბრგემ.
მაგილამ ფეხი ფეხზე გადაიდო.
-იქნებ ჯერ დაჯდე. ადგილები, ხო ხედამ იესტ.
-ეს რას ნიშნავს?
ხოვლელს მობეზრდა:
-მაგილა არაფერ შუაშია, თვითონ გიპოვნეთ. სად არის ქალი?
-ქალი მოკვდება. - წაუსისინა კაფანდარამ, მაგრამ ეტყობა ძლიერაც შეცდა, რადგან ამ სიტყვებზე ჯახუნის ხმა გაისმა - მაგილამ სკამი გადააყირავა, კაფანდარას მივარდა, ნიღბის უკნიდან გამოჩეჩილ თმაში სწვდა, თავი უკან გადააგდებინა და ყელზე დანის პირი მიადო.
-სიჩას პასლუშაი! - კაფანდარას ყელი თვალნათლივ გაესერა, - აქ, კაროლი მე ვარ, ვალეტი კოტია, ყვავის ძესიატკა _ მალიში და კიდევ დრუგიე, თქვენ კიდე სულ არა ხართ ვ ბანდე! პაეტამუ, ბუძეტ ტაკ, კაკ ია სკაჟუ! დღეს ქალი სახლში პაიძიოტ ი ნა ეტომ ვსიო! გასაგებია?!
-ხომ იცი, რა მოგელის? - საკმაოდ მშვიდად ჰკითხა ბრგემ.
კაფანდარას ყელიდან სისხლის ჭიაყელა ჩამოცოცდა.
-ქალი სახში წავა! - მაგილამ ზორბას შეხედა, - ჩტო ვ ზამენ?
ბრგე თავიდან არ პასუხობდა, მაგრამ კაროლმა კაფანდარას ყელს დანა უფრო დაუნდობლად და გვარიანი ოსტატობით გაუსვა.
-ფოტო.
-იესწ? - ცვილის მათოვარს გამოხედა მაგილამ.
შერმადინ ხოვლელმა თითქოს განგებ ამოიოხრა, ფანჯრიდან ერთხელაც გაიხედა და შემდეგ ზორბას მოუტრიალდა.
-მაშ, სურათი გინდათ? აი, თქვენ ორნი გაზეთის რედაქციაში, რომ მიხვედით, მაგრამ ამ ვიზიტამდე რამდენიმე წუთით ადრე რეპორტიორის მაგიდიდან ვიღაც მოხუცს რომ მოუპარავს სწორედ ის ფოტო? შემდეგ, ყველაფერი თქვენს მეუფეს, რომ შეატყობინეთ, მან კი უცბად, რომ ამოიცნო, თუ ვინ შეიძლებოდა ის მოხუცი ყოფილიყო, ისა, ხომ? კეთილი, მოგახსენებთ: მაგ სურეთის ასავალ-დასავალი ჩემთვის უცნობია, მე ეგ ფოტო არ მაქვს...
ყველამ გაკვირვებით შეხედა ცვილის ადამიანს. მან გაიღიმა.
-სამაგიეროდ ვიცი ყველაფერი, ოღონდ ჯერ ჩემი დისშვილი უნდა მოიყვანოთ ამ ოთახში.
ზორბა ჯამბაზს სახეზე რიგ-რიგობით ყველაფერი აუთამაშდა: ბრაზი, ურჩობა, ფიქრი, ბოღმა... ბოლოს ყრლსისხლიან კაფანდარასაც გახედა და თქვა:
-მოაყვანინეთ.
-მალიშ! - იღრიალა თვალებგადმოკარკლულმა.
ჯუჯა სადღაც გაგზავნეს.
-მოჟეშ პრადალჟაც, ეხლა მოიყვანენ. - მაგილამ თითქოს რაღაც ანიშნა შერმადინ ხოვლელს. ხოვლელი მიუხვდა _ დიდი ხნით დაცდა სისხლმდინარე კაფანდარას სიკვდილს და მაგილას იმავე სიკვდილის წინ დაყენებას ნიშნავდა.
-მოიყვანენ! სლოვო დაიუ! - გაიმეორა კაროლმა.
-რეპორტიორის მაგიდაში ფოტო არ იდო, - ამას ხოვლელი უკვე მარტო ზორბას უამბობდა, რადგან ოთახში მისი მონათხრობის გამგები მეტი აღარავინ იყო, - ამიტომაც, ვიფიქრე, რომ თქვენ ის მაშინ აიღეთ, როდესაც რეპორტიორს სიცოცხლე აართვით, მაგრამ მალე დევნა, რომ შევამჩნიე, მივხვდი თავადვე ჩემგან ცდილობდით სურათის შესახებ რაიმეს შეტყობას. ერთი სიყვით გავიგე ფოტო თქვენ რომ არ გქონდათ და რეპორტიორის კვალს მივყევ...
დერეფნიდნ ნაბიჯების ხმა მოისმა. ორნი მოდიოდნენ. ერთის ნაბიჯი ხშირი იყო, ისეთი, თითქოს ვიღაც გაბოროტებული ადამიანი უკანმოუხედავად გაქცეულ ცხოვრებას მისდევს და ვერ ეწევაო, მეორისა კი მსუბუქი და თუკი ნაბიჯზე ასე შეიძლება ითქვას, თბილი. ხოვლელმა კმაყოფილი ღიმილით გაიღიმა და შეწყვეტილი აზრი ახალი ტონით დაასრულა:
-მივყევ და რეპორტიორს სურათიანად მივაგენი.
-სად? - ლამის შეხტა დიდი ჯამბაზი.
-იქ, სადაც ახლა ყველანი ერთად წავალთ. მაგილა, ერთხელაც მეცი პატივი და რამდენიმე კაცი გამოგვაყოლე. ამათგან ხომ იცი, ყველაფერი მოსალოდნელია.
თავი მეოცე
ხელი ბუჩქთან
სონიკო ურიკაში დატოვეს. ძია შერმადინის მზრუნველ მზერასა და რამდენიმუ ბინძურზე ბინძურ, თბილ გადასაფარებელს ამ ქვეყნისკენ მოებრუნებინა. ძილსა და ღვიძილს შორის ლივლივებდა, მაგრამ უფრო ძილისა ბრძანდებოდა. ტფილის ქალაქს აღმოსავლეთის მხარეს გასცდენოდნენ. ახლომახლოს, ალბათ იყო სოფლები, მაგრამ იმ ადგილიდან, ეს ადგილი კი მტკვრის ნაპირი გახლდათ, ერთი სახლიც არ სჩანდა. წყლის ჩუხჩუხისა და ზამთრისგან გაძარცვულ დაბალ ხეთა მოსაწყენი საუფლო მოხეტებულებს უგულოდ აკვირდებოდა. მაგილა ბოროტად ატრიალებდა გადმოკარკლულ თვალებს, ჯამბაზებისას კი ვერაფერს გაიგებდით: კაფანდარას მუქი ყელსახვევი შემოეხვია და, მართალი რომ ვთქვათ, დაშინებულიც სჩანდა, ზორბა კი ეჭვის თვალით უყურებდა ყველაფერს. კიდევ, იყვნენ კოტი და მალიში. ორივე მალიმალ იგინებოდა.
-მიდი, გიცქერ და მოგყვები. - მიმართა ხოვლელს დიდმა ჯამბაზმა. ხოვლელმა არაფერი უპასუხა, მიმოიხედა და წყლისკენ გაემართა. მალიშმა ფიჩხის შეგროვებას მიჰყო ხელი, კოცონის დანთებას ფიქრობდა. ნელა გადიოდა დრო, მომაბეზრებლად. იქნებ იმიტომ, რომ თავად ხოვლელი ირჯებოდა ნელა? დინჯად, დაკვირვებით ჩხრეკდა ყოველ ნაბიჯს, ყოველ ბუჩქსა თუ ჩრდილს. ხან წყალში იყურებოდა, ხანაც წყალში გადაყოფილ ტოტებს ქვეშ. მუხლებამდე სველი ბრძანდებიოდა, ბინდი კი მატულობდა. ბინდისთვის სულერთი იყო ყველაფერი.
-ყველაფერი ტყუილია, - თქვა კოტმა და მალიშის დანთებულ კოცონს ჩაეხუტა. მაგილას ამღვრეული არყის ბოთლი წამოეღო და ყლუპავდა.
-დაი პაპიწ, - ხელი გაუშვირა კოტმა.
-ამასაც მიეცი, თორემ ზამიორზნიტ, - მალიშზე მიუთითა მაგილამ, - ონ უ მენია კაკ ვნებრაჩნი სინ.
ჩახუხეს.
-მისმინე, მაგ, მალიში მართალა. ეგ შენი ძმაბიჭი ან ძღენს გვაჭმევს ანაც ამ სიბნელეში ნიჩივი ნი ნაიძიოტ. - გადაულაპარაკა არყისგან დაჭყანულმა კოტმა კაროლს.
-ფეხებზე მკიდია.
ხოვლელი კი კარგა გაცილებოდა თანმხლებთ. ბრგე ჯამბაზი სანახევროდ მისდევდა, კაფანდარა კი ვერც მათთან იყო და ვერც კოცონთან. მდინარის გადაღმა, სილუეტად ურემი გამოჩნდა. ჯიშიანი ხარები ება.
-რას აპირებ? - არ მოეშვა თვალებგადმოკარკლულს კოტი.
-არაფერს. სამ ზნაეტ სვაიო ძელო.
-ნი ვერიუ.
და სწორედ ამ დროს მოისმა:
-აქეთ!
შერმადინ ხოვლელი ეძახდათ.
პირველი ზორბა გაიქცა, მერე კაფანდარა. დანარჩენებიც წამოიშალნენ. მუხლამდე წყალში შესული ცვილის კაცი მდინარიდან ბუჩქის ქვეშ ამოყოფილ ხელს უცქერდა.
-ბრიყვი, - ჩაიბუტბუტა ხოვლელმა, - სამი ძნის პირდაპირო. აქ, ყოველ ნაბიჯში სამ-სამი ძნაა.
ზორბამ მოირბინა და შეიგინა.
-მომეხმარე, - უთხრა ხოვლელმა. გვამის ამოთრევა და ნაპირზე დაგდება გაუჭირდათ.
-ქაქს გვაჩრეკინებენ. - ბუზღუნებდა წამოსწრებული კოტი.
გვამს სახე ხეირიანად არც ეტყობოდა, მაგრამ ახალგაზრდა რომ იყო ძნელი მისახვედრი არ გალდათ. ხოვლელმა ბრგა ჯამბაზს მკლავში მტკიცედ მოჰკიდა ხელი. ჯამბაზმა გაღიზიანებით შეხედა.
-ცნობ? - ჰკითხა ცვილის კაცმა.
-რა?
-თუ ცნობ?
-ამას დედამისი ვერ იცნობს, შენ რეებსა ბნობ. ეხლა ნი სკაჟი, რომ დაბლა ხალი აქვს ან რამე ეგეთი... - ჩაერია როგორჩ ჩანს იშტაზე მოსული მალიში, მაგრამ მაგილამ ხელის გაკვრით გააჩუმა.
-ნუ ყბედობ. ი ტაკ ღამდება და დრო აღარ არი.
მაგრამ ცვილის ადამიანს აჩქარებისა არაფერი ეტყობოდა და ვერც მალიშის სიტყვებს მოეხდინა მასზე დიდი გავლენა.
-ტანსაცმელი, ძვირფასო მალიშ, ისევ დედის ნაყიდი აცვია. ასე ვთქვათ რაც აქ მობრძანდა გამოცვლა ვეღარ მოახერხა და ამიტომ, რაშიც ვერ ერკვევით, გთხოვთ, ნუ ჩაერევით.
ზორბა ჯამბაზი კი ამას აღარ უსმენდა, რადგან მუხლებზე თითქოსდა სალოცავად დაცემული მკვდრიათვია ჯიბეების ქექვით იყო დაკავებული. მეორე მხრივ კი მართლაცდა ვინ იცის, იქნებ მისი იმედი და ხსნა იმ წუთებში სწორედაც, რომ ეს გვამი ბრძანდებოდა, მაგრამ ამას ჩვენი თხრობისთვის ამწუთას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
კოტმა დამხრჩვალს დააფურთხა. მერე, კაფანდარაც მივიდა, ისიც აპირებდა რაღაცას, მაგრამ მისი ჩარევა აღარ გახდა საჭირო _ ზორბამ მიცვალებულს ჯიბიდან დამბალი და დამპალი ქაღალდი ამოუღო.
-მანახეთ, გეთაყვა, - ფარული დაცინვით მიმართა შერმადინ ხოვლელმა.
ზორბამ თვალები დაუბრიალა. დღე კვდებოდა, მაგრამ ჯერ იმდენს კი ახერხებდა, ადამიანებს და ადამიანის მაგვართ გაფუჭებული ფოტოს დანახვა, რომ შეძლებოდათ. ჯამბაზები დაჟინებით დასცქეროდნან ქაღალდს. ქაღალდზე ლაქებად სამნი იდგნენ, მაგრამ, აი, ვინა და რანი ბრძანდებოდნენ ამას თავად ბელზებელიც ვერ ამოიცნობდა.
მატულობდა ღამე.
შემდეგ ყველანი ურკას დაუბრუნდნენ. მუხლებამდე სველ ძიას სონიკომ ტურტლიან გადასაფარებელთაგან ერთი დაახმარა. ორსაც მისცემდა, მაგრამ ძიამ არ ჰქნა. კოტი მიეგდო, ხვრინვა ამოუშვა. მალიშმა ქეციან ცხენებს ჰაცე შესძახა, ხოლო მაგილამ ჯიბიდან ბალახი ამოიღო და ურიკის ლაყლაყში შეხვევას შეუდგა. დიდად გაწაფული სჩანდა ამ საქმეში. ეტყობოდა, რომ ბოშათა ბანაკში გატარებულ წლებს უქმად არ ჩაევლო, ურიკის ლაყლაყი ხელს ვერ უშლიდა. ჭრიალებდნენ და ჭრიალებდნენ ბორბლები. ჯამბაზები ერთმანეთს მისჩერებოდნენ. შორს ტფილისის წერტილები ბჟუტავდა.
დაბნელდა. მტკვრის პირას, ახალგაზრდა კაცის გვამთან ვიღაც საკაციანი ადამიანები მივიდნენ, მიცვალებული ზედ დაასვენეს და სადღაც წაიღეს.
თავი ოცდამეერთე
სონიკოს კისკისი
-ჰა,ჰა,ჰა... - გადაიხარხარა შერმადინ ხოვლელმა და ბუხარში წვერდამწვარი ნაფოტი შეაგდო. იმ ნაფოტით წამის წინ ჩიბუხს მოუკიდა, - მაშ, მხოლოდ ერთი მორიელი გამოჩნდა და ისიც ფრმმკრთალი? მე თქვენს ადგილას გავლოთდებოდი.
ეს ბუხარი ხოვლელისაზე დიდი, შესახედავად კი სადა იყო. შორიახლოს, ნახევარტახტსა თუ ნახევარსავარძელში მისვენებული, დათვის ტყავში გახვეული სონიკო იღიმებოდა და სხეულიდან გასულ დღეებს სდევნიდა. ხოვლელის ჩიბუხიდან სურნელოვანი თამბაქოს ღრუბელი აცურდა. მაგიდასთან რეპორტიორი მალაზონია ფრიადი მონდომებით თლიდა ლორს და ჭვავის პურს ატანდა. ერთ ფანჯარას ფარდა სრულად არ ფარავდა და კარგად ჩანდა, რომ კარში ისევ ბარდნიდა. თოვლი ეფარა ეზოს, ტოტებდახრილ ხეებს, ჭაზე გადაფარებულ ფიცარს, ღობეს, სოფლის აღმე-დაღმა სახლებს, მათ ეზო-კარს, საკვამურებიდან აფანტულ კვამლს, საბძელებს, ხევებს, მთებსა და ტყეებს... ზამთრის დუმილი სახლებში იპარებოდა და ადამიანებს გულს უამებდა, ცხოვრებას სიმშვიდით აზავებდა.
-და უნდა ვთქვათ, პირდაპირა და დაუფარავად, რომ ამ ჩვენმა თავგადასავალმა მეტწილად სამოსს გაავლო მუსრი. წუხელ, ჩაძინებამდა სწორედ ამას ვფიქრობდი. ჩემი ტანსაცმლიდან ხომ არაფერი დარჩა, ერთი ხელი, თუ რამე არ მეშლება, თქვენც დაგეკარგათ და... - წინადადების დასასრული მთლად კარგად ვეღარ გაისმა, რადგან მალაზონიან ლორი ჩაიდო პირში.
-მართლაც, გული დამწყდა. ეხლა, იმ კასრებთან მისვლას რაღა აზრი აქვს, ჩემს ქათქათა სამოსს ხომ იქ აღარავინ დატოვებდა, - ჩიბუხით ჰაერში რაღაც წრე შემოაზა თეთრმა ადამიანმა.
რეპორტიორმა კვერი დაუკრა.
-კიდევ რა იფიქრეთ, ბატონო მალაზონია? - მხიარულად შეეხმიანა სონიკო, - თქვენ ყოველთვის რასმე ისეთზე მიაპყრობთ ხოლმე ყურადღებას, რასაც სხვები უყურადღებოდ ვტოვებთ.
-კიდევ, მომაგონდა, რომ თქვენი ჩანთაც შეიწირა ამ ამბავმა.
-ცუდად გცნობივართ.
-როგორ? თავად არა თქვით?
-ო, ყმაწვილო, მეტი დაკვირვება გმართებთ. სონიკომ უთუოდ სხვა რამ გითხრათ, ვინაიდან მე, ჯერ კიდევ იქ, უწმინდურთა ბუდეში შევამჩნიე, რომ სარდაფიდან ამოყვანილ ჩემს დისშვილს ჩანთა ისე ჩაებღუჯა, გეგონებოდათ მის გამო იყო მთელი ორომტრიალი ატეხილი. სონიკო ჩანთის ასეთი ჩაბღუჯვით, თითქოს თავის გაუტეხავობას უმტკიცებდა არამზადებს.
-ღმერთო ჩემო, მაშ საერთოდ ამრევია გზა-კვალი.
-აი, ჩანთა, - სადღაც მიუთითა სონიკომ, მაგრამ მალაზონიას იქით აღარ გაუხედავს, რადგან ერთი, რომ შერცხვა და მეორეც, ამ შერცხვენის დამალვა ლორისა და ჭვავის პურის მორიგი ლუკმით სცადა.
ოთახს მეტად და მეტად ამძიმებდა თამბაქოს ბოლქვები. რეპორტიორი წამოდგა და კარადისკენ წავიდა.
-თითქოს მჟავე კიტრიც იყო სადღაც.
ხოვლელს გარცინა.
-ასე იცის, მართალია.
-რამ?
-თქვენი ორგანიზმი იწმინდება, ბატონო მალაზონია, ასეთ დროს კი მადა უნდა გაღვივდეს. ეს ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების გზას ადგახართ.
-მადლობა ღმერთს! - ჩაილაპარაკა სონიკომ.
მალაზონიამ სამი მოზრდილი კიტრი იპოვნა და მაგიდას დაუბრუნდა.
-მაშ, ჩვენი მასპინძელი დღეს დაბრუნდება?
ცვილის კაცმა თავი დააქნია. გარეთ ბარდნიდა. ორღობეში გლეხმა ჩაიარა. მხრებზე რაღაც ძელი გაედო, ზედ ხელები გადაეწყო და თოვლს მიახრაშუნებდა. ადევნებული ძაღლი გაუკველავზე პატარა ნაფეხურებს სტოვებდა.
მერე:
-ძია შერმადინ!
-გისმენ, ჩემო კარგო.
-მგონი დროა ყველაფერი დალაგებით გვია. მე კიდევ არა მიშავს, რაღაცები ვიცი, მაგრამ ბატონი მალაზონია...
ბატონი მალაზონია კიტრს ახრაშუნებდა. თეთრ კაცს ინტერესით გახედა. ხოვლელმა, თავის მხრივ, ბუხარში ცეცხლს გაუსწორა თვალი, ერთხანს ჩუმად იყო, ეტყობა ფიქრი დაალაგა, მერე ცაახველა და ამ ჩახველებაზე მჟავე კიტრმაც შეწყვითა რეპორტიორის პირში ხრაშუნი.
-მართალი გითხრათ, ასე საუბარი არ მიყვარს. გიამბობდით, დასამალი რაა, უეჭველად გიამბობდით, ყველაფერს, მაგრამ რა გიამბოთ? მე ხომ ბოლომდე თავად არ ვიცი ამ ამბის ალფა და ომეგა. მეტიც, რაც უმთავრესია, სწორედ ის არის უცნობი.
-და მაინც, ძია შერმადინ, მეტი აღარ აღარ შეიძლება. ფარდა უნდა ასწოით. ცოტათი მაინც. გთხოვთ, ნუღარ გვაწვალებთ.
შერმადინ ხოვლელი წამოდგა, დინჯად დაიწყო ბოლთის ცემა. შემდეგ ამოიოხრა.
-უჰ! ჯერჯერობით მართლაც არ არის მოსათხრობი, მაგრამ, რაკიღა დაიჟინეთ, რა გაეწყობა.
მალაზონიას გახედა. რეპორტიორი სმენად ქცეულიყო.
-დასამალი რა არის ყმაწვილო, რომ ამ ამბისადმი ცნობისწადილი თქვენი შეშლილი სახის დანახვამ აღმიძრა. გთხოვთ თვალნათლივ წარმოიდგინოთ ასეთი სურათი: შინ მშვიდად ვზივარ, მეტიც მოწყენილი ჩემივე სავარძლის ნაწილად ვარ ქცეული და უცბად, იმ, თქვენთვის კარგად ცნობილი კარადის კარიდან ჩემს სათაყვანებელ დისშვილს მხარზე გადაკიდებული გიჟი კაცი შემოჰყავს. როგორია? ვხედავ საბრალო ქალიშვილი დატანჯულა, დაღლილა და ლამისაა წაიქცეს.
-ნუ, ძია შერმადინ...
-ნუ? სონიკო, ძვირფასო, დღემდე ვერ წარმოვიდგინე, როგორ ამოიყვენე უფალი მალაზონია ჩვენი სახლის კიბეზე. თან, პირველი შთაბეჭდილება ის შემექმნა, რომ თქვენ, ბატონო ჩემო, ღვინითა და არყით ბრძანდებოდით გამძღარი.
მალაზონია გაწითლდა. ხივლელმა განაგრძო:
-ამგვარად საქმეში იმთავითვე მომიხდა ჩართვა _ თქვენ იყავით საპატრონო. მაგრამ როგორ? ნება მომეცით დავიტრაბახო, რომ ხუთ წუთში მივხვდი - მთვრალი არ ბრძანდებოდით. ვხედავდი, ჩემს წინაშე იყო მოწამლული ახალგაზრდა კაცი. მერწმუნეთ, ყმაწვილო, ასეთ საკითხებში გვარიანად გამოცდილი ადამიანი გახლავართ და ცხოვრებაში ბევრ შხამთან მქონია საქმე, მაგრამ კერძოდ რა ჯურის საწამლავით ბრძანდებოდითYგაბრუებული, ეხლაც არ ვიცი და მაშინ ხომ მითუმეთეს ვერ ამოვიცნობდი. ასე და ამგვარად, ყველაფერს იქითკენ მივყავდით, რომ ორიდან ერთი, ან თვითმკვლელი უნდა ყოფილიყავით ან მსხვერპლი, მაგრამ დახმარება ყველა შემთხვევაში გჭირდებოდათ. ერთი ხნის წვალების შემდეგ თქვენი საწოლში ჩაწვენა და ჩვეულებრივი ძილით მიძინება მოვახერხეთ. სხვანაირად, რომ ვთქვათ, უკვე ვიცოდი, აღარ მოკვდებოდით, მაგრამ...
მალაზონიას ხელიდან მჟავე კიტრი გაუვარდა.
-...მაგრამ, საიდუმლოს ამოცნობის დემონს უკვე ვყავდი შეპყრობილი.
ხოვლელმა ბუხრიდან ცეცხლწაკიდებული ნაფოტი ამოიღო და კვლავ ჩიბუხს მოუკიდა.
-ერთი სიტყვით, ჩემს წინ ან თვითმკვლელი იყო ანაც მსხვერპლი, მაგრამ რად უნდა მოეკლა ჩვენს დროში თავი გაზეთის რეპორტიორს, რომელიც გზნებარე წერილებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და მეოცე საუკუნისკენ მიტრიალებას ლამობს? რად უნდა იკლავდეს თავს ვაჟი, რომელიც მალიმალ აკითხავს ქალს...
ამ დროს სონიკომ დააცემინა და ცვილის კაცის ბოლო სიტყვები ფსევდოთვითმკვლელმა მალაზონიამ ვეღარ მოისმინა. სამაგიეროდ მკაფიოდ გაისმა შემდეგი:
-მოკლედ, თვითმკვლელობა იმთავითვე გამოვრიცხე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ მოიკლავდით თავს უჩვეულო შხამით, როელი ქიმიკოსი თქვენა ბრძანდებით ნივთიერების გამოცდა რომ გდომებოდათ? ანდა, როდის იყო ადამიანი თვითმკვლელობის მიზნით მოჩვენებათა გამომწვევ შხამებს ეტანებოდა? დიხ, ბატონო ჩემო, თქვენ მსხვერპლი ბრძანდებოდით, ამოსაცნობად კი ისღა მრჩებოდა, ვის და როგორ გადაეღობეთ გზად. რა უნდა ყოფილიყო თქვენი მოკვლის მიზეზი? კერძო ცოვრება? არა, რადგან თქვენი პიჯაკისა და სონიკოს მონათხრობების შემყურე და გამგონე ამას ვერ დავიჯერებდი. თქვენი საქმიანობა ანუ გაზეთი? და რით შეიძლებოდა მგზნებარე რეპორტიორს ასეთი სასტიკი რისხვა დაემსახურებინა? იმთავითვე ეჭვი გამიჩნდა, რომ წერილით. იმით, რასაც მიმომხილველთა წრეებში პუბლიკაციას უწოდებენ და ვინაიდან ეჭვი არსებობდა, გამოდიოდა, რომ მე უნდა მეპოვნა თქვენი ის ნაწერი, რომელსაც მავანი ადამიანის აღშფოთება ან შეშფოთება და მკვლელად ქცევა შეეძლო.
ხოვლელი წინ გადაიხარა.
-დააკვირდით ჩემო კარგებო, აღშფოთება ან შეშფოთება, - თითქოს თითოეულ სიტყვას სწონიდა, სწავლობდა და ზომავდა, - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. აღშფოთება, ბატონო მალაზონია, შეიძლება გამოიწვიოს უკვე გამოქვეყნებულმა წერილმა და ასეთ შემთხვევაში ის, ვინც რეპორტიორს ჰკლავს შურისმაძიებელია. შეშფოთება სხვაა. ეს ის არის, როდესაც ვიღაც წინასწარ იგებს, რომ ესა თუ ის ადამიანი საჭირბოროტო საგანზე წერილს ამზადებს და ასე რომ არ მოხდეს ამ ადამიანს გზიდან იცილებს. ეს, ჩემო კარგებო, ჩემი შეხედულებით გაცილებით დიდი მზაკვრობაა, ვიდრე აღშფოთებული ადამიანის ფიცხელი ბრაზი, რაც ხშირ შემთხვევაში სისულელეა და მეტი არაფერი. რის მაქნისია ცხელ გულზე დანაშაულის ჩადენა? არაფრის. ეს გახლავთ იმ გულის ფხანა და თავის ხიფათში ჩაგდება, მეტი კი არაფერი. და რა არის წინასწარი მოფიქრებითა და გეგმით კაცის მოკვლა? მეთანხმებით ხომ _ ეს სულ სხვა რამ არის. თუგინდ დააკვირდით მკვლელობის ხერხს: ბოროტის მზრახველი მსხვერპლს შხამს აძლევს და თან ისეთს, რომელიც საათების შემდეგ, სხვაგან, სადღაც ქალაქში, სულ სხვა გარემო ვითარებაში იწყებს ადამიანის მოკვდინებას. ეს ხომ კვალის გაქრობაა. ეს დახვეწილი ბოროტებაა და მას გახელებული კაცის შურისძიებასთან საერთო არაფერი აქვს.
ხოვლელი ახლა ფანჯარასთან მივიდა. ისევ თოვდა მშვიდად, დიდი ფანტელებით და თანაბრად. ასეთი თოვლი გულუბრყვილოა, ჰგონია, რომ ქვეყნად ბოროტება არ არსებობს.
ცვილის ადამიანმა განაგრძო:
-იმ საღამოს გეგმა მოვიფიქრე: უფალი მალაზონიას რედაქციაში უნდა მივსულიყავი და მისი ქაღალდები მექექა. ვფიქროდი, რომ იქ აუცილებლად მივაგნებდი მინიშნებას და მინდა გითხრათ, რომ ჩემი რწმენის თანახმად ეს საუკეთესოდ სწორედ თქვენთან საუბრის შემდეგ გამოვიდოდა, მაგრამ თქვენ, ჩემო ბატონო მალაზონია, მოიმოქმედეთ ის, რაც მე ვერ გავითვალისწინე _ შუაღამით გაიღვიძეთ, ვერ მოისაზრეთ, რომ უკარო ოთახი ყოვლად შეუძლებელია და აივნიდან გაიპარეთ.
-ძია შერმადინ, ეს ხომ...
ხოვლელმა ხელის მტკიცე აღმართვით გააჩუმა დისშვლი.
-დამამთავრებინე თხრობა, სონიკო.
ბუხარში შეშა გატკაცუნდა.
-ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასებო, მეორე დილით, ადრიანად გამოვიკაზმე და \"ტფილისის კურიერის\" რედაქციისკენ გავწიე. რატომ ვიჩქარე? იმიტომ, რომ იმხანად ჩემთვის ჯერაც ბუნდოვან და უცხო ვინმესა თუ რამეს რომ არ დაესწრო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად გაპარულ ბატონ მალაზონიასაც შეეძლო დილით სამუშაოზე მიბრძანებულიყო, რითაც, ბუნებრივია თავს ხიფათში ჩაიგდებდა.
-მართლაც ვინ იცის, რა მოხდებოდა იმ ღამით, თქვენგან გაქცეულს, შინ, ჩემს ოთახში, ვიღაც საშიში ხალხი რომ არ შემემჩნია. ოთახი ხომ ერთიანად გადმოტრიალებული დამიხვდა, - ჩაურთო მალაზონიამ.
ცვილის ადამიანმა კვერი დაუკრა.
-მართალი ბრძანებაა, ოღონდ ეგ ამბავი მე მერე შევიტყე, იმ დილით კი რედაქციაში ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ერთი სიტყვით და ასე იყო თუ ისე, მივედი, ბატონი მალაზონიას მეგობრებს თავი აჭარელ მამულიშვილად წარვუდგინე და ... თუმცა, იქ როგორ ვიმოქმედე მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ თქვენი უჯრიდან ყველაფერი მოვიპარე და ოთახიდან, რომ გამოვედი კიბიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. იცით, ჩემო კარგებო როდესაც უფალი ძლიერი გონებით გაჯილდოვებს, ძალიან კარგი იქნება ბედსაც თუ გაიმეტებს, თორემ ამ სიბერეში ვხვდები, რომ არის ჩვენი მზის ქვეშ რაღაც-რაღაცები, რაც თვით ჩემი დედუქციის საზღვრებს სცდება, ოღონდ ეს მაინც საკამათო თემაა და ამიტომ მასზე დიდხანს ნუ შევჩერდებით.
-რა დროს თქვენი სიბერეა, ძია შერმადინ.
-ნურც მაგაზე შევჩერდებით. აი, იმაზე კი დასტუ ვისაუბროთ, რომ სწორედ მაშინ, \"ტფილისის კურიერის\" რედაქციის ოთახიდან გამოსული მივხვდი _ სწორ გზას ვადექი, ლოგიკა არ მღალატობდა. აბა, სხვა რა უნდა დავარქვა იმას, რომ მათ კვალში ჩავუდექი და პირიქით, მე დავასწარი.
-ვის?
-ვის, ძია შერმადინ?
მაგრამ ხოვლელმა ეს შეკითხვა ვერ გაიგო. რატომ? ამას ჩვენ ნუ გვკითხავთ, არ ვიცით. იგი განაგრძიბდა:
-შინ დაბრუნებულმა ბატონი მალაზონიას უჯრაში ვინ იცის რამდენი ხნის ჩაგროვებული ათასი ქაღალდი და ქაღალდის ნაკუწი ვიკითხე, თუმცა ერთადერთი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო გახლდათ აშკარად დაუსრულებელი წერილი ქართველ სწავლულთა სრულიად გაუგებარი ექსპედიციის შესახებ. ამ წერილში იყო მთელი აბზაცები შეუსწავლელ ადგილებსა და მიკარგულ ტაძრებზე, რომლებიც თვალით არავის უნახავს, მაგრამ სადღაც აქ, ქართლსა თუ კახეთში, სვანეთსა თუ რაჭა-ლეჩხუმში არსებობენ და ექსპედიციონერთა ვარაუდით ერთ-ერთი მათგანის შორიახლოს მათ ამ ზაფხულს თავადაც იტრიალეს. გახსოვთ, უფალო მალაზონია, ასეთი სიტყვები თქვენი დაუსრულებელი ნაწარმოებიდან? ეს ყველაფერი საიდუმლოზე მიუთითებდა. მერედა, თუ შეუსწავლელ ხევებს, ბილიკებს და იდუმალ მონასტრებს ბატონი რეპორტიორის მისტიკურ მორიელებსაც დავამატებდით...
მალაზონიამ ხელში ჯერ კიდევ შემორჩენილი მჟავე კიტრის ნარჩენი ჩაახრამუნა. ხოვლელმა კეთილად გაიღიმა:
-ვერ გეტყვით ტფილისის საზოგადოებისთვის რა და როგორ, მაგრამ ჩემთვის თქვენს წერილს, ჩემო კარგო, ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა. მეტადრე ყურადღება იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც მავან ფოტოგრაფსა და მის გადაღებულ ფოტოზე იყო საუბარი. იცით, რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ ხსენებული ფოტოოსტატი, გვარად ენიკალოპოვი, შეუსწავლელი და შესაძლოა სრულიად საიდუმლო ადგილების ფოტოგრაფიებს ფლობდა. სასწრაფოდ ფოტოგრაფ ენიკალოპოვთან! - მოვუწოდე თავს და ბერძენ ვაჭრად გადაცმულმა იმ სალონს მივაშურე, რომელთანაც ვორონცოვის მოედანზე ყოფნისას ორჯერ თუ სამჯერ გამივლია.
-ძია შერმადინი ყველაფერს იმახსოვრებს. გასაოცარია, - კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა ბიძით სონიკო.
თეთრ ადამიანს თვალები გაუბრწყინდა, ბუხრის წინ დაწყობილი შეშიდან ერთი აიღო და ცეცხლს აჩუქა.
-ენიკალოპოვი მკვდარი დამხვდა, - თქვა უცებ, - მისი სალონი იავარქმნილი, ხოლო სალონის ახალი პატრონი დაბნეული. იქ, სალონში, იმ დაბნეული კაცის და ჩემს მისვლამდე მავანნი რაღაცის ძიებაში ყველაფერს დაბლა ყრიდნენ და თავდაყირა აყენებდნენ. ერთადერთი, რაც მე დამრჩენოდა იმის შემოწმება გახლდათ თუ რა წაიღეს. მეორე მხრივ დღესავით ნათელი იყო რასაც წაიღებდნენ, ამიტომაც ამ ისტორიას დაწვრილებით ნუღარ მომაყოლებთ.
-ძია შერმადინს იმის გახსენება, თუ როგორ დაასწრო სხვამ, არ სიამოვნებს, - სიყვარულით გაკენწლა მთხრობელი დისშვილმა, მაგრამ ცვილის ადამიანმა ეს ხუმრობა ცალ ყურში შეუშვა და მეორედან გაუშვა.
-დიახ, დიახ. ფოტოგრაფის სალონიდან გაქრა ფირი, შეუსწავლელ ტყე-ღრის გამოსახულება. ამგვარად რჩებოდა ერთადერთი თვალსაჩინო ფაქტი - სურათი, რომელიც თქვენს წერილში იყო მოხსენიებული და რომლის ასავალ დასავალიც არავინ იცოდა თქვენს გარდა... თუმცა, ვაგლახ, მერე გაირკვა, რომ არც თქვენ იცოდით. მომშივდა, რაღაც.
-დაგიმზადებთ, ძია შერმადინ, - წამოიწია სონიკო, მაგრამ რეპორტიორმა შეაჩერა:
-თქვენ იყავით, სონიკო. მე მივხედავ ყველაფერს, ოღონდ კი ბატონმა შერმადინმა თხრობა არ შეწყვიტოს.
-ორივემ იყუჩეთ, თავს თავად მივხედავ. თან ცოტა ხნით გავჩუმდები, დავისვენებ, თორემ ამდენმა თხრობამ, რაღა დაგიმალოთ და დამღალა, - ხელები გაასავსავა ცვილის ადამიანმა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე უსუსური მოძრაობა რამ თუ ჟესტი, რაც რეპორტიორ მალაზონიას სონიკოს ბიძისგან ეხილა.
შერმადინ ხოვლელმა ერთხანს იფუსფუსა. ეზოში გავიდა, შემობრუნდა. თამბაქოს სურნელით გაჯერებულ ოთახს საუზმის სურნელიც შეერია. მალაზონიას და სონიკოს ხმა არ ამოუღიათ.
მადიანად მიირთმევდა ხოვლელი, მადიანად და სუფთად. ამაოდ ცდილობდა რეპორტიორი სადმე დავარდნილი თუნდაც ერთი ნამცეცის შემჩნევას. ცვილის კაცისთვის ტრაპეზი ფრიად მნიშვნელოვან რამედ სჩანდა. სონიკო ფანჯარაში იყურებოდა და ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა თოვლს.
შემდეგ კარი ფართოდ გააღეს. ოთახის ჰაერი მშვიდმა ზამთარმა დაწმინდა, ერთი ხნის შემდეგ აცივდა კიდეც.
და ისევ ჩიბუს მოუკიდა ცვილის ადამიანმა. თხრობაც ისე განაგრძო, გეგონებოდათ სულ წამის წინ შეეწყვიტა:
-იმავე დღეს გავარკვიე, რომ მოეკლათ პროფესორი ლაშხი, ხოლო მისი ბოლო ნაშრომი უგზოუკვლოდ გამქრალიყო. თეთრაულისა და პროფესორი ჯაყელის ამბავი ხომ ჩემზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ. ასე, რომ თვალნათლივ იხატებოდა მკაფიო სურათი, რომელსაც ერთადერთი რაც აკლდა ფოტო იყო, ერთი, ერთადერთი ოხრად დასარჩენი ფოტო.
-ჩემი მოტაცების ამბავი, გთხოვთ, გამოსტოვეთ ძია შერმადინ. ყველამ ყველაფერი ვიცით და მოსასმენადაც არაფერია. აი, მერე კი ჩვენთვის გაუგებარი ბევრი რამ მოხდა, - უცაბედი შეშფოთებით ჩაურთო სონიკომ. მალაზონიამ გაოცებითაც კი გახედა. ქალმა ეს გაოცება შეამჩნია, მაგრამ აზრი არ გაუწყვეტია: - ვისი გვამი ან რა ფოტოსურათი იპოვნეთ იმ საღამოს მტკვერში?
-და რა შუაშია მოკლულთა ასაკი და დაბადების თარიღები? - წააშველა რეპორტიორმა.
ხოვლელი ბოლთაზე გადაერთო.
-მერე ყველაფერი სწრაფად და დალაგებით მოხდა. ხომ გახსოვთ, ბატონო მალაზონია, რაღაცების დაზუსტება, რომ გთხოვეთ, მე კი შინ დავრჩი? ჩემთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ისინი შუამავალს მომიგზავნიდნენ. მათი ფიქრით ფოტო მე მქონდა და ეს ჩემი დიდი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. იცი, სონიკო, შენი გატაცება, რომ არა ბევრ რამეს სხვანაირად დავგეგმავდი,, მაგრამ... და რა საკვირველია მართალი გამოვდექი. მათ შუამავალი გამომიგზავნეს, ოღონდ, ვერ გამოთვალეს, ვისთან ჰქონდათ საქმე. განა შეიძლება შერმადინ ხოვლელს როგორც გინდა გადაცმული და გრიმით შეცვლილი, თუნდაც მუნჯად შემოსაღებული ჯუჯა ბავშვი ეგონოს? განა მე ტფილისელი ჯუჯების ამბავი შემეშლება? როგორ, მათ იფიქრეს, რომ ჩემთვის ამ ქალაქის დამნაშავეთა სამყაროში რაიმე ცნობილი არ არის?
შემდეგ, გაჩერდა, ორივე ხელი აღმართა და უცნაურად გაუსვ-გამოუსვა ერთმანეთს. გაეცინა. ალბათ, საკუთარ ტონზე.
-დიახ, ჩემო მეგობრებო, როგორც კი ჯუჯა შევიცანი მკაფიო გეგმა დავსახე და შემდეგ ეს გეგმა, მართალია მცირედ ამერია, მაგრამ ამან შედეგი ვერ შეცვალა.
-რა აირია?
-სულ მცირე რამ. ნაცვლად იმისა, რომ სონიკო ჩუმად გამომეხსნა, არამზადებმა თავად შემოპყრეს. ეჰ, წლები, წლები... თქვენ ამბობთ, რომ ჩემი სიბერე ჯერ შორსაა და მართლაც ასეა, მაგრამ ასეთსავე ვითარებაში, ათი წლის წინათ, ზურგზეც თვალები მექნებოდა, ახლა კი როგორც ვნახე, ზურგზე თვალის ჩინი დამკლებია. საოცარია, არა? მაგრამ, ისევ გამიმართლა, თუკი ამას ასე შეიძლება დავარქვათ. იმას მოგახსენებთ, რომ იმ საძაგელი დასახლების ტუზი ჩამი ძველი ნაცნობი და მოვალე გამოდგა.
-კი მაგრამ, ძია შერმადინ, ახლა არ თქვით ამ ქალაქის დამნაშავეთა ავანჩავანი სულ ერთიანად ვიციო? - სონიკო საოცარი ფოკუსით ახერხებდა ბიძამისის გაკენწვლას და სწორედ ასეთი ხერხით მოფერებას. ქალის თითოეული მწარე ნათქვამი დიდი და ნაზი სიყვარულით გაჟღენთილი რამ სჩანდა.
-პატარა კუდიანო, ეს ძველი და მივიწყებული ამბავია. აბა, თავად სთქვი, განა შეიძლება ოცდახუთი წლის წინ ერთხელ, ისიც ბინდში ნანახი ბავშვის ცნობა სულ სხვაგან და სხვა გარემო-ვითარებაში ოცდახუთი წლის შემდეგ?
-ოჰო! - ტაში შემოჰკრა რეპორტიორმა მალაზონიამ, - იქნებ სხვა დროს ეგ ამბავიც გვიამბოთ. დრო ხომ ბევრი გვაქვს.
-თქვენ კი, მე-არა.
-მაგას რას ბრძანებთ, ძია შერმადინ?
-იმას, რომ ჩვენი ახლანდელი თავგადასავალი ბოლომდეა მისაყვანი. აბა, აქ დაუსრულებლად ხომ არ ვისხდებით? განა ხიფათი თავად დაგვანებებს თავს?
სონიკომ და რეპორტიორმა მალაზონიამ ერთმანეთს გადაჰხედეს _ უკვე გეგმა ჰქონია მოფიქრებული.
-რა მკითხეთ კიდევ? - შერმადინ ხოვლელმა ფანჯარაში გაიხედა, - ჰო, მომაგონდა, მტკვარში ნაპოვნი გვამისა და მის ჯიბეში ჩადებული ფოტოს ამბავი, ხომ? ყველაფერი მარტივია, ჩემო ძვირფასებო, მიხეილის ქუჩაზე რომ ჰოსპიტალია, მისი მთავარი პროზექტორი, გამბურგერი, ჩემი ოდინდელი ნაცნობია. სწორედ მან მათხოვა უპატრონო გვამი. ის საბრალო უფალი მალაზონიას დატოვებულ პიჯაკში გამოვაწყეთ და ჯიბეში ენიკალოპოვის სალონიდან წამოღებული ერთი სურათი ჩავუდეთ.
-რა სურათი? - ცნობისწადილით შეპყრობილი სონიკო მაგიდასთან გადმოჯდა.
-ჩვეულებრივი, სადაც სამი მამაკაცი იყო დაბეჭდილი. აკი მოგახსენეთ, რომ ერთხელ ვიყავი ვარანცოვის მოედანთან, სალონში და სურათიც მაშინ ავწაპნე. როდესაც დამჭირდა, დავასველე, გავაფუჭე და აკი გამომადგა კიდეც.
მოულოდნელად მალაზონია ფეხზე წამოიჭრა.
-კი მაგრამ, მე ხომ გითხარით, რომ ნამდვილ სურათზე ოთხნი იდგნენ.
-დიახ, დიახ. ოღონდ, ჯერ ერთი ეგ გვიან მითხარით და მეორეც ფოტო ისე გავაფუჭე, რომ როდესაც მათ ნახეს, იქ მხოლოდ ლანდად ქცეულ მამაკაცთა ოკრობოკრო ჯგუფიღა იდგა.
-კი, მაგრამ...
-კიდევ, ეს ყველაფერი იმას გვეუბნება, ბატონო მალაზონია, რომ მათ, ჩვენდა ბედად, ფოტო ადრე არ ჰქონდათ ნანახი და შესაძლებელია იმ, მეოთხე კაცის არსებობის ამბავიც არ იციან. ერთი სიტყვით, სრულიად შესაძლებელია ჩვენ კიდევ ერთი ტუზი გვეჭიროს ხელთ.
ახლა რეპორტიორი წამოხტა. მისი ბოლთის ჯერი დამდგარიყო.
-გაგიჟება შეიძლება. უჩნაური შხამი, ხევები და ბილიკები, საიდუმლოებით მოცული სურათი, ვიღაც ორი არამზადა, რომლებიც ეშმაკმა უწყის, როდის და როგორ დაგვიპირებენ მოკვლას... და განა დავაშავეთ რამე? ის მაინც ვიცოდეთ, როგორ შეიტყეს ქართველ მკვლევართა ექსპედიციის ან ჩემი პუბლიკაციის ამბავი. მერედა, არსებობს ვიღაც მეოთხე, კაცი დაკარგული სურათიდან, რომლის შესახებ არავინ არაფერი უწყის. არა, არა. ტყუილად მგონებია, რომ სამშვიდობოს გავედით. განა შეიძლება კაცმა ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ისინი მიხვდებიან სხვა სურათი, რომ მივაჩეჩეთ და ჩვენს საიქიოს გასტუმრებას ახალი მოწადინებით შეეცდებიან. ბატონო შერმადინ, - მალაზონიამ გვერდულად გახედა ცვილის ადამიანს, - გული მიგრძნობს, იმაზე მეტი იცით, ვიდრე გვიამბობთ. გთხოვთ, გვითხარით, რად გინდოდათ მოკლულების დაბადების თარიღები და ასაკი ანდა რა არის ის მთავარი ეჭვი, რომელიც რამდენჯერმე ახსენეთ? სონიკო, ვხვდები, რომ თქვენც ჩემზე მეტი იცით, არადა მკლავდნენ მე... ნუთუ ასე არ მენდობით? ნუთუ არ ვარ ღირსი, რომ მითხრათ, რა გაქვთ გუნებაში?
სონიკომ თანაგრძნობით შეხედა მორიელების მძლეველს.
-თქვენზე მეტი? ცდებით, ბატონო მალაზონია. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძია შერმადინი მეცნიერთა ამბით იყო შეპყრობილი. რამდენჯერმე ვნახე, როგორ ჩაჰკირკიტებდა ტქვენს წერილს და მისი წაკითხვის ნება, რომ ვთხოვე უარი არ უთქვამს. სწორედ მაშინ დავიმახსოვრე სწავლულთა გვარები და ამიტომაც მივხვდი პროფესორი ბაქრაძის საექიმო კაბინეტში შემთხვევით ნახსენები თეთრაული თქვენი წერილის ერთი პერსონა რომ იყო. სხვა კი აბა, რა მოგახსენოთ, თავად ვარ შეშინებული და თავადვე ვთხოვ ძია შერმადინს გაგვაგებინოს რა ტრიალებს ჩვენს თავს და თავად რას აპირებს.
ცვილის ადამიანმა სკამი დისშვილისკენ მისწია.
-მაშ, რას ვაპირებ? ერთს: მათი ბუნაგი უნდა მოვძებნო და ბოროტება იქ დავამარჩხო. ვერაფრით დაველოდები, როდის მოვლენ რომელიმე ჩვენთაგანის იმქვეყნად გასასტუმრებლად. ფოტო რომ არ დაკარგულიყო, ვინ იცის ჩვენი ძიება ორმაგადაც გაიოლებულიყო, თუმცა ასეც გავიმარჯვებ. მერწმუნეთ, ჩემო კარგებო, ჩემი ლოგიკისა და დედუქციის ფასი კარგად მომეხსენება და...
სიტყვა ვერ დაასრულა, კარზე დააკაკუნეს. მალაზონია შეცბა, სონიკომ შიშიანი თვალებით გაჰხედა ფანჯარას, საიდანაც დიდრონი ფანტელების უწყვეტი სვლა სჩანდა ზეციდან მიწისკენ, მეტი კი არაფერი. ხოვლელი წამოდგა და კარისკენ გაეშურა.
-ნუ შეშფოთდებით. აკი გითხარით, რომ დღეს მასპინძელი უნდა ჩამოსულიყო.
ოთახში შვებით ამოისუნთქეს.
კარში კი მართლაც მასპინძელი იდგა. საამო შესახედი, სახედაწყობილი კაცი ორმოცსა და ორმოცდაათს შუიდან. შერმადინ ხოვლელს გულწრფელი ღიმილი შეანათა, პალტოდან თოვლი დაიბერტყა და ოთახში შევიდა.
-უფრო ადრე გელოდი, ალექსანდრე, - მხარზე ხელი დაუტყაპუნა ხოვლელმა. ხელი დაუსველდა.
-ასეთ დარში ავტოს მართვა ვერ გავბედე. აბა, როგორ ბრძანდებით?
-უკეთ. ძველს ვივიწყებთ და ვცდილობთ მომავლის გეგმა მოვიფიქროთ.
-გეგმა მტრის განადგურებისა, არა? მახარებს თქვენი უკეთ ყოფნა, - მასპინძელმა პალტო გაიხადა და კართან საკიდზე ჩამოჰკიდა, - წასვლაზე ფიქრს კი ნუ იჩქარებთ. ჩემი აგარაკი თქვენს განკარგულებაში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც იმ თქვენი გეგმების გასაცოცხლებლად დაგჭირდებათ. მერედა ჰავა ხომ აქ საგანგებოა. ჰო, მართლა, სანოვაგეც ჩამოვიტანე. გარეთ დავაბინავე. მერე გადით, მიხედეთ, თქვენს გემოზე დააბარგეთ, თორემ საშიშია მეზობლის ძაღლმა ან სულაც ტყიდან მოსუნსულებულმა მელამ არ გაჰკრას კბილი.
ჩამოსხდნენ. ყველამ ერთმანეთს გაუღიმა. შემდეგ ხოვლელმა ხელები გაშალა.
-არც კი ვიცი, ჩემო ალექსანდრე, რით გადაგიხადო მადლობა. თან... ხომ ხვდები, სანამ ჩვენი ქალაქში გამოჩენა სავსებით უსაფრთხო არ იქნება, მე თუ არა ამ ორ ადამიანს მაინც აქ მოუწევს თავის შეფარება...
მაგრამ, ამ სიტყვების გაგონებაზე რეპორტიორმა იხუვლა, აღარ აცალა შერმადინ ხოვლელს სიტყვის დასრულება.
-ბატონო შერმადინ, ისე მსჯელობთ, ლამისაა თავი უმწეო ბალღად ვიგრძნო. არადა, მსურს მოგახსენოთ, რომ კარგა ხანია თქვენს წინაშე ვალში ვარ და ყოველ ნაბიჯში მხარში, რომ არ გედგეთ თავს უნამუსო ადამიანად ვიგრძნობ. ერთი სიტყვით, სადაც თქვენ, იქაც მე და ამიერიდან ამ საქმის დასრულებამდე, ერთმანეთს მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო რამ თუ დაგვაშორებს და ისიც, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ დროებით.
-და სონიკოს ბედის ანაბარა სტოვებთ? ხომ არ გიფიქრიათ, ბატონო მალაზონია, რომ თქვენი და ჩემი დისშვილის კამპანიამ ბევრ საქმეში, ნუ მიწყენთ და, შეიძლება, არც მეტი არც ნაკლები, ხელი შემიშალოს?
-მალაზონიას წყენა დაეტყო.
-ბატონი მალაზონია მართალს ამბობს. სადაც თქვენ, იქაც ჩვენ, - მოისმა სონიკოს ხმა.
ხოვლელმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია, მაგრამ კამათი აღარ გაუგრძელებია. სტუმრად მიბრძანებულ მასპინძელს მიუტრიალდა:
-რა ხდება ქალაქში, ალექსანდრე? ეს დღეები, რაც იარების მოსაშუშებლად აქეთ გადმოვბარგდით, სამყაროს მოწყვეტილები ვართ.
ალექსანდრემ პორტსიგარი ამოიღო, პაპიროსი აანთო, ორი ნაფაზი დაჰკრა და კეთილი ტონით დაიწყო:
-თქვენი თავგადასავლისა ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის, რაც იმ დღეს მითხარით და ზიგიერთი რამ, რაც სამუშაოზე უნებლიედ შევიტყე, მაფიქრებინებს, რომ შერმადინი მართალია. ჯერჯერობით ქალაქში თქვენი თამამი გამოჩენა არ უნდა იყოს მაინც და მაინც უხიფათო საქმე.
თეთრმა კაცმა ცნობისწადილით შეხედა, სტუმარ-მასპინძელმა კი მრავალმნიშვნელოვნად განაგრძო:
-გუშინ, გამთენიისას, სირაჯების დაღმართზე, ერთ-ერთი სარდაფის კიბეზე მოკლული იპოვნეს რაზბოინიკების ბანდის მეთაური და არამზადა, ყოფილი ტუსაღი და მკვლელი ზედმეტ სახელად მაგილა. ოცდახუთჯერ ჩაუცემთ ბებუთი. კიდევ კარგი ძიება მე არ დამავალეს, თორემ თქვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა მომიწევდა.
დუმილი მეხივით გავარდა. დიდი ხნის მერეღა იჩურჩულა სონიკომ:
-ძია შერმადინ, თქვენ ფიქრობთ, რომ...
ხოვლელი წამოდგა.
-სწორედ, რომ მაგას ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სხვა გზა არ არის, ბოროტება ბუნაგშივე უნდა მოისპოს, ოღონდ ჯერ ბუნაგს უნდა მივაგნო. სად, სად...
-დამიხმარე შერმადინ. ყველაფერი გვერდით, რომ გადავდოთ სისკის გამომძიებელი ვარ და ცნობებს მაინც აგიგროვებ ან სახიფათო საქმეზე იარაღით გამოგყვები. ხომ იცი, შენს გვერდით დგომა ჩემი მოვალეობაა, წარსული მავალდებულებს. შერმადინ, მერწმუნე, ალექსანდრე გძელიევი არ ვიყო თუ...
ხოვლელმა მადლიერებით შეხედა, მაგრამ გააწყვეტინა.
-ვიცი, ვიცი ალექსანდრე, შენს მეგობრობასა და ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია და თუ რამ ცნობები დამჭირდება, აუცილებლად მოგმართავ კიდეც, მაგრამ დანარჩენი, ნუ გაგიკვირდება და ბედისწერაა. შენ ტფილისს გაგვარიდე, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებ, დანარჩენი კი ჩემი საქმეა. შენს ცოლ-შვილს საფრთხეში ვერ ჩავაყენებ.
-რა არისო? ბედისწერა? - სონიკოს არასდროს ჰქონია ასეთი გაოცებული სახე.
-როგორ გითხრათ, ახალგაზრდობიდან შემორჩენილი ვალი მაქვს გასასტუმრებელი. ეს ჩემს გარდა არავის ეხება.
-ვალი? ვისი ვალი?
-ცხოვრების.
სონიკო და მალაზონია ისევ ერთმანეთს უცქერდნენ, ოღონდ შეშფოთებით. მასპინძელი ერთხანს კიდევ იჯდა თავის ადგილზე, მერე წამოდგა, აგარაკი ხომ მისი იყო და რაღაცას ოთახსა და აივანზე მიჰხედა, თან თეთრ კაცსაც გადაულაპარაკა და გადმოულაპარაკა, თუმცა ეტყობოდა, რომ სხვა რამეზე. გარეთ ბარდნიდა.
-ყურადღებას უკვე ყველაფერს ვაქცევ და ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს, - ჩაილაპარაკა რეპორტიორმა.
-რასა გულისხმობთ, ბატონო მალაზონია? - ჰკითხა სონიკომ.
-მუწუკს. ლოყაზე მუწუკი ამომდის თუ ამომივიდა და ფიქრშიც კი მიშლის ხელს. ნეტავი ერთი შემახედა, რა სიმახინჯეა.
-ჩანთაში მაქვს პატარა სარკე. ახლავე შეგახედებთ.
სონიკო გადაიწია და ადგილიდანვე მისწვდა ტყვეობაგამოვლილ ტყავის ჩანთას.
-გაანიავეთ, ხალხო ოთახი, - მოისმა აივანზე გასული ალექსანდრეს ხმა. ცვილის კაციც იქ ბრძანდებოდა და იმგვარად იღიმებოდა, გეგონება ოთახის ასეთი ყოფა მისი თამბაქოს ბრალი არ ყოფილიყო.
მალაზონია წამოდგა, ფანჯარასთან თუ კართან უნდოდა მისვლა, _ ახლა რაღას გაიგებ, _ მაგრამ ადგილზე გაცივდა. სონიკოს კივილმა გააცივა. ქალს შეშლილი სახე ჰქონდა, ვერაფერს ამბობდა, ხოლო მის ბაგეზე ტირილი და ღიმილი არსებობისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს.
-რა ხდება?! რა არის?! - შემოვარდა ოთახში შერმადინ ხოვლელი. უკან მასპინძელი მოჰყვებოდა.
და უეცრად ქალს კისკისი აუვარდა.
-სონიკო, ძვირფასო, გვითხარი რა ხდება, - ახლა უკვე ხაზგასმული სიმშვიდით მოახერხა თქმა ჩვლილის ადამიანმა.
-ბატონო მალაზონია, იმ დღისა არაფერი გახსოვთ, ხომ? - კისკისით, ძლივს წარმოსთქვა ქალმა.
-რომლისა?
-მორიელებს, რომ გაურბოდით და დერმატოლოგ ბაქრაძის სახლთან, რომ შემეყარეთ?
-არა, - ვინ იცის მერამდენედ შერცხვა რეპორტიორს.
-მაშ, არ გახსოვთ, საკუთარი ჯიბეებიდან ნივთების ქუჩაში დაყრა რომ დაიწყეთ, ქვეწარმავალი ახვევიაო?
-არა.
-დიახ, თქვენ ნივთებს ყრიდით, მე კი ვკრეფდი.
-მერე, სონიკო, მერე? - დაჭიმულ ზამბარად იქცა შერმადინ ხოვლელი.
-მერე, აი! - მიუგო ქალმა და ბიძამისს ჩანთიდან ამოღებული ქაღალდი გაუწოდა.
შერმადინ ხოვლელმა დახედა. ფოტოდან მთიანი პეიზაჟის ფონზე ჩამწკრივებული ოთხი მამაკაცი უღიმოდა.
ნაწილი მეორე
ბოლი და ბიჭი
თავი ოცდამეერთე
თავიდან ის იყო კრისტოფერ ბელიუ. კოლეჯში კრის ბელიუდ გადაიქცა. მოგვიანებით, სან ფრანცისკოს ბოჰემურ წრეებშ კიტ ბელიუ შეარქვეს, საბოლოოდ კი სმოკ ბელიუ გახდა და სხვანაირად აღარც დაუძახიათ. მისი სახელების გარდაქმნის ისტორია თავად მისი გარდაქმნის ისტორია იყო.
თოვლიანი ტყიდან კაცი გამოვიდა. აღვირი ეჭირა. აღვირს ორთვალაში შებმული ღონიერი ცხენი მოსდევდა. ორთვალაზე ტვირთი იდო სქელი, დიდი ნაჭრით მჭიდროდ შემოკრული. კარგად შეფუთული ტვირთი არ სველდებოდა. კაცს და ორთვალას ყოველი მხრიდან თეთრწიწვოვანი მთა ეღვრებოდათ თავზე. ჰაერიც დათოვლილს ჰგავდა, ნისლი კი სცრუობდა, ცა თავად ვარო. კაცს მხარზე ორლულიანი თოფი გაედო. ნელა მიიწევდა წინ, იმ ადგილისკენ, სადაც ადამიანებს გზა უკვე დაეტკეპნათ. სავალი ბევრი აღარ რჩებოდა. უკვე გაევაკა, ახლა მარჯვნივ უნდა გაეხვია, ზაფხულობით ღრიალა, ზამთრობით კი ჩაძინებულ ღელეზე ხიდი გადაევლო, ტყის მჭრელის ქოხმახს გასცდენოდა და დარჩენილ გზას პირდაპირ მიჰყოლოდა. დაბინდებამდე უთუოდ შინ იქნებოდა.
მხოლოდ ოთხი დღის წინ გავიდა ტყეში. ზაფხულზე სხვა იქნებოდა, ზამთარში კი შორს არ მიდოდა. ამიტომაც არ იყო ისე დაღლილი, ორმოცი წლის ჯანღონოთ სავსე სხეულის ტარება რომ გასჭირვებოდა. საღამოს პეტრეს დუქანშიც აპირებდა არყით გულ-ღვიძლის გათბობას.
ხიდთან ვიღაცის აყირავებული ორთვალა დაინახა. ამ ორთვალას ხიდის ძველი მოაჯირი გაეტეხა, ხოლო თავად ღერძგატეხილი აფშეკილიყო. ჯანსაღად ჰყინავდა. \"მიხეილისას ჰგავს. დილით აყირავდებოდა\" _ გაიფიქრა და ტყისმჭრელის ქოხიდან ამოსული კვამლი დაინახა. ხიდიდან თავად ქოხი არ ჩანდა.
ქოხი მალე გამიჩნდა, წინ მორები ეწყო. ეს საცხოვრებელი ნაძვებით ჩახლართული პატარა ხევის პირას იდგა და ყოველთვის, როდესაც ადამიანი ჩაუვლიდა, რამეს ამოფარებული ძაღლი გამოიყეფებდა ხოლმე. ეს კაცი ძაღლმა იცნო, მაგრამ ამაყი გახლდათ და ყეფა უცბათ არ შეწყვიტა. მიახლოებულზე არც მოფერება იკადრა, შეტრიალდა და ამაყი ნაბიჯით გაემართა იქითკენ, საიდანაც წეღან გამოვარდა. ყეფაზე კარი გაჭრიალდა და გამხდარი, მაგრამ ქვისგან გამოთლილი, სიბერე მიახლოებული კაცი გამოვიდა.
- ბოლო, შენა?
- გაბოს გამარჯვება. როგორა ხარ?
- აბა, როგორ ვიქნები. როგორცა მხედავ, ეგრეცა ვარ, - ტყისმჭრელმა ხელები გაშალა. თბილი, გახუნებული პერანგის ამარა იყო და ისიც სანახევროდ შარვლიდან ამოსჩაჩვოდა, - ტყეში ჩემი ბიჭი ხომ არ გადაგყრია?
- არა. აბა, რომელი ბიჭი?
- ტრისტანა. უფროსი რომელიც არი. გუშინ სისხამ დილით ტურახევისკენ წავიდა.
- იქ რა დარჩენოდა?
- გიჟი როა და გადარეული. მთელი ზაფხული ცხვარსა და თხას რო გადაყვა, შინ ფქვილი არ უნდა დეედო?
ბოლს გაეცინა.
- უცნაურად იცი გაბოვ ლაპარაკი. რა შუაშია თხა და ფქვილი, ტურახევში, რა, ერთია თუ მეორე?
- ეჰ, - ხელი ჩაიქნია შვილის სიჯიუტით თუ ვინ იცის რით უკმაყოფილო ტყისმჭრელმა. საუბარი მოათავა.
- კარგი, კარგი. კარგად მეყოლე. მალე დაგიბრუნდება შენი ტრისტანა, გულს დარდი არ მიაკარო.
- ეჰ, - ერთხელაც ამოიოხრა გაბომ და შეტრიალდა, მაგრამ კარის მიხურვა რომ იფიქრა, რაღაც გაახსენდა და მოტრიალდა.
- ჰეი, ბოლო!
- ჰაუ! - ბოლი უკვა გზას ადგა.
- კაცო, ემანდ ვიღაცები არიან ქალაქიდან, ლანდი გასდით. სამი დღეა გკითხულობენ.
- მე? - გაუკვირდა ბოლს.
- ჰო, შენა.
- ვინ არიან? - უფრო თავის თავს ჰკითხა ბოლმა. ტყის მჭრელმა მხრები აიჩეჩა. ბოლს არც შეუხედავს.
მართლაცდა, ვის უნდა გახსენებოდა? რაც ქალაქს გამოერიდა ერთხელაც არ უკითხავს ვინმეს. დღე დღეს მისდევდა, წელი წელს. ბოლი ყოველდღიური საზრუნავით ცხოვრობდა: შეშას ჩეხავდა, ნადირობდა, ცხვარში დადიოდა, დურლგობდა... ხანდახან დაიკარგებოდა _ ტყეში გავიდოდა და მთელი თვე აღარ დაბრუნდებოდა. შავდაბაში ამბობდნენ... თუმცა შავდაბაში რას არ ამბობდნენ, შავდაბა ხომ გამჩენს იმიტომ მოეგონებინა, რომ ათასი რამ ეთქვათ და თავადვე დაეჯერებინათ. ქალაქის ცხოვრება კი ბოლს ნელ-ნელა ავიწყდებოდა და არც სწყდებოდა გული. იქნებ, ოდესმე... იქნებ, ღრმა მოხუცებულობაში... ერთ მშვენიერ დღეს... მხოლოდ იმ ერთი მშვენიერი დღით, მხოლოდ ერთი წამით გამოჩენილიყო შენობაში, სადაც თავმომწონე ადამიანები საწერ მაგიდებთან სხედან, რომელიმე მათგანისთვის წინ ხელნაწერი ქაღალდების შეკვრა დაედო, ბებრული ღიმილით გაეღიმა და გამობრუნებულიყო. იმ ქაღალდებში კი ეწერებოდა ყველაფერი, რაც ბოლმა იცოდა, ყველაფერი რაც ნამდვილია და რაც ქაღალდზე ჩამოღვენთვის ღირსია. ხოლო თავმომწონე ადამიანები ამ ყველაფერს დახედავდნენ, მხრებს აიჩეჩავდნენ და... თუმცა, მერე რა მოხდებოდა მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.
მაინც, ვის უნდა გახსენებოდა? შავდაბაში ისედაც ძალიან იშვიათად ადიოდა ხალხი _ რაღა შავდაბა და რაღა ჯანდაბა, _ თოვლში კი მითუმეტეს. ვინ ოხერსა და წყეულს უნდა მოპრიანებოდა ადამიანთა ქვეყნიდან ორი უღელტეხილის გადალახვლა და უძირო ხევთა პირზე საცალფეხო ბილიკებით წანწალი? იქ, თუ ვინმე ადიოდა ან სახელმწიფოს ემალებოდა ან თავად იყო იმ დამალულის მდევარი სახელმწიფოს კაცი. შავდაბელებსაც რა ენაღვლებოდათ, ცხოვრება ისედაც ჭირდა და ფულად მეგზურობას ყველას უწევდნენ. ზოგი ქედს იქით გადჰყავდათ, ზოგიც ქედს აქეთ გადმოჰყავდათ.
ასეთი რამ კი ბოლს არ ახსოვდა: ვინმე ამოსულიყო და ეკითხა ესა და ეს კაცი სად არისო?
შავდაბის სახლები გამოჩნდა. მიწყობილ ქოხებს კვამლი სდიოდათ. ბოლისა ნაპირას იდგა, იქ, საიდანაც მთა კალთას იმაღლებდა და ღამ-ღამობით ნადირიც დასუნსულებდა. მელი, ტურა, მგელი... ბოლი ქოხს დინჯად მიუახლოვდა, ფანჯრიდან ლამფის შუქი გამოდიოდა. მის საკვამურსაც სდიოდა კვამლი _ ბიჭი შინ იყო. ხის ჭიშკარი ფართოდ გააღო, ორთვალას შეუძღვა და დაკეტა. ქოხიდან სასაცილოდ დაბალი, სახით მცმუკავი და საოცრად ღონიერი კაცი გამოვიდა.
- არ გითხარი, ერთი კვირაც მაცადე და ერთად წავიდეთ, მეთქი? არ გინდოდა, ხო? გამექეცი, არა? ერთი ორთვალას გამო ოთხი დღე ტყესა და ღრეში აბოტებდი, არა? ვახ, რა ურჩი და ურჯუკი ხარ, ტა, ტა, ტა. შენა, ბიჭო... -ქოხიდან გამოსული გაუჩერებლად ჯაჯღანებდა რაღაცას, მაგრამ სახეზე ფართე და სრულიად ალალი ძმობის ღომილი გადაფენოდა.
- ბიჭს გაუმარჯოს, ბიჭს! როგორა ხარ, უჩემოდ მგლებმა ხომ არ შეგჭამეს?
- შემჭამეს, არა...
ცხენი ორთვალიდან გამოხსნეს, ბაგაში შეიყვანეს, თივა დაუხვავეს, ორთვალას უპატრონეს.
ბოლმა ქოხის სახურავს ახედა.
- თოვლი რად არ გადმობერტყე?
- ხვალ დილისთვინ ვფიქრობდი. შემო, შემო.
შევიდნენ. ღუმელი გიზგიზებდა. იქვე, მაგიდაზე, აულაგებელი ნასუფრალი გვერდებს ითბობდა. მთელი ქოხი ერთი დიდი ოთახისგან შედგებოდა, შუაში საყრდენი ბოძები ედგა. ამ ბოძებს შორის ორი ჰამაკი ეკიდა და ორივეს ზედ მძიმე ლეიბ-საბანი ეწყო. შორ კედელთან ფქვილის ტომრები ეწყო. ჭერიდან თოკ-კანაფით ჩამოგრძელებულ ტომსიკებში, ალბათ საკვებს ინახავდნენ. ბოლმა ჯუბა ერთ-ერთ ჰამაკზე მიაგდო და მაგიდასთან ჩამოჯდა. დამხდური პირდაპირ სკამზე მუხლებით აძვრა და მაგიდას იდაყვებით გადმოაწვა.
- აბა, გისმენ, პატარა ბიჭო.
- მივაგენი.
- რას?
- განძს.
- ჰოპა! ცოტას არ მიწილადებ?
- ნუ მაწყვეტინებ. ურწმუნოები კაცებს მაშინ ჰგავხართ, როცა ჩუმდებით.
- მაიცა, მაიცა, ვინ ოხერმა გითხრა, რომ არაფრისა მჯერა? აი, მაგალითად, გიჟი რომ ხარ, ეჭვი არ მეპარება. რა განძი, რის განძი?! განა ათასჯერ არ გთხოვე მაგ სისულელეზე ჩემთან ნუღარ ლაპარაკობ მეთქი? განძის ამბავი ზღაპარია ადამიანო, გაიგე, ხელმოცარული კაცების მოგონილია, ტყისმჭრელიანთ ტრისტანას ნაირი საცოდავების - ბოლი მართლა აღშფოთებულს დაემსგავსა.
- ბოლო...
- არ გისმენ მეთქი!
- აბა, შენ გისმინო? - ბიჭი თავისდაუნებურად ცალი მუხლით მაგიდაზე ასულიყო, - საბადო, საბადო, საბადო. საბადო, რომ ყოფილიყო ამდენ ხანს ვერ მიაგნებდნენ? ხალხსა, ბიჭო, გარშემო ყველაფერი გადაჩიჩქნილი აქვს. იცი, ეს მთები ადრე ორი ამხელა ყოფილა? საბადო, მაბადო...
- ნუ გამაგიჟე, კაცო, განძს ვეღარ იპოვნიდნენ? საბადოს პოვნას ცოდნა და ანგარიში უნდა, განძისას კიდევ ნიჩაბი და მეტი არაფერი. რას გეტყვი იცი? აი, ეგ განძის ზღაპარი სწორედ იმ ხალხის მოგონილი იქნება ვინც იცის სადაც არის ძაღლის თავი დამარხული და გზებსა ბლანდავს.
- აბა, წეღან რო სხვების მოგონილი იყო? _ ბიჭი ორთავ მუხლით მაგიდაზე ავიდა _ დანამდვილებით გავიგე მეთქი, დალოცვილო, მათქმევინე, რა.
- არ გათქმევინებ! _ იყო პასუხი, _ სულაც, ჩადი მაგიდიდან და თუ ჩემი გაგიჟება არ გინდა, პეტრეს დუქანში წამომყევი, მშია.
ამის თქმა იყო და ბიჭი შებერილ ლამფასავით ჩაქრა. სკამზე დაბრუნდა, ოღონდ ბოლისკენ ზურგშექცევით ცხენსავით გადააჯდა ბავშვივით გაიბუტა. ერთხანს ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ბოლი ოთახში დაბოდიალებდა, რაღაცას იღებდა და რაღაცას დებდა. მერე:
- გეყოფა, ბოლოს და ბოლოს, კაცი არა ხარ? გშიებია ოდესმე? წამო და პეტრესთან თითო გადავხუხოთ მაინც.
პასუხი ვერ მიიღო.
- ჰეი, შენ გეუბნები.
- ნისიად? - ამოღერღა ბიჭმა როგორც იქნა.
- ჰო, რა იყო, რა?! დიდი ვალი გვაქვს თუ რა?!
ბიჭმა მხრები აიჩეჩა, როგორც გინდაო. ჯუბები ჩაიცვეს.
- მართლა, გაბომ მითხრა ვიღაცები გეძებდნენო, - თქვა ბოლმა, ქოხიდან რომ გავიდნენ და ფეხით თოვლი გააჭრაჭუნეს.
- აბა, კაცო! - და თითქოს წამის წინ ნაწყენი არ ყოფილიყო, ბიჭი ძველებურად აცმუკდა, - ეგ როგორ დამავიწყდა. სამი დღეა დაყიალებენ.
- ვინ არიან, რა უნდათ?
- მითხრეს, რო? ვეუბნები, ჩემი ძმაბიჭია, გინდა ის გინახავთ, გინდა მე, მეთქი, მაგრამ ვერაფერი დავცინცლე. სამნი არიან, ოღონდ ერთი ქალი ჰყავთ. ერთი რაღაცნაირი კაცი კიდევ უფროსად უნდა ჰყავდეთ.
- ქალიო?
- აბა, მაშ. შიომ შეუშვა ძველ ფარეხში, ქირას იღებს. არაფერს ამბობენ, საქმე გვაქვსო და მორჩა.
ბოლი წამით შეჩერდა, ნიკაპი მოისრისა, შემდეგ კი მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა.
- მაშინ ასე მოვიქცეთ: ჯერ პეტრესთან ერთი კარგად გამოვძღეთ, თუ იქ გამოჩნდებიან ხო კარგი, თუ არა და გამომძღარზე როგორ გუნებაზეც დავდგებით, ისე გავაკეთოთ. განა ეს ცხოვრება გუნების ამბავი არ არის?
- ჰო.
უკვე დაბნელებულიყო, მაგრამ თოვლი ციდან მიწამდე ჩინებულად იკვლევდა გზას. გარშემო მთები აღარ ჩანდა. შავდაბელი ძაღლები ჰყეფდნენ.
- აფსუს, თეთრკბილავ, - დანანებით თქვა ბილმა, - ძაღლი აღარ გვყავს.
პირიდან ორთავეს გრძელი ორთქლი გამოსდიოდათ. ებედოს სახლთან ბიჭმა ის თავისი მოკლე კისერი წაიგრძელა.
- ბიჭო, ფრთხილად იყავი, ებედომ არ შეგიტყოს, - ბოლმა ისე თქვა, გვერდით არც გაუხედავს.
- რა კაცო?!
- მელოს ამბავი.
- რაო?
- კარგი, რა. მე მითქვამს და დანარჩენი შენ იცი.
- ჰოდა, ნეტაი უცნაურობების თქმა არ იცოდე, - ბიჭი კი აღშფოთდა, მაგრამ ყალბად გამოუვიდა.
ამაზე კრინტი აღარ დაუძრავთ. ცოტა კიდევ იარეს და სხვათაგან გამორჩეულ დიდ ქოხს მიადგნენ. ამ ქოხს ღობე არ ეკრა და აივანი ჰქონდა, სადაც სამი კიბის ასვლით მოხვდებოდით. ეს იყო პეტრეს დუქანი, რომელშიც იმ საღამოს ბევრიც არავინ იჯდა. ბუხარი გიზგიზებდა. ორგან აულაგებელი მაგიდა კლიენტების ცოტა ხნის წინ წასვლას იუწყებიდა. სტეფანეს ისევ მისწყვეტოდა კისერი _ თავი მაგიდისთვის მიენდო და ეძინა. ვინ იცის საიდან მოსული და არსაით მიმავალი ინოკენტი ვასილიჩი კოჭლ ლექსოს ჭიქას უჭახუნებდა და ფანჯრიდან ღამეს ეკამათებოდა. ფანჯარაში კარგად ჩანდა დიდრონი ფანტელები
- ბოლო, ჩამოხველ? - დაღლილი ხმით მიესალამა პეტრე და ხელები ოდესღაც თეთრ წინსაფარზე შეიწმინდა.
- ჰო, ჩამოვედი, - ბოლი და ბიჭი სუფთა მაგიდას მიუსხდნენ, პეტრე მიუახლოვდათ.
- რასა შვრებით, ნაღდით ვაჭრობთ თუ ძველებურად თამარ მეფის საფლავს დაეძებთ?
ბოლმა ხელი ჩაიქნია.
- რა გაქვს?
- ისეთებიდან ირმის ხორცია, სხვა თავადაც იცი.
- მაიტა ირემი, - ბიჭმა ხარბად მოისრისა ხელები, - და არაყიც ჩამოდგი.
- სულ ეგა ხართ?
- რამე-რუმეებიც, - ბიჭს რაც შეეძლო გაიწელა და პეტრეს მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
- რამე წვნიანიც გექნება, პეტრევ, - დაამატა ბოლმა.
ჯერ არაყი მოვიდა. ჩამოასხეს. ერთი სახარება შეგვეწიოსო და გადაჰკრეს. მერე ბოლმა თქვა.
- იცი, პატარავ რა მაოცებს?
ბიჭი ბოთლს წაეპოტინა მეორეს ჩამოსასხმელად. ბოლმა განაგრძო.
- ამ ოხერ შავდაბაში ყველა საიდანმეა მოსული და ვიღაც ხომ პირველი იქნებოდა. ნეტავ ვინ იყო?
- ეჰეი, ბოლო, სხვა საქმე რომ არაფერი გაქვს, - ბიჭი გაიღრიჯა და მეორე გადაჰხუხა.
- სადღეგრძელოს არ ამბობ?
- შენა თქვი.
ბიჭმა ჭიქას ხელი მოჰკიდა, გაათამაშა და მშვიდად თქვა
- შენს განძს გაუმარჯოს.
- დამცინი, არა?
- არა, არ დაგცინი. წეღან რაღაც გინდოდა და მიდი, თუ რამე იცი მოყევი.
ამასობაში პეტრემ წვნიანი მოიტანა. ბლანტი წვენი იცოდა პეტრემ, გემრიელი.
- მიდი, მიდი პატარავ, გისმენ, - წაახალისა ბოლმა მეგობარი. ბიჭმა მიმოიხედა და მაგიდას წინ გადააწვა.
- ბოლო, ის სხვაგან არის, - შეთქმულის ხმა ჰქონდა. ჩურჩულებდა. შემდეგ, საიდუმლოდ მიმოიხედა, - გაიგე?
- გავიგე, - ჩურჩულითვე უპასუხა ბოლმა, - ოღონდ ირგვლივ ყველაფერი გადაჩხრეკილია.
- ერთი ადგილის გარდა.
ბოლმა ეჭვით სავსე თვალებით შეხედა თანამეინახეს.
- აი, საქმეც ეგ არის, რომ ვერავინ ხვდება.
- მეტყვი, ბოლოს და ბოლოს?
ბიჭი კიდევ უფრო წინ გადაიწია. უკვე ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა.
- დევების კლდე ყველას სამყაროს ბოლო ჰგონია... - და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ძმაბიჭს. დევების კლდეს შავდაბაში ჩურჩულით ახსენებდნენ. რატომ იყო ასე, თავად შავდაბელთაგან ვერავინ გეტყოდათ, მაგრამ ადათსაც არავინ, არაფრის დიდებით არ დაარღვევდა.
ბოლს იერი არ შეცვლია, მეგობარს თვალი თვალში გაუყარა და უჩვეულო სიმშვიდით უთხრა
- ამო ჩემი წვნიანიდან.
ბიჭს სახეზე ალმური მოედო.
- დამიჯერე, კლდის უკან სხვა სამყაროა.
- პატარავ, - ბოლი კვლავ არნახულად მშვიდი იყო, - იმ კლდეების უკან რაც არის, ყველამ იცის. იქით ჩრდილოეთის ფერდია და თათრული აულები.
- ვინ გითხრა?
- ვყოფილვარ... შენცა ყოფილხარ იმ აულებში და ერთხელ ქალის მოტაცებასაც აპირებდი.
- კლდით? კლდით გადასულხარ? შენცა და მეც მოვლით ვართ ნამყოფები და გვგონია, რონ დევების კლდეზე თუ ახვალ მაინც იქ ამოჰყოფ თავს, იმიტომ, რომ იქით ჩრდილოეთია. ჰოდა, მისმინე, დამიჯერე, ბოლო, შეცდომაც სწორედ ეგ არის. ჩვენ თუ პირდაპირ კლდეზე ავცოცდებით, თავს სულ სხვაგან ამოვყოფთ.
ბოლი სკამის ზურგს მიაწვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ბიჭის ცხვირისგან მისი ცხვირის მოსარიდებლად იყო აუცილებელი.
- მაშ, დევების კლდეზე ასვლას აპირებ?
- ჰო.
- ჩემი წვნიანიდან ამოსვლას კიდევ, არა?
ლამის იყო იმ წვნიანს ხელი დასტაცა ბიჭმა. ბედად ზურგსუკან პეტრემ ჩაახველა და უცხო კაცის ყური აგრძნობინა.
- ირმის ხორცი მოდის.
ჩაიწ-ჩამოიწიენ. მედუქნემ ღიმილით ჩადგა ორთქლიანი მათლაფა მაგიდის შუაში. აქეთ-იქით პატარა თეფშებიც მიუწყო და გატრიალდა.
- შეგერგოთ.
პასუხი არ გასცეს. ბიჭმა ერთი ჭიქა არაყიც გადაჰკრა და მთელი ჯავრი ირმის ხორცზე იყარა. იტენიდა და იტენიდა პირს. ილუკმებოდა.
- სადღეგრძელო მაინცა ვთქვათ, - ამოიოხრა ბოლმა.
- არ გეტყვი.
- მაშინ ჩემთვის დავისხამ და თავად ვიტყვი.
- არა მჭირდება შენი სადღეგრძელო, - ხორცით სავსე პირიდან სიყვებს გზის გამოკვლევა უჭირდათ.
- მაშინ, თუ ნებას დამრთავთ, მე შემოგთავაზებთ, ბატონებო, ისეთ სადღეგრძელოს, ორივენი სიამოვნებით რომ მიირთმევთ, - მოისმა ანაზდად.
ისინი მიტრიალდნენ. მაგიდასთან სუფთად და ქალაქურად ჩათბუნებული ძალიან თეთრკანიანი კაცი იდგა.
თავი ოცდამეორე
ორი დღე დაყიალებდა სმოკი ქალაქში
და ამ ხნის განმავლობაში მას
განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ
ასეთი ბე ბიჭს არასდროს აეღო, დაიარებოდა და ცმუკავდა. მთლიანად გასამრჯელოს დაბრუნების შემდეგ დაპირდნენ. თოვდა. ნისლი შემოხვეოდა ყველაფერს. შავდაბის ორღობეებში ძნელად წააწყდებოდით სულიერს. აღარც ტყეში გადიოდა ვინმე. ყველა შინ ფუსფუსებდა. საღამოობით პეტრესთან თუ შეიკრიბებოდნენ, მაგრამ იქაც უგუნებოდ, ნისლიანი დღეების შესაბამისად გაცვლიდნენ გაწელილ სიტყვებს და თუ არ გაილეშებოდნენ, მალევე მიაბოტებდნენ შინისაკენ. ლოთები ჩვეულებრივ ლოთობდნენ. ერთ საღამოს ბაგრატამ ქვრივის წყაროსთან დათვი მოკლა და ცოტა ამან გაართო შავდაბელები. მოკლე დღეები მალე გრძელღამდებოდა.
ბოლი და ბიჭი სისხამ დილიდან დაღამებამდე მუშაობდნენ. ბარგს და სანოვაგეს ალაგებდნენ, საჭირო საგნებს საჭირო თანმიმდევრობით აწყობდნენ, ჩანთებად და ტომრებად კრავდნენ, ცხენებს ქირაობდნენ. დაუღალავად ირჯებოდნენ თეთრი კაციცა და მისი თანმხლები ქალ-ვაჟიც. საღამოობით შიოს ძველ ფარეხში შეიძურწებოდნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ. ბიჭი ყოველდღე ამაოდ სთავაზობდა დუქანში წაყოლას.
პეტრეს დუქნიდან ფეხი მოიკვეთა ბოლმაც. არაყს არც ოდესმე ეძალებოდა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირ უარს ამბობდა, ბიჭს აოცებდა და გულის გადასაყოლებლად მარტოს უშვებდა. ჰამაკში გაშხლართულ ბოლს ძილის წინ ჭერში ყურება შეუყვარდა. ნისლის ბრალი იყო ყველაფერი. ისიც ნისლის ბრალი იყო, ებედო რომ შინიდან ფეხს აღარ ადგამდა და ბიჭს მელო რახანია ვეღარ დაემარტოხელებინა.
- კაცო, რად არ მეუბნები როგორ მოგაგნეს, საიდუმლო გაქ თუ რა? - გაუწყრა ერთ დღეს ბიჭი ბოლს, - რო დაგიჩემებია ძველ სურათზე მნახესო, იმ სურათზე რა, ეწერა ბოლი შავდაბელი გახდაო?
- მომაგნეს, რა, - უგუნებოდ მიუგო ბოლმა.
- მითხარი, კაცი არ ხარ? როდის იყო ეგეთებს მიმალავდი.
ბოლმა ხელი ჩაიქნია.
- მითხარი, თორემ ემაგ ყუთებს არ გადაგაწყობინებ.
ბოლს გაეცინა.
- სურათს დახედეს და ჩემი ტფილისელობა ამოიკითხეს.
- ჰო, ძილში კი მესმოდა რაღაცა... მერე? - იმ ღამით ბიჭმა და ბოლმა უცნაური ქალაქელები რომ გაიცნეს და დილამდე შიოს ძველ ფარეხში ისხდნენ, ბიჭმა სწორედ მაშინ ჩათვლიმა, როდესაც თეთრი კაცი მათ პოვნაზე ყვებოდა რაღაცას.
- მერე და მერე... მერე, ვიღაც ჩემი სიყმაწვილის ჟამინდელი ნაცნობი უპოვნიათ, იმისგან რაღაც შეუტყვიათ, მერე კიდევ რაღაც და ასე მოჰყოლიან კვალს. ანგლისურად დედუქშენი ქვია.
- ოღონდ, ეხლა ნუ გამაბრაზებ და გამაცეცხლებ. ვფეთქდები და კვამლი ამდის. იმ სიყმაწვილის ნაცნობმა რა იცოდა სად იყავი? განა თავად არ გაიძახი ადრინდელ ცხოვრებასთან აღარაფერი მესაქმებაო? ჩატეხილ ხიდებზე რომ მელაპარაკებოდი მთვრალი იყავი, თუ რა?
- არაფერიც არ იცოდა. უთქვამს ბოლოს რომ ვნახე ესა და ესა თქვაო.
- ბოლმაო?
- ჰო, ჩემზე უთქვამს. მერე ამ შერმადინს რაღაცა რუღაცისთვის გადაუბამს, გადმოუბამს, დაუკავშირებია და აჰა. დედუქშენი ქვია, მეთქი.
- ვაჰ, დიდი მეწვრილმანე ჩანს ეგ შერმადინი.
- მეწვრილმანე?
- ჰო, კაცო, ეგეთ პიჭა-პუჭა რამეებს აკვირდება და იმახსოვრებს გაგიჟდები. იმ დღეს შეღებილ ძაღლზე ამბავი მიამბო, ტანში გამაზანზარა. მანგლისში ერთი კაცი ყოფილა...
თოვა კი შეწყვეტას არ ფიქრობდა. ბოლისა და ბიჭის ეზოში შესაგროვებელი შეგროვდა, შესაფუთი შეიფუთა, ნაქირავებ ცხენებს უქმად გაუდიოდათ ხარჯიანი დღეები. აუტანლად მოსაწყენი გამოდგა შემდეგი დღეც. ბოლი მთლად დადუმდა და რაღაც ფიქრს მისცა თავი _ ვინ იცის ჩამტვრეულ ხიდზე გადადიოდა _ ბიჭი კი ღობე ყორეს მოედო. ნაშუადღევს, ჰამაკებში გაშხლართულებს თეთრმა შერმადინმა მიაკითხათ, მაგიდასთან ჩამოუჯდა და ოთახი ქალაქურად გაპრანჭული თამბაქოს სუნით გამოლანძღა.
- კიდევ რამდენ დღეს მოგვიწევს ლოდინი? - იკითხა სტუმარმა.
- სანამ არ გამოიდარებს, - მიუგო ბოლმა.
- ასეთ ამინდში გადაჩეხვა არ აგვცდება, - კვერი დაუკრა მეგობარს ბიჭმა.
თეთრი კაცი ჩაფიქრდა.
- ვიცი, ფულის ამბავია, მაგრამ აბა... ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, - ბოლი ჰამაკიდან ზლაზვნით წამოდგა. თეთრმა კაცმა გაუსწორა:
- დროის ამბავია, დროის.
ბოლმა ღუმელს შეშია ნატეხი მიაშველა.
- მე თქვენი საქმისა არაფერი ვიცი და იქნებ, ამიტომ ვერ ვხვდები რისი ამბავია, - თავი იმართლა.
- დიახ, ცოტა უხერხულად კი გამოდის, მაგრამ გასამრჯელოთი ვსწორდებით. როგორ ფიქრობთ, ხვალ მაინც გამოიდარებს?
ბიჭმა სათავისო დრო და ჟამი იგრძნო:
- თუკი საღამოს პირს ზღვის მხრიდან თაგვისფერი ღრუბელი წამოვა...
- ტყუილია ეგ ყველაფერი! - მოულოდნელად შეაწყვეტინა ბოლმა.
თეთრი დამქირავებელი წამოდგა.
- მაშ, საღამოს პირს კიდევ გეწვევით და რაღაცებს თქვენთან ერთად დავაზუსტებ.
ის შეტრიალდა და ქიხიდან გავიდა.N ბიჭი ცოტა ნაწყენი ჩანდა. ხელი
ჩაიქნია და ჰამაკში ღრმად ჩაეშვა, თუმცა მალე ისევ წამოწევა მოუხდა. ქოხის
კარი გაიღო და ზღურბლზე ისევ თეთრმა ადამიანმა გადმოდგა ფეხი.
- ერთი წუთით, აქეთ მობრძანდით, სიტყვა მაქვს სათქმელი.
ბოლს ეძახდა და ბიჭისთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო. ყელში ათასი ეშმაკი
მიაწვა. სძულდა, როდესაც მის მეგობართან ვინმე საიდუმლო საქმეს
იჭერდა _ მისგან საიდუმლო საქმეს. არა, მეგობრისა არასდროს არაფერი შურდა,
მის ყოჩობას და პირველობას დღენიადაგ Gულწრფელი მეორეობით ხვდებობა,
მაგრამ როგორც კი ვინმე მათ შორის საიდუმლოს ჩაასობდა, ცოფდებოდა. საკმარისი
იყო ვინმეს ბოლისთვის გადაეჩურჩულებინა, რომ ვერ ისვენებდა, სანამ
დაწვრილებით არ შეიტყობდა ყველაფერს და საიდუმლოს მკვდარსავით შეინახავდა.
თეთრმა კაცმა ბოლი გაიხმო. ქოხს გარეთ, სამ ნაბიჯში არაფერი ჩანდა.
ბოლმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სტუმარმა საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და გაჩუმება სთხოვა, შემდეგ კი იმავე თითით გაყოლა ანიშნა. უხმაუროდ სიარულს ცდილობდა. ტურამ იკივლა. შედგნენ. თეთრი კაცის საჩვენებელი თითი ახლა ქვეით მიუთითებდა. ბოლმა თვალი გააყოლა. დაბლა, თოვლს ნაფეხურები აჩნდა.
ნაფეხურები? თეთრი კაცი რომ არა, ბოლი ამას ყურადღებას არც მიაქცევდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მართლაც უჩვეულოდ ეჩვენა. ნაფეხურების მიმართულება იმას ამბობდა, რომ ვიღაც ბიჭისა და ბოლის ქოხში სტუმრად მოემერთებოდა, რადგან გვერდით ჩამვლელს გეზი ოცი ან ოცდაათი ნაბიჯის მოშორებით უნდა ჰქონოდა. მაშ, ვიღაც ყოფილა და კარის სიახლოვიდან გაბრუნებულა.
ბოლმა გულდასმით დაათვალიერა იქაურობა. აშკარა იყო, მათი ქოხისკენ მიმავალი კვალი წყდებოდა და უფრო ფართე ნაბიჯით უკან ბრუნდებოდა _ ჩქარა თუ გაერიდა იქაურობას. ქოხის კარი გაჭრიალდა. ბიჭი გამოვიდა და შახლსუკან ჩეჩმისკენ გაუტია. ისევ იკივლა ტურამ. ზამთრობით, მითუფრო ნისლში ნადირი შავდაბაშიც კი შებედავდა ხოლმე. ბოლმა თეთრ კაცს ანიშნა შინ შევბრუნდეთო. უქუდოდ კარში გასულს თავზე თოვლის ბოხოხი დასდებოდა, სტუმარს კი ცხვირი გასწითლებოდა სასაცილოდ. უცბად, ბიჭის Aეყვირება მოისმა:
- ჰეი, ჰეი! რომელი ხარ, მანდა?!
შეძახილს ნაბიჯთა ბრაგაბრუგი მოყვა, მაგრამ რა _ ნისლში გაქცევა და დამალვა ოლია, დადევნება და დაჭერა კი ძნელი. ბიჭი ქოშინით დაბრუნდა, ჩეჩმაში შესვლა აღარც ახსოვდა.
- გაიგონეთ, კაცო?! ნახეთ?! ვინ ოხერი უნდა ყოფილიყო, ეს ოხერი?
- შინ შევიდეთ! - მოჭრა ბოლმა.
კარი ჩარაზეს და მაგიდას მიუსხდნენ. ხმამაღლა... არა, თუნდაც ხმადაბლა საუბარი აღარ ივარგებდა. ქოხთან, მის სხვენზე თუ რაგინდა რა ადგილას იოლად შეიძლებოდა ვინმე დამალულიყო. თეთრმა კაცმა ჯიბიდან ქაღალდი და ფანქარი ამოიღო, რაღაც დაწერა და ბიჭისკენსკენ გააცურა. \"თვალი მოჰკარ?\" - ეწერა ქაღალდზე. ბოლმაც ჩაყო ფურცელში თვალი. შემდეგ, ბოლმა და თეთრმა კაცმა ბიჭს შეხედეს _ ხელით იატაკიდან დაბალი კაცი მოეზომა. სტუმარმა თავი გააკანტურა. \"გარეთ კი დიდი ნაფეხურები ვნახეთ. ანუ ორნი იყვნენ, ერთი ქოხის წინიდან და მეორე უკნიდან\" - თეთრმა კაცმა ახლა ეს დაწერა ფურცელზე. ბოლმა ბრაზით გახედა ქალაქელს.
- ჯობს ყველაფერი გვიამბოთ.
ქალაქელმა კვლავ თავი გააქნია და იმავ ქაღალდის მეორე მხარეს ახალი სიტყვები გამოიყვანა: \"მეტს ვეღარ დავიცდით. ხვალ დილით უნდა გავიდეთ. ჰო თუ არა?\"
ბოლმა ღრმად ამოიოხრა.
თავი ოცდამესამე
კიტს მთელი დღე გადაჰქონდა თავისი ბარგი
მყინვარის ზედა კიდისკენ და ვინაიდან მანძილი
დიდი არ იყო, ყოველ ჯერზე ასორმოცდაათ
ფუტს იბამდა. ასეთმა მოულოდნელმა
გამძლეობამ ის გაახარა და გააოცა.
ისინი სიბნელეში გავიდნენ და იმ გზას დაადგნენ ტყისკენ მიმავალ შავდაბელებს ათასში ერთხელ რომ ახსენდებოდათ. სამაგიეროდ, ხიფათისგან იყვნენ მეტად დაცული. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, ერთი შესვენებით შუადღისთვის დაღრეჯილის ხრამთან უნდა ყოფილიყვნენ, საღამოს კი ალის ტყის პირას. ბოლმა ყველა მკაცრად გააფრთხილა, რომ მოგზაურობამ შეღავათი არ იცოდა და ყველას მისი დათქმული ნაბიჯით უნდა ევლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ალების ტყემდე გზად სულიერს ვერ გადაეყრებოდნენ. ჯერჯერობით, მთავარი სწორედ ეს იყო.
შემდეგ ასე უნდა მოქცეულიყვნენ: ღამეს ტყის პირას, შესაფერ და ძველთაგან ცნობილ, ოღონდ ახალთაგან დაწუნებულ ალაგას გაათენებდნენ, მეორე დღეს ტყეს გადასერავდნენ და ჯიხვა ხეობას მიადგებოდნენ. აი, რა იყო ყველაზე ძნელი _ ვიწრო, პირქუში და ზამთრისგან გაბოროტებული ჯიხვა ხეობის გავლა. ხეობას რომ ჩამოიტოვებდნენ, გზა-სავალი კიდევ დახვდებოდათ _ აღმართ-აღმართ, ქვეყნის დასალიერისკენ, სადაც ის ადგილი დაუხვდებოდათ, ტფილისელ მეცნიერთა ექსპედიციამ ზაფხულზე ბოლს ფოტოსურათი რომ გადაუღო.
ამრიგად, ბოლმა ზუსტად იცოდა სად მიდიოდნენ, ოღონდ არ იცოდა, რატომ. თეთრი ქალაქელი, შერმადინი სანდო და პატიოსანი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა, ოღონდ ჯიუტად დუმდა და არ ამბობდა იქ რა უნდა ეკეთებინათ. ის არც იმას ამბობდა, რა კავშირი ჰქონდათ ზაფხულის სწავლულებს მასთან და ბოლის გონებაც სვამდა და სვამდა ეჭვიან შეკითხვებს. მეორე მხრივ, ბოლის გული შერმადინისაკენ იხრებოდა, მისი და მისი თანმხლები წყვილის მეგზურობას კარნახობდა, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და მთავარი ხიბლი თეთრი კაცის აღთქმული დაუნანებელი გასამრჯელო უფრო გახლდათ. ასეთი თანხა შავდაბელებს ერთხელ მაინც რომ ეგდოთ ხელთ, იქნებ შავდაბელობისთვის დაენებებინათ კიდეც თავი. სწორედ გსამრჯელომ უბიძგათ ბოლსა და ბიჭს ზამთარში გაებედათ იქით წასვლა, სადაც ზაფხულობითაც კი იშვიათად დადიოდნენ. ჯიხვა ხეობა თიბავესა და მარიამობისთვეში იყო უჟმური და უხიაგი, ჰოდა, ზამთარში რაღა იქნებოდა.
ერთი სიტყვით, ბოლმა ძალიან კარგად უწყოდა საითაც ჰქონდათ გეზი, მაგრამ ბიჭთან ადგილის დასახელებას ერიდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს ალაგი სწორედ იმ დევთა კლდის პირას იყო, სადაც წლების წინ განძის საძებნელად შავდაბაში ჩამოსული მისი მეგობარი, როგორც იმ დღეს გაირკვა, თვალ-მარგალიტის პოვნას აპირებდა და ეს ქარაგმულადაც რომ წამოსცდენოდა, მთელი გზა გიჟური აზრების ძრობა და ზედმეტი ბარგის თრევა მოუწევდა.
...წინა საღამოს, შიოს ძველ ფარეხში გამართულ თათბირს ბიჭი და თეთრი შერმადინის ახალგაზრდა თანმხლები, მარშანია, მურღულია თუ მალაზონია გარეთ დარაჯობდნენ, არემარეს მავილი თვალით ჩხვლეტდნენ, მაგრამ არავინ შეუმჩნევიათ. ეს ამბავი იმედისა იყო, ვინაიდან გამოდიოდა, რომ დიდ და პატარა ნაფეხურიან კაცებს ყველაფერი ჯერ არ ჰქონდათ გამოძიებული. გარდა ამისა, თეთრმა კაცმა თავადვე თქვა, რომ იმ დღეს, საღამომდე დრო უქმად არ დაუკარგავს, შავდაბაში შეუმჩნევლად უვლია და მიმხვდარა, რომ მდევრებს მათი გეგმებისა და მოქმედებათა წვრილმან-მსხვილმანი ბოლომდე მართლაც ვერ გამოეჩხრიკათ, რისი მიზეზიც, ალბათ ის უნდა ყოფილიყო, რომ სახალხოდ გამოჩენას ერიდებოდნენ, თორემ ალალად რომ გაეკითხათ, ქალაქელების ადგილსამყოფელისა და ფუსფუსის ამბავს ბევრი უამბობდა.
დიდმა გასამრჯელომ ბიჭი ისე ააშუშპარა, ლამის იყო ნაკვალევიანი მდევრების მოძიება და დახრჩობა იკისრა, ბოლს კი სხვა კითხვებიც უტრიალებდა მაინც ეჭვიან გონებაში: ვინა თქვა, რომ მდევრები ოხრები არიან, ქალაქელები კი წმინდანები? ვაი, თუ პირიქით იყოს ყველაფერი? იქნებ... ან იქნებ... ან იქნებ, სულაც... მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, თეთრი შერმადინი რაღაც უცნაურ სხივს ასხივებდა, სიკეთისას თუ ამდაგვარს და თანაც, ქალი ახლდა ანგელოზის უმანკო სახით.
დინჯად მიუყვებოდნენ გზას. ცხენებს ბარგი ეკიდათ. ტურასაც მოკრეს თვალი და მგელსაც, ბიჭმა თოფი ჩახმახზეც შეაყენა, მაგრამ ხმაურს ერიდებოდნენ და არ უსვრია. სიტყვასაც იშვიათად ცვლიდნენ.
- ნისლი იფანტება, - თქვა ბიჭმა კარგად რომ გათენდა.
- ნისლი? - ფიქრიდან გამოეკვა ბოლი, - ჰო, მაგრამ ნისლში სიარული ჯერ წინაა.
შუადღისას ნისლი მართლაც გაიფანტა. მოგზაურებმა თითქოს ფარდა გადასწიესო, უცბად მოიწმინდა გარემო და თავი რაღაც ბუმბერაზის, ენით აუწერლის გულში ამოყვეს. ისინი პატარა ბუზანკალებივით შუაში იდგნენ, გარშემო კი ვიღაცას სამყარო აეგო. თავს დათოვლილი ვეებერთელა მთების ჯარი წამოდგომოდათ.დიდრონი, კეთილი ფიფქებით თოვდა. მთათა დუმილი გუგუნებდა. ეს დუმილი ბოლს და ბიჭს ბევრჯერ მოესმინათ, სტუმრებს კი გულზე დააწვათ. გზა თერ ზოლად მიიკლაკნებოდა სადღაც დასაკარგავში და მათაც სწორედ დასაკარგავისკენ ეჭირათ გეზი. ცუდად როდი მიდიოდნენ, მაგრამ ბოლს მეტი სურდა.
წინ ბოლი და თეთრი შერმადინი მიდიოდნენ _ გზა თუ ფართო იყო, მხარდამხარ, თუ ვიწრო, ჯერ ბოლი, მერე შერმადინი. უკან ქალ-ვაჟი მისდევდათ. ქალს, სონიკოს, რომელიც თეთრ კაცს ძიას ეძახდა, სახე ასწითლებოდა და თვალებში თავგადასავალი ჩასახლებოდა. ვაჟი შიგადაშიგ გადაულაპარაკებდა რაღაცას. ბოლოს კი თოფმომარჯვებული ბიჭი აცეცებდა თვალებს, ყოველ საეჭვო მოძრაობას აკვირდებოდა და ტყე-ბუჩქში მოფაჩუნე სულიერსა თუ უსულოს მსხვილი ტყვიის დახლას უქადდა.
აი, დაღრეჯილის ხრამიც. შეისვენეს, ლუკმა გადაყლაპეს. თავს რაღაც დიდი ფრინველი დასტრიალებდათ, ფრთებს სამყაროს კიდეებს აყრდნობდა და ჰაერში ეკიდებოდა. თეთრი კაცი ხრამს გადაჰყურებდა. სონიკო მიუახლოვდა.
- ნეტავ, რას უცქერთ, ძია შერმადინ ასეთი დაჟინებით?
ძია შერმადინმა გაიღიმა, ოღონდ არაფერი უთქვამს, დაბლა ერთ წერტილს არ აშორებდა თვალს. ქალი მის მზერას გაჰყვა და შეკრთა: ხრამში, გაყინული წყლის ზედაპირიდან ბომბორა ძაღლი ამომართულიყო. ძაღლიც წყალსავით გაეყინა ზამთარს და ვინ იცის, როდის მომკვდარი უცვლელი იერით დაეტოვებინა. წელს ქვემოთ ყინულქვეშ ჩარჩენილს ამოშვეილი წინა თათები ისე გასშეშებოდა, გეგონებოდათ უკანა თათებზე პატრონისთვის ლუკმის გამოსართმევად აიწიაო. საბრალოს განგებისთვის სიკვდილი გამოერთმია. ნეტავ რამ გააშეშა ასე შემართული, განა წყალი მყისიერად იყინება ცხოველმა ამოსვლა რომ ვერ მოასწროს? შუშად ქცეულ თვალებს უკანასკნელი მზერა თუ შესციებოდა.
ბოლმა გასვლა ბრძანა. დაიძრნენ. დაღრეჯილის ხრამს მაღლა აჰყვნენ და მარჯვნივ გაუხვიეს. მთათა კალთების შესაყარზე ბუნებას სპეტაკით დაფარული დერეფანი დაეტოვებინა. თოვლი ისე იდო, გაისვლებოდა. ზედაპირი ნადირის კვალს დაეჩხვლიტა.
კარგა ხანს იარეს. მთები კალთებს ხან გაწევდნენ, ხან კი ისევ ვიწროდ დაუხვდებოდნენ მგზავრებს. აღმართი ხანდახან წამოწვებოდა და ისვენებდა. ტყეში ღრიალი გაისმა.
- დათვია, - ჩაილაპარაკა ბოლმა.
- ახლოსაა? - ჰკითხა ქალმა.
- ჯერ არა, - მიუგო გამცილებელმა და ჩაიცინა _ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამოელაპარაკა ანგელოზის მსგავს არსებას.
სონიკომ აშკარად ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს პასუხი. იმას, რომ დათვი სდევდათ თუ იმას, რომ წინ, სხვა დათვებთან ელოდათ შეხვედრა.
ნელ-ნელა ბინდიც ჩამოიფანტა, გზად კი მოულოდნელი დაღმართი დაუხვდათ. ბიჭის ცხენს ფეხი დაუცდა და ბარგი დაუგორდა. აკრიფეს და სიფრთხილეს უმატეს. ბოლი უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა, რადგან ბინდი აჩქარებას ურჩევდა. მთებმა ალყა შეავიწროვეს, თოვამ იკლო.
დაღმართი რომ დასრულდა გზა ძველებურად გაიკლაკნა და ალების ტყეც გამოჩნდა. ტყეს წინ პატარა მდელო დაეფინა, ალბათ ხელი რომ შეეწყო ხალხისთვის, მისადგომად იოლი რომ გამხდარიყო, ოღონდ თავად გვარიანად ბნელი ჩანდა. მეგზურებს კმაყოფილება და თავდაჯერება დაეტყოთ, გაიღიმეს კიდეც. უკვე ჯიქურ მიიწევდნენ საითკენღაც.
ეს საითკენღაც ერთი მორყეული ფარდული გამოდგა, რომელსაც შერმადინ ხოვლელმა დაკვირვებით შეხედა.
- მინგრეულ-მინგრეულია? ეს ძალიან კარგი გალავთ, ჩემო ბატონო.
სონიკომ გაკვირვებით შეხედა ძიას. ხოვლელს გაეღიმა, ცხენებს ბარგს ხსნიდნენ, ბიჭი კოცონს ანთებდა.
- კარგია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურობას ღამის გასათენებლად აღარ ეტანებიან. ალბათ, სადმე, მოშორებით, სხვა გზაზე ახალი ფარდული დგას და ვინ იცის შიგ არის კიდეც ვინმე - განმარტა თეთრმა კაცმა, შემდეგ კი ბოლს მიუბრუნდა: - ამხელა კოცონი რომ ააგიზგიზეთ, ხომ შეიძლება დაგვინახონ?
- სამაგიეროდ, არც გავიყინებით და ნადირიც არ შეგვჭამს. თან, ასეთ დროს, ასეთ ამინდში ამ ადგილებში არავინ დაიარება.
-ჩვენი და ჩვენი მდევრების გარდა.
ბოლმა მხრები აიჩეჩა.
- კვალში თუ გვედგნენ სხვა ამბავია, მაგრამ ადევნება თუ დაიგვიანეს ამ ღამით ვერ წამოგვეწევიან, დილით კი ადრიანად უნდა ავიბარგოთ. ჰო, მართლა, გარიგების დროს მდევრებზე არაფერი გითქვამთ.
ახლა ხოვლელმა აიჩეჩა მხრები.
- იმიტომ, რომ მაშინ არ ვიცოდი თუ გვსდევდნენ.
ბოლს კი ისევ ეჭვმა გაჰკრა: რატომ ვიგდებ თავს ხიფათში? კოცონს მიაშტერდა. ბიჭისთვის სულერთი იყო, გასამრჯელომ ის სიფრთხილე დააკარგინა, რომელიც არასდროს ჰქონია, მას კი... არა, თქმა იმისა, რომ ბოლისთვის ფული უმნიშვნელო იყო, ტყუილი იქნებოდა, მაგრამ იყო სხვაც გარდა ამისა _ თავგადასავალი, უფრო სწორად კი თავის გამოცდა. განა ქალაქს ამის გამო არ გამოექცა? განა ხევ და ხევ, ტყე-ტყე, ზღვაში თუ მყინვარზე, მთის მდინარეებსა თუ უღრან ტყეებში, ყაჩაღთა და ათასი ჯურის ავანტიურისტთა თავშესაფარებში არ ეძებდა იმას, რაც... რაც ნაღდია და ერთადერთი ამქვეყნად, რასაც ხელით უნდა შეხებოდა, შეეგრძნო, შეეწოვა რაც სხეულზე იარებად უნდა დარჩენოდა, რასაც მის გულშიცხელ შამფურად უნდა გაევლო, რის გამოც სიკვდლისვის ბევრჯერ უნდა ჩაეხედა თვალებშიდა მერე, ღრმა მოხუცებულობაში, ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში მხოლოდ იმ ერთი მშვენიერი დღით ჩასულს თავმომწონე ადამიანთა მაგიდაზე ქაღალდებზე გადაწერილი უნდა დაედო?
და აი, თოვლივით თეთრმა შერმადინმა იმ მივიწყებული და მოძულებული ქალაქიდან ჩამოუტანა თავგადასავალი,ზედ საიდუმლოების საწებელიც მოუსხა, ის კი შეკრთა, ეჭვი გაუჩნდა. რატომ? ნუთუ ქალაქიდან ჩამოსულებმა რაღაც ისეთი ჩამოიყოლეს და გაახსენეს, რაც სინამდვილეში ენატრებოდა? ნუთუ ის, რასაც ჭაობს ეძახდა ისევ იზიდავდა თუნდაც ერთი ძაფით?
ჭაობი, ჭაობი... ჭაობი ხომ იმისთვისაა, რომ მიგიზიდოს?
კოცონი ათბობდათ. ბიჭი დაღლილი გატაცებით უამბობდა რაღაცას თითქმის მიძინებულ სონიკოსა და მალაზონიას.
- ეგეც ამ ტყეებში მოხდა, - ბიჭმა ხმაურით მოხვრიპა ცხელი ჩაი და ხელი სადღაც გაიშვირა, - იმ კაცს ღვთისო ერქვა და მერე მალე მკოვდა, წყლულებმა დაუჭამეს მთელი ტანი, მაშ?
ბოლი გამოერკვა, ბოლო სიტყვებს ყური ჰკიდა და ხელი ჩაიქნია.
- მაშ, თქვენ ალქაჯებისა არ გწამთ? - მიუბრუნდა სონიკო.
- არა.
- იმიტომ, რომ არ შეგხვედრიან, - ჯიუტად თქვა ბიჭმა, - მე ერთხელ ხმა
მომესმა, იმას რა დამავიწყებს. თმა ყალყზე დამიდგა.
- როგორია ალქაჯი? - დაცინვით იკითხა მალაზონიამ, მაგრამ ბიჭმა დაცინვა ვერ შეამჩნია.
- აი, მაღალი, ასეთი. ძალიან მაღალი და გაწეწილი. თეთრი კაბა აცვია, თვალებს კიდევ ისე აბრიალებს, რომა...
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ პირდაპირ მსხდომი მალაზონიასა და სონიკოს სახეებმა სიტყვა მოუსპეს. შერმადინ ხოვლელიც წამოიწია, კოცონს ტოტი გამოართვა, ბოლი კი თვლემდა. ბიჭი სასჭრაფოდ მიტრიალდა, განუყრელი თოფი მხარზე საოცარი სიმკვირცხლით მიიყრდნო და... თავადაც დაინახა: ძალიან მაღალი იყო, თვალები ულაპლაპებდა, დიდრონი თეთრი კბილები უჩანდა და უგრძესი შავი თმა-ნაწნავი მართლაც რომ ყალყზე ედგა. ბიჭმა დააქუხა.
- რა ხდება? - წამოიჭრა ბოლი.
მოჩვენებამ ისკუპა და სიბნელეს მისცა თავი.
- მგონი მოვარტყი, - იჩურჩულა ბოლმა.
თავი ოცდამეერთე
...ყოველთვის რაღაც უბედურება ხდებოდა. ერთს, მეორმოცე მილის სიახლოვეს ყინულთხელი ჩაუტყდა და ჩაიტანა. მეორე, საკუთარმა ძაღლებმა შეჭამეს. მესამე, მიტეხილმა ხემ ჩაიყოლა. მოულოდნელი ტბა მოჯადოვებული ადგილი იყო.
მთელი ღამე თოვდა. თოვლმა ღამეული მოჩვენების კვალი წაშალა. დილით, ამაოდ დაეძებდა სტუმარი შერმადინი რაიმე ხელის ჩასაჭიდს. თვალს მხოლოდ თეთრი, ფაფუკი, სპეტაკი საბანი ეგებებოდა. გვარიანად დაფეთებული, უძილო ბიჭი ცხენებს ბარგს ამაგრებდა. ალქაჯზე სიტყვას აღარავინ ძრავდა, შიშისა რცხვენოდათ თუ მართლა დაეშინებინა უწმინდურს.
ტყეს ისე შეეკრა კოპები მისი მრისხანება თოვლის სიწმინდესაც კი ვერ მოელბო. ის ხშირი იყო, გაუვალი, უღრანი. კიდევ კარგი გამოცდილ მეგზურებს იქ შეძურწული ბილიკი ეგულებოდათ და მას დაადგნენ, თორემ ეგრეც დარჩებოდნენ კიდეზე. ბილიკიო კი ვამბობთ, მაგრამ არც ეს ბილიკი ბრძანდებოდა ხალიჩად გაფენილი. ტყის სიღრმეებამდე ჯერ სად იყო, მალაზონია თოვლში მიმალულმა მზაკვარმა ფესვებმა რომ წააქციეს და მუხლები გადაუყვლიფეს. შერმადინ ხოვლელი მუცლით ტოტს მიასკდა, კინაღამ გულ-მუცელი შეენგრა. ბიჭს ერთმა ხემ რაც რამ თეთრი სიმძიმე ებადა, ყველაფერი ზედ დააბერტყა, სონიკოს და ბოლს კი მრავალჯერ დაუსხლტათ ფეხი. ცხენებიც, ხან ერთგან ეჩხირებოდნენ და ხან მეორეგან.
შუადღისას მოგზაურებს მგელმა ჩაურბინათ. ბიჭმა არ დაახანა, ესროლა, მაგრამ ააცილა. გასროლის ხმაზე ტყემ დამფრთხალი ციტების ლაშქარი აუშვა და მიმავალთ საშინელი წიოკი დაათენა.
- დიდი ტყეა ეს ოხერი, - მალიმალ იმეორებდა ბიჭი.
- ნუ გეშინია, პატარავ, გავალთ, - დუდუღუნებდა ბოლი.
ჩიტებმა იტრიალეს, იტრიალეს და თავიანთ ტოტებს დაუბრუნდნენ. შერმადინ ხოვლელმა წელამდე თოვლში შეტოპა, იქვე მოუხდა სამოსის გამოცვლა. შემდეგ კიდევ იარეს. კარგა იარეს, ბევრი. გათანგული მალაზონია სონიკოს გასამხნევებელ ძალას მაინც პოულობდა. ბოლი თავისავე გასაკვირად კოპებშეკრული მიიწევდა წინ და რატომღაც ტუჩს იკვნეტდა, რაც სუსხში ერთობ მწარე საქმე აღმოჩნდა.
- ჰაე, ჰაე! - უეცრად იყვირა ბიჭმა.
ყველამ ერთბაშად მოიმარჯვა თვალები. მეგზურებმა თოფები ჩახმახზე შეაყენეს.
ბოლმა ხელი ასწია, თანამგზავრებს შეხედა და ყველას ადგილსე გაშეშება უბრძანა, თავად კი ფრთხილი ნაბიჯით გაეშურა მსხვილი, ღონიერი ხისკენ, რომლის ძლიერ ვარჯს რაღაც ამოფარვოდა. მეგზურმა მზერა დაძაბა _ ეს რქა იყო, მეტისმეტად დიდი და დატოტვილი. არ ინძრეოდა. ბოლი უფრო მიუახლოვდა, განზე გაიწია, დაიხარა, ყოველი მხრიდან სცადა საოცარი რქის უკეთ გარჩევა. შემდეგ უკან მოიხედა, და დაძაბული ბიჭის თითქოსდა გაუგებარი, იმავ დროულად კი ძალიან გასაგები ხელის მოძრაობა დაინახა.
- რქაა!
ბოლი ამ ერთი სიტყვის დასაძახებლად პირს რომ აღებდა, ბიჭს ხის უკან მიმალული გაურკვევლობა მიზანში Hქონდა ამოღებული, მაგრამ გაურკვევლობა შეძახილზე არ განძრეულა.
- რისაა?
- ირმისას კი ჰგავს, მაგრამ ვეებაა.
ბოლმა ფეხაკრეფით პირდაპირ რქისკენ გასწია, ხეს შემოუარა და გაჩერდა. მოგზაურები ხედავდნენ, როგორ მიაყუდა მეგზურმა თოფი ვარჯს, როგორ ჩაიცუცქა... ჩაცუცქული აღარ სჩანდა. ერთხანს დუმილმა დაძაბა ნერვები, მაგრამ წამიც და ხის უკნიდან გულიანი ხარხარი მოისმა. ეს ხარხარი აფეთქებას უფრო ჰგავდა, რადგან, ალბათ ერთადერთი რამ იყო, რასაც არავინ ელოდა.
- რა არის, მეთქი? - იყვირა ბიჭმა და მოულოდნელი ხარხარისგან შემკრთალი თავქუდმოგლეჯით გაიქცა ბოლისა და რქისკენ. ყველანი მიყვნენ.
შემდეგ ისინი ჯგუფად იდგნენ და უცქერდნენ: ხის უკან გოლიათი გაწოლილიყო.
- რა საოცრებაა, - ჩურჩული გაბედა სონიკომ.
და ერთადერთი, ვინც ამ ბუმბერაზის დანახვაზე იცინოდა ბოლი იყო. თითით ბიჭი იხმო. შერმადინ ხოვლელიც მიუახლოვდა. მალაზონიასაც სურდა მამაკაცებს მიჰყოლოდა, მაგრამ სონიკოს დათრგუნულ სახეს რომ გადახედა, მის გვერდი დარჩენა ამჯობინა. უსულო გოლიათს ქალისთვის სიკვდილი მოეყვანა და ცხვირწინ დაესვა.
შეჯგუფულთაგან კი პირველი ცვილის კაცი წამოდგა. მის თვალებში ჩამდგარ შტაგონებას ტუჩთა კუთხეებში მომდგარი ღიმილი უცნაურად აბათილებდა.
- ვაგლახ, როგორ მოუხდებოდა ეს რქები ჩემს ოთახს.
ბოლიც წამოიმართა ქამრიდან დიდი დანა ამოასრიალა და სონიკოს შეხედა. ქალი გატრიალდა და მალაზონიასთან ერთად იქაურობას გაეცალა.
- რის წაღებასაც შევძლებთ, წავიღოთ. მხოლოდ ყორნებს ხომ არ უნდა ერგოთ.
ყველაზე უჩვეულო სანახავი კი ბიჭი იყო. ვეება ირემს ისეთი გაბოროტებით უცქერდა, გეგონებოდათ, თუკი ცხოვრებაში გასაჭირი რამ გადახდენოდა, მისი ბრალი იყო.
- დანა მომაწოდე, - მკვახედ უთხრა ბოლს.
შერმადინ ხოვლელს გაეცინა.
- შურისძიებაა?
- რაო, რა ხდება? - დაიძახა მოშორებით, სონიკოსთან მდგომმა მალაზონიამ. თეთრი კაცი ქალ-ვაჟს დინჯად მიუახლოვდა და ხმადაბლა მიუგო:
- ეს ირემი, ბატონო მალაზონია, ტყვიით გახლავთ მოკლული.
- მაშ, ჩვენს გარდა აქ კიდევ ყოფილა ვიღაც, - მალაზონიამ სონიკოს დამცველის სახით გადახედა.
- არა, არა. გასროლის ხმა მე გუშინდელს მერე არ გამიგია, არადა, აქ ვინმე, სხვას რომ ესროლა თოფის ხმა უნდა გაგვეგო.
- ვახ, კი მაგრამ... გუშინ? - დაიბნა რეპორტიორი.
- დიახ, თოფის ხმა ბოლოს გუშინ გაისმა, როდესაც ჩვენმა ერთ-ერთმა გამცილებელმა ალქაჯს ესროლა.
ეს სიტყვები თეთრმა კაცმა კიდევ უფრო ხმადაბლა წარმოთქვა. მალაზონიამ და სონიკომ უნებლიედ იქით გაიხედეს სადაც ბიჭი ეგულებოდათ. შემხვედრად ძალიან ბრაზიან მზერას დაეჯახნენ.
მოგზაურები დაბინდებამდე გავიდნენ ტყიდან. კიდევ ერთი საათის სავალში მეგზურებმა ბანაკის გაშლა ბრძანეს _ ღამის გასათევად მართლაც მოხერხებული ადგილი ჩანდა. დილით კი აღარ თოვდა. ბანაკიდან ოცდაათ ნაბიჯში ბიჭმა დათვის ნაკვალევი იპოვნა. შემაძრწუნებელ სიჩუმეს უჩინარი ფრინველის კივილი ჭრიდა.
- ვიჩქაროთ, - ბრძანა ბოლმა, - ჯიხვა ხეობა გველოდება.
ისინი ჩამწკრივდნენ და გზა განაგრძეს. ადგილი თითქოს ფართე იყო, მაგრამ გზამ თავიდანვე ჩამწკრივება მოითხოვა. მერე და მერე დაღმართი გამოიკვეთა, სავალიც შევიწროვდა. გარშემორტყმული მთები მოგზაურებს სადღაც ქვემოთ იწოვდა.
ნელ ნელა დაბლდებოდა ხეები. მზე იმალებოდა, ცა იქუფრებოდა, ყინვა ძლიერდებოდა. ბილიკმა მზაკვრული კლაკვნა დაიწყო. ბოლი მიუძღოდათ, ხელში შუბისმაგვარი ძელი ეკავა და წინ ასობდა. თოვლქვეშ მეტად და მეტად იმალებოდა ყინული. შემდეგ, ყველამ მოიმარჯვა ძელი.
და მოგზაურები ჯიხვა ხეობას წამოადგნენ თავს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ხეები დამთავრდა. ისინი შეკრთნენ, მათ ფერხთ უფსკრულმა დააღო პირი. ბილიკი, რომელიც მუხანათურად გამოვიდა ტყიდან, უფსკრულს მიუყვებოდა _ დაბლა უძირო ხევი, მაღლა უსასრულო მთა, თავს ქუდად დახურული უმზეო ზეცა. აქ, ამ ბილიკზე ყველა სულიერს კლდესთან მიტმასნის მძაფრი სურვილი ურევდა გულ-ღვიძლს.ბოლმა და ბიწმა ცხენებს ცალი, ხევისკენა თვალი აუკრეს. ცივმა ქარმა ხეობის ჩრდილი მეტად გააჩრდილა. ნისლი უფსკრულს გულმოდგინედ უმალავდა ფსკერს.
დინჯად, სუნთქვაშეკვრით მიდიოდნენ. მეგობარივით მხარში ამომდგარი სიკვდილი მათივე სიჩქარით მიაცილებდათ. ბიჭმა და ბოლმა იცოდნენ, რომ ბილიკს ბოლო ჰქონდა, მაგრამ ის არ სჩანდა, ქალაქელთა სამეულისთვის კი ამის დაჯერება შეუზლებელი იყო. დრო სადღაც გაქრა. რამდენ ხანს მიუყვებოდნენ ჯანდაბისკენ გაწოლილ ვიწრო ზოლს? საათი? ორი საათი?
წინ, წინ...
წინ, ბუნების ხუროთმოძღვარს კლდეში ნახევარგვირაბი გამოეჭრა _ უფსკრულის მხარეს ღია, დაუცველი, კლდეში კი შეჭრილი. ბილიკი ამ ნახევარქვაბში შედიოდა და იკარგებოდა. იქ, გზა სავალი თითქოს უფრო განიერი იყო, მაგრამ იქნებ ეს მოჩვენებითიც გახლდათ, რადგან თავს სახურავი, თუნდაც კლდისა და თუნდაც არაფრისა, ადამიანს გულს უმაგრებს.
წინ, წინ...
მოგზაურები ნახევარგვირაბს უახლოვდებოდნენ. ახლა უფრო მეტი სიფრთხილე მართებდათ, რათა მოტყუებულ გულს მათი ნაბიჯი არ აეჩქარებინა. ოცი ნაბიჯი, ცხრამეტი ნაბიჯი, თვრამეტი ნაბიჯი...
მოულოდნელად ტყვია გავარდა. ვინ? საიდან? ისინი შედგნენ, რათა დაბნეული მზერით ერთმანეთი მოეძებნათ.
ყველანი ცოცხლები იყვნენ. ცხენებიც...
ბიჭსა და ბოლს თოფების მხრიდან ჩამოხსნა ვერც კი მოესწროთ.
ყველაზე ადრე ბოლი გამოერკვა, მოტრიალდა, მის უკან მომავალ სონიკოს ხელი სტაცა და შეჭრილი კლდისკენ თუ ნახევარგვირაბისკენ გააქანა. შუბს გამალებით ასობდა ყინულში.
- წინ! - დაიღრიალა ბიჭმაც. ცხენებს სტაცა აღვირში ხელი, - წინ!
გუგუნი მოისმა. მალაზონია ვერც მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ განკარგულებას დაემორჩილა. გულმა გაკენწლა სონიკოს თავად რომ არ შველოდა, მაგრამ, რისგან?
გუგუნი კი ძლიერდებოდა. მთამ ძაგძაგი დაიწყო. ბიჭი ცხენებს ჰქაჩავდა.
და გოროზმა ბუნებამ ზვავი დააგრიალა. ილეკბოდა, ითელებოდა, ისპობოდა ყველაფერი. სამყარო დაიქცა, ზეცა ჩამოინრგა. ხსნა? ხსნა არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ სისასტიკე და განწირულობა. ადამიანები? ადამიანებიც აღარ იყვნენ, რადგან ადამიანს შიში სჩვევია, შიშით ცხოვრობს, შიში კი სტიქიას უპირველესად ჩაელეკა უფსკრულში. აღარ იყო შიში და აღარ იყო ადამიანი. მორჩა, დამთავრდა! დედამიწა მოწყდა, დაიფშვნა.
შემდეგ სამარისებურმა დუმილმა დაიპყრო სამყარო. დუმილი... დუმილმა შეძრწუნება იცის, ზებუნებრივი ძალა აქვს. ბოლი უბრუნდებოდა ქვეყნიერებას. პირველ წამს ვერაფეს მიხვდა, წამის მერე კი გაახსენდა რაც გახდახდათ. გაახსენდა, რომ კლდის თაღში ქალი შეათრია და მალაზონიასაც გადაწვდა. გაახსენდა, რომ...
- ქალბატონო!... სონიკო! მადმუაზელ! - ქალი იქვე, გვერდით იყო მიგდებული და თვალებში არაფერი ჩადგომოდა. ბოლმა თოვლი აიღო, სახეზე მოუსვა. თვალის კუთხით ბიჭი დალანდა. გულაღმა ეგდო, მაგრამ თითქოს ინძრეოდა.
- ბიჭო! პატარავ! ცოცხალი ხარ?! - შეიძახა შეშინებულმა, - სონიკო! მადმუაზელ!
პასუხად ბიჭის ხმა მოისმა:
- რატომ? - სისულელე იკითხა არარსებობიდან გამორკვეულმა და ისე წამოჯდა, ახალგაღვიძებული, გაჩეჩილი ადამიანი რომ ჭამოჯდება საწოლში. თვალების მოფშვნეტაც კი სცადა, მაგრამ, უცბად გონება მთელი ძალით ჩაერთო და გველნაკბენივით მუხლებზე წამოხტა: - ჰა?! ვინ იყო?! ვინ ისროლა?!
- მაგას მიხედე! - ბოლმა ხელი მალაზონიასკენ გაიშვირა. დრო არ ითმენდა.
ცხენმა დაიფრუტუნა. მაშ, ცხენი ცოცხალი ყოფილა. ბილიკზე რაღაც ფუთა და ჩანთა ეგდო. ბიჭი მალაზონიასკენ გაბობღდა. რეპორტიორს გრძნობა უბრუნდებოდა, თუმცა ცალი ხელი საცოდავადვე რჩებოდა გაშვერილი.
კიდევ ერთი ცხენი ყოფილა ცოცხალი.
- ჰო, ცხენები, ცხენები... - ბიჭს ყურებიდან ვერაფრით გამოეგდო სიკვდილის გუგუნი. მალაზონიამ დაიკვნესა. არ ჩანდა მხოლოდ შერმადინ ხოვლელი.
თავი ოცდამეხუთე
- ჰო, აი, იქამდე მიღწევა.
სწორედ ეს მაშფოთებს.
როგორ მიაღწევ იქამდე?
რა გაეწყობა, მშვიდობით სმოკ.
მალაზონია ბოდავდა, შემდეგ გონებას კარგავდა. ხელი შეუხვიეს, მაგრამ ამაოდ. მოშორებით, უფსკრულიდან ამიზრდილ ხეს ტოტები მოჭრეს და კოცონი დაანთეს. ბედად, თუ გაჭირდებოდა ერთი ტოტის მოქაჩვა და მოჭრა კიდევ შეიძლებოდა. შერმადინ ხოვლელი არსად ჩანდა. დაბნელებამდე მის ძებნაში ძალ-ღონის ხარჯვა უშედეგო გამოდგა. ვაგლახ, აღარც უკანა გზა ჰქონდათ _ გამოვლილ ბილიკს თოვლის მთა დასწოლოდა, ამ თოვლის გაწმენდა კი ორი დაღლილი კაცის ძალებს აღემატებოდა.
მალაზონია გმინავდა.
ბოლმა სონიკოს ანგელოზი სწორად უწოდა. სონიკო ნამდვილი ანგელოზი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ბოლის სამყაროში ანგელოზები სიწმინდესა და სინატიფესთან ერთად სიძლიერის სიმბოლონიც იყვნენ. მის თვალწინ პირმშვენიერი ქალი შიშსა და განწირულობას მალავდა, დამარცხებას ამარცხებდა, დასუსტებულ, ისედაც ნაზ სხეულს მოსვენებას არ აძლევდა და ეგ რაა, მალაზონიასაც კი პატრონობდა, მეგზურებს ძია შერმადინის ძებნაში ეხმარებოდა.
დაბნელდა. სიცივეს კოცონი ებრძოდა, სტეხდა, ადამიანებს არ აკვლევინებდა. ისინი ცეცხლლს მიუსხდნენ და თვალი მიაშტერეს. ბოლი გრძნობდა, რომ რაღაც უნდა თქმულიყო, მაგრამ ვერ მოეფიქრებინა საიდან დაეწყო. ბიჭმა სანოვაგე გახსნა და სონიკოსაც დააცალა. სონიკომაც დააძალა თავს.
და საუბარიც ქალმა დაიწყო, თავს და სიჩუმეს სძლია.
- ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ძველებურად დაგირჩებათ.
- რა? - მიაშტერდა ბიჭი.
- გასამრჯელო? - მიუხვდა ბოლი, - ეხლა გასამრჯელოზე ლაპარაკის დრო არ არის.
ქალმა მადლობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი. ბოლმა ფიჩხი კოცონში შეაგდო და სონიკოს ახედა:
- ორად ორი ცხენი გადარჩა, სანოვაგის დიდი ნაწილი ზვავმა წალეკა, აი, ეს ადამიანი ავადაა და ვერც უკან მივდივართ, გზა ჩაიხერგა.
ქალმა ისევ დააქნია თავი. ცეცხლმა ტოტი გაატკაცუნა. ნადირმა იკივლა.
- ბატონ მალაზონიას უთუოდ გაუჭირდება სიარული, - ამოიოხრა ერთი ხნის დუმილის შემდეგ სონიკომ, - რაიმე უნდა ვიღონოთ.
რეპორტიორი ბოდავდა.
- ახურებს, - თქვა ბიჭმა და მოულოდნელად თემა შეცვალა, - ჰო, ეგ კარგი, მაგრამ იმ რაღაც ადგილს რო მივაგნებთ, მერე რაღას ვიზამთ? თქვენა, ჩემო სონიკო, იცოდით სად მივყავდით შერმადინსა? მერე ეს მდევრებიც...
- მდევრებმა საწადელს მიაღწიეს, - კბილებში გამოსცრა ბოლმა.
სონიკომ თავი ხელებში ჩარგო. კარგა ხანს იყუჩეს.
- სხვა გზა არ არის, წინ უნდა ვიაროთ. იმედი მაქვს ავადმყოფი გაუძლებს, - და ბოლმა ისევ მალაზონიასკენ გაიხედა.
მალაზონია იქ აღარ იყო.
თავი ოცდამეექვსე
მდგომარეობა სულ უარესდებოდა და
უიმედო ხდებოდა. მოქუფრულ ხეობაში
სადაც მზე არ იხედებოდა, ულმობელმა
სიკვდილმა ახალ-ახალი ხალხი
წაიყვანა მსხვერპლად.
ბიჭმა კოცონს ტოტი გამოგლიჯა და არამარეს მიანათა. ღამის ჩრდილები ახლებურად დაიკლაკნენ. ჩრდილთა ფერხულში ის, ტოტით ხელში, სულელივით იდგა და თავადვე გრძნობდა ამას. რეპორტიორის კვალიც არ ჩანდა, ცხვირწინიდან გამქრალიყო. ყველანი წამოიშალნენ, იფუსფუსეს, მიედ-მოედნენ, ნახევარგვირაბი წინ და უკან დაირბინეს, ამ სირბილში კინაღამ უფსკრულშიც გადაცვივდნენ, არემარის ყოველი გოჯი გაჩხრიკეს, მაგრამ თავს დაათენდათ და მეტი არაფერი.
- ცხენები კაცო? ცხენები რომ არც კი შეტოკებულან? ნადირი რამე რო ყოფილიყო ცხენები ჭიხვინს არ ატეხავდნენ? - ხელებს შლიდა გაოგნებული ბიჭი.
- ნადირი რომ ყოფილიყო... - მაგრამ ბოლმა აღარ იცოდა რა ეთქვა.
- აბა, თვითონ კიდევ სად წავიდოდა... უწმინდურის ხელი არ ერიოს.
ქალი კი სარგადაყლაპულივით იდგა.
მაგრამ ასე დგომას აზრი არ ჰქონდა. ცეცხლი სუსტდებოდა, მალე ჩაქრობას აპირებდა, ჯიხვა ხეობა კი ზამთარს პირქუშ ურჩხულად, სიკვდილის ანგელოზად ჰყავდა გადაქცელი.
ბარგი გადარჩენილ ცხენებს აჰკიდეს. ერთი რამ დანამდვილებით იცოდნენ, გზა უნდა გაეგრძელებინათ. დაბნეულობას ნამდვილად სჯობდა გზის გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს მიზანი, თუნდაც გაურკვეველი, ადამიანს აფხიზლებს.
- ცოცხალი ან მკვდარი უნდა ვიპოვნოთ! - დაბეჯითებით თქვა სონიკომ.
- ყველაფრისთვის ჯობს ვიჩქაროთ, - შეეხმიანა ბოლი.
რეპორტიორის გამტაცებელ სულიერს კვალი არსად დაეტოვებინა, თუმცა ეს მაინცა და მაინც გასაკვირი არ იყო, რადგან კლდის სახურავქვეშ ალაგ ყინული და ალაგ გაყინული ქვა-მიწა კვალს არ დაიტყობდა. სონიკოს ნახევარგვირაბი ახლა უფრო გრძელი ეჩვენა, ვიდრე ღამით. გავიდნენ. ბილიკი უფრო მოქუფრული და შემაძრწუნებელი ადგილებისკენ ეპატიჟებოდათ. დათოვლილ ხევს შავად აჩნდა თოვლისთვისაც მიუდგომელი და ლოდები. უფსკრულს გადაღმა ვეება ლოლუებით ასხმულ კლდეზე ქვაბულს დაერო პირი. ბილიკი დაუსრულებლად მიიგრიხებოდა ნისლსა და გაურკვევლობაში.
- შეხედეთ! აქეთ შეხედეთ! - წინ მიმავალმა ბიჭმა თითი ციცაბოდან ამოზრდილი დაკლაკნილი, გამხმარი ხისკენ გაიშვირა. ხე შესქელებულ ნისლში იყო ამოვლებული, ჩანდა და არც ჩანდა. თუმცა ჩანდა, ოღონდ... ოღონდ ისე, რომ არ ჩანდა.
- რა არის? - სონიკომ მზერა დაძაბა.
- რაღაც.
ბიჭი მართალს ამბობდა, იქ რაღაც იყო.
- ტოტია ასეთი?
- შეიძლება, მაგრამ ძალიან მხვილია.
- მართალია, სხვა ტოტები გაცილებით წვრილი და დაკლაკნილი ჩანს, თუმცა... განა არ შეიძლება ჩამოტეხილი ტოტი იყოს?
გაჩერებულები ერთხანს კიდევ უცქერდნენ ნისლს, შემდეგ კი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ნისლმა თამაში წამოიწყო: მოიმატებდა, გაიფანტებოდა, მუქდებოდა, ბაცდებოდა.
- საეჭვოა, რაღაც, - იფრთხილა ბოლმა.
- ემანდ ნიშანი არ იყოს, - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
სონიკომ კითხვით შეხედა.
- ჰო, ნიშანი, - გაიმეორა ბიჭმა, - ტოვებენ ხოლმე ნიშანს. მეც დამიტოვებია. შენს მერე მომავალს აფრთხილებ.
- ჰო, პატარავ, მაგრამ ამ ზამთარში ჯიხვა ხეობას არავინ მოაკითხავდა.
- იქნებ, ბატონ მალაზონიას ეხება? მარჩიელობა არ კი ივარგებს, - ჩაერია სონიკოც.
- მართალია. აქ დამიცადეთ, - თქვა ბოლმა. ბიჭს თავადაც სურდა გამხმარ ხესთან მისვლა, მაგრამ სანამ რაიმეს თქმა ან ნაბიჯის გადაგმა მოიახერხა, ბოლი უკვე მიდიოდა.
- გთხოვთ, გაფრთხილდით! - მიაძახა ქალმა. მოგზაურთა ერთი პატარა ჯგუფისთვის მესამე ადამიანის დაკარგვა მეტისმეტი იქნებოდა. დაჭიმულ ნერვებს ნისლში გახვეული ხეც ხიფათად მოსჩვენებოდა. თუმცა იქნებ იყო კიდეც მის გამხმარ ტოტებში ჩაგრეხილი ხიფათი.
ერთგან ბოლი ნისმლმა შეიწოვა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი ჩრდილად გამოაჩინა. სონიკო და ბიჭი ხედავდნენ, როგორ გაჩერდა ხესთან, მაგრამ ნისლის ახალმა ქულამ ისევ ააორთქლა ისედაც მკრთალი ჰორიზონტი. დაძახება კი ვაგლახ, არ შეიძლებოდა, ზვავი რომ არ ჩამოშლილიყო.
ასეთ დროს წუთი საათია. ბიჭი ცმუკავდა, სონიკოს ძლიერად უცემდა ისედაც დატანჯული გული, მათ ბედზე ჩაფიქრებული ნისლი კი დამძიმდა და სადღაც ჩამოჯდა.
ბოლი ნისლიდან მოულოდნელად, სონიკოსა და ბიჭის ცხვირწინ გამოკვეთა.
- რაო, ბოლო, რა ხდება? - ლამის ზედ შეახტა ბიჭი.
- ხეზე მკვდარი ჰკიდია.
- ვინ?! - კიდევ კარგი სონიკომ ბოლოწამს პირზე ხელი აიფარა და შეძახილი მოგუდა, თორემ ვინ იცის მეორე და უკანასკნელი ზვავი გამოეწვია.
- არ ვიცი ვინ არის.
ერთმანეთს გადახედეს. ერთი რამ სამივესთვის ცხადი იყო, გვამები ხეზე თავად არ ეკიდებიან. უამრავი კიხვა და გრძნობა დატრიალდა ბიჭის, მეტადრე კი სონიკოს თავში, კითხვებზე პასუხის მისაღებად კი საუკეთესო ხერხი გამხმარ ხესთან მისვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა იყო.
ხეზე მართლაც მკვდარი ეკიდა. ის ოდნავ ირწეოდა და ყელი ახალმიყინული სისხლით ჰქონდა მოთხვრილი.
- გამცილებელიც გვყოლია, - თქვა ბიჭმა.
- ესა თუ ისა, ვინც ეს აქ დაკიდა? - ბოლი ცალი თვალით სონიკოს უყურებდა. ანგელოზი ანგელოზად და ამდენ თავგადასავალსა და ტრაგედიას ყველას დათრგუნვა შეეძლო. მაგრამ, ამაო გამოდგა გამცილებლის ღელვა. სონიკო არსად დამალულა, პირიქით, გაბედული ნაბიჯით მიუახლოვდა ხეს. ბოლი მყის გვერდში იმოუდგა.
- ნეტავ ნიშანია? - იკითხა ბიჭმა.
- ჰო, ალბათ, - მიუგო ბოლმა, - მაგრამ სხვა გზა მაინც რომ არ გვაქვს? წინ უნდა ვიაროთ. შეგვაშინეს თუ ვერა, სულერთია... დაიცა, ერთი წუთით, ეს რაღაა?
გამცილებელი ორი ნაბიჯით განზე გადგა, ჩაიმუხლა, თოვლი გაქექა თუ დაბლა ტოტი გაწია და რაღაც აიღო.
- ესაც მკვლელის იარაღი.
ბოლს ხელში უცნაური, წითელი, ბასრი რამ ეჭირა. საგანს ზედ სისხლი ეცხო. ერთხანს ატრიალა, მერე გადააგდო.
- ბიძათქვენი, ალბათ, ბევრს მიხვდებოდა ეს რომ ენახა, - მიმართა ქალს, ქალმა კი: - თავადვე ვიცი, ეს მკვდარი ვინც არის. ჩვენს მდევართაგან ერთ-ერთია, ჩია ტანისა.
ბიჭს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
თავი ოცდამეშვიდე
დაბლა, მყინვარის წიაღიდან ყრუ, შორეული გრუხუნი გაისმა
_ ეს მოწყვეტილმა ლოდებმა მიაღწიეს ხევის ფსკერს.
თოვლიანი ხიდის შორეულ ბოლოს საყრდენი გამოეცალა,
შუა გადატყდა, ის კი მაინც იმაგრაბდა თავს,
თუმც ნაწილი, რომელიც სმოკმა ჩამოიტოვა ოც გრადუსიანი
კუთხით დაეკიდა.
ჯიხვა ხეობასაც აღმოაჩნდა დასასრული _ უსასრულოდ შევიწროვდა და განზე გაუხვია, იქითკენ, სადაც ადამიანის ფეხი არასოდეს დადგმულა, რადგან ვერ დაიდგმებოდა. მალაზონიას კვალი კვლავ არ ჩანდა. მოგზაურები მთის კალთას გაუყვნენ.
- ორ დღეში სანოვაგე გამოგველევა, - დაიჩივლა ბიჭმა.
მაგრამ მთლად ასე არ მოხდა, რადგან სანოვაგე თავად მოვიდა _ შუადღისას ტყიდან შველი გამოხტა. ბოლს და ბიჭს არ უყოყმანიათ, ცხოველს ტყვია დაახალეს, თუმცა ეგ იყო, შვლის ხორცი შიმშილს მხოლოდ რამდენიმე დღით გააჩუმებდა. მაგრამ მწვადი მაინც მწვადია _ ტყის პირასვე ააგიზგიზეს ცეცხლი და საუბრის უნარიც დაუბრუნდათ.
- ის მკვდარი ტყუილად არ ეკიდა ტყეში, - თქვა სონიკომ, - ვფიქრობ ამ ყველაფერს ბატონი მალაზონიას გაქრობასთან უნდა ჰქონდეს კავშირი.
- თუ ასეა, მაშინ კიდევ შეგვახსენებენ თავს, - უპასუხა ბოლმა.
- ისე, - მადიანად ილუკმებოდა ბიჭი, - ცოტა გავხალისდი.
ბოლმა ღიმილით გახედა მეგობარს. ბიჭმა განაგრძო:
- ხალისია, მა რა არი. აი, ეხლა, მაგალითად, ის ადგილი რო ვიპოვნოთ, მერე რა იქნება? მარტო იმიტომ ხო არ მოვდივართ, უკან დასაბრუნებელი გზა რო არა გვაქვს. საქმეც ხო არი?
- მივალთ და... - მერე სონიკომ ან არ იცოდა რა უნდა ეპასუხა, ან განზრახ არიდებდა პასუხს თავს. ბიჭი ამან არ დააკმაყოფილა.
- არა, კაცო, მე იმას ვფიქრობ მერე რა მოხდება, მეთქი. ეხლა თუ რამე ისეთი საიდუმლო გაქვთ ჰო, მაგრამ უკეთესი იქნება თუ გვეცოდინება რაში უნდა დაგეხმაროთ. ეგრე არ არის ბოლო?
ბოლი ამ მოკლე საუბარს ჩუმად უგდებდა ყურს და დაბლა იყურებოდა. შემდეგ თავი ასწია და სონიკოს შეხედა.
- ჰო, ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ თქმას არ ვაპირებდი. მადმუაზელ სონიკო, ალბათ თავადაც გვეტყვის როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარება დასჭირდება. მე და შენ, ჩემო პატარავ, ამ საქმეში უბრალო გამცილებლები ვართ, მეგზურები, მეტი არავინ და თან უკანაც ვეღარ მივდივართ. ასე, რომ სხვა გზა არ არის და დარჩეს საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ. - რბილად ლაპარაკობდა, თითქოს ყოველ სიტყვას ზომავდა ქალს რამეზე გული რომ არ ტკენოდა.
- კარგი და იმ ადგილს როგორღა ვიპოვნით, სურათი ხომ შერმადინსა ჰქონდა? - ვერ დაცხრა ბიჭი.
ამ კითხვას ბოლმა მშვიდად გაართვა თავი:
- არა მჭირდება, პატარავ, სურათი. თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, ხვალ საღამოსთვის იქ უნდა ვიყოთ.
მეტად დაყოვნება კი აღარ ივარგებდა. უკმაყოფილოდ დარჩენილ ბიჭს სხვა გზა არ ჰქონდა, წამოდგა, კოცონს თოვლი მიაყარა, ცხენები ხეებს მიმხმარ ფოთლებს მოაშორა და სხვებთან ერთად გზა განაგრძო.
მაგრამ სვლა მაინც შენელდა: დაღლა, ტვირთი... საღამოც ახლოვდებოდა, მალე ჰაერში ბინდი ჩაითესებოდა, ყინვა ზეიმს მოაწყობდა და ღამისთევაც, ვაგლახ, ცუდ ადგილზე მოუწევდათ. ბოლმა თქვა:
- სანამ შევძლებთ, ვიაროთ.
გზა კი ამოსუნთქვას არც ფიქრობდა. ზევით, უფრო ზევით. ალბათ, იმ ადგილებისკენ სადაც ხე აღარ ხარობს. გზა ადამიანებს გამოცდებს უწყობდა. მოგზაურები ერთფეროვანი ნაბიჯით მიდიოდნენ. ნისლი კი აღარ უშლიდათ ხელს, წინ ყველაფერი ჩანდა.
სონიკომ და ბოლმა ერთდროულად შეამჩნიეს. შეჩერდნენ.
- მგონი ის არის, რასაც ველოდით, - თქვა სონიკომ.
ბიჭმა და ბოლმა ყოველი შემთხვევისთვის თოფები ისევ შეაყენეს ჩახმახზე _ გზაზე ჩონჩხი ეგდო, თუმცა არ ეგდო, იწვა, ძალიან უცნაურად.
- კიდევ ნიშანია?
- ჯერ ვნახოთ, - ბიჭი დაწინაურდა, ჩონჩხთან მივიდა და ჩაიცუცქა. ბოლი და სონიკოც მალევე ამოუდგნენ გვერდში. ის, რაც მათ წინ იწვა ნადირის გამოლოკილი ულუფა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. დიდი ხნის ძვლებს ერთიც არ აკლდა. ყველა მწყობრად იდო შესაფერის ალაგას.
- ჰო, ნიშანი... ისევ ნიშანი... - ბოლმა მიმოიხედა.
- რას გვანიშნებენ? - სონიკო უფრო არემარეს სთხოვდა პასუხს.
ბოლმა ისევ ჩონჩხს დახედა.
- უჩვეულოდ წევს. ისარს უფრო ჰგავს, გეზის მაჩვენებელს.
მართლაც, ის ვინც ოდესღაც ადამიანი იყო და ვინ იცის რით სულდგმულობდა, რა უყვარდა და რა სძულდა, რკალად გაწოლილიყო თოვლიან გზაზე, ხელები თავს ზევით აეწია და ისრად მიეტანა ერთმანეთთან.
- ეხლა მალე დაბინდდება, ამიტიმ რამე უნდა ვთქვათ. ამ ნიშანს ან გვერდი უნდა ავუქციოთ ან გავყვეთ, - თქვა ბოლმა.
- რო არ იყოს ნიშანი? - კეფა მოიქექა ბიჭმა.
- თუმცღა, შესაძლოა ეს ბატონი მალაზონიას გაქრობასთანაც იყოს დაკავშირებული, - დასძინა სონიკომ.
ერთმანეთს შეხედეს. ქალის ნათქვამი სწონიდა. ჩონჩხი ტყისკენ მიუთითებდა.
რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში, მით უფრო ძნელდებოდა სიარული. ხეები ნიადაგ ხაფანგებს უგებდნენ, თუმც ტოტებით ერთმანეთში არ იყვნენ გადახლართული. ორმოებს თოვლის საფარი მალავდა, ფესვები მზად იყვნენ მოგზაურებს ფეხებში წვდომოდნენ. და, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის გულს ზედ ეჭვიც შემოსკუპებოდა _ ვაი, თუ შევცდით? ვაი, თუ ჩონჩხს არ უნდა მივნდობოდით? ვაი, თუ ეს ნაბიჯი ძვირად დაგვიჯდეს?
მოთმინების ფიალა აივსო.
- ხუთასი ნაბიჯიც გადავდგათ და თუ ვერაფერს ვნახავთ, დავბრუნდეთ! - ბრძანა ბოლმა.
ნაბიჯების თვლა ბიჭმა ითავა. სონიკო გრძნობდა, რომ დაქანცულობა მალე მწვერვალს უწევდა. მათ ბედად, ციყვის გარდა სულიერი არ გამოჩენილა.
საბედნიეროდ, ბიჭს ხუთასი ნაბიჯის დათვლა არ დასჭირვებია. ტყე მალე გაილია, ოღონდ ეგაა, აქაც, ისევე, როგორ ჟიხვა ხეობის წინ, პირდაპირ ხევმა მოიჭრა. რა ხევი იყო? ჯიხვა ხეობის შტო თუ რაიმე სხვა? იქნებ, დიდიც არაფერი ბრძანდებოდა, მხოლოდ მოკლე ნაპრალი მთაში.
- აჰაი და მოვედით, - თავდაცინვით წამოიძახა ბიჭმა. ბოლი ფრთხილად მიუახლოვდა ნაპირს და კიდევ ერთი უძირო ხახა დაინახა. ოი, ღმერთო, რაღასთვის გამოიარეს ზედმეტი გზა, თავიანთი სავალი არ ეყოფოდათ?
ისე კი, ეს ხევი ჯიხვა ხეობისგან დიდად განსხვავდებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ტყეს ჭრიდა შუაში, ხეებს შორის გაწოლილ გველივით იყო, პატარა იყო და თუ თავის მოწონებას მოინდომებდა, ღრმა ვარო უნდა ეთქვა, ისიც თანატოლებში.
- ეს, რაღა ხევია? - შეწუხება ვეღარ დამალა სონიკომ.
- რა ხევია არ ვიცი, მადმუაზელ, მაგრამ, თუგინდ ჯანდაბისა დავარქვათ ბევრი არაფერი შეიცვლება. აქ, ვინმე რომ წამოგვეპაროს, სულ პატარა ბიძგით აგე, იქ ჩაგვიძახებს. ნუ ჩაიხედავთ, გეთაყვა თავბრუ არ დაგეხვეთ, - მიუგო ბოლმა.
ილაჯგაწყვეტილი სონიკო ჩახედვას ისედაც არ აპირებდა, თუმცა ბოლმა ყოველი შემთხვევისთვის რომ გააფრთხილა, მართალი იყო. ხევს ყელი უფრო ფართე ჰქონდა, ძირი კი შემაძრწუნებლად ვიწროვდებოდა და ვიწროვდებოდა, დედამიწის დამალულ გელში ჩადიოდა.
- ეხლა რაღა? - ბიჭმა მიმოიხედა.
- უნდა გავბრუნდეთ.
სონიკოს კრინტი აღარ დაუძრავს, მაგრამ რომც ეცადა, ვერ მოასწრებდა.
- დაიცა, დაიცა ბოლო, - ბიჭმა მეგობარს მხარში ხელი ჩაავლო, - აბა, ერთი იმ ტოტს შეხედე.
ბოლმა ბიჭის დაიცასკენ გაწია მზერა და მათ შორიახლო წამომდგარი ხის ახალმოტეხილ ტოტს მიადგა. ტოტი უჩვეულოდ იყო გადატეხილი, მოგრეხილი ნაწილი, თითქოს, ხევის გასწვრივ სვლას მიუთითებდა.
- კიდევ ერთი ისარი?
- ანაც ჩვენ გავგიჟდით, - სერიოზულად დასძინა სონიკომ.
სამივეს წასვლა უგნურებად ჩანდა. ისრის გეზს ბიჭი გაჰყვა. ასე დათქვეს, ორას ნაბიჯს დათვლიდა და თუ ვერაფერს დაინახავდა უკან დაბრუნდებოდა.
უფრო მალე დაბრუნდა, ვიდრე თავად ელოდა. დაბრუნებული ბოლსა და სონიკოს წინ დაღლილი თავმომწონებით დადგა გამოაცხადა:
- იქ ხიდია, ბეწვისა. ხევზეა გადებული.
- დღეს უკან დაბრუნება არ გვიწერია, - თავს გამოუტყდა ბოლი.
ბეწვის ხიდი ას ნაბიჯში გადაჰკიდებოდა უფსკრულს, ოღონდ ხეებს ამოფარებოდა და იმ ადგილიდან, სადაც მოგზაურები ტყემ გამოიყვანა, არ ჩანდა. გადაჰკიდებოდა და სიგანით იმხელა იყო, წესით ზედ ცხენსაც უნდა გადაევლო, მაგრამ ვინ იცის როდის გადებულს ხიდობა უკვე უჭირდა. აქა-იქ ჩატეხილი მოაჯირი საქმეს რა თქმა უნდა აძნელებდა.
- რაკი აქამდე მოვსულვართ, - დაილუღლუღა სონიკომ. ბოლმა გაუმეორა:
- დაბლა ჩახედვა არ გაბედოთ.
ცხენებს ორთავ თვალი აუხვიეს, პირჯვარი გარდაისახეს და... ეჰ, უშიშარი ვინ არის, ქვეყნად მხოლოდ შიშის მძლეველები და ვერ მძლეველები არსებობენ. ბიჭმა პირველობა არ დათმო. სონიკო შუაში ჩააყენეს, ბოლი ბოლო გაჰყვათ. თითოეულ ნაბიჯს სიცოცხლის ფასი ედო.
ბოლს ერთი ცხენი გადაჰყავდა, რადგან მეორე ხესთან მიებათ. ორივეს ერთდროულად ვერ გადაიყვანდნენ. ხიდზე, ხევის შუაში, ერთიორად ჰყინავდა და ქარიც საძაგლად უსისინებდა. ხიდი ჰამაკსავით აქანავდა.
- უფალო შეგვიწყალე, - ჩურჩულით იმეორებდა სონიკო.
საშინელება შუა გზაზე დატრიალდა _ ბებერმა ხიდმა პირუტყვის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და რამდენიმე ფიცარი დიდი ხმით ჩაუტყდა. ცხენი ჯერ უკანა ფეხებით ჩაეკიდა, შემდეგ ფართხალს მოჰყვა და უფსკრულზე გადაჭიმული ბეწვი ჯოჯოხეთურად ააცეკვა. ბიჭი და სონიკო რაც ძალი და ღონე ჰქონდათ მოაჯირს ჩაეჭიდნენ, ბოლი კი, ანაზდად, ხელზე შემოხვეულმა აღვირმა წააქცია. ცხენი ჰაერში ჩაკიდულ უკანა ფეხებს იქნევდა, სულ მეტად და მეტად ცურდრბოდა დაბლა.
- აღვირი გადასჭერ, ბოლო, აღვირი! - ბღაოდა გაგიჟებული ბიჭი.
- გადადით! არ გაჩერდეთ! გადადით! - ამოძახებას ახერხებდა ბოლი.
მაგრამ, ხიდი ქანაობდა. ქალი და ბიჭი ძალიანაც, რომ სდომებოდათ წინ ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ. ყველაფერი წამებს უნდა გადაეწყვიტა. სონიკოს სულგამქრალი, დაძაბული თავალები ხედავდნენ, როგორ იღებდა ბოლი მარცხენა ხელით ქარქაშიდან ყამას, როგორ მოახერხა მისი სწორად დაჭერა, როგორ მიიტანა აღვირთან, აღმართა და დაუსვა. ალესილმა რკინამ სიკვდილ-სიცოცხლის ბედი გადაწყვიტა _ თვალის დახამხამებაში ცხენის დიდი, მძიმე სხეული ბუნების სტომაქში სამარადისოდ გადაეშვა. ქვემოდან დაზღერთების ყრუ ხმა მოისა. ხიდმა ქანაობა თანდათან შეანელა და ბოლოს დადინჯდა. ხევგაღმა თავგადაკვლით ჭიხვინებდა მეორე ცხენი. საბრალო, ხესთან მიბმული, მალე ალბათ ნადირის ლუკმა შეიქნებოდა, რადგან სიკვდილს ძლივს გადარჩენილი მოგზაურები ვეღარასდროს გადაიყვანდნენ საჰაერო ბილიკს.
- სამშვიდობოსკენ! - გაჭირვებით ამოთქვა ბოლმა, რომელსაც ფეხზე წამოდგომა უკვე მოეხერხებინა. ხიდზე შეყოვნება კი არ შეიძლებოდა.
და ხიდმა ამჯერად გადაუშვა მოგზაურები _ გადაღმა მხარეს, ნაპრალის პირას უღონოდ მოყრილნი და ბინდიანი ზეცის უხმოდ შემყურენი.
ძალა, ღმერთო, ძალა მოგვეცი.
უნდა წამომდგარიყვნენ. ისევ უნდა ევლოთ. მაინც უნდა გადაედგათ წყეული ნაბიჯები.
ხოლო ცამ უცნაური ელფერი მიიღო. მოგზაურებმა თავს აღარდარჩენილი ძალა დაატანეს.
სანოვაგე აღარ იყო. ერთი მათგანი იყო ქალი. ცხენები აღარ ჰყავდათ.
მარჯვნივ და მარცხნივ გზა არ ჩანდა. ერთადერთი სავალი პირდაპირ იდო, თეთრქუდა ლოდებს შორის, მაღლა.
მიბობღავდნენ. ბნელდებოდა. ქალი თავსდ ვეღარ მიდიოდა _ ბიჭსა და ბოლს მორიგეობით, ზურგით მიჰყავდათ. ფეხქვეშ მოწყვეტილი პატარა ქვები დაბლა მიგორავდა.
ზეგანზე ავიდნენ და... არა, საოცრებები არ თავდებოდა: იქ ქოხი იდგა. ისინი ქოხისკენ წალასლასდნენ.
- ღმერთო, რა სამიზნეები ვართ, - ჩაიცინა ბოლმა.
მაგრამ არავის უსვრია. მიუახლოვდნენ. შედგნენ. ბოლი ჯიქურ უყურებდა ხის მოტყეულ კარს.
- დაიცა, - ბიჭმა ხელით გააჩერა მეგობარი, - გამიშვი.
ბოლი სონიკოს საყრდენად ედგა. ბიჭმა ქოხის კარი შეაღო და ფრთილად შევიდა.
დუმილი.
BOLMA ბოლმა იცადა. ისე ეჩვენა, რომ ბიჭის ქოხში შესვლიდან დიდი დრო იყო გასული.
- შევიდეთ... მაინც სულერთია... - ამოილუღლუღა ქალმა.
და მათაც შეაღეს ხის მორყეული კარი. პირველი, რაც დაინახეს გალენჩებული ბიჭი იყო, ხოლო, როდესაც თვალმა სხვა მხარესაც ინება გახედვა, პირდაპირ, ტოტთაგან ოსტატურად დაწნული საწოლიც დალანდეს. საწოლიდან ბედნიერ ღიმილად რეპორტიორი მალაზონია იღვრებოდა.
თავი ოცდამერვე
დღე იყო ნათელი და ყინვიანი, მაგრამ
საღამოსთვის ცა ღრუბლებმა დაფარა და დადგა
ბნელი და თბილი ღამე. მალე დიდთოვლობას ელოდებოდნენ.
თერმომეტრი ნულს ქვემოთ თხუთმეტ გრადუსს აჩვენებდა,
კლონდაიკური ზამთრისთვის კი ეს დიდი სითბოა.
ქოხში შეშა საკმარისად ეწყო. კასრში დამარილებულ ხორცს მიაგნეს, ხოლო გამურულ ქვაბში რაღაც მწვანე სითხე ფსკერს ფარავდა.
- ეს წამალია, - განმარტა რეპორტიორმა მალაზონიამ.
შორიახლოს სკამებად იდგა რამდენიმე კუნძი. შუაცეცხლმა იქაურობა გაანათა და რაც მთავარია კიდევ უფრო გაათბო.
გათანგული სონიკო რეპორტიორის პოვნამ ისე გაახარა, რომ ბოლსა და ბიჭს გულმა გაკენწლა _ ბოლოს და ბოლოს წაქცევის პირას მდგომნი ქალს ზურგით ისინი ათრევდნენ, მალაზონია კი არა.
ჰმ, მალაზონია... რეპორტიორს აღარც ახურებდა, აღარც აცივებდა და აღარც ხელი ჰქონდა საბრალოდ ჩამოკიდებული. იღიმებოდა და ხარობდა.
- არაფერი მახსოვს, გონება მქონდა დაკარგული. ახლაღა გავიგე რომ თურმე ვბოდავდი და თვალს დროგამოშვებით ვახელდი, თორემ მაშინ აბა, როგორ მეცოდინებოდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.
ბიჭი ხორცს წვავდა.
- გონს სად მოეგე?
- აი, აქ, - რეპორტიორმა თითი იმ საწოლისკენ გაიშვირა, რომელზეც ახლა სონიკო მიწოლილიყო, - თავიდან ბუნდოვნად, მკრთალ შუქად და ჩრდილად დავინახე რაღაც. ერთხანს თვალის ჩინი მეუჩებოდა, ძალიან კი ვცდლობდი, მაგრამ ვერაფერს ვაზუსტებდი, მერე კი ნელნელა გამოჩნდა კედლები, ჭერი და ცეცხლი.
- ადამიანი? - სუსტად, ძლიერი ცნობისწადილით ჰკითხა სონიკომ.
- ადამიანიც. კაცი, ოღონდაც უიერსახო. თან, ქუდიც წარბებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. უცნაური ქუდი ეხურა, ალალად ჩამოცმულ თბილ ნაჭერს უფრო ჰგავდა. ალბათ, ის უნდოდა, მისი სახე რომ არ დამენახა.
- მეტად აღარ გინახავთ? - ჩაეძია ბოლი.
- როგორ არა. აგე, იმ წამალს მასმევდა, მაგრამ ღამით, როდესაც ნაკვთებს კატაც ვერ დაინახავს. თავადაც ნიადაგ გვერდულად დგებოდა. ეტყობა სახის დამალვაში კარგად არის გამეცადინებული. ხმაც არ ამოუღია.
- საოცარია, - ბუტბუტებდა სონიკო, - ასე მალე ადამიანის გამოჯანმრთელება და ფეხზე წამოყენება... კი მაგრამ, დღისით? დღისით არ გამოჩენილა?
- სამწუხაროდ, ჩემო სონიკო-ჯან, ისევ ის უნდა გითხრათ. სახე არ უჩანდა. ბეწვის საყელო ჰქონდა აფარებული.
ბიჭმა შემწვარი ხორცი ჩამოარიგა.
ასე და ამგვარად, ვიღაც იდუმალი კაცი ეხმარებოდათ, მაგრამ, ვინ იყო? რა ამოძრავებდა უცნობ კეთილისმყოფელს? რა მისტერიას მალავდა ადამიანთა ქვეყანას ასე გამორიდებული სამყარო? ვინ მოკლა მდევართაგან ერთი? სულო ცოდვილო და იქნებ... არც შერმადინ ხოვლელი ჩაუტანია ზვავს? და რა ელით წინ?
- მაშ, გზა მოგასწავლათ? ესე იგი თავად აღარ გამოჩნდება, - დაასკვნა მალაზონიამ, - გამომაჯანმრთელა, ერთად შეგვყარა და წავიდა.
- გამოდის, რომა, ეგრე დადის მთა-მთა და სიკეთეს თესავს. სხვა არაფერი უნდა? - ილუკმებოდა ბიჭი, - ხიდი რო ჩაიმტვრა, არაფერი?
სონიკოს ჩაეძინა. უსასრულოდ აჩონჩხლილ კითხვებს დაღლილ მოგზაურთა ღამე პასუხებს ვეღარ გასცემდა.
- მადლობა ღმერთს, საჭმელი დაგვიხვდა. ეხლა დასვენება სჯობს ყველაფერს, - მძიმედ თქვა ბოლმა.
ცეცხლის შორიახლოს მოთავსდნენ, საწოლებად შეშა დაილაგეს და თავისსავე სამოსში შეიფუთნენ. ბოლსა და ბიჭს მყისიერად ჩაეძინათ, მალაზონია კი შერმადინ ხოვლელზე დარდობდა ერთხანს და მერე მანაც ღამის ანგელოზს ანდო თავი.
მოგზაურებს ღრმად, ძალიან ღრმად ეძინათ და ამიტომ ვერ ხედავდნენ ზეცას, უცნაურად შეფერილს. ლამაზს, მაგრამ საშიშს.
ქარმა თავი ხევიდან ამოჰყო და ზეგანი, რომელზეც იდუმალი კაცის ქოხი იდგა ცივად ალოკა. ალოკვამ ბოროტი ჟინი ვერ დაუცხრო, ახლა წელამდე ამოიმართა და თითქოს სუფრის გადაწმენდას აპირებსო, არემარეს ხელი მიუსვ-მოუსვა. შემდეგ იგივე გაიმეორა, ოღონდ უფრო მძლავრად. ხევგაღმა ტყეში შეშინებულმა ხეებმა თოვლის ქურქები გაიხადეს და ქარს, როგორც შარაგზის ყაჩაღს გაატაეს. ქარი ძლიერდებოდა, ქარიშხლობა უნდოდა. ხეები მისმა რბოლამ წელში მოხარა. საწყლებმა ალა, გამხმარი ტოტები დაუყარეს მოძალადეს. ნადირი ბუნაგში შეიყუჟა. ცას შავი ჩაეცვა და დაბლა მოიწევდა. გრიგალი ვარო, გიჟივით იღრიალა ქარმა, აწყვეტილი ნაგაზივით აჩქარდა და ყველაფერს კბილები ჩაასო. ტყე გუგუნებდა.
და ქოხი, ქოხი ზეგანზე... მორყეული კარის დაუნდობელ ბრახუნს ვინ იცის კიდევ რამდენი საათის ძილი და დასვენება ემსხვერპლა. გრიგალს სახურავის ახდა ამოეჭრა გულში, ყოველი მხრიდან ეჯახებოდა, ეძგერებოდა, უტევდა კეთილი ადამიანის დაწყობილ და გამაგრებულ ფიცრებს.
-აქეთ მოვეფაროთ, აქეთ!
- ფრთხილად, ჭერიდან ფიცარი არ ჩამოვარდეს!
- ბოლო, სანოვაგე გამოარიდე ქვეშ არ მოიყოლოს!
ვინ რას იძახდა, ვინ როგორ ძაბავდა ყელს ხევიდან ამოეთქილი შლეგის ღრიალი, რომ დაეფარა. ქარაშოტმა კი თავი ბუნების ბოროტ მბრძანებლად გამოაცხადა და...
სახურავი სწორედ იმ ადგილას ჩატყდა, სადაც ტოტებისგან დაწნული საწოლი იდგა და ერთი ხნის წინ სონიკოს ეძინა. შემდეგ ისევ ჩატყდა ჩასატეხი _ დიდი ბოძის ნატეხი ნაცეცხლარს დაეზღერთა, ვინ იცის ქარის ბრძანებით მუგუზალს ეძებდა, რათა ჯოჯოხეთს ხანძარი არ მოკლებოდა და მაშინ... აი, მაშინ კი გაიხარებდა სტიქია, მაშინ კი ირწმუნებდა თავის უძლეველობას. კედლებიდან წვროლმა ქვებმა დაიწყეს ცვენა. აღარც კედელს უნდა ნდობოდა კაცი, მოფარებაც საშიში იყო.
- აქეთ, კუთხისკენ უფრო მყარი ჩანს! - ყვიროდა ბიჭი. შემოგლეჯილ კარში თოვლს ყრიდა ველური, ბღავილით ყინვას უხმობდა, რათა სულიერთ შიშისა და სიცივის კანკალი ერთად ეგრძნოთ. გარედან შემაძრწუნებელი ხმები შემოდიოდა, სამყარო საცაა უნდა ჩამოშლილიყო, მაგრამ...
- ღმერთო ჩემო, ასე უცბად? - სონიკო გვერდით ნაპოვნ ბიჭს ჩაებღაუჭა.
- რა ხდება ხალხნო?! - იკითხა დაზაფრულმა ბიჭმაც. თითქოს უხილავმა მაესტრომ ხელის ერთი დაქნევით გააჩერა სიკვდილის ორკესტრი და ყველაფერი დუმილმა ჩაყლაპა, უკიდეგანო დუმილმა.
ისინი სამალავიდან გამოსვლას არ ჩქარობდნენ. დუმილი გრძელდებოდა, დუმილს დროის შეგრძნება არ აქვს.
დიდხანს იყვნენ ასე.
შემდეგ ტყესი ნადირმა იყმუვლა. ნადირმა დაზუსტებით იცის ბუნების ამბავი, თუ ალღომ სამშვიდობო არ უკარნახა თავს ხიფათში არ ჩაიგდებს, ბუნაგიდან არ გამოძვრება. ქოხს გარეთ კი ნიავიც აღარ უბერავდა.
- ხიდსა სულ ჩაგლიჯავდა, - ივარაუდა ბიჭმა. ასეც იყო.
ბოლმა შორიახლოს გავლა-გამოვლა გაბედა. სხვებიც გამოვიდნენ დანგრეული ქვეყნიერებისთვის თვალის შესავლებად. ქოხის კედლებს დიდძალი თოვლი მიწყდომოდა _ ამის გაფიქრება იყო და ხევის მხარეს კედელი ჩაიშალა.
გათენებით კი გათენდა ნათლად, მზიანად, დიდებულად. მთიანი ზამთრის მწველმა მზემ თოვლიან ბუნებას ჭრილობები დაუამა, მიუალერსა. კეთილმა სინათლემ მოგზაურბს ბუნების სიდიადე გადაუშალა. ქუდები მოიხადეს, ჯუბები მიჰყარეს და მწვადი დაატრიალეს. ქალი რომ არ ყოფილიყო ბიჭი წელს ზემოთ სულაც გაშისვლდებოდა. გარშემო იყო მთები, მთები, მთები და და თეთრი, ბუმბულივით მსუბუქი თოვლი. თურმე სამყარო არ დანგრეულა, პირიქით, გაბრწყინებულა და დამშვენებულა.
- საუზმის შემდეგ გზა უნდა მოვძებნოთ, - იმედიანად გამოაცხადა ბიჭმა, - აბა, როგორ შეიძლება ზეგანს სხვა მისასვლელი არა ჰქონდეს. არა მჯერა, რო მხოლოდ იმ ერთი ხიდით იყო წუთისოფელთან დაკავშირებული, ჰა, ბოლო?
- ჰო, უნდა იყოს კიდევ რაღაც, ოღონდ უნდა ვიჩქაროთ კიდეც, - კვერი დაუკრა მეგობარმა.
და იჩქარეს კიდეც. ჯერ ქოხში ნაპოვნი დამარილებული ხორჩი შეფუთეს. რაც ჩასალაგებელი დარჩენოდათ, ჩაალაგეს, ეგ ყველაფერი ერთად დააწყეს და დაიყვნენ. ბარგთან სონიკო დარჩა თოფით ხელში, სამი მამაკაცი კი სამ მხარეს გაემართა.
დასავლეთით წასული ბოლი მალევე მიადგა ტყეს. თოფი მოიმარჯვა, მიმოიხედა და უღრანში შეღრმავდა, მაგრამ სასიკეთო არსაით არაფერი გამოჩნდა. ადამიანის გასავლელს პირი არჩ ერთ მხარეს არ გამოუჩნდა. მაინც განაგრძო სვლა. უკანა გზა რომ არ დაჰკარგვოდა ხეებზე დანით ნიშნებს სვამდა. მიდიოდა, მიიწევდა და იმედი სულ უფრო და უფრო უმცირდებოდა.
არც ბიჭის ძიებას მოჰყვა უკეთესი შედეგი. ის სამხრეთისკენ გაეშურა, სადაც ზეგანი ქვა-ლოდიან არედ და უამრავ გაყინულ ნაკადულად იჩონჩხებოდა. ლოდიდან ლოდზე ხტომამ მეგზურს მალე მოაბეზრა თავი მაგრამ, უფრო მთავარი ისაა, რომ მაღალზე ამხტარი ნათლად ხედავდა, როგორ მთავრდებოდა მოშორებით ქვათა ველი და ზეცას ერწყმოდა _ ალბათ, ხევი თუ ჭრიდა. ერთი ხის სიარულმა ბიჭი მართლაც მიიყვანა ახალ ხევთან და მიხვდა, რომ ზეგანი სულ მცირე ორი მხრიდან იყო უფსკრულთა ალყაში. გადაღმა მხარე უშველებელი ნიჩბით ჩამოჭრილი უკიდეგანო ტყით თუ ართმანეთში გარდამავალი ტყეებით დაფარული მთის კალთა გამოდგა. ბიჭი უნდა დაბრუნებულიყო.
ბოლსაც უიმედოდ დაბრუნება მოუხდა. ტყის წიაღში სიარულმა ვერაფერი, რომ დაანახა არემარის ერთიანი დათვალიერება ამჯობინა და ყველაზე მაღალი, ტოტგამძლე ხე არჩია. ტოტებსაც მათთვის უცხო ჯიშის ცხოველის აშვებაზე უარი არ უთქვამთ. ბოლი თითქმის კენწერომდე ამაღლდა და იქიდან მიმოიხედა _ ტყე, ტყე, ტყე და ზამთრის მზიანი ზეცა.
ხოლო, მზეს მიფიცხებულ სონკოსთან ყველაზე ადრე რეპორტიორი მალაზონია დაბრუნდა, ჩრდილოეთის კაცი. როდესაც ტყიდან გამოსულმა ბოლმა ბარგის გროვასთან ქალის გვერდით მჯდომარე მალაზონიას ჰკიდა თვალი, ვინ იცის რა იფიქრა და ის გააკეთა, რაც დიდი ხანია არ გაეკეთებინა _ ერთი გემრიელად, ქლაქურად შეიგინა. რეპორტიორის დანახვაზე ბიჭმაც გვარიანად დაჭყიტა თვალები. ის კი არა და, ერთი უნებლიედ შედგა კიდეც, მაგრამ შემდეგ პირიქით, ნაბიჯი ააჩქარა და რაღაცის ბუტბუტით მიუახლოვდა დანარჩენებს. გრიგალისგან დანგრეულ ქოხთან შუადღე მოსულიყო.
მეგზურების დანახვაზე მალაზონია წამოხტა და მოუთმენლად დაიწყო ხელების ქნევა.
- რა მოხდა? - გზიდანვე ჰკითხა ბიჭმა.
- გვირაბი ვნახე.
მოუთმენლობა სონიკოსაც ეტყობოდა. ბოლოს და ბოლოს უნდა გარკვეულიყო ჰქონდათ თუ არა ამ წყეული ზეგანიდან გაღწევის შესაძლებლობა.
- რა ნახე? - ბოჭი თოფს კომბალივით დაეყრდნო, - რაო? გვირაბს მივადექიო თუ რაო?
- არა, არა, - ხელები გაასავსავა რეპორტიორმა, - ვიარე და ნაპრალს მივადექი. ზეგანს ჩრდილოეთის მხრიდან ნაპრალი ჭრის, აღმოსავლეთით კი ის ხევი წუხელ, რომ გადმოვედით.
-ეგ, ხომ ყველამ ვიცით, შენ ისა თქვი ნაპრალში რო ჩაიხედე რა დაინახე.
- ვერაფერი. მზე თვალებს ჭრიდა.
ბოლს გაბრაზება დაეტყო.
- რაო? იქნებ არც ნაპრალი ყოფილა.
- შორს არ არის ბატონებო, წამოდით და თქვენი თვალით ნახავთ.
ბოლმა და ბიჭმა ერთმანეთს გადაჰხედეს.
- მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, - მოულოდნელი სიმკაცრით ჩაურთო სონიკომ.
ქალს თავად სურდა ნაპრალის, თვალის მჭრელი მზისა და გვირაბის ნავა. ოთხივენი ჩრდილოეთისკენ გაემართნენ.
თურმე, სავალიც არაფერი ყოფილა.
- აქეთ, ბატონებო, - მასპინძელივით იძახდა სასწაულით გამიოჯანმრთელებული რეპორტიორი.
ნაპრალი მართლა ნაპრალი იყო, ოღონდ ასეთი რამ მეგზურებს ადრე არასდროს ენახათ: დაბლა არაფერი ჩანდა. თითქოს, ვიღაცას უშველებელი სარკე უპყრია და მათ ანარეკლს უმიზნებსო. ნაპრალისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი თვალის დახუჭვად უჯდებოდათ.
- ყველა სალოცავო, დაგვიფარე, - აღმოხდა ბიჭს.
- ბოლმა რამდენჯერმე ჯიუტად სცადა ნაპრალში თვალის ჩაწვდენა. ხან ხელი მიიფარა, ხან გაწვა, მაგრამ მზე თავისაზე იდგა.
- ჯანდაბა. გვირაბი სადღაა? - გატყდა ბოლოს.
- იქით, - თქვა მალაზონიამ და არსაით მიუთითა, - წამომყევით.
ნაპრალს გაუყვნენ. ბიჭი კვლავ ბუტბუტებდა, ოღონდ ეს უკვე გაოცების ბუტბუტი გახლდათ.
გვირაბს მიწიდან სამი ადამიანის სიმაღლეზე ამოზრდილ კლდეში დაეღო მრგვალი პირი და პირველი შეხედვით პატარა გამოქვაბულს ჰგავდა. კლდის უკან ზეგანი დასავლეთით უხვევდა და ნაპრალთან ერთად ბოლის ნანახ დიდ უღრან ტყეში შედიოდა.
- რა ოხრობაა? - დაიბუზღუნა ბოლმა, - დარწმუნებული ხართ, რომ გვირაბია?
- შევძვერი და ვნახე. ნამდვილად გვირაბია, მაგრამ ძალიან შორსაც ვეღარ გაველ, რადგან... - მალაზონიას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ბიჭმა აღარ აცალა, ერთი ამოიხვნეშა და ქვაბულს შეეყლაპინა.
მართლაც გვირაბი გამოდგა, დაბლა დამრეცად მიმავალი ვიწრო ხვრელი. დღის შუქი, მართალია გვარიანად აცილებდა ჩამსვლელს, მაგრამ ბნელეთს ბნელეთი მიმტომ ჰქვია, რომ მზე ჩააშავოს, კარგისა და ცუდის, მისახვევისა და მოსახვევის, აღმართისა და დაღმართის გარჩევა გახადოს შეუძლებელი. ბიჭს დაუბნელდა, ხელის ცეცებამ ვეღარ უშველა და იძულებული გახდა ჯიბიდან სანთელი ამოეღო. სუსტმა შუქმა ცხვირწინ გაუნათა მზვერავს, ასე, რომ ორი მეტრის შემდეგ რა ხდებოდა ისევ სამარჩიელოდ დაურჩა. ახლა უკვე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, უფრო სწორად კი დაბლა, სადაც მალაზონია ვეღარ ჩავიდა. ერთხანს ყველაფერი ისევე იყო, როგორც თავიდან, შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, ოღონდ ბიჭი უცბად ვერ მიხვდა, რა.
შეჩერდა, სანთელი ასწია, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ თვალმა ვერაფერი გაარჩია. გაირინდა, გონება და სხეული დაჭიმა, თუკი რამ შეგრძნება ებადა გალესა, გაამახვილა, ისევ შეიგრძნო ის რაღაც და მიხვდა, რომ ტკივილამდე დაჭყეტილი თვალები უშლიდა ხელს. დახუჭა. ცხადი იყო, სადაცაა შეამჩნევდა ოდნავ შესამჩნევს და... მართალიც აღმოჩნდა _ ეს იყო ჰაერის სუსტი, მიბნედილი ნაკადი. რატომღაც გაიღიმა და ისევ გაირინდა. ახლა მკაფიოდ აღიქვამდა ნაზ დინებას, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა. სანთლიანი ხელი ნელა დასწია დაბლა. მიწის სიმაღლეზე მიწა არ დახვდა, სანთელი რბილად ჩადიოდა უსასრულო სიღრმეში. ალმა თამაში დაიწყო. ბიჭი გაწვა და გადარჩა. კინაღამ სადღაც ჯანდაბაში გადაეშვა _ ღმერთო, დიდებულო, ესე იგი, ერთი ნაბიჯიც, რომ გადაედგა ახლა, ალბათ ცოცხალი აღარ იქნებოდა. ალი კი თამაშიბდა, მაგრამ საგნებისა და მათ შორის მანძილების გარჩევა უკვე შეიძლებოდა. ეს იყო შვეულად ჩამავალი უძირო ხვრელი, რომლის კედელზეც ვიღაცას ხის კიბე დაეკიდებინა. ძირი არ ჩანდა.
ბიჭისთვის ცხადი გახდა, რომ სვლა მარტოს აღაერ უნდა გაეგრძელებინა. კიბეზე ყველანი უნდა ჩასულიყვნენ, რადგან სწორედ ეს გვირაბი რჩებოდა ერთადერთ გზად, მათ ზეგნიდან სადმე გაიყვანდა, თუნდაც ჯოჯოხეთში.
და ბიჭი აბრუნდა, რათა სხვები წამოეყვანა და ბარგიც წამოეღო.
...კიბე გამძლე გამოდგა, თუმცა მოგზაურებმა მაინც იფრთხილეს, ერთად არ დაამძიმეს ვინ იცის რა სიღრმეზე ჩაკიდული ბილიკი. პირველობა ბიჭმა იკისრა, მეორეობა თვით გვირაბის აღმომჩენმა მალაზონიამ, ბოლი კი სონიკოსთან დარჩა, რათა მათი მსვლელობის ბოლო დამზღვევადაც გამოცდილი კაცი მდგარიყო.
- შემზარავი ადგილია. ნეტავ კი ყველაფერი კარგად დასრულდეს, - ჩურჩულით თქვა ქალმა.
- შიში ნუ გაქვთ, - მიუგო მეგზურმა, - ცუდზე ნუ იფიქრებთ.
- მაშ, რაზე ვიფიქრო? მოდი, დრო მოვკლათ, მითხარით, გეთაყვა, რატომ გეძახიან ბოლს და ამასობაში ბიჭი და ბატონი მალაზონია ამოგვძახებენ კიდეც ქვემოდან.
ბოლი მოიქუფრა, მაგრამ იგრძნო, რომ სიტყვას ბანზე ვერ ააგდებდა.
- ერთი კი გავაღწიოთ აქედან და პირობას გაძლევთ, გიამბობთ, - მაინც სცადა თავიდან მოშორება.
- მხოლოდ სახელზე მიამბობთ თუ თავზეც?
მეგზური დაბლიდან ამოსულმა ექომ და ჰაერის სუსტმა ნაკადმა იხსნა. ხმა იმდენად შორიდან ისმოდა, რომ ქალი შეკრთა და რომ არ სცოდნოდა ვინ იძახდა, უთუოდ ძლიერ შეშინდებოდა. ეს იყო ძახილი მოუსავლეთიდან, რომლისკენაც ბოლი და სონიკოც დაეშვნენ.
ჩადიოდნენ დაკვირვებით, მეგზურის მალმალი მითითებების თანხლებით. ჩადიოდნენ და კიბის სიგრძე თუ გვირაბის სიღრმე აოცებდათ. ჩადიოდნენ და ხანგამოშვებით ქვემოდან ექო ეხმიანებოდათ, თუმცა, ექო ბოლოს ბიჭის ხმად გადაიქცა და ამან გაახარათ:
- ჩამოდიხართ?
ამ სიტყვას ფორმა უკვე აღარ ჰქინდა დაკარგული, უსასოო ბგერად აღარ იყო ქცეული.
- ჩამოვდივართ! - დაიყვირა ბოლმაც.
გამოხდა კიდევ თხუთმეტი-ოცი საფეხური და იგივე განმეორდა, ოღონდ უფრო მკაფიოდ. შემდეგ ისევ... და ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი მთავრდება, დასრულდა დედამიწის ყელში ჩაძვრომაცა და მოგზაურები ისევ ოთხნი შეიქნენ. ახლა უკვე მყარად იდგნენ, მიწაზე, საღნი და სალამათნი, შეხვედრით გაღიმებულნი, მაგრამ ძველებურად დაძაბულნი. იმედი იმისა, რომ სადმე დღის სინათლეს დაინახავდნენ ტყუილი გამოდგა, ისინი უშველებელ მღვიმეში იდგნენ, მაგრამ...
ოთხივეს სანთელი ეპყრო, მღვიმის გასანათებლად კი მეტი იყო საჭირო. მოქექეს და ორიც იპოვნეს. სინათლემ იმატა, მაგრამ მღვიმე ისევ არ განათებულა. მოგზაურთა გარშემო ნაირნაირი ჩრდილები გაწვნენ.
- უნდა შევჯგუფდეთ, - თქვა ბოლმა.
საით გაემართნენ არ იცოდნენ, მაგრამ გაემართნენ. ჩრდილები ფორმებს იცვლიდნენ, იწელებოდნენ, მცირდებოდნენ, მსხვილდებოდნენ.
- ფრთხილად! - შესძახა უცბად ბიჭმა, თუმცა უცბად რა, ყველანი ისედაც დაბლა მოცეკვავე ჩრდილების თვალიერებაში იყვნენ და ამიტომაც დაინახეს მიწაზე გამოსახული ჯვარი.
- ჯვარი? - ამოსცდა მალაზონიას. ყველამ პირჯვარი გადაისახა.
- წინ, წინ! აი, იქ! - ეს სონიკო იყო.
და მგზავრებს სულ ხუთი-ექვსი ნაბიჯის გადადგმა მოუხდათ, რათა თავს მდუმარეთა შორის მდუმარე საფლავს წამოდგომოდნენ. რეპორტიორი ჩქარა სუნთქავდა, თუმცა მღელვარებას მყის სძლია დამაინც ჩაიცუცქა. ქვაზე მკაფიოდ იკითხებოდა: \"უფალო, შეიწყალე მონაი შენი ბერი სერაფიმე.\" გვერდით, ძველი ქართული ასოებით დაბადების და გარდაცვალების თარიღებიც ამოეტვიფრათ.
- მეთვრამეტე ასწლეულისაა, - ამოჰხედა მალაზონიამ.
ბოლმა თავი დაუქნია.
- აი, კიდევ, - ახლა ბიჭმა გაიშვირა ხელი.
მეორე საფლავიც იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში. \"უფალო, შეიწყალე მონაი შენი ბერი რაფიელ\" _ ღაღადებდა წარწერა. და ისევ:
- აი, აქაც!
- აქეთაც!
ეს იყო სასაფლაო. სანთლების შუქით განათებულ ფართობზეყოველი მორიგი ნაბიჯი ახალ საფლავს აცნობდა ოთხეულს. მალაზონია ყოველ სამარესთან ჩერდებოდა, მუხლებზე დგებოდა და საუკუნეს აზუსტებდა.
მეთორმეტე, მეთოთხმეტე, მეცხრე, მეჩვიდმეტე...
სამარხთა ველს ბოლო არ უჩანდა.
მეთერთმეტე, მეთექვსმეტე...
- ბოლო მეთვრამეტე საუკუნისაა, - თქვა რეპორტიორმა.
ბიჭი ერთიანად თრთოდა:
- და სულ საფლავებია.
- და სულ ბერების, - დაამატა სონიკომ.
და ამ საუბარში კედელს მიადგნენ. მორჩა, გზა აღარ იყო. სკვდილთა დარაჯს ცოცხალთა გაშვებაზე უარი ეთქვა. და თავად კედელიც სიკვდილივით ცივი იყო.
- ნუთუ ოთხივ მხრიდან ჩაკეტილია? - ხელები აღაპყრო მალაზონიამ.
- ახლა რა ვქნათ, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ? - სონიკომ ბოლს შეანათა ვინ იცის უკვე მერამდენედ შეშფოთებული და შფოთმოთოკილი მზერა.
- სულერთია. მარჯვნივ იყოს.
და ისევ საფლავებში მიიკვლევდნენ გზას. მოგზაურები აშკარად გრძნობდნენ, რომ სასაფლაოს დუმილი ძლიერ განსხვავდებოდა თავად ბუნების დუმილისგან. შემაძრწუნებლად ჩუმი იყო.
მეცამეტე, მეთოთხმეტე...
- აქეთ უფრო ძველებია, - ნუგეშის ძებნაში ყურადღებას ძაბავდა რეპორტიორი, - შესაძლოა მღვიმის კარიბჭეც სწორედ აქეთ იყოს.
მაგრამ ისევ კედელი დაუხვდათ. კედლების სიცივე უკვე ტანში აღწევდა.
ერთი გზაღა დარჩა. ისევ მიათრევდნენ სხეულებს. ეს იყო უკანასკნელი ხსნა, ბოლო სასოება, საითკენაც ვერავინ ვერასდროს მირბის, საითკენაც მხოლოდ მუხლის კანკალით მიდიან, სადაც განაჩენია.
მათაც იარეს და გაჩერდნენ.
ბიჭი ჩაეშვა. უიმედობის ბოლო კედელს მიეყრდნო. თავს მიცვალებულთა ტყვედ გრძნობდა, სასოწარკვეთა მონობას ჰპირდებოდა.
- ნუთუ ისევ იმ დაწყევლილ გვირაბს უნდა ავუყვეთ?
სონიკომ მალაზონიას მკერდში ჩაჰყო თავი. შანთლების შუქზე გაწოლილი ჩრდილები უსულოდ უცქერდნენ საიდანღაც შემოხეტებულ სულიერებს. მღვიმეს სიცოცხლე სძულდა. და მერე...
- კაცი! - იყვირა ბოლმა.
თავი ოცდამეცხრე
თოკი მოიტანეს. გახელებულმა გრძელმა
ბილ ჰასკელმა, მსუქანა ოლსენმა და
კამათლის მოთამაშემ ნაჩქარევად და
მოუხერხებლად ჩამოაცვეს
ინდიელს კისერზე მარყუჟი და თოკი
ჭერის ძელზე გადაკიდეს.
კაცი მათგან, ასე, ხუთ ნაბიჯში საფლავის ქვაზე იჯდა და ზურგით ჯვარს ეყრდნობოდა. თავი უკან გადაეწია, პირი დაეღო, თვალები კი არ უჩანდა. თითქოს ეძინა გაუნძრეველი ძილით. ტანს ნადირის ბეწვისგან შეკერილი უჩვეული ფასონის ქურქი ჰფარავდა. თავად კაცის სეკერილი თუ იყო. გვერდით ბეწვის უჩვეულო ქუდი ეგდო, მაღალ, უჩვეულო ჩექმებს კი ალაგ-ალაგ ბეწვი შემოჰხეოდა.
მოგზაურები ნელა მიუახლოვდნენ. ახლოდან კარგად სჩანდა ქურქის გადაწეული კალთა და მიშ შიგნით, ქამრად შეკრულ მსხვილ თოკში გაყრილი გრძელი დანა. აქედან უკვე სახის გარჩევაც შეიძლებოდა _ გაფითრებულს თვალები ღია ჰქონდა და ზევით ერთ წერტილს მისჩერებოდა. უფრო კარგად რომ დააკვირდნენ შეამჩნიეს, რომ გაშტერებულ თვალებში სიცოცხლის ნიშან წყალი არ იდგა. ბოლი ჩაიცუცქა, მიგდებულს მაჯაზე გული უპოვნა, საყელო გადაუღეღა, მკერდზე დააკვირდა.
- ცოცხალია? - ჰკითხა ბიჭმა.
ბოლმა უპასუხა, მაგრამ ისე გაუგებრად, რომ ჯობდა არ ეპასუხა. შემდეგ თავად იკითხა:
- ის არის? - რეპორტიორს უტურებდა.
რეპორტიორმა ვერც ჰო მიუგო და ვერც არა. ბოლი უკმაყოფილო სახით წამოდგა.
- ჭრილობა არ აქვს. ალბათ, დრო დაუდგა და ეგ არის.
- მკვდრებთან მოვიდა და დარჩა, - სიტყვა მოკაზმა ბიჭმა, მაგრამ ეს ნათქვამი არავის ყურს და გულს არ მოხვედრია, რადგან ამ დროს სონიკომ ხელთათმანები მოიძრო და საფლავზე მიგდებულ კაცთან დიდი ზრუნვთ ჩაიმუხლა.
- მადმუაზელ სონი პროფესორთან მუშაობს. - მრავალმნიშვნელოვნად განუმარტა მეგზურებს მალაზონიამ.
მიგდებულს მაჯა ქალმაც გაუსინჯა. თვალის უპეები ჩამოუწია, ყელთან ორთავ ხელის ცერა მიაჭირა, თავი შეუტრიალა და შემოუტრიალა, ქამრიდან ალაპლაპებული დანა ამოუცურა, ნესტოებთან მიუტანა, დიდხანს უტრიალა ნაირგვარად და ბოლოს კმაყოფილი ღიმილით ამოთქვა:
- ცოცხალია, უნდა მოვასულიეროთ.
სონიკომ ყოჩაღად და ზუსტად დაავალა კაცებს რაც უნდა ეღონათ. ყველაზე უკმაყოფილო ბიჭი დაურჩა, რადგან დავალებად განზე გადგომა და გაყუჩება ხვდა, რეპორტიორ მალაზონიას კი ყველაზე მეტმა ფუსფუსმა უწია. მიგდებული ახლა ჯვარზე აღარ იყო მიყრდნობილი, მზრუნველთ საფლავის ქვაზე მიეწვინათ და თავქვეშ ბარგის ფუთა ამოედოთ. რეპორტიორმა ახლაღა დაინახა, რომ ცალი ხელი არ ჰქონდა.
- მღვიმის ჩახუთულობა თუა მიზეზი, ზემოთ ავიყვანოთ და თავს ჰაერზე ვუტრიალოთ, - შესთავაზა ბოლმა.
- წესითა და რიგით გონს მალე უნდა მოეგოს, - უპასუხა სონიკომ და უცნობს ისე დაჰხედა, აშკარად გამოცოცხლებას ემუდარებოდა.
წამები არავის დაუთვლია. კაცმა თვალი დაახამხამა, შუბლი შეიჭმუხნა და ცოცხლის მზერა მოავლო მოგზაურებს. შემდეგ კიდევ გავიდა წამები _ აბა, რას იზამდა _ და უცნობმა პირველი სიტყვები ამოთქვა:
- დალახვროს ეშმამ!
- სასიამოვნოა, - მიუგო მალაზონიამ, - ვიცნობდეთ ერთმანეთს.
გონსმოსულს ნახევარი საუკუნისთვის ალბათ, უკვე ეჯობნა. დაბრუნებულმა ჩინმა თვალები გაუუცნაურა _ თან დაუჭკვიანა, თანაც დაუშლეგა. მზერა ხვლიკის ენასავით ჰქონდა, რაღაცის დასაჭერად დამალული. სახე... ძნელია აღწერა, რადგან სახე არაფრით იყო გამორჩეული. თავზე სასაცილოდ გასჩეჩვოდა დაუვარცხნელი თმა. ამრიგად, ერთადერთი, რითაც მისი დახატვა შეიძლებოდა, ცალხელობა გახლდათ.
ცალხელა წამოჯდა და რეპორტიორს შეხედა.
- ჯანზე მოხველ? მახარებს.
მალაზონიამ გაუღიმა. ყველაფერი გასაგები იყო. თუმცა... ყველაფერი რამ გვათქმევინა, ყველაფერი გასაგები როგორ იქნებოდა. გასაგები მხოლოდ ის იყო, რომ ცალხელა ის იდუმალებით მოცული ადამიანი გახლდათ, რომლმაც რეპორტიორი მალაზონია მოიპარა და გამოაჯანმრთელა.
- თავს როგორ გრძნობთ, ბატონო? - ჰკითხა სონიკომ.
უცნობი დაიჯღანა და ხელი ჩაიქნია.
- ქარის ბრალია ყველაფერი, გრიგალის, - ფრთხილად წამოდგა, - როგორც ჩანს განგება მაფრთხილებს. არც კი ვიცი, მაქვს თუ არა კიდევ დრო, თუმცა რადგან ცოცხალი ვარ ესე იგი, მაქვს.
- დრო? - მალაზონია ახლოს დაუდგა, - რისთვის?
ცალხელა ისევ დაიჯღანა და საუბრის საგანი შეცვალა.
- ჯობს ერთმანეთი გავიცნოთ. მე მქვია შოლა სარნად, კაცი ბუნებასთან შერწყმული. განა არ მეთანხმებით, რომ მისსიის აღსრულება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა შეურყვნელია? მითხარით, გეთაყვა, მისსიას თუ გრძნობთ?
თვალსა და ხელს შუა ყოჩაღდებოდა.
- რა მოგახსენოთ.
- იცით, ჩემო ბატონო ნაცნობო...
- გვარად მალაზონია გახლავართ, - შეაშველა მალაზონიამ, - რეპორტიორი ვარ, ტფილისურ გაზეთ \"კურიერში\" ვმუშაობ.
- ჰოდა, ჩემო ბატონო მალაზონიავ, ტფილისურ გაზეთ \"კურიერიდან\", თქვენ, ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ორი ჯგუფიდან ერთს ეკუთვნით: მათ, ვინც ამქვეყნად მისსიის აღსასრულებლადაა მოვლენილი და უნდა გიხრათ, რომ ასეთები ცოტანი არიან ან უმრავლესობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობაა და მეტი არაფერი, - ცალხელას წეღანდელი მიბნედვის კვალიც აღარ ემჩნეოდა, - გახედეთ ამ ხალხს, უმრავლესობას და ადვილად მიხვდებით, ხოლო თუ ვერ მიხვდებით, ხორცთა შორის ხორცი ბრძანებულხართ. ჰოდა, მიპასუხეთ, ხედავთ?
მისი მუშტების შეკვრა-გაშლის შემყურე მოგზაურებისთვის ნათელი შეიქნა, რომ მათ წინაშე გიჟი იდგა, დიად ბუნებაში მარტოდ გავარდნილი შეშლილი.
- აქ, ვის უნდა ვხედავდე? - თავის დაცვა სცადა რეპორტიორმა, რომელსაც ხორცობა არ ესიამოვნა.
- როგორ თუ ვის? დიდებულო ზეცავ, როგორ თუ ვის? - შოლა სარნადმა ეს სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა, ოღონდ ისეთით, რომელიც ყვირილზე უარესი ყვირილია, - შეხედეთ ხეებს, მთებს, წყალს, აი, ამ საფლავის ქვებს. გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც იქ, დაბლა, თქვენს სამყაროში დადიან, იკვებებიან და მრავლდებიან, რაც არის კიდეც იმრავლესობის ერთადერთი ამოცანა. მაგრამ ჩვენ, ჩვენ, ჩვენ...
გართულმა გიჟმა თითქოს ვერც კი შეამჩნია, როგორ გასწია დაბნეული რეპორტიორი ბოლმა და თავად დაუდგა წინ. ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
- ბოდიშს კი მოგიხდით, ბატონო, ჩემო - თავაზიანად მიმართა მეგზურმა და მყის დაინახა, რომ მისი ასეთი ჩარევისთანავე კაცი მოეშვა, თითქოს დახმარებას ელოდა და ამ დახმარებამ სულზე მიუსწროო, - ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა საყურადღებოა და კარგი, მაგრამ თუ არ მეშლება, მღვიმეში ვართ და ამ მღვიმეს ოთხივე მხრიდან კედელი აკრავს. მერედა, ჩვენთვის აქედან გასასვლელად მხოლოდ ერთი გზაა ცნობილი _ გვირაბი და იქაც ის კიბე ჰკიდია, გრიგალისაგან მიწასთან გასწორებულ ზეგანზე, რომ გაგვიყვანს.
შოლა სარნადი თავს აქნევდა. შემდეგ, დინჯად გაიარ-გამოიარა, ისევ ბოლთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
- ჰო, გრიგალი. ქარის ბრალია ყველაფერი. საშინელი ქარაშოტი ტრიალებდა გუშინ. თქვენ ხომ არ იცით, როგორ ჰკიოდა და გუგუნებდა აკლდამა, როგორ ითხოვდნენ გარდაცვლილი ბერები საფლავიდან წამოდგომას, როგორ უხაროდათ ქვესკნელის ძალებს, რომელთაც მათი წმინდა სენაკები დაიპყრეს. თქვენ ხომ არ იცით, როგორ წითლდება ამ დროს ჰორიზონტი. მე მისსია აი, ამ ხელთ მეპყრა, სინი კი მართმევდნენ, მგლეჯდნენ, ჩემი მოკვლა სირდათ. გესმით, რას ნიშნავს მისსიის წართმევა? ო, კანალია, ისინი ნესტოებიდან შემიძვრნენ და თავში დამისახლდნენ. შიგნიდან მირტყამდნენ ჩაქუჩებს. მათი ბღავილი ჩემი ყურებიდან ნაკადებად ისხმებოდა და ჩონჩხებს ძილის საშუალებას არ აძლევდა. მერე კი... მერე წავიქეცი, უფრო სწორედ კი აი, აქ ჩავჯექი და... მერე...
- ჰოდა, ამიტომაც გავიდეთ აქედან, - ბოლმა ჯიქურ ჩახედა თვალებში, - გავიდეთ... თუ იცით, აქედან გასასვლელი.
- ჰო, - დაეთანხმა გიჟი, - გავიდეთ. გონიერი კაცი ჩანხართ, ოღონდ არ ვიცი გაქვთ თუ არა მისსია. ამას მერე დავადგენ, ახლა კი ქარი ჩადგა. ხომ ჩადგა ქარი?
ის შეტრიალდა, მიმოიხედა, შემდეგ სონიკოს მოულოდნელი სიმორჩხვით გაუღიმა და სწრაფად გაეშურა მოპირდაპირე კედლისკენ. მოგზაურები გაედევნენ. ბიჭმა რომელიღაც საფლავის ქვაზე კისერი კინაღამ მოიტეხა. რეპორტიორმა ეჭვით გადახედა ყველასა და ყველაფერს.
- აქ, ოდესღაც კარი ყოფილა აკლდამაში შემოსასვლელი, მაგრამ ბერებს ის ამოუგმანიათ, - ხმამაღლა, მკაფოიდ ამბობდა წინ მიმავალი, - თუმცა, ვინ იცის. ხომ შეიძლება მიწისძვრასაც ამოეგმანა? აქ ქარაშოტების გარდა მიწისძვრებიც ხშირია, თან წითელი. აქეთ, აქეთ. ამ აკლდამაში ას წელიწადზე მეტია არავის დაუდგამს ფეხი.
და ის მრავალთაგან ერთ საფლავთან გაჩერდა. შემდეგ, საფლავზე აღმართულ მსხვილ ჯვარს ორივ ხელით ჩაეჭიდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაქაჩა. ჯვარი გადაიხარა. გაისმა ღრჭიალის ხმა. მოგზაურთა თვალწინ საფლავმა პირი დააღო _ ქვა გადაგორდა.
- აღმოსავლეთისკენ უნდა გადაიხარო. ყველაფერს ფარული მნიშვნელობა აქვს. მისსია მხოლოდ ასე აღსრულდება.
მათ სამარეში კიბე ეპატიჟებოდათ. ისეთივე კიბე, როგორსაც მზისქვეშეთიდან მღვიმეში ჩამოყვნენ.
- ოღონდ, გაფრთხილებთ, - უცბად მოტრიალდა ცალხელა, - მომართვას რომ დააპირებთ ასე უნდა მითხრათ, შოლა სარნად. ერთადაა ამის თქმა საჭირო.
ყველაზე ახლოს ბოლი იდგა და თავიც მან დაუკრა.
ხოლო კიბე გვირაბისაზე გაცილებით მოკლე აღმოჩნდა, თუმცა თავისთავად მოკლე არც მას ეთქმოდა. რამდენიმე ადგილას ის უცნაურად იცვლიდა მიმართულებას, რაღაცნაირად იგრიხებოდა. მოგზაურები ფრთხილად ჩადიოდნენ. ოლა სარნადი შედგა.
- აი, ეხლა კი მზად იყავით, - საგანგებო მნიშვნელოვნებით აღმართა თითი, შემდეგ წელში მოიხარა და დიდი ნახტომით სადღაც გადავარდა. მის უკან მიმავალი ბოლი უნებლიედ შედგა, დანარჩენებს გამოხედა.
- რა არის? - ჰკითხა მალაზონიამ.
ბოლმა სანთელი აანთო, ხელი მიმოატარა.
- არაფერი. გასასვლელი ჩანს.
- მიდი, მიდი, ბოლო, - გაამხნევა გაყოჩაღებულმა ბიჭმა.
ბილმა ნაბიჯი გადადგა და... თვალი მზის კაშკაშა შუქმა მოსჭრა. ადრე უცაბედი შუქისგან თვალი როგორ არ დაეხუჭა, მარგამ შიგ ცეცხლი არასოდეს ანთებოდა. კინაღამ გონება დაკარგა. ვეღარაფერი იფიქრა და წელში მოიხარა. ზურგზე მოკიდებული ჩანთის სიმძიმემ სძლია. სისველე იგრძნო, დიდი, ყოვლისმომცველი. სისველემ ფიქრი დაუბრუნა, ფიქრმა კი უთხრა, რომ ეს თოვლი იყო. ქუთუთოები ისევ არ აპირებდნენ ერთმანეთთან დაცილებას. უცბად, ახლოდან შერყეულის ხმა მოესმა.
- აქა ვარ, ჩემო ბატონო. ნუ შეშინდებით, გიწამლებთ. გამახსენეთ თქვენი სახელი. თუ, არც კი მიკითხავს?
- ვერ მითხარი შე კაცო მზის შუქზე თუ გავდიოდით?
- ხომ გაგაფრთილეთ? - გაკვირვებით იკითხა გიჟის ხმამ.
ამის თქმა იყო და უკნიდან ვიღაცამ შეჰყვირა. ეს მალაზონია გახლდათ, თვალებში ცეცხლი ანთებოდა. შოლა სარნადმა ისევ დაიწყო მუშტების შეკვრა და გაშლა, მაგრამ ეს არავის დაუნახავს, რადგან რეპორტიორის შემდეგ ბიჭისა და სინიკოს დაბრმავების რიგი დამდგარიყო.
გიჟმა სათითაოდ უწამლა, დაბრმავების რიგის მიხედვით, თუმცა ის, რასაც იგი წამლობას უწოდებდა საფეთქლებისა და ყვრიმალ ძვალთა დაზელვა უფრო იყო. და მოგზაურებმა თანდათან გაახილეს თვალები, რათა... დაენახათ რამხელა პირს აღებს ბიჭი, როდესაც მთელი ხმით ბღავის.
- ეჰეი! ეჰეი! მაშ, მე რას ვამბობდი?! ჰეი, ბოლო! - უყვიროდა მეგობარს, - განა, რას გეუბნებოდი?! ხედავ, სადა ვართ? ხედავ თუ ვერა? აბა, საბადო? აბა, საბადო, მეთქი? განა მართალი არა ვყოფილვარ? აღიარე, რო მართალი შენ კი არა, მე ვიყავი და გავჩუმდები. მოდი, მოდი, აქა, საცა მე ვდგევარ. მოდი ნაპირთან, მოდი და გადაიხედე.
ბოლი კი არაფერს პასუხობდა, უკვე ნაპირთან იდგა და უფროსი ძმის მოსიყვარულე ღიმილით იყურებოდა _ ისინი დევების კლდესთან კი არა, ზედ კლდეზე იდგნენ და არწივის ბუდის სიმაღლიდან გადმოჰყურებდნენ დაბლა ქვეყნიერებას. დათოვლილი ველი, მთები და თეთრმოსილი ტყეები, მზე, ნისლი, და უსასრულობა, რომელიც თურმე მთათა კალთების უწყვეტ ჩაწვნასა და ჩაგრეხვას ნიშნავს, შორს მოხაზული მყინვარები და ცაში წერტილად მცურავი მთის ფრინველი. ეს ყველაფერი მათ წინ იყო.
- საოცარია, ბატონო შოლა სარნად, - მოუტრიალდა გიჟს სონიკო, - ჩვენ ხომ ორი გვირაბი ჩავიარეთ და თურმე ავსლვართ.
მაგრამ შეშლილმა არაფერი უოასუხა. ის კლდის კიდესთან ზურგით იდგა და სულ სხვა მხარეს იყურებოდა.
დევების კლდე კი ყოვლად ფეხშეუდგმელი რამ გახლდათ. ის ორი მაღალი მთის მხართა შემაერთებელი, გრძელი რამ გახლდათ და ქვემოდან რქებს შორის გადაჭიმული დიდი თავის თხემს ჰგავდა. კლდეზე ხუთი თუ ექვსი დიდი და პატარა ჩანჩქერი პირდაპირ ქვებიდან იღვრებოდა სხვადასხვა სიმაღლეზე, თუმცა ზამთარში თეთრ-ცივად გახლდათ ჩამოქნილი. და კიდევ, იყო აურაცხელი ლოლუა, დევის ამა თუ იმ ნაოჭზე ჯგუფებად მიმჯდარი. ზოგი ვეება და ზოგიც წვრილი.
მაგრამ, ზემოდან ეს ყველაფერი არ ჩანდა. იქ მდგომთ მაცდური ბუნება ატყუებდა, რომ ისინიც ფრინველები იყვნენ და კდიდან გადაშვებას, ფრთის გაშლას სთავაზობდა. ჩაფენილი თეთრი ველი სადღაც ძალიან დაბლა შლიდა ფაფუკ მკერდა.
ამასობაში ბიჭმაც დაასრულა ბღავილი და საიდუმლოდ დაფლული განძლის ეშხით დაღლა და გასაჭირი დაავიწყდა. მალაზონია მდუმარედ ეფიცხებოდა მზეს. სონიკოს მსუბუქად ეხვეოდა თავბრუ. ბოლი მიუახლოვდა.
- ვაგლახ, მადმუაზელ, იმ ადგილას, სადაც მეცნიერებთან ერთად ფოტოსურათი გადამიღეს, ვერ მიგიყვანთ.
ქალი შეცბა, შეკრთა თუ მეტიც, შეხტა. ბოლმა თითი თეთრი, ფაფუკი ველისკენ გაიშვირა.
- ის ადგილი კლდის ძირშია, აი, იქ არის, ჩვენ კი კლდეზე ვართ. არც კი მეგონა აქ ამოსვლა თუ შეიძლებოდა.
სონიკომ არაფერი უპასუხა და შოლა სარნადისკენ გაიხედა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კაცმა იცის თქვენი საიდუმლოს გასაღები? - ჰკითხა ბოლმა.
- ვნახოთ, - მიუგო ქალმა.
კიდევ კარგი, ამ დროს მალაზონიამ მოიხედა _ თავჩახრილ შეშლილს მათთვის ზურგი ექცია და კლდის კიდიდან საპირისპიროდ მიაბოტებდა. მოგზაურები დაედევნენ.
თავი ოცდამეათე
სმოკი გზად აღმართულ კლდეზე აძვრა და მის წინ ტბა
გადაიშალა. ყველა იმ მთის ტბისგან განსხვავებით, რომელიც
მას თავის სიცოცხლეში ენახა, ეს ტბა ცისფერი არ იყო.
ის ფარშევანგის ფრთის ფერი მუქი მწვანე გახლდათ, რაც
იმას ნიშნავდა, რომ წყალი აქ ღრმა არ იყო ანუ
მისი დაშრობა სრულებით შესაძლებელი იქნებოდა.
დაღამდა. გამოქვაბულში ცეცხლი გიზგიზებდა. კოცონთან ახლოს ცხელოდა. გარეთ თოვდა, ზამთარი ხშირ ფანტელს აბნევდა. მოგზაურები მთებში იყვნენ, სადაც ჰაერი წმინდაა, ღრუბლები კი თავთან ახლოს ცურავენ, მაგრამ ცა მაინც ისევე შორია, როგორც ბარიდან. შეშლილმა შოლა სარნადმა ფრიადი მასპინძლობა გასწია. დააპურა, გაათბო, მოასვენა, რამდენიმე ტომსიკიდან გამხმარი ბალახები ამოიღო, შეურია, ნაყენად დააყენა და შეასვა. საოცარი კაცი ჩანდა, ნიადაგ მისსიაზე მოლაპარაკე. თვალები ენთებოდა, მუშტებს შლიდა და კუმშავდა, მაგრამ არ ბოროტდებოდა. სიშლეგე ზღვის ტალღებსავით მიუდიოდა და მოუდიოდა, გონება ენთებოდა და უცხრებოდა. შიგადაშიგ სახეზე ეშმაკური ღიმილიც უთამაშებდა.
მასპინძელს გამოქვაბული ერთიანად ნადირის ტყავით მოერთო. კედლებზე მოშიშვლებულ ადგილს ვერ იპოვნიდით და ამის ცქერა თვალს სიამოვნებდა, ათბობდა, მერე კი ეს სითბო მზერიდან მთელ სხეულს გადაეცემოდა. თავად ქვაბულიც ბუნებისგან სიმყუდროვის ნიჭით გახლდათ დაჯილდოვებული. ალბათ, შოლა სარნადმდე თავად შემოდიოდა აქ ჩამოსაჯდომად და დასასვენებლად.
მოგზაურები გონებას იკრებდნენ. რა უნდა მომხდარიყო შემდეგ? ეს კითხვა ხეობებს, ყინვასა და ქარიშხალს აღარ ეფარებოდა, ჯიქურ იდგა და მას თავად სონიკოც ვეღარ პასუობდა. ამას ყველაზე კარგად ბოლი ხვდებოდა და ამიტომ გააპარებდა ხოლმე ხანგამოშვებით გამომცდელ მზერას ქალისკენ.
- რა უნდა მოხდეს შემდეგ?
თავიდან ყველას ეგონა, რომ კითხვა თავად დასვეს, გულში, მაგრამ გამოხდა ორიოდ წამი და სიტყვები განმეორდა.
- რა უნდა მოხდეს შემდეგ?
შოლა სარნადი იყო. ერთადერთი ხელით კიდევ უფრო აბრიალებდა ისედაც აბრიალებულ ცეცლს. ბოლმა იგრძნო, რომ სნიკოს დახმარება სჭირდებოდა.
- თქვენს მისსიაზე ვკითხულობ, - დააზუსტა შეშლილმა.
ბიჭმა უცნაურად აიქნია ხელი. როგორც ჩანს, თავის დევების კლდეზე პოვნის შემდეგ მისი მისსია მოგზაურთა იმთავინდელი მისსიისგან უკვე განსხვავდებოდა.
- ჩვენი მისსია ჩიხშია, - პასუხი მალაზონიამ გაბედა.
- შეუძლებელია. მისსია ჩიხში ვერასოდეს მოექცევა. მას შეიძლება ხელი შეუშალო, მაგრამ მხოლოდ დროებით. თუ მისსია ტყუილი არ არის, განგება კეთილ ანგელოზს მოგივლენს და სწორედ მაშინ, როდესაც...
რეპორტიორმა თავი კუნაპეტში ხელის ცეცებით მიმავლად იგრძნო.
- ბატონო შოლა სარნად, მგონი განგებამ ის უკვე მოგვივლინა.
შეშლილი მასპინძელი შეცბა, შემდეგ წელში გაიმართა, მალაზონიას სანახევროდ გონივრული და სანაევროდ არეული თვალებით მიაშტერდა. შემდეგ წამოდგა, კედელთან მივიდა, დათვის ტყავს ერთადერთი ხელის თითები ჩამოუსვა და შემოტრიალდა. სუბლზე ნაოჭები ამობურცვოდა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს დიდ მისსიასთან ერთად განგებამ პატარა დავალებითაც დამაჯილდოვა? - ხმაც ფიქრით გაჟღენთვოდა, შთაგონებით, იდუმალებით.
რეპირტიორმა თავი დაუქნია. \"ვაი თუ ეს ყველაფერი მხოლოდ სნეულის წვალებაა\", - ჰუმანისტური განცდით ფიქრობდა სონიკო, მაგრამ ეს ფიქრი შეშლილი მასპინძლის შეძახილმა გააწყვეტინა.
- რაო?! მაშ, დიდ მისსია არ მაქვს და ამდენი ზამთარ-ზაფხული მთათა მდუმარებაში იმიტომ გავატარე, რომ თქვენი გზააბნეული ჯგუფისთვის მცირედი დახმარება გამეწია?
შოლა სარნადის თვალებში მოგზაურებმა პირველად შეამჩნიეს მრისხანება, თან სასოებაშერეული და სახიფათო. ნათელი იყო, რომ დიდი მისსიის დადასტურება ან უარყოფა მას აღაფრთოვანებდა ან მოსპობდა. იქნებ, სხვა რამ მოულოდნელიც გამოეწვია. გამოსავალს კვლავ მალაზონიამ მიაგნო.
- ბატონო შოლა სარნად, ყველანი, ვისაც განგებამ მისსია გვარგუნა, ერთმანეთის სავალ გზებზე ხიდებად ვეწყობით და ესაც განგების მოგონილი ხერხი და კანონზომიერება უნდა იყოს. ამიტომაც, თქვენი შემწეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გთხოვთ, თოვლის საუფლოში ჩვენს შეხვედრას მეორე მხრივაც შევხედოთ. იქნებ, თქვენი ჩვენდამი დახმარებით სინამდვილეში ჩვენი თქვენდამი დახმარება ინიღბება. მე გიდასტურებთ, ჩემს მისსიას ვგრძნობ და ყოველთვის ვგრძნობდი მის მისტიკურ ძალას, ახლა კი დამეუფლა შეგრძნება, რომ ეს ჩვენ გამოგვაგზავნა ზეცამ თქვენი დიდი მისსიის აღსრულებაში დასახმარებლად...
რეპორტიორმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ვითარებას თითქოს, კიდევ სჭირდებოდა მისი მჭვერმეტყველება, მაგრამ ენამ წაიბორძიკა და გონებამაც სხარტად ვეღარ მიაწოდა აზრი. მადლობა განგებას, ნათქვამი საკმარისი გამოდგა.
- მართლაც, მართლაც... - მონუსხულივით იმეორებდა გიჟი მასპინძელი, - მე თქვენს საქმეს გავუწვები ხიდად და ამით თქვენ გაუწვებით ხიდად ჩემს დიდ მისსიას. ო, ზეცავ! ო, ბომონო! ო, ღვთაებავ! თანახმა ვარ მხარში ამოვუდგე შენს მოვლენილ ადამიანებს და ვუთხრა, რომ ერთადერთი გზა ბოროტების ბუტისკენ აქედან გადის. მე ვიცი სად იწყება ეს გზა და მზიგ შუქზე მათაც ვაჩვენებ. მე მივცამ ნავს და შევაცურებ იდუმალ ტბაში. მე გავაფრთხილებ, რომ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი იმალება. ის ჩასაფრებულია, რათა სულები მიიბაროს. ო, აქაური სიკვდილი სხვაა, დიდად განსხვავებული ქვედა სოფლის ადამიათა საბრალო კვდომისგან. აქაურმა სიკვდილმა სიბრალული არ იცის. აქაური სიკვდილი გველის მსახურთაც არ ინდობს. ო, ზეცავ! განა სწორედ ამის ნიშნად არ ჩამოვკიდე ხევის პირას წითელი დანით ყელგამოჭრილი გვამი? მათ ერთმანეთზე აღმართეს ხელი. და მე ვხვდებოდი ამ ხალხის კეთილ შარავანდედს. ო, ბომონო! მოწამე ხარ მე მათ ხელს ვუწყობდი. მე ვუწამლე და მათაც მომაგნეს ბერების საფლავებს შორის. და მე... ო, ზეცავ! ო, მე... ო, ღვთაებავ... ო...
შოლა სარნადი გაფითრდა, მუშტების შეკვრა და გაშლა კრუნჩხვად ექცა, თვალები აზრისგან ეფიტებოდა, ტუჩები უთრთოდა, ქანაობდა. ბოლმა და მალაზონიამ დროულად მიასწრეს, დააწვინე. უხმოდ ემორჩილებოდნენ სონიკოს განკარგულებებს. ქალის დავალება ბიჭსაც ერგო. ის ქვაბულიდან გავიდა და თოვლი შემოიტანა. სნეულს მკერდი დაუზილეს, სიგიჟე ნელ-ნელა დაუცხრეს. შოლა სარნადს სახეზე ტანჯვისა და დაღლის ნიღაბი ეფარებოდა, ძალა ეცლებოდა და იმ ძილის საუფლოში ჩადიოდა გონის დაკარგვასთან რომ არის ახლოს. ერთი ნის შემდეგ გამოქვაბულში სიჩუმემ დაისადგურა. კოცონი ტკაცუნებდა.
- მთებში თუ დარჩება დიდხანს ვერ იცოცხლებს, - ხმადაბლა თქვა სონიკომ.
- ეს არსად წავა, - მიუგო კოცონს მიშტერებულმა ბოლმა.
თავი ოცდამეთერთმეტე
დილით, როდესაც ქარიშხალი დაცხრა ის დასაზვერად წავიდა.
მისგან მილის მეოთხედში გაყინული, დათოვლილი ტბა იყო.
ტბის გარშემო ყოველი მხრიდან მთათა დაკბილული
მწვერვალები ამოზრდილიყვნენ. დიახ, სწორედ ასე უყვებოდნენ.
ის უნებლიედ წამოადგა თავზე მოულოდნელ ტბას.
დილით მზემ გამოქვაბულში ცალი სხივი შეჰყო. ძალიან ნათელი სხივი ჰქონდა. ცამ თოვლის პნევა შეწყვიტა. ეტყობა, მიწაზე დაფენილი საბნის აფუმფულება სურდა და, რომ ააფუმფულა გაჩერდა. სხივი მანამდე ელამუნა მოგზაურებს სახეებზე, სანამ ქუთუთოების დაშორება არ აიძულა. რაღაც ძალიან მხიარულს მღეროდა.
ისინი, როგორც ახალგამოღვიძებულთა წესია, ნელა წამოსხდნენ. შემდეგ წამოდგნენ. ბიჭი ამთქნარებდა, სახეზე ყველას სალამათი ეფინა. ეს სალამათი თბილი ქვაბულისა და შოლა სარნადის დამზადებული ბალახ-ბულახის დამსახურება უნდა ყოფილიყო. თავად მასპინძელს წინა დღის სიგიჟის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა, მოგზაურებმა თვალი, რომ გაახილეს უკვე ფეხზე იყო და საუზმეს ამზადებდა. საოცარი სიმარდით ატრიალებდა ერთადერთ ხელს.
- დილა მშვიდობისა ბატონო შოლა სარნად. როგორ გიკითხითოთ? - ვითომც არხეინად მიესალმა სონიკო. პასუხად, მასპინძელმა მეგობრულად ჩაუკრა ორთავ თვალი.
- დიდი გზა გელით.
ბოლმა და ბიჭმა ბარგი მალე შეკრეს. თუმც განუწვეტლივ ლაპარაკობდნენ, დიდი დრო არც საუზმეს წაუღია.
- დიდი გზა გელით, - იმეორებდა მასპინძელი.
- ბატონო, შოლა სარნად, - ბოლი ისე მიუტრიალდა, თითქოს პირისპირ სალაპარაკოდ იწვევდა, - თქვენა თქვით, რომ იცით საითაც გვიჭირავს გეზი, მაგრამ არ გითქვამთ ეს რა ადგილია. მგონი ბოროტების ბუდეც კი ახსენეთ. დაგვეხმარეთ, გეთაყვა, კიდევ გვითხარით რამე. მართალია, საფრთხით ვერავინ გაგვაკვირვებს, მაგრამ, თუკი რამ წინასწარ გვეცოდინება უკეთ გავემზადებით.
მალაზონია მათკენ ჩაიწია, შოლა სარნადმა კი თითქოს რაღაც ძალზე უმნიშვნელო ჰკითხეს, ხელის აქნევით მიუგო:
- ვერას მოგახსენებთ. არ ვყოფილვარ.
- რაო? - ბოლს ალალად აოცებდა ამ კაცის სიგიჟეთა ნაირფეროვნება.
- ვერ მოგახსენებთ, მეთქი. აქედან თქვენც დაინახავთ, რა და რანაირად, იქ კი თავად იქაურების გარდა არავინ ყოფილა.
ისე ჩანდა, რომ მასპინძელს საუზმე უფრო ართობდა ვიდრე მოგზაურთა ბედიღბალზე საუბარი.
- იქ ვნახავთ? რას, ბატონო შოლა სარნად? - ჩაერია მალაზონია.
- რას? რა კითხვაა, ბატონო ჩემო, რა თქმა უნდა ყოფილ მონასტერს გალავნით. იქ, ხომ ადრე მონასტერი იყო. ხომ იხილეთ ბერთა საფლავები? მეტსაც მოგახსენებთ, ვფიქრობ აქ ადრე კიდევ ერთი მონასტერი უნდა ყოფილიყო და გარდაცვლილი ბერები სწორედ იმ მონასტრისანი უნდა იყვნენ, თორემ იქიდან, საითაც თქვენ გაგიწევიათ, აკლდამა შორია. კი, ნამდვილად იქნებოდა მეორე მონასტერი, რომელსაც მიწისძვრა დაანგრევდა. აქ, ბატონებო, მიწისძვრის კვალი ყველგანაა. აქ, ჰორიზონტი რომ წითლდება ცუდის მანიშნებელია. მიწა პირს აღებს და ჩონჩხებს ყრის.
- უკაცრავად ვარ, ბატონო შოლა სარნად, ვინ ცხოვრობს ეხლა იმ მონასტერში? - ფრთხილად გააწყვეტინა სონიკომ.
გიჟი მადიანად საუზმობას მორჩა და თითების ლოკვაზე გადაერთო.
- მაოცებთ, მაოცებთ, ნამდვილად მაოცებთ. განა არ იცით, მიტოვებულ საყდარს ვინ ეპატრონება?
პასუხმა ბიჭს პირჯვარი გადააწერინა. დუმილი ჩამოვარდა. მალაზონიამ, სონიკომ და ბოლმა ერთმანეთს გადახედეს.
- დროა წავიდეთ, - თქვა სონიკომ.
საათზე მეტხანს მიუყვებოდნენ დათოვლილ ველს. აქეთ-იქით მთები თითქოს გაიწიენ. თითქოს გოლიათმა საკინძე შეიხსნა და ფართე მკერდი გადაიღეღეაო. მზე აცხუნებდა. ცოტა სიარული ჭირდა, რადგან ველი ქვა-ღორღისა იყო და თოვლის ქვეშ შემალული ოღროები მალიმალ მზაკვრობდნენ, წინ კი დაუსრულებლად სჩანდა ჰორიზონტი.
ცოტას გავივლით და ყველაფერს ვნახავთო, თქვა შეშლილმა შოლა სარნადმა და მოგზაურებიც დაძაბულად შეჰყურებდნენ ცისა და თეთრი მიწის შეერთების ადგილს, მაგრამ ნაბიჯი ნაბიჯს მოსდევდა, ზოლი კი ზოლად რჩებოდა. მალაზონიამ რამდენჯერმე სცადა შოლა სარნადის ყურადღების მიპყრობა, ერთი-ორჯერ სონიკომ და ბოლმაც მოინდომეს აჭრელებული თვალის დამშვიდება, მაგრამ მასპინძელი შლეგი ნაბიჯით მიიწევდა წინ, თოვლქვეშ მიმალულ ქვებზე სასაცილოდ უტრიალებდა ფეხები და ხმას არ იღებდა. ხმას არ იღებდა ბიჭიც. მისი თვალები დიდ დათოვლილ ველს სჭამდნენ, ჰკბეჩდნენ და ძიძგნიდნენ, რადგან ყველგან, ყველა ქვისა და წვეტის ქვეშ დაფლული განძი ეგულებოდა. მისთვის აქაურობა გადამალული, აურაცხელი თვალ-მარგალიტის სამყარო გახლდათ და გონებით უკვე გადაეთხარა ყოველი მტკაველი.
შოლა სარნადი კი გიჟურად მიჰქროდა და გიჟურადვე შედგა. მის უკან მიმავალი თავჩახრილი ბოლი კინაღამ დაეჯახა.
- მოვედით.
მოგზაურებმა მიმოიხედეს: ისევ თეთრი ველი და ცა. პირდაპირ ჰორიზონტი.
- მოვედით? - სონიკომ სითეთრით დაღლილი თვალები მოიფშვნიტა და ისევ მიმოიხედა.
- დანარჩენი თავად იცით. მე აღარ წამოგვებით.
ბიჭმა ზურგიდან ჩანთა მოიხსნა და დააგდო.
- სიგრძე სიგანედ ხო არ მივცე ამ ხვთის გლახასა, ჰა? - გადაულაპარაკა მალაზონიას, რომელიც უცბად ვერც მიხვდა რა უთხრეს.
- სად მოვედით? - მოთმინებას მაინც არ კაგავდა ქალი, რომელიც შოლა სარნადს ისე უყურებდა, როგორც ექიმი პაციენტს.
- აი, - და შეშლილმა ხელით დიდი სივრცე შემოხაზა.
რეპორტიორს ამ დიდი და დაუნდობელი სივრცის დანახვამ გონება ჩაურთო.
- მისმინეთ, ბატონო შოლა სარნად, ჩვენ კი აქ დაგვტოვებთ, მაგრამ მისსია? განა მისსია არ უნდა აღსრულდეს?
გიჟმა ყურიდან ყურამდე გაიღიმა. გამაღიზიანებლად კეთილი სახე ჰქონდა იმწუთას.
- მისსია? განა მე მისსიისა ვიცი რამე?
აი, აქ, კი ბიჭს მოთმონების ფიალა აევსო და აბღავლდა:
- მაშ, არ იცი შე შოლა შენა, არა?! აქა გვყრი, შუა თოვლში, გეგონება ჩანთები ვიყოთ, შენ კიდევ გატრიალდები და წახვალ, ხო?! ჯანდაბამდე გზასაც გვიტოვებ და შენ მიდიარ, შე ჩონჩხების გამოგზავნილო, ხო?! ეხლა ჩქარა თქვი სად არის განძი, თორემ...
გახელებული გამცილებელი შეშლილს ყელში წვდომასაც უპირებდა, მაგრამ ბოლმა არ დაანება, დაეკიდა, ღონიერი მკლავებით შებოჭა და გაათრია. ბიჭი არც ბოლის მკლავებიდან ანებებდა განძეულისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას თავს.
- თქვი მეთქი! თქვი, შე გიჟთა ხელმწიფევ, შენა! თქვი, ჩქარა!
გიჟს კი სახიდან წამითაც არ მოშორებია მშვიდი, თითქმის ფილოსოფიური ღიმილი.
- ყველაფერი იქ არის. თქვენი სიკვდილიც.
- ვაჰმე! - იღრიალა ამის გაგონებაზე ბიჭმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიბრძოლა, ბოლს მკლავებიდან დაუსხლტა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა, წაიფორხილა და თავის ჩანთასთან გაიშოტა.
- გაჩერდით! გეყოფათ! - დაუძახა სონიკომაც.
მაგრამ ბიჭის გაჩერება შეუძლებელი ჩანდა.
- აჰა ჰააააა! - იღრიალა ჭკუას მასპინძელზე მეტად გადაცდენილმა, გვერდით დაგდებულ უდანაშაულო ჩანთას ხელი დასტაცა და მოისროლა. მოისროლა და...
თავში უროჩაცემულებივით უყურებდნენ, როგორ იძირებოდა ჩანთა. მათგან სულ რაღაც სამ ნაბიჯში წყალი იყო. უსასრულო სითეთრისგან დაღლილი თვალები ცხვირწინ ბუნდოვანი განსხვავების შემჩნევას იწყებდნენ _ თოვლის თეთრ საბანს რუხი სივრცე ცვლიდა და ამ სიბრტყის ზედაპირი, ო, ღმერთო, სუნთქავდა.
- ეს რა არის? - ხმის ამოღება მოახერხა ბოლმა.
- ტბაა.
- ტბა?
ბიჭმა წყლისკენ ნაბიჯი გადადგა, ჩაიცუცქა და ფრთხილად ჩაყო ხელი.
- თბილია.
- ჭეშმარიტებაა, - დაეთანხმა შოლა სარნადი, - თბილი ტბაა და ზამთარშიც ასდის ორთქლი. ჰოდა, ჩვენი გზებიც აქ იყრება. ნავსაც ახლავე მოგცემთ.
შლეგი შეტრიალდა და ტბის ახლა უკვე შესამჩნევ ნაპირს გაყვა. უკან არ მოუხედავს.
- ბატონო ჩემო! ჰეი! - დაუძახა რეპორტიორმა მალაზონიამ.
შოლა სარნადმა გაიგო, მაგრამ არ მოტრიალებულა, მხოლოდ ხელი გაიშვირა აღმოსავლეთისაკენ. მოგზაურებმაც იქით გაიხედეს. ტბის გადაღმა, იქ, სადაც აქამდე თეთრი ღრუბელი ეფინა, ბუნდოვნად ჩანდა კონტურები გოროზი ნაგებობისა, რომელიც ძალიან ჰგავდა გალავანშემორტყმულ ტაძარს.
თავი ოცდამეთორმეტე
შემდეგ მან ორჯერ გადაკვეთა მინდორი _
ოცდაშვიდნომრიანი ქვედა ბოძიდან
ოცდარვანომრიან ზედა ბოძამდე და უკან _
და დარწმუნდა, რომ ამ უკანასკნელის ზედა ბოძი
პირველის ქვედა ბოძზე ქვემოთ იყო.
შეშლილმა თოვლის თეთრ ერთფეროვნებას სადღაც ნავი გამოართვა და რამდენიმე წუთის წინ თვალთაგან დაკარგული მოგზაურებს ტბიდან მოადგა. შემდეგ კი ის ნაპირთან იდგა და ხარხარებდა. ნავში კარგა ჩაჭმუჭნული მოგზაურები ხედავდნენ, როგორ კუმშავდა და შლიდა გიჟი მასპინძელი გაჭიმულ ხელებზე თითებს. მუშტის ყოველ შეკუმშვაზე ფეხის წვერებზეც იწეოდა, ბოლოს კი სწრაფად შეტრიალდა და დათოვლილ ველს გაჰყვა.
თავიდან ისე ჩანდა, თითქოს შოლა სარნადი ბარბაცებდა, თუმცა, ვინ იცის ეს არც იყო მართალი. ისინი კი სულ მეტად და მეტად სცილდებოდნენ ნაპირს და მათ თვალწინ საოცარი სურათი იხატებოდა _ უსასრულო ერთგვაროვნება, რომლის ერთ მხარეს თავად ნავს მიაცურებდნენ, ხოლო მეორე მხარეს კაცი ფეხით მიუყვებოდა გზას.
ისინი მჭიდროდ ისხნენ, მაგრამ სიმჭიდროვეს არ დაგიდევდნენ. თავად ნავიც საოცარი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სადღაც, დედამიწის მიმალულ ნაოჭებში განმარტოებულ სნეულს თავისი ხელით გამოთლილი ერთი კაცისთვის გვარიანად დიდი, ალბათ კაცისა და ბარგისთვის გამოთლილი ნავი ექნებოდა და მას, ვინ იცის რა ჯაფით შექმნილს, უცნობ ადამიანებს სინანულის გარეშე გაატანდა.
ნიჩბებს ბოლი უსვამდა. რომ დაიღლებოდა, ბიჭს უნდა შეეცვალა.
შოლა სარნადი ჰორიზონტმა გააქრო, თავად კი ოთხივ მხრიდან შემოერტყა სამყაროში მარტო დარჩენილ ნავს. მაგრამ, იყო კიდევ ერთი რამ _ მუქი სილუეტი იდუმალებით მოცული გალავანშემორტყმული ნაგებობისა, რომელსაც შლეგმა მიტოვებული ტაძარი უწოდა. გეზი პირდაპირ მისკენ ეჭირათ. მალაზონია თვალს არ აცილებდა ამ, არაფერზე დაყრდნობილ ნაგებობას.
- უთუოდ თვალი იტყუება, თორემ, - თქვა ერთი ხნის დუმილის შემდეგ.
ბოლი დაიღალა, ტაძარი კი არ ახლოვდებოდა.
- რაო, ბოლო, გეტკინა ხელები? - ჰკითხა ბიჭმა.
მეგობარმა თავი დაუქნია.
- თითქოს გიჟ მდინარეს ვებრძოდიო, - ბოლმა გაკვირვებით დახედა თითქოსდა უძრავ წყალს.
- თქვენ, რომ დაიღლებით, მე შეგცვლით, - უთხრა ბიჭს რეპორტიორმა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
შემდეგ ისევ ნიჩბების ხმა არღვევდა სიჩუმეს. იბერებოდა მენიჩბის კუნთები. ჰორიზონტი ჰორიზონტად რჩებოდა. ცაში კიდევ უფრო თეთრი ღრუბელი გამოჩნდა.
- ნაძლევს ჩამოვალ ტაძარს დაეფარება, - გაიცინა მალაზონიამ.
- მეც ეგ გავიფიქრე, - კვერი დაუკრა ბოლმა.
და ღრუბელიც უკიდეგანო სივრცეში მაინცა და მაინც ტაძარს შემოეხვია. მოგზაურებს მიზანი დაემალათ, მიზნად ღრუბლისკენ ცურვა რჩებოდათ.
ბიჭი მალაზონიამ შეცვალა, მაგრამ რეპორტიორის სუსტმა მკლავებმა დიდხანს ვერ გაძლო და ნავიც გვარიანად შეანელა. ისევ ბოლმა მოკიდა ნიჩბებს ხელი. სონიკომ თვალები გაახილა.
- ჩამძინებია, - მიმოიხედა, - ღმერთო ჩემო, არაფერი იცვლება?
ბოლი ისევ ბიჭმა შეცვალა. მალე იღლებოდნენ და ეს ძალიან უკვირდათ.
- მე დამსვით, ახლა უკეთ შევძლებ, - ითხოვდა რეპორტიორი.
- როდის დასრულდება ეს ყველაფერი, - ჩაიდუდღუნა ბოლმა.
ჩაიდუდღუნა და დასრულდა. ნავი უხეშად მიეჯახა უხილავ, თეთრ გაღმა ნაპირს.
პივრლი, რაც მოგზაურებმა შეჯახების შემდეგ მოიმოქმედეს, ერთი გემრიელი შეკურთხება გახლდათ, ვისაც როგორ შეეძლო ისეთი, მერე კი ნავიდან გადავიდნენ და დაბუჟებული ფეხები გაშალეს. ბიჭმა ნავი შეამოწმა, ბედად არ დაზიანებულიყო.
- ახლა კი რაღა? - მალაზონიამ სამივეს სათითაოდ ჩახედა კვლავ უპასუხო თვალებში.
- უკან გადაცურვა, იმ შოლას მონახვა და შაჭმა, - იბურდღუნა ბიჭმა ერთი ხნის შემდეგ. ის და ბოლი დაღლილ მკლავებზე ერთნაირად ისვამდნენ ხელს. მალაზონიამ ამოიოხრა.
- ღმერთო, დიდებულო! - დაიკივლა უეცრად სონიკომ. მისი ასეთი დაკივლება მოგზაურ კაცებს აქამდე არ მოესმინათ და არც კი ეგონათ, ამ ნაზ არსებას ასეთი ხმის გამოცემა თუ შეეძლო.
- ღმერთო, დიდებულო! ტაძარი!...
ისინი მოტრიალდნენ და არნახული დაჟინებით მიაშტერდნენ ერთგვაროვან სივრცეს: იქ, საიდანაც გამოსცურეს, სადაც სადაც გიჟი მასპინძელი დატოვეს და რასთანაც ახლანდელი ადგილიდან თავდაპირველი მანძილი აშორებდათ შემაძრწუნებლად ბუნდოვნად და შორეულად სჩანდა გალავნისა და მის უკან აღმართული ტაძრის კონტურები.
- ტაძარმა გადაცურა!
ნაწილი მესამე
წითელი დემონის აღსასრული
თავი ოცდამეცამეტე
რომელშიც სამჯერ
გამოჩნდება წითელი დემონი.
თორმეტკუთხა დარბაზს თორმეტი ჩირაღდნის შუქი ეფინებოდა. თორმეტ რიგად ეწყო თორმეტი მერხი და თითოეულს ზედ დადგმული თორმეტსანთლიანი შანდალი ჰმატებდა ნათელს. გვიანი ჟამი იყო, დარბაზს ცოტანი შემორჩენოდნენ, მერხებზე მეტწილად აღარავინ იჯდა. თორმეტივ კუთხით ჰაერს უცნაური, მოტკბო სუნი ამძიმებდა _ ეს ბიბლიოთეკა გახლდათ.
წიგნებსა და ხელთნაწერებს ჩაკირკიტებულთა გარდა დარბაზში თავად საცავმეუფე სვიმონ წიგნთაკარიც იჯდა. მას დიდრონ, ძველებურ მაგიდაზე მხოლოდ მისთვის გასაგები ვეება დავთარი გადაეშალ და სთვლემდა. მართალია, დუმილთა დუმილს რაღაცის იშვიათი და უწყინარი გატკაცუნება არღვევდა, მაგრამ ეს საცავმეუფეს ძილს ვერ უფრთხობდა, რადგან სწორედ ასეთი იყო მისი ყოველი დღე მას მერე, რაც, ოდესღაც, ყმაწვილკაცობაში საცავის გუშაგად აკურთხეს. ასეთადვე ესახებოდა ცხოვრების ბოლო წამიც _ ბიბლიოთეკა მისი ხვედრი, გზა-სავალი და ნეტარება გახლდათ.
საცავმეუფე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ერთადერთმა მან იცოდა თორმეტკუთხა დარბაზს ქვეშ თვალით უხილავ ოთახებში განთავსებული უდიადესი წიგნთსაცავის ავან-ჩავანი. წიგნთსაცავს კი სასრული არ ჰქონდა, რაც მზისქვეშეთში დანამდვილებით მხოლოდ სვიმონმა იცოდა და მანვე უწყოდა, რომ მისი ცხოვრების განმავლობაში იქ დავანებულ წიგნთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი ექნებოდა თორმეტკუთხა დარბაზში ამოსასვენებელი.
მაგრამ იყო ნაწინასწარმეტყველევი: სანამ დადგება ჟამი აღსასრულისა, უსასრულო საცავის ყოველ წიგნს თითოჯერ მაინც მოუწევს თორმეტმზიანი შუქის ხილვა და ვაი მას, ვინც თორმეტი მზის ნათებას თვალის ერთი დახამხამებით მაინც შეუშლის ხელს. და დაჰფოფინებდა სვიმონ წიგნთაკარი თორმეტ ჩირაღდანს, რამეთუ სწამდა და წინამორბედისგანაც ასე იცოდა, რომ თორმეტი მზე სხვა არა იყო თუ არა თორმეტკუთხა დარბაზის გამნათებელი თორმეტეული.
და ვინ იყო სვიმონ წიგნთაკარის წინამორბედი? ავილონ წიგნთაკარი, უსასრულო საცავის ხუცი მეურვე, რომლის ხელდასმითაც შეიქნა სვიმონ წიგნის გუშაგად და საცავმეუფეობამდე აღზევდა. ხოლო, რა დღესაც ავილონ წიგნთაკარმა სული არსთაგამრიგეს მიაბარა, სვიმონმა ყმაწვილი ეფრემ ჩაიბარა, რათა ჯერ გუშაგობაში გაეწაფა, ხოლო შემდეგ, აღსასრულის ჟამს, სრულიად საცავი მისთვის გადაელოცნა.
იმ წუთს კი საცავმეუფე თვლემდა, ხოლო თორმეტკუთხა დარბაზის მყუდროებას რაღაცის იშვიათი და უწყინარი ტკაცუნი არღვევდა. გვიან ჟამს სულ ათი მერხი თუ იყო დაკავებული და ათივეგან პერგამენტსა თუ ხელთნაწერს ჩაჰკირკიტებდნენ.
თავი პირველმა მალაქია ვერცხლისსვეტმა ასწია. რატომ? არავინ იცის, რატომ, მაგრამ ასწია და... ზეციურ რუკებს ჩაღრმავებულმა მარადისმიერი გონებით უცბად ვერ შეიცნო თვალით დანახული. ამიტომაც გამოხდა მიშტერების წამი და მხოლოდ მერე გაისმა დუმილთ დუმილის დამანგრეველი ღრიალი.
_ კანალია!!!
მყისიერად ვერავინ მიხვდა რას ნიშნავდა ეს ყვირილი. აქ, მარადიული ფიქრის თორმეტკუთხა დარბაზში საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ჩურჩული, ჩუმი ნაბიჯის ხმა და რაღაცის იშვიათი, უწყინარი ტკაცუნი თუ ბედავდა მდუმარების დარღვევას. მერედა, დარბაზში მსხდომთ წლობით აღარ შეეყვირათ და ვინ იცის ასეთი უნარი დაკარგულიც ჰქონდათ, მაგრამ წამიც და კიდევ უფრო მეტი შეძრწუნებით განმეორდა.
_ კანალია!
ახლა კი ყველამ გაახილა ხელთნაწერებით დაღლილი თვალი და... მალაქია ვერცხლისსვეტი მართალი იყო, მათ წინაშე კანალია რიკავდა, წითელი დემონი.
დემონი დედიშობილა ხტოდა, მისი სხეული კი ანათებდა. ტანსა და სახეზე მეწამული შეშლილ თვალებს ბოროტად აელვებდა. თმებაწეწილს პირიდან ღმუილი ამოსდიოდა _ ხმით თითქოს ნადირს ჰგავდა და არც ჰგავდა. მალაქია ვერცხლისსვეტი უგონოდ დაეზღერთა თავისსავე მერხზე, სვიმონ წიგნთაკარს ღია პირიდან დუჟი ჩამოუვიდა, სხვანი გაქვავდნენ, ხოლო დემონი როკავდა და ღმუოდა.
და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ჯოჯოხეთური როკვა? ეს ვეღარავინ თქვა, რადგან გონს რომ მოეგნენ და ამოსუნთქვა გაბედეს, წითელი დემონი იქ აღარ იყო.
პიუს ხუცის დარბაზი იმ დღეს მსმენელებმა გაავსეს. ისინი იდუმალ ძალებთან ზიარების თორმეტ გზასა და სვლას უცქერდნენ გონების თვალით. თავდახრილნი იდგნენ, ხელები მორჩილად დაეშვათ და ხანგამოშვებით პიუს ხუცის ლათინურ ან არამეულ ნათქვამს იმეორებდნენ ერთხმად.
თავად ხუცი კათედრასთან იდგა, უფრო სწორედ კი ეყრდნობოდა მას. ხმა უცურავდა, ტალღებად ლივლივებდა. მისი სიბერისგან გალურჯებული, თითქმის უტუჩო პირიდან სიტყვები ხან მკაფიოდ ამოდიოდა, ხანაც ერთგვაროვანი ბგერების ჭაობში იხრჩობოდა. პიუს ხუცი წელშიც მოხრილი იყო და ბეჭებშიც. მისტიკური სიმბოლოებით მორთული მუქი ლურჯი თუ შავი ქუდის ქვემოდან ერთი ღერი თმაც არ უჩანდა, უქუდოდ კი არავის არადროს ენახა.
ნეტავ, როდის და სად დაიბადა ხუცი? აი, კითხვა, რომელიც იმ დარბაზში და მის გარეთ არავის არასდროს გასჩენია, რადგან პიუს ხუცი არასდროს და არსად უნდა დაბადებულიო, ოდითგან და მარად პიუს ხუცად, იდუმალ ძალებთან ზიარების ლექტორად უნდა ეარსება და აუდიტორიუმშიც არც ოდესმე უნდა შესულიყო და არც ოდესმე გამოსულიყო იქიდან. აუდიტორიუმი კი იმ დღეს რაღაცნაირი მოტკბო სუნით იყო გაჟღენთილი.
ერთი უცნაური რამ სჭირდა დარბაზს, რომელშიც პიუს ხუცი ქადაგებდა უხსოვარი დროიდან: მას არასდროს არაფერი ანათებდა, არც ჩირაღდანი, არც კელაპტარი, არც ბუხარი და არც მზე ყოვლადძლიერი, რადგან აქ ფანჯარა არ იყო. მაგრამ ასევე არ იყო და არც ოდესმე ყოფილა კუნაპეტი. იდუმალ ძალებთან ზიარების დარბაზში პიუს ხუცთან ერთად მუდამ თანაბარი, ყოველ კუთხესა და კუნჭულში ტოლად განფენილი მოშვინდისფრო_მოყავისფრო შუქი ცხოვრობდა. არავის არასდროს უკითხავს საიდან მოდიოდა ეს შუქი, მაგრამ ის მოდიოდა ჯიქურ და დუნედ უწყვეტ, მუდმივ, თითქოსდა ბლანტ ნაკადად.
დარბაზის სახურავი უფრო გუმბათს ჰგავდა. იგიც იმავ სიმბოლოებით მოეხატათ, რომლითაც პიუს ხუცის ქუდი თუ სამოსი და ასეთივე ნიშნები ეფინა კედლებსაც, ოღონდ კედლებს ხაზები ჯიუტად არ აჩნდა და რაც სჩანდა, შთამბეჭდავი, მაგრამ ბუნდოვანი იყო. ყველაზე საგულისხმო რამ კი აუდიტორიუმის იატაკი გახლდათ.
რა იყო ეს? ეს იყო... თუმცა, ამის ცხადად აღწერა შეუძლებელია. წარმოიდგინეთ უფსკრულზე დოლის ზედაპირივით გადაჭიმული თხელი რამ ფენა ანუ აპკი, თუ გნებავთ ტყავი, რომელიც ირყევა, აქვს ექო და ყოველ გამვლელს უსაყრდენოდ, სიცარიელეში ცხოვრების განცდას სთავაზობს. ალბათ, პიუს ხუცის აუდიტორიუმში შესულთ არასდროს სტოვებდათ განწირულობის შეგრძნება. ისინი გრძნობდნენ, რომ შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც იატაკი ჩაიშლება და მომავალი დარჩება მხოლოდ ქვევით, უძირო ქვაბულში, იქ, სადაც ხარბი უფსკრული ადამიანს მარადიულ ვარდნას ჰპირდება.
თითქოს სადღაც შორიდან გუგუნიც ისმოდა.
პიუს ხუცის ხმა ცურავდა, ძლიერდებოდა და იკარგებოდა. ხანგამოშვებით მსმენელები ერთხმად იმეორებდნენ ლექტორის ლათინურ ან არამეულ ნათქვამს. დარბაზში მოტკბო სუნი ძლიერდებოდა. იდუმალ ძალებთან ზიარების მსურველთ ისედაც დაკარგული დრო საბოლოოდ დასხლტომოდათ ხელიდან. დილა იყო, შუადღე ან საღამო. შემდეგ კი ძალიან გაუგებარი რამ მოხდა: პიუს ხუცი აორთქლდა _ მოგვიანებით კათედრის უკან იპოვნეს მზერეგაშეშებული _ ხოლო გარემოს უეცარი ცვლილებისგან გამოფხიზლებული მსმენელების პირდაპირ საზარელი წითელი ბესტია ცეკვავდა და ჰყიოდა საშინელი ხმით. დემონის თვალებში ერთადერთი სიტყვა იკითხებოდა: სიკვდილი!
სატრაპეზო იყო დარბაზი გრძელი, ვიწრო, უფანჯრო და რატომღაც დაახრილი. მისი ბოლოდან დაღმავალ დაუსრულებელ მაგიდას ორთავ მხრიდან მოუყვებოდა კუნძებზე დაჭედებული მაგიდისებრ დაუსრულებელი ფიცარი ანუ სკამი. რუხ სატრაპეზო მოსასხამებსა და მართკუთხა ქუდებში გამოწყობილი ადამიანები თავდახრით წარმოთქმული რიდით მისაღების შემდეგ ხმის ამოუღებლად იღებდნენ მისაღებს. და ყოველი ტრაპეზისას დარბაზის შორეულ ბოლოში ანუ მაგიდის თავში იჯდა ეგორ მეტრაპეზე, ვისი ცხოვრების შესახებაც არავინ არსფერი უწყოდა, შესაძლოა არც თვითონ. ეგორ მეტრაპეზე არავის უნახავს დარბაზიდან გასული, სხვა სამოსით მოსილი თუ გაღიმებული. რიდით მისაღებს სწორედ ის წარმოთქვამდა და არავინ მიიღებდა ლუკმას ამის გარეშე.
როგორც ვთქვით, სატრაპეზო დაუსრულებელ ბოლოში ეგორ მეტრაპეზეთი დას მის უკან პირქუში კედლით მთავრდებოდა. დარბაზს შესასვლელი ჰქონდა მხოლოდ ერთი და ის იყო გამოსასვლელიც. აქ ზაფხულში გრილოდა, ზამთარში თბილოდა, ხოლო კედლებს სიმუქის გამო ზედ წარწერილი და ამოტვიფრული სიმბოლოები არ ემჩნეოდა.
იმ დღესაც ჩვეულებრივ იყო ყველაფერი _ ქვეყნად გინდ დღე ყოფილიყო, გინდ ღამე. ისმოდა მხოლოდ პირთა წკლაპუნი და...
ვერავინ გაიგო, საიდან შევარდა წითელი დემონი. შემდეგ თქვეს, კედლიდან გადმოვიდაო. შემდეგ ისიც თქვეს დარბაზის ერთადერთ კარში ჭყლეტის დროს ვიღაც გაიჭყლიტაო. ბევრი რამ თქვეს შემდეგ.
თავი ოცდამეთოთხმეტე
რომელშიც დილეგიდან ტუსაღი ამოჰყავთ.
ადამიანზე ოდნავ განიერ გვირაბს ორნი მიუყვებოდნენ. წინას ჩირაღდანი იმგვარად ეჭირა, გზა, რაც შეიძლება მეტად რომ გამოჩენილიყო.
გვირაბი მალიმალ უხვევდა, ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ. ისინი დარწმუნებით მიიწევდნენ, ბრგეები იყვნენ. მერე საფეხურები შეხვდათ, ჟამისგან თითქმის წაშლილი და ბილიკობამდე გასწორებული. აუყვნენ. ერთგან უკანას ფეხი დაუცდა და წაიბორძიკა. ხელში ჯაჭვი ეკავა, მარცხენა მაჯაზე ორჯერ თუ სამჯერ შემოხვეული. ბოლო საფეხურზე ასულთ ხეირიანად ტერფი არ გაესწორებინათ, რომ ზუსტად ისეთივე სრიალა კიბემ ახლა დაბლა უხმოთ. ხმა არ ამოუღიათ. გზა ჩადიოდა და ჩადიოდა, დასასრული არ უჩანდა. ჰაერი თანდათან მოტკბო სუნით სივდებოდა. ბოლოს საფეხურები დასრულდა და ვიწრო დერეფანი პირღია სივრცემ შეცვალა. აქ, უკვე ბნელად ციოდა. ისინი შედგნენ. წინამ, რომელიც ახლა წინა კი არა, მარცხენა გახლდათ, ჩირაღდნიანი ხელი რამდენადაც შეძლო წინ და ზევით გაიშვირა. მათ იცოდნენ, რომ ამ ადგილას დაბლა უნდა ეცქირათ და ამიტომაც დაბლა იცქირებოდნენ.
ასეთ ადგილს, ალბათ მღვიმე უნდა ერქვას, გამოქვაბული. სივრცე ხმადაბლა, რაღაცნაირად სახიფათოდ გუგუნებდა, ქვემოთ კი წყლის მუქ ზედაპირს გაუდიოდა ლაპლაპი. მიწისქვეშა ტბის პირას იდგნენ და რაღაცის გარჩევას ცდილობდნენ. ბოლოს დაინახეს _ მათგან ხუთი-შვიდი ნაბიჯით მარცხნივ ლაპლაპა ზედაპირს ერთმანეთს ფილებივით მიწყობილ ქვათა ბილიკი სერავდა. ამ ბილიკზე გადასვლა, ალბათ მღვიმის გადაკვეთის ერთადართი გზა იყო, მაგრამ თვალისთვის რომ გეკითხათ, ქვაბულს მეორე ბოლო არ ჰქონდა.
ისინი ბილიკზე შედგნენ და გვარიანი სიფრთხილით, თუმცა კვლავინდებურად უხმოდ განაგრძეს გზა. ნაბიჯს დაკვირვებით ცვლიდა ნაბიჯი. მღვიმის კედელი არც მარცხნივ ჩანდა და არც მარჯვნივ, მხოლოდ ზოლი-ბილიკი, რომელსაც ბრგეები ისე მისდევდნენ, უთუოდ იცოდნენ ამ ჩაძირული ხიდიდან ფეხის დაცდენა რასაც უქადდათ. ფეხი კი იცოცხლე, ცურავდა, კოჭებს ყინულივით ცივი წყალი ასველებდა. ნელა გადიოდა დრო.
ბოლოს გადაიგაღმავეს და გზა სამშვიდობოს გასულებმა განაგრძეს. აქ, გვირაბი აღარ იყო, აქ, ბნელი დარბაზები და გამოქვაბულები თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. რა იყო ეს, ბუნების ქმნილება თუ კაცის ხელით გამოთლილი მიწისქვეშა სამყარო? ბრგეებმა ამ კითხვაზე პასუხი არ იცოდნენ. მათ ამის ცოდნას არც სთხოვდა ვინმე. მათ მხოლოდ ის უწყოდნენ, რომ ფეხქვეშ უკვე მყარი მიწა ხვდებოდათ და მუქი, საშიში ტბები აღარ იყო, თუმცა ერთ-ერთ დარბაზში წყალი ჭერიდან და კედლებიდან თავსხმად იღვრებოდა. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო ციოდა.
შემდეგ შედგნენ. მათ წინ ვეება ბოქლომით ჩაკეტილი დიდრონი რკინის კარი პირქუშობდა. უკანამ მოსასხამის კალთიდან ჟანგიანი გასაღები ამოიღო და კლიტეს მოარგო. მიწისქვეშეთის ხმადაბალი, მდუმარე გუგუნი ღრჭიალმა გაკვეთა.
_ ჰაააა! _ მოისმა შიგნიდან ველური ღმუილი, _ ჰააა!
ბრგეებმა ზღურბლს გადააბიჯეს. ზღურბლიდან სიღრმისკენ ერთბაშად სამი დერეფანი მიუყვებოდა.
_ ჰააა! _ ღმუილი მარცხენა დერეფნიდან გამოდიოდა.
ისინი მარჯვნივ წავიდნენ. დერეფნის გასწვრივ, მარჯვნივ და მარცხნივ, ყოველ ათ-თხუთმეტ მეტრში დაბალი, გისოსებიანი კარი მოსჩანდა. აშკარად საკნები იყო.
_ ჰააა! _ უკვე შორიდან მოისმა, კედლებსგადაღმიდან.
მარჯვნიდან მეოთხე საკანში უკანამ კედელსმიყუდებულ ლანდს ჰკიდა თვალი. \"გუშინაც ასე იყო\" _ გაიფიქრა და თვალები დაძაბა სიბნელეში კარგად რომ გაერჩია ფიგურები. თითქოს, სალაფავისთვისაც არ დაეკარებინა ხელი, თითქოს... მაგრამ ბრგეები ამჯერად სხვა საქმეზე იყვნენ მიწისქვეშეთში ჩასული _ ათამდე საკანს ჩაუარეს და შეჩერდნენ. უკანამ მოსასხამის კალთიდან ახლა უფრო მცირე გასაღები ამოაძვრინა. კლიტე დაბლა იყო, დახრა დაჭირდა.
_ თუ სუნთქავს, ნეტავ...
_ ჩუმად იყავი და გააღე! _ უჟმურად მიუგო წინამ.
კარი გაჭრიალდა. წინამ ჩირაღდანი კედელში საგანგებოდ ამოღრუტნულ ხვრელში ჩაამაგრა და საკნის დაბალ კარში შევიდა. უკანამ მაჟიდან ჯაჭვი შეიხსნა.
ცოცხალი დაუხვდათ.
_ ხელები გამოაწევინე, ბორკილი დავადო.
ტუსაღი სუსტად იყო, უგონობის ზრვარზე ცურავდა. უკანამ ჯაჭვი მოიმარჯვა, მაჯებზე სხარტი მოძრაობით შემოაბა და... არა, ტუსაღი ვერ მიხვდა, რა მოხდა. იგრძნო, რომ დაეზღერთა, შემდეგ, რაღაც ჯაჯგურიც მოეჩვენა, ოღონდ მას ეჯაჯგურებოდნენ თუ ცაკნის კარს ვერ მიხვდა და თვალთაც დაუბნელდა.
თავი ოცდამეთხუთმეტე
რომელშიც შევიტყობთ თუ ვინ არის ტუსაღი
ცნობაზე რომ მოვიდა, პირველი, რაც დაინახა საწოლის ბოლო იყო ჩახლართული ჩუქურთმით. თვალი დუნედ მოავლო გარემოს და მიხვდა, რომ ჯურღმულში აღარ ჰყავდათ _ თბილოდა, რკინის გისოსებიანი კარი აღარსად ჩანდა, კედლებიდან აღარაფერი წვეთავდა და აღარც თავი ედო სველ მიწაზე მიყრილ ძონძებზე.
საწოლში იწვა.
ჭერს აჰხედა, კედლებს... საწოლის შორიახლოს მაგიდა იდგა. იქვე იდგა სკამიც. საწოლიდან ისე ჩანდა, რომ მაგიდაზე არაფერი იდო. ყველაფერი მოჩუქურთმებულს ჰგავდა. მზერა დაძაბა. ყველაფერი მართლაც მოჩუქურთმებული იყო და ეს ჩუქურთმები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.
ჩუქურთმები შეადარა ერთმანეთს? მაშ, ფიქრის უნარიც დაბრუნებია... შემდეგ კი უკვე ძალდაუტანებლად იხსენებდა ყველაფერს, ტუჩის კუთხეებში თითქოს ღიმილიც აუთამაშდა.
\"მაშ, დავჭირდი,\" _ გაიფიქრა. ვინ იცის ჩურჩულით წარმოთქვა კიდეც. ცოტა ძალა მაინც რომ იგრძნო, ეუცნაურა. წესითა და რიგით ჯერ კიდევ მიმკვდარუნებული უნდა ყოფილიყო. საწოლიდან ფეხები ჩამოჰყო. შემდეგ წამოდგა და რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯის გადადგმა გაბედა. სკამთან მივიდა, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ახლა ასე მოავლო ოთახს თვალი. კედლები ერთიანად და ბეჯითად მოეხატათ სიმბოლოებით. “კეთილი” _ ახლა უკვე ნამდვილად ხმამაღლა წამოცდა და კედლებთან მისვლა გადაწყვიტა, მაგრამ... ოთახის კართან ვიღაც იგრძნო. შეჩერდა. გაჩუმდა. სიმბოლოთა ოთახში ერთხანს დუმილი ჩამოწვა, თუმცა ეს დუმილი მოთმინების თამაშად არ გადაქცეულა. როგორც ჩანს მალევე მეტისმეტი შეიქნა და კარის სახელურიც გაუბედავად შეტოკდა _ მაინც ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე გადატრიალებულიყო თუ არა.
კიდევ გამოხდა წამები. ახლა უკვე, მეორე დუმილი გახდა მეტისმეტი. ტუსაღსაც მობეზრდა, დამალობანა ხომ არაფერს მისცემდა.
_ მობრძანდით, _ დაიძახა სუსტი ხმით. დილეგზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო. სახელური ისევ გატოკდა და ძალიან ნელა გადატრიალდა. კარიც ნელა გაიღო, ოთახში ახალი შუქი შემოიჩრდილა. ზღურბლზე ჯერ ლანდი გამოჩნდა, მერე კაცი შემოჰყვა. შუახნისა იქნებოდა.
კაცმა თავიდან საწოლისკენ გაიხედა და იქ ვერავინ რომ დაინახა, შეკრთა. ხელში ლანგარი ეჭირა, ლანგარზე სამი ლამბაქი ეწყო.
_ სალამი თქვენდა, _ თქვა შემცბარმა შემოსულმა, _ დასტაქარი კონსტანტინე გახლავართ, თქვენი გამოჯანმრთელება მავალია.
_ დასჭირდა?
_ ვერ მიგიხვდით?
_ ჩემი გამოჯანმრთელება დასჭირდა?
_ ვის?
_ მას, ვინც აქაურობას განაგებს.
_ უფალ გიორგი ლუისელს?... მართალი გითხრათ, კვლავ ვერ მიგიხვდით. თქვენ ხომ დახმარება დაგჭირდათ, ხოლო ყოვლად კაცთმოყვარე გიორგი ლუისელი მზად არის ყოველ მგზავრს, დაცემულსა და მაშვრალს ხელი გაუწოდოს.
შემცბარი შემოსული ისე შეიშმუშნა თითქოს საკუთარი სიტყვებისაც რცხვენიაო. შემდეგ მაგიდასთან მივიდა, ზედ ლანგარი დასდო და ტუსაღს მიბრუნდა.
_ გამოჯანმრთელებას გატყობთ. მიხარია და... აი, ეს ლამბაქები ერთიმეორის მიყოლებით უნდა დაცალოთ. განაპირა ლამბაქით დაიწყეთ...
_ რა ასხია მაგ ლამბაქებში?
_ ელექსირი. ამან გამოგაჯანმრთელათ. ამას გასმევდით.
ეს რომ თქვა დასტაქარმა კონსტანტინემ ლანგრიდან თავად აიღო განაპირა ლამბაქი და ტუსაღს მიაწოდა. ის გამორთმევას არ ჩქარობდა.
_ რატომ ყოყმანობთ, განა ამ წამლების ძალით არ მომჯობინდით? _ გულწრფელად გაუკვირდა კონსტანტინეს, _ მენდეთ და იქნებ ამ საღამოსვე მიგიყვანოთ კიდეც გიორგი ლუისელთან. ყოვლად კაცთმოყვარემ მთხოვა, როგორც კი მოღონიერდებით თქვენი თავი გავაცნო.
_ დღესვე შემახვედრებთ? _ ტუსაღს გამოცოცხლება დაეტყო.
_ რა თქმა უნდა. _ სიხარულით დაუკრა თავი კონსტანტინე დასტაქარმა.
ტუსაღმა ლამბაქი გამოართვა. იღიმებოდა, თვალები ყმაწვილსავით უთამაშებდა.
_ ჩემთვის რაიმეს ვნება რომ გდომებოდათ, თქვენს განკარგულებაში ვიყავი და ამას იოლად მოახერხებდით, ხომ მართალია? თანაც... ასეა, ასე, როდესაც კაცი გჭირდება. თუნდაც მტერი იყოს, უვლი... დასწყევლოს ეშმაკმა, რა საძაგლობაა ეს ელექსირი.
დასტაქარმა არაფერი მიუგო, მხოლოდ შემდეგი ლამბაქი მიაწოდა.
_ დასტაქარო კონსტანტინე, _ ჯღანვით გამოცალა ტუსაღმა მეორე ლამბაქიც და ტუჩები მოიწმინდა, _ წამლეულსა და ფარმაკოლოგიაში, რაღა დაგიმალოთ და, ცოტათი თავადაც ვერკვევი. იქნებ, როგორმე გამოძებნოთ დრო და გამოცდილება გამიმდიდროთ. იცით, ნაცნობ საკითხებზე მცოდნე ადამიანთან საუბარი ძალიან მეამება.
აწურულმა და შეფიქრიანებულმა კონსტანტინემ ისევ უხმოდ გადასცა ტუსაღს ბოლო ლამბაქი და ნაჩქარევად წამოდგა.
_ საღამოს კვლავ მოგაკითხავთ. მანამდე სტეფანი ტრაპეზსაც მოგართმევთ. აქ მოგართმევთ, კელიაში, თქვენ კი, ახლა მთავარია მოისვენოთ. დიახ...
და დასტაქარი ოთახიდან უხერხული ნაბიჯით გავიდა, ძლივს გაიწურა თავისივე ხელით ღრეჩოდ გაღებულ კარში. მარტო დარჩენილმა ტუსაღმა შუბლი მოისრისა და კელიის თვალიერება განაგრძო.
სტეფანი კი ყრუ-მუნჯი გამოდგა, მისგან ვერაფერს შეიტყობდა კაცი. ის უსიამოვნო ღიმილით იღიმებოდა, თვალებს ნაბავდა და უცხო ჟესტებით ცდილობდა უბრალო სათქმელის ამოთქმას. სტეფანმა ბრინჯისგან დამზადებული კერძი მიუტანა ტუსაღს, უგემური, მაგრამ ყუათიანი. ღონიერი, მელოტი კაცი იყო, დაკოჟრილ ხელებზე ჯაფა ეტყობოდა. ის, რომ გავიდა ტუსაღმა უგემური კერძი სანახევროდ მიირთვა და სხეულში სიმძიმე იგრძნო. საწოლთან დაბრუნება და მოსვენება არჩია, ხოლო მიწოლილს მიეძინა.
დასტაქარი კონსტანტინე, რომ დაბრუნდა, ალბათ უკვე საღამო იყო. ტუსაღს ახალი გახელილი ჰქონდა თვალები. მოსვენების შეგრძნებას შიგნიდან ისე აევსო, როგორც სითხეს ჭურჭელი. არც მაძღარი იყო და არც მშიერი, არც ავად გახლდათ და არც ძალ-ღონეს გრძნობდა მოჭარბებით, არც მივარდნილი ჩანდა და არც აფრენილი.
_ გიორგი ლუისელი გელით.
დასტაქარი დილანდელზე უტყვი და მოკრძალებული ბრძანდებოდა. თითქოს ფერიც უფრო მკრთალი ჰქონდა, მაგრამ ეს საღამოს შუქ-ჩრდილთა მიზეზით უნდა ყოფილიყო.
_ გამომყევით.
ტუსაღი წამოდგა, უკვე ძონძად ქცეული ფეხსაცმელი ჩაიცვა და ხმის ამოუღებლად მისდია კონსტანტინეს. კელიიდან გასულებმა დერეფანში ამოყვეს თავი. დერეფნის ცალ მხარეს სხვა კელიათა კარები გამწკრივებულიყო, მეორე მხარეს კი აურაცხელ სიმბოლოთაგან ჩაწნულ ქანდაკურ ხლართებს ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული კედელს მიმაგრებული ჩირაღდნები ჰფენდა შუქს. კარგა გრძელი იყო დერეფანი, ბოლოს კიბით მთავრდებიდა. ნაბიჯის ხმას ექო ეხმიანებოდა.
კიბემ დასტაქარი და ტუსაღი ზევით მიიპატიჟა. ხამი თვალი ჩუქურთმიანი სიმბოლოებით დახუნძლულმა მოაჯირმა მიიპყრო, მაგრამ გასაკვირი სხვა რამ გამოდგა _ როგორც კი ფეხი ბოლო საფეხურზე შედგეს, იმავ კიბემ დაბლა უხმოთ. ეს არ იყო მოკლე კიბე და ეს იყო კიბე, რომელიც იმად აეგოთ, მაღლა ასული კვლავ დაბლა, რომ დაშვებულიყო, თან, გაცილებით დაბლა. მოაჯირი აქაც აოცებდა თვალს, ხოლო რას შესთავაზებდათ დაღმავალი კიბის ბოლო საფეხური, ტუსაღმა არ იცოდა, ვინაიდან ზევიდან არ ჩანდა.
ბოლო საფეხური თაღოვან გასასვლელს მიადგა და მათ ჩირაღდნებით ალაპლაპებულ მცირე ჰოლში ამოჰყვეს თავი. ტუსაღმა მიმოიხედა _ საოცარი და სრულიად უცნობი სამყარო ყოველ ნაბიჯზე ახალ მოულოდნელობას სთავაზობდა: ჰოლიდან ყველა მიმართულებით, ზევით ან ქვევით, კიბეები მიიწევდა. დასტაქარმა მარცხენა მხარეს აღმავალი კიბისკენ გაუხვია და თანმხლებს თავით გაყოლა ანიშნა. ტუსაღმა საფეხურების თვლა გადაწყვიტა. ერთი, ორი, სამი, ოთხი...
_ ეს ძალიან საინტერესოა, _ ჩაილაპარაკა ტუსაღმა. ოცი საფეხურის ათვლის შემდეგ ისინი ორი კიბის გადაკვეთაზე იდგნენ, ხოლო გარშემო, პირღია მიწისქვეშა სივრცეში მრავალი კიბე კვეთდა ერთმანეთს. კონსტანტინე არ შეყოვნებულა, არც რაიმე უნიშნებია ტუსაღისთვის, დაბლა ჩაუყვა ახალ საფეხურებს, ძველმა კიბემ კი ზევით განაგრძო გზა.
და ისევ დერეფანი, ამჯერად ორთავ კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული რუხი ქანდაკებებით. ეს იყო ქანდაკებები ადამიანთა და მისტიკურ ცხოველთა, თავად დერეფანი კი წინაზე გაცილებით მოკლე გახლდათ და ქანდაკთა მწკრივის გარდა მისგან უმთავრესად იმით გამოირჩეოდა, რომ პირდაპირ, ერთადერთი კელიის მასიურ, ძვირფასი ხის კარს ებჯინებოდა. კარს ზემოთ ვარსკვლავჭედილი ზეცა გამოესახათ. ვარსკვლავებს ჩირაღდანთა ნათება ანიჭებდა იდუმალ ბრწყინვალებას. დასტაქარმა კონსტანტინემ თანმხლებს მკრთალი სახით ახედა და ჩურჩულით მიმართა:
_ დამიცადეთ.
ტუსაღი შედგა. დასტაქარმა მძიმე კარი მონური რიდით შეაღო და გაქრა. ქანდაკებების ალყაში დარჩენილ ტუსაღს თავს სამარისებური დუმილი დააწვა. “გიორგი ლუისელი რაღა ტაკიმასხარობაა” _ გაიფიქრა დუმილის პასუხად. სურდა რაღაც ემოქმედა, საშინელ სიჩუმეს რამენაირად უნდა აღდგომოდა წინ, მაგრამ ცხოვრებაში პირველად თითქოსდა უმწეოდ იგრძნო თავი. უცნობმა მოუსვენრობამ შეიპყრო, მაგრამ მისდა ბედად შფოთვა დიდხანს არ გაგრძელებულა, მძიმე კარი მალევე გაიღო და დასტაქარმა კონსტანტინემ უხმოდ უხმო. ტუსაღმა ნაგვემი კაცის მტკიცე ნაბიჯით გვარიანად ბნელ, მასიურ კართან სავსებით შეუსაბამო კელიაში ამოჰყო თავი. აქ სანთლები ბჟუტავდა. შუაში იდგა მაგიდა, დიდი და საოცარი, როგორც ორღანი. კელიის ფართს მეტწილად სწორედ მაგიდა იკავებდა. ჩანდა უჯრები, თაროები, დაფები, პერგამენტები, წიგნები, კალმები, ფარგლები, სახაზავები, ფანქრები, რვეულები, დავთრები, სამელნეები სხვადასხვა ფერის მელნით და სხვა., სხვა,სხვა. და ამ ყველაფერს აკლდა სინათლე, რადგან კელიაში ცოტა სანთელი ბჟუტავდა. და რა თქმა უნდა, კელიას ჰქონდა მოხატულ-მოწერილი კედლები და ჭერი, ტუსაღისთვის ნაცნობი და ბუნდოვნად გასაგები სიმბოლო-ხატებით.
დასტაქარი სადღაც გაწურულიყო. ტუსაღმა ისევ მარტოდ იგრძნო თავი. სცადა კიდევ შეემჩნია და ამოეცნო რამე, ახალი ძველთან შეეჯერებინა, მაგრამ...იქ კიდევ იყო ვიღაც! მოტრიალდა, მიიხედა, მოიხედა.
არა, აქ, რაღაც შეცდომა იყო. ის სხვას ელოდა, სავსებით დარწმუნებული, რომ ეს სავანე მისგან გამჭრიახი გონებით ამოხსნილსა და ამოცნობილ ნაცნობ გველს ეკუთვნოდა, მის წინ კი ღრმად მოხუცი მწიგნობარი იდგა ვეება გაშლილი წიგნით ხელში. მოხუცი უსაწყისო და უსასრულო მაგიდის ჩრდილიანი მხრიდან გამოსულიყო. ნაბიჯიც კი ბრძნული ჰქონდა, ოღონდ მოკლე, ძალიან ფრთხილი, ისე ფრთხილი, როგორიც მხოლოდ...
ის ბრმა იყო! რა თქმა უნდა ბრმა იყო და მოახლოებულს ეს უკვე აშკარად ეტყობოდა. ის იყო ბრმა წიგნების სამყაროში, უჩინო სწავლული.
_ დიახ, უფალო შერმადინ, უსინათლო გახლავართ. გაოცდით, ხომ? გაოცდით, მაგრამ რატომ? ამ ქვეყნად ზოგი ხომ ბრმაა, ზოგი მუნჯი, ზოგი უგნური, ზოგი სულაც ცოცხალი.
ბებრული, დინჯი, გონიერი ხმა ჰქონდა. იღიმებოდა.
_ სხვას ველოდი.
_ ვის? _ ახლა კი ნათლად გამოჩნდა მისი უსინათლო მზერა.
_ ჩემს ძველ ნაცნობს, მაგრამ, ვატყობ მასთან შეხვედრის დრო ჯერ არ დამდგარა.
_ დაბრძანდით, დასრძანდით, _ ბრმამ ხელი ზუსტად გაიშვირა უზირგო სკამისკენ. ტუსაღი დაჯდა, უსინათლო ასეთსავე სკამზე წინ ჩამოუჯდა.
“მაშ, შეხვედრამდე ადრეა, დაჭირვებით კი დავჭირდი” _ გაიფიქრა შერმადინმა.
თავი ოცდამეთექვსმეტე
რომელშიც მიწისქვეშეთს ოხშივარი ასდის
შემდეგ შერმადინ ხოვლელი კელიაში იწვა და ფიქრთა დაწყობას ცდილობდა. ერთ რამეს მისი გონება უკვე აშკარად ხედავდა: გიორგი ლუისელი მხოლოდ მწიგნობარი, ბრძენი, აზრთა მშობელი ბრძანდებოდა, დილეგებსა და იდუმალი სამყაროს მართვაში კი უბრალო იყო.
იდუმალი სამყაროსიო. მაგრამ რა სამყარო იყო ეს? ან კი რას გამოხატავდა ამდენი სიმბოლო და ნიშანი? ეს იყო მხოლოდ რელიგიური, ოკულტისტური სექტა თუ რაღაც უფრო მეტი, ძალაუფლების მქონე ან მისთვის მებრძოლი, ფარული ორდენი? თუ ორდენი იყო, ფესვები მაინც სიმბოლოებით გამოხატულ მისტიკურ სწავლებაში უნდა ჰქონოდა გადგმული, თუმცა არც ის გახლდათ გამორიცხული, რომ მისტიკური სწავლება ნამდვილ ზრახვათა ოდენ საბურველი და ნიღაბი იყო, მეტი კი არაფერი.
მაგრამ, თავად სწავლება... შერმადინ ხოვლელი დაკვირვებით ათვალიერებდა კელიის კედლებს, საწოლის თავსა და ბოლოს, კარს, სკამს, ჭერს... მისი გონება მეხსიერების ყოველი უჯრიდან დაჟინებით ცდილობდა ოდესმე წაკითხულისა თუ ნანახის ამოქექვას, ოდესმე დალექილის ამღვრევას, მაგრამ სიმბოლო-სახეთა უსასრულო ნაირგვარობაში საერთოს პოვნა ძალიან ჭირდა. თითქოს უფრო ასტროლოგია იყო და თითქოს არც იყო, მერე თითქოს კაბალისტიკა იყო და თითქოს არც იყო, ცოტათი თითქოს ქრისტიანიზმიც იყო და თითქოს არც იყო, კიდევ, თითქოს იუდაიზმი იყო და თითქოს არც იყო, თითქოს წარმართობაც კი იყო და თითქოს არც იყო...
“ო, ღმერთო!” _ ხოვლელმა შუბლი მოისრისა.
დასტაქარი კონსტანტინეს მირთმეული ახალი ელექსირი ამჯერად კოვზით შესვა. კვლავ ემწარა. შემდეგ, ბოლთის ცემას მოჰყვა. სურდა, სანამ კელიიდან იქაურობის შესასწავლად გავიდოდა კიდევ მიმხვდარიყო რამეს. ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, თითქოს გვარიანად მომწიფებული აზრი ხილივით სთხოვდა მოწყვეტას.
_ ჰმ, წითელი დემონიო, რა კლოუნადაა! ხორციელი დემონის მოძებნას მთხოვენ. ეტყობა რაღაც ხრიკს აწყობს ვაჟბატონი, _ ჩურჩულით მსჯელობდა და გრძნობდა, რომ გულსა და გონს ჰქოქავდა. _ ამრიგად, ვარ უცნობ სექტასა თუ საძმოში, გარემო ძველთაძველია, მის ახლანდელ ბატონებს კი აქვთ საიდუმლო, რომლის გათქმაც ისე ზარავთ, რომ მის გამო ხალხსაც კი ჰხოცავენ. ამას გარდა, მათ ხელთაა უცნობი ნივთიერება, რომელიც ჩემი ეჭვით ასტროლოგიური თვისებისაა და სიგიჟესა და ჰალუცინაციას იწვევს. დასტური იმისა, რომ ნივთიერება ასტროლოგიური თვისებისაა ჯერ კიდევ ტფილისიდან მოგვსდევს, მისით აგზნებული ადამიანი კი თავისივე კოსმიური ნიშნის ხელით კვდება. მესამე, სექტამ შემიპყრო, მაგრამ არ მომკლა, რაც უთუოდ იმას ნიშნავს, რომ ვჭირდებოდი, თუმცა რადგან, დილეგში ტანჯვისთვის ვყავდი გამოკეტილი, ეჭვი მაქვს, რომ სჭირდებოდა არა ჩემი მოსვენებული გონება, არამედ ნაგვემი სხეული, ალბათ ქიმიკოსურ ან ბიოლოგიური ცდისათვის. აი, მერე კი ცოტა გაუგებარია, თუმცა, როგორც ეტყობა, მოხდა ისეთი რამ რასაც სექტანტები თავისი ცოდნით ვერ მოერივნენ და ჩემი დახმარება დასჭირდათ. ამბობენ წითელი დემონი გაგვიხელდაო. რომელ დემონზე ლაპარაკობენ ჯერ შესასწავლია, ის კი ნათელია, რომ რაკი მომმართეს, ესე იგი იციან ვინცა ვარ და ჩემი ვარაუდი ტფილისიდანვე მართალი იყო, მათი ჯერაც დამალული ბატონი ჩემი ძველი ნაცნობია. სწორედ ის, ვინც აგრერიგ ფლობს მეცნიერებისა და ბოროტების ხერხებს... ბოლოს კი მთავარი, არ ვიცი სად არის სონიკო.
ხოვლელი ჩამოჯდა, ამოიოხრა. როდესაც გიორგი ლუისელმა დახმარება სთხოვა, შევაჭრება სცადა, უნდოდა დახმარება სონიკოს ან მის შესახებ ცნობის წილ ყოფილიყო, მაგრამ ვაგლახ.
“ერთადერთი გამოსავალი ქექვა და ჩხრეკაა. საიდუმლოს ფარდა უნდა ავხადო” _ ისევ წამოდგა, ხელები ზურგზე შემოიწყო.
_ არ დაგიმალავთ, თვინიერ ძმათა და ქურუმთა შორის შეშფოთებაც ვიგრძენი, _ ეუბნებოდა სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ლუისელი, _ ვგონებ ბესტიის მორიგი გამოჩენა აშინებთ, ეს გამოჩენა კი სულაც არ არის გამორიცხული. შიშის ტალღათა ჯებირად დგომა, თან სამჯერ, მეტად ძნელი ყოფილა.
_თუნდაც წამით ხომ არ გაგივლიათ გონებაში, რომ დემონი სინამდვილეში ადამიანია, ვთქვათ შეშლილი. ნუთუ წარმოუდგენელია, რომ აქაურობის ბინადართაგან რომელიმეს იდუმალზე ფიქრთათვის ვერ გაეძლო და გაგიჟებულიყო.
_ თქვენ ის არ გინახავთ. შეპყრობილია, სნეული, არაბუნებრივი სიწითლით წითელი, თანაც...
_ თანაც?
გიორგი ლუისელმა ხმას დაუწია.
_ მე ვიანგარიშე ბესტიის სტუმრობათა სიხშირე, იგი თორმეტ დღეში ერთხელ მოდის. იცით, რას ნიშნავს ეს?
_ რას?
_ იმას, რომ უწმინდურმა იცის თორმეტი დიდი რიტუალის საიდუმლო და ყოველის წინ გვეჩვენება. არა, უფალო შერმადინ, ის ადამიანი არ არის, ის თორმეტ დღეში ერთხელ მოდის.
...ცვილის კაცი კელიის შუაში იდგა და რაღაც უცნაურ გრძნობას ეკამათებოდა.
_ დროა! – შეუძახა თავს, შეტრიალდა და კარისკენ გაემართა. კლიტე დაემორჩილა.
დერეფანში სამარისებური სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეს თითქოს შორეული წყლის ჩუხჩუხი სდევდა. ხოვლელმა კარგად უწყოდა, რომ აქ ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა ყოფილიყო მზად. ნელა, დაკვირვებით მიდიოდა, ცდილობდა მთელი გზა ზედმიწევნით დაემახსოვრებინა. გრძნობდა, მარტო იყო დერეფანში. გული ისევ იქით მიუწევდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ამოიყვანეს _ მიწისქვეშეთისკენ. თუ სონიკო და დანარჩენები სადმე ეყოლებოდათ, მხოლოდ იქ, მაგრამ როგორ უნდა ჩასულიყო ჯურღმულში?
ისევ დერეფანს გაუყვა, რადგან მის ბოლოს კიბე ეგულებოდა, მაგრამ ანაზდად შედგა: დერეფანი რკინის გისოსებიანი კარით გადაეღობათ. მიმოიხედა. ხელმარცხნივ ძველებური მოწყენით ჩამწკრივებულიყვნენ კელიები. უნდა დაბრუნებულიყო. შეტრიალდა. კელიებმა ახლა მარჯვნივ გადაინაცვლეს. თეთრი... თუმცა ამ ჯანდაბეთში უკვე განაცრისფერებული კაცი გაფაციცებით ცდილობდა რაიმეს შემცნევას. შეუძლებელია, თუნდაც სულ უმნიშვნელო, სულ მცირე რამ არ ყოფილიყო სადმე.
ჩრდილის წვეთმა მიახედა. ესეც შენი მცირე _ ერთ-ერთი კელიის კარი ზოლად შეღებული დაეტოვებინათ. ისევ მიმოიხედა. ქურდივით დაიძურწებოდა. კართან მივიდა, ფრთხილად შეაღო, სივიწროვე შეეგება. ბნელოდა. რის პოვნას ეშურებოდა თვითონაც ვერ იტყოდა, მაგრამ რაღაცას აუცილებლად რომ გამოჩხრიკავდა და ფაქტებისა და დასკვნების ძეწკვში ჩააბამდა, იცოდა.
კელიის შუაში თვალი უკუნს შეეჩვია. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. კედელთან იდგა კოხტად ალაგებული საწოლი, საწოლის წინ კი დიდ ლაქასავით ჩანდა რაღაც. შერმადინ ხოვლელმა ლაქისკენ ნაბიჯი გადადგა და ჩაიცუცქა. იატაკი დახვდა ოთხკუთხად ამოჭრილი. გაწვა, ხელი ჩაჰყო. გაჭიმვა არ დასჭირვებია, ხელმა ახლოსვე იპოვნა ხის ბრტყელი და მყარი საგანი, რომელიც... რაღა რომელიც, ეს ხომ კიბის საფეხური იყო, იმ კიბისა, რომელიც სიბნელეში ეშვებოდა.
რამდენიმე წამში ბეჭებამდე ხვრელში ჩამძვრალი ნაცრისფერი კაცი უკვე ბოლომდე ჩაყვინთვასაც აპირებდა კელიის კართან შუქი რომ გაკრთა. ხოვლელი გაირინდა. იატაკს ზევით თვალები და შუბლიღა დარჩა. კარი კი უხმაუროდ გაიღო და სიბნელეში ჩუმი ნაბიჯით შემოვიდა ვიღაც, ვისი სახესაც მისივე ხელში მოციმციმე სანთელი ჯერ არ ამჟღავნებდა. შემოსულმა კელიის კარი შიგნიდან ჩაკეტა, მოტრიალდა და სამი ნაბიჯი გადმომდგა. აი, ახლა გამოჩნდა მისი სახე, შერმადინ ხოვლელისთვის კარგად ნაცნობი. სწორედ ამ სახეს ჩაყოლებული ზორბა ტანი სდევდა მას და მის მთელ ამალას ჯერ კიდევ ტფილისიდან. სწორედ მან და მისმა დამქაშმა აურიეს რეპორტიორ მალაზონიას მშვიდი ცხოვრება, მათ გაიტაცეს სონიკო, მათ... მაგრამ, ამ დროს ზორბა დაიხარა და საწოლს ქვეშიდან გამოთრეული მძიმე ოთხკუთხა სახურავი უხეშად დაახურა ხვრელს, რომლის ქვეშაც შერმადინ ხოვლელმა ძლივს მოასჭრო თავის დახრა.
წყვდიადი ჩამოწვა. ალბათ, ამაზა ნათქვამი კაცი თვალთან თითს ვერ მიიტანდაო, ნაცრისფერ ადამიანს ვერც მიჰქონდა. ზორბა... სწორედ მის მარხილზე მიბმული მოეგო გონს. ზვავი კარგად ახსოვდა, მერე კი თვალთ დაუბნელდა და... ზორბამ მიტკალზე დაპკურებული რაღაც სითხე რომ ასუნთქა ისევ დაუბნელდა თვალს. აი, შემდეგ კი გონს უკვე დილეგში მოეგო, იქ, საითკენაც ახლა მიილტვოდა.
აღარც სინათლე და აღარც ხმა. დიდი სიფრთხილით ჩადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. საფეხურის ქვეშ ისევ საფეხური დახვდა, შემდეგ ისევ და ისევ. ვერაფერს არჩევდა, მაგრამ დაბლა ეშვებოდა. ნაცნობი მოტკბო სუნი იგრძნო, საფეხურები თანაბრად იყო ერთმანეთისგან დაშორებული. ოცდაათი საფეხური დათვალა. აი, მიწაც. ხოვლელი ახლა ორთავ ფეხით მყარზე იდგა, რაღაცის ფსკერზე. ხელების ცეცებამ სანუგეშო ვერაფერი უთხრა, ოთხივე მხარეს კედელი ერტყა, ტენიანი, თითქოსდა რბილი კედლები. “რა ოხრობაა?” _ გაიფიქრა და ჩაჯდა. დაბლა, ფსკერთან მოტკბო სუნი კიდევ უფრო ძლიერდებოდა. შემდეგ ხმებიც მოეყურა. ეს ხმები ცვილს კაცის ორმოში სადღაც კედელგადაღმიდან შემოდიოდა. მიაყურადა, დაიძაბა. ეჭვმა წამოჰყო თავი _ შესაძლოა ეს სულაც არ იყო ხმები, შესაძლოა ეს სიჩუმე ხმაურობდა. და უეცრად მიხვდა, რომ დილეგთა სარდაფზე გაცილებით დაბლა, დედამიწის გულთან ახლოს ჩამძვრალიყო.
_ რა სისულელეა, _ ჩაილაპარაკა, _ ბოლო ხანს გრძნობები და შეგრძნებები მომეძალა.
სხვა გზა აღარ იყო, მოსახდენი უნდა მომხდარიყო _ ისევ აუყვა კიბეებს. ზორბა? შეხვედრის მოულოდნელობა შერმადინის მხარეს იყო, დანარჩენი კი მუშტში გამოჩნდებოდა. ცდილობდა ჩუმად და ბეჯითად აევლო საფეხურები. ოცდაათი დათვალა, ხელი აღმართა და ფრთხილად მიაწვა სახურავს. სახურავი მოსალოდნელზე იოლად დამორჩილდა. ხოვლელმა უხმოდ გადასწია და... სივრცე იგრძნო, დიდი სივცე.
_ ეს რაღაა?
ჩირაღდნების შუქი გახლდათ. ცვილის კაცი ორმოდან ამოვიდა, გასწორდა და მიმოიხედა. ეს იყო ჩირაღდნების ბრდღვიალა შუქით განათებული დიდი გვირაბი, რომელშიც ურიკა ან სულაც ავტო გაეტეოდა. აქ ვარსად დაიმალებოდი, გარემო ლაპლაპებდა და ცხელოდა კიდეც. გვირაბს დაღმართობა ეტყობოდა, ჰაერი კი... არა, ჰაერი მგონი მართლა არ იყო. ნაცრისფერ კაცს ტკბილი ჰავა შემოეტმასნა.
ერთადერთი გზა დაბლა მიიწევდა და თავადაც იქით გაუყვა. ცხვირზე აფარებული მკლავით ლამობდა ტკბილი ჰავისთვის ნესტოებისკენ სავალი გზის გადაღობვას. ყოველი ნაბიჯი ჰავას აბლანტებდა და ამძიმებდა, მკლავი კი სულ ნაკლებად და ნაკლებად წევდა ჯებირობას. გარემო მეწამულდებოდა, წითლდებოდა თავად სიწითლეც. შერმადინ ხოვლელმა იფიქრა, რომ ახლა თავადაც მეწამული იქნებოდა _ თვალები აეწვა, ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
ცვილის კაცი შეჩერდა, ღილები შეიხსნა და მტკიცე მოძრაობით პიჯაკს სარჩული აახია. შემდეგ ჩაცუცქდა, მოხეული სარჩული რამდენჯერმე გადაკეცა და კიდევ ორიოდ მოძრაობით საკმაოდ მოხერხებული ნიღაბი გამოიყვანა. ნიღაბი ცხვირზე აიფარა და კეფაზე დაიმაგრა, ხელები გაითავისუფლა, თუმცა ცხადად ხვდებოდა, რომ ბლანტი სიტკბოსგან თავის დაღწევა მხოლოდ იქიდან გაქცევით შეიძლებოდა.
მაგრამ, ის მაინც გვირაბის ბოლოსკენ მიიწევდა. ნაბიჯს მოუხშირა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ქვესკნელისთვის თვალი უნდა შეევლო და მერე თავქუდმოგლეჯილი გამოქცეულიყო უკან. დანარჩენს კელიაში მოიფიქრებდა. გარემო კი უფრო მძიმდებოდა და წითლდებოდა. ხოვლელი უკვე მირბოდა, მირბოდა გვირაბიც. კედლები თითქმის აღარ ჩანდა, იყო მხოლოდ სიწითლე, სიწითლე მარცხნივ, სიწითლე მარჯვნივ, სიწითლე ზევით, სიწითლე ქვევით. მირბოდა და ფეხქვეშ ნიადაგს ვეღარ გრძნობდა. ეს სირბილი უფრო ფრენას ემსგავსებოდა, გვირაბს კი ბოლო აღარ უჩანდა. გულის რევის გრძნობა მოეძალა.
შემდეგ ვიღაცები გამოჩნდნენ, გვირაბი კი დატრიალდა, როგორც ატრაკციონი მუშთეიდის ბაღში. იმ ვიღაცებმა ფორმა დაკარგეს, ისევ მეწამულ მასად იქცნენ. მერე, წითელი უსასრულობიდან წითელი ცხოველები გამოვარდნენ. გამოვარდნენ თევზები და ფრინველებიც. გვირაბი უკვე მორევივით ტრიალებდა და ცვილის ადამიანს დაბლა ითრევდა. ის ტრიალებდა უფრო და უფრო ჩქარა, სამყარო კი ერთ წითელ წერტილად პატარავდებოდა და ყველაფერი შიგ ეტეოდა. ხოვლელმა შეამჩნია, რომ ეს წერტილი წვეთი იყო.
შემდეგ წვეთი მოწყდა და უძირობაში ჩავარდა.
უძირობაც წითელი იყო.
თავი ოცდამეჩვიდმეტე
რომელშიც ამბობენ, რომ წითელი მხოლოდ დემონია
იცნო, თავს გიორგი ლუისელი ედგა. ბრმას ხელთ პატარა უფერო სინჯარა ეპყრო, სინჯარიდან კი ორთქლი ამოდიოდა. მიმოიხედა. ვეებერთელა მაგიდა, უამრავი დავთარი და წიგნი, ზოგი გადაშლილი, ზოგიც დახურული... მიხვდა სადაც იყო, მაგრამ ვერ მიხვდა როგორ მოხვდა აქ. გიორგი ლუისელი ბრმის ნაბიჯით მივიდა კედელთან, სინჯარა დადო, სხვა რაღაც აიღო და დაბრუნდა. ტომსიკა გამოდგა. პირდაპირ სახესთან მიუტანა. თავის გაწევა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ვერც მეორედ შეძლო, ბრმამ კი ამასობაში ტომსიკას თითი მიკრა და სურნელოვანი მტვერი ადინა შერმადინ ხოვლელმა ამოიოხრა.
მაშ, წითელი გვირაბის გულისამრევ, ტკბილ ოხშივარში ჩამხრჩვალი იპოვნეს და გიორგი ლუისელის კელიაში ამოასვენეს. დიდებულია, გამოდის, რომ მეწამული სიგიჟე მათთვის ნაცნობი ყოფილა და... და კიდევ რაღაც, ოღონდ ახლა ამდენს ვერ ფიქრობდა. ჰო, თუ წითელი მისტერიის ამბავი მათთვის ცნობილია, მაშ დემონის ამბავი ან რაიმე ხრიკისთვის დაავალეს ან მისი სიწითლის მიზეზი ჩინებულად უწყიან და... ისევ ეს წყეული და... ალბათ, ალბათ, ალბათ... ჰო, ალბათ, ბესტიის ვინაობა ვერ გაურკვევიათ და ამიტომაც ძრწიან.
ხოვლელმა თითების ამოძრავება სცადა. გიორგი ლუისელი ახლა მისკენ ზურგით იჯდა და რაღაც წიგნს ფურცლავდა. ნეტავ, რატომ ფურცლავდა ბრმა კაცი წიგნს? ადრე რამე თუ ჩაედო შიგ და ახლა ეძებდა. მაგრამ, არა, ლუისელი სტრიქონებს თითქოს თითს აყოლებდა. ხოვლელმა ისევ ამოიოხრა.
_ თქვენ უკვე მეორედ ამოიოხრეთ. ეს კარგის ნიშანია, ესე იგი გამოკეთების გზას ადგახართ, _ დინჯად წარმოსთქვა ბრძენმა.
_ სხეულს ვარ ვამოძრავებ, _ ხოვლელს თითოეული ბგერის წარმოთქმა უჭირდა.
_ არც არის გასაკვირი. დრო უნდა.
შემდეგ კელიაში დუმილი ჩამოვარდა, რომელიც, ალბათ დიდხანს გაგრძელდა, რადგან ხოვლალს მოეჩვენა, რომ ეძინა და გაიღვიძა. როდესაც მიხვდა, რომ ნამდვილად ეღვიძა, საუბარი შეწყვეტილი ადგილიდან განაგრძო.
_ მაშ, არ არის გასაკვირი? გამოდის, რომ წითელი სამყაროსა და მისი ბინადრების შესახებ ყველაფერი გცოდნიათ და მე რაღად დაგჭირდით?
_ არა, _ ბრმამ უჩინო თვალები რაღაცას ააპყრო.
_ რას ნიშნავს, არა?
გიორგი ლუისელმა თავი გააქნია.
_ ვაგლახ, ყველაფერი არ ვიცით... ხოლო თქვენ უფალო შერმადინ, ბედის რჩეული ბრძანებულხართ, რადგან პირველივე დღეს იხილეთ ის, რისი ხილვისთვისაც ახალგაზრდა ძმები წლობით ემზადებიან და წიგნიერ ცოდნას ფენებად აგებენ ერთმანეთზე.
_ ისინი, ალბათ არ ეძებენ.
ბერი ჩაფიქრდა და თითქოს ჩაიღიმა კიდეც.
_ არ ეძებენ? იქნებ მართალიც ბრძანდებით. ისინი არ ეძებენ, რადგან იციან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ, ამ მსჯელობით ძალიან შორს წავალთ. ნუ მიწყენთ და განსჯანი იმ დროისთვის გადავდოთ, როდესაც თქვენი ხმა ასე სუსტი აღარ იქნება, წეღანდელ კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ: იმიტომ დაგვჭირდით, რომ წითელი დემონის შეპყრობა გვწადია.
შერმადინ ხოვლელს ქუთუთოები დაუმძიმდა.
_ ეს არ...
_ დაისვენეთ უფალო შერმადინ.
ცვილის ადამიანს სხვა გამოსავალი აღარც ჰქონდა...
...და ისევ მოეგო ერთი ხნის შემდეგ გონს. გიორგი ლუისელმა რაღაც ახალი, უცხო და მძაფრი აყნოსინა, მხნეობის ტალღა მოეზვირთა.
_თავი წამოსწიეთ, უფალო შერმადინ, შებოჭილობა წესითა და რიგით აღარ უნდა იგრძნოთ.
შერმადინ ხოვლელი დაემორჩილა. მწიგნობარი მართალი იყო, ახლა გაცილებით საღად შეიცნობდა ყველაფერს. გიორგი ლუისელმა თითქოს შეხედა, თითქოს დარწმუნდა, რომ მის თავს ხიფათი აღარ ტრიალებდა. მის უჩინო თვალებს მიღმა ძლიერი შინაგანი ჩინი იგრძნობოდა.
_ უფალო შერმადინ, იმედი მაქვს ხვდებით, რომ განგების წყალობით თქვენს წინაშე დიადი საიდულოს ფარდა წამოიწია. მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, თუნდაც ყველაზე სულიერი და მისტერიებს ნაზიარები, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია, მეტი არაფერი და ის, რაც მისთვის ცნობილია, ოდენ წვეთია იდუმალებათა ოკეანეში. სამყაროს მპყრობელთ დანარჩენზე დუმილი უჯობთ.
ბრძენმა ხელები აღაპყრო. შერმადინ ხოვლელმა იფიქრა, რომ მისი სიტყვის ჯერი დადგა.
_ მაგრამ, მე რომ ვიცოდე უკვე ამოცნობილის თუნდაც მცირე ნაწილი, ის მაინც სად ვარ და ვინ მომიყვანა აქ, გარწმუნებთ, წითელ ბესტიას გაცილებით მალე და იოლად შევიპყრობდი.
გიორგი ლუისელმა თავი დააქნია... ან გააქნია. ნაცრისფერმა კაცმა გაიმეორა.
_ ვისი ნებასურვილით ვარ აქ?
მწიგნობარმა ბუნდოვანება ამჯობინა.
_ ვინაც თქვენი გადარჩენა ინება.
_ მას ხომ ყოველთვის ჩემი სიკვდილი სურდა?!
_ თქვენ არ იცით, რას ამბობთ.
_ ვიცი.
გიორგი ლუისელი მიტრიალდა, სკამის საზურგეს დაეყრდნო და მაგიდის შემოსავლელად დაიძრა.
_ რომ ამომიყვანეს წითელი ვიყავი?
_ წითელი მხოლოდ დემონია, _ უპასუხა ბრმამ.
შერმადინ ხოვლელს ძალა უბრუნდებოდა.
თავი ოცდამეთვრამეტე
რომელშიც შერმადინ ხოვლელი დემონს იხილავს
წითლად დუღდა მიწის გული, ლავის ტალღები ერთმანეთს ასკდებოდა. შესქელებულ მეწამულ ჰაერზე კაცი რამეს შემოდებდა. შუაში იყო დიდი აუზი გარშემო ჯებირებით და საგანგებო აივნით. წითელი ტალღები აივნამდე ვერ აღწევდა, აივანზე კი ვიღაც მეფური დგომით იდგა. იგი სამფობელოს, სტიქიონს გადაჰყურებდა.
ლავა დუღდა და ხმაურობდა. ერთგან, აივნის კიდეში, მოწყობილობა იდგა: გორგოლაჭებზე ცეცხლგამძლე ტროსები გადაეკიდათ და ზედ კასრები შეებათ. შორიახლოს, ვიწრო ლიანდაგზე დაბალი ურიკა-ვაგონები შეეყენებინათ. ლიანდაგი, აივანზე მეფურად მდგომი კაცის ხელმარჯვნივ, ვეება აუზის გადაღმა სადღაც გვირაბში მიძვრებოდა.
ეს იყო საოცრად დიდი ქვაბული ანუ დარბაზი დედამიწის წიაღში. ბლანტ სიწითლეში ბუნდოვნად ჩანდა, რომ დარბაზში ქვაბულის კედლებიდან კიდევ შედიოდა რამდენიმე გვირაბი. ჰაერში წითელი ღამურები დაფრინავდნენ, თუმცა ეს შეიძლება მიწისქვეშეთის წითელი წარმოსახვაც იყო და მეტი არაფერი.
რამდენ ხანს იდგა მეფურად მდგომი კაცი გაუნძრევლად? ალბათ, დასაბამიდან. ნეტავ რას ფიქრობდა ან რას გრძნობდა? ლავის ტალღები ართმანეთს ერწყმოდა. რამდენ ხანს უნდა მდგარიყო? ალბათ, უსასრულოდ.
შემდეგ უსასრულობა დასრულდა, მეფემ ხელები აღაპყრო. ერთიან, შავ, თავზე წამოხურულ სამოსში ბრძანდებოდა გამოწყობილი. მიწისქვეშეთის ცას შეჰხედა. შემდეგ, მთელი სხეული ერთიანად აათამაშა, მუხლებზე დაეცა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიღრიალა. ეს ღრიალი უფრო ავ ღაღადს, ავ ვედრებას, ავ სიავეს ჰგავდა.
ღრიალს უმატა, ჩანდა, მიწისქვეშეთის ზეცას შესთხოვდა რაღაცას. სხეული მეტად და მეტად უცახცახებდა, ხელებს აქნევდა. შემდეგ წამოხტა, თითქოს ლავის ხმაურში რაღაც მოესმაო, შლეგად მოტრიალდა. მზერით მძიმე სიწითლის გახვრეტას ცდილობდა და როგორც ჩანს გახვრიტა, რადგან სიგიჟით ანთებული თეთრი თვალები ერთ წერტილს მიაშტერა და გაშრა. ასე, გველთა მზერა ნუსხავთ ინდოთა მხარეში.
სიწითლე გაირღვა, ვიღაც უახლოვდებოდა. ვიღაც? იქნებ ძალიან კარგადაც ხვდებოდა, ვინც.
და ისევ იღრიალა, ოღონდ ეს ვედრება აღარ იყო. პასუხად მხოლოდ ლავამ უმატა დგაფუნსა და ხავილს. წითელი ნისლი სქელდებოდა და თხელდებოდა... ისინი ერთმანეთს ხედავდნენ და კარგავდნენ, ხედავდნენ და კარგავდნენ, ხედავდნენ და კარგავდნენ მარადიული კარგვით.
ის უკვე გაუჩერებლად ღრიალებდა, შავი სამოსელის თავსაბურავი გადაიძრო და ავადმყოფური წითელი სახე გამოაჩინა. ნისლი გასქელდა, წითელი ფარდა დაეშვა, მათ შორის ჩადგა...
...მერე კი აივანზე აღარავინ იდგა. შერმადინ ხოვლელი გაუჩინარებულ ბესტიას დაეძებდა, მაგრამ ბესტიის კვალიც აღარ ჩანდა. ცვილის კაცი ახლა თავად ავიდა აივანზე, იქიდან ჩახედა დედამიწის მეწამულ გულს, შემდეგ ნისლში ჩაყვინთა და მალე ისევ ამოყვინთა, ოღონდ სხვაგან. მარტო დარჩენილიყო ვეებერთელა მიწისქვეშა ქვაბულსა თუ დარბაზში. ტკბილი სუნის მძიმე წითელი ნისლით იყო შემობამბული. ჯიბეში ჩაიყო ხელი, იქიდან ქიმიკოსთა უფერო ჭურჭელი და ცხვირსახოცი ამოაძვრინა, ჭურჭელს თავი მოხსნა, ცხვირსახოცი დაასველა და სახეზე მიიფარა. შვება მყისიერად იგრძნო.
თავი ოცდამეცხრამეტე
რომელშიც შერმადინ ხოვლელი ნახავს ჩამომხრჩვალს
ხოვლელი მირბოდა. დერეფანში, რომლის სიწითლემ ადრე გონება დააკარგინა ლუკი უნდა მოეძებნა, გულ-ღვიძლში კი ერთიანად უტრიალებდა საძაგელი შეგრძნება. ეს შეგრძნება სიწითლის სუნივით ტკბილი და ამაზრზენი გახლდათ. უნდა გაეძლო. ცდილობდა, რომ გაეძლო. ისევ ამოიღო ჯიბიდან სინჯარა და ცხვირსახოცი. გიორგი ლუისელის უსასრულო მაგიდიდან აღებულმა სითხემ ისევ მოჰგვარა შვება, მაგრამ უკვე გრძნობდა, რომ სინჯარის გახსნა უწინდელზე მალე მოუწევდა. თითქოს იცოდა რასაც აკეთებდა, მაგრამ ახლა იმ ჭასა თუ ორმოს ვეღარ პოულობდა, რომლიდანაც პირველად ამოძვრა.. შუბლზე ოფლის წვეთებმა დაასხა. შფოთავდა, არადა ასეთ დროს შფოთვა მისთვის უჩვეულო იყო.
“ალბათ, წითელი ნივთიერებოს ბრალია.” _ გაიფიქრა და ძიება განაგრძო. შემდეგ იეჭვა, რომ ასე ვერაფერს იპოვნიდა, ჯობდა დერეფნის ბოლოში დაბრუნებულიყო, სადაც თითქოს დახვეული კიბე ახსოვდა... თუმცა, არც ახსოვდა. ამ კიბეს თითქოს გიორგი ლუისელის კელიასთან უნდა აეყვანა... მაგრამ შესაძლოა არც აეყვანა, უფრო სწორად კი იქ სულაც არ ყოფილიყო. ცხადად აღარ იცოდა როდის, რა, სად, როგორ იპოვნა და ეს ყველაფერი ახლა სად იყო.
“ჰალუცინაციებისა და შიშების სამყაროა.”
...ახსოვდა როგორ ჩაეძინა გიორგი ლუისელს, როგორ წამოდგა თავად, როგორ მივიდა მაგიდასთან, როგორ იდგა ერთხანს, როგორ გადაინაცვლა მაგიდის გადაღმა მხარეს სადაც დახარისხებით იდგა კოლბები, სინჯარები, ბოთლები და სხვა ჭურჭელი. ახსოვდა კარგა ხნის ცქერა-თვალიერების შემდეგ, როგორ მიიპყრო მისი ყურადღება ნივთიერებათა ჯგუფმა, რომლის შორიახლოს თავღია ყუთში ამ ჯგუფის შესაფერისი ბარათები ჩაელაგებინა მწიგნობარს. ჩამოჯდა, ცალი თვალით ბრმას გაჰხედა, მეორეთი კი ქაღალდები ჰქექა, აკვირდა, ადარა... შემდეგ სინჯარათაგან ერთი მოძებნა, აიღო, და იგრძნო, რომ მთელი სხეული დაეჭიმა. მას ხელში შხამითან მებრძოლი ელექსირი ეჭირა... თუმცა, ეჭირა კი? მაგრამ, გული და გონება წითელი მიწისქვეშეთისკენ ექაჩებოდნენ და მანაც ვერ გაძლო, ფეხაკრეფით გაჰყვა.
“ო, ღმერთო, ეს წყეული წითელი სითხე...” _ გიორგი ლუისელის კელიიდან გასულ ხოვლელს უკვე ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა. ის ვერ იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა წითელ, ნაცნობ დერეფანში, სადაც დახვეული კიბით ჩავიდა და სადაც მწიგნობრის მაგიდიდან აღებული სინჯარის ძალით ებრძოდა წითელ გარემოს.
შუა დერეფანში ლუკი რომ შეამჩნია მიხვდა, იმ ორმოსთან იდგა, საიდანაც მაშინ, ზორბას კელიაში ჩამძვრალი ამოძვრა. გულს მოეშვა, უკვე იცოდა სადაც იყო... თუმცა, თურმე ეგონა, რომ იცოდა.
თურმე, თურმე... განა ბუნდოვანებას არ სჯობდა? მიიხედ-მოიხედა, ლუკის გარდა კიდევ უნდოდა რაიმე ნიშანი, მისი პოვნა კი ერთფეროვან გვირაბში იოლი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ... კი, მაგრამ პირველად როგორ ვერ შეამჩნია ეს ქანდაკება? ის, ხომ ლუკის პირდაპირ მდგარა, ადამიანის სიმაღლეზე სულ ხუთიოდ ნაბიჯში. ეს იყო წითელი ქვისგან გამოთლილი კაცი, რომელიც შერმადინ ხოვლელმა მყის იცნო _ სწორედ ის ბრძანდებოდა, ვისაც იგი ეძებდა და ეჭვობდა.
...და ახლა, უკანა გზაზე ეს ქანდაკება აღარსად ჩანდა. ხოვლელსაც მართლა აღარ ჰქონდა სხვა გამოსავალი, დერეფნის ბოლოს უნდა შევედრებოდა მისთვის სადმე ხვეული კიბე დაეხვედრებინა და ამ კიბით გიორგი ლუისელის კელიასთან ასულიყო. გარბოდა, მაგრამ დერეფანი არ ილეოდა. სიწითლეც უკვე მთელ დერეფანში ქოშინებდა, ეტყობა ცვილის კაცს სდევდა.
“დამშვიდდი, _ შეუძახა თავს, _ მართალია, აქეთობისას დერეფანი მოკლე იყო, მაგრამ ამასაც უნდა მოვუნახო ახსნა გონიერი, მიზეზ-შედეგიანი”
ხმამაღლა მსჯელობდა და თითქმის უმწეოდ იყურებოდა ოთხივ მხარეს. ნეტავ რა უნდა მომხდარიყო შემდეგ?
_ აქეთ, აქეთ! _ მოესმა მოულოდნელად.
არც შეუხედავს ვინ ეძახდა, მთავარია, რომ გამოსავალს სთავაზობდნენ. ხმისკენ გაეშურა.
_ცოტაც, ცოტაც! _ გაიმეორა ხმამ.
ხოვლელმა ძალა მოიკრიბა და... პირველ საფეხურზე შეხტა. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე. ის კიბეზე არბოდა, წინ კი ვიღაცები მიუძღოდნენ.
_ აქეთ, აქეთ!
შემდეგ კიბე დასრულდა და ნაცრისფერმა კაცმა თავი გიორგი ლუისელის კელიასთან ამოჰყო. ღმერთო მოწყალეო, პირდაპირ კელიის გვერდით გამოვიდა კედლიდან, რომელიც აქამდე ყრუ ეგონა. კვლავ არ დაეძებდა ვინ იყვნენ ის ადამიაები, რომლებმაც წითელი სიკვდილის კლანჭებიდან იხსნეს, თუმცა ისინი იქ აღარც იყვნენ, გიორგი ლუისელის კარამდე ამოაცილეს და მიიმალნენ.
კელიის კარი მსუბუქი მიკვრით გაიღო... არა, შერმადინ ხოვლელს გაოცება, შეშფოთება, შეკრთომა, ძალების მოკრება და კიდევ უამრავი რამ აღარ შეეძლო. მის წინ კი ბრმა კაცი უკიდეგანო მაგიდის ზემოთ, ჭერიდან ჩამოშვებულ თოკზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ოთახში ტკბილი სიწითლის მძაფრი სუნი აფათურებდა საცეცებს.
შერმადინ ხოვლელი უღონოდ ჩაჯდა.
თავი მეორმოცე
რომელშიც შერმადინ ხოვლელი ნაკვალევს მიჰყვება.
ნაკვალევი, წითელი ნაკვალევი _ ეს იყო პირველი, რაც თავჩაღუნულმა დაინახა. მზერით მიჰყვა მეწამულ ნაბიჯს: მარჯვენა ნაფეხური, მარცხენა, ისევ მარჯვენა და კვლავ მარც... აქ, უკვე სხვა ადამიანის ნაკვალევი იწყებოდა. ცვილის კაცი თურმე გადარჩენილმა ცნობისწადილმა წამოაყენა. წელში მოხრილი სასაცილოდ გაედევნა უკვე ორი ადამიანის ნაკვალევს. ნანახსა და შემჩნეულს ისევ დერეფნისკენ მიჰყავდა. “ნეტავ, მკვლელთა ნაფეხურებია?” _ იკითხა შერმადინ ხოვლელის გონებამ, ალღომ კი ყურში წეღანდელი ხმაური დაუბრუნა. “აქეთ, აქეთ”! _ ეს ხმა ნამდვილად კარგად ახსოვდა და თუ ოდესმე კვლავ მიეყურებოდა, ათასშიც ამოიცნობდა, მაგრამ ისიც უეჭველი იყო, რომ ამ ხმის პატრონს სხვებიც ახლდნენ. ხოვლელმა ისინი ბუნდოვნად დაინახა კიდეც, თუმცა დანახულზე უკეთეს სურათს ახლა მოსმენილი დაუხატავდა.
ის კელიის კართან შედგა და თვალი ტკივილამდე დახუჭა. ასე უფრო კარგად ესმოდა ცოტა ხნის წინანდელი სირბილი. მაშ ასე, ამ ხმათაგან ერთი თავად ბრძანდებოდა. მეორე, მასზე წინ და მარცხნივ, ის უნდა ყოფილიყო, “ჩქარა, ჩქარას და აქეთ, აქეთს” რომ ეძახდა, ხოლო მასზეც წინ, ფეხთა უფრო ჩქარი ცვლით, შედარებით ტანმორჩილს უნდა ერბინა. მაშ, გამოდის, რომ ორნი იყვნენ? ცვილის კაცმა თვალი გაახილა და შემოტრიალდა, რათა კიდევ ერთხელ დაკვირვებოდა კელიის იატაკზე დარჩენილ ნაფეხურებს. ჩაცუცქული უყურებდა წითელ ნაბიჯებს, ამ ხანში გაბაცება, რომ მოესწროთ. ისევ დახუჭა თვალები, ისევ გაიხსენა მოსმენილი სირბილი. არა, ისინი, ვინც მასთან ერთად გარბოდნენ სხვები უნდა ყოფილიყვნენ და თუ მათი ნაბიჯებიც არსებობდა გარეთ, დერეფანში უნდა ყოფილიყო.
“მაშ, კელიაში მკვლელთა ნაბიჯებია?” _ კიდევ ერთხელ ჰკითხა თავს და მაგიდიდან თორმეტსანთელი აიღო, რათა კიდევ უფრო კარგად გაერჩია არემარე. არ ჩქარობდა, აჩქარებას ხომ მაშინ აქვს ჭკუა, როდესაც სადმე წასასვლელი გეგულება.
დინჯად შემოუარა ჩამომხრჩვალი გიორგი ლუისელის ვეება მაგიდას _ არაფერი. ისევ ნაკვალევებთან მივიდა. ნაკვალევები თითქმის აღარ ემჩნეოდა. გარდაცვლილს ახედა. “ნეტავ რომელმა მოჩვენებამ მოუღო ბოლო? მშვილდმა? იქნებ, თხის რქამ გაუხვრტა გული? ლომმა გამოუფატრა გულ-ღვიძლი? მაცდურმა ქალწულმა ხომ არ დაახრჩო სიყვარულით საბრალო ბერიკაცი? იქნებ, ბოროტმა ესკულაპმა ჩასცხო თავში აფთიაქის სასწორი?...” მაგიდას მიუახლოვდა, თორმეტსანთელი ახლა მაგიდას გადაატარა და... ეს უკვე სხვა ნაფეხურები იყო, გლუვ ხავერდოვან ზედაპირზე შიშველი ფეხით დასმული. მათი უწითლესი სიწითლე სხვა იყო, რაოდენობა ულევი. შერმადინ ხოვლელი აღელდა, კედლიდანაც ჩამოხსნა ახალ სანთელთა კონა და თავის გარშემო მეტად გაანათა მიდამო.
“დანაშაული წითელ დემონს ჩაუდენია!”
ხელახლა შემოუარა, უფრო კი შემოურბინა მაგიდას, კელიის ყველა კუთხე-კუნჭული გამოიკვლია, არც კედელი დატოვა და არც ჭერი. დემონური ნაბიჯები მაგიდის გარდა არსად ჩანდა.
“მაშ, ევრიკა!” _ ჩუმად შესძახა ცვილის კაცმა და მაგიდას ისე დააჩერდა, თითქოს მზერით უპირებდა გახვრეტას. ერთი ხნის შემდეგ მარცხენა ხელი გაინთავისუფლა და გიორგი ლუისელის სამელნე გადააადგილა. არაფერი მომხდარა. ისევ გახვრიტა მაგიდა მზერით. შემდეგ დაყრილ წიგნთაგან რომელიღაც გადაშალა, შეატრიალა კიდეც, მაგრამ ისევ ამაო საქმე გამოუვიდა. მესამე ცდაზე კი გაუმართლა.
“იმთავითვე როგორ ვერ მოვიფიქრე,” _ გაუწყრა თავს და მაგიდის ხავერდზე უდიერად მიგდებულ, სანახევროდ წიგნდაფარებულ, დავთრიდან ამოხეულ ცალ ფურცელს დასწვდა. ფურცლის დაძვრა ვაგლახ, ძნელი საქმე გამოდგა. თეთრ კაცს ორივე ხელის დახმარება და გვარიანი დაძაბვა მოუხდა. ფურცელი იწელებოდა, იგრიხებოდა შერმადინ ხოვლელის ჭკუაზე დატრიალებას კი არა და არ აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მაგიდამ დაიჭრიალა, ღრეჩო გაუჩნდა, ნაპრალად ექცა, პირი დაეღო, გაიწ-გამოიწია და ჰოი, მერამდენე საოცრებავ, ფართე მიწისქვეშა კიბე გამოაჩინა.
თუმცა, ცვილის კაცმა არც ამჯერად იჩქარა. კელიიდან დერაფანში გამავალი ნაკვალევის ამბავი ჰქონდა გამოსაკვლევი, ოღონდ იმასაც ხვდებოდა, რომ ნაფეხურები მასთან ერთად საიდანღაც სადღაცისკენ ნარბენი ხალხის თუ არა, მათი ამფსონებისა მაინც უნდა ყოფილიყო. და მაინც, ზურგსუკან რომ არ მიკეტვოდა, ხოვლელმა კელიის კარი კედელს გულდასმით მიამაგრა და ახალ ნაფეხურთა იმედად დერეფანში გაბრუნდა, თუმცა ერთი ხნის წრიალ-ტრიალმა ხეირი ვერ მოუტანა. ნაკვალევი, თუკი ასეთი მართლა იყო, უკვე გამქრალიყო. ნაკვალევი აღარც ოთახში ჩანდა.
ამრიგად, რჩებოდა კიბე, რომელიც ცვილის კაცს გიორგი ლუისელის ოთახიდან ახალ ქვესკნელში ეპატიჟებოდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ნამდვილი ჯოჯოხეთიდან რომელიმე გზას უმჯობეს ადგილას რომ დაეპატიჟებინა, გასაკვირიც ეგ იქნებოდა.
ხოვლელი კიბეს ჩაუყვა. კიბე არაფრით იყო განათებული, მაგრამ არემერე მაინც ნათელი გახლდათ _ ქვესკნელის ყელს მეწამული შუქი ავსებდა. შერმადინ ხოვლელი გრძნობდა, რომ ბოლოხანს სიწითლე სიწითლის ჭურჭელში ვეღარ ეტეოდა და სხვათა სამყაროში ჭარბად იღვრებოდა. კიბეზე უკვე მკაფიოდ ჩანდა ის, რასაც ჯერ კიდევ ტფილისში, ბედლამის დასაწყისში ალღოთი და ლაგიკით გრძნობდა _ მოაჯირს შეყუდებული ქანდაკები ასტროლოგიურ სიმბოლოებს ასახავდნენ და მკაცრი თანმიმდევრობით მისდევდნენ ერთმანეთს: ვაცი, ვერძი, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები. შერმადინ ხოვლელის ტუჩებზე კმაყოფილების ღიმილმა ამაოდ მოიწონა თავი, ჯურღმულში არავინ იყო მეწამული ნისლის გარდა. ცვილის კაცი დაღმა მიუყვებოდა ბოლოდაკარგულ კიბეებს და გონებით უცნაურ ტფილისურ სიკვდილებს უბრუნდებოდა. მაშ ასე: ერთი თევზაობის დროს კვდება, მეორე ულამაზეს ქალიშვილს მისდევს და ეტლის ქვეშ ვარდება, მესამეს მშვილდი ესროლეს, მეოთხეს ბოროტი ტყუპები დაედევნენ, რეპორტიორ მალაზონიას მორიელები სდევდნენ... კი მაგრამ სინამდვილეში? რა ხდებოდა სინამდვილეში? სინამდვილე ასეთი ჩანდა: მართალია თევზაობის შემთხვევა ბოლომდე ამოუცნობი დარჩა, მაგრამ დანარჩენი სიკვდილების წამს, თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით, ვარსკვლავმჩხიბავთა ნიშნები შუაში სულაც არ ყოფილა. როდესაც მთვრალი ახალგაზრდა ღამით ეტლს ბორბლებში ჩაუვარდა, ქუჩაში ქალის ჭაჭანება არა ყოფილა, ის კი ხმამაღლა ეძახდა მავანს; როდესაც მშვილდით განგმირული სწავლულის მდივანმა სულთმობრძავთან ჩაირბინა და ცრემლით დანამულმა მიწაზე განრთხმულს თავი წამოაწევინა, სწავლულმა ბოლო ამოხრიალებით გაანდო თუ როგორ მოკლეს, მაგრამ მდივანი მთელი ტრაღედიის შემსწრე გახლდათ და კარგად უწყოდა, რომ მშვილდოსანი იქ არავინ ყოფილა; როდესაც კიდევ ერთი სწავლული თავისი სახლის ახლოს, ვიწრო ქუჩაში ბოროტ ტყუპებს ებრძოდა, გაქცევას ხან წინიდან ლამობდა, ხან უკნიდან და ვინ უწყის რას გაიძახოდა, ვიწრო ქუჩის ახალი რძალი, ორსული აზგო, შიშისგან აწურული ფართე თვალებით უყურებდა შეშლილი კაცის წვალებასა და ადასტურებდა, რომ იმხანად კარში მის გარდა არავინ იყო; მალაზონიას მორიელები ხომ ცვილის კაცის კარგი ნაცნობები ბრძანდებოდნენ...
შერმადინ ხოვლელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერი ამ ჯოჯოხეთური ადგილის გულში მოთუხთუხე წითელ ლავასთან იყო დაკავშირებული. იგი, ხომ მალაზონიას მორიელების გაცნობის დღიდანვე ეძებდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ზოდიაქურ ხილვებსა და ბოდვებს გამოიწვევდა, მაგრამ ვერ პოულობდა და აი, ნივთიერებამ თავად მიაგნო მას.
და, სწორედ ამიტომ უნდა ყოფილიყო მართალი შერმადინ ხოვლელის მთავარი ეჭვიც _ ასეთი სრულყოფილი, ასეთი დამთრგუნველი სამყაროს შექმნის უნარითა და ქიმიისა თუ სხვა სწავლებათა დაბეჯითებული ცოდნით შეიარაღებული, დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთი ადამიანი ეგულებოდა...
კიბე დასრულდა, მოკლე დერეფნად გარდაისახა და დაბალ თაღში ჩასმულ, ასტროლოგიური ჩუქურთმებით დახუნძლულ ხის კარს მიადგა. ცვილის კაცი ფრთხილობდა, ყურადღებით იცქირებოდა ყოველ მხარეს, რადგან წითელი დემონის გამოჩენას ყოველი მხრიდან ელოდა. კარს მსუბუქად მიაწვა, შემდეგ მეტად დაატანა ძალა. დიდი წინააღმდეგობა არ დახვედრია, არც ჭრაჭუნს დაურღვევის მიწისქვეშეთის მდუმარება. დაიხარა და შევიდა. თავიდან ვერაფერი გაარჩია. ძნელი სათქმელია მეტი სიბნელისა თუ დაჟინებული ერთგვაროვნების გამო ვერ ხედავდა სად იყო. შემდეგ თვალი შეაჩვია და დაინახა, რომ გვარიანად დიდი დარბაზის კიდეში იდგა და სციოდა, ხოლო ერთგვაროვნება, რომელიც თავიდან ასე დაესხა თავს, წიგნებით სავსე თაროები გახლდათ. აქ, ყველგან თაროები იყო _ ათასობით წიგნ და თარო. ეს მიწისქვეშა წიგნთსაცავის დიდი დარბაზი გახლდათ.
ხოვლელი ფეხაკრეფით მივიდა პირველივე თაროსთან და ხარბად შეხედა ხმარებისგან გაცრეცილ წიგნებს. თაროს შორიახლოს სანთელი იწვოდა.
“ხილული და უხილავი ზეციური ბადენი მთვარისანი” _ გაჭირვებით გაარჩია თვალს მოხვედრილი პირველი წიგნის ყდაზე. შემდეგ იყო: “მთვარე და სტიქიონის ოთხი შემობრუნება”. შემდეგ: “კაცთა ბედი სავსე და ნახევარ მთვარეთა შეფერილობების ნაირგვარი დალაგებისას”. მერე, “ომთა სისატიკე და მანძილი დედამიწის გულიდან მთვარემდე”, “ჩრდილი მთვარისა, ზღვა დედამიწისა”, “მთვარე და ვულკანთა ამოფრქვევს მონაცვლეობა”.
მთვარე, მთვარე, მთვარე...
ცვილის კაცმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ახლა ზედა თაროს დააკვირდა. იქაც ყველაფერი მთვარეს ეხებოდა. მთვარეზე წიგნებით იყო დატვირთული იმ გაყოლების მორიგი და მორიგი თაროებიც. რა ენასა და დამწერლობაზე არ ნახავდით მანუსკრიპტებს: ლათინურ, ბერძნულ, ძველებრაულ, სპარსულ, არაბულ, ჩინურ-იეროგლიფურ და სხვა, შერმადინ ხოვლელისათვის ცნობილსა თუ უცნობზე. იყო უფრო და ნაკლებად გაცვეთილი, იყო აღდგენილი და ჯერაც აღსადგენი, იყო ოქრო-ვერცხლში ჩასმული ყდითა და უბრალო. ხოვლელმა მწკრივს სანთლით ხელში დაუარა და დარბაზის გაღმა ბოლოში გამოკრული იხილა: მთვარისანი.
თაროთა შემდეგ მწკრივს ერქვა მზისანი და იგიც არანაკლები წიგნებით გახლდათ დამძიმებული. შემდეგ მოდიოდა მნათობთანი, ფაზისანი, ჰორიზონტისანი, ნადირისანი, ბაბილონისანი, დრუიდიანნი, მალულ მეცნიერებათაგანი, გნოსტიკოსთანი, ზოროასტიანთაგანი, მანდიანელთანი და ასე თითქმის დაუსრულებლად.
უზარმაზარი საცავის ბოლოს შერმადინ ხოვლელმა ახალი კარი კარი იხილა და ახალმა კარმა ახალ წიგნთსაცავში გაიყვანა, ოღონდ ახალი საცავი პირველზე ოდნავ პატარა აღმოჩნდა. აქ, თაროები კაბალისტურ ნაწერებს ეკავა. მეცნიერებისა და წიგნიერების ტრფიალს ცთუნება ეთამაშებოდა, ყველაფრის დაგდებას, დავიწყებას და რომელიმე წიგნთან ჩამოჯდომას ჰკარნახობდა, მაგრამ ვაგლახ, ეს არ შეიძლებოდა და საღი აზრიც ცვილის ადამიანს სწორედ ამას კარნახობდა.
საცავს კი საცავი მოსდევდა: იუდაიზმი, ქრისტიანობა _ კათოლიკური, მართლმადიდებლური, გრეგორიანული, იაკობიტთა, ნესტორიანელთა, პროტესტანტთა და სხვათა _ ისლამი, ბუდიზმი, ტანტრიზმი, დაოსიზმი, სიკჰიზმი, კონფუციანიზმი და...
დიდება უფალს! ბოლო საცავი, რომელშიც შერმადინ ხოვლელი დარბაზთა მონაცვლეობამ შეიყვანა, სატახტოს ჰგავდა. აქაურობას წინა საცავებთან არაფერი ჰქონდა საერთო. აქ, ყველაფერი საგანგებო მზრუნველობით დაელაგებინათ და ჩაეჩუქურთმებინათ. ყველა ფიცარი თუ სვეტი სიმბოლოებად ჩაეწნათ და ზედ მეწამული საღებავის სქელი ფენა გადაეტარებინათ. სიწითლის ტკბილ სუნსაც მყარად მოეკიდებინა ფეხი და რაც, ყველაზე ცუდი იყო, ცვილის ადამიანმა იგრძნო რომ ეს სიწითლე და მისი ასეთივე ფერის სურნელი სიამოვნებდა. მეტიც, თითქოს ღვინო-შარბათითა და ოპიუმით თრობაზე საამო, უცხო, მსუბუქ ნეტარებასაც კი ჩუქნიდა. საცავის გუმბათისებური ჭერი გეგონებოდა ლალებით მოურთავთო _ წითელი თვლები დასდევდა თანაბარი სიშორით. თვლები სხივებად ანათებდა, ხოლო დარბაზის შუაში, გარშემო ყველაფრისგან მორიდებულ ალაგას მართლაცდა სამეფო ტახტრევანზე მზისუნახავი მოხატულობისა და წითელმორთულობის წიგნი ესვენა. შერმადინ ხოვლელი ფეხაკრეფით მიუახლოვდა.
სიბრძნე თორმეტი დიდი რიტუალისა _ ეწერა ტყავშემოსვით აკინძულ ძველთაძველ მანუსკრიპტს. ცვილის კაცმა წამით შეიცადა, ალბათ დარწმუნება სჭირდებოდა, მანუსკრიპთან მიკარებით თავს ან თავად წიგნს არაფერს რომ ავნებდა, შემდეგ კი მტკიცედ წაიღო წიგნისკენ ხელი.
უცებ:
- ეჰეი!
ცვილის კაცი შეკრთა, შედგა, გაიტრუნა. ვერ მიხვდა რა იყო, რა ხდებოდა და თუ ხმა ესმოდა, საიდან მოდიოდა.
- ეჰეი! ადამიანო! ქრისტიანო! სანთლიანო! – განმეორდა ძახილი. მართლაც ხმა ისმოდა რომელიღაც კედლის მიღმიდან, ოღონდ... განა, იგივე ხმა იყო?
ხოვლელმა კიდევ აცადა. ყვირილი რომ ისევ გაისმებოდა, ახლა უკვე ეჭვი არ ეპარებოდა. ალბათ, ისეთი ნაბიჯით იარა, წითელ მიწისქვეშეთში არავინ რომ დადის და მავანთა ყურადღებაც ამით მიიპყრო. მავანნი კი თავიანთი ძახილით, რატომღაც ნდობას უღვივებდნენ.
- ჰეი, ჰეი! სინათლეს ვხედავთ, ქრისტიანო, აქეთ, მოდი!
ხმა კედელს აფარებულ თაროთა სიღრმიდან მოდიოდა. ცვილის კაციც იქით დაიძრა. ცდილობდა შორიდანვე ამოეცნო როგორ ხედავდნენ უცნობები ან თავად რა ხერხით უნდა გასულიყო იქითკენ, საიდანაც ეძახდნენ. თაროებს მიადგა, აქა-იქ ხელით მოსინჯა, დაეჯაჯგურა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- გხედავ, ადამიანო, ლანდად გხედავ! მოდი, კედელს მოაწექ! მოდი! – აღარ ცხრებოდა გაღმა ხმა.
ხოვლელმა ერთხელაც მოათვალიერა იქაურობა. მოჩუქურთმებული თაროები პირდაპირ კედელს ეყრდნობოდა. გასასვლელი არ ჩანდა. მაშ... ნუთუ, კედელს იქიდან უძახდნენ?
სანთელი იატაკზე დადო და ორთავ ხელით მიაწვა კედელს აყოლებულ თაროებს.
ერბილა. ხელები დაიკაპიწა, ძალა მიაშველა, დაიძაბა. წეღანდელი თრობა უკვალოდ გამქრალიყო, ხოლო თარო თუ კედელი თაროს უკან, იდრიკებოდა.
- ჰო, ჰო! მიდი გენაცვალე, მიდი! – ახლა უფრო მკაფიოდ ესმოდა ღრიალი და... ღმერთო დიდებულო, ეს ხმაც თითქოს ეცნობოდა.
და შერმადინ ხოვლელმა თუკი რამ ძალ-ღონე ებადა, მთლიანად ამოაფრქვია ცვილის ნატანჯი, მაგრამ ჯერ კიდევ კაჟის სხეულიდან. კედელი დაჰყვა, გაიწია და გაიღუნა. ცოტაც კიდევ იყო საჭირო, ცოტაც...
და ეს ხმაც რომ ეცნობოდა?
გადაინგრა. თეთრმა, თუ ვინ იცის უკვე, რა ფერის ადამიანმა თავი ვეღარ შეიმაგრა, შენგრეულს შეჰყვა, თავადაც გადანგრეულზე გადაინგრა და პირდაღმა დაენარცხა მიწას. გარშემო აწეული წითელი მტვერი შორეულ ქვეყნების ქარსავით დაბზრიალდა. თვალში გამოხედვა შეუძლებელი იყო. ხოვლელი ახველებდა. სხვათა ხველებაც ესმოდა, ოღონდ არ იცოდა ვინ იყვნენ სინი, ვისაც, როგორც ჩანს შველოდა.
მერე კი, როდესაც დრო გავიდა და კედლის ნგრევის ხმა სამუდამოდ ჩაცხრა, წითლად დახუთულ_ჩამოწოლილი ჰაერი ქალის კივილმა გაბზარა:
- ძია შერმადინ!
პირველი ჩანართი
ფრაგმენტი ემიგრანტ ბ. მალაზონიას
მოგონებებიდან. პარიზი 1935 წელი
ახალ წელს ჟენევაში შევხვდით. იყვნენ თამუსია ჩიქოვანი, ვანიჩკა სიმონიშვილი, აქვსენტი ნაჭყებია, მარიამ ლებანიძე, გოგუცა კალანდაძე და კიდევ რამდენიმე კაცი თუ ქალი. გრიგოლ რობაქიძეც ყოფილა, მაგრამ მე არ მინახავს, რადგან ჩემს მისვლამდე წასულა. ჰერმან ფონ დალერიც გვესწრებოდა მეუღლითურთ. ნებაზე ვიმხიარულეთ, გოგუცა კალანდაძემ გვაცინა ბევრი. გოგუცა კალანდაძე და მისი მამიდაშვილი კალე საეთოდაც დიდი კვიმატი ენით იყვნენ ცნობილი. სხვათაშორის, კალე კალანდაძე პარიზში ნესტორ მახნოსთან მეგობრობდა პირადად, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია.
იმ დღეს კი, როდესაც გოგუცამ გვარიანად გვამხიარულა და მეტად სიცილი აღარავის შეგვეძლო, ჰერმან ფონ დალერის მეუღლემ, სარამ, ასო შ –ზე ჩამოაგდო ლაპარაკი. დიდად გატაცებული ბრძანდებოდა ნიშნებითა და ნუმრებით, სიტყვათა და ბგერათა ენერგეტიკაზე შეეძლო ხანგრძლივად საუბარი. აქვსენტი ნაჭყებია აჰყვა და თემაც ფრიად საინტერესოდ გაიშალა. წამოიჭრა დავა, ბოროტისმიერია ასო შ თუ არა. სარა ფონ დალერი ამ ასოსა და ბგერის ენერგეტიკას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, ამბობდა, რომ ამა სოფლის თავადის სახელი სწორედ შ-ზე იწყება და ამიტომ მისი წერილებსა თუ სხვა ნაწარმოებებში გამოყენებისას დიდი წინდახედულება გვმართებს.
- კი, მაგრამ, განა ამავე ასოსა და ბგერაზე არ იწყება ინგლისური სიტყვები საინტ და სავიოურ? – კითხულობდა აქვსენტი. მოკლედ, საუბარს გვიანამდე შევყევით, მე კი ასო შ-ის ხსენებამ და გარჩევამ თავს გადახდენილი ერთი ძალიან უცნაური ამბავი გამახსენსა და საზოგადოებასაც სწორედ ის ვუამბე.
ეს ამბავი 1916 წლის ზამთარში მოხდა, როდესაც განგების ნებით, საკმაოდ უცნაურ კამპანიასთან ერთად კავკასიონის ქედის ფრიად შეუსწავლელ ადგილებში მოვხვდი. მთებში განდეგილად მცხოვრები მავანი სულით ავადმყოფის ნაბოძები ნავით ჩვენ გადავცურეთ უცნაური, თბილი და თოვლის ფერი ტბა, რომლის გადაღმა ნაპირზეც ოდინდელი მონასტრის ნაგებობა გვეგულებოდა, მაგრამ გაღმა გასულთ საოცრება დაგვხვდა: მონასტერი, რომლისკენაც მრავალი წინააღმდეგობის გადალახვით მივიწევდით, ახლა ტბის გადმოღმა მხარეს ანუ იმ ნაპირზე დავინახეთ საიდანაც შეშლილის ნავით აქეთ გამოვემართეთ. შეგიძლიათ იოლად წარმოიდგინოთ სადღაც, ველური ბუნების მკლავებში მიუსაფრად დარჩენილ გატანჯულ-დაქანცულთა მდგომარეობა, როდესაც მათი ფიქრით მიზანთან მისულთ მიზანი იქ დახვდათ, საიდანაც წამოვიდნენ. პირდაღებულნი შევყურებდით ერთმანეთს. ხმა ვერავინ ამოიღო, მე კი მოულოდნელად სიგიჟემდე ამტკივდა თავი. ტკივილლისგან ჩავიმუხლე და თოვლის ჭამა დავიწყე.
- თქვით ვინმემ ახლა რა წყალში გადავვარდეთ, უკან გავცუროთ თუ აი, ამ ტბაში დავიხრჩოთ თავები? _ ყვიროდა სასოწარკვეთას მიცემული ერთი მეგზური, რომლისთვისაც ეს ადგილები სრულიად უცხო და როგორც ჩანს მეტისმეტად დამთრგუნველი გამოდგა.
სასოწარკვეთილებას მივეცით. ჩვენს შორის ერთი ქალიც იყო, ახალგაზრდა, მშვენერი ქალი, რომელიც, უნდა ვაღიარო, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში ყველაზე ღირსეულად და თავშეკავებით იქცეოდა.
- ო, ჰერ მალაზონია, თქვენ ჩვენს მოთმინებასა და ცნობისმოყვარეობას ცდით. გეთაყვა, გვიამბეთ რა მოხდა მერე. სინამდვილეში ტბის რომელ ნაპირზე იდგა ის იდუმალი მონასტერი? – მოუთმენლად მკითხა სარა ფონ დალერმა.
- სარა, ჩემო კარგო, რაკი ბატონი მალაზონია მონასტრის მისტერიაზე თხრობისას იმ მშვენიერ ქალბატონზე ასე საგანგებოდ შეჩერდა, ესე იგი ის მშვენიერი ქალბატონი ორიდან ერთი, ან ამბისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ან ბატონი მალაზონიასთვის, _ დაამატა თავად ფონ დალერმა. ყველამ გაიცინა.
- არ გაგაწბილებთ ბატონებო, მითუფრო, რომ ვატყობ ყველას თქვენ-თქვენი ისტორიები გაქვთ მოსაყოლი და რიგს ელოდებით, _ მივუგე მე და თხრობა განვაგრძე.
საიდუმლო მეგზურთაგან მთავარმა, სახელად ბოლმა ამოხსნა. სახეზე მასაც გვარიან შფოთვასა და სასოწარკვეთას ვატყობდი, მაგრამ ერთნი თუ შფოთვის დროს იბნევიან და უმწეონი ხდებიან, მეორენი პირიქით გამოსავალს ეძებენ და ალბათ, ბოლიც ასეთი უნდა ყოფილიყო.
- მონასტერი აქაა, _ თქვა მოულოდნელად და ისედაც გაჩუმებულები მთლად დაგვადუმა. უცნაურ ამბავს გეტყვით, მისმა ამ ნათქვამმა თავის ტკივილი უცბად მომაშორა.
- მონასტერი აქაა, ტბის ამ ნაპირზე.
- მაშ...
- კი მაგრამ...
- გსმენიათ ოდესმე პანამის შესახებ? მას ლათინური შ-ის ფორმა აქვს და ამიტომ შეღრმავებულ ადგილას მისი აღმოსავლეთ ნაპირი გაცილებით დასავლეთითაა ვიდრე ზედა შეღრმავებულის დასავლეთ ნაპირი. ჩვენ მხოლოდ მონასტრისკენ წასვლაღა გვჭირდება.
იმწუთას ვერაფერს მივხვდი. მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ სადღაც კავკასიონის მიკარგულ მთებში, იმ მთებსავით მიკარგულმა გაბურძგნულმა და დაღლილობისგან ორად მოხრილმა შავდაბელმა მეგზურმა, უცბად პანამის გეოგრაფიაზე ილაპარაკა.
თავი ორმოცდამეერთე
რომელშიც წითელი სამყარო ინგრევა
გულმხურვალე შეხვედრისა და ხვევნა-კოცნის დრო, აბა, ვის ჰქონდა, მაგრამ გული უმაგისოდაც რომ ვერ ითმენს?
_ ძია შერმადინ! _ იკივლა სონიკომ და ცვილის კაცს გულში ჩაეკონა.
_ აქედან უნდა გავიდეთ, _ იყო პასუხი. ცვილის კაცი თრთოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
ისინი კვლავ ერთად იყვნენ, ხუთნი, და ეს გულს უმაგრებდათ. მეტიც, ბიჭმა შერმადინ ხოვლელის ცოცხლად აღმოჩენა განგების ნიშნად მიიჩნია და სახიდან ფართე ღიმილი აღარ სცილდებოდა.
_ ეგ არის, ეგა, _ იმეორებდა დაბეჯითებით და ტყავიდან ძვრებოდა რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. გარშემო კი, ამ დროს, უცნაური ამბები ტრიალებდა: კედლები ცომივით იწელებოდა, იბრიცებოდა და ფორმას კარგავდა. ყველაფრი საჩინო ხდებოდა. ნათლად, ოღონდ წითლად ჩანდა რა იყო კედლებს მიღმა. წიგნთსაცავები, რომლებიც ცვილის ადამიანმა სულ რამდენიმე წუთის წინ რიგ-რიგობით გამოიარა, ახლა სხვადასხვა სართულზე აბრეცილ-ჩაბრეცილიყო. თითქოს გარშემო ვიღაცას მეწამული, ტალღოვანი სარკეების მთელი წყება განელაგებინა. კაცს თავი სიზმრის მუშთეიდში ანაც პესკებზე მოწყობილ სიცილის ოთახში ეგონებოდა.
_ სასწრაფოდ უნდა გავშორდეთ აქაურობას! _ შეშფოთებით გაიმეორა შერმადინ ხოვლელმა, _ უნდა დავადგინოთ, საით არის გასავლელი.
_ ვაგლახ, ძია შერმადინ, ჩვენ არც შემოსასვლელი ვიცით და არც გასასვლელი, _ სონიკო ვერ გრძნობდა, რომ კვლავ გულში იკრავდა ხოვლელს, _ როდესაც ბატონმა ბოლმა ტაძრის ადგილი ამოიცნო ორი ვერსტიც არ გვექნებოდა გავლილი, ალყა რომ შემოგვარტყეს და თავზე ტომრები ჩამოგვაცვეს. შემდეგ კარგა ხანს გვატარებდნენ მარცხნივ-მარჯვნივ თუ აღმა-დაღმა და ბოლოს აი, ამ დილეგში ამოგვაყოფინეს თავი.
მერე:
_ ფრთხლად! დაიხარეთ! _ იღრიალა ბოლმა და მადლობა უფალს, ბოლის დაძახილზე ყველამ მართლაც ერთხმად დახარა თავი, რადგან იმ საკან-დილეგის ჭერი, რომელშიც მიწისქვეშეთის ტუსაღები ერთმანეთს გაქცევას მოუწოდებდნენ, თვალის დახამხამებაში ჯერ ჩამოიზნიქა, შემდეგ კი ისე ჩამოცურდა რომ ოთახი დიაგონალზე შუაში გაწყვიტა.
_ ვახ, რაღაც სიგიჟეა! აქ, არაფერი ინგრევა, ყველაფერი მხოლოდ იბრიცება იწელება და დაცურავს! _ დაიძახა აკანკალებულმა მალაზონიამ.
_ აქეთ, აქეთ! აქეთ, მეტი სივრცეა! _ ეს შერმადინ ხოვლელი უხმობდა მოგზაურებს იმ მხარეს, საიდანაც წუთების წინ თავად შევარდა მათ დილეგში. იქ, ადრინდელი კედლები აღარ ჩანდა და წეღანდელ წიგნსაცავსაც ძველი ფორმა დაკარგვოდა. ჰაერი მძიმდებოდა და წითლდებოდა, ხელთნაწერები მიმოპნეულიყო. ზოგი, უფრო მსუბუქი, დაფარფატებდა კიდეც.
ხუთეული გაიქცა, მაგრამ შედგა.
_ ახლა რა? _ იკითხა სონიკომ.
ქალის ამ კითხვაზე არავის ჰქონდა პასუხი. ერთმანეთს დაბნეულები უცქერდნენ. შერმადინ ხოვლელისთვის ნათელი მხოლოდ ის იყო, რომ საზოგადოდ მიწისქვეშეთიდან გასასვლელი ზევით არის, მაგრამ კერძოდ საით და როგორ, ეს კითხვა დაკვირვებას, მოფიქრებასა და დროს ითხოვდა. თუმცა, იყო კი იმ სამყაროში დრო, სიგრძე, სიგანე და ასეთები? მერედა, ზევით რაც ხდებოდა კარგად აღარც ის ჩანდა, რადგან ჰაერი ისევ წითელი მტვრითა თუ ღრუბლით იფარებოდა და ახლა, ეს ღრუბელი უფრო სველი იყო.
ცვილის კაცმა კვლავ იგრძნო ნეტარი თავბრუ. მყის ჯიბეს ეცა, ქიმიურ ჭურჭლით სითხე ამოაძვრინა და ცხვირსახოციც გაშალა, მაგრამ თვალში სითხის სიმცირე ეცა. მარტო, რომ იყო მაშინაც ბოლო წამამდე ცდილობდა წამლის შენახვას, ახლა კი, როდესაც ხუთნი გახდნენ, ჭურჭლის შიგთავსი ცოტაზეც უფრო ცოტა გამხდარიყო.
_ არც ყველას გვეყოფა და არც დიდხანს გაგვატანინებს თავს.
_ მაშ, წითელი ბანგის წამალია? _ მიუხვდა ბოლი, რომელსაც უპეები სხვებზე მეტად ჩამოსიებოდა და მზერაც ამღვრეოდა.
სონიკოსაც შესიებოდა ქუთუთოები, რეპორტიორი მალაზონია ცხვირზე ხელს მთელი ძალით იჭერდა, აი, ბიჭი კი... საბრალოს სახეზე შესუნთქული ნეტარებისგან გამოყეყეჩებული იერი დაჰფენოდა და ქანაობდა, ამხანაგებს ვეღარ მისდევდა.
_ ბიჭს დაეხმარეთ, ძია შერმადინ, ბიჭს, _ მკლავზე დაქაჩა სონიკომ. შერმადინ ხოვლელიც სწორედ ამას აპირებდა, მაგრამ, ვაგლახ, ცხვირსახოცის დასველება ვერ მოასწრო, _ თითქოსდა არცთუ პატარა ოთახი შევიწროვდა და მათ გარშემო სპირალისეუბრად დაიგრაგნა. მოგზაურები ფეხქვეშ ნიადაგს ვეღარ გრძნობდნენ. ბიჭს ბოლმა დასტაცა ხელი და ბეჭებზე გადაიკიდა.
_ საით?! _ იღრიალა მან, _ ვინმემ მითხარით, საით?!
და მოულოდნელად პასუხი ზემოდან მოესმა:
_ აქეთ, ამ თოკს ამოყევით!
მოგზაურების წინ საიდანღაც მსხვილი, გრძელი თოკი ქანაობდა. ყოყმანისა და კვლევა-ძიების დრო არ იყო. რიგ-რიგობით, თან რაც შეიძლება სწრაფად უნდა აყოლოდენ ვიღაცის ნაბოძებ სიცოცხლის ერთადერთ ძაფს. ახლა მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ ეხმარებოდა, რა ზრახვა ედო გულს, რა მიზანი ამოძრავებდა. ჯერ ბოლი ავიდა, რათა ქვემოდან ბიჭი აეწოდებინათ, შემდეგ სონიკო აუყვა, სონიკოს ცვილის კაცმა მისდია, ბოლო კაცად კი რეპორტიორი მალაზონია დარჩა, რადგან ამაყად გამოაცხადა, გიმნაზიის ტანმოვარჯიშეთა კლუბ “სიცოცხლის გუშაგში” თოკზე ძვრომაში ბადალი არ მყავდაო.
_ აქეთ, აქეთ! _ ისმოდა ზევიდან. ხმას მიჰყვებოდნენ. სადღაც აბობღდნენ და მერე წინ ან ზევით მირბოდნენ. უპეებდასიებულ ბოლს ისევ მხრებზე შემოეგდო ბიჭი.
და მირბოდნენ სხვებიც, განა მარტო ხუთნი. ეს, ალბათ სწორედ ის ხალხი იყო, ვინც თოკი ჩამოუშვა და ვინც შერმადინ ხოვლელს ადრეც მიასწავლა გზა.
შერმადინ ხოვლელმა შეიცნო კიდეც:
_ დასტაქარო კონსტანტინე, თქვენ?
დაახლოებით ათნი იყვნენ, თუმცა აქ, წითელ მიწისქვეშეთში რაოდენობასაც აღარ ჰქონდა სიზუსტე. წითელ ბურუსში სილუეტები ჩანდა.
_ მე გახლავართ, უფალო შერმადინ. წამოგვყევით, აქეთ, წინ უნდა წავიდეთ, აქეთ ქვეყანას დნობა ჯერ არ დაუწყია.
_ კი მაგრამ, რა ხდება?
_ მეწამული წარღვნაა. ამის შესახებ ჩვენ ყველას წიგნებში წაგვიკითხავს მხოლოდ.
_ ეშმაკმა დაგლახვროთ, ვის, ყველას?
_ ჩვენ, უფალო შერმადინ, თორმეტი საიდუმლოს შეფიცულთ.
მიწა კი უკვე ერთიანად თუხთუხებდა. ფეხი ეფლობოდა, გადაადგილება ჭირდა. ხმაური მატულობდა, გვერდზე კაცისთვის ხმის მიწვდენა შეუძლებელი ხდებოდა.
_ წინ! წინ! ზედა დილეგებისკენ. იქ მიწა ჯერ წყნარადაა, _ შორიდან მოისმა დასტაქარი კონსტანტინეს ხმა, მაგრამ ამ სიტყვების თქმა იყო და ნიადაგი ჯოჯოხეთურად დარბლდა, ჩაიზნიქა, ჩალპა და სამი თუ ოთხი კაცი დასტაქარის ამალიდან სადღაც, ლავაში ჩაიტანა.
_ კედელს მოეჭიდეთ! _ ღრიალებდა თავად დასტაქარი.
მაგრამ, ანაზდად მოზღვავებულმა გამაყრუებელმა გრუხუნმა მისი ხმაც ჩაანგრია, ნიადაგიც, კედელ-გარემოც, შიშიცა და სმენა-მხედველობაც. დადგა წამი, როდესაც ყოველივე, რაც ქვეყნად დასაბამიდან არსებობდა, დაიკარგა, გაქრა... ოღონდ მხოლოდ წამით, რომლის მერეც სამარისებული დუმილი სულაც არ ჩამოვარდნილა. მერე მხოლოდ გრუხუნი იქცა შხუილად და ყოველივე ერთ დიდ დარბაზად გაერთიანდა. ვინ საით გადავარდა, ვინ სად დაეცა. უმრავლესობამ გონება დაკარგა.
და ცვილის კაცმა კი დაინახა ის! დემონი! სრულიად შიშველი, წითელი, საზარლად დაჭყეტილი თვალებით. ისინი პირისპირ, ხელის ერთ გაწვდენაზე იდგნენ და ჯიქურ უყურებდნენ ერთმანეთს. მიწისქვეშეთი დუღდა, ხოლო ორი კაცი დუმდა, ერთი დაკვირვებული, მეორე კი გიჟური დუმილით. და დუმილი ხმაურში ცვილის კაცმა დაარღვია.
_ პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ეს შენ იყავი ჯამალ.
დემონმა პასუხი არ გასცა.
_ შენ გეუბნები, მორია ბეი, ნუთუ ემაგ წითელმა სუბსტანსიონმა თავად დაგაყრუა? მეცნიერებითა და ბოროტებით იმთავითვე შეგიცანი, ხოლო, როდესაც აქ ჩამოსულმა შენი ავი ზრახვის უსაზღვრობაც ვნახე, აღარაფერში შემპარვია ეჭვი.
დემონმა კვლავ არ გასცა პასუხი.
_ მისმინე, მორია ბეი, შენ დილეგში გყავდი გამომწყვდეული, მაგრამ გამომიშვი, რამაც მიმახვედრა, რომ გჭირდებოდი. შენ შენი უბოროტესი მტრის დახმარება დაგჭირდა, ჯამალ. შენი საძმოს ეს საბრალო წევრები გულუბრყვილოდ მთხოვდნენ მათი წმინდა მინასტრის მეწამული დემონისგან გათავისუფლებას და ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს დემონი თავად იყავი, მათი სარწმუნოების დამაარსებელი, შუამავალი მათსა და შენსავე გამოგონებულ ბომონს, შორის. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ შენ თავად სწორედ იმ წითელმა ნივთიერებამ გაგაგიჟა, რომელსაც აქ, კავკასიის მთებში მიაგენი და რომლის საშუალებითაც ვინ იცის, მთელი ქვეყნიერების დამორჩილებაც გინდოდა.
ხომ იცი მძულხარ, ჯამალ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ კვლავ აღმაფრთოვანა შენმა გონიერებამ და ცბიერებამ. მორია ბეი, გარდა იმისა, რომ დიადი მეცნიერი ხარ, დიადი ბელადიც ბრძანებულხარ და მთელი სამყარო, ორდენი, საძმო, სამწყსო თუ გონებაამღვრეულთა თემი შეგიქმნია. ალბათ, ამით იყავ დაკავებული იმ წლების განმავლობაში, თვალთახედვიდან რომ დამეკარგე. მერედა, ყველაფერი სწორედ გიანგარიშია, ყველაფერი ზუსტად გამოგითვლია, ოღონდ ეგ არის, ბუნების ძალები ვერ დაგიმარცხებია და ღვთის მადლით ვერც დაამარცხებ. ბუნების ძალებმა შენ გაგაგიჟეს. ამ უცხო წიაღისეულის სუნთქვამ შენ მოგწამლა და ახლა, შერყეულს მთელი სამყარო გენგრევა თავზე. მაგრამ, დამიჯერე, ამ წუთას, მორია ბეი, ყველაფერზე მთავარი თავის და ჯერ კიდევ ცოცხალი ხალხის გადარჩენაა. გაგვიყვანე აქედან, თუ ეს შენს ძალა-უნარს ჯერ კიდევ არ აღემატება და იქნებ მაგ სიგიჟისგან გაგკურნო კიდეც. შენც ხომ კარგად მოგეხსენება ჩემი მეცნიერების ამბავი. მორია ბეი, დრო არ ითმენს, მალე მიპასუხე!
ესა თქვა ცვილის ადამიანმა, შიშველ დემონს თვალი გაუსწორა და... მადლობა უფალს თავიც დახარა, ვინაიდან სწორედ, რომ თავს ზევით და სწორედაც, რომ დემონური სიჩქარით, რაღაც გვარიანად დიდმა გადაუფრინა და უკან, ჯერ კიდევ არსებულ, დაღუნულ კედელს მიასკდა. ხოვლელი დაიძაბა და მიიხედა. ეს, ჩოჩნჩხი მიზღერთებოდა კედელს და ნაწილ ზედაც მიკვროდა. მორია ბეიდ წოდებული კი...
წითელი დემონის ღრიალმა ლამის ლავის ღმუილიც დაფარა. დემონი ხტოდა, თრთოდა, ცახცახებდა, თვალებს ყვლეფდა, დუჟი ჩამოსდიოდა.
_ ძია შერმადინ! _ გაისმა სონიკოს კივილი. ეს კივილი ერთდროულად გაფრთხილებისა და შეძრწუნებისა იყო: გარშემო ჩონჩხები დაფრინავდნენ. ზოგი სავსებით გამომშრალიყო, ზოგს კი ჯერ კიდევ შერჩენოდა თმა და გამხმარი ტყავი. ქალი ჰკიოდა, დემონი ხარხარებდა, ლავა დუღდა. გარშემო სიგიჟე ტრიალებდა. და ამ სიგიჟეში საიდანღაც ამოიზარდა ხანჯლიანი კაცი, რომელიც სიწითლისა და სიშლეგისაგან დამახინჯებული სახის მიუხედავად შერმადინ ხოვლელმა იცნო _ ეს იყო ზორბა, რომელიც მის ასაკუწად მოიწევდა, მას კი ხელთ არაფერი ებადა. გაწევით აიცილა პირველი დარტყმა, დაღუნვით მეორე, გაწოლით მესამე, მეოთხე კი... აი, მეოთხე მოქნეულს უიმედოდ დარჩენილი შერმადინ ხოვლელი უკვე სამარადჟამო ქვეყანაში უნდა გაესტუმრებინა, მაგრამ ჰაი, ჰაი, რომ განგებამ ასე არ ისურვა. ერთხელაც იხუვლა წითელმა მიწისქვეშეთმა, ერთხელაც შეტორტმანდა, მერე კი ტალახად აიზილა. ერთმანეთში აირივნენ მფრინავი ჩონჩხები, ერთმანეთს შეაჯახეს მიწანაჭამი ძვლები. დაიგრუხუნა და დაიღმუვლა დედამიწის გულმა, ხოლო ცვილის კაცის დასაკლავად აღმართულ ხანჯალს ნიადაგი უფსკრულში ჩაუვარდა, ღალატით გამოეცალა და იმ ხანჯლის აღმმართავი მკლავ-ტანიანად გადაყლაპა.
შერმადინ ხოვლელი წამოიწია.
_ სონიკო! სონიკო!
თითქოს მოესმა და არც მოესმა პასუხი. შემდეგ ბუნდოვნად, ძალიან ბუნდოვნად, ჩამოწოლილი წითელი ღრუბლის მიღმა რაღაც მოძრაობა გაარჩია. იქით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი: ვიღაც გაწეწილი და ცალხელა სონიკოს საყრდენად შედგომოდა და საითკენღაც აწვებოდა. შემდეგ სონიკოს სილუეტიც სადღაც გაუჩინარდა. შერმადინ ხოვლელი მიიწევდა. აღარსად ჩანდნენ ბოლი, ბიჭი და რეპორტიორი მალაზონია. მერე, საიდანღაც ისევ გამოჩნდა გაწეწილი და ცალხელა. მასაც უხმო. ცალ ხელს უქნევდა და უყვიროდა, ლავის ღრიალის ხმას კი მიწისქვეშა აფეთქებათა ხმა ცვლიდა. შორიახლოს მაინც ისმოდა წითელი დემონის ხარხარი _ გამოჩნდა, ჯამალ მორია ბეი ახალგაზრდა ქალს მიჰყავდა სადღაც. ცვილის კაცს ძალიან ეცნო ეს ქალი.
თავი ორმოცდამეორე
რომელშიც წითელი სამყარო
თეთრით იცვლება და...
როგორც მოზღვავებული წყალი ანგრევს ჯებირებს, ისე გაანგრია მთის სუფთა ჰაერმა მალაზონიას თავსა და ტანში ჩასახლებული წითელი ღრჩობა: კამკამა ჰავა სხეულში წყალსავით დაუგროვდა, გაუძლიერდა, მოუზღვავდა, სიკვდილის ჯებირს მიაწვა და ამოხეთქა _ რეპორტიორმა თვალები გაახილა. თავიდან, როგორც წესია, გონს ვერ მოეგო, ვერ ამოიცნო ვინ იყო, სად იყო და რა უნდოდა. შემდეგ, მოაგონდა ვინ იყო. ვინ იყოს მოჰყვა რა უნდოდა და ბოლოს გიჟ შოლა სარნადის სახეც გამოკვეთა. ასე გაირკვა სადაც ბრძანდებოდა.
ნავში ისხდნენ ერთმანეთს მიყუდებულები. რეპორტიორი ბოლს ეყრდნობოდა, სონიკო - საოცრად თვინიერი და ჩაგრული იერის უცნობ ბერს, ნიჩბებს კი შოლა სარნადი უსვამდა. ბერიო, რომ ვთქვით, მერე გაიგო მალაზონიამ, დასტაქარი კონსტანტინე ყოფილა, წითელი დემონის აქიმთაგანი, ოდესღაც გელათელი მედავითნე, ალბათ ერთადერთი გადარჩენილი ჯამალ მორია ბეის მონათაგან. ამის მეტი კი რეპორტიორისთვის სამარადჟამოდ უცნობი დარჩა.
ნავში ისხდნენ... ეს სხვა ნავი იყო, უფრო დიდი ვიდრე ის, შლეგმა მოგზაურებს უჩინარი ტბის პირას რომ აჩუქა. შოლა სარნადი მარდად უსვამდა ნიჩბებს. რეპორტიორმა თვალები მოიფშვნიტა. დანარჩენები ჯერ კიდევ უგონოდ იყვნენ.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩემი მისსია თქვენი ხსნა იყო და ყველაფერი ამით დასრულდა?! _ თავს დაესხა საბრალო რეპორტიორს ორჭოფობისგან გაბზარული, გაღიზიანებული და ავად მოსასმენი ხმა.
_ ღმერთო, ჩემო.
_ ბატონო?! რაო, რა ბრძანეთ?!
მალაზონიამ სიტყვებს თავი მოუყარა.
_ რა თქმა უნდა არა. სხვისი გადარჩენა კეთილშობილთა მოვალეობაა და არა მისსია _ უღონობისგან ჩურჩულებდა. შოლა სარნადს სახე ეცვალა, თითქოს დამშვიდდა. მალაზონიამ კვლავ მოიკრიბა ძალა:
_ დანარჩენები სად არიან?
_ ნაპირზე დავტოვე. ყველას ერთად ხომ ვერ ჩაგტევდით ამ ტიალ ნავში. თქვენს მერე გადმოვიყვან.
ნაპირი აღარ ჩანდა. სადღაც შორს, თეთრ ნისლში წუხანდელ სიზმარივით ფარფატებდა წითელი ღრუბელი თუ კვამლი. ტბასაც მეწამული გადაჰკრავდა. კიდევ, წყალს ეტყობოდა, უფრო გამთბარიყო.
სონიკო შეიშმუშნა, მალაზონიას ისევ მკვდარსავით ჩაეძინა...
$$$
სამშვიდობოს სულ შვიდნი გავიდნენ. მათგან ექვსნი გონს მოსულნი, მაგრამ გათანგულნი: ცვილის კაცი, სონიკო, ბოლი, ბიჭი, რეპორტიორი და დასტაქარი კონსტანტინე, ხოლო შოლა სარნადი გამუდმებით შლიდა და კრავდა მუშტებს. თოვლზე ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. მოგზაურებს ასეთი ნეტარება დიდი ხანია არ განეცადათ, დასტაქარსა და შოლა სარნადს კი...
ეჰ, ვინ იცის რა ხდებოდა დასტაქარი კონსტანტინეს გულში. შეშინებული ჩანდა, დაზაფრული. ერთი მხრივ გულს თავისუფლების სითეთრე ასუნთქავდა, მეორე მხრივ კი დამნაშავედ, სარწმუნოებისა და საძმოს გამყიდველად გრძნობდა თავს. მის თვალებს ღრმა წყვდიადი დაუფლებოდა. სადღაც უსასრულობაში გაურბოდა მზერაც.
არც შოლა სარნადი იღებდა ხმას. ხანგამოშვებით შინაგან ზღვათა აზვირთება დაეტყობოდა, ხანგამოშვებით კი ვერ გაიგებდით რა _ სიმშვიდე თუ მშვიდი სიგიჟე. ხოლო მათ პირდაპირ კავკასიის დათოვლილი ქედი გადაწოლილიყო და ცაში არწივსავით დაკიდულიყო დუმილი. გადარჩენილი ადამიანები დევების კლდეზე დასვენებით ბედავდნენ ნაგვემი სხეულების სიცოცხლით ავსებას.
_ ამ ამბისა ბევრი რამ ვერ გამიგია. მაგალითად, ვისი იყო ის გვამი ზვავს გადარჩენილებს ხეზე ნიშნად დაკიდული, რომ დაგვხვდა ან ვინ დაკიდა იქ, ხეზე? _ იკითხა ბოლმა.
_ გვამი? _ წარბები აჭიმა ცვილის კაცმა.
_ დიახ, ძია შერმადინ, გვამი. იმ ჩია კაცს გვამი, რომელიც ტფილისიდან გვსდევდა ზორბასთან ერთად. აი, რომელმაც თევზის დუქანში ბატონ მალაზონიას შხამი აპკურა.
შერმადინ ხოვლელმა ნიკაპი მოისრისა. უცბად:
_ ააა!
ყველამ შოლა სარნადისკენ გაიხედა, მაგრამ ის ამ ერთი ბგერის გარდა, როგორც ჩანს აღარაფრის თქმას აპირებდა. ჩანს ეჭვების ახალმა ტალღას თუ დაერია ხელი.
_ ბატონო შოლა სარნად, _ მიუბრუნდა რეპორტიორი მალაზონია, _ განა, მრავალ გასაჭირში არ ამოგვდგომიხართ გვერდით? თქვენი რაინდობის ამბავი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგვავიწყდება, კუბოს კარამდე გვეხსომება, რომ ამქვეყნად არსებობს ღირსეული ადამიანი, რომელსაც განგებამ დიდი მისსია დააკისრა და იგიც მის აღსრულებას შემართებით ელოდება, მაგრამ გაგიბედავთ და ერთსა გთხოვთ: თუკი რამ გსმენიათ ამ გვამის შესახებ, გვიამბეთ და ნუ დატოვებთ განათლებულ საზოგადოებას ამოუხსნელი საიდუმლოს ამარა.
ვაგლახ, ვერც რეპორტიოტის მუდარამ გაჭრა. შოლა სარნადი მდუმარედ იჯდა ხეობისკენ ზურგით. მუშტებს კრავდა.
_ მართლა საოცარია ეს ყველაფერი, _ დაასკვნა ბოლმა.
_ მთავარი კი ისა, რომ ყველანი გადავრჩით, _ სუსტი ღიმილით დასძინა სონიკომ, _ ახლა, როგორც ბატონმა შოლა სარნადმა გვითხრა, მის სტუმრებად ორ-სამ დღეს დავრჩებით, ამასობაში გზაც გაიწმინდება, ჩვენც მოვღონიერდებით და...
_ მე ისედაც კარგ ჯანზე ვარ. გზა, გზა თქვით თქვენა, თორემ... _ ხმა ამოიღო ბოლო ხანს დადუმებულმა ბიჭმა.
_ პატარავ, განა მარტო შენ ხარ და შენი ნაბადი? აი, მე მაგალითად მოსაღონიერებლად ის ერთი-ორი დღე ნამდვილად მჭირდება და თანაც ამ ორ დღეში ბატონი შერმადინისგან ერთი კარგად მოვისმენ სად ჯანდაბაში ვიყავით და ვინ ოხერი იყო ის წითელი ტარტაროზი, _ ხელები გაშსალა ბოლმა.
ცაში კი ისევ შეკრა შორეულმა ფრინველმა კამარა.
_ აააა!
_ ოი, ღმერთო ჩემო.
_ ბატონო შოლა სარნად თუ..., _ კვლავ ბედი სცადა ამ შეყვირების გამო ფიქრით ისევ ხეზე ჩამოკიდებულ გვამთან დაბრუნებულმა მალაზონიამ, მაგრამ, ანაზდად, მშვიდად დაწყებული სიტყვა ყვირილით გაუგრძელდა: _ ვახ, დაიჭირეთ, დაიჭირეთ!
წამოხტომით, დაუძლურების მიუხედავად ყველანი დიახაც, რომ სხარტად წამოხტნენ, მაგრამ ვაგლახ, დასტაქარი კონსტანტინეს დაწევა უკვე შეუძლებელი გამხდარიყო. ან კი საიდან მოიკრიბა ამ უღონო კაცმა ამდენი ძალა? ყველაზე მარდად ისევ შოლა სარნადი გამოუდგა, მაგრამ ვაგლახ, მისი აქოშინებაც ამაო გამოდგა _ წითელი დემონის დასტაქარმა ხელები ისე გაშალა გეგონება ფრთები ჰქონოდა და უხმოდ, შეყვირებისა და თუგინდ წამოკნავლების გარეშე თავისი საცოდავი სიცოცხლეცა და მეწამული მიწისქვეშეთის მისი წილი საიდუმლოც დევების კლდიდან გადაიყოლა.
დიდხანს მიფრინავდა დასტაქარი კონსტანტინე, რადგან მაღალია დევების კლდე. სონიკომ თვალები დახუჭა.
მერე კი ისევ დუმილი ჩამოვარდა.
_ ხეზე გვამი მე ჩამოვკიდე. ნიშანი მოგეცით, მოკვლით კი მე არ მომიკლავს. მხოლოდ დავინახე, როგორ დააცხრა ზურგსუკნიდან წითელკანიანი შეშლილი და თავისივე ფერის დანით როგორ დასერა. მერე... მერე ის შეშლილი ვიღაც ვეება კაცმა მკლავებში მოიქცია, მაგრად გაწურა და დააშოშმინა, ბოლოს კი ორივემ ერთად სულ სხვა ადამიანი წაათრიეს.
_ აი, ის სულ სხვა ადამიანი კი, ეტყობა მე გახლდით, _ თავისთვის ჩაილაპარაკა ცვილის კაცმა, ოღონდ მისი ნათქვამი არავის გაუგია.
მეორე ჩანართი
ფრაგმენტი ემიგრანტ ბ. მალაზონიას
მოგონებებიდან. პარიზი 1935 წელი
ადამიანი სამარის ზღურბლიდან წუთით თუ შემოტრიალდება და გასულ ცხოვრებას თვალს გადაავლებს, ნახავს რომ ქვეყნად აუცილებლად რჩება ისეთი რამ, რისი დედააზრიც ვერ ვერ შეიტყო და ვერ ამოხსნა. მერედა, დედააზრი იქით იყოს, აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენაც, ამბადაც რომ ვერ გაიგო. მართალია, ამ სიტყვების ავტორი სიკვდილისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩემი დრო რომ დადგება თავადაც ასე ვიქნები. დიახ, ვიქნები და განა მხოლოდ ერთ შეკითხვას წავიყოლებ საიქიოს? უპასუხო შეკითხვები იცოცხლეთ, მრავლად დამიგროვდა ცხოვრების გზაზე. მერედა, აკი ვამბობ, ამთავითვე ვიცი, რომ მათ დიდ წილზე ვერასოდეს მივიღებ პასუხს.
სწორედ ერთი ასეთი კითხვათაგანია, ვინ იყო ჯამალ მორია ბეი, ჩემი ოდინდელი ნაცნობისა და მფარველის შერმადინ ხოვლელის უბოროტესი მტერი, რომლის შესახებაც თავად ხოვლელმა კავკასიის ქედზე, დევების კლდედ წოდებული ერთი პირქუში ადგილის წვერზე გამოქვაბულში რამდენიმე კაცს უხალისოდ გვიამბო? იქ რა გვინდოდა და თავს რა გადაგვხდა, სხვა ამბავია და სხვა დროსაც იყოს. ამას ოდესმე ან თავად გამოვცემ ცალკე წიგნად ანაც ვინმე შექანებულ დამწერს ვნახავ, დაუჯერებელი ამბებისა რომ სჯეროდეს და იმას მოვაყოლებ. ცნობილ ბოროტმოქმედ ჯამალ მორია ბეიზე კი შერმადინ ხოვლელის ძუნწი მონათხრობიდან ეს დავიმახსოვრე:
მას სხვა სახელიც ჰქონია, უფრო იტალიური ხმოვანებისა, რომლითაც თურმე კავკასიაში წამოსვლამდე ლონდონში სარგებლობდა. ხოვლელს პირველად 1893 წელს გადაჰყრია და მათ მტრობასაც მაშინ დაუდია სათავე, მერე კი ბედის ნება-სურვილით წესად დანერგილა _ ყველგან, სადაც მორია ბეი ბოროტ საქმეს ხლართავდა, ხოვლელიც ჩნდებოდა და დამნაშავეთა ნაპოლეონად თუ მაკედონელად წოდებულს ხელს უშლიდა. ასე ყოფილა ინგლისში, საქართველოსა თუ მონღოლეთში. გამოქვაბულში მაშინდელი საუბრის დროს შერმადინ ხოვლელმა ბრძანა რაც კი ჩემს გარშემო ჭკუით დაგეგმილი და საგანგებოდ სასტიკი დანაშაული ჩადენილა, მისი მოწყობილი ყოფილა და მათ ნახევარზე პოლიციასა თუ ჟანდარმერიას ცხვირი წაუტეხავსო. სიტყვა სიტყვით მახსოვს, მისი სიტყვები: ჯამალი გენიოსია, განმსჭვრეტი და აბსტრაქტულად მოაზროვნე.
_ ლავაში დაიხრჩობოდა. მოკვდებოდა, _ თქვა ვიღაცამ.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ხოვლელმა არაფერი მიუგო.
მას მერე ჯამალ მორიას უცნაური და საშიში ფიგურა ჩემთვის...
თავი ორმოცდამესამე
რომლის ბოლოს შერმადინ
ხოვლელი და
სონიკო მიხეილის ქუჩაზე
სეირნობენ
_ ძია შერმადინ, _ სონიკო ფრთხილად მიუახლოვდა სავარძელში ჩაფლულ მიტკალივით თეთრ, უსაყვარლეს ადამიანს. ძია შერმადინმა პასუხი არ გასცა. ქალს ჩაეღიმა, სავარძელს მოუარა, ჩაძინებულს მუხლებიდან ვიოლინო აართვა, შემდეგ ისევ სავარძელთან დაბრუნდა და დედის დანატოვარი დიდი ნაქსოვი მოსასხამი მიაფარა. მიძინებულის გვერდით, დაბალ, ფეხებდაგრეხილ მაგიდაზე ჩიბუხი ქრებოდა. წიგნი არ ჩანდა.
_ მაშ, შენ, ამბობ, რომ დავბერდი, _ ანაზდად შეაჩერა მასზე ზრუნვით გაჟღენთილმა ხმამ. სონიკომ ახლა ფართოდ გაიღიმა.
_ არა, რასა ბრძანებთ.
ცვილის ძიამ მაგიდიდან ჩიბუხი აიღო და გააღვივა.
_ როგორ თუ რას. ადრე სავარძელში არ მეძინებოდა, _ თქვა და სურნელოვანი თამბაქოს ბოლქვი გამოუშვა.
_ დაბერება რა სახსენებელია, ძია შერმადინ, ცოტათი ჩვენმა ბოლო მოგზაურობამ თუ დაგღალათ.
_ მართლაც.
სონიკო კარადასთან მივიდა, კარი გამოაღო და შეძვრა. ოთახში მარტო დარჩენილმა თეთრმა ადამიანმა თვალი კედელს გაუსწორა. ერთხანს ჩიბუხს აბოლებდა ფიქრების მატარებელს სადღაც წაყოლილი, მერე წამოდგა, ბუხარს მიუახლოვდა, კედლიდან სამალავის აგური გამოიღო, ხელი შეჰყო და წიგნი ამოაძვრინა _ “სიბრძნე თორმეტი დიდი რიტუალისა”, ტყავშემოსვით აკინძული ძველთაძველი მანუსკრიპტი. ეს მანუსკრიპტი შერმადინ ხოვლელს იმ ადგილიდან წამოიღო, რომლის არსებობა ტფილისში დაბრუნების შემდეგ დასაჯერებლადაც ძნელი გახლდათ.
_ ღმერთო, დიდებულო, _ ჩაილაპარაკა ცვილის კაცმა, _ დედამიწა შეიძლება გაგიჟდეს.
ისევ გაიღო კარადის კარი. ოთახში სონიკო დაბრუნდა. ლანგარზე ორი ჭიქა ჩაი და ათამდე ორცხობილა ედო.
_ ჩაი, ძია შერმადინ. გეყოფათ წიგნთან ბრძოლა.
_ მართლაც, რომ ბრძოლაა, _ ხმადაბლა, უფრო თავისთვის ბრძანა ხოვლელმა, _ ამ წიგნს რაც მეტს ვკითხულობ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მასში მეცნიერება და თაღლითობა საოცრად არის შერწყმული. ვერავინ ამოიცნობს, სად მთავრდება პირველი და იწყება მეორე. როგორც ჩანს, ჩემი უგანათლებულესი მეგობრის ხელთ ერთი მხრივ იყო საბადო, სავსე უჩვეულო და უცხო თვისებებით დაჯილდოვებული წითელი წიაღისეულით, მეორე მხრივ კი მას სჭირდებოდა ხალხი, ყურმოჭრილ მონათა მთელი არმია, რომელიც რაიმე მოძღვრებით უნდა ჰყოლოდა გაბრუებული. დამეთანხმები, ჩემო კარგო სონიკო, რაგინდა რა მოძღვრება სახიფათოა.
_ ნუთუ?
_ რა თქმა უნდა. მოძღვრებამ, თუნდაც ყველაზე კაცთმოყვარულმა, სულ იოლად შეიძლება საშიში ურჩხული გააჩინოს, მონური მორჩილება კი რწმენასთან ბინძური თამაშით მოიპოვება.
_ მაგალითად, ქრისტიანობამ ინკვიზიცია გააჩინა, არა, ძია შერმადინ?
_ ეგ, ჩემო სონიკო, ქრისტიან კაცს მყისიერად, ბევრი ფიქრის გარეშე რომ მოგივა გონებაში. სხვაც ბევრი შეიძლება გავიხსენოთ. თან, ხომ წარმოგიდგენია, რა იოლია რწმენასთან თამაში, როდესაც ხელთ ხალხისთვის უცნობი ნივთიერება გაქვს და მისი წყალობით ათასგვარი ფოკუსის მოწყობა შეგიძლია. ოღონდ...
_ ოღონდ?
_ ოღონდ, ის, რაც ამ წიგნში წერია, ბოლომდე მაინც არ ხსნის წითელი ნივთიერების მოქმედების პრინციპებსა და ხერხებს.
_ თქვენ ხომ გაქვთ იქიდან წამოღებული წითელი ნივთიერება...
_ რა საკვირველია, ძვირფასო, მაქვს, მაგრამ აკი გითხარი, წიგნში ბევრი რამ გაუგებარია და მეორეც, ვაგლახ, ის რაც მე მაქვს, თხევადი აღარ არის, ქანად იქცა. საიდუმლოს ამოსახსნელად ფაფის მაგვარი წითელი ლავაა საჭირო.
_ ძია შერმადინ ნუ მაშინებთ. არ მითხრათ, რომ...
სონკოს სახე ეცვალა, წინადადება ვერც დაასრულა. შერმადინ ხოვლელმა თავი დახარა, დისშვილს თვალი აარიდა. შემდეგ, თამბაქოს მორიგი ბოლქვი შემატა ოთახს, ლანგარზე შემოდებულ ჩაის დახედა და სონიკოს გაუღიმა.
_ წამოდი, მიხეილის ქუჩაზე გავისეირნოთ.
_ ჩაი?
_ ჩაის, რომ დავბრუნდებით, მერე დავლევთ. ჰო, მართლა, სად დაგვეკარგა ბატონი რეპორტიორი?
_ რედაქციაში უნდა იყოს.
_ ჰოდა, იქნებ შემოგვხვდეს კიდეც.
ძია და დისწული მიხეილის ქუჩაზე, რომ ჩავიდნენ ბინდდებოდა. არ ციოდა, ნელა მისეირნობდნენ, საუბრისა და დუმილის მონაცვლეობა ედგათ. ეტლებში შებმული ცხენების კაკუნი ტფილის ქალაქს თავისებურად ამშვენებდა და ამშვიდებდა.
_ მაშ, თქვენ ჯერ ვერ შეიტყეთ, როგორ უნდა იმოქმედო
ადამიანზე ემაგ წითელი წიაღისეულით? _ მორიდებით ჰკითხა სონიკომ თეთრ კაცს.
_ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: წითელი სითხე გონებას რევს და მსხვერპლს ჯალათის შეკვეთას ასრულებინებს. აი, ეს შეკვეთა კი მაინცა და მაინც ვარსკვლავთმრიცხველობასთან უნდა იყოს თუ არა დაკავშირებული, ამას ჯერ ვერ მოგახსენებ. აშკარაა, უფალ ნაპოლეონს თავისი ხალხისთვის მოძღვრება სჭირდებოდა და ამიტომ უცნობ სუბსტანციონს სწორედ ასტროლოგიის მიმართულებით ამუშავებდა, მე კი ვეჭვობ, რომ მისი გამოყენება სხვაგვარადაც შეიძლება, აი, მაგალითად...
_ მაგალითად...
_ მაგალითად...
_ გისმენთ, ძია შერმადინ.
_ ღმერთო დიდებულო, თურმე, საიდან მხსომებია ის ქალი!
ისინი “კურიერის” რედაქციის წინ იდგნენ იდგნენ. სონიკომ გაკვირვებით შეხედა ძიას. შერმადინ ხოვლელი ზედა სართულზე ფანჯარას მისჩერებოდა.
_ ქალი? _ დისშვილმა თავიდან ვერაფერი გაარჩია.
_ ქალი, რომელმაც შეშლილი ჯამალ ბეი წითელ არმაგედონს გაარიდა.
_ ვინ?
_ ის მაშინაც ამ ფანჯარასთან იდგა, ბათუმელ მოღვაწედ გადაცმული მორიელებით შეპყრობილ რეპორტიორს რომ დავეძებდი.
_ როდის, ძია შერმადინ? ვინ? რას ბრძანებთ?
_ ღმერთო, თან როგორ ჰგავს.
დაბნეულმა სონიკომ ცვილის კაცს თავი ანება და ისევ ზევით შეეცადა რაიმეს გარჩევას. რამდენიმე ნაბიჯით მარცხნივ გადაინაცვლა.
აქედან უკვ ჩანდა: “კურიერის” რედაქციაში მხურული ფანჯრის მინას შერმადინ ხოვლელის დისშვილისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქალი მისდგომოდა და პაპიროსს ეწეოდა.
ქალს ერთიანად წითელი სახე ჰქონდა.