| მოგზაურის დღიურები |
|
გაზიარება
|
ვინ იცის შვედეთში,
სად არის გეორგია
ყოველთვის ვოცნებობდი მოგზაურობაზე. ასე მგონია, არ არსებობს წიგნი მოგზაურობასა და თავგადასავლებზე, მე რომ არ წამეკითხოს. სკოლის ბიბლიოთეკარის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დილით გატანილ წიგნს საღამოს თუ არა, მეორე დღეს მაინც ჩავაბარებდი. ვკითხულობდი შეუსვენებლივ _ გაკვეთილზე, ჭამის დროს, ღამით... ისიც წავიკითხე, რომ გემი `შოთა რუსთაველი~ წლის განმავლობაში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც შემოუვლიდა დედამიწას. ახლა იმაზე ფიქრი ამეკვიატა, სკოლის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ სამუშაოზე (მიმტანად, დამლაგებლად, უბრალო მუშად) მოვწყობილიყავი გემზე და მემოგზაურა.
სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ოცნება მოგზაურობაზე, ასე თუ ისე, ამისრულდა. ახალ ქვეყანას რომ ნახულობ, უამრავ სიამოვნებას იღებ, თითქოს სიმდიდრე გემატება. დრო გადის და თანდათან გრძნობ, რომ გიჩნდება სურვილი, სხვასაც გაუზიარო შენი შთაბეჭდილებები, ის ვნებათაღელვა, რომელიც მოგზაურობის დროს განიცადე.
ამ ჩანაწერებს თავდაპირველად ჩემთვის ვაკეთებდი, მერე ახლობლებსაც წავაკითხე. შესაძლოა, მკითხველისთვისაც აღმოჩნდეს საინტერესო.
1992 წლის დასაწყისია. საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ქართველი საზოგადოება გახლეჩილია _ ზოგი ზვიად გამსახურდიას ემხრობა, ზოგი _ ედუარდ შევარდნაძეს. ძმათა კვლამდე აღარაფერი დარჩენილა...
საზოგადოების ერთ ნაწილს ნეიტრალური პოზიცია უკავია... ვერც პოლიტიკაში ჩარეულა, ვერც საქმისთვის მოუკიდია ხელი და მხოლოდ იმის იმედად დარჩენილა _ დრო ყველაფრის მკურნალიაო.
საზოგადოების ამ ნაწილს მეც ვეკუთვნი _ აკაკი გეგენავა, ჩვეულებრივი თბილისელი ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოს გარეშე არსებობა ვერც წარმოუდგენია...
უცხოეთში კაცი ბევრი მიზეზის გამო მიდის, მათ შორის _ დროებით სამუშაოდ. ბოლო დროს პოპულარულიც კი გახდა სიტყვა `შაბაშნიკი~, რომელსაც იმ ადამიანებს უწოდებენ, ვინც ცდილობს, მატერიალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს და იმ ქვეყანაში მიდის, სადაც, მოარული ხმების თანახმად, `კარგად უხდიან~. მეც `შაბაშნიკების~ რიგში ჩავეწერე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ რუსეთში წავსულიყავი, საზღვრების გახსნით ვისარგებლე და ევროპის გზას დავადექი.
ჯარში ტალინში ვიყავი ნამსახურები და ერთ იქაურ რუს ახალგაზრდას, ედუარდს დავუმეგობრდი, რომელიც თარჯიმნად მუშაობდა ერთ უცხოურ კომპანიაში. მან შვედი ბიზნესმენი, უფე ნინსენი გამაცნო. ნინსენს უნდოდა, ერთობლივი საწარმო გაეხსნა საქართველოში. ჩამოვიდა კიდეც თბილისში. ათასგვარი გეგმაც დავსახეთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებდით. მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება _ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო _ საქართველოში არეულობა დაიწყო და ყველა გეგმა სამომავლოდ გადაიდო...
გავიდა დრო, გამახსენდა უფე, დავუკავშირდი და მანაც უყოყმანოდ დროებითი მიწვევა გამომიგზავნა. სასწრაფოდ გავამზადე საბუთები და გზას დავადექი.
ტალინიდან სტოკჰოლმში სამოქალაქო გემით _ `ესტონია~ _ გავემგზავრე. ეს ის გემია, რომელიც 1994 წელს ჩაიძირა (ასე რომ, გადავრჩი...).
შვედეთის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ: რომ იქ ყველაზე დიდი გადასახადებია, ყველაზე მეტად არის გავრცელებული პორნოგრაფია, ალკოჰოლი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ეს ხელს არ უშლის იქაურებს იმაში, რომ ხშირად დალიონ, ასე რომ, ამართლებენ ცნობილ გამონათქვამს _ `შვედივით მთვრალი~...
ჩემმა მასპინძელმა, უფე ნინსენმა ძალიან თბილად მიმიღო. 45 წლისას მეოთხედ მოესწრო დაქორწინება. 6 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავდა. მისი მეოთხე ცოლი, მშვენიერი არხა, თავის გერზე 3 წლით უმცროსი იყო...
უფე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია, აქვს რამდენიმე ხის გადამამუშავებელი ქარხანა და პლასტმასის საწარმო. ბიზნესს არა მარტო ფულის შოვნის საშუალებად, არამედ სპორტის სახეობადაც აღიქვამს. როგორც მითხრა, ყოველთვის მოსწონდა არასტანდარტული ცხოვრება, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესმენი ეწევა.
უფე ტიპური შვედია _ მაღალი, გრძელსახიანი და ცისფერთვალება. თავიდან, შვედი შეიძლება, ვერც განასხვავო ნორვეგიელის ან დანიელისგან, მაგრამ საკმარისია, ორიოდე კვირა იცხოვრო შვედეთში და ეს პრობლემაც მოგეხსნება: დაახლოებით იგივე სიტუაციაა რუსისთვის, რომელიც კავკასიაში არ ყოფილა და თავიდან, ერთმანეთისგან ვერ არჩევს ქართველს, სომეხსა და აზერბაიჯანელს.
შვედები, როგორც ჩრდილოელ ერს შეეფერება, ცივ და მკაცრ ადამიანებად მოგეჩვენებათ (ბუნებამ თავისი დაღი დაასვა ამ ხალხს _ ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში მხოლოდ 2 თვეა ზაფხული, თანაც ისეთი, როგორიც ჩვენში მარტია), მაგრამ თუ დაგიახლოვდა და მიგიღო, ეს `სიცივე~ სრულიად ქრება. ისინი არც მალავენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ემოციურ, მოსიყვარულე და სექსუალურ ადამიანებად მიაჩნიათ თავი. უყვართ მუსიკა და... სასმელი.
თავიდან, ერთი რამ მიკვირდა, შემდეგ კი შევეჩვიე: თითქმის არ შემხვედრია მამაკაცი ან ქალი, რომელსაც სამჯერ თუ არა, ორჯერ მაინც არ დაუდგამს თავზე საქორწინო გვირგვინი. მხოლოდ ერთხელ შევხვდი წყვილს, რომელმაც ერთად გაატარა ცხოვრება 80 წლის ასაკამდე (და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზე გვიან _ 60 წლის ასაკში იქორწინეს).
ერთხელ ვკითხე უფეს _ რა ხდება, სიყვარულს ვერ უფრთხილდებით-მეთქი? _ პირიქით, ჩვენი სიყვარული ძალზე მყარიაო, _ მიპასუხა. _ რაღაც ვერ გავიგე, თუ ძმა ხარ, ამიხსენი-მეთქი, _ გაკვირვებული ვუცქერდი ჩემს მასპინძელს... _ ჩვენ როდესაც გვიყვარს, ერთად ვართ, მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ სიყვარული ნელდება, იმის შიშით, რომ სიძულვილში არ გადავიდეს, გაყრას ვამჯობინებთო.
შვედეთში თუ ვინმე ნამდვილად უყვართ, ეს სამეფო ოჯახია. ყველა ექსკურსია მეფის სასახლიდან იწყება, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გამლასტანი ჰქვია. ზაფხულში ყოველდღე, ზამთარში _ დღეგამოშვებით, დღის 12 საათზე სასახლესთან ეწყობა ეფექტური სანახაობა: სამხედრო ორკესტრის, რთული ქორეოგრაფიული კომპოზიციისა და დოლების ბრაგაბრუგის ფონზე იცვლება სამხედრო დაცვა. მეფის, დედოფლისა და უფლისწულის ფოტოები ნებისმიერ ჯიხურში იყიდება. იყო დრო, როდესაც ახალგაზრდა მეფე, კარლ XVI ჯინსით დადიოდა, არც ერთ დისკოთეკას არ აკლდებოდა და არაფრით ჩამოუვარდებოდა იმდროინდელ პანკებს, რაც სამეფო ოჯახის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე უფლისწულმა გაიცნო სიმპათიური თარჯიმანი _ სილვია (ნახევრად ბრაზილიელი, ნახევრად გერმანელი) და სასწრაფოდ გადაწყვიტა მასზე დაქორწინება. როგორც ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერიდან გვახსოვს _ `მეფეს ყველაფერი შეუძლია, სიყვარულით ქორწინების გარდა~, მაგრამ შვედები თავიანთი უფლისწულის სურვილს წინ ვერ აღუდგნენ...
ქორწინება საოცრად იღბლიანი აღმოჩნდა _ სილვიამ ოჯახის პატივისცემა დაიმსახურა. მეტიც, საზოგადოებრივი გამოკითხვისას, მას ხშირად, ცნობილ შვედ პოლიტიკოსებზე მაღლა აყენებენ.
შვედეთში კონსტიტუციური მონარქიაა. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია სკანდინავიურ სოციალიზმად ცნობილი მიმდინარეობის პრინციპების ერთგულია. მოსახლეობის სოციალური დონით შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, ბოლო წლებში ქვეყანას რამდენადმე გაუჭირდა უწინდელი ტემპის შენარჩუნება, ვინაიდან სოციალურ პროგრამებზე იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე სახელმწიფოს ძალუძს. ჰოდა, სოციალ-დემოკრატებსაც სულ უფრო უჭირთ საბაზრო ეკონომიკისა და სოციალური გადანაწილების სისტემის ურთიერთშეხამება...
მასპინძელი ყურადღებას არ მაკლებდა: დავყავდი ათასნაირ წვეულებასა და შეხვედრაზე. სამწუხაროდ, არავინ იცოდა, სად იყო გეორგია, ბევრს ამერიკელი ჯორჯიელიც კი ვეგონე. თავიდან დაუზარებლად ვუხსნიდი, სად იყო საქართველო. პატარა რუკაც დამქონდა და ვაჩვენებდი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობას, მაგრამ _ უშედეგოდ: გავიდოდა ცოტა ხანი და ისევ რუსს მეძახდნენ. ეს მაღიზიანებდა და ხშირად, დაახლოებით ასეთი დიალოგის მონაწილე ვხდებოდი:
_ სტალინი ხომ გაგიგონიათ?
_ დიახ.
_ ჰოდა, მე სტალინის სამშობლოდან ვარ.
_ მერე, სტალინი რუსი არ იყო?!.
გავიდა ხანი და მეც შევეჩვიე ამას. თუ გუნებაზე ვიყავი, მოთმინებით ვუხსნიდი ყველაფერს, თუ არა და _ ამერიკელი ვარ-მეთქი, _ ვეუბნებოდი...
ერთი დარდი მქონდა _ როგორ გამემართლებინა `შაბაშნიკობა~. შვედები სტუმართმოყვარე ხალხია _ ზედ გადაგყვებიან, ყველაფერს დაგათვალიერებინებენ, მაგრამ დიდად არ ეპიტნავებათ იმიგრანტები, სამუშაოდ ჩასულებს კი საერთოდ ვერ იტანენ. შვედი ძლიერ უფრთხილდება თავის სამუშაო ადგილს და არავის დაუთმობს მას, მით უმეტეს _ უცხოელს. ამიტომ მიზანი, რომლითაც იქ წავედი, ჩიხში მაქცევდა...
თუ ვინმემ სტოკჰოლმის რამდენიმე სიტყვით აღწერა ისურვა, ალბათ იტყვის: ლამაზი, სუფთა და უსაფრთხო ქალაქიაო. იგი ბალტიის ზღვის მრავალ პატარა კუნძულზეა განლაგებული. ქალაქში საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ყველა ძირითადი კვანძი გადის. ტბა და მდინარე ქვეყანაში უხვად არის და სტოკჰოლმი მათ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ლამაზი ხიდებით დაფარულ ქალაქში მშვენიერი სახლები მწვანეშია ჩაფლული. ქალაქის ცენტრში და მის გარშემო უზარმაზარი, მოვლილი ტყე და მდელოებია. ქუჩები და სკვერები საოცარი სისუფთავით გამოირჩევა. წარმოიდგინეთ, იქ შეგიძლიათ, ქალაქის ნებისმიერ ადგილას იბანაოთ და ითევზაოთ კიდეც.
`წყლის ფესტივალი~ უდიდესი დღესასწაულია არა მარტო შვედეთში, არამედ მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. ეს ზეიმი რომ აღნიშნონ, დედაქალაქის მცხოვრებლები მთელი კვირით ივიწყებენ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ დროს მთელ ქალაქში არავის სძინავს. ამ დღეებში უამრავი როკკონცერტი, ფოლკლორული კონკურსი, ფეიერვერკი თუ სპორტული შეჯიბრება იმართება. თუ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა გინდა, წინასწარ უნდა შეიძინო `ფესტივალის პასპორტი~, რომლითაც კონცერტების უმეტესობას უფასოდ დაესწრები, საღამოობით კი უფასოდ იმგზავრებ, ნავითაც ისეირნებ და სუვენირებსაც ნახევარ ფასად იყიდი.
ფესტივალის კულმინაცია `იხვების შეჯიბრია~. ათასამდე ხელოვნური (ქაღალდის) მცურავი იხვის პატრონი ეჯიბრება ერთმანეთს. გამარჯვებულს ჯილდოდ ავტომანქანა `ვოლვო 850~-ს თავად მეფე-დედოფალი გადასცემს. რა თქმა უნდა, მეც მომინდა ახალთახალი შვედური მანქანის მოგება და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში. უფეს შვილებმა ქაღალდისგან იხვის გაკეთება მასწავლეს, მაგრამ საუბედუროდ, არაფერი გამომდიოდა. ვინანე _ რატომ არ ვუჯერებდი შრომის მასწავლებელს და არაფერი ვისწავლე-მეთქი...
ფესტივალზე პოპულარულია ასეთი ხუმრობა: ერთი ტურისტი ეკითხება მეორეს: _ რა, მართლა ასეთი სუფთა წყალია შვედეთში? _ არ ვიცი, წყლის გასინჯვა ვერა და ვერ მოვახერხე, სულ ლუდის სმა მიწევდა...
მე თუ მკითხავთ, დიდი ვერაფერი ხუმრობაა, ხოლო ლუდი იქ მართლაც ძალზე გემრიელია და ისევე, როგორც მთელ ევროპაში, ბლომადაც სვამენ. ყოველ ნაბიჯზეა გახსნილი ბარი, ეს კი ისეთი ადგილია, სადაც შვედი სრულიად `ეშვება~: ის მთელი კვირა ელოდება პარასკევს, რომ საღამოს ბარში შევიდეს და გაილეშოს. ზოგიერთი გადაბმულ სმას კვირა საღამომდეც აგრძელებს... ამ პერიოდში ისინი, თითქოს ყველა საზრუნავსა და პრობლემას ივიწყებენ, ერთმანეთს და სხვებსაც სიყვარულს ეფიცებიან. ამავე დროს, ეს ის მომენტია, როდესაც შეგიძლია გააკეთო ის, რაც სხვა დღეებში წარმოუდგენლად გეჩვენება _ ვთქვათ, გაიცნო ადამიანი, რომელმაც შეიძლება, შენი ცხოვრება შეცვალოს, მაგალითად, საქმიანი კაცი, რომელიც სამსახურში მოგაწყობს, ან მშვენიერი მანდილოსანი, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებს. ფლირტი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა _ გააჩნია, რამდენად იღბლიანი ან... მარიფათიანი ხარ. შვედეთში ყოფნისას, ხშირად შევხვედრივარ ჩემსავით, სამუშაოს საშოვნელად ჩასულ რუსებსა და თურქებს, რომლებიც უბრალო ფლირტის ან ბედნიერი შემთხვევის იმედით, ცხოვრების აწყობას ცდილობდნენ და გაუმართლათ. მსგავსი ბედნიერი შემთხვევა მეც მქონდა, რაზეც მოგვიანებით მოგიყვებით.
ბევრს, ვინც ევროპაში საშობაოდ, ფეიერვერკებისა და მხიარულების სანახავად წასულა, იმედი გასცრუებია: ამ დროს ქუჩები და სკვერები დაცარიელებულია, რადგან იქაურები შობას ოჯახებსა და ახლობლებში ხვდებიან. თუ გინდათ, ნამდვილი საშობაო ზეიმის მომსწრე გახდეთ, სტოკჰოლმში დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა ჩახვიდეთ: ამ დროს ქალაქის ცენტრალურ პარკში მთავარი საშობაო ბაზრობა იხსნება.
სტატისტიკური მონაცემებით, შვედები თავისებურ რეკორდს ამყარებენ: თითოეული ადამიანი საშობაო საჩუქრებისთვის საშუალოდ, 3.000 კრონს (400 დოლარს) ხარჯავს. ფერადოვან, მრავალგვარი ნაწარმით გადატენილ ვიტრინებს ევროპის ნებისმიერ ქალაქში ნახავთ, მაგრამ წმინდა ლუისის დღესასწაული მხოლოდ შვედეთში იმართება.
ბევრს მიაჩნია, რომ შვედი ქალები ყველაზე ლამაზები არიან, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იქ სილამაზის კონკურსების ჩატარება უყვართ. 14 დეკემბერს სილამაზის კონკურსი იმართება ყველა კოლექტივში, სადაც ორი ქალი მაინც ჰყავთ. თუ არ ჰყავთ, იქაც იმართება, ოღონდ _ კონკურსში, თანამშრომელთა ცოლები მონაწილეობენ! კონკურსები მოკრძალებულად ტარდება (არანაირი ბიკინი და მოკლე კაბა), რადგან ეს მაინც საშობაო დღეებს ემთხვევა...
წინასაშობაო კვირის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია ქუჩებში წმინდა ლუისის ქანდაკების გამობრძანება. ზამთრის სიცივეში, ბავშვების სიმღერის თანხლებით, ჩირაღდნებით განათებული ლუისი საოცარი სანახავია.
თავისებურ ხიბლს წინასაშობაო კვირას ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ანიჭებს. რა ფერის კაბაში იქნება გამოწყობილი დედოფალი? ვის გვერდით დაჯდება პრინცესა?.. ამ და მსგავსი ტიპის სხვა კითხვებს უტრიალებს ყველა შვედური გაზეთი. 10 დეკემბერს კი, მთელი ქვეყანა ტელევიზორს ვერ სწყვეტს თვალს.
სტოკჰოლმის რატუშის ცისფერი საბანკეტო დარბაზის დიზაინი ყოველგვარ ფანტაზიას სცდება. უთვალავ გაშლილ სუფრას უსხედან: სამეფო კარის წარმომადგენლები, ინტელექტუალური ელიტა, მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, ზეპური საზოგადოება. აქ `გამოფენილია~ ფანტასტიკური საბანკეტო კაბები, უძვირფასესი სამკაულები და უამრავი ყვავილი, რომელიც სპეციალური ავიარეისით ჩამოაქვთ იტალიის ქალაქ სან-რემოდან, სადაც ალფრედ ნობელი გარდაიცვალა... ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, მეჯლისი იმართება. ცერემონიის ამ ნაწილს ტელევიზიით არ უჩვენებენ, მაგრამ თუ 300 დოლარი გაქვთ, გეძლევათ საშუალება, შეიძინოთ ბილეთი და შესაძლოა, ნობელის პრემიის ლაურეატთან ერთადაც იცეკვოთ...
ჩემდა გასაკვირად, შვედეთში იმდენად ბევრი პოლიციელი ვნახე, რამდენსაც ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ ნახავთ _ სადაც არ უნდა გაიხედო, ან პოლიციის მანქანას წააწყდები, ან ფორმიან კაცს.
ამ ქვეყანაში შეიძლება: გაიარო კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე, გაშალო კარავი, იბანაო და ისეირნო ნავით, დაანთო კოცონი, დაიჭირო თევზი, დაკრიფო სოკო...
არ შეიძლება: ძალიან ახლოს მიხვიდე კერძო სახლთან, გაჩეხო ტყე, დაყარო ნაგავი, გაიარო ავტომობილით იქ, სადაც არ არის გაყვანილი სამანქანო გზა.
უნიკალურ ინფორმაციას ვფლობდი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ფულის შოვნა. იგი ერთმა ლენინგრადელმა ბიჭმა გამანდო და `ზედგამოჭრილი~ ალბათ, მხოლოდ შვედეთისთვის იყო.
...როცა ციხეზე ჩამოვარდება საუბარი, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლებს ხოლმე. შვედეთის ციხეზე ამას ვერ იტყვი. იქ ციხე სანატორიუმს უფრო მოგაგონებთ, საკანი _ დამსვენებლის ოთახს, სადაც საშხაპეც არის, ფერადი ტელევიზორიც და ტელეფონიც. მსუბუქი დანაშაულის ჩამდენს უფლება აქვს, შაბათ-კვირა საკუთარ ოჯახში გაატაროს. იქაურ ციხეში პატიმარს შეუძლია, აკეთოს ის, რაც მოეპრიანება: იკითხოს წიგნი, დაეუფლოს ახალ პროფესიას, იმუშაოს ან არ იმუშაოს. არავინ არაფერს დაგაძალებს, მაგრამ თუ იმუშავებ, ხელფასსაც მოგცემენ, თანაც _ საკმაოდ მაღალს.
საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. ევროპელები არ იცნობდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფსიქოლოგიას. ვინც საბჭოეთიდან ჩადიოდა, ყველა ეცოდებოდათ და თანაუგრძნობდნენ. ნორმალური ცხოვრებისათვის ყველა პირობას უქმნიდნენ. ამით ისარგებლეს ყოფილმა საბჭოელებმა და სხვადასხვა ეშმაკობას მიმართეს. თავიდან, ევროპელები გულუბრყვილო ბავშვებივით იქცეოდნენ, ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება კაცმა ჩაიდინოს ის, რასაც ისინი გონებაშიც ვერ გაივლებენ: მაგალითად, ჩამოვიდოდა კაცი, ნახავდა, რომ ხეირიანი არაფერი გამოსდის და იწყებდა იმაზე ფიქრს, როგორ მოხვედრილიყო ციხეში. მერე იქ სწავლობდა ენას, ეუფლებოდა პროფესიას და მცირეოდენ თანხასაც აგროვებდა... ამ ეტაპის გავლის შემდეგ, ის უკვე მზად იყო ქვეყანაში საცხოვრებლად. თუ დატოვებდნენ, ხომ კარგი, თუ არა და _ ხელცარიელი მაინც არ ბრუნდებოდა სამშობლოში... ასე რომ, მისი მთავარი ამოცანა იყო, რამე დაეშავებინა. უმეტეს შემთხვევაში, ასეთები ამტვრევდნენ მაღაზიის ვიტრინას, ჭრიდნენ ხეებს და ა.შ. ამან იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ ხელისუფლებამ, რომელიც თავიდან ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა უცხოელთა `ანცობებს~, მიიღო გადაწყვეტილება _ ყოველგვარი გამოკითხვისა და სასამართლო განხილვის გარეშე, თვითმფრინავში ჩაესვათ და სამშობლოში გაემგზავრებინათ უკანონო იმიგრანტები.
...შეიძლება ითქვას, მეფურად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. მასპინძელი ყურადღებას არ მაკლებდა. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ვფიქრობდი: აქ მაინც ვერაფერს ვაბამ თავს, სხვა ქვეყანაში ხომ არ გადავსულიყავი-მეთქი?.. ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვყოფილიყავი სტუმრის სტატუსით და როდემდე მეგრძნო თავი პარაზიტად?!. ამ ფიქრებით დამძიმებული ვიჯექი ბარშიც, სადაც შვედების მსგავსად, მეც ვცდილობდი პრობლემებისგან განტვირთვას. რა დაგიმალოთ და, ბევრი შვედი გავიცანი, რამდენიმეს დავუმეგობრდი კიდეც, ხშირად მაღალ, ქერათმიან გოგონებთანაც `ვფლირტაობდი~. სამწუხაროდ, არაფერი გამომდიოდა _ ან შნო და მარიფათი მაკლდა, ან ბედი არ მწყალობდა...
დედაჩემს პატარაობიდანვე დავყავდი ფორტეპიანოზე. მართალია, ბეჯითად არ ვსწავლობდი, მაგრამ ელემენტარული ჩვევები მაინც გამომიმუშავდა. უფროს კლასებში თბილისში ცნობილი გიტარისტის, გურამ მღებრიშვილის მოსწავლე ვიყავი და არცთუ ისე ცუდად ვუკრავდი. მართალია, ვოკალში მოვიკოჭლებ, მაგრამ ქართულ სუფრასთან და მეგობართა წვეულებებზე თავი ყოველთვის გამომიჩენია...
შვედეთის თითქმის ყველა ბარში მუსიკა ცოცხლად სრულდება. რა გინდა, სულო და გულო, იქ რომ არ მოისმინო _ ჯაზიდან დაწყებული, ბლუზით დამთავრებული. პროფესიონალიზმის დონეც სხვადასხვა იყო, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ პუბლიკა სიმღერას ითხოვდა.
კარგა ხნის შესული ვიყავი ბარში და გრადუსიც მქონდა მიღებული, თანაც, ერთ მომხიბვლელ ახალგაზრდა ქალთან ფლირტის გაბმა ის-ის იყო დავაპირე, რომ შევნიშნე _ მუსიკოსებს მთლად კარგად ვერ მისდიოდათ საქმე: დროდადრო ერთსა და იმავე მელოდიას იმეორებდნენ. ეს იმდენად გამაღიზიანებელი იყო, რომ წასვლაც კი დავაპირე. და უეცრად თავში გამიელვა _ აი, ქალის შებმის საუკეთესო საშუალება!.. ძალა მოვიკრიბე, სცენაზე ავედი და გიტარა ვითხოვე, თან დასარტყამ ინსტრუმენტებთან მჯდომს ვანიშნე, ამყოლოდა... გამომივიდა, თანაც საკმაოდ კარგად. როკ-ენ-როლი ადვილი დასაკრავია, მაყურებლის აყოლიებაც უფრო მოსახერხებელი. იმ საღამოს, მარტო ის გრძელფეხება ახალგაზრდა შვედი ქალი კი არა, მთელი დარბაზი `ჩემს დაკრულზე ცეკვავდა~. სიხარულისგან ცას ვეწიე, თავი ვარსკვლავადაც კი წარმოვიდგინე. იმ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი `კამათელი დაჯდა~. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მუსიკოსი, რომელიც გიტარაზე უკრავდა, უქეიფოდ გრძნობდა თავს და მისი შეცვლაც მომიხდა. დაკვრისას მართალია, შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ ამას მხოლოდ პროფესიონალი თუ შეამჩნევდა.
გარიჟრაჟზე, ერთ-ერთმა მუსიკოსმა, თომასმა 300 კრონი გამომიწოდა და მითხრა _ ეს შენ, დიდი მადლობა, რომ დაგვეხმარეო. _ როგორ გეკადრებათ, მე ისე, სიამოვნებისთვის ვუკრავდი, თან პროფესიონალიც არა ვარ-მეთქი, _ ვუპასუხე მორიდებით. _ შენ რა, გგონია, ჩვენ ვართ პროფესიონალები?.. ჩვენც სიამოვნებისთვის ვუკრავთ, თან ამაში ფულსაც ვიღებთ, თუ გინდა, ხვალაც გამოიარე და ცოტა ფულს გაშოვნინებთ, ჩვენი გიტარისტი რამდენიმე დღე ვერ იმუშავებს და შეგიძლია, შეცვალოო.
თომასმა გამიღიმა, ტელეფონის ნომერი გამომართვა და მეორე დღისთვის დამიბარა.
ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ასეთ ფინალს ნამდვილად არა. მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მუსიკით ფულის შოვნაზე არასოდეს მიფიქრია.
მეორე საღამოს, იმავე ბარში ვიჯექი ჩემს ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად და ვუკრავდი. მუსიკის საშუალებით შევძელი უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვება. ცოტაოდენი ფულიც გამიჩნდა, უფესიც აღარ მრცხვენოდა და სრულფასოვან ადამიანადაც ვიგრძენი თავი...
თქვენ ალბათ იმ ახალგაზრდა ქალის ამბავიც გაინტერესებთ, რომელიც ბარში გავიცანი, სანამ `მუსიკოსობას~ დავიწყებდი. ერთხანს კი ვხედავდი დარბაზში, მშვენივრად ცეკვავდა, მერე თვალთახედვიდან გაქრა. გული დამწყდა, რომ დავკარგე და ბარიდან ცოტა არ იყოს, უხალისოდ გამოვედი, თანაც საკმაოდ ციოდა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მანქანებიც კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ფეხით გავუყევი გზას, ჩემი მასპინძლის სახლი ახლოს იყო. მოულოდნელად შევნიშნე, რომ კაფეს მახლობლად მდგომი მანქანიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა და ღიმილით პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
_ შენ ხარ?! _ სიმართლე გითხრათ, მართლა გამიკვირდა: ჩემ წინ კაფეში გაცნობილი ტერეზა იდგა!
_ დიახ, მე ვარ...
_ რატომ არ მითხარი, რომ მუსიკოსი ხარ? თანაც ძალიან მგრძნობიარედ მღეროდი. საინტერესოა, ასე უკრავს ყველა რუსი ემიგრანტი?
_ მე რუსი არ ვარ, ქართველი ვარ! _ ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
_ ჰო, კარგი, ნუ ბრაზობ, აწი მეცოდინება. ქართველები ვინ ყოფილხართ!..
_ ჩემზე უკეთესებიც არიან. ნახავ, როცა თბილისში ჩამოხვალ. _ წასვლა დავაპირე.
_ სანამ თბილისში დამპატიჟებ, მანამდე მე მინდა, მიგიწვიო ჩემს ვილაში. აქვე, ქალაქგარეთ არის, _ ხელკავი გამომდო და მანქანისკენ წამიყვანა. მეც გავყევი.
იმ დღესვე (უფრო სწორად, გამთენიისას) გავიცანი ტერეზას მთელი ოჯახი: მამა, დედა, ორი ძმა და მასთან ნაჩხუბარი ქმარი, დევიდი. მართალია, ტერეზასთან ჩემი ურთიერთობა, ქმართან მისი შერიგებით დასრულდა (დევიდს ჩემს დანახვაზე გაახსენდა, რომ ტერეზა ქვეყანას ერჩივნა), მაგრამ მასთან ურთიერთობამ ევროპელი ქალების ხასიათში ჩამახედა, რაც შემდეგ, სხვა ქვეყნებში არაერთხელ გამომადგა.
მოკლედ, იმ დღიდან შვედეთში უკვე ორი ახლობელი ოჯახი მყავდა... დღემდე, საქართველოში ვეპატიჟები, ისინი კი _ შვედეთში მიწვევენ...
იმ ხუთი თვის განმავლობაში, რაც შვედეთში დავყავი, ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს. მაგრამ ყველაფერს მომცრო წიგნის ფურცლებზე ვერ დატევ... ერთხანს მუსიკით ვირჩენდი თავს, მაგრამ ეს არასტაბილური სამუშაო იყო. სხვა მუდმივ სამსახურსაც ვერ ვშოულობდი, თან გულიც უცხო ქვეყნებისკენ მიმიწევდა... ჩემი ვიზის დროც იწურებოდა. კი შემეძლო, გამეგრძელებინა, მაგრამ არ მოვინდომე. მინდოდა, სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მადლობა გადავუხადე ჩემს მასპინძელს და შვედეთიდან გავემგზავრე...
რა შესძინა
დანიამ მსოფლიოს
შვედეთიდან კი მივდიოდი, მაგრამ სად _ ვერ გადამეწყვიტა. ამაში ჩემი ერთ-ერთი იქაური მეგობარი, თომასი დამეხმარა. იგი დედით დანიელი იყო. ძალიან უყვარდა ბაბუა და ხშირადაც მიდიოდა მასთან. ერთ დღესაც, გამგზავრების სამზადისში რომ იყო, ჩავეძიე:
_ თომას, სად მიდიხარ?
_ ბაბუა მომენატრა, დიდი ხანია არ მინახავს, _ მიპასუხა.
_ რამდენი წლისაა ბაბუაშენი?
_ იქნება ასე, 75-ის... _ თან დასძინა: _ არა მგონია, მასზე მეტად ვინმე მიყვარდეს ამ ქვეყანაზე.
მის სიტყვებში ოდნავადაც არ შემპარვია ეჭვი _ დანიელს სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა.
_ მერე, არ გამაცნობ?
_ პრობლემას ვერ ვხედავ, წამომყევი და გაიცანი.
ასე გადაწყდა ჩემი შემდგომი მარშრუტი.
ერთი კვირის თავზე, სტოკჰოლმიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, მსუბუქი მანქანით 6 საათი ვიარეთ, შემდეგ, კიდევ 2 საათი _ ბორნით და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ამოვყავით თავი.
ჩვევად მექცა _ სანამ რომელიმე ქვეყანაში ჩავალ, გემში ან თვითმფრინავში მის შესახებ პატარა ბროშურებს ვიძენ და გულდასმით ვეცნობი.
ამ მიწაზე ჯერ კიდევ 100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები, მაგრამ ბოლო გამყინვარების შემდეგ, სიცოცხლე პრაქტიკულად შეწყდა. მერე კი, როცა ყინულმა დნობა დაიწყო და ბალახის საფარი გამოჩნდა, ჩრდილოეთიდან ირმის ჯოგები წამოვიდნენ. ჯოგებს მომთაბარე მონადირე ტომები მოჰყვნენ... დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის X საუკუნეში, დანიელმა და სხვა სკანდინავიელმა ვიკინგებმა ევროპის სანაპიროებზე საომარი მოქმედებები გააჩაღეს. 1016 წელს მათ დაიპყრეს ინგლისი, მოგვიანებით დაპყრობილი სამფლობელო გააფართოეს და გერმანიის ტერიტორიაც მიიერთეს. 1397 წელს, დანიამ, შვედეთმა და ნორვეგიამ ერთიანი სახელმწიფო შექმნეს. შუა საუკუნეებში ეს ქვეყნები ერთმანეთს წაეკიდნენ და დანიამ საკმაოდ დიდი ტერიტორია დაკარგა. დღევანდელი ქვეყნის საზღვრები კი, საბოლოოდ, 1920 წელს დაადგინეს. სახელოვანი ვიკინგების დღევანდელ შთამომავლებს აღარ ესაჭიროებათ ვინმეს შეშინება ტრადიციული რქიანი ჩაფხუტებითა და უზარმაზარი ხმლებით: დღეს მათი ძირითადი იარაღი, პერსონალური კომპიუტერები და ცივილიზაციის უამრავი სხვა მონაპოვარია.
დანიელებმა მსოფლიოს აჩუქეს: გენიალური ფიზიკოსი ნილს ბორი, მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი, გამოჩენილი ფეხბურთელები და სახელოვანი არქიტექტორები. საყოველთაოდ ცნობილია დანიური ლუდი `თურბო~ და ტკბილი დანიური ორცხობილები, რომლებიც რკინის ლამაზ ყუთებშია ჩაწყობილი.
კოპენჰაგენი
გზაში თომასს ვკითხე:
_ მამა შვედი გყავს, დედა _ დანიელი, სად გირჩევნია ცხოვრება?
_ რა თქმა უნდა, შვედეთში.
_ რატომ?
_ როგორ გითხრა... შვედეთში ცხოვრება დინამიკურია, დანიაში კი, თითქოს ერთ ადგილზე დგას, ყველგან სიწყნარეა გაბატონებული...
_ მერე, რა სჯობს სიმშვიდეს!
_ რაღაც ვერ აგიხსენი კარგად. გაეცნობი ქვეყანას და შენ თვითონ მიხვდები.
ნავსადგურში გადასვლისას, ჩვევისამებრ, პასპორტი და ვიზა მოვამზადე. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც საზღვარზე გადავდივარ, გულში რაღაც `მიღიტინებს~ ხოლმე... თუმცა ამჯერად, ნავსადგურიდან ისე გამოვედით, კაციშვილს არ გავუჩერებივართ _ არც მებაჟე და არც პოლიციელი შეგვხვედრია.
_ თომას, გამაგებინე, რა ხდება _ სად არიან მებაჟეები?
_ რომელი მებაჟეები?! შენ რა, რაიმე ნაწარმი ჩამოიტანე?.. _ გაიღიმა მან.
_ ნაწარმი არა, მაგრამ საზღვარი ხომ გადმოვლახეთ.
_ ნუ ნერვიულობ, ამაზე უკვე შვედეთის მთავრობამ იზრუნა. აი, რუსეთიდან რომ ჩამოსულიყავი, მაშინ კი შეხვდებოდი ფორმიან კაცს...
1993 წელს ევროკავშირი შექმნილი არ იყო, მაგრამ სკანდინავიის ქვეყნებს შორის საზღვრები პრაქტიკულად აღარ არსებობდა.
დანიაში 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1,7 მლნ _ დედაქალაქში. კოპენჰაგენი ერთ დიდ სათამაშო მოედანს ჰგავს, რომლის ყველა კუთხეში საოცრად სასიამოვნო ატმოსფეროა გამეფებული. იქაურები უსაზღვროდ ზრდილობიანები არიან. ქალაქის მოედნები და ტროტუარები ქვაფენილით არის მოკირწყლული. ასფალტს იქ მხოლოდ საავტომობილო გზებზე აგებენ.
დანიელები ამაყობენ მეფით _ კრისტიან IV-ით. ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ: კრისტიანმა ააშენა ეს, კრისტიანმა ააშენა ის... მრავალსართულიანი კოშკიდან, რომელიც ჭადრაკის ფიგურას _ ეტლს ჰგავს, მთელ ქალაქს შეგიძლია გადახედო, კარგ ამინდში კი, შვედეთის სანაპიროსაც დაინახავ.
ქალაქი იშვიათი სილამაზით გამოირჩევა. მინიმუმამდეა დაყვანილი თანამედროვე ურბანიზაციის ერთ-ერთი ნიშანი _ ბეტონი და მეტა¬ლოკონსტრუქციები და თვალში საცემია აგურის სახლების სიჭარბე. ქალაქში შუა საუკუნეების ატმოსფეროა შენარჩუნებული. თვალს ახარებს უმაღლესი დონის არქიტექტურა, რომელიც XVIII და XIX საუკუნეებს მიეკუთვნება. გეოგრაფიული მდებარეობით კოპენჰაგენი ყოველთვის ჩრდილოეთ ევროპის ცენტრალური ნავსადგური იყო. საზღვაო პროდუქციით ვაჭრობა დღესაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქალაქისთვის. იქ განვითარებულია გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა და ლუდის წარმოება.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტი 1479 წელს დაარსდა. იქაური სამეფო ბიბლიოთეკა, რომელიც 1673 წელს შეიქმნა ყველაზე ძველია სკანდინავიაში. დანიის სამეფო აკადემია 1742 წლიდან მოქმედებს, ქალაქში ბევრი მუზეუმი და სამხატვრო გალერეაა. დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნების აკადემია. მოქმედებს 3 სიმფონიური ორკესტრი, საბალეტო დასი და თეატრები. მთელი ეს ინფორმაცია მოვაგროვე იმ ორ დღეში, რომელიც მე და თომასმა ქალაქში გავატარეთ. თომასის ბაბუა დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. ჩემმა მეგობარმა, იმისათვის, რომ კოპენჰაგენი კარგად დამეთვალიერებინა, თავის ნათესავთან მიმიყვანა. ბუნებრივია, გიდობას თომასი მიწევდა.
თომასის ბაბუა, კურტი 75 წლის კვალობაზე საკმაოდ მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იგი ფერმერი გახლდათ. რაც თავი ახსოვდა, მხოლოდ ამ საქმით იყო დაკავებული. 4 ფერმას ფლობდა, სადაც 1000 სულამდე პირუტყვი ჰყავდა. სახელმწიფოს, რძესა და რძის პროდუქტებს აბარებდა. საკმაოდ შეძლებულად და კომფორტულად ცხოვრობდა. ერთი დარდი აწუხებდა მხოლოდ: 3 შვილი ჰყავდა _ ორი ქალიშვილი და ვაჟი. ქალიშვილები გათხოვდნენ, ერთი შვედეთში, მეორე კი _ დანიის ჩრდილოეთ ნაწილში. ვაჟიც დაცოლშვილდა და კოპენჰაგენში დასახლდა. მამის ხვეწნას _ მშობლიურ დაბაში დარჩენილიყო, არად აგდებდა და ბერიკაცს ნაშრომი წყალში ეყრებოდა. მეუღლე 15 წლის წინ გარდაცვლოდა და მარტო დარჩენილიყო თავის უზარმაზარ სამფლობელოში.
შვილიშვილებზე გიჟდებოდა, გამორჩეულად თომასი უყვარდა. თომასიც არ ჩამორჩებოდა სიყვარულში. მათი შეხვედრა საოცრად გულისამაჩუყებელი იყო. მეც საკმაოდ თბილად მიმიღო.
თომასმა იცოდა ჩემი გეგმების შესახებ, ის, რომ სტაბილურ სამუშაოს ვეძებდი და ნებისმიერ საქმეს მოვკიდებდი ხელს. სამსახურზე ლაპარაკს რომ დავიწყებდი, თომასი მაჩერებდა და მეუბნებოდა _ პურის ფულს ხომ შოულობ, მეტი რაღა გინდა?! მიდი, დრო ატარეო. მე ვპასუხობდი _ შენ რა გიჭირს, აწყობილი ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომ არ იმუშაო, მთავრობა შენზე მაინც იზრუნებს-მეთქი... ბოლოს, ბაბუას სთხოვა, რაიმე საქმე გამოენახა ჩემთვის და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა.
ამრიგად, დანიაში ჩასვლის პირველსავე კვირას, სამსახური ვიშოვე. ჩემი მუშაობა კანონის დარღვევად ითვლებოდა, მაგრამ ვიცოდით, არავინ მოვიდოდა ფერმაში იმის საკითხავად _ რატომ მუშაობს ეს კაციო (ბოლოს და ბოლოს, იმას ვიტყოდი, ხანში შესულ მეგობარს ვეხმარები-მეთქი). ბაბუა კურტმა თავისი ოთხი ფერმიდან ერთ-ერთი ჩამაბარა. 150-მდე ძროხისთვის უნდა მომევლო. დილის 5 საათზე უნდა ავმდგარიყავი, მომეწველა საქონელი (ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ავტომატიზებულია), რასაც 3-4 საათს ვანდომებდი. შემდეგ, საქონელს საძოვარზე გავუშვებდი, მე კი რძეს ვანაწილებდი ბიდონებში. ორ დღეში ერთხელ მის წასაღებად რძის კომპანიიდან სპეციალური სატვირთო ავტომობილი მოდიოდა. ჩემს მოვალეობაში კიდევ, სადგომის დასუფთავება შედიოდა. ყველა ამ საქმეს დაახლოებით დღის პირველი საათისთვის ვამთავრებდი და საღამოს 6 საათამდე თავისუფალი ვიყავი. 7 საათისთვის საქონელი ფერმაში ბრუნდებოდა და ისევ უნდა მომეწველა. სამუშაო დღეს, ფაქტობრივად, 11-12 საათზე ვამთავრებდი. ამ სამუშაოსთვის ბაბუა კურტი კვირაში 1.000 დანიურ კრონს (რაც 200 ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა) მიხდიდა, 3 კვირაში ერთხელ, 2 უქმე დღე მქონდა.
ფერმა საკმაოდ კეთილმოწყობილი გახლდათ. საკვები და რძის პროდუქტები თავზე საყრელი მქონდა. ერთი ეს იყო, რომ მარტო ვცხოვრობდი: უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 5 კილომეტრი იყო და ცხადია, მოწყენილობას მაინც ვგრძნობდი. შეიძლებოდა, მთელი კვირა ისე გასულიყო, რომ სატვირთო მანქანის მძღოლის გარდა, არავინ მენახა... დასვენების დღეებში, თვითონ ბაბუა კურტი მცვლიდა ან სხვა ფერმიდან რომელიმე მუშას მიგზავნიდა... მანამდე მთელი ცხოვრება ქალაქში, ასფალტზე მქონდა გატარებული, მაგრამ ახლა, გამოცდილი ფერმერივით უზარმაზარ მეურნეობას ვუძღვებოდი. სულ იმას ვფიქრობდი _ ნეტავ, დედაჩემს ერთი თვალით მაინც დაანახვა, რა შრომისმოყვარე შვილი ჰყავს-მეთქი...
უქმე დღეები ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. დანიაში იმდენი ველოსიპედია, რამდენიც ავტომანქანა, შეიძლება _ მეტიც. ასაკის მიუხედავად, ყველა ველოსიპედს დააქროლებს. გზები ორ ნაწილად არის გაყოფილი _ საავტომობილო და საველოსიპედო. საველოსიპედო ბილიკებზეც შუქნიშნები და საგზაო მაჩვენებლებია დამონტაჟებული. მეც შევიძინე ორბორბლიანი `მეგობარი~ და ექსკურსიებს ვაწყობდი: დილით ავიღებდი რუკას, სასურველ დასახლებას ან ქალაქს ავირჩევდი, დავადგენდი მარშრუტს და ღიღინ-ღიღინით გავუდგებოდი გზას.
გზები ერთნაირად ხარისხიანია ქალაქში და ქალაქგარეთ. ისეთი სისუფთავეა, წვიმიან ამინდშიც კი მანქანას საერთოდ არ ეტყობა ჭუჭყი. შევამჩნიე, რომ სოფლად გზების გაყოლებაზე საქონელი ბალახს კი ძოვს, მაგრამ გზაზე არ გადმოდის. ვიფიქრე _ ნუთუ აქაური ძროხები ჩვენსაზე ჭკვიანები არიან-მეთქი?.. თურმე სხვა რამეში ყოფილა საქმე: უბრალოდ, ყოველი გზის გასწვრივ, ნახევარი მეტრის სიმაღლეზე ელექტრომავთულია გაჭიმული, რომელშიც დაბალი ძაბვის დენი გადის.
დანიაში, ფაქტობრივად, არ იგრძნობა განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის. მრავალსართულიანი სახლებიც ნაკლებად შეგხვდებათ. ყველა სოფელში, როგორც წესი, არის სტადიონი, ბიბლიოთეკა, ერთი დიდი უნივერმაღი, სადაც პრაქტიკულად ყველაფერს შეიძენ, ავტოგასამართი სადგური და პატარა ეკლესია სასაფლაოზე. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ენერგოსისტემა _ თითოეულ დასახლებას საკუთარი ელექტროსადგური აქვს. დასახლებაში რომ შედიხარ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს იქ არავინ ცხოვრობს _ `ბირჟა~ არ არსებობს და ადამიანების გასაცნობად, დღისით სტადიონზე, საღამოს კი _ დისკოტეკაზე უნდა წახვიდე. სპორტიც და ცეკვაც დანიელებს ძალიან უყვართ...
ბაბუა კურტს 40-იან წლებში გამოშვებული გერმანული `ოპელი~ ჰყავდა. თვითონ იშვიათად იყენებდა _ ფერმებს შორის ველოსიპედით სიარულს ამჯობინებდა. სამაგიეროდ, ჩემთვის მანქანის თხოვებაზე უარი არასოდეს უთქვამს. მეც ვსარგებლობდი მისი სიკეთით და კოპენჰაგენში დავდიოდი ხოლმე მანქანით. ერთი სიტყვით, ველოსიპედისა და მანქანის საშუალებით, მთელი დანია თუ არა, ნახევარი მაინც შემოვიარე.
დანიელები
ენის ბარიერი ქვეყანაში თითქმის არ არსებობს. ინგლისური, პრაქტიკულად ყველამ იცის. დანიელები ქერათმიანი, მაღალი და საკმაოდ სიმპათიური ხალხია, საკუთარ თავს დანებს ეძახიან. სავსებით საფუძვლიანად, თავს ვიკინგების შთამომავლებად თვლიან. დანიელთა ორ მესამედს მაინც, სხეულზე სვირინგები აქვთ. ეს საქმე აქ ხელოვნების დონემდეა აყვანილი. წელიწადში ორჯერ იმართება კონკურსი _ ვის უფრო მაღალმხატვრული სვირინგი აქვს. გამარჯვებულის ფოტო მეორე დღეს გაზეთების პირველ გვერდებზე იბეჭდება.
დანიელ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს პარლამენტი და პოლიტიკა არ აინტერესებთ. სამაგიეროდ, უყვართ ცეკვა, არაყი ფორთოხლის წვენით და ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოსული მამაკაცები... ქალიშვილების უმრავლესობა გარუჯული დადის და მუდამ გამომწვევად გიღიმის. ყოველ შემთხვევაში, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება და ეს მსიამოვნებდა... მკვდარი უნდა იყო, რომ ღამის ბარში დაჯდე და იქ რომელიმე სიმპათიური გოგონა ვერ `შეაბა~. თუ ამას თავად ვერ მოახერხებ, ცოტა ხანში ვინმე თვითონ მოგიჯდება მაგიდასთან და თავგზას აგიბნევს. თუ ჯიბეში ფული არ გაქვს, არც ეგ არის დიდი უბედურება _ შენს ხარჯსაც გადაიხდის და დილამდე ან შენსავე მანქანაში `დაგათრობს~, ან სულაც, თავის საძინებელში...
ასეთი ურთიერთობა სამიოდე დღე ან შეიძლება, მთელი კვირაც გაგრძელდეს, მერე კი, უეცრად წყდება. როგორც არ უნდა გააპროტესტო, იმ გოგოს ვერაფრით დაიბრუნებ. ძალიან მიკვირდა, ვერ გამეგო, რა ხდებოდა და ერთხელ თომასთან გამოვხატე ჩემი გაოცება:
_ ვერაფერი გავუგე დანიელ ქალებს: ან მე ვარ კრეტინი, ან ისინი ვერ არიან მთლად კარგად...
_ აქ არაფერია გასაკვირი. დანიელ ქალებს უყვართ სექსი, ამას არც მალავენ, მაგრამ მათი აზრით, ყველაფერს ზღვარი უნდა დაუდო: სექსი სიყვარულში გადავა, სიყვარული _ სერიოზულ ურთიერთობაში, მათ კი სერიოზული ურთიერთობა სულაც არ იზიდავთ...
_ ეს როგორ?
_ როგორ და, როდესაც სერიოზულად შეგიყვარდებათ ერთმანეთი, დაქორწინებას მოინდომებთ. მერე შენ გახდები დანიის მოქალაქე. უმეტეს შემთხვევაში, შენნაირი `მოქალაქეები~, საბუთს რომ ჩაიგდებენ ხელში, თავიანთ მეორე ნახევრებს ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. მერე ამისთვის ქალებს მთავრობა პასუხს აგებინებს. გაიგე?..
დანიელები კანონმორჩილი ხალხია. კონფლიქტური სიტუაცია, სადაც პოლიციის ჩარევა გამხდარა საჭირო, ძალიან იშვიათად მინახავს. ყველაზე დიდი საშიშროება კოპენჰაგენის ღამის ქუჩებში, კაიფში მყოფ ჰიპთან შეხვედრაა _ თუმცა, ის ზრდილობიანად გთხოვს ცოტა ფულს თავისი მორიგი დოზისთვის. კიდევ შეიძლება, მათხოვარი შეგხვდეს. მათხოვრები იქ რკინის ჯამებით ხელში თავისთვის დგანან და მშვიდად საუბრობენ _ იფიქრებ, ეს საქმე მათთვის უბრალო გართობააო...
დანიელები სანიმუშოდ იხდიან გადასახადებს, რომლებიც საკმაოდ მაღალია. საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის, უმუშევართა შენახვაზე მიდის. ასეთი სისტემა ბევრ უსაქმურს ბადებს: მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა საკმაოდ ძნელია, არაკვალიფიციურ მოსამსახურეს კი იმდენს უხდიან, რომ გადასახადების დაფარვის შემდეგ რაც დარჩება, უმუშევრის შემწეობაზე ნაკლებია. ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც დიდი შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევა, უმუშევრობას ამჯობინებს: შემწეობა, საშუალო დონეზე უკეთესად ცხოვრებისთვისაც კი სავსებით საკმარისია.
ამ კატეგორიის ხალხი ბილიარდის თამაშისა და ლუდის სმის გარდა არაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა, მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრაზეც ფიქრობს. უკვე გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს კაცი უმუშევრის შემწეობაზე, მით უფრო უმცირდება თანხა. თუმცა, ის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოსაწესრიგებლად მაინც საკმარისია და ამდენად, საკმაოდ მშვიდადაც აცხოვრებს უქნარას.
დანიის ჰუმანური პოლიტიკით კარგად სარგებლობენ იმიგრანტები, რომლებიც, როგორც წესი, სულაც არ გამოირჩევიან კანონმორჩილებით, რაც ხშირად, ფიქტიურ ქორწინებაში ვლინდება. ეს იქ დიდ დანაშაულს წარმოადგენს: დანიის მოქალაქე ამისთვის მკაცრად ისჯება _ შეიძლება, 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ, უცხოელს კი, ქვეყნიდან აძევებენ და სამუდამოდ უკრძალავენ ჩამოსვლას.
უცხოეთში კარგია, მაგრამ
სახლი მუდამ გენატრება
მაისიც დადგა. ფერმა, სადაც ვცხოვრობდი, მწვანეში იყო ჩაფლული. მინდორში ფეხშიშველი დავდიოდი და მიხაროდა. ბაბუა კურტი დამიძმაკაცდა. თავიდან, თუ კვირაში ერთხელ დამხედავდა, ახლა დღეგამოშვებით მოდიოდა. მოიტანდა ერთ ბოთლ არაყს, ჩამოვსხდებოდით მდელოზე, გავშლიდით პატარა სუფრას და ვსაუბრობდით. თავიდან ვერაფერს ვუგებდი _ ინგლისურად ცუდად ლაპარაკობდა, მაგრამ მერე ყური შევაჩვიე.
_ ახლა კარგია საქართველოში, არა? _ მკითხა ერთხელ კურტმა. საქართველოზე იმდენი რამ მქონდა მისთვის მოყოლილი, უკვე როგორც კარგად ნაცნობ ქვეყანაზე, ისე მელაპარაკებოდა.
_ ეეჰ... კარგია, ძალიან კარგი... _ სევდიანად ვუპასუხე.
_ წასვლას მალე აპირებ?
_ წავალ, აბა რას ვიზამ.
_ დარჩი აქ, კარგ გოგოს გაგაცნობ, ცოლად მოიყვან და ჩემი მეზობელი იქნები, _ კურტს არაყი მოჰკიდებოდა.
_ მერე, მთელი ცხოვრება ძროხები ვმწყემსო?
_ დიდი რამე, მე რა, მთელი ცხოვრება ამას არ ვაკეთებ? _ ხმაში წყენა შეეპარა ბერიკაცს.
მივხვდი _ უტაქტოდ მომივიდა, ჭიქა ავიღე და კურტი ვადღეგრძელე:
_ ბაბუა კურტ, მაპატიე, ცოტა გაღიზიანებული ვარ... ჩემი სახლი მენატრება... გაგიმარჯოს, კარგად იყავი და იდღეგრძელე!
ესიამოვნა და გულში ჩამიკრა.
უკვე მეორე წელი იყო, რაც თბილისიდან ვიყავი წამოსული. ზოგჯერ სევდიანი ფიქრები მიპყრობდა _ რა მინდოდა აქ? რასაც აქ ვაკეთებ, საქართველოში ვერ გავაკეთებდი? ძროხები არ გვყავს თუ საქმე არ არის საკეთებელი?.. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი...
ექვსთვიანი ვიზის დრო გამდიოდა. მის გასაგრძელებლად პოლიციის განყოფილებაში უნდა მივსულიყავი. კურტთან ერთად 3 საათი მოვუნდი პოლიციის შენობის პოვნას. ვისაც არ ვკითხეთ, ზუსტად არავინ იცოდა, სად იყო: დანიაში თუ რაიმე გაკლია თვალში, ეს ფორმიანი კაცია. პოლიციელები სამოქალაქო ფორმით დადიან, თვალში არავის ეჩრებიან, სამაგიეროდ, უმალ კონფლიქტის ადგილზე ჩნდებიან. ერთი სიტყვით, თუ არაფერი დააშავე, შეიძლება სიკვდილამდე ვერც შეხვდე პოლიციელს...
პოლიციის ერთსართულიან შენობაში ისეთი სიხარულით მიმიღეს, თავი პრეზიდენტი მეგონა. ბოლო 4 თვის განმავლობაში ერთადერთი კაცი ვიყავი, ვინც განყოფილება `შეაწუხა~. 2 საათი მომიწია იქ ყოფნამ _ ყავაც დამალევინეს და საქართველოზე ლექციაც წამაკითხეს. მე რომ არ `მეძალა~, ალბათ უფრო დიდხანსაც არ გამომიშვებდნენ...
მთელი ისტორიის მანძილზე, დანიაზე რამდენჯერმე გადაიარა იმიგრაციის ტალღამ. შუა საუკუნეებიდან, სკანდინავიის სანაპიროებზე თავშესაფარს პოულობდნენ ჰოლანდიელები, გერმანელები, ბოშები. XX საუკუნეში რუსეთიდან წამოვიდნენ ებრაელები, 1956 წელს _ უნგრელები. 60-იან წლებში ალაპარაკდნენ იაფ მუშახელზე, რომელიც თურქეთიდან, პაკისტანიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოდიოდა. მაშინ ყველა დანიელი პოლიტიკოსი ამ მოვლენას დადებითად აფასებდა. მაგრამ 70-იან წლებში თავში შემოირტყეს ხელი და მკაცრად `ჩაკეტეს~ საზღვრები. იმ პერიოდში ასეთი ანეკდოტიც კი იყო გავრცელებული:
_ რა მოხდება, ატომური ბომბი რომ ჩამოაგდონ ანკარაში?
_ არაფერიც არ მოხდება _ ყველა თურქი უკვე კოპენჰაგენშია!..
პირველი იმიგრაციული ტალღის დროს, ქვეყანაში 10 ათასამდე მუსლიმანური ოჯახი დასახლდა. მეორე ტალღა 80-იან წლებში, ახლო აღმოსავლეთში ახლად გამწვავებული სიტუაციის გამო წამოვიდა. ქვეყანა აივსო ლტოლვილებით, რომლებიც მოდიოდნენ ლიბანიდან, ირანიდან, ერაყიდან. შემდეგ მათ მოჰყვნენ იმიგრანტები სომალიდან და იუგოსლავიიდან. ქვეყანაში ისლამური კულტურის ინტენსიური გავრცელება დაიწყო.
მუსლიმანური ოჯახები არ ექვემდებარებიან ინტეგრაციულ პროცესებს, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს მთავრობაში. მუსლიმანების შესახებ დისკუსია დანიელთა შორის დაუსრულებლად მიმდინარეობს. როცა მუსლიმანებზე ლაპარაკობენ, სიტყვა `უცხოელებს~ ხმარობენ, მაგრამ ყველამ იცის, ვინ იგულისხმება. მახსოვს, ერთ-ერთი გამოსვლის დროს დანიის შინაგან საქმეთა მინისტრს წამოსცდა: `რატომ არ გვაქვს პრობლემა ვიეტნამელებთან ან შრი-ლანკელებთან? იმიტომ, რომ მათ უნდათ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირება, მუსლიმანებს კი _ არა!~
დღეს დანიის მოსახლეობაში უცხოტომელთა რაოდენობა 7%-ს აღწევს. ბოლო 30 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 7-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკოსთა გამოთვლებით, 2020 წელს, უცხოელთა რაოდენობა 14%-ს მიაღწევს.
დანიაში ყოფნისას, დიდი მონდომებით ვეძებდი ჩვენს თანამემამულეებს. სამწუხაროდ, მხოლოდ რუსებს, უკრაინელებსა და სომხებს ვხვდებოდი. ერთხელ, თბილისში რომ დავრეკე, მითხრეს, რომ ჩემი თანაკლასელი, ფიზიკოსი ზაზა ჯალიაშვილი კოპენჰაგენში სამეცნიერო სიმპოზიუმზე უნდა ჩამოსულიყო. სამწუხაროდ, სულ რაღაც 3 დღე ყოფილა და ეს მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გავიგე. სამაგიეროდ, შევიტყვე, რომ ქართველთა სამეცნიერო ნაშრომს დიდი მოწონება ხვდა წილად: თითქმის ყველა სამეცნიერო ჟურნალში ქართველი სპეციალისტების ფოტოსურათები იყო დაბეჭდილი, მეცნიერებათა აკადემიაში კი მათთვის დიდი ბანკეტიც გაუმართავთ. გახარებული ვიყავი, დამქონდა ეს ჟურნალი და ყველა ნაცნობს ვუჩვენებდი. კურტს კი ნიშნის მოგებით ვუთხარი _ აი, ხომ ხედავ, ქართველები დანიაში მარტო ფერმაში სამუშაოდ როდი ჩამოდიან-მეთქი...
ჩემს გაგრძელებულ ვიზასაც დრო გასდიოდა. მეტად აღარც გამიგრძელებდნენ. სიტყვამ მოიტანა და მკითხველს ერთ რჩევას მივცემ: ვინც უცხოეთში წავა, არაფრით არ უნდა დაარღვიოს სავიზო რეჟიმი, რათა მომავალში პრობლემები არ შეექმნას. ბევრი ევროპული ქვეყანა ამისთვის რეჟიმის დამრღვევს 5-10 წლით უკრძალავს ქვეყანაში შესვლას.
ამრიგად, მოვიდა დრო, როცა ეს მშვენიერი პატარა ქვეყანაც უნდა დამეტოვებინა, მე კი ჯერ ვერ გადამეწყვიტა, თბილისში დავბრუნებულიყავი თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში წავსულიყავი.
ცივილიზებული ქვეყნის
ჩრდილოვანი მხარეები
დანიაში, როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობდი თავს. არ მინდოდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ დარჩენაც აღარ გამოდიოდა _ სავიზო დრო მთავრდებოდა. შემეძლო დამერღვია, ვერავინ დამიშლიდა იქ ყოფნას, მაგრამ ეს სამომავლოდ არ ივარგებდა: ევროპაში ერთიანი კომპიუტერული სისტემა მოქმედებს, ყველა ინფორმაცია ნებისმიერი პირის შესახებ საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და თუ ერთ ქვეყანაში დაარღვევ კანონს, სხვაგან პრობლემა შეგექმნება _ რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც წესი, უარს გეტყვიან შესასვლელ ვიზაზე...
გამახსენდა ჩემი თბილისელი ნაცნობი დათო ბაკურაძე, რომელიც 1990 წლიდან ინგლისში ცხოვრობდა. იქაურ გოგოზე იქორწინა და უკვე ორი შვილიც შესძენოდათ. დავუკავშირდი და მოწვევის გამოგზავნა ვთხოვე, რაზეც გაურკვეველი პასუხი მივიღე: ვიზას ვერ გამოგიგზავნი, მაგრამ თუ ჩამოხვალ, შემიძლია შეგხვდეო. ასეთ პასუხს არ ველოდი, მაგრამ ვინაიდან წასვლა გადაწყვეტილი მქონდა, უკან აღარ დამიხევია.
ცნობილია _ როგორი განვითარებული და ცივილიზებული ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩრდილოვან მხარეებს ყოველთვის უპოვი. ჰოდა, როგორღაც მოვაკვარახჭინე მიწვევის საქმე და დიდი ბრიტანეთის საკონსულოში მივედი. იქ საკმაოდ ამომწურავად დამკითხეს: ვისთან? რატომ? რა საშუალებით?.. ყველა კითხვაზე დასაბუთებული პასუხი გავეცი და ორთვიანი ვიზაც მომცეს.
მოკლე გეოგრაფიული
ექსკურსი
დიდი ბრიტანეთის კუნძულებს დასავლეთიდან ატლანტის ოკეანე აკრავს, ჩრდილოეთით _ ირლანდიისა და ჩრდილოეთის ზღვა, ევროპის კონტინენტს ლა-მანშის სრუტე აშორებს. კუნძულების დასავლეთი ნაწილი ძირითადად, მთიანია, აღმოსავლეთი კი თითქმის სულ ვაკეა, რომელიც მდინარეებით არის დასერილი. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილები ტყის მასივებით იყო დაფარული. ახლა ტყეები გაჩეხილია. როგორც `მწვანეები~ ამბობენ, ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში დიდი ბრიტანეთი მხოლოდ ბუჩქების ამარა დარჩება.
ქვეყანაში რბილი და ტენიანი კლიმატია. წვიმიანი დღეები უმეტესად, სექტემბრიდან იანვრამდე პერიოდზე მოდის. ყველაზე `სველი~ ქალაქებია ლივერპული და მანჩესტერი _ იქ წელიწადში 220-230 წვიმიანი დღეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დილიდან საღამომდე განუწყვეტლივ წვიმს: ღრუბლები ძალზე სწრაფად მოძრაობს და ამინდი შეიძლება, დღეში რამდენჯერმე შეიცვალოს. საყოველთაოდ ცნობილია _ როდესაც ორი ინგლისელი ხვდება ერთმანეთს, მათი პირველი სიტყვები ამინდს ეხება.
ინგლისი კაპიტალისტური ქვეყნის კლასიკური ნიმუშია, მაგრამ დღემდე შეგიძლია მოხვდე ისეთ ადგილას, სადაც ადამიანს ფეხიც არ დაუდგამს. ასეთი ადგილები იზიდავს ტურისტებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც შეუძლიათ, სათანადოდ შეაფასონ მკაცრი ბუნების სილამაზე. ადამიანს გულგრილს არ დატოვებს იქაური განუმეორებელი ტბები. შოტლანდიაში განთქმული ტბა _ ლოხნესი ვნახე, რომელიც ნესის _ იდუმალი ურჩხულის გამოა ცნობილი მთელ მსოფლიოში.
თხილამურებისა და მთამსვლელობის მოყვარულ ტურისტებს შოტლანდიის მთები განსაკუთრებით იზიდავს. თუმცა, ყველაზე მაღალი _ 1085 მეტრის სიმაღლის მთა ბრიტანეთის კუნძულებზე _ უელსშია.
არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში სახლობდნენ. ბევრი ინგლისური ქალაქი, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, რომაელთა მიერ არის დაარსებული. არქიტექტურაში XI საუკუნემდე, ანგლოსაქსურ-რომანული სტილი იყო გაბატონებული. მომდევნო საუკუნეებში, უკვე არქიტექტურის ყველა მიმართულება ვითარდებოდა.
დროთა განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი (თავ-თავისი პარლამენტითა და მთავრობით) და ერთმანეთზე ურთიერთგადაჯაჭვული 4 სახელმწიფო შეიქმნა: ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. თუმცა, ოთხივე ქვეყანა ერთიან სახელმწიფოდაა გაერთიანებული, რომელსაც დედოფალი, პარლამენტი და მთავრობა ჰყავს.
პირველად ლონდონში
წყნარი დანიის შემდეგ, ლონდონი ხმაურიან სტადიონს მაგონებდა. პირველი, რამაც შემაწუხა, იმის შიში იყო, როგორ გამეკვლია გზა ხმაურსა და ხალხმრავლობაში... ნავსადგურის დარბაზი პოლიციელებით იყო სავსე. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს არავინ მამჩნევდა, მაგრამ საკმარისი იყო, გავჩერებულიყავი და რამეზე დავფიქრებულიყავი, იმწუთშივე ფორმიანი კაცი ამომიდგებოდა გვერდში და თავაზიანად შემომთავაზებდა დახმარებას. პირველად დახმარება ფულის `გარჩევის~ დროს დამჭირდა: დათოსთან მინდოდა დარეკვა, ტელეფონის ავტომატთან მივედი, მაგრამ არ ვიცოდი, რომელი მონეტა უნდა გამომეყენებინა _ გირვანქა სტერლინგი, შილინგი თუ ცენტი. პოლიციელი დამეხმარა, ნომერიც კი ამიკრიბა. დათოს მეუღლემ მაცნობა _ დილამდე შინ არ იქნებაო. რა უნდა მექნა? პირველ რიგში, თავშესაფარი უნდა მეპოვნა. კვლავ პოლიციელი დამეხმარა _ ლონდონის რუკა გამომიწოდა და სასტუმროებზე მიმითითა.
ლონდონში სასტუმროს მეტი რა არის _ გააჩნია, რომელს აირჩევ და ჯიბეში რამდენი ფული გიდევს: ზოგან ერთი ღამის გათევა 1.500 გირვანქა სტერლინგიც ჯდება. ჩემდა სამწუხაროდ, 400-ზე იაფფასიანი ვერ ვიპოვე. ამხელა თანხის გადახდის საშუალება კი არ მქონდა. ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. დახმარებისთვის კვლავ პოლიციელს მივმართე. მან ტაქსების გაჩერებასთან მიმიყვანა და მძღოლებზე მითხრა _ ამათ იციან ყველაფერიო.
მსოფლიოს ქალაქების უმეტეს ნაწილში ტაქსი ყვითელი ფერისაა, ლონდონში კი _ შავი. მას ჩაბ-ს ეძახიან. ჩაბ-ი ძველებური სტილის ავტომობილია. მძღოლსა და მგზავრს შორის მინის კედელია, რომელსაც პატარა ფანჯარა აქვს. ცნობისმოყვარე და ხუმარა მძღოლი შემხვდა.
_ როგორ მოგწონს ლონდონი?
_ რა ვიცი, ჯერ ერთი საათიც არ არის, რაც ჩამოვედი.
_ საიდან ხარ?
_ საქართველოდან.
_ ლონდონში ბევრი არაბია. იმ ადგილას მიგიყვან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ, _ გამიღიმა მძღოლმა. ეგონა, გამიხარდებოდა.
_ ბოდიში, მაგრამ მე არაბი არ ვარ. თუ შეიძლება, იქ წამიყვანეთ, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ და იაფი სასტუმროა.
_ ო’კეი... ნოუ პრობლემ...
სასტუმროში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოვეწყვე. ვერ ვიტყვი, რომ კომფორტული იყო, სამაგიეროდ, 5 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ერთ ციცქნა ოთახში ორნი ვცხოვრობდით მე და ახალგაზრდა რუსი ივანი. ვანია ფულის საშოვნელად იყო ჩამოსული და უკვე თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა ლონდონში. კმაყოფილი იყო, ამბობდა _ რაც აქ ცოტა ხანში ვიშოვე, ჩემს ორენბურგში წლების მანძილზე ვერ ვეღირსებოდიო.
თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ერთი რამ აწუხებდა ვანიას _ სავიზო რეჟიმი ჰქონდა დარღვეული. მართალია, არავინ აწუხებდა, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის მაინც ეშინოდა. სასტუმრო საერთო საცხოვრებელს ჰგავდა. მეპატრონე ეგვიპტელი იყო. სასტუმროს ბინადარნიც ჩემი და ივანისნაირი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ. სასტუმროს მეპატრონე, მუჰამედი ამბობდა _ მთავარია, არაფერი დააშავოთ და აქ საუკუნის მანძილზე პოლიცია არ მოვაო...
3 დღე გადაბმულად ვურეკავდი დათოს. ბოლოს, თავმოყვარეობაშელახულად ვიგრძენი თავი და რეკვა შევწყვიტე: კაცს ჩემთან შეხვედრა არ უნდა და რას ვეჩრები-მეთქი?!. გული კი დამწყდა _ რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ნუთუ ერთი სატელეფონო საუბრის ღირსი მაინც არ ვიყავი?!.
თავიდანვე სამსახურის ძებნა არ დამიწყია _ დათოს იმედიც მქონდა და ქალაქის დათვალიერებაც მინდოდა.
ქალაქის გაცნობა ჩაბ-ით ან ავტობუსით უნდა დაიწყო. ავტობუსების უმეტესი ნაწილი ორსართულიანია. სინამდვილეში, ლონდონი არა მარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ, მრავალთა აზრით, მსოფლიოს დედაქალაქია. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია, როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია ევროპაში. ამჟამად ლონდონში 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ყოველწლიურად ქალაქში მილიონობით ტურისტი ჩადის.
ქალაქის ყველაზე ძველი რაიონის სახელწოდებაა ჩიტყ. ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში _ თავისი პოლიციით, მერიითა და ეპისკოპოსით, რომლებიც პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან ლონდონის ხელისუფლებას. თავის დროზე, ზუსტად ამ ადგილიდან დაიწყო ქალაქის მშენებლობა. იქ შემონახულია ძველი ციხესიმაგრის კედლები, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 45 წელს აშენდა. თავისი არსებობის მანძილზე ქალაქმა ბევრი ხანძარი გადაიტანა. XVII საუკუნეში მიწათმფლობელმა კრისტოფერ რენმა მიზნად დაისახა 50 სალოცავის აშენება, რომლის არც ერთი გუმბათი ერთნაირი არ იქნებოდა. მანვე ააშენა წმინდა პავლეს გრანდიოზული ტაძარი, რომელიც სიტის სიმბოლოდ იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ტაძრის გარდა, თითქმის ყველა შენობა დაინგრა, რამაც ბევრი ურწმუნო მოაქცია ქრისტეს სჯულზე...
სიტიში განთავსებულია რამდენიმე საფონდო, სასაქონლო და სანავთობო ბირჟა, დიდი ბრიტანეთის სასამართლო, მრავალი საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანია.¬
სიტის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტემზის სანაპიროზე სახელგანთქმული ტაუერი დგას. ტაუერი მეფე ვილჰემ დამპყრობელმა, როგორც ციხესიმაგრე, ისე ააშენა, შემდეგ სამეფო რეზიდენცია იყო, ბოლოს კი, ციხედ იქცა. დღეს ტაუერი მუზეუმია, სადაც სამეფო საგვარეულოს რელიკვიები ინახება. ნაგებობის გვერდზე ტაუერის ულამაზესი ხიდი იწყება. როცა ხიდზე გადახვალთ, ტრაფალგარის მოედანზე მოხვდებით. იქ ადმირალ ნელსონის 60-მეტრიანი კოლონაა აღმართული, რომელზეც 1805 წლის ომისა და ფრანგულ-ესპანურ ჯარზე ინგლისელთა გამარჯვების ამბავია ასახული. ტრაფალგარის მოედნიდან ჩრდილოეთით თუ წახვალთ, ბუკინგემის სასახლესთან _ სამეფო ოჯახის რეზიდენციასთან მოხვდებით. ზაფხულ¬ობით სასახლე ღიაა და ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და დაათვალიეროს. გამორიცხული არ არის, რომ ამ დროს, თავად დედოფალიც შეგხვდეთ.
ბუკინგემის სასახლიდან აღმოსავლეთით განლაგებულია პანთეონი, სადაც დაკრძალულია ინგლისის ყველა მეფე, უმაღლესი სასულიერო პირები და ცნობილი ადამიანები. პანთეონის მახლობლად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობა დგას, რომელიც 1042 წელს აშენდა. თანამედროვე სახე პარლამენტმა 1840-1888 წლებში მიიღო. იმავე პერიოდში დაიდგა ცნობილი საათიანი კოშკი (Clock Tower), რომელსაც 102 მეტრის სიმაღლეზე ზარი (BigBen) ამშვენებს.
უბანი რესტორნებით არის განთქმული. იქ თავმოყრილია ღამის კლუბები, რომელთა შორისაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის სასურველს. უბნის ცენტრში, რომელსაც Picadily Circus-ს ეძახიან, მუსიკოსები და მსახიობები იყრიან თავს. თუ თავის გამოჩენა გინდა, ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავ. თუ პროფესიონალი ხარ და შენი შესაძლებლობების გჯერა, აუცილებლად დაგიფასდება. ბევრ ხელოვანს თავისი კარიერა სწორედ იქიდან აქვს დაწყებული.
სოხოს აღმოსავლეთით მდებარე უბანს Covent Garden-ს ეძახიან. იგი ფეშენებელური მაღაზიებითა და თეატრებით არის ცნობილი. იქვეა მსოფლიოში სახელგანთქმული სამეფო ოპერის შენობა. ერთი სიტყვით, ლონდონში იმდენი რამ არის სანახავი, რამდენიმე დღე და თვეც კი ნამდვილად არ გეყოფა. გადავწყვიტე, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, სწორედ ლონდონის ქუჩებში სახეტიალოდ გამომეყენებინა.
შეხვედრა მაინც შედგა
ვანია გულღია ყმაწვილი აღმოჩნდა. რაც იცოდა, ყველაფერი დაწვრილებით გამიზიარა. სამსახურის დაწყების რამდენიმე შესაძლო ვარიანტიც შემომთავაზა. მადლობის მეტი რა მეთქმოდა _ მისი ინფორმაციის წყალობით, ხვალინდელი დღის შიში აღარ მქონდა.
დათოსთან შეხვედრის სურვილი მაინც არ მასვენებდა. პატივმოყვარეობის ჭია მღრღნიდა. როგორც იქნა, ტელეფონით `დავიჭირე~ და შეხვედრის დროც დავთქვით. თბილისში დათო სვანეთის უბანში ცხოვრობდა. ერთ-ერთი ქუჩური გარჩევის დროს გავიცანი. ერთი-ორჯერ სუფრასთანაც ვმსხდარვართ, კარგის გარდა, მასზე ვერაფერს ვიტყოდი. 1990 წელს, ქალაქ სტატბორდში დასახლდა, რომელიც ლონდონიდან ასიოდე კილომეტრით არის დაშორებული. 5 წელი არ მენახა.
...კარი მისმა ცოლმა გამიღო. ბევრ უცხოელს ვიცნობდი, მათ გუნება-განწყობას, ასე თუ ისე, ვგრძნობდი ხოლმე. დათოსთან შესვლისთანავე უარყოფითად განვეწყე _ რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა დამეუფლა. დათო, რომ იტყვიან, `ნელ-თბილად~ შემხვდა. გარეგნულად დიდად არ შეცვლილიყო, მაგრამ შინაგანად აშკარად სულ სხვანაირი ჩანდა. უხალისოდ მელაპარაკებოდა. მეკითხებოდა საქართველოზე, ნაცნობებზე და ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია თავის ცხოვრებაზე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ფაბრიკაში მუშაობდა ოპერატორად.
მცირე ხნის შემდეგ, როცა კონიაკმა (ჩემმა მიტანილმა) ცოტათი გამათამამა, ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
_ დათო, შეცვლილი მეჩვენები, ისეთი არა ხარ, როგორიც თბილისში იყავი.
ირონიულად შემომხედა:
_ რა, არ მოგწონვარ?
_ არა, უბრალოდ, მოტეხილი მეჩვენები.
_ შენც ასეთი იქნებოდი, ჩემს ადგილას. დავიღალე.... დავიღალე ყველაფრისგან. მომბეზრდა _ ყველას ჩემგან რაღაც უნდა, დახმარებას მთხოვენ... ჰგონიათ, რომ მილიონებს ვაკეთებ და თავზე გადამდის. თბილისიდან მაწუხებენ, აქაც არ მასვენებენ. აღარ შემიძლია, გამოვიფიტე...
უხერხულად ვიგრძენი თავი:
_ კარგი, დამშვიდდი, ყველაფერს მოევლება.
_ ახლა არ მითხრა, `ისე~ მოვედიო... დავიჯერო, სამსახურის შოვნას არ მთხოვ?.. _ ნერვიულობისგან დათოს თვალები დაუწვრილდა.
სისხლი თავში მომაწვა, მაგრამ თავი მოვთოკე:
_ საიდან მოიტანე? რამე გაგრძნობინე?
_ რა უნდა მაგრძნობინო? აქ ყველა დახმარებისთვის მოდის, _ კვლავ ირონიულად გაიღიმა.
_ არ მეგონა, თუ ასეთი ლაპარაკი იქნებოდა ჩვენ შორის. ჯობია, წავიდე, სანამ კიდევ რამე ისეთი არ გითქვამს!.. _ ავდექი და კარისკენ გავეშურე.
_ ვა... კიდეც მემუქრები?! აქ შენ საქართველო ხომ არ გგონია, ბიჭო?! აქ ინგლისია, ყველამ თვითონ უნდა მიხედოს თავს, გაიგე?!. და კარდაკარ კი არ უნდა იარო, ბიჭო!.. _ ისე ყვიროდა, რომ მისი ცოლი, ბავშვთან ერთად, საძინებელი ოთახიდან გამოვარდა.
ერთი პირობა კი გავიფიქრე, მივუბრუნდები და ცხვირ-პირს დავულეწავ-მეთქი, მაგრამ ბავშვით ხელში გამოსული შეშინებული ახალგაზრდა ქალი რომ დავინახე, ისევ შევიკავე თავი. კარი ისე გავიხურე, უკან აღარც გამიხედავს. დამცირებულად ვგრძნობდი თავს. რატომ? რისთვის? რა გავაკეთე ისეთი, რომ ასე მომქცეოდა ის, ვისაც, ასე თუ ისე, პატივს ვცემდი.
...დრომ თავისი გაიტანა და მეც ნელ-ნელა დავწყნარდი. შემდეგ, უკვე მეცოდებოდა კიდეც, ვფიქრობდი _ არ შეიძლება, კაცი, როგორც არ უნდა გიჭირდეს, ასე დაწვრილმანდე და ადამიანის სახე დაკარგო-მეთქი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი თანამემამულე ასეთ დღეში ჩავარდნილი ვნახე უცხოეთში. შემდეგ, სხვა ქვეყნებშიც, არაერთი დათოსნაირი ქართველი შემხვედრია, რომელიც თავის საქციელს ქართველთა მიმართ უცხოეთში გაბატონებულ უნდობლობას აბრალებდა...¬
ინგლისში ყველაფერს იშოვი
ლონდონის პარკები ქალაქის განუყოფელი და თუ შეიძლება ითქვას, თავის მოსაწონებელი ნაწილია. ბევრ უმშვენიერეს სკვერსაც ნახავთ. ე. წ. სამეფო პარკებს ეკუთვნის _ სენტ-ჯეიმსის, ჰაიდ-პარკი, რიდჯერ-პარკი და გრინ-პარკი. თითოეულ მათგანს თავისი განუმეორებელი სახე და დანიშნულება აქვს. გრინ-პარკში ბოტანიკური ბაღია, რიდჯერ-პარკში _ ზოოპარკი. ჰაიდ-პარკი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ორატორთა დახელოვნების ადგილი. იქ ყველა¬ფერზე ლაპარაკობენ _ სპორტიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. თუ რაიმე გამორჩეულად უყვართ ლონდონელებს, მათ შორის პაბებია, სადაც ნებისმიერი სახეობის ლუდს შემოგთავაზებენ. სხვათა შორის, ლონდონელები ძალზე ამაყობენ თავიანთი პაბებით. ერთ დღესაც, მე და ვანია ბარში შევედით. ახლა ნახე, ამ ხალხს როგორ გავაწითლებ-მეთქი, _ ვუთხარი და ქართული ლუდი მოვითხოვე. ჩემდა გასაოცრად, ოფიციანტმა თვალიც არ დაახამხამა და ჩასტელ-ი მომიტანა.
_ ეს რა არის? ფრანგულია? მე ქართული მინდა!.. _ მკაცრი გამომეტყველება მივიღე.
_ ბოდიში, სერ, მაგრამ ფირმა ჩასტელ-ი ამ ლუდს საქართველოში აწარმოებს, _ თავაზიანად მიპასუხა მიმტანმა.
_ არ ვიცი, ჩასტელ-ი სად აწარმოებს ლუდს, მე ქართული ლუდი მინდა, თანაც _ ქართული წარწერით, _ უფრო მოვიღუშე.
ცოტა ხანში, თვითონ ბარის მეპატრონე მოვიდა.
_ მაპატიეთ, სერ, ამჟამად საწყობში ქართული ლუდი არ გვაქვს, მაგრამ თუ ცოტა ხანს მოითმენთ, ნახევარ საათში მოგართმევთ.
სხვა რა გზა მქონდა? უნდა დავლოდებოდი. დათქმულ დროში ოფიციანტმა, მოღიმარი და კმაყოფილი სახით, ქართული ლუდი `ყაზბეგი~ მომიტანა. იმ საღამოს, სანამ ჯიბეები არ დაგვიცარიელდა, ბარიდან არ გამოვსულვართ.
პაბები ქალაქს აშკარად არ ჰყოფნის და თუმცა დღისით ფაქტობრივად ცარიელია, საღამოს ისეა გადაჭედილი, რომ დასაჯდომს კი არა, დასადგომ ადგილს ვერ ნახავ. ისეთი წარმოდგენა გექმნება, თითქოს ლონდონელები მთელი დღე იმას ელოდებიან, რომ ერთი კათხა ლუდი მაინც მიირთვან. ბევრჯერ შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც დარბაზში ადგილი არ ყოფილა და კაცები გარეთ, თავსხმა წვიმაში ბოთლიდან წრუპავდნენ ლუდს. გასაკვირი ის უფრო იყო, თუ როგორ ახერხებდნენ დახლამდე მისვლას.
ვინც ეძიებს, ის პოულობს კიდეც
დიდი ბრიტანეთი უზღვავ შესაძლებლობათა ქვეყანაა. საკმარისია, რაიმე სფეროში გამოამჟღავნო ნიჭი, ეს უმალ დაგიფასდება. უბრალოდ, უნდა იცოდე _ როდის, ვისთან და როგორ მოიქცე. თუ ესეც ვერ მოახერხე, მაინც მიაღწევ რაღაც შედეგს: პურის ფულს ყოველთვის იშოვი, მთავარია, არ იზარმაცო და ხელი გაანძრიო.
ოფიციალურად, საზღვარგარეთიდან ჩასულთათვის მუშაობა აკრძალულია, მაგრამ ეს კანონი ზედმიწევნით არ სრულდება და ამით ინგლისი ბევრს არაფერს კარგავს. ქვეყანაში ყველანაირ შავ სამუშაოს ძირითადად, სწორედ ჩასულები ასრულებენ. მკვიდრი მოსახლეობა ამისთვის თავს არ შეიწუხებს. არც გამჭირვებია უბრალო სამსახურის შოვნა.
მუშაობა ნავსადგურში დავიწყე. დილის 4 საათზე უნდა მივსულიყავი და თევზსაჭერი გემიდან ცოცხალი თევზი გადმომეტვირთა (რა თქმა უნდა, მტვირთავთა ბრიგადასთან ერთად). ბუნებრივია, არც ისე სახალისო საქმე აღმოჩნდა, თანაც იქ გამუდმებით თევზის სუნი იდგა. შემდეგ სულ ცოტა, 2 საათი მაინც `ვიხეხებოდი~, რომ შვება მეგრძნო... ეს სამსახური კი იმით მომწონდა, რომ კარგადაც მიხდიდნენ და თანაც, დილის 8 საათზე უკვე თავისუფალი ვიყავი _ ე. ი. დღის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა შემეძლო. სამსახურის დაკარგვის შიშიც არ მქონდა: ნავსადგურში მტვირთავები ყოველთვის სჭირდებოდათ. ასე თუ ისე, ლონდონში ცხოვრება ავაწყვე...
უძლიერესი იმპერიის დედაქალაქში
საკმარისია, დიდი ბრიტანეთის მუზეუმებში შეიხედო და იგრძნობ, რომ უძლიერესი იმპერიის დედაქალაქში იმყოფები. რაც კი სიმდიდრე შეუქმნია თუ მოუპოვებია ინგლისს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, ყველაფერი იქ არის თავმოყრილი. შთამბეჭდავია დედოფალ ვიქტორიას ქანდაკება. ეს ის დედოფალია, რომლის დროსაც სამეფომ განსაკუთრებულ ძლიერებასა და სიმდიდრეს მიაღწია. ძეგლის გარშემო განლაგებული ცხოველთა ფიგურები იმპერიის ისტორიულ სამფლობელოთა სიმბოლოებს წარმოადგენს: აქლემი _ აფრიკას, ბიზონი _ ამერიკას, ძროხა _ ევროპას. ავსტრალია ამის მიღმა დარჩა, ვინაიდან იმ დროს იქ მხოლოდ დამნაშავეებს აგზავნიდნენ.
წარმოუდგენელია, ინგლისში ჩახვიდე და ოქსფორდი და კემბრიჯი არ მოინახულო _ ეს სასწავლებლები მსოფლიო საუნივერსიტეტო სისტემის თავისებური ცენტრებია. ოქსფორდის უნივერსიტეტი XII საუკუნეში, კემბრიჯის კი _ XIII-ში დაარსდა. იქ სწავლა პრესტიჟულიც არის და საკმაოდ ძვირიც, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ თუ კემბრიჯის ან ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომი გაქვს, მთელი სიცოცხლე კარგი სამსახურით (შესაბამისად ადამიანისთვის აუცილებელი ყველა სიკეთით) უზრუნველყოფილი იქნები...
დიდ ბრიტანეთში გამორჩეულად თვალში საცემია განსხვავება სოციალურ ფენებს შორის. თანაც მათი ერთმანეთისგან გასარჩევად არც რომელიმეს ავტომანქანის ნახვა დაგჭირდება და არც ტანსაცმლის შეთვალიერება: საკმარისია, დააკვირდე მოძრაობას, ლაპარაკის მანერას და უმალ მიხვდები, რომელი ფენის წარმომადგენელთან გაქვს საქმე. ლინგვისტები კი დიალექტითა და გამოთქმით იმასაც ხვდებიან, რომელ უბანშია კაცი გაზრდილი.
ქვეყანაში უფასო სამედიცინო მომსახურებაც არსებობს. იმისათვის, რომ ექიმთან მიღებაზე მოხვდე, განცხადება უნდა დაწერო და შეიძლება, მეორე თვეში მოგიწიოს, ამიტომ ლოდინს ბევრი მოქალაქე ფულის გადახდას ამჯობინებს და ფასიან კლინიკებს აკითხავს. საქალაქო ავტობუსები გრაფიკით დადგენილ დროს თითქმის არასოდეს იცავენ, მატარებლების ნახევარსაათიანი დაგვიანებაც ნორმად ითვლება(!). მოვხვედრილვარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ავტობუსის მძღოლს, მარშრუტის შესამოკლებლად, საერთოდ არ გაუვლია ის ადგილები, რომლებიც უნდა გაევლო: არ მოსწონს კაცს უბანი და რა ქნას?..
ჩემდა გასაკვირად, ლონდონის ქუჩები სისუფთავით არ გამოირჩევა, ელემენტარული მიზეზის გამო _ ქუჩებში სანაგვე ყუთები არ არის. ამას იმით ხსნიან, რომ ეშინიათ, ტერორისტებმა ასაფეთქებელი საშუალების ჩასადებად არ გამოიყენონ. ჰოდა, ყველა _ დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონებისა და ბატონების ჩათვლით _ სადაც მოეხასიათება, იქ აგდებს სიგარეტის ნამწვავსა და საღეჭ რეზინს.
ერთი რამ მაკვირვებდა და ვერა და ვერ შევეჩვიე: ყველგან რიგი იდგა _ მაღაზიაში, სადგურში, საკონსულოში. ჩვენს რიგებთან შედარებით, განსხვავება მხოლოდ მის სიგრძესა და იქ მდგომთა წესიერებაშია, ყველა თანასწორია და იდაყვებით არავინ `მუშაობს~...
ქართველები ლონდონში
ლონდონში ქართველის ნახვა არ გაგიჭირდებათ. სლავა კორჩნოი ბათუმში დაბადებული და გაზრდილი კაცია. `საქართველო-ინგლისის~ სანაოსნო კომპანიაში მუშაობს. მისი ინიციატივით, ქალაქის პრესტიჟულ რაიონში `ქართული სახლი~ გაიხსნა. კულტურული ღონისძიებების გარდა, იქ ათასნაირი შეხვედრა იმართება, სადაც სამშობლოს მონატრებული ქართველები იკრიბებიან. მეც არაერთხელ დავსწრებივარ ასეთ შეხვედრას და ყოველთვის კმაყოფილი დავრჩენილვარ. ვინც ლონდონში წასვლას დააპირებს, უნდა გაითვალისწინოს ეს ამბავი და აუცილებლად მიაკითხოს `ქართულ სახლს~, სადაც თბილად მიიღებენ და ყველაფერზე ამომწურავ პასუხს გასცემენ.
...სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვიზა არ გამიგრძელა. თბილისში ვაპირებდი წამოსვლას. ზამთარი ახლოვდებოდა, ახალი წელიც მოდიოდა. 2 წელი თბილისში არ ვყოფილვარ და არავითარი სურვილი აღარ მქონდა, მესამეც უცხოეთში გამეტარებინა. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი მშობლიურ ქალაქს.
ირლანდიაში საფეხბურთო
მატჩზე დასასწრებად
უცხოეთში ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილი დავათვალიერო. იმის გაფიქრებაც, რომ იქ მეორედ შეიძლება, ვეღარ მოვხვდე, ენერგიას მმატებს ხოლმე.
საყოველთაოდ ცნობილია ინგლისელ ფეხბურთის გულშემატკივართა ფანატიზმი და ის, თუ რამდენ პრობლემას უქმნიან ისინი იმ ქვეყანას, სადაც საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად ჩადიან. განსაკუთრებულად მოჭარბებულ ემოციებს მაშინ ავლენენ, როდესაც ინგლისის ეროვნული ნაკრები ირლანდიის გუნდს ხვდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ომი უნდა დაიწყოს. მატჩისწინა სამზადისი დიდი ხნით ადრე იწყება, ხალხი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს, პრესა და ტელევიზიაც მომავალ შეხვედრას უტრიალებს. ეს აჟიოტაჟი იმას მაგონებს, რაც ჩვენში თბილისის `დინამოსა~ და ერევნის `არარატის~ ორთაბრძოლების წინ ხდებოდა ხოლმე...
ინგლისიდან ჩემი წამოსვლის წინ, ერთი ასეთი მატჩი უნდა გამართულიყო ირლანდიაში და გადავწყვიტე, მეც გავმხდარიყავი იქაური აჟიოტაჟის მომსწრე. ივანმა (ინგლისში გაცნობილმა რუსმა) სტადიონზე წასვლა თავიდანვე იუარა: ფეხბურთი კი მიყვარს, მაგრამ სავიზო რეჟიმიც დარღვეული მაქვს და ტერორისტებისაც მეშინიაო... მარტო წასვლა არ მინდოდა. საბედნიეროდ, გავიგე, საერთო საცხოვრებლის მეპატრონე, მუჰამედი, ფეხბურთის დიდი მოყვარული ყოფილა. გადავწყვიტეთ, ერთად დავსწრებოდით მატჩს. ტურისტულ სააგენტოში ორკვირიანი ვიზა გავაფორმე და მუჰამედის ავტომობილით ირლანდიის გზას დავადექით.
მუჰამედი ეგვიპტეში დაიბადა. 10 წლის ყოფილა, როდესაც მისმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადმოვიდა. ცოლად შოტლანდიელი ქალი ჰყავდა და ორ მშვენიერ გოგონას ზრდიდნენ. კარგი განათლებაც მიუღია და მშვენიერი მოსაუბრეც აღმოჩნდა.
_ ირლანდია გასაოცარი ქვეყანაა. ცოლი არ მომყვება, თორემ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, _ მითხრა მუჰამედმა, ბორანზე რომ ავედით.
_ როგორ? აფეთქებებისა და ტერორისტული აქტების არ გეშინია?
_ ეს აფეთქებები და საშინელებები ჩრდილოეთ ირლანდიაში ხდება, რომელიც დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. ირლანდიის რესპუბლიკაში კი სამოთხეა...
_ მერე, ცოლი რატომ არ მოგყვება?
_ შოტლანდიელია. შოტლანდიელი კი არაფრით არ იცხოვრებს ირლანდიაში...
წმინდა მამების კუნძულზე
შოტლანდიიდან ირლანდიამდე მანძილს ბორანი 4 საათში ფარავს, მგზავრობა 40 გირვანქა სტერლინგი ღირს _ იაფი ნამდვილად არ არის. თუ ქვეყანაში ჩრდილოეთ ირლანდიიდან _ ოლსტერიდან შეხვედი, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია, საზღვრის გადალახვას საერთოდ ვერ დააფიქსირებ, სხვა ქვეყანაში რომ იმყოფები, ამას მხოლოდ იმით მიხვდები, რომ გზის მაჩვენებლებზე მილები კილომეტრებით შეიცვლება.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში პატარა ირლანდიამ, როგორც წმინდა მამების კუნძულმა, გაითქვა სახელი. იქაურმა ბერებმა მონასტრები ააშენეს, სასულიერო სასწავლებლები დააარსეს და ჯერ ირლანდიაში, ხოლო შემდგომ მთელ ევროპაში მოღვაწეობდნენ. XIV საუკუნეში ამ კუნძულზე უკვე რამდენიმე უნივერსიტეტი მოქმედებდა. განათლების სისტემა ირლანდიაში ახლაც ძალიან მაღალ დონეზე დგას. მართალია, ირლანდიელები ძლიერ ამაყობენ იმით, რომ საკუთარი ძველი ენა აქვთ, მაგრამ სწავლა ყველგან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ირლანდიური სკოლის ატესტატი არა მარტო ირლანდიაში, არამედ ბრიტანეთისა და ამერიკის უნივერსიტეტებშიც ფასობს.
ირლანდიელები ყოველთვის უსვამენ ხაზს იმას, რომ ინგლისელები არიან და იმასაც ამბობენ, მათ არაფრით ვგავართო. მართლაც, ინგლისსა თუ ირლანდიაში ხანმოკლე ყოფნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ეს განსხვავება დაინახო.
დუბლინი _ ნამდვილი დედაქალაქი
დუბლინში დილის 11 საათზე ჩავედით. საფეხბურთო მატჩი საღამოს 6 საათზე უნდა დაწყებულიყო. მუჰამედმა იცოდა, რომ თამაშის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენას და მის დათვალიერებას ვაპირებდი. სტადიონამდე სანამ მივიდოდით, მანქანა გააჩერა და მკითხა _ სასტუმროში იცხოვრებ თუ კერძო სახლშიო?
_ არ ვიცი, შენ რას მირჩევ? _ დავეკითხე გამოცდილ მეგზურს.
_ თუ დამიჯერებ, კერძო სახლი სჯობს: შედარებით იაფიც არის, თანაც, თუ მშვენიერი ახალგაზრდა დიასახლისიც დაგხვდა, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს...
ამ ქვეყანაში თითქმის ყოველ სახლთან შეამჩნევ განცხადებას BშB, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის პატრონი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად მოგაქირავებს ოთახს, ყოველ დილით საუზმეს, საღამოს კი _ ვახშამს მოგართმევს. ასეთი სერვისი ტურისტისთვის ძალიან მოსახერხებელია, ვინაიდან მას იმის შესაძლებლობაც ეძლევა, რომ კარგად გაიცნოს ირლანდიური ოჯახი, იქაური ადათ-წესები და ტრადიციები.
ბევრი ძებნა არ დაგვიწყია და ერთ კოხტა სახლს მივადექით. დიასახლისი, ხანში შესული, სანდომიანი ქალბატონი ჯეისი, პედაგოგი აღმოჩნდა. პენსიაზე იყო გასული და თავის გამოცდილებასა და უხვად შერჩენილ ენერგიას 10 წლის შვილიშვილზე ხარჯავდა. ოთახის გაქირავება კი, შემოსავლის მიზნით კი არ გადაუწყვეტია, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობა სურდა, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. სიცოცხლის მოყვარული და აზარტული ქალბატონი ბრძანდებოდა, უამრავი მეგობარი ჰყავდა და თითქმის ყველა მათგანი გამაცნო. სწორედ ქალბატონი ჯეისისა და მისი მეგობრების წყალობით, 10 დღის განმავლობაში ბევრი რამ ვნახე და გავიგე ირლანდიაზე.
ფეხბურთის მატჩი საკმაოდ უინტერესო აღმოჩნდა. გულშემატკივართა ემოციები, რომ იტყვიან, ტყუილად დაიხარჯა. მუჰამედი იმ საღამოსვე ლონდონში გაემგზავრა, მე კი ვახშმად მელოდებოდა ქალბატონი ჯეისი, რომელმაც უამრავი კითხვა დამაყარა ჩემი ქვეყნისა და პერსონის შესახებ...
დუბლინის ნამდვილი ასაკი არავინ იცის. 988 წელს ამ ადგილას ვიკინგების დასახლება იყო. ადამიანები, რომლებიც აქ 5000 წლის წინ ცხოვრობდნენ, მიწათმოქმედებითა და თევზჭერით იყვნენ დაკავებული.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში, დღევანდელი დუბლინის მიდამოებში, სადაც მდინარე ლიფი გადის, ერთმანეთს ხუთი ძირითადი გზა კვეთდა. სწორედ იმ ადგილას გაჩნდა პირველი დასახლება.
841 წელს იქ ვიკინგები მივიდნენ. მათ პირველებმა შემოღობეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი ხის მოაჯირით, რომელიც შემდეგ ქვის კედლებმა შეცვალა. 1170 წელს ქალაქი ანგლონორმანებმა დაიპყრეს. იმ დღიდან დუბლინი ინგლისის სამეფოს სამფლობელოში გადავიდა. XVII საუკუნის დასაწყისიდან დუბლინში აღმშენებლობა დაიწყო.
ირლანდიული პარლამენტის მმართველობის დროს, რომელიც იცავდა პროტესტანტების ინტერესებს (პროტესტანტები მაშინ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ), დუბლინმა ნამდვილი ევროპული ქალაქის სახე მიიღო. ეს პერიოდი, რომელსაც გეორგიანულს უწოდებენ, დღეს მთელი თავისი არქიტექტურული სიდიადით წარმოგვიდგება.
1798 წელს ირლანდიელები ინგლისელებს აუჯანყდნენ და ამის საპასუხოდ, ბრიტანეთმა აიძულა ირლანდიის პარლამენტი, თავი დაშლილად გამოეცხადებინა. 1800 წელს დაამტკიცეს აქტი, რომლითაც ირლანდია დიდ ბრიტანეთს უერთდებოდა და ინგლისის პროვინციის სტატუსს იძენდა, დუბლინი კი, ბუნებრივია, იმპერიის ერთ-ერთ ქალაქად იქცა.
ირლანდიას `ბრიტანეთის ბაღჩას~ ეძახდნენ _ ის უხვად ამარაგებდა იმპერიას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, მაგრამ XIX საუკუნის შუა პერიოდში, რამდენიმე მოუსავლიანმა წელმა ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა. 1840-იანი წლები მის ისტორიაში `დიდი შიმშილობის~ ხანად შევიდა, ამ დროს დაახლოებით 8 მილიონმა ირლანდიელმა მიატოვა სამშობლო, მოსახლეობის ერთი ნაწილი კი შიმშილისგან დაიღუპა. სწორედ ამ დროს ირლანდიელები მასობრივად მიემგზავრებოდნენ ამერიკაში.
XIX საუკუნის დასასრულს ახალი იმედები მოჰყვა. დუბლინში ისევ სამშენებლო ბუმი დაიწყო. გაძლიერდა საშუალო საწარმოები, დაიწყო გარეუბნების გაშენება, ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი სახლები გაჩნდა. ეს შენობები იქ `მომგებიანი სახლების~ სახელით არის ცნობილი. მათ იმ მიზნით აშენებდნენ, რათა შემდგომში ხელმოკლეთათვის მიექირავებინათ.
მაგრამ ბრიტანეთის მმართველობა ირლანდიელებს უფრო და უფრო აღიზიანებდა. 1916 წელს ახალი აჯანყება მოხდა, 1922-23 წლების სამოქალაქო ომმა კი ირლანდიას დამოუკიდებლობა მოუტანა. თუმცა, ქვეყნის პირველმა მთავრობამ მემკვიდრეობად დანგრეული ქვეყანა, გაპარტახებული ეკონომიკა და მძიმე კრიმინალური სიტუაცია მიიღო. მოქალაქეები, რომლებსაც თავისუფლება ეღირსათ, მწირი მატერიალური საშუალებებით, თვითნებურად აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, რითიც დიდად ზიანდებოდა დუბლინის არქიტექტურული იერი. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა გარდატეხა და დაიწყო ქალაქის ნამდვილი აღორძინების ხანა. 90-იან წლებში კი, მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარების კვალობაზე, ირლანდიაშიც მკვეთრად ამაღლდა ცხოვრების დონე.
`ჩვენც მუდამ გადარჩენისთვის ვიბრძოდით...~
ირლანდიის გარდა ბევრ ქვეყანაში მოვხვედრილვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, ამდენი ერუდირებული და მრავალმხრივად განათლებული ადამიანი არსად შემხვედრია. სხვა ქვეყანაში თუ საათობით მიწევდა იმის ახსნა, სად მდებარეობს საქართველო, ირლანდიაში მსგავსი პრობლემა არ შემქმნია. ქალბატონი ჯეისიც საკმაოდ ერუდირებული და ამასთანავე, დაუზარელი ადამიანი აღმოჩნდა: სწორედ მისი დახმარებით დავათვალიერე ირლანდიის ბევრი ღირსშესანიშნაობა _ თითქმის ყველგან დამყვებოდა და გიდის როლსაც სიამოვნებით ასრულებდა.
...ახალგაზრდობა გაჭირვებაში გაუტარებია _ ქვეყანაში საკმაოდ რთული, როგორც ის ამბობდა, გაუსაძლისი მდგომარეობაც კი ყოფილა. ჩემთან საუბრისას, ხშირად ავლებდა პარალელს დღევანდელ საქართველოსა და 30 წლის წინანდელ ირლანდიას შორის და მამხნევებდა:
_ აი, ნახავ, აკაკი, საქართველოშიც მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს ახალგაზრდობაში დღე არ გავიდოდა ისე, რომ რაღაც ცუდი ამბავი არ გაგვეგო. მოსახლეობა დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. ადამიანები უმუშევრობისა და უსახსრობისგან გაბრუებულები დადიოდნენ. კვირა არ გავიდოდა, რომ ვინმეს თავი არ მოეკლა. ხალხი სრულ უიმედობას მოეცვა. მაგრამ ყველაფერს გავუძელით და შედეგსაც მივაღწიეთ, _ ემოციურად მიხსნიდა ქალბატონი ჯეისი.
_ მერე, როგორ მოახერხეთ ეს?
_ გადავხედოთ ისტორიას: ირლანდია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ომობს, ყოველთვის უწევდა არსებობისთვის ბრძოლა. ასეთივე ისტორია აქვს საქართველოს. მსგავსი წარსულის მქონე ქვეყნებს ადვილად ვერაფერი მოერევა _ მთავარია, არ მოეშვათ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ! _ ჯეისიმ თბილად გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
ძველი სამყაროს დანატოვარი
მთებში ცხვრებს აძოვებენ, რომლის მატყლისგან ირლანდიელები საქვეყნოდ ცნობილ ძაფს ართავენ. კილკენის საგრაფოში შავ და წითელ ლუდს ხარშავენ. ჩრდილო დასავლეთის წყნარ ტბებში შემოდგომით უამრავი თევზია. ირლანდიის მიწაზე ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, ყველას დაუტოვებია კვალი: იქ ნახავთ იდუმალ ირლანდიელ ბელადთა რეზიდენციას, კელტების ოქროს, ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში აგებულ მონასტრებს, საოცარი სილამაზის კათოლიკურ ტაძრებს...
ირლანდია მართლაც ზღაპრული ქვეყანაა. ამ პატარა კუნძულზე თითქოს მთელ მსოფლიოს `მოუყრია თავი~: ჩრდილოეთით ცივი, მიუწვდომელი კლდეები მოგხიბლავთ, სამხრეთით სუბტროპიკული ბაღების ცქერით დატკბებით.
ამ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, მუდმივი გაზაფხულია. კლიმატის გამო, ყველგან, გარდა ჩრდილოეთისა, უხვად არის პალმა და ათასფერი ვარდი, უზარმაზარი მუხები და ფიჭვის ხეები, სამხრეთით კი _ სუბტროპიკული მცენარეები. მაგალითად, კუნძულ გარნიშზე საოცარი `იტალიური ბაღია~, სადაც უამრავი ჯიშის მცენარე შეგხვდებათ. ზღვის მიმოქცევის პერიოდში ჩრდილოეთიდან სელაპები გადმოდიან. მათ სულაც არ ეშინიათ ადამიანის, ამიტომ თავისუფლად შეგიძლია მიუახლოვდე და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. მდინარეები საუცხოოა როგორც საბანაოდ, ასევე სათევზაოდ. თუ თევზი უფრო გიყვართ, ვიდრე თევზაობა, ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ, რომელიც მოგესურვებათ. იქვე შემოგთავაზებენ კიბორჩხალას, რვაფეხასა და ათასგვარ ზღვის დელიკატესს. ირლანდიელებმა ხორცის კერძების დამზადებაც საუცხოოდ იციან. რესტორანში შეკვეთის მიცემამდე სასურველია, კერძის `ზომით~ დაინტერესდეთ, ვინაიდან ირლანდიაში პატარა თეფშებს საერთოდ არ ხმარობენ...
მხატვარი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავხატავდი ირლანდიის ცას, რომელიც მართლაც გასაოცრად ლამაზია, თავისი ამოუცნობი ცვალებადობით... მთელი წლის განმავლობაში შეუცვლელი მხოლოდ ბალახისა და ხეების სიმწვანეა. იქ შუა საუკუნეების პირქუში ციხესიმაგრეებიც კი სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. ზოგიერთი ასეთი ციხესიმაგრე მუზეუმად ან ფეშენებელურ სასტუმროდ უქცევიათ, სადაც ირლანდიელები ჩვეული სტუმართმოყვარეობით გიმასპინძლებენ....
კელტების, ნორმანებისა და
ვიკინგების ქვეყანაში
ირლანდიის აღორძინების საფუძველია კომპიუტერული ინდუსტრია. ქვეყანაში აურაცხელი კომპიუტერული საწარმო მუშაობს, ეს კი იმაზე ბევრად მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე მანამდე ქვეყანა სოფლის მეურნეობიდან იღებდა. დიდი თანხები იდება ტურისტულ ბიზნესში. ტურიზმს ხელს უწყობს ირლანდიის რბილი კლიმატი. საშუალო ტემპერატურა ზამთარში იშვიათად დაიწევს 0-ის ქვემოთ, ზაფხულში კი +20 გრადუსზე მაღლა არ ადის. ზღვის საჰაერო მუსონებს წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მოჰყვეს თბილი წვიმა, რომელიც სულ ცოტა ხანში შეწყდება და ისევ მზე გამოანათებს.
უკანასკნელ წლებში ირლანდიაში ახალი ტენდენცია შეინიშნება: სამშობლოში ბრუნდებიან ყოფილი ლტოლვილები ან მათი შთამომავლები, ქვეყნიდან ადრე წასული (თუ გაქცეული) ადამიანების მემკვიდრეები. მოდის ბევრი ცნობილი ადამიანი, ბიზნესმენი თუ მსახიობი, ყიდულობს უძრავ ქონებას. ზოგი სამუდამოდ რჩება, ზოგი იქ წლის გარკვეულ დროს ატარებს. ასე რომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ირლანდიაში სტუმრად ჩასული ისეთი ცნობილი პერსონების ვილებს გადაეყრებით, როგორებიც არიან ამერიკის ექსპრეზიდენტები რეიგანი და კარტერი, კენედის ოჯახის წევრები, კინოვარსკვლავები მელ გიბსონი, მელანი გრიფიტი, შონ კონერი და უამრავი სხვა...
იმასაც გეტყვით, რომ ირლანდიაში ცხოვრება ხელსაყრელია მათთვის, ვისაც არ სურს, გადაიხადოს მაღალი გადასახადები და ეძებს წყნარ ადგილს კაპიტალის დასაბანდებლად. მძიმე წლები იქ კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა...
ირლანდიელები
ირლანდიელი ერი იმის საუცხოო მაგალითს წარმოადგენს, ერთი და იგივე ხალხი რაოდენ სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს სხვადასხვა ეპოქასა და სიტუაციაში: ირლანდიელებს წარსულში ლოთებად და შფოთისთავებად იცნობდნენ, ახლა სტუმართმოყვარე, ზრდილი და მხიარული ხალხია. ირლანდიაში უამრავი დღესასწაულია, მათ შორის _ `არასერიოზულიც~. ასეთია მაგალითად, ლუდის, ყვავილების, სილამაზის ზეიმები. დაწესებულია ნეფისა და პატარძლის დღეები, იმართება ჯაზის ფესტივალები და ათასგვარი მუსიკალური კარნავალი თუ ზეიმი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კათოლიკეა. ირლანდიელთათვის გამორჩეული ადგილი უკავია რელიგიურ დღესასწაულებს...
რაც შეეხება სასმელს _ როგორც ქართული სუფრაა წარმოუდგენელი ღვინის გარეშე, ისე ირლანდიური _ Gუინნესს-ის გარეშე. 3,5-მილიონიან ქვეყანაში 4-5 მილიონ ლიტრ Gუინნესს-ს ამზადებენ. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ნამდვილი ირლანდიული ვისკი და მაღალგრადუსიანი არაყი.
ქალბატონი ჯეისი, როგორც ჭეშმარიტი ირლანდიელი, ბახუსის მოყვარული აღმოჩნდა. ყოველ საღამოს მის მეგობრებთან ერთად მიწევდა სუფრასთან ყოფნა და ხშირად შუაღამემდე `გვიქეიფია~ კიდეც. არ ვიცი, ჩემი გიტარაზე დაკვრა და სიმღერა მოსწონდათ თუ არა, მაგრამ სადღეგრძელოებზე კი გიჟდებოდნენ.
_ მაინც რა კარგი ბიჭი ხარ, აკაკი. სად ისწავლე ასეთი სადღეგრძელოები? _ ერთხელ თვალებაცრემლებულმა მკითხა ქალბატონმა ჯეისმა.
_ საქართველოში სუფრა სადღეგრძელოს გარეშე წარმოუდგენელია. ქართველები სუფრას ცხოვრების აკადემიას უწოდებენ... _ მოკლედ ავუხსენი მასპინძელს ქართული სუფრის `ფილოსოფია~.
_ კი, მაგრამ სადღეგრძელოები რომ გითავდებათ, მერე რას აკეთებთ? _ მკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა.
_ სადაც სიყვარულია, იქ სადღეგრძელოები არ თავდება... _ ვუპასუხე და ჭიქების შევსება დავიწყე.
_ მაშ, გამოდის, რომ გიყვარვართ?
_ არ მეტყობა თუ?.. _ ჯეისის პატარა შვილიშვილს ხელი გადავხვიე და მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად მოვემზადე...
...ნაბახუსევი ირლანდიელის ქუჩაში დანახვა ჩვეულებრივი მოვლენაა. აი, გამოდის ბარიდან ბარბაცით, ჯდება ძელსკამზე და... ცურდება, ისევ ჯდება და ისევ ცურდება... რას იზამ! არავის აწუხებს. თანაც, ისიც იცის, რომ ძელსკამზე უნდა დაჯდეს (არავითარ შემთხვევაში არ დაწვეს), ხოლო ახერხებს თუ არა ამას, ეს სხვა ამბავია...
ჩემი წასვლის დროც დადგა. ამ ქვეყანაში გატარებული 10 დღე არასოდეს დამავიწყდება. ქალბატონმა ჯეისმა, სადღეგრძელოების გამო თუ თავისი კეთილშობილების წყალობით, ბინის ქირა არ გამომართვა, გულში ჩამიკრა და სევდიანად დამემშვიდობა...
ამსტერდამში თბილისელი
რუბენა მმასპინძლობდა
ლონდონში ყოფნისას, ინგლისელისთვის რომ მიკითხავს, სად აპირებდა შვებულების გატარებას, უმეტესობა ჰოლანდიას მისახელებდა. კითხვაზე, რით იზიდავდათ ჰოლანდია ასე ძლიერ, მპასუხობდნენ: ჰოლანდია ის ქვეყანაა, სადაც ყველაფერი შეიძლება, რაც ჩვენში აკრძალულია, აკრძალული ხილი კი ყოველთვის უფრო ტკბილიაო... მეც სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ჰოლანდიაში ჩავსულიყავი, ქვეყანასაც გავცნობოდი და ავტომანქანაც მეყიდა. თანაც, ამსტერდამში ჩემი ბავშვობის მეგობარი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი რუბენ ბინიაშვილი მეგულებოდა. მისი ოჯახი 1982 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო რუბენა 1989-ში ბიძასთან ერთად ამსტერდამში დასახლდა.
რუბენა თბილისის სინაგოგის მიმდებარე უბანში გავიცანი, სადაც ჩემი კლასელი შოთა ხაჟომია ცხოვრობდა. როცა შოთასთან მივდიოდი, მის მეზობელ რუბენასაც ვხვდებოდი ხოლმე. ისეთი წითელი თმა ჰქონდა, რომ უბნის ბიჭებს აკლებული ჰყავდათ. რას არ ეძახდნენ _ `რიჟიკას~, `პაჟარნიკს~, `სვეტაფორას~, მაგრამ მას განსაკუთრებით აღიზიანებდა მეტსახელი `თარსა~. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დილით სახლიდან გამოსული რომელიმე მეზობელი ბიჭს რომ შეხვედრია, უკან გაბრუნებულა: სჯობს, შინ დავრჩე, ვიდრე ამ წითელთმიანისგან დათარსულმა ვიაროო...
მიუხედავად ამისა, რუბენა ყველას უყვარდა და საზღვარგარეთ მისი გამგზავრებისას, მთელი უბანი აეროპორტში შეიკრიბა... მერე რუბენა ერთი-ორჯერ თბილისშიც ჩამოვიდა და ვისაც იცნობდა, ყველას ეპატიჟებოდა ამსტერდამში. უბნის ბიჭები, რომლებიც ჰოლანდიაში მოხვედრილან, აუცილებლად `შეუვლიდნენ~ ხოლმე რუბენას და ისიც ყველას ახლობელივით ხვდებოდა... გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.
ამსტერდამის ნავსადგურში ისე თბილად შემხვდა, აღარ ვიცოდი, მღელვარება როგორ დამეოკებინა.
_ კაკოჯან, ქვეყნები მოგივლია და ჩემთან ბოლოს მოხვედი. არ სჯობდა, ჩემგან დაგეწყო? _ მისაყვედურა რუბენამ.
_ აბა, რა გითხრა. ხომ იცი, როგორი თარსი ხარ... _ გავუღიმე.
_ არა, არა, თქვენი გამოსწორება არ იქნება!.. _ მკერდში მუჯლუგუნი მითავაზა.
_ სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, უცბად ჩამომიყალიბე შენი `პროგრამა~: რისთვის ჩამოხვედი და რა გინდა! _ პირდაპირ საქმეზე გადავიდა რუბენა.
_ რა მინდა და შენი ნახვა, მეტი რა უნდა მინდოდეს?! _ ყასიდად შევიცხადე.
_ ჩემი ნახვის გარდა რა გინდა? _ ჩამეძია რუბენა.
_ ბევრი ფული, კარგი მანქანა და ქვეყნის დათვალიერება!..
_ კარგი მადა გქონია! ჭყინტი ყველი არ გინდა?..
_ მჭადს თუ მოაყოლებ, უარს არ ვიტყვი...
რუბენამ მხარზე ხელი დამარტყა და იქვე, ჩვენ პირდაპირ მდებარე საკმაოდ მდიდრულ რესტორანში შემიძღვა...
ტიტების ქვეყანაში
ჰოლანდია წყნარი, მწვანე და `ბრტყელი~ ქვეყანაა. მრავალი საუკუნის წინ, როდესაც იქ ჰოლანდიელთა წინაპრები მივიდნენ, დაჭაობებული ადგილები და პატარ-პატარა კუნძულები დახვდათ. დღეს მთელი ჰოლანდია დამბებით, კაშხლებით, არხებითა და შლუზებით არის დაფარული. ამას დაუმატეთ გზები და ესტაკადები... ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატარა დასახლებები და ქალაქებია გაშენებული. ერთი სიტყვით, ყველაფერს ადამიანის ხელი ატყვია. ხმელეთის ერთი მესამედი გამოუტაციათ ზღვისთვის _ იქ ზღვა ხმელეთზე 5 მეტრით მაღალია. ძალიან ძნელია, ზღვასთან ბეტონის დამბებით ბრძოლა, დამბებში დაგროვილი წყლის ისევ ოკეანეში გადაქაჩვა, მარილებისგან ფსკერის გაწმენდა და სოფლის მეურნეობისთვის გამოყენება. სოფლის მეურნეობა კი ჰოლანდიის ეკონომიკის წამყვანი დარგია. სექტორებად დაყოფილ მინდვრებში მშვიდად ძოვენ ჯიშიანი ძროხები და ცხვრები. ალაგ-ალაგ კი ტიტების პლანტაციებია გადაჭიმული. ყვავილები ფერების მიხედვით არის მწკრივებად დაყოფილი. წარმოიდგინეთ წითელი ტიტით დაფარული რამდენიმეკილომეტრიანი პლანტაცია, რომელსაც ასეთივე ყვითელი, შემდეგ მუქი მელნისფერი, შინდისფერი, თეთრი და ა.შ. ტიტების ნარგავები მოსდევს. მერე ყველაფერი ისევ თანმიმდევრულად მეორდება და მოგზაურის თვალწინ უზარმაზარი `ხალიჩა~ იშლება.
ჰოლანდიას ყვავილების ქვეყანას უწოდებენ. ყვავილების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეროვნულ შემოსავალში. აქაურმა მეყვავილეებმა ბევრი საინტერესო ყვავილის ჯიში გამოიყვანეს, რომელიც მთელ მსოფლიოში მოწონებით სარგებლობს. ნიდერლანდების ყვავილების `სამეფოს~ ყოფილი `ჰარლების ზღვის~ ფსკერი წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ 150 წლის წინ გამოსტაცეს წყალს. ალბათ ჰოლანდიაში ისე არაფერი ფასობს, როგორც მიწა. თითოეული კვადრატული მეტრი ძალზე ძვირი ღირს. ამიტომაც, ჰოლანდიის ყველა ქალაქში, განსაკუთრებით ამსტერდამში, არხებში უხვად ნახავთ ბარჟა-სახლებს, რომელშიც უამრავი ოჯახი ცხოვრობს. ამ ბარჟა-სახლებს `ვონბოტებს~ ეძახიან.
ჩემი მასპინძელიც ასეთ, გემის მაგვარ ბარჟაზე ცხოვრობდა. პირველად რომ მივედით, სიხარულით შევძახე:
_ ვა, რუბენ, სასეირნოდ მიგყავარ?
_ სასეირნოდ კი არა, დასაძინებლად. ეს ჩემი სახლია, აქ ვცხოვრობ, _ მიპასუხა მან მშვიდად.
_ რაღა გინდა, ძმაო, საკუთარი გემი გქონია. შენ უნდა თქვა, ცხოვრება ამიწყვიაო...
_ ეს გემი კი არა, `კორპუს-ბარჟაა~. ბინა მაქვს ნაქირავები და ჩემ გარდა, აქ კიდევ 20 ოჯახი ცხოვრობს.
_ რაღაც ვერ გავიგე, კაიუტაში ცხოვრობ?
_ ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი `კორპუსია~, უბრალოდ, ყველაფერი მოთავსებულია ბარჟაზე და უფრო იაფია. თუ აქ თვეში 1.000 გულდენს ვიხდი, ასეთივე ბინაში მიწაზე 4.000 უნდა გადავიხადო. ჰოლანდიის მოსახლეობის 20% ასეთ ბინებში ცხოვრობს, _ ამიხსნა რუბენამ.
_ საინტერესოა... მერე, ბარჟის პატრონს ექსკურსიებზე არ დაჰყავხართ? _ ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
_ ჯერჯერობით არ წავუყვანივარ. შეიძლება, მე არ მოვწონვარ... _ თქვა და მშვენიერი, კომფორტულად მოწყობილი ბინის კარი გამიღო...
რუბენამ დილის 6 საათზე გამაღვიძა. წინა საღამოს ცოტა ზედმეტი დალევა მომივიდა და თავი ისე მტკიოდა, ძლივს ავწიე.
_ ჰა, რა გადაწყვიტე _ ფული გინდა თუ დროს ტარება?
_ ორივე ერთად არ შეიძლება? _ ძლივს წავილუღლუღე.
_ კარგი, გეყო მაიმუნობა. ახლავე მიპასუხე, თორემ, სამი კვირა ვერ მნახავ, უნდა წავიდე! _ რუბენამ საათს დახედა.
_ სად უნდა წახვიდე?
_ ბლის საკრეფად... სად და სამუშაოზე. მოდიხარ თუ არა? _ აღელდა რუბენა.
_ ოღონდ შენ დამშვიდდი და სადაც გინდა, იქ წამოგყვები... _ როგორც იქნა, გამოვფხიზლდი და სამზადისს შევუდექი.
რუბენა და ბიძამისი თავისებურ ბიზნესს მისდევდნენ. უყიდიათ ორი ავტობუსი და `მოსიარულე მაღაზიებად~ გადაუკეთებიათ. ეს მოძრავი მაღაზიები ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით იყო გადატენილი. საქონელს საბითუმო ფასებში ყიდულობდნენ ნავსადგურებსა და ჰოლანდიის ცენტრალურ რაიონებში, ხოლო შემდგომ, სოფლებსა და დაბებში ყიდდნენ. ყველაზე მეტად იმ ადგილებს ეტანებოდნენ, სადაც რაიმე დღესასწაული იმართებოდა. რუბენას დღესასწაულების კალენდარიც კი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ადგენდა, როდის და სად უნდა ჩასულიყო.
მე უმალ საქმეში ჩავერთე და თანაშემწის ფუნქციებს ვასრულებდი, რისთვისაც ჯამაგირს მიხდიდნენ. ამ სამსახურის წყალობით, ჰოლანდიის დათვალიერების საშუალება მომეცა. თუმცა კი გული მწყდებოდა, რომ ამსტერდამში ორ დღეზე მეტხანს ვერ ვრჩებოდი. ის ორი დღე კი ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო, ვინაიდან ამ ქალაქში ნამდვილად ბევრი რამ იმსახურებს ყურადღებას...
ასე დავყავი რუბენასთან ერთად რამდენიმე თვე _ ხან ავტობუსში მეძინა და ხან გემზე. დროდადრო ვეხუმრებოდი _ რას აპირებ, მყარი ადგილი არ გენატრება, მთელი ცხოვრება ბორბლებზე უნდა გაატარო-მეთქი?
_ აბა, რა ვქნა, კაკოჯან! განათლება მე არ მაქვს და გვარიშვილობა! _ მპასუხობდა გულახდილად. _ ასე ვიმუშავებ, ერთ-ორ კაპიკს მოვაგროვებ და შეიძლება, რაღაც სერიოზულს მოვკიდო ხელი. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს...
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს!.. ისე, თბილისი არ გენატრება? ხომ არ წამოხვალ?
_ თბილისს რა დამავიწყებს! ვგიჟდები, ისე მიყვარს! მაგრამ ჯერჯერობით აქ მირჩევნია. ჩემნაირი კაცი საქართველოში ვერაფერს გააკეთებს... მერე, ალბათ მოვა დრო და მეც დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია... _ სევდიანად მიპასუხა მეგობარმა.
ქალაქი, სადაც ყველაფერი შეიძლება
ამსტერდამი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალაქების რიგს განეკუთვნება. იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: სპინოზა, რემბრანდტი, ვან-გოგი, ბევრი სხვა გამოჩენილი ადამიანი. ქალაქში უამრავი მუზეუმია. მათ შორის ყველაზე ცნობილია სახელმწიფო მუზეუმი `რიუკსმუემი~, სადაც დაცულია XV-XIX საუკუნეებში მოღვაწე ჰოლანდიელი მხატვრების ყველაზე დიდი კოლექცია. მათ შორის არის რემბრანდტის ცნობილი შედევრი _ `ღამის დარაჯი~. უამრავი ტურისტი მიდის რემბრანდტის სახლ-მუზეუმში, სადაც მხატვარმა თავისი ცხოვრების 20 წელი გაატარა.
მათ, ვისაც გამორჩეულად იზიდავს იმპრესიონიზმი, აუცილებლად ვან-გოგის მუზეუმი უნდა მოინახულონ. იქ მხატვრის 1000-მდე ნამუშევარია გამოფენილი.
სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინ ამსტერდამი წყნარი ქალაქი იყო. იქაური კომერსანტები, ჩინოვნიკები და წვრილი ხელოსნები არაფრით გამოირჩეოდნენ ჰოლანდიის სხვა ქალაქების მცხოვრებთაგან. რადიკალური ცვლილებები უეცრად დაიწყო. ამსტერდამი მოულოდნელად იმ ადგილად გადაიქცა, სადაც ყველაფერია დაშვებული. ამგვარი `ღირსშესანიშნაობით~ გამორჩეული ადგილები არც ერთ ტურისტულ ბუკლეტში არ არის მოხსენიებული, თუმცა ყველა ტურისტი მაინც ახერხებს `ეგზოტიკურ~ კვარტალებში მოხვედრას... ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ერთი სქესის წარმომადგენლებს სამოქალაქო ქორწინების რეგისტრირება შეუძლიათ(!), უფრო მეტიც _ უკვე დაფიქსირდა ამგვარი ქორწინების არაერთი ფაქტი. ალბათ ამიტომაც, ქალაქი წარმოადგენს ნამდვილ სამოთხეს სექსუალური უმცირესობებისთვის. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩადიან იქ, ისვენებენ და დროს ატარებენ, თავს `სრულფასოვან~ ადამიანად მიიჩნევენ...
ჰოლანდიამ მსოფლიოში პირველმა მოახდინა მარიხუანის ლეგალიზაცია. ე.წ. `მძიმე ნარკოტიკები~ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ისინი მაინც ნებისმიერ კაფეში შეგიძლია იყიდო. თუ ფული გაგითავდა და `ლომკამ~ შეგაწუხა, შეგიძლია, მედპუნქტში განაცხადო და ექიმები ჰეროინის შემცველ მეტადონს უფასოდ მოგართმევენ. ნებისმიერ ჩოფფიე შჰოპ-ში ჰეროინის, ჰაშიშის, კრეკის, ოპიუმის ფასებისა და დამზადების ადგილების სიაა გამოკრული. ეს ნაწარმი ჰოლანდიაში ძირითადად, კოლუმბიიდან და ავღანეთიდან შედის. ფასების ცვალებადობა სავალუტო ბირჟაზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დიდი საშობაო ფასდაკლება ამ სფეროშიც მოქმედებს...
ბარებში ჩინებული ატმოსფერო სუფევს. მაგიდების გარშემო თვალგანაბული ადამიანები სხედან, ყავას წრუპავენ და სიგარეტს აბოლებენ. იშვიათია, ვინმემ ლუდი ან არაყი მოითხოვოს. ევროკავშირის შექმნასთან ერთად, ევროპის ქვეყნებმა ჰოლანდიას ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვა მოსთხოვა. ჰოლანდიამაც არ დააყოვნა და თუ ადრე იქ 25 კგ ნარკოტიკის შეტანა შეიძლებოდა, დღეს მხოლოდ 2 კილოგრამის იმპორტირებაა დაშვებული. თუ ამ ნორმას გადააჭარბე, კონფისკაციას გაგიკეთებენ და... გაგიშვებენ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ასეთივე დანაშაულისთვის მეზობელ ბელგიაში 15-წლიან პატიმრობას მოგისჯიან.
ჰოლანდიამდე რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი და თუ რამე გამიკვირდებოდა, არ მეგონა, მაგრამ ამსტერდამმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქის დასათვალიერებლად რუბენაც მიწევდა ხოლმე მეგზურობას, მაგრამ ცისფერებისა და ნარკომანების უბნებში არასოდეს მომყვებოდა.
_ რას დაეხეტებდი იმ ჯურღმულებში, მეტი სანახავი ვერაფერი იპოვე?! _ მიჯავრდებოდა რუბენა.
_ საინტერესოა, რუბენ, ასეთი რაღაცებისთვის ყველგან იჭერენ, აქ კი `სვაბოდაა~... _ მიკვირდა მე.
_ კარგი, მორჩი `სვაბოდას~, თორემ, თბილისში რომ ჩახვალ, ბიჭები იტყვიან, რუბენამ კაკო სისულელეების სანახავად წაიყვანაო... _ სერიოზულად მეტყოდა და `ცისფერი~ უბნის გინებას მოაყოლებდა.
სამაგიეროდ, დიდი ხალისით დამყვებოდა ლამაზმანების კვარტალში. ეს არის ერთ-ერთი არხის პირას გაშენებული ქუჩა, რომელსაც პრინც ჰენდრიკის სანაპიროს უწოდებენ. თურმე სამეფო გვარის ამ წარმომადგენელსაც გაუჩენია საყვარელი მეზღვაურთა მეძავების `სამეფოში~ და ხალხსაც ამიტომ შეურქმევია პრინცის სახელი ამსტერდამის ყველაზე `პორნოგრაფიული~ ქუჩისთვის. ვინ არ ყოფილა იქ _ სახელგანთქმული სპორტსმენები, მწერლები, პოლიტიკოსები და მეცნიერები (რა თქმა უნდა, ინკოგნიტოდ)?! რას არ ნახავთ ამ ქუჩაზე _ ვიტრინებში ჩამწკრივებულ შიშველ ქალებს ფეხი ფეხზე გადაუდიათ და სიგარეტს აბოლებენ, თან ღიმილით გეპატიჟებიან ხალიჩებით მორთულ პატარა ოთახში. მათ სხეულებთან შეხების მსურველნი ჩამოივლიან ხოლმე ამ `ცოცხალი გამოფენის~ წინ და დინჯად, აუღელვებლად არჩევენ საკუთარი გემოვნების შესაფერის ფერიებს, რომლებიც იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსული...
ფოტოს გადაღება მოვინდომე და უეცრად საიდანღაც ახალგაზრდა პოლიციელი გაჩნდა:
_ უკაცრავად, სერ, აქ გადაღება არ შეიძლება, ფოტოაპარატი მომეცით, _ თავაზიანად მითხრა.
_ კი, მაგრამ ამ ფირზე ბევრი სხვა ადგილებიცაა აღბეჭდილი, იმასაც გამიშუქებთ?
_ ნუ ღელავთ, ჩვენ ფირს გავამჟღავნებთ, რაც აკრძალულია, გაგიშუქებთ და აპარატს ფირთან ერთად დაგიბრუნებთ, _ მითხრა მან და განყოფილებაში გამიყოლა.
იმ დღეს 100 გულდენით დამაჯარიმეს, ფირის გამჟღავნების საფასურიც გადამახდევინეს და კადრები, რომლებიც მიზანშეუწონლად ჩათვალეს, წამიშალეს...
იმავე კვარტალშია `სექსთეატრები~, რომლებიც გაგაოცებთ `მრავალფეროვნებით~. იქვე ნახავთ პორნოგრაფიული ფილმების სადემონსტრაციო მინიკინოთეატრებს. ცხადია, უხვად არის მაღაზია, სადაც გასაბერი რეზინის ქალები და ყოველგვარი ეროტიკული აქსესუარი იყიდება. იმავე კვარტალშია მსოფლიოში ერთადერთი `სექსის მუზეუმი~, სადაც სექსთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებ, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია.
ტექსელის კუნძული
მიუხედავად ქვეყანაში გაბატონებული თავისუფლებისა, ჰოლანდიელები ძალზე შრომისმოყვარე და არცთუ ისე დაბალი ზნეობის მქონე ხალხია. ბუნებრივია, ნებისმიერი ჰოლანდიელი დაოჯახებაზე არც ფიქრობს, სანამ ფეხქვეშ მყარ ნიადაგს არ იგრძნობს. სტატისტიკური მონაცემებით, იქ ოჯახები საკმაოდ გვიან იქმნება და გაყრაც ყველაზე იშვიათია ევროპის ქვეყნებს შორის.
ჰოლანდიელები დიდ პატივს სცემენ მშობლიურ ენას და ტრადიციების მკაცრი მიმდევრებიც არიან. სიკეთესაც არ ივიწყებენ და არც სხვაზე ნაკლები პატივისცემა სჩვევიათ.
საყოველთაოდ ცნობილია ჰოლანდიელ და ქართველ მეომართა მეგობრობის ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ტექსელის კუნძულზე მომხდარ ანტიფაშისტურ ამბოხებას უკავშირდება. იქ სწორედ ტექსელის ამბების წყალობით სცემენ განსაკუთრებულ პატივს ქართველ კაცს და როგორც კი ვინმე გაიგებდა, რომ ქართველი ვიყავი, კეთილად გამიღიმებდა და სრულიად გამორჩეულად მეპყრობოდა...
ტექსელის კუნძულზე დავათვალიერე ქართველთა სასაფლაო, სადაც ოთხასამდე ქართველია დაკრძალული. მათ გვერდით კი ის ჰოლანდიელები განისვენებენ, ვინც გერმანელებმა ქართველთათვის გაწეული დახმარებისთვის დახვრიტეს ან მათთან ერთად ბრძოლაში დაიღუპნენ. საფლავები საუცხოოდ არის მოვლილი _ ჩანს, რომ სათუთად ეპყრობიან. უყურებ ამ საფლავებს და სევდასთან ერთად, დიდი სიამაყის გრძნობით ივსები. ეს გრძნობა გაგიათმაგდება, როდესაც ქართველების მუზეუმს დაათვალიერებ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ტექსელის აჯანყება. აქვე ვიტყვი, რომ იქ ქართული იერის მქონე და გვარის მატარებელი ბევრი ჰოლანდიელიც შემხვდა, რომლის ბაბუა ჩვენი თანამემამულე იყო...
ფული ან სამშობლო
ჰოლანდიას `ევროპის ამერიკას~ ეძახიან. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ადამიანს, რომელსაც კომერციული საქმიანობისკენ რაიმე მიდრეკილება აქვს, ამ ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები ხვდება. უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, რა საქმიანობას მოჰკიდო ხელი და თუ დაიწყებ, ხელისუფლება ყველანაირად ამოგიდგება მხარში.
ჰოლანდიაში ებრაელთა დიდი დიასპორაა. რუბენას წყალობით, ბევრი ებრაელი კომერსანტი გავიცანი, რომლისგანაც უამრავ რაღაცას ისწავლი. შემეძლო დავრჩენილიყავი და მათ წრეში მეტრიალა. არც ის იყო გამორიცხული, რომ ბიზნესში წარმატებისთვისაც მიმეღწია, მაგრამ არ მოვინდომე _ სამშობლოში დაბრუნება მერჩივნა.
რუბენასთან ხშირად ვლაპარაკობდი ჩემს მომავალზე, ვკამათობდით კიდეც, ბოლო პოლემიკა კი განსაკუთრებით დამამახსოვრდა:
_ კარგი, რა, კაკო, რა ბავშვივით იქცევი, დარჩი, სად მიდიხარ?
_ სად და სახლში, თბილისში, ძმაკაცებში.
_ უფულო არც ძმაკაცს უნდიხარ და არც ნათესავს. დარჩი, იმუშავე, ცოტა კაპიტალი მოაგროვე, საბუთები `გაიკეთე~ და მერე წადი. ასეთი შანსი მერე აღარ მოგეცემა...
_ მერე, როგორ უნდა გავაკეთო ეს?
_ ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა?! მოიყვან ცოლს, მოგცემენ საბუთებს, ეს ბიზნესის კეთების საშუალებას მოგცემს... საბედნიეროდ, ენა იცი და ზარმაცი არ ხარ. ყველაფერი შენს ხელში იქნება. მერე, გინდა, საქართველოში წადი, გინდა _ ამერიკაში.
_ რუბენ-ჯან, ახლა მე მომისმინე. მე თუ ცოლს მოვიყვან _ მხოლოდ ქართველს. იმის გულისთვის, რომ საბუთები გავაკეთო, სულ არ ვაპირებ, 3-4 წელი აქ ყურყუტს. უკვე მეოთხე წელია, ევროპაში დავბორიალობ. დროა, ოჯახს მოვეკიდო... საქართველოში უნდა დავბრუნდე.
_ რომ მიყვარხარ და შენთვის კარგი მინდა, იმიტომ გეუბნები. ხომ ხედავ, საქართველოში რა ხდება. ხალხი ოცნებობს ევროპაში მოხვედრასა და აქ სამუშაოს შოვნაზე, შენ კიდევ, ვერ მოგითმენია და უკან ბრუნდები. დამიჯერე _ ინანებ. შენი მომავლისთვის ჯობს, რაღაც დათმო... რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ.
_ მართალი ხარ, მიზნის მისაღწევად ბევრი რამის დათმობა შეიძლება, მაგრამ... ჩემი ქალაქი მომენატრა... ყველა თუ გაიქცა და იმაზე იფიქრა _ საქართველოში კარგი დრო რომ დადგება, მაშინ დავბრუნდებიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე... ფულის გარდა, სხვა ღირებულებებიც აქვს ადამიანს, რასაც გაფრთხილება სჭირდება...
იმ დღის შემდეგ, რუბენასთან ამ თემაზე აღარ მილაპარაკია. გადავწყვიტე, თბილისში დავბრუნებულიყავი. რამდენიმე დღეში სავიზო ვადა გამდიოდა. უნდა მოგვესწრო კარგი ავტომობილის შოვნა, მისი გადაფორმება, მარშრუტის შერჩევა... ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი დროულად მოვაგვარეთ და სამშობლოშიც სავიზო რეჟიმის დაურღვევლად გამოვემგზავრე...
პარიზში _ სუნამოს შესაძენად
როგორც იქნა, ევროპაში სამწლიანი ხეტიალის შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეორედ დავიბადე. ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ნათესავებისა და მეგობრებისგან, რომ ჩემზე ბედნიერი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა. მონატრების შემდეგ მშობლიური ქალაქი უფრო ლამაზი და მშვენიერი გეჩვენება...
რამდენიმე თვეში დაბრუნების სიხარულით გამოწვეული ეიფორია გაქრა და მეც იმავე პრობლემამ შემაწუხა, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ათასობით ჩემს თანამემამულეს, რომელიც ამაოდ ეძებს სამსახურს. სად არ ვიყავი, ვინ არ შევაწუხე, უცხოურ კომპანიებსა და ორგანიზაციებში თავგამოდებით ვცდილობდი საკუთარი ღირსებების წარმოჩენას: ვიცი ინგლისური ენა, მესმის ესპანური, შემიძლია კომპიუტერზე მუშაობა, მიცხოვრია და მიმუშავია საზღვარგარეთ... ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა _ სამსახურს ვერა და ვერ ვშოულობდი.
ძალიან მინდოდა, არ შევპუებოდი სიძნელეებს და მიზნისთვის მიმეღწია. მაგრამ თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, მთელი ჩემი ახალგაზრდული ენერგია ლილოს ან დიდუბის ბაზრობაზე სავაჭრო `ბიზნესის~ სამსახურში დამეხარჯა ან... კვლავ უცხოეთში უნდა გავმგზავრებულიყავი...
საერთოდ, არასოდეს ვუჩიოდი ბედს. ამჯერადაც გამიმართლა და ჩემი ძმაკაცის მამის, უსაყვარლესი ადამიანის, მურმან შუბითიძის რეკომენდაციით, თბილისის ცენტრალურ უნივერმაღში ბროკერად დავიწყე მუშაობა. შევუდექი კომერციულ საქმიანობას, რომელმაც უამრავი პრობლემისა და საზრუნავის გარდა, სასიამოვნო მოგონებებიც დამიტოვა. სხვადასხვა ნაწარმის ჩამოსატანად ხშირად მიწევდა უცხოეთში გამგზავრება. მართალია, თითოეული ასეთი მოგზაურობა დიდი ენერგიის ფასად მიჯდებოდა, მოგებასთან ერთად, ხშირად წამიგია კიდეც, დიდ ვალშიც ჩავვარდნილვარ, მაგრამ მოგზაურობის სიყვარული და ჟინი, რომელიც ჩემში ყოველთვის იყო, ამის გადატანაში მეხმარებოდა. ერთი ასეთი მივლინება განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: უნივერმაღ `თბილისის~ საპარფიუმერიო განყოფილების გამგე შემომიჩნდა _ გინდა თუ არა, ფრანგული სუნამოები ჩამოიტანე, კარგად გასაღდება და თბილისელი მანდილოსნებიც შენი მადლიერი დარჩებიანო. ერთ-ერთი კომერციული ბანკი დავითანხმე ე.წ. `სდელკაზე~ და სულ მალე პარიზში ამოვყავი თავი.
პარიზი
`ზეიმი, რომელიც მუდამ შენთან არის~ _ ჰემინგუეის ეს სიტყვები ნამდვილად მიესადაგება პარიზს. ის ადამიანებიც კი, ვინც ამ ქალაქში არასოდეს ყოფილან, მასზე ამავეს ფიქრობენ, ხოლო ვისაც მასთან შეხვედრის ბედნიერება ჰქონია, დაგიდასტურებენ, რომ მართლაც ასეა.
პარიზის დაარსება იულიუს კეისრის სახელს უკავშირდება, რომელმაც ჩვ. წ.აღ-მდე 53 წელს ააშენა ციხესიმაგრე მდინარე სენის ერთ-ერთ კუნძულზე _ იმ ადგილას, სადაც დღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დგას.
შუა საუკუნეების პარიზი დიდად არაფრით გამოირჩეოდა. მისი მოსახლეობა 200 ათას კაცს აღწევდა. მეფე ფრანც პირველიდან მოყოლებული, რომელმაც ლუვრის პავილიონები ააშენა, თითქმის საფრანგეთის რევოლუციამდე, ქალაქი ნელი ტემპით ვითარდებოდა. სწრაფი ზრდა პარიზმა ნაპოლეონ პირველის პერიოდში დაიწყო. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული პარიზის მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის _ ტრიუმფალური თაღი.
უფრო დიდი კვალი ნაპოლეონ მესამემ დატოვა და კიდევ, მისმა პრეფექტმა _ ოსმანმა, რომელმაც მოაწყო პარიზული ფართო ბულვარები, საფუძველი ჩაუყარა 3 ძირითად პარკსა და უამრავ ულამაზეს სკვერს. გარდა იმისა, რომ პარიზი `ზეიმისა და ოცნების ქალაქია~, ის ცნობილი პარიზის კომუნის, ბარიკადული ბრძოლებისა და რევოლუციური მოძრაობის სიმბოლოც გახლავთ.
რამდენიმე საუკუნე პარიზი არაოფიციალურად მსოფლიოს დედაქალაქის სახელსაც ატარებდა. XX საუკუნეში ამ `ტიტულში~ მას ნიუ-იორკი შეეცილა...
ბიზნესმენები ყველგან
ერთნაირები არიან...
მართალია, პარიზში პირველად ვიყავი, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. რამდენიმე ქვეყანაში ყოფნა და ბიზნესში ტრიალი სპეციფიკური ჩვევების გამომუშავებაში დამეხმარა. აეროპორტშივე ტაქსის მძღოლს მოველაპარაკე, რომ საშუალო დონის, იაფფასიან სასტუმროში მივეყვანე, სასტუმროს ადმინისტრატორს ქალაქის ცნობარი გამოვართვი და მეორე დღეს, რომელი სადილერო კომპანიის სახელიც მომეწონა, ყველას შევუთანხმდი შეხვედრაზე (რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროისთვის).
აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროპაში პროდუქციის მწარმოებელთან დაკავშირება საკმაოდ ძნელია: ეს დროს მოითხოვს, რაც ხარჯთანაც არის დაკავშირებული, თანაც, ყველა მწარმოებელს თავისი დილერი ჰყავს, რომლის საშუალებითაც კლიენტთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ასეთი სისტემა მყიდველს საშუალებას აძლევს, საკმაოდ ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღოს და სასურველ ფასებში შეიძინოს პროდუქცია. მთავარია, არ მოგატყუონ და მოლაპარაკებისას რაიმე შეცდომა არ დაუშვა. მყიდველის გამოუცდელობა და გულუბრყვილობა ხომ დილერს კარგი მოგების საფუძველსაც აძლევს.
ფრანგულ სუნამოზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნილებაა. მწარმოებლებს შორის სერიოზული კონკურენცია, ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალიზაციაზე. ეს კარგად ვიცოდი და აუჩქარებლად ვაკვირდებოდი დილერთა მიერ შემოთავაზებულ ფასებს. დილერებიც განსხვავებულები შემხვდნენ: უმეტესობა თავაზიანი იყო, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ თავხედიც გამოერია.
დღის 11 საათი იყო, როდესაც სასტუმროს ნომერში ორი შავგვრემანი ფრანგი მეწვია. დილერებად გამაცნეს თავი და გასაყიდი სუნამოების კატალოგი შემომთავაზეს. თავიდანვე შევატყვე სახეზე, რომ ჩემი არც დროებითი საცხოვრებელი და არც ჩაცმულობა თვალში არ მოუვიდათ (არასდროს მიზიდავდა ე.წ. ოფიციალური სამოსი, იმ დღესაც ჯინსი მეცვა). იგივე ნაწარმი, რომელიც სხვებსაც ჰქონდათ, საკმაოდ ძვირად დამიფასეს. უკმაყოფილება არ დამიფარავს.
_ მაინც რამდენ ვაგონზე გავაკეთოთ შეკვეთა? _ გამომწვევად მკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.
_ პირველ რიგში გეტყვით, რომ ვაგონებით სუნამოს წაღებას არ ვაპირებ, რაც შეეხება ფასს _ საკმაოდ ძვირია, _ ვუპასუხე ზრდილობიანად.
_ ჩვენი ფირმა მაღალი დონის კლიენტებს ემსახურება. რაც შეეხება რუსებს, მათ ყოველთვის ვაგონებით მიაქვთ საქონელი...
_ უკაცრავად, მე რუსი არა ვარ, ქართველი გახლავართ!.. _ მივუგე გაღიზიანებულმა.
_ რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის ყველანი ერთი ხართ. ყველა გასაყრელი ხართ აქედან... წადით, თქვენს მოსკოვში იბაირამეთ... _ თქვა და კარისკენ გაემართა. თავიდან, გავშრი, ხომ არ მომესმა ან იქნებ, მისი ინგლისური კარგად ვერ გავიგე-მეთქი, _ ვიფიქრე... სამწუხაროდ, არ შევმცდარვარ. სანამ ოთახიდან გასვლას მოასწრებდა, მივაძახე: _ შენ ეი, პიჟონო, ბედი გქონია, საფრანგეთში რომ ცხოვრობ, თორემ, ისე მიგბეგვავდი, დედაშენიც ვერ გიცნობდა!
_ აბა, მოდი, თუ ბიჭი ხარ, დამარტყი, ვინ ვინ არის, მერე გამოჩნდება... _ მითხრა და ენა გამომიყო...
რა თქმა უნდა, თავი შევიკავე: კარგად ვიცოდი _ ევროპაში პირველად ვინც დაარტყამს, მას გაამტყუნებენ. თანაც, აშკარად ეტყობოდა, მთლად ნორმალური ფსიქიკა არ ჰქონდა...
ათიოდე წუთში მისი მეწყვილე მობრუნდა და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
_ მუსიე, დიდ ბოდიშს გიხდით, ჩემი მეგობრის საქციელი ყველა ზღვარს გასცდა...
_ გულახდილად გეტყვით, არ მოველოდი. ასე რისთვის გამლანძღა? _ გაოგნებულმა ვიკითხე.
_ მუსიე, ერთ რამეს გეტყვით და ამის შემდეგ ალბათ შეუნდობთ: ორი დღის წინ ჩემს მეგობარს მეუღლემ უღალატა, ის ტიპი რუსი აღმოჩნდა...
_ მერე, რაღა ჩემთან მორბოდით, ის ვერ დასაჯეთ?! _ გაოცებულმა ვუთხარი.
_ გაგვექცა. რომ დაგვეჭირა, ცოცხალი ვერ გადაგვირჩებოდა!..
ქალაქში
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი _ პარიზისა და საფრანგეთის სიმბოლო და ტაძართა ტაძარი _ აი, როგორ ამკობენ ამ უძველეს ძეგლს, რომელიც აშენებულია მდინარე სენის შუაგულში მდებარე კუნძულ სითიზე. ეს ქალაქის უძველესი რაიონია. ტაძარი 1163-დან 1250 წლამდე შენდებოდა.
მოედანზე, სადაც საფრანგეთის ყველა გზა იწყება, ბრინჯაოს მემორიალური დაფაა, რომელზეც წერია _ `0 კმ~. ტაძრის სიმაღლე 90 მეტრს აღწევს, გუმბათში კი ჩამონტაჟებულია ზარი, რომელიც 15 ტონას იწონის. მისი ხმა მხოლოდ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს ჟღერს. იმისათვის, რომ ტაძარი სრულყოფილად დაათვალიერო, ორი კვირა არ გეყოფა. ამასთანავე, ორი საათიც საკმარისია იმისთვის, რომ მიღებული შთაბეჭდილება სიცოცხლის მანძილზე გაგყვეს...
სენ-ჟერმენის ბულვარსა და სენის სანაპიროს შორის მდებარე უბანს, სადაც სორბონის მოედანი და ლუქსემბურგის ბაღია, ლათინურ კვარტალს ეძახიან. ლათინური იმიტომ დაარქვეს, რომ სტუდენტებს, რომლებიც იქაურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ (უნივერსიტეტი 1221 წელს დაარსდა), ლათინური უნდა სცოდნოდათ. იქაური სტუდენტები ერთმანეთს ლათინურად მიმართავდნენ, რათა სხვებს მათი ლაპარაკის შინაარსი არ გაეგოთ.
თუ უცხოელი პარიზში ცხოვრებას დააპირებს, აუცილებლად ლათინურ კვარტალში უნდა დასახლდეს: ბინაც იაფია, ბევრი გასართობი ადგილიც არის და კეთილი ხალხიც ცხოვრობს.
ერთ საღამოს ამ უბანში ვსეირნობდი და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდი. ვიგრძენი, რომ ლამაზი ახალგაზრდა ქალი მითვალთვალებდა. ქალებში განსაკუთრებული პოპულარობით არასოდეს ვსარგებლობდი და გულმა რეჩხი მიყო... მშვენიერი არსება მომიახლოვდა და გამიღიმა:
_ უკაცრავად, ქართველი ბრძანდებით?
_ აა... დიახ, საიდან მიხვდით? _ დავიბენი, არ ველოდი ქართველთან შეხვედრას.
_ სიარულზე შეგატყვეთ... _ ორივეს გაგვეცინა...
ასე გავიცანი თბილისელი ელა ლეკიშვილი, რომელიც სტუდენტური პროგრამით, მეგობრებთან ერთად, პარიზში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ჩემი იქ ყოფნის დრო იწურებოდა და ელასთან ერთად ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა ვერ მოვახერხე.
მონმარტრი და ეიფელის კოშკი
მონმარტრი ის ადგილია, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ბალზაკი, ჰიუგო, მოპასანი, პიკასო, ვან-გოგი. იქ მრავალი წელი გაუტარებიათ დავით კაკაბაძეს, ლადო გუდიაშვილს, ელენე ახვლედიანს. ამ უბნის თითოეული ქუჩა და სახლი ხელოვნებით სუნთქავს... დღეს ხელოვანთ უჭირთ იქ ცხოვრება, ვინაიდან ყველაფერი საკმაოდ ძვირია. ყველა შენობას ფაქტობრივად, ტურისტული ბიზნესი დაეპატრონა. თუმცა, მხატვრებს იქ მაინც რა გამოლევს?! ასე რომ, მონმარტრი მაინც მონმარტრია...
`საშინელი, სამარცხვინო და უშნო ნაგებობა~ _ ასე ნათლავდნენ ეიფელის კოშკს, რომელიც 1889 წელს დაიდგა. გუსტავ ეიფელმა კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიღო იმ ნაგებობის დადგმის ნებართვა, რომელსაც ხელოვანთა წრეებში `ჭანჭიკების კოშკად~ მოიხსენიებდნენ. მისი სიმაღლე 320 მეტრს აღწევს, ის 18 ათასი რკინის დეტალისგან შედგება. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, კოშკი 20 წელიწადი უნდა მდგარიყო. 1910 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ვადა კიდევ 70 წლით გაგრძელდა. 1980 წელს კი, აზრად აღარავის მოსვლია, რომელიმე ვადაზე ლაპარაკი...
პირველად კოშკი რომ დავინახე, მირაჟი მეგონა: ნუთუ ეს არის?!. თანდათან მას თვალი ეჩვევა, ვინაიდან კოშკი ქალაქის ყოველი მხრიდან ჩანს. ის რაღაცით ნავთობის ჭაბურღილს მოგაგონებთ. განსხვავება იმაშია, რომ ნავთს კი არა _ ფულს `ქაჩავს~. კოშკის ლიფტამდეFრომ მიხვიდე, რიგში სულ ცოტა 2-საათი დგომა და 65 ფრანკი დაგჭირდება... ზემოდან, 70 კმ-ის რადიუსში ყველაფერი ჩანს და საუცხოო პანორამა იშლება. ზემოთვე არის ეიფელის სამუშაო კაბინეტი-მუზეუმი და რესტორანი, სადაც აუცილებლად ერთ-ორ ბოკალ შამპანურს მიირთმევ (აბა, პარიზის თავზე ასული, სხვაგვარად როგორ მოიქცევი?!) _ არადა, შამპანური იქ ფანტასტიკურად ძვირია...
ელისეს მინდვრები და ვეტერანთა სახლი
ელისეს მინდვრებზე საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. მინდვრების სიგრძე 2,5 კილომეტრს აღწევს: ის თანხმობის მოედნიდან ტრიუმფალურ თაღამდეა გაჭიმული. ეს ადგილი იმისთვის მოუგონიათ, რომ ადამიანმა მშვიდად ისეირნოს, მაღალ მატერიებზე იფიქროს და... ბევრი ფული დახარჯოს. საამისო ადგილი კი იქ უამრავია და ამ საქმეში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ჯიბეში რამდენი გიდევს...
ვეტერანთა სახლი განსაკუთრებული ადგილია იმ ჯარისკაცთათვის, ვინც სამშობლოს დაცვისას დაინვალიდდა. ეს გახლავთ 500 მ სიგრძისა და 400 მ სიგანის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს, 1670 წელს აშენდა. XVII საუკუნის დამლევს ვეტერანთა სახლი მინიატურულ ქალაქს წარმოადგენდა, სადაც 4000 მეომარი ცხოვრობდა. რაზმებად დაყოფილები, ოფიცრების მეთაურობით სხვადასხვა საამქროში მუშაობდნენ. დღეს ვეტერანთა სახლში სამხედრო ჰოსპიტალია. საერთოდ კი ეს კომპლექსი საფრანგეთის სამხედრო დიდების მუზეუმს წარმოადგენს...
კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა ვეტერანთა ტაძარია. მისი სიმაღლე 107 მეტრს შეადგენს, ხოლო გუმბათი მოოქრულია, მასზე 100 კგ ოქროა დახარჯული. ტაძრის ეზო ერთგვარი სამხედრო ნეკროპოლია, სადაც დაკრძალული არიან: ნაპოლეონი, მარშალი ტიურენი, ვობანი, ჟოზეფ და ჟერომ ბონაპარტები...
დეფანსის რაიონი სიმბოლოა არა მარტო თანამედროვე პარიზისა, არამედ მთელი საფრანგეთის _ ქვეყნისა, რომელიც ამაყობს არა მხოლოდ თავისი წარსულით, არამედ თანამედროვე მიღწევებითაც _ უახლესი ტექნოლოგიების, ავტომრეწველობისა თუ კოსმოსის სფეროებში. დეფანსის მშენებლობა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. სწორედ მაშინ აშენდა პირველი ცათამბჯენები. 70-იან წლებში, სამშენებლო ბუმის მეორე ტალღის დრო დადგა: მაშინ აიგო წამყვანი ფრანგული კომპანიების შტაბბინები. 80-იან წლებში კი, ულტრათანამედროვე, სხვადასხვაგვარი გეომეტრიული ფიგურის ფორმის ნაგებობები...
ბუნებრივია, პარიზის დასათვალიერებლად ორი კვირა არ მეყო. ვინატრე, რომ ელასა და მისი მეგობრებივით, მეც სტუდენტი ვყოფილიყავი და ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავი პარიზში...
როგორც იქნა, სასურველი სუნამოებიც შევარჩიე. თბილისიდან ფული გადმომირიცხეს და კონტეინერით გამოვაგზავნე. ჩემი წამოსვლის დროც დადგა...
საავტომობილო ბიზნესი
თბილისის უნივერმაღში ჩემი კომერციული საქმიანობის პერიოდში, `საავტომობილო ბიზნესსაც~ მოვკიდე ხელი: ზოგჯერ, ჩემი ინიციატივით, ზოგჯერ _ შეკვეთით ჩამომყავდა მანქანა გერმანიიდან. ვერ გეტყვით, რომ ამით დიდი მოგება ვნახე, მაგრამ გერმანიიდან საქართველომდე 5-6 ქვეყანა უნდა გამომევლო, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სხვა თუ ამ გზას ერთ კვირაში გადიოდა, მე 3-4 კვირას ვანდომებდი: ვცდილობდი, ხელიდან არ გამეშვა ამა თუ იმ ქვეყნის დათვალიერების შანსი... გერმანიიდან საქართველომდე ორი მარშრუტით შეიძლება წამოსვლა: პირველია _ ავსტრიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით; მეორე _ იტალიიდან, ქალაქ ვენეციიდან ბორნით საბერძნეთამდე და იქიდან _ კვლავ თურქეთის გავლით. რა თქმა უნდა, ყველა აქ ჩამოთვლილი ქვეყანა საინტერესოა, მაგრამ იტალია მაინც გამორჩეულია. ვენეციაში ჩასულმა გადავწყვიტე, კიდევ 1000 კილომეტრი გამევლო ქვეყნის სამხრეთისკენ და რომიც დამეთვალიერებინა...
რომში
რომი _ მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც მარადიული ქალაქის `საპატიო წოდებას~ ატარებს. ეს სახელი მას ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში უწოდეს... რომაელთა საყვარელი გამონათქვამი კი ასე ჟღერს: როდესაც მსოფლიო იღუპება, რომი დგას, მაგრამ როდესაც რომი ეცემა, მაშინ მთელი სამყარო იღუპებაო...
რომი ჩვ.წ.აღ-მდე 753 წელს დაარსდა. 21 აპრილი ქალაქის დაბადების დღედ ითვლება, თუმცა რომაელებმა ოდითგანვე იცოდნენ, რომ ეს პირობითი თარიღია. არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ცხოვრება იქ 130 ათასი წლის წინათაც ყოფილა. რომის დაარსებას ძმებს _ რომულსა და რემს უკავშირებენ. რომული და რემი ერთ-ერთი მეფის შვილები ყოფილან. სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშე მყოფმა მეფემ, მცირეწლოვანი შვილები რომ გადაერჩინა, რომული და რემი მდინარე ტიბრს გააყოლა იმ იმედით, რომ მათ ვინმე უშველიდა. მართლაც, ბიჭები მწყემსმა ფაუსტულმა მაშინ იპოვა, როდესაც ისინი ძუ მგლის ძუძუს სწოვდნენ. მან შინ წაიყვანა და აღზარდა ბავშვები. გავიდა ხანი. ძმებმა დამპყრობლურ ომებს მიჰყვეს ხელი და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. შემდეგ, პალატინის გორაზე ციხესიმაგრე ააგეს და მის გარშემო ქალაქის მშენებლობა წამოიწყეს. მერე ძმებს შორის შუღლი ჩამოვარდა, საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მივიდა, რომლის დროსაც რომული დაიღუპა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ დროს დაერქვა ქალაქს რომი. არ ვიცი, რამდენად შეეფერება ჩემ მიერ მოყოლილი ამბავი ისტორიულ სინამდვილეს, მაგრამ ყველა გიდი რომის დაარსების ამბავს ასე ჰყვება...
სხვათა შორის, თუ რომში პირველად მიემგზავრებით, შემიძლია გირჩიოთ, რომ ქალაქის დათვალიერებისას არ ისარგებლოთ ავტომობილით: რომის ვიწრო ქუჩები ხშირი საცობით გამოირჩევა. ამდენად, თუ იქ ავტომობილით მგზავრობა მოგიხდათ, ჯობს, ის სასტუმროსთან დატოვოთ (მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ტურისტებით არის სავსე, რომში სასტუმრო, ლონდონთან და პარიზთან შედარებით, გაცილებით იაფია) და უახლოეს ტურისტულ სააგენტოს მიაკითხოთ. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით...
პიცერიის მეპატრონე ჯოვანი
იტალიაში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მკვიდრი მოსახლეობისგან გარეგნობით დიდად არ გამოვირჩეოდი და არავის ყურადღებას არ ვიპყრობდი. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ხალხს ყველგან იტალიელი ვეგონე და ცხადია, თავიანთ ენაზე მომმართავდნენ ხოლმე. როგორც კი შეამჩნევდნენ, რომ უცხოელი ვიყავი, მათი ენერგიულობა უმალ ქრებოდა და ჩემდამი ინდიფერენტულობას იჩენდნენ: საქმე ის გახლავთ, რომ იტალიელებს დიდად არ ეპიტნავებათ უცხო ენაზე ლაპარაკი და არც ამა თუ იმ ენის დაუფლების სურვილი აწუხებთ, ამიტომ რა კარგადაც არ უნდა ფლობდე ინგლისურსა თუ ფრანგულს, იქ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, საკმარისია, ორიოდე იტალიური სიტყვა იცოდე, რომ მაშინვე მიიპყრობ ადგილობრივთა ყურადღებას და პატივისცემასაც დაიმსახურებ.
სასტუმროს გვერდით, სადაც ვცხოვრობდი, პიცერია იყო (თუმცა, იქ პიცერია ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდეთ). დილაობით, სანამ ქალაქში გავიდოდი, იმ პიცერიაში ვსაუზმობდი. 3 დღის განმავლობაში, ხანში შესული, ჩასუქებული მამაკაცი საკმაოდ ზრდილობიანად, მაგრამ სრულიად უემოციოდ მემსახურებოდა. ხან ზედმეტი ხურდა დავუტოვე, ხან გამოლაპარაკება ვცადე _ ყველაფერზე მხოლოდ `გრაცის~ მპასუხობდა და თავის საქმეს განაგრძობდა. ერთ დღეს, მისალმებისას, რამდენიმე სიტყვა იტალიურად ვუთხარი. თავიდან თითქოს შეკრთა _ არ მოელოდა ჩემგან იტალიურის ცოდნას, მერე სრულიად შეიცვალა: გამოცოცხლდა და პირი ყურებამდე აუვიდა... რაღაც კიდევ ვიცოდვილე და პასუხად, მთელი `მონოლოგი~ მივიღე, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ გავიგე, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ჩვენს დამეგობრებას აღარაფერი შეუშლიდა ხელს. დარჩენილ დღეებში სინიორ ჯოვანი პიცის მომზადებას მასწავლიდა, მე კი მას ხაჭაპურის რეცეპტი შევთავაზე. ბოლოს შევთანხმდით, რომ მე სახაჭაპურეს გავხსნიდი რომში, ის კი _ პიცერიას თბილისში... სამწუხაროდ, ამ ბიზნესის წამოწყება ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ ტელეფონით დღემდე ვუკავშირდებით ერთმანეთს...
მცირე ისტორიული ექსკურსი
რომის ისტორიული თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე იქ საცხოვრებლად ყველა მსურველს უშვებდნენ. მოსახლეობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე იტალიის ნებისმიერ სხვა ქალაქში. რომი ყველა ჯურის ადამიანებით გაივსო, რამაც მისი მოსახლეობის სიჭრელე განაპირობა და სრულ განუკითხაობასაც შეუწყო ხელი. თანაც, იმის გამო, რომ რომში ცხოვრებას უმეტესად მამაკაცები ეტანებოდნენ, მცირე ხანში ქალების სიმცირემ იჩინა თავი. მეზობელ ტომებსაც არ სურდათ თავიანთი ქალიშვილების `უზნეო რომაელებზე~ გათხოვება და ქალაქი სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სენატმა გადაწყვიტა, დიდი დღესასწაული ჩაეტარებინა და მასზე მეზობელი ტომებიც მოეწვია. სტუმრები თავიანთ მეუღლეებთან და ქალიშვილებთან ერთად ჩავიდნენ. ზეიმის მიმდინარეობისას, რომაელებმა ქალები მოიტაცეს, მამაკაცები კი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, დახოცეს, ხოლო ნაწილი ქალაქიდან გააძევეს...
ყველაზე გრანდიოზული მშენებლობები რომში ძვ.წ.აღ-ის III საუკუნეში დაიწყო _ მაშინ, როდესაც რომმა ფართომასშტაბიან დამპყრობლურ ომებს მიჰყო ხელი. მარადიული ქალაქისკენ აურაცხელი სიმდიდრე მიედინებოდა. ყველა მხედართმთავარს, რომელიც ომში გამარჯვებას მიაღწევდა, აუცილებლობად მიაჩნდა, თავის სახელზე შთამომავლობისთვის რაიმე ნაგებობა დაეტოვებინა. მათ შორის უდიდესი ნაგებობა _ ცირკი _ რომს სერვიო ტულიომ აჩუქა. ფაქტობრივად, ეს იყო დიდი იპოდრომი, სადაც ათასგვარი შეჯიბრება იმართებოდა _ დოღით დაწყებული, გლადიატორთა ბრძოლებით დამთავრებული. ისტორიკოსთა ცნობით, ცირკი 400 ათას ადამიანს იტევდა. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ცირკი რამდენჯერმე განაახლეს.
როცა რომი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად იქცა და ბევრი წყალი დასჭირდა, ქალაქში არხების გაყვანა დაიწყეს. ყველაზე გრძელი და გამტარუნარიანი არხი მარცია რექსმა ააშენა. არხის სიგრძე 90 კილომეტრს, სიგანე _ 5 მეტრს, სიღრმე კი _ 10 მეტრს აღწევდა...
IV საუკუნეში რომის იმპერიამ ოფიციალურად აღიარა ქრისტიანობა და ორ ნაწილად გაიყო. 404 წელს აკრძალეს გლადიატორთა ბრძოლები, ხოლო 523 წელს _ კოლიზეუმის თამაშები (სადაც მეომრები ლომებსა და ვეფხვებს ერკინებოდნენ). იმპერატორ კონსტანტინეს დროს დაიწყო ქრისტიანული სალოცავებისა და ეკლესიების მშენებლობა. პირველი ეკლესია 314 წელს აშენდა. იმპერატორ კონსტანტინესვე ბრძანებით, 324 წელს დაიწყო წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობა. შენობა იმ ადგილას აიგო, სადაც მოციქული პეტრე სიკვდილით დასაჯეს. რომის გარეუბანში, კონსტანტინემ ააგებინა აგრეთვე წმინდა პავლეს ტაძარი. დღევანდელ რომში 3000-მდე ეკლესია-ტაძარია. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა იქაური არქიტექტურული შედევრისა და საერთოდ, რომის დასათვალიერებლად, ადამიანს მთელი ცხოვრებაც არ ეყოფა.
რომაელ `რეკეტიორებთან~
ქაქუცას შერკინების ამბავი
რომში სასტუმროს რა გამოლევს?! მაგრამ ყველაზე საინტერესო ის სასტუმროებია, რომლებშიც ანტიკური ქალაქის ინტერიერია შენარჩუნებული, მომსახურე პერსონალსაც ზუსტად ისე აცვია, როგორც მრავალი საუკუნის წინ ეცვათ რომაელებს, სტუმრებს კი იმით კვებავენ, რითაც ძველი რომაელები იკვებებოდნენ. თუ სურვილი გაგიჩნდათ, ძველი რომის ატმოსფერო შეიგრძნოთ, სწორედ ასეთ სასტუმროში უნდა დაბინავდეთ...
მაგრამ ახლა იმ ადგილზე მოგახსენებთ, სადაც, ჩემდა გასაოცრად და სრულიად მოულოდნელად, ქართული სული შევიგრძენი.
ჯოვანიმ რომ გაიგო, რომელი ქვეყნიდან ვიყავი ჩასული, ემოციურად შეჰყვირა: რომაელები კარგად იცნობენ ქართველებს, ზოგიერთ აქაურ რესტორანში თქვენებურთა სურათებსაც კი ნახავო!..
მის მიერ დაკვალიანებული, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ბერგომის ქუჩის 23-ე ნომერში მდებარე პატარა რესტორანში წავედი. იქ შესვლისთანავე, მოულოდნელობისგან პირი დავაღე: ფოიეში კედლიდან, ჩოხაში გამოწყობილი ორი გოლიათი გადმომყურებდა... გაურკვევლობიდან მამაკაცის ხმამ გამომიყვანა:
_ ქართველი ხარ, ბიჭო? _ `დამტვრეული~ ქართულით მომმართა ხანში შესულმა იტალიელმა.
_ ჰმ... დიახ... _ გავუღიმე.
_ შემოდი, ჩვენ ყოველთვის გვახარებს თქვენი მოსვლა, _ ეს სიტყვები უკვე ინგლისურად მითხრა, ხელი ჩამომართვა და დარბაზში შემიყვანა.
ეს კაცი, სენიორ დინო, რესტორნის მეპატრონე აღმოჩნდა. მან ასეთი ამბავი მომიყვა: 20-იან წლებში იტალიაში ანარქია იყო. დინოს მამას _ წყნარ, მშრომელ კაცს _ პატარა რესტორანი ჰქონდა და ასე თუ ისე, ოჯახს არჩენდა. იმავე კვარტალში რამდენიმე ქართველს ჰქონდა ბინა დაქირავებული. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი: ის საფრანგეთიდან მიწვევას ელოდა და რომში რამდენიმე თვე მოუწია ცხოვრებამ. ხშირად საუზმობდა ამ რესტორანში. ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველი სტუმრები დინოს მამას უფულოდაც დაადგებოდნენ თავზე და ნისიად იქეიფებდნენ, რაზედაც არასოდეს უთქვამს მათთვის უარი. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთ დღეს, ქაქუცამ შეამჩნია, რომ რესტორნის მეპატრონე ძალზე უგუნებოდ იყო. კითხვას _ რა გჭირსო? _ თავიდან არ პასუხობდა, მაგრამ ქაქუცა არ მოეშვა და ბოლოს მაინც ათქმევინა: თურმე, `რეკეტიორი~ ყოველთვიურად უმატებდა `ბეგარას~, ბოლო ვიზიტისას კი დაჰმუქრებია _ თუ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდი, რესტორანს დაგიწვავო... ქაქუცამ დინოს მამას უთხრა _ ეგ საქმე მე მომანდვეო, _ და გამომძალველის მიერ დათქმულ დღეს, თავის მეგობრებთან ქეიფს შეუდგა... .`რეკეტიორი~ თავის შეიარაღებულ დაცვასთან ერთად, რესტორანში შემოვიდა. გამოჩნდა თუ არა, ყველა იქ მყოფი ფეხზე წამოდგა. ამ დროს, ქაქუცა მეგობრებთან ერთად ქეიფს განაგრძობდა. გამომძალველი პირდაპირ ქართველების მაგიდასთან მიიჭრა: _ თქვენ რა, არ იცით, მე ვინ ვარ? _ ჩახლეჩილი ხმით იკითხა. ქაქუცა ფეხზე წამოდგა და იტალიელს ღვინით სავსე ჭიქა გაუწოდა: _ აი, ჯერ ეს მიირთვით და მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთო... იტალიელმა ჭიქა გააგდებინა ხელიდან და თავისიანებს, უბრძანა, ქაქუცას ფიზიკურად გასწორებოდნენ. მაგრამ ვინ აცალა?! ქართველებმა იქ სასწაული დაატრიალეს და რამდენიმე წუთში, გაკოჭილი `რეკეტიორები~ იატაკზე ეყარნენ... ამ ამბის შემდეგ, არა მარტო დინოს მამამ, არამედ მთელმა უბანმა ამოისუნთქა... ქართველი ვაჟკაცების ფოტოსურათებმა კი, ბევრი რესტორნისა და მაღაზიის კედლები დაამშვენა...
`აზიური ვეფხვის~ მოსანახულებლად
როგორ შეიძლება, ქართველი კაცი მოხვდეს ისეთ შორეულ და უცხო ქვეყანაში, როგორიც არის კორეა? ჩემი მოუსვენარი ბუნების წყალობით, ამ ქვეყანაში წასვლის საშუალებაც მომეცა და ცხადია, უყოყმანოდ გამოვიყენე. თბილისში ვიდეოტექნიკის რეალიზატორთა შორის უმძაფრესი კონკურენცია გაჩაღდა: ბუნებრივია, იაფფასიანი და ხარისხიანი ნაწარმის ჩამომტანი დაწინაურდა. თბილისის უნივერმაღში ტექნიკა მოსკოვიდან ჩამოდიოდა. თანდათან, იმავე პროდუქციის, ოღონდ _ გაცილებით იაფად, ეგვიპტიდან და დუბაიდან შემოტანა დაიწყეს. მოსკოვიდან ჩამოსული აპარატურა აღარ საღდებოდა. უნივერმაღის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ახალი არხები `გაეჭრა~. მაშინ გადაწყდა, რომ სამხრეთ კორეაში გავმგზავრებულიყავი. ერთ-ერთ რუსულ სადილერო კომპანიას მოველაპარაკეთ, საბუთები მოვამზადე და მის წარმომადგენელთან ერთად, სეულში გავფრინდი...
კორეის შესახებ, როგორც წესი, მხოლოდ ორი რამ იციან: პირველი _ ამ ქვეყანას სხვაგვარად, `აზიურ ვეფხვს~ უწოდებენ, რომელიც შუა საუკუნეებიდან პირდაპირ XXI საუკუნეში `გადახტა~, და მეორე _ კორეელები ძაღლის ხორცს ჭამენ...
კორეელები თავიანთ სამშობლოს `ჩიო-სიონს~ ეძახიან, რაც `დილის სიმშვიდის ქვეყანას~ ნიშნავს. ჩრდილოეთით მას ჩინეთი ესაზღვრება, სამხრეთით _ იაპონია, რომელთანაც სრუტე აშორებს. პირველი ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ ევროპაში XVII საუკუნეში გაჩნდა, როდესაც გემის კატასტროფის შემდგომ გადარჩენილი ერთ-ერთი ჰოლანდიელი მეზღვაური კორეელებს ტყვედ ჩაუვარდა. მან რამდენიმე წელი იცხოვრა ტყვეობაში და მანვე აღწერა პირველად ამ ხალხის ცხოვრება. შემდეგ, ევროპაში დიდი ხნის მანძილზე, `დილის სიმშვიდის ქვეყნიდან~ მხოლოდ ჭორები აღწევდა, ვინაიდან ადგილობრივი მმართველები უცხოელთა მიღებას კრძალავდნენ და თუ იქ ვინმე მაინც მოხვდებოდა, შეიძლება, შემთხვევით გადარჩენილიყო ცოცხალი... მხოლოდ 1834 წელს შეძლეს ფრანგმა მისიონერმა ბერებმა ქვეყანაში ჩასვლა, რათა ქრისტიანობა ექადაგათ... მიუხედავად კორეის ხელისუფალთა წინააღმდეგობისა, ისინი მაინც დადიოდნენ ღამღამობით, იკვებებოდნენ მცენარეთა ფესვებითა და ბალახებით, ითმენდნენ ათასგვარ დამცირებას. სწორედ ამ ბერების წყალობით შეიტყო ევროპამ ბევრი რამ კორეის შესახებ...
ჩემი თანამგზავრები
ჯგუფში სამნი ვიყავით. ბორისი `ახალი რუსის~ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენდა. რუსეთში რამდენიმე მაღაზია ჰქონდა და კორეაში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიდიოდა. ისიც ჩემსავით პირველად უნდა ჩასულიყო ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, არავითარ ემოციას არ ამჟღავნებდა... ძალიან მსუქანი (150 კგ-ზე ნაკლები არ იქნებოდა), სულ ქოშინებდა და მუდამ პირს აცმაცუნებდა. განსაკუთრებით, შემწვარი კარტოფილის ჩიფსები უყვარდა, რის გამოც მეტსახელად `ბორ-ჩიფსას~ ვეძახდი, რაც საკმაოდ აღიზიანებდა... ერთი კვირა ერთად ვცხოვრობდით და მისგან 20 სიტყვაზე მეტი არ გამიგონია. უმეტეს დროს ძილში ატარებდა, ან ჭამდა, ან უბრალოდ, ხმას არ იღებდა და მთელი დღე თავისთვის იჯდა...
სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა ვოვას. მას მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მშობლიურივით იცოდა ჩინური, კორეული და იაპონური ენები, ენერგიული და სიცოცხლით სავსე კაცი იყო. მის პოლიგლოტობას ბევრი რუსული სადილერო კომპანია იყენებდა და ვოვაც თითქმის გამუდმებით მივლინებაში დადიოდა...
თვითმფრინავში ვკითხე:
_ მაგარი ქვეყანაა, არა, კორეა?
_ არის, რა, დიდი არაფერი... საკმაოდ უცნაური ხალხია... _ მშვიდად მიპასუხა.
_ მაინც როგორი?
_ როგორი და შეიძლება, ისეთ უცნაურ სიტუაციაში ჩავარდე, რომ დაიბნევი... ინგლისური თითქმის არავინ იცის და ეცადე, გვერდიდან არ მომშორდე... ერთი სიტყვით, ჩახვალ და შენი თვალით ნახავ ყველაფერს... _ მომიჭრა მან და ეშმაკურად ჩაიღიმა.
სეულში ღამის 10 საათზე ჩავფრინდით. სანამ აეროპორტიდან სასტუმრომდე მივიდოდით, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ჩვეულებრივ ევროპულ ქალაქში ვიმყოფებოდი: სეული ულტრათანამედროვე ქალაქია _ ფართო ავტომაგისტრალებითა და ცათამბჯენებით. აზიაში რომ იმყოფები, ამაში პირველად მაშინ დარწმუნდები, როდესაც რეკლამებზე, ლათინური ასოების ნაცვლად, იეროგლიფებს დაინახავ... ინგლისურ წარწერას საერთოდ ვერსად შევხდებით...
ცოტა რამ ქვეყნის წარსულზე
მთელი ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, მთებია გადაჭიმული, რომლებიც პირდაპირ ზღვაშია შეჭრილი. აღმოსავლეთი მთლიანად დაბლობია, ჩრდილოეთი კი _ მთაგორიანი. ქვეყნის დიდი ტერიტორია წინათ ტყით ყოფილა დაფარული, მაგრამ დღეს თითქმის მთლიანად გაჩეხილია, ამიტომ სამხრეთ კორეაში მიღებულია კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც უკანონოდ მოჭრის ხეს, სიკვდილით დაისჯება... კლიმატზე ვერ იტყვი, ზომიერიაო: ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი _ აუტანელი სიცხეა. ჩრდილოეთ ნაწილში თითქმის სულ ფიჭვნარია, ხოლო სამხრეთით ტროპიკული მცენარეები ხარობს. თითქმის მთელი სამხრეთი ბრინჯის პლანტაციებითა და ვენახებით არის დაფარული...
კორეაში რომელ შენობაშიც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ვეფხვის სურათს ან ქანდაკებას მოჰკრავ თვალს. ეს მტაცებელი წმინდა ცხოველად არის მიჩნეული... ჩინელი ისტორიკოსების ცნობებით, წინათ კორეის ნახევარკუნძული დასახლებული იყო ჩრდილოეთის ველური ტომებით, რომლებიც მონღოლთა მონათესავედ ითვლებიან. სამხრეთ ნაწილში კი, მალაიზიის კუნძულებიდან წამოსული ადამიანები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, რა მცირე ხანიც არ უნდა დაყო ამ ქვეყანაში, უშეცდომოდ განასხვავებ ჩრდილოკორეელს სამხრეთელისგან...
თვითონ კორეელები თავიანთი სახელმწიფოს დამაარსებლად კი-ცზას მიიჩნევენ, რომელიც ჩინეთის იმპერატორთა გვარის წარმომადგენელი ყოფილა და ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე მოღვაწეობდა. მან შემოიტანა ნახევარკუნძულზე ჩინური ცივილიზაცია, შეასწავლა მოსახლეობას მიწის დამუშავება, ბრინჯის მოყვანა. მანვე შემოიღო სახელმწიფო კანონები და ჩამოაყალიბა შესაბამისი სტრუქტურები. კორეაში ბევრი ტაძარი კი-ცზის სახელს ატარებს, ის წმინდანად არის შერაცხული...
ძვ.წ.აღ-ის III-II საუკუნეებში ჩინეთის იმპერიამ რამდენიმე ომის შედეგად დაიპყრო კორეა და, როგორც პროვინცია, შეიერთა. აქედან იწყება ამ ქვეყანაში ჩინური ცივილიზაციის გავრცელება, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა.
X საუკუნეში ჩინელები მონღოლებმა განდევნეს და კორეაზე გაბატონდნენ. XV საუკუნეში კი, იაპონელებმა გააძევეს მონღოლები და იქ თავიანთი კულტურის გავრცელება დაიწყეს. საუკუნეების მანძილზე ეს ერები ისე აირივნენ ერთმანეთში, რომ დღეს, როდესაც კორეელი კორეელს ეცნობა, აუცილებლად უსვამს კითხვას: წარმოშობით ვინ ხარ _ მონღოლი, იაპონელი თუ `სუფთა~ კორეელიო?..
ერთგვარიანთა ქვეყანა...
სამხრეთ კორეა იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც სასწაული მოახდინეს მსოფლიო ეკონომიკაში. ის სულ რაღაც 10-15 წელიწადში ისეთი ტემპით განვითარდა, რომ წამყვანი პოზიციები დაიკავა თითქმის ყველა სფეროში _ განსაკუთრებით უახლეს ტექნოლოგიებში. იქაურ ფირმებთან კონკურენცია უკვე იაპონურ კომპანიებსაც უჭირთ. კორეელი კომერსანტები კი, საკმაოდ სერიოზულ და საქმიან პარტნიორებად ითვლებიან მთელ მსოფლიოში.
ვოვას წყალობით, მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობდა, რაც კარგ გუნებაზე მაყენებდა და იმის საშუალებაც მომეცა, რომ დავკვირვებოდი კორეელების საკმაოდ უცნაურ ქცევას... ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება, მეტისმეტად წყნარ და უინტერესო ადამიანებადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მცდარი აზრია. ზოგჯერ ისეთ შეკითხვას დაგისვამენ, რომ თმა ყალყზე დაგიდგება. მაგალითად, კორეელმა შეიძლება, გაცნობისთანავე გკითხოს, რამდენი წლისაა შენი ცოლი, ან _ რა ზომის ფეხსაცმელს ატარებ... ასეთი კითხვები, აღმოსავლური გაგებით, არათუ უხერხულად ითვლება, არამედ ყურადღების გამოხატვის საუკეთესო ფორმასაც წარმოადგენს. ეს ყველაფერი ვოვამ უკვე იცოდა და წინასწარ გაგვაფრთხილა მე და ბორია, რომ არ გაგვკვირვებოდა...
ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზული შემთხვევა მახსენდება: საქმე კონტრაქტის გაფორმებაზე მიდგა. ვოვა მოლაპარაკებას აწარმოებდა, მე და ბორია კი ჩუმად ვისხედით, თუ ვოვა არ გვითარგმნიდა, ვერაფერს ვიგებდით. ერთ-ერთმა ტანმორჩილმა მასპინძელმა, ჩვენდამი ყურადღების ნიშნად, ბორიას ჰკითხა _ რამდენ კილოს იწონიო? ვოვამ გადაგვითარგმნა.
_ ვიქნები ასე, 120-130 კილო, _ გაეღიმა ბორიას. კორეელმა ისევ ვოვასთან განაგრძო საუბარი. ცოტა ხნის შემდეგ, კვლავ მიუბრუნდა ბორიას და ახლა მისი ცოლის წონის დადგენა სცადა. ბორია დაიბნა, მაგრამ მაინც უპასუხა:
_ იქნება ასე, 60-65 კილო.
_ რა მაგარი სანახავი იქნებით ლოგინში!.. _ თქვა მასპინძელმა და ახითხითდა...
ბორია გაწითლდა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, ვიფიქრე, ახლა მოკლავს-მეთქი, მაგრამ ვოვა შეევედრა _ ძალიან გთხოვ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, თორემ, დავიღუპებით, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებაო... ძლივს ვიკავებდი სიცილს, იძულებული გავხდი, ოთახიდან გავსულიყავი...
კორეაში ყველას თითქმის ერთი და იგივე გვარი აქვს: ყოველი მეხუთე მოქალაქის გვარია _ კი, ხოლო ყოველი მერვესი _ ლი და, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს კიები და ლიები ერთმანეთის ნათესავები არ არიან.
სეულის ქუჩებში
როგორც ნებისმიერი, მოგზაურობაზე შეყვარებული ადამიანი, ყოველ საღამოს ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გავდიოდი. ბორია ჩვეულებისამებრ, ადრე იძინებდა. ვოვა კი, რომელიც იმ დროს დისერტაციაზე მუშაობდა, წიგნებში იყო ჩაფლული.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებს კორეაში საუკუნეების მანძილზე არ უშვებდნენ, მოსახლეობა ტურისტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ გამოხატავს, პირიქით _ ყურადღებას აქცევს მათგან განსხვავებულ ადამიანს და გულთბილადაც უღიმის. კორეელთა ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თვისება, რასაც თითქმის ყველა ჩასული ადასტურებს, საფიცხეა. წონასწორობიდან გამოსულ კორეელს თავის შეკავება არ შეუძლია, ჩხუბის დროს ხმამაღლა ყვირის და თვალის დაუხამხამებლად შეუძლია, სასიკვდილოდ გაიმეტოს მოწინააღმდეგე. ამიტომ ქუჩაში ყოველთვის შეიძლება შეესწროთ ხელჩართულ ჩხუბს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ დროს პოლიციას ვერ ნახავთ... ჩემი გაოცება ვოვასთან რომ გამოვთქვი, მიპასუხა _ ნუ გაგიკვირდება, კორეელებისთვის ჩხუბი იგივეა, რაც ჩვენთვის ხელის დაბანა, მთავარია, შენ არ ჩაერიო და არავინ შეგეხებაო...
ერთ საღამოს ვოვამ მოიცალა და გასეირნება დავაპირეთ. ჩემდა გასაკვირად, ამჯერად ბორიაც წამოგვყვა. დავათვალიერეთ სეულის ძველი უბნები, სადაც უძველესი ბუდისტური ტაძრებია... მთელი ქუჩები ბერებით იყო სავსე...
ვოვამ ისეთ ადგილებში წაგვიყვანა, სადაც ტურისტები ძალზე იშვიათად ხვდებიან. ტურისტული ფირმებიც ერიდებიან იქ უცხოელების მიყვანას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ იქ შეგიძლია შეუკვეთო ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძი, რასაც კორეელები აფიშირებას არ უკეთებენ... მთელი ამ სეირნობის განმავლობაში ბორიამ, რომ იტყვიან, ტვინი წაიღო: არაფერი აინტერესებდა, ერთი რამის გარდა _ უნდოდა, კარგად ევახშმა... ბოლოს და ბოლოს, თავისი გაიტანა _ რესტორანში შევედით.
კორეული კერძები საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. ბორიას სახე უბრწყინავდა. ამაყობდა იმით, რომ შინ დაბრუნებული, თავის შვილებს მოუყვებოდა, თუ როგორ მიირთვა რვაფეხა და ზღვის ლოკოკინა... ვოვამ ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ოფიციანტს კიდევ შეუკვეთა რაღაც. მიმტანი შეიჭმუხნა. ვოვამ რამდენიმე სიტყვა დასძინა და ისიც, უკმაყოფილო სახით გაგვეცალა. ცოტა ხანში, საშუალო ზომის ქვაბი მოიტანეს, რომელიც რუხი ფერის წვნიანით იყო სავსე. მე კი ვიცოდი, რაც იყო, მაგრამ მოვლენათა განვითარებას ველოდებოდი. ბორიამ ერთი თეფში რომ მოასუფთავა, ხელმეორედ გადაიღო.
_ როგორია, ბორია? მოგწონს? _ ჰკითხა ვოვამ.
_ რაც კარგია, კარგია. ამისთვის ღირდა კორეაში ჩამოსვლა, _ უპასუხა კმაყოფილმა ბორიამ.
_ რამდენი შვილი გყავს, ბორია? _ არ მოეშვა ვოვა.
_ ორი. რომ წამოიზრდებიან, აუცილებლად ჩამოვიყვან...
ბორიამ მესამედ გაავსო თავისი თეფში და ვერც ამჩნევდა, რომ ჩვენ ერთი კოვზიც კი არ გადაგვიღია.
_ ძაღლი თუ გყავს? _ ჰკითხა უეცრად ვოვამ.
_ უჰუ... თანაც _ ორი! ბულტერიერი ჩემია, ხოლო ბალონკა _ ჩემი ცოლის... ბულტერიერში 2.000 დოლარი გადავიხადე, ისეთი მაგარია, ყველა ძაღლს მოერია, ვისთანაც კი ვაჩხუბე...
_ ვინმემ რომ აწყენინოს, რას იზამ? _ ვკითხე მე.
_ მაგის მომრევი არავინ არის, ვინ უნდა აწყენინოს?! _ გაუკვირდა ბორიას.
_ თუნდაც შენ _ ძალიან რომ მოგშივდეს, შეჭამ?.. _ ჰკითხა ვოვამ.
_ ხომ არ გაგიჟდი?! ძაღლის ხორცს რა შემაჭმევს?! _ გაეღიმა.
_ რატომაც არა? ახლა თუ ჭამ?!. _ ვოვამ თვალი თვალში გაუყარა...
თავიდან ბორიას რეაქცია არც ჰქონია. მერე უეცრად მიხვდა, რა მახეშიც გაება და _ თითქოს დენმა დაარტყაო _ შეკრთა, სახე დაემანჭა, უცებ წამოხტა და დარბაზიდან გავარდა... გავიდა ნახევარი საათი. ბორია კი არა და არ ჩანდა...
_ წავიდეთ, თორემ გადაგვივლის... _ გავაფრთხილე ვოვა.
_ მართალი ხარ, _ მიპასუხა ვოვამ და რესტორნიდან გავიპარეთ...
იმ საღამოს, ბორიას შიშით, სასტუმროშიც აღარ მივსულვართ _ მთელი ღამე სეულის ღამის კლუბებში გავატარეთ...
სტუმრად ყოფნა ყველგან კარგია...
რომ იტყვიან, საქმიანი მოლაპარაკებები `ხუთიანზე~ ჩავატარეთ. კორეელმა კომერსანტმა, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, შინ დაგვპატიჟა.
როგორც ვოვამ მითხრა, ისევე, როგორც ნებისმიერ აზიურ ოჯახში, ქალს კორეაში მეორეხარისხოვანი როლი აკისრია. კორეული ტრადიციით, მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილ მეუღლეს დაიტირებს, დაცინვის ობიექტად იქცევა... ქმარს არავითარი ვალდებულება არ ეკისრება ცოლის წინაშე: მაგალითად, როცა უნდა, უფლება აქვს, უღალატოს, უფრო მეტიც _ შეუძლია, შინაც მიიყვანოს საყვარელი...
მასპინძელმა, რომელსაც კი პაკი ერქვა, დიდებული სუფრა გაგვიშალა. ჰოდა, იმ სუფრას მისი მეუღლე კი არა, საყვარელი დასტრიალებდა...
რესტორანში მომხდარი ამბის შემდეგ, ბორია ხმას აღარ გვცემდა. კერძებსაც დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. სანამ მე და ვოვა არ გადავიღებდით, მანამდე კერძს არ ეკარებოდა... კორეელთა საყვარელი სასმელი, ბრინჯის არაყია. სასიამოვნო დასალევი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაღალგრადუსიანია. თამადა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და შეძლებისდაგვარად მოვილხინეთ კიდეც. არაყმაც თავისი ქნა და ბოლოს, ბორიაც შეგვირიგდა.
_ ეს რა მიქენით მაინც, ა! როგორ მაჭამეთ ძაღლის `ბორშჩი~?! _ გადამხვია ხელი ბორიამ.
_ ზოგი ჭირი მარგებელია, ბორია: დანამდვილებით ვიცი, რომ მამაკაცურ პოტენციას აძლიერებს... _ გავამხნევე მე.
_ მაინც რა ხართ ეს ქართველები! ჯერ გააგიჟებთ კაცს და მერე _ ანუგეშებთ. იმედია, არავის ეტყვით, რაც მომივიდა... _ ჩემთან საქმის `ჩაწყობა~ გადაწყვიტა ბორიამ.
_ რა თქმა უნდა! _ დავაიმედე.
სეულში დარჩენილი 2 დღეც გავიდა და მოსკოვში დავბრუნდით. აეროპორტიდან ბორიამ თავის სახლში გამაქანა... ერთკვირიანი `პატიმრობის~ შემდეგ, ძლივს ჩამოვაღწიე თბილისში...
1996 წელი.
`მაშ, `დოზაში~ კარგი დრო გაატარე?..~
გერმანიაში შეძენილი `ხულიგანკა ბეემვეთი~ ავსტრიიდან ორი დღე და ღამე შეუსვენებლივ საჭესთან მჯდომმა, ბოლოს და ბოლოს, გადავკვეთე თურქეთ-საქართველოს საზღვარი. უძილობისგან თვალები მეხუჭებოდა და ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდი ბათუმამდე. მეგობრის ოჯახში დასვენებას ვაპირებდი, მერე კი თბილისის გზას დავადგებოდი...
ბათუმის შესასვლელთან პოლიციელთა რეიდმა გამაჩერა. ჩემკენ ახალგაზრდა `თანამშრომელი~ გამოემართა. აშკარად ეტყობოდა, `ორგანოში~ მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა და მთელი 5 წუთი აკვირდებოდა ჩემს საბუთებსა და ავტომობილს. ბოლოს ეჭვიანად მომაშტერდა და მკითხა:
_ საიდან მოდიხარ?
_ ვენიდან, _ ვუპასუხე ხმადაბლა.
_ საიდან? _ გაოცება ვერ დაფარა.
_ ვენაში ვიყავი და ვენიდან მოვდივარ, _ ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი იქაურობას. არ ვიცი, ჩემი დაღლილი ფიზიონომია არ მოეწონა თუ ჩაწითლებული თვალები, მაგრამ მკაცრად მკითხა:
_ მაშ, `დოზაში~ კარგი დრო გაატარე?..
`დოზა~ დრეზდენში აერია...
_ დრეზდენში კი არა, ვენაში ვიყავი და იქიდან მოვდივარ... _ ხმაში გაღიზიანება შემეპარა. შევნიშნე, რომ ისიც აილეწა. კიდევ უფრო მკაცრი სახე მიიღო და მომახალა:
_ მაღადავებ, არა, შე ქეშო?! ახლავე წამომყევი და გიჩვენებ, როგორ უნდა მაიმუნობა!..
თავის უფროსთან მიმიყვანა. არ ვიცი, რამდენი ხანი მოვანდომე იმის მტკიცებას, რომ ქეში არ ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გამოვცოცხლდი და გამახსენდა, რომ ევროპიდან სამშობლოში დავბრუნდი...
გერმანიიდან ავტომობილით საქართველოსკენ მომავალმა, ავსტრია აუცილებლად უნდა გამოიარო. სწრაფი საავტომობილო გზები, რომელსაც ევროპაში ავტობანებს ეძახიან, მთელ ქვეყანას კვეთს. თუ საგზაო ნიშნებს ყურადღებით არ დააკვირდები, შეიძლება, მთელი ქვეყანა ისე გადასერო, რომ არც ერთ ქალაქში არ შეხვიდე...
მეც, ჩემი უყურადღებობის გამო, ვენის გადასახვევს ავცდი და ზედმეტი 25 კილომეტრის გავლა მომიხდა, რომ ავტობანიდან გადამეხვია და უკან დავბრუნებულიყავი...
ავსტრია
ავსტრიის სახელმწიფოს წარმოშობას რომის იმპერიას უკავშირებენ. მოგეხსენებათ, ის უზარმაზარ ტერიტორიებს იპყრობდა, გაუვალ ტყეებში გაჰყავდა გზები და აშენებდა ციხესიმაგრეებს. ასე აშენდა ციხესიმაგრე ვინდებონი (ვენა), რომლის ნაფუძარზეც მოგვიანებით ქალაქი წამოიმართა.
რომაელები მდინარე დუნაიზე პატრულირებას ეწეოდნენ. ციხესიმაგრე ვინდებონი მათი ერთ-ერთი საკონტროლო პუნქტი იყო. ჯარისკაცები და ოფიცრები სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, ამ მიდამოებში სახლდებოდნენ და თანდათან, მკვიდრ მოსახლეობას შეერივნენ... ჯარისკაცები ომიდან გამდიდრებული ბრუნდებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა, აეშენებინათ ქალაქები და სასახლეები. შემდეგ მოსახლეობა გაქრისტიანდა... როცა რომის იმპერია დაემხო, იძულებული გახდნენ, ვენა დაეტოვებინათ...
რომაელთა წასვლის შემდეგ, კერძოდ 975 წელს, ეს ტერიტორიები ბავარიელმა თავადმა, ლეოპოლდ ბაბენბერგმა დაიპყრო. მანვე დაუდო სათავე ბაბენბერგთა სამეფო დინასტიას, რომელიც ავსტრიის სამეფოს XIV საუკუნემდე მართავდა. ამ პერიოდში, ავსტრიაში ფეოდალური შინაომები დაიწყო, რის გამოც ქვეყანა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე უმართავი გახდა. ბოლოს ჰაბსბურგებმა გაიმარჯვეს და ავსტრიას XX საუკუნემდე მართავდნენ.
დროთა განმავლობაში, ეს სახელმწიფო იმდენად გაძლიერდა, რომ დაპყრობით ომებსაც კი მიჰყო ხელი, რის წყალობითაც, მთელ ევროპაში უდიდეს იმპერიადაც იქცა. მის შემადგენლობაში შედიოდა აწ უკვე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, გერმანიის ნაწილი. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ამ იმპერიის დაშლა დაიწყო. მასში შემავალმა ერებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და 1918 წელს, თავიანთი სახელმწიფოები შექმნეს. ახალმა ავსტრიამ თავი რესპუბლიკად გამოაცხადა და 1525 წლის საზღვრებს დაუბრუნდა. დღეს ავსტრია ნეიტრალური სახელმწიფო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ქვეყანაა...
ვენა
სასტუმროს პოვნა ვენაში პრობლემას არ წარმოადგენს. ბუნებრივია, იქ ყველა დონისა და შესაბამისად, ღირებულების სასტუმროს ნახავთ. 10 დოლარად საშუალო დონის სასტუმროში ოროთახიანი კომფორტული ნომერი ვიქირავე. სამსართულიან შენობაში თითოეულ სართულზე მორიგე მომსახურე პერსონალი მუშაობდა. ჩემს სართულზე 22-23 წლის მოხდენილი ქალიშვილი მორიგეობდა, რომელსაც რომანტიკული სახელი _ ადელაიდა ერქვა. ისეთი ცისფერი თვალები, სათნო სახე და ჩამოსხმული ტან-ფეხი ჰქონდა, მშვიდად ვერ ჩაუვლიდა კაცი... მისი მორიგეობის დროს მუდამ ვცდილობდი, შანსი არ გამეშვა და გამოვლაპარაკებოდი: ხან გასაღები `დამავიწყდებოდა~, ხან ბლოკნოტი `დამრჩებოდა~ ნომერში და ფოიეში მივდი-მოვდიოდი ხოლმე... ის, რა თქმა უნდა, ჩემს ოინებს ხვდებოდა და თუმცა არაფერს იმჩნევდა, ეშმაკურად ეღიმებოდა...
ვენის დასათვალიერებლად ავტომანქანა არც დაგჭირდებათ: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაცილებით მოხერხებულიც არის და იაფიც: 11 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ერთკვირიანი ტალონი, რომლითაც შეუზღუდავად ისარგებლებთ ნებისმიერი ტრანსპორტით... ქალაქის დასათვალიერებლად საექსკურსიო ავტობუსის ბარათის გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელიც 40 დოლარი ღირს და ორი დღის მანძილზე მოქმედებს. ეს ავტობუსი ერთი საათის ინტერვალით მოძრაობს და ტურისტები უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სანახავად დაჰყავს...
ვენის ძირითადი ისტორიული ნაწილი, რომელსაც რინგოს (წრეს) უწოდებენ, არცთუ ისე დიდია. ფეხით მისი შემოვლა ერთ დღეში შეიძლება. რინგოში აკრძალულია სატვირთო მანქანების მოძრაობა, ბევრ ადგილას კი _ ნებისმიერი ავტომობილისაც. იქ თავმოყრილია მუზეუმები, თეატრები, სასახლეები და ქვეყნის პარლამენტი. რინგოშია აგრეთვე უნივერსიტეტი და ვენის სახელგანთქმული ოპერა, სადაც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: მოცარტი, ბეთჰოვენი, შტრაუსი, ბრამსი... იქვეა უამრავი ტაძარი, რომელიც ძირითადად, X-XIII საუკუნეებში აშენდა. მათ შორის ყველაზე მაღალია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია. მისი კოშკის წვერამდე 313-საფეხურიანი კიბე ადის. თუ ეს კიბე დაძლიეთ, 100 მეტრის სიმაღლიდან შეგიძლიათ გადახედოთ ვენას...
რინგოში ბევრი ისეთი ქუჩაა, რომელზეც ოთხკაციანი მწკრივი ვერ გაივლის. ასეთი ქუჩები ავსტრიის სხვა ძველი ქალაქებისთვისაც არის დამახასიათებელი...
ქალაქის ქუჩებში
ყოველ ფეხის ნაბიჯზე რესტორანი და კაფეა. ბევრ მათგანში, გერმანულისა და ინგლისურის გარდა, რუსულენოვანი მენიუც შეგხვდებათ. ამას რუსი ტურისტების ბოლოდროინდელი მოძალებით ხსნიან... ავსტრიაში, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, კერძებს უმეტესად, უპუროდ მიირთმევენ და თუ მოითხოვ, ფუნთუშის მაგვარ პურს მოგიტანენ, რომელიც ჩვენებურ კაცს ნაკლებად აკმაყოფილებს. თავიდან ოფიციანტებს ვაწუხებდი ხოლმე, ბევრი პურის მოტანას ვთხოვდი, მაგრამ მერე მერიდებოდა და რესტორანში ჩემი პურით შევდიოდი, რესტორნის თანამშრომლები კი გაკვირვებულები მომშტერებოდნენ...
ავსტრიელები კანონმორჩილები არიან: ყველაფერში, თითოეულ წვრილმანში დიდ პასუხისმგებლობასა და ამავე დროს, ესთეტიკისადმი ლტოლვასაც ავლენენ. გამორიცხულია, ავსტრიელმა გზა გადაგიჭრას ან საერთოდ, რამეში სხვისი გადასწრება სცადოს. ხშირად შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც ავტობუსის გაჩერებასთან მდგომი მგზავრები რამდენიმე წუთის მანძილზე ერთმანეთს უთმობდნენ გზას ტრანსპორტში ასასვლელად... ერთხელ ქუჩაში სეირნობისას, გზაჯვარედინს მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ მას დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი უახლოვდებოდა. შუქნიშანი არ იყო და გავჩერდი. ამ დროს ავტომობილიც, მუხრუჭების ღრჭიალით, ადგილზე გაქვავდა. მანქანაში ორი ბიჭი იჯდა. ერთ-ერთმა ფანჯრიდან ხელი გამოყო და მანიშნა _ შეგიძლია გადახვიდეო; როგორც კი გადავედი, მანქანა ადგილს მოსწყდა...
სასტუმროს გვერდით, სადაც ვცხოვრობდი, გზაჯვარედინი იყო, რომელზეც პოლიციელი ქალი არეგულირებდა მოძრაობას... ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მუდამ მიღიმოდა ხოლმე, რაც ძალიან მსიამოვნებდა: თავი ალენ დელონი მეგონა...
ადელაიდა
სასტუმროს სართულის მორიგე, მშვენიერი ადელაიდა, სტუდენტი აღმოჩნდა. დილით უნივერსიტეტში მიდიოდა, ხოლო ღამით, დღეგამოშვებით სასტუმროში მუშაობდა. როგორ არ ვუტრიალე, რაზე არ ველაპარაკე, მაგრამ ღამის ვენის სანახავად არაფრით წამომყვა. უკვირდა, რომ გეოგრაფიაში კარგად ვიყავი გათვითცნობიერებული. განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ ავსტრიის ისტორიაც ვიცოდი. შევატყვე, რომ ჩემით დაინტერესდა...
_ ადელაიდა, დილით სწავლობ, ღამით მუშაობ, არ ისვენებ. ასე `გადაიწვები~, თან ახალგაზრდობის წლებიც მალე გაირბენს... ერთი კარგი ადგილი ვიცი, წავიდეთ, ცოტას დაისვენებ... _ უკვე მერამდენედ ვცდილობდი მის შებმას...
_ არ შემიძლია, აკაკი, უნდა ვიმეცადინო. სტუდენტი ვარ, სხვანაირად არ გამოდის. მომავალზე უნდა ვიზრუნო... _ მითხრა და ავსტრიული განათლების სისტემის შესახებ მომიყვა.
უმაღლესი განათლება ფასიანია და საკმაოდ ძვირი ჯდება, იმდენად ძვირი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია გადაიხადოს. ავსტრიელები მიიჩნევენ, რომ განათლებაში ჩადებული ფული ნაღდი კაპიტალია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ყველა ლექცია, სემინარი და გამოცდა ფასიანია. გამოცდაზე მეორედ გასვლა ორმაგ გადასახადს ითვალისწინებს, ამიტომ სტუდენტები ცდილობენ, პირველსავე ცდაზე ჩააბარონ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში სწავლის საფასურს ერთბაშად არ ფარავენ _ იქ თითოეული ლექციისა და გამოცდის საფასურის ცალ-ცალკე გადახდაც შეიძლება. სტუდენტებს გადასახდელი აქვთ აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობისა და უამრავი სხვა _ მაგალითად, საუწყებო ფურცლების თანხაც. ლექციების საფასურს საათების მიხედვით ანგარიშობენ: მაგალითად, თუ ლექტორს გეგმაში აქვს 4-საათიანი ლექციის ჩატარება, სტუდენტს შეუძლია, ნახევარი ფასი გადაიხადოს და მხოლოდ 2 საათს დაესწროს. ლექციებსაც განსხვავებული ფასები აქვს: რაც უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი აქვს ლექტორს, მით უფრო ძვირად ღირებულია მისი ლექცია. დოცენტებისა და პროფესორების შემოსავალი საკმაოდ მაღალია. ცხადია, ეს საქმიანობა საკმაოდ პრესტიჟულადაც ითვლება...
ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველანაირი იმედი იმისა, რომ ადელაიდა სადმე წამომყვებოდა, საბოლოოდ გადამეწურა... მაგრამ მოულოდნელად სასწაული მოხდა.
ქალაქში სეირნობისას შემამცივნა. იმ საღამოს ნამდვილად ვერ ვგრძნობდი კარგად თავს. სასტუმროში რომ დავბრუნდი, 39 გრადუსი მქონდა სიცხე, მოგვიანებით კი 40-მდეც ამიწია. ისეთი მოდუნებული ვიყავი, თვალებს ძლივს ვახელდი... ადელაიდამ ფოიეში რომ მომკრა თვალი, რაღაც შემატყო და ცოტა ხნის შემდეგ ნომერში მომაკითხა. რომ დაინახა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებოდიი, აღელდა და ციბრუტივით დატრიალდა. მითხრა:
_ შეგვიძლია, `სასწრაფო დახმარება~ გამოვიძახოთ და საავადმყოფოში წაგიყვანოთ, თუმცა ეს დიდი თანხა დაგიჯდება. არის მეორე ვარიანტი: შემიძლია მოგიარო და ორ დღეში ფეხზე დაგაყენო. აირჩიე _ როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცეთ.
მართალია, ცუდად ვიყავი და ძლივს ვაზროვნებდი, მაგრამ ოღონდ ადელაიდასნაირი გოგონა დამდგომოდა თავზე და კიდევ 10 დღეს გავუძლებდი ასეთ მდგომარეობას...
3 დღის შემდეგ ჯერჯერობით ისევ მისუსტებული ვიყავი, მაგრამ ფეხზე მაინც დავდექი. ადელაიდა თან მყვებოდა, როგორც თავის ძალიან ახლობელს, ისე მომიარა. 3 დღის განმავლობაში ერთხელაც არ წასულა უნივერსიტეტში. არ ვიცოდი, რით გამომეხატა მისდამი მადლიერება...
ამასობაში, ჩემი გამგზავრების დროც დადგა. ბოლო საღამოს ადელაიდამ შინ დამპატიჟა, თავისი ოჯახის წევრები გამაცნო, ბოლოს კი, ახალგაზრდა კაცი წარმომიდგინა.
_ გაიცანი, აკაკი, ეს ჰანსია, ჩემი საქმრო. ერთ თვეში ჯვარი უნდა დავიწეროთ.
_ ძალიან სასიამოვნოა. თქვენი საცოლე ნამდვილი ანგელოზია! _ ვუთხარი ჰანსს და ხელი ჩამოვართვი.
_ ვიცი... ადელაიდა ავსტრიის ბრილიანტია, _ მიპასუხა მან და შამპანურით სავსე ჭიქა მომიჭახუნა...
1996 წელი
როგორ მოვხვდი ბუდაპეშტში
ავტომობილების გერმანიიდან ჩამოყვანა იმდენად მომეწონა, რომ ორ თვეში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც მივდიოდი. მეგობრებმა `ტურისტო~ შემარქვეს და მეც ამ მეტსახელს ვამართლებდი: ევროპის გზებზე მივდი-მოვდიოდი და ლამის იყო, დავიზეპირე ყველა გადასახვევი. თბილისში კი, `გამარჯობის~ ნაცვლად, პირდაპირ მეკითხებოდნენ ხოლმე _ როდის ჩამოხვედი ან სად და როდის მიდიხარო?
ერთხელ, ჩემი კლასელი მურთაზ ციხისელი შემხვდა. ბავშვობაში კლასელები `შეგვჭამა~ _ სულ იმით ტრაბახობდა, რომ მამამისმა პირველმა ჩამოიყვანა თბილისში `იკარუსის~ მარკის ავტობუსი. თვითონაც ავტობუსის მძღოლი გახდა და შეხვედრისას მითხრა:
_ კაკო, ამდენს დადიხარ ევროპაში და ერთი კარგი აზრი უნდა მოგაწოდო. ამ დღეებში ჩემი ავტობუსისთვის `კალენჩატი ვალი~ დამჭირდა, ძლივს ვიშოვე და ძალიან დიდი თანხა გადავიხადე. გზაში უნგრეთს მაინც გადიხარ და წამოიღე. დამიჯერე, კმაყოფილი დარჩები...
_ რა მუხლა ლილვი წამოგიღია და რა მოტორი _ მანქანაში როგორ ჩავტიო? _ გავიკვირვე.
_ არც ისეთი დიდია, შენ რომ გგონია, ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის სალონში ჩაეტევა. ჩამოიტანე და გასაღებაში მე დაგეხმარები.
თავიდან ამ ინფორმაციას ყურადღება არ მივაქციე. მერე დავფიქრდი და ჭკუაში დამიჯდა. გადავწყვიტე, უნგრეთში გავჩერებულიყავი, ქვეყანაც დამეთვალიერებინა და თან `იკარუსის~ ძრავის მუხლა ლილვი წამომეღო...
მცირე ისტორიული მიმოხილვა
ავსტრიის უნაკლო გზების შემდეგ უნგრეთში რომ შეხვალთ, უცებ იგრძნობთ დიდ სხვაობას. უნგრეთი ხომ `კომუნიზმს აშენებდა~ და იქაური გზები ძალიან ჰგავს ჩვენსას... დასახლებული პუნქტები სავსეა `ჟიგულებით~, `მოსკვიჩებით~ და `ზაპოროჟეცებით~.
უნგრეთი ევროპის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეს ქვეყანა ვაკიანია, მაგრამ გარშემო მთები აკრავს: დასავლეთით _ ალპები, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით _ კარპატები, ხოლო სამხრეთით _ დინარის მთები. ქვეყნის მთავარი მდინარეებია დუნაი და ტისა. მართალია, უნგრეთი ტბებით მდიდარი არ არის, მაგრამ მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია ტბა _ ბალატონი. მისი წყალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ტბის გარშემო მდებარე ტყეც ძალზე სასარგებლოა ფილტვებით დაავადებულთათვის. ჰავაც ზომიერია და იქ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ევროპის ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი ჩამოდის.
სანამ უნგრეთში მოვხვდებოდი, იქაური ხალხი სლავები მეგონა. უნგრული ენა ძირეულად განსხვავდება სლავური ენებისგან. უნგრელები არავითარ პრეტენზიას არ აცხადებენ ძირძველი მოსახლეობის სტატუსზე: მათ კარგად იციან, რომ იქ V-VIII საუკუნეებში, რუსეთიდან _ ვოლგისპირეთიდან ჩასახლდნენ. როდესაც ჩემს ბუდაპეშტელ მასპინძელს, საბუშას ვკითხე _ თქვენი ენა რომელს ენათესავება-მეთქი? _ მიპასუხა _ ჩვენი ენა ყველასგან განსხვავდება და ჩვენ გარდა, მასზე სადღაც რუსეთში, მოსახლეობის რაღაც მცირე ნაწილი ლაპარაკობსო. მერე რომ დავინტერესდი და უნგრეთის ისტორიის ამსახველ ბროშურას გადავავლე თვალი, დავრწმუნდი, რომ უნგრელთა წინაპრები სამხრეთ რუსეთის სტეპიან ადგილებში, თურქულენოვან ტომებში ცხოვრობდნენ.
რომის იმპერია ამ ტერიტორიით რატომღაც არ დააინტერესებულა. ამ სიტუაციით ისარგებლეს უნგრულმა ტომებმა, კარპატები გადალახეს და მასობრივად იქ დასახლებას მიჰყვეს ხელი. VIII საუკუნეში სხვადასხვა უნგრული ტომი გაერთიანდა და იმ დროიდან იწყება მათი სახელმწიფოს ისტორია.
ფეოდალურ უნგრეთს შინაომები ჯიჯგნიდა. ასე გრძელდებოდა X საუკუნემდე, მანამდე, სანამ ძალაუფლება ხელთ არ იგდო და თავი მეფედ არ გამოაცხადა იშტვამ პირველმა. სამეფო დინასტიამ მხოლოდ 200 წელი იარსება. 1241-43 წლებში მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს უნგრეთი. მართალია, ისინი იქ დიდხანს არ დარჩენილან, მაგრამ ქვეყანა სრულიად გაპარტახებული იყო, მისი გაერთიანება ვერავინ მოახერხა და მონაცვლეობით მდიდარი ფეოდალები მართავდნენ...
XV-XVII საუკუნეებში უნგრეთი თურქებმა დაიპყრეს, ხოლო XVII საუკუნეში ავსტრიის იმპერიამ განდევნა თურქები და თითქმის XX საუკუნემდე, უნგრეთი ავსტრიის პროვინციად იყო ქცეული. მართალია, უნგრეთი ავსტრიის ნაწილი იყო, მაგრამ თავის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს ინარჩუნებდა, რამაც ქვეყანას განვითარების საშუალება მისცა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ქვეყანა `გააწითლა~. 1990 წელს კი უნგრეთმა თავი დააღწია კომუნისტურ რეჟიმს...
საბუშა
ჩემდა გასაოცრად, ბუდაპეშტში რომ ჩავედი, სასურველი სასტუმროს მოძებნა გამიჭირდა. სადაც არ მივედი, ყველგან პრივატიზებული და საფუძვლიანად რესტავრირ¬ე¬ბულ-გარემონტებული დამხვდა. ერთი ღამის გათევა სულ ცოტა, 50 დოლარი ღი¬რდა. ჩემთვის ეს ძალზე ძვირი იყო, მაგრამ მანქანაში დაძინების დიდი სურვილიც არ მქონდა. ძველი ხერხი გამახსენდა და გადავწყვიტე, ინფორმაციისთვის ტაქსის მძღოლებისთვის მიმემართა. არც ერთ ქვეყანაში ისე მოურიდებლად არ გევაჭრებიან, როგორც ყოფილ სოციალისტურ სივრცეში. უნგრეთიც არ წარმოადგენს გამონაკლისს.¬
_ თუ შეიძლება, იაფფასიანი სასტუმრო მიმასწავლე, _ რუსულად მივმართე ქერა უნგრელს, რომელიც `ჟიგულის~ მარკის მანქანასთან იდგა და სიგარეტს აბოლებდა. უნგრეთში რუსული მოსახლეობის ნახევარზე მეტმა იცის.
_ გააჩნია, რამდენს გადამიხდი! _ მითხრა მან და სიგარეტის კვამლით რგოლების გამოშვება დაიწყო.
_ რამდენი გინდა? _ არ მესიამოვნა მისი პასუხი, მაგრამ მაინც ვკითხე.
_ მინიმუმ, 50 დოლარი, `ზატო ვსიო ბუდეტ ვ აჟურე~, _ ტაქსისტს იმედი მოეცა, რომ ვებმებოდი.
_ მამაშენს კიდევ ჰყავს შენისთანა ჭკვიანები?.. _ ზურგი შევაქციე და სხვა მძღოლებისკენ ავიღე გეზი.
_ რას იზამ, ინფორმაცია ფული ღირს... _ მომაძახა გაწბილებულმა უნგრელმა. მართლაც, სხვა მძღოლებმაც მომთხოვეს ფული ინფორმაციისთვის. იძულებული გავხდი, 20 დოლარად მეყიდა საჭირო ცნობა და ერთ-ერთ მძღოლს გავყოლოდი. მან კი, ისეთ შენობასთან მიმიყვანა, რომელიც ჩვენში ადრე არსებულ, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების საერთო საცხოვრებლებს მოგაგონებდათ და მითხრა:
_ აი, აქ შეხვალ... სტუდენტები არდადეგებზე არიან წასული და დირექტორს მოელაპარაკები, _ მერე ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა.
ფოიეში ახალგაზრდა კაცი შემხვდა. მას საბუშა ერქვა და საერთო საცხოვრებლის სამეურნეო ნაწილის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. როდესაც ჩემი მოსვლის მიზეზი ავუხსენი, გვერდზე გამიყვანა და მითხრა:
_ დირექტორი ერთი ღამის გათევაში 10-15 დოლარს გამოგართმევს, მე კი აქვე ვცხოვრობ და შემიძლია, ჩემი სახლი დაგითმო. დღე-ღამეში 5 დოლარს თუ მომცემ, მადლობელი დაგრჩები...
თავიდან ეჭვის თვალით შევხედე, ვიფიქრე _ რაიმე შარს არ გადავეყარო-მეთქი, მაგრამ სიიაფემ მიმიზიდა და დავთანხმდი.
საბუშა 45 წლის კაცი იყო. მთელი სიცოცხლე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად უმუშავია ბუდაპეშტის ერთ-ერთ სკოლაში. 1990 წლიდან უნგრეთში ყველაფერი სოციალისტურიც და რუსული ენაც ერთბაშად უარყვეს, ბევრი მასწავლებელიც შემცირებაში მოჰყვა, განსაკუთრებით _ რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები. საბუშაც უმუშევარი დარჩა. ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა, სამსახურის შოვნა გაჭირდა. სამწლიანი შესვენების შემდეგ, ნაცნობებმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მუშაობა დააწყებინეს. მცირე შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ სტაბილური იყო და სულ არაფერს სჯობდა.
ჩემი მასპინძლის სამოთახიან ბინაში, რომელიც ე. წ. `ხრუშჩოვკის~ ტიპის იყო, ერთი კვირა გავჩერდი. საბუშა მარტო ცხოვრობდა და მთელი დღე შინ არ იყო. საღამოობით ცოტა გადაკრულში მოდიოდა ხოლმე, მოიტანდა ერთ ბოთლ არაყს, ძეხვს, მჟავე კიტრს და სუფრასთან მიმიპატიჟებდა. მეც რამეს დავუმატებდი და გვიანობამდე ერთმანეთს მეგობრობას ვეფიცებოდით... ცოტა რომ გავუშინაურდი, თავს ნება მივეცი, მეკითხა:
_ საბუშ, როგორ უძლებ ყოველდღიურ სმას?..
_ თავს რომ არ ვიკლავ, ის უნდა გაგიკვირდეს... ბოღმა მახრჩობს, ბოღმა, მაგრამ რა ვქნა _ მაინც მაქვს რაღაცის იმედი... _ ტკივილისგან სახე დაემანჭა.
_ ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ მაინც ასეთი რა მოგივიდა?
საბუშა ერთხანს გაჩუმებული იჯდა, ეტყობოდა, ვერ გადაეწყვიტა, ეპასუხა ჩემს კითხვაზე თუ არა. ბოლოს მაინც დაიწყო:
_ 21 წლის ვიყავი, სიყვარულით ცოლი რომ მოვიყვანე. ორი შვილი შეგვეძინა. გოგო ახლა 17 წლისაა, ბიჭი _ 10-ის. ჩემი ცოლი ექთანი იყო. ასე იყო თუ ისე, ოჯახს ვუვლიდით. ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. როცა უმუშევარი დავრჩი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ როგორმე ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, მაგრამ ძალიან მიჭირდა. მთელ ქვეყანას უჭირდა და მომავალს იმედის თვალით შევყურებდი, ყოველ შემთხვევაში, მხრები არ ჩამომიყრია. ცოლმა ბუზღუნს მოუხშირა, უნიათოს და უძლურს მეძახდა. ჩემი მატერიალური შესაძლებლობები არ აკმაყოფილებდა და თითქმის ყოველდღე მეჩხუბებოდა. ერთ დღეს, სახლში მოსულს, წერილი დამხვდა, რომელშიც ეწერა: ასე აღარ შემიძლია, უნდა გავეყაროთ _ ასე აჯობებს ჩვენთვისაც და ჩვენი შვილების მომავლისთვისაცო... ვიღაც ამერიკელი ტურისტი გაუცნია და იმას გაჰყოლია. გოგო თან წაიყვანა, ხოლო ბიჭი, რომელიც დედაჩემთან ცხოვრობდა, შარშან, ჩემგან მალულად გააპარა...
უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ისევ საბუშამ დაარღვია დუმილი:
_ ცოლი გყავს?
_ კი, ერთი წელია, რაც მოვიყვანე.
_ ჰოდა, ჭკვიანურად მოიქეცი, რომ უბედურებაში არ ჩაგაგდოს, _ დამარიგა მან.
_ ქართველი ქალები... _ დავიწყე მე, მაგრამ საბუშამ გამაწყვეტინა.
_ ქალი ქალია! გინდ იაპონელი იყოს და გინდ _ ქართველი... ბავშვები მეცოდება, თორემ, მე რომ მკითხო, ყველა ქალი დუნაიშია გადასაგდები... _ და კაი გვარიანი გინებაც მიაყოლა...
ბუდაპეშტი და მუხლა ლილვზე ჩალიჩი
დღევანდელი ბუდაპეშტის ადგილას ძველ დროში სამი დამოუკიდებელი ქალაქი იყო: აბუდა, ბუდა და პეშტი. 1873 წელს ისინი ერთმანეთს შეერწყა და ასე დაიბადა ერთიანი უნგრეთის დედაქალაქი. დუნაის ნაპირზე, პეშტის რაიონში რომაელთა ციხესიმაგრეები იდგა. მათი ნანგრევები დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. ფეოდალიზმის ხანაში ბუდაპეშტი სავაჭრო და საბაჟო ცენტრად იქცა. ხომალდებს, რომლებიც დუნაის სერავდნენ, საბაჟო გადასახადი უნდა გადაეხადათ. ქალაქის ძირითად შემოსავალს ეს გადასახადი წარმოადგენდა. თურქების ბატონობის პერიოდში ქალაქი ევროპული განვითარების გზას ჩამოშორდა, მაგრამ ავსტრიელთა შემოსვლის შემდეგ, კვლავ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო.
ბუდაპეშტი გერმანელმა ფაშისტებმა 1945 წელს მიწასთან გაასწორეს, სილამაზით განთქმული ყველა ხიდი ააფეთქეს... გავიდა წლები და ქალაქი კვლავ აშენდა... თითქმის ყველა ძველებური სასახლე და ღირსშესანიშნავი შენობა მდინარე დუნაის სანაპიროზეა განლაგებული, რაც საოცარი სანახავია. დღეს ბუდაპეშტი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ, მისი დათვალიერება კარგად ვერ მოვახერხე. მუხლა ლილვის შოვნაზე ზრუნვამ იმდენი პრობლემა შემიქმნა, რომ თავბედს ვიწყევლიდი... თბილისიდან წამოღებული მქონდა ერთი უნგრელის ტელეფონის ნომერი, ვინც ლილვის შეძენაში უნდა დამხმარებოდა. როცა დავურეკე, მეორე დღისთვის ერთ-ერთი სასტუმროს პირდაპირ მდებარე სკვერში შეხვედრა დამითქვა. ორი საათი ვუცადე და არ მოვიდა. საღამოს რომ დავუკავშირდი, მომიბოდიშა და მომდევნო დღისთვის, იმავე ადგილას დამიბარა. ისევ არ მოვიდა. გავღიზიანდი, დარეკვას და მის კარგად გამოლანძღვას ვაპირებდი, მაგრამ ისე მოისაწყლა თავი და ისეთი ხმით მომიბოდიშა, რომ ვეღარაფერი ვუთხარი... ისევ იმ ადგილას დამიბარა. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, არ მივსულიყავი, მაგრამ გავბითურდი და მაინც მივედი. იმ ტიპის ნაცვლად, პოლიციელი წამომადგა თავზე, თქვენი საბუთები მიჩვენეთო _ ზრდილობიანად მითხრა. პასპორტი გავუწოდე. პოლიციელმა შეათვალიერა და მკითხა:
_ აქ რას აკეთებთ?
_ ველოდები...
_ ვის?..
ვიფიქრე, ახლა ამას ხომ არ დავუწყებ `იკარუსებზე~ და ლილვებზე ლაპარაკს-მეთქი და მოვატყუე:
_ ქალს...
_ მერე რა ქალია ამისთანა, 3 დღე რომ ელოდები?.. _ უნდოდ შემომხედა და _ განყოფილებაში წამომყევიო, _ მითხრა...
უცხოეთში პოლიციელებთან კონტაქტი კი მქონია, მაგრამ ასეთ საეჭვო მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ.
განყოფილებაში საფუძვლიანად გამომკითხეს. ყველაფერზე ვუპასუხე, სრული სიმართლე ვუთხარი, მაგრამ სატრანზიტო ვიზის დარღვევისთვის ჯარიმა მაინც გადამახდევინეს. უნგრეთში სატრანზიტო ვიზით 72 საათის განმავლობაში შეგიძლია ისარგებლო, მე კი 5 დღე დავრჩი. მართალია, ჯარიმა გადამახდევინეს, მაგრამ არ ვიცი, სიმპათია დავიმსახურე თუ სხვა რამეში იყო საქმე, _ ერთკვირიანი ვიზა გამიფორმეს და ისიც მიმასწავლეს, თუ სად უნდა შემეძინა მუხლა ლილვი...
საბუშას ეს ამბავი რომ მოვუყევი, გულიანად იცინა და დააყოლა:
_ აბა, რა გეგონა? პოლიცია ჩვენ გვიცავს!..
მეორე დღეს, თვითონ წამომყვა `იკარუსის~ ავტობუსების ქარხანაში, რომელიც ბუდაპეშტიდან 150 კილომეტრით არის დაშორებული. პოლიციის განყოფილებაში მიღებული ამომწურავი ინფორმაციის წყალობით, ქარხნის საფირმო მაღაზიაში, საკმაოდ კარგ ფასად ორი მუხლა ლილვი შევიძინე. კარგ გუნებაზე ვიყავი. მაგრამ უეცრად, პრობლემა გამიჩნდა: მუხლა ლილვი ჩემს `ფოლკსვაგენში~ არ ეტეოდა. რა მეღონა, არ ვიცოდი, დიდხანს ვიჭყლიტე ტვინი. ბოლოს, უკანა სავარძლები ამოვიღე და რის ვაი-ვაგლახით ლილვები სალონში ჩავტიე. ამოვისუნთქე, მაგრამ ახალი პრობლემა გამიჩნდა: მანქანაში საბუშას ადგილი აღარ დარჩა... საბუშას გულისთვის ლილვებს ვერ დავტოვებდი, ამიტომ ბოდიში მოვუხადე და ქალაქში ავტობუსით დაბრუნება მოუხდა.
ასე თუ ისე, `სდელკა~ კარგად დამეწყო. რა ქართველი ვიქნებოდი, ეს რომ არ `დამესველებინა~?! საბუშა რესტორანში დავპატიჟე და დილამდე ვიქეიფეთ. მეორე დღეს კარგად გამოვიძინე, გუდა-ნაბადი ავიკარი და თბილისისკენ ავიღე გეზი...
1997 წელი
`რა არის, კაკო, ომიდან ხომ არ მოდიხარო?!.~
მეგობართა წრეში სიდუხჭირეზე რომ ჩამოვაგდებდი ხოლმე სიტყვას, უცებ შემაწყვეტინებდნენ: შენ რაღა გაწუწუნებს? ნახევარი მსოფლიო გაქვს მოვლილი, შვილიშვილებთან მაინც დაიტრაბახებ, იქა და იქ მიმოგზაურიაო!.. მართალია, ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ, მაგრამ სასიამოვნო თავგადასავლების გარდა, ბევრი ცუდი რამეც გადამხდენია. ზოგჯერ ისეთ სიტუაციაშიც ჩავვარდნილვარ, რომ დიდი ზარალიც განმიცდია და უსაზღვრო შიშიც მიჭამია. ერთ-ერთი ასეთი ამბავი რუმინეთში გადამხდა თავს...
ევროპაში ხშირი სიარულის გამო, თითქმის ყველა ქართველ მებაჟესა და საგზაო პოლიციის თანამშრომელს ვიცნობდი. ნაცნობმა მებაჟემ, ჩემი და ხახუტას (გზაში შეძენილი მეგობრის) დაკაწრული, შუშებჩალეწილი მანქანები რომ დაინახა, შეჰყვირა, _ რა არის, კაკო, ეს, ომიდან ხომ არ მოდიხარო?!
_ ეჰ, მასე გამოდის, გურამ, არ გაგვიმართლა, _ შევჩივლე.
_ რუმინეთი გამოიარეთ?
_ კი...
_ მერე, არიფი ხომ არა ხარ, პირველად ხომ არ გაგივლია მაგ ქვეყანაში!
_ რა ვიცი, ყველაფერი ხდება... _ ვუპასუხე და ხახუტას გავხედე. მან თვალი ამარიდა და მანქანაში ჩაჯდა...
ვინ არიან რუმინელები?
რუმინელები თავიანთ ისტორიას რომაელებიდან ითვლიან. მათი წინაპარი ჯარისკაცები და ოფიცრები, სამხედრო ვალდებულებას რომ მოიხდიდნენ, იმ მიდამოებში სახლდებოდნენ, რომელიც დაკიის სახელით იყო ცნობილი. მათი ზნე-ჩვეულებები დიდად განსხვავდებოდა ადგილობრივი სლავების ადათ-წესებისგან, მაგრამ დრომ თავისი გაიტანა და სხვადასხვა ჯურის ტომელთა აღრევა მოხდა. რუმინელი ერი სლავების, რომაელებისა და მონღოლების ურთიერთშერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, რომელშიც რომაელებს, რუმინელთა თქმით, ყველაზე დიდი `წილი~ აქვთ...
დაკია მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, რითაც რომის იმპერიას იზიდავდა. მდიდარი რომაელების გარდა, ამ მხარისკენ ათასი ჯურის ავანტიურისტები და კრიმინალები მიეშურებოდნენ. მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა... ბევრი მომთაბარე ტომი განუწყვეტლივ ომობდა დაკიასთან. IV-დან IX საუკუნემდე იქ მონაცვლეობით სხვადასხვა მომთაბარე ტომი ბატონობდა. მაშინ ქვეყანას, დაკიის ნაცვლად, ვალახას უწოდებდნენ (ვალახები დუნაის ჩრდილოეთ ნაწილიდან წამოსული ხალხი იყო). აღმოსავლეთიდან ვალახას ძლიერი მოლდავური ტომები მიადგა. ვალახებმა და მოლდაველებმა საერთო ენის გამონახვა და ერთიანი სახელმწიფოს _ რუმინეთის შექმნა მოახერხეს. მათი პირველი მეფე იყო იოვანიცა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის გასაძლიერებლად...
ფეოდალური ომები რუმინეთს უამრავ პრობლემას უქმნიდა: ხან უნგრეთის სამეფო იპყრობდა, ხან _ პოლონეთის. ომები რუმინეთის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. XV საუკუნეში, რუმინეთს თურქეთი დაეპატრონა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ნახევარი რუმინეთი გაამაჰმადიანა, ქვეყანაში რჩებოდა ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ოსმალებს. ავსტრიელებისა და უნგრელების დახმარებით, ისინი დროდადრო თურქების განდევნას ახერხებდნენ. თავიანთი სამეფოც შეინარჩუნეს. მონარქები ქვეყანას მეორე მსოფლიო ომამდე მართავდნენ.
XIX საუკუნეში, რუმინეთში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. ამან ევროპის წამყვანი ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია, რის შედეგადაც, რუმინეთში რკინიგზა გაჩნდა და უამრავი საწარმო აშენდა. ქვეყანა ევროპაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთო...
1945 წელს, საბჭოთა ჯარების ოკუპაციის შედეგად, რუმინეთში სოციალიზმი დამყარდა, რომელმაც 1989 წლამდე იარსება...
ხახუტა
საავტომობილო გზა, რომელიც გერმანიიდან საქართველომდე უნდა გამოიარო, რუმინეთის გარდა, ყველგან მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. თუ სხვაგან ავტომობილის დეფექტს ვერ შეამჩნევთ, იქ პირველსავე 10 კილომეტრში იჩენს თავს. და თუ თქვენ მიერ შეძენილმა მანქანამ რუმინეთი გადალახა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოშიც უეჭველად გამოგადგებათ: გარდა იმისა, რომ რუმინეთში საშინელი გზებია, უკიდურესად დაძაბული კრიმინალური სიტუაციაცაა _ ცენტრალური გზების სხვადასხვა მონაკვეთი ამა თუ იმ დამნაშავეთა ჯგუფს აქვს განაწილებული. უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ დაწესებული თანხის გადახდის შემდეგ, დაუბრკოლებლად შეგიძლია განაგრძო გზა...
ჩვეულებრივ, საზღვრის გადალახვის შემდეგ, პოლიციის საგუშაგო გხვდებათ. საგზაო წესები თუ არ დაარღვიე, ფორმიანი კაცი არ გაგაჩერებს, მაგრამ მცირე მანძილის გავლის შემდეგ, უფრო ხშირად, რომელიმე ჯიპიდან სიგნალს მოგცემენ. თუ ყურადღება არ მიაქციე, გამოგეკიდებიან და გაგაჩერებენ. ზრდილობიანად მოგთხოვენ `ბაჟის~ გადახდას. გადახდის შემდეგ, ხელმოწერილ ფურცელს მოგცემენ, რომელიც უეჭველად გამოგადგებათ მომდევნო დანაშაულებრივ ჯგუფთან შეხვედრის შემთხვევაში. მაგრამ თუ გადახდაზე უარს იტყვით, თქვენთვის ჭკუის სასწავლებლად, პირდაპირ ავტომობილის მინების მტვრევას იწყებენ... რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის შესახებ მქონდა და როცა რუმინეთში მოვხვედრილვარ, პრობლემა არასოდეს შემქმნია, ვინაიდან `ბაჟს~ ვიხდიდი. ამ საქმეში გამოცდილებს, მათ, ვინც `ავტომანქანების ბიზნესში~ ვტრიალებდით, მხოლოდ იმ წერილის იმედი არ გვქონია და ვცდილობდით, რუმინეთი ერთ დღეში გაგვევლო ხოლმე. იმ დღესაც, ბუქარესტამდე 50-ოდე კილომეტრი რომ გვქონდა დარჩენილი (ბუქარესტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს), ერთი მამაკაცი შევამჩნიე, რომელიც ქართველს მივამსგავსე: გზის პირას იდგა და ხელს მიქნევდა. დავფიქრდი, გამეჩერებინა თუ არა. ქართველს კი ჰგავდა, მაგრამ აქ რა უნდა-მეთქი? _ ვიფიქრე, თან მეჩქარებოდა _ მზის ჩასვლამდე რუმინეთი უნდა დამეტოვებინა... გაჩერება გადავიფიქრე, მაგრამ რომ ჩავუარე, დავრწმუნდი _ ქართველი იყო, თანაც, ისეთი გატანჯული სახე ჰქონდა, რომ არ გამეჩერებინა, სინდისი არ მომასვენებდა... დავამუხრუჭე. დევივით კაცმა ჩემს მანქანასთან მოირბინა, გადმოსვლა მთხოვა და გულში ჩამიკრა... კაცი გულღიად რომ შეგხვდება, ყოველთვის გესიამოვნება, მაგრამ ერთი კითხვა მაინც არ მასვენებდა: რა უნდოდა ამ ქართველ კაცს უცხო ქვეყნის შარაგზაზე?..
_ სულკურთხეული მამაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, ძაღლის ბედი გაქვსო, ჯო... ჭკუით მაიქეცი და მაიხმარეო... _ `ჩაუკახურა~ უცნობმა და ხელი გამომიწოდა: _ მე მუკუზნელი ხახუტა ვაარ... კეთილი იყოს შენი გამოჩენა, ანგელოზათ მამევლინე!..
ანგელოზის ხსენებაზე გამეღიმა. ცოტა აზრზე მოვედი და ვკითხე:
_ ანგელოზობისა რა მოგახსენო, მაგრამ ქართველი რომ ვარ, საიდან მიხვდი, ქართულად რომ დამიწყე ლაპარაკი?
_ მაგაი რა მიხვედრა უნდა?.. ამ ურჯულოების ქვეყანაში ქართველი თუ ამაგიდგება გვერდზე, თორე სხვასა ფეხებზე არა ჰკიდიხაარ?!.
ხახუტა ბეჟუაშვილი გურჯაანის რაიონში დაბადებულ-გაზრდილი კაცი აღმოჩნდა. მთელი სიყმაწვილის წლები კოლმეურნეობაში ჰქონდა გატარებული. ზოგჯერ, წელიწადში ერთხელ, როგორც თვითონ ამბობდა _ `საგულაოთ~ რუსეთში მიდიოდა. ცხოვრება საათივით ჰქონდა აწყობილი... აირია ქვეყანა და ხახუტასაც აერია ცხოვრება, დარჩა უმუშევარი. ბევრი ფიქრის შემდეგ, ფული ისესხა და გერმანიას მიაშურა. იქ თანაკლასელი ზურა დახვდა, რომელიც ერთი წელიწადი ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა და ვინაიდან გერმანიის მთავრობა ქვეყანაში დარჩენაზე უარს ეუბნებოდა, ისიც სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. ორივემ ერთად, საზიაროდ, მიკროავტობუსი იყიდა, რომელიც უნდოდათ, თბილისი-გურჯაანის მარშრუტით ეტარებინათ... შეუსვენებლივ მოდიოდნენ, გზაში არანაირი პრობლემა არ გასჩენიათ. ბუნებით რუმინეთი საოცრად ჰგავს საქართველოს, განსაკუთრებით, ბუქარესტის მიმდებარე მიდამოები. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ბორჯომის ხეობაში მოხვდი... მეგობრებმა დასვენება გადაწყვიტეს და გზიდან 100 მეტრის დაშორებით, მდელოზე გააჩერეს მანქანა. ცოტა წაიხემსეს და რამდენიმე ჭიქა არაყიც დააყოლეს. მგზავრობით დაღლილებს, არაყი ადვილად მოეკიდათ და ჩაეძინათ... როცა გამოეღვიძათ, თვალებს არ დაუჯერეს: ავტომობილს არც ერთი საბურავი აღარ ჰქონდა დარჩენილი... დასახლება არსად ჩანდა, იძულებული იყვნენ, გამვლელი მანქანის გაჩერება ეცადათ. ორი დღე არავინ უჩერებდა _ პირველი მე აღმოვჩნდი...
ხახუტამ ზურა გამაცნო. ორივეს ისეთი სასოწარკვეთილი სახეები ჰქონდათ, შევეცადე, როგორმე გამემხნევებინა:
_ ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავთ, არ არსებობს პრობლემა, კაცმა რომ ვერ გადაწყვიტოს...
_ იცი, რა არის?.. ფული თითქმის აღარა გვაქვს, სულ რაღაც 120 დოლარი დაგვრჩა... ამ თანხით `პაკრიშკებს~, თავის დისკებიანად, ვერ ვიყიდით... _ მორიდებით მითხრა ზურამ.
_ არა უშავს, მე 200-ს დაგიმატებთ. ახლა წავალ და საჭმელს მოგიტანთ. უკვე საღამოა, საბურავებზე წასვლას აზრი აღარ აქვს. ხვალ მივხედოთ მაგ საქმეს, _ ვთქვი, გვერდზე ხახუტა მოვისვი და უახლოესი დასახლებისკენ ავიღე გეზი.
...ვახშმობისას ხახუტას ვუთხარი:
_ მოდი, ერთი, გაცნობისა გადავკრათ...
_ არა, არ შამიძლია. ამ ვერანებმა დღეს შეიძლება არ მაისვენონ და შენი `პაკრიშკებიც~ მიაყოლონ. მთელი ღამე თეთრად უნდა გავატარო.
_ რატომ მარტო შენ? მეც ფხიზლად ვიქნები, _ შევაგულიანე.
_ ჰო, ჰო, ეგრე სჯობს. ღვინის სმა მერე ნახე, მუკუზანში რო ჩამოხვალ... _ მითხრა ხახუტამ და გამიღიმა.
ის ღამე ღია ცის ქვეშ გავატარეთ. არ გვეძინებოდა და ვსაუბრობდით.
_ ეს კახელები მაინც როგორ მოხვდით ამ შუაგულ ევროპაში, ა? _ ვცადე გახუმრება.
_ მა, თბილისელებისაა ეს ქვეყანა?.. არ გაგიგონია _ რაც მაგრები ვართ, კახელები ვართო?.. _ შემომიტია ხახუტამ.
_ მაშ, თუ მაგრები ხართ, `პაკრიშკები~ როგორღა მოგპარეს?!.
_ ეგ გამონაკლისია, ეგ არ ითვლება...
ამ პასუხზე ყველას ერთად გაგვეცინა...
_ მასეთი იშვიათი სახელი ვინ დაგანათლა, ხახუტა? _ დავინტერესდი.
_ სულკურთხეული მამაჩემი დღე და ღამე წიგნს ჩაჰკირკიტებდა. მე რომ დავბადებულვარ, გამსახურდიას `დავით აღმაშენებელსა~ კითხულობდა. ჰოდა, იქ არის ერთი ხახუტაი... _ ამიხსნა მან.
_ რაღა ხახუტას გარქმევდა, დავითი ვერ `გაიმეტა~?.. _ გაუკვირდა ზურას.
_ მაგაი, მამაჩემს დაეწიე და ის აგიხსნის, გაიგე?!. _ მოუჭრა ხახუტამ.
ვუსმენდი ამ ორ კაი კაცს და მეღიმებოდა. ჩემი თავი, რუმინეთის ტყის მაგივრად, კახეთში მეგონა და სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა...
ბუქარესტი
დილით მე და ზურა საბურავების საშოვნელად გავეშურეთ, ხახუტა კი, როგორც ფიზიკურად ჩვენზე ძლიერი, მანქანის საყარაულოდ დავტოვეთ. მოვიარეთ რამდენიმე დასახლება. ზოგან საერთოდ არ იყო ისეთი საბურავები, როგორიც გვჭირდებოდა, ხოლო სადაც იყო, ძალიან ძვირს აფასებდნენ. საქმე ასარჩევად არ გვქონდა და იძულებული გავხდით, გვეყიდა. რაც ფული გვქონდა, სულ საბურავებში დავხარჯეთ. შეგვექმნა პრობლემა: საწვავი, რამდენიც მანქანებში გვქონდა, 50 კილომეტრზეც არ გვეყოფოდა. სად გვეშოვა ფული, არ ვიცოდით... ბოლოს გადავწყვიტეთ: მე ავტობუსით წავიდოდი ბუქარესტში და თბილისიდან ახლობლებს ფულს გამოვაგზავნინებდი, ზურა და ხახუტა კი ისევ მანქანების სადარაჯოდ დარჩებოდნენ...
რუმინეთი აგრარული ქვეყანაა, სადაც მრეწველობა ისტორიულად ნაკლებად იყო განვითარებული. ამიტომაც ქვეყანაში დიდი ქალაქები არ არის _ ყველაზე დიდი, დედაქალაქი ბუქარესტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენდა და ამ საქმეში დიდი წვლილი კომუნისტებს მიუძღვით. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ბუქარესტი იმ ქალაქებს მაგონებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში, როგორც სამრეწველო ცენტრები შენდებოდა...
რუმინეთის დედაქალაქში კარგად ლაპარაკობენ რუსულად. რუმინული საკმაოდ რთული ენაა, თანაც უამრავი დიალექტი აქვს: ბესარაბიული, ბუკოვინური, ტრანსილვანიური და მოლდავური. თვით რუმინელებსაც კი უჭირთ ხოლმე ამ დიალექტების გაგება. ხშირად, დაწყებითი კლასების ბავშვები მასწავლებლის ნალაპარაკებსაც ვერ იგებენ, რაც ძალიან ართულებს სასწავლო პროცესს... თავის დროზე, როდესაც ანბანის შექმნის საკითხი დაუდგათ, არ იცოდნენ, რომელი ამოერჩიათ. კამათი რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა. თავიდან, რუსული ანბანის გამოყენება უნდოდათ, მაგრამ ევროპის გავლენით, ბოლოს მაინც ლათინური აირჩიეს...
ფულის მოლოდინში ქალაქიც, ასე თუ ისე, დავათვალიერე. როცა ფული ბოლოს და ბოლოს მივიღე, ავტობუსის გაჩერებას მივაშურე. უეცრად, მანქანის სიგნალი და ჩემი სახელი გავიგონე: _ კაკო, კაკო! _ ვიღაც აშკარად მე მეძახდა. გავიხედე და ჩემი თბილისელი ნაცნობი, ნუგზარ ლოლუა დავინახე, რომელიც ჩემსავით `მანქანებზე ჩალიჩობდა~. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ჩემი ამბავიც მოვუყევი.
_ რას იზამ, რუმინეთია! შარშან მეც მომპარეს მაგნიტოფონი. იმის შემდეგ ყოველთვის ფრთხილად ვარ, _ მითხრა და ბიჭებთან წაყვანა შემომთავაზა. ვიუარე:
_ გმადლობ, ნუგზარ, ნუ შეწუხდები, გზას არ გაგიმრუდებ... თბილისში შევხვდებით...
ნუგზარი არ მეშვებოდა, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე და ერთმანეთს დავემშვიდობეთ...
გაჭირვებულ კაცს
ქვა აღმართში მიეწიაო...
`ბანაკს~ რომ მივუახლოვდი, გული შემიწუხდა: პირველად, გზაზე მიმოფანტული, დამტვრეული შუშის ნამსხვრევები დავინახე... ჩვენს ავტომობილებს საქარე მინები ჩალეწილი ჰქონდა, ძარა კი, მთელ სიგრძეზე გაკაწრული იყო. ხახუტა და ზურა ხის მორებზე ისხდნენ და სახეებზე ფერი არ ედოთ... ზურამ ხახუტას ყურთან, ნაჭრილობევზე სველი ტილო მიადო...
_ რა მოხდა, რა შარში გაეხვიეთ? _ ვიკითხე და ხახუტას მივაჩერდი.
_ კაცს რომ ბედი არ ექნება, ოქროში რომ ჩასვა, მაინც არ გაუმართლებს... _ ხელი ჩაიქნია და განაგრძო: _ შენ რომ წახვედი, ცოტა ხანში, ორი მანქანა მაგვადგა. ექვსი ლაწირაკი გადმავიდა და ფული მაითხოვა. მე `გრანიცაზე~ მოცემული ქაღალდი მივაწოდე. რომ გადაიკითხეს, შენს მანქანაზე მანიშნეს. ქაღალდი მე არ მქონდა და ვუთხარი, _ პატრონი მოვა და ის გიჩვენებს-მეთქი. _ არა, ფული გადაიხადეო. მე რა ფული უნდა გადამეხადა, ეგ შენაც იცი... ერთი `წრიპკაი~ კაცი შენს მანქანაში შეძვრა და მაგნიტაფონი ამოგლიჯა... ეს რომ დავინახე, მივედი და ვუთხარი _ რასა შვრები, ჯო, რამე ხომ არ გეშლება, მაგნიტაფონი უკან დააბრუნე-მეთქი... იმ ვერანამა, არც აცივა და არც აცხელა _ პირდაპირა სილა მტკიცა. ჰოდა, რომ დავერიეთ მე და ზურაი, მეორე მსოფლიო ომი გეგონებოდა... კარგად კი ვჟეჟეთ, მაგრამა მაინც ექვსნი იყვნენ, შობელძაღლები... მერე ბეისბოლის ჯოხები დააძრეს და შუშები დაგვილეწეს... ბოლოს კიდე, ყიჟინით გაიქცნენ.
_ ახლა რას აპირებ? _ გაოგნებულმა ვიკითხე.
_ რაი და დაველოდები, დედაი უნდა ვუტირო!..
_ ახლა ისინი ექვსნი კი არა, ოცდაექვსნი მოვლენ. აბა, ჩქარა, ავიყაროთ გუდა-ნაბადი და მოვუსვათ აქედან! _ გავეცი ბრძანება.
ხახუტა მეურჩებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამიჯერა. 4 საათში, რომ იტყვიან, ჩვენი `დუხი~ აღარ იყო რუმინეთში. ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დამთავრდა...
ორი კვირის შემდეგ, დილის 6 საათზე მეუღლემ გამაღვიძა და მითხრა _ გადი აივანზე, ვიღაც გამწარებული გეძახისო. გავედი და რას ვხედავ! _ ეზოში დიდი, ხუთტონიანი ღვინის ცისტერნა დგას, კაბინიდან კი ხახუტა მიღიმის:
_ როგორა ხარ, ძმა?.. ჩამო, ჩამო, უნდა ჩაგეხუტო!
ჩავედი, გადამეხვია ხახუტა და მოკრძალებულად მკითხა:
_ შენ ხო ხარ ჩემი ძმა?
_ ვარ!..
_ ჰოდა, ძმა ძმას ვალში არ ჩააგდებს: ან ეს ღვინო უნდა წაიღო, ან კიდევა, ცოტა ხანი უნდა დამაცადო...
_ რა უნდა დაგაცადო?
_ ბაზარში ღვინოს გავყიდი და ფულს მერე დაგიბრუნებ...
_ შენ თუ გინდა, ძმები ვიყოთ, ასეთი რამე აღარ წამოროშო. თუ კაცები ვართ, ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ, _ ისე მტკიცედ ვუთხარი, უცებ იყუჩა და ამ თემაზე აღარ ულაპარაკია. სამაგიეროდ, მას მერე, ჩემს ოჯახში მუკუზნის ღვინო აღარასოდეს გამოლეულა...
1997 წელი
გეზი უნდილაძეების
მეორე სამშობლოსაკენ
წარუმატებელი კომერციული ოპერაციის შემდეგ, რომელიც რუმინეთში ვიგემე, რამდენიმე თვე ვერსად მოვახერხე წასვლა. სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევდა. თბილისში ვტრიალებდი, საქმე კარგად არ მიმდიოდა...
ერთ დღეს ჩემი განწყობა უნივერმაღის ტანსაცმლის სექციის გამგეს, მარინას გავუზიარე. მარინა ძალზე ენერგიული და საქმიანი (სიმპათიურიც) ქალბატონი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდა და კარგადაც უძღვებოდა ოჯახს. ძირითადად, ირანში, პაკისტანსა და ჩინეთში დადიოდა საქონლის ჩამოსატანად. ერთ მშვენიერ დღეს მკითხა:
_ რას აკეთებ, კაკო, როგორ მიდის საქმეები?
_ მიდის, რა... გინდ მიმუშავია და გინდ არა _ ორივეს ერთი ფასი აქვს...
_ მომავალ კვირას ირანში მივდივარ. თუ გინდა, ჩემთან ერთად წამოდი. ჩამოიტან ტანსაცმელს და ბაზრობებზე დაარიგებ.
_ დიდი მადლობა, ვერ წამოვალ, ფული არა მაქვს.
_ ეს რა პრობლემაა? ცოტას ისესხებ, ბილეთის საფასურს მე გადაგიხდი, შენ კი ჩანთების თრევაში მომეხმარები. ჩემი ძმა ვერ მომყვება, ფეხი აქვს მოტეხილი...
_ შენ რა, გინდა, მეც მომტყდეს ფეხი?.. _ დავიფასე თავი.
_ მიდი, მიდი. საღამოს პასპორტი მოიტანე და წასასვლელად მოემზადე, _ თვალი ჩამიკრა და კიბეს აუყვა.
მართალია, დიდ კომერციულ იმედებს ამ მოგზაურობაზე არ ვამყარებდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, ის ქვეყანა მენახა, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლს უშრობდა საქართველოს...
მცირე ისტორიული ექსკურსი
თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან, მასობრივი მიგრაციები ხდებოდა. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ყალიბდებოდა და იშლებოდა ცალკეული ტომებისა და ხალხების გაერთიანებები, ერთმანეთს ცვლიდა მძლავრი იმპერიები, დიდი და პატარა დინასტიები. ჩვ.წ. აღ-მდე III-II ათასწლეულებში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში არსებობდა დიდი მონათმფლობელური სახელმწიფო გაერთიანება, რომელიც მიდიამ დაიპყრო. 558 წელს მიდიელთა ბატონობას ბოლო მოუღო აჯანყებამ, რომელსაც კიროს II აქემენიდი მეთაურობდა. აქემენიდთა ირანული სახელმწიფო მძლავრ იმპერიად იქცა, რომელშიც შედიოდა: ეგვიპტე, სირია, ფინიკია, მესოპოტამია, მთელი მცირე აზია, სომხეთი და მაკედონია. იმპერია განუწყვე¬ტლივ ომობდა. 330 წელს, აქემენიდთა სახელმწიფო დაეცა და მთელი მისი ტერიტორია ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარ იმპერიას დაექვემდებარა. სხვადას¬ხ¬ვა ეპოქაში იქ ხან არაბები, ხან _ თურქ-სელჩუკები, ხანაც მონღოლები ბატონობდნენ.¬
XVIII საუკუნის ბოლოს, ირანში ყაჯართა დინასტია გაბატონდა. სწორედ ამ დინასტიის წარმომადგენელი იყო ჩვენთვის კარგად ცნობილი აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი, რომელიც 1795 წელს შემოიჭრა საქართველოში, მომდევნო წელს კი, თეირანში თავი შაჰად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო ახალ, ყაჯართა ნომადურ დინასტიას, რომელიც 130 წელი მართავდა ქვეყანას და მხოლოდ 1925 წელს შეწყვიტა არსებობა. სწორედ მაშინ, მეჯლისმა (პარლამენტმა) დამხობილად გამოაცხადა ყაჯართა დინასტია და ტახტზე რეზა-ხანი _ ფეჰლევის დინასტიის პირველი მონარქი აიყვანა. 1978-79 წლების ანტიმონარქისტულმა სახალხო რევოლუციამ ირანში მონარქია დაამხო. უკანასკნელი შაჰი _ მოჰამედ რეზა ფეჰლევი დასავლეთში გაიხიზნა და რამდენიმე წელიწადში, ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, ირანში კი ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა, რომლის მმართველად პარიზული ემიგრაციიდან დაბრუნებული აიათოლა ჰომეინი მოგვევლინა. ჰომეინი პრეზიდენტმა ხათამმა შეცვალა...
თეირანი
რვაკაციან ჯგუფში ერთადერთი მამაკაცი ვიყავი. თვითმფრინავი აეროპორტს რომ მიუახლოვდა, მარინამ გოგონები გააფრთხილა:
_ აბა, გოგონებო, არავითარი პომადა! საღებავები მოიშორეთ და თავშლის დახურვაც არ დაგავიწყდეთ.
_ თავშალი მეც ხომ არ უნდა დავიფარო? _ დავეღრიჯე მარინას.
_ თუ ძალიან გინდა, არც შენ დაგიშლიან... მაგრამ მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ევროპა არ არის: რასაც გეტყვიან, ყველაფერი შეასრულე, არავითარი ზედმეტი მოძრაობა!..
საბაჟოზე ისე შემამოწმეს, თავი ტერორისტი მეგონა. ჯერ საბუთები დაათვალიერეს საგულდაგულოდ და პასპორტში ბევრი ქვეყნის ვიზა რომ მქონდა ჩარტყმული, უკვე ამის გამო, ეჭვის თვალით შემომხედეს. მერე ცალკე ოთახშიც შემიყვანეს და ლამის იყო, გამაშიშვლეს. ვერაფერი საეჭვო რომ ვერ იპოვეს, ჩანთა გამიჩხრიკეს და ფოტოაპარატი ამოიღეს. ეს რად გინდაო? _ მკითხეს. გამიკვირდა, მაგრამ მითხრეს _ ფოტოაპარატი ჩვენთან დარჩება და უკან წამოსვლისას დაგიბრუნებთო, _ თან ამაყად დააყოლეს: თქვენ ისლამურ ირანში იმყოფებით და თუ ადგილობრივი კანონები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ქვეყანა დატოვოთო! ყველაფერზე მორჩილად ვუქნევდი თავს...
ქუჩაში უამრავი ავტომობილი ისე უწესრიგოდ მოძრაობდა, ლამის გული შემიწუხდა. ამას საშინელი ხმაური და თავბრუდამხვევი ტემპი ერთვოდა.
_ რა ხდება, მარინა, ეს რა დომხალია?.. _ გაოცება ვერ დავფარე.
_ არა უშავს, გაგივლის. პირველად აქ ყველას ასე ემართება... _ დამამშვიდა მარინამ.
სასტუმრომდე ავტობუსით ვიმგზავრეთ. სანამ მივიდოდით, ჩემი დამემართა. ჯერ ერთი, ირანში რატომღაც შუქნიშნებს არ იყენებენ. რაც მთავარია, არავინ არანაირ წესს არ იცავს. ავტობუსს ხან სატვირთო მანქანამ გადაუჭრა გზა უცერემონიოდ, ხან ველოსიპედმა `გადაურბინა~. მძღოლი უცებ, ისე დაამუხრუჭებდა ხოლმე, რომ მგზავრები ცხვირპირით ვასკდებოდით ერთმანეთს. ისე დადიოდა, თითქოს მანქანა ხალხით კი არა, კარტოფილით იყო დატვირთული. იმდენი ავარიული სიტუაცია შეგვექმნა, ბოლოს შიშისგან თვალს ვეღარც ვახელდი. სასტუმროს ნომერში რომ შევედი, პირჯვარი გადავიწერე...
ოფიციალური მონაცემებით, თეირანში 15 მლნ ადამიანი ცხოვრობს. იმის გამო, რომ ირანში ხშირად ხდება მიწისძვრა, მრავალსართულიან სახლებს არ აშენებენ. მოსახლეობა ძირითადად, 2-3-სართულიან სახლებში ცხოვრობს და მხოლოდ მდი¬დრების უბნებში კანტიკუნტად თუ შეამჩნევთ თანამედროვე ტიპის 8-10-სა¬რთულიან შენობებს. ჩვეულებრივი ირანელი თავისი სახლის პირველ სართულზე კომერციულ საქმიანობას ეწევა (გახსნილი აქვს მაღაზია, პატარა საამქრო, საპარიკმახერო და სხვა ამგვარი), მეორეს კი საცხოვრებლად იყენებს ან ნაწილი გაქირავებული აქვს, როგორც სასტუმრო თუ სასწავლებელი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მთელი თეირანი წვრილი ბიზნესით არის დაკავებული და მხოლოდ ფულსა და მოგებაზე ფიქრობს. ქალაქში უამრავი ბაზრობაა. ისტორიულად, ბაზარი აღმოსავლური სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ორგანული ატრიბუტია და ამიტომაც, იქაური ბაზარს, ხელოვნების ნიმუშად აღიქვამენ, ბაზრის `წარჩინებულნი~ კი, გარდა იმისა, რომ მდიდრები არიან, მოსახლეობის დიდი სიყვარულითა და პატივისცემითაც სარგებლობენ...
ძალიან შთამბეჭდავია შაჰების სასახლეები და რეზიდენციები. თითოეული შაჰი ცდილობდა, თავისი მეფობის აღსანიშნავად, რაიმე მნიშვნელოვანი დაეტოვებინა, რისი წყალობითაც, ქვეყანასა და დედაქალაქს უამრავი გრანდიოზული ნაგებობა შესძინა.
ყველაზე მეტად მაინც იმან გამაკვირვა, რომ მეჩეთების გარდა, თეირანში სხვა სარწმუნოების სალოცავებიც არის _ მაგალითად, ბევრ სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას ნახავთ. გული დამწყდა, რომ დროის უკმარისობის გამო, ქალაქის გარეუბანში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში ვერ მივედი.
ირანელები
ჩემ გარდა, ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი ნამყოფი იყო ირანში, ტანსაცმლის ბიზნესით იყვნენ დაკავებული. ჰოდა, როგორც დამწყები, თან დავყვებოდი და მეც იმას ვყიდულობდი, რასაც ისინი. ზეპირად იცოდნენ, რომელ ბაზარში რა საქონელი იყო იაფი და მთელი დღე ტაქსით დავდიოდით უზარმაზარი ქალაქის სხვადასხვა უბანში.
20 წლის ასაკიდან საკუთარი ავტომობილი მყავდა და ჩემს თავს კარგ მძღოლად ვთვლიდი. მაგრამ მომკალით და თეირანის ქუჩებში მანქანას ვერ გავატარებ, იმდენად გადატვირთული და მოუწესრიგებელი მოძრაობაა. საინტერესო ის არის, რომ ავარიების დროს ჩხუბი და აყალმაყალი არასოდეს ხდება, პირიქით _ ერთმანეთს ბოდიშს უხდიან და მშვიდად სცილდებიან. შეტაკება იმდენად ხშირად ხდება, რომ ქალაქში ნორმალურ მანქანას ვერ ნახავთ _ ზოგს ფრთები აქვს დაჭეჭყილი, ზოგს _ კარი და ზოგს კიდევ რა...
ჩასვლიდან მეორე დღეს, მარინასთან ერთად მთელი დღე ქალაქში ტაქსით სიარული მომიხდა. სულ ერთი მძღოლი დაგვატარებდა. აშკარად კარგ გუნებაზე იყო. ჯერ ერთი, მარინა ირანელი ქალებივით მკაცრი და უტყვი არ იყო, სპარსულიც იცოდა და სულ ეხუმრებოდა. მეორეც _ ის უხაროდა, რომ კარგ გასამრჯელოს აიღებდა, ვინაიდან მთელი დღე გვემსახურებოდა.
_ მაჰმუდა მთელი დღე ჩვენთან იყო, ალბათ `გაგვატყავებს~... _ ვუთხარი მარინას, სასტუმროს რომ ვუახლოვდებოდით.
_ სულაც არა, 5 დოლარი ეყოფა, _ გამიღიმა მან.
_ რას ამბობ? სირცხვილია! გინდა, გვაგინოს?..
_ კარგი, შენი ხათრით 10-ს მივცემ. ვიცი, რასაც ვაკეთებ... _ დამამშვიდა მარინამ. ძალიან მაინტერესებდა მძღოლის რეაქცია და მარინამ ფული რომ მიაწოდა, `ვულკანის ამოფრქვევას~ ველოდი, მაგრამ მოხდა სასწაული:
_ აი, საღოლ, გურჯი ხათუნ, საღოლ!.. _ სიხარულით წარმოთქვა მაჰმუდმა და დასძინა _ სანამ აქ ხართ, ყოველდღე მოგემსახურებითო. ირანში ნავთობპროდუქტები ძალიან იაფია _ ერთ დოლარად 50 ლიტრამდე ბენზინს შეიძენ. ეს რომ გავიგე, მერე მივხვდი მაჰმუდის რეაქციის მიზეზს...
ირანელები შავგვრემანები და საკმაოდ `მცირეგაბარიტიანები~ არიან. იქ იშვიათად შეხვდებით მსუქან, მით უმეტეს, ღიპიან კაცს. საქართველოში ჩემთვის არავის უთქვამს, დიდი აღნაგობის კაცი ხარო, ირანში კი ძალიან ხშირად, რემბოსა და ვან დამს მადარებდნენ(!).
ირანელები კარგად იცნობენ საქართველოსა და ქართველებს. სულ გაიძახიან _ `გურჯისტან იახში, იახში, ხანუმ სოღ იახში...~ _ რაც ნიშნავს _ საქართველო ლამაზია, ხოლო მისი ქალები ყველაზე უკეთესებიო...
ირანის რესპუბლიკის ლიდერებმა აღადგინეს პოლიგამია, რომელიც ძალიან ამცირებს ქალის ღირსებას. ქალს კვლავ ჩამოაფარეს ჩადრი, რომლის ტარებისგან ის მონარქიულ ირანში 50 წლის წინ გაათავისუფლეს. ქალს არც სახელმწიფო აპარატში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მოხვედრა შეუძლია, საზოგადოებრივ ადგილებში (საპარიკმახეროში, რესტორანსა თუ სასტუმროში) კი, უფლება არ აქვს, მოემსახუროს მამაკაცს. სწორედ ამის გამო შეიქმნა კომიკური სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდი.
საღამოობით სასტუმროში ჩემს კარზე არავის დაუკაკუნებია, ჩვენს ქალებს კი, ყოველ ნახევარ საათში თუ არა, საათში ერთხელ მაინც მოსვენებას არ აძლევდნენ. მომსახურე პერსონალი ხან ყავას სთავაზობდა, ხან ჩაის, ხან რასა და ხან რას. ნამცხვარი მეც მიყვარს, მაგრამ ვინაიდან მამაკაცი ვიყავი, ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია...
ერთ საღამოს მარინამ დამიძახა და მითხრა:
_ ადრე, როცა ჩემი ძმა გვახლდა, ეს პრობლემა არ გვქონია, ახლა კი... ძალიან გვერიდება, მაგრამ ერთი რამე უნდა გთხოვოთ...
_ კი, ბატონო, რა არის ასეთი?.. _ გამიკვირდა, ამხელა შესავალი რაში დასჭირდა-მეთქი.
_ ჩვენი ქმარი უნდა გახდე... _ და სიცილი წასკდა. მერე თავი ხელში აიყვანა და განაგრძო:
_ ეს უბედური მომსახურე პერსონალი, დღეში ასჯერ რომ შემოაქვს ჩვენთან ჩაი თუ ყავა, შენს დაუკითხავად აღარ შეგვაწუხებს და დავისვენებთ...
_ შვიდივეს ქმარი უნდა ვიყო?.. _ გახუმრება ვცადე.
_ ჰო. ოღონდ, მათ ამის შესახებ შენ თვითონ უნდა აცნობო.
მეორე დილიდან ჩემი ცხოვრება თეირანში კარდინალურად შეიცვალა: `ქვეყანას~ მუსლიმან ქართველად მოვევლინე, რომელმაც წარმატებას მიაღწია ბიზნესში და შვიდ ცოლთან ერთად ჩამოვიდა, რომ საქმიან კონტრაქტებზე მოეწერა ხელი. სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის მე კარდაში (მეგობარი) გავხდი და ყველანაირი პატივით ვსარგებლობდი. მარინა ჩემი უფროსი ცოლი იყო, რომელიც საქმეთა მმართველის ფუნქციებსაც ასრულებდა...
ქართველები ირანში
ამ საკითხზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, ამიტომ ახალს ვეღარაფერს ვიტყვი, იმის გარდა, რომ გული ყოველთვის აგიფრიალდება, როდესაც ირანელი კაცი ქართულად დაგელაპარაკება...
თბილისში მომდევნო დღეს უნდა გამოვმგზავრებულიყავით და თეირანის ერთ-ერთ ბაზარში ახლობლებისთვის საჩუქრებს ვეძებდი.
_ საიდან ხარ, ყმაწვილო? _ უეცრად ქართულად მომმართა ხანში შესულმა, გარეგნულად ტიპურმა ირანელმა მამაკაცმა.
_ თბილისიდან... _ გაკვირვებული მივაჩერდი.
_ მოგწონს აქაურობა?
_ რატომაც არა?! თავისებური ეგზოტიკაა... _ ერთი სული მქონდა, გამეგო, ვინ იყო.
_ ჰმ, ზოგს არ მოსწონს.
_ უკაცრავად, მაგრამ საიდან იცით ასე კარგად ქართული?
_ მე ქართველი ვარ. ჩემი გვარი უნდიშია, ჰუსეინა მქვია. ჩვენ ქართველი თავადების _ უნდილაძეების შთამომავლები ვართ. სპარსეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ქართულს არ ვივიწყებთ და ასეთი საშუალებით ვინარჩუნებთ ჩვენს გენს.
ავღელდი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ბოლოს მოვიფიქრე:
_ ბატონო ჰუსეინ, მოდი, ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ _ ერთად წავიხემსოთ. მე გეპატიჟებით.
_ დიდი სიამოვნებით, ოღონდ, შენ კი არა _ მე გეპატიჟები. ბოლოს და ბოლოს, სტუმარი ხარ, მე კიდევ _ მასპინძელი...
ვინაიდან ირანში ქალებს საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა ეკრძალებათ, `ცოლები~ სასტუმროში გავუშვი, მე და ბატონი ჰუსეინი სამწვადეში შევედით და დილამდე, ცხოვრების ავ-კარგზე ვსაუბრობდით...
1997 წელი.
მდიდრული ჩაცმულობა
პაკისტანში ზედმეტია...
ირანში მოგზაურობის შემდეგ, აღმოსავლეთის ეგზოტიკური ქვეყნების დათვალიერების დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა. მარინას გული შევუწუხე კითხვით _ როდის აპირებდა პაკისტანში წასვლას? ისიც სულ ერთსა და იმავეს მიმეორებდა _ საქონელი ჯერ არ მჭირდება, თანაც იქ ძალიან იშვიათად დავდივარ; როცა იაფი ნაწარმი დამჭირდება, თორემ, იქით რა გამახედებსო?!. ერთ დღეს კი, ჩემგან თავმობეზრებულმა, მოულოდნელად გამომიცხადა:
_ თუ გინდა, შემიძლია, ერთ კაცს გაგაყოლო. ცოტა უცნაური კია, მაგრამ არა უშავს, ერთ კვირას როგორმე გაუძლებ...
ალფრედ პოღოსოვი ავლაბარში გაზრდილი კაცია. სანამ ქვეყანა აირეოდა, `მალიარად~ მუშაობდა და ბედსაც არ უჩიოდა. დრო რომ შეიცვალა და მდგომარეობა გაუარესდა, კლიენტიც შემოაკლდა. ალფრედმა ვაჭრობა დაიწყო. პაკისტანიდან ჩამოჰქონდა ტყავის ქურთუკები და ლილოს ბაზრობაზე ასაღებდა. მარინამ ალფრედთან, ელიას მთაზე წამიყვანა. მასპინძელმა ეჭვის თვალით შემომხედა და მკითხა:
_ ეწევი?..
_ არა.
_ არც `ქეშაობ~?
_ არა.
_ ვა! მა, წმინდანი ხარ?!. _ ცინიკურად ჩაიცინა. ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ მოველოდი და გავშტერდი.
მარინა ამას მიხვდა და ჩვენს საუბარში ჩაერია:
_ ტყუილად ნერვიულობ, ალფრედ, კარგი ბიჭია. მოგზაურობა უყვარს, თან კომერციასაც უთავსებს...
_ რავი, მარინა-ჯან, აქ ყველა კარგია, იქ რო ჩადიან, აკლიმატიზაცია მოქმედებს და პრობლემებს მიქმნიან...
_ შენ რა, ჩემი არ გჯერა? _ ეწყინა მარინას და კარისკენ გაიხედა.
_ როგორ არ მჯერა, მარინა-ჯან?! უბრალოდ, ერთი-ორი სიტყვა ჩემთვისა ვთქვი...
რომ მოვილაპარაკეთ, ალფრედამ გამაფრთხილა _ ორ დიდ ჩანთაზე მეტი არ წამოიღო და რაც შეიძლება უბრალო ტანსაცმელი ჩაიცვი _ ძვირფასი და მდიდრული ჩაცმულობა პაკისტანში ზედმეტიაო...
სახელმწიფო
პაკისტანის წარსული ძირეულად განსხვავდება სხვა ქვეყნების ისტორიისგან. ეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არა ეროვნულ, არამედ რელიგიურ საფუძველზე შეიქმნა. 1947 წლამდე, პაკისტანის ტერიტორია ინდოეთს ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, ინდოეთი საუკუნეების განმავლობაში თავგანწირვით ებრძოდა ჩრდილოელ დამპყრობლებს _ ირანელებს, არაბებსა და ავღანელებს. მათ ხშირად ჩაუგდიათ ხელში დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია, სადაც ძალით ავრცელებდნენ ისლამს. იმ დროსაც კი, როდესაც ინდოეთი ამ ტერიტორიებს იბრუნებდა ხოლმე, მოსახლეობა არ მისდევდა ინდოეთში გავრცელებულ სარწმუნოებას. ინდოეთიც დიდ წინააღმდეგობას არ უწევდა ისლამს და ასე გაჩნდნენ მუსლიმანი ინდოელები, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.
ინდოელი მუსლიმანების სულიერ მამად, მუჰმად აჰმად-ხანი ითვლება, რომელმაც საკუთარი თავი ალაჰის რჩეულად გამოაცხადა და ენერგიულად დაიწყო ყურანის იდეების გავრცელება. მან თავისი მოღვაწეობა XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. აჰმად-ხანი მდიდარი ფეოდალების შთამომავალი იყო და დიდად არ გასჭირვებია უამრავი მეჩეთის აშენება და მუსლიმანური გაერთიანებების ჩამოყალიბება. მასვე ეკუთვნოდა ინდოეთისაგან დამოუკიდებელი მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნის იდეა. ჩრდილოეთ ინდოეთის მუსლიმანური მოსახლეობა 100 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა, ძალისმიერი გზით გამოჰყოფოდა ინდოეთს, მაგრამ ვერ მოახერხა. 1947 წელს, ინგლისელი კოლონიზატორების დახმარებით, ბოლოს და ბოლოს, ამ მიზანს მიაღწია. შეიქმნა ახალი სახელმწიფო _ პაკისტანი, რომლის პირველ პრეზიდენტად აბდულ გაფარ-ხანი გამოცხადდა. ქვეყნის ლიდერებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მშვიდ, აყვავებულ ქვეყანას ააშენებდნენ. მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. ჯერ ერთი, დროდადრო პაკისტანსა და ინდოეთს შორის ომი ჩაღდებოდა, მეორე _ პაკისტანი დღემდე განვითარების დაბალი დონის ქვეყნად დარჩა, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია მრეწველობა. ამის გამო, თავიდანვე ხშირი იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ზოგჯერ ნამდვილ ომშიც გადაზრდილა. პაკისტანი საკუთარი მოსახლეობის გამოკვებას ვერ ახერხებს და იძულებულია, სისტემატურად მიიღოს დასავლეთის დახმარება. გარდა ამისა, ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო გადატრიალება მომხდარა, რაც ბუნებრივია, ყოველთვის ხალხის კისერზე გადადის. აქვე უნდა აღინიშნოს ყველაზე პარადოქსული ფაქტი: პაკისტანი რიგით მერვე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც ატომური ბომბი აქვს...
ხაიდარაბადი
ალფრედამ პაკისტანში თავისი ძმისშვილი, სერგო წამოიყვანა, რომელიც 22 წლის ბიჭის კვალობაზე საკმაოდ ნაღვლიანი ჩანდა...
_ რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, სერგო, ფრენის ხომ არ გეშინია? _ ვკითხე, თვითმფრინავში რომ ჩავსხედით.
_ არა, უბრალოდ, ყელში ამომივიდა ეს პაკისტანი. ჩვენი ოჯახის წევრებიდან არავინ მიჰყვება ხოლმე და სულ მე დამატარებს. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდებით თბილისში, _ მიპასუხა სერგომ.
პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩში თეირანის გავლით ჩავედით. აუტანელი სიცხე იყო და ოფლი წურწურით ჩამოგვდიოდა. ტემპერატურა 45 გრადუსს აღ¬წევდა. გავიხედ-გამოვიხედე და შევამჩნიე, რომ ჩვენ გარდა, ფეხსაცმელი არავის ეცვა... ვიფიქრე, მეც ფეხშიშველი ვივლი-მეთქი, მაგრამ დავდგი თუ არა ფეხი ხრეშიან მიწაზე, მივხვდი, ორ წუთსაც ვერ გავძლებდი _ ფეხის ტერფები დამეხრუკებოდა...
_ შე ჰარიფო, თავი იოგა ხომ არ გგონია?!. _ გამაშაყირა ალფრედამ. _ აქ ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. შენებურად არაფერი გააკეთო, მკითხე და გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე. ახლა წამო, `ტაპოჩკები~ ვიყიდოთ, თორემ, ფეხსაცმელში ფეხი ჩაგვიხურდება...
ყარაჩი დიდი ქალაქია, მაგრამ იქ ერთი საათიც არ გავჩერებულვართ _ ავტობუსით პირდაპირ ქვეყნის სიღრმეში, ქალაქ ხაიდარაბადისკენ გავწიეთ. საერთოდ, პაკისტანის ქალაქებს თითქმის არაფერი აქვს საერთო ქალაქზე ჩვენს წარმოდგენასთან. ისინი ძალიან ჰგავს დიდ სოფლებს _ განსხვავება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაშია. ორსართულიანზე მაღალი შენობა იშვიათად მინახავს. ამასთან, სწორედ ამ ქვეყანაშია, მთელ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქები. სიღარიბე ყოველ ნაბიჯზე გეჩრებათ თვალში. ჩვეულებრივ, ერთ პატარა ოთახში 10-12 ადამიანი ცხოვრობს... ასფალტს ვერსად ნახავთ და ირგვლივ მუდამ მტვრის ბუღი დგას. წყალი ქვეყანაში დიდ დეფიციტს წარმოადგენს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაუბანელი დადის. ამის გამო, ქოლერა, დიზენტერია და შავი ჭირი ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, ხოლო ტილებსა და რწყილებს არავინ აქცევს ყურადღებას...
_ ალფრედ, ეს სად ჩამომიყვანე, კაცო?! _ ვერ დავფარე უკმაყოფილება.
_ ვინ გეხვეწებოდა! დარჩენილიყავი თბილისში, `ტურისტო~!.. _ შემომიბღვირა ალფრედამ და ირონიულად ჩაიღიმა.
_ შეეშვი, ასეთ რაღაცებს ნუ ეუბნები, თორემ, გაგიჟდება... _ გამაფრთხილა სერგომ.
_ არა, ვერ გამიგია, ასეთ ქვეყანაში რა ქურთუკები უნდა შეკერონ, ჩვენმა ხალხმა რომ ჩაიცვას... _ არ ვეშვებოდი მე.
_ 7 წელია, ქურთუკების ბიზნესში ვარ, აქაური ტყავი ათჯერ თუ არ სჯობდეს თურქულს, თავი მომჭერი. თანაც, აქ ფასებიც `მიზერნია~, _ პასუხის ღირსად ჩამთვალა ალფრედამ.
_ მერე ტილებს რას უშვრები?.. _ გახუმრება ვცადე.
_ ეე... შენ, ძმაო, თუ მეღადავები, მისამართი შეგშლია, თუ არა და, თავი დამანებე, _ ალფრედამ ხელი ჩაიქნია და სასტუმროსკენ მიმავალ გზას გაუყვა. მე და სერგო სიცილისგან ვიგუდებოდით...
_ ესეც თქვენი ნომერი, იცხოვრეთ რამდენ ხანსაც გენებოთ, _ სასტუმროს მეპატრონე იბრაჰიმი გულღიად გვიღიმოდა.
_ დიდი მადლობა, იბრაჰიმ, ხვალ კიდევ, ჩვენ რომ ვიცით... პატივისცემა ჩემზეა... _ თქვა ალფრედამ და ხელი ჩამოართვა მასპინძელს. იბრაჰიმი სიამოვნებისაგან დაიღრიჯა (ნახევარზე მეტი კბილი ოქროსი ჰქონდა) და დაგვტოვა.
სიცხისგან მოთენთილი და მგზავრობისგან დაქანცული ვიყავი, ერთი სული მქონდა, შხაპს როდის მივიღებდი და მერე ცოტას წავუძინებდი. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ საწოლი ვერ აღმოვაჩინე...
_ ე, საწოლი სად არის? _ გაოცებულმა ვიკითხე.
_ რა საწოლი, რის საწოლი, ვეღარ მიხვდი, სადა ხარ?! _ ჩემზე მეტად ალფრედას გაუკვირდა.
_ აბა, სად უნდა დავიძინოთ?
_ `პოლზე~.
_ ვა!..
_ რა _ ვა? მთელ პაკისტანს იატაკზე თუ სძინავს, შენ რა, წითელი კოჭი ხარ?! ახლა ბევრი არ მალაპარაკო, ისედაც დაღლილი ვარ, უნდა დავიძინო. ეგერ კუთხეში ლეიბია _ აიღე და წამოგორდი... _ მითხრა ალფრედამ და თვითონ სხვა კუთხეში წამოწვა.
_ ალფრედ, საშხაპე სად არის?
_ ვა... `ინჩხა ბარა~, ეს რა მაზალო ტიპია!.. ძმაო, პაკისტანში ხარ, ევროპაში კი არა... _ დამიწყო მორალის კითხვა.
_ `ინჩხა ბარას~ გიჩვენებ ახლა! ხომ არ გინდა, ტიკივით გაგბერო?! _ ავვარდი.
_ ე... ვის უბედავ?! შენხელა შვილები მყავს!.. _ სიბრაზისგან გაწითლდა ალფრედა.
_ აბა, რა გამიჭირე საქმე! ამიხსენი, ბოლოს და ბოლოს, აქაური სიტუაცია და აღარ შეგაწუხებ, _ შევარბილე ტონი... ბოლოს და ბოლოს, ორივე დავშოშმინდით და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
...პაკისტანი იმდენად ღარიბი ქვეყანაა, რომ იშვიათია, ვინმეს ავეჯი ჰქონდეს. არც სასტუმროებია ამ მხრივ გამონაკლისი. ვინაიდან ქვეყანაში წყლის პრობლემაც მწვავედ დგას, ბინებში საშხაპეებს არც ამონტაჟებენ. აბანოებში დიდი რიგებია. ერთი კვირის განმავლობაში, რაც მე იქ ვიყავი, სამჯერ მომიწია აბანოში მისვლამ და რიგში 3-4 საათი დავკარგე. არადა, ისეთი სიცხე და მტვერია, ნორმალურ პირობებში მინიმუმ 5-ჯერ მაინც უნდა გადაივლო წყალი...
ოთახში წყალი და შუქი არ გვქონდა, სამაგიეროდ, განებივრებული ვიყავით `შინაური ცხოველებით~: თაგვები და ტარაკნები ისე დაქროდნენ, თითქოს მათთვის საგანგებო იპოდრომი იყო მოწყობილი... როცა სასტუმროს მეპატრონეს შევჩივლე, მღრღნელებმა შეგვაწუხა-მეთქი, მან თავისი ოქროს კბილები გამოაჩინა და `დამამშვიდა~ _ მადლობა თქვი, მორიელები რომ არ არიანო...
საჭმელი სასტუმროში მოჰქონდათ. არავითარი კოვზი და ჩანგალი _ იქ ყველა ხელით ჭამს. გადავწყვიტე, ჩანგალი მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვიშოვე. ალფრედას წამოღებული ჰქონდა ერთი _ თავისთვის და რიგრიგობით ვსარგებლობდით... პაკისტანელებს ცხიმიანი და ცხარე კერძები უყვართ, რაც ხშირად გაწყურებს, მაგრამ იქ საზიზღარი წყალია და ძირითადად, წვენებს ვსვამდით...
ბიზნესი და ქალაქი
ჩასვლიდან მეორე დილით, იბრაჰიმის ორმა ნაცნობმა _ ქურთუკების საამქროს მეპატრონეებმა თავიანთ სამკერვალოებში წაგვიყვანეს. ალფრედა მართალი აღმოჩნდა _ ტყავი ნამდვილად ნატურალური იყო და ქურთუკებიც საკმაოდ ხარისხიანი გამოდიოდა. მუშახელი პაკისტანში ძალიან იაფია, ამიტომ ნაწარმიც არ არის ძვირი. შედარებისთვის _ ევროპაში ასეთივე ხარისხის ქურთუკში 20-ჯერ მეტი უნდა გადაიხადო. კმაყოფილებმა, საჭირო რაოდენობა შევუკვეთეთ და სასტუმროსკენ გავეშურეთ...
_ რა კარგი ქურთუკებია, ალფრედ, უფრო მეტი რატომ არ შეუკვეთე? _ ვიკითხე გზაში.
_ ბევრი რომ წამოგვეღო, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ შევძლებთ, პრობლემები შეგვექმნება.
_ რა პრობლემები? _ დავინტერესდი.
ალფრედას ახსოვდა ჩვენ შორის წინა ღამეს მომხდარი შელაპარაკება და მოთმინებით ამიხსნა:
_ ტრანსპორტირებას ვერ შევძლებთ. აქ სერვისი არ არის, რასაც შეიძენ, შენ თვითონვე უნდა ათრიო. იმიტომაც გითხარი, მარტო ორი ჩანთა წამოიღე-მეთქი. თან ამ ჩანთებს სულ უნდა უყურო, თორემ, ისე აგწაპნიან, ვერც გაიგებ.
_ მაგარი ქურდობაა?
_ საკმაოდ. მართალია, მუსლიმანურ სამყაროში ქურდობა სასტიკად ისჯება, მაგრამ შეხედე, რა დღეშია ხალხი! სიღარიბე რას არ გააკეთებინებს კაცს...
ქურთუკები 3-4 დღეში იქნებოდა მზად. დრო საკმაოდ ბევრი მქონდა, ქალაქი რომ დამეთვალიერებინა.
_ სერგო, წამო, გავისეირნოთ, არ მოგბეზრდა სახლში ჯდომა? _ ყოველ დილით ასე იწყებოდა ჩვენი დიალოგი.
_ ოღონდ მაგას ნუ მთხოვ და რასაც გინდა, იმას გაგიკეთებ... _ სერგოს წიგნი ჰქონდა წამოღებული და კითხულობდა. ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ქალაქში სიარული. მეც არ მსიამოვნებდა, პაპანაქებაში დაბინძურებულ ქუჩებში ბორიალი, მაგრამ ინტერესიც არ მასვენებდა, თან ვფიქრობდი _ ვინ იცის, კიდევ როდის მოვხვდები ხაიდარაბადში-მეთქი?..
დღისით ქალაქი უკაცრიელი იყო. იქ მოძრაობა მხოლოდ დილის და საღამოს საათებშია. მთავარი სატრანსპორტო საშუალებები ავტობუსი და რიქშაა. მოძრაობას არავინ აწესრიგებს და ქუჩებში სრული ქაოსია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის, ინლისურად მაინც გაგაგებინებენ რაღაცას. განსაკუთრებით მათხოვრები აქტიურობენ, რომლებსაც ყველა კუთხეში გადაეყრებით. მათხოვრობა პაკისტანში საკმაოდ სერიოზულ პროფესიონალურ დონემდეა აყვანილი. ამ საქმით დაკავებული ადამიანები `გადასახადსაც~ კი იხდიან `სამუშაო ადგილებისთვის~ და გაერთიანებებსაც ქმნიან, რომლის შემოსავლები ზოგიერთი მაღალჩინოსნის ჯიბეში მიდის...
ქალაქის ყველაზე ცოცხალი ადგილი ბაზარია. იქ ყველაფერი იყიდება, მთავარია, გქონდეს ფული, რომელიც მოსახლეობას ფაქტობრივად, არა აქვს. ამის გამო, ყველაფერი ძალიან იაფია, მაგრამ ხალხი მაინც თითქმის ვერაფერს ყიდულობს... ბაზარი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო ადგილიც არის და ბევრი პაკისტანელი არა იმდენად რამის საყიდლად, არამედ მხოლოდ ახალი ამბების გასაგებად მიდის. იქვე თეატრალური სანახაობანიც იმართება. ჩვენთვის განსაკუთრებით უჩვეულო და ამაღელვებელი იყო გველების მომთვინიერებელთა წარმოდგენები და ცირკის მსახიობთა გამოსვლები...
ჯოჯოხეთი თუ სამოთხე?
მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა, პაკისტანში ფეშენებელურ შენობებსაც ნახავთ. ჩემს კითხვაზე _ ვინ არიან უმდიდრესი სახლების პატრონები? _ სტანდარტულ პასუხს ვიღებდი: _ ეს მილიციის უფროსისაა, ეს კიდევ _ მოსამართლის და ა.შ. ყველა ამგვარ სახლს იმხელა ღობე არტყია გარს, რომ მასზე დახარჯული აგურებისგან კიდევ რამდენიმე სახლი აიგებოდა... სახლსა და ღობეს შეიარაღებული ჯარისკაცები ყარაულობენ. პაკისტანში დაცვაში მუშაობა პრესტიჟული და საამაყოა, ვინაიდან სტაბილური შემოსავლის გარანტიას იძლევა. პაკისტანელი ბიჭები ადრეული ასაკიდან ოცნებობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო (სამხედრო) სამსახურში ჩადგნენ. მშობლებიც ყოველნაირად უწყობენ ხელს ამ მიზნის მიღწევაში, ვინაიდან ეს შიმშილისგან თავის დასაღწევი ერთადერთი საშუალება გახლავთ. ვისაც ბედი არ გაუღიმებს და ჯარში ვერ მოხვდება, ცდილობს, მეზობელ ქვეყნებში წავიდეს და საომარ ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა...
ფულის შოვნის ერთ-ერთი ყველაზე ნაღდი საშუალება ნარკოტიკების რეალიზაციაა. მართალია, სახელმწიფო დეკლარაციულად ებრძვის ნარკოტიკებს, მაგრამ პრაქტიკულად, მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. ამ ბიზნესს ყოველი მეხუთე მოქალაქე მისდევს და, ასე თუ ისე, ოჯახს არჩენს. ყველამ იცის, რომ ნარკოტიკები დამღუპველია, მაგრამ რა ქნან _ ჭამა ხომ უნდათ!..
ბოლოს და ბოლოს, ამ დღეებმაც გაირბინა. მშვენიერი ქურთუკები შეგვიკერეს და სამშობლოსკენ გამოვემგზავრეთ. თბილისში რომ ჩამოვედი და მშობლიურ სახეებს გადავხედე, უმალ გავიფიქრე: `რა ბედნიერი ვარ, საქართველოში რომ დავიბადე!~
მშვენიერი როზმერი შუნგი
გამონათქვამი _ `მადა ჭამაში მოდის~ _ სწორედ რომ ჩემზეა მორგებული: კომერციულ საქმიანობაში მოგებაზე მეტად, მოგზაურობა მიზიდავს და რაც უფრო მეტ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა, მით უფრო მეტი ახალი ადგილის მონახულებას ვესწრაფვი... ირანსა და პაკისტანში მოგზაურობის შემდეგ, ისევ ჩემს მეგობარს, მარინას მივადექი და ვკითხე _ ჩინეთში როდის მივდივართ-მეთქი?
_ პაკისტანში ალფრედა კინაღამ სცემე და ახლა გინდა, მე გამიშრო სისხლი? _ გამიხსენა `ძველი ცოდვები~.
_ შენ თუ ჩემსა და ალფრედას შორის მტყუან-მართალს ვერ არჩევ, სჯობს, აწი საქმეებს ცალ-ცალკე მივხედოთ, _ ვიწყინე.
_ ნუ გეშინია, გაგეხუმრე... _ დამამშვიდა მარინამ და დასძინა: _ ჩინეთში კი მინდა წასვლა, მაგრამ ტურისტულმა ფირმამ მგზავრობა გააძვირა და არ ვიცი, რა ვქნა...
_ იქნებ, მოსკოვის გავლით წავიდეთ? იქ ძმაკაცები მყავს, ყველაფერს დავაზუსტებ და შეგატყობინებ, _ ვოვა გამახსენდა, ვისთან ერთადაც კორეაში ვიყავი.
მართლაც, მოსკოვიდან გამგზავრება ბევრად იაფი ჯდებოდა და ერთ კვირაში, მე და მარინა რამდენიმე ქართველ და რუს კომერსანტთან ერთად უკვე ცხელ ყავას მივირთმევდით, ჩინეთში მიმავალ თვითმფრინავში. ამჯერად ჯგუფს ვოვა არ გამოაყოლეს. ჩემს თხოვნაზე, წამოსულიყო, ასე მიპასუხა:
_ ძალიან დაკავებული ვარ, სამაგიეროდ, ისეთი ჯგუფხელი მოგყვებათ, რომ ყმუილსაც კი დაიწყებ... _ ამ სიტყვებზე, გვერდით ოთახში გამიყვანა, სადაც ჩინელი მანდილოსანი გამაცნო. ქალის სილამაზეს ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ როზმერი შუნგის მშვენიერებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კარგა ხანს ვუყურებდი გაოგნებული...
შორეული წარსულიდან დღევანდლამდე
დღევანდელი ჩინეთის ტერიტორია რამდენიმე ათასი წლის წინაც იყო დასახლებული. მდინარე ხუანხეს ნაპირებზე იღებს სათავეს ჩინური სახელმწიფო, რომელმაც ჩრდილოეთით მდინარე ამურამდე მიაღწია, აღმოსავლეთით მთელი სანაპირო დაიკავა და დასავლეთით ცენტრალური აზიის სტეპებამდე გაიჭიმა. ჩინელები იმ ხალხთა რიგს მიეკუთვნებიან, ვისაც უხსოვარი დროიდანვე, მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული მეცხოველეობა და მიწათმოქმედება... 4 ათასი წლის წინათ კი, იქ უკვე რამდენიმე უდიდესი ქალაქი არსებობდა, სადაც ამუშავებდნენ ხეს, ქვას, რკინასა და ფაიფურს. ჩინეთში მიაგნეს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვების უნიკალურ მეთოდს. ამ ქვეყანამ შესძინა კაცობრიობას: კომპასი, ჭოგრიტი, ქაღალდი, აბრეშუმი, დენთი.
სწორედ ჩინეთში დაიბეჭდა მსოფლიოში პირველი წიგნი, რომელიც 868 წელს გამოვიდა და ახლა პეკინის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ხოლო 900-იანი წლებიდან, ქვეყანაში გაზეთის გამოშვება დაიწყეს. პირველ ჩინურ გაზეთს `ძინ ბაო~ (`ქვეყნის ამბები~) ერქვა.
ბეჭდვის ხელოვნება ჩინეთიდან ჯერ აზიის სხვა ქვეყნებში, ხოლო შემდეგ _ ევროპაში გავრცელდა. მეცნიერებისა და კულტურის განვითარების შედეგად, ჩინეთმა კაცობრიობას უამრავი უნიკალური ძეგლი აჩუქა. მათ შორის სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს დიდ ჩინურ კედელს, რომლის სიგრძე 6 ათას კილომეტრს აღწევს.
ჩინეთის სიმდიდრე ბევრ მომთაბარე ტომს იზიდავდა, რაც გაუთავებელი ომების მიზეზი ხდებოდა. ყველაზე დიდი ზარალი ქვეყანას მონღოლმა დამპყრობლებმა მიაყენეს. ჩინგის ყაენმა თითქმის მთელი ჩინეთი დაიპყრო და მასზე 200-წლიან ბატონობას დაუდო სათავე. ამ 200 წლის მანძილზე მონღოლებმა თითქმის ყველაფერი დაანგრიეს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამოჟუჟეს...
XIX საუკუნეში ჩინეთი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა. თუ საუკუნის დასაწყისში, ინგლისი ეკონომიკური ბერკეტებით მოქმედებდა, ბოლოს, უკვე აშკარა სამხედრო ძალით დაუპირისპირდა ჩინეთს, რაც სასტიკ შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. 1940 წლიდან, ჩინელმა კომუნისტებმა, ყოფილი საბჭოთა კავშირის დახმარებით, ინგლისელთა განდევნა შეძლეს და `სოციალიზმის მშენებლობა~ დაიწყეს. დღეს ჩინეთში `კომუნისტური კაპიტალიზმია~...
ჩუნცინი
ყოველ დილით ადრე, ჯგუფის წევრები ვიკრიბებოდით და ქალაქის სავაჭრო ობიექტების საწყობებში მივდიოდით. ვუკვეთდით სასურველ ტანსაცმელს, ვფუთავდით და გასაგზავნად ვამზადებდით. ამ პროცესს დიდი ენერგია მიჰქონდა და საღამოსთვის, ყველას ერთი სული ჰქონდა, როგორმე სასტუმროს ნომრამდე მიეღწია და დაესვენა. გამონაკლისი მე ვიყავი: დასვენების ნაცვლად, როზმერისთან ერთად ქალაქის დასათვალიერებლად დავდიოდი.
_ რა არის, ბიჭო, რას გიგავს თვალები?.. ცოლი მაინც არ გყავდეს სახლში... _ მითხრა ერთ დღეს მარინამ.
_ რეებს `უბერავ~, გაგიჟდი, მარინა?.. უბრალოდ, ქალაქს მათვალიერებინებს! _ აღვშფოთდი მის ნათქვამზე.
_ რაღა მაგ როზმერისთან დადიხარ, სხვა ვერავინ ნახე? _ დამიწუნა `არჩევანი~.
_ ჩინური თქვენ არ იცით და `შმოტკების~ გარდა არაფერი გაინტერესებთ, თანაც ოთახიდან ვერ გამოგაყოფინეთ ცხვირი. საქმეს არ გიფუჭებთ და რას მსაყვედურობ?..
_ არა, უბრალოდ შემეცოდე, გადაიღლები... _ `მზრუნველობა~ გამოიჩინა მარინამ და კითხვაც მოაყოლა: _ მაინც რას ათვალიერებთ ამისთანას, ღამის სამ საათამდე რომ არ მოდიხართ?
_ კაცმა მოინდომოს და აქ იმდენი რამეა სანახავი, მთელი ცხოვრება არ გეყოფა.
როზმერის მამა ჩინელი ჰყავდა, დედა _ რუსი. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და ორივე ქვეყანაში თავისუფლად მიმოდიოდა. საკმაოდ ერუდირებული და განათლებული გოგონა იყო. ტურისტულ ბიუროში მუშაობდა და ბევრი ქვეყანა ჰქონდა შემოვლილი. საერთო ინტერესები გამოვნახეთ...
ყოველ დიდ ქალაქს განუმეორებელი ხიბლი აქვს. ჩინელები თავიანთ ქალაქებზე ასე ამბობენ: თუ არ მოხვდი პეკინში _ ვერ მიხვდები, რომ ცუდი თანამდებობა გაქვს; თუ ვერ მიაღწიე ხაინამდე _ ვერ შეიტყობ, რომ ჯანმრთელობა არ გივარგა; თუ არ ეწვიე შანხაის _ ვერ გაიგებ, რომ სულელი ხარ; თუ არ ჩახვედი გუანჯოუში _ ვერ იგრძნობ უფულობას და, ბოლოს, თუ ჩუნცინში არ ყოფილხარ _ ვერ მიხვდები, რომ მზის ამოსვლა უნდა გახარებდეს.
ქალაქი ჩუნცინი მდინარე იანცის ნაპირზე მდებარეობს. ეს ყველაზე ღრუბლიანი ქალაქია მსოფლიოში. თუ ლონდონში წელიწადში 96 დღეა ღრუბლიანი, ჩუნცინში ეს ციფრი 166-ს აღწევს. ამბობენ, იქ ზამთარში დაბადებული ლეკვი მხოლოდ 3 თვის შემდეგ ნახულობს პირველად მზესო, ამიტომ უყეფს გამუდმებით, რადგან არ იცის, რა საშიშროებას უქადისო... ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში 20 მლნ ადამიანი ცხოვრობს, არაოფიციალურით _ 30 მლნ. იგი მეხიკოს შემდეგ მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქია მსოფლიოში. არავინ იცის, რატომ მოგროვდა იქ ამდენი ადამიანი, მაგრამ ფაქტია, `ჩუნცინი~ `ორმაგი წარმატების ქალაქს~ ნიშნავს.
ეს ჩვეულებრივი თანამედროვე ქალაქია, სადაც მრავლად არის ცათამბჯენი. ფართო ავტომაგისტრალებითა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით იქ ვერავის გააკვირვებ. მოძრაობა ძალზე ინტენსიურია და სხვა ჩინური ქალაქებისთვის ჩვეულ ველოსიპედებს იქ ვერ ნახავთ. ჩუნცინი ხმაურიანი ქალაქია. მისი მკვიდრნი ირწმუნებიან _ აქ უფრო მეტი ხმაურია, ვიდრე თვით ნიუ-იორკშიო. ჩინელებს ეს ძალიან მოსწონთ. ისინი ხშირად ამბობენ _ როდესაც გარშემო ხმაურია, სულის სიმშვიდეს გრძნობ, ვინაიდან გარშემო ბევრი ხალხია და საშიშროება არ გემუქრება, ხოლო როცა ხმაური არ არის, ე.ი. უბედურებას უნდა ელოდოო...
ჩინელები, ფაქტობრივად, ყველგან ვაჭრობენ. შევაჭრება მაღაზიაშიც ხდება. მართალია, საქონლის ფასი განსაზღვრულია, მაგრამ შეგიძლია დააკლებინო. მთავარია, არ მოგერიდოს. ერთხელ როზმერიმ გამაკვირვა. ბავშვის შარვალი მოეწონა და ფასი იკითხა. გამყიდველმა 50 იუანი დაუფასა. როზმერიმ თვალის დაუხამხამებლად 10 იუანი შესთავაზა... ვერ წარმომედგინა, თუ ასეთ შევაჭრებას აზრი ექნებოდა, მაგრამ... ბოლოს, გამყიდველი 15 იუანზე დათანხმდა...
გაგონილი მქონდა _ ამ ქვეყანაში ჯიბგირი ბლომად არისო, _ მაგრამ ამდენი სიარულის მიუხედავად, ისინი არსად შემიმჩნევია... ქალებსაც მშვიდად შეუძლიათ ისეირნონ, შებმას არავინ დაუწყებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფას არ მიაყენებს. ჩინელი მამაკაცები ოდითგანვე მორიდებულობით გამოირჩეოდნენ.
საინტერესოა, რომ საქმიან ქალს, განსაკუთრებით მას, ვისაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია, მეტსახელად ცისის ეძახიან. ცისი ჩინეთის იმპერატორის ქვრივი იყო, რომლის 40-წლიანი ბატონობის განმავლობაში, ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო მისთვის ქვეყნის მართვის სადავეების წართმევა...
ჩინელები ერთი საინტერესო თვისებითაც გამოირჩევიან: თუ რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას შეესწრებიან, ნებისმიერი საქმე ავიწყდებათ და თვალყურს ადევნებენ _ თუმცა, არასდროს არ ერევიან. საერთოდ, მშვიდი ხალხია, იშვიათად იჩენენ აგრესიულობას და წამოჭრილ პრობლემებსაც მშვიდად წყვეტენ ხოლმე. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ორ ჩინელს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, ისინი სამუდამო მტრებად დარჩებიან. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არ ეჯახებიან ერთმანეთს და საქმესაც დიდხანს არჩევენ ხოლმე. მახსოვს, ერთხელ, დილით საავტომობილო ავარიას შევესწარი და საღამოს, იმავე ადგილას რომ გავიარე, საქმის გარჩევა ისევ გრძელდებოდა...
რას არ გაიგებს და ნახავს
კაცი ჩინეთში?
კუ ჩინელებისთვის ბედნიერების სიმბოლოა. კუს გამოსახულებას განცალკევებით იშვიათად ნახავთ _ ჩვეულებრივ, წყვილი ან მთელი ჯგუფი `გამოგეცხადება~. ჩინელი ორზე ნაკლებ კუს არაფრით არ იყიდის, რადგანაც მან იცის _ რამდენ კუსაც შეიძენს, იმდენი ბედნიერება მიუკაკუნებს კარზე... კუსადმი მოწიწების მიუხედავად, მისგან მომზადებული კერძი ყველაზე სასურველია ჩინელისთვის. კუს ხარშავენ სწრაფად _ საამისოდ 5-6 წუთია საკმარისი. მისი ხორცი ზოგს გველისას აგონებს, ზოგს _ ქათმისას. ჩინელები ამბობენ, რომ ის ბევრად უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ვიაგრა...
_ რა არის, როზმერი, კაცები სუსტები გყავთ და ამიტომ მიირთმევენ ამდენ კუს ხორცს?.. _ გავეხუმრე ერთხელ ჩემს მეგზურს.
_ ეგ რა არის? შენ ახალდაქორწინებული ჩინელი უნდა ნახო: უზარმაზარი ქვაბები უდგათ!.. _ ეშმაკურად გამიღიმა როზმერიმ.
_ ახლა კი მივხვდი, რატომ არიან ჩინელები მსოფლიოში ყველაზე მეტნი... _ ორივეს გულიანად გაგვეცინა...
ჩინეთზე საუბრისას, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ საყოველთაოდ ცნობილ ჩინურ მედიცინას. ჩვენი აფთიაქებისგან განსხვავებით, იქაური აფთიაქი მინიბოტანიკურ ბაღს უფრო მოგაგონებს: დახლები მცენარეულითა და ათასნაირი ფესვით არის სავსე. ჩინელები ქიმიურ აბებზე მეტად, ბუნებრივ საშუალებებს ენდობიან. აფთიაქებში უეჭველად მოჰკრავთ თვალს გამხმარ ხოჭოებს, გველებს, რქებს და სხვადასხვა ცხოველის ტყავს. ყველაფერ ამას თავისი დანიშნულება ჰქონია...
_ აკაკი, ისეთი რაღაცას გიჩვენებ, რომ ჩინეთი სამუდამოდ დაგამახსოვრდება, _ მითხრა ერთ დღეს როზმერიმ.
_ მაინც რა არის ასეთი?
_ ჰილერები გაგიგონია?
_ კილერი? როგორ არა?!
_ კილერი კი არა _ ჰილერი. ეს არის ადამიანი, რომელიც უდანოდ აკეთებს ოპერაციებს, _ ამიხსნა როზმერიმ. უამრავი კითხვა გამიჩნდა. როზმერიმ თქვა _ მოსმენილს ნანახი სჯობსო, _ და ისეთი რამის სანახავად წამიყვანა, ფოტოაპარატი რომ არ მქონოდა, მის უტყუარობას ჩვენში არავინ დაიჯერებდა...
ექიმებისგან განსხვავებით, ჰილერები რთული ქირურგიული ოპერაციების დროს, დანასა და ნარკოზს არ იყენებენ. ოპერაციებს პირდაპირ ნათესავებისა და მაყურებლების თვალწინ აკეთებენ. ერთ ასეთ ოპერაციას მეც დავესწარი და გაოგნებული დავრჩი...
სულ 15-ოდე მაყურებელი ვიყავით. საოპერაციო ოთახსა და ჩვენ შორის მინის კედელი იყო, რაც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ ყველაფერი მკაფიოდ დაგვენახა. იმ დღეს 4 ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. მე და როზმერის მარტო ერთზე დასწრების ნება დაგვრთეს, ვინაიდან სხვა პაციენტებს ბევრი ნათესავი ჰყავდათ, თანაც არ უნდოდათ, რომ უცხოებიც დასწრებოდნენ...
ოპერაციას ჰილერი დამხმარესთან ერთად ასრულებდა. საოპერაციო მაგიდაზე ახალგაზრდა ქალი დააწვინეს. ხელში ხის ჯვარი დააჭერინეს, რამდენიმე სიტყვა უთხრეს და საქმეს შეუდგნენ. ჰილერმა თითები დააჭირა მუცელზე. უმალ სისხლმა ამოხეთქა. ჰილერის მუშტმა პაციენტის მუცელში შეაღწია და... მუცლიდან პატარ-პატარა ხორცის ნაჭრების ამოღება დაიწყო(!)... რამდენადაც შემზარავი იყო სანახაობა, იმდენად დიდ ინტერესს იწვევდა. ასე რომ, ბოლომდე მედგრად გავუძელი. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ მწოლიარე ავადმყოფი სრულიად ფხიზლად იყო და მშვიდად აკვირდებოდა მთელ ამ პროცესს...
ჰილერებს ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავთ და მკურნალობაც ძვირი ჯდება. ისინი თავიანთი ხელოვნების საიდუმლოებებს არ ამჟღავნებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ხალხი ენდობა და ჩვეულებრივ ექიმთან მისვლას, მათთან მკურნალობას ამჯობინებს... ყველაფერ ამის იმდენად მჯეროდა, რომ მაშინ ალბათ, ვერავინ შემაცვლევინებდა აზრს. მოგვიანებით კი შევიტყვე ჰილერების გახმაურებული აფერების შესახებ, მაგრამ რაღა დროს?!. კიდევ კარგი, ვინმე ჩემიანი არ გავაგზავნე მათთან `საოპერაციოდ~...
სხვათა შორის, როცა მარინას ნანახის შესახებ მოვუყევი, არ დამიჯერა. იმდენად გაგაბრიყვა იმ შენმა ჩინელმა მზეთუნახავმა, რომ `ფოკუზნიკები~ ექიმებისგან ვერ გაგირჩევიაო?!
მოკლედ, ძალიან საინტერესო ქვეყანაა ჩინეთი. ამიტომ, თუ იქ წასვლის შანსი გაგიჩნდებათ, აუცილებლად გამოიყენეთ. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით...
ჩემს სამოგზაურო რუკაზე
ბულგარეთიც გაჩნდა
1998 წლის შუა ზაფხულში, თბილისში აუტანელი სიცხე იდგა და ქალაქი ნახევრად დაცარიელებული იყო... ბიზნესშიც მაინცდამაინც არ `მილხინდა~ და ოჯახთან ერთად სოფელში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ ლოლუამ, რომელსაც ნახმარი მანქანები ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან:
_ კაკო, საქმე გამოჩნდა, `მარშრუტკის~ შეკვეთაა, უნდა ჩამოვიყვანოთ.
_ რამდენი მანქანა უნდათ? _ დავინტერესდი.
_ ერთი.
_ მერე, ერთის ჩამოყვანას ორი კაცი რად უნდა? წადი და ჩამოიყვანე.
_ შენს გადამკიდეს, მოგზაურობის ჭია მეც შემიჩნდა: იქიდან რომ წამოვალთ, ბულგარეთში გავჩერდეთ, იქაურობა `შევისწავლოთ~, თან ცოტა დავისვენოთ. ამაზე მაინც ხომ არ იტყვი უარს?..
ასეთმა წინადადებამ ნამდვილად მომხიბლა და დავთანხმდი.
ქვეყანა
აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ისტორია რომის იმპერიასთან არის გადაჯაჭვული. ამ მხრივ არც ბულგარეთია გამონაკლისი: ბიზანტიის იმპერიაში ბულგარული ტომებიც აღმოჩნდნენ. ბულგარელები ხშირად უჯანყდებოდნენ იმპერიას. VI საუკუნეში, მსხვილმა ფეოდალმა, ასპარუხმა ბულგარული ტომების გაერთიანება შეძლო, რუსეთის სტეპებიდან წამოსული ავარები, ყივჩაღები, სლავური ტომები დაიხმარა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბიზანტიის ჯარს. ბიზანტია დამარცხდა და ბალკანეთზე პირველი სლავური სახელმწიფო _ ბულგარეთი გაჩნდა, რომელმაც 1018 წლამდე _ ე.ი. მანამდე იარსება, სანამ ბიზანტია, სასტიკი ბრძოლების შედეგად, ისევ დაიბრუნებდა ძველ ტერიტორიებს.
XII საუკუნეში ბულგარეთმა მეორედ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება. მაგრამ 200 წლის შემდეგ, თურქებმა ბიზანტიის იმპერია დაამხეს და ბულგარეთიც დააჩოქეს. ქვეყანა 500 წლით, ოსმალეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. მართალია, თურქებმა ბულგარელთა ნახევარზე მეტს ისლამი მიაღებინეს, მაგრამ ქრისტიანული სალოცავები მთლიანად არ გაუნადგურებიათ. ბულგარელებმა თავიანთი ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება შეძლეს...
1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთმა გაიმარჯვა და ბულგარეთი თურქებისგან გათავისუფლდა. ამ ისტორიულ მოვლენას ბულგარელი ერი, როგორც ყველაზე დიდ დღესასწაულს, ისე აღნიშნავს...
1944 წელს, ბულგარეთში სოციალისტური წყობილება დამყარდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის რღვევის შედეგად, ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა.
მოგზაურის მუდმივი კითხვა _ საით?
მანამდე, ბულგარეთში ყოფნისას, სატრანზიტო გზიდან არასოდეს გადამიხვევია. გადავკვეთდი თუ არა რუმინეთ-ბულგარეთის საზღვარს, დავადგებოდი ცენტრალურ ტრასას (რომელიც ქვეყანას შუაზე ჰყოფს) და მძღოლების ენაზე რომ ვთქვა, თურქეთამდე `ვაწვებოდი~. ამჯერად, მე და ნუგზარს ვერ გადაგვეწყვიტა, დასავლეთისკენ _ სოფიისკენ წავსულიყავით, თუ აღმოსავლეთისკენ _ შავი ზღვის სანაპიროსკენ. ბულგარეთში ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნებაა. ქვეყანა ისტორიული ძეგლებითაც საკმაოდ მდიდარია. ბულგარეთმა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმი აირჩია, რასაც საკმაო წარმატებითაც ახორციელებს _ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენა და შავი ზღვის სანაპიროზე უამრავი დასასვენებელი კომპლექსი ააშენა. ქვეყანაში მრავალი ევროპელი ტურისტი ჩადის.
ქალაქი კაზალნიკი ქვეყნის ყველა სასიცოცხლო არტერიის გადაკვეთაზეა. იგი იმითაც არის ცნობილი, რომ სწორედ კაზალნიკში უძველესი დროიდან დაიწყეს ვარდის ზეთის წარმოება, რომელსაც პარფიუმერიასა და მედიცინაში იყენებენ. კაზალნიკი პატარა ქალაქია და მთლიანად ვარდების პლანტაციებშია ჩაფლული...
_ ნუგზარ, საით წავიდეთ _ სოფიისკენ თუ ზღვისკენ?
_ შენ საით გირჩევნია? _ კითხვითვე მიპასუხა.
_ მე _ სოფიაში!..
_ მე კიდევ, ზღვაზე... _ ნუგზარმა თვალი თვალში გამიყარა და პაუზის შემდეგ, ისევ მკითხა:
_ მაშ, როგორ მოვიქცეთ?
_ სოფიაშიც წავიდეთ და ზღვაზეც, _ უცებ მოვნახე გამოსავალი.
_ მერე, მაგისთვის დრო და ფული გვეყოფა? შემკვეთს დროზე თუ არ ჩავუყვანეთ მანქანა, გაგიჟდება. თანაც, შენი ამბავი რომ ვიცი, დაიწყებ მუზეუმებსა და გალერეებში სიარულს და ნერვებს მომიშლი... მაგას ზღვაზე წასვლა არ სჯობს? ცოტა `ვიგულაოთ~ და სახლისკენაც დროზე წავიდეთ, _ მეუბნებოდა ნუგზარი.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ნახვა ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან ბევრი რამ მსმენია მისი სილამაზის შესახებ. ნუგზარის განაწყენებაც არ მინდოდა და კამათლის გაგორება შევთავაზე... ფორტუნამ გამიღიმა და სოფიისკენ მიმავალ გზას დავადექით. მართალია, ნუგზარმა თავისი ვერ გაიტანა, მაგრამ უკმაყოფილებაც არ გამოუხატავს: იჯდა ჩუმად თავისთვის და მისმენდა. მე კიდევ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი და იმაზეც `ვფილოსოფოსობდი~, თუ რა კარგია მოგზაურობა...
ამასობაში, პლოვდივში ჩავედით. ეს სიდიდით ბულგარეთის მეორე ქალაქია. ღამის 11 საათი იყო. საჭესთან ნუგზარი იჯდა, მე ძილი მომერია... უეცრად, ისეთი ჭახანი გაისმა, რომ კინაღამ გული გამისკდა...
_ რა მოხდა, ნუგზარ, რა იყო ეს? _ შეშინებულმა ვკითხე.
_ დაგვერხა _ მანქანა გაგვიფუჭდა... მგონი, გადაცემათა კოლოფი ჩაიშალა, _ მიპასუხა მან.
_ აუ... თავგადასავალი ახლა გვეწყება...
მართლაც, გადამცემი კოლოფი აღმოჩნდა ჩაშლილი. ძრავა კი მუშაობდა, მაგრამ რად გინდა?! მანქანა არც წინ მიდიოდა, არც უკან. ქვაფენილი იყო, პირდაპირ შუა გზაზე ვიყავით გაჩერებული. მანქანას ორნი ვერ გადავაგორებდით. ქუჩაში კანტიკუნტად მოსიარულე რამდენიმე კაცს მოწოლაში დახმარება რომ ვთხოვე, ჩემდა გასაკვირად, ცივი უარი მივიღე. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, შექეიფიანებული ახალგაზრდების ჯგუფმა გამოიარა. დაგვეხმარნენ და მანქანა გვერდზე გადავაყენეთ. სხვას ვერაფერს გავაკეთებდით _ გათენებას უნდა დავლოდებოდით, რომ მანქანა ახლომდებარე სახელოსნომდე მიგვეყვანა.
_ აი, რომ არ დამიჯერე, დავისაჯეთ! არ ჯობდა, ზღვაზე წავსულიყავით? _ მისაყვედურა ნუგზარმა.
_ იქ რა, არ გაფუჭდებოდა?
_ ზღვაზე მაინც ვიქნებოდით, პლაჟზე გავიდოდით და გულს გადავაყოლებდით. აქ კიდევ, შუა ქუჩაში უნდა ვიდგე და შენ გიყურო...
დილით, სატვირთო მანქანის საშუალებით, როგორც იქნა, სახელოსნომდე მივაღწიეთ. ხელოსანმა გვითხრა _ ნაწილს, რომელიც გატყდა, სოფიიდან გამოვიწერ და გაგიკეთებთ, მაგრამ ამას ორი დღე მაინც დასჭირდებაო. ასე რომ, პლოვდივში სამი დღით გაჩერება მოგვიხდა...
ვის არ შეხვდები უცხო ქალაქში...
გადაცემათა კოლოფის გარემონტება იმდენად ძვირი გვიჯდებოდა, რომ ვეჭვობდით, თბილისამდე ჩასასვლელად ფული გვეყოფოდა თუ არა. სასტუმროზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო და მანქანაში გვეძინა. სახელოსნოში ღამღამობით ყარაული რჩებოდა. 70 წლის კაცი იყო, გრიგორი ერქვა. თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. გრიგორი ძალიან თბილად გვეპყრობოდა. თურმე, საქართველოს კარგად იცნობდა და ქართველებსაც დიდ პატივს სცემდა. საღამოობით ხშირად მიგვქონდა არაყი და გვარიანად მოვულხენდით ხოლმე ერთად. შეზარხოშებული გრიგორი სიმღერას წამოიწყებდა, მაგრამ ერთხელ განსაკუთრებით გაგვაოცა _ მოულოდნელად `სულიკო~ წაიღიღინა.
_ ვა, ძია გრიგორ, საიდან იცით `სულიკო~, ვინ გასწავლათ?
_ ჩვენს სოფელში ომიანობის დროს, პარტიზანებმა ერთი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოიყვანეს. 6 თვე სოფელი უვლიდა. ისე შეაყვარა იმ ქართველმა ყველას თავი, როცა მიდიოდა, ყველა ტიროდა.
_ რას აკეთებდა ამისთანას? _ გაიოცა ნუგზარმა.
_ ძალიან თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო. იმედიანი სიტყვის თქმა იცოდა. ბავშვებს სიმღერებსა და ლექსებს ასწავლიდა... ომი რომ დამთავრდა, ჩამოვიდა და აქ დასახლდა. ჩვენი სოფლის ქალები გიჟდებოდნენ მასზე. ხშირად შევსწრებივარ მომენტს, როდესაც მისი გულისთვის ქალებს ერთმანეთში ხელჩართული ბრძოლაც გაუმართავთ...
_ გვარი თუ გახსოვს, ძია გრიგორ?
_ როგორ არა?! ვახტანგ გოძელაშვილი...
_ ახლა სად არის?
_ 5 წელი იცხოვრა სოფელში. ქალები უყვარდა ძალიან. ამის გამო ადგილობრივ კაცებთან ხშირად მოსდიოდა უსიამოვნება. ბოლოს, იძულებული გახდა, წასულიყო. სად წავიდა, არ ვიცი, _ სინანულით თქვა გრიგორმა.
_ ნუგზარსაც უყვარს კარგი გოგონები... _ ვუთხარი გრიგორს და თვალი ჩავუკარი.
_ კარგი გოგონები ვის არ უყვარს?! თუ უნდა, აქ დარჩეს და იმდენ ქალს გაიცნობს...
_ მერე, აქაურ კაცებთან პრობლემები არ ექნება?
_ მაგანაც ქალებთან დაიჭიროს საქმე და ისინი თვითონ მიხედავენ თავიანთ კაცებს... _ ორაზროვნად ჩაიცინა გრიგორმა.
_ რაო, ნუგზარ, ხომ არ დარჩები? _ არ ვეშვებოდი მეგობარს.
_ შენ შენს საქმეს მიხედე და მე სად დავრჩები, ეგ მე ვიცი, _ შემომიღრინა ნუგზარმა.
...დღისით ქალაქში დავსეირნობდით. პლოვდივში უამრავი მეჩეთი და ქრისტიანული ეკლესიაა. ერთ-ერთ ტაძარზე ქართული წარწერებიც შევნიშნეთ. როდესაც მისი ისტორიით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ეს ტაძარი XI საუკუნეში, გრიგოლ ბაკურიანის ძეს აუშენებია... ბულგარეთში ბევრი სხვა ძეგლიც არის, რომელიც ქართველ მოღვაწეთა სახელებს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თუ სოფლად, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები დღესაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტები ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. ბულგარელები მშვიდი, უპრეტენზიო და მშრომელი ხალხია.
...როგორც იქნა, საჭირო ნაწილი ჩამოვიდა და ხელოსანმაც 3 საათში გაგვიკეთა მანქანა. მუშაობას ამთავრებდა, როცა სახელოსნოში ძველი `პეჟო~ შემოვიდა...
_ კაკო, ნახე _ ქართველები! _ მითხრა ნუგზარმა და მართლაც _ მანქანაში ორი ჩვენებური კაცი დავინახე. გაგვიხარდა და გასაცნობად მივედით.
_ გამარჯობათ! _ ომახიანად მივმართე ერთ-ერთს. მან უხალისოდ შემომხედა და რუსულად მომესალმა.
_ უკაცრავად, ქართველები არ ხართ? _ გაკვირვებით ვკითხე.
_ არა, აფხაზები ვართ... _ კვლავ რუსულად მიპასუხა.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა. სიტუაციიდან მეორე მამაკაცმა გამოგვიყვანა:
_ რა არის, პრობლემები ხომ არ გაქვთ?
_ უკვე მოვაგვარეთ და ცოტა ხანში წავალთ, _ ვუპასუხე. კითხვა კითხვას მოჰყვა და ნელ-ნელა ყინულიც გალღვა.
რუსლანი და ომარი წარმოშობით სოხუმელები ყოფილან. ომამდე რესტორნებში მუსიკოსებად მუშაობდნენ და კარგადაც ცხოვრობდნენ... ომი როგორც კი დაიწყო, ერთი დღეც აღარ უცხოვრიათ აფხაზეთში. ამ კონფლიქტს `კომერციულ ომს~ ეძახდნენ და ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა დაპირისპირებოდნენ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს. როგორც გვითხრეს, დიდ პატივს სცემდნენ და მეგობრობდნენ კიდეც ბევრ ქართველთან...
თავიდან რუსეთში წასულან. იქ ვერ აუწყვიათ ცხოვრება და ბულგარეთში გადასულან, სადაც თავიანთი პროფესია გამოუყენებიათ შავი ზღვისპირეთის რესტორნებში მუსიკოსებად დაუწყიათ მუშაობა...
ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს სულ სოხუმში _ დეიდებთან და დეიდაშვილებთან ვატარებდი. ახალ ნაცნობებს მათი სახელები რომ ვუხსენე, მთლად გადაირივნენ: შენ ისეთი ხალხი დაგვისახელე, უპატივცემულოდ ბულგარეთიდან ვერ გაგიშვებთო...
ბურგასი
_ კაკო, როცა არ მიჯერებ, სულ შარში ეხვევი ხოლმე... _ გამაფრთხილა ნუგზარმა. _ შეეშვი, სად მიჰყვები?!
_ ნუ ღელავ, ნუგზარ, ყველაფერი კარგად იქნება... _ დავამშვიდე.
_ სისხლი გაგვიშრეს აფხაზებმა და შენ კიდევ გჯერა მათი?
სოხუმელი ბიჭები საკურორტო ქალაქ ბურგასში მიდიოდნენ. იქ ორთვიან კონტრაქტზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და რესტორნებში კონცერტები უნდა ჩაეტარებინათ. მანქანებით ზღვის პირას მდებარე სასტუმროს მივადექით. შუა სეზონი იდგა და იქაურობა დამსვენებლებით იყო სავსე. სასტუმროს მეპატრონე, რუსლანსა და ომარს შეეგება და `გვიპატაკა~:
_ მობრძანდით, თქვენთვის საუკეთესო ნომრები მაქვს შენახული.
_ მარტონი არა ვართ, ჩვენი ქართველი მეგობრებიც უნდა დააბინავო, _ უთხრა ომარმა.
_ თქვენ ოღონდ ჩემს რესტორანში იმღერეთ და რამდენიც გინდათ, იმდენი მეგობარი მოიყვანეთ, _ უპასუხა მეპატრონემ და სასტუმროში შეგვიძღვა.
აფხაზებმა დიდი პატივი გვცეს. სასტუმროს ხარჯი (სამჯერადი კვებით) თვითონ გაიღეს. დილაობით პლაჟზე გავდიოდით და მთელი დღე მზის აბაზანებს ვიღებდით. საღამოობით იმ რესტორანში ვისხედით, სადაც რუსლანი და ომარი კონცერტებს მართავდნენ. ყველამ იცოდა, რომ მათი სტუმრები ვიყავით და ფულსაც არ გვახდევინებდნენ... ერთი სიტყვით, ჩვენი `სადარდებელი~, მარტოოდენ ლამაზი ქალების `თვალიერება~ იყო... გულახდილად გეტყვით, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა: რატომღაც ყველგან თბილად გვიღიმოდნენ.
_ კაკო, რაღაც ამ ბულგარელი ქალების ვერაფერი გავიგე: ან კაცები არ ჰყავთ, ან რაღაცაშია საქმე... _ მითხრა ერთ დღეს, გაოცებულმა ნუგზარმა.
_ ვერ გავიგე.
_ რა ვერ გაიგე? სულ გვიღიმიან! დავიჯერო, ასე ძალიან მოვეწონეთ?! თანაც, ჩვენ რომ თვალებს გვიპაჭუნებენ, ამ დროს, თავიანთი კაცებიც გვერდზე ჰყავთ...
_ ღიმილი, ძმაო, მარტო ბულგარელებს კი არა, ყველა დამსვენებელ ქალს დასთამაშებს... რაც შეეხება მათ ურთიერთობას თავიანთ მამაკაცებთან, მაგისი ვერც მე გავიგე რამე...
მართლაც, საინტერესო მოვლენასთან გვქონდა საქმე: წარმოიდგინეთ, პლაჟზე ხარ წამოწოლილი და მზეს ეფიცხები, შენ გვერდით წყვილი წევს. ბუნებრივია, რაკი მამაკაცთან ერთად არის, ქალს თვალიერებას არ დაუწყებ. არადა, დაჟინებულ მზერას გრძნობ და როგორ ფიქრობთ, ვინ `გატყვევებს~?.. სწორედ ის მშვენიერი ქალი, რომელსაც გვერდით მამაკაცი ჰყავს!.. შესაძლოა, საღამოს, სადღაც ბულვარზე ან რესტორანში ისევ იმ ქალს გადაეყარო და ისე შეგხვდეს, თითქოს დიდი ხანია, გიცნობს... მერე კი... ღამეც ერთად გაატაროთ...
ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. მასპინძლებს მადლობა გადავუხადეთ და ბულგარეთიდან გამოვემგზავრეთ...
საბერძნეთისკენ იტალიის გავლით
ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა და ბედნიერია ადამიანი, რომელსაც შორეული მოგზაურობის საშუალება ეძლევა. მაგრამ არის ქვეყნები, რომელთაც სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია კაცობრიობის ისტორიაში და ამდენად, საგანგებო ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. საბერძნეთი სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.
საბედნიეროდ, საბერძნეთში შვიდჯერ მომიწია ჩასვლამ, მაგრამ ვინაიდან ყოველთვის `გადარბენაზე~ ვიყავი, ორ დღეზე მეტი ხნით არასოდეს დავრჩენილვარ. ჰოდა, ერთხელ, გერმანიიდან ავტომობილის ჩამოყვანას რომ ვაპირებდი, გზად საბერძნეთში ერთი კვირით გაჩერება გადავწყვიტე. ეს რომ ჩემმა თბილისელმა ნაცნობებმა შეიტყვეს, ტელეფონის ნომრების მთელი დასტა მომიტანეს და იქ მყოფ ნათესავებთან დაკავშირება მთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, თუმცა, რომ მცოდნოდა, რა დღეში ჩავვარდებოდი, შესაძლოა, თავი შემეკავებინა...
გერმანიიდან ავტომობილით მომავალი კაცი საბერძნეთში რომ მოხვდეს, ბულგარეთი ან იტალია უნდა გამოიაროს. მე იტალიის გზა ვარჩიე: ვენეციიდან ბორნით იონის ზღვა გადმოვლახე და ათენისკენ გავემართე, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს...
ბერძნები და მათი დედაქალაქი
საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას 133 ათასი კვ/კმ უკავია, მოსახლეობა კი 9 მლნ კაცს შეადგენს. ჩრდილოეთით მას ალბანეთი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები და ბულგარეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, თურქეთი ესაზღვრება. დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, იონის, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვები ემიჯნება. საბერძნეთი თბილი, მზიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთებით არის დაფარული. ყველაზე მაღალი მთა _ ოლიმპოსია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2917 მეტრია.
ბერძნები ანუ, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ, ელინები _ ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში. უძველესი და უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის გამო, ეს ქვეყანა მილიონობით ტურისტს იზიდავს...
როგორც ყველა დიდ ქალაქში, ათენშიც ინტენსიური მოძრაობაა. თუ ევროპაში მძღოლები ცდილობენ, მოძრაობის წესები დაიცვან, ბერძნებზე ამას ვერაფრით იტყვი. ჩვენი ქუჩების არ იყოს, იქაც თვალში საცემია უწესრიგობა. ამაში მალე დავრწმუნდი _ როგორც კი მოვეშვი, გზაჯვარედინზე ერთი ავტომობილი გამოვარდა და რომ არ მეყოჩაღა, შემომასკდებოდა... ის კი გადაურჩა პოლიციელთა რისხვას, მაგრამ მე სიგნალის გამოყენებისთვის დამაჯარიმეს. ასე რომ, ათენის გაცნობა პოლიციელთან შეხვედრით დავიწყე.
საშუალო დონის სასტუმროში მოვეწყვე და სასაუზმოდ გარეთ გამოვედი. რომელ კაფესაც არ მივადექი, ყველა დაკეტილი დამხვდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს 13-დან 17 საათამდე ხდება.
სასტუმროში რუსულენოვანი ბროშურა შევიძინე, სადაც უძველესი ბერძენი პოეტის მიერ 2500 წლის წინ დაწერილი შეგონება წავიკითხე: თუ ათენი არ გინახავს, ბრიყვი ყოფილხარ; თუ ნახე და არ მოგეწონა, ვირი ყოფილხარ; თუ ნახე, მოგეწონა და ქალაქიდან შენი ნებით წახვედი _ მაშინ აქლემი ყოფილხარო... ნამდვილად არ მინდოდა, ბრიყვი ვყოფილიყავი და გადავწყვიტე, კარგად დამეთვალიერებინა ეს უძველესი ქალაქი.
ათენის ქუჩებში ხალხის ნაკადი შუაღამემდე არ წყდება. ვაჭრობა, ფაქტობრივად, ყოველ კუთხეშია გაჩაღებული. ძალიან ინტენსიურად იყიდება ლატარიის ბილეთები. ეტყობა, ბერძნებს ფორტუნის სჯერათ. ათენელთათვის ყველაზე ხელმისაწვდომი გართობა, კაფეში ჯდომაა. გარეთ გამოტანილი მაგიდები ზოგან სავალ ნაწილზეც გადმოდის. სხედან ქალაქელები საათობით ასეთ კაფეებში და ფეხით მოსიარულეებს ათვალიერებენ.
ბერძნები ცნობისმოყვარენი არიან და კონტაქტშიც ადვილად შემოდიან. სხვა ქვეყანაში ჩემს სახელს თუ ვერ იმახსოვრებდნენ, იქ ძალიან მოსწონდათ და აკაკუსს მეძახდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს სახელი ყოველ მეორე ბერძენს რქმევია...
ერთხელ კაფეში სიმპათიური მამაკაცი მომიჯდა გვერდზე და საუბარი გამიბა.
_ რუსი ხარ?
_ არა, ქართველი.
_ მოგწონს აქაურობა?
_ კარგია, ძველი დრო იგრძნობა.
_ ზამთარში უფრო ლამაზია. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, ახლა კი გადახრუკულია.
სახეზე შევატყვე, რომ ღელავდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა. ბოლოს, ხმადაბლა დაიწყო:
_ თუ აქაურობა მოგწონს, შემიძლია, ბიზნესი დაგაწყებინო. თუ გინდა, დაგეხმარები...
_ მაინც რაში? _ დავინტერესდი.
_ კაფე ან მაღაზია გავხსნათ. შენი ფული _ ჩემი საბუთები...
_ არ გამოვა. ჩემი _ საბუთები, შენი კიდევ _ ფული...
_ ფული რომ მქონდეს, შენ კი არ დაგიწყებდი ლაპარაკს, _ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. მერე მთხოვა:
_ 5 დრაჰმა გექნება, არ შეგიძლია, მომცე? ყავა მიყვარს ძალიან... _ ისეთი თვალებით შემომხედა, უარი ვერ ვუთხარი და ფული მივეცი. მადლობის ნიშნად ხელი ამიწია და იქაურობას გაეცალა. ცოტა ხანში ოფიციანტი მოვიდა და ეშმაკურად მკითხა:
_ იცით, ვინ იყო?.. ათენის პოლიციის უფროსის შვილი. მამამისი ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია საბერძნეთში, ეს კიდევ, ცოტა `ვერ არის~...
გაკვირვებისაგან თვალები ვჭყიტე.
...ათენის ღირსშესანიშნაობათაგან ერთ კვირაში ძალიან ცოტა რამის ნახვას თუ მოასწრებ, თუმცა აკროპოლი და მისი მიდამოები რომ არ დაათვალიერო, უბრალოდ, სირცხვილია. გიდები მეტისმეტად სწრაფად ლაპარაკობენ, ვინაიდან 3-4 საათშიც ვერ ასწრებენ აუარება ინფორმაციის გადმოცემას...
გიდს 15-მდე ტურისტი მივყვებოდით. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ელადის ძველ ისტორიას ისე საინტერესოდ ჰყვებოდა, რომ ვცდილობდი, მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩენოდა. ჯგუფში 40 წელს მიტანებული, ლამაზი ამერიკელი მანდილოსანიც იყო. ექსკურსიის დროს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ბოლოს, სიცხისგან შეწუხებულმა, ჩრდილში გაჩერება მთხოვა.
_ როგორ მოგწონთ? გრანდიოზულია, არა? _ ვკითხე.
_ რა არის გრანდიოზული? ქვები _ ქვებია, თან ისეთი სიცხეა... _ დაღლილი სახით მითხრა და `კოკა-კოლაზე~ მანიშნა.
_ როგორ, ეს ხომ უძველესი სამყაროა! _ გავიკვირვე და ცივი სასმელი მივაწოდე.
_ მერე რა?! მთავარია, დღეს რა დღეშია... მე ჩემი ამერიკა და `კოკა~ მირჩევნია ყველაფერს.
თანამემამულენი...
იმდენი ქართველი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ შემხვედრია, რამდენიც საბერძნეთში. ყველა ქართველისთვის გამარჯობა რომ მეთქვა, ყოველ ორ წუთში გაჩერება მომიწევდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც მქონდა, თითქოს რუსთაველზე ვსეირნობდი და ახლობლებსაც უნდა შევხვედროდი. და მართლაც, რამდენიმე ნაცნობიც შემხვდა _ ძირითადად, საშოვარზე ჩამოსული ადამიანები...
ათენმა ერთი უსიამოვნო ინციდენტითაც დამამახსოვრა თავი. იმ ამბავს რომ ვიხსენებ, ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ დიდი სიმწარე ვიგემე.
სასტუმროში მოწყობისთანავე, თბილისიდან წაღებული ტელეფონის ნომრებით იქ მცხოვრებ თანამემამულეებს ვუკავშირდებოდი. ყველას ძალიან უხაროდა და ერთი სული ჰქონდა, ახლობლებთან გასატანებლად რაიმე მოეტანა ჩემთვის. თავიდან ადმინისტრატორი ჩემს სტუმრებს თავაზიანად ხვდებოდა, მაგრამ მომსვლელთა სიუხვემ ეტყობა, რაღაცაში დააეჭვა და სახეზეც უკმაყოფილება დაეტყო. თანაც, ქართველების ამბავი ხომ იცით: ზოგი ბოთლი ღვინით მოდიოდა, ჩვენც ვსხდებოდით და ჭიქით ხელში დიდხანს ვსაუბრობდით, მით უმეტეს, რომ ემიგრაციაში მყოფ ქართველს სათქმელი ყოველთვის თავზე საყრელი აქვს...
ერთ საღამოსაც, ასე ვსხედვართ მომცრო მაგიდასთან ჩემს ნომერში და მოულოდნელად, 3 შეიარაღებული პოლიციელი შემოგვივარდა. რვანი(!) ვიყავით და ყველანი ადგილზე გავშეშდით. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა...
_ ხელები მაღლა! პასპორტები და საბუთები წარმოადგინეთ! _ გასცა ბრძანება ერთ-ერთმა პოლიციელმა. ყველანი უსიტყვოდ დავემორჩილეთ. მათ შეაგროვეს ჩვენი საბუთები, სათითაოდ დაგვადეს ბორკილები და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. სასტუმროდან ქუჩაში რომ გამოვედით, დავინახე, რომ პოლიციის ათამდე მანქანა იდგა. ასეთი `ყურადღება~ ჩემ მიმართ ცხოვრებაში არავის გამოუჩენია...
თურმე, სასტუმროს ადმინისტრატორს ჩვენი `თავყრილობები~ საეჭვოდ მიუჩნევია. ეგონა, თურქი ტერორისტები ვიყავით და პოლიცია გამოუძახებია.
განყოფილებაში ნახევარ საათში გაირკვა, ვინც ვიყავით. ოთხ ჩვენგანს საბუთები სრულ წესრიგში გვქონდა. ბოდიში მოგვიხადეს და მანქანითვე სახლებში დაგვარიგეს. სამწუხაროდ, დანარჩენ ოთხს სავიზო რეჟიმი ჰქონია დარღვეული და ისინი საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს, შემდეგ კი, იძულების წესით, საქართველოში გამოგზავნეს...
სასტუმროში რომ დავბრუნდი, ადმინისტრატორი მოვიკითხე: ერთი სული მქონდა, ორიოდე `ტკბილი სიტყვა~ მეთქვა მისთვის. მაგრამ ჩემს წასვლამდე ის ინტრიგანი სამსახურში აღარ გამოჩენილა...
თავს საოცრად შეურაცხყოფილად ვგრძნობდი: რატომ, რისთვის?! რა დავაშავეთ ქართველებმა იმის ფასი, რომ დუხჭირი ცხოვრების გამო, სადღაც უცხო გარემოში ვეძებთ საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის საშუალებას?!.
ახალი კონტინენტის
დაპყრობას ვიწყებ
კომერციული საქმიანობა სასურველ შედეგს არ მაძლევდა და გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ მისი წყალობით სხვადასხვა ქვეყანაში მოვხვდი. და მაინც, 1998 წლის შემოდგომაზე საქმე იმდენად ამეწეწა, რომ დიდი ვალები დამიგროვდა. საქართველოში ამხელა თანხის გასტუმრებას ალბათ, 10 წელს მაინც მოვანდომებდი... იმ პერიოდში, ბევრი ქართველი სამუშაოდ ამერიკაში მიდიოდა და მეც გადავწყვიტე, მეცადა ბედი _ თუნდაც, შავი მუშის ადგილი მეშოვა. საერთო ჯამში, ამერიკაში ორი წელიწადი და ხუთი თვე ვიცხოვრე და იმდენი რამ გადამხდა თავს, რომ სქელტანიანი წიგნიც არ იკმარებს... არანაირ სამსახურს არ ვთაკილობდი, ყველაფერს ვკიდებდი ხელს, რასაც კი წავაწყდებოდი. ბოლოს, ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებად გამოცდებიც ჩავაბარე და ტვირთის გადაზიდვის კომპანიაში მოვეწყვე. ამის წყალობით, თითქმის მთელი ამერიკა შემოვიარე და ხშირად, კანადასა და მექსიკაშიც გადავდიოდი.
კანადა
კანადა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე კი, 6 ათასს აღწევს. მისი ტერიტორია აერთიანებს სტეპებსა და გაუვალ ტყეებს, ტუნდრასა და არქტიკულ ყინულოვან ზონებს. ქვეყნის ნახევარზე მეტი დაუსახლებელია. ქალაქები და დასახლებული პუნქტები ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სულ 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
ინგლისელი მეზღვაური ჯონ კაბოტი პირველი ევროპელი იყო, ვინც კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენიდან 5 წლის შემდეგ, 1497 წელს დაადგა ფეხი ამ მიწას. მას სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მოხვდა და მხოლოდ 1534 წელს, როდესაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ კარტიემ გამოიკვლია წმინდა ლავრენტის სახელობის მდინარე, საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ადგილები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ეკუთვნოდა. 100 წლის შემდეგ, მდინარის გასწვრივ, პირველმა ფრანგმა კოლონიზატორებმა დაიწყეს დასახლება. მათვე დააარსეს კვებეკი და მას `ახალი საფრანგეთი~ უწოდეს.
XVII საუკუნეში საფრანგეთიდან და ინგლისიდან მასობრივი იმიგრაცია დაიწყო. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ფრანგებსა და ინგლისელებს შორის სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, რაც ათეული წლები გრძელდებოდა. 1763 წელს, კვებეკთან, ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს და მთელი კანადის ტერიტორია ინგლისის იმპერიას დაექვემდებარა. 1867 წელს კანადის მოსახლეობა ინგლისს აუჯანყდა და ამ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია _ კანადა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
ავტომობილიდან დანახული ქვეყანა
ამერიკაში ყოფნისას, ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. კომპანია, სადაც ვმუშაობდი, ძირითადად, ავეჯის გადაზიდვით იყო დაკავებული. ზოგჯერ, ნიუ-იორკიდან რომ გავიდოდით, 2-3 თვე აღარ ვბრუნდებოდით. ქალაქიდან ქალაქში დავდიოდით, ვმუშაობდით და მანქანაშივე გვეძინა. მივლინების დროს, ხშირად ორი მძღოლი ერთად ვმგზავრობდით. ბუნებრივია, ამერიკელები ასეთ სამსახურს თავს არიდებენ...
შეერთებულ შტატებსა და კანადას ბევრი საავტომობილო გზა აკავშირებს. მათ შორის განსაკუთრებული ის გზატკეცილია, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერთან კვეთს საზღვარს. ეს ჩანჩქერი ორივე ქვეყანას ეკუთვნის და მის დასათვალიერებლად, ორივე მხრიდან უამრავი ტურისტი მოდის ბუნების ამ საოცრების სანახავად. სტატისტიკური მონაცემებით, ნიაგარას ყოველწლიურად 15 მლნ ადამიანი ნახულობს...
პარადოქსია: თითქოს აშშ და კანადა ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ თვალში საცემია, რომ ამერიკელები სულ სადღაც ჩქარობენ და გამუდმებით დარბიან, კანადაში კი, საპირისპირო სურათია. კანადელებსაც უყვართ შრომა და ფულიც აინტერესებთ, მაგრამ საამისოდ იქ გიჟივით არავინ დარბის...
მახსოვს, ერთხელ, მონრეალში ჯონისთან (ამერიკელი მძღოლი და ჩემი მეწყვილე) ერთად საწყობში 2 საათზე უნდა მივსულიყავით, მაგრამ გზაში შევფერხდით და მხოლოდ 4-ისთვის ვახერხებდით მისვლას; უნდა გენახათ, როგორ იკლავდა თავს ჯონი _ საწყობში სამუშაო დრო მთავრდება, კანადელი ზედმეტ ერთ წუთსაც არ გაჩერდება, საქმეს ხვალისთვის გადადებს და მომდევნო შეკვეთას დავკარგავთო, _ ამბობდა... ეს მონრეალში მოხდა და გამიხარდა, რომ იძულებითი მოცდენის გამო, კანადის სიდიდით მეორე ქალაქის დათვალიერების საშუალება მომეცა.
მონრეალი ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრია. ეს უდიდესი ნავსადგურია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ამერიკული ქალაქების მსგავსად, მონრეალშიც უამრავ ცათამბჯენს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავი ავტომობილია, გარშემო სრული სიწყნარეა. ქუჩაში მოსეირნეთა სიმცირით თუ იმსჯელებთ, პროვინციულ ქალაქში გეგონებათ თავი.
ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს საკუთარი ავტომობილი ჰყავს. საჭესთან 80-ს მიტანებული ადამიანებიც სხედან. თავიდან, მანქანებით `მოჯირითე~ ბებიებსა და ბაბუებს რომ ვხედავდი, მიკვირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე. თუმცა, ერთხელ მაინც შევესწარი სცენას, რომელმაც გამაოცა. სანამ ჩვენი ტრაილერი იტვირთებოდა, ჯონისთან ერთად კაფეში შევედი. კუთხეში ასე, 80 წლამდე ქალბატონი იჯდა, საუზმობდა და თავის შავკანიან მომვლელს ესაუბრებოდა. ყურადღებას არ მივაქცევდი, მათ გვერდით ინვალიდის ეტლი რომ არ დამენახა. საუზმეს რომ მორჩა, მომვლელმა ქალი ეტლში ჩასვა, მანქანასთან მიიყვანა, მერე საჭესთან გადასვა, თვითონ კი გვერდზე მოუჯდა... თვალს არ ვუჯერებდი: `ბებომ~ ავტომობილი დაქოქა და ადგილიდან `მოწყვიტა~!..
კანადელებს უავტომობილოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. საქმეებზე სიარულს თავი რომ დავანებოთ, შეყვარებულებიც უმეტეს დროს ავტომანქანაში ატარებენ. ავტოსტრადებზე უამრავი კაფე შეგხვდებათ. საინტერესოა, რომ იქ არც მაგიდები დგას და არც სკამები: ეს მძღოლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კაფეებია _ მიადგები ავტომობილით ფანჯარას და შეუკვეთ სასურველ კერძს, რომელიც 5 კილომეტრში მდებარე კაფეში მომზადებული დაგხვდება...
კანადაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გოლფი. ქვეყანა მოფენილია გოლფის მოედნებით და დიდიან-პატარიანად ყველა თამაშობს. კანადელი კაზინოში არ შევა, მაგრამ გოლფში შეიძლება, მთელი ქონება წააგოს ან... მოიგოს. ერთხელ მეც მოვსინჯე გოლფის თამაში, ადვილი მომეჩვენა, მაგრამ შევცდი. გოლფი ნერვების დიდ დაძაბვასა და ნებისყოფას მოითხოვს. ისე შევედი აზარტში, რომ რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი `ჩავუშვი~...
ტორონტო
ოფიციალურად, ტორონტო კანადის ბიზნესის ცენტრად ითვლება. ამასთან, ძალიან სუფთა, უსაფრთხო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. ტორონტოს გახსენებისას, მუდამ სევდა მომეძალება ხოლმე იმ შეხვედრის გამო, რომელიც ამ ქალაქში მქონდა.
თბილისელი ნაცნობი დამიკავშირდა და მთხოვა _ თუ ტორონტოში მოხვდები, ჩემს ნათესავს მიაკითხე, რომელიც იქ 1994 წლიდან ცხოვრობსო. დავუკავშირდი თუ არა, შინ მიმიწვია და იმ საღამოსვე, ჯონისთან ერთად, კანადელ ქართველს, ბადრი ბერაძეს ვეწვიეთ. ბადრის კანადელი ცოლი ჰყავს, რომელმაც დიდებული სუფრა გაგვიშალა... როდესაც სუფრაზე ჩახოხბილი, ელარჯი, საცივი და შავი ღვინო დავინახე, აღფრთოვანებისგან შევყვირე:
_ ვა, ბადრი, ეს საიდან? საქართველოში მგონია თავი!..
_ შარშან დედაჩემი იყო ჩამოსული და იმან შეასწავლა სანდრას ქართული სამზარეულო, _ ამაყად მიპასუხა ბადრიმ.
_ მაშინ, ძმაო, გაუმარჯოს საქართველოს და მის რძალს _ სანდრას, რომელმაც ქართული სუფრის ეშხი შორეულ კანადაში გააცოცხლა და საქართველოდან დროებით გადაკარგული შვილები გაახარა! _ ვთქვი, ფეხზე ავდექი და ყანწი მოვითხოვე. ყანწი არ ჰქონდათ და მის ნაცვლად, ბადრიმ დიდი ლარნაკი მომაწოდა. ჯონი გაშტერებული მიყურებდა _ ვერ ხვდებოდა, რას ვაკეთებდი. შემებრალა ჩემი ამერიკელი მეგობარი და სანდრას ვთხოვე:
_ შენ ხომ იცი ჩვენი ტრადიციები? აუხსენი ამ ყმაწვილს, თან ასწავლე, როგორ უნდა მიირთვას ელარჯი...
_ ნოუ ფრობლემ! _ მიპასუხა სანდრამ.
იმ საღამოს სასიამოვნო დრო გავატარეთ, თუმცა, მხიარულების მიუხედავად, ბადრის თვალებიდან სევდა არ გამქრალა. ჩავეძიე და თავისი თავგადასავალი მიამბო.
...ჩამოყალიბდა თუ არა ქართული ეროვნული გვარდია, ბადრიც დაუყოვნებლივ მებრძოლთა რიგებში ჩამდგარა. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. სჯეროდა საქართველოს მომავლის და თავს არ ზოგავდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, პარტიზანებთან ერთად დარჩა... დრო გადიოდა და ბადრის იმედი უცრუვდებოდა: დასახიჩრებული მეომრები მათხოვრებად აქციეს, ზოგი მათგანი ყაჩაღად და ბანდიტად გამოაცხადეს... ბევრი ფიქრის შემდეგ, ბადრიმ სამშობლო დატოვა და ბოლოს კანადაში აღმოჩნდა.
_ უკან დაბრუნებას არ აპირებ?
_ ეეჰ... კვირა არ გავა, თბილისი რომ არ დამესიზმროს, მაგრამ სად წავიდე? რა ვაკეთო იქ?!. აქედან ბიჭებს და ნათესავებს მაინც ვეხმარები... ზოგჯერ ისე ამომივა ყელში ყველაფერი, ვფიქრობ _ მივატოვებ აქაურობას და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ არ გამოდის...
ჯონი ისე გამოთვრა, დილით ძლივს ავაყენე. შემდგომში, როდესაც ქართველებთან შეხვედრის შანსი გვიჩნდებოდა, პირველი, ჯონი გარბოდა. რომ ვკითხე _ რით მოსწონდა `ქართულად~ ქეიფი, მპასუხობდა: სხვანაირად თბილები ხართ და თქვენთან ყოფნას არაფერი სჯობსო...
1999 წელი
`ბოსტონელი~ ბონდო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვყოფილვარ. ვმუშაობდი ტვირთის გადასაზიდ კომპანიაში, დავატარებდი უზარმაზარ ტრაილერს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და შეძლებისდაგვარად, `მოგზაურის ჭიასაც~ ვახარებდი.
ზაფხულის პერიოდში სამუშაო სამმაგდებოდა. კომპანია ხშირად მექსიკაშიც მგზავნიდა _ ქვეყანაში, საიდანაც უამრავი ადამიანი შედის ამერიკაში. სწორედ ამიტომ, აშშ-მექსიკის საზღვარზე საკმაოდ მკაცრი კონტროლია დაწესებული. რაკი მექსიკაში ნამყოფი ვიყავი, გავთამამდი და ქართველი მეგობარიც ჩავისვი მანქანაში. ბონდო მაჭარაშვილი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ზაფხულობით მუშაობდა. ძალიან უნდოდა მექსიკის ნახვა, ამის გამო დამიკავშირდა და მეც დამხმარედ წავიყვანე...
მივიწყებული
ცივილიზაციების ქვეყანა
მექსიკას `მივიწყებული ცივილიზაციების ქვეყანას~ უწოდებენ. ხშირად `ათასი საიდუმლოს~ მხარედაც ნათლავენ. მექსიკის ტერიტორიაზე 7 საუკუნე იარსება და ჩრდილოეთიდან ბარბაროსული ტომების შემოსევის შედეგად დაიღუპა ე.წ. ტეოტიხუაკანის ცივილიზაცია. მის ნანგრევებზე აღმოცენდა ჯერ ტოლცეკების, შემდეგ _ მაიასა და აცტეკების ცივილიზაციები. მექსიკელები აცტეკების შთამომავლებად ითვლებიან.
ტეხასის შტატიდან მექსიკაში გადავედით და მეხიკოსკენ მიმავალ გზას დავადექით. გზა ლარივით სწორი და დამღლელია. მექსიკა ბუნების სილამაზით არ გამოირჩევა _ მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი გადახრუკული ველებით არის დაფარული.
...პირველი ევროპელები, ვინც მექსიკის მიწაზე დადგეს ფეხი, ესპანელები იყვნენ. ეს მოხდა 1517 წელს, როდესაც კუბის გუბერნატორმა ველასკესმა გამოგზავნა გემები დეკორდობას მეთაურობით. მათ გეენახასის კუნძულიდან მონები უნდა წამოეყვანათ. ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გემები შორს გაიტაცა და მათთვის უცნობ ნაპირთან გამორიყა. ესპანელების თვალწინ პირამიდები და სასახლეები აღიმართა. ტაძრები ოქროთი და ძვირფასი ქვებით სავსე აღმოჩნდა... ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა ევროპაში. ესპანელმა კოლონიზატორებმა მექსიკის ტერიტორიების აქტიურ დაპყრობას მიჰყვეს ხელი.
ესპანელებისაგან გათავისუფლება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მექსიკამ 1824 წელს შეძლო.
მექსიკის დედაქალაქი
მეხიკო უზარმაზარი და თვალწარმტაცი ქალაქია. უდავოა, რომ ის მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ათეულში შედის. მეხიკოში ორი მთავარი პროსპექტია _ რეფორმა და ინხერხენცესი. იქ ერთმანეთს საუცხოოდ ერწყმის აცტეკური ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები.
მექსიკა მდიდრებისა და ღარიბების მკვეთრად გამიჯნულ ორ სამყაროდ იყოფა. მეხიკოს მდიდრების უბანს ლამასი ჰქვია. იქ მოხვედრილ კაცს ზღაპარში გეგონება თავი: ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არ მინახავს ისეთი მდიდრული სასახლეები, როგორიც ლამასში. ამ სასახლეებს პოლიცია იცავს, ხოლო ეზოებში 5-6 ძაღლი მაინც ჰყავთ.
ჩვენი კლიენტი სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა. ამერიკაში შეკვეთილი ავეჯი დღის მეორე ნახევარში ჩავუტანეთ. პოლიციელებმა სახლის ეზოში საბუთების საგულდაგულო შემოწმების შემდეგ შეგვიშვეს. დავიწყეთ ტრაილერიდან ტვირთის გადმოზიდვა. სახლი დიდი არ იყო, სულ ორი სართულისგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ყველა მხარეს ლიფტი ჰქონდა დამონტაჟებული.
_ ნეტავ, რად უნდა ორსართულიან სახლს ამდენი ლიფტი?.. _ გაიკვირვა ბონდომ.
_ კაცია და გუნება, აქვს ფული და აკეთებს იმას, რაც უნდა! _ ვუპასუხე.
ეზოში რამდენიმე ვეებერთელა ძაღლი დარბოდა. პირველად რომ დავინახეთ, შეგვეშინდა, მაგრამ მსახურმა დაგვამშვიდა _ თქვენს საქმეს მიხედეთ და ძაღლები ახლოსაც არ გაგეკარებიანო... ავეჯის ზიდვა მძიმე სამუშაოა. ჩემთვის ასეთი დატვირთვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ბონდოს კი, ძალიან გაუჭირდა.
_ მოდი, რა, კაკო, ცოტა დავისვენოთ, თორემ მოვკვდი კაცი, _ შემომჩივლა.
_ დავისვენოთ, _ დავთანხმდი და კიბეზე ჩამოსასხდომად სახლისკენ წავედით. დასხდომა ვერ მოვასწარით, რომ ძაღლები ჩვენკენ გამოექანნენ. ისეთი გაავებულები მორბოდნენ, კინაღამ გული გაგვისკდა. შიშისგან ისე დავიბენი, არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი. ბონდო უცებ იქვე მდგარ ხეზე აძვრა, თან დამიყვირა _ სანამ არ შეგჭამენ, მანდ იდგებიო?! ამ შეძახილმა მიშველა, ადგილიდან მოვწყდი და სახლში შევვარდი. ძაღლების დაშოშმინებას ნახევარი საათი მოუნდნენ, მე კიდევ _ ერთი საათი მაინც დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. სახლის პატრონმა მომხდარი ამბავი რომ შეიტყო, სამსახური მიატოვა და მოვიდა. ისე ნერვიულობდა, იქით ვაწყნარებდი. ეს უბრალო გულისხმიერებად ჩავთვალეთ და გვესიამოვნა, მაგრამ შევცდით: თურმე მას ჩვენი დარდი კი არ ჰქონია, არამედ ის აღელვებდა, არ მიჩივლონო... როდესაც დარწმუნდა, რომ ასეთი რამ აზრადაც არ მოგვსვლია, დამშვიდდა და ხასიათზეც მოვიდა. თუმცა, სანამ ვმუშაობდით, გვერდიდან აღარ მოგვშორებია. საღამოს კი, ვახშამზე დაგვპატიჟა და მის სახლში ღამის გათევაც შემოგვთავაზა. მანქანაში ძილი მობეზრებული გვქონდა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. იმ დღეს გვარიანად მოვილხინეთ და ბატონ მიგელსაც გავუშინაურდით. ბოლოს, გავბედე და ვკითხე:
_ ბატონო მიგელ, ჩვენი ჩივილის ასე ძალიან რატომ შეგეშინდათ?
_ შარშან კარ-ფანჯრების ხელოსანი მყავდა და ჩემმა ძაღლმა უკბინა. იმან სასამართლოში მიჩივლა...
_ მერე? _ ერთხმად ვიკითხეთ ორივემ.
_ მერე... სასამართლომ იმხელა ჯარიმა დამადო, რომ ცხოვრების ხალისი დამეკარგა... _ ნაღვლიანად თქვა მიგელმა და ისევ ეჭვით შემოგვხედა...
_ ნუ გეშინიათ, ბატონო მიგელ, ჩვენ ქართველები ვართ, ასეთ რამეს არ ვიკადრებთ.
მადლობის ნიშნად, ორივეს ხელი ჩამოგვართვა და საძინებელი ოთახისკენ გაგვიძღვა.
მექსიკელები და
ქართველებთან შეხვედრა
მექსიკელები შედარებით ტანმორჩილი ხალხია. როგორც შევიტყვეთ, ამის ძირითადი მიზეზი წყალი ყოფილა: საუკუნეების მანძილზე უვარგის წყალს სვამდნენ, დღეს კი უმეტესწილად, `კოკა-კოლათი~ და წვენებით იკლავენ წყურვილს.
ქვეყანაში დიდი უმუშევრობაა. ღატაკები და მათხოვრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. ბევრი მექსიკელი ბედის საძებნელად, ამერიკაში გადასვლას ცდილობს. სტატისტიკის თანახმად, ამჟამად აშშ-ში 8 მილიონი მექსიკელი ცხოვრობს.
...მექსიკელის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ეროვნული თავისებურება იარაღისკენ ლტოლვაა, ამიტომაც ქვეყანაში თავისუფლად იყიდება ყველანაირი იარაღი. სიდუხჭირეში მყოფმა მექსიკელმაც კი შეიძლება, ყველაფერი მოიკლოს და იარაღი შეიძინოს.
მექსიკელები ძალზე მხიარული, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. ქართველების არ იყოს, მათაც იციან რესტორანში ერთმანეთისთვის სასმლის გაგზავნა. თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს ორკესტრებსაც კი უგზავნიან. წინასწარ გადაიხდიან ფულს და სასურველ სიმღერებს უკვეთენ. ერთხელ, შტატებში რომ ვბრუნდებოდით, სიცხისაგან გადახრუკულ გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანა შევნიშნეთ. ლოდინით დატანჯულ მძღოლს მანქანა რომ გავუჩერეთ, სიხარულით ცას ეწია. რობერტოს (ასე ერქვა მძღოლს) ძრავა გაფუჭებოდა და უახლოეს დასახლებამდე წაყვანა გვთხოვა.
_ დიდხანს იდექი გზაზე? _ დავინტერესდი.
_ 4 თუ 5 საათი. ჩვენში გზაზე ნაცნობი თუ არ შეგხვდა, არავინ გაგიჩერებს, შარს ერიდებიან... _ მიპასუხა რობერტომ.
_ გამოდის, რომ გაგიმართლა.
_ დიახ, გამიმართლა. სადაურები ხართ, ბიჭებო? _ დაინტერესდა მექსიკელი. ვერაფრით გაიგო, სად იყო საქართველო... სამაგიეროდ, ჩვენი დიდად მადლიერი დარჩა და უახლოეს დასახლებაში, თავისი ძმის დუქანში დაგვპატიჟა.
მექსიკა სავსეა პატარა იაფფასიანი დუქნებით, სადაც მბრუნავ შამფურებზე ათეულობით ქათამს ერთდროულად წვავენ. ეს დუქნები დღე და ღამე მუშაობენ. იქ ძირითადად, ღარიბი მექსიკელები შედიან. მათ ძალიან უყვართ მწნილი, ტყემლისა და პამიდვრის საწებელი, ცხარე საჭმელი... რობერტომ თავისი ძმა გაგვაცნო და მას მიგვაბარა, თვითონ კი ბოდიში მოგვიხადა _ გადაუდებელი საქმეები მაქვსო, _ და დაგვემშვიდობა. იმ დღეს ძალიან გემრიელად ვისადილეთ და სანამ დუქანში ვიყავით, ორკესტრიც არ მოგვშორებია გვერდიდან...
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მექსიკაში ქართველის ნახვა ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ბევრს შეხვდები ე.წ. ლტოლვილთა ბანაკებში, რომელიც ამერიკა-მექსიკის საზღვრის ორივე მხარესაა გახსნილი. ბევრი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ამერიკაში მოხვედრა სურს, იქ მექსიკიდან გადასვლას ცდილობს. საამისოდ ტყის ბილიკებს იყენებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საიმიგრაციო სამსახურის ხელში ვარდებიან. ლტოლვილთა ბანაკში კი მათი შემდგომი ბედი წყდება: ზოგს ტოვებენ, უმეტესობა, დეპორტაციის მსხვერპლი ხდება და იძულებით ბრუნდება თავის ქვეყანაში.
აშშ-ის საზღვრამდე 2-3 კილომეტრი იყო დარჩენილი. ამერიკასთან შედარებით, მექსიკაში საწვავი გაცილებით იაფია და ამიტომ ავტოგასამართ სადგურთან გავჩერდით. ორი შავგვრემანი ბიჭი მოგვიახლოვდა და დაგვაშტერდა. ქართველები აღმოჩნდნენ. ძალიან გაგვიხარდა, ერთმანეთი გავიცანით. ბიჭებს შტატებში გადასვლა უნდოდათ, მაგრამ პოლიციის ეშინოდათ და ვერ ბედავდნენ...
_ ძმაო... იქნებ, დაგვეხმარო, გაჭირვებული ხალხი ვართ... _ მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
_ გადაყვანით ვერ გადაგიყვანთ. შემიძლია, ფულით დაგეხმაროთ...
_ ფული რად გვინდა?!. ნუთუ ამხელა მანქანაში ჩვენთვის პატარა ადგილი არ გაქვს?!. _ გაღიზიანებულმა მითხრა მეორემ.
_ აზრი არა აქვს, მაინც გიპოვიან. თქვენი საქმეც გაფუჭდება და ჩვენიც... _ ავღელდი, რადგან შევატყვე, რომ ვერ ვარწმუნებდი.
_ თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო _ ხომ გაგიგონია... _ აგდებულად მითხრა პირველმა და დასძინა: _ ასეა _ ქართველები მარტო სუფრასთან ვართ მაგრები, სხვაში არაფერში ვუქნივართ ღმერთს...
სისხლი თავში მომაწვა. ასეთ საყვედურს ნამდვილად არ ვიმსახურებდი და ძლივს შევიკავე თავი... კამათს აზრი აღარ ჰქონდა და წასვლა ვამჯობინე.
განერვიულებულები გავეცალეთ იქაურობას, საზღვარი გადავკვეთეთ და ნიუ-იორკის გზას დავადექით.
2000 წელი
არგენტინა _ ევროპაა...
თუ ბედმა გაგიღიმათ და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდით, თანაც, ჩემსავით მოგზაურობაზე ჭკუას კარგავთ (და თუ `ცოტა~ ფულიც გაქვთ), ჩათვალეთ, რომ ოცნებას ძალზე იოლად აისრულებთ.
...არგენტინაში გამგზავრება გადავწყვიტე და ერთმა ტურისტულმა ფირმამ, რომ იტყვიან, თითი თითზე არ დამაკარებინა, ყველაფერი თვითონ მომიგვარა და სულ მალე ნანატრ ქვეყანაში ამოვყავი თავი.
გამგზავრებამდე თბილისელი სომეხი ვადიკა (რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს) მოვიდა ჩემთან:
_ კაკოჯან, ბიძაჩემი რაფიკა 10 წელია, ბუენოს-აირესში ცხოვრობს. თუ ძმა ხარ, ეს წერილი წაიღე და გადაეცი, _ მთხოვა და ფურცლების მოზრდილი დასტა მომაწოდა.
_ ბომბი ხომ არ გიდევს?! _ გამაოცა ქაღალდის დასტის სიმძიმემ.
_ არ გრცხვენია, კაკოჯან? ფოსტაში ხომ იცი, ფულს აიღებენ, შენ კიდევ, მაინც მიდიხარ...
რას იზამ, სომხები პრაქტიკული ხალხია.
ასე რომ, არგენტინაში ორი `მისია~ მქონდა _ დამეთვალიერებინა ქვეყანა და მომენახულებინა რაფიკა...
ცოტა რამ წარსულიდან...
არგენტინაში ყველაფერი უკუღმაა: ჩრდილოეთში _ ცხელა, სამხრეთში კი _ ცივა. იქაური ინდიელები ჩრდილოამერიკელებივით მკვირცხლები არ ყოფილან და არც XVI საუკუნეში გამოჩენილ ესპანელებს გასჭირვებიათ მათი `დაპყრობა~. ესპანელებს იქ ვერცხლი უპოვიათ და იქაურობაც `ვერცხლის ქვეყნად~ მოუნათლავთ (`არგენტუმი~ ხომ ლათინურად ვერცხლს ნიშნავს). დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ვერცხლი იქ არცთუ ისე ბევრი ყოფილა, მაგრამ ქვეყანას პირველად დარქმეული სახელი მაინც შერჩა.
არგენტინის აღმოჩენას ესპანელ ხუან დიას-დესოლისს მიაწერენ, რომელიც მის სანაპიროს 1516 წელს მიადგა. 1580 წელს კი ესპანელმა კოლონიზატორებმა პერუდან გადალახეს ანდები და დააარსეს ბუენოს-აირესი.
სხვათა შორის, არგენტინა ოთხ გეოგრაფიულ ნაწილად იყოფა: პატაგონია _ სამხრეთ ნაწილში მდებარე მაღალმთიანი რაიონია. ზაფხულში ქვიანი და გამომშრალი ბუჩქებით დაფარული ადგილი სიცხით იხრუკება, ზამთარში კი _ საკმაოდ ცივა. ეს მეცხოველეობით ცნობილი მხარეა, ძირითადად ცხვარს უვლიან. პამპაც მეცხოველეობით გამოირჩევა. იგი აღმოსავლეთით მდებარეობს. თითოეული ფაზენდა თვალუწვდენელ მინდვრებზეა გადაჭიმული. ძირითადად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უვლიან, ცნობილი არგენტინული ჯიშის ხორბალიც მოჰყავთ. გრან-ჩაკო პამპის ჩრდილოეთის ცხელი ნაწილიდან იწყება, სადაც მეცხოველეობაც არის განვითარებული და ბამბაც მოჰყავთ. დასავლეთ ნაწილში აღმართულ ანდებში მევენახეობას და მეციტრუსეობას მისდევენ. ჩილესთან საზღვარიც იქ გადის.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების სამი მეოთხედი, ქვეყნის ექსპორტს წარმოადგენს. თუმცა, არგენტინა ავტომობილებსაც აწარმოებს, ტელევიზორებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ _ თვითმფრინავებსაც.
თეთრი ადამიანების ქვეყანა
9-საათიანი ფრენის შემდეგ, ღამით ჩავედი ბუენოს-აირესში. სასტუმროდან რაფიკას დავურეკე. მითხრეს, რომ ქალაქში 3 დღის შემდეგ იქნებოდა. სხვა ნაცნობი ამ უზარმაზარ ქვეყანაში არავინ მყავდა. დავყვებოდი ტურისტთა ჯგუფს და ყურადღებით ვუსმენდი გიდებს.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში, არგენტინა მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყნად ითვლებოდა _ უკან ჩამოუტოვებია ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ევროპასთან ერთად. ანდაზაც კი იყო ასეთი: `მდიდარია, როგორც არგენტინელი~. ამიტომაც ჩადიოდნენ და ჩადიოდნენ არგენტინაში: სამხრეთ იტალიელები, პირენეის ბასკები, გერმანელები, ავსტრიელები, შვეიცარიელები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, რუსები, ებრაელები... აი, აფრიკელები კი იქ საერთოდ არ ყოფილან. ასე გაჩნდა სამხრეთ ამერიკაში `თეთრი~ ქვეყანა _ კათოლიკური აღმსარებლობით, ესპანური სულისკვეთებითა და ნაკლებად ევროპული ცხოვრების სტილით. საუკუნის წინ, იქ ჩასული თითოეული ერის წარმომადგენლები ისეთ ადგილს ირჩევდნენ, სადაც თავად მოსწონდათ და საკუთარი ადათ-წესების შესაბამისად მკვიდრდებოდნენ. ამგვარად:
_ სიცივის ამტანმა შოტლანდიელებმა მშვენიერი პატაგონია აითვისეს _ თავისი მყინვარებითა და ცივი ტბებით;
_ რუსები და ებრაელები ძირითადად, ქალაქებში დასახლდნენ... არგენტინას `საკუთარი შვეიცარია~ აქვს _ ანდების მაღალ მთაში, სადაც სამთო ტურიზმის ქალაქი სან-კარლოს დი ბარილოჩე მდებარეობს და ძირითადად, სწორედ შვეიცარიელები ცხოვრობენ. არგენტინაში სირიელებიც კი სახლობენ (რომლებიც სამხრეთ ამერიკაშიც იშვიათად შეხვდებით). უფრო მეტიც: დღევანდელი პრეზიდენტი კარლოს მენემი წარმოშობით სირიელია, დაბადებიდან მუსლიმანი, რომელიც მოზრდილ ასაკში გაქრისტიანებულა.
...არგენტინელებს ისე უყვართ შოკოლადი, რომ საექსპორტოდ ვერ იმეტებენ. მიუხედავად იმისა, რომ 500-ზე მეტი სახეობის შოკოლადი აქვთ, გამუდმებით აფართოებენ ასორტიმენტს.
ამ ქვეყანაში აფასებენ ევროპელებს, ევროპულ კულტურას ამერიკულზე წინ აყენებენ. მიაჩნიათ, რომ არგენტინა ევროპაა _ უბრალოდ, განგების ძალით სხვა კონტინენტზე მოხვედრილი.
არგენტინელებს არ უყვართ ქვეყნიდან გასვლა. თუ მაინც მოუწიათ, პარიზს, ლონდონს ან ბრიუსელს ირჩევენ. არც თავიანთ შვილებს აგზავნიან შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. თუ მატერიალურად ვერ უზრუნველყოფენ სწავლების მთელ კურსს ევროპულ უნივერსიტეტებში, ცდილობენ, 2-3 თვით მაინც გააგზავნონ ძველ კონტინენტზე. ვინც პრესტიჟულ ევროპულ უნივერსიტეტს ამთავრებს, უმალ სამშობლოში ბრუნდება _ არგენტინელები პატრიოტები არიან...
სამყაროს ცენტრი
არგენტინაში 10 დღე უნდა დავრჩენილიყავი; 4 უკვე გასული იყო. რაფიკას გზა-კვალს ვერაფრით მივაკვლიე. შეხვედრის იმედი უკვე გადაწურული მქონდა, როცა თვითონ დამირეკა.
...რაფიკ ხაჩატუროვი ჩემთან შესახვედრად ქერა ქალბატონთან ერთად მოვიდა. დამინახა თუ არა, პირდაპირ სომხურად დაიწყო:
_ ჰაეს, ცავატანემ?..
_ არა, ძმაო, ქართველი ვარ!
_ პირველი ქართველი ხარ, რომელიც აქ მეგულება!.. _ მიპასუხა სუფთა ქართულით.
_ როგორ, აქ ქართველები არ ცხოვრობენ?
_ 5 წლის წინ გავიცანი ერთი თბილისელი მოხუცი. ომის შემდეგ დასახლებულა. შარშან გარდაიცვალა. სხვა არავინ შემხვედრია, _ მითხრა რაფიკამ და უკეთ გაცნობის მიზნით, იქვე მდებარე მდიდრულ კაფეში დამპატიჟა.
რაფიკა 50-ს მიტანებული კაცი იყო, თუმცა ასაკი არ ეტყობოდა. დენდივით იყო გამოწყობილი... ავლაბარში დაბადებულ-გაზრდილი ყოფილა. სიყვარულით შექმნილი ოჯახი დანგრევია. თბილისში ცოლი და ორი შვილი დაუტოვებია და ამერიკაში წასულა საცხოვრებლად. იქაური ცხოვრებისთვის გემო ვერ გაუგია და არგენტინაში გადასულა. ბედს არ უჩიოდა...
საუბრისას დავადგინეთ, რომ თბილისში საერთო ნაცნობები გვყოლია და ამაზე მთლად გადაირია. პატივისცემის ნიშნად, მთელი ბუენოს-აირესი მომატარა _ ქალაქი, რომელსაც რაფიკა სამყაროს ცენტრს ეძახდა და მასზე უკეთესი ადგილი მსოფლიოში არ ეგულებოდა.
...ბუენოს-აირესი მარტო რაფიკასთვის კი არა, ყველა არგენტინელისთვის ქვეყნისა და მთელი სამყაროს ცენტრია _ ადგილი, სადაც შორეული მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებიან, რადგანაც მასზე უკეთესს ვერსად პოულობენ... მშვენიერია ბუენოს-აირესი ღამით. ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ნაცნობი არგენტინული ტანგოს რიტმული მელოდია ისმის. ქალაქი დღემდე ითვლება მუსიკისა და გართობის ცენტრად. წამყვან თეატრებში ლათინურამერიკელ მუსიკოსებთან და მოცეკვავეებთან ერთად, მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიან. განსაკუთრებით პოპულარულია თეატრი, სადაც პირველად შესრულდა არგენტინული ტანგო.
რაფიკა ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ყოველთვის მანდილოსანი ახლდა და ყოველთვის... სხვადასხვა. თავიდან ვერ გავუბედე, მაგრამ ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე:
_ უკაცრავად, რაფო, ვინ არიან ეს ქალები?
_ ჩემი მეგობრები, ვენაცვალე ამათ! _ სახე გაუბრწყინდა.
_ მერე, რამდენი გყავს?
_ მთელი არგენტინის ქალები ჩემი მეგობრები არიან!
_ ვა!.. კაზანოვა ხარ?
_ არა, კაკოჯან! მე, უბრალოდ, ცხოვრება მიყვარს. თვალი გაახილე და ნახავ _ ეს ქვეყანა სიამოვნებისთვის არის შექმნილი, მაშ!..
_ მერე, ამდენ ქალს, ეჭვიანობის გამო ჩხუბი არ მოსდის?
_ არა, არა! აქ ყველაფერი ნებაყოფლობით ხდება. ანდა... რას მალაპარაკებ?! წამო, პრაქტიკა გაიარე, რა!.. _ მითხრა და ღამის კლუბში წამიყვანა.
...ე.წ. `პუტანკები~ არსად შემიმჩნევია. არც გაზეთებში მინახავს საროსკიპოების მისამართები. არგენტინელ ქალს, რომელსაც გამომწვევად და სექსუალურად აცვია, ერთად ღამის გათევაში ფული რომ შესთავაზოთ, თქვენი საქმე წასულია _ ასეთ შეურაცხყოფას ადვილად არ გაპატიებს. ფლირტში წარმატება სიმპათიასა და ღიმილზეა დამოკიდებული და თუ ქალი საცეკვაოდ გამოგყვათ, ჩათვალეთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ...
არგენტინაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობენ, კომპაქტურად დასახლდნენ. არის ჩინური, იტალიური, რუსული რაიონები. ქვეყანაში 400 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს და მათი რაოდენობით არგენტინა, ისრაელის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც საიუველირო მაღაზიებია ჩამწკრივებული, სომხები ცხოვრობენ. საკმარისია, სომხური იცოდე და საკუთარ სახლში იგრძნობ თავს. ამ რაიონში ჰქონდა მაღაზია ჩემს მასპინძელსაც.
_ რაფო, ძნელია არგენტინაში ბიზნესის დაწყება? _ ვკითხე.
_ სულაც არა! უბრალოდ, ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო.
_ ამისთვის რა არის საჭირო?
_ ქალი! ხელს მოაწერ და დანარჩენი ყველაფერი თავისით მოდის... _ გამიღიმა რაფომ.
_ შენი ცოლი რომ არ მინახავს?
_ ცოლი მაკლია ახლა! ბავშვები არ მყოფნის?
_ შვილებიც გყავს?
_ ჰო, ექვსი, _ და დასძინა: _ სამი ქალისგან...
_ მერე?
_ ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან _ თავიანთ დედებთან. ნახევარი არგენტინა ასე ცხოვრობს. ცოლმა და ქმარმა შეიძლება, ერთმანეთს ვერ გაუგონ, მაგრამ შვილებს არაფერს დააკლებენ, _ ასე ამიხსნა რაფომ არგენტინული ოჯახური ფილოსოფია...
იქაურები ცოტა მსუბუქად უყურებენ ცხოვრებას. მათი საყვარელი გამოთქმაც ასეთია: `რატომ უნდა ინერვიულო დღეს, როცა იცი, რომ ხვალ ისევ გათენდება!~ თუმცა, დროის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არგენტინელთა საქმიან აქტივობაზე ნამდვილად არ ვრცელდება. დღესდღეობით ქვეყანაში მშენებლობის ბუმია. შენდება სახლები, ოფისები, მაღაზიები, ავტომაგისტრალები. საქმიანი კაცი, რომელსაც სურს, მომსახურების სფეროში წამოიწყოს ბიზნესი და აქვს 20 ათასი დოლარი მაინც, უეჭველად მიაღწევს წარმატებას: პატარა კაფე, საპარიკმახერო, საუნა ან თუნდაც სპორტული დარბაზი ეფექტურად იმუშავებს.
იქ რესტორანში სანადიმოდ დადიან...
არგენტინული სამზარეულო არცთუ ისე მრავალფეროვანია. სადაც არ უნდა შეხვიდე _ ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში, მენიუ ყველგან ერთნაირი ან თითქმის ერთნაირია. ნაციონალურად ითვლება ჩვენებური მწვადის მაგვარი კერძი, რომელიც ადვილი მოსამზადებელიცაა. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე აგური, რკინის ბადე, ქვანახშირი და ხორცი. აგურებზე დადებენ ბადეს, შეუკეთებენ ქვანახშირს და უცდიან, სანამ კარგად არ გახურდება. შემდეგ ხორცის ნაჭრებს მარილს მოაყრიან და ბადეზე ყრიან. 15-20 წუთში ნაციონალური კერძი მზად არის. ნაციონალურ სასმელს მცენარეებისგან აყენებენ და გოგრისგან დამზადებულ ჭიქაში ასხამენ, მდუღარე წყალს ამატებენ და პატარა საწრუპავით მიირთმევენ.
რესტორნებში მუსიკა არ უკრავს და არც არავინ ცეკვავს. იქ სანადიმოდ და ღვინის სასმელად დადიან. ოღონდ, დიდხანს არ რჩებიან. საზეიმო დღეებში კი, გვარიანად ქეიფობენ, მღერიან კიდეც, უხვად სვამენ ხილის ღვინოს, რომელიც ძალიან უყვართ. მოლხენის შემდეგ უხმაუროდ იშლებიან...
ქვეყანაში მრავლად არის დისკოთეკა და დისკობარი, რომელიც, როგორც წესი, დიდ კომპლექსშია მოთავსებული: ერთ დარბაზში თუ რესტორანია, მეორეში _ საცეკვაო მოედანია, მესამეში _ საბილიარდო და ა.შ. აირჩიე, რომელიც მოგესურვება. ოღონდ, შესვლა შედარებით ძვირია _ 50-70 დოლარი ღირს.
ჩანჩქერი იგუასუ _ ბუნების საოცრება
ბუნების საოცრებად ითვლება ჩანჩქერი იგუასუ, რომელიც ორი სახელმწიფოს _ არგენტინისა და ბრაზილიის ტერიტორიაზეა. `დიდი წყლები~ (ასე უწოდებენ მას ადგილობრივი ინდიელები) ყველაზე დიდია დასავლეთ ნახევარსფეროში. იგი 21 მეტრით მაღალი და სამჯერ უფრო ფართოა, ვიდრე ცნობილი ნიაგარის ჩანჩქერი. გიდმა გვითხრა, რომ არაერთ გულად ადამიანს გადაუცურავს ჩანჩქერის ზედა ნაწილი. ისინი არგენტინის გმირებად ითვლებიან და მათ ბიუსტებიც კი დაუდგეს.
ჩანჩქერის გარშემო ნაციონალური პარკია და ჩემდა გასაოცრად, იმ ხმაურში უამრავი ცხოველი მშვენივრად გრძნობს თავს, ფლორაც მრავალფეროვანია.
ერთი სიტყვით, თუ ამ მსაოცარ მხარეში მოხვდით, დიდად კმაყოფილი დარჩებით, ხოლო თუ ხელმეორედ მოგზაურობის შანსი მოგეცათ, რაღა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვებთ.
...არგენტინაში 10-დღიანმა მოგზაურობამ სწრაფად გაირბინა. აეროპორტში რაფო მაცილებდა. დამუნჯებული იდგა, ხმას არ იღებდა.
_ რა გჭირს, რაფო, ცუდად ხომ არ ხარ? _ ჩავეკითხე.
_ რავი, რაღაც ვერა ვარ... _ ძლივძლივობით ამოღერღა და თვალზე ცრემლი მოადგა... დამშვიდება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რაფო ბავშვივით ზლუქუნებდა, თან წყვეტილად ლაპარაკობდა:
_ მე რა კაცი ვარ?!. სადღაც გადაკარგულში ვარ და მიხარია... იქ კიდევ, თბილისში დედ-მამა მელოდება და ჩემი ნახვა ენატრებათ... ჩემს შვილებს ვეღარც ვიცნობ ალბათ... ეს არის ცხოვრება?!.
გული დამეთუთქა. რა მეთქვა, არ ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს, თვითონ დაწყნარდა და დამმოძღვრა კიდეც:
_ კაკოჯან, სამშობლოს ფასი არაფერია! არასოდეს მიატოვო... არც მე მივატოვებ _ იცოდე, აუცილებლად ჩამოვალ, აუცილებლად!..
ცრემლები მოიწმინდა, გადამეხვია და უკან მოუხედავად გავიდა აეროპორტის შენობიდან.
2000 წელი.
ოო... ბრაზილიო, ბრაზილიო!..
კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, ჩემი ყურადღება ბრაზილიელმა ჟუნიომ მიიქცია _ ორმოციოდე წლის მხიარულმა და დაუზარელმა კაცმა. ჟუნიო ლოტოს კოჭივით იყო _ დაბალი და ჩამრგვალებული, მაგრამ საოცრად მკვირცხლი. რაც არ უნდა მძიმე სამუშაო დაევალებინათ, ყველაფერს ხალისით აკეთებდა. რომ იტყვიან, ცხოვრება უყვარდა და ამ განწყობას სხვებზეც გადასცემდა. როცა ვკითხავდი, საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობდა:
_ ოოო... სენიორ აკაკუს, ბრაზილიო, ბრაზილიო!.. _ ამის შემდეგ, ბრაზილიაზე ლაპარაკს რომ დაიწყებდა, ვეღარ გააჩერებდი. მეც იმდენ ხანს ვუსმინე, რომ გადავწყვიტე, ბრაზილიაში მასთან ერთად წავსულიყავი, თუმცა, რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყნის ნახვა ყოველთვის მინდოდა. როდესაც ჟუნიოს ამის შესახებ ვუთხარი, გაუხარდა კიდეც, მაგრამ მთხოვა, ცოტას კიდევ წავიმუშავებ (ფული სჭირდებოდა) და მერე გავემგზავროთო.
...ასე და ამგვარად, მე და ჟუნიომ იანვარში რიო-დე-ჟანეიროსკენ ავიღეთ გეზი...
ცოტა რამ ქვეყნის წარსულიდან
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 22 შტატს აერთიანებს. ქვეყანას მართავს პრეზიდენტი, რომელსაც 6 წლით ირჩევენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ნაციონალური კონგრესია. დედაქალაქსაც ბრაზილია ჰქვია. 160-მილიონიანი მოსახლეობის 95%-ს ბრაზილიელები შეადგენენ. რაც შეეხება ბრაზილიელთა ეროვნებას, იგი 3 ძირითადი რასის ხანგრძლივი ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიქმნა: ბრაზილია პორტუგალიის კოლონია იყო და იქ ევროპიდან ჩადიოდნენ თეთრკანიანები, აფრიკიდან მონებად ჩაჰყავდათ ზანგები, ხოლო ადგილზე მათ ხვდებოდნენ მკვიდრი ინდიელები. ასიმილაციის პროცესი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, ვინაიდან კოლონიზატორები უმთავრესად მამაკაცები იყვნენ და ძალაუნებურად, ურთიერთობა ჰქონდათ ინდიელ და ზანგ ქალებთან... ასე წარმოიქმნა ეთნიკური ნარევი _ მულატები (თეთრებისა და ზანგების ნაჯვარი), მეტისები (თეთრებისა და ინდიელების) და საბოები (ზანგებისა და ინდიელების ნაჯვარი). ეს მრავალფეროვანი მოსახლეობა პორტუგალიურად ლაპარაკობს, რომელიც მათთვის სახელმწიფო ენაა და აფრიკული წარმოშობისა და ინდიელთა დიალექტებიდან შესული სიტყვებით არის გამდიდრებული.
...1808 წელს მიღებული კანონის თანახმად, ქვეყანაში ნებისმიერ უცხოელს შეეძლო ჩასვლა და მიწის ნაკვეთის შეძენა. ამით შესაძლებელი გახდა თავისუფალი ტერიტორიების ათვისება, ევროპელთა მიზიდვა...
თეთრკანიან ემიგრანტებს შორის ტრადიციულად, ბევრია გერმანელი, უნგრელი, პოლონელი და იტალიელი. XX საუკუნის დასაწყისში მათ დაემატნენ ჩინელები და იაპონელები. ბრაზილიას ხშირად, ახალგაზრდების ქვეყანას ეძახიან. და მართლაც, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 20 წლისაა, 50 წელს გადაცილებულნი 10%-ს შეადგენენ. მიზეზი _ შობადობის მაღალი მაჩვენებელია (ევროპაში 1000 კაცზე 12 ახალშობილი მოდის, ბრაზილიაში კი _ 35!).
ფართობით ბრაზილია ყველაზე დიდი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში. მისი მოსახლეობის 80% ქალაქებში ცხოვრობს. უზარმაზარი ტერიტორია ხშირ ტყის მასივებს უკავია. მდინარე ამაზონის სანაპიროს კი, `მსოფლიოს ფილტვებს~ უწოდებენ. იქ დაახლოებით 4000 სახეობის მცენარე ხარობს (მსოფლიოში ყოველი მეოთხე ხე ბრაზილიაშია). მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც. ათასგვარი ეგზოტიკური მწერი თუ შხამიანი გველი არაერთ ტურისტს იზიდავს. კლიმატიც მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილია _ მთელი წლის განმავლობაში 24-28 გრადუსი სითბოა. ცხოვრებაც საკმაოდ იაფია და ამიტომაც, ბრაზილიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნის უდიდესი ქალაქებია: რიო-დე-ჟანეირო, სან-პაულუ და ბრაზილია. მე რიო-დე-ჟანეიროს სტუმარი გახლდით...
მე და ჩემი `რესპონდენტი~...
ჟუნიოს ასე თუ ისე ვიცნობდი, მაგრამ ხუთსაათიანი ფრენისას კიდევ უფრო ახლოს გავიცანი. უამრავი კითხვა დავუსვი, მაგრამ ჟუნიომ ყველაფერს გმირულად გაუძლო _ მშვიდად მპასუხობდა და ღიმილსაც არ იშურებდა.
_ ჟუნიო, ბრაზილიელი კი ხარ, მაგრამ, წარმოშობით ვინ ხარ? _ ეს ისეთი ინტერესით ვიკითხე, ჩემი `რესპონდენტი~ ღრმად ჩავაფიქრე და პასუხის გასაცემად საკმაო დროც დასჭირდა.
_ როგორ აგიხსნა, აკაკუს?.. დედა პუერტო-რიკოელი მყავს, მამა _ პარაგვაელი, ერთი ბაბუა ნიკარაგუელია, მეორე _ უნგრელი... მე კი, რიოში გავიზარდე და... ბრაზილიელი ვარ! ჩემი შვილებიც ბრაზილიელები არიან, თუმცა, დედა არგენტინელი ჰყავთ...
ვუსმენდი და ტვინი და სათვალავი ერთდროულად ამერია, თუმცა კი, `აღფრთოვანება~ ვერ დავფარე და ვუთხარი:
_ ბედნიერი კაცი ხარ, ჟუნიო! ასეთი ნათესავების პატრონს, მსოფლიოს მოვლა შეგიძლია...
_ შემიძლია, მაგრამ რად გინდა! ფული თუ არ გაქვს, ვერსადაც ვერ წახვალ.
_ სამსახურის მეტი რა არის, იმუშავე და გექნება.
_ ბრაზილიაში მცირე ხელფასებია, ამიტომაც დავდივარ ყოველწლიურად ამერიკაში: რასაც იქ ორ თვეში ვშოულობ, ბრაზილიაში იმდენს მთელ წელიწადშიც ვერ ავიღებ. ერთი მხრივ, თითქოს კარგია _ ფულს ვაკეთებ, მაგრამ ოჯახს დიდი ხნით ვშორდები. მთელი ცხოვრება გზაში ვარ, ბოშას დავემსგავსე...
ჟუნიო მშვენიერ ორსართულიან, ბაღით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად (სამი მასავით ჩამრგვალებული და მხიარული ბიჭუნა ჰყავდა). ამავე სახლში მისი მოხუცი მშობლებიც ცხოვრობდნენ და სამი ძმა, თავ-თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად. ასე რომ, მათთან კაცი არ მოიწყენდა.
...როგორც კი ტაქსით ჭიშკარს მივუახლოვდით, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებმა ჟუნიო შენიშნეს და ისეთი ყიჟინა მორთეს, ორიოდე წუთში ჩვენ გარშემო 50-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ასე რომ, თვალის დახამხამებაში, ბრაზილიურ `სერიალში~ აღმოვჩნდი... ჟუნიო გმირივით იდგა და კმაყოფილებისგან ცქმუტავდა. ისე ხმაურიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, კილომეტრში გაიგონებდით. მე ვიღას ვახსოვდი?! უხერხულად ვიგრძენი თავი... ბოლოს, როგორც იქნა, ერთი ხანში შესული მამაკაცი მომიახლოვდა (ჟუნიოს მამა) და შინ შემიპატიჟა...
10 დღე დავყავი ჟუნიოს სახლში და პირველი 4 დღე მას მხოლოდ ვახშმობის დროს ვხვდებოდი, როცა მთელი ოჯახი ერთად იყრიდა თავს. მოვიდოდა, ერთ ფინჯან ყავას დალევდა, ბოდიშს მოიხდიდა, თავის არგენტინელ ვნებიან მეუღლეს მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდა და საძინებლისკენ იღებდა გეზს. ცოტა ხანში `პატარძალიც~ გაქრებოდა და თან მაზლების ღიმილს გაიყოლებდა... ჟუნიოს საქციელს მისი ძმები თავისებურად მიხსნიდნენ _ ცოლი რომ გყავს, ფული და სიყვარული არ უნდა მოანატროო... ჩვენს რძალს ფული ნამდვილად არ აკლია, სიყვარულის `დანაკლისს~ კი, რომელსაც მთელი წელიწადი განიცდიდა, ქმარი ასე უნაზღაურებსო...
კონტრასტების ქალაქი
ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და ამდენად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრაზილიელები სხვებისგან გამორჩეული, საოცარი ოპტიმისტები არიან. რაც არ უნდა ღატაკი (თუმცა კი ასეთი იშვიათია) და პრობლემებით დამძიმებული კაცი შეგხვდეს, სასოწარკვეთილებას ვერ შეამჩნევ _ სიცოცხლე უყვართ და ხალისიანად გამოიყურებიან. სიარულიც კი განსხვავებული აქვთ _ თითქოს ცეკვავენ. იქ ყველა ღიღინებს. ავტომანქანებზე, ჩვეულებრივი სიგნალის ნაცვლად, სხვადასხვა მელოდია აქვთ დამონტაჟებული. ლამბადის ჰანგები ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის. ეს მუსიკალური იმპულსი ჩემზეც გადმოვიდა: მთელი დღეები სულ `ცეკვა-თამაშითა~ და ღიღინით ვათვალიერებდი ქალაქს. თავიდან ჟუნიოს ძმები და შვილები დამყვებოდნენ, ბოლოს კი `სიყვარულის ლაბირინთიდან~ გამოღწეულმა ჟუნიომაც მოიცალა ჩემთვის.
რიოში (ასე უწოდებენ ბრაზილიელები რიო-დე-ჟანეიროს) 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1960 წლამდე, ის ქვეყნის დედაქალაქი იყო, დღეს კი, უდიდესი სამრეწველო და საპორტო ცენტრია. ქალაქში ყველაფერი ერთმანეთშია არეული და გასაოცარი კონტრასტი იქმნება: მაზუთით `გამშვენიერებულ~ საცხოვრებელ კვარტლებს შორის, საოცრად მოვლილი ბაღები შეიძლება შეგხვდეს; ულტრათანამედროვე შენობათა გვერდით _ ჩვენებური `ბარაკები~; `როლს-როისებისა~ და ლიმუზინების ზღვაში, საბჭოთა `მოსკვიჩი~ და `ზაპოროჟეციც~ დავლანდე. კითხვაზე _ თუ საიდან მოხვდა ეს მანქანები აქ? _ ვერავინ მიპასუხა. უბრალოდ, ამ კითხვით რიოში მგონი, ჩემ გარდა, არავინ დაინტერესებულა. ქუჩები შავი და თეთრი აგურით არის მოკირწყლული _ როგორც ფერად და თეთრკანიანი მოსახლეობის მშვიდობიანი თანაარსებობის სიმბოლო...
რიოში, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრობენ თეთრკანიანები, ზანგები, მულატები და ღმერთმა იცის, კიდევ ვინ. ატმოსფეროც ინტერნაციონალური და ძალზე კეთილგანწყობილია.
...რიოში ძალზე ადვილად შეიძლება დაიკარგო. თუ იქაური არა ხარ, ქალაქში ორიენტირება გაგიჭირდება, მაგრამ თუ დაიკარგე, პრობლემა არ შეგექმნება _ საკმარისია, ნებისმიერ გამვლელს ჰკითხო მისამართი და სანამ არ `დაგაბინავებს~, არ მოგეშვება. მახსოვს, ერთხელ მარტო დავსეირნობდი ქალაქში და როცა შინ დაბრუნება დავაპირე, გზა ამერია _ ქუჩების თავსა და ბოლოს ვერ მივაგენი. ერთ მამაკაცს ვთხოვე დახმარება. სამწუხაროდ, მან გზა ვერ მიმასწავლა, მაგრამ არ მივუტოვებივარ _ დასახმარებლად სხვა გამვლელს მიმართა. იმანაც არ იცოდა. შეიქმნა კომიკური სიტუაცია: ყველა გამვლელს აჩერებდნენ და მისამართს ეკითხებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელმაც გასაჭირისგან გვიხსნა. იმ ქალბატონის გარდა, ჟუნიოს სახლთან კიდევ სამმა ბრაზილიელმა მიმაცილა...
რიოში ყოველი კუთხიდან შეგიძლიათ დაინახოთ მაცხოვრის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალ მთაზე _ კორკოვადოზე დგას! იესო ქრისტეს ფართოდ გაშლილი ხელები მთელ ქალაქს იცავს და მფარველობს. ამ მთაზე ტრამვაი ადის. ბოლო გაჩერებიდან ორასიოდე მეტრი ფეხით არის ასასვლელი. მწვერვალზე ასული ტურისტები (და ადგილობრივებიც) დაღლას არ უჩივიან. ენერგიის დახარჯვად ნამდვილად ღირს, კორკოვადოდან 15-მილიონიანი ქალაქისთვის თვალის გადავლება. ოკეანის სანაპიროზე, კლდეებით გარშემორტყმულ სრუტეში ჩამჯდარი ქალაქის პეიზაჟი საოცრად ლამაზი და მიმზიდველია. გამორიცხულია, ასეთ ქალაქში ცხოვრობდე და ცუდ გუნებაზე იყო... ვინ იცის, იქნებ, ამიტომაც არის, რომ რიოში ასე მსუბუქად და მხიარულად უყურებენ ცხოვრებას.
გაგიჟებას გიჯობს, ქალი გაიცნო...
ჟუნიოს სახლში ისეთი განცხრომით ვატარებდი დღეებს, თბილისში ოჯახი რომ არ მყოლოდა, ალბათ ბრაზილიაში დავრჩებოდი საცხოვრებლად... როგორც კი ჟუნიოს ქუჩას მივუახლოვდებოდი, დიდ პოლიტიკურ მოღვაწესავით ან ჰოლივუდის ვარსკვლავივით, საერთო ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. კაცი თუ ქალი (და ბავშვებიც კი) თავს ვალდებულად თვლიდა, ჩემთან მოსულიყო და ხელი ჩამოერთმია. ზო¬გი კიდევ, მოდიოდა და ბანანს, ანანასს ან რაიმე სხვა ხილს მჩრიდა ხელში. ერთხელ შინ ბანანების მთელი გროვა მივიტანე. დავითვალე და ორმოცდაათზე მეტი აღმოჩნდა...
_ რა ხდება, ჟუნიო, ასე რატომ მხვდებიან? _ გაოცება ვერ დავფარე.
_ უხარიათ. ამ უბანში იშვიათად მოდიან უცხოელები. თანაც რუსი მხოლოდ ტელევიზორში თუ უნახავთ...
_ მერე, მე რომ რუსი არა ვარ!..
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ?! მთავარია, ჩემი სტუმარი ხარ, _ გამოსავალი მოძებნა ჩემმა მასპინძელმა და სავახშმოდ მიმიპატიჟა.
ტრადიციულად, ბრაზილიური ოჯახები მრავალრიცხოვანია. ჟუნიოსთან 12-15 ადამიანი იკრიბებოდა სასაუზმოდ. თითქოს ძნელი უნდა ყოფილიყო ამხელა ოჯახის გამოკვება, მაგრამ რიოში საკვები პროდუქტი ძალიან იაფია, განსაკუთრებით _ ხილი, რომელიც წელიწადში სამჯერაც კი მოდის. კაფესა თუ რესტორანში კერძების უმეტესობაც ხილისგან არის დამზადებული. ჩვეულებრივი ამბავია ხილის კატლეტი, შემწვარი ბანანი და თხილის ფაფა... ბრაზილია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში.
რიოში მართლაც შესანიშნავი პლაჟებია, თითქმის 40 კილომეტრზე გადაჭიმული. ქვიშა ყვითელი და ხავერდივით რბილია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საპორტოა, იქ ისეთი ანკარა და გამჭვირვალე წყალია, რომ ფსკერის დანახვაც კი შეიძლება. სპორტული მოედანიც მრავლად არის. განსაკუთრებით, ფრენბურთის თამაში უყვართ. არის ერთი ყიჟინა და ემოციების გადმოფრქვევა. პლაჟები მუდამ ხალხით არის სავსე. შეიძლება, ისიც იფიქროთ, ამ ხალხს სხვა საქმე არა აქვსო. რიოელებს პლაჟის გა¬რეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. იქ ნამდვილი, ბუნებრივი `პოდიუმია~ _ ოღ¬ონდ მარტო მანეკენებისთვის კი არა, ყველასთვის. გოგონები წელს ზემოთ შიშვლე¬ბი დადიან. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა უამრავმა გრძელფეხება, ბრინჯა¬ოსფერმა გოგონამ ნამდვილი გამოცდა მომიწყო, შიშველი მკერდის დემონსტრირებით...¬
_ რა გჭირს, აკაკუს, რა თვალებს აცეცებ? _ მრავალმნიშვნელოვნად მკითხა ჟუნიომ.
_ სად მომიყვანე, ჟუნიო, გინდა, რომ გავგიჟდე?.. წავიდეთ ახლავე აქედან!.. _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი და ჩაცმა დავიწყე.
_ გაგიჟებას გიჯობს, ქალი გაიცნო და საქმეს მიხედო... არ გაინტერესებს, როგორები არიან ბრაზილიელი ანგელოზები?
_ კი, მაგრამ ვინ ავირჩიო ან როგორ ავირჩიო? ერთი მეორეზე უკეთესია!.. _ მართლაც, ფეტვივით დაბნეული ვიყავი.
_ ეე, ბიჭო, ვერ გაიგე, რომ ბურთი და მოედანი შენს ხელშია! ბრაზილიაში ნამდვილ მამაკაცს დიდი ფასი აქვს. თუ ქალის არჩევა გაგიჭირდება, შენც ადექი და ვინც კი მოგეწონება, პაემანი ყველას დაუნიშნე (ოღონდ, დრო არ აგერიოს, რამდენიმე ერთდროულად არ დაიბარო, თორემ, შენც გაგწეწავენ და ერთმანეთსაც)!.. შენი `ბრაზილიური პრობლემაც~ გადაიჭრება და მშობლიურ ქალაქშიც მდიდარი შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდები! გაიგე?.. აღარ შემაწუხო, საქმეს მიხედე!.. _ მითხრა ჟუნიომ, გვერდზე მიმავალ ქერა ლამაზმანს აეკიდა და საღამომდე აღარც გამოჩენილა... ერთი სიტყვით, რომანტიკული ფლირტი რიოს პლაჟზე ჩვეულებრივი მოვლენაა.
...იმ დღის შემდეგ, პლაჟი ჩემი `დღის რეჟიმის~ აუცილებელი `პუნქტი~ გახდა... დროდადრო ჟუნიოს სიტყვები მახსენდებოდა: `მინდა, მოვკვდე პლაჟზე. იმიტომ, რომ პლაჟი მილიონერსა და მათხოვარს თანასწორ მდგომარეობაში აყენებს. იმიტომ, რომ დედამიწაზე არ მეგულება ადგილი, სადაც ადამიანი ასეთი თავისუფალი და ბედნიერია...~
რიოს მინიკარნავალები... პრეზერვატივებით
რიო-დე-ჟანეიროს საყოველთაოდ ცნობილი კარნავალი საგანგებო თემაა. ეს გრანდიოზული ზეიმი 4 დღე გრძელდება, მაგრამ ქალაქი მთელი 2 კვირა არ იძინებს. ზოგ უბანში ზეიმი მთელ თვესაც კი გრძელდება. თანაც, ვინც კარნავალს არ დასწრებია, მას უფლებაც არა აქვს, მის შესახებ დაწეროს ორ-სამ წინადადებაზე მეტი (მე ამ მხრივ ყველა წესი დავიცავი). სამაგიეროდ, რიოში მოხვედრილი ადამიანი ვერაფრით ასცდება `მინიკარნავალებს~, რომლებიც იქ ძალზე ხშირად იმართება. ფაქტობრივად, ეს საცეკვაო მოედნებია, სადაც უამრავი ახალგაზრდა იკრიბება. ბევრ სასმელს სვამენ (რა თქმა უნდა, ალკოჰოლურსაც), პოლიციელებიც იქვე ტრიალებენ, მაგრამ ძირითადად, უსაქმოდ დაყიალობენ. დარწმუნებული ვარ, მათაც დიდი სურვილი აქვთ, დილამდე იცეკვონ, მაგრამ მუნდირი ამის საშუალებას არ აძლევს.
ბრაზილიელებს თუ რაიმე კარგად გამოსდით, ეს უპირველესად ცეკვა გახლავთ. ცეკვავენ ენერგიულად, დიდხანს და თავდავიწყებით. განსაკუთრებული ენთუზიაზმით ქალები გამოირჩევიან, ნახევრად შიშვლები _ სავსე მკერდითა და მკვრივი დუნდულების თავბრუდამხვევი რიტმული მოძრაობით მამაკაცებს თავგზას ურევენ... ამით შესანიშნავად სარგებლობენ გადამყიდველები (რომელთა რაოდენობაც რიოშიც საკმაოდ სოლიდური ყოფილა) და უამრავ ნაირ-ნაირ პრეზერვატივს ასაღებენ... ტყუილად როდი ოცნებობდა ოსტაპ ბენდერი რიოში მოგზაურობაზე. მისგან განსხვავებით, მე ნამდვილად გამიმართლა...
ქართული `ბიზნესიდან~ ამერიკაში...
მას აქეთ 500 წელზე მეტი გავიდა, რაც ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტზე დადგა ფეხი. 500 წელზე მეტია, მსოფლიოში არ განელებულა ინტერესი `ახალი სამყაროს~ მიმართ...
ეს კონტინენტი ანდამატივით იზიდავდა ათასი ჯურის ადამიანებს: გაჭირვებულები იქ ლუკმაპურის საშოვნელად მიდიოდნენ, ავანტიურისტები _ სიმდიდრის შესაძენად, ბოროტმოქმედები მართლმსაჯულებას გაურბოდნენ, უთვისტომოები სამშობლოს ეძებდნენ... ზოგს იქაური მიწა იზიდავდა, ზოგსაც _ იქაური ოქროს ბზინვარება... ერთი სიტყვით, მიედინებოდა და მიედინებოდა ჭრელი მასა. სახლდებოდნენ აუთვისებელ მიწებზე და იწყებოდა ახალი ცხოვრება. წლები წლებს მისდევდა, საუკუნე _ საუკუნეს. ყალიბდებოდა სახელმწიფოები. ერთ-ერთი მათგანი _ ამერიკის შეერთებული შტატებია _ ქვეყანა, სადაც ორ წელიწად-ნახევარი გავატარე და ასე მგონია, ჩემი ცხოვრების ნახევარი ამერიკაში გავლიე-მეთქი.
ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ იყო პირველი ქართველი, ვინც ამერიკას ესტუმრა. თუმცა კი, აგერ ახლა, სრულიად შემთხვევით, VIII კლასის ახალი ისტორიის სახელმძღვანელო ჩამივარდა ხელში და პირველივე, რაც თვალში მომხვდა, იცით, რა იყო?.. თურმე, ნუ იტყვით და, ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციაში ქართველიც ყოფილა, გვარად მალაშხია. მისი შთამომავალი _ ახლა უკვე ნატურალიზებული ანუ ძირძველი მექსიკელი პატიოსნად ეწეოდა ფოტოგრაფის უპრეტენზიო საქმიანობას საკუთარ მომცრო ფოტოატელიეში, რომლის ფირნიშზე ეწერა _ `მალაშხია~. ასწლეულების შემდეგ იქ ტურისტად მოხვედრილ მის ქართველ მოგვარეს მექსიკაში `ახალი ამერიკა~ აღმოუჩენია: როცა ადგილობრივ ფოტოგრაფს გამოცნაურებია, მის წინაშე ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის შთამომავალი აღმოჩენილა... რას არ გაიგებს კაცი!..
იძულებით... ამერიკის გზაზე
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა ემიგრაციის ახალი ტალღა ააგორა. ათასობით ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა, ოჯახი მიეტოვებინა და საშოვარზე ოკეანის გაღმა გამგზავრებულიყო...
მეც დიდხანს ვითრიე ფეხი. ბევრი ვიტრიალე და რა აღარ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. უფრო მეტიც _ ვალებში `ჩავიძირე~ და როცა თანხამ გეომეტრიული პროგრესიით ზრდა დაიწყო, მეც იძულებული გავხდი, ამერიკის გზას დავდგომოდი... როცა მეგობრებს ვუთხარი, ამერიკაში წასვლას და ფიზიკური შრომით მატერიალური პრობლემის გადაჭრას ვაპირებ-მეთქი, თითქოს ყველამ პირი შეკრაო, გაოცებულები მეკითხებოდნენ: როგორ, კაკო, ამერიკაში ჭურჭლის მრეცხავ მონად მიდიხარო?!. ჩემი მაინც არ დავიშალე და 1998 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ავიღე გეზი.
ამერიკა `ქვემოდან~ შევისწავლე, უამრავი ადამიანი გავიცანი და საინტერესო ამბებიც გადამხდა თავს... თუ ნერვები არ გიმტყუნებთ და მცირეოდენ დროსაც დამითმობთ, მომყევით და მეც დიდი სიამოვნებით მოგიყვებით უბრალო ქართველი კაცის თვალით დანახული ამერიკული ცხოვრების შესახებ...
წვრილ-წვრილი ამბები ისტორიიდან
ახლა დაწვრილებით აღარ მოგიყვებით იმის შესახებ, რომ კოლუმბი ოთხჯერ ესტუმრა ამერიკას და არასოდეს უთქვამს, რომ ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. მას სჯეროდა, რომ ინდოეთს ესტუმრა... კოლუმბის წარმატებით აღფრთოვანებულნი, პირველად ესპანელები გადასახლდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ახალი მიწებიც, შესაბამისად, ესპანეთის მფლობელობაში გადადიოდა...
ვარაუდი, რომ ეს მიწები ინდოეთს კი არა, სრულიად ახალ კონტინენტს ეკუთვნოდა, პირველად ფლორენციელმა მეზღვაურმა ამერიგო ვესპუჩიმ გამოთქვა. სწორედ მისი სახელი გახდა შემდგომ ამერიკის სახელის საფუძველი. ამერიგო ვესპუჩის მრავალი მოგზაური მიჰყვა _ მაგელანი, ვერეზანო, ჰადსონი. დღეს ამერიკაში ბევრგან შეხვდებით მათი სახელობის მთას, მდინარეს, ქუჩას, ქალაქს... დიდი გადასახლების პროცესში რუსეთიც ჩაერთო. პეტრე პირველმა დააფინანსა ექსპედიცია (1723-1743 წლები), რომელსაც რუსი ჩირიკოვი და დანიელი ბერინგი ედგნენ სათავეში (ეს ის ბერინგია, რომლის სახელიც ეწოდა სრუტეს აზიასა და ამერიკას შორის).
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ესპანეთმა დაიპყრო, ბრაზილია _ პორტუგალიის კოლონია გახდა. კონტინენტზე მცხოვრები გულუბრყვილო ინდიელები განვითარების ძალზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. თავდაპირველად კონფლიქტი ინდიელებსა და კოლონიზატორებს შორის არცთუ ისე მწვავე იყო. დაპირისპირება უფრო ხშირად თვით ევროპულ ქვეყნებს შორის იჩენდა თავს, რომლებიც ერთმანეთს ახალ სამყაროში დასამკვიდრებლად ებრძოდნენ. ასე ჩნდებოდა: ახალი ჰოლანდია, ახალი ინგლისი, ახალი ესპანეთი, ახალი საფრანგეთი. რუსებმაც გამოიდეს თავი და უბრძოლველად დაისაკუთრეს ალასკის ნახევარკუნძული.
XVI საუკუნის დასაწყისში, დღევანდელი შეერთებული შტატების დასავლეთი სანაპირო მთლიანად ჰოლანდიას ეკუთვნოდა. მაგრამ მერე ინგლისმა მოახერხა მართვის სადავეების ხელში აღება და ამის შედეგად ბევრ ქალაქს შეუცვალეს თავდაპირველი სახელი _ მაგალითად, ახალ ამსტერდამს ნიუ-იორკი ეწოდა... ინგლისს უპირისპირდებოდა საფრანგეთი, რომელსაც დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე ჰქონდა პრეტენზია. მაგრამ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, ბრიტანეთის სამეფომ ჩრდილოეთ ამერიკა დაისაკუთრა.
...თავდაპირველად, ინდიელები გულღიად ხვდებოდნენ ინგლისელებს. მაგრამ თანდათან მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. კოლონიზატორები ინდიელთა კუთვნილ მიწებს ითვისებდნენ, მუშახელად კი, ინდიელების გამოყენება სურდათ. ინდიელთა მუდმივ წინააღმდეგობას მათთან ასევე მუდმივი ბრძოლა მოჰყვებოდა, რომელიც მათ სრული განადგურებით ემუქრებოდა... დღევანდელ ამერიკაშიც კი, ინდიელები განცალკევებით ცხოვრობენ. ასეთ ადგილებს რეზერვაციებს უწოდებენ, სადაც კი აშშ-ის კანონებს `ძალა არა აქვს~ _ იქ ყველაფერს ტომის ბელადები წყვეტენ (ინდიელთა დასახლებაში მეც მომიწია ყოფნამ და ამის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ).
ვახოს ძმაკაცმა `გადაგვაგდო~
ხომ გახარებდათ სკოლიდან ან ინსტიტუტიდან ექსკურსიაზე წასვლა, ან სულაც მცირე ხნით მოგზაურობა, თუნდაც მაშინდელ სოციალისტურ ქვეყნებში? მეც ასე ვიყავი _ ყოველი ასეთი ექსკურსიის თუ მოგზაურობისას ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გამეგო, ნანახი და განცდილი ახალი ენერგიით მავსებდა და მეტის ხილვის სურვილს მიჩენდა.
ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობამ. ამერიკაში მოხვედრა კი არასოდეს ყოფილა ადვილი, ამიტომ თითქოს უნდა გამხარებოდა, რომ ოკეანის გაღმა, მილიონობით ადამიანის საოცნებო ქვეყანაში მივემგზავრებოდი. მაგრამ ამჯერად, მოგზაურის განწყობა როდი მქონდა. ის მადარდებდა, როგორ მოვეწყობოდი სრულიად უცხო ქვეყანაში, ვიშოვიდი თუ არა სამუშაოს და მოვაგვარებდი თუ არა ამით ჩემს მატერიალურ პრობლემებს...
ამერიკაში ბავშვობის მეგობართან, ვახო შუბლაძესთან ერთად უნდა წავსულიყავი. იქ ვახოს ძმაკაცი უნდა დაგვხვედროდა, რომელიც ქალაქ დეტროიტში ცხოვრობდა და როგორც თვითონ გვითხრა, ყველაფერში დაგვეხმარებოდა. ამიტომაც, დაიმედებულიც ვიყავი და გამგზავრების წინ ჩინებულ გუნებაზეც დავდექი. მაგრამ გაფრენამდე ორი დღით ადრე, ჩვენი დეტროიტელი თანამემამულე დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ორი კაცის მიღება არ შეეძლო. ერთ-ერთმა თქვენგანმა ჩემთან იცხოვროს, მეორემ კი თავისით გაიკვლიოს გზა _ ანუ თავში ქვა იხალოსო...
რა უნდა გვექნა? ბილეთებს ვეღარ დავაბრუნებდით, ვერც ერთმანეთს მივატოვებდით და ასე, უმისამართოდ, ჩემი ინგლისური ენის იმედით ავიღეთ ნიუ-იორკისკენ გეზი...
მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე 9 საათი მივფრინავდით. ვახოს დანა პირს არ უხსნიდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
_ რა გჭირს, ბიჭო, ენა ხომ არ გადაყლაპე? _ ვკითხე ბოლოს მისი დუმილით შეწუხებულმა.
_ თვალებში ვეღარ გიყურებ, კაკო, რა გვიქნა ეს ჩემმა `ძმაკაცმა~, როგორ `გადაგვაგდო~!..
_ ალბათ რაღაც პრობლემები აქვს და იმიტომ ვერ მიგვიღებს ორივეს.
_ მერე, თავიდანვე ეთქვა მაგ მამაცხონებულს, რას გვპირდებოდა?! სხვა ვინმეს მოვძებნიდით, ლამის ნახევარი თბილისი ამერიკაშია. ახლა რაღა გვეშველება?.. _ ამდენ ხანს ხომ ხმას არ იღებდა და ახლა უკვე ვეღარ ვაჩერებდი, გაცეცხლებულს.
_ ალბათ დარწმუნებული იყო, რომ კონსული ვიზას არ მოგვცემდა. ბოლოს კი, რაღას იზამდა _ სიმართლე გვითხრა. ნუ გეშინია, ყველაფერს ეშველება, _ შეძლებისდაგვარად ვამშვიდებდი ვახოს, თუმცა, არც მე ვიყავი მასზე ნაკლებ დღეში...
ერთმა თვალის ჩაპაჭუნებამ
კინაღამ დაგვღუპა...
ჯონ კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. იქ ყოველ 3 წუთში ეშვება თვითმფრინავი. იმდენი ადამიანი ტრიალებს, გეგონება, გზას ვერ გაიკვლევ... მიუხედავად მგზავრთა სიმრავლისა, საბაჟო შემოწმება საკმაოდ მკაცრად მიმდინარეობს. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, წინასწარვე ვიცოდით და ამის გამო ვღელავდით კიდეც.
მე ისე გავიარე `სასაზღვრო ზოლი~, რომ ზანგ ოფიცერს ჩემთვის არც კი შემოუხედავს _ პასპორტში ბეჭედი ჩამირტყა, კეთილი იყოს ამერიკაში თქვენი მობრძანებაო, _ მითხრა და გასასვლელისკენ გზა დამითმო... აი, ვახოს კი `გაუმართლა~: მებაჟედ მშვენიერი, ახალგაზრდა ქერა ქალი შეხვდა. გაუღიმა კიდეც... ვახოსაც მეტი რაღა უნდოდა?! თბილისელი ქალებისგან განებივრებულმა იფიქრა _ ამერიკელი მებაჟე მოვხიბლეო, არც აცია, არც აცხელა და სიმპათიურ ოფიცერს ორივე თვალი ჩაუპაჭუნა... ჰოდა, ეს თვალის ჩაპაჭუნება საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მშვენიერი არსება `მონსტრად~ ქცეულიყო: იმდენი შეკითხვა დაუსვა ვახოს, რომ მგონი, საერთოდ დაავიწყა, მამაკაცი რომ იყო... მან არც ინლისური იცოდა რიგიანად და რაც იცოდა, ისიც უცბად დაავიწყდა, რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა, მკაცრი მებაჟე კი კითხვას კითხვაზე უსვამდა...
ვახოს პასუხებიდან ძნელი გასარკვევი იყო, თუ საიდან, ვისთან და რა მიზნით ჩამოვიდა ეს შავტუხა, მოარშიყე ბიჭი ამერიკაში... საქმე მეტისმეტად გართულდა, იმდენად, რომ მებაჟემ რამდენჯერმე, მგზავრის უკან გაბრუნებაც კი ახსენა... მე იქვე ახლოს ვიდექი და ყველაფერი მესმოდა. თავიდან, არ მინდოდა, ჩავრეულიყავი, ვიფიქრე _ ახლა მეც არ მომდგეს-მეთქი თავმომწონე ოფიცერი, _ მაგრამ ბოლოს იძულებული გავხდი, რაღაც მეღონა ჩემი მეგობრის გამოსახსნელად. მთელი ჩემი ინტელექტის, ზრდილობის, განათლებისა და ინგლისურის ცოდნის გამომჟღავნება დამჭირდა, რომ ეს ქალბატონი ჩვენს კეთილსაიმედოობაში დამერწმუნებინა. ამდენ `ცოდნას~ გვარიანი ენერგიაც ზედ მივაყოლე და როგორც იქნა, მთელი საბაჟო დავარწმუნე, რომ ძალიან, ძალიან წესიერი ადამიანები ვიყავით, ამერიკის დათვალიერების სურვილი ბავშვობიდან მოსვენებას გვიკარგავდა, არაფერი საჩოთირო გულში არც კი გაგვივლია... როგორც იქნა, დაგვიჯერეს, გვენდნენ და გაგვიშვეს...
`ო’კეი!~ _ ყველაზე მაგარი
სიტყვა ამერიკაში...
კორიდაზე რომ მებრძოლა ხართან, თანაც _ უმახვილოდ და მხოლოდ წითელი ქსოვილით ხელში, ალბათ მაშინაც არ დავიღლებოდი ისე, როგორც ჯერ მებაჟე ქალთან, შემდგომ _ მებაჟეთა `კოლონასთან~ ბრძოლამ დამქანცა. არც ვახო იყო უკეთეს დღეში. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვისხედით აეროპორტის დარბაზში და სულს ვიბრუნებდით. თან არ გვჯეროდა, რომ აეროპორტში ვიყავით და არა უკან, თბილისში დასაბრუნებელ თვითმფრინავში...
_ ეი, შენ, დონ ჟუანო, აწი მაინც ფრთხილად იყავი. უნდა იცოდე, ვის შეიძლება უპაჭუნო თვალები... _ ვცადე, მისთვის ჭკუა მესწავლებინა.
_ შენღა მაკლიხარ ახლა! კინაღამ მოვკვდი კაცი... ოღონდ აქ საქმე გამოგვივიდეს და ქალებისკენ საერთოდ არ გავიხედავ... _ წყენა გაერია ხმაში ვახოს. მეც მოვლბი და მეგობარი დავამშვიდე:
_ კარგი ახლა, მასეც არ არის საქმე... ნუ მოეშვები, ყველაფერს ეშველება, მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ.
გადავხვიე ხელი ბავშვივით დატუქსულ `ჯენტლმენს~ და ტაქსების გაჩერებისკენ გავემართეთ.
ამერიკა რომ ემიგრანტების ქვეყანაა, საყოველთაოდ ცნობილია. ემიგრანტთა სიმრავლე და სიჭრელეც რომ ჩვეულებრივი ამბავია, ესეც კარგად ვიცოდი, მაგრამ პირველივე ტაქსიში, ქერა ამერიკელის ნაცვლად, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პაკისტანელი მძღოლი თუ დაგვხვდებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი... ჰოდა, ამ პაკისტანელმა ჩემს კითხვაზე, წაგვიყვანდა თუ არა სასტუმროში? _ ისეთი `დამტვრეული~ ინგლისურით მიპასუხა, რომ იქით შემეცოდა... ჩავსხედით თუ არა ტაქსიში, მძღოლმა მაგნიტოფონი ჩართო და ინდური თუ პაკისტანური მელოდიების თანხლებით გავუდექით გზას. ჩვენ ყურები ჩამოვყარეთ, ტაქსისტი კი ისე აყოლებდა მხრებს საყვარელ მოტივებს, ერთი პირობა ვიფიქრე, არსად გადაგვჩეხოს-მეთქი...
ჩვეულებად მაქვს, უცხო ქალაქის გაცნობას ტაქსისტებთან საუბრით ვიწყებ. არც ამჯერად ვუღალატე ნაცად ხერხს:
_ პაკისტანელი ხარ?
_ o’kei, _ მიპასუხა მან მოკლედ.
_ ქალაქი შორს არის?
_ o’kei.
_ გთხოვ, იაფფასიან სასტუმროში მიგვიყვანო.
ერთი შემომხედა, თითქოს რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ ნაცნობი სიტყვით მიპასუხა:
_ o’kei.
_ დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობ? _ მინდოდა, ლაპარაკში ამეყოლიებინა.
_ o’kei,, _ კვლავ ამ ერთი სიტყვით მიპასუხა და სხვა რაღა გზა მქონდა _ მეც გავჩუმდი. ვიფიქრე, ალბათ ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა და ასე მანიშნებს, რომ თავი დავანებო...
მე კი გავჩუმდი, მაგრამ `ოკეით~ ახლა ვახო დაინტერესდა.
_ კაკო, რა გითხრა ამ პაკისტანელმა?
_ არაფერი.
_ კი, მაგრამ სულ ამ `o’kei, ~ რომ გეუბნებოდა, ამერიკაში ალბათ მაგარი სიტყვაა, არა?
_ ალბათ მართლა მაგარი სიტყვაა... _ ცალყბად ვუპასუხე. ვახომ კი, თითქოს გამოსავალი იპოვაო, ასეთი დასკვნა გამოიტანა:
_ ჰოდა, ეს პაკისტანელი თუ მარტო `ოკეით~ ცხოვრობს ამხელა ქვეყანაში, მე დამატებით ერთ-ორ სიტყვას ვისწავლი და წარმოიდგინე, როგორ დავიპყრობ ამერიკას...
ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა. მძღოლმა გაოცებული სახით შეგვათვალიერა. აშკარად გაღიზიანება დაეტყო (არ ვიცი, ჩვენი სიცილი არ მოეწონა თუ მისთვის გაურკვეველი ენა), მაგნიტოფონისკენ დაიხარა და ხმას ბოლომდე აუწია...
ამასობაში `იაფფასიან~ სასტუმროსთან (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ) მივედით კიდეც. მძღოლს ფული გავუწოდე, გამომართვა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები დაავიწყდა თუ გადაიფიქრა, ვერ მივხვდი. ბოლოს კი, ჩვენთვის უკვე ასეთი `ნაცნობი~ სიტყვით დაგვემშვიდობა:
_ ო’კეი, _ და ზედ ამერიკაში ნასწავლი ღიმილიც მოაყოლა.
უფულოდ... მილიონერთა სასტუმროში
პირველი გრძნობა, რომელიც ნიუ-იორკში განვიცადე, შიში გახლდათ _ შიში იმისა, რომ ფეტვივით დავიბნეოდი უზარმაზარი გრანიტის ლოდებისგან ნაგებ ცადაწვდილ შენობებს შორის, სადაც უამრავი მანქანა და ადამიანი ირეოდა. ამას ემატებოდა აუტანელი ხმაური და ეს ყველაფერი ერთად ჩემში უსუსურობის გრძნობას იწვევდა.
...ვახოს გადავხედე, სახეზე ფერი არ ედო. მივხვდი, ისიც დიდი ქალაქის შიშს შეეპყრო.
_ კაკო, სერიოზულად გეუბნები, მომისმინე... _ დაიწყო პათეტიკური ტონით.
_ რა ხდება, რა დაგემართა?! _ ვეცადე, დამემშვიდებინა.
_ არ დამიწყო ახლა მაიმუნობა, არ მიმატოვო, თორემ, თუ დავიკარგე, მე რომ ვერ გიპოვო, ჩემებს მაინც ვერ გადაურჩები...
_ შენ თუ ჩემს იმედზე ხარ, მაშინ კარგად გქონია საქმე... ნუ გეშინია, ბიჭო, რა ყურები ჩამოყარე!.. _ დავამშვიდე და პაკისტანელის მიერ შერჩეული სასტუმროს ფოიეში შევედით.
თურმე ნუ იტყვით და, მანჰეტენზე ვართ, ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში, `სენტრალ პარკის~ სამხრეთით, სადაც სასტუმროთა მთელი კომპლექსია განლაგებული. მაგრამ სასტუმროც არის და სასტუმროც _ იქ ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ჩერდებიან!.. არ ვიცი, სიმდიდრის რა შეგვატყო მძღოლმა ან კიდევ იაფფასიან სასტუმროში მიყვანა რომ ვთხოვე, ამის საპირისპიროდ რატომ გაიგო... ასე იყო თუ ისე, მილიონერთა სასტუმროში ამოვყავით თავი.
ადმინისტრატორთან მისულები არც ვიყავით, რომ ჩვენი ჩანთები შვეიცარებს უკვე ხელში ეჭირათ და მზად იყვნენ, ნებისმიერი ჩვენი სურვილი შეესრულებინათ... ადმინისტრატორი ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც ისე გვიღიმოდა, თითქოს ჩვენს დანახვაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი გახარებია... კმაყოფილებისგან გავიბადრე, ვახოს კი წესიერად არც შეუხედავს მისთვის (აეროპორტში მის თავს გადახდენილი ამბავი მწარედ ახსოვდა და ეშინოდა, ახალ შარს არ გადავყროდით). თვალის დახამხამებაში შეგვივსეს ანკეტები და ნომრების გასაღები ლამის `საზეიმო ვითარებაში~ გადმოგვცეს. ბოლოს, მოკრძალებული კითხვაც დაგვისვეს _ ნაღდი ფულით გადაიხდით თუ საკრედიტო ბარათითო?
_ რამდენია გადასახდელი? _ ეს კითხვა თავიდანვე უნდა დამესვა...
_ დღე-ღამეში 1.800 დოლარი.
გავშეშდი (ეს `ასტრონომიული~ თანხა რომ მქონოდა, ვინ იცის, შეიძლება, ამერიკაში არც წამოვსულიყავი!). ადმინისტრატორი ისევ მომხიბლავად მიღიმოდა...
_ რას დამუნჯდი, ხმა გაეცი, რაღაცას გეკითხება! _ შემაჯანჯღარა ვახომ.
_ იქნებ, უფრო იაფფასიანი ნომერი გაქვთ? _ როგორც იქნა, ამოვღერღე.
_ რა თქმა უნდა, გვაქვს: 1.500 დოლარი ღირს.
_ უფრო, უფრო, უფრო... _ ნერვიულობისგან, ყველა სხვა სიტყვა, იმ ჩვენი `დამღუპველი~ პაკისტანელი მძღოლივით ჩავყლაპე...
_ უკაცრავად, მაგრამ უფრო იაფი ნომერი ჩვენს სასტუმროში არ არის... _ კვლავ მიღიმოდა, ჩემი ცოდვით სავსე ადმინისტრატორი.
_ იცით... _ დავიწყე და ისევ ვეღარ გავაგრძელე.
_ ნუ ნერვიულობთ, არა უშავს, ასეთი რამ ჩვენთან ხშირად ხდება: ეს ხომ მდიდართა სასტუმროა. შეგიძლიათ, ამ ქუჩას გაჰყვეთ და თქვენთვის შესაფერის სასტუმროსაც იპოვით...
ასეთ ფინალს ნამდვილად არ მოველოდით. ადმინისტრატორს და შვეიცარებს მადლობა გადავუხადეთ, დავემშვიდობეთ და რამდენიმე წუთში, ამჯერად უკვე დაიმედებულნი, ხმაურიან ქუჩას მივუყვებოდით...
ჩემი და ვახოს ამერიკული
თავგადასავლები მანჰეტენში...
ასე და ამგვარად, შორეულ ამერიკაში საშოვარზე გადახვეწილი, ნიუ-იორკში ჩაფრენილი ორი ქართველი ძმაკაცი სასტუმროდან სასტუმროში ვინაცვლებთ. ამასობაში, ლამის მთელი მანჰეტენი მოვიარეთ. მაინც ვინარჩუნებთ ოლიმპიურ სიმშვიდეს და ერთმანეთს არ ვუმხელთ შიშს (თუმცა, რა გამხელა უნდა?!), რომელიც სიფათებზე გვაწერია და სულ უფრო და უფრო გვეძალება...
შევდივართ მორიგ ოტელში, ვითხოვთ ყველაზე იაფ ნომერს და მოკრძალებით ვკითხულობთ ფასს. თითქოს პირი შეკრესო _ ღამის გათევა ყველგან 1.000 დოლარი ღირს. ჩვენ ორივეს ერთად ამის ნახევარიც არა გვაქვს...
_ რა გვეშველება, კაკო, რა წყალში ჩავცვივდეთ?.. _ მკითხა სასოწარკვეთილმა ვახომ.
_ აბა, რა გითხრა, ჩემო ძმაო?! ფული ჩვენ არ გვყოფნის, უფულოდ კი, ღამეს არავინ გაგვათევინებს. შეხედე იმ ზანგს _ აი, მასავით `ცხოვრება~ მოგვიწევს... _ `დავამშვიდე~ ვახო და ქუჩის იმ კუთხისკენ მივახედე, სადაც ერთი შავკანიანი მოხუცი ზედ ბანკის კედელთან, პირდაპირ ტროტუარზე წამოწოლილიყო, ტანზე საბანიც დაეფარებინა და უდარდელადაც ხვრინავდა.
_ მერე?! _ `ავარდა~ ვახო.
_ რა _ მერე? ვიცხოვრებთ `ბომჟებივით~. თუ გრცხვენია, მურს წაგისვამ, გაგაშავებ და კაციშვილი ვერ გიცნობს! _ ვუთხარი, თითქოს მანჰეტენის ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც ვახოს კარგი ნაცნობ-მეგობარი იყო.
_ კაკო, ახლა დატრიალდი! როგორც ჩამომიყვანე ამ დასაკარგავში, ისე მიპატრონე, თორემ, ერთი თუ მოგადე მაგ მონგრეულ ცხვირ-პირში, იცოდე, სიკვდილამდე გეხსომება!
ახლა უკვე ნამდვილად აღარ ხუმრობდა ჩემი სასოწარკვეთილი ძმაკაცი. სხვა რა გზა მქონდა _ თავი მაგრად გავაქნ-გამოვაქნიე, გონება დავძაბე და დავფიქრდი, როგორ გამოვსულიყავით ამ რთული მდგომარეობიდან.
გვიან მივხვდი: ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მე-5 ავენიუზე დავაბოტებდით. ამ პრესტიჟულ ქუჩაზე მარტო ამერიკელ მილიონერებს კი არა აქვთ ზღაპრული სრასახლები, არამედ სხვა ქვეყნებში გამდიდრებული ადამიანებიც მისკენ მიილტვიან. ძვირად ღირებული ლიმუზინებით დაქრიან კინოვარსკვლავები და ცნობილი პოლიტიკოსები, მწერლები და ბიზნესმენები... ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა ნაცნობ სახეებსაც წააწყდებით. მათ სხვებისაგან იმით გამოარჩევთ, რომ თავადვე უკვირთ საკუთარი სიმდიდრე, თუმცა, არმად ნაშოვნი ჩვენი და ჩვენი მამების ფულით გამდიდრებულნი, მოურიდებლად ახდენენ თავიანთი მილიონების დემონსტრირებას _ აცვიათ ძალიან ძვირად ღირებული ტანსაცმელი (თუმცა კი, არცთუ ისე გემოვნებით შერჩეული) და სახის გამომეტყველებით თითქოს გეუბნებიან _ აბა, ერთი შემომხედე, რა კაცი ვარო!.. ხომ არავინ ჰკითხავს, საიდან გაუჩნდათ ამდენი ფული. არც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას მოსთხოვს ვინმე და არც საირმის გორაზე აშენებული სასახლის ბავშვთა სახლისთვის გადაცემას...
ფული ამ რაიონში ყველაფერს წყვეტს (თუმცა, სხვაგანაც ასე არ არის?). მაგრამ ერთ რამესაც მივაქციე ყურადღება _ მე-5 ავენიუზე ერთი კოლოფი სიგარეტი, რომელსაც სხვა უბანში 5 დოლარად იყიდი _ 50 დოლარამდე ღირს. მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და ერთ ფაქტს გავიხსენებ. ერთხელ, სხვა უბანში საკმაოდ კარგი ფეხსაცმელი ვიყიდე 70 დოლარად. გავედი მე-5 ავენიუზე და ვხედავ, ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი, არც მეტი, არც ნაკლები, 1.200 დოლარი ღირს!.. ხომ იცით, ქართველი კაცის ამბავი, თავის გამოჩენა და ბაქიობა რომ უყვარს: ჰოდა, მერე ნაცნობები მიმყავდა და ვაჩვენებდი _ ნახეთ, რა ძვირად ღირებული ფეხსაცმელი ვიყიდე-მეთქი... მაგრამ რად გინდა? ჩემი სიამაყე მაშინვე ფრთებს შეიკვეცდა, როცა რომელიმე იქ მიყვანილი ნაცნობი (რა თქმა უნდა, ამერიკაში ჩემსავით `ფულის საკეთებლად~ ჩასული ქართველი) ან ფულის სესხებას მთხოვდა, ან საქმეში კომპანიონობას მთავაზობდა. ვიხუმრე-მეთქი, _ წავიბუტბუტებდი და ასე მთავრდებოდა ჩემი `მილიონერობა~...
ამ `ლირიკული წიაღსვლიდან~ ისევ სასტუმროს ძიების ამბავს დავუბრუნდეთ. ძალიან კი გავწვალდით, მაგრამ შეუძლებელი იყო, ის პარადოქსული სურათი არ დაგვეფიქსირებინა, რომელიც ამ მანჰეტენზე სუფევდა: უმდიდრესი ადამიანებისა და დიდი ფულის ამ საუფლოში საღამოობით ტროტუარებზე, პირდაპირ ღია ცის ქვეშ, მათხოვრები და მაწანწალები იძინებენ. კონტრასტი საკმაოდ თვალშისაცემია, ამ მოვლენის მიზეზი კი _ არცთუ ისე იოლი ასახსნელი. მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველაფერი ნათელი მოეფინება და ამ კითხვაზეც მივიღე პასუხი, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.
ხელიდან გაშვებული მანჰეტენელი ჩიტუნია...
ღამდებოდა, ჩვენ კი დასაძინებელ ადგილს ვერა და ვერ მივაგენით. მართალია, აპრილი იყო და თბილოდა, მაგრამ ქუჩაში ღამის გატარების სურვილი ნამდვილად არ გვქონდა. დავაბოტებდით ეს ორი პირდაღებული ჯეელი მე-5 ავენიუზე და აზრადაც არ მოგვსვლია სხვა ქუჩაზე გადასვლა, სადაც საჩვენო სასტუმროების მთელი `გროვა~ ყოფილა...
მართალია, ვახოს მუქარა მახსოვდა _ მიგასიკვდილებო, _ რომ მითხრა, მაგრამ დროდადრო მაინც წავკბენდი ხოლმე...
_ ვახო, ახლა რომ გაგექცე ამ უცხო ქალაქში, რას იზამ? _ გამომცდელად ჩავეკითხე.
ეჭვის თვალით შემომხედა.
_ ისე მიყურებ, თითქოს შენი მილიონი მემართოს. თუ არ დაწყნარდები, შეიძლება, ახლავე `მოვტყდე~...
_ სადაც დაგიჭერ, იქ გადაგივლი!.. _ ისევ დამემუქრა.
ამ დროს ტროტუართან შავი ლიმუზინი გაჩერდა, უკანა კარი გაიღო და გადმოვიდა, მაგრამ რა გადმოვიდა!.. ქერა, მაღალი, ღრმად დეკოლტირებულ და `რეკორდულად~ მოკლე, თან შემოტმასნილ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი! ჩვენ იქვე, ლიმუზინთან ვიდექით და თითქოს მას ველოდებოდით. მანჰეტენელმა ჩიტუნიამ დაგვინახა თუ არა, ჩვენკენ გამოექანა (უფრო სწორად _ ჩემკენ), თან ისე სექსუალურად გამიღიმა, რომ ტანში გამცრა. ჰელოუ! _ თქვა და მეც ანგარიშმიუცემლად მისკენ წავედი. მოულოდნელად, `ჩემს ტურფას~ ფეხი დაუცდა და ხელი რომ არ შემეშველებინ, ტროტუარზე გაიშხლართებოდა.
...ერთმანეთში აირია ძვირფასი კონიაკის, არანაკლებ ძვირფასი სუნამოსა და რომელიღაც საღეჭი რეზინის არომატი... ქალს ნახევრად შიშველი, მაღალი მკერდი ჩემი მკლავებისთვის მოენდო... არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავით ასე, ძველი შეყვარებულებივით ჩახუტებულები, მაგრამ ისევ მე გამოვერკვიე, სინანულით მოვიშორე მკერდიდან გვარიანად შემთვრალი ქალი, თუმცა კი ხელი არ გამიშვია _ მეშინოდა, ისევ არ წაბორძიკებულიყო... ქალმა, მადლიერების ნიშნად, ფინჯან ყავაზე დამპატიჟა. თავაზიანად გადავუხადე მადლობა და ის-ის იყო, მორჩილი ბატკანივით უნდა გავყოლოდი, რომ ვახოს გაცეცხლებულმა მზერამ გამომაფხიზლა. რა მექნა _ ძმაკაცს ყავასა და ქალზე ხომ ვერ გავცვლიდი და ერთი წუთის წინ ნათქვამი მადლობა ახლა ასევე თავაზიანი უარით შევცვალე, თუმცა, ბორძიკით მიმავალ გაბუტულ ქალს ჩემი `აბორძიკებული~ სულიც თან გავაყოლე... ნუგეშად მისი სავიზიტო ბარათი შემრჩა ხელში, რომელიც სათუთად ჩავიდე გულის ჯიბეში და ჩემს ბედოვლათ ვახოს მივუბრუნდი:
_ აი, ხომ ხედავ, შენი გულისთვის რა ქალი გავუშვი ხელიდან!..
_ ჯიგარი ხარ! ოღონდ, ახლა დასაძინებელი ადგილი მიპოვე და მერე, ვისთანაც გინდა, იმასთან წადი... _ ცოტა ხნის წინანდელი მუქარა მუდარით შეცვალა ვახომ.
ამასობაში, მოგვშივდა კიდეც. საგზალი კი გვქონდა წამოღებული, მაგრამ ისე ვიყავით აფორიაქებული, რომელ ჩანთაში ჩავდეთ, ვერც ერთმა ვერ გავიხსენეთ. გადავწყვიტეთ, სადმე წაგვეხემსა...
ჰოთდოგმა... არაბი ახმედა გაგვაცნო
ვახო იმდენად არაქათგამოცლილი იყო, რომ არაფრის თავი აღარ ჰქონდა. აღარც ჭამა მინდაო, _ გამომიცხადა (თუმცა, ხუთიოდე წუთის წინ, ჩემსავით, შიმშილს უჩიოდა).
_ ძალებს თუ არ აღიდგენ, ფეხებს უფრო მალე გაფშეკ, _ დავმოძღვრე მეგობარი და იქვე, ქუჩაში მდგარი ჰოთდოგის გამყიდველის ურიკასთან მივედით. ურიკის მეპატრონე სირიელი არაბი აღმოჩნდა. კლიენტების გამოჩენა გაუხარდა და ენერგიულად შეუდგა შეკვეთის მომზადებას.
_ არაბი ხარ? _ ვკითხე.
_ დიახ, საიდან მიხვდი? _ კითხვითვე მიპასუხა.
_ ნამყოფი ვარ საამიროებში...
_ მე კიდევ, სირიელი ვარ, ახმედა მქვია, _ ღიმილით მითხრა და შემთბარი ჰოთდოგები მოგვაწოდა.
_ ჩვენი მოსვლა რატომ გაგიხარდა, ახმედ? _ ჩავეძიე, რადგან შევატყვე, ლაპარაკი უყვარდა (ვიფიქრე, იქნებ, გვეშველოს და იაფფასიანი სასტუმრო მიგვასწავლოს-მეთქი).
_ არ მიყვარს მდიდრულ რაიონში ვაჭრობა, ჩემი იაფფასიანი ჰოთდოგი ვის რად უნდა აქ!..
_ მერე, შენი ნება არ არის? სადაც უფრო კარგად გაიყიდება შენი საქონელი, იქითკენ გააგორე ურიკა!
_ ჩემი ნება რომ იყოს, რა მიჭირს?! უფროსის დავალებით, აქაც მიწევს ხოლმე მოსვლა. იქ კი, სადაც უბრალო ხალხი ცხოვრობს, სულ სხვაა, მოგებაც მრჩება, _ სინანულით მითხრა და მეც მის სიტყვებს ჩავებღაუჭე:
_ ახმედ, ერთი სათხოვარი მაქვს და იქნებ, დამეხმარო...
_ თუ შევძლებ, რატომაც არა?!
_ დღეს ჩვენი პირველი დღეა ამერიკაში. სასტუმროს ვეძებთ, იაფფასიან სასტუმროს.
_ საიდან ასეთი კარგი ინგლისური?.. 3 წელია, აქ ვცხოვრობ და ახლა დავიწყე ლაპარაკი, ისიც _ ძლივძლივობით! _ გაოცება ვერ დაფარა ახმედამ.
_ სკოლაში გვასწავლიდნენ.
_ ნეტავ, ჩემთვისაც ესწავლებინათ, ახლა ჰოთდოგებს ხომ არ გავყიდდი...
ჩვენი `კეთილი ფასკუნჯი~
ახმედას ფილოსოფია სულაც არ გვაინტერესებდა. ისიც მალე მიუბრუნდა ჩვენს გასაჭირს:
_ პრობლემა არ იქნება! მე-2 ავენიუზე იმდენი სათქვენო სასტუმროა, ვერც დაითვლით...
_ ჩვენ იაფფასიანი გვინდა! _ ისევ დავუკონკრეტე ახმედას.
_ ჰო, იაფფასიანი, აბა, მილიონერებთან კი არ გაგიშვებთ.
_ რა ეღირება ნომერი? _ შიშით ვკითხე.
_ 40-50 დოლარი!
იმ ასტრონომიული ციფრების შემდეგ, რომლებიც სხვაგან დაგვისახელეს, მისი პასუხი სიმღერასავით ჩამესმა. თავისუფლად ამოვისუნთქე.
ღამის 10 საათი იყო. ახმედამ თქვა _ ჩემს მუშაობას აზრი აღარა აქვსო, _ წასასვლელად მოემზადა, თან დაგვამშვიდა _ ურიკას შევინახავ და მალე მოვალ, სასტუმრომდე მიგაცილებთო.
სანამ მე და ახმედა ვსაუბრობდით, ვახო გემრიელად ილუკმებოდა, თან თვალყურს გვადევნებდა. მართალია, ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმას კი კარგად მიხვდა, რომ საქმე სასიკეთოდ შემობრუნდა. ლაპარაკში არ ჩარეულა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის გაიგებდა ჩვენი დიალოგის შედეგს. ამიტომ როგორც კი ახმედა გაგვეცალა, უმალ ჩემთან მოვარდა:
_ რაო, რა გითხრა?
_ ცუდი ამბავია, ჩემო ვახო! _ დაღვრემილი სახე მივიღე.
_ ნუ გადამრიე კაცი, ამოღერღე!..
_ ბევრი ფული თუ არ გაქვთ, სასტუმროს ვერ იშოვითო...
_ რაა?.. _ მთლად წახდა ვახო.
_ ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, მოწყალების სახლში უნდა წახვიდეთო.
_ კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს?
_ ამერიკაში ბევრი უფულო და მაწანწალა ადამიანია. მთავრობაც ცდილობს, რომ მათ ხელი გაუმართოს. ჰოდა, ასეთი ხალხისთვის სპეციალური თავშესაფრებია გახსნილი...
ვახომ თითქოს იგრძნო, რომ რაღაცას ვატყუებდი, მაგრამ იმდენად სერიოზული გამომეტყველება მივიღე, ეჭვი გაუქარწყლდა.
_ გამოდის, რომ `ბრადიაგებთან~ ერთად უნდა ვიცხოვროთ!
_ ასეა... _ ვთქვი და ვახოს პირდაპირ თვალებში ჩავხედე. ისე საცოდავად მიყურებდა, კინაღამ ხარხარი ამივარდა, მაგრამ მისი წეღანდელი მუქარა გამახსენდა და ძმაკაცის ბოლომდე გაბითურება გადავწყვიტე...
ახმედა მალე დაბრუნდა და წინ გაგვიძღვა. ვახოც ხმის ამოუღებლად გამომყვა უკან...
ხუთსართულიან სასტუმროს მივადექით. გამიკვირდა კიდეც _ ამდენ ცათამბჯენს შორის, ასეთი პატარა შენობა საიდან გაჩნდა-მეთქი?.. მეპატრონე არაბი აღმოჩნდა. ახმედამ გვითარჯიმნა და იმანაც თავაზიანად მიგვიპატიჟა.
_ როგორი ნომრები გაქვთ და რა ფასიანია? _ თამამად ვიკითხე.
_ ორკაციანი ნომერი, ტუალეტითა და საშხაპით, 120 დოლარი ღირს, ოთხკაციანი _ 80, ყველაზე იაფი, 35-დოლარიანია, ოღონდ _ ექვსკაციანია და ტუალეტი და საშხაპეც არა აქვს... _ ამიხსნა მეპატრონემ.
ახმედას ძველი ნაცნობივით დავემშვიდობე, მანაც, თავის მხრივ, დიდი `მოწყალება გაიღო~ _ ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა: თუ რამეში დაგჭირდები, დამირეკეო, _ კეთილი ფასკუნჯივით, რომელიც ასფურცელას თავის ბუმბულს უტოვებს...
შავი კაცები და... ხაჭაპური
სასტუმროს მეპატრონე ნანატრ ნომერში შეგვიძღვა, ჩვენი ადგილები გვიჩვენა და გვთხოვა, სინათლე არ აგვენთო, რადგან 6 საწოლიდან 4 დაკავებული იყო და მობინადრეებს უკვე ეძინათ. მე და ვახო ისეთი დაღლილები ვიყავით, ერთმანეთისთვის ხმაც არ გაგვიცია... როგორც კი დავწექი, მაშინვე `გავითიშე~ და დილამდე გაუნძრევლად მეძინა... თუმცა, კარგად გამოძინება ვინ მაცალა?! 7 საათზე ვახოს შეშინებულმა ხმამ გამაღვიძა:
_ ადე, ადე, კაკო, საქმეს მივხედოთ!
_ დამაცადე, სად გეჩქარება, დაიძინე!.. _ ავბუზღუნდი.
_ ადე-მეთქი, თორემ, დაგვერხევა! _ უფრო გამეტებით შემაჯანჯღარა მან. არ ვემორჩილებოდი, მაგრამ არც ის მანებებდა თავს. ბოლოს, არაფერი რომ არ გამოუვიდა, სასოწარკვეთილმა წამოიძახა:
_ ცუდადაა ჩვენი საქმე, შავი კაცები დადიან და ბოროტი თვალებით გვიყურებენ.
_ რაა?.. ვინ შავი კაცები?! _ ამჯერად კი გამოვფხიზლდი.
_ შავები, რა, ზანგები! გადიან და შემოდიან!..
_ სად გადიან და შემოდიან? _ დავიბენი და ერთი პირობა გავიფიქრე, ვახომ ხომ არ გააფრინა-მეთქი?
_ ნომერში, ჩვენს ნომერში! _ ვახოსთვის წინასწარ არც მითქვამს, რომ ექვსკაციან `ლუქსში~ დავბინავდით! _ ახლა გასულები არიან. ყოველი შემოსვლისას, ყურადღებით გვათვალიერებენ. ერთი ჩემთანაც მოვიდა და რაღაც მკითხა... _ სულმოუთქმელად ლაპარაკობდა ჩემი ძმაკაცი.
სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ოთახში ორი შავკანიანი შემოვიდა. მომიახლოვდნენ და მეგობრულად ჩამომართვეს ხელი. რატომღაც ფრანგულად მომესალმნენ.
_ ბონჟურ, მისიე მაბდუ, მისიე ბუდუ, _ გამეცნენ.
_ ჰაი... მისტერ აკაკი. მისტერ ვახტანგ, _ მეც წარვუდგინე თავი და მეგობარი. მაბდუმ ისევ ფრანგულად მომმართა და ვუთხარი _ დიდი ბოდიში, მაგრამ არ ვიცი-მეთქი. მან `დამტვრეული~ ინგლისურით ამიხსნა, რომ აფრიკელები, ნიგერიელები იყვნენ და ჩვენსავით სამუშაოს საძებნელად ჩამოსულან. ჩვენ რომ დავუნახავართ, თურმე ფრანგები ვეგონეთ და ერთი სული ჰქონიათ, როდის გაგვიცნობდნენ.
მხიარულ გუნებაზე დავდექი და ნიგერიელებს ვახოს წეღანდელი შიშის შესახებაც ვუთხარი. ისეთი ხარხარი აუვარდათ, ნომერში მყოფ კიდევ ორ მობინადრესაც გაეღვიძა. ებრაელი სტუდენტები აღმოჩნდნენ, ტურისტებად ჩამოსულები. ერთი სიტყვით, საინტერესო კომპანია შეიკრიბა.
...მე და ჩემმა ძმაკაცმა ახლა კი დავძაბეთ გონება და გავიხსენეთ, რომელ ჩანთაში გვედო თბილისიდან წამოღებული შემწვარი გოჭი და ვახოს ბებიის გამომცხვარი ხაჭაპური. ამოვალაგეთ, ზედ ჩვენებური ჭაჭა დავადეთ და ამერიკაში ჩვენი პირველი დილის დადგომა საკმაოდ სასიამოვნოდ აღვნიშნეთ...
24 დოლარად ნაყიდი... ნიუ-იორკი
ასე და ამრიგად, მე და ვახო ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ვართ, სასტუმროში და ამერიკაში სამუშაოდ ჩამოსული კაცის ამპლუას ვირგებთ...
ჯერ ცოტა რამ თავად ქალაქის შესახებ ვთქვათ.
ნიუ-იორკი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც მდინარე ჰუდსონი წყნარ ოკეანეს უერთდება. ნიუ-იორკი 5 რაიონისგან შედგება, უმთავრესი _ მანჰეტენი, სადაც ბედმა გადაგვისროლა (უფრო სწორად, ტაქსისტმა `აგვაბრძანა~), ამავე სახელწოდების კუნძულზეა გაშენებული; დანარჩენი 4 (ბრუკლინი, ბრონკსი, რიჩმონდი, კუინზი) მდინარის დელტაში მდებარე კუნძულებზე და კუნძულ ლონგ-აილენდზე მდებარეობს.
ნიუ-იორკში წელიწადში 250-300 დღე მზიანია, მაგრამ ჰაერი ნოტიოა და ზაფხულობით სუნთქვა ძნელდება. არც ზამთარია მაინცდამაინც სახარბიელო _ ცათამბჯენებს შორის მქროლავი ქარი პირდაპირ ძვლებში ატანს... თუ ტურისტად დააპირებთ ნიუ-იორკში გამგზავრებას, საამისოდ მაის-ივნისი ან სექტემბერ-ოქტომბერი უნდა აირჩიოთ _ დამერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით...
პირველი ევროპელი, რომელსაც მანჰეტენზე დაუდგამს ფეხი, იტალიური გემის კაპიტანი ჯოვანო ვერეზანო ყოფილა. ეს 1524 წელს მოხდა. დღეს მის სახელს ატარებს მსოფლიოში სიგრძით მეორე დაკიდული ხიდი (4000 მეტრი), რომელიც ბრუკლინსა და სთეითენ აილენდს აკავშირებს ერთმანეთთან. ქალაქის მთავარი მდინარე, ჰოლანდიელი ჰენრი ჰუდსონის სახელს ატარებს, რომელიც 1609 წელს მას სათავემდე აუყვა და ძირფესვიანად შეისწავლა.
1625 წელს ჰოლანდიიდან ჩასახლებულმა რამდენიმე ოჯახმა იქაურობას ნიუ-ამსტერდამი უწოდა, რომლის გუბერნატორმაც სულ მალე, ინდიელებისგან, ბრჭყვიალა ნივთებისა და შუშის ნატეხების ფასად (როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი სულ რაღაც 24 დოლარად შეუფასებიათ!..) იყიდა კუნძული.
XVII საუკუნის ბოლოს დასახლება ინგლისელები ჩაიგდეს ხელში და როგორც ვიცით, თავიანთი მეფის ძმის, უფლისწულ იორკის პატივსაცემად, ნიუ-იორკი უწოდეს.
...და დაიწყო ნიუ-იორკის სწრაფი განვითარება. XX საუკუნის დამლევს, 1994 წლიდან ქალაქის წინსვლა-აყვავებამ პიკს მიაღწია _ ე.ი. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერად, წარმოშობით იტალიელი რუდოლფო ჯულიანი აირჩიეს. გაწეული ღვაწლის გამო, ის ნიუ-იორკის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს, ხოლო 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდგომ, ჯულიანის ავტორიტეტი ამერიკელთა თვალში ერთიორად ამაღლდა...
ახალი გზების ძიებაში
ახლა ისევ ჩემი და ვახოს გასაჭირს დავუბრუნდეთ. დასაქმების ყველაზე ნაღდი და საიმედო გზა (რომ ამერიკაში გზის გამკვლევად ახლობელი კაცი დაგვხვედროდა) თბილისშივე მოგვეჭრა. ალბათ გახსოვთ, ვახოს მეგობარმა ბოლო წუთში როგორ გაგვაწბილა. დავრჩით ასე, საკუთარი თავის იმედად. თბილისიდან კი გამოგვატანეს რამდენიმე წერილი ახალგაზრდა ქართველ ქალებთან, რომლებიც სხვა შტატში მუშაობდნენ ოჯახებში.
_ მიდი, რა, დარეკე ქართველ გოგოებთან, რამეს გვიშველიან, _ მითხრა ვახომ.
_ სანამ ისინი აქ ჩამოვლენ, ჩვენით მოვახერხებთ რაღაცას.
_ მაინც რას აპირებ? ვინ მოგვაწვდის ინფორმაციას? _ შფოთავდა ვახო.
_ თუნდაც ეს აფრიკელები... _ მაბდუს და ბუდუს გავხედე.
_ რაა?.. ამათ რა უნდა გითხრან?! თან შეხედე, რა შავები არიან!.. _ გადაირია ვახო.
_ რავი, აბა, არაყს კი ურტყამდი მათთან ერთად!.. ისე, რასისტული განწყობა თბილისში უნდა დაგეტოვებინა: არ დაგავიწყდეს, აქ მაგისთვის იჭერენ... _ გავაფრთხილე მეგობარი.
...ჩვენგან განსხვავებით, მაბდუსა და ბუდუსთვის აფრიკელ მეგობრებს თურმე, სამუშაოც დაუხვედრებიათ და ახლა მათთვის შესაფერის ბინას ეძებდნენ. რომ გითხრათ, საუფროსო ადგილები დაახვედრეს-მეთქი, ტყუილი იქნება. ორივეს, ნიუ-იორკიდან მოშორებით, ნიუ-ჯერსის შტატში, ნავსადგურში მტვირთავად უნდა ემუშავა. ჩვენთვის ახლა, ეს მტვირთავის `შტატიც~ სანატრელი იყო. ამიტომაც ვკითხე მათ _ ჩვენთვისაც ხომ არ გამოძებნიან თქვენი მეგობრები რაიმე სამუშაოს-მეთქი? ნიგერიელებმა თავი შორს დაიჭირეს _ თავად ჰკითხეთო. ჩვენს ებრაელ `თანამეინახეებს~ კი, საერთოდ არ ანაღვლებდათ სამუშაო ადგილების პრობლემა _ ამერიკაში სასეირნოდ ჩამოვედით და ვერაფერში დაგეხმარებითო, _ `გვანუგეშეს~ (კი ვინატრე _ ნეტავ, ამათ ადგილას ვიყო-მეთქი).
_ იქნებ, ჩემს ნაცნობთან დაგვერეკა დეტროიტში? _ ხავსს მოეჭიდა ვახო.
_ თავმოყვარეობას რა ვუთხარი, თორემ მართლაც ღირდა დარეკვა... _ ვუპასუხე ჩაფიქრებულმა.
_ არა, არ ღირს. სჯობს, ჩვენ თვითონ ვიპოვოთ გზა! _ სიამაყის გრძნობამ გაიღვიძა ვახოში და მეც უსიტყვოდ დავეთანხმე.
ნიგერიელების იმედით
ებრაელმა ტურისტებმა სასეირნოდ დაგვპატიჟეს, მაგრამ ჩვენ მაბდუსა და ბუდუსთან ერთად, მათი კეთილისმყოფელი ნიგერიელების ლოდინი ვარჩიეთ. ტელევიზორს ვუყურებდით, ლუდს ვწრუპავდით და ერთმანეთს ათას რამეს ვუყვებოდით (მხოლოდ ვახო იჯდა ბაიყუშივით, რომელსაც შიგადაშიგ ამა თუ იმ მხიარულ ამბავს ვუთარგმნიდი და ისიც მხიარულებაში აგვყვებოდა ხოლმე).
ალბათ გახსოვთ, კომუნისტების დროს როგორ გვიკრძალავდნენ ყველაფერ ამერიკულს, სადაც თუ საბჭოთა ტელევიზიას დავუჯერებდით, მხოლოდ უმუშევარი მათხოვრები, ნარკომანი ახალგაზრდები და მსუქანი ბურჟუები ცხოვრობდნენ. და მიუხედავად ამ აკრძალვებისა, ვცდილობდით, გვენახა დასავლური ფილმები, წაგვეკითხა უცხოური ჟურნალ-გაზეთები... რამდენჯერ წავსულვართ თბილისიდან ბიჭები კოჯრის მთების მიდამოებში ტელევიზორითა და მძლავრი ანტენებით, `ბურჟუაზიული პროგრამების~ სანახავად. არადა, ეს პროგრამები სულაც არ გახლდათ საშიში და იმის ღირსი, რომ უშიშროების თანამშრომლებს ენადირათ მათ მაყურებლებზე... ახლაც, როცა უკვე სრულიად მშვიდად ვისხედით და ვუყურებდით ამერიკულ გადაცემებს, ვრწმუნდებოდით, რომ ისინი არა მარტო სრულიად უწყინარი გადაცემები იყო, არამედ ხშირად, მოსაწყენიც კი. ყოველ საათში ახალ ამბებს გადმოსცემდნენ, რომლებიც ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის იმხანად მსოფლიოში გახმაურებული `სასიყვარულო~ კავშირით იწყებოდა და მთავრდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამერიკელებს სხვა საფიქრალი არ ჰქონდათ... მეც ყველაფერ ამას დეტალურად ვუთარგმნიდი ვახოს.
_ რა გინდა, ძმაო, მაგარი ქალი ყოფილა! პრეზიდენტთან რომ არ ესეირნა, ცნობილი ხომ ვერ გახდებოდა?! თან შანსი აქვს, მილიონები დააწეროს!.. _ ამბობდა ვახო.
_ კლინტონი გიჟდება: რამდენ ქალთან მქონია საქმე, მაგრამ ასეთი `სტერვა~ ჯერ არ შემხვედრია, თან ამ სტუდენტმა შეიძლება, პრეზიდენტის სავარძელიც დამაკარგვინოსო... _ სიტყვასიტყვით გადავთარმნე ტელეკორესპონდენტის მორიგი რეპლიკა. და როცა აღშფოთებულებმა, მაბდუს და ბუდუს მივმართეთ _ გვაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ამერიკის პრეზიდენტის თავისმომჭრელ საქციელზე, _ ორივეს ერთდროულად სახე გაუბრწყინდა, თვალისმომჭრელად თეთრი კბილები გამოაჩინეს და ახარხარდნენ, მაგრამ რა ახარხარდნენ!.. მე და ვახომ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. არ ვიცოდით, რა გვექნა _ ჩვენც გაგვეცინა თუ სიფრთხილე გამოგვეჩინა...
ბოლოს, როგორც იქნა, ნიგერიელები დაწყნარდნენ. მაბდუმ ცრემლები მოიწმინდა და ღიმილით მიპასუხა:
_ რა გითხრა, აკაკო, ნიგერიაში ამ თემაზე ლაპარაკისას ყველა სიცილით კვდება. ვერ წარმოუდგენიათ, რამ უნდა შეუშალოს ხელი პრეზიდენტს იმაში, რომ ქალთან `გაიაროს~...
_ ისე, როგორი ქალები არიან ნიგერიაში? _ უფრო საინტერესო თემაზე გადავედი.
_ ოო... _ მაბდუმ თვალები მინაბა და ისე ამოიოხრა, მივხვდი, ზედმეტ ლაპარაკს, `ადგილზე~ ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახვა სჯობდა.
_ რამე რომ იყოს, ვიზას გამომიგზავნი, ნიგერიაში რომ ჩავიდე?
_ ოღონდ შენ ჩამოდი და იმდენ ქალს შეგახვედრებ, შეიძლება, აღარც დაბრუნდე უკან... _ აფრიკელები კვლავ ახარხარდნენ. მე კი ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და იმაზე დავფიქრდი, თუ როდის შეიძლებოდა, შავ კონტინენტზე მოვხვედრილიყავი.
_ ეე... ნეტავ შენ ჭკუა მოგცა, მე კიდევ _ ფული!.. _ ოცნებაში წასული, ვახოს ამ დამცინავმა რეპლიკამ გამომარკვია და არცთუ ისე სასურველ რეალობაში დამაბრუნა.
გაცრუებული იმედები... გინების თანხლებით
მაბდუ და ბუდუ საკმაოდ მხიარული ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. მეც თავს არ ვზოგავდი და სასაცილო ამბებს ვუყვებოდი.
ვახო პასიურობდა.
_ რა გჭირს, ბიჭო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, გაერთე! _ ვუთხარი ძმაკაცს.
_ ცოტა ფრთხილად იყავი, კაკო, ზანგები არიან!
_ შენ მართლა რასისტი ხომ არ ხარ?!
_ ხომ იცი, მაგათ თეთრები არ უყვართ. `ბიძია თომას ქოხი~ არ გახსოვს?
_ რა დროს ჰარიეტ ბიჩერ-სტოუა _ XX საუკუნე მთავრდება!
ვახომ ხელი ჩაიქნია და აივანზე გავიდა.
აფრიკელების მეგობრები იგვიანებდნენ. როცა შეშფოთება გამოვთქვი, დამამშვიდეს:
_ აუცილებლად მოვლენ, სამსახურსაც გიშოვიან, კარგი ბიჭები არიან!.. _ დამამშვიდეს და მეც იმედიანად მოვკალათდი დივანზე. ცოტა ხანში, ოთახში ორი დაბალი შავკანიანი კაცი შემოვიდა. კისერზე და მაჯაზე ორივეს იმსიმსხო ოქროს ჯაჭვი ეკეთა, თითოეული ერთ კილოგრამზე ნაკლები არ იქნებოდა... ერთ-ერთი მათგანი თავგადაპარსული იყო, მეორეს კი იმხელა `ბუჩქი~ ადგა, თავიდან ქალად აღვიქვი. თანაც ისეთი შავები იყვნენ, მხედველობა კარგად უნდა დაგეძაბა, რომ ნაკვთები გაგერჩია. ასეთი კაცი, თანაც ორი, სადმე მარტოს ქუჩაში რომ შემხვედროდა, გული გამისკდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავი ძალიან `მაგარი~ მგონია.
მოვიდნენ ეს `ნანატრი~ ნიგერიელები და მეც გავიხარე, დიდი ამბით მივესალმე ორივეს. მათ კი `გვერდზე ისე ჩამიარეს, ზედაც არ შემომხედეს~ (კინაღამ წავუღიღინე ქართული სიმღერა)... მაბდუმ და ბუდუმ მაშინვე აიღეს ჩანთები და წასასვლელად მოემზადნენ (რა ენაღვლებოდათ? სამსახურიც ნაშოვნი ჰქონდათ და ახალ ბინაშიც უნდა გადასულიყვნენ). ბოლო წუთს, მაბდუს გავახსენდი და თავის მეგობარს ჩემზე ანიშნა. თავგადაპარსული მომიახლოვდა და გამომცდელად მკითხა, ვინა ხარო? მერე კი სულმოუთქმელად გააგრძელა:
_ საიდან ხარ?
_ საქართველოდან (FღOM GEOღGIA) _ ვუპასუხე.
_ ატლანტიდან ხარ და სამსახურს აქ ეძებ? _ გაუკვირდა ჩვენს `მშველელს~.
_ არა, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან (NO, FOღMEღ შOVIEთ UNION).
_ ჭHAთ? ღUშშIA?.. FUჩK!.. შHEEთ!.. (რაო? რუსეთიო?.. დანარჩენ სიტყვებს ვერ ვთარგმნი...) _ და დაიწყო რუსების გინება. როდესაც ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში _ საქართველოში ვცხოვრობდი, ვერაფერი გაიგო. თავისას `უბერავდა~ და მივხვდი _ ამ გიჟს ვერაფერს შევაგნებინებდი...
მაბდუს და ბუდუს თავები ჩაეღუნათ და დასჯილი ბავშვებივით იდგნენ. მაშინ შევიტყვე პირველად, რომ თურმე, ზანგებსაც ეკარგებათ ფერი... მერე ორივემ ჩანთებს დასტაცა ხელი და უკან მოუხედავად გავარდა.
...ვახო ერთხანს დაბნეული მიყურებდა, ჩუმად ალაგებდა ნომერში ნიგერიელების მიერ მიმოფანტულ ნივთებს. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და ახარხარდა...
კიდევ ერთი შარი
_ კაკო, მაიმუნი და ხელიდან წასული რომ ხარ, კი ვიცი, მაგრამ საქმეს არ უნდა მივხედოთ? _ ცოტა ხანში შემომიტია ვახომ.
_ რომელ საქმეს?.. _ მოვისულელე თავი.
_ გამაგიჟებ! ამერიკაში სამუშაოდ ჩამოხვედი თუ სასტუმროში საკოტრიალოდ?..
უბის წიგნაკი ამოვიღე და იმ ქართველებთან დავიწყე რეკვა, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. ზოგი შინ არ იყო, ზოგს მისამართი გამოეცვალა... უეცრად ახმედა გამახსენდა და მისი ტელეფონის ნომერს დავუწყე ძებნა.
_ ახმედა გამახსენდა, ვახო, ის დაგვეხმარება ყველაფერში! _ აღტაცებულმა წამოვიძახე.
_ შეეშვი ამ შავებს და სხვა `ფერადებს~! ხომ ხედავ, მაგათგან ხეირს ვერ მიიღებ, _ დაიწყო ვახომ.
_ ჯერჯერობით, ახმედას წყალობითაა, აქ რომ ვართ და არა ქუჩაში! _ გავახსენე `რასისტს~ და ახმედას ნომერი ავკრიბე. ამჯერად გამიმართლა: არაბმა მითხრა, როგორც კი სამუშაოს მოვრჩები, გამოგივლითო.
დრო ნელა გადიოდა.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ორი კაცი შემოვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ზღურბლიდანვე, `დამტვრეული~ ქართულით დასჭექა: `გამარჟობა, ბიჟო!..~ იგი ჩვენი ნომრის ებრაელი მობინადრე აღმოჩნდა. მასაც და მის მეგობარსაც შამპანურის ბოთლები ეჭირათ ხელში.
_ საიდან ქართული?
_ ისრაელში ბევრი ქართველია, მაგათგან ვისწავლე სიტყვები... დილით რომ ხაჭაპურზე დაგვპატიჟეთ, გგონიათ, დაგვავიწყდა? პიცა მოვიტანეთ, შამპანური. თითო ჭიქა დავლით.
...ებრაელი სტუდენტები _ შონი და არონი მშვენიერი თანამოსაუბრენიც აღმოჩნდნენ. ისე გავერთე, რომ სულ დამავიწყდა, ახმედა რომ უნდა მოსულიყო... კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ზღურბლზე ახმედა გამოჩნდა, ჰოთდოგებით სავსე პარკითა და მეგობრის თანხლებით.
_ ვა, ახმედ, მოხვედი? _ გამიხარდა მისი გამოჩენა.
_ ეს ჩემი კოლეგაა, ჰასანა. სამუშაოზე ბევრი ინფორმაცია აქვს, დაგეხმარებათ, _ გამაცნო ახმედამ მეგობარი.
_ ჯერ სუფრასთან, სამსახურზე მერე ვილაპარაკოთ... _ ვუთხარი და არაბები და ებრაელები ერთმანეთს წარვუდგინე...
_ ბიჟო, არ გეწყინოს, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. მე და შონი ქალაქში უნდა გავიდეთ, საქმე გვაქვს... _ მითხრა ხუთიოდე წუთის შემდეგ არონმა.
_ ხომ არ გაწყენინეთ რამე? _ დაბნეულმა ვიკითხე.
_ არა, რას ამბობ?!. უბრალოდ... ისინი... ამათთან ერთად სუფრასთან ჯდომა ჩვენთვის მიუღებელია...
აი, კიდევ ერთი შარი! ვიდექი გაოგნებული და არ ვიცოდი, რა მეთქვა. შონი და არონი ვესტიბიულში გავიდნენ, მე დაბნეულმა, სუფრას გადავხედე...
`კარგი ცხოვრების~ მაძიებელნი კალატოზებადაც დაგვიწუნეს...
არაბებმა სამუშაო შემოგვთავაზეს. ადგილები ძირითადად, სავაჭრო ობიექტებზე იყო. საკვები პროდუქტებით ქუჩაში ვაჭრობა ორივეს გვეხამუშა და შეთქმულებივით ერთდროულად ვთქვით უარი. არაბებმა ახლა რაღაც ოფისების მისამართები მოგვცეს, მიხვალთ და იქნებ `თქვენი პროფილის~ სამსახური იშოვოთო. მეგობრულად დაგვემშვიდობნენ და არც თავიანთი კოორდინატების დატოვება დავიწყებიათ.
...ნიუ-იორკი ან ძალიან
უნდა გიყვარდეს, ან...
ნიუ-იორკში სულ ორი დღის ჩასულები ვიყავით და ხეირიანად ქუჩაში არც კი გაგვევლო. ლუდისთვის თუ გავიდოდით სასტუმროდან გვერდით მდებარე მაღაზიაში და სულ ეს იყო. დილით ვიფიქრეთ, ებრაელებთან ერთად გავსულიყავით ქალაქში, მაგრამ ამერიკაში დროს სატარებლად ჩასული ჩვენი `თანანომრელები~ გამთენიისას დაბრუნდნენ და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, მაინც ვერ გავაღვიძებდით. გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გავსულიყავით ქალაქში და სასურველი ოფისი მოგვეძებნა, სადაც სანატრელ სამსახურებს `მოგვართმევდნენ~.
ნიუ-იორკი ევროპის დიდი ქალაქებივით არ აშენებულა. არც ერთიანი გეგმა ყოფილა თავდაპირველად. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ფული და სურვილი ჰქონდა, შეეძლო ნებისმიერი არქიტექტურული სტილის ნაგებობის აშენება. მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის შენობათა ჭადრაკისებურ გათავსებას.
საკმარისია, ზემოდან გადახედოთ მანჰეტენს და მიხვდებით, საიდან დაიწყო ამ ქალაქის განვითარება. ძველ უბნებში, რომელსაც დაუნთაუნს ეძახიან, სულ მიხვეულ-მოხვეული ქუჩებია. იქ თითოეულ ქუჩას არა მარტო თავისი სახელი, არამედ საკუთარი ხასიათიც აქვს. ამ მიდამოებში რამდენჯერმე მაინც უნდა იყოთ ნამყოფი, რომ გზა არ აგებნეთ. მაგრამ თავის დაზღვევაც შეგიძლიათ: ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ სპეციალურ რუკას, რომელშიც ისე დაწვრილებითაა აღნუსხული ყველაფერი, რომ ვახოსნაირი უცხოელიც ადვილად გაიკვლევს გზას...
სულ სხვა სიტუაციაა, როგორც კი მაღლა აუყვებით. იქ ქუჩები დანომრილია. ვერტიკალურად განლაგებული ავენიუები კუნძულის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული (სულ ნიუ-იორკში 12 ავენიუა), ხოლო ჰორიზონტალური ქუჩები (სტრიტები) 140-ს აღწევს.
ნიუ-იორკზე რას აღარ ამბობენ. იქ ბევრი ისეთი ადამიანი შეგხვდებათ, რომელიც მხოლოდ აძაგებს და არაფერი მოსწონს ამ ქალაქის. მათი აზრით, ნიუ-იორკი ნაგვის, გარყვნილებისა და ყოველგვარი უკეთურების ცენტრია, სადაც ნორმალური ადამიანი ვერ იცხოვრებს... ნიუ-იორკი ან ძალიან უნდა გიყვარდეს, ან... გეჯავრებოდეს, საშუალო გრძნობა აქ უნდა გამორიცხოთ... ჩემი აზრით კი, თუ დანაგვიანებულ ქუჩებს წინა პლანზე არ წამოწევთ და ქალაქის ცხოვრების ნამდვილ რიტმს ჩასწვდებით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დადებით იმპულსს მიიღებთ და ნამდვილად არ ინანებთ იმის გამო, რომ ნიუ-იორკში მოხვდით.
ამ ინფორმაციის შესახებ გზამკვლევშიც გადავიკითხე რაღაც-რაღაცები და თამამად შევუდექით სასურველი ოფისის ძებნას. თითქოს ქუჩებში ორიენტირება არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ ზოგჯერ გზები გვერეოდა და იძულებული ვხდებოდით, გამვლელებისთვის გვეთხოვა დახმარება. დილის საათები იყო. ფეხით მოსიარულენი ისეთი სიჩქარით დაქროდნენ, კითხვას კი არა, თვალის მოკვრასაც ძლივს ვასწრებდით. სწრაფი ამერიკელები ხან მხარს წამკრავდნენ, ხან დიპლომატს ან ქალის ჩანთას. თუმცა, ყოველ ასეთ შემთხვევას მოჰყვებოდა სიტყვები EXჩUშE ME, შOღღY (`უკაცრავად~, `ბოდიში~) და `დაყენებული~ ღიმილი. საერთოდ, ამერიკელები ამ სიტყვებს ისე ხშირად წარმოთქვამდნენ და ღიმილიც ისე ავტომატურად უჩნდებოდათ სახეზე, რომ სულ მალე მომაბეზრებელიც კი გახდა...
როგორც იქნა, ნანატრი ოფისი ვიპოვეთ და შენობაში შევაბიჯეთ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ისეთი სამსახური, რომელიც მოქალაქეთა დასაქმებას მისდევს, ნიუ-იორკში საკმაოდ ბევრია. მაშინ კი ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კედლებზე გაკრული ფერად-ფერადი ფურცლებიდან ასევე `ფერად-ფერადი~, სხვადასხვა პროფილის სამუშაოთა ჩამონათვალი ვიხილეთ: მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში კარგი სამსახურის შოვნა `კარგ ცხოვრებასთან~ ასოცირდება, ამიტომ წინასწარ, უკვე მეშვიდე ცაზე დავფრინავდით... სამწუხაროდ, ჩვენი აღმაფრენა დიდხანს არ გაგრძელებულა.
აქამდე, ვისაც კი დაველაპარაკეთ, ან პაკისტანელი იყო, ან არაბი, ან შავკანიანი. ამ ამბავს შეჩვეულებმა, `ახალ ამერიკასავით~ აღვიქვით ქერა ანგლოსაქსი მამაკაცი, რომელმაც გასაუბრებაზე მიგვიწვია თავის კაბინეტში. ოფისის მენეჯერმა უკვე კარგად ნაცნობი ხელოვნური ღიმილით შემოგვთავაზა, დასხედითო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
_ რა შეგიძლიათ და რა სამსახური გინდათ?
თითქოს ასეთ შეკითხვას არ მოველოდი _ ვერაფერი ვუპასუხე. ჩემდა საბედნიეროდ, მასპინძელმა განაგრძო:
_ უმაღლესი განათლების მქონეთათვის სამუშაო არ გვაქვს, შემიძლია, შემოგთავაზოთ ელექტრომექანიკოსის, კალატოზის, მზარეულის და მატარებლის მემანქანის ადგილები. გადაიხდით 200 დოლარს და მისამართსაც მოგცემთ. მანამდე, ვესტიბიულში ანკეტები შეავსეთ და შემომიტანეთ, _ თან ანკეტის ფურცლები გადმოგვცა და წამოდგა...
_ ვახო, რა ავირჩიოთ? _ ვკითხე ძმაკაცს ოთახიდან გამოსვლისთანავე და კიდევ ერთხელ გავუმეორე სამუშაო ადგილების ჩამონათვალი.
_ ეს რა სამსახურებია! _ აიმრიზა ვახო.
_ რა იყო, პირდაპირ ფირმის პრეზიდენტობას აპირებდი თუ როგორაა შენი საქმე?
_ არა, უბრალოდ, ხომ იცი, მატარებელს ნაღდად ვერ ვმართავ; ელექტრიკოსობა, ნათურის გამოცვლის დონეზე ვიცი. ჭამა კი მიყვარს, მაგრამ გაკეთებისა რა მოგახსენო...
_ ვახო, არმიაში მშენებლობაზე მიმუშავია... აგურებს და ბლოკებს ასე თუ ისე ვაწყობდი, შენც გასწავლი, ადვილია... მოდი, კალატოზებად წავიდეთ! _ `მიხსნა~ ჩემმა ჯარის დროინდელმა გამოცდილებამ.
_ მძიმე სამუშაოა, თან _ ჭუჭყიანი! იქნებ, სხვა რამე მოვიფიქროთ? _ დამიწუნა არჩევანი ვახომ.
_ ძმაო, მშენებლობაზე თეთრი წინსაფრებით არავინ დადის და თუ თეთრი წინსაფარი და ზედაც თეთრი ოთხკუთხედი ქუდი მოგწონს, მზარეულის ადგილიც თავისუფალია. შენ მზარეულად წადი, მე კალატოზად ვიმუშავებ!..
ბოლოს, კალატოზობაზე შევთანხმდით, ანკეტები შევავსეთ და მენეჯერის კაბინეტში შევედით...
_ ძალიან კარგი, ახლავე დაგიწერთ, სად უნდა წახვიდეთ, _ თქვა და მაგიდის უჯრიდან ფურცლები ამოიღო.
_ კაკო, მიდი, ჰკითხე, ხელფასი რამდენი გვექნება, _ ჩამჩურჩულა ვახომ. ეს მეც ძალიან მაინტერესებდა, გავბედე და ვიკითხე.
_ დასაწყისში, საათში 20 დოლარს მოგცემენ, მერე თქვენზეა დამოკიდებული... _ იყო პასუხი.
მენეჯერის ნათქვამი ვახოს რომ ვუთარგმნე, მოულოდნელობისგან გაშეშდა, დასჯილი ოროსანივით მიყურებდა. აშკარა იყო, `ბედნიერებას~ ვუახლოვდებოდით... უეცრად მენეჯერმა შემოგვხედა და საშინელი კითხვა დაგვისვა:
_ ლიცენზიები გაქვთ?
_ რა ლიცენზიები? _ გამიკვირდა.
_ იმის ლიცენზიები, რომ მართლა კალატოზები ხართ და მშენებლობაზე მუშაობა შეგიძლიათ, _ ეჭვის თვალით შემოგვხედა ამერიკელმა.
რაც არ გვქონდა, როგორ წარვუდგენდით?..
_ ვერაფრით დაგეხმარებით. მე სერიოზულ კომპანიაში გაგზავნიდით. იქ კი ლიცენზიის გარეშე არავის მიიღებენ.
_ იცით, ლიცენზია არა გვაქვს, მაგრამ ჩვენს ნამუშევარს რომ ნახავენ, აუცილებლად მოეწონებათ და მიგვიღებენ, _ ჩემი სიტყვების მე თვითონ არ მჯეროდა, მაგრამ შევეცადე, `ბედნიერება~ ხელიდან არ დამსხლტომოდა...
_ უკაცრავად, რომელი ქვეყნიდან ხართ? _ სასაუბრო თემა შეცვალა ამერიკელმა.
_ საქართველოდან.
_ თქვენ ალბათ არც შOჩIAL შEჩUღIთY გაქვთ!..
_ ეს რაღაა? _ მთლად ამებნა ტვინი.
_ ამერიკაში მუშაობის ნებართვა. _ მისი ტონი აშკარად მკაცრდებოდა. _ მაპატიეთ, დროს უქმად ვკარგავთ. ხალხი მელოდება...
რაღა უნდა გვექნა? ავდექით და კარისკენ დავიძარით. უეცრად, მენეჯერისკენ შევბრუნდი და ვკითხე:
_ ბოდიში, მუშაობის ნებართვა სადღა უნდა ავიღოთ?
_ ცნობარში წაიკითხეთ, იქ ყველა კითხვაზე ნახავთ პასუხს!
ქუჩაში რომ გავედით, მეგობრის გამხნევება ვცადე. ეტყობა, არც მე მედო მასზე უკეთესი ფერი, რადგან ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ:
_ ნუ გეშინია!..
ამაზე მწარედ გაგვეღიმა და გზას გავუყევით...
ქრთამი... ამერიკას არ ანათებს!
ჩემი და ჩემი მეგობრის ოდისეა ამერიკაში კარგა ხანს, სამუშაოს მაძიებლის სტატუსს ვერ გასცდა. ამან დამატებითი სტიმული მომცა: ისეთი შინაგანი ძალით ავივსე, ვგრძნობდი _ ყოველგვარ დაბრკოლებას გადავლახავდი. იმ ოფისში, საიდანაც თავაზიანი უარით გამოგვისტუმრეს, ყურადღებით გავეცანი საცნობარო წიგნს და ყველა იმ ორგანიზაციის მისამართი ამოვიწერე, სადაც მუშაობის ნებართვას იძლეოდნენ.
ასე მივადექით შოციალ შეცურიტყ-ს მორიგ ოფისს, სადაც მართალია, კარგად მიგვიღეს, მაგრამ ნანატრი ცნობა მუშაობის ნებართვის შესახებ არ მოგვცეს. თავაზიანად აგვიხსნეს, რომ ნებართვა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს, ამერიკაში მუდმივად მცხოვრებლებს და მათ ეძლევათ, ვინც `გრინ ქარდს~ (`მწვანე ბარათს~ _ ე.ი. აშშ-ში ცხოვრების უფლებას) ფლობს. და კიდევ _ იმ პირებს, რომლებსაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვთ, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მას საკუთარ სამშობლოში აღარ დაედგომება. ჩვენ არც ამერიკის მოქალაქეები ვიყავით, არც მუდმივად ვცხოვრობდით იქ და არც `მწვანე ბარათი~ გვედო ჯიბეში. ვერც ის `გავიხსენეთ~, რომ ვინმე საქართველოში პოლიტიკური მოტივით გვდევნიდა... გამოსავალი არ ჩანდა და ეს უკვე მერამდენედ ჩავვარდით საგონებელში. დიდი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტის შემდეგ, თითქოს საშველს მივაგენი:
_ ვახო, ვიპოვე გამოსავალი! _ ვახარე მეგობარს.
_ რა?
_ ფული, ფული! არ გაგიგია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო?..
_ რა გინდა თქვა, ამერიკა ჯოჯოხეთია და შენ გაანათებ? თანაც _ ფულით? _ ირონიულად მითხრა ვახომ. _ რას მოიგებ შენი ახალი იდეით?
_ ახლა ამერიკა ჩვენთვის ნამდვილად არ არის სამოთხე, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა ვიბრძოლოთ. შეიძლება, ვერ მოვიგოთ, მაგრამ არც არაფერს ვკარგავთ... _ არ ვცხრებოდი და იმის მტკიცებაც დავიწყე, რომ სხვა გზა აღარ გვქონდა, თუ არა ვინმეს `მოთაფვლა~. მაგრამ ვისთვის უნდა მიგვეცა ფული და რამდენი?.. როცა ვახომ ეს კითხვა დამისვა, ვუპასუხე:
_ არა მგონია, ბევრი გამოგვართვან, ბოლოს და ბოლოს, ერთი `ქეციანი~ ფურცელია! სამუშაოს ვითხოვთ _ ქონებას ხომ არა!..
უფროსი თაობის ადამიანებისგან ხშირად მსმენია, თუ როგორ ახერხებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ინსტანციებშიც კი, ქართული ჭაჭით, ქართული ან სომხური კონიაკით, ყვავილებით და ზოგჯერ ფრანგული სუნამოთიც საქმის ჩაწყობა-მოკვარახჭინებას. ეს მეთოდი, ასე თუ ისე, მეც გამომიყენებია (ოღონდ, თბილისში), რომ სასურველი მიზნისთვის მიმეღწია: ვიღებდი ყალბ სამედიცინო ცნობას, ვაბარებდი გამოცდას და ა.შ. ჰოდა, ვიფიქრე, _ ამერიკელიც ხომ ადამიანია, მე ჩემსას ვცდი და შეიძლება რაღაც გამოვიდეს-მეთქი.
შევიმუშავე ჩემებური გეგმა და მორიგ ოფისს მივადექი. უფროსთან პირდაპირ მისვლა მიზანშეუწონლად მივიჩნიე, სიტუაცია ავწონ-დავწონე და შესასვლელში მდგომ დაცვის სამსახურის ზანგ ოფიცერთან მივედი... ოფიცერმა ყურადღებით მომისმინა, ამერიკულად გამიღიმა, საქმის მოგვარებაზე დამთანხმდა, აქ დამელოდეო, _ მითხრა და უფროსის მოადგილის კაბინეტში შევიდა. მგონი, გაჭრა-მეთქი! _ გავიფიქრე და გულმა ბაგაბუგი დამიწყო... გავიდა 10, 20 წუთი, ნახევარი საათი, ოფიცერი არ ჩანდა... ნერვიულობა მალე ვახოსაც გადაედო და დუეტში დავიწყეთ ბოლთის ცემა. როგორც იქნა, კაბინეტის კარი გაიღო და ჩემმა ნაცნობმა ოფიცერმა თავაზიანად მიგვიპატიჟა.
ოთახში ერთი ხანში შესული მამაკაცი იჯდა, მეორე _ ათლეტური აღნაგობის, 25-ოდე წლის ყმაწვილი.
_ საიდან ხართ? _ უკვე მერამდენედ დაგვისვეს ეს შეკითხვა, რაც ამერიკაში ჩამოვედით. ოღონდ, ამჯერად, მკაცრი ტონის გამო, დაკითხვაზე წარმოვიდგინე თავი...
_ Gეორგია... _ ვუპასუხე გაუბედავად: ვატყობდი, რომ საქმე მთლად კარგად ვერ გვქონდა.
_ `აი-დი~ წარმოადგინეთ...
_ `აი-დი~ რა არის? _ იქით დავუსვი კითხვა.
_ პირადობის დამადასტურებელი საბუთი... და სხვათა შორის, აქ კითხვებს ჩვენ ვსვამთ! _ ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა.
მე და ვახომ ქართული პასპორტები გავუწოდეთ. ახალგაზრდამ ალმაცერად შეათვალიერა ჩვენი პასპორტები, ყოველი მხრიდან ატრიალა და ბოლოს, უფროსს გადააწოდა. უფროსმაც იგივე გაიმეორა, მერე მოგვიბრუნდა და ისევ გვკითხა:
_ საიდან ხართ?
_ საქართველოდან... _ გავიმეორე.
_ რუსეთიდან?
_ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
_ ...აა! მე კიდევ, ჯორჯიის შტატიდან მეგონეთ, _ ხმაში თანაგრძნობა დაეტყო: _ ამ ბოლო დროს, ამერიკაში ასეთმა ტენდენციამ იჩინა თავი: ერთ პირზე მუშაობის რამდენიმე ნებართვაა გაცემული. ეს კი კრიმინალია, რასაც ჩვენ გულმოდგინედ ვებრძვით... თქვენც ასეთები გვეგონეთ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი ეჭვი არ გამართლდა. ერთი სიტყვით, გაუგებრობა მოხდა. ბოდიშს გიხდით უხერხული სიტუაციისთვის... ისე, ცნობისთვის გეტყვით, რომ თქვენ არ გეკუთვნით მუშაობის ნებართვა _ ტურისტები ხართ, ტურისტების საქმე კი, ქვეყნის დათვალიერებაა და არა სამუშაოს ძებნა... _ რაც შეიძლება ზრდილობიანად აგვიხსნა უფროსმა. დამშვიდობებისას კი დაამატა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ქრთამის ამღები მართალია, ისჯება, მაგრამ არა ისე მკაცრად, როგორც მისი მიმცემი. და რომ ჩვენ, ჯორჯიელმა ტურისტებმა, ქვეყანაში ყოფნისას ეს ამბავი უნდა გავითვალისწინოთ და ფრთხილად ვიყოთ...
რა გვეთქმოდა?! _ მამაშვილური დარიგებისთვის მადლობა მოვახსენეთ და ოთახიდან ნირწამხდარნი გამოვედით.
_ ბედი არ გინდა? ყველა უბედურებამ ჩვენს თავზე უნდა გადაიაროს?! _ შევჩივლე ვახოს და უხმოდ დავუყევით უკვე ნაცნობ მანჰეტენის ავენიუს...
ამასობაში მხსნელიც გამოჩნდა...
დღე დღეს მისდევდა და სამუშაოს შოვნის პერსპექტივა არსად ჩანდა. დილაადრიან გამოვდიოდით სასტუმროდან, დავდიოდით ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა, შემოეთავაზებინათ რაიმე სამსახური და ყველგან ერთნაირი, უარყოფითი პასუხით გვისტუმრებდნენ. სასტუმროში დაღლილები და აფორიაქებულები ვბრუნდებოდით. დილით ახალი დღის იმედი გვქონდა _ ეგებ რამეს მაინც მივაგნოთ-თქო, ვფიქრობდით...
მართალია, ოფისებში სამსახურზე უარს გვეუბნებოდნენ, მაგრამ იმავე ოფისების შესასვლელებთან თითქმის ყოველთვის იდგა ვინმე და არაოფიციალურ მომსახურებას გვთავაზობდა. მათი წინადადებანი, ასე თუ ისე, მისაღები იყო ჩვენთვის, მაგრამ რადგანაც უმეტესად იქ შავკანიანები იდგნენ (მათ გამო რა პრობლემაც შეგვექმნა ამერიკაში, ალბათ წინა თავებიდან გახსოვთ), მათ დახმარებას თავს ვარიდებდით. მაგრამ ერთ-ერთ ოფისთან, ზანგის `როლში~ მოულოდნელად, რუსი მოგვევლინა, თან თვითონ გამოგვეცნაურა.
_ Dს ხნჯ^ ჰფ,ჯნე ბობნტ?
_ Lფ^ რფრ ,ტიტყყსტ ბოტვ^ ყჯ ყბრფრ ყტ ვჯ;ტვ ყფქნბ&&& _ ვუპასუხე გაოცებულმა და თან გავიფიქრე _ ძლივს `ჩვენებური~ ვნახე-მეთქი.
_ F დს ბ ყტ ყფქლ/ნტ& \"ნჯ Fვტჰბრფ^ პლტცმ დც/ გჯ-ცდჯტვე&&& ახალგაცნობილმა ანატოლიმ აგვიხსნა, რომ ამერიკაში ტურისტებად ჩასულები ოფიციალურ სამსახურს ვერ ვიშოვიდით. მაგრამ თუ გარკვეულ თანხას გადავიხდიდით, რაიმეს მოგვიხერხებდა. დაგვიტოვა თავისი ტელეფონის ნომერი და შეხვედრაც დაგვითქვა 3 საათის შემდეგ...
რა ცოტა უნდა ადამიანებს, თავი ბედნიერებად რომ იგრძნოს: ვახო შუბლაძე ისე გამოცოცხლდა, რომ თავი თბილისში მეგონა _ სწორედ ასეთ ვახოს ვიცნობდი.
_ ძლივს არ გნახე გაღიმებული? _ გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება.
_ ე-ე, ჩემო კაკო, ნერვები აღარ მყოფნის: როგორია? _ ოჯახი მიატოვო, ვალები დაიდო, ამხელა გზა გამოიარო და უკან ხელცარიელი დაბრუნდე?!. ხომ უნდა ყველაფერ ამას გადახარშვა.
_ ვახო, ძმაო, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, არ ინერვიულო... _ კიდევ ერთხელ გავამხნევე ძმაკაცი.
ერთი სული გვქონდა, მალე დამდგარიყო 3 საათი.
...ანატოლიმ ფურცელი მოიტანა, სადაც სამუშაო ადგილები იყო ჩამოწერილი.
_ აი, ნახეთ, რა სამსახურები მაქვს და აირჩიეთ: სუპერმარკეტის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, ავტოგასამართ სადგურზე მუშაობა, მოხუცის მოვლა, საუნაში მასაჟისტობა...
ვახოს გადავხედე და მივხვდი, რომ მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ იყო.
_ მშენებლის ან მძღოლის ადგილი არა გაქვთ? _ ვიკითხე.
_ ერთ-ორ დღეში მექნება. ვიკონტაქტოთ და შეგატყობინებთ, _ სწრაფად მიპასუხა ანატოლიმ.
_ რა ვქნათ, ვახო? _ დავეკითხე მეგობარს.
_ იქნებ, უკეთესი გამოჩნდეს რამე. თბილისში რომ გაიგონ, ჭურჭელს ვრეცხავ, მასხრად ამიგდებენ... _ წაიბუზღუნა.
სიმართლე გითხრათ, არც მე მეხატებოდა გულზე შემოთავაზებული `თანამდებობები~. ფულიც უკვე გვითავდებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, ორიოდე დღეც მოგვეთმინა და სასურველ ვარიანტს დავლოდებოდით. ანატოლის შევუთანხმდით, რომ ყოველ საღამოს დავურეკავდით და დავემშვიდობეთ.
ღამის კლუბში... მომავლის
და ქალის იმედით
3 დღე ვრეკავდით ანატოლისთან, სასურველი სამუშაო კი არა და არ ჩანდა. ვახო ყოველდღე უფრო და უფრო იღუშებოდა. უფრო მეტიც, თითქმის აღარც ლაპარაკობდა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ერთ კვირაში, სასტუმროს ქირის გადახდას ვეღარ შევძლებდით.
სასტუმროში ჩვენი ნომრის ბინადარნი, არონი და შონი, ყოველღამით გვიან ბრუნდებოდნენ _ ან ნაქეიფარი იყვნენ, ან უბრალოდ, ხალისიან განწყობაზე და თავიანთ მხიარულ თავგადასავლებს გვიყვებოდნენ. თავიდან ხალისით იწყებდნენ მოყოლას, მაგრამ ჩვენს დაღვრემილ სიფათებს რომ შეხედავდნენ, საერთოდ წყვეტდნენ ლაპარაკს... ერთხელაც, არონმა ვეღარ მოითმინა და მოგვახალა, უკვე ეჭვი მეპარება, რომ ქართველები ხართ... რა არის, რა სულ ცხვირ-პირი ჩამოგტირითო?!
_ ვნერვიულობთ, არონ, სამსახურს ვერ ვშოულობთ, _ ვუპასუხე.
_ ასე ჯდომით და ნერვიულობით რას იპოვით?! ეცადეთ, საქმეში ქალი ჩართოთ და ყველაფერი გამოგივათ... _ დაგვმოძღვრა არონმა.
_ ეს... როგორ? _ მოვემზადე `რეცეპტის~ მოსასმენად.
_ როგორ და _ წამოდით ჩვენთან ერთად ღამის კლუბში, გაიცანით გოგონები და მიხედეთ საქმეს...
_ გესმის, ვახო, რას გვეუბნება არონი? ხომ არ მოვსინჯოთ ეს გზა? _ ერთიანად გაბრწყინებული მივვარდი მეგობარს, რომელმაც მაშინვე ჩაახშო ჩემი აღტაცება.
_ მაგ ებრაელი ჭკვიანი რომ იყოს, შენთან ერთად კი არ იცხოვრებდა ამ სოროში!.. _ ისე აგდებულად მიპასუხა ვახომ, თითქოს თვითონ ჩემ გვერდით კი არა, მანჰეტენის ფეშენებელური სასტუმროს აპარტამენტების ბინადარი გახლდათ. მე იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი:
_ არ არის ცუდი აზრი. წამო, წავყვეთ ბარში და მოვსინჯოთ.
_ თავი დამანებე, სადაც გინდა, იქ წადი. სამაიმუნოდ არ ჩამოვსულვარ ამერიკაში!
მივხვდი, ვახოს ადგილიდან ვერ დავძრავდი. შონს ვუთხარი, რომ მხოლოდ მე წავყვებოდი და სამზადისს შევუდექი...
ბორბლები და საცობები
ალბათ ყველას გსმენიათ _ ამერიკა ბორბლებზე დგასო. სტატისტიკური მონაცემებით, ერთ ამერიკულ ოჯახზე 3-4 ავტომობილი მოდის. ნიუ-იორკში უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა და შესაბამისად, ქუჩებიც გადატვირთულია, ხშირია საცობი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობა ისეთივე ინტენსიურია ღამით, როგორიც დღისით. ისეთი ავტომაგისტრალიც მრავლადაა, რომელზეც წუთითაც არ წყდება ავტომანქანების ნაკადი.
ნიუ-იორკს ასევე ეძახიან ქალაქს, რომელსაც არ სძინავს. ის ამ სახელს ნამდვილად ამართლებს და ამაში ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, ვინც რამდენიმე დღით მაინც ყოფილა ამ ქალაქში. დღისით ნიუ-იორკელები სამსახურით არიან დაკავებული, საღამო და ღამე კი გართობისთვის აქვთ დათმობილი. ასე რომ, ძალიანაც რომ გინდოდეს, ამ ქალაქში ვერ მოიწყენ. თუმცა, გამორიცხული არ არის, სტრესი მიიღოთ იმის გამო, რომ ვერ აირჩიოთ გასართობი ადგილი, ვინაიდან არჩევანი უსაზღვროა: `სენტრალ პარკში~ ღია ცის ქვეშ იმართება საესტრადო კონცერტები, ჰარლემსა და ვილიჯაში (მანჰეტენის უბნებია) ჯაზის ან ბლუზის ჰანგები ისმის. ბროდვეიზე ყოველ ნაბიჯზეა თეატრი, სადაც მიუზიკლიდან დაწყებული, ყველა ჟანრის სპექტაკლი იმართება. მსოფლიოში სახელგანთქმული `მეტროპოლიტენ-ოპერაც~ ხომ ნიუ-იორკშია. აქვეა კლასიკური მუსიკის რამდენიმე დარბაზი, რომელშიც მსოფლიო დონის მუსიკოსები გამოდიან. კინოთეატრები, დისკოთეკები და ბარები ხომ თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.
თავად ნიუ-იორკელები ამ ნაირფერ გასართობ დაწესებულებებს პარასკეობითა და შაბათობით სტუმრობენ. დარბაზებში მართლაც, ტევა არ არის. მაგრამ კვირის სხვა დღეებშიც კაფე-ბარებში სულაც არ არის სიხალვათე. ნიუ-იორკი, ქვეყანაში გართობისა და კულტურული ცხოვრების ცენტრად ითვლება, ამერიკის ყოველი კუთხიდან ჩადიან იქ, განსაკუთრებით _ არდადეგების პერიოდში. და რაღა თქმა უნდა, ყველა ჩადის საკუთარი ავტომობილით, რის გამოც ქუჩებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს საცობებია.
თუ საცეკვაო დარბაზში
შეხვედი, უნდა იცეკვო!..
აი, მე საცობები სულაც არ მაწუხებდა: არონთან და შონთან ერთად, მშვენივრად დავდიოდი ფეხით გაჩახჩახებულ ქუჩებში, მაგრამ ბარის არჩევის პრობლემას მაინც ვერ ავცდით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყველა ერთიმეორეზე მაცდურად გამოიყურებოდა და სად შევსულიყავით, არ ვიცოდით. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი მოგვეწონა, თუმცა კი მთელი ერთი საათი მოგვიწია უზარმაზარ რიგში დგომამ.
_ რიგი გამიგია მაღაზიაში ან ავიაბილეთის შეძენისას... დისკოთეკაზე შესავლელად კი, პირველად ვდგავარ რიგში, _ შევჩივლე არონს.
_ სამაგიეროდ, აქ ისეთ დროს გაატარებ, რიგში დგომაც დაგავიწყდება და ეს ღამეც დიდხანს გემახსოვრება... _ დამამშვიდა მან.
რა გაეწყობოდა? _ ბედს დავმორჩილდი.
...თითოეულ კაცში 70 დოლარი გადაგვახდევინეს. ეს ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. არც ასეთ მაღალ ფასს მოველოდი, მაგრამ მომავლის იმედით ავსებულს, ბევრი არ მინაღვლია.
ევროპის არაერთი ქვეყნის ღამის ბარში თუ დისკოთეკაზე ვყოფილვარ, მაგრამ ამერიკულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უნდა ითქვას, რომ ამერიკაში უყვართ ყველაფერი დიდი და გრანდიოზული: ავტომანქანები, შენობები, ხიდები, მაღაზიები... გასართობი დაწესებულებებიც ვეებერთელაა და უამრავი ადამიანი იყრის თავს. ჩვენ სწორედ რომ უზარმაზარ საცეკვაო დარბაზში ამოვყავით თავი. ცოცხლად უკრავდნენ და მღეროდნენ, იყო ზღვა ხალხი და ყველა ისეთი ექსტაზით ცეკვავდა, თითქოს მხოლოდ ცეკვა იყო მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანი... ხმის გამაძლიერებლებიდან მუსიკის გამაყრუებელი ხმა იფრქვეოდა. ისეთი ხმაური და რია-რია იყო, გვერდზე მდგომს ვერაფერს გააგებინებდი, მთელი ხმით თუ არ იყვირებდი. ამას ვინ დაეძებს? ზოგჯერ ყვირილის გამეორებაც მიხდებოდა... ერთი სიტყვით, თუ ამერიკულ საცეკვაო დარბაზში მოხვდებით, ეს უნდა გაითვალისწინოთ და ცოტა ილაპარაკოთ, თორემ შემდეგ, ყელის ძლიერი ტკივილი და ხმის დაკარგვა გარანტირებული გექნებათ. იქ იმდენ ლუდს სვამენ და ისეთი დიდი კათხებით, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არაფრით დავიჯერებდი. ერთი სიტყვით, ამერიკელი დისკოთეკაზე მთელი კვირის განმავლობაში დაგროვებულ ენერგიასაც ხარჯავს, ბლომად ფულსაც და გვარიანადაც გამოთვრება ხოლმე. ყოველგვარ უარყოფით ემოციასაც წინა კვირას ატანენ და ახალი სამუშაო კვირისთვის ემზადებიან...
არონმა შემატყო, რომ დაბნეული ვაცეცებდი თვალს და ყურში ჩამძახა რაღაც, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგონე. ბოლოს, მიმიკით მანიშნა _ გოგონებისკენ გაიხედეო. გოგონები კი მართლაც ბლომად იყვნენ, სულ ფერად-ფერადები (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და ნაირ-ნაირები _ მაღლები, დაბლები, გამხდრები, მსუქნები, ვნებიანები, უემოციოები (თუმცა კი, ისინიც თავდაუზოგავად ცეკვავდნენ)... ერთი სიტყვით, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თვალი მომცა და მაყურებინაო... აბა, კაკო, გამოიჩინე მარიფათი-მეთქი! _ შევუძახე ჩემს თავს და საცეკვაო `უფსკრულში~ თავით გადავეშვი...
დავუყვირებდი არჩეულ ქალს, ისიც ყვირილით გამომეპასუხებოდა და ვუერთდებოდით მოცეკვავეთა ტალღას. დამთავრდებოდა ცეკვა, დავაპირებდი ქალთან საუბრის გაბმას და სანამ გაზეპირებულ ფრაზებს გონებაში ჩამოვაყალიბებდი, მანამ მოვიდოდა ვინმე ახალი კავალერი და ჩემს ტურფას ცეკვის `მორევისკენ~ გააქანებდა. მისი ხელახლა პოვნა მე კი არა, შერლოკ ჰოლმსსაც გაუჭირდებოდა... ერთი სიტყვით, რომელი მოცეკვავეც მომეწონა, ხუთიოდე წუთითაც ვერ შევაჩერე ჩემი აღსარების მოსასმენად. ბოლოს მივხვდი, არც ჩემი ინგლისური ენის ცოდნა აინტერესებდათ და არც მამაკაცური შესაძლებლობები _ აქ საცეკვაოდ და მუსიკის მოსასმენად იყვნენ მოსული. ისიც დავაფიქსირე, რომ ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვიმყოფებოდი და დავწყნარდი. თანაც, ასეთი დასკვნა გამოვიტანე _ ამერიკაში თუ საცეკვაო დარბაზში შეხვედი, უნდა იცეკვო!..
ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს. ვიფიქრე _ ვინ არიან ეს ამერიკელები, რომ ვერ შევაბა-მეთქი?! _ და ჩემებური ტაქტიკა შევიმუშავე: მორიგ მოწონებულ გოგონას ცეკვის შემდეგ აუცილებლად კათხა ლუდზე ვეპატიჟებოდი და ვცდილობდი, ასე მაინც `შემეცდინა.~ გოგონებიც გულიანად მიღიმოდნენ, კათხა ლუდს თვალის დახამხამებაში ცლიდნენ, რაღაც ზოგადი ფრაზებით `მამშვიდებდნენ~ და ისევ საცეკვაოდ გარბოდნენ. ამის შემდეგ კი, ზოგს ვპოულობდი, ზოგს _ ვერა. ისევ არონი მოვძებნე და შევჩივლე, ამ ქალებს ვერაფერი გავუგე, რა უნდათ, იქნებ, რამე მიკარნახო-მეთქი...
_ ბიჟო, მუღამი უნდა, მუღამი... არ მოეშვა და გამოგივა! _ დამმოძღვრა და თან ისე ჩახუტებოდა ასხლეტილ ქერა ქალს, ლამის თვალთ დამიბნელდა.
... ვერაფრით `დავამუღამე~ ცეკვით შეშლილი ამერიკელი ქალები. სამაგიეროდ, იმდენი ლუდის დალევამ მომიწია, რომ სრულებით არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი სასტუმროს ნომერში გამთენიისას...
ვახოს მოთმინების ფიალა აევსო...
ძნელია ნაბახუსევზე ყოფნა და ორმაგად ძნელია, თუ ლუდით გამოთვერი... თავი გასკდომაზე მქონდა. ოღონდაც ვინმეს არ შევეწუხებინე და არაფერი მინდოდა. ეს `ბედნიერება~ ვინ დამაცადა?! 9 საათზე ვახომ დამიწყო ჯაჯგური:
_ ადექი, კაკო, სასტუმროს მეპატრონე რაღაცას გვთხოვს!..
_ ღმერთი არ გწამს?! შემეშვი, რა!.. _ წავიბუზღუნე.
_ მე კი არ გაღვიძებ, აგერ ამ კაცს გაეცი პასუხი! _ ეწყინა ვახოს და სასტუმროს არაბი მფლობელი წარმიდგინა. ის ხელში ქაღალდების დასტით იდგა და ამერიკული თავაზიანობით მიღიმოდა. მერე ავტოკალმით რაღაც შემოხაზა და მითხრა:
_ უკაცრავად, სერ! ერთი კვირაა, აქ ცხოვრობთ, ბინის ქირა არ გადაგიხდიათ, ვიფიქრე _ ხომ არ დაავიწყდათ-მეთქი? _ და მოგაკითხეთ...
_ რას ბრძანებთ? გვაპატიეთ, ახლავე გადავიხდით! _ დავფაცურდი და გადასახადის ოდენობა ვიკითხე.
_ 420 დოლარი.
_ ახლავე, _ ვთქვი და შარვლის ჯიბიდან საფულე ამოვიღე. გავხსენი საფულე და გველნაკბენივით გავშეშდი: იქ, სადაც გუშინ 600 დოლარი იყო, ახლა 2 ასდოლარიანი იდო... არაბს დაბნეული თვალებით ავხედე. მისი წეღანდელი ღიმილი ცივი გამომეტყვლებით შეცვლილიყო...
_ ვახო! ფული რამდენი გაქვს? _ მივმართე ძმაკაცს.
_ 400 დოლარი.
_ მომეცი 220, სასტუმროს ქირა უნდა გადავიხადოთ.
ვახომ უსიტყვოდ მომაწოდა ფული. მეპატრონემ ქვითარი მომაწოდა და ოფიციალური ტონით გამომიცხადა, რომ ქირა ორდღიანი წინსწრებით უნდა გადავიხადოთ და მთხოვა, რომ ეს შემდგომში ეს გამეთვალისწინებინა...
_ ვახო, ცუდადაა ჩვენი საქმე, _ თვალებში ვეღარ ვუყურებდი და ისე დავიწყე ლაპარაკი.
_ რაშია საქმე? _ გაოცებულმა შემომხედა.
_ გუშინ, ბარში ფული შემომხარჯვია (ხომ შესაფერისი სიტყვა ვიპოვე?..) და დიდი-დიდი, ორი დღე შევძლოთ აქ ცხოვრება.
_ რაა?! ეს როგორ მოგივიდა, ბიჭო?!
_ როგორ გითხრა... ყველაფერი ძვირი იყო. მეგონა, თავს გავაკონტროლებდი... _ დავიწყე თავის მართლება. მთელი გულით ვნანობდი, რომ ასეთ დღეში ჩავაგდე მეგობარი. ეს ვახომაც შეამჩნია და აქეთ სცადა ჩემი დამშვიდება:
_ კარგი, რას იზამ, ხდება. გამოიძინე და დაწყნარებულ სიტუაციაში მოვიფიქრებთ რამეს... _ თქვა და ვესტიბიულში გავიდა. თავი ლამის ამეხადა ტკივილისგან, მაგრამ რაღა დამაძინებდა?! ავდექი, ცივი წყალი შევისხი და მეც ვესტიბიულში გავედი. ვახო ბოლთას სცემდა და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა...
_ გუშინ ანატოლიმ დარეკა, მზარეულის თანაშემწის ადგილი გამოჩნდაო, _ მითხრა.
_ მოდი, მანდ შენ წადი, მე ავტოგასამართ სადგურზე მოვეწყობი.
_ როგორ გითხრა, კაცო, არ მომწონს ეს მზარეულობა... დაბნეული ვარ, საერთოდ ვერ ვაზროვნებ; რა მინდა, მე თვითონაც არ ვიცი...
_ თავიდან ყველა ასე იწყებს, ვახო! მერე რაღაც სხვა გამოჩნდება...
_ ამერიკა ცოტა სხვანაირად წარმომედგინა. რომ მცოდნოდა, ასე გავწვალდებოდი, საერთოდ არ წამოვიდოდი... _ გადამიშალა გული.
_ რას იზამ? ჩვენ ხომ ვერ შევცვლით აქაურობას. ჩვენი ოჯახების გამო უნდა მოვითმინოთ, როგორმე ცოტა ფული შევაგროვოთ და დავბრუნდეთ საქართველოში.
_ ჭურჭლის რეცხვით და ჰოთდოგების გაყიდვით რა ფული უნდა შეაგროვო, კაცო?! _ ღრმად ამოიოხრა და დამნაშავე ბავშვივით გაიღიმა.
_ აბა, რას მთავაზობ?
_ არ ვიცი... ვერაფერს გეტყვი, _ თვალი ამარიდა, ფანჯრისკენ გაიხედა. მივხვდი, რაღაც გადაწყვეტილება მიეღო და გამხელას ვერ მიბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და დაიწყო:
_ კაკო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?!.
ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდი!
_ ...ეს დღეები სულ ვფიქრობდი და ვერ გიბედავდი, მეთქვა _ ეწყინება-მეთქი... დეტროიტში მინდა წასვლა! _ ამ სიტყვებით სულ მომითავა ხელი, თვითონ კი დამშვიდდა და აუღელვებლად განაგრძო:
_ მართალია, ის ჩემი ძველი ძმაკაცი კარგად არ მომექცა, მაგრამ... იქ მაგარ ადგილზე მუშაობს, ხომ იცი _ მასეთებს ყოველთვის უმართლებს (მივხვდი, ამ სიტყვებით ნათქვამის განეიტრალებას ცდილობდა)... მოდი, მე დეტროიტში წავალ, გადავხედავ იქაურობას. შენ აქ დარჩი, აქაურობაში გაერკვიე. შემდეგ ერთად ავწონ-დავწონოთ სიტუაცია და სადაც აჯობებს, იქ დავრჩეთ...
რა უნდა მეთქვა? ეს ყოველივე ზურგში მახვილის ჩაცემას ჰგავდა, მაგრამ ამას ვახოს პირდაპირ ხომ არ ვეტყოდი!.. თან მას გადაწყვეტილება უკვე მიეღო...
_ როგორც გინდა, ვახო, მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება... _ ესღა ვუპასუხე. გულში კი მეწყინა, რომ მარტო მტოვებდა, მაგრამ არ ვაგრძნობინე...
ვახო დეტროიტში, მე _ ბრუკლინში...
ნიუ-იორკიდან დეტროიტამდე ავტობუსით მგზავრობა 50 დოლარი ჯდებოდა. შევიძინეთ ბილეთი და დეტროიტში დავრეკეთ. ვახოს ძმაკაცმა გვაუწყა, რომ თვითონ ვერ მოიცლიდა, სამაგიეროდ, თავის რუს მეგობარს გამოგზავნიდა მის დასახვედრად...
დაღვრემილები ვიდექით ავტოსადგურის ბაქანზე, მაგრამ ისევ ჯიუტად განვაგრძობდით `ნათელ მომავალზე~ საუბარს...
_ კაკო, ყოველ მეორე დღეს დაგირეკავ... ვიცი, კვაჭი ხარ, არ დაიკარგები, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი, ცოტა ფიცხი ხარ, ემოციებს არ აჰყვე... _ მიკვირდა, საიდან პოულობდა ამდენ სანუგეშო სიტყვას.
_ ყველაფერი კარგად იქნება, ვახო!.. შენ მშვიდად იყავი, თავს მიხედე, მე რაღაცას მოვახერხებ, ნუ გეშინია, არ დავიკარგები... _ იქით ვაწყნარებდი მეგობარს.
როგორც იქნა, ვახოს ავტობუსი ჩამოდგა და ჩვენც გულაჩუყებულები გადავეხვიეთ ერთმანეთს...
ასე დავრჩი მარტო ამხელა ქალაქში. ჩემი შეთხზული ამერიკული ოცნებისკენ ახლა მარტოს უნდა მევლო. მართალია, სევდა მომეძალა, ნოსტალგიამაც შემახსენა თავი, მაგრამ ენერგია არ დამკლებია.
...ანატოლის დავურეკე. ჩემდა გასაოცრად, ყურმილი მაშინვე აიღო, მითხრა _ თითქოს გულმა გიგრძნო, რამდენიმე კარგი ადგილი გამოჩნდა და ახლა სწორედ შენზე ვფიქრობდიო... მეორე დღისთვის დავთქვით შეხვედრა, ანატოლიმ მითხრა _ ხვალ ბრუკლინში უნდა წავიდეთ, იქ შენთვის სამუშაოც იქნება და საცხოვრებელი ადგილიცო...
ქართველები ისეთი ხალხი
ხართ, არსად დაიკარგებით...
დეტროიტში ვახო რომ გავაცილე, სასტუმროში ფეხათრევით დავბრუნდი, ისეთ ხასიათზე ვიყავი, არავის დანახვა არ მინდოდა... ჩემს ნომერში მცხოვრებ ებრაელ სტუდენტებს გაუკვირდათ, მარტო რომ მნახეს და შეშფოთებულებმა მკითხეს:
_ შენი მეგობარი სად არის?
_ დეტროიტში წავიდა, ძველ მეგობართან, სამუშაოს დაჰპირდნენ... _ ვუპასუხე დაღვრემილმა.
სტუდენტებმა თითქოს ენა ჩაყლაპესო, აღარ იცოდნენ, რით ეცათ ჩემთვის ნუგეში. გამოსავალი ისევ მე ვიპოვე და მხიარულად ვუთხარი:
_ მეც ხვალ ბრუკლინში უნდა გადავბარგდე!
_ სად? ბრუკლინში? მერე არ გეშინია? _ ერთმანეთის მიყოლებით დამაყარეს გაოცებულებმა შეკითხვები.
_ რისი უნდა მეშინოდეს?! _ არანაკლებ გაოცებულმა, კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.
_ ბრუკლინში ცხოვრობენ ყველაზე საშიში ამერიკელი მაფიოზები, რომლებიც ათას თავსატეხსა და პრობლემას უქმნიან მთავრობას!..
რომელი კონგრესმენი ან მინისტრი მე მნახეს-მეთქი?! _ გავიფიქრე... ჩემს გულშემატკივრებს კი მივუგე:
_ რაც უნდათ, ის შეუქმნან ამერიკის მთავრობას, ჩემთან კი რა ხელი აქვთ?
_ რუს ემიგრანტებზე იმდენი საშინელი მითი თუ ლეგენდა მაქვს მოსმენილი, რომ ოდნავი სურვილიც არ გამიჩნდებოდა იქით გახედვისა... _ არ ცხრებოდა არონი.
_ იმედია, გამოვნახავ რუსებთან საერთო ენას და არც პრობლემები შემექმნება, _ გავუღიმე ამერიკაში ნასწავლი ღიმილით (ახლა უკვე ნამდვილად არ ვიყავი ღიმილის ხასიათზე)...
მერე იქვე, სასტუმროს გვერდით მდებარე მაღაზიიდან ერთი ბოთლი უნგრული ღვინო და პიცა მოვიტანე, შონი და არონი სუფრასთან მოვიპატიჟე _ ჩვენი განშორება აღვნიშნოთ-მეთქი... არონმა ეშმაკურად ჩაიცინა და მითხრა:
_ კაკო, სულ დამავიწყდა შენი ქართველობა. თქვენ ისეთი ხალხი ხართ, არსად დაიკარგებით... _ ხელი ხელზე ძველბიჭურად დამკრა და ოთახიდან გავიდა. ათ წუთში მობრუნდა შამპანურის ბოთლებით და ლამაზად შეფუთული დელიკატესებით.
_ შენ რა, ბიჟო, ერთი ბოთლი ღვინით აპირებ, დაგვემშვიდობო?! _ მითხრა და სანოვაგე სუფრაზე დაახვავა.
_ ისე უნდა ვიქეიფოთ, რომ ეს დღე დიდხანს არ დაგვავიწყდეს!.. _ დაამატა შონმა...
მართლაც გვარიანად მოვულხინეთ. ერთმანეთს სიყვარულს და მეგობრობას ვუმტკიცებდით. ვახსენეთ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებული 26-საუკუნოვანი მეგობრობა. რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია შონისა და არონის საქართველოში დაპატიჟებაც. მათ, თავის მხრივ, ისრაელში მიმიწვიეს... ბევრი არ დამილევია, რადგან მეორე დღისთვის ვემზადებოდი. ებრაელები კი ისე გამოთვრნენ, რომ დილით ვეღარ გავაღვიძე. სამადლობელი წერილი დავტოვე და სასტუმროდან გამოვედი.
ბრუკლინი _ მაფიოზებისა
და რუსების საასპარეზო
ჩემი აზრით, მოგზაურისთვის ნიუ-იორკი ნამდვილი აღმოჩენაა. საკმარისია, იქ მოხვდეთ და რამდენიმე დღეში სრული წარმოდგენა შეგექმნებათ, როგორ ცხოვრობენ განსხვავებული ეროვნების (რასისა და ფერის) ადამიანები დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში: ნიუ-იორკში არსებობს იტალიური, ჩინური, რუსული, ინდური, ლათინურ-ამერიკული, ებრაული კვარტალები, სადაც მხოლოდ იმ ენას გაიგონებთ, რომელი ეთნოსის ხალხიც იქ ცხოვრობს. შევხვედრივარ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც 30-40 წლის ჩასულები იყვნენ ამერიკაში და თავიანთი მშობლიურის გარდა, არც ერთი ენა არ იცოდნენ. ინგლისურიც არაფერში სჭირდებოდათ, ვინაიდან სამსახურიც და საცხოვრებელიც თავ-თავიანთ კვარტალში ჰქონდათ და ამერიკაში გადატანილ მშობლიურ გარემოცვაში მშვიდად ცხოვრობდნენ...
მართალია, ნიუ-იორკი 5 დიდ რაიონად იყოფა, მაგრამ სასურველი იქნებოდა, თითოეული, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით გამორჩეულიყო. მაგალითად: როცა ლაპარაკობენ ბრონკსზე, გულისხმობენ ლათინურამერიკელებსა და შავკანიანებს, ვინაიდან იქ მცხოვრებთა 95%-ს სწორედ ისინი შეადგენენ. როდესაც ქვინსს ახსენებენ, გულისხმობენ კორეელებს, იაპონელებსა და ლათინური ამერიკის სამხრეთით მცხოვრებ ხალხებს (არგენტინელებსა და ჩილელებს). რაც შეეხება ბრუკლინს _ მას ებრაელების, იტალიელებისა და რუსების რაიონად მიიჩნევენ. ისტორიულად, იქ ევროპიდან ჩასული იმიგრანტები სახლობდნენ, მაგრამ რატომღაც ბრუკლინი ყოველთვის ასოცირდებოდა მაფიოზებთან და თავზეხელაღებულ ადამიანებთან. ალბათ იმიტომ, რომ სწორედ იქ გაიზარდნენ და იქიდან დაიწყეს ფართო კრიმინალური საქმიანობა ალ კაპონემ, ლაკი ლუჩანომ, ლენსკიმ...
ბრუკლინში გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში საბჭოთა კავშირიდან ჩასული მრავალი იმიგრანტი დასახლდა. იქ კანონის დარღვევითა და სხვადასხვა არატრადიციული მეთოდით შეიძინეს დიდძალი ქონება, რამაც მათ `სახელი~ და `დიდება~ მოუტანა. ამერიკის მთავრობა დღესაც გულმოდგინედ იბრძვის მათ წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო წარმატებას ვერ აღწევს. რუსების `შემოქმედებითი~ მოღვაწეობა განუსაზღვრელი ფანტაზიით გამოირჩევა.
_ რა ხდება, ანატოლი? ნუთუ ისეთი ჭკვიანები არიან ბრუკლინელი რუსები, რომ ამერიკელები მათ ვერაფერს უხერხებენ? _ ვკითხე ჩემს აგენტს, რომლის მანქანითაც ახლა ბრუკლინში მივქროდით.
_ დიდი არაფერი. უბრალოდ, რუსები ისეთ რამესაც კადრულობენ, რაც ამერიკელებს მთელი ცხოვრება აზრადაც არ მოუვათ...
მერე პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
_ ახლა საერთო საცხოვრებელში მიგიყვან, ღამეში 10 დოლარი გექნება გადასახდელი. მერე მზარეულის თანაშემწედ მოგაწყობ. ორი კვირის ხელფასს მე მომცემ და მერე, ჩემგან თავისუფალი იქნები. თუ სამუშაო არ მოგეწონება, მე არაფერ შუაში ვარ...
_ კვირაში რამდენს ავიღებ?
_ ალბათ, 300-350 დოლარი გექნება.
_ ე.ი. 600 დოლარი შენ უნდა მოგცე? მაგრამ მე რომ მაგის ნახევარიც არ მიდევს ჯიბეში? _ შევშფოთდი.
_ ნუ ნერვიულობ. როცა ხელფასს მიიღებ, მერე მომცემ. შენს პასპორტს დავიტოვებ, როცა ანგარიშს გამისწორებ, მაშინ დაგიბრუნებ.
_ პოლიციამ რომ გამაჩეროს, რა ვუჩვენო?
_ მთავარია, არაფერი დააშავო. ამერიკაში უმიზეზოდ არავის აჩერებენ.
_ მაინც რომ გამაჩეროს?
_ იცი, რას გეტყვი?.. თუ სამსახური გინდა, ისე უნდა მოიქცე, როგორც მე გეუბნები. თუ არა და, ოთხივე მხარეს გზა ხსნილია... _ გაღიზიანდა ამერიკულ ყაიდაზე გადასული რუსი აგენტი და რომ არ გავჩერებულიყავი, ნამდვილად ჩამომსვამდა მანქანიდან.
მისი განაწყენება სულაც არ შედიოდა ჩემს გეგმაში და თვინიერი ბავშვივით დავმორჩილდი. პასპორტი სასწრაფოდ ამოვიღე და მივაწოდე. ცოტა ხანს ხმა არ ამოგვიღია, მერე კი დაძაბულობის განსამუხტავად, ლაპარაკი გავუბი:
_ ანატოლი, დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობ?
_ იქნება ასე 10 წელი.
_ ერთი კვირაა, რაც აქ ვარ და უკვე ძალიან მომწონს აქაურობა. შენ ალბათ, რამდენი საინტერესო რამე ნახე...
_ დიდი არაფერია ამერიკა! ვირივით უნდა იშრომო, რომ რაღაცას მიაღწიო. აქ ფულია ყველაფერი! ფული თუ არ გაქვს, შენი ფასი ნულია!.. ვეღარ ვიტან აქაურობას. ყოველდღე ერთი და იგივე ყელში ამომივიდა, _ გული გადამიხსნა ანატოლიმ.
_ თუ არ მოგწონს, ვინ გაკავებს? დაბრუნდი რუსეთში! _ დავმოძღვრე, ჩემი ჭკუით.
_ რუსეთში მშიერი მოვკვდები. ისევ აქ მირჩევნია, ვიწვალო. ვიცი, ცოტას მაინც ვიშოვი...
ბუხარელმა ებრაელმა
ქალმა კინაღამ დამიწუნა...
ბრუკლინში, მანჰეტენისგან განსხვავებით, ცათამბჯენები არ არის. თუმცა ერთ-ერთი ბანკის შენობის კოშკურაზე დამონტაჟებული მექანიკური საათი მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარეობს. იქ ძალიან ბევრი 2-3-სართულიანი კერძო სახლია, რომელშიც მდიდარი ბრუკლინელები ცხოვრობენ. ანატოლიმ ერთ-ერთ ასეთ სახლთან გააჩერა მანქანა, ეზოში დაუკითხავად შევიდა და მეც შევყევი. როგორც შემდგომში გავიგე, ებრაელთა უბანში მივსულვართ. ამ უბანს ბორო პარკს ეძახიან. ბორო პარკი ის ადგილია, სადაც მასობრივად ცხოვრობენ ორთოდოქსი ებრაელები...
ჩემდა გასაკვირად, სადარბაზოდან ხანში შესული, ჩასუქებული ქალბატონი გამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანელს მივამსგავსე. უფრო კარგად რომ დავაკვირდი, ვიფიქრე, რომ მისი ჭრელაჭრულა ტანსაცმელი შუააზიურს უფრო ჰგავდა. გამიკვირდა _ რა უნდოდა ამ აზერბაიჯანელ თუ უზბეკ `ბაჯის~ ებრაულ დასახლებაში?..
ამასობაში `ქალი-გამოცანა~ მოგვიახლოვდა.
_ Pლჰფდცნდექნტ^ ნ/ნზ Nფვფჰფ! ღკბტყნფ გჰბდ/კ&&& _ მიესალმა ანატოლი და ჩემი თავი წარუდგინა. დეიდა თამარა ეჭვიანად დამაკვირდა და ჩემს `დაკითხვას~ მიჰყო ხელი:
_ ღფდრფპტწ^ ლფ?&&& Uჰეპბყ^ ლფ?
თანხმობის ნიშნად, თავს ვუქნევდი.
...ჩემმა ქართველობამ უზბეკი ქალი ლამის ჭკუიდან შეშალა და გაწიწმატებულმა გამოგვიცხადა:
_ ძ ბ[ ყტ გჰბყბვფ. ბ დბლტნმ ყტ [ჯხე&&& ლფ!&&
გავშრი. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და საშველად ანატოლის გადავხედე.
_ D ხ/ვ ლტკჯ^ ნ/ნზ Nფვფჰფ^ დფც ჯ,ბლტკბ? _ სცადა ანატოლიმ სიტუაციის განმუხტვა.
_ ღფდრფპწს ვტყზ დცტულფ ჯ,ბ;ფ.ნ^ @რბლფნმ# კ.,ზნ^ ლფ!&& _ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ისე სწრაფად ლაპარაკობდა, ვერაფერს გაუგებდა კაცი. მაგრამ რა დიდი მიხვედრა უნდოდა იმას, რომ რაც საერთო საცხოვრებელი გაუხსნიათ, თუ ვინმეს რაიმე მოუპარავს, ფული არ გადაუხდია, გაპარულა ან უჩხუბია და ჭურჭელი დაულეწავს, როგორ გგონიათ, ვინ ყოფილა?.. კავკასიელი და პირველ რიგში _ ქართველი!.. ტამარა შეტრიალდა და სახლისკენ წავიდა. რა მეღონა, არ ვიცოდი. მაგრამ ანატოლი `ხელობას~ ხომ არ გაიფუჭებდა!..
_ აქ დამელოდე, ამ გადარეულს მოველაპარაკები და ცოტა ხანში დაგიძახებ, _ მითხრა მან და გაწიწმატებულ ქალს სახლში შეჰყვა.
...მალე მართლაც, დამიძახა. მეორე სართულზე, საკმაოდ დიდ ოთახში შევედით, სადაც _ არც მეტი, არც ნაკლები _ 6 საწოლი იდგა. ერთ-ერთზე მსუქან კაცს ეძინა და ხმამაღლა ხვრინავდა. ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში, ქართველების `მაქებარი~ ტამარა შევნიშნე, რომელსაც უკვე თეთრეული ეჭირა ხელში და როგორც ჩანს, ჩემთვის ამზადებდა...
_ აი, აქ იცხოვრებ. შეიძლება, არ მოგწონს აქაურობა, მაგრამ ამერიკაში ვინც ჩამოდის, ყველა ასე იწყებს. დანარჩენი შენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული... ახლა სამუშაოზე წავიდეთ, _ მითხრა ანატოლიმ.
_ F ლტყმუბ რნჯ ,ელტნ გკფნბნმ? _ ჩამაშხამა სიხარული დეიდა ტამარამ.
_ რამდენია გადასახდელი? _ ვიკითხე.
_ Lტგჯპბნ 100 ლჯკკფჰჯდ ბ პფ ყტლტკ. დგტჰ/ლ _ 70.
ვიგრძენი, როგორ წამივიდა ფერი: ჯიბეში მხოლოდ 90 დოლარი მედო. გამიძნელდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? დაუფარავად ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ. დიასახლისი ისევ `ავარდა~ _ ანატოლის შეუტია:
_ ძ ;ტ ნტ,ტ უჯდჯჰ.^ დცტ რფდრფპწს ნფრბტ!&& _ თქვა და ოთახიდან გავიდა. ჩემი აგენტი ისევ უკან გაჰყვა. მის დაბრუნებამდე, რა აღარ ვიფიქრე! გული იმაზეც მწყდებოდა, რომ ამდენ დამცირებას უპასუხოდ ვიტანდი, რომ ვიღაც რუსი ანატოლის დაკრულზე ამერიკაშიც უნდა მეცეკვა და ბუხარელი ებრაელი ქალის ხუშტურები მომეთმინა...
ანატოლი მოღიმარი სახით დაბრუნდა, 70 დოლარი (ერთი კვირის ბინის ქირა) გამომართვა და დეიდა ტამარას გადასცა. მერე გამაფრთხილა, რომ თუ ქირას დროულად არ გადავიხდიდი, ღია ცის ქვეშ მომიწევდა ღამის გათევა... რა უნდა მექნა? ძალიან არ მსიამოვნებდა ამდენი უაზრო გაფრთხილება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო...
კისას ქართველებთან განსაკუთრებული
მოგონებები აკავშირებდა
როგორც კი ბინის საკითხი მოვაგვარეთ, მანქანაში ჩავსხედით და ჩემი მომავალი სამსახურისკენ გავემართეთ. 86-ე ქუჩიდან ბრუკლინის რუსული დასახლება იწყება. შენობებზე სულ რუსულენოვანი წარწერებია და რუსეთის რომელიმე ქალაქში გეგონება თავი; გრძელფეხება ქერა გოგონებიც ამ შთაბეჭდილებას გიმყარებენ... მაგრამ ახლა რუსი გოგონებისთვის ნამდვილად არ მეცალა...
ანატოლიმ ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა მანქანა. დიდ, სარეკლამო დაფაზე გამოკვეთილი ასოებით ეწერა: @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#& ქვემოთ კი, საშუალო ზომის წარწერა გაეკეთებინათ: Gტჰდსქ ჰეცცრბქ ჰტცნჯჰფყ^ რჯნჯჰსქ ჯნრჰსკცზ დ <ჰერკბყტ&
_ აკაკი, ნუ ნერვიულობ, აქ ოდესელი ებრაელები არიან და ძალიან განსხვავდებიან ბუხარელებისგან. დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამონახავთ და ერთმანეთს კარგად შეეწყობით. თანაც, შენ ძალიან კომუნიკაბელური ხარ... _ ბოლო სიტყვები ანატოლიმ ეტყობა, გასამხნევებლად მითხრა...
რესტორნის მეპატრონე მშვენიერი ქალბატონი აღმოჩნდა, რომელსაც, სახელად თუ მეტსახელად, ღბცფ ერქვა და მართლაც, ძალიან ჰგავდა მოალერსე ფისუნიას... ღბცფ ქალების იმ კატეგორიის განეკუთვნებოდა, რომლებზეც ზუსტად ვერასოდეს იტყვი, რამდენი წლისაა... საკმაოდ მიმზიდველი, ოდნავ სრული იყო და ეს უხდებოდა კიდეც. გემოვნებიანად ეცვა, მაკიაჟშიც და მანერებშიც ზომიერება ემჩნეოდა. მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა. ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, ერთბაშად გამოცოცხლდა: თავი ზემოთ ასწია, თვალები ვნებიანად მინაბა და თითქოს რაღაც ძალიან სასიამოვნოს იხსენებსო, ლამის ჩურჩულით წარმოთქვა:
_ ჟ,ჯ;ფ. უჰეპბყ&&& ჟ ყბ[ ე ვტყზ ცფვსტ კეხიბტ დჯცგჯვბყფყბზ&&&
მეც მეტი რა მინდოდა?!. სიამაყისგან ერთიანად გავიბადრე. მხიარულ გუნებაზე დავდექი და სულ გადამავიწყდა ის უსიამოვნებები, რომლებიც ამ ერთი კვირის მანძილზე გადამხდა თავს...
ამერიკაში ხეები დოლარებს არ ისხამს...
საბჭოთა სკოლაში ნასწავლი ანდაზა-ლოზუნგები: `იმედი ყველაზე გვიან კვდება~, `ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს...~ _ ყველაზე მეტად ამერიკაში გამომადგა. ვერ ვიშოვიდი სამუშაოს, პირველით ვინუგეშებდი თავს, ვიშოვიდი _ მეორე ამომიტივტივდებოდა გონებაში. ასეა, ვისაც მცირე ხნით მაინც უცხოვრია ამერიკაში, დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში შრომის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. უფრო მეტიც _ ტემპი იმდენად ჩქარია, მუშაობაც იმდენად ინტენსიური და დაძაბული, რომ ამას ევროპის მოწინავე ქვეყნებიც აღიარებენ და ამერიკას, გიგანტურ, განუწყვეტლივ მომუშავე ქარხანას ადარებენ, სადაც თითოეული ადამიანი ჩარხისა და ჭანჭიკის როლს ასრულებს. საკმარისია, ერთ-ერთი ჩარხი მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მის ადგილზე უპრობლემოდ მეორეს ჩაანაცვლებენ, ძველი კი უსარგებლო ხდება... ეს მშვენივრად იციან ამერიკელებმა და თავიანთ შვილებს პატარაობიდანვე ამზადებენ დატვირთული, ბრძოლის სავსე ცხოვრებისთვის. მიუხედავად ასეთი მკაცრი კანონებისა, ამერიკას აქვს თავისი ხიბლი. ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია, ნულიდან დაიწყოს საქმიანობა და ფანტასტიკურ შედეგებსაც მიაღწიოს. მთავარია, კაცმა არ იზარმაცოს, არ მოეშვას.
...მეორე დღეს, რესტორანში დათქმულ დროს _ 12 საათზე გამოვცხადდი. კისამ მისალმებისას მომხიბვლელად გამიღიმა, თუმცა, სწრაფადვე დასერიოზულდა და მკაცრი გამომეტყველებით გამომიცხადა:
_ Yე ხნჯ^ ლჯჰჯუჯქ უჰეპბყხბრ^ ყფხყ/ვ ჰფ,ჯნფნმ?
_ Dცტულფ უჯნჯდ! _ პიონერივით გამოვეჭიმე.
_ ნუ გგონიათ ქართველებს, რომ ამერიკაში დოლარებს ხეები ისხამს. ეს ასე არ გახლავთ. აქ იოლად ვერაფერს მიიღებ. ვირივით უნდა იშრომო, რომ რაღაცას მიაღწიო. სხვა გზა არ არის... _ დაიწყო და აღარ დაამთავრა კისამ... ეტყობა, ძალიან ბრიყვულად გამოვიყურები, ყველა მე რომ მარიგებს ჭკუას-მეთქი, _ გავიფიქრე და რამდენადაც შემეძლო, გულისყურით ვუსმენდი სასტუმროს მეპატრონეს, რომელიც `ლექციის~ დამთავრების შემდეგ, ჩემთვის ძალზე მტკივნეულ საკითხზე _ ხელფასზე გადავიდა:
_ მართალია, ქართველებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია...
ასეთი შესავლის შემდეგ, რაღა იმედი უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც ყურადღებით ვუსმენდი...
_ დილის 12-დან გვიან ღამემდე მოგიწევს მუშაობა და დღეში 50 დოლარს მიიღებ. მეტი, რომც მოითხოვო, სულერთია, ვერ მიიღებ. ორშაბათი უქმე დღეა. შევთანხმდით? _ თან გამომცდელად შემომხედა. სხვა რა გზა მქონდა! _ დავთანხმდი და კისა სამზარეულოში შემიძღვა.
ის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. 8 ვეებერთელა გაზქურა და რამდენიმე დიდი მაცივარი იდგა. კედლები, როგორც საგამოფენო სტენდზე, სხვადასხვა ზომის ქვაბებით, ტაფებით, ჩამჩებით, კოვზებით, სინებითა და დანებით დაეფარათ. ისეთი გახურებული მუშაობა მიმდინარეობდა, რომ ჩვენი შესვლა არც შეუმჩნევიათ.
_ კუზმა, ესეც შენი ახალი თანაშემწე, _ წარმადგინა კისამ.
კუზმამ ერთი შემომხედა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
_ ოდესმე სამზარეულოში გიმუშავია?
_ დიახ, არმიაში სამსახურის დროს, _ ვუპასუხე.
_ Gჯქლ/ნ!&& _ გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და მანიშნა, გვერდით ოთახში შევსულიყავი, სადაც ჩემი სამუშაო ფორმა _ თეთრი ხალათი მელოდა...
ასე დავიწყე რესტორანში _ `Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~ _ მუშაობა. მაინცდამაინც არ გამჭირვებია ჩემს ფუნქციებში გარკვევა და მონდომებითაც ვასრულებდი მოვალეობას: დილით მანქანიდან უნდა გადმომეტვირთა პროდუქტები და გამენაწილებინა, ზოგი _ საწყობში, ზოგი _ მაცივარში. მერე, კუზმას მითითებისამებრ, ხან კარტოფილი უნდა გამეფცქვნა, ხან კომბოსტო, სტაფილო თუ ჭარხალი დამეჭრა სხვადასხვაგვარად, ხანდახან ფიგურებიც კი გამომყავდა სპეციალური, სწრაფი საჭრელებით. ამასთან, იმდენი პროდუქტი უნდა მომემზადებინა, რამდენიც დარბაზიდან შემოსულ შეკვეთებს ეყოფოდა, არც უნდა დაჰკლებოდა და არც ზედმეტი გამოსულიყო. სულ მალე ლამის აფთიაქის სასწორივით წონიდა ჩემი უკვე გაწაფული თვალი ბოსტნეულს... ჩემს ცხოვრებაში 10-12 საათი შეუსვენებლივ არასოდეს მიმუშავია, ამიტომ, მართალია, შემართებით დავიწყე საქმიანობა, მაგრამ 5-6 საათის შემდეგ, ისე ვიღლებოდი, წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა... პირველ ხანებში, როცა დაღლამ მეტისმეტად შემაწუხა, მზარეულებს შევჩივლე, თან ვკითხე _ როგორ უძლებთ ამ კატორღას-მეთქი?
_ ნუ ნერვიულობ. თავიდან, ჩვენც შენსავით ვიღლებოდით, შემდეგ _ შევეჩვიეთ. შენც შეეჩვევი, _ დამამშვიდეს `კოლეგებმა~. მეც წუწუნს თავი დავანებე და სპორტსმენივით ვცდილობდი, სულ ფორმაში ვყოფილიყავი. რესტორანში მართალია, გვიანობამდე მიწევდა ყოფნა, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებული, კარგად გამოვიძინებდი ხოლმე. რომ იტყვიან, რეჟიმს არ ვარღვევდი და მონდომებამაც შედეგი გამოიღო. 3 კვირაში უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, სამზარეულოში აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ _ ნამდვილად არ მოველოდით, თუ ასე მალე შეძლებდი ადაპტირებასო. მეც მეტი რა მინდოდა _ ვიწყებდი ქართველების ქება-დიდებას: ჯერ სადა ხართ, გასაქანი მომეცით და მერე გიჩვენებთ, ვინცა ვარ-მეთქი!..
ებრაელი მზარეულების გარემოცვაში
`Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~-ს სამზარეულოში ჩემ გარდა 3 მზარეული მუშაობდა, სამივე რუსი ებრაელი გახლდათ. მეოთხეც იყო _ მექსიკიდან ჩამოსული დიეგო, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა. დიეგოს სახელით არავინ მიმართავდა, ყველა ამიგოს (რაც ესპანურად მეგობარს ნიშნავს) ეძახდა. კაცმა რომ თქვას, მეგობრული კომპანია შეიკრა, ერთმანეთს ისე შევეწყვეთ, თითქოს კარგა ხანია, ერთად ვმუშაობდით. ფუნქციები ასე იყო განაწილებული: კუზმა მთავარი მზარეული გახლდათ, ბორისი და გენადი _ რიგითები. სამივე ერთდროულად არ გამოდიოდა სამსახურში, მაგრამ ზოგჯერ რესტორანი სრული დატვირთვით მუშაობდა და ყველას უწევდა გამოსვლა.
კუზმას ჯარის წლები საქართველოში, მანგლისში გაუტარებია. ქართულ ხასიათსაც გასცნობია და სიამოვნებით იხსენებდა ჩვენს ქვეყანაში გატარებულ წლებს.
_ კარგის მეტი რა მეთქმის ქართველებზე. რამდენჯერ დავუპატიჟებივართ მშიერი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას, ვინ მოთვლის! ახლაც მახსოვს ქართული კერძების გემო. გული მწყდება, ასე ცუდად რომ მიგდით საქმე, ქართველები ამას არ იმსახურებთ, _ თანამიგრძნო ერთხელ კუზმამ.
_ რას იზამ, კუზმა, ამ რუსების გადამკიდე, მოსვენება ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენი ხალხი გაუსაძლის მდომარეობაშია... _ და იწყებოდა დებატები პოლიტიკაზე...
ამერიკულ ყოფა-ცხოვრებაზეც ხშირად გვისაუბრია. ოდესელი მზარეულები ლაპარაკის მოყვარულნი აღმოჩნდნენ და მათი გამოცდილება ბევრ რამეში გამომადგა: ეს რესტორანი ხომ ფაქტობრივად, სასტარტო ადგილი აღმოჩნდა ჩემი ამერიკული ცხოვრებისა. შემდგომშიც, როცა იქიდან უკვე კარგა ხნის წამოსული ვიყავი, დროდადრო შევივლიდი ხოლმე და ძველი მეგობრებისგან საყურადღებო რჩევას მივიღებდი. მათაც ახარებდათ ჩემი წარმატებები. ახლაც მირეკავენ ამერიკიდან და ჩამოდიო, მეუბნებიან...
იმ პერიოდში სულ ებრაელებში ვტრიალებდი და ბევრ რამეში მათ ყაიდაზე გადავედი. განსაკუთრებით მომჭირნეობას შევეჩვიე, ხშირად, პროდუქტის მაღაზიაში ყიდვის ნაცვლად, იმას ვიმყოფინებდი, რასაც რესტორნის მუშაკებს გვატანდნენ და ზოგჯერ იმდენი საჭმელი მქონია, რომ მეზობლებსაც ვუწილადებდი. ამან დაგვაახლოვა და საკმაოდ დაფასებულ კაცადაც მაქცია საცხოვრებლის ბინადართა შორის...
აქეთ _ ლოთები, იქით _ `ქეშები~...
რესტორნიდან საერთო საცხოვრებელში შუაღამისას ვბრუნდებოდი. დაღლილს, დილით ადრე აღარ მეღვიძებოდა, 9-10 საათზე კი ოთახში კაციშვილი აღარ იყო. მთელი ორი კვირა ისე აეწყო, რომ დასვენების დღეც ვერ გამოვიყენე და ბუნებრივია, არ ვიცოდი, ვისთან ერთად მიწევდა ღამის გათევა _ ღამით, როცა მე ვბრუნდებოდი, ჩემს მეზობლებს ეძინათ, დილით კი, ისინი მიდიოდნენ სამუშაოდ. სამაგიეროდ, დღე ისე გავიდოდა, დიასახლისს თვალსაც ვერ მოვკრავდი. დეიდა ტამარა განსაკუთრებით მაშინ აქტიურობდა, როცა ფულის გადახდის დრო მოდიოდა. დილით, ყოველგვარი გაფრთხილებისა თუ დაკაკუნების გარეშე შემოვიდოდა ოთახში და პირდაპირ საწოლის წინ მოჩვენებასავით დამიდგებოდა.
_ Lჯჰჯუჯქ^ ლტყმუბ ყფლჯ გკფნბნმ^ ლფ!.. _ მეტყოდა და შეყვარებულივით თვალებში ჩამხედავდა... თავს უხერხულად ვგრძნობდი: ტრუსის ამარა უნდა ავმდგარიყავი, კარადის უჯრიდან ფული ამომეღო... პირველად, ასე განგსტერივით რომ დამადგა თავზე, გავბედე და მორიდებით ვუთხარი: დეიდა ტამარა, ავდგები, ჩავიცვამ და ფულს მე თვითონ გამოგიტანთ-მეთქი. მაინც არ მოეშვა ჩვეულ `სტილს~. ჰოდა, მისი `ტკბილი~ ხასიათის გათვალისწინებით, ქირის გადახდის დრო რომ მოვიდოდა, ფულს წინასწარ მივართმევდი `ლანგრით~...
მობინადრეებს საერთო სამზარეულო გვქონდა, სადაც 2 მაცივარი იდგა. ხან ერთში ვინახავდი პროდუქტს, ხან _ მეორეში. ორივე შემთხვევაში, ჩემი საჭმელი აღარ მხვდებოდა... ამის გამო დებოშს ხომ არ ავტეხდი! ჰოდა, პირველ ხანებში ხმას არ ვიღებდი. მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როდესაც ერთხელ დილით, ტანსაცმლის ჩანთა დამხვდა ამოქექილი და შიგ ჩემი საუკეთესო შარვალი და ბოტასები ვეღარ ვნახე... მაშინვე ტამარასთან მივედი და ვკითხე _ იქნებ, გამარკვიოთ, რა ხდება-მეთქი?
_ Xნჯ გკჯ[ჯ კტ;ბნ^ ნჯ დცტულფ [ჯჰჯიჯ რჰფლენ^ ლფ!&& _ ვითომც აქ არაფერიო, ისე მიპასუხა.
_ მე თქვენ ფულს გიხდით!.. _ ვცადე უკმაყოფილების გამოხატვა.
_ თუ არ მოგწონს, ახლავე შეგიძლია, სხვა სასტუმრო მოძებნო! _ მიპასუხა გაგულისებულმა და ცხვირწინ მომიჯახუნა კარი.
გავოგნდი. ასეთ პასუხს დიასახლისისგან, თანაც, ხნიერი ქალისგან ნამდვილად არ ველოდი. ჯერ შოკიდან არ ვიყავი გამოსული, რომ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მოვიხედე და _ ახალი სიურპრიზი: ჩემ წინ ორი ტიპური რუსი იდგა (უფრო სწორად, ბანცალებდა), თვალებდაწითლებულნი მიყურებდნენ და ენის ბორძიკით რაღაცას მიხსნიდნენ თუ მთხოვდნენ...
10 ბაქსი (დოლარი) მთხოვეს არყისთვის, ფ ნჯ ყფვ ჯხტყმ გკჯ[ჯ-ო, _ განმიმარტეს. ჯერ ერთს `ავუარ-ჩავუარე~ თვალებით, მერე _ მეორეს. ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდათ, შემეცოდნენ და ათდოლარიანი ამოვიღე. მადლიერების ნიშნად ერთ-ერთი საკოცნელად გამოიწია...
`ბუნაგში~ (ჩემს ოთახს უკვე სხვაგვარად ვეღარ აღვიქვამდი) დავბრუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი. ვფიქრობდი, როგორ დამეცვა ჩემი ნივთები... ოთახში ისევ ის ორი რუსი შემოყიალდა. ერთს არყის ბოთლი `ჩაეხუტებინა~, მეორეს _ ძეხვი და პური. ვაი, კაკო, შენს თავს უბედურს! _ გავიფიქრე და `სტუმრების~ მისაღებად მოვემზადე... ჩემი ოთახის მობინადრეები აღმოჩნდნენ. მათგანვე გავიგე, რომ ოთახში კიდევ, თითო უკრაინელი, დაღესტნელი და ჩეჩენი ცხოვრობდნენ (საბჭოთა კავშირს გამოვექეცი და აგერ, ჩემს ოთახში არ დამხვდა ახალი `საბჭოთა კავშირი~?!). `ბოსიაკებს~ გაუხარდათ, ქართველი რომ ვიყავი და იმ იმედით, რომ საიდანღაც ჭაჭას გამოვუძრობდი ან კიდევ მივცემდი ფულს არყისთვის, ჩემი გულის მოსაგებად სულ `კეთილები ამოუტრიალეს~ დეიდა ტამარას, ხოლო მე ძმობას მეფიცებოდნენ...
_ რა ძმობას მეფიცებით?! ჯერ მაცივარში ჩემი პროდუქტები `აითვისეთ~, ესეც არ მაკმარეთ და ახლა შარვალი და ბოტასები მომპარეთ, ეს არის თქვენი კაცობა?! _ წავუყენე ჩემი პრეტენზიები. გადაირივნენ. მართალია, დალევა გვიყვარს, მაგრამ ქურდობას არ ვიკადრებთო, _ მიმტკიცებდნენ. აქ ნარკომანები ცხოვრობენ და ნამდვილად ისინი აიღებდნენო... ვიკითხე, რა დროს შეიძლებოდა ოთახის დანარჩენ მობინადრეებთან შეხვედრა? ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება ჩქარა გამერკვია, ვინ ახლო ხელი ჩემს ნივთებს.
კუზმა და მეგრული სამზარეულო
გარეთ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, მე კიდევ, კულინარიის `მეცნიერებას~ შეჭიდებული, სტაფილოსა და კარტოფილისგან ფიგურების ამოჭრით ვიყავი დაკავებული და კვირის ბოლოს აღებულ 50-დოლარიანებს ღვთით ბოძებულ სასწაულად აღვიქვამდი... ერთფეროვნება და მონოტონური ყოველდღიურობა ისედაც მოუსვენარ კაცს, კიდევ უფრო მიშლიდა ნერვებს. მინდოდა, რაღაც შემეცვალა ჩემს ყოფაში, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სიახლის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანდა.
ერთი პერიოდი, კულინარიის ხელოვნებით დავინტერესდი. კუზმას ვთხოვე, კერძების მომზადება ესწავლებინა. მანაც სიამოვნებით იტვირთა ოსტატის როლი და მეც ბეჯითი შეგირდი გახლდით _ მონდომებით ვეუფლებოდი რუსული სამზარეულოს საიდუმლოებებს და ყველაფერი კარგადაც გამომდიოდა.
_ ყოჩაღ, კაკო, ყოჩაღ! ერთ წელიწადში, ნებისმიერ რესტორანში მიგიღებენ შეფ-მზარეულად!
_ ჯერ მასწავლებელი იკითხონ და ჩემთან მერე მოვიდნენ, _ ვიტყოდი კუზმას გულის მოსაგებად და ისიც სიამოვნებისგან გაიბადრებოდა...
თბილისიდან დედაჩემს მეგრული კერძების რეცეპტები გამოვაგზავნინე, რუსულად გადავთარგმნე, საკმაოდ `სიმპათიურ~ ალბომში გადავწერე და კუზმას ვუფეშქაშე. გადაირია სიხარულით. განსაკუთრებით, მეგრული ხარჩო მოეწონა და როცა რესტორნის რუსმა კლიენტებმა `საფირმო კერძების სიაში~ შეატანინეს, უნდა გენახათ, როგორ გაიხარა...
ლიცენზია _ კიდევ ერთი დაბრკოლება...
_ კაკო, ძალიან მინდა დაგეხმარო, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე... _ სრულიად მოულოდნელად გადამიშალა გული კუზმამ ერთ მშვენიერ დღეს.
_ რას გულისხმობ, კუზმა?
_ როდემდე უნდა იმუშაო ამ 50 ბაქსზე? ფული ხომ უნდა მოაგროვო!..
_ კისა დაინახავს, როგორი პროფესიონალი გავხდი და მომიმატებს... _ ვუპასუხე, თუმცა, ჩემივე ნათქვამის თავადვე არ მჯეროდა.
_ კისას იმედზე თუ იარე, შორს ვერ წახვალ... _ გაეცინა შეფ-მზარეულს და განაგრძო: _ შენ ისე კარგად აითვისე კულინარიის წესები, რომ უკვე დამოუკიდებლად შეძლებ სამზარეულოში მუშაობას. რამე რომ იყოს, ხომ წახვალ? ხელფასიც ბევრად მეტი გექნება.
_ რატომაც არა?! _ გამიხარდა, რომ შეიძლებოდა, ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში რაღაც ცვლილება მომხდარიყო.
_ ყოჩაღ! შენგან სწორედ ასეთ პასუხს ველოდი, მაგრამ არის ერთი პრობლემა.
_ რა პრობლემა?
_ ლიცენზიაა საჭირო.
_ აუ, ეს რა მითხარი, კუზმა! _ გამახსენდა ლიცენზიებთან დაკავშირებული ჩემი და ვახოს თავგადასავლები... _ იქნებ, ულიცენზიოდ მიმიღონ, არ შეიძლება?
_ შეიძლება, მაგრამ საკმაოდ ძნელია. ამერიკელებთან შეუძლებელია, რუსებთან _ ვნახოთ, იქნებ, რამე გამოვიდეს... _ სცადა ჩემი დაიმედება კუზმამ.
ჩხუბის დროს, ვინც პირველი
დაარტყამს, დამნაშავეც ის არის!..
რესტორანში ერთფეროვანი ცხოვრებისგან განსხვავებით, საერთო საცხოვრებელში ჩემი ყოფა ყოველდღე ახალ-ახალი მოულოდნელობით იყო დატვირთული. ჩემი ამერიკული ვოიაჟის კოშმარულ მოგონებად დღემდე, სწორედ იქ გატარებული დღეები გამომყვა.
შარვლისა და ბოტასების დაკარგვის შემდეგ, გადავწყვიტე, გამეცნო ჩემი ოთახის ყველა ბინადარი. ერთ შაბათს კუზმას დავეთხოვე და დღის 2 საათზე სასტუმროში დავბრუნდი. კარი შევაღე თუ არა, ადგილზე გავშეშდი: ვიღაც აწოწილ, გამხდარ, წვერიან, გაურკვეველი ასაკის კაცს ჩაუცვამს ჩემი ჯინსის შარვალი, კოხტად მოურგია ჩემივე ბოტასები და სარკის წინ თავს იწონებდა. მეორე, მასავით გაწრიპული, თვალებდაელმებული კაცი კუთხეში იდგა და უაზროდ მიშტერებოდა სარკეს თუ თავის ძმაკაცს, ძნელი გასარკვევი იყო...
_ Pლჰფდცნდექნტ!&& _ ხმამაღლა მივესალმე ოთახში მყოფთ და ჩემს საწოლზე ჩამოვჯექი, ისე, რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია. წვერიანმა, ვითომც აქ არაფერიო, არც სალამზე მიპასუხა და არც შემოხედვის ღირსად ჩამთვალა. ჩემი შარვალი საკუთარივით მოურგია...
_ მოგწონს? _ ვკითხე. ერთი გამომხედა და არაფერი მიპასუხა.
_ მოგწონს?.. _ ამჯერად, აშკარად გაღიზიანებული ტონით ვიკითხე. წვერიანმა, როგორც იქნა, ყურადღების ღირსად ჩამთვალა, ოღონდ, ჩემკენ არ გამოუხედავს _ თვალმინაბულმა აუღელვებლად უთხრა მეგობარს:
_ რუსლან, გადაეცი ამ `ტრეზვენიკს~ _ სანამ კარგ გუნებაზე ვარ, თავი დამანებოს და თავის საქმეს მიხედოს ან სულაც, დაიძინოს. მაგას ვინ ეკითხება, მე რა მომწონს და რა _ არა?!.
მისმა სითავხედემ გონება ამირია. მივხვდი, რომ გარეწრებთან მქონდა საქმე... სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი, თვალმინაბული რუსლანი (დაღესტნელი იყო) მომიახლოვდა და თავხედურად განმიმარტა:
_ შენ, ბიჭო, გაიგე? ბოსებს ნუ აწუხებ!
_ ვი-ის?! _ ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი თავში და საჩხუბრად მოვემზადე.
_ ვის და მუსას (აჰა, წვერიანის სახელიც გავიგე!)... იცი, ვინ არის მუსა?.. თუმცა, ამას რომ გაიგებ, უკვე გვიან იქნება!.. _ მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. მაგრად დიდხანს ასე ვერ გაძლო _ რაღაც წამებში ქუთუთოები `ჩამოუვარდა~: ეტყობოდა, დილის დოზა ორივეს მიღებული ჰქონდა...
_ იქნებ, მაინც ამიხსნა, ვინ არის ეს შენი მუსა? _ თავს ძლივს ვიკავებდი.
რუსლანს ირონიულად ჩაეცინა.
_ არ მიყვარს შეუგნებელი ადამიანები!.. _ გამოცრა კბილებში და ხელი დასარტყმელად აღმართა. ხელის აწევა და ჩემი მუშტის მოქნევა ერთი იყო _ `ბოსის~ მცველს ისე მოხვდა ისედაც მონგრეულ ყბაში, რომ თავი ვერ შეიმაგრა და მაგიდასა და საწოლს შორის გაიშხლართა. დაცემისას ორი სკამი წააქცია და ცარიელი ბოთლების გროვაში ჩაემხო.
მუსას შევხედე. ეტყობა, ასეთ რამეს არ მოელოდა და გაშტერებული მიყურებდა. რუსლანი, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, წამოწევას ცდილობდა...
_ ეს როგორ გაბედე, შენი!.. _ დაიღრიალა უეცრად მუსამ და მის ხელში დანის პირმა იელვა... იმწამსვე, კარის მხრიდან კივილი გაისმა. ზღურბლთან გაწიწმატებული დეიდა ტამარა იდგა, რომელმაც დასჭექა:
_ თუ არ გაჩერდებით, ახლავე პოლიციას გამოვიძახებ!
მის ზურგს უკან სხვა ოთახების მობინადრეთა სახეები გამოჩნდა... უშიშარმა დიასახლისმა კი განაგრძო:
_ გაეთრიეთ ჩემი სასტუმროდან! ეგღა მაკლია, აქ თქვენი დამპალი სისხლი დაიღვაროს!.. _ ისე კიოდა, მისი ხმა ალბათ, ქუჩაშიც ისმოდა. როგორც ჩანს, მუსა სიტუაციის ასე გამწვავებას არ მოელოდა (ალბათ შეჩვეული იყო მოწინააღმდეგეთა მორჩილებას), თან ტამარასიც ეშინოდა _ მის დანახვაზე, ქამელეონივით სწრაფად შეიცვალა და აღელვებული ქალის დამშვიდება სცადა:
_ ნუ ნერვიულობთ, დეიდა ტამარა, რუსლანი შემთხვევით წაიქცა და ხმაურიც ამან გამოიწვია.
_ შენნაირი ბრიყვები მოატყუე!.. ორივე აქ მყავხართ! _ ხელი კისერში ამოისვა (მუსასა და რუსლანს გულისხმობდა). თქვენ გამო, სულ პრობლემები უნდა მქონდეს?! _ ბობოქრობდა დიასახლისი... ალბათ ნახევარი საათი მაინც უკითხავდა მორალს ნარკომანებს. ამასობაში მუსამ ჩემი შარვალი უცერემონიოდ გაიხადა, გულმოდგინედ დაკეცა და ჩემს საწოლზე დადო, ბოტასებიც იატაკზე დააწყო... ამას უკვე აღარ ველოდი. არც ტამარას შემოტევას, რომელმაც ჩემთვისაც მოიცალა:
_ შენ კიდევ, ქართველო! ხომ გითხარი _ წესიერად მოიქეცი-მეთქი! თუ გინდა, მართლა დავრეკო პოლიციაში?! ერთ საათში გაგაქრობენ ამერიკიდან. რა მუშტებს იქნევ?! აქ საბავშვო ბაღი კი არ არის! არავინ დაიწყბეს იმის გარჩევას, ვინ მტყუანია და ვინ _ მართალი: ვინც პირველი დაარტყამს, დამნაშავეც ის არის!..
მერე გადაწყვიტა, რომ `რეზიუმეს~ დროც დადგა და ისევ ჩეჩნებს მიუბრუნდა:
_ თქვენ კი, ჯიგიტებო, იცოდეთ კიდევ ერთხელ აურევთ და ერთ წამსაც აღარ გაგაჩერებთ _ `პრობკებივით~ გავარდებით აქედან!.. ეს კიდევ (ჩემკენ გამოიშვირა თითი), ქართველია და თქვენზე ნაკლებად არ ეხერხება ჩხუბი...
ამის შემდეგ, ჩვენმა საფრთხობელა დიასახლისმა ზურგი გვაქცია და ოთახიდან გავიდა. მუსა კი, საწოლზე ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ხელი მხარზე დამადო:
_ ვერ გვითხარი, რომ ქართველი ხარ?
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?..
_ პატივს ვცემ ქართველებს. რომ მცოდნოდა, ასე არ მოგექცეოდი...
რატომ მიღიმოდნენ ქუჩაში ზანგები...
ნიუ-იორკი ალბათ, მსოფლიოში ყველაზე იდეალური ადგილია ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთათვის. იქ ნებისმიერ წამალს ძალზე იოლად შეიძენთ, პირდაპირ ქუჩაში. ამერიკაში ახალი ჩასული რომ ვიყავი, ქუჩაში მდგომი ზანგი რომ გამიღიმებდა, ეს ჩემდამი მისი კეთილგანწყობის გამოხატვად მიმაჩნდა. მაგრამ როცა მსგავსი შემთხვევა მოხშირდა, ეჭვი შემეპარა _ ყველა რაღა მე მიღიმის-მეთქი?.. თურმე, ნუ იტყვით და კეთილგანწყობა კი არა, ახალი კლიენტის შეძენის სურვილი ამოძრავებდათ _ ნარკოტიკს მთავაზობდნენ!.. რა გინდა, სულო და გულო, იქ რომ ვერ იშოვო: ჰეროინი, კოკნარი, ჰაშიში, კრევი... ერთ ციდა პარკებში აქვთ დაფასოებული და ძვირიც არ ღირს _ ერთ `ჩეკს~ 5-10 დოლარად ყიდიან. ორთოდოქსი ებრაელების უბანშიც კი შენიშნავთ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს. მახსოვს, თუ ჩემი იქ ყოფნისას, რა ამბავი ატყდა, როცა პოლიციელებმა ნარკოტიკების მოზრდილი პარტია სინაგოგაში აღმოაჩინეს!..
სამწუხაროდ, `წამალზე შემჯდარი~ რამდენიმე თანამემამულეც შემხვედრია. ერთხელ, ბრაიტონზე, ერთ თბილისელ ნაცნობს გადავეყარე. ისე იყო შეცვლილი, თვითონ რომ არ მომსალმებოდა, ვერც ვიცნობდი. საუბრისას გავუბედე და ვკითხე:
_ რას ჰგავხარ, ძმაო, თავს იკლავ?!.
_ რა ვქნა, კაკო, გგონია, მინდა?.. ვიცი, რომ დღეს-ხვალ, კაიფში `გავიპარები~, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. სამჯერ ვიმკურნალე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
რით მენუგეშებინა, არ ვიცოდი. მინდოდა, რაღაც გამოსავალი მომეძებნა, მაგრამ ამ დროს, ჩემმა თბილისელმა ნაცნობმა ქუჩაში მდგომ მოღიმარ ზანგს მოჰკრა თვალი, ხელით ანიშნა _ დამელოდეო და ისე უცებ დამტოვა, დამშვიდობებაც კი დაავიწყდა...
მშვენიერ გლორიას
`ბრუკლინის ისტორია~ შეეცილა...
როდესაც მეუბნებოდნენ, რომ @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ# ბრუკლინში პირველი, თან საუკეთესო რუსული რესტორანი იყო, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიჯერებდი, ეს ჩვეულებრივ რეკლამად მიმაჩნდა.
დასვენების დღეებში ბიბლიოთეკაშიც დავდიოდი ხოლმე და ერთ მშვენიერ დღეს ვიფიქრე _ მოდი, მოვიკითხავ, იქნებ, ბრუკლინის ამ რესტორნის შესახებ რაიმე ვიპოვო-მეთქი? _ და მშვენიერ ბიბლიოთეკარ გოგონას (რომლის ხათრითაც ხანდახან, `დამატებითი დროის~ გამოძებნაც მიხდებოდა, ბიბლიოთეკაში წასასვლელად) ვთხოვე, @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ს შესახებ ხომ არაფერი მოგეპოვებათ-მეთქი? _ როგორ არა? ახლავე მოგიტანთო, _ გამიღიმა და როცა ყურადღებით დავაკვირდი, მივხვდი, `ამერიკულად~ კი არა, გულიანად მიღიმოდა. წინა დღეს, თბილისის ისტორია მოვითხოვე და კატალოგში რომ ვერ იპოვა, რამდენჯერმე მომიხადა ბოდიში... სულ მალე გოგონამ, რომელსაც გლორია ერქვა და ჩემს ამერიკულ ერთფეროვან დღეებს მცირედით მაინც აფერადებდა, ბრუკლინის ისტორიის მოზრდილი წიგნი-ალბომი გადმოიღო და იმ გვერდზე გადაშალა, სადაც რესტორანი @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ# იყო `გამოჭიმული~.
ამ წიგნმა სავსებით გამიქარწყლა ეჭვი რუსების რესტორანზე. თურმე ნუ იტყვით და @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ# რუსი ემიგრანტებისთვის მარტოოდენ რესტორანი როდი ყოფილა. ისინი იქ მხოლოდ რუსული კერძების დასაგემოვნებლად და გასართობად კი არ მიდიოდნენ, არამედ ერთმანეთს ხვდებოდნენ, რუსულ ენას, სიმღერას იხსენებდნენ, მოძალებულ ნოსტალგიას იქარვებდნენ... გონებაში უკვე სხვა თვალით შევხედე კისას კლიენტებს _ უმეტესად, ხანში შესულ მამაკაცებს (შიგადაშიგ ქალებიც გამოერეოდნენ). ისინი საათობით უსხდნენ სუფრას, მიირთმევდნენ რუსულ კერძებს, უსმენდნენ ვისოცკის, შუფუტინსკის სიმღერებს... მათი სასაუბრო თემაც უმეტესწილად, რუსეთს უკავშირდებოდა... მოულოდნელად, ვიღაცამ მხარზე ფრთხილად დამადო ხელი. თავი ავწიე და გლორიას გაოცებული თვალები და კედლის საათი ერთად დავინახე. თურმე, მთელი ორი საათი გასულიყო, რაც ბრუკლინის ისტორიას ვუკირკიტებდი. არადა, ამ დროს უკვე რესტორანში ვიყავი ხოლმე... მომხიბვლელ ბიბლიოთეკარს თავაზიანად დავემშვიდობე და 15 წუთში უკვე @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ში ვიყავი (სხვა დროს ამ გზას სულ ცოტა, ნახევარ საათს ვანდომებდი).
`Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~ _
რუსი ემიგრანტების ნავსაყუდელი
ახლა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდიო, ისე აღვიქვი ბრუკლინის პირველ რუსულ რესტორანში შესვლა. გონებაში სხვადასხვა დროს მოსმენილი ამბები ამომიტივტივდა. კისას ეს რესტორანი ერთ-ერთი იმიგრანტისგან მიუღია `მემკვიდრეობით~. იგი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩასულა ამერიკაში, ბრუკლინში დასახლებულა და @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ც დაკარგული სამშობლოს გასახსენებლად აუშენებია. კისას სრულიად ახალგაზრდას გაუცნია მდიდარი თანამემამულე და მაშინვე მოუხიბლავს. არც არის გასაკვირი: ლამის 50-ს გადაცილებული, ახლაც მშვენივრად გამოიყურება და 25-30 წლის წინ ხომ მართლაც, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი იქნებოდა (ამ სიტყვებს ტრაფარეტულად ნუ ჩამითვლით _ ასე ეძახდა თურმე `მდიდარი მამიკო~ მშვენიერ კისას)!.. ერთი სიტყვით, როცა მდიდარი რუსი ამქვეყნიდან წასულა, კისასთვის რესტორანიც დაუტოვებია და სოლიდური საბანკო ანგარიშიც. ბევრი უბრძოლიათ მის ვაჟიშვილებს, რესტორნის ხელში ჩასაგდებად. ბოლოს საკმაოდ დიდი თანხაც შეუთავაზებიათ, მაგრამ კისას არაფრით დაუთმია...
ბედის წყალობით, @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ში მრავალ საინტერესო პიროვნებას შევხვდი, ზოგიერთი გავიცანი კიდეც. განსაკუთრებით ემიგრანტ ლიტერატორებთან საუბარი მომწონდა. ისინი საკმაოდ აზარტულად მიყვებოდნენ რუსეთში გატარებული წლების შესახებ. რესტორანში შავი სამყაროს წარმომადგენლებიც იკრიბებოდნენ, რომლებიც იქ შინაურულად გრძნობდნენ თავს. კისას დაქალებიც მოდიოდნენ _ ასაკში შესული, მაგრამ მოვლილი და კარგად შენახული ქალები. აი, მაშინ კი იმართებოდა `რუსული დროს ტარება~...
მკითხველი ალბათ დავაეჭვე კიდეც _ კი მაგრამ, ეს თეთრ ხალათში გამოწყობილი, სამზარეულოში მოფუსფუსე კაცი ამ ხალხს როგორ ეცნობოდიო?.. ახლავე გიპასუხებთ: შეფ-მზარეულ, კუზმას წყალობით ისე დავხელოვნდით, რომ საღამოს 8 საათისთვის თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა. უბრალოდ, როცა ამა თუ იმ კერძს შეგვიკვეთდნენ, შევათბობდით და მიმტანს დარბაზში გაჰქონდა. ფაქტობრივად, მთელი საღამო უსაქმოდ ვისხედით და ველოდებოდით, როდის დატოვებდა ბოლო კლიენტი რესტორანს. ეს ლოდინი ხშირად დილამდეც გაგრძელებულა. რას ვიზამდით _ ნებისმიერი კლიენტი ჩვენი ბატონ-პატრონი გახლდათ და მისი ყველა სურვილი უნდა შეგვესრულებინა. ვისხედით სამზარეულოს მუშაკები გაზქურებსა და ქვაბებს შორის და ერთმანეთს ათასგვარ რამეს ვუყვებოდით...
მოგეხსენებათ, რუსული რესტორანი სიმღერისა და მუსიკოსების გარეშე წარმოუდგენელია. @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-შიც იწვევდნენ ხოლმე მუსიკოსებს. რესტორნის სცენაზე გამოდიოდა სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი, რომლის რეპერტუარშიც უმეტესად, რუსული სიმღერები იყო. რესტორანში კისას სპეცი¬ალ¬ური კუთხე ჰქონდა გამოყოფილი, სადაც მათი ფოტოსურათები იყო გამოკრული, ვისაც იქ უმღერია, კერძოდ _ შუფუტინსკის, უსპენსკაიასა და სხვათა. თვალები გამიფართოვდა, როდესაც მათ შორის, ბუბა კიკაბიძის დიდი სურათი აღმოვაჩინე.
_ ბუბასაც უმღერია აქ?! _ ვკითხე კისას.
_ ერთი კვირა ვეხვეწე, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე: რესტორნის სცენაზე ცხოვრებაში არ მიმღერიაო... მაინც ძალიან მიყვარს, მისი ყველა სიმღერა მაქვს და იმედსაც არ ვკარგავ, რომ როდესაც ამერიკაში ჩამოვა, როგორმე გამოვიჭერ, ძალით მოვიყვან ჩემს რესტორანში და ვამღერებ!..
_ ნუ დარდობთ, ქალბატონო კისა, ბუბამ თუ არ იმღერა, მე აქ არა ვარ? რომ იცოდეთ, რა კარგად ვმღერი!..
კისამ ცივი წყალი გადამასხა:
_ Nფრბტ კ.ლბ^ რფრ <ე,ფ^ დ ცნჯ კტნ ჯლბყ ჰფპ ჰჯ;ლფ.ნცზ&&& _ მთელი სერიოზულობით განმიმარტა და გამეცალა. მისმა უნდობლობამ, როგორც ყველა ქართველს სჩვევია, ძალზე იმოქმედა ჩემს თავმოყვარეობაზე და მას შემდეგ, სულ იმის ცდაში ვიყავი, როგორმე კისასთვის დამემტკიცებინა, რომ მეც შემეძლო სიმღერა.
ოდესელები ბრაიტონზე
ბრუკლინის რუს ემიგრანტთა შორის ოდესელები ჭარბობდნენ. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსულან ნიუ-იორკში და ოკეანის პირას _ ბრაიტონზე დასახლებულან. არც არის გასაკვირი, რომ ბრაიტონი აირჩიეს _ იქაურობა მათ ოდესის შავი ზღვის სანაპიროს ახსენებდა.
ერთი სიტყვით, ოდესელებმა მასობრივად აითვისეს ბრაიტონი, რომელიც მათ ჩამოსვლამდე, ნიუ-იორკის ყველაზე საშიში კრიმინალური რაიონი იყო, სადაც მხოლოდ ფერადკანიანები და ლათინურამერიკელები ცხოვრობდნენ. ფაქტობრივად, ამ რაიონში ამერიკის კონსტიტუცია არ ვრცელდებოდა. ბატონობდნენ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყაჩაღურ ცხოვრებას ეწეოდნენ... ამერიკის მთავრობამ რატომღაც იქ გადაწყვიტა რუსი ემიგრანტების დასახლება და ამ ფაქტს თავისი გულმოწყალებითაც კი ხსნიდა(!).
ბევრმა რუსმა, სიტუაციას რომ გაეცნო, ბრაიტონში დასახლებაზე უარი თქვა. ოდესელებმა კი უკან არ დაიხიეს... თავდაპირველად, ახალჩამოსულებსა და ადგილობრივ, უკვე მკვიდრ (ინდიელები არ გეგონოთ, უბრალოდ, ოდესელებზე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე იქ ჩასახლებული ათასი ჯურის ხალხი იყო) მოსახლეობას შორის, ისეთი საშინელი შეტაკებები ხდებოდა ხოლმე, რომ ამერიკის მთავრობა ზოგჯერ სამხედრო შენაერთსაც კი იყენებდა მათ დასაშოშმინებლად. დროთა განმავლობაში, ოდესელებმა კუდით ქვა ასროლინეს ფერადკანიანებს და ბრაიტონიდან სრულიად განდევნეს ისინი.
სულ მალე, სანაპიროზე აშენდა მრავალსართულიანი სახლები, სკოლები და დაწესებულებები. ბრაიტონი ერთ-ერთი ლამაზი დასახლება გახდა ნიუ-იორკში. ახლა იგი ძირითადად, რუსებითა და თეთრკანიანებითაა დასახლებული და იქაურებს განსაკუთრებით სცემენ პატივს იმის გამო, რომ მათ ეს საშიში კრიმინალების ბუდე წყნარ რაიონად აქციეს... ეს `ომგადახდილი~, ახლა ხანში შესული ოდესელები იყვნენ სწორედ რესტორან @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ს ხშირი სტუმრები. დროს ტარებისას აუცილებლად მღეროდნენ ისეთ რუსულ სიმღერებს, როგორებიცაა: @\"[^ ჟლტცცფ#^ @Iფკფყლს გჯკყსტ რტაფკს#^ @F ყფვ დც/ ჰფდყჯ# და ა.შ. რომელი ჯგუფიც არ უნდა მოსულიყო რესტორანში და რა კატეგორიის მომღერლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, თავიანთ რეპერტუარში ეს სიმღერები აუცილებლად უნდა ჰქონოდათ...
მაინც ვიმღერე...
როგორც კი სამზარეულოში საქმეს მოვრჩებოდი, კუზმას ტირადების მოსმენას თავს ვარიდებდი და რესტორნის პატარა სცენის კულისებთან ვდგებოდი. იქიდან ორ ნაბიჯზე ისხდნენ მუსიკოსები.
თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ორიოდე თვეში @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ში მიწვეული მუსიკოსების მთელი რეპერტუარი ავითვისე. ხანდახან მეც ავიღებდი გიტარას და ჩემთვის ვღიღინებდი. ერთი-ორჯერ კუზმაც `დავატკბე~ ჩემი სიმღერით. მითხრა კიდეც: შენ სიმღერითაც შეძლებ თავის რჩენასო...
ჩვეულებრივ, მუსიკოსები ღამის პირველი საათისთვის იშლებოდნენ. მათ ნელ-ნელა, კლიენტთა უმრავლესობა მიჰყვებოდა. ჩვენც ვიხდიდით თეთრ ხალათებს და სამუშაო დღეც მთავრდებოდა...
ერთხელ, ასეთი მშვენიერი შუაღამით, ის-ის იყო, შინ წასასვლელად გავემზადეთ, რომ ვხედავთ, მოზრდილ სუფრასთან მსხდომნი არ იშლებიან. კისაც მათ მისჯდომია და მხიარულად კისკისებს. ერთი შეხედვითაც კი ჩანდა, რომ სუფრასთან შავი სამყაროს გავლენიანი წარმომადგენლები ისხდნენ, თითოეულ მათგანს გვერდს თავისი `ფისო~ უმშვენებდა... ბახუსმორეულ მოქეიფეებს ეტყობოდათ, ძალიან მოსწონდათ ჩვენი რესტორანი და თავიანთ ლამაზმანებს შამპანურისა და შავი ხიზილალის `მორევში~ სძირავდნენ (სხვათა შორის, შამპანურიც რუსული წარმოების იყო და ხიზილალაც). რაც უფრო მხიარულობდნენ სტუმრები, მით უფრო ვიბოღმებოდით შინ წასასვლელად გამზადებულნი. აღარ ვიცოდი, პროტესტის რომელი ფორმისთვის მიმემართა, რომ ამ დროს, კისა შემოიჭრა სამზარეულოში და ალერსიანად მომმართა:
_ აკაკი, საყვარელო, უნდა მიშველო!..
_ რა ხდება? _ ასეთი აფორიაქებული არასოდეს მენახა, რესტორნის მეპატრონე.
_ უნდა იმღერო, აკაკი!..
_ რაა?!
_ შენ ხომ მითხარი, სიმღერა ვიციო. იმღერე და რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ...
_ ქალბატონო კისა, გეხუმრეთ, არც ხმა მაქვს და არც დაკვრა ვიცი რიგიანად.
_ ძალიან გთხოვ, თავს ნუ იფასებ. ვიცი, რომ სიმღერა შეგიძლია _ ერთი-ორჯერ მოვისმინე, სამზარეულოში რომ მღეროდი... როგორც მოახერხებ, ისე იმღერე, ოღონდაც ახლა, ამ ხალხთან ნუ შემარცხვენ!.. გამოიცვალე და გამოდი, ჯერ სუფრასთან მოდი...
კუზმას ისე გადავხედე, თითქოს შველას ვთხოვდი.
_ მიდი, მიდი, ნუ გეშინია, კარგი შანსია... _ გამამხნევა კუზმამ, თან დასძინა: _ როგორც ჩანს, საჭირო ხალხია, თორემ, რესტორანში პირველად მოსულისთვის კისა თავს ასე არ გაიგიჟებდა!..
რა მექნა, არ ვიცოდი, რომელი ესტრადის ვარსკვლავი მე ვიყავი?! არც ის მსიამოვნებდა, `შავების~ ხუშტურზე რომ უნდა მევლო. ერთხანს ვიორჭოფე, ბოლოს _ რაც იქნება, იქნება-მეთქი! _ გუნებაში ვთქვი და გიტარით ხელში, დარბაზს მივაშურე.
მამაკაცები (სამნი იყვნენ, ძვირად ღირებულ კოსტიუმებში გამოწყობილნი; ერთს ჰალსტუხი-პეპელა ეკეთა, ორს _ ჩვეულებრივი ჰალსტუხი) ღიმილით შემხვდნენ; ქალებმა, უფრო _ გოგონებმა, რომლებსაც თითქმის ერთნაირი, მოკლე, გულამოჭრილი, ოქროსფერი კაბები ეცვათ, მოლოდინით სავსე თვალები შემომანათეს და კინაღამ დამავიწყდა, რისთვის გამოვიჭიმე მათ სუფრასთან...
შემოთავაზებულ სკამზე დავჯექი. ერთ-ერთმა ჰალსტუხიანმა შამპანურის ბოკალი გამომიწოდა, ოფიციანტმა თვალის დახამხამებაში გახსნა ახალი, ჩაცივებული ბოთლი და შემივსო.
ცივმა შამპანურმა და გოგონების თვალების ჟუჟუნმა ძალა შემმატა და გიტარა მოვიმარჯვე.
ჯერ შუფუტინსკის რეპერტუარი მოვსინჯე, მერე _ ვისოცკიზე გადავედი... ისევ შემივსეს ბოკალი და ჩემი ვინაობით დაინტერესდნენ. როცა გაიგეს, ქართველი ვიყავი და თან თბილისელი, ძალიან გაუხარდათ: თბილისში მეგობრები გვყავსო, ცნობილი ადამიანები არიანო, _ მითხრეს და ძველი თაობის წარმომადგენელთა რამდენიმე ისეთი სახელი ახსენეს, რომელთაც, როგორც ჩანს, ერთ დროს მართლა ხელში ეჭირათ თბილისი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ ვიცნობდი.
...შამპანურმა და მსახიობის ამპლუაში გამოსვლამ ჩემზეც იმოქმედა _ გავთამამდი. ბუბა კიკაბიძის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერის შესრულება გავბედე (თუ ამ სტრიქონებს წაიკითხავს, იმედია, მაპატიებს ბატონი ბუბა, რომ იქ, შორეულ ამერიკაში მისი სიმღერებით ვცადე თავის მოწონება). ჯერ `ჩიტო-გვრიტო~ ვიმღერე, მერე _ `მეფაიტონე~, მერე _ `ბედის ბორბალი~... კისას სულ ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. გოგონები ვერ გარკვეულიყვნენ, რა ხდებოდა და დახატულ თუ მიწებებულ წამწამებს ვნებიანად აფახულებდნენ. ბოლოს, ის მამაკაცი წამოდგა, რომელსაც პეპელა ეკეთა, ჯიბიდან 2 ასდოლარიანი ამოიღო (ჩემი მთელი თვის ხელფასი!) და გიტარის სიმებში გახლართა...
დილამდე ვმღეროდი. დროდადრო, მამაკაცებიც ამყვებოდნენ. ეტყობა, ძალიან მონატრებოდათ სამშობლო. კისაც წამოიკივლებდა ხოლმე _ ჯ,ჯ;ფ. უჰეპბყ!&& მოკლედ, იმ ღამით, მზარეულის თანაშემწეობიდან მომღერლის როლზე გადასვლა მომიხდა. ჩვენებური `ფეშქაშიც~ დავიმსახურე და გამთენიისას, სულ სიმღერ-სიმღერით დავბრუნდი სასტუმროში...
როგორ გასამმაგდა ჩემი ხელფასი
დროდადრო ისევ დავდიოდი ბიბლიოთეკაში. მშვენიერი გლორია რამდენიმე წუთში მომიტანდა ხოლმე შეკვეთილ წიგნს. ოღონდ ამჯერად, მუსიკალურ ლიტერატურას მივეძალე, შესაბამის განყოფილებაში `გადავსახლდი~ და ჩემს რეპერტუარს დღითი დღე ვავსებდი. ეტყობა, ქართულმა ხასიათმა, რომელსაც ქალების მიმართ ყურადღებით ვამჟღავნებდი, მუსიკალური განყოფილების ბიბლიოთეკართან კონტაქტის დამყარებაშიც შემიწყო ხელი, რადგან ისიც მალე გამიშინაურდა.
...იმ ღამის შემდეგ, როცა რესტორანში მოულოდნელად გამოვამჟღავნე ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები და ნაცნობი სიმღერებით გული ავუჩუყე ნოსტალგიამოძალებულ კისასა და მის სტუმრებს, ჩემი `სოციალური სტატუსი~ მკვეთრად ამაღლდა. კვირის ბოლოს, ჩემი ხელფასიც გასამმაგდა _ 150 დოლარი გახდა! შესაბამისად შეიცვალა ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობაც: შევიდოდი თუ არა სამზარეულოში ჩემი ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად, კისა შემომაკითხავდა და მეტყოდა _ მზად იყავი, მალე დაგიძახებო. 2-3 საათი თუ მიწევდა იქ დარჩენა, მერე მოვიდოდა კისას რომელიმე თანაშემწე, ნახევრად შიშველი სტრიპტიზიორი გოგონა და `დედიკოსთან~ გამაქანებდა... მთელი დღე გვერდიდან აღარ მიშორებდა კისა. მომისვამდა ახალთახალ ჯიპში გვერდზე და დამატარებდა ქალაქში. რამდენიმე დღეში, უკვე მე მივუჯექი საჭეს და ისე გავთამამდი, რომ ასეთივე ჯიპის ყიდვაზე ოცნებაც კი დავიწყე...
ჩემი და კისას ურთიერთობა რესტორნის ბიზნესს მოიცავდა _ პროდუქტების თაობაზე მოსალაპარაკებლად დავდიოდით. კისამ ჩემში ბიზნესმენის ნიჭი აღმოაჩინა _ პარტნიორების მოხიბვლის უნარი გაქვსო, _ მითხრა ერთხელ... თუმცა, უმეტესად, რესტორნის ბოსს მაინც თავისი მეგობრების გასართობად ვჭირდებოდი. ხშირად მივყავდი სტუმრად ამა თუ იმ ოჯახში, გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი. ბიბლიოთეკის მუსიკალური განყოფილებისა და ჩემი მეხსიერების წყალობით, სულ მალე, ძალზე მრავალფეროვანი რეპერტუარი შევადგინე _ ბოშური სიმღერებიც ჩავრთე, `სულიკოც~ და `ციცინათელაც~... ამ ვიზიტების დროს, ძველი თაობის ბევრი ემიგრანტი გავიცანი.
...ასე გამოვეთხოვე კისას
ადრე მოგახსენეთ, რომ კისას იმ დროსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. განსაკუთრებით ერთი, სამოცს მიტანებული მამაკაცი აქტიურობდა. ბორისი ერქვა. ამ სახელს რა დამავიწყებს (ახლაც რომ ვიხსენებ, ტანში მბურძგლავს)! რაც კისას `კომპანიონი~ გავხდი, ბორისი გაღიმებული აღარ მინახავს. ჩემი პირველი კონცერტისას დანახული მისი გაბადრული სახე და გამამხნევებელი შეძახილები რომ არ მხსომებოდა, ვიფიქრებდი _ უჟმური კაცია-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო მძაფრად ვგრძნობდი მის ბოღმიან გამოხედვას. ზოგჯერ მწარედ წამკბენდა, ხან ხმის ტემბრს მიწუნებდა, ხან _ აკორდს. ეს, ერთი შეხედვით უწყინარი რეპლიკები სულ მალე, აშკარა უხეშობაში გადაიზარდა... ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ბოლოს, უკვე ვეღარ მოვთოკე ემოციები...
ერთხელ, საღამო ხანს, სუფრას ვუსხედით და მე გიტარაზე რომელიღაც სევდიან მელოდიას ვღიღინებდი. ბორისი გალეშილი შემობარბაცდა და უცერემონიოდ მოგვიჯდა გვერდით. მოზრდილი ბოკალი `რუსსკაია ვოდკით~ აავსო და სულმოუთქმელად ჩაიპირქვავა... ჩემს ღიღინს კისამაც ააყოლა სიგარეტის წევისგან ჩახლეჩილი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო ხმა. რაც უფრო კარგად გამოგვდიოდა სიმღერა, მით უფრო იბოღმებოდა ბორისი... და როცა კისამ მგრძნობიარედ დაიწყო რუსული რომანსი _ ღფრ კ.,კ. ზ დფც&&& _ ბორისმა შამპანურის (სავსე) ბოთლს წამოავლო ხელი და მთელი ძალით ჩემკენ ისროლა. კიდევ კარგი, თავის გაწევა მოვასწარი. ბოთლმა ყურთან ჩამიქროლა და კედელთან მდგარ უზარმაზარ სარკეს მიეხეთქა, რომელიც საშინელი ხმაურით ჩამოიფშვნა... დარბაზში მსხდომმა ქალებმა ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ.
სისხლმა ტვინში ამასხა. შეურაცხყოფისგან გაცოფებულმა გიტარა სარკის ცარიელ ჩარჩოს მივამსხვრიე და ბორისს ყელში ვწვდი. ერთბაშად რამდენიმე კაცი მომვარდა და სულ ერთიანად გაჭარხლებული კისას თაყვანისმცემელი ხელიდან გამომგლიჯა (ერთი-ორი მუშტის დარტყმა, კიდევ კარგი, რომ მოვასწარი, თორემ ალბათ, ბოღმისგან მოვკვდებოდი)... 4 კაცი მაკავებდა, ის კი ბანცალ-ბანცალით მოიწევდა ჩემკენ, მომიახლოვდებოდა, მერე ისევ უკუსვლით წაბანცალდებოდა და მთელი ხმით გაჰყვიროდა:
_ \"ნბ უჰეპბყს დ ფჰვბბ გჯრჯზ ყტ ლფდფკბ&&& ფ პლტცმ ნ/კჯრ ყფხფკბ ჯნყბვფნმ!&&
საბედნიეროდ, ეს გაწევ-გამოწევა და შეხლა-შემოხლა მარტოოდენ სარკისა და გიტარის დამტვრევით დასრულდა. კისამ გვერდზე გამიყვანა და მთხოვა, სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას. დამჯერი ბავშვივით ჩავღუნე თავი და დარბაზიდან გავედი.
მეორე დღეს, დილაადრიან მივედი რესტორანში. კისამ მომიბოდიშა მომხდარის გამო, რაღაც კიდევ წაიბურტყუნა. ნათელი იყო, რომ ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა... ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე. ისიც მიხვდა, რომ ჩემთვის რაიმეს ახსნა საჭირო არ იყო. არ მალავდა, რომ ჩემთან დამშვიდობების გამო გული სწყდებოდა. გადასახდელი გადამიხადა და სინანულით დამემშვიდობა.
ისევ სამუშაოს ძიებაში ანუ
ამერიკული ცხოვრების ახალი ეტაპი
რომ გითხრათ, რესტორნიდან წამოსვლის გამო გული არ დამწყვეტია-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე იყო თუ ისე, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მზარეულობაც ვისწავლე, თანამშრომლებსაც შევეჩვიე, არც მომავლის შიში მქონდა და ჩემიანებსაც ვუგზავნიდი ფულს თბილისში. მაგრამ რაღას ვიზამდი?..
იწყებოდა ჩემი ამერიკული ცხოვრების ახალი ეტაპი. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ამჯერად უფრო გათვითცნობიერებული ვიყავი იქაური ცხოვრების სხვადასხვა მხარეში და უფრო იმედიანად ვგრძნობდი თავს.
სასტუმროში რომ შეამჩნიეს, სამსახურში აღარ დავდიოდი, ძალიან გაუკვირდათ. ზედმეტი ახსნა-განმარტებით თავი არ შემიწუხებია. ერთ მშვენიერ დღეს ჩეჩენი დავიმარტოხელე:
_ მუსა, იქნებ, სადაც დღიურ სამუშაოს შოულობთ, იქ მიმიყვანო.
_ ბირჟაზე? _ თვალები გაუფართოვდა.
_ ჰო, ახალი სამსახური მინდა, დავიწყო.
_ მაგაზე ადვილი რა არის?! ხვალ დილით, 7 საათზე წავიდეთ.
_ მაინც როგორი სამუშაო `იჩითება~ იმ შენს ბირჟაზე? _ დავინტერესდი.
_ ძირითადად, შავი სამუშაოა. თუ ხელობა იცი, გაგმართლებია და ეგ არის, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
_ შავ სამუშაოში რას გულისხმობ?
_ ათასი რაღაცაა: ნაგვის გატანა, ქუჩის დაგვა, ორმოების ამოთხრა, ძველი შენობების დანგრევა...
_ მერე რამდენს იხდიან ამ სისაძაგლეში?
_ გააჩნია, როგორ მოილაპარაკებთ. ძირითადად, საათში 6-7 დოლარს.
_ ე.ი. 10 საათში 70 დოლარს ავიღებ?
_ კი, მაგრამ 10-საათიანი, თანაც შეუსვენებელი მუშაობა ადვილი ნუ გგონია: 2 დღეში ისე მოიკაკვები, რომ სულ თავბედს იწყევლი.
_ აბა, თქვენ როგორღა უძლებთ?
_ რას ვუძლებთ! ერთ დღეს ვმუშაობთ და მერე, მთელი კვირა ვისვენებთ...
ბირჟა
საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი კომუნისტების დროს დავამთავრე. ამიტომ სიტყვა `ბირჟა~ ჩემში ყოველთვის უარყოფით ასოციაციას იწვევდა: მილიცია ქუჩის `ბირჟაზე~ დგომას გვიკრძალავდა, ეკონომიკის სახელმძღვანელოში საფონდო, სასაქონლო და საბროკერო ბირჟები კაპიტალიზმის საშინელ სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი... მერე, კარგად მახსოვს _ როდესაც თბილისში, სპორტის სასახლის მახლობლად, 1995 წელს, შრომის ბირჟა გაიხსნა, როგორ მიაწყდა უამრავი უმუშევარი ადამიანი ამ ორგანიზაციას, მათ რიგში მეც ვიყავი და დიდი დრო არ დამჭირვებია, რომ დავრწმუნებულიყავი _ ეს ყველაფერი მავანთა მიერ მოწყობილი ფარსი იყო. ცოტა ხანში, ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე, მოგვიანებით _ ელიავას ბაზრობასთან უმუშევარმა ხალხმა დაიწყო თავმოყრა... ვერაფრით წარმოვიდგენდი ამ `შრომის ბირჟაზე~ თბილისში დგომას. მით უფრო ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთვის, რომ ამერიკაში მომიწევდა ამის გაკეთება...
ვიჯექი საერთო საცხოვრებლის ოთახში, უაზროდ შევყურებდი ტელეეკრანს და ვცდილობდი, რაღაც გამოსავალი მეპოვა... ადრე დავწექი დასაძინებლად, რომ ხვალინდელ დღეს დასვენებული შევხვედროდი.
`ბირჟავიკების~ გარემოცვაში
უმუშევრობის პირველმა დღეებმა საშუალება მომცა, ამერიკული ყოველდღიურობის რიტმს დავკვირვებოდი. ნიუ-იორკში, ისევე, როგორც ევროპის დიდ ქალაქებში, სამუშაო დრო დილის 7-8 საათიდან იწყება და ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე 6 საათიდან გადატვირთულია. ყველა ცდილობს, სამსახურში არ დააგვიანოს და ისე მიქრიან, თითქოს ერთმანეთს მისდევენ ან კიდევ, `კოლექტიურ~ მარათონში მონაწილეობენ.
მეც შევუერთდი ამ მარათონს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყოველდღიურად სამუშაოს საშოვნელად მივყვებოდი მუსას. თუმცა პირველად, დილაადრიანად საერთო საცხოვრებლიდან რომ გამოვედით და ხალხით გადაჭედილი ქუჩები დავინახე, 10 წლის წინანდელი თბილისი გამახსენდა, პიკის საათის დროს.
_ ამ ხალხს არ ეძინა? ასე ადრე სად გარბიან? _ კითხვა კითხვაზე დავაყარე მუსას.
_ წამო, წამო!.. ჩქარა, რა დროს შეკითხვებია?! შეიძლება, ვერ მოვასწროთ!
_ რა ვერ მოვასწროთ? _ დავინტერესდი კიდევ ერთხელ.
მუსამ ამჯერად არ მიპასუხა და ლამის სირბილზე გადავიდა. სხვა გზა არ მქონდა, მორჩილად ავედევნე. კიდევ კარგი, შორი მანძილი არ გვქონდა გასავლელი, თორემ, ნამდვილად ვერ მოვახერხებდით გაჭედილ ავტობუსში შეღწევას...
როგორც მერე გავიგე, ე.წ. ბრუკლინის რუსულ ბირჟაზე მივედით. იქ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასულები იკრიბებიან. `ფორტ ჰამილტონის~ (ასე ერქვა ამ ადგილს) მოპირდაპირე მხარეს ორმოცდაათამდე მამაკაცი იდგა. ზოგი სპორტულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, უმეტესობას ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული (შიგ ალბათ, სამუშაო იარაღები ეწყოთ)... ყველას მოუთმენელი მოლოდინი აღბეჭდვოდა სახეზე. თითქოს ინსტინქტურად მოქმედებდნენ _ ცქმუტავდნენ, მოუსვენრად სცემდნენ ბოლთას და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდნენ. ამ მომლოდინე ხალხის გვერდით რომ დავდექი, თითქოს მაშინვე გადმომედო მათი განცდები. მუსას ამ საზოგადოებაში კარგად იცნობდნენ, თითქმის ყველას ესალმებოდა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავთ.
`ბირჟავიკების~ დაძაბულობამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ნელი სვლით მომავალი მანქანა გამოჩნდა და გზის პირას შეჩერდა. მუსა ჩემ გვერდით იდგა და თავის `მეგობრებს~ ელაპარაკებოდა. მანქანის დამუხრუჭება და მათი გაქრობა ერთდროულად მოხდა. მთელი ეს `ხროვა~, უმაღლესი კლასის სპორტსმენთა გუნდივით სწრაფად დარბოდა. მიზანი ყველას ერთი ჰქონდა _ პირველი მიჭრილიყო მანქანასთან, მოლაპარაკებოდა კლიენტს და სამუშაოდ გაჰყოლოდა.
პირველ მანქანას მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე და ა.შ. ვიდექი და უაზროდ შევყურებდი ამ სანახაობას. ვერ გადამეწყვიტა, ჩავრთულიყავი თუ არა `მარათონში~.
კიდევ ერთხელ დავიწყევლე თავბედი, მაგრამ იმწამსვე თავს შევუძახე: სწორედ ახლა უნდა მომეკრიბა მთელი ჩემი ფიზიკური და გონებრივი რესურსები, რომ გამოსავალი მომეძებნა. მოდუნების უფლება ნამდვილად არ მქონდა.
`დღეს რაღაც ბედი არ მწყალობს!..~
ერთი საათი იტრიალა და იბზრიალა ჩემმა ჩეჩენმა გზამკვლევმა, მაგრამ ვერც ერთ მანქანასთან ვერ მივიდა პირველი. ბოლოს, აქოშინებული მომიახლოვდა:
_ დღეს რაღაც ბედი არ მწყალობს! _ შემომჩივლა.
_ მუსა, სამუშაოს ასე შოულობ? ასეთი უაზრო სირბილით? _ დავინტერესდი.
_ აბა, სხვანაირად ბირჟაზე რას იშოვი?!. უნდა იაქტიურო, ძმაო!
,,,როგორც იქნა, მუსას ბედმა მაინც გაუღიმა, სხვებს დაასწრო, რომელიღაც მანქანაში ჩაჯდომა მოახერხა და ჩემკენ არც კი გამოუხედავს, ისე წავიდა. დავრჩი ბირჟაზე მარტო... ერთი-ორჯერ შევეცადე, მანქანასთან მიმერბინა, მაგრამ კონკურენტებმა ისე ჩამიქროლეს, თავი დამცირებულად ვიგრძენი და საერთო საცხოვრებლის გზას დავადექი...
ნუგეშის იმედით... გლორიასთან
აღარ ვიცოდი, უიღბლოდ დაწყებული დღე როგორ გამეტარებინა და ჩემს ნივთებში ქექვა დავიწყე. ამერიკაში ნაყიდი რვეულები შემრჩა ხელში, რომელშიც ნოტებსა და სიმღერების ტექსტებს ვიწერდი, აგრეთვე სხვადასხვა ჩანაწერს ვაკეთებდი იმ დღეებში, როცა ბიბლიოთეკაში წასასვლელად დროს გამოვძებნიდი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ბიბლიოთეკის გზას დავადექი. უნდა გენახათ გლორიას გაოცება, როცა დიდი ხნის შემდეგ, მის `უბანზე~ დამინახა. ჰემინგუეის რუსული თარგმანები მოვითხოვე და ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა რამდენიმე წუთში, ჩემს მაგიდასთან `მშვიდობით იარაღო!~ გაჩნდა. კმაყოფილება იმით გამოვხატე, რომ მადლიერების ნიშნად გლორიას თბილისიდან წამოღებული სუვენირი მივართვი _ გიშრისთვლიანი ვერცხლის ბეჭედი _ ისეთი, სალონებში მრავლად რომ იყო იმ პერიოდში და თბილისელ გოგონებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე, მაგრამ გლორიას ისე მოეწონა, რომ აღფრთოვანებულმა კინაღამ შეჰყვირა აღტაცებისგან. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სამკითხველო დარბაზიდან გავიდა და რამდენიმე წუთში, სახეგაბადრული დაბრუნდა. ხელში რაღაც წიგნი ეჭირა.
_ ეს თქვენთვის ავარჩიე, კაკო. მგონი, ქართველი მწერალი უნდა იყოს... _ ისე შემომღიმა ქერათმიანმა გლორიამ, რომ დილანდელი ხელის მოცარვა სულ დამავიწყდა.
მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ იდო, რუსული თარგმანი. სკამიდან წამოვიჭერი და მადლიერების ნიშნად, გლორიას ხელზე ვაკოცე. ამას კი არ მოელოდა. ხოლო როცა ხელი გავუშვი, შევამჩნიე, რომ ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი უკვე თითზე ჰქონდა წამოცმული. ორივემ ერთდროულად შევხედეთ გიშრის თვალს და ორივეს გაგვეცინა...
გლორია ახალგაზრდა, ლამაზი ამერიკელი ქალი იყო, სამსახურიც ჰქონდა და არც სასტუმროში უწევდა ღამის გათევა... ჩემნაირი მკითხველიც მრავლად ჰყავდა, მათ შორის ალბათ, თაყვანისმცემლებიც... ჩვენი ურთიერთობა იმ გიშრისთვლიანი ბეჭდის ამბავს არ გასცილებია, მაგრამ ზოგჯერ როცა გლორიაზე ვფიქრობ, რატომღაც მგონია, რომ მოვწონდი და ახლა მის ბიბლიოთეკაში შესული რომ დამინახოს, სიხარულით ცას ეწევა...
`გადაგდება~ ამერიკაშიც სცოდნიათ...
ბიბლიოთეკაში ჩვეულებრივზე მეტხანს შევრჩი. საერთო საცხოვრებელში გვიან დაბრუნებული მარტო ვიჯექი ტელევიზორთან. ჩეჩენი მუსა იგვიანებდა. ალბათ 2 საათი იქნებოდა, რომ მოლასლასდა. ქუჩის მათხოვარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩემს დილანდელ `კოლეგას~: სახე ერთიანად გამუროდა და ისეთი დატანჯული ჩანდა, თითქოს მთელი კაცობრიობის ცოდვები ეკიდა კისერზე.
_ სად იმუშავე, მუსა? _ ვერ მოვითმინე და ვკითხე.
_ `დემოლიშენზე~, _ უხალისოდ მიპასუხა.
_ ეს რაღაა?
_ სახლების ნგრევა. ძალიან ჭუჭყიანი და დამღლელი საქმეა.
_ რამდენი გადაგიხადეს? _ დავინტერესდი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ეს კითხვა არ ესიამოვნა. ვერ მოვითმინე და კითხვა გავუმეორე.
_ არაფერი!.. _ სახეზე აღელვება დაეტყო.
_ ეს როგორ? _ გაოცება ვერ დავფარე.
_ როგორ და დეგენერატი რომ ვარ, ისე!.. მთელი დღე ვირივით ვიმუშავე. ბოლოს ფული არ მომცეს და `ამაყირავეს~...
_ ვერ გავიგე, _ უაზროდ ჩავაშტერდი მუსას.
_ რა ვერ გაიგე?! მთელი დღე გამომიყენეს, დედა მიტირეს და ჯამაგირი არ გადამიხადეს!.. _ გაღიზიანდა ჩეჩენი.
_ მერე ვერ მოსთხოვე? _ ტვინი შევუჭამე.
_ როგორ მომეთხოვა? დილიდან ჩვენთან ტრიალებდა, `ლანჩიც~ მოგვიტანა, ყურადღებას არ გვაკლებდა... საღამოს კი... გაქრა.
_ მერე სად წავიდა, ვერ გაიგეთ?
_ საიდან უნდა გამეგო? როდესაც შენობის მეპატრონეს მისი ვინაობა ვკითხეთ, მან მობილურის ნომერი მოგვცა, მაგრამ რად მინდა? ვრეკავ და სულ გამორთულია...
_ არა უშავს, მუსა, იპოვი და ფულსაც მოგცემს, _ შევეცადე დამემშვიდებინა.
_ ე-ე, კაკო, რომც ვიპოვო, ვერაფერსაც ვერ მოვთხოვ. იტყვის, საიმიგრაციო სამსახურში დავრეკავო... `გადაყირავების~ იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ არ შევცდები _ ასე იქნება!
_ გამოდის, რომ შერჩება? _ უკვე მე გავღიზიანდი ასეთი უსამართლობით.
_ ასე გამოდის. მუშების დამქირავებლები უმეტესად პატიოსნად იხდიან გასამრჯელოს, მაგრამ ზოგჯერ, ასეთებიც გამოერევიან. მათ იციან, რომ კანონით ვერაფერს მოვთხოვთ და ამით სარგებლობენ.
_ ხშირად ჩავარდნილხარ ასეთ სიტუაციაში?
_ სამწუხაროდ, ხშირად, მაგრამ ამ ტიპზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი: ისეთი სახე ჰქონდა, ანგელოზი გეგონებოდა.
მუსამ ხელი ჩაიქნია, პირსახოცი აიღო და სააბაზანოში შევიდა.
ამ შემთხვევამ სერიოზულად დამაფიქრა. მის ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე და მუსა კიდევ უფრო შემებრალა...
ისევ შენიანი თუ დაგეხმარება...
ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე დავყვებოდი მუსას ბირჟაზე, საღამოობით აგენტს ვურეკავდი, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა. პირველ დღეებში მაინც შედარებით მშვიდად ვიყავი, დილით იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ იმ დღეს მაინც ვიშოვიდი სამუშაოს, მაგრამ _ ამაოდ. არადა, ფული მითავდებოდა და საარსებო წყარო სასწრაფოდ უნდა მეპოვა. თანდათან უფრო პესიმისტურ განწყობაზე ვდგებოდი.¬
...მათ შორის, ვინც ამ დღეებში ბირჟაზე გავიცანე უმეტესად ის ადამიანები იყვნენ, ვინც ჩემსავით ძნელად ახერხებდნენ მანქანასთან მისვლას... ჰოდა, ვიდექით ერთად ხელმოცარულები და ჩვენ-ჩვენს პრობლემებს ვუზიარებდით ერთმანეთს.
_ შენ კიდევ სხვა გამოსავალიც გაქვს: ქართველი რომ ვიყო, თქვენს ბირჟაზე წავიდოდი... _ მითხრა ერთხელ უკრაინელმა ბიჭმა.
_ ვერ გავიგე, რა ჩვენს ბირჟაზე? _ ეჭვის თვალით შევხედე `კონკურენტს~.
_ აქ, ახლოს (და ადგილი დამისახელა) კიდევ ერთი ბირჟაა, მართალია, იქ ბევრი კლიენტი არ მიდის, მაგრამ ასეთი `ჩეხვა~ არ ხდება...
გავიფიქრე, აქედან ჩემი მოშორება უნდა და ამას იმიტომ მეუბნება-მეთქი... ამასობაში, მან თხრობა განაგრძო:
_ იქ უმეტესად, ქართველები ტრიალებენ, სიტუაციას აკონტროლებენ და არც ისეთი `ბარდაკია~, როგორიც აქ. თან ერთმანეთს ეხმარებიან, სამუშაოს ინაწილებენ და თუ კიდევ გამოჩნდა კლიენტები, მერე უშვებენ სხვებს... წადი, სცადე, ნაღდად იშოვი რამეს.
მუსას ვკითხე, რამე თუ იცოდა ამ ბირჟის შესახებ და მანაც დამიდასტურა. კი, მაგრამ თუ ეს იცოდი, აქამდე რატომ მიმალავდი-მეთქი? _ გაოცებულმა ვკითხე.
_ მაქვს მიზეზი და იმიტომ! _ მოკლედ მომიჭრა.
_ ამიხსენი, თუ კაცი ხარ, რა მიზეზია ასეთი?
_ ორჯერ ვიყავი და ორჯერვე მუშტი მომხვდა!..
_ მაინც რა დააშავე ისეთი, რომ მუშტი მოგხვდა?
_ არაფერიც არ დამიშავებია! უბრალოდ, მანქანასთან მისვლა დავასწარი სხვებს და შენიშვნა მომცეს. მეორედაც რომ გავიმეორე იგივე, ერთმა შენმა თანამემამულემ გვერდზე გამიყვანა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ისეთი მლეწა, გონს როდის მოვედი, აღარც მახსოვს... ისე, ჩვენში დარჩეს და, ცოტა გიჟები კი ხართ ეს ქართველები!..
გამეცინა და მუსას ხელი გადავხვიე.
_ წამო, მუსა, ერთად მივიდეთ და პირობას გაძლევ, არავინ გაწყენინებს.
ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ბოლოს, გაბედა:
_ ჯანდაბას შენი თავი! ვიცი, შენ მაინც არ გამწირავ...
შეხვედრა შუა ბრუკლინში... წნორელ გივისთან
ის დღე დაკარგული იყო, ამიტომ გეზი სასტუმროსკენ ავიღეთ. მეორე დღეს, დილაუთენია წამოვიჭერი, ჩემი ძალად დამეგობრებული ჩეჩენი `თანანომრელი~ სულ მუჯლუგუნით წამოვაგდე საწოლიდან და კი არ მივდიოდი, მივფრინავდი ქართველების ბირჟისკენ.
_ ისე გარბიხარ, კაკო, თითქოს ძვირფასი განძი გელოდება!.. _ შემომიღრინა არაქათგამოცლილმა ჩეჩენმა.
_ განძზე უკეთესი რამ მელოდება _ ჩემიანებს ვნახავ!.. _ ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცი ნარკოტიკებისგან ისედაც ძალაგამოცლილ მუსას. თუმცა, არც ის დამრჩა ვალში:
_ ძვირფას `ზემლიაკებს~ ნამდვილად ნახავ, აი, სამსახურისა კი რა მოგახსენო...
ბრუკლინის ე.წ. `ქართული ბირჟა~ მე-14 ავენიუსა და 39-ე ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობდა. როდესაც იმ ადგილს მივუახლოვდით, ჩემი ყურადღება სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანების დიდმა ჯგუფმა მიიპყრო. თავიდან ვერ მივხვდი, ამ დილაადრიან რა ხდებოდა ან ამ ქალებს რა ატირებდათ. თან, რა ვიცოდი, თუ ამ ბირჟასთან დამკრძალავი ბიურო მდებარეობდა?..
_ არ მიყვარს ეს ადგილი, რამდენჯერაც აქ მოვედი, იმდენჯერ ვიღაცას კრძალავენ... _ გამიზიარა მუსამ თავისი გულის წუხილი და ქუჩის იმ კუთხისკენ მიმანიშნა, სადაც ათიოდე მამაკაცი იდგა.
_ აგერ, შენი `ზემლიაკები~. მე აქ დავრჩები, სულერთია, ახლოს არ მიმიშვებენ. თუ რაიმე სამუშაო გაიჩითა, იცოდე, არ დაგავიწყდე... _ მუდარა იგრძნობოდა მუსას ხმაში.
ალბათ ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურებს ისე არ გახარებიათ ოკეანის სიღრმიდან ნანატრი ხმელეთის დანახვა, როგორც მე _ მშობლიური სახეებისა. იდგნენ თავისთვის მშვიდად და საუბრობდნენ, თან თვალი გზისკენ ეჭირათ. ძველი ნაცნობივით მივესალმე და ყველას სათითაოდ ჩამოვართვი ხელი...
გაცნობის პროცესმა ასე თუ ისე ჩაიარა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. არც მე ვიცოდი, ამდენი უცნობი ადამიანისთვის პირველს როგორ ამეხსნა ჩემი გასაჭირი და არც ისინი ინტერესდებოდნენ ჩემი მდგომარეობით, თავიანთი სადარდებელიც ჰყოფნიდათ.
ამ დროს, ცაზე მეხის გავარდნასავით მოულოდნელი რამ მოხდა.
_ შენა, თბილისელი კაკო არა ხარ? _ ერთიანად გაბადრული მეკითხება ერთ-ერთი და ვეება დათვის თათებით მაჯანჯღარებს.
თვალებს არ დავუჯერე. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამ გადასაკარგავში, შუა ბრუკლინში დიდი ხნის უნახავი წნორელი გივი მჭედლიშვილი თუ გადამეყრებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
_ წეღანა, ხელი პირველად მე რომ ჩამომართვი, ვიფიქრე, მიცნო-მეთქი!.. _ მითხრა.
_ ვა, გივი, აქ საიდან?! _ სიხარული და გაოცება ერთდროულად გამოვხატე.
_ მაშ, მარტო ქალაქელებმა უნდა იაროთ კარგ ადგილებში?..
გივი ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი. თბილისში, ცენტრალურ უნივერმაღში ვმუშაობდი. მოსკოვიდან შეკვეთილი ავეჯი უნდა ჩამოგვეტანა და ტრაილერების გარაჟში შევედი მანქანის დასაქირავებლად. იმდენ რუს, ქერა მძღოლში უცბად შევნიშნე ერთი შავტუხა, მზემოკიდებული, ჯანიანი ახალგაზრდა კაცი. გულმა მიგრძნო, რომ ქართველი იყო და არც შევმცდარვარ... გივი რამდენიმე წლის მანძილზე, მოსკოვი-თბილისის ხიფათიან გზაზე სატვირთო გადაზიდვებით იყო დაკავებული და უზარმაზარ ტრაილერს ისე დააგრიალებდა, როგორც მისი არცთუ ისე შორეული წინაპარი _ სახედარშებმულ `ტაჩკას~. ორჯერ გივის ტრაილერით ჩამოვიტანე მოსკოვიდან ავეჯი და კაბინაში მის გვერდით ვიმგზავრე.
_ გივი, რაღაც შენს ტრაილერს ვერ ვხედავ... _ გავიხუმრე, რადგან უცბად გამომიკეთდა გუნება.
_ შენა ჩემს ტრაილერს აგრე ნუ უყურებ, ძმასავითა მყავდა. ეეჰ... ის რომ მყოლოდა, აქ რა წამამიყვანდა, ამ უსისხლო ჯონებში და მაიკლებში!.. _ და განმიმარტა: _ ვალებში ჩავვარდი, ძმაკაცმა გადამაგდო! მანქანის გაყიდვამ მომიწია. უმუშევარი დავრჩი. რაღაცა ორი კაპიკი მქონდა, ცოტაც პროცენტიანი ვისესხე, ავიკარი გუდა-ნაბადი და აგე, სად ამოვყავი თავი...
_ სამაგიეროდ, ამერიკა ხომ ნახე! _ ჩემებურად გავამხნევე.
_ ეს თუ ნახვაა და... ყოველდღე ორ-სამ ებრაელს ვაცილებ სამოთხეში. ისე შევეჩვიე ამ პროცესიებს, ალბათ მალე ვიყიდი შავ კოსტიუმს, შავ ქუდს, შავ პრიალა ფეხსაცმელს და `მთავარი გამცილებელი~ გავხდები...
_ ყოჩაღ, ძმაო, მომავალი გარანტირებული გქონია! _ საუბარში გივის ერთ-ერთი ნაცნობი ჩაერია და ყველას გაგვეღიმა.
_ მომიყევი, გივი, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ, როგორ მუშაობ? _ ერთი სული მქონდა, გამეგო, სამუშაოს თაობაზე რას მეტყოდა.
_ რა ვიცი, ვცხოვრობ, რა. ამ ბირჟის გადამკიდე, როცა სამუშაო მაქვს, ერთ-ორ კაპიკს წნორშიაც ვაგზავნი, ვალები გავისტუმრე. რა ვიცი, თუ ღმერთი შემეწია, ერთი ტრაილერის ფული მინდა მოვაგროვო, ხო იცი, ძნელია შეჩვეულის დავიწყება!.. მოკლედ რო გითხრა, ყოველდღე მოვდივარ აქა, თუ გადავეყრები რამეს, ხო კარგი, თუ არა და, ვარ ასე...
_ ჩემზე რას იტყვი, გივი, როგორ მოვიქცე?
_ თუ მუშაობა არ გეზარება და შავ საქმესაც იკადრებ, ასე თუ ისე, ერთი-ორ კაპიკს გააკეთებ. შენა კიდევა, თბილისელი კაცი ხარ, ინგლისურიც გეცოდინება და ჩათვალე, რო თავი ქუდში გაქვს. შეიძლება, ბედმა ისე გაგიღიმოს, მაგარ სამუშაოსაც გამოჰკრა ხელი.
ამასობაში, ტროტუართან ერთი მანქანა გაჩერდა. რუსული ბირჟისგან განსხვავებით (რაც განსაკუთრებით მომეწონა), ადგილიდან არავინ დაძრულა. ცოტა ხნის შემდეგ, ჯგუფიდან ახალგაზრდა, ხვეულთმიანი მამაკაცი გამოგვეყო, მანქანასთან მივიდა და მძღოლს დაუწყო ლაპარაკი (როგორც შემდგომ გავიგე, მისი რიგი ყოფილა).
საოცარია, მთელი 70 წელი რუსები ქართველებს რიგში დგომას გვასწავლიდნენ...
თამაშის წესები `ქართულ ბირჟაზე~
_ მიწის თხრაზე 4 კაცი სჭირდებათ! _ გადმოგვძახა ხვეულთმიანმა.
_ რამდენს იხდის? _ დაინტერესდა ვიღაც.
_ საათში 6 დოლარს!
_ 8 გადაიხადოს და წავყვებით! _ იყო პასუხი.
_ არ იხდის. მეტი არ შემიძლიაო!
_ ხომ არ წავიდეთ, გივი? ვიმუშაოთ, თან ძველი ამბები გავიხსენოთ... _ გაუბედავად შევთავაზე.
_ უფ, ოღონდ მიწის სათხრელად ნუ წამიყვან და თუ გინდა, ჯოჯოხეთში წამოგყვები... წინა კვირას, სამჯერ მომიწია ბარის და წერაქვის ქნევამ, ლამის გავთავდი კაცი, წელი ახლაცა მტკივა!.. _ შემაცოდა თავი ძველმა მეგობარმა.
_ აბა, გავუშვათ?! _ გაოცებულმა ვიკითხე. რუსული ბირჟის `გამოცდილებით~, ვერ წარმომედგინა, ასე გულგრილად თუ გაუშვებდნენ დამქირავებელს.
_ შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ. იტრიალებს, იტრიალებს და მერე მაზანდასაც აუწევს. ჩვენა აქა აგრე ნუკი გვიყურებ! ჩვენი კანონები გვაქვს. ეგ ამერიკელი კიდევა, ისეთი შებერტყილი ჩანს, აქედან მუშის გარეშე არ წავა: მუქთა ვირი ყველას უნდა.
ჩვენმა კლიენტმა ვერა და ვერ შეკრიბა ოთხი კაცი. ბოლოს, ჭკუა იხმარა და თანხა 7 დოლარამდე გაზარდა. როგორც იქნა, ორმა ქართველმა გადაწყვიტა, გაჰყოლოდა. უცბად მუსა გამახსენდა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს რომ იდგა, ახლოს მოსვლა ვერ გაებედა. გავხედე და... რწყილნაკბენივით ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა, რაიმე გაეგებინებინა ჩემთვის. მუსა შემეცოდა და გივის ვუთხარი:
_ როგორ დაგიშინებიათ ეს კაცი, სათოფეზეც არ გიახლოვდებათ!
_ ვინა, მუსა? ეგ ისეთი ოხერია, ახლოს როგორ მოვუშვებთ?! ერთი-ორჯერ რომ მივეცით სამუშაო, მერე გათამამდა და კლიენტიც წაგვართვა. წაგვართვა და ყოფაც ვუტირეთ: ერთი კვირა გარეთ ვეღარ გამოდიოდა, ისე მოვუნგრიეთ თავ-ყბა... მაიცა, მაიცა, შენ საიდანღა იცნობ მუსასა? _ დაინტერესდა გივი.
_ იაფი სასტუმროს ძებნაში მუსას და კიდევ 5 მაგისნაირის ოთახში მძინავს.
_ აბა, კაი დრო გიტარებია... მიდი, კაკო, მოაშორე აქედან, წავიდეს, წაჰყვეს იმ მანქანას, თავში ქვაც უხლია!..
მუსას ვანიშნე, მანქანასთან მიდი-მეთქი და ისიც უმალ მიიჭრა. არც უკითხავს, სად მიდიოდა, რა უნდა გაეკეთებინა, არც მადლობის თქმით შეუწუხებია თავი.
ისაკად `მონათლული~ გივი
პირველ მანქანას ბირჟაზე სხვებიც მოჰყვა. ზოგს ნაგვის გატანა უნდოდა, ზოგს _ სახლის შეღებვა, ზოგს რა და ზოგს კიდევ _ რა. ერთი სიტყვით, სხვადასხვა სამუშაო ჩნდებოდა
_ გივი, როდემდე უნდა ველოდოთ? არ მოგბეზრდა უსაქმოდ დგომა? _ ახლა მეც დავიწყე ჩეჩენივით ბოლთის ცემა.
_ წავალთ, ნუ ნერვიულობ. უბრალოდ, იოლი საქმე მინდა შევარჩიოთ, რომ ლაპარაკის საშუალება გვქონდეს... _ ამიხსნა გივიმ.
...როგორც იქნა, საჩვენო დამქირავებელიც გამოჩნდა, ჩია ტანის ებრაელი, მკვირცხლი და საქმიანი გამომეტყველებით. მას საკუთარი წიგნების მაღაზია ჰქონია და წიგნების დალაგებაში უნდა მივხმარებოდით.
მაღაზიასთან რომ მივედით, ებრაელმა სახელი მკითხა. აკაკი მქვია-მეთქი, ვუპასუხე. ბორძიკ-ბორძიკით წარმოთქვა ჩემი სახელი და თან დაამატა _ ძალიან რთული სახელი გრქმევიაო. მერე გივის მიუბრუნდა.
_ მე ისაკა მქვია... _ მშვიდად მიუგო წნორელმა გივიმ.
_ როგორ, ებრაელი ხარ? _ გაუკვირდა კლიენტს.
_ ჰო, ქართველი ებრაელი ვარ და ამერიკაში სამუშაოდ ჩამოვედი, _ არ დაიბნა გივი და რატომღაც გავიფიქრე, რომ იგი ახლა გაზეპირებულ წინადადებას ამბობდა... გივის სიტყვებს დამქირავებლის მოულოდნელი `გარდაქმნა~ მოჰყვა _ სულ ერთიანად გაუბრწყინდა წითური სახე, დიდი ხნის ნაცნობივით გადახვია ხელი ისაკად ქცეულ გივის და გვერდით ოთახში შეიყვანა... ცოტა ხნის შემდეგ, სამნი გამოვიდნენ _ მაღაზიის პატრონი, გივი და ვიღაც შავკანიანი მამაკაცი. კლიენტმა აგვიხსნა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა: მე და შავკანიანს წიგნები უნდა აგვეტანა და თაროებზე დაგვეწყო, გივის კი (მას დავთარი და კალამი მიაწოდეს) წიგნების აღრიცხვა ევალებოდა...
მთელი 8 საათის მანძილზე, შეუჩერებლივ ვზიდავდით წიგნებს. თითქოს მძიმე სამუშაო არ იყო, არც ძალიან მაღლა _ მეორე სართულზე გვიწევდა, მაგრამ მაინც გვარიანად დავიღალეთ მე და ის შავკანიანი. გივი კი მთელი დღე მხოლოდ კალამს `აწრიპინებდა~ და ბატიფეხურით გადაჰქონდა ბეჭდური ლათინური ასოები ფურცელზე...
როგორც იქნა, სამუშაო დავამთავრეთ. კლიენტმა დიდხანს იქექა ჯიბე და როგორც იქნა, ფული ამოიღო. მე და ზანგს 60-60 დოლარი მოგვცა, გივის _ 80(!), მადლობა გადაგვიხადა და მაღაზიიდან გამოგვისტუმრა.
_ ეს რა ქენი, ბიჭო, ქართველობა უარყავი? _ სხვა სიტყვები ვერ მოვიგონე.
_ უარვყავი არა, ისა. უბრალოდ, ყარაულის თოფივით გამივარდა სიტყვა. მოვსინჯე, რა... ხომ ხედავ, როგორ გაჭრა: იოლი საქმეც მომცა და მეტიც გადამიხადა. ნუ გეშინია, იმ ზედმეტ ფულს ერთად დავხარჯავთ, ჩემო კაკო!..
_ რომ მიმხვდარიყო, ებრაელი რომ არა ხარ?
_ აი, დარდი! წიგნებს ავზიდავდი _ მეტი რა მომივიდოდა?.. შენ გიჯობს, მაგაზე ფიქრს თავი დაანებო და მოდი, დღეს ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ, 7 წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. სადმე ჩავჯდეთ და წყნარად გავიხსენოთ ძველი დრო.
გამახსენდა, 7 წლის კი არა _ 7 დღის წინ იძულებით მიტოვებული ჩემი საყვარელი რესტორანი @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ# და გივის შევთავაზე, სწორედ იქ `ჩავმჯდარიყავით~. თან დავძინე: თუ კარგად მოიქცევი, ჩემს `დამღუპველ~ სიმღერებსაც მოგასმენინებ-მეთქი. რესტორნისკენ მიმავალ გზას დავადექით. მანამდე, სასტუმროში შევიარეთ, შხაპი მივიღე, ჩემს საკონცერტო კოსტიუმში გამოვეწყვე (გივის გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, თეთრ პერანგზე ჭრელი პეპელა რომ დავიბნიე), მასაც ჩემი მეორე კოსტიუმი მოვარგე და ასე გამოწკეპილები გავუყევით რესტორნისკენ მიმავალ გზას.
კალიფორნიული თეთრი ღვინის სასწაული
ძალზე ცოტა რამ ჰყოფნის ადამიანს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს... ბრუკლინის ქუჩებში ისე მივაბიჯებდით, ქვეყანა ჩვენი გვეგონა.
ზაფხულის სასიამოვნო საღამოს ლამის მთელი ქალაქი გამოფენილიყო სასეირნოდ. მოსეირნეთა შორის გრძელფეხება რუსი გოგონაც მრავლად იყო. აშკარად სჯობნიდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს (რომელთა სიმრავლე იქ მართლაც საგრძნობია). გივის ხან ერთი ლამაზმანის ცქერისას მოეღრიცებოდა კისერი, ხან _ მეორის...
_ ჯერ იყო და, რუსეთში დამღუპეს ამ ჩემი ცოდვით სავსეებმა და მგონი, არც აქ დამადგება კარგი დღე!.. _ გამომიტყდა. _ მოსკოვში ამათ ამირიეს თავგზა, ამათ გადამკიდეს, ყველაფერი მავიწყდებოდა... ამიტომაც დამენგრა ორჯერ ოჯახი...
_ ახლა?
_ ახლა, ჩემო კაკო, წნორში კი არა, მთელ კახეთში `ბაბნიკად~ მიცნობენ და ქალს ვინ გამომატანს?! ჰო, რა გიკვირს? აღარავინ მომყვება... ისე, ბალღებს კი ვეხმარები აქედან, რაც შემიძლია...
ამასობაში რესტორანსაც მივუახლოვდით. გზის გასწვრივ უამრავი ავტომანქანა იდგა. უიკენდი იწყებოდა და ხალხიც მატულობდა. რესტორნის ფოიეში ჩემთვის უცნობი, კუნთმაგარი დაცვის სამსახურის წევრი იდგა და მოსაწვევის გარეშე შიგ არავის უშვებდა. ჩემს თხოვნაზე, უარი მითხრა _ დიდი ბანკეტი იმართება და ყველა მაგიდა წინასწარ არის შეკვეთილიო... ცოტა არ იყოს, საქციელი წამიხდა და ამ დროს, ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა:
_ Fრფრბქ^ ყტე;ტკბ \'ნჯ ნს? _ ვხედავ _ საბანკეტო დარბაზის ადმინისტრატორი, ჟღალთმიანი, ენერგიული ზოსია გულღიად მიღიმის და ჩემკენ მორბის... სწორედ მისი წყალობით შევაღწიეთ შენობაში.
დარბაზში შევედით. მაგიდების ერთი წყება ერთმანეთზე მიედგათ და ორ რიგად გაემწკრივებინათ. აქ ბანკეტზე მოწვეული ხალხი მხიარულობდა. კუთხეებშიც ლამის ყველა მაგიდა დაკავებული იყო. ისმოდა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი მუსიკა. ზოსიამ ძლივს მოგვიძებნა თავისუფალი მაგიდა და კარგი დროს ტარება გვისურვა...
ზოსიას დარბაზიდან გასვლა იყო და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!.. თითქმის ყველა ოფიციანტი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, ოფიციანტებს მზარეულებიც მოჰყვნენ და რაც გივისთვის მართლაც გამაოგნებელი აღმოჩნდა _ ხელცარიელი არავინ მოსულა, ყველას რაღაც მოჰქონდა და სულ მალე, ჩვენი სუფრა რესტორნის საფირმო კერძებითა და სასმელებით აივსო, ხოლო როცა სცენიდან მუსიკოსებიც გაბადრული სახეებით მომესალმნენ, გივიმ ვეღარ მოითმინა და გამომცდელად მკითხა:
_ კაკო, გამაგებინე, რა ხდება? რა დამსახურებისთვის გევლებიან თავზე ეს რუსები და ებრაელები?
_ ჩემი ძველი ნაცნობები არიან, აქ ხშირად მიტარებია დრო!.. _ ამჯერად, სიმართლე დავუმალე გივის. არ მინდოდა, @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ში გადახდენილი ამბები გამეხსენებინა.
ქართველ კაცს სუფრასთან სალაპარაკოს რა გამოულევს, მით უმეტეს, თუ დიდი ხნის უნახავ ახლობელს შეხვდება. ასე რომ, მე და გივიმაც ვიჯერეთ ლაპარაკით გული, ხან რა გავიხსენეთ და ხან რა. თან რესტორნის კერძებს ვაგემოვნებდით. ბოლოს, ისევ ბრუკლინის `ქართულ ბირჟას~ დავუბრუნდით.
_ ე.ი. ბირჟაზე მანამდე უნდა ვიარო, სანამ კარგ სამსახურს არ ვიპოვი, ხომ? _ ვკითხე გივის.
_ ასე გამოდის, შემთხვევაზე ხარ დამოკიდებული! _ მიპასუხა მან.
_ სხვა გამოსავალი არ გეგულება?
_ სხვა _ არა. საბუთებს თუ გააკეთებ, გეშველება. მერე უკვე, მთავრობა ოფიციალურად დაგეხმარება სამსახურის პოვნაში.
_ ძნელია საბუთების გაკეთება?
_ გზა ბევრია, მაგრამ ყველა რისკიანი! ისე, ყველაფერი კეთდება, მაგრამ დიდი ფულია საჭირო.
_ მაინც რამდენი?
_ ბევრი! ყოველ შემთხვევაში, ჩვენნაირი ხალხისთვის ბევრი. საჭირო თანხა რომ შევაგროვოთ, 3-4 წელი მაინც უნდა ვიმუშაოთ, ოჯახშიც არაფერი გავაგზავნოთ და აქაც, საჭმელშიც ეკონომია გავწიოთ. რესტორნებში სიარული კი არა, შეხედვაც არ უნდა მოვინდომოთ.
_ გავიჭირვებ და მოვითმენ! _ წამოვიძახე, თუმცა თავადაც არ მჯეროდა ჩემივე ნათქვამის.
_ რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მოითმინო. რობოტი ხომ არა ხარ! ვერც მე შევძლებ მასეთ ცხოვრებას.
არაფერი მიპასუხია, უიმედოდ მოვავლე თვალი გამხიარულებულ დარბაზს.
_ კარგი, თუ ძმა ხარ, შევეშვათ ამაზე ფიქრს! _ ჩემი დამშვიდება სცადა გივიმ. _ შეგიძლია, კარგი სამსახური იპოვო. მე ვიცი გზები და დაგეხმარები.
_ მაინც რა გზები იცი? _ ხავსს მოვეჭიდე.
_ ტრაილერზე უნდა დაჯდე. ამერიკელები ნაკლებად ეტანებიან მძიმე სატვირთო მანქანებს: მძღოლებს თვეობით უწევთ სახლის მიტოვება, ჩვენნაირ ხალხს კი, შინ ვინ გველოდება?.. თანაც ხელფასი საკმაოდ მაღალია...
_ მერე, რა არის მაგისთვის საჭირო? _ ვეღარ ვითმენდი, ერთბაშად მინდოდა მთელი ინფორმაციის `აკრება~.
_ გამოცდების ჩაბარება და მართვის უფლების აღება!
_ ჩვენი მართვის მოწმობები არ წავა?
_ არა! ტრაილერზე სპეციალური ნებართვაა საჭირო... ერთი სიტყვით, გამოცდები უნდა ჩააბარო.
_ ძნელია?
_ ძნელი არ არის, მაგრამ ინგლისურად უნდა ჩააბარო. მე კი საყველპურო ინგლისური ძლივს ვისწავლე. რუსები შემპირდნენ რაღაცას... მათ პასუხს ველოდები.
_ გივი, მე ვიცი ინგლისური, იქნებ, გამიმართლოს?.. _ წამოვიძახე, ამ იმედს მოჭიდებულმა.
_ ჩემი თავი გენაცვალოს, კაკო, ჩემგან რა მიდის?! მიგიყვან იმ ხალხთან და დაელაპარკე. ნაღდად დარწმუნებული ვარ, გამოგივა!
...თანდათან გივი უინტერესოდ მისმენდა, ზერელედ მპასუხობდა კითხვებზე. ჯერ გული დამწყდა _ კაცი 5 წუთის წინ სამსახურში მოწყობას მპირდებოდა, ახლა კი აღარც მისმენს-მეთქი, _ მაგრამ როცა მის მზერას გავაყოლე თვალი, ყველაფერი ნათელი გახდა. გივის ეს `გადართვა~ დროებითი და ამავე დროს, ბუნებრივი იყო. მიხვდით ალბათ _ ჩემი წნორელი, ტემპერამენტიანი მეგობარი ლამაზი ქალების თვალიერებით იყო გართული, რომელთა სიმცირეს, @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ს საბანკეტო დარბაზი ნამდვილად არ განიცდიდა...
_ გივი, რომელი მოგწონს? _ ჩავეძიე ქალების თვალიერებით გართულს.
_ რა ვიცი, კაკო, ვისაც თვალი დავადგი, ყველამ გამიღიმა. ლამისაა, დავდნე კაცი!..
_ მერე, გვერდზე რომ კავალრები უსხედან?
_ ეგ რომ არ მაბრკოლებდეს, დიდი ხანია, საცეკვაოდ გამოვიწვევდი, _ სინანულით გააქნია თავი, ბოკალი ღვინით აავსო და მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად მოემზადა.
...თითქმის 2 საათი იყო გასული, რაც რესტორანში ვისხედით. მთელი დღის მუშაობით დაღლილებს, მშვენიერი კალიფორნიული თეთრი ღვინო გვითბობდა ძარღვებს. ოფიციანტები, რომ იტყვიან, თავს გვევლებოდნენ. ამ 2 საათში მგონი, ათჯერ მაინც გამოგვიცვალეს თეფში და დანა-ჩანგალი. კერძები ხომ მოჰქონდათ და მოჰქონდათ. ამდენი ალბათ არასოდეს მიჭამია. გივიც მადიანად მიირთმევდა, თუ არ ჩავთვლით იმ `ლირიკულ~ მომენტებს, როცა მეზობელ მაგიდებთან მსხდომი ქალებისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს.
კისა არ ჩანდა. ზოსიას ვკითხე _ სად არის-მეთქი? მიპასუხა _ მოგვიანებით დაბრუნდება და დარწმუნებული ვარ, შენი სტუმრობა ძალიან გაახარებსო...
როგორც უკვე აღვნიშნე, სუფრაზე კალიფორნიული თეთრი ღვინო გვედგა, ოდნავ მოტკბო იყო. მოსვამდი თუ არა, მთელ სხეულში რაღაც სასიამოვნოდ დაგივლიდა. მაგრამ გივი მაინც ვერ ისვენებდა. ბოლოს, ქართული ღვინო მოითხოვა. `ქინძმარაული~ მოგვიტანეს. გივის კმაყოფილება დაეტყო, ერთი ჭიქა სულმოუთქმელად გადაკრა, მაგრამ მალე, ისევ ყურები ჩამოყარა: ამას რა დამალევინებს? _ ხომ დამისკდა ვენები, პირდაპირ სისხლში მიდისო. ოფიციანტს ახლა `რქაწითელი~ მოსთხოვა, რაზედაც ბოდიში მოგვიხადეს: გუშინ გაგვითავდა და მომავალ კვირაში თუ გვესტუმრებით, აუცილებლად გვექნებაო (ამას ნამდვილად აღარ ველოდი!). გივის გული კი მაინც ვერ მოიგეს:
_ თუ ამერიკაა, ამერიკა იყოს! ქალი არა! ღვინო არა! _ ასე ხომ, ჩემს სახლშიც ვიქნებოდი!.. _ ბუზღუნებდა თავისთვის.
_ ნუ ნერვიულობ, გივი, ყველაფერი იქნება. დღეს თუ არა, ხვალაც ამ წლისაა!.. _ შევეცადე გამემხნევებინა მეგობარი.
_ როდემდე, კაკო?! დავიღალე. სულ ვმუშაობ და ვმუშაობ! ხვალინდელი დღის იმედიც აღარ მაქვს... _ აუჩუყდა გული გივის. არადა, ერთი საათის წინ აქეთ მანუგეშებდა.
_ ისე, გივი, რა გაქვს სანაღვლო? სამუშაოდ ხარ ჩამოსული და მუშაობ. მოაგროვებ ფულს, იყიდი ახალ ტრაილერს და ისევ ააწყობ ცხოვრებას. ამერიკაში ნამყოფს, ვინმე მესამე ცოლობაზეც არ გეტყვის უარს...
_ ეჰ, ჩემო კაკო, წლები გადის, წლები! შედეგი კი არ ჩანს, _ უფრო სევდიანად მითხრა.
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა, როგორ შემეთავაზებინა მზა რეცეპტი, როცა მე თვითონაც თითქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა წარმატების სწრაფად მიღწევა.
_ მაგრამ იცოდე _ არავის დავუჩოქებ! არ მოვეშვები, სანამ ჩემსას არ მივაღწევ! _ კალიფორნიული და კახური ღვინის `შერწყმამ~ ბრძოლის ხასიათზე დააყენა გივი.
_ მაინც რას იზამ? _ დავინტერესდი.
_ რას ვიზამ და ამერიკელ ქალს გავიცნობ. რა, ამ ფრანტებს აღარ ვჯობივარ?! _ წამოდგა და ქედმაღლურად გადახედა დარბაზს. _ ცოლად შევირთავ და მივხედავ საქმეს!.. _ ეს უკვე ისეთი ტონით თქვა, ვიფიქრე _ რესტორნიდან პირდაპირ ქალაქის მერიაში მიდის ხელის მოსაწერად და მეც ხელის მომკიდედ მეპატიჟება-მეთქი...
_ მერე მე რას მიყურებ, ძმაო?! _ ახლა მე გადავედი შეტევაზე, თან ხუმრობის ხასიათზე დავდექი: _ ხომ ხედავ, დარბაზში რამდენი ქალია! თუ არ ვცდები, ერთი-ორი ყურადღებითაც გაკვირდება. ადექი, მოკიდე ხელი და `იფსკვენი ჯვარი~!
_ მაშაყირებ, არა?.. შენა გგონია, წნორელი გივი ვერ მოახერხებს ამერიკელი ქალის შებმასა?.. _ და მოულოდნელად, ლომივით წამოხტა და ისე შეიჭრა მოცეკვავეთა წრეში, მისთვის თვალის შევლებაც ძლივს მოვასწარი...
ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი, რომ ქართული ტემპერამენტი თავისას ითხოვდა! გივი ისე ორიგინალურად და ენერგიულად ცეკვავდა, რომ ერთბაშად მიიქცია დარბაზში მყოფთა ყურადღება. მუსიკოსები როკ-ენ-როლს ასრულებდნენ, გივი ხან `შალახოს~ ჩამოუვლიდა, ხან _ `ლეკურს~, ხან კიდევ _ `აჭარულს~ (მერე მითხრა, გურჯაანის ანსამბლში ვცეკვავდიო). რომ იტყვიან, სცენაზე ბუღი დააყენა. ზოგი მოცეკვავე წყვილი შეჩერდა და ახალგამოჩენილ `სოლისტს~ აპლოდისმენტებით ამხნევებდა. იყო შეძახილები, ტაში...
მოულოდნელად, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. ავიხედე: კისა წამომდგომოდა თავზე. ერთიანად გაბრწყინებული იყო. ჩემი მხრიდან ხელი არ აუღია, ისე იცქირებოდა მოცეკვავეებისკენ, უფრო სწორად _ წნორელ გივის არ აშორებდა თვალს...
გულთბილად მივესალმე, ავდექი, სუფრასთან დავსვი და ის-ის იყო, რაღაც უნდა მეთქვა, რომ მან დამასწრო:
_ ღნჯ \'ნჯნ ვე;ხბყფ^ Fრფრბქ? Nდჯქ ყჯდსქ ლჰეუ?
_ \"ნჯ ყტ ვე;ხბყფ^ ფ კტდ!&& _ ვუპასუხე.
_ Lფ^ ლფ&&& ჯხტყმ გჰბზნყჯ&&& _ თითქოს სიტყვები გამოელიაო. ისევ თვალს არ აშორებდა მოცეკვავე გივის, რომელიც მართლაც ლომად ქცეულიყო...
`წნორელი ლომი~
სუფრასთანაც სასწაულებს ახდენს
როგორც იქნა, `წნორელმა ლომმა~ ცეკვა დაასრულა და მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით, გვერდით მოგვიჯდა.
_ გივი, ასეთი მაგარი თუ იყავი, ადრე მაინც გეთქვა ან სუხიშვილებში მისულიყავი! _ წამოვიძახე მეგობრის ოსტატობით აღტაცებულმა.
_ მა რა გეგონა?! მე ვარ, რაც ვარო, რომ გაიძახი. მეც ქართველი ვარ და შემიძლია რაღაც-რაღაცები!.. _ როგორც ჩანს, გივის გულში ჩარჩა ჩემი დაცინვა, როცა ვუთხარი _ რამ გათქმევინა, ებრაელი ვარო?..
_ არა, ძმაო, მართლა მიხარია. ვერც წარმოვიდგენდი, ასე კარგად თუ ცეკვავდი... ამიტომ, ახლა სულ კარგი ხალხი უნდა გაგაცნო... _ ვუთხარი და კისასკენ გავახედე.
_ კისა, ეს ჩემი მეგობარია, გივი _ კაცი, რომელიც უმშვენიერეს მანდილოსანსაც დაუმშვენებს გვერდს, _ დავიწყე ყოველგვარი შესავლის გარეშე.
_ ძალიან სასიამოვნოა. ცეკვაზე ეტყობა, ვინც არის... _ ჩაიღიმა რესტორნის მფლობელმა. გივის ხელი გაუწოდა და ვნებიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა. აღელვება გივისაც შევამჩნიე. არა, კისას გამომწვევ ღიმილს ბევრი მამაკაცი ვერ გაუძლებდა, მის ეშმაკურად მოელვარე თვალებს გულგრილად ვერავინ ჩაუვლიდა...
_ გივი... მამაკაცი, რომელმაც იცის ქალის სილამაზის ფასი და მის დასაპყრობად უკან არასოდეს დაიხევს! _ ასე წარმოუდგინა საკუთარი თავი გივიმ კისას და ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ეს წინადადება კარგა ხნის წინ ჰქონდა ჩემს მეგობარს ნასწავლი ანუ, მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, `დამხეცებული~...
_ Lფ-ფ!&& _ ჩაილაპარაკა კისამ და მე გადმომხედა. მასზე მეტად ახლა მე ვიყავი გაოცებული, ნამდვილად არ მოველოდი `წნორელი ლომისგან~ ასეთ სითამამეს. მერე გივიმ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!.. ჰყვებოდა ათასგვარ სასაცილო ამბავს, დროდადრო ანეკდოტს, რუსეთსა თუ ამერიკაში მის თავს გადახდენილ (თუ გამოგონილ?..) უჩვეულო თავგადასავლებს...
სულ მალე, კისა უკვე გულიანად კისკისებდა, დროდადრო კედლის ვეებერთელა სარკისკენ აპარებდა თვალს და მოხერხებულად იწმენდდა მეტისმეტი სიცილით მოგვრილ `ფერად~ ცრემლებს, შეღებილ წამწამებზე რომ უბრწყინავდა. გივი კი, არა და არ ჩერდებოდა...
ცოტა ხანში, ჩვენი სუფრა ახალი წევრებით შეივსო: კისას ნაცნობი ქალები უცერემონიოდ მოგვისხდნენ გვერდით. გივისაც მეტი რა უნდოდა?!.
როგორ `მოიტაცეს~ გივი ქალებმა
რაც ამერიკაში ჩამოვედი, სიმართლე გითხრათ, ასე გულიანად არ მიცინია და არც ასე მხიარულად გამიტარებია თუნდაც, ერთი საღამო. გივიმ თავისი ხალისიანი განწყობა გადმომდო და მასთან გაჯიბრებაც ვცადე: ჩემი არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი `პროფესია~ გავიხსენე _ გიტარა მოვიმარჯვე და შუფუტინსკის სევდიანი მელოდია ავაჟღერე... და თუ სულ ცოტა ხნის წინ, გივიმ ცეცხლოვანი ცეკვით მოხიბლა ქალები, ახლა სასწორის პინა ჩემკენ გადმოიხარა _ გულში ჩამწვდომ, მგრძნობიარე რომანსებს ისეთი აპლოდისმენტები მოჰყვებოდა, უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. მაღალ ბოკალში ჩამოსხმული ჩჯდტნცრჯტ იფვგფყცრჯტ-ც თავისი მაგიური ძალით გვავსებდა. მაგრამ ცოტა ხნით ტაიმ-აუტი უნდა ამეღო და შეფ-მზარეულის, კუზმას სანახავად სამზარეულოსკენ გავეშურე.
ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით შევხვდით. კუზმამ მაშინვე საქმეზე დამიწყო ლაპარაკი _ მითხრა, რომ მისი ერთ-ერთი ახლობლის რესტორანში მზარეულის ვაკანსია გაჩნდა. ძალიან გამიხარდა და დრო დავთქვით, როდის მივსულიყავით. ჩვენს მაგიდასთან რომ დავბრუნდი, სახტად დავრჩი: ყველანი გამქრალიყვნენ. მოცეკვავეთა შორისაც ვერ დავლანდე გივის კოლორიტული ფიგურა...
_ წავიდნენ, აკაკი. იმ მოცეკვავემ დაგიბარა _ არ ინერვიულო და არც დამელოდოო!.. _ მითხრა ზოსიამ...
ჩემი `მზრუნველი~ დიასახლისი
დილაადრიან ბირჟაზე მინდოდა გასვლა, მაგრამ ნაბახუსევს თავი მისკდებოდა და გადავიფიქრე. მოგვიანებით წავალ და გივის ამბავსაც გავიგებ-მეთქი. გუშინდელი გაპარვის ფინალი ისე მაინტერესებდა, ვეღარ მოვითმინე და იმ ბინაში დავრეკე, სადაც გივი ცხოვრობდა.
_ ღამე აქ არ გაუთენებია, დარეკა და გვითხრა, ახლობელთან ვრჩებიო, _ მიპასუხეს.
ჩემს ნომერში ვბრუნდებოდი. ფოიეში სასტუმროს მეპატრონე, ტამარა შემხვდა. ისე თბილად მომესალმა, გამიკვირდა _ ნეტავ, რა ბზიკმა უკბინა-მეთქი?..
_ ხომ არაფერი გიჭირს, აკაკი, როგორ მიდის შენი საქმეები? _ ინტერესით მკითხა.
_ ვარ, რა, ვწვალობ, როგორც ყველა, _ ზრდილობიანად ვუპასუხე.
_ ხომ წარმოგიდგენია, რამდენ ადამიანს გაუვლია ჩემს სასტუმროში. სხვებთან შედარებით ბევრად წესიერი ბიჭი ჩანხარ და მინდა, რაღაცით დაგეხმარო. წამოდი, ერთი წინადადება მაქვს შენთვის.
_ მაინც რას მთავაზობთ? _ ცნობისმოყვარეობა ვერ დავფარე.
_ ერთი კარგი გოგო მყავს. უზბეკია, მაგრამ ამერიკის მოქალაქე. ხელს მოაწერ და საჭირო საბუთები გექნება... _ ამასობაში კაბინეტშიც შევედით. დივანზე დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
_ მე ცოლიც მყავს და შვილიც, თბილისში, _ განვუმარტე ჩემს `კეთილისმსურველს~.
_ გამომიხვედი შენც წმინდანი!.. ცოლი თბილისში გყავს, ამერიკაში კი მარტო ხარ! ცხოვრებას ააწყობ, სერიოზულ საქმეს მოჰკიდებ ხელს...
_ მერე, როგორ იქნება? პირდაპირ ხელს მოვაწერთ და მეტი არაფერი?.. თქვენ კი მოგწონვართ, მაგრამ იმ უზბეკ გოგოს მოვეწონები?.. _ ჩავეკითხე.
_ გოგოს ვინ ჰკითხავს?! ფულს გადაიხდი და ყველაფერი მოგვარდება, _ გამიღიმა ტამარამ.
_ აა!.. მივხვდი, რასაც გულისხმობთ, ფიქტიურ ქორწინებას მთავაზობთ, ხომ? _ ვთქვი და ვიგრძენი, რომ გული დამწყდა: მეგონა, ამ ქალს ჩემზე მართლა შესტკიოდა გული, თურმე ამ ყველაფერს ფულის გამო მთავაზობდა... რას ვიზამდი? უხეშად რომ მეპასუხა, სასტუმროდან გამაძევებდა. ისევ თავშეკავება ვარჩიე და თამაში გავაგრძელე:
_ რა დაჯდება ეს სიამოვნება? _ ვერც შევამჩნიე, ისე გადავედი ოფიციალურ ტონზე.
_ 5.000 დოლარი ახლა უნდა გადაიხადო, მეორე 5.000 _ საქმე რომ მორჩება, მერე, _ თან ისე იმედიანად მიყურებდა, თითქოს თუ დღეს არა, ხვალ უეჭველად გავიქცეოდი და 10.000 დოლარს მოვურბენინებდი...
_ დეიდა ტამარა (ისევ გავუშინაურდი), ეს თანხა ახლა ხელზე არა მაქვს, ცოტას წავიმუშავებ და როგორც კი მოვაგროვებ, მაშინვე მოგაკითხავთ... _ გული მაინც არ გავუტეხე ამერიკელ ხანუმას.
_ კარგი, _ მიპასუხა მან და აგიტაცია განაგრძო: _ დამიჯერე, შენთვის კარგი მინდა. ნახავ, არ ინანებ და მადლობასაც მეტყვი...
ვუსმენდი და ვფიქრობდი _ ფულის სიყვარულით საყოველთაოდ ცნობილ `კანონების ქვეყანაში~ როგორ ცდილობდა ეს ქალი, უკანონო გზით ეშოვა დოლარები!.. უკმაყოფილების დასაფარავად, გახუმრება გადავწყვიტე:
_ დეიდა ტამარა, ეგ საქმე უფულოდ არ გამოვა?
_ უფულოდ, ძვირფასო, კატებიც არ დარბიან ამერიკაში, ცოლის მოყვანა კი არა! _ მიპასუხა მთელი სერიოზულობით.
_ დარბიან, დარბიან! აი, ერთი ჩემი თანამემამულე (გივის ვგულისხმობდი) ყველანაირად ცდილობს, ფული არ დახარჯოს და ისე მოიყვანოს ცოლი ამერიკაში!
_ გააჩნია, რა კაცია. თუ მაგარია და თანაც ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, მაშინ მაგისთანა კაცებისთვის ქალები იქით იხდიან ფულს... _ ისევ გამიღიმა დეიდა ტამარამ და ეშმაკურად გადმომხედა.
კაცი კი არა, ლომია, ლომი! _ გავიფიქრე და სასტუმროს მეპატრონეს დავემშვიდობე. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი წნორელ გივის.
წნორიდან _ საპრეზიდენტო აგარაკზე... ამერიკაში
გივი მჭედლიშვილს ამერიკაში სასურველი ადგილის საპოვნელად ორიგინალური გზა აერჩია: ქალის გულის დაპყრობით აპირებდა წარმატების მიღწევას. ისე, კაცმა რომ თქვას, არც ისე იოლი გახლავთ მშვენიერი ქალის (მით უფრო _ ქალების) გულის მოგება და ამას ჩემი მეგობარი ძალზე უპრობლემოდ ახერხებდა, ამერიკაშიც კი!..
ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. რესტორან `Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~-დან გაუჩინარების შემდეგ, მის ასავალ-დასავალს ვერაფრით მივაკვლიე. დილაადრიან მივდიოდი ქართველების შრომის ბირჟაზე ბრუკლინში, იმ იმედით, რომ შევხვდებოდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე _ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგე.
ჰოდა, ვიდექი ბირჟაზე. ბოლოს, როცა გივის მოსვლის იმედი გადამეწურებოდა, მუშახელის რომელიმე მაძიებელს ჩავუჯდებოდი ხოლმე მანქანაში და გვიან ღამემდე ვმუშაობდი სადმე _ ხან ელექტროშემდუღებლად, ხან _ ზეინკლად და ხანაც _ უბრალოდ, დამხმარე მუშად...
გადიოდა დღეები. თანამემამულეებს რამდენჯერმე სასხვათაშორისოდ ვკითხე: გივი ხომ არ გინახავთ-მეთქი? ყველამ უარყოფითი პასუხი გამცა. საგონებელში ჩავვარდი. ძალიანაც არ მინდოდა, ისევ კისას მივდგომოდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა: ჩემი მეგობარი ხომ სწორედ კისამ და მისმა დაქალმა `გაიტაცეს~!..
`Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~-ში ჩვეულებისამებრ გულთბილად მიმიღეს. თანაც, სანამ კისას კაბინეტში შევიდოდი, ადმინისტრატორმა ზოსიამ მრავალმნიშვნელოვნად წამჩურჩულა: კისა იმ საღამოს შემდეგ, გუნებაზე ვერ არის და ფრთხილად იყავიო. ისიც შევნიშნე, რომ ზოსიას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა...
კისამ ოფიციალურად მიმიღო. მიუხედავად ამ სიმკაცრისა, მის თვალებში იმხელა სევდას დაესადგურებინა, რომ შემებრალა. თუმცა ცდილობდა, ეს უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო _ ძალა მოიკრიბა და ბრაზიანად იკითხა:
_ იცი, რა, აკაკი! არც შენი და არც შენი მეგობრის დანახვაც კი არ მინდა!
_ ვაა! _ გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. _ რატომ, კისა, ასეთი რა დაგიშავე?
_ არა, მაპატიე, შენ რა შუაში ხარ, _ მოულოდნელად მოლბა. _ ის არ დავინახო აქ მოსული!.. მაგას ვუჩვენებ!.. _ და მშობლიური, რუსული ჟარგონული გამოთქმა მოიშველია: _ გჯრფ;ე^ ულტ ჰფრბ პბვე.ნ!..
საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნეტავ, რა უქნა გივიმ ისეთი, რომ კარგა ხნის შემდეგაც ასეთი განრისხებული იყო?.. ამიტომ ძლივს გავბედე, გივის ბედით დაინტერესება გამომეხატა:
_ კისა, მაპატიე, მაგრამ იქნებ მითხრა, გივი სად არის?
_ ვინ? მე მასეთ კაცს არ ვიცნობ!..
განრისხების მიზეზი კისასგან მაინც ვერ გავიგე. ერთადერთი (ჩემთვის უმთავრესი), რაც მასთან მწარე საუბრისას დავადგინე, ის იყო, რომ გივი ცოცხალი და საღსალამათი ყოფილა და კისას დაქალთან რომელიღაც აგარაკზე ნებივრობდა...
გივის დაკარგვიდან მთელი ორი კვირა გავიდა. ყოველდღე დავდიოდი შრომის ბირჟაზე, გივი კი, არა და არ ჩანდა. ვიფიქრე: როგორც ჩანს, ცხოვრება აიწყო და ძველი, კეთილი ნაცნობები აღარ აინტერესებს-მეთქი...
ერთხელაც, დილით, ადრიანად გამოვედი სასტუმროდან. ბირჟაზე რაღაც ხელსაყრელი სამუშაო ჩამივარდა ხელში და არ მინდოდა, ხელიდან გაშვება.
_ კაკო, სად გარბიხარ? _ მომესმა ზურგიდან ნაცნობი ხმა.
_ გივი! აქ ნამდვილად არ გელოდი! ასე უნდა, ბიჭო, დაკარგვა?! _ სულმოუთქმელად მივაყარე `წნორელ ლომს~.
_ ვერ დაგიკავშირდი, კაცო, ისეთ ადგილას ვიყავი, რო... _ თავის მართლება დაიწყო გივიმ.
_ იმისთანა რა ადგილას იყავი, ტელეფონი რომ ვერსად ნახე?
_ მართლა არ იყო ტელეფონი... აგარაკზე, შუა ტყეში, ტბის პირას... ციყვები და შვლის ნუკრები დარბოდნენ მხოლოდ... _ დაიწყო გივიმ.
_ და კიდევ, შიშველი ქალები, არა?..
ჩემს ხუმრობაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა და ორი კვირის წინანდელი გაბრაზება სულ გადამავიწყდა.
_ ჰო, რა, ხომ იცი, ჩემი ხასიათი _ ლამაზ ქალთან თავს ვკარგავ!..
_ თან ისე, რომ ვეღარც სხვები გპოულობენ! _ ვუკბინე კიდევ ერთხელ და თან ვუსაყვედურე: _ მითხარი ერთი, რესტორნიდან რატომ გამეპარე?
_ კი არ გაგეპარე, ნასვამი ვიყავი და... აღარ მახსოვს... მერე, აგარაკზე გავიღვიძე, მაქმანებიან საწოლში, მარიას გვერდით...
_ კისას რა უთხარი იმისთანა, შეშლილივით რომ დადის?
_ აუ, თუ მახსოვდეს, კაცი არ ვიყო! ერთი კი ვიცი, ძალიან მომაბეზრა თავი და ეტყობა, კახურად შევუკურთხე...
_ ჰოდა, აწი ახლოსაც აღარ გაგიკარებს!
_ სამაგიეროდ, მარია გამიკარებს! _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა `წნორელმა ლომმა~.
_ კაი, მომიყევი ერთი შენი საგმირო საქმეების შესახებ, _ ვუთხარი და მოსასმენად მოვემზადე.
...`Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ~-დან კისას და მარიას რომელიღაც ღამის კლუბში წაუყვანიათ გივი. ცეკვით რომ უჯერებიათ გული (ჩემს თავს ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენო, _ მითხრა...), ვერა და ვერ შეთანხმებულან იმაზე, ვის უნდა `რგებოდა~ ჩემი მეგობარი. როცა `წნორელი ლომი~ მიმხვდარა, რის გამო ეძიძგილავებოდნენ ქალები ერთმანეთს, კინაღამ გაგიჟებულა. ჰოდა, არჩევანიც თვითონვე გაუკეთებია. კისასთვის კი დაუნდობლად მიუხლია _ მომეშვი, შე ბებეროო!.. მარიას თავისი ლომი აგარაკზე წაუყვანია. იმ ადგილს ჩაფაკუას ეძახიან. ჩაფაკუა მდიდარი ნიუ-იორკელების დასასვენებელი ადგილია, ქალაქიდან სულ რაღაც 60 მილით (ასიოდე კილომეტრით) არის დაშორებული. იქ მდებარე პატარა ტბა სავსეა მხიარული დამსვენებლებით. თვით ბილ კლინტონს იქვე ახლოს უყიდია მდიდრული ვილა... როგორია, წნორიდან საპრეზიდენტო აგარაკზე რომ ამოყოფ თავს, თან _ ამერიკაში?!.
_ გისმენ, გივი და ასე მგონია, სიზმარს მიყვები. ახლა რაღას აპირებთ?
_ ხვალ ნიუ-იორკში მივდივართ, რაღაც საქმეებზე. ჩამოსვლისთანავე დაგიკავშირდები. გივის არაფერი ავიწყდება, გივის ყველაფერი ახსოვს! ჩაიწერე ჩემი მობილურის ნომერი და თუ რამე დაგჭირდეს, მაშინვე დამირეკე. _ გივიმ ჯიბიდან უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ამოიღო, ნომერი ამომიწერა (ამ ბოთეს, საკუთარი ტელეფონის ნომერიც არ ახსოვდა ზეპირად) და მომაწოდა...
ერთი არაორდინარული ამბავი არშემდგარი `საქორწინო კონტრაქტის~ შესახებ
გივიმ რესტორანში მსუბუქ საუზმეზე დამპატიჟა და 200-200 გრამი კონიაკი `ნაპოლეონიც~ შეუკვეთა. ბუნებრივია, ამის შემდეგ მუშაობის განწყობაც დამეკარგა და ბირჟის ნაცვლად, ჩემს იაფფასიან საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი, რომელსაც კარგა ხანია, `ბუნაგს~ ვეძახდი...
_ სადა ხარ, აკაკი, დაკარგული? ასე უნდა მოგვანატრო თავი?! _ გაბრწყინებული სახით შემომეგება ახალგაღვიძებული ჩეჩენი მუსა (როცა მე სამუშაოზე მივდიოდი ან ვბრუნდებოდი, ყოველთვის ეძინა და, ბუნებრივია, ვერ მნახულობდა).
_ სამუშაოზე მივდიოდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, უნდა დავისვენო.
_ კარგი გიქნია. ტამარამ შენთვის ისეთი გოგო მოიყვანა, მეშინია, ერთბაშად გული არ გაგისკდეს... _ მახარა მუსამ.
_ ვინ გოგო, მუსა, შენ ცოტა ავად ხომ არა ხარ?! _ შევუღრინე ჩეჩენს.
_ ვინ გოგო და `საცოლე~! თანაც იცი, რა გოგოა?!.
მოულოდნელად, საოცარ, მხიარულ გუნებაზე დავდექი. ე.ი. სასტუმროს მეპატრონე არ ხუმრობდა, როცა ამერიკელზე დაქორწინებას მთავაზობდა!. კაი, ბატონო, ვნახოთ... ჩემი საუკეთესო კოსტიუმი ჩავიცვი და მშვიდი გამომეტყველებით (თუმცა კი, ოდნავ მაინც ვღელავდი) ტამარას კაბინეტისკენ გავწიე...
ერთი სული მქონდა, გამეგო, რა `მაცდუნებელ~ წინადადებას მთავაზობდა ეს ქალი, რომელიც ორიოდე გროშად ალბათ სულსაც მიჰყიდდა ეშმაკს...
_ ჩვენი სიძეც მოვიდა!.. _ ხმამაღლა შესძახა ტამარამ და მოღიმარი სახით მომიახლოვდა. ძლივს ვიცანი _ ისიც საგანგებოდ გამოპრანჭულიყო, ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი დახვეწილი გემოვნებით ჩაცმა თუ შეეძლო: ელეგანტური შავი კაბა ეცვა, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე კი იმდენი `უმუშავია~, აღტაცება ვერ დავფარე და კომპლიმენტით შევამკე. კომპლიმენტი ისე მიიღო, თითქოს მთელი ცხოვრება საკუთარი მისამართით მხოლოდ ქათინაურებს ისმენდა... ხელკავი გამომდო და სუფრასთან მიმიყვანა.
ოვალური, მოჩუქურთმებულფეხებიანი ძველებური მაგიდა ეგზოტიკური ხილითა და ტკბილეულით იყო სავსე. ბანანებს და ანანასებს შორის შუააზიური ქარვისფერი და შავი მსხვილმარცვლიანი ყურძენი იდო, მათ გვერდით _ სხვადასხვა ფერის ქიშმიში, აღჯანაბადი (გარგარის ჩირი), ხოლო სუფრის შუაგულს დიდი ნესვი ამშვენებდა, ზედშემოწნული კალათით (ასეთი ნესვები ტაშკენტიდან ჩამოგვქონდა `ბედნიერ საბჭოთა ეპოქაში~), სურათს აგვირგვინებდა ნამცხვარი და აღმოსავლური ტკბილეული, ფრანგული კონიაკი და რუსული შამპანური... ტამარამ ფრთხილად გახსნა კონიაკი, მომცრო, თხელ, გამოყვანილ ბროლის ჭიქებში ჩამოასხა, მომაწოდა და დაიწყო:
_ აბა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მოდი, ჩვენი კომპანიონობის დასაწყისს გაუმარჯოს! თუ კარგად დავიწყებთ, კარგადაც უნდა დავაგვირგვინოთ. შენ რომ საქმეს აიწყობ, მეც ცოტას ვიხეირებ...
ნელ-ნელა, დამარცვლით ლაპარაკობდა. მერე სულმოუთქმელად გადაკრა კონიაკი... ვუყურებდი ბუხარელ ებრაელ ქალს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შიშის ზარს მცემდა, ახლა კი ისე დამტკბარიყო და ანგელოზივით აჭიკჭიკებულიყო, მჭევრმეტყველებაში პროფესიონალ ორატორსაც არ ჩამოუვარდებოდა. თითქმის ნახევარი საათი იქაქანა, რას არ მიედ-მოედო... კონიაკმა ცოტა მეც გამახალისა. დრო ვიხელთე და `საქმეზე~ გადავედი:
_ ის გოგონა სადღაა? აღარ უნდა გამაცნოთ?
_ ვინა, ზემფირა? _ ისე გაიკვირვა, თითქოს სრულიად უადგილო კითხვა დავუსვი.
_ ჰო, ალბათ ზემფირა: მე ხომ მისი სახელიც არ ვიცი...
_ აუ, ბოდიში, აკაკი! სულ გამოვჩერჩეტდი. სულ გადამავიწყდა, აქ ნესვის საჭმელად რომ არ ხარ მოსული... ზემფირას სძინავს. მთელი ღამის ნამუშევარია... მაგრამ არა უშავს _ ახლავე გავაღვიძებ და გაგაცნობ! _ თქვა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. ისე ცოცხლად წამოხტა და ისეთი მრავლისმთქმელი მზერა მესროლა, გაოცებული ვუყურებდი. ყველაზე დიდ ყურძნის მტევანს დავტაცე ხელი და ვერც კი გავიგე, ისე `ავითვისე~... მერე ქიშმიშს მივადექი, თან კონიაკი ჩამოვისხი, ბოთლზე მივაჭახუნე და მეც ტამარასავით გადავკარი. გავიფიქრე _ ეს რა მომდის, თითქოს მართლა სასიძო ვიყო! იმ ზემფირას გაცნობის სურვილი ღვინოსავით მეკიდებოდა... ჩეჩენი მუსას სიტყვები გამახსენდა _ ისეთი გოგოა, მის დანახვაზე გული არ გაგისკდესო.
როგორც იქნა, დიასახლისი დაბრუნდა.
_ ცოტაც მოითმინე, აკაკი. ზემფირა შხაპს მიიღებს და ახლავე გამოვა, მანამდე ტკბილეული მიირთვი, თან ვილაპარაკოთ, _ გამიღიმა, დიდ თეფშზე ტორტის მოზრდილი ნაჭერი გადმომიღო და სავარძელში მოკალათდა.
...ვუსმენდი და არც ვუსმენდი, ანგარისმიუცემლად გადავსანსლე ტორტის ნაჭერი და ბანანზე გადავედი, ამდენი ხილი და ტკბილეული ერთად ცხოვრებაში არ მიჭამია...
გავიდა ათი წუთი, ნახევარი საათი, ერთი საათი! ზემფირა არა და არ ჩანდა... უკვე თითქმის გადაწყვეტილი მქონდა, ავმდგარიყავი და იქაურობა დამეტოვებინა, რომ კარი გაიღო და ზემფირა შემოვიდა...
გული ნამდვილად არ გამსკდომია, მაგრამ იმ მომენტში ვინმეს ფირზე რომ აღებეჭდა ჩემი სახე, რომ იტყვიან, საშვილიშვილოდ შევრცხვებოდი... ლამაზი ქალი როგორ არ მინახავს, მაგრამ ეს ენით აუწერელი მშვენება იყო: ჩემ წინ იდგა აშოლტილი, შავგვრემანი, ვნებიანი ქალი, ოდნავ მოჭუტული ზღვისფერი თვალებით (მანამდე ვერც წარმომედგინა, რომ უზბეკ ქალს შეიძლება, ცისფერი თვალები ჰქონოდა). მზემოკიდებულს სავსე მკერდი სანახევროდ მოუჩანდა და ისეთი ალერსიანი მზერით შემომცქეროდა, თვალები და ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. თან, ისე გამომწვევად ეცვა, ფაქტობრივად, ყველა ნაკვთი უჩანდა...
_ ზიზო! _ გამეცნო ზემფირა და ხელი გამომიწოდა. ავტომატურად მოვიქციე მისი გარუჯული, თხელი მტევანი ორივე ხელში და აღარც მახსოვს, ჩემი სახელი ვთქვი თუ არა...
ზემფირამ ხელი გაითავისუფლა, კუპრივით შავ, გრძელ, ხშირ თმაზე ჩამოისვა, გამომწვევად გამიღიმა და ჩემ პირდაპირ მაღალ, მოჩუქურთმებულ სავარძელში მოხდენილად ჩაესვენა. ფეხი ფეხზე გადაიდო, მერე გრძელღერიანი სიგარეტი აიღო და გამომცდელად შემათვალიერა... პირველად ახლა ვინანე, რომ სიგარეტს არ ვეწეოდი. სასწრაფოდ დავტაცე ხელი მაგიდაზე დადებულ სანთებელას...
ელეგანტურად აბოლებდა, მოხდენილი მოძრაობები ჰქონდა, თან ანგელოზის თვალებით მაკვირდებოდა.
_ აი, ეს არის ზემფირა. ეს კი აკაკი, _ ხალისიანად წარგვადგინა ერთმანეთთან ტამარამ.
_ ძალიან კარგი, _ გამოეხმაურა მშვენიერი არსება, რომელსაც ხმაც ძალზე სასიამოვნო ჰქონია და მოულოდნელად მის თვალებში ვნების ნაცვლად, საქმიანი ქალის გამოხედვა გაჩნდა. მომდევნო ფრაზაც ზედმიწევნით საქმიანი იყო: _ რას ფიქრობ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ?
პაუზა გაიწელა.
_ დეიდა ტამარა, ამ კაცმა საერთოდ, ლაპარაკი თუ იცის?.. _ დიასახლისს მიუბრუნდა ზიზო-ზემფირა. ტამარას ეშმაკურად ჩაეცინა, თანაგრძნობით გადმომხედა და უპასუხა:
_ ზიზო, საყვარელო, აკაკიმ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იცის და ძალიან კარგადაც, მაგრამ ასე, ნახევრად შიშველს რომ გხედავს, რა ქნას, აღელდა კაცი!..
_ რას ამბობ, დეიდა ტამარა, ყოველ საღამოს 200 კაცი მაინც მხედავს მთლად შიშველს და მათ შორის არავინ დამუნჯებულა.
როგორც იქნა, გამოვერკვიე, ზემფირას სილამაზით აღტაცება `ჩამოვიფერთხე~. მდგომარეობიდან ღირსეულად უნდა გამოვსულიყავი.
_ იცი, რა, ჩემო მშვენიერო ზიზო თუ ზემფირა, ეს ერთი ბოთლი კონიაკი სულ უნდა დავლიო, ზედაც ორი ბოთლი შამპანური უნდა მივაყოლო, რომ შენსავით შეღებილი, შიშველი გოგო ანგელოზად აღვიქვა!.. _ ისე კარგად გამომივიდა უეცარი იერიში, რომ მე თვითონაც გამიკვირდა.
_ რა გინდა, მაგით რომ თქვა? _ გაოცდა ზემფირაც.
_ ის, რომ დეიდა ტამარამ ისეთი რეკლამა გაგიკეთა, მართლა კალმით ნახატი მეგონე, რაც სულაც არ შეეფერება სინამდვილეს, ამიტომ გირჩევთ _ ნუ `მაბოლებთ~!.. _ გავითამაშე განრისხებული კაცის როლი და ფეხზე წამოვდექი. _ კარგად ბრძანდებოდეთ.
ეს `გაკაპასება~ ტამარასთან `დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის~ ფასად დამიჯდა, მაგრამ ამის შესახებ _ ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი, გივისთან შემთხვევითი შეხვედრის ამბავს მოგიყვებით, რომელმაც ჩემს ამერიკულ ყოფაში მნიშვნელოვან ცვლილებას დაუდო სათავე.
`წნორელი ლომი~ გზის გაკვალვაში მეხმარება
ქუჩაში გავედი და გზას გავუყევი. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ ჩემი სახელი მომესმა, ვიღაც მეძახდა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, უზარმაზარ ტრაილერის გვერდით, გივი მჭედლიშვილი იდგა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-მეთქი?.. გივი ისე გადამეხვია, თითქოს მთელი საუკუნე არ ვენახე.
_ კაკო, ჩემო ძმაო, კარგი ამბებით უნდა გაგახარო! ისედაც ვაპირებდი შენთან დაკავშირებას. კარგია, რომ შემხვდი... _ მითხრა გივიმ და ლაპარაკის ჩვეული, დინჯი მანერით განაგრძო: _ ტრაილერზე სამსახური დამეჩითა, ბიჭო! მარიამ დამაკავშირა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელთან. პერსპექტიულ საქმეს მთავაზობენ...
_ მერე, მე რა შუაში ვარ? _ ვერ გავიგე, ჩემთან დაკავშირებას რატომ აპირებდა თან ავღელდი, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ტრაილერის მძღოლებს საკმაოდ კარგად უხდიდნენ...
_ პრობლემა ის არის, რომ აქაური მართვის მოწმობაა ასაღები, ამისთვის კი გამოცდებია ჩასაბარებელი. უბრალო გამოცდები არ გეგონოს _ ინგლისური კარგად უნდა იცოდე, _ განმიმარტა გივიმ.
_ ტრაილერის ტარებაა მთავარი, თორემ, ენა რა დაბრკოლებაა?!
_ მეც მასე მეგონა, ჩემო კაკო, მაგრამ გამოცდის დროს, მარტო ტარება კი არ უნდა იცოდე _ ამხელა ურჩხულის ყველა ნაწილის სახელსაც უნდა `აჭიკჭიკებდე~ ინგლისურად, მააშ!.. წარმაიდგინე, რამდენი დროა საჭირო, ეგენი რომ დაიზეპირო. თანაც, ოფიციალური კურსები უნდა გაიარო.
_ ეს ოფიციალური კურსები რაღა ჯანდაბაა? _ ავენთე და ერთი სული მქონდა, როდის გავიგებდი ყველაფერს.
_ მართლა ჯანდაბაა _ 5 თვე უნდა იარო მძღოლების კურსებზე, თან 1.500 დოლარი ჯდება.
_ აუჰ!.. _ ელდა მეცა. _ საიდან მოვიტანო 1.500 დოლარი?!
_ ჰო, _ შუბლი შეიჭმუხნა გივიმ. _ სამაგიეროდ, ტრაილერზე რო დაჯდები, კაი ხელფასიც გექნება და ბევრსაც `იკატავებ~. შენ ხომ გიყვარს მოგზაურობა!
_ კი მიყვარს, ჩემო გივი, მაგრამ აბა, საიდან მოვიტანო ამდენი ფული? შენ რას აპირებ?
_ მე, ძმაო, ხომ იცი, რომ ბედი მწყალობს... _ თვალები მოჭუტა და წინადადება დაამთავრა: _ ქალებში... სწავლის თანხა მარიამ გადამიხადა. უკვე ჩავეწერე კურსებზე, _ სიხარული გამიზიარა მეგობარმა.
_ იქნებ, მეც დამეხმარო? რა მოხდება, იმ შენს მარიას ჩემთვისაც რომ გადაახდევინო სწავლის ქირა? საჩუქრად კი არ მინდა _ მასესხოს, ცოტას წავიმუშავებ და დავუბრუნებ. ჩემი ამბავი ხომ იცი _ ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს...
_ შენ როგორ ფიქრობ, კაკო, დამავიწყდებოდი? ბოლოს და ბოლოს, მარია შენი წყალობით გავიცანი... ვუთხარი, როგორ არ ვუთხარი _ კურსებზე მე და კაკო ერთად ვივლით-მეთქი. რა ვიცი, ვნახოთ. ვჩალიჩობ, რა... ცოტა ხანი დამაცადე, მარიას ისე `დავამუშავებ~, აქეთ შემეხვეწება, აკაკის დაეხმარეო... _ შემაგულიანა გივიმ.
ამ დროს, ტრაილერთან შავკანიანი მამაკაცი მოვიდა. სასწავლო კურსების ინსტრუქტორი ყოფილა.
_ ლეტ\'ს გოუ (აბა, წავიდეთ)! _ შესძახა გივის და ანიშნა, მანქანაში ჩაჯექიო.
_ აბა, კარგად, _ დამემშვიდობა გივი. _ ამ დრეებში დაგიკავშირდები. ყველაფერი კარგად იქნება, _ კიდევ ერთხელ დამაიმედა `წნორელმა ლომმა~.
გაკაპასებული ტამარა
`ტყვეობიდან მათავისუფლებს~...
სასტუმროში რომ დავბრუნდი, ჰოლში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, დიასახლისი ამესვეტა. როგორც კი ტამარას შევხედე, თითქოს დენმა დამარტყაო _ ისე აშკარად ჩანდა, რომ ჩემ წინ განრისხებული, საჩხუბრად შემართული ქალი იდგა.
_ მობრძანდი, არა?.. შენს ადგილას ამ სასტუმროში შემოხედვასაც ვეღარ გავბედავდი!..
_ რატომ, დეიდა ტამარა? _ შევეცადე, რაც შეიძლება ზრდილობიანი ვყოფილიყავი.
_ რატომ _ ეს კიდევ კითხულობს! _ წამოიძახა აღშფოთებულმა. _ ამხელა `სდელკა~ ჩამიშალე და კიდევ კითხულობ, რატომ ვარ შენზე გაბრაზებული?! აი, რას გეტყვი, ჩემო კარგო. დილიდანვე იზრუნე იმაზე, რომ სხვაგან გადახვიდე. შენი ადგილი ჩემს სასტუმროში აღარ არის! მადლობა მითხარი, რომ მეცოდები და რამდენიმე დღეს გაძლევ.
_ დიდი მადლობა ამ მოწყალებისთვის, _ შევაგებე `ნასწავლი~ ღიმილი. _ თქვენი ბრძანება შესრულებული იქნება! _ ვუპატაკე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
ძალზე კმაყოფილი ვიყავი: უკვე ყელში მქონდა ამოსული ამ ბალაგანში ცხოვრება და ვერა და ვერ მოვაბი თავი ახალი საცხოვრებლის პოვნას. ახლა კი, უკვე იძულებული გავხდი, გადაუდებლად მეზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე.
იმ ვარიანტებიდან, რომლებიც ბინის ძებნისას ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი ასეთი იქნებოდა: ერთი ოთახის დაქირავება ხანში შესული ადამიანის ბინაში, რომელიც უფრო მეტად, არა ფულის გამო, არამედ მარტოობისგან თავდასაღწევად აკეთებს ამას,.
საგაზეთო განცხადებებს შორის, მართლაც, მივაკვლიე სასურველ ვარიანტს: ყოფილი მოსკოველი, 70 წელს მიტანებული სანდომიანი ქალბატონი სვეტა, რომელსაც ათიოდე წლის წინ, ლატარიით `მწვანე ბარათი~ მოუგია და სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა აქირავებდა ოთახს. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ ისინი გათხოვილები იყვნენ და თავიანთ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობდნენ.
როცა ვესტუმრე, ისე შემხვდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი ვყოფილიყავი, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, `სულიკო~ წაიღიღინა და ასე, სიმღერ-სიმღერით შემიძღვა თავის ბინაში...
_ აი, ეს იქნება თქვენი ოთახი, _ გაღიმებულმა მითხრა და დიდ, ნათელ ოთახში ამოვყავი თავი.
ბუხარელი ტამარას საერთო საცხოვრებლის შემდეგ, თავი სამოთხეში მეგონა. ტელევიზორი, ტელეფონი, მუსიკალური ცენტრი, რუსული წიგნებით სავსე კარადა, მოხერხებული დივანი და სავარძლები... ყველაფერი იმდენად გემოვნებიანად განეთავსებინათ ოთახში, რომ აღფრთოვანება ვერ დავფარე. ახლა მთავარი იყო ფასი. მიახლოებით კი ვიცოდი, მაგრამ მაინც ეშმაკს არ სძინავს და მეც დაეჭვებით ვიკითხე:
_ ქალბატონო სვეტა, თვეში რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
პასუხის მოლოდინში გავიტრუნე...
_ ახალგაზრდავ, ფული ჩემთვის მთავარი არ არის. უბრალოდ, რასაც მთავრობა მაძლევს, იმ თანხით მიჭირს კომუნალური გადასახადების გადახდა. შემეშველე ამ საქმეში და მადლობელი დაგრჩები...
_ მაინც რამდენია ეს კომუნალური გადასახადები?
_ 200-250 დოლარი. ნახევარს მე გადავიხდი, ნახევარი თქვენ გადაიხადეთ, _ მითხრა და ისევ გამიღიმა.
ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო. თვალს არ ვუჯერებდი. ასეთ კომფორტულ ბინას თვეში 100-125 დოლარად თბილისში ვერ ვიშოვიდი, არათუ შუა ბრუკლინში!.. სვეტას ხელზე კოცნით დავემშვიდობე, რითიც საბოლოოდ მოვიგე მისი გული და ვუთხარი, რომ შაბათს გადავბარგდებოდი...
ახალ დიასახლისთან `სულიკოს~ თანხლებით...
ასე და ამგვარად, დასრულდა რუხი თვეები, წარსულს ჩაჰბარდა არასრულფასოვნების განცდა, რომელიც ბუხარელი ტამარასა თუ ჩეჩენი მუსას დანახვისას მეუფლებოდა. ჩემი მშვენიერი დიასახლისი, ხანდაზმული რუსი ქალი მართლაც რომ მფარველ ანგელოზად მომევლინა. გაწკრიალებულ ოთახში, ქათქათა ლოგინში გატარებულმა პირველმა ღამეებმა ისეთი დადებითი მუხტი შემმატა, რომ იტყვიან, კლდეს გავაპობდი...
სვეტა ლავროვამ მთელი ცხოვრება მოსკოვში გაატარა. ადრე დაქვრივდა. სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა და ორ ქალიშვილს ზრდიდა. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ვიღაცამ `მწვანე ბარათის~ ლატარიის ბილეთი შეავსებინა და... მოიგო მილიონთათვის სანუკვარი, აშშ-ში ცხოვრების უფლება. არ უნდოდა, ბოლო წლების ახალ ქვეყანაში, შეუჩვეველ გარემოში გატარება, მაგრამ ქალიშვილების სურვილს წინ ვერ აღუდგა. წავიდა, მაგრამ დღე არ გავიდოდა, რომ არ ენანა. თავს იმითღა იმშვიდებდა, რომ ქალიშვილები იქვე, თავის მახლობლად ეგულებოდა. თუმცა, ცხოვრების ამერიკულ სტილზე გადასული რუსი ქალბატონები მაინცდამაინც ხშირად `არ აწუხებდნენ~ დედას.
არ ვიცი, რატომ და რისთვის, შეიძლება მისი დიდბუნებოვნებიდან გამომდინარე, ისე მოვეწონე და შემეთვისა, როგორც საკუთარ შვილს. ზოგჯერ ისეთ დიდ ყურადღებას ვგრძნობდი მისგან, რომ განცვიფრებას ვერ ვფარავდი... მშვენივრად მახსოვს პირველი დილა სვეტა ლავროვას სახლში. ჩვეულებრივად, შრომის ბირჟაზე ადრე რომ მივსულიყავი, 6 საათისთვის უკვე ფეხზე ვიყავი. ჰოდა, როდესაც სააბაზანოდან გამოსულს, საუზმე გაშლილი დამხვდა, გაოგნებული დავრჩი. კარაქი, პური, შვეიცარიული ყველი, ატმის ჯემი, რუსული ძეხვი და ორცხობილა დამახვედრა სუფრაზე. თვითონ გაზქურასთან იდგა და მომცრო ქვაბს დაჰყურებდა, თან ხის ნასვრეტებიანი კოვზით ურევდა. როგორც კი დამინახა, გამიღიმა და მითხრა:
_ მოდი, აკაკი, დაჯექი. ახლავე რუსულ `ვარენიკებს~ მოგართმევ. ხომ გიყვარს `ვარენიკები~?
გაოცებული ვუყურებდი კეთილ მოხუცს.
_ რას გაშეშებულხარ? დაჯექი!
_ რატომ შეწუხდით, დეიდა სვეტა? ახლა ძალიან ადრეა, ცოტა დაგესვენათ... _ როგორც იქნა, ამოვიღე ხმა.
_ ეე, შვილო! რა დამასვენებს... შენ იცი, რა არის დედის გული? შენ ახლა, აქა ხარ და დედაშენი ალბათ დარდით ღამეებს ათენებს იმაზე ფიქრით, ნეტავ, ჩემი შვილი რას ჭამსო?.. მოდი, მოდი, დაჯექი... მთელი დღეები, ვინ იცის, მშიერი დადიხარ...
ვიჯექი და მადიანად ვილუკმებოდი. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, თუ თბილისიდან ასე შორს ვინმე ამხელა სითბოს გამოამჟღავნებდა ჩემ მიმართ...
საღამოს, ბირჟიდან დაღლილ-დაქანცული რომ დავბრუნდი, ისეთი ვახშამი დამხვდა, აღარ ვიცოდი, რით გადამეხადა დიასახლისისთვის მადლობა...
მაგრამ დეიდა სვეტას ერთი ნაკლიც ჰქონდა _ თუკი ეს ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს: ლაპარაკს იყო დანატრებული. საღამოობით, ძილის წინ მომიხელთებდა და... რაზე აღარ ვლაპარაკობდით _ რუსეთზე, ოჯახზე, სიყვარულზე, შვილებზე, ძალიან ხშირად _ საქართველოზე, ქართველი კაცებისა და რუსი ლამაზმანების საუკუნოვან ურთიერთლტოლვაზე... სვეტას სასაუბრო თემა არ ელეოდა. თავიდან მეც მსიამოვნებდა ეს საღამოები. ერთი-ორჯერ რუსული რომანსებიც ვუმღერე ძველებურ საბჭოთა გიტარაზე, რომელიც თან წამოეღო ამერიკაში... ასე რომ, სულ მთლად გადავრიე ჩემი მოხუცი დიასახლისი. სვეტას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ მთელ დღეებს ჩემს მოლოდინში ატარებდა. თავდაპირველად იოლად `ვუმკლავდებოდი~ ამ ღამეულ შემოტევებს, მაგრამ ერთ თვეში უკვე არაქათი გამომეცალა. როგორია? _ დილაადრიან სამუშაოდ წასული, ცემენტისა და ქვიშის მტვერნაყლაპი რომ დაბრუნდები შინ და რაგინდ გემრიელი ვახშამი დაგახვედრონ, მერე, ღამის 2-3 საათამდე გამღერონ და გალაპარაკონ!.. ცოტაც და, ვეღარ გავუძლებდი. თანაც, ზოგჯერ მისი მზრუნველობაც ძალზე დამღლელი ხდებოდა ჩემთვის. საკმარისი იყო, შინ დამგვიანებოდა, რომ იგი უზომოდ ნერვიულობდა და ჩემს მისვლამდე არ იძინებდა. ასეთი მეურვეობის გამო, იძულები გავხდი, წინასწარ გამეფრთხილებინა, როცა მეგობრებთან სადმე უნდა `ჩავმჯდარიყავით~ და გვიან ღამით უნდა დავბრუნებულიყავი შინ...
ახალი `ბიზნესის~ ძიებაში...
ბინის პრობლემა მოგვარებული მქონდა და ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი, სტაბილური სამუშაოს შოვნა იყო. კვლავ ბირჟაზე დავდიოდი და მრავალი ხელობის ათვისება შევძელი, იქ გაცნობილი ქართველების წყალობით. დურგლობაც შემეძლო, კალატოზობაც, ელექტრიკოსობაც, თქვენ წარმოიდგინეთ _ მებაღეობაც. ერთხელ ერთ მცხეთელ ბიჭს გავყევი, ბრუკლინის გარეუბანში მცხოვრებ მილიონერთან. ლამის ნახევარ ჰექტარზე ჰქონდა ხეხილის ბაღი გაშენებული. ისეთი გასხვლა მასწავლა მცხეთელმა ვასიკომ, ალბათ არასოდეს დამავიწყდება. მთელი კვირა ვიმუშავეთ და თითოეულმა 800-800 დოლარიც ავიღეთ... მაგრამ იყო დღეები, როდესაც სულ 30-40 დოლარს ვჯერდებოდი, ზოგჯერ კი ხელმოცარულიც დავბრუნებულვარ შინ.
გივისთან შეხვედრის შემდეგ, ტრაილერზე მოხვედრის სურვილი არ მასვენებდა. მართალია, ამას დრო და საკმაო თანხაც სჭირდებოდა, სამაგიეროდ, ჩემი ბუნების კაცისთვის ზედგამოჭრილი იყო: მაღალხელფასიანი სამსახურიც მექნებოდა და ბევრსაც ვიმოგზაურებდი, შევხვდებოდი უამრავ ადამიანს, ვნახავდი ახალ ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს...
საჭირო თანხის სესხებას ჩემი ძველი ნაცნობებიდან _ რესტორან @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ს მესვეურებისგან ვაპირებდი. ვიფიქრე _ ნამდვილად არ მეტყვიან უარს, ჩემი შეფ-მზარეული კუზმა უეჭველად დამეხმარება, რადგან ვიცი, რომ მენდობა-მეთქი; შესაძლოა, კისამაც გამიმართოს ხელი (იმედი მქონდა, რომ `წნორელი ლომის~ ოინი უკვე დავიწყებული ექნებოდა და ჩემ მიმართ გაბრაზებაც)...
საავტომობილო კურსების ოფისში მივედი და სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო პირობები დავადგინე.
...@Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ში ყველანი თბილად შემხვდნენ. არც კისა აღმოჩნდა გამონაკლისი, ისე გულითადად მიმიღო, რომ გამიკვირდა კიდეც. ერთბაშად მომეშვა, ვიფიქრე _ იქნებ, მართლაც დამეხმაროს-მეთქი.
_ აკაკი, ასე უნდა, ხომ, ძველი მეგობრების დავიწყება?! კისა აღარ გჭირდება, არა?.. _ მისაყვედურა.
_ როგორ გითხრა, კისა, იმ დღეს ისე გაწყენინე, რომ აქეთ როგორღა გამოვიხედავდი?! _ ვიმართლე თავი.
_ შენ რა შუაში ხარ?! იმ შენმა `ზემლიაკმა~ ისე გამაწბილა და ისეთი კვანტი დამიდო, ლამის ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ შენ რა შუაში ხარ?! _ კისამ მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო და მაღალ, კარტის ფიგურებიან ჭიქაში ჩამომისხა.
_ არგენტინიდან ჩამომიტანეს წვენების ახალი პარტია. ასეთს სხვაგან ვერსად დალევ.
კარგი მეგობრებივით მოვიკითხეთ ერთმანეთი, რესტორანში ჩემი მუშაობის დღეები გავიხსენეთ. შენი სიმღერები მომენატრა, შეგიძლია, ზოგჯერ მოხვიდე და იმღეროო, _ შემომაპარა... მეც ჩემი გეგმების შესახებ ვუამბე... ბოლოს გავბედე და შევაპარე, რომ ვეძებდი ადამიანს, რომელიც მენდობოდა და კურსებისთვის 1.500 დოლარს მასესხებდა... კისამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს მინიშნებას ვერ მიმიხვდა. თან მკითხა:
_ დარწმუნებული ხარ, რომ თუ ტრაილერზე იმუშავებ, ფულის დაგროვებას მოახერხებ?
_ დარწმუნებული ვარ. გავიკითხე და ვინც კი ტრაილერზე მუშაობს, ბედს ნამდვილად არ უჩივის, _ ვუპასუხე.
_ მერე, ხომ იცი, სულ გზაზე ყოფნა რომ მოგიწევს. სახლი არ მოგენატრება? _ ამ კითხვას მართლა არ ველოდი.
ერთხანს ჩაფიქრებული იყო, როგორც ჩანს, კარგად აწონ-დაწონა, ღირდა თუ არა ჩემთვის მატერიალური რისკის გაწევა. მერე თქვა ისე, თითქოს დასმულ კითხვას პასუხობდა:
_ კარგი... ფული რამდენი გინდა და რამდენ ხანში დამიბრუნებ?
_ კურსებზე შესატანად _ 1.500 დოლარი მჭირდება. ცოტა სახარჯოდაც... სულ 2.000-ს ვისესხებდი. 2-3 თვეში დაგიბრუნებ.
_ კარგი, _ გაიმეორა კისამ. _ მოგცემ 2.000 დოლარს, ხვალ მოგცემ. ოღონდ... 3 თვეში, 2.600-ს დამიბრუნებ. და იცოდე _ ერთ დღესაც არ გადამიცილებ, _ გამაფრთხილა მან.
კაცს რომ მოულოდნელად თავში ქვა მოხვდება, გონს დაკარგავს და მერე მოასულიერებენ, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი. ამ მოულოდნელმა პასუხმა გამაოგნა. თუმცა, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, თორემ, ამერიკაში ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა (ახლა კი აღარც თბილისისთვისაა უცხოს)... აღარ ვიცოდი, მადლობა მეთქვა კისასთვის თუ ჩემი რეაქცია სხვაგვარად გამომეხატა.
_ კისა!.. პროცენტიან სესხს მაძლევ? _ როგორც იქნა, ხმა ამოვიღე.
_ რატომ გიკვირს? შენ არც ძმა ხარ ჩემი და არც შვილი, ფული ისე რომ მოგცე. თუმცა, ჩემს ძმასაც არ მივცემ ფულს დაუფიქრებლად... _ ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულმა მიპასუხა რესტორნის მეპატრონემ. მერე უცბად, გონებაში ელვისებურად გამიელვა ფიქრმა: მართლაც, რომელი კისას ახლო ნათესავი ვარ-მეთქი?!. მან კი, კვლავ საქმიანი ტონით მომმართა:
_ ა, რა გადაწყვიტე _ გინდა თუ არა?
_ მოვიფიქრებ და პასუხს ხვალ გეტყვი. ისე, ამხელა პროცენტი რა ამბავია?!. _ შევაპარე ფრთხილად.
_ ჩემო აკაკი, მართალია, ამერიკის ბანკებში დაბალი პროცენტია, მაგრამ შენნაირი ხალხი იქიდან კრედიტს 100 წელი ვერ გამოიტანს... ისე, ძველი ნაცნობობის ხათრით, შემიძლია, ცოტა დაგიკლო: 3 თვის შემდეგ, 2.500 დოლარი მომიტანე. ნუ გეწყინება, აქ ამერიკაა, ამერიკას კი თავისი კანონები აქვს!.. _ ამჯერად უკვე, `ამერიკული~ ღიმილით დამაჯილდოვა ბრუკლინის რუსული დიასპორის `დედოფალმა~ და თვალი თვალში გამიყარა. სხვა რა გზა მქონდა?! მეც ისეთივე ღიმილით ვუპასუხე, შეღავათისთვის მადლობა გადავუხადე და გაფითრებული გამოვედი...
რესტორნის შორიახლოს გზაში კუზმა შემომეფეთა. ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა. დაწვრილებით გამომკითხა, რას ვაკეთებდი, როგორც ვცხოვრობდი. როცა გაიგო, რისთვის ვიყავი რესტორანში მისული და რა პასუხით გამომისტუმრა კისამ, აღშფოთება გამოხატა. ყოველ შემთხვევისთვის მაინც გამაფრთხილა _ `შეფინიასთან~ არ გამამხილოო (ისედაც იცოდა, რომ არ გავყიდდი), _ მაგრამ ერთი შეიკურთხა კიდეც მისი მისამართით და მითხრა _ ხვალ მაგას მადლობა გადაუხადე და უთხარი, რომ ფული ქართველებმა გიშოვეს, მაგ თანხას კი მე მოგცემო...
ტრაილერის კურსებმა ახალი
პრობლემები გამიჩინა
ტრაილერის მძღოლთა კურსებზე მეცადინეობები კვირაში სამჯერ ტარდებოდა _ დილის 8-იდან დღის 1-ელ საათამდე. ასეთი გრაფიკი ჩემთვისაც მოსახერხებელი იყო. დღის მეორე ნახევარში ბირჟაზეც გავდიოდი და რაღაც სამუშაოს მაინც გამოვკრავდი ხოლმე ხელს. ბუნებრივია, არც სწავლისაგან თავისუფალ დღეებს ვაცდენდი... კურსებზე 4 თვე უნდა მევლო. თავიდან თითქოს დაღლას ვერ ვგრძნობდი. არადა, დილიდან გვიან ღამემდე დაკავებული ვიყავი. მაგრამ დიდხანს ვეღარ გავუძელი და რომ იტყვიან, სულ ერთიანად გამოვიფიტე. გულს მაინც არ ვიტეხდი. ბოლოს და ბოლოს, 4 თვეს როგორმე გავძლებ-მეთქი, ვფიქრობდი...
ჯგუფში 15 მსმენელი ვიყავით, მომავალი `ტრაილერისტები~. 3 ქალიც გვერია. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირდა, ამ სიფრიფანა ქალებს ტრაილერზე როგორ უნდა ემუშავათ. რას გაიგებ?!. თუმცა, ამისთვის არ მცხელოდა, ჩემი გასაჭირიც მყოფნიდა: ძალიან გამიჭირდა დიდძალი მასალის ინგლისურად ათვისება. არადა, სულ ვამაყობდი _ ინგლისურად `მაგრად ვუბერავ~-მეთქი...
სასწავლებელში ორ კვირაში ერთხელ ტესტირება იმართებოდა. ტესტირებისას მიღებული მაღალი ქულები გამოცდებისას იქნებოდა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ისეთ დაბალ შეფასებას ვიღებდი (ზოგჯერ მხოლოდ ინტუიციით შემოვხაზავდი ციფრებს), რომ გამოცდისას ამ ქულების იმედი ნამდვილად არ უნდა მქონოდა! რომ იტყვიან, გააფთრებით ვიბრძოდი წარმატების მისაღწევად, მაგრამ დამოუკიდებელი მუშაობით ვერაფერს ვაღწევდი. არადა, გადახდილ (თან ნასესხებ) თანხას ქარს ხომ არ გავატანდი! რაღაც გამოსავალი უნდა მეპოვა!..
ბევრი ფიქრის შემდეგ, უეცრად გონება გამინათდა: ბრუკლინის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა! აი, სად შემეძლო პრობლემის გადაწყვეტა! თან იქ ჩემი ძველი კეთილი ნაცნობი, მშვენიერი გლორია მეგულებოდა...
როცა ბიბლიოთეკაზე ვიწყებ ფიქრს ან საუბარს, ერთი ძველი კახური ანეკდოტი მახსენდება:
`მიხომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა და გაიქცა. მთელი სოფელი ეძებდა, მაგრამ ვერსად იპოვეს.
ერთი კვირის შემდეგ, როცა სოფელს წყენამ გადაუარა, მიხოც გამოჩნდა.
_ სად იყავი, ჯო? ვერსად გიპოვეთ! _ დაინტერესდნენ მისი თანასოფლელები.
_ აქვე ვიყავი, სოფელში!
_ როგორ თუ აქვე? ყველაფერი გადავაქოთეთ!
_ ბიბლიოთეკაში ვიყავი.
_ მაგაი როგორ ვიფიქრებდით, თუ იქ ამოყოფდი თავსა!~
მე არც რაიმე დამიშავებია, არც ვინმე მომდევდა, მაგრამ მაინც ბიბლიოთეკაში ამოვყავი თავი...
ბრუკლინის მე-14 ავენიუსა და 37-ე ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ბიბლიოთეკაში უცხო სტუმარი ნამდვილად არ ვიყავი. საწევროს, თვეში 3 დოლარს, პატიოსნად ვიხდიდი და ბიბლიოთეკის ყოველგვარი სიკეთითაც ვსარგებლობდი.
_ აკაკი, გამარჯობა! სად გადაიკარგეთ? დიდი ხანია, თქვენთვის თვალი არ მომიკრავს, _ მომხიბვლელად გამიღიმა გლორიამ.
_ ძალიან დაკავებული ვარ, გლორია! დახმარებისთვის ისევ თქვენთან მოვედი... _ ვუპასუხე.
_ ისევ რუსული სიმღერები გინდათ?
_ სიმღერებს რა სჯობს, გლორია?! თანაც, მაშინ დაგპირდით და ვერ გიმღერეთ! _ გამახსენდა ძველი დანაპირები.
_ არც ახლაა გვიან, მე ყოველთვის მზად ვარ, მოგისმინოთ, _ ისევ გამიღიმა.
უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ახლა ნამდვილად არ მემღერებოდა...
_ სიამოვნებით. მაგრამ ამჯერად, სულ სხვა რამ მჭირდება.
_ აბა, მითხარით, რით შემიძლია გემსახუროთ? მერე კი, როცა ყველაფერი კარგად იქნება, პიკნიკის მოწყობაც შეგვიძლია. იქ მაინც ხომ იმღერებთ!..
_ რასაკვირველია. ახლა ის მითხარით, ოღონდ _ გულახდილად, როგორ ვლაპარაკობ ინგლისურად? გიჭირთ ჩემი გაგება?
_ სულაც არა. აქცენტი, ბუნებრივია, გაქვთ, შეცდომებსაც უშვებთ, მაგრამ _ ასატან შეცდომებს. რატომ მეკითხებით?
_ მეც ასე მეგონა, მაგრამ როდესაც კურსებზე ლექტორები ახალ მასალას გვიხსნიან, ბევრ რამეს თითქმის ვიგებ. მინდა, ეს ნაკლი გამოვასწორო...
_ რაღაც ვერ გავიგე! ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ ლექციების გაგება გიჭირთ, უფრო სწორად _ ცალკეულ სიტყვებს ვერ `იჭერთ~, არა?
_ დიახ! თანაც, ძალიან ბევრი უცხო სიტყვა და ტერმინია...
_ გავიგე, აკაკი! ეშველება ამ პრობლემას. ამერიკულ ინგლისურს ზოგჯერ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულებიც კი ძნელად აღიქვამენ. ამას დრო და შეჩვევა სჭირდება. ხოლო რაც შეეხება უცხო სიტყვებსა და ტერმინებს, მაგას სწავლა უნდა! უბრალოდ, სიტყვების მარაგი არ გყოფნით, არა? ისეთ წიგნებს მოგიტანთ, ორ კვირაში პროფესორივით ალაპარაკდებით... _ ვუსმენდი გლორიას და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.
_ გლორია, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით, ტექნიკური და სამედიცინო ლექსიკა მიჭირს. ანატომიასაც გვასწავლიან... მაინც ვერ გავიგე, რაში სჭირდება ტრაილერის მძღოლს ანატომიის ცოდნა!..
_ კარგი, დამშვიდდით, ყველაფერს ეშველება. ოღონდ, თქვენ არ უნდა დაიზაროთ და ბეჯითად უნდა იმეცადინოთ. წიგნები ჩემზე იყოს! _ ამ სიტყვებით გლორია უზარმაზარ წიგნსაცავში გაუჩინარდა. ოციოდე წუთში, მან ორი მოზრდილი, ილუსტრირებული წიგნი და ვიდეოკასეტა მომიტანა.
_ აი, აკაკი! გადახედეთ ამ წიგნებს. ერთი _ სამედიცინო, ხოლო მეორე _ ტექნიკური ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონია. ამ ვიდეოკასეტაზე კი ასახულია ამერიკული მეტყველების თავისებურებანი. მჯერა, რომ ყველაფერს გულმოდგინედ შეისწავლით. თუმცა, ვწუხვარ, რომ არ შემიძლია წიგნები გაგატანოთ, ვიდეოკასეტას კი გაგატანთ, ოღონდ, მალე უნდა დააბრუნოთ.
გლორიამ მომიბოდიშა _ ახალი მკითხველი მელოდებაო და წავიდა.
დამრჩა ბურთი და მოედანი! გადავფურცლე ერთი შეხედვით `პირქუში~ ლექსიკონები და ისე მარტივად და საინტერესოდ იყო შედგენილი, რომ უკეთესს ვერც ინატრებდი. მივხვდი, უნიკალურ გამოცემებთან მქონდა საქმე. ეს წიგნები ნამდვილად დამეხმარებოდა სასურველი შედეგის მიღწევაში.
მოკლედ, ახლა ყველაფერი ჩემს ნიჭსა და მონდომებაზე იყო დამოკიდებული.
დავიწყე ყოველდღე ბიბლიოთეკაში სიარული. რამდენიმე საათი ვიქექებოდი ლექსიკონებში. ლექციებზე საგანგებოდ ვინიშნავდი უცხო სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლის განმარტებაში ხშირად გლორიაც მეხმარებოდა. ვიდეოკასეტასაც ვუყურებდი დროდადრო ბიბლიოთეკაში. შინ მისულიც დიდხანს ვუჯექი ტელევიზორს ჩემი კასეტით.
როცა ამერიკაში გეტყვიან:
`ქართველო, მაგარი ყოფილხარ!..~
დამეთანხმებით, წარმატება მშვენიერი სტიმულატორია. ამერიკელი ბიბლიოთეკარის, მშვენიერი გლორიას დახმარებით, ლექსიკონებში ქექვითა და ვიდეოკასეტების საშუალებით (და, რა თქმა უნდა, დიდი გულმოდგინებით), შეიძლება არ დამიჯეროთ და, ინგლისურ სიტყვებს `ვყლაპავდი~. ჩემი `წინსვლა~ დღითი დღე საგრძნობი ხდებოდა. მძიმე სატვირთო მანქანების მართვის ტარების სასწავლო ცენტრში (რომელსაც ჩემებურად ტრაილერების კურსებს ვეძახდი), ყოველ მორიგ გაკვეთილზე სულ უფრო და უფრო იოლად ვითვისებდი მასალას. კვირის ბოლოს კი, მორიგი ტესტირებისას, დადებითი შეფასებაც მივიღე.
რომ გითხრათ, ახალი სიტყვების დამახსოვრება არ გამჭირვებია-მეთქი, მართალი არ ვიქნები. მიჭირდა და ზოგჯერ გვარიანადაც, მაგრამ აი, ლექციების გაგება კი უკვე მიადვილდებოდა. ცოტა ხანში, უკვე მსმენელებს დიდად აღარ ჩამოვრჩებოდი და როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე, სრულუფლებიან ადამიანად ვიგრძენი თავი. ის მასწავლებელი, რომელიც ადრე უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა ჩემი ცუდი ინგლისურის გამო, ახლა ცოტა არ იყოს, გაკვირვებული მიყურებდა _ ვერაფრით გაერკვია ჩემი სწრაფი მეტამორფოზის მიზეზი. გადახედავდა ხოლმე ჩემს ნამუშევარს, ყურადღებით დააკვირდებოდა, God! _ იტყოდა და ჩუმად მტოვებდა! Yes! _ `შევძახებდი~ გონებაში. ბავშვივით მახარებდა ის, რომ ტესტირებაზე აღარ ჩავფლავდებოდი. საამისოდ კი, კაცმა რომ თქვას, ბევრი რამის გაკეთება მომიხდა. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკაში ლექსიკონებსა და კომპიუტერს ვეჯექი, ტელევიზორსაც არ ვშორდებოდი, რომ თავისუფალ დროს რაც შეიძლება დიდხანს მომესმინა ინგლისური ლაპარაკი. ამასთანავე, ე.წ. უბნის ბირჟაზეც გავდიოდი _ ქუჩაში, სადაც, ჩვენი თბილისის არ იყოს, საღამოობით ადგილობრივი ყოჩები იკრიბებოდნენ და დროს კლავდნენ. განსაკუთრებით იმ ადგილებში სიარულს მოვუხშირე, სადაც `ესპანიკები~ (წარმომავლობით ლათინურამერიკელები) და ზანგები იდგნენ. მათთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოდ მეჩვენებოდა. სწორედ იქ ლაპარაკობდნენ სლენგზე _ ჟარგონზე.
ხშირად გაიგონებთ, რომ მოსაუბრეები ერთმანეთს სთხოვენ სახელის ან რომელიმე სიტყვის `სფელინგს~ (სიტყვის დამწერლობის გაშიფვრას). `სფელინგს~ მეც ხშირად ვთხოვდი ჩემს თანამოსაუბრეებს. ზოგჯერ ზედმეტადაც ვაწუხებდი ჩემი ცნობისმოყვარეობით, მაგრამ რა მექნა _ ენა ხომ უნდა მესწავლა?!.
ქუჩა, სადაც დეიდა სვეტა ცხოვრობდა, გამოკვეთილი ეთნიკური ჯგუფით დასახლებულ უბანს არ წარმოადგენდა, განსხვავებით იმ იაფფასიანი სასტუმროსგან, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდი და რომელიც ბრუკლინის რუსულ რაიონში მდებარეობდა. მაშინ ჩემ ირგვლივ ფაქტობრივად, მხოლოდ თეთრკანიანები და რუსულენოვანი ადამიანები ცხოვრობდნენ. ახალ უბანში კი რა ჯურის ადამიანს აღარ ნახავდით. ერთ-ერთში პატარა გასტრონომში სამსახურის შემდეგ შევდიოდი ხოლმე. ამ მაღაზიის მეპატრონე პარაგვაიელი მანუელი იყო _ ხანში შესული, ჩასკვნილი მამაკაცი. მე და მანუელი მალე `დავძმაკაცდით~ (ისე, როგორც მუდმივი კლიენტები და მაღაზიის მეპატრონეები `ძმაკაცდებიან~ ხოლმე). თითქმის ყოველ საღამოს მიწევდა მანუელთან შევლა პროდუქტების საყიდლად. ბოლოს კი, ჩვენ შორის ისეთი თბილი ურთიერთობა დამყარდა, რომ როდესაც ფული არ მყოფნიდა რაიმის საყიდლად, მანუელს ნისიადაც გამოუტანებია საქონელი (რაც ამერიკაში არცთუ ისე ხშირად ხდება).
გასტრონომში ძირითადად, საღამოობით შევდიოდი. ვიტრინასთან ყოველთვის იდგა 5-10 ახალგაზრდა და `აბირჟავებდა~. მათ შორის, შავკანიანები ჭარბობდნენ, იყვნენ ესპანელებიც და თეთრკანიანებიც. ძირითადად სიგარეტს ეწეოდნენ და ლუდს წრუპავდნენ ბოთლებიდან... რადგან ყოველ საღამოს მიწევდა მათი ნახვა და სახეზეც ყველას ვცნობდი, უკვე ვესალმებოდი ხოლმე. თავიდან ცოტა ეუცხოვათ ჩემი სალამი, მერე კი თვითონაც მპასუხობდნენ. ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი თვე. ერთხელაც, მაღაზიიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთმა `ბირჟავიკმა~, რომელსაც ტანზე ბატიბუტივით კუნთები `ეყარა~, დამიძახა: ერთი აქეთ, ჩვენთან მოდიო.
კი გამიკვირდა, მაგრამ მივედი.
_ ვინ ხარ და რას დადიხარ აქ ყოველ საღამოს?.. _ გამოცრა და მომეჩვენა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი კუნთების დემონსტრირებისა. ტონიც საკმაოდ უხეში მომეჩვენა, მაგრამ რას ვიზამდი? _ ისინი ათნი იყვნენ, მე კიდევ _ მარტო, თანაც, ათივე ჩხუბში ნავარჯიშევი... პასუხი უნდა გამეცა:
_ აკაკი ვარ, ჯორჯიიდან...
_ ჯორჯიიდან? რას მიქარავ? აქცენტი რომ სხვანაირი გაქვს?! _ გაუკვირდა `გორილას~ და აიფოფრა
_ `რუსეთის ჯორჯიიდან~ ვარ... _ მოკლედ ავუხსენი.
_ აა!.. რუსი ხარ?
_ არა, ქართველი! _ ვცადე განმემარტა, მაგრამ `გორილასათვის~ სულ ერთი იყო, საიდან ვიყავი, პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
_ აქ სად ცხოვრობ და რას აკეთებ? _ ისე მკითხა, თითქოს დაკითხვაზე ვიყავი. მეც ვუპასუხე, სად ვცხოვრობდი და რას ვაკეთებდი...
_ ეს კვარტალი ჩვენია! თუ შეგიძლია, ბიჭებს პატივი გვეცი და ლუდი დაგვალევინე! _ ეს ისე იყო ნათქვამი, ბრძანებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.
მექანიკურად შევედი მაღაზიაში და თითო ბოთლი ლუდი ვუყიდე ყველას (ზუსტად ათნი იყვნენ!).
მანუელმა, ბოთლებს რომ მაწვდიდა, ჩუმად მითხრა:
_ ამ ბიჭებს მთელი კვარტალი ხელში უჭირავთ და ფრთხილად იყავი, ზედმეტი არაფერი წამოგცდეს.
რჩევისთვის მადლობა გადავუხადე და გარეთ გავედი. ბიჭებმა ლუდის ბოთლებით რომ დამინახეს, კიჟინით შემომეხვივნენ, გამომართვეს და უდაბნოგამოვლილებივით ლუდს დაეწაფნენ. `გორილამ~ ერთიანად ჩაიპირქვავა სასმელი, ცარიელი ბოთლი იქვე ნაგვის ყუთში მოისროლა და შემომხედა:
_ ვატყობ, ერთმანეთს გავუგებთ!.. მე ბილი მქვია, _ მითხრა და ხელი გამომიწოდა.
ხელი ჩამოვართვი და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. მივხვდი, რომ მსგავს ტიპთან ხუმრობა სახიფათო იქნებოდა.
_ რამე თუ დაგჭირდა, აქა ვართ!.. _ გამიღიმა და გვერდზე მდგომ მეგობარს გასძახა. მივხვდი _ ჩემი `აუდიენცია~ დამთავრდა...
იმ დღეის შემდეგ, ცოტ-ცოტას ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ზოგჯერ მათთან ვჩერდებოდი და სხვადასხვა ამბავს ვისმენდი. მათი მონათხრობი ძირითადად კვარტალში მომხდარ ამბებს ეხებოდა. ნამდვილ ქუჩურ სლენგს ვაჩვევდი ყურს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობას ჩემთვის სარგებელი მოჰქონდა, თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა: ხშირად, ასეთი `გაკვეთილი~ 5 ან 10 დოლარი მიჯდებოდა _ ჩემი ფულით ხან ლუდს ყიდულობდნენ, ხან სიგარეტს. როცა ეს ამბავი მანუელს შევჩივლე, მან გამიღიმა და მამაშვილურად მირჩია:
_ კაკო, 5 და 10 დოლარი შენ არ დაგაქცევს, სამაგიეროდ, მშვიდად ივლი ამ კვარტალში! ეს კი, რომ იცოდე, ცოტას არ ნიშნავს!
...ერთხელაც, როცა კურსებიდან ვბრუნდებოდი, ჩემ წინ მოხუცი, საკმაოდ მსუქანი ზანგი ქალი დავინაზე, რომელიც დიდ ჩანთას ეზიდებოდა. ფეხს ძლივს ადგამდა, ისე უჭირდა სიმძიმის თრევა. ჩანთა გამოვართვი, ზურგზე მოვიკიდე და მოხუცი წინ გავიყოლე... არ მეგონა, ზანგ ქალსაც თუ შეეძლო ისეთი თბილი დალოცვა, როგორიც ხანდაზმულმა ქართველმა ქალებმა იციან...
მეორე დღეს, მაღაზიაში რომ მივედი, ბირჟის ბიჭების ჯგუფს ბილი გამოეყო და მომიახლოვდა:
_ ქართველო! მაგარი ყოფილხარ! დიდი მადლობა გუშინდელისთვის!.. _ და მხარზე ხელი ისე დამარტყა, კინაღამ თვალთ დამიბნელდა. თანაც აზრზე ვერ მოვედი, რისთვის მიხდიდა მადლობას ბრუკლინის უდიდესი კვარტალის ყოჩი...
_ გუშინ რომ მოხუც ქალს დაეხმარე, ბებიაჩემი იყო... მთელი საღამო შენზე მელაპარაკა და მითხრა: იპოვე ქართველი აკაკი და უთხარი: `ქართველო, მაგარი ყოფილხარ!..~
შრომის ბირჟის ციებ-ცხელებანი
შრომის ბირჟის `რეპერტუარში~ კარგი საქმეც მრავლად იყო და ცუდიც. კარგი იყო, თუ სამუშაოდ ე.წ. `სუფთა ამერიკელთან~ მოხვდებოდი (ანგლოსაქსებს რატომღაც ასე მოიხსენიებენ). ეს იმას ნიშნავდა, რომ კლიენტი ცოტას გამუშავებდა, ზუსტად იმდენს გადაგიხდიდა, რამდენსაც დაგპირდებოდა, მოტყუებითაც არასოდეს მოგატყუებდა. სულ სხვა იყო, თუ დამქირავებელი, ებრაელი, რუსი ან რომელიმე ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი იქნებოდა. მათ შორის, ნორმალური დამქირავებელიც შეიძლებოდა, შეგხვედროდა და ისეთიც, რომელიც თავბედს გაწყევლინებდა. მაგრამ ყველაზე ცუდი იყო, თუ სამუშაოდ შავკანიანი წაგიყვანდა. შავკანიანს რატომღაც ყოველთვის მძიმე და ჭუჭყიანი სამუშაო ჰქონდა, თან უმეტესობა ცუდი გადამხდელიც გახლდათ. ამიტომაც, ყველა ცდილობდა, ანგლოსაქსებთან მოხვედრილიყო. მაგრამ ჩემი საქმე სულ სხვაგვარად იყო. ხშირად, კურსების შემდეგ, გვიან მიწევდა ბირჟაზე მისვლა და ძალაუნებურად, შავკანიანი დამქირავებლის ხელში ვხვდებოდი ხოლმე. ჩემი კვარტლის ყოჩის, შავკანიანი ბილის გადამკიდე, მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ვიყავი მათ ხასიათსა და წეს-ჩვეულებებში და სხვებივით არ განვიცდიდი მათ `ტყვეობაში~ მოხვედრას. არც იმის შიში მქონდა, ვაითუ, ფული არ გადამიხადონ-მეთქი, მაგრამ, რაც მართალია, მართალია _ მათ მუდამ მძიმე სამუშაოზე მივყავდი. მაგრამ რას ვიზამდი? ფული ჰაერივით მჭირდებოდა... განსაკუთრებით ერთ შავკანიან `კონტრაქტორს~ _ ჯიმს დავუახლოვდი. ჯიმი წარმოშობით კენიიდან იყო. ამერიკაში 20 წლის წინ ჩამოსულა და უკვე მოქალაქეობის მიღებაც მოესწრო. პროფესიით `პლამბირი~ იყო (ნაყინში არ აგერიოთ, პლამბირი ჩვენებურად შემდუღებელია, ჯიმი კი წყალგაყვანილობის მილების შედუღება-შეკეთებით იყო დაკავებული). კენიელი `ბიზნესმენი~ პატარა სატვირთო ავტომობილით მოდიოდა ხოლმე. ეს ავტომობილი ერთგვარი მოძრავი საამქრო გახლდათ _ ძარა გატენილი ჰქონდა სხვადასხვაგვარი ელექტრო თუ მექანიკური შესადუღებელი აპარატით, ათასგვარი მილითა და სამუშაო იარაღით.
როდესაც ჯიმს მივყვებოდი, ყოველთვის მიმქონდა ძველი სამუშაო ტანსაცმელი, ვინაიდან ვიცოდი, სულ ერთიანად ამოვითხვრებოდი და საამისოდ მზად უნდა ვყოფილიყავი. იმ დღესაც, 12-ის ნახევარზე მომიწია ბირჟაზე მისვლამ. მანამდე, მთელი 3 დღე არ მემუშავა (ბიბლიოთეკაში გვიანობამდე ვმეცადინეობდი) და ფული თითქმის აღარ მქონდა დარჩინილი, უკანასკნელ ცენტებს ვითვლიდი. ჰოდა, ბირჟას მივუახლოვდი თუ არა, ბიჭები მომცვივდნენ და `მახარეს~ _ კაკო, `ანგელოზი~, ფერადი ძმაკაცი რომ გყავს, ის გეძებს გამწარებულიო.
_ ვისზე ამბობთ? _ თავიდან ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდნენ.
_ აი, ის, მუგუზალივით შავი რომ არის და სულ რომ იკრიჭება...
_ აა, ჯიმი?.. რა უნდა, თუ იცით? _ მივხვდი, ვისზეც ლაპარაკობდნენ.
_ ბანკეტზე გეპატიჟება და არ დააგვიანოსო!.. _ ხუმრობის ხასიათზე დამდგარიყვნენ ბიჭები.
_ მერე, წაჰყოლოდით, მე რას მელოდებოდით?!
_ მასეთ ბანკეტზე, ძმაო, ტანკით რომ დამადგნენ, შეიძლება დავფიქრდე, წავიდე თუ არა... იმ დღეს, წავყევი შენს ძვირფას ძმაკაცს და ლამის თავბედი ვიწყევლე. ისეთი ჭუჭყიანი დავბრუნდი შინ, რომ ბინის მეპატრონემ, სანამ ბოლომდე არ გამახდევინა ყველაფერი, რაც მეცვა, მანამ ცხვირი არ შემაყოფინა სახლში!.. _ შემაცოდა თავი ნავთლუღელმა ზურამ.
_ მაინც სად გამუშავა ასეთ საშინელ ადგილას?
_ მიწას ვთხრიდით. ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. მეგონა, შევისვენებდით, გადაიღებდა წვიმა და მერე გავაგრძელებდით. ნურას უკაცრავად, ვინ შეგასვენა?! გალუმპულებმა ბოლომდე ვთხარეთ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩვენთან ერთად ის შენი ძმაკაციც მუშაობდა. სულ ერთიანად ტალახში იყო ამოგანგლული და იმის მაგივრად, რომ ოდნავ მაინც შეწუხებულიყო, ვირულად რომ გვამუშავებდა, სულ იკრიჭებოდა, თეთრ კბილებს გვახარბებდა თუ რა იყო, ვერ გავიგეთ!.. რომ მომკლა, მაგასთან სამუშაოდ აღარ წავალ.
ათიოდე წუთის შემდეგ, ჩვენს ბირჟას ნაცნობი პიკაპი მოადგა. ჯიმმა რომ დამინახა, ისე გაუხარდა, მანქანა გაჩერებულიც არ იყო ბოლომდე, გადმოხტა და ჩემკენ გამოქანდა.
_ ოო, აკაკოს! სადა ხარ? გეძებ, რამდენი ხანია!.. _ სეტყვასავით დამაყარა ჯიმმა.
_ რა ვიცი, დაკავებული ვარ და ხშირად ვერ გამოვდივარ ბირჟაზე, _ ვუპასუხე, თან ცალი თვალი ბიჭებისკენ გავაპარე; გაოცებულები მიყურებდნენ და ვერ გაეგოთ, რით დავიმსახურე, რომ ეს `შავი კაცი~ ასეთი აღფრთოვანებით გამოხატავდა თავის ემოციას.
_ აკაკოს, ძალიან სერიოზული შეკვეთა მაქვს აღებული და უნდა მიშველო. ერთი კვირაა, ვერაფრით დავამთავრე სამუშაო. ვინც წავიყვანე, მეორე დღეს აღარ მომყვებიან _ მძიმე საქმეაო. ერთი კაციც წამოიყვანე და გპირდები, უკმაყოფილო არ დარჩებით.
_ ჯიმ, კაცურად მითხარი ერთი, რა უნდა გავაკეთო და რამდენს გადამიხდი, რომ ჩემს მეგობარს წინასწარ ვუთხრა?
_ მილებია შესაცვლელი, სხვა კი არაფერი! თანაც, საათში... 15 დოლარს გადაგიხდით.
_ რამდენს? _ ახლა მე დავაღე პირი გაოცებისაგან.
_ თხუთმეტს და ლანჩიც ჩემზე იყოს!.. _ გაიმყარა `პოზიცია~ ჯიმმა.
არადა, ასეთი ფასი, იმ დღიდან, რაც ბირჟაზე `ვმოღვაწეობდი~, ჩემთვის (მგონი, არც სხვებისთვის) არავის შემოუთავაზებია. დაეჭვებით ავხედე ჯიმს, რომელიც ისე ჯიქურ მიყურებდა, მივხვდი, ჩემს მოტყუებას არ აპირებდა! მეც კმაყოფილი სახით წავედი ბიჭებისკენ.
_ აბა, ბიჭებო, ჯიმს მივყვები. ერთი კაციც გვჭირდება. რომელი წამოხვალთ? _ დავიწყე ხალხმრავალი მიტინგის წამყვანივით რიხიანად, მაგრამ საქმეში ხარ? ვითომც იქ არ ვყოფილიყავი, ჩემს მოწოდებას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. კიდევ ერთხელ რომ გავიმეორე, მაშინ ერთ-ერთმა ინება და მიპასუხა:
_ კაი, რა, კაკო, ხომ იცი, ამ ზანგების ამბავი! ვის უნდა თავის ატკივება ან შენ რა ძალა გადგას?
_ თხუთმეტ დოლარს იხდის საათში!.. _ ეს რომ ვთქვი, ყურები კი ცქვიტეს, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით შემომხედეს.
_ ამდენი წელი აქ ვდგავარ და მაგხელა ფასი სიზმარშიც არ შემოუთავაზებია ვინმეს. ვერ ხვდები, რომ გატყუებს?!. _ მითხრა ერთმა სტაჟიანმა რუსმა `ბირჟავიკმა~. ბოლოს, რომ მივხვდი, არავინ მომყვებოდა, ჩემ გვერდით მდგომ ქუთაისელ ზაზას მივმართე.
_ ზაზაია, ბიჭო, წამომყვევი, ვიმუშაოთ. უკმაყოფილო არ დარჩები. ხომ ვიცი, მაინც ვერაფერი იშოვე და ვინ იცის, სხვაც არავინ მოვიდეს მუშის დასაქირავებლად. თანაც საათში 15 დოლარს თავიდან, არნოლდ შვარცენეგერსაც არ უხდიდნენ ამერიკელები!
ზაზაზე იმიტომ შევჩერდი, რომ ძალიან უჭირდა მარტოს ვინმესთან სამუშაოდ გაყოლა: ახალი ჩამოსული იყო, არც ინგლისური იცოდა, არც რუსული და სულ უმუშევრობაზე წუწუნებდა.
_ კაკო, შენ ხომ იცი, რაფერ მიჭირს ახლა მე, მარა რო `აგვაყირაოს~ ამ უპატრონომ?! ზანგია, რაც არ უნდა იყოს... _ უნდობლობა გამოხატა ზაზამ.
_ ზანგი რა, ადამიანი არ არის თუ როგორ ფიქრობ შენ?.. თანაც, სულ მაგას დავყვები და არასოდეს `გადავუგდივარ~.
_ არ მჯერა მე ვიღაც ზანგების, ძმაო და მამკალი, თუ გინდა... მარა შენ თუ იქნები `ატვეჩაი~, რო არ გადამაგდებს, წამოვალ, თუ არა და, თავში ქვა უხლია მაგ შენს ჯიმიას თუ ბიმიას!..
რას ვიზამდი? ზაზას ვუთხარი _ `ატვეჩაი~ ვარ-მეთქი და ჯიმის მანქანაში მოვთავსდით...
`ბომჟების~ საუფლოში
ნიუ-იორკის მსგავსი, კონტრასტებით სავსე ქალაქი არა მგონია, დედამიწის ზურგზე სხვაგანაც რომ არსებობდეს. საოცარია, ასეთ მდიდარ ქალაქში, რომლის სახეს ცათამბჯენები და მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები წარმოადგენს, ისეთ ადგილს მიადგე, ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში გეგონება თავი. ნიუ-იორკში ისეთი ადგილებიცაა, სადაც საექსკურსიო ავტობუსები არ შედიან იმის გამო, რომ ტურისტები რაიმე შარს არ გადაეყარონ... ასეთი უბნების შესასვლელთან მუდამ დგანან პოლიციელები (ჯგუფ-ჯგუფად, რადგანაც იქ მარტო დგომის მათაც ეშინიათ), რომლებიც შემთხვევით გამვლელებს ზრდილობიანად აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ იქ გასეირნებისგან...
შორიდან ეს რაიონები თითქოს ბევრით არაფრით განსხვავდება სხვებისგან, მაგრამ საკმარისია, ახლოს მიხვიდეთ, რომ ბევრ უჩვეულოს შეამჩნევთ, მაგალითად: ავტომანქანები თითქმის არ არის და ერთი ან ორი მანქანა თუ დალანდეთ, ისიც აუცილებლად ძველი და დანჯღრეული იქნება; ნაგავი პირდაპირ ტროტუარზე ან სულაც ქუჩაში ყრია; შენობები მოძველებული და ამორტიზებულია, ძნელად თუ შეამჩნევთ რომელიმე ფანჯარაზე გაუბზარავ მინას... იქ ყოველ ფეხის ნაბიჟებზე იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებსაც რუსული აბრევიატურით წარმოქმნილი სიტყვით _ `ბომჟს~ ეძახიან...
ერთხელ, როდესაც მოვინდომე, უფრო ღრმად ჩავწვდომოდი ამერიკული ცხოვრების ამ უჩვეულო მხარეს, არაფერი გამომივიდა. ეს მოვლენა ჩვეულებრივი კაპიტალისტური სამყაროს შედეგიაო, `ამიხსნეს~ და _ მორჩა!..
ჯიმი აშკარად კარგ ხასიათზე იყო. მეც გულდანდობილი ვიჯექი მანქანაში და აზრადაც არ მომსვლია, რომ სახიფათო ადგილას მივდიოდით. მაგრამ როდესაც პოლიციელებმა გაგვაჩერეს და გაგვაფრთხილეს, კვარტალში შესვლა სახიფათოაო, ცოტა არ იყოს, ხასიათი წამიხდა. ჯიმმა, ვითომც აქ არაფერიაო, პოლიციელს, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად აღებული მერიის ნებართვა უჩვენა და მშვიდად განაგრძო გზა.
_ ჯიმ, სად მოვედით? _ ვერ მოვითმინე.
_ სამხრეთ ბრონკსში, _ მშვიდად მიპასუხა, მე კი ამ ცნობისგან გველნაკბენივით შევკრთი: დღე არ გავიდოდა, ტელევიზორში ბრონკსში ჩადენილი რაიმე საშინელი დანაშაული არ ეჩვენებინათ...
_ რა ჯანდაბა გვინდა ბრონკსში?! _ ამოვილუღლუღე.
_ პატარა სამუშაოა. მალე მოვრჩებით და წამოვალთ... _ ისე მიპასუხა, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
რაღას ვიზამდი, უკან ხომ ვეღარ გავიქცეოდი? რაც იქნება, იქნება-მეთქი, _ ვიფიქრე და ხმა აღარ ამომიღია. ზაზამ, მართალია, ჩვენი საუბრიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც `მთლად ისე ვერ იყო~... როდესაც ნახევრად დანგრეულ შენობებს გავცდით და ვეებერთელა ორმოსთან გავჩერდით, სადაც მაწანწალების ჯგუფი ცეცხლს წრიულად შემოსხდომოდა, ცივად მკითხა:
_ ეს არის კაკო, შენი `ატვეჩაი~ ვარო?.. ეს რა ხალხში მომიყვანე?!.
მანქანიდან უხალისოდ გადავედით. ჯიმი მკვირცხლად და ხალისიანად მოძრაობდა. კოცონთან მივიდა, ხელები გაითბო და სამოქმედო ობიექტს შეავლო თვალი. ჩვენც მივეფიცხეთ `ბომჟების~ კოცონს. ახლა ალბათ იმ ადამიანებს ვგავდით, რომლებსაც სახლი ეწვით, ისინი კი ხანძარზე ხელებს ითბობენ...
ჯიმმა რაღაც გადაულაპარაკა მაწანწალებს, ერთ-ერთ მათგანს კონვერტი (მოგვიანებით გავიგე, რომ მასში ფული იდო) გადასცა, გაუღიმა და ჩვენთან მოვიდა.
_ აკაკოს, დიდხანს არ მოგვიწევს აქ მუშაობა. უბრალოდ, მილია გამოსაცვლელი. აი, ამ ორმოში (სად იყო ორმო, ყინულით გასიპული, ოდნავ ჩაღრმავებული ადგილი კიდევ უფრო მაფრთხობდა...) 36 სმ-ის ქვემოთ უნდა გაითხაროს მიწა. იქ 3 მილი უერთდება ერთმანეთს, რომელსაც კიდევ ერთი, შედარებით მცირე დიამეტრის მილი უნდა შევუერთოთ. ამ მილის სიგრძე 100 მეტრი იქნება, მეტი არა (დიდი შეღავათი!). ამ თავიდან შენ დაიწყებ თხრას, იმ თავიდან _ შენი მეგობარი. მე კიდევ მილებს გავამზადებ...
_ სულ ეგ არის? _ გამიხარდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ამ, ერთი შეხედვით მძიმე სამუშაოს იოლად დავძლევდით. მაგრამ ჯიმმა ცივი წყალი გადამასხა:
_ სულ ეგ არის, მაგრამ ადვილი არ გეგონოს. ორმო ძნელი ამოსათხრელია, თან _ მიწა გაყინულია... _ თქვა და მანქანიდან წყვილად ჩამოიღო წერაქვი, ძალაყინი და ხელთათმანი.
მე და ზაზა სამუშაოს შევუდექით. თითქოსდა რა ისეთი გადაულახავი პრობლემა უნდა იყოს გრძივი ორმოც ამოთხრა, მაგრამ თურმე, შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მიწა კი არა, ჩაბეტონებული მაგისტრალი აღმოჩნდა. ძალაყინს რომ ვურტყამდი, თითქოს ფოლადს ხვდებოდა, ისე ცვიოდა ნაპერწკლები. 10-15 ძლიერი დარტყმა იყო საჭირო, რომ ერთი სანტიმეტრით მაინც ჩასულიყავი ქვემოთ... არა, ნამდვილად დიდი ჯაფისა და ენერგიის დახარჯვა მომიწევდა მიზნის მისაღწევად. თანაც, შუა იანვარი იყო...
ორნი `კაციჭამიებს~ შორის...
_ აკაკოს, აკაკოს!.. _ მთელი ხმით მეძახდა ჯიმი. მე კიდევ ისე ვიყავი ძალაყინთან და წერაქვთან შერკინებით გართული, ვერაფერი გავიგონე, სანამ მხარზე ხელი არ დამარტყა.
_ ამიგო (სადაური ამის მეგობარი ვარ-მეთქი? _ გავიფიქრე), მობილურზე დამირეკეს და აუცილებლად უნდა წავიდე. ორ-სამ საათში დავბრუნდები და იმედია, ყველაფერი დამთავრებული დამხვდება, _ `მახარა~ ჯიმმა.
_ რა გითხრა, ამ ბეტონის გადამკიდე, ეჭვი მეპარება, შენს დაბრუნებამდე მოვრჩეთ, _ შევჩივლე კენიელს.
_ მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ასეთ შეკვეთას ხელიდან ვერ გავუშვებდი!.. _ დააზუსტა ჯიმმა და ჯიბიდან საფულე ამოიღო(!).
_ აკაკოს! გამომართვი 20 დოლარი, აქედან 10 შენს მეგობარს მიეცი, 10-იც შენ დაიტოვე. ეს მაწანწალების უბანია და შარს არ გადაეყაროთ. ვინც მოვა და ფულს გთხოვთ, უარი არ უთხრათ. ოღონდ, ერთ დოლარზე მეტი არ მისცეთ. იცოდეთ, ერთდოლარიანისთვის ჩხუბი არ დაიწყოთ!.. _ ამ სიტყვებს ამბობდა და თან ერთდოლარიანებს მაწვდიდა.
_ ჯიმი, რაღაც ვერ გავიგე _ ვინც მოვა, ყველას ფული უნდა მივცე?!
_ ნუ გეშინია, ბევრი არ მოვა, მაგრამ ვინც მოვა, უხეშად არ მოექცეთ. მერია ამ სამუშაოსთვის კარგად გადამიხდის. სხვები ერიდებიან ამ უბანში შემოსვლას, მე კიდევ, უარს არავის ვეუბნები, არ მეშინია (ჩვენს ხარჯზე-მეთქი, _ გავიფიქრე და ძალიან მომინდა, მისთვის თავში ჩამეკაკუნებინა წერაქვი...). ამიტომ, ძალიან გთხოვ, საქმე არ ჩამიფლავოთ.
_ ნუ გეშინია, პრობლემებს არ შეგიქმნით, ჯიმ! _ ეს კი ვუთხარი, მაგრამ გულში ცოტა არ იყოს, შეშფოთებული ვიყავი. ჯიმს ფული გამოვართვი, მანაც თვალი ჩამიკრა კმაყოფილების ნიშნად, მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. ზაზას დავუძახე და თავისი წილი ერთდოლარიანები გადავეცი.
_ აჰა, ზაზა, 10 დოლარი. ვინმე თუ მოგადგა `ბომჟებიდან~, ერთი დოლარი მიეცი.
_ რაია, ბიჯო, თოვლის ბაბუა გახდი აქანე შენ, თუ მილიონერი?.. _ გაუკვირდა ქუთაისელს.
_ ეს `ბომჟები~ არ უნდა გავანაწყენოთ, ძმაო, თორემ, შეიძლება ხიფათს გადავეყაროთ. თანაც ჯიმმა გვთხოვა, სამუშაო დროზე დაამთავრეთო.
_ წევიდეს ერთი, მაგისი!.. _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ზაზამ და თავის `პოსტს~ დაუბრუნდა.
გავაგრძელეთ მუშაობა. თავდაპირველი შემართებით _ არა, მაგრამ მაინც ენერგიულად ვიქნევდი ძალაყინსა და წერაქვს. გაყინული ბეტონი არა და არ მემორჩილებოდა.
...როცა სამუშაოდ ამ `საოცნებო ობიექტზე~ მივედით, კოცონს რამდენიმე `ბომჟი~ ეფიცხებოდა. ჯიმის წასვლის შემდეგ სულ მცირე ხანში კი, უკვე ათიოდე კაცი მოგროვდა. ისეთი სანახავები იყვნენ _ მურიანები, თმა-წვერგაბურძგნილები, შემოფლეთილი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით _ თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. ერთხანს ჩვენკენ არც იხედებოდნენ, მერე კი, ნელ-ნელა მათი ყურადღება ვიგრძენი. ჯერ კარგად აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერეს, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ჯგუფს გამოეყო და თავის ქექვით მომიახლოვდა. წერაქვის ქნევას განვაგრძობდი. ცოტა ხნის შემდეგ, ავხედე და მანაც წაიბუტბუტა:
_ მომეცი ერთი დოლარი!.. _ თან თავის ქექვა არ შეუწყვეტია.
არც დავფიქრებულვარ, ერთი კუპიურა ჯიბიდან ამოვიღე და გავუწოდე. მისი გარეგნობისთვის შეუსაბამო თავაზიანობით გადამიხადა მადლობა და თავის ჯგუფს დაუბრუნდა. შვებით ამოვისუნთქე და მუშაობა გავაგრძელე. არ გასულა ნახევარი საათი, რომ ახლა მეორე მომადგა. ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც პირველი მაწანწალა... მასაც სასწრაფოდ გადავეცი ერთდოლარიანი. მან კი მადლობაც გადამიხადა და _ დაგეხმარებიო, _ შემომთავაზა. თავაზიანი უარი ვუთხარი კეთილ მაწანწალას და მისი `ალიანსისკენ~ გავაპარე თვალი. `ბომჟები~ შორიდან კეთილგანწყობით მიღიმოდნენ...
ბეტონთან შერკინებითა და მაწანწალებთან ურთიერთობით ისე გავერთე, რომ ზაზა სულ გადამავიწყდა. როცა გამახსენდა და მისკენ გავიხედე, გავშრი... თურმე, ორი მაწანწალა ზაზას მიუახლოვდა და ლაპარაკი დაუწყო (როგორც მერე გავიგე, საჭმელი მოუთხოვიათ). ზაზას უარით გაუსტუმრებია და ისინიც წასულან, მაგრამ ორიოდე წუთში, `ნობათით~ ხელდამშვენებულები დაბრუნებულან _ ზაზასთვის ნაგვით სავსე პარკი ჩამოუმხიათ თავზე. მეც სწორედ ამ მომენტს შევასწარი თვალი...
ჯერ ადგილზე გავქვავდი. სიტუაციის ასეთმა დაძაბვამ ლამის აზროვნების უნარი წამართვა. ზაზამ ერთი შეხედა მათხოვარს, რომელიც თავის ნამოქმედარით კმაყოფილი ხითხითებდა, მერე, ნაგვით `შელამაზებულ~ თავის ტანსაცმელზე დაიხედა, გაცეცხლებული ამოხტა ორმოდან, მაწანწალას მივარდა, ერთი ხელის მოქნევით წააქცია, ზედ დაახტა და სახეში მუშტების ბრაგუნი დაუწყო.
_ აუ, ბიჭო, ზაზა! რას შვრები? გადაირიე?! _ ვიღრიალე და მისკენ გავვარდი, რომ გამეჩერებინა, მაგრამ სანამ მე მივირბენდი, უკვე გვიანი იყო. საიდანღაც 5-6 მაწანწალა გამორბოდა _ ბანცალ-ბანცალით, კოჭლობით, ზოგიც _ მკვირცხლად! გაცოფებულები იგინებოდნენ და მზად იყვნენ, ჩემი მეგობარი ნაფლეთებად ექციათ.
_ ზაზა, უშვი ხელი, გამოიქეცი, თორემ გადაგივლიან! _ ვიღრიალე. ზაზა როგორც იქნა, ჩემმა შეძახილმა გამოაფხიზლა, ჯერ მისკენ მიმავალ ჯგუფს გახედა, შემდეგ _ მე და გამოიქცა. მისი გამოქცევა და ქვებისა და ათასგვარი ხარახურის ჩვენკენ სროლა ერთი იყო. ერთი-ორი მომხვდა კიდეც ზურგში და ნაბიჯს ავუჩქარე. მივრბოდი და ვფიქრობდი: ეე, კაკო, სად გიწევს სიკვდილი-მეთქი?!. მე და ზაზა ოლიმპიელი ჩემპიონების სიჩქარე `ავწიეთ~ და რამდენიმე წუთში, ბრბო უკან ჩამოგვრჩა, ცოტა ხანში კი, იმ დაწყევლილ ადგილს კარგა გვარიანად გამოვცილდით. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, ზაზას მივვარდი:
_ რა უთხარი, ბიჭო, ამისთანა, ეს `ბომჟები~ რომ გააცოფე?
_ რავი, კაკოია, ასეთი გადარეულები თუ იქნებოდნენ, რა ვიცოდი, თორემ, ხმას რავა ამევიღებდი?!. _ მართლა შეწუხებული და გაოგნებული იყო ზაზა, თან თავის ტანსაცმელს ათვალიერებდა. მერე ზიზღით გაიძრო ქურთუკი და შორს მოისროლა... სიმწრით გამეცინა, მაგრამ არ მინდოდა, ზაზას ჩემი დაცინვის ობიექტად ეგრძნო თავი. მაინც ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
_ რაო, მაინც, რა უნდოდათ შენგან? მიგეცა ერთი დოლარი და შეგეშვებოდნენ.
_ რა ვიცი მე, რა უნდოდათ. მევიდა ის დებილი და მითხრა _ `ჰაგრიო~ თუ რაცღა (Hუნგრყ _ ე.ი. მშიაო, _ უთქვამს იმ საცოდავს!). ეტყობა, ცუდი სიტყვა მითხრა, მაგრამ ამაზე გავჩერდი. ბოლოს კი, დამიდგა წინ და `მანი-მანიო~ _ დამიწყო ლაიზა მინელივით. რატომ უნდა მიმეცა! მე აქანე ფულიზა ვარ წამოსული, ვირივით ვმუშაობ და რამდენი `ბრადიაგა~ მოვა, ყველას კი ვერ მივცემ ფულს... _ გულახდილად მითხრა ზაზამ.
_ ხომ გაგაფრთხილე, ბიჭო, ფული მიეცი-მეთქი. ახლა როგორ გინდა, ეგ გადარეულები დააწყნარო?!.
_ მაგათი დედაც!.. წევიდეთ სახლში და ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ... _ დაიწყო ზაზამ.
_ ამათ რა უნდა გვიყონ ახლა, მაგრამ ჯიმის რა ვუყოთ? საქმეც ჩაგვივარდა და ფულსაც აღარ მოგვცემს...
_ აბა, რა გინდა შენ, კაკოია, აქ დავრჩეთ და ჯიმიას მოსვლამდე ამ აქოთებულ გიჟებს შევაკლათ თავი?! _ გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ზაზას.
_ ჰო, ზაზა, უნდა უყურო და ჯიმისაც უნდა დაელოდო, ბოლოს და ბოლოს, ტყუილა იმუშავე ამდენი ამ ყინვაში? საქმე თითქმის მოთავებული გვქონდა! _ მწარედ ვთქვი.
_ აქ დარჩენა მე არ შემიძლია, მეყო, რაც მომხვდა. თანაც, ახლა `კურტკაც~ საყიდელი გამიხდა. არა, ძმაო, რისკის თავი აღარა მაქვს!.. _ დაიწყო წუწუნი ზაზამ.
_ ნუ გეშინია, მე მაქვს მეორე ქურთუკი და გაჩუქებ. ისე, იმის თავი ხომ გქონდა, იმ საცოდავ მაწანწალას რომ უბრახუნებდი! ახლა რამ შეგაშინა? _ შევუძახე დამფრთხალ მეგობარს.
_ `ბომჟები~ რომ ნაგავში ამოგსვრიან ასე, ჩემსავით, რავარ ხასიათზე დადგები?!.
_ მე წინასწარ გაგაფრთხილე, ძმაო! ჯიმმა დაგვარიგა, რომ მაწანწალებისთვის ფული მიგვეცა, თანაც დაგვიტოვა ეს ფული და რა ჯანდაბა დაგემართა?! მიგეცა და ყველაფერი კარგად იქნებოდა!..
ზაზას შევხედე და მივხვდი _ რაც უფრო დიდხანს გავაგრძელებდი ჭკუის სწავლებას, მით უფრო ვატკენდი გულს ისედაც დამფრთხალ ჩემს ახალ მეგობარს... ბოლოს იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი ამ არასახარბიელო სიტუაციიდან და ჩემი წინადადება გავუზიარე ზაზას:
_ ახლა მე მივალ ამ მაწანწალებთან და ვეცდები საერთო ენის გამონახვას. ფული დამრჩა კიდევ და მე მგონი, შევძლებ მათ დაყაბულებას!
_ გადეირიე, ბიჭო, შენ?! ვერ ხედავ, რომ უხალათო გიჟები არიენ?! წამო, თუ ძმა ხარ, წევიდეთ, მოსაკლავი თავი არ მაქ მე!
ხელი ჩავიქნიე და ჩვენი სამუშაო ადგილის მიმართულებით წავედი.
მოლაპარაკებაზე...
სანამ `ბომჟებთან~ მივიდოდი, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ღირდა კი მათთან მისვლა? მაგრამ ჩემი კვარტლის მოხულიგნო ბიჭებთან ურთიერთობამ ამ ტიპის ხალხთან საერთო ენის გამონახვის პრაქტიკა შემძინა. ასე თუ ისე, ვიცოდი ამნაირი ხალხის ფსიქოლოგია და... გზა გავაგრძელე.
_ Fუცკ ყოუ!.. აქ რაზე მოდიხარ?! _ შემიკურთხა ერთ-ერთმა, რომელიც თავისი ნაცემი თანამოძმის გვერდით ჩამომჯდარიყო კოცონთან.
_ გადავწყვიტე, იანკებს მოგელაპარაკოთ!.. _ ხომ იცით, იანკი ამერიკის მკვიდრთა მეტსახელია, რომლითაც მათ ევროპელები მიმართავენ, ჰოდა, მაწანწალის ამერიკელად `მონათვლა~ მისთვის დიდი პატივია...
ჩემმა დიპლომატიამ გაჭრა. ამჯერად შერბილებული ტონით გამომეპასუხნენ.
_ ჩვენს უბანში კაცი გვიცემეთ და თქვენ გინდათ, მოგელაპარაკოთ?!.
_ ჩემი მეგობარი ახალი ჩამოსულია შტატებში, _ დავიწყე სიტუაციის ახსნა, _ აქაური წესები ჯერ არ იცის... უნდა გვაპატიოთ და ჯარიმასაც გადავიხდით...
_ შენ თვითონ რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ხარ ჩამოსული? _ მოულოდნელი შეკითხვა დამისვა ერთ-ერთმა მაწანწალამ.
_ 8 თვეა, მაგრამ ბევრი იანკი მეგობარი მყავს!.. _ ვუპასუხე.
_ ო’კეი!.. დღეს გვიპატიებია. ოღონდ _ მხოლოდ შენთვის. ის შენი მეგობარი კი, აქ აღარ გამოჩნდეს, თორემ, ცოცხალს აღარ გავუშვებთ!.. აუხსენი, რომ ეს ამერიკაა! აქ ერთხელ გაპატიებენ, მეორედ... მოგკლავენ!.. _ თვალი თვალში გამიყარა, ხანმოკლე პაუზა დაიჭირა და მერე გამომცდელად მკითხა:
_ ჯარიმას რამდენს გადაიხდი?
_ მე ახლა ფული არა მაქვს, მაგრამ როგორც კი ჩემი ბოსი მოვა, მაშინვე გადაგიხდით, _ ვთქვი და მანქანის ხმაც მომესმა. გავიხედე _ ჯიმის პიკაპი გვიახლოვდებოდა...
_ ყოჩაღ, აკაკოს!.. დიდი მადლობა! კარგად გამოხვედით მდგომარეობიდან. შეიძლება ყველაფერი უარესად დამთავრებულიყო... _ ეს მაშინ მითხრა ჯიმმა, როდესაც უკვე მის მანქანაში ვისხედით და ბრუკლინში ვბრუნდებოდით. მან `ჯარიმა~ გადაუხადა მაწანწალებს ჩვენი `ცუდი~ საქციელისათვის, მომდევნო დღეებში მუშაობის `ნებართვაც~ აიღო და ახლა, მშვიდად ატრიალებდა საჭეს.
_ კაკოია, ეს შენი ჯიმია თუ ბიმია, ფულს არ მოგვცემს? _ ხმა ამოიღო უკანა სავარძელზე აქამდე ჩუმად მჯდარმა ზაზამ.
_ რატომ არ უნდა გადაგვიხადოს? _ კითხვითვე ვუპასუხე.
_ რავი, აბა, იმდენი ფული მისცა მაწანწალებს და ჩვენთვის დარჩებოდა რამე?
_ გადაგვიხდის, ზაზა, ნუ ნერვიულობ... ეგ არის, რომ ხვალ შენ ვერ წამოხვალ _ მაწანწალები შენზე გაბრაზებული არიან...
_ შემეხვეწონ, ასი წელი იქით აღარ გევიხედავ!.. _ `დამამშვიდა~ ზაზამ.
როგორ ავითვისე მედდის პროფესია
ჩემს დიასახლისს გული აწუხებდა და ავადმყოფობას მოუხშირა. რამდენჯერმე `სასწრაფო დახმარების~ გამოძახებაც მომიხდა, მერე კი, მისთვის განსაზღვრული დანიშნულების ათვისება, რომ ავადმყოფ ქალს წამლების დალევა არ გამორჩენოდა...
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო მომსახურება ძალზე ძვირი `სიამოვნებაა~. მართალია, ჩემს დიასახლისს, სადაზღვევო პოლისი ჰქონდა, მაგრამ მკურნალობის საფასურის რაღაც ნაწილი უნდა გადაეხადა. ხშირად, დეიდა სვეტასთან მისი ქალიშვილებიც რჩებოდნენ. ამ დროს, `სასწრაფოს~ აღარ იძახებდნენ, თავად უვლიდნენ დედას _ წამლებსაც ასმევდნენ და ნემსებსაც უკეთებდნენ, მაგრამ მათ სამსახურის დიდი ხნით დატოვება არ შეეძლოთ და ხშირად ვერ ახერხებდნენ დედის გვერდით ყოფნას. ერთხელაც, სვეტას უფროსმა ქალიშვილმა, ნატაშამ დამიმარტოხელა.
_ აკაკი, შენთან ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს და იმედია, უარს არ მეტყვი... ხომ იცი, მე და ჩემს დას დედა როგორ გვიყვარს. არ გვინდა, მარტო ცხოვრობდეს, მაგრამ სამსახურის გამო, მასთან მუდმივად ყოფნას ვერ ვახერხებთ. თანაც, არც თვითონ გადმოდის ჩვენთან _ აქაურობას ძალიან შეეჩვია. რა ვქნათ, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე ხნით თუ ვახერხებთ მოსვლას, დედა კი ხშირად ხდება ცუდად. `სასწრაფოს~ გამოიძახებთ და რა?.. მოვლენ, ნემსს გაუკეთებენ და უამრავი ფული მიაქვთ... ფული კი არ გვენანება დედასთვის, მაგრამ არაფრის გამო, ძალიან ბევრის გადახდა გვიწევს... _ ნატაშა გაჩერდა და გამომცდელად ჩამაშტერდა. მე მშვიდად ვუსმენდი, თუმცა ჯერ ვერაფრით მივმხდარვარ, რის თქმას აპირებდა. და მოულოდნელად, წერტილიც დასვა:
_ თუ შეიძლება, კაკო, დედას თქვენ გაუკეთეთ ხოლმე ნემსი...
_ ნემსი?! მე ხომ შპრიცი არასოდეს მჭერია ხელში!.. _ გაოცებით წამოვიძახე.
_ ძალიან ადვილია!.. გასწავლით და ნახავთ, რა ადვილია!.. _ დამამშვიდა ნატაშამ.
_ ეს ხომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა!.. _ ვცადე გაბრძოლება.
_ ნუ გეშინიათ, ახლავე აგიხსნით, _ მითხრა და გვერდით ოთახში გამიყვანა, სადაც წინასწარ გაემზადებინა ნემსის გაკეთების სასწავლად საჭირო ატრიბუტიკა _ შპრიცებიდან დაწყებული, მოსახერხებელი ბალიშით დამთავრებული...
მოკლედ, მიუხედავად სუსტი გაბრძოლებისა, მაინც მომიწია ნემსის გაკეთების სწავლამ, მაგრამ სანამ ჩემი დიასახლისის ქალიშვილები დედასთან იყვნენ, მხოლოდ ბალიშს `ვმკურნალობდი~. მათი წასვლის შემდეგ კი, მეორე თუ მესამე საღამოს, დეიდა სვეტა ისევ ცუდად გახდა. ის-ის იყო, `სასწრაფოს~ გამოძახება დავაპირე, რომ დიასახლისმა `კატეგორიულად~ მოითხვა _ ნემსი შენ გამიკეთეო. ნეტავ, გენახათ, როგორ მიკანკალებდა ხელი, როცა შპრიცში წამალი შემყავდა... მაგრამ ნემსის გაკეთებისას, უკვე თავი ხელში ავიყვანე და... როგორც დეიდა სვეტამ მითხრა _ ასე უმტკივნეულოდ მისთვის არავის უჩხვლეტია.
ის დღე იყო და სვეტას `პირად ექიმადაც~ ვიქეცი...
დიმა ბაზელი ქართველი აღმოჩნდა...
სატვირთო მანქანის მართვის კურსი დასასრულს უახლოვდებოდა. ერთი სული მქონდა, როდის ჩავაბარებდი გამოცდებს და ეს დაძაბული დღეები წარსულს ჩაჰბარდებოდა. შრომის ბირჟაზეც გვიან მიწევდა მისვლა და მუდამ ყველასგან დაწუნებულ სამუშაოს ვასრულებდი. იმის იმედით, რომ კურსებზე სულ რაღაც ერთი თვე მქონდა დარჩენილი, იხტიბარს არ ვიტეხდი.
...შრომის ბირჟაზე უმეტესად, ყოველდღე ერთი და იგივე ხალხი ტრიალებდა. ერთმანეთს ყველანი ვიცნობდით, ამიტომ ახალი კაცის გამოჩენა შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ხშირად ყოფილა _ გამოჩენილა ბირჟაზე ახალი სახე, იტრიალებდა ერთი, ორი, სამი დღე და მერე, უკვალოდ გაქრებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას იქაური სიტუაცია არ მოეწონა და სხვაგან დაიწყო სამუშაოს ძებნა... ერთი თავისებურებაც ჰქონდა ჩვენს ბირჟას: ჩვეულებრივ, ახალმოსული კაცი თვითონ თუ არ გამოთქვამდა ჩვენი გაცნობის სურვილს, არავინ უწყებდა ლაპარაკს. ხოლო თუ ახალს ნებისყოფა ეყოფოდა და სიტუაციას ალღოს აუღებდა, `ბირჟავიკები~ უკვე თავისიანად თვლიდნენ და ე.წ. `კოლექტივში~ იღებდნენ.
ერთ დღეს, ბირჟაზე ახალგაზრდა მამაკაცი გამოცნდა, რომელიც თავდაპირველად, რუსს მივამსგავსე. მას ყველასგან განსხვავებით, საკმაოდ დახვეწილად ეცვა, თითქოს ოფიციალურ შეხვედრაზე მიეშურებოდა. ხელშიც მოზრდილი ჩანთა ეჭირა. ასეთი ფორმით, აეროპორტში გასამგზავრებლად გამზადებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამუშაოს მაძიებელს... ბირჟაზე მანქანა გაჩერდა. სამსახური შემომთავაზეს, რომელიღაც საწყობში. დავთანხმდი და მანქანაში ჩავჯექი. აღმოჩნდა, რომ მეორე კაციც სჭირდებოდათ და რატომღაც, ის სადღესასწაულოდ გამოწყობილი მამაკაცი აირჩიეს. ისიც მოვიდა. გამართული ინგლისურით ლაპარაკობდა. ფასზე მალე შეთანხმდნენ და გვერდით მომიჯდა. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ამერიკელი იყო და ვიფიქრე _ ისეთი რა გაუჭირდა, რომ ჩვენს უბადრუკ შრომის ბირჟაზე დადის-მეთქი? თანაც, სამუშაოზე ასე გამოწკეპილი რისთვის დადის, აქ თავს ვის აწონებს-მეთქი? ამ ფიქრებში ვარ და...
_ ნეტავი, მძიმე სამუშაო არ იყოს!.. _ თავისთვის ქართულად ჩაილაპარაკა ჩემ მიერ ამერიკელად შერაცხულმა ჩემმა `კოლეგამ~.
გაოცებულმა გადავხედე.
_ ჰო, არ მინდა, ძალიან დავიღალე, გუშინ სიქა გამძვრა მუშაობით, _ განაგრძო ახალმოსულმა.
_ ქართველი ხართ?! ნამდვილად არ მოველოდი. საიდან ხარ? _ მისმა ქართველობამ ისე გამახარა, რომ მიმართვის შენობით ფორმაზე გადავედი.
_ ყველას რუსი ან ამერიკელი ვგონივარ. ამ ამბავს შევეჩვიე. ისე, თბილისელი ვარ, საბურთალოზე ვცხოვრობ, _ გამიღიმა მან.
_ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი. აკაკი, _ ხელი გავუწოდე.
_ დიმა ბაზელი, _ მითხრა და ბავშვური ღიმილი შემომაგება.
ამასობაში, საწყობთანაც მივედით, საქმეს უნდა შევდგომოდით _ დიდი ტრაილერიდან საშუალო ზომის ყუთები უნდა გადმოგვეღო და სპეციალურ სათავსებში შეგვეტანა. 5-6 საათის საქმე იყო... ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ერთმანეთი გაგვეცნო.
დიმა 3 თვის წინ ჩამოსულა ამერიკაში. თავდაპირველად, ოჰაიოს შტატში დაუწყია სუპერმარკეტში მუშაობა. რატომღაც ბოსი ფულს არ უხდიდა, სულ ჰპირდებოდა, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩებოდა... ბოლოს, დიმა იძულებული გახდა, ოჰაიო დაეტოვებინა და ნიუ-იორკში ჩამოსულიყო. ბევრი უხეტიალია სასტუმროდან სასტუმროში და ბოლოს, ჩვენთვის ნაცნობ დეიდა ტამარას საერთო საცხოვრებელში მოხვედრილა. იქ კიდევ, ამ სასტუმროსთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ამბავი მომხდარა _ მისთვის საფულე მოუპარავთ და უკაპიკოდ (უკაცრავად _ უცენტოდ) დარჩენილა. უჩხუბია კიდეც, მაგრამ არც საფულე დაუბრუნებია ვინმეს და სასტუმროს გაანჩხლებულ მეპატრონესაც გამოუგდია. ასე დარჩენილა ქუჩაში. მეხუთე დღე იყო, რაც ღამღამობით მეტროში ჩადიოდა. უძილობისგან თვალები ეხუჭებოდა და ამიტომ ცდილობდა, მსუბუქი საქმისთვის მიეგნო.
...ყუთები საკმაოდ მტვრიანი იყო და რამდენიმე საათში, ერთიანად ამოვიგანგლე, ხელები და ტანსაცმელი სულ გაშავებული მქონდა. დიმას გადავხედე და სახტად დავრჩი: ხომ ჩემსავით მუშაობდა, მაგრამ `ბოლო მოდაზე~ შეკერილ მის შარვალსა და კიტელს არაფერი ეტყობოდა, კაცი იფიქრებდა _ ტვირთს კი არ ზიდავს, არამედ პოდიუმზე გამოდისო.
_ დიმა, თბილისში რას საქმიანობდი?
_ დიზაინერი ვარ. დროდადრო, სხვა საქმითაც ვიყავი დაკავებული.
_ ასე სუფთად მუშაობას როგორ ახერხებ?
_ ვახერხებ, რა... _ იყო პასუხი და დიმამ მორიგი ყუთი აიღო.
რაც მართალია, მართალია _ ადამიანები ერთად მუშაობისას უფრო სწრაფად უახლოვდებიან ერთმანეთს, საზიარო პრობლემები აახლოვებს.
_ დიმა, ამბობ _ ქართველი ვარო და ეს სადაური გვარი გაქვს _ ბაზელი? _ გავუთამამდი ახალ ნაცნობს.
_ შენ პირველი არ ხარ, ვინც ამას მეკითხება. დედა რუსი მყავს, მამა კი _ ქართველი. ჩვენ ზუგდიდიდან ვართ, გვარად ჭკადუები. ჩემი დიდი ბაბუა პირველი მსოფლიო ომის დროს, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში მოხვედრილა. იქიდან რომ ჩამოსულა, თანასოფლელები შოთა ბაზელს ეძახდნენ თურმე. ჰოდა, იქიდან მოყოლებული, მის შთამომავლობას ბაზელად მოგვიხსენიებენ. პასპორტშიც ბაზელი გვიწერია ყველას... _ დაწვრილებით ამიხსნა დიმამ თავისი გვარის ეტიმოლოგია.
_ კიდევ კარგი, ბაბუაშენი ბუდაპეშტში არ მოხვდა, თორემ, იქნებოდი ახლა გვარად ბუდაპეშტი... _ ვცადე გახუმრება.
_ ჰო, ბაზელი ნამდვილად სჯობია ბუდაპეშტს... _ მხარი ამიბა დიმამ.
...როგორც იქნა, ყუთები გადმოვტვირთეთ და გასამრჯელოც მივიღეთ. დიმამ გულმოდგინედ დათვალა ფული, გულის ჯიბეში ჩაიდო და დამემშვიდობა.
_ ბირჟაზე შევხვდებით! _ დასძინა და მეტროს მიმართულებით გასწია. უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა.
_ დიმა, ამაღამ სად უნდა დაიძინო? _ მივაძახე, კარგა შორს წასულს.
_ რამეს მოვიფიქრებ... _ რაღაც უგულოდ მიპასუხა, თან ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
_ დიმა, დამელოდე ერთი წუთი!
ის გაჩერდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
_ წამოდი, ეს ღამე ჩემთან გაათენე. თუ მოგეწონება, დარჩი და იცხოვრე...
დიმა გააოგნა ჩემმა მოულოდნელმა წინადადებამ. ერთხანს ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა:
_ დიდი მადლობა, აკაკი!.. ისე, რამდენი იქნება ბინის ქირა გადასახდელი? _ მორიდებულად მკითხა.
_ შენ მაგას ნუ დარდობ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და შენ გაგვიხარდება!.. _ ვუპასუხე და ღიღინ-ღიღინით წავედით დეიდა სვეტას სახლისკენ...
_ დეიდა სვეტა, დღეს ერთი კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო! _ შინ შესვლისთანავე გავძახე ჩემს დიასახლისს.
_ თუ შენისთანა კარგი ბიჭია, მაგას რა ჯობს?! მოდით, დავიღალე ლოდინით... _ გამიღიმა დეიდა სვეტამ და დიმას ხელი ჩამოართვა.
სასტუმრო ოთახში შევედით. დიმამ ერთი შეათვალიერა იქაურობა და ჩუმად მითხრა: ასე მგონია, ძველ რუსულ ოჯახში ვარო. არც ცდებოდა. ძველებური რუსული სამოვარი, სასაცილო `მატრიოშკები~, რუსული ფაიფურის სერვიზები, ცნობილი ფაიფურისვე როჭო _ ყველაფერი ეს დეიდა სვეტას რუსეთიდან წაეღო და იქ, ბრუკლინზე თითქოს ისევ რუსულ გარემოში გრძნობდა თავს...
_ ვახშამი ათ წუთში იქნება! _ გამოგვძახა დეიდა სვეტამ სამზარეულოდან.
_ შენი ნათესავია? _ მკითხა დიმამ.
_ არა, მაგრამ ძალიან კარგი ქალია, დედასავით მევლება თავს. თუ კარგად მოიქცევი, შენც შეგიყვარებს... _ ავუხსენი დიმას.
_ ბედი გქონია! არ მეგონა, ამერიკაშიც თუ იყვნენ ასეთი ადამიანები. მე სადაც კი ცხვირი შევყავი, ყველგან პრობლემები შემექმნა... _ დანანებით თქვა დიმამ.
_ ნუ ნერვიულობ. პრობლემები დაივიწყე. ამიერიდან, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, სერიოზულ სამუშაოს მოვკიდოთ ხელი, _ გავამხნევე დიმა. ის მაინც უნდობლად მიყურებდა და არ იცოდა, რა ეთქვა.
ერთი საათის შემდეგ, როცა უკვე გემრიელად ვივახშმეთ, ტელევიზორთან ვისხედით და ფორთოხლის წვენს მივირთმევდით, დიმა კმაყოფილი სახით მომიბრუნდა და მითხრა:
_ 3 თვეა, რაც ამერიკაში ჩამოვედი და მხოლოდ ახლა ვიგრძენი თავი ადამიანად. დიდი მადლობა, კაკო, ალბათ ფორტუნამ ჩემკენაც გამოიხედა...
დიმა ჩემს ადგილს იკავებს...
დიმა ბაზელმა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეუძლებელი იყო, მასთან კონფლიქტი მომსვლოდა. რამდენადაც მე ფიცხი და მოუთმენელი ვიყავი, იმდენად დიმა ყოველგვარი პრობლემისადმი წყნარი და გაწონასწორებული დამოკიდებულებით მაოცებდა. მისი ოლიმპიური სიმშვიდე მე კი არა, ნებისმიერ დიდ პოლიტიკოსსაც შეშურდებოდა. თითქოს ყოველ სიტყვას წონიდა, გაბრაზება მგონი, საერთოდ არც იცოდა...
სანამ დიმას შევხვდებოდი, ჩემი მარშრუტი ასეთი იყო: ბიბლიოთეკა, სატვირთო მანქანის კურსები და შრომის ბირჟა, რომლის გამოც ზოგჯერ საკუთარი თავი მეცოდებოდა (ხან მტვირთავი ვიყავი, ხან _ ზეინკალი, ხან _ ელექტროშემდუღებელი და ათასი ჯანდაბა!..), დიმა კი თავისუფალ დროს, ხან მუზეუმში მიდიოდა, ხან თეატრში, ხან კონცერტსა თუ დისკოთეკაზე... ნიუ-იორკში რაიმე მნიშვნელოვანი კულტურული სიახლე მის გარეშე არ ჩაივლიდა. ცოტა ხანში მეც ამიყოლია და სწორედ დიმა გახდა ჩემი გზამკვლევი. მისი წყალობით შემოვიარე არაერთი კულტურული ცენტრი, რომლის შესახებაც მომდევნო წერილებში მოგითხრობთ.
...დიმამ დეიდა სვეტასთანაც სწრაფად გამონახა საერთო ენა. ამის წყალობით, ჩემი წილი დიასახლისის ყურადღება ახალ მდგმურზე გადავიდა და დეიდა სვეტა უწინდელზე ნაკლებად მაკონტროლებდა. რამდენჯერ ყოფილა _ გვიან ღამით ისე შევსულვარ ოთახში, რომ საუბრით გართულთ, ჩემთვის ყურადღება არც მოუქცევიათ...
_ დიმა, დავიჯერო, არ იღლები დეიდა სვეტასთან ამდენი ლაპარაკით? _ ვკითხე ერთხელ ახალ მეგობარს.
_ სხვა რა გზა მაქვს?! შენ გვიანობამდე არ ბრუნდები შინ, ჩემთან გულს აყოლებს, უფრო სწორად _ უშენობის `დეფიციტს~ ივსებს... _ ხუმრობის ხასიათზე დადგა ჩემი ახალგაცნობილი მეგობარი.
_ მაგარი ხარ. რომ იცოდე, რამხელა ტვირთი მომხსენი, თანაც ნემსის გაკეთებაც ხომ გასწავლე და ახლა მშვიდად ვარ: დეიდა სვეტა ცუდად რომ გახდეს, წამალს არ მოაკლებ...
_ ჰო, რაღა გიჭირს?! თავი ქუდში გაქვს... ისე, მართლა, არ მითქვამს: ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად ხდება ცუდად. მისი ქალიშვილებისთვის ხომ არ დაგვერეკა?
_ ცოტა ხანი დავიცადოთ, იქნებ, გამოკეთდეს. თუ არა და, დარეკვას რა უდგას წინ?!.
`იეს~! _ გამოცდა ჩაბარებულია!..
როგორც იქნა, დადგა `ნანატრი~ გამოცდის დღე. თუ ამ გამოცდას ჩავაბარებდი, სატვირთო მანქანის მართვის მოწმობას მივიღებდი. ეს მოწმობა ახლა ჩემთვის, თუ კემბრიჯის უნივერსიტეტის არა, თბილისის უნივერსიტეტის დიპლომზე ნაკლები ღირებულების არ გახლდათ. თანაც, გამოცდაზე მიმავალს, თან მიხაროდა, რომ ამ ჯოჯოხეთს დავემშვიდობებოდი (კურსებზე ჩემი სწავლის პრობლემებს ვგულისხმობ), თანაც გული მეთანაღრებოდა: ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც სკოლის ან ინსტიტუტის დამთავრებისას _ განცდა იმისა, რომ შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ახალი იწყებოდა, არანაკლებ რთული და წინააღმდეგობებით სავსე... თუმცა, ჩემს თანაჯგუფელებს წესიერად არც ვიცნობდი _ ერთი თვის თეორიული კურსის შემდეგ, თითოეულ მსმენელს პერსონალური ინსტრუქტორი მოგვამაგრეს, რის გამოც ერთმანეთს იშვიათად ვხვდებოდით. მაგრამ გამოცდების ციებ-ცხელებისას ისე დავახლოვდით, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს.
ჩემი ნერვიულობა შეუმჩნეველი არ დარჩენია დეიდა სვეტას. ისიც ხვდებოდა, რომ ამ გამოცდაზე დიდად იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი `კარიერა~ (თუ შეიძლება, ასე ეწოდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთვის საოცნებო მოგზაურობას, რომელსაც სწორედ სატვირთო მანქანით _ ტრაილერით ვაპირებდი).
_ შვილო, ნუ იდარდებ, გამოცდაზე რომც ჩაიჭრა, მაინც არ ინერვიულო. მთავარია, ჯანმრთელად იყო და ყველაფერს ეშველება!.. _ დილით გამამხნევა დეიდა სვეტამ, რომელიც ჩემს გასაცილებლად ამდგარიყო, ჩემთვის დარიჩინიანი ჩაიც გაემზადებინა და წუხანდელი ღვეზელიც გაეცხელებინა. ეტყობა, მართლა ძალიან მეტყობოდა აღელვება. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო _ გამოცდა რომ ვერ ჩამებარებინა, ხელახლა მომიწევდა 4.000 დოლარის გადახდა, ხელახლა კურსებზე სიარული _ ერთი სიტყვით, თავიდან უნდა გამევლო ყველაფერი. მე კი, ის ნასესხები 4.000 დოლარი ბოლომდე გასტუმრებულიც არ მქონდა...
_ ნუ გეშინია, შვილო. შეჭამე რამე. მე ვილოცებ შენთვის, შენს წმინდა გიორგის (იცოდა, რომ ქართველებს წმინდა გიორგის მადლი გვფარავს) შევთხოვ, რომ შეგეწიოს...
ვინც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასულა, დამეთანხმება, რომ თეორიის ჩაბარება არცთუ ისე ძნელია, აი, მანქანის ტარება _ ე.ი. პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირება კი, ნაღდად სახლაფორთო რამ არის: დაძაბული ზიხარ საჭესთან, მშვიდად უნდა შეასრულო ინსტრუქტორის მითითებები, არ უნდა დაიბნე... ტრაილერის შემთხვევაში, ამას ემატება ისეთი ნიუანსები, რომელიც ზოგჯერ გამოცდილ მძღოლსაც დააბნევს. მართალია, წინ სვლა, მოხვევა, დამუხრუჭება, გადაცემათა გადართვა და სხვა მარტივი ამოცანები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით უკუსვლაზე _ ეს ნამდვილად `მთელი ფილოსოფიაა~! შეიძლება, მთელი ცხოვრება ავტომანქანის საჭესთან გქონდეს გატარებული, მაგრამ გადმოსატვირთ ბაქანთან ტრაილერის უკუსვლით მიყენება ბევრი ვარჯიშის გარეშე შეუძლებელია...
გამოცდაზე 15 კურსდამთავრებული გავედით. თეორიული ნაწილი, ასე თუ ისე, ყველამ დავძლიეთ და ახლა ჯერი ჩვენთვის ლომად ქცეულ ტრაილერთან შერკინებაზე მიდგა. ისე ვღელავდი, რომ ხელები მიკანკალებდა. რიგით მეოთხეს მომიწია გასვლამ. ნერვიულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც წინა სამმა მსმენელმა გამოცდა ვერ ჩააბარა _ სამივე უკუსვლაში ჩაიჭრა. იყო მომენტი, როდესაც ვიფიქრე, რაიმეს მოვიმიზეზებ და გამოცდას გადავდებ-მეთქი, მაგრამ უკვე ჩემი გვარი ამოიკითხეს და კომისიის წევრებმა ტრაილერზე დასაჯდომად მიხმეს.
_ ნერვიულობ? _ მკითხა კაბინაში მჯდომმა ინსპექტორმა.
_ სულაც არა! _ ვუპასუხე და მანქანა დავძარი. ინსპექტორის შეკითხვამ გამომაცოცხლა და საბრძოლო განწყობაზე დამაყენა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიარეთ, მაგრამ ყველაფერი საუცხოოდ გამომდიოდა. დავმშვიდდი და გავთამამდი კიდეც.
_ აი, ახლა კი, პირდაპირ რომ საწყობია, იქ მიაყენე მანქანა უკუსვლით.
`ახლა კი დაგერხა, კაკო!..~ _ გავიფიქრე, მაგრამ `მტრის~ ჯინაზე, გარეგნულად მშვიდად შევუდექი დავალების შესრულებას. ჩემდა გასაოცრად, მანქანა უზადოდ მივაყენე დათქმულ ადგილზე.
_ გეტყობა, მეორედ არ აპირებ გამოცდაზე გამოსვლას. მომილოცავს! _ ძლივს გამოიმეტა ღიმილი ინსპექტორმა.
_ ოო, იეს! _ 15 წლის ბიჭივით დავიყვირე და აღარ მახსოვს, ჩამოვხტი თუ ჩამოვფრინდი კაბინიდან. კურსელები ტაშით შემომეგებნენ. ისე მიხაროდა, ვერ ვისვენებდი. ძალიან მინდოდა, დიმასთვის და დეიდა სვეტასთვის მეხარებინა ჩემი წარმატების ამბავი, უფრო მეტიც _ მათთან ერთად რესტორანში წასვლაც გადავწყვიტე.
ყურმილს დიდხანს არავინ იღებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიმას ხმა გავიგონე და სულმოუთქმელად მივაყარე:
_ მომილოცე, დიმა! ჩავაბარე, ბიჭო, გამოცდა! სასწრაფოდ ჩაიცვი, დეიდა სვეტაც წამოიყვანე _ რესტორანში გეპატიჟებით!.. აბა, ჩქარა, ტაქსის გაჩერებასთან გელოდებით!.. _ ის-ის იყო, ყურმილის დაკიდებას ვაპირებდი, რომ რაღაც გაურკვეველი ბუტბუტი მომესმა _ დიმას ხმას კიდეც ჰგავდა და არც ჰგავდა...
_ რას მეუბნები, დიმა, გაიმეორე! _ ისევ ჩავძახე.
_ კაკო, დეიდა სვეტა ძალიან ცუდადაა, სასწრაფოდ წამოდი! _ ისეთი ხმა ჰქონდა დიმას, რომ ცივმა ოფლმა დამასხა. ერთი პერიოდი, გაშეშებული ვიდექი, მერე ისე მოვწყდი ადგილიდან, რომ ყურმილი არც ჩამომიკიდია აპარატზე...
ჩაშხამებული სიხარული
კარი დიმამ გამიღო. ისეთი ფერდაკარგული და აღელვებული დამხვდა, რომ შემეშინდა:
_ რა სახე გაქვს, ბიჭო, რა შეშლილივით მიყურებ?
_ კინაღამ ხელში ჩამაკვდა. ისე დავიბენი, რომ აღარ ვიცოდი, რა მექნა!.. _ შემომჩივლა.
_ მერე, ნემსი ვერ გაუკეთე?
_ კი გავუკეთე, მაგრამ ვერ დავაწყნარე, სულ ბორგავდა!
_ `სასწრაფო~?
_ გამოვიძახე. სადაცაა, მოვლენ.
დეიდა სვეტას ოთახში შევედი. ამ რამდენიმე საათში, სულ ერთიანად გამოცვლილიყო ჩემი კეთილი დიასახლისი: სახეზე გაუსაძლისი ტკივილი აღბეჭდოდა, ბორგავდა...
_ სვეტა დეიდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ექიმები მოვლენ... _ ვცდილობდი, დამემშვიდებინა და შუბლზე ხელი დავადე. მივხვდი _ უგონოდ იყო, არაფერი ესმოდა...
როცა ექიმები მოვიდნენ, როგორც კი შეხედეს მწოლიარეს, არც დაფიქრებულან _ დაუყოვნებლივ საკაცეზე გადაიყვანეს. არ მახსოვს, მე და დიმა როგორ მოვხვდით `სასწრაფო დახმარების~ მანქანაში, მაგრამ ის კი ცხადად მახსოვს, თუ როგორი სისწრაფით მიქროდა ბრუკლინის ქუჩებში ჩვენი მანქანა. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის, რომლის უნებლიე მოწმეებადაც მე და დიმა ვიქეცით... მანქანიდან დეიდა სვეტა ბორბლებიან საკაცეზე გადაიყვანეს და საავადმყოფოს მიმღებში, ერთ-ერთ ღია სარკმელთან შეაჩერეს. სარკმლის იქით მაგიდები და კომპიუტერები იდგა, კომპიუტერებს ლურჯხალათიანი ქალბატონები უსხდნენ.
`სასწრაფო დახმარების~ ექიმებმა ჩვენი დამშვიდება სცადეს:
_ აბა, ბიჭებო, კარგად იყავით! ახლა თქვენს ბებოს ექიმები მიხედავენ...
დეიდა სვეტას დავხედე. მიტკალივით თეთრი იყო. ერთ-ერთი ლურჯხალათიანი ქალბატონი ზანტად წამოდგა, სარკმლიდან გადმოხედა ავადმყოფს და მშვიდად იკითხა:
_ რამდენი წლისაა?
_ 70-ს გადაცილებულია! _ სწრაფად ვუპასუხე იმ იმედით, რომ ასევე სწრაფად გააქანებდნენ ექიმებთან.
_ თქვენ ვინ ხართ მისი?
_ შვილები ვართ! _ უპასუხა დიმამ.
_ ავადმყოფის გვარი! _ ისევ ზანტად იკითხა ლურჯხალათიანმა.
_ ლავროვა!.. _ ვუპასუხე და მივხვდი, რომ სადაცაა, ავფეთქდებოდი.
_ გადახდისუნარიანი თუ ხართ? _ გამომწვევად გადმოგვხედა.
_ ვერ გავიგეთ, რას გვეკითხებით... _ დაიბნა დიმა.
_ რა ვერ გაიგეთ? ფული გაქვთ, რომ ავადმყოფი მივიღოთ? _ ცივად დაგვიმარცვლა სიტყვები ლურჯხალათიანმა.
_ რა დროს ფულია?! ვერ ხედავთ, ადამიანი კვდება! _ ვეღარ მოვითმინე და ამ სიტყვებს ქართულად მივაყოლე `ხუთსართულიანი~ გინება.
_ რა ენაზე ლაპარაკობთ, ან რა უფლებით მიყვირით?! _ გაცეცხლდა ქალბატონი.
ახლა ბრუკლინის ქუჩაში ნასწავლი, `კეთილხმოვანი~ ფრაზებიც მოვიშველიე...
_ მაიკლ! მაიკლ, გამოდი!.. _ შეშინებული ხმით დაიყვირა ჩემი რისხვის ობიექტმა და ჩემ გვერდით მოულოდნელად, ერთი ახმახი, ზანგი მცველი გაჩნდა.
_ არ იცით, აქ როგორ უნდა მოიქცეთ? _ მკაცრი გამომეტყველებით მითხრა ახმახმა და საბუთები მომთხოვა.
_ რა დროს საბუთებია?! ადამიანი კვდება! ექიმს დაუძახეთ! ხალხი არა ხართ?!.
_ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ! თქვენი საბუთები მიჩვენეთ, _ გაქვავებული სახით გაიმეორა ახმახმა. ამასობაში, ხმაურზე ექიმებიც გამოვიდნენ და დეიდა სვეტასთან მივიდნენ. დახედეს, სანიტარს დაუძახეს და მისი საკაცე სარეანიმაციოსკენ გააგორებინეს. ზანგ მცველს მექანიკურად მივაწოდე პირადობის მოწმობა და საკაცეს დავედევნე. სარეანიმაციომდე მივდიე, დიმაც მომყვებოდა... იქ კი, კარი `თავაზიანად~ მოგვიხურეს და გვითხრეს _ გარეთ დაგველოდეთო.
ერთი საათი მე და დიმა ვოლიერში გამომწყვდეული დათვებივით დავაბოტებდით. ეტყობა, ისეთი სახეები გვქონდა, რომ ახმახ მცველსაც კი შევებრალეთ: მოვიდა, უხმოდ გამომიწოდა პირადობის მოწმობა და უხმოდვე გაგვეცალა... ბოლოს, როგორც იქნა, ექიმიც გამოვიდა.
_ სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით _ ორმხრივი, ეტყობა, უსიცხო ფილტვების ანთების ფონზე, ინფარქტი განუვითარდა, _ გვითხრა მან. _ ამ ასაკში ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. როგორც იქნა, გონზე მოვიყვანეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გასტანს...
სარეანიმაციოში შევედით. დეიდა სვეტას წვეთოვანი ედგა.
_ მოხვედით, ჩემო შვილებო?.. ხედავთ, რა დღეშია თქვენი დეიდა სვეტა... _ ძლივძლივობით წაიბუტბუტა მოხუცმა.
_ რას ამბობთ, დეიდა სვეტა?! რესტორანში უნდა ვიქეიფოთ _ გამოცდა ჩავაბარე!.. _ უგერგილოდ ვცადე მისი გამხნევება.
_ მომილოცავს, კაკო... ეჰ, ნეტავ, ჩემმა ქალიშვილებმა მომისწრონ...
ცოტა ხნის შემდეგ, ისევ გაახილა თვალები, თბილად გაგვიღიმა და დაგვლოცა:
_ თავს გაუფრთხილდით, შვილებო, _ და ისევ თვალები დახუჭა... ასე იწვა მთელი ღამე _ წყნარად, თითქოს ჩასძინებოდა. მის გვერდით ვიყავით, შველა გვინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვშველოდით... გამთენიისას, თვალები გაახილა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ვიღაცას შეშინებული უყურებდა. ერთბაშად დაიძაბა, სახეზე ტკივილმა გადაურბინა... მოულოდნელად, ნაკვთებზე რაღაც შუქი მოეფინა. გაიღიმა. ამ ღიმილში უსაზღვრო სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა... მერე, ერთი ღრმად ამოისუნთქა და... გულისცემის დამაფიქსირებელ აპარატში განგაშის სიგნალი გაისმა...
ფეხზე ისე დავდექი, თითქოს ასკილოგრამიანი გირები მექაჩებოდა. უსაშველოდ დამცხა, ლოყებზე სისველე ვიგრძენი... აივანზე გავედი. ატლანტის ოკეანის მხრიდან მზე ამოდიოდა.
დეიდა სვეტას სიცოცხლე დასრულდა!..
ნიუ-იორკში ახალი დღე თენდებოდა.
ამერიკული დაკრძალვა,
ქართული ქელეხის თანხლებით...
ამერიკული ცხოვრების წესის თავისებურებანი ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციებში იჩენს თავს. ამაში თავადაც მრავალჯერ დავრწმუნდი, მაგრამ ჩემი კეთილი დიასახლისის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ შემაჯახა შუბლით სიპ კლდეს...
სიკვდილის შესახებ იმდენი თქმულა და დაწერილა, მე რაღა უნდა ვთქვა?! თუმცა კი, იმ პერიოდში, როცა დეიდა სვეტამ საავადმყოფოს კედლებში მიაბარა სული უფალს და მე და დიმა ბაზელი სულიერ ღირებულებებსა და მაღალ მატერიებზე ვფიქრობდით, ლამის ტვინი გადამიბრუნდა, ისეთი ამბების მომსწრე გავხდი. საავადმყოფოში ნანახსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს `სიკვდილი და კომერცია~ ვუწოდე, უფრო სწორად _ `სიკვდილი და ფული~, რადგან ისეთ, ყოველმხრივად უზრუნველყოფილ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ფული სიკვდილის შემდეგაც მთავარ როლს ასრულებს... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო?.. ჩემი გრძნობები იქ არავის აინტერესებდა. ამერიკა თავის მკაცრ კანონებს გვთავაზობდა, ჩვენ კიდევ, არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო...
დეიდა სვეტას აუხდენელი დარჩა უკანასკნელი სურვილი _ სიკვდილის წინ ენახა თავისი ქალიშვილები. მისმა უფროსმა შვილმა, ნატაშამ დილის 7 საათზე შემოაღო პალატის კარი და... ხმამაღლა აქვითინდა. ნატაშას მაღალი, ქერა მამაკაცი ახლდა თან, რომელიც მისი ამერიკელი მეუღლე აღმოჩნდა. ამერიკელი `ჭირისუფალი~ სიძე, რომელსაც მგონი, სიდედრი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, შუა ოთახში უხერხულად იდგა. ნატაშა ისე ტიროდა, რომ ვერ გავუძელი, პალატიდან გამოვედი და ფოიეში, დასჯილი ბავშვივით საცოდავად მოკუნტულ დიმას გვერდით მივუჯექი.
უძილო და დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ არ გამომპარვია, რომ ჩვენ გარშემო უცნობი ადამიანები ტრიალებდნენ, უფრო სწორად _ შავ სადღესასწაულო (უკაცრავად, სამგლოვიარო) სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც თავდაპირველად ვიღაცის ჭირისუფლები მეგონა. სმოკინგიანები ნერვიულად სცემდნენ ბოლთას და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გარეგნობით სულაც არ ჰგავდნენ, მაინც ჰქონდათ რაღაც საერთო და ეს საერთო იყო აშკარად ხელოვნური, ოღონდ, კარგად დამუშავებული მანერები. სახეზე ისეთი დარდი აღბეჭდვოდათ, თავიდან მეც შეცდომაში შემიყვანეს.
_ დიმა, თუ კაცი ხარ, ერთი ეს მითხარი _ ეს ხალხი ვინ არის?
_ დეიდა სვეტას ნათესავები მეგონა, მაგრამ მერე გავიგე, რომ დამკრძალავი ბიუროდან ყოფილან.
_ მერე, ამ დილაადრიან, აქ საიდან გაჩნდნენ?
არც დიმამ იცოდა, საიდან `დაგვესხნენ თავს~ ეს მამაკაცები ამ დილაუთენია და მხრები აიჩეჩა. ერთ-ერთმა, ეტყობა, შეამჩნია, ჩვენი ყურადღების ცენტრში რომ მოექცნენ, ცოტა ხანს მათვალიერა, ბოლოს, `გაბედა~ ჩემთან მოსვლა და თავაზიანად მომმართა:
_ უკაცრავად, თქვენ გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავები ბრძანდებით?
_ დიახ, ნათესავები ვართ! _ ვუპასუხე (აბა, ხომ არ ვეტყოდი, მდგმურები ვართ-მეთქი).
_ შეგვიძლია, ჩვენი სამსახური შემოგთავაზოთ. ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება, ფასებიც ძალზე მისაღები გვაქვს... _ აგენტმა ერთიმეორის მიყოლებით ჩამომითვალა მომსახურების სახეობები:
_ ბალზამირებას გაგიკეთებთ, უმაღლესი ხარისხის კუბოში ჩაგაწვენთ, საფლავს გაგითხრით...
_ მე გამითხრით საფლავს?!. _ სიმწრისგან გავიღიმე.
_ უკაცრავად, მაპატიეთ, თქვენ კი არ გაგითხრით საფლავს _ თქვენს მიცვალებულს. ალბათ, თქვენი ბებია იყო, არა?.. _ თავდახრილი აგენტი შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა.
თავდაპირველად, დიმა თითქოს არ გვისმენდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ჩუმად ჩაიფხუკუნა.
_ რა გაცინებს? გიხარია, არა, როგორ მითხრიან სამარეს?!. _ თვითონაც ვერ შევნიშნე, ისე მოვედი ხუმრობის ხასიათზე. ამასობაში, მეგობარს მეორე აგენტი მიეშველა, რომელიც, როგორც გაირკვა, სულაც არ იყო პირველის მეგობარი _ თურმე, სულ სხვა დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი ყოფილა... მოკლედ, ისიც ნასწავლი თავაზიანობით მომიახლოვდა და გამომიწოდა ე.წ. `ფრაის ლისტი~ _ დამკრძალავი ბიუროს პრეისკურანტი... მეორეს _ მესამე მოჰყვა, მესამეს _ მეოთხე... ყველას `ფერად-ფერადი~ (რა თქმა უნდა, რუხი, სამგლოვიარო ფერის) ფურცლები ეჭირა. უაზროდ მეჭირა ხელში სააგენტოების ფურცლები... ბოლოს მოვიფიქრე და `სიტყვით გამოვედი~:
_ ჯენტლმენებო, მე დაკრძალვის საკითხი არ მეხება. უმჯობესია, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიმართოთ, _ და პალატის კარისკენ მივანიშნე. აგენტებმა ახლა უკვე უკმაყოფილოდ ამათვალიერეს და ამჯერად, პალატის წინ დაიწყეს ცმუკვა... ამ დროს, ნატაშას მეუღლე გამოვიდა, არც დაფიქრებულა _ პირდაპირ აგენტებისკენ წავიდა, ოთხივეს გამოართვა `ფრაის ლისტები~, სათვალე მოირგო, იქვე სკამზე მოკალათდა და პრეისკურანტების შესწავლას მიჰყო ხელი. პერიოდულად ჩერდებოდა და რაღაცას გუნებაში აანალიზებდა _ ეტყობა, ანგარიშობდა, რომელი ბიუროს მომსახურება დაუჯდებოდა უფრო იაფი. თითოეული აგენტი საკუთარი ბიუროს რეკლამირებას განაგრძობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ კლიენტი საკუთარი ფირმის უპირატესობაში.
მე და დიმა დაბნეულები ვადევნებდით ამ ყველაფერს თვალყურს და გაოცებას ვერ ვფარავდით. საბრალო მოხუცის სხეული ჯერ არ გაცივებულიყო, აგენტებს კი ერთი სული ჰქონდათ, როდის `დაითრევდნენ~ შეკვეთას. ეს არც იყო გასაკვირი, რადგანაც, როდესაც სარიტუალო მომსახურების ფასით დავინტერესდი, თვალები შუბლზე ამივიდა. შემეცოდა ამერიკელები, რომ ასე ძვირი უჯდებათ იმ ქვეყნად `გადასახლება~...
სამგლოვიარო დღეებმა მშვიდად ჩაიარა. დეიდა სვეტას ნეშტი დამკრძალავი ბიუროს დარბაზში დაასვენეს. მშვიდი, კლასიკური მუსიკაც გემოვნებით იყო შერჩეული. ამერიკელმა სიძეებმა, როგორც იქ არის მიღებული, ისე მიაგეს პატივი მიცვალებულს. ოღონდ ეგ იყო, მისასამძიმრებლად ძალიან ცოტა ხალხი მოდიოდა, დარბაზი თითქმის მუდამ ცარიელი იყო. დაკრძალვაზეც სულ თხუთმეტიოდე კაცი იქნებოდა. ქალიშვილები თავიანთ ქმრებთან ერთად, ერთი-ორი მეზობელი, მე, დიმა და ექვსიოდე ქართველი, რომელთაც მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ჩემი წნორელი მეგობარი გივი თავკაცობდა (ვფიქრობ, გაგახსენდათ წნორელი ლომი, რომელიც თავბრუს ახვევდა ამერიკელ ლამაზმანებს). როდესაც გივის ვკითხე _ შენ საიდანღა გაიგე ჩემი დიასახლისის გარდაცვალების ამბავი-მეთქი? _ მიპასუხა: ბირჟაზე რამდენჯერმე ვიყავი შენს სანახავად და რომ აღარ გამოჩნდი, გავიკითხე და ეგ ამბავიც მითხრეს; ვიცოდი, როგორ გიყვარდა რუსი `ბაბუშკა~ და მოსასამძიმრებლად მოვედითო (თან თავის `ამქარზე~ მიმითითა). მერე დასძინა: ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვისაც ხომ ბევრჯერ უცია პატივიო!.. გამახსენდა, რამდენჯერ მიმიყვანია ქართველი თანამემამულეები დეიდა სვეტას სახლში, რამდენჯერ გაუშლია გემრიელი სუფრა ჩემს კეთილ დიასახლისს და მოგვფერებია ნოსტალგიამოძალებულ ბიჭებს...
დეიდა სვეტა ამერიკის მიწას მიაბარეს. ხალხი იშლებოდა. ამერიკელი სიძეები მოვიდნენ და ისე ჩამომართვეს ხელი, თითქოს ჭირისუფალი მე ვიყავი და არა _ ისინი. ნატაშაც მომიახლოვდა, შენი ძალიან მადლიერი ვარო, _ მითხრა, _ თან დასძინა: ორიოდე დღეში გამოგივლით და ბინის საკითხზე მოვილაპარაკოთო...
_ კაკო, ეს ხალხი ასე მიდის?! _ გაუკვირდა გივის.
_ ჰო, მიდიან!.. _ ვუპასუხე დაბნეულმა.
_ მოიცა, კაცო! ისე მიდიან, შესანდობარიც არ უნდა თქვან?! მოხუცს ერთი ჭიქა ღვინო მაინც არ უნდა წავუქციოთ?! _ აბობოქრდა წნორელი ლომი.
_ ალბათ აქ ასეა მიღებული, ჩემო გივი, და აქაურ წესებს მე ხომ არ შევცვლი?!
_ უჯიგროები ყოფილან, ძმაო! წამო, წამო, ჩვენ მაინც მოვიხსენიოთ გარდაცვლილის სული!.. _ გაცხარდა გივი. მხარზე ხელი გადამხვია, ბიჭებს დაუძახა და სასაფლაოს გასასვლელისკენ ყოჩივით გაგვიძღვა.
_ ისე, რამე რომ იყოს, შენი `ხაზეიკის~ სიძეებისთვისაც ხომ არ დაგვეძახა? _ გადმომხედა გივიმ.
_ კი, მაგრამ სად უნდა დავუძახოთ? სად აპირებ წასვლას?
_ სად და დეიდა სვეტას ერთი ჩვენებური ქელეხი უნდა გადავუხადოთ. ვაჩვენოთ ერთი ამ `სირისტიან~ ამერიკელებს, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები!.. _ ეშხში შევიდა გივი.
_ რატომაც არა?! ბოლოს და ბოლოს, მაგათ მოუკვდათ სიდედრი, მე კი არა!.. _ წამოვიძახე და მივხვდი, რომ ჩემში ერთდროულად გაიღვიძა სიამაყისა და შესანიშნავი ტრადიციის ერთგულების გრძნობამ.
_ ნიკ, ნიკ!.. _ გავძახე ნატაშას ქმარს, რომელიც უკვე მანქანაში ჯდებოდა. გაოცებულმა შემომხედა, ვერ მიხვდა, რატომ ვეძახდი.
_ ნიკ, ეს ბიჭები ჩემი სამშობლოდან არიან, საქართველოდან. ახლა, ჩვენ რესტორანში მივდივართ და თქვენც გეპატიჟებით, ყველას! _ ომახიანად წარმოვთქვი...
_ ვინმეს დაბადების დღეა? _ ასეთ უადგილო შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი.
_ არა, დეიდა სვეტას შესანდობარი გვინდა შევსვათ, _ განვაგრძე მე, მაგრამ ეტყობა, ინგლისურად სათანადოდ ვერ განვმარტე, თუ რას ნიშნავდა შესანდობარი. ისეთი გაოგნებული მიყურებდა, კაცი იფიქრებდა, ხუთუცნობიანი განტოლების ამოხსნას ვთავაზობდი...
_ ნატაშა, შენ მაინც მიშველე _ ხომ ხარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი!.. აუხსენი შენს ქმარს, რას ნიშნავს შესანდობარი, რას ნიშნავს მიცვალებულის პატივსაცემი სუფრა და წამოდით ჩვენთან ერთად, _ მივმართე ნატაშას.
_ კაკო, მე კი მივხვდი, თქვენ რასაც აპირებთ, რისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ნიკი არა მგონია, წამოვიდეს: ხვალ სამსახურშია წასასვლელი...
შენც მათ ყაიდაზე გადასულხარ-მეთქი, _ გავიფიქრე, მაგრამ პოზიცია მაინც არ დავთმე:
_ შენ წამოიყვანე და სამსახურს როგორმე მოევლება... _ არ მოვეშვი ნატაშას.
დეიდა სვეტას ქალიშვილმა მეუღლე გვერდზე გაიყვანა და რამდენიმე წუთის მანძილზე უხსნიდა, თუ რა გვინდოდა... და ჰოი, საოცრებავ (მაპატიეთ, ამ პათეტიკური ტონისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, მართლა გულწრფელად გამიხარდა, ამერიკელის `მორჯულება~ რომ მოვახერხეთ)! ნიკი დაგვთანხმდა. უფრო მეტიც, ცოლისდას და ქვისლსაც თავადვე სთხოვა, ჩვენთან წამოსულიყვნენ.
მაგარია, საქართველო, მაგარი!
იქვე ახლოს, მშვენიერი კაფე მოვძებნეთ. სახელდახელო სუფრაც გაიშალა. ვეცადეთ, იქაური მენიუ ჩვენებურისთვის ოდნავ მაინც მიგვემსგავსებინა. წნორელმა ლომმა დავალება მომცა, მზარეულისთვის ხაშლამისა და შილაფლავის `შეკვეთა~ მიმეცა (დიდხანს ვუხსნიდი მზარეულს ქართული კერძების მომზადების წესს)...
`ქელეხს~ წნორელი ლომი უძღვებოდა _ რა თქმა უნდა, ქართულად. თარჯიმნობა დიმამ აიღო საკუთარ თავზე.
პირველი სადღეგრძელო ყოფნა-არყოფნის სევდისა დაილია. დეიდა სვეტას ნათელი სულის შესანდობარი ყველას ბოლომდე დაალევინა, ასე მტერი დაგეცალოთო! _ დააბუხუნა და დიმამ რომ ეს სიტყვები თარგმნა, სიძეებმა მქუხარე ტაში შემოსცხეს(!)... დროდადრო გივი საუბარს წყვეტდა, ხან ერთ სიძეს უთმობდა ხოლმე `ეთერს~, ხან _ მეორეს. ისინიც შევიდნენ როლებში და თქვენ წარმოიდგინეთ, მოერგნენ კიდეც ქართულ ქელეხს.
გივის არც დეიდა სვეტას გარდაცვლილი ახლობლები დავიწყებია და არც მისი შვილიშვილები, რომლებიც მის სიცოცხლეს აგრძელებენ და არც მისი სამშობლო... მოკლედ, გივი ისე მჭევრმეტყველურად ლაპარაკობდა და დიმა ბაზელიც ისეთი ოსტატობით თარგმნიდა მის სადღეგრძელოებს, რომ იქ მყოფი ქართველები კიდევ ერთხელ ავივსეთ სიამაყით იმის გამო, რომ ვინარჩუნებდით მამა-პაპათა ტრადიციებს, რომ გმირი წინაპრების ადათ-წესებს აქ, ამერიკაში, ამ უზარმაზარ, თვრამეტმილიონიან ქალაქში.
... ვეებერთელა სინით მარილ და ოხრახუშმოყრილი ხაშლამა შემოიტანეს. ოხშივარი მადისაღმძვრელად ასდიოდა... ნატაშას და მის დას, ტანიას გაეღიმათ ხაშლამის დანახვისას. ტანიამ მითხრა _ ერთხელ, დები მცხეთაში მოვხვდით დაკრძალვაზე და იქიდან მახსოვს ხაშლამის გემოო... ხუთმა საათმა ისე გაირბინა, ვერც კი შევამჩნიეთ. ჩვენი განწყობა კაფეს მომსახურე პერსონალსაც გადასდებოდა და თავს დაგვტრიალებდნენ. სუფრაზე ისეთი სიყვარულისა და კეთილგანწყობის ატმოსფერო სუფევდა, უკეთესს ვერც ინატრებდი. იმ მომენტში ჩვენზე (სუფრასთან მყოფ ქართველებზე) ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებოდა...
გივი ისეთ გულის ამაჩუყებელ სადღეგრძელოებს ამბობდა და ისე მინდოდა, დიმას არც ერთი ფრაზა არ გამორჩენოდა, რომ გული გავუწვრილე, _ ყველაფერი ზუსტად უთარგმნე-მეთქი სიძეებს. მინდოდა, ისინი (და მათი რუსი მეუღლეებიც) ბოლომდე ჩასწვდომოდნენ ქართულ ხასიათს, ეგრძნოთ ის სიყვარული, რომელიც სრულიად უანგაროდ შეგვიძლია ვაჩუქოთ უცხო ადამიანებსაც და რომ სიკეთისთვის ყოველთვის სიკეთითვე ვიხდით, ხოლო ჩვენ მიერ სხვისთვის გაწეული სიკეთისთვის სამაგიეროს არ ვითხოვთ... ამერიკელებს მართლაც, მოვაწონეთ თავი. ისინიც აგვყვნენ სადღეგრძელოებში. ბოლოს, ნატაშა მომიახლოვდა, ცრემლი მოიწმინდა, მაკოცა და ჩუმად მითხრა:
_ აკაკი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა, რომ ასე გყვარებიათ საცოდავი დედაჩემი... მაგრამ შენ ვერ ამჩნევ და ამ სუფრაზე ერთი გასაოცარი რამ ხდება: უკვე 6 წელია, ნიკი ჩემი ქმარია და ასეთი აღტაცებული და მგრძნობიარე არასოდეს მინახავს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნიკს ტირილი შეეძლო. აბა, შეხედე, თამადას ისე უსმენს, თითქოს ყოველი ქართული სიტყვა მისთვის გასაგები იყოს...
ნიკისკენ გავიხედე. ის მართლაც, თვალს არ აშორებდა წნორელ ლომს. ყური კი დიმასკენ ჰქონდა მიპყრობილი. ემოციებს ვერ ფარავდა და რაც ყველაზე თვალში საცემი იყო, ცრემლები მოსდიოდა და სულაც არ ცდილობდა ამის დამალვას... დროდადრო აღტაცებით წამოიძახებდა:
_ Gოოდ Gეორგია!.. Gოოდ! _ ესე იგი: `მაგარია საქართველო!.. მაგარი!~
ბოლოს, სუფრაზე შილაფლავი შემოიტანეს. გივიმ საიდანღაც სანთლებიც გააჩინა და ყველას ჩამოგვირიგა. კიდევ ერთხელ დაილია დეიდა სვეტას შესანდობარი და კიდევ ერთხელ გამიჩნდა სურვილი, ხმამაღლა მეყვირა იქ, შორეულ ამერიკაში: მართლა მაგრები ვართ ქართველები!
ამერიკაში ახალ მოგზაურობათა მოლოდინში...
დამთავრდა ამერიკაში ჩემი ცხოვრების ერთი მონაკვეთიც _ ამ ქვეყანასთან პირველი შეხვედრის, პირველი შეხებისა და განცდათა ნაზავი. თითქოს აბობოქრებულ ზღვის ტალღებში თავის გადარჩენას ვცდილობდი. არ ვიცი, როგორ შევძელი ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება, მაგრამ ბედით ასე თუ ისე კმაყოფილი ვიყავი. თანაც მომდევნო ეტაპი ჩემი ამერიკული მოგზაურობისა მართლა მოგზაურობა იყო... თუ პირველ თვეებში ხშირად ვიცვლიდი და ათასგვარ სამუშაოს ვასრულებდი, ეს პრობლემა ახლა წარსულს ჩაჰბარდა.
ხუმრობა საქმე ხომ არ იყო _ პროფესიონალი მძღოლის ამერიკული მოწმობა მედო ჯიბეში! ამ მოწმობამ ავეჯის გადაზიდვის კომპანიაში მიმიყვანა... ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიწევდა ავეჯის გადატანა, ამისთვის ფულს მიხდიდნენ და რაც მთავარია, საშუალება მეძლეოდა, კიდევ უფრო ახლოს გავცნობოდი ამ მართლაც გასაოცარ ქვეყანას, თანაც, არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.
ჰოდა, ძვირფასო მკითხველო, მინდა, ახლა თქვენც მოგატაროთ ამერიკის ქალაქები. თუმცა მანამდე, ერთ ეპიზოდსაც მოგიყვებით, რომელიც იქაურთა ფსიქოლოგიის ერთ მხარეს გაგაცნობთ.
ნიკს ისევ არ ესმის ქართველების...
დეიდა სვეტას დაკრძალვის შემდეგ, მე და დიმამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რიტმით განვაგრძეთ ცხოვრება.
სატვირთო მანქანის მართვის მოწმობა კი მქონდა ხელთ, მაგრამ სასურველ სამუშაოს ვეძებდი, მინდოდა, ახლა მაინც მეგრძნო თავი სრულფასოვან მოქალაქედ. ამიტომ, სანამ სამსახურს მოვძებნიდი, თავისუფალ დროს დიმა ბაზელთან ერთად შრომის ბირჟაზეც მივდიოდი. ხშირად ერთად ვბრუნდებოდით შინ, უფრო ხშირად კი _ ცალ-ცალკე. ჩვენი კეთილი მოხუცი დიასახლისის გარდაცვალებამ, რა თქმა უნდა, გული დაგვწყვიტა, მაგრამ თუ ასე იმოქმედებდა, ნამდვილად არ მოველოდით. ეს რუსი ქალბატონი თითქოს რაღაც უხილავი ძაფებით სამშობლოსთან გვაკავშირებდა. დროდადრო მოძალებული ნოსტალგია სწორედ დეიდა სვეტას წყალობით ხდებოდა ადვილი გადასატანი... ახლა კი ნოსტალგიას, ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც დაემატა. დიმაც შეიცვალა. საღამოობით მიუჯდებოდა ტელევიზორს, კიდეც უყურებდა და არც უყურებდა... არც ჩემთან ლაპარაკის (მით უმეტეს, კამათის) ხალისი ჰქონდა. მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას გადავუგდებდით ერთმანეთს, მოვალეობის მოხდის მიზნით _ ეგ იყო და ეგ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ისიც `აღმოვაჩინე~, რომ შინ თითქმის არაფერს ვჭამდით: მაცივარში ხელუხლებლად ეწყო პროდუქტი. თითქოს რაღაც უხილავი ძალა გვაკავებდა, სამზარეულოში არ გვიშვებდა და იმის უფლება არ გვქონდა, რომ დეიდა სვეტას სამფლობელოში რაიმე შეგვეცვალა...
გადიოდა დღეები. მე და დიმა კი, ისევ გაურკვეველ ვითარებაში ვიყავით, არ ვიცოდით, რა გველოდა _ იქ დავრჩებოდით თუ ახალი თავშესაფარი უნდა მოგვეძებნა. უბრალოდ, ვისხედით და მოვლენების შემდგომ განვითარებას ველოდით. მეექვსე თუ მეშვიდე დღეს, ნატაშამ და მისმა ამერიკელმა მეუღლემ მოგვაკითხეს. ნიკი ისე გადაგვეხვია, ლამის დავიჯერე, რომ ამ აყლაყუდა, ქერა ამერიკელს ჩვენზე უსაყვარლესი, დედამიწის ზურგზე არავინ ეგულებოდა. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და აშკარა იყო, რაღაც სასიამოვნოს თქმას აპირებდა, უფრო მეტიც _ ცხადი იყო, ამერიკელს ჩვენთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული...
ნიკმა შინაურებივით მოგვიკითხა, მერე სავარძელში დიდკაცურად მოკალათდა და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ნატაშას. თავის მხრივ, ცოლმა თვალი ჩამიკრა, გამიხმო და სასადილო ოთახში საკმაოდ მძიმე ყუთი შემომატანინა. რამდენიმე წუთში, სახელდახელოდ, სადღესასწაულო სუფრა გაიშალა, რომლის ფინალური აკორდი საგანგებოდ შეფუთული ბოთლების გახსნა გახლდათ. მაგიდაზე ქართულ-ინგლისური წარწერებით დამშვენებული `ხვანჭკარა~ და `ქინძმარაული~ გაჩნდა _ ორ-ორი ბოთლი! ნამდვილად არ იყო ადვილი ემოციების დაფარვა. ჩვენმა აღფრთოვანებამ ნიკი ძალზე გაახარა, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ გულით უნდოდა ჩვენთვის სიამოვნების მონიჭება.
თამადად ნიკი ავირჩიეთ. ლამის უაქცენტოდ გამოთქვამდა სიტყვას _ `თამადა~ და ცდილობდა, მაქსიმალურად მჭევრმეტყველი ყოფილიყო. ნატაშაც აღფრთოვანებული გახლდათ ჩვენი დაძმაკაცებით და სიამოვნებით წრუპავდა `ხვანჭკარას~. უკვე კარგად შექეიფიანებულები ვიყავით, როცა მან მე და დიმას გამოგვიცხადა:
_ ბიჭებო, მინდა, დედაჩემის ბინის შესახებ მოგელაპარაკოთ. ნიკი ისეა თქვენით აღფრთოვანებული, რომ უნდა, ყველაფერი თქვენ დაგიტოვოთ...
ვერ მივხვდით, ნატაშას ამით რისი თქმა უნდოდა.
_ დედაჩემის ზოგიერთ ნივთს წავიღებ, იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია... ავეჯს და დანარჩენ ნივთებს აქ დავტოვებთ. ბინას არ ჩავაბარებთ. ნიკი სახლის მეპატრონესთან ქირავნობის ხელშეკრულებას თქვენს სახელზე გადააფორმებს...
ამ განცხადებამ მე და დიმა გაგვაოცა და გაგვახარა კიდეც. ასეთ ხელსაყრელ წინადადებას ძნელად თუ შემოგვთავაზებდა ვინმე, თანაც ამერიკაში. სამოთახიანი, გაკრიალებული, ავეჯით გაწყობილი ბინა ჩვენს განკარგულებაში გადმოდიოდა და თანაც _ საკმაოდ იაფად... თითქოს უნდა გაგვხარებოდა და დაუფიქრებლად დავთანხმებოდით, მაგრამ... მე და დიმამ ერთმანეთს გადავხედეთ. მივხვდით, რომ პასუხი ორივეს მზად გვქონდა... სუფრასთან სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ხმის ამოღებას პირველი ვერც მე ვბედავდი და ვერც დიმა. ნიკი ხან მე გადმომხედავდა, ხან _ დიმას. დარწმუნებული იყო, რომ ეს წინადადება ჩვენთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და ვერ გაერკვია, რა გვაბრკოლებდა. მისი ღიმილიანი, საზეიმო გამომეტყველება გაოცებასაც გამოხატავდა.
_ იცით, ძალიან მადლიერი ვართ, მაგრამ თქვენს წინადადებას ვერ მივიღებთ... _ როგორც იქნა, ამოვღერღე და დანაშაულზე წასწრებული ონავარივით თავი ჩავღუნე.
_ რატომ, უკეთესი შემოთავაზება გაქვთ? იქნებ რაიმე გაწყენინეთ? _ დაგვაყარა კითხვები ნიკმა.
_ არა, რას ამბობთ! _ ლამის ერთდროულად ვუპასუხეთ მე და დიმამ.
_ ცუდ ვარიანტს არ გთავაზობთ. ნიუ-იორკში, ავეჯიანი ბინის დაქირავება, თანაც ასე იაფად, იოლი როდია, _ განგვიმარტა ნიკმა.
_ ვიცით და ძალიან მადლიერიც ვართ ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ შეგვიძლია... ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ დეიდა სვეტას, ახლობელი ადამიანივით გვიყვარდა... აქ კიდევ, ამ ბინაში, თითოეული ნივთი მას გვაგონებს... _ სცადა დიმამ ჩვენი გრძნობის ახსნა.
_ იცით, ბიჭებო, ბოლომდე მაინც ვერ გაგიგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგები ხართ, თანაც გულწრფელად ამბობს იმას, რასაც ფიქრობთ. ეტყობა, უფრო ახლოს უნდა გაგიცნოთ, რომ თქვენს ხასიათს ჩავწვდე... მინდა სულ მცირე რამით მაინც დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ, თუნდაც სამსახურის მოძებნაში... ბოლოს, როცა შეიტყო, რომ დიმა პროფესიით დიზაინერი იყო, თქვა:
_ მე მყავს მეგობარი, რომელსაც მანჰეტენზე ერთ-ერთ დიდ საპროექტო კომპანიაში სოლიდური პოსტი უკავია. ხვალვე დავურეკავ და ვკითხავ _ იქნებ, რაღაც სამუშაოჰქონდეს შენთვის...
ორ დღეში მე და დიმამ ჩვენი ბარგი-ბარხანიანად, სამიოდე კვარტლის მოშორებით მცხოვრებ ქართველებთან გადავედით. მართალია, ისეთი გაკრიალებული და კომფორტული ბინა არ იყო, როგორიც დეიდა სვეტასი, მაგრამ იქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდით. ნიკმაც ჩვენთვის მოცემული დანაპირები არ დაივიწყა, თავის არქიტექტორ მეგობარს დაუკავშირდა და ახლა დიმას იბარებდნენ მის კომპანიაში. მეც გამიმართლა, ავეჯის გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია ავირჩიე და...
სამსახურის თუ ქალისთვის?
რამდენიმე დღე, სასურველი სამსახურის ძებნისას, გაზეთების ფურცვლაში გავატარე. ბევრგან დავრეკე კიდეც. ზოგან მე არ მოვეწონე, ზოგი შემოთავაზება თავად დავიწუნე. ბოლოს კი ერთმა განცხადებამ მიიქცია ჩემი ყურადღება. განცხადება იუწყებოდა, რომ ავეჯის გადაზიდვის კომპანია _ Aლლპოინტ Aმერიცა (`ამერიკის ყოველი წერტილი~) სარფიან სამსახურს სთავაზობდა პროფესიონალ მძღოლებს. ჩემი დაინტერესება ორმა გარემოებამ გამოიწვია: ერთი, რომ ამერიკის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი და მეორეც, კარგი ანაზღაურება მექნებოდა. ამაზე მეტი ახლა რა უნდა ვინატრო-მეთქი?! _ გავიფიქრე და განცხადებაში აღნიშნული ტელეფონის ნომერი ავკრიბე.
_ ჰელოუ, ბედმა გაგიღიმათ, რომ ჩვენთან დარეკეთ... _ ისეთი სასიამოვნო ხმით მიპასუხეს, სულ ერთიანად დავდნი და ლამის დამავიწყდა, რისთვის ვრეკავდი. ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე, რაც შეიძლება მეტი სითბო `ჩამეღვარა~ ხმაში.
_ მძღოლის ვაკანსიის თაობაზე გაწუხებთ. იქნებ, თქვენი პირობების შესახებ მითხრათ...
_ წარმოიდგინეთ, ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ... მთავარია, მოხვიდეთ და გაგვესაუბროთ...
ანდამატივით მიზიდავდა უცნობი ქალის მშვენიერი ხმა. ყველა სხვასთან შედარებით, ვისაც იმ დღეებში დავკონტაქტებივარ, ამ კომპანიაში მისვლა ნამდვილად მომინდა.
_ როდის შეიძლება მოვიდე? _ დავითაფლე ხმა.
_ საღამოს 6 საათამდე. მობრძანდით, ძალიან გაგვახარებთ...
ერთიანად გავიბადრე. უცნობი ლამაზი ქალი ჩემს გახარებაზე `ოცნებობდა~...
_ რა გჭირს, კაკო? _ გაოცებულმა მკითხა კახამ (კახა ის თბილისელი ბიჭი იყო, ვისთანაც მე და დიმა დროებით გადავედით საცხოვრებლად. ის იმ დღეს ისვენებდა და ძალაუნებურად გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ვეძებდი ტელეფონით სამსახურს).
_ რა ვიცი, ასე მგონია, ზღაპრულ ფერიას ველაპარაკებოდი... _ გავუზიარე შთაბეჭდილება.
_ ვი-ის?.. _ გაეღიმა კახას.
_ აი, თუ არ გჯერა, შენ თვითონ დარეკე და დარწმუნდები! _ კომპანიის ნომერი სასწრაფოდ ავკრიბე და ყურმილი გადავეცი.
კახა კმაყოფილი უსმენდა `ფერიას~ და თან ხელით მანიშნებდა _ მაგარიაო...
_ მიდი, ჰკითხე, რა ჰქვია!.. _ ვუკარნახე კახას და მანაც ჰკითხა...
_ ო’კეი, ო’კეი, _ გაიღიმა ბოლოს და ყურმილი დაკიდა.
_ არ გეწყინოს, კაკო, მაგრამ მეც მოგყვები მაგ კომპანიაში...
_ შენ რაღა გინდა? _ გამიკვირდა.
_ არა, ძმაო, მაგ ქალის ხელიდან გაშვება საცოდაობაა, ისეთი ტკბილი ხმა ჰქონდა, თანაც მგონი, მოვეწონე კიდეც... _ აღტაცებას ვერ ფარავდა კახა.
_ ეგ საიდანღა მოიტანე? მოიცა, მოიცა _ სახელი გითხრა? _ დავინტერესდი.
_ სახელებს ტელეფონით არ ვარიგებ; მობრძანდით, გამეცანით და აქ გაიგებთო.
_ ახლა როგორ მოვიქცეთ? იმ კომპანიაში სამსახურისთვის წავიდეთ თუ ქალისთვის?
_ კარგი, რა, კაკო. რა თქმა უნდა, სამსახურისთვის მივდივართ, მაგრამ ხომ იცი ჩემი ხასიათი _ ლამაზი ქალი ჩემი სუსტი წერტილია და მაინტერესებს, ასეთი ხმის პატრონი ცხოვრებაში როგორ გამოიყურება, _ არგუმენტი მოიშველია კახამ.
რა უნდა მეპასუხა? თანაც, ჩემთვის უკეთესიც იყო, რომ მარტო არ მომიწევდა კომპანიაში წასვლა.
ტრაილერების კომპანიაში
კომპანიას _ Aლლპოინტ Aმერიცა ადვილად მივაგენით. უფრო მეტიც, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საკმაოდ ნაცნობ ადგილას მოვედი. თუმცა, ეს ასეც იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია მდებარეობდა ბრუკლინში, მანჰეტენისა და ბრუკლინის ხიდებს შორის. მგონი, რაც კი ფილმები გადაუღიათ ნიუ-იორკში, ეს ადგილები ყველა მათგანში წინა პლანზეა წამოწეული. ამ ფილმებს თუ დავუჯერებთ, მაფიოზები, ბანდიტები და ყაჩაღები სულ ამ რაიონში `მოღვაწეობენ~. ეს ადგილები საწყობებითა და საამქროებით არის გადავსებული. იქ მართლაც დიდი ფული ტრიალებს, რაც ათასობით ბედის (და ფულის!) მაძიებელს იზიდავს. მე მათ კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნებოდი, მაგრამ სამსახურს ახლა მეც ვეძებდი და მცირეოდენი ფულის შოვნის იმედიც მქონდა...
ფირმის სარეკლამო ფირნიში სამსართულიანი შენობის თავზე მიემაგრებინათ და შორიდანვე ადვილი შესამჩნევი გახლდათ. ეზოში ათიოდე ტრაილერი იდგა, რომელთა გვერდით, მომცრო სატვირთო ავტომანქანები ჩაემწკრივებინათ. თითოეული, მათგანი კომპანიის სარეკლამო წარწერებით იყო აჭრელებული. ორი უზარმაზარი ტრაილერის საბარგულთან მამაკაცები ტრიალებდნენ. საწყობიდან ავეჯი გამოჰქონდათ და ავტომობილს ტვირთავდნენ.
_ ამხელა მანქანები უნდა ატარო, კაკო? _ მკითხა კახამ.
_ ჰო, რა გაგიკვირდა?
_ არა, ძმაო, მე ნამდვილად ვერ გავრისკავდი.
_ სულაც არ არის ძნელი, უბრალოდ, შეჩვევის ამბავია, _ ვუპასუხე და ერთ-ერთ მუშას მივუახლოვდი. ვკითხე, ოფისში როგორ მოვხვედრილიყავი. მანაც ამიხსნა და სულ მალე, დიდ, თეთრად შეღებილ ოთახში მოვხვდით, რომელსაც დარბაზი უფრო ეთქმოდა. მოხერხებულ მაგიდებთან კომპიუტერები ჩაემწკრივებინათ, მონიტორებთან გოგონები ისხდნენ, თან ტელეფონით ლაპარაკობდნენ.
ერთ-ერთმა შეგვნიშნა, თავისი ადგილი მიატოვა და ჩვენკენ გამოემართა. საშუალო სიმაღლის იყო. ჯინსის მოტკეცილი შარვალი და მოკლე ტოპი ეცვა. ჭიპი გამომწვევად უჩანდა, წელიც ისეთი წვრილი და გამოყვანილი ჰქონდა, რომ სურვილი გამიჩნდა, ხელით შევხებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. ტოპი მარტო მოკლე კი არა, სიფრიფანაც იყო. ასე რომ, მისი მოხდენილი, სავსე მკერდი მთელი თავისი მშვენიერებით წარმოგვიდგა... ამავე დროს, ისეთი ბავშვური სახით გვიღიმოდა, თვალი ვეღარ გავუსწორე: შემრცხვა ჩემი აღელვების გამომჟღავნების... კახას გავხედე. გაშეშებული იდგა და გოგონას თვალს არ აშორებდა...
_ ჰელოუ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! _ შემოგვცინა ფერიამ და მე და კახამ უმალ ვიცანით ტელეფონით მოსმენილი ხმა, რომელმაც ერთბაშად დამატყვევა, კახას კი მთელი დღის გეგმები დაავიწყა.
_ მძღოლის ვაკანსიის გამო გეახელით, _ როგორც იქნა, ამოვღერღე.
_ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ათი წუთი უნდა მოიცადოთ: ბოსი გასულია და მალე დაბრუნდება. მანამდე კი, შემიძლია გაგიმასპინძლდეთ. რას ინებებთ _ ყავას თუ ჩაის? _ სხაპასხუპით მოგვაყარა და კუთხეში მდგარ მაგიდასთან მიგვიპატიჟა. ჩვენც უხმოდ დავსხედით და თვალი გავაყოლეთ მოხდენილ მასპინძელს, რომელიც ბალერინის მსგავსი მიხრა-მოხრით გავიდა გვერდით ოთახში.
_ ა, კახუშ, რას იტყვი? _ გადავხედე ძმაკაცს.
_ რაც კარგია, კარგია! ერთი რამ არის დასანანი _ რომ ზანგია... _ დანანებით თქვა კახამ.
_ მერე რა, რომ ზანგია?
_ თეთრკანიანი რომ იყოს, არც დავფიქრდებოდი, აუცილებლად ცოლად შევირთავდი, _ როლში შეიჭრა კახა.
_ შენ რა გგონია _ ფრენა-ფრენით გამოგყვებოდა? ისე კი, კარგი იქნებოდა. ფერად-ფერადი ბავშვები გეყოლებოდათ...
_ აუ, შენც რა მაგარი ხარ! ეს რომ ჩემს რაჭველ დედას ჩავუყვანო თბილისში, ხომ გადაირია: ზანგი კი არა, იმერელი ქალიც არ უნდა რძლად _ აუცილებლად რაჭველი უნდა იყოსო... _ თავისივე ნათქვამზე იცინოდა კახა.
ამ საუბრით ვიყავით გართული, როცა შავმა ფერიამ ორი ფინჯანი ყავა და ნამცხვარი გამოგვიტანა, თან მოგვიბოდიშა _ საქმე მაქვსო, _ და თავის კომპიუტერს მიუბრუნდა.
მე და კახა ვისხედით, გემრიელ ყავას და ნამცხვარს შევექცეოდით და `დესერტად~ შავკანიანი მასპინძლის ღიმილიან გამოხედვას `ვაყოლებდით~... ისე გავერთეთ, რომ არც კი შეგვიმჩნევია, როგორ მოგვიახლოვდა სიმპათიური, ასე, სამოციოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი.
_ მე მელოდებით? _ მოგვმართა მან და მივხვდი, რომ ბოსთან მქონდა საქმე. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ წამობრძანდით, ჩემს ოთახში ვილაპარაკოთ, _ გვითხრა და წინ გაგვიძღვა. კახა ისევ შავკანიან ოპერატორს უყურებდა და კომპანიის თავკაცის მოსვლა არც დაუფიქსირებია. ხელი ვკარი. გაკვირვებულმა შემომხედა:
_ მე რა მესაქმება შენს უფროსთან? წადი, გაარკვიე შენი ამბავი, მე აქ დაგელოდები.
ქართველობა იქაც `გამომადგა~...
_ თქვენი მეგობარი სად არის? _ გაიკვირვა ბოსმა, როდესაც კაბინეტში მარტო შევყევი.
_ გარეთ დამელოდება. თქვენთან მხოლოდ მე მაქვს საქმე.
_ ლანა მოეწონა, არა?.. კარგი გოგოა... _ შინაურულად გამიღიმა ბოსმა და სკამზე მიმითითა _ დაბრძანდიო. თვითონ სავარძლიდან ჩემ პირდაპირ გადმოინაცვლა და ყურადღებით შემათვალიერა. პაუზა გაიწელა, ის კი არაფერს ამბობდა. უხერხულობისთვის თავის დასაღწევად, ბოლოს და ბოლოს, ინიციატივა გამოვიჩინე:
_ მისტერ...
_ ედმონდ, _ შემეშველა ბოსი.
_ მისტერ ედმონდ, თქვენი სარეკლამო განცხადება წავიკითხე. თუ არ ვცდები, სატვირთო მანქანის მძღოლები გჭირდებათ.
_ საიდან ხართ? _ ისე მკითხა, წინადადება არც მქონდა დამთავრებული.
_ ჯორჯიიდან...
_ ებრაელი ხართ?
_ არა, ქართველი!
ბოსს სიამოვნებისგან სახე გაებადრა. თბილად შემომხედა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა:
_ დიდ პატივს ვცემ თქვენს ხალხს, მეგობარიც ბევრი მყავს თქვენი ქვეყნიდან!..
ამას ნამდვილად არ ველოდი. ბატონი ედმონდი კი განაგრძობდა:
_ მე ამერიკისა და ისრაელის მოქალაქე ვარ. ისრაელში ძმები და ახლობლები მყავს... ხშირად ჩავდივარ იქ. საქართველოდან ჩასული ბევრია ჩემს სამშობლოში, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ამ კომპანიაშიც მუშაობდნენ ქართველები, კარგი ბიჭები იყვნენ.
ძალიან გამიხარდა. თუმცა, ამ აღფრთოვანებას სულ მალე, ბოსმა ცივი წყალი გადაასხა და ღრუბლებიდან მიწაზე დამაბრუნა:
_ მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამერიკაში ვიმყოფებით. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქმეში ძმაკაცობა არ გამოგვადგება. არავითარი დათმობა არ იქნება! თავისი საქმე ყველამ კეთილსინდისიერად უნდა აკეთოს!
ედმონდის ლაპარაკი ახლა ლექციას უფრო ჰგავდა. მეც ბეჯით მოსწავლესავით ვუსმენდი.
_ თუ მიმიღებთ, ვეცდები, თქვენი ნდობა გავამართლო, _ როგორც იქნა, მეც მომეცა აზრის გამოთქმის საშუალება.
_ რაც შეეხება ხელფასს _ თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ მერე ნაწყენი არ დარჩეთ. იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხართ, იმდენს ვერ გადაგიხდით, რამდენსაც ამერიკელებს... _ დაიწყო ედმონდმა პირობების განმარტება, თუმცა უამისოდაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა და ამერიკელებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას მივიღებდი.
_ მაგრამ ერთი შეღავათის გაწევა შემიძლია, _ განაგრძო ედმონდმა, _ გარდა იმისა, რომ მძღოლის ხელფასს გადაგიხდით, თუ მუშებსაც დაეხმარებით ავეჯის დატვირთვა-გადმოტვირთვაში, დამატებით ანაზღაურებას მიიღებთ. ვფიქრობ, უკმაყოფილო ნამდვილად არ იქნებით.
_ მისტერ ედმონდ, თქვენი კომპანიის სახელწოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ამერიკის ყველა კუთხეში დადიხართ, _ ვერ მოვითმინე და ჩემთვის საინტერესო საკითხს შევეხე.
_ რა თქმა უნდა! სადაც კლიენტს დასჭირდება, იქ მივუტანთ ავეჯს.
კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად მქონდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო? _ სამსახურსაც ვშოულობდი და ჩემს ოცნებასაც ვუახლოვდებოდი _ მთელ ამერიკაში მომიწევდა მოგზაურობა...
კიდევ ათიოდე წუთი ვისაუბრეთ, რაღაც დეტალები დავაზუსტეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეორე დღეს მუშაობა უნდა დამეწყო.
კაბინეტიდან გავდიოდი, როცა ბოსმა შემაჩერა და მოულოდნელი შეკითხვა დამისვა:
_ აკაკი, მაინტერესებს, რამდენი ხნით აპირებთ ამერიკაში დარჩენას?
_ გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი... რატომ გაინტერესებთ? _ ამ შეკითხვისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად და ის ვუპასუხე, რაც იმწამს თავში მომივიდა.
_ როგორ გითხრათ... ქართველების ვერაფერი გამიგია. ხომ გითხარით, ჩემთან ბევრი ქართველი მუშაობდა. კარგი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ... იმუშავებდნენ ერთ, მაქსიმუმ ორ წელს და ისევ საქართველოში, სიღარიბეში ბრუნდებოდნენ. არ ურჩევნიათ, აქ დარჩნენ და ცხოვრება აიწყონ?.. ალბათ თქვენც მათსავით მალე გაიქცევით სამშობლოში, არა? _ და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
_ ეგ რომ გაიგოთ, მისტერ ედმონდ, ქართველი უნდა იყოთ... რაც შეეხება ცხოვრების აწყობას _ ესეც სხვაზე ნაკლებად როდი გვეხერხება... _ მეტი აღარაფერი მითქვამს, დავემშვიდობე ჩემს ახალ უფროსს და კაბინეტიდან გავედი.
_ გამოგდის, ძმაკაც, რამე? _ ირონიულად ვკითხე მეგობარს და მშვენიერი ზანგი გოგონასკენ გავიხედე.
_ ნერვები მეშლება, კაკო: ამათ საქმის გარდა არაფერი იციან. როცა საქმეზე ლაპარაკობენ, თაფლივით დნებიან, ისე კი, მგონი, არც ახსოვთ, რომ ქალები არიან.
_ ვერც სახელი გაიგე შენი შავკანიანი ანგელოზისა? _ კიდევ უფრო გავუმძაფრე მარცხით მოგვრილი განცდა.
_ არა, სიტყვა ვერ დავაცდენინე! ლამისაა, გარეთ გამიძახოს...
_ სამაგიეროდ, მე გავიგე _ ლანა ჰქვია და ცოტა ხანში, მაგ ლანას, თავისი დაქალებიანა, სახლში ამოგიყვან!.. _ დავაიმედე.
_ როგორ, თოკს მოაბამ?
_ არა, ბიჭო, სამსახურში მიმიღეს და რამეს როგორ ვერ მოვახერხებ?!.
_ თავიდანდვე მასე გეთქვა! მოდი, მოგილოცო! _ გადამეხვია მეგობარი.
ამერიკა _ ქვეყანა, სადაც
საუკეთესო მეგობარი... ფულია!
მთელი დღე ვერ მოვისვენე. როგორი საქმეა _ სოლიდურ ამერიკულ კომპანიაში ვიწყებ მუშაობას, სადაც 200-ზე მეტი კაცია დასაქმებული. დიდი, სამსართულიანი შენობის უმეტესი ნაწილი საწყობებს უკავია, სადაც კლიენტები ინახავენ ავეჯს, კომპიუტერულ და აუდიო-ვიდეოაპარატურას, ათასგვარ საოჯახო ნივთს. ადმინისტრაციულ სექტორში ოცამდე თანამშრომელია, უმეტესად _ ახალგაზრდა გოგონები. ჩვენი ნაცნობი შავკანიანი, საოცრად მომხიბვლელი ლანა ჯგუფის მენეჯერია. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ლანას, ისევე, როგორც სხვა გოგონებს, ორი სახე აქვს: როცა საქმე სამსახურს ეხება (ვთქვათ, კლიენტს ან ჩემსავით ადგილის მაძიებელს), ლანა ალერსიანიცაა, ყურადღებიანიც და სექსუალურიც. მაგრამ როგორც კი მამაკაცი პირადი კონტაქტის დამყარებას შეეცდება, ცივი და უკარება ხდება. ესეც ამერიკული ცხოვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა, ამას ვერ ვიტყვი გლორიაზე _ ჩემს დიდი ხნის ნაცნობ, ცისფერთვალება ბიბლიოთეკარზე, რომელმაც ბრუკლინში ჩასვლის პირველი დღეებიდანვე, თითქოს ახლობლების მონატრების სიცარიელე შემივსო. ჰოდა, ამჯერადაც გლორიას მივაკითხე. გაუკვირდა, _ ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი, ვიფიქრე, სამშობლოში გაემგზავრა-მეთქი. როცა ყველაფერი ვუამბე, გაუხარდა, წარმატება მომილოცა და გამომცდელად შემომხედა: მაგრძნობინა _ მხოლოდ ჩემს სანახავად არ მოხვიდოდი და დროზე მითხარი, რაში გჭირდება დახმარებაო?..
_ გლორია, სკოლაში გეოგრაფიას კარგად კი ვსწავლობდი, მაგრამ ამერიკის შესახებ ბევრს არაფერს `გვიმხელდნენ~. რაც ვიცი, ისიც წიგნების წყალობით. ტვირთების გადაზიდვის კომპანიაში მუშაობისას, შეიძლება სხვადასხვა შტატში მოგზაურობამ მომიწიოს...
_ ...შტატების რუკა კი არ გაქვს, ხომ? _ მიმიხვდა გლორია.
_ არც რუკა მაქვს და თანაც ახლა, არც ინგლისურიდან რაიმის თარგმნა შემიძლია და იქნებ, რომელიმე რუსულენოვანი გამოცემა მომიძებნო...
გლორიამ ერთ-ერთ მაგიდასთან დამსვა და მითხრა, დამელოდე, ახლავე გიშველიო.
მართლაც, რამდენიმე წუთში, ჩემს მაგიდაზე ერთ-ერთი ილუსტრირებული საბჭოთა გამოცემა იდო. @ჩნჰფყს ბ ყფჰჯლს#-ს ამ ტომში ლამის ყველაფერი ეწერა ამერიკის შეერთებულ შტატებზე (მართალია, ტენდენციურად, `კომუნისტურად~, მაგრამ მაინც საინტერესოდ).
...ესეც შტატების რუკა. მე ნიუ-იორკის შტატში ვიმყოფები, აქედან სულ ახლოსაა ვერმონტის, მასაჩუსეტსის, პენსილვანიის, ოჰაიოს, კონექტიკუტის შტატები. შეიძლება, ბედმა გამიღიმოს და ამერიკის დედაქალაქშიც ამოვყო თავი. თუმცა, გული დამწყდა, კალიფორნია და არიზონა ლამის ქვეყნის დასალიერს რომ `აღმოვაჩინე~. მომიწევდა კი ამ შტატებში მოგზაურობა?.. მოკლედ, ამ წიგნის თვალიერებით ისე გავერთე, რომ ვერც შევნიშნე, როგორ შემომაღამდა.
...თავზე გლორია წამომდგომია, იცინოდა და რაღაცას უხსნიდა თავის ქმარს, რომელიც თითქმის ყოველდღე აკითხავდა სამუშაო დღის ბოლოს. მივხვდი, ჩემზე ლაპარაკობდნენ. წამოვდექი, `სიძეს~ თავაზიანად მივესალმე და წასასვლელად გავემზადე. მაგრამ თურმე სიურპრიზი მელოდა: გლორიამ კომპიუტერიდან ამობეჭდილი, შტატების შავ-თეთრი, მინიატურული რუკა მისახსოვრა... ბიბლიოთეკიდან სამივე ერთად გამოვედით და ჩვენ-ჩვენს გზას დავადექით. ქმარმა გლორიას წელზე მოხვია ხელი და ისე წაიყვანა. ლამაზი წყვილი იყო. ახლაღა შევამჩნიე, რომ გლორიას მუცელი წამოზრდოდა....
ისევ კომპანიის შესახებ
Aლლპოინტ Aმერიცა-ს ავტოფარეხში 20-მდე დიდი ტრაილერი და ორი ამდენი სხვადასხვა გაბარიტის სატვირთო ავტომობილი იდგა. შავ სამუშაოს, მუშებთან ერთად, მძღოლებიც ასრულებდნენ. იქაც, ისევე, როგორც მთელ ამერიკაში, ინტერნაციონალური კოლექტივი იყო, რასაც თავისებური ხიბლი ჰქონდა.
კომპანია ორი მიმართულებით მუშაობდა: პირველი გახლდათ ადგილობრივი გადაზიდვები. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვადასხვა ტვირთი ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში უნდა გვეტარებინა. ამ შემთხვევაში, რეისი ერთდღიანი იყო. მანძილი იშვიათად თუ გასცდებოდა 100 მილს (140-მდე კმ-ს). თითქოს ამაში საინტერესო არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სრულიადაც არა! ადგილობრივმა გადაზიდვებმა ნიუ-იორკის ისეთ ეგზოტიკურ ადგილებშიც კი მომახვედრა, რომ გასახსენებლად ალბათ მთელი სიცოცხლეც არ მეყოფა. თანაც, ისე შევისწავლე ქალაქის ქუჩები, რომ ამ მხრივ მკვიდრ ნიუ-იორკელსაც არ ჩამოვრჩებოდი. მეორე მიმართულება შორეულ რეისებს ითვალისწინებდა. ამ დროს, ზოგჯერ თვეობით არ ვბრუნდებოდი ნიუ-იორკში _ ამერიკის ტერიტორიაზე უკვე `გაშინაურებული~ დავატარებდი უზარმაზარ ტრაილერს... მართალია, ზოგჯერ ისე საშინლად ვიღლებოდი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ ის ვნებათაღელვა და სიხარული, რომელიც ჩემს ორიგინალურ საქმიანობას ახლდა თან, მალე ყველაფერს მავიწყებდა...
`გურჯი ვარ, ეფენდი, გურჯი!~
Aლლპოინტ Aმერიცა-ში ჩემს პირველ სამუშაო დღეს, დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდი. ავტოფარეხის ტერიტორიაზე მძიმე სატვირთო მანქანების ძრავების ხმაურს მიჰქონდა ყველაფერი. მძღოლები და მუშები მხიარული შეძახილებით ხტებოდნენ კაბინებში და ეზოს ტოვებდნენ... იქითკენ წავედი, სადაც კომპანიის პრეზიდენტი, ედმონდი ტრიალებდა, რომელიც 3 ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა და ისინიც დიდი გულისყურით უსმენდნენ. ეტყობოდა, ბოსი მითითებებს აძლევდა.
_ ყოჩაღ! ჩანს, დაგვიანება არ გიყვარს! _ მითხრა ედმონდმა და მაგრად ჩამომართვა ხელი. მეც ყველას მივესალმე და იქვე გავჩერდი.
_ ჯონ, დღეს ეს ახალგაზრდა წამოგყვება. ახალი თანამშრომელია, ბარემ ფორმაც გამოუწერე, _ უთხრა ედმონდმა ერთ-ერთ მძღოლს და ისიც მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, გამომყევიო. ჯონი სპორტული აღნაგობის, შავგვრემანი კაცი იყო. კი არ მიდიოდა _ მირბოდა, ძლივს ვეწეოდი. საწყობამდე ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთ ოთახში მოზრდილი კარადის კარი გამოაღო და ზომების მიხედვით ჩამწკრივებულ ტანსაცმელზე მიმითითა:
_ ამოარჩიე, რომელიც მოგეწონება და 3 კომპლექტი აიღე. სამუშაოზე საფირმო ტანსაცმლით დავდივართ... მოკლედ, 10 წუთში მანქანასთან იყავი, დროზე წავიდეთ.
ჯონმა ამ უჩვეულო `გარდერობთან~ მარტო დამტოვა. ისეთი განწყობა მქონდა, რომ ახლა ეს ქურთუკები, შარვლები, პერანგები და სპორტული ფეხსაცმელი ვერსაჩეს კოსტიუმებს მერჩივნა... არჩეული 3 კომპლექტიდან, ერთ-ერთი მოვირგე კიდეც და ახალ ფორმაში გამოწყობილი გამოვეცხადე ჯონს, რომელიც საშუალოგაბარიტიან სატვირთო ავტომობილთან იდგა და რაღაც ქაღალდებში იქექებოდა.
_ მაშ, მზად ხარ? _ ღიმილით გადმომხედა.
_ მუდამ მზად ვარ!.. _ გამახსენდა პიონერული წლები და `ჩესტი~ ავუღე. ახლა კი სიცილი ვერ შეიკავა და მანქანაში გამხიარულებული შემიძღვა.
ეზოდან რომ გავდიოდით, ედმონდმა შეგვაჩერა:
_ აკაკი, ერთი თვე ადგილობრივ გადაზიდვებზე იმუშავებ, ჩვენს სპეციფიკას გაეცნობი და შორეულ რეისებში მერე გაგიშვებთ. აბა, შენ იცი! _ მითხრა მან. ეტყობა, არ დავიწყებია, რომ ვუთხარი _ მოგზაურობაზე ჭკუა მეკეტება-მეთქი...
ასე დაიწყო ჩემი პირველი სამუშაო დღე მძღოლის ამპლუაში.
_ დღეს საკმაოდ იოლი საქმე გვექნება... _ დაიწყო ჩემ გვერდით მჯდომმა ჯონმა.
...ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა _ საჭესთან მე ვიჯექი!..
_ მე-12 ქუჩაზე უნდა მივიდეთ, იქიდან ვესტჩესტერში წავალთ... _ მარშრუტი მითხრა ჯონმა.
_ კი წავალ, მაგრამ გზა რომ არ ვიცი!.. _ ნირწამხდარმა ვუთხარი.
_ როგორ თუ არ იცი?! _ გაოცდა. მერე გაახსენდა, ედმონდმა რომ უთხრა _ ახალი მძღოლია და უნდა დაემხმაროო და დამამშვიდა _ არა უშავსო, მაგრამ თან `მართვის სადავეებიც~ უმალ ხელში აიღო: _ ახლა ყურადღებით მომისმინე... _ და მიკარნახა, რა გზით უნდა წავსულიყავი. მივდიოდით და თან ერთმანეთს ვეცნობოდით.
_ საიდან ხარ? _ მკითხა ჯონმა.
_ ჯორჯიიდან!..
_ ატლანტაში არასოდეს ვყოფილვარ. როგორი ქალაქია? _ იკითხა ინტერესით.
ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა: ეს თუ ატლანტაში (და შესაბამისად, ჯორჯიის შტატში) ჯერაც არ ყოფილა, მე როდისღა მომიწევს ამ ქალაქის ნახვა-მეთქი?.. _ გავიფიქრე, ჯონს კი ვუპასუხე:
_ აბა, როგორ გითხრა... არც მე ვყოფილვარ ატლანტაში...
_ ახლა არ მითხარი, ჯორჯიიდან ვარო?! _ გაუკვირდა.
_ მე სხვა ჯორჯიიდან ვარ _ ოკეანის გაღმიდან!.. _ თავაზიანად გავუღიმე.
_ ვერ გავიგე შენი ხუმრობა.
_ მე იქიდან ვარ, ე-ე, იქიდან!.. _ ოკეანის მხარეს გავიშვირე ხელი.
_ ა-ა, რუსი ყოფილხარ! _ გაუხარდა ჯონს.
_ რუსი კი არა, ქართველი ვარ! _ უკვე მერამდენედ მიწევდა ამერიკელთათვის ამის ახსნა და ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი კიდეც... გარკვეული ხანი, ხმის ამოუღებლად მივდიოდით. მერე ისევ მე დავარღვიე დუმილი:
_ შენ საიდანღა ხარ, ჯონ?
_ ამერიკაში დავიბადე, ისე, წარმოშობით თურქი ვარ.
_ სალამ ალეიქუმ, ეფენდი!.. _ `ჩავუთურქულე~.
_ აი, საღოლ, საღოლ! _ სახე გაუბრწყინდა ჯონს.
ყინული გალღვა...
_ თურქული კარგად იცი?
_ თურქი ვარ და სირცხვილი არ იქნება, რომ არ ვიცოდე?
_ მე გურჯი ვარ, ეფენდი, გურჯი! _ გახარებულმა ვუთხარი: მეგონა, ახლა მაინც მიხვდებოდა, ვინც ვიყავი.
_ ბერძენი ხარ?
_ ვაი, შენს პატრონს!.. _ ჩავილაპარაკე ქართულად, მერე მუხლზე ხელი დავარტყი და დავამშვიდე: რუკას მოვიტან და გაჩვენებ ჩემს ქვეყანას, ახლა კი სჯობს, გზა მიკარნახო-მეთქი.
მანჰეტენის ხიდი გადავკვეთეთ და დანიშნულების ადგილამდეც მალე მივედით. კლიენტი ძველმოდური, სამსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობდა. სახლს ლიფტი არ ჰქონდა და ფეხით მოგვიხდა ასვლა.
კარი 40-ოდე წლის, სათვალიანმა, მელოტმა კაცმა გაგვიღო. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, უნებლიეთ ტანსაცმელზე დავიხედე _ რაიმე ხომ არ მჭირს-მეთქი?..
_ გადაზიდვების კომპანიიდან ვართ, შეკვეთილი გაქვთ, _ უთხრა ჯონმა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
_ კი, მაგრამ მე... ასე ადრე არ გელოდით. თანაც, ახლა სასწრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი. უკაცრავად, მაგრამ უნდა დამელოდოთ! _ ამის თქმა და კარის მოხურვა ერთი იყო.
_ პიჟონი! გამომივიდა აქ საქმიანი კაცი! _ უკმაყოფილოდ წამოიძახა ჯონმა და გაბრაზებული იქვე, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
_ ახლა რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ამას? _ გაოცებულმა ჩავილაპარაკე.
_ ჩემი ნება რომ იყოს, წავიდოდი და აქეთ აღარც გამოვიხედავდი, მაგრამ ბოსს რა ვუთხრა _ კლიენტი უხეშად მოგვექცა და არ მოვემსახურეთ-მეთქი? მაშინვე სამსახურიდან დამითხოვს და შენს თავსაც `დესერტად~ ზედ მიაყოლებს! _ დანანებით მიპასუხა ჯონმა.
ესეც შენი ამერიკა!..
სხვა რა გზა იყო? _ ქვემოთ ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა და მეც გვერდით მივუჯექი ჩემს ახალ მეწყვილეს. ერთი საათი მაინც ვისხედით ასე. ლაპარაკის ხასიათი ორივეს წაგვიხდა, თუმცა რამდენჯერმე ვკითხეთ ერთმანეთს, რაც არც ერთმა არ ვიცოდით: ბევრი რამე ხომ არ ჰქონდა გადასატანი უჟმურ კლიენტს? კიბით მძიმე საგნების ჩატანაზე ფიქრი არცთუ ისე სასიამოვნო პერსპექტივად გვესახებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, კლიენტმა იკადრა კარის გაღება და შინ მიგვიპატიჟა. გადასაზიდი ბარგიც გამზადებული ჰქონდა: დივანი, ოთხი სკამი, საწერი მაგიდა, კომპიუტერი პრინტერით, რამდენიმე მცირე ზომის ყუთი, რომელშიც წიგნები იდო, ორი მოზრდილი ჩანთა და ორიც ფუმფულა კატა, რომლებიც ფერად გალიებში იყვნენ გამომწყვდეული...
_ სულ ეს არის? _ გაუკვირდა ჯონს.
_ დიახ, _ გაიღიმა კლიენტმა.
_ ამის გადატანა ვესჩესტერამდე მხოლოდ... 1.000 დოლარი დაგიჯდებათ, _ აუღელვებლად თქვა ჯონმა.
_ რა-ა?! _ გაოცებისგან ენა ჩაუვარდა კლიენტს.
_ ჩვენი ფასები ხომ იცოდით?.. თუ არ მოგწონთ, სხვა გამოიძახეთ. ოღონდ, გაფრთხილებთ: ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, _ მშვიდად განუმარტა ჯონმა.
_ არა, ამდენის გადახდას ნამდვილად ვერ შევძლებ! მაგრამ ბინა დღეს აუცილებლად დღეს უნდა დავცალო, თორემ, მეპატრონე ორმაგ ჯარიმას დამაკისრებს... _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა კლიენტი.
_ ე.ი. თანახმა ხართ. დავიწყოთ ჩაზიდვა? _ `გამოიჭირა~ იგი ჯონმა.
_ არა, არა! იქნებ, დამიკლოთ. 1.000 დოლარი! ეს მეტისმეტია!
_ ვერაფრით დაგეხმარებით, მე შემსრულებელი ვარ... თუმცა, შეგიძლიათ, შეფს დაუკავშირდეთ და მას მოელაპარაკოთ, _ ჯონმა მობილურზე აკრიბა ნომერი და ტელეფონი კლიენტს მიაწოდა. მოლაპარაკება თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. ვაჭრობა ისეთ წვრილმანებამდე დავიდა, რომ თავი ნავთლუღის ბაზარში წარმოვიდგინე. ბოლოს, არაქათგამოცლილმა კლიენტმა (რომელიც მართლა გულით შემებრალა) გვითხრა: 600 დოლარზე შევთანხმდითო. მერე ჯონს ფული ჩაუთვალა, მისამართი მისცა, თანაც დასძინა _ აწი ჭკუას ვიხმარ და თქვენნაირ ყაჩაღებთან საქმეს აღარ დავიჭერო, _ და ოთახიდან გავიდა.
ერთი საათიც არ მოვანდომეთ კლიენტის მთელი ავლადიდების ჩატანას. ძრავა ავამუშავე და ვესჩესტერისკენ ავიღეთ გეზი. ეს დასახლება ნიუ-იორკის გარეუბანშია და ქალაქიდან ნახევარი საათის სავალიც არ არის. ჯონმა გზად კიდევ ერთხელ დაურეკა შეფს. როგორც ჩანს, ჩატარებული `ოპერაციით~ ორივე კმაყოფილი დარჩა...
_ ჯონ, ამხელა თანხა რომ `მოუხიე~, არ შეგეცოდა ის საწყალი?
_ გადაიტანს. აბა, რა ეგონა, მთელი საათი გარეთ რომ გვაყურყუტა?!
_ მაგრამ ხომ შეეძლო, უარი ეთქვა ჩვენს მომსახურებაზე?
_ მაშინ ჯარიმა არ ასცდებოდა.
_ რამდენის გადახდა მოუწევდა?
_ ასე, 500 დოლარამდე... ყველაფერი გათვლილი გვაქვს! ეს ამერიკაა, აკაკი! აქ ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება... წაიმუშავებ ცოტას და ყველაფერში გაერკვევი.
_ ისე, ამდენი ფულის გადახდას არ სჯობდა, დაეძახა მეგობრებისთვის, დაექირავებინა მანქანა და თვითონვე გადაეზიდა ყველაფერი? _ ჩავილაპარაკე.
_ საუკეთესო მეგობარი ამ ქვეყანაში ფულია. ფული გადაწონის მეგობრობასაც, სიყვარულსაც და ყველაფერს!..
_ ჩემს სამშობლოში კი, მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას! _ ვუთხარი ამაყად.
_ მერე, თუ ასეთ კარგ ქვეყანაში ცხოვრობდი, აქ რაღას მოდიოდი?..
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა
რვა თვე გავიდა, რაც ამერიკაში ვარ. ამ რვა თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი, როგორც იქნა, სტაბილური ადგილი ვიპოვე...
ჩემს მეწყვილეს, ჯონს კარგად შევეწყვე. ერთი-ორჯერ ის ჩემს ქართველ ძმაკაცებთან ერთადაც მოხვდა სუფრასთან და გაოცებული იყო ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობით. კიდევ კარგი, რომ ჯონი მხოლოდ იმ ქართველებს იცნობდა, რომლებიც პატიოსნად შრომობენ ამერიკაში, თორემ, ისეთებსაც რომ გადაჰყროდა, რამდენჯერმე მე რომ შევხვედრივარ (ნარკომანებსა და ჯიბგირებს ვგულისხმობ), მაშინ ალბათ სულ წაუხდებოდა წარმოდგენა ქართველთა ვაჟკაცობასა და მეგობრობაზე. მოკლედ, ცოტა ხანში, ჯონი დაუსწრებლად იცნობდა საქართველოს.
ერთ მშვენიერ დღესაც, მე და ჯონი მორიგ შეკვეთაზე გაგვაგზავნეს, თან ესპანური წარმოშობის ორი მუშა გაგვაყოლეს. ოჯახი ჰარლემიდან ბრუკლინში გადადიოდა. მოგეხსენებათ, ჰარლემი მანჰეტენზე, ფერადკანიანებით მასობრივად დასახლებული უბანია და არცთუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მე და ჯონი მანამდეც რამდენჯერმე მოვხვედრილვართ ჰარლემში, მაგრამ ყოველთვის ნორმალურ სიტუაციაში გვიხდებოდა მუშაობა. ამიტომ, როცა ეს შეკვეთა გადმოგვცეს, შესაძლო ხიფათზე არც მიფიქრია. მაგრამ როგორც ამბობენ _ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...
კლიენტები ზანგები იყვნენ: მოხუცი ცოლ-ქმარი, მათი ორი ქალიშვილი და შვილიშვილები, რომელთა დათვლა ვერც მოვახერხე, იმდენად ბევრი იყვნენ, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს და ისე შეუჩერებლივ დარბოდნენ აქეთ-იქით. თანაც, ისეთი სასაცილო ტიპები იყვნენ _ ნახევრად ტიტლიკანები, სულ-სულ შავები და ხუჭუჭთმიანები... ერთ-ერთს საღეჭი რეზინა მივეცი და უცებ მოჰყვნენ დანარჩენები. კიდევ კარგი, კაბინაში რამდენიმე შეკვრა მქონდა, თორემ, ნამდვილად `შევრცხვებოდი~. თანაც ეტყობა, მიხვდნენ, რომ ერთმანეთისგან მათი გარჩევა მიჭირდა და თითოეული მგონი, ორ-ორჯერ მოვიდა, თავისი წილი რეზინის მისაღებად...
იქვე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ტრიალებდა, როგორც შემდეგ გავიგე, ამ ოჯახის სიძეები იყვნენ, რომელთაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ ავეჯის გადაზიდვაში და რომელთა გამოც მერე, შარში გავეხვიეთ... ბევრი ავეჯი არ ჰქონდათ, მაგრამ მისი შეფუთვა და მანქანაში ჩატვირთვა საკმაო დროს მოითხოვდა. ჰოდა, ჩვეულებრივად შევუდექით მუშაობას. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ სახლთან ხშირ-ხშირად ჩერდებოდა მანქანა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ზანგი ჩაუჯდებოდა მოსულებს, ცოტა ხანს ილაპარაკებდნენ და კმაყოფილი გადმოვიდოდა... ამას ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას, ჯონს რომ არ ეთქვა, ჩემ გვერდით ჩავლისას, ჩურჩულით:
_ რაღაც არ მომწონს აქაური სიტუაცია...
_ ვერ გავიგე, რას გულისხმობ?
_ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს... რაღაც საეჭვოდ მეჩვენება...
_ მოგცლია ერთი! არ იცი, ზანგებს უამრავი მეგობარი ჰყავთ და ისინიც მოდიან, რა! _ ჩემებურად ავუხსენი სიტუაცია.
_ გაახილე თვალები _ მარტო ზანგები არ მოდიან!
_ მოვიდნენ მერე, შენ რას გიშლიან, ვერ გამიგია.
_ როგორ გეტყობა, რომ პიჟონი ხარ!.. _ ჯონი ყველას პიჟონს ეძახდა, ვინც კი, მისი აზრით, ცუდად ერკვეოდა ამერიკული ცხოვრების წესში. როცა მეც ამ ეპითეტით შემამკო, ბუნებრივია, არ მესიამოვნა და რევანშის ასაღებად, სწორედ ის სიტყვა გამოვიყენე, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყვანდა წონასწორობიდან:
_ პიჟონიცა ხარ და შაი-თა-ნიც! _ ვთქვი დამარცვლით და `მომხიბვლელად~ გავუღიმე. ჯონმა ერთი განგმირავად შემომხედა, რაღაც თურქულად ჩაიბურდღუნა და გამეცალა...
ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ მანქანებმა რომ თანდათან იმატა, მეც შევფიქრიანდი. თანაც, სულ ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპები მოდიოდნენ. საერთო მათ შორის მხოლოდ ის იყო, რომ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ, თითქოს ვიღაცის თავდასხმის ეშინიათო. მივხვდით _ ჩვენი კლიენტი ნარკოდილერი იყო და ეს ჭრელ-ჭრელი ხალხი მასთან წამლის შესაძენად მოდიოდა...
ორი საათი მოვანდომეთ ავეჯის შეფუთვასა და მანქანაზე მის დატვირთვას. გზას რომ გავუდექით, მალე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მძაფრსიუჟეტიან დეტექტივში ხდება ხოლმე.
მე და ჯონი _ `დეტექტივის~ გმირები
არ გასულა ხუთიოდე წუთი, რომ პოლიციის ოთხმა მანქანამ ალყაში მოგვაქცია.
_ ხომ გითხარი, კაკო, ეს ხალხი არ მომწონს-მეთქი! _ კბილებში გამოცრა ჯონმა და შეიკურთხა. _ თავიდანვე უნდა მივმხდარიყავით და ამ სამუშაოზე უარი გვეთქვა...
პოლიციელებმა უცერემონიოდ გადმოგვყარეს კაბინიდან, ხელებზე ბორკილები დაგვადეს, სახით ძარის მხარეს შეგვაბრუნეს, ფეხები გაშალეთო, _ გვიბრძანეს და ჩვენს ჩხრეკას მიჰყვეს ხელი.
_ რა დავაშავეთ, სერ? _ ვცადე პოლიციელთან კონტაქტში შესვლა.
_ `შათ აფ!~ (ხმა ჩაიწყვიტეო)!.. _ მომიჭრა პოლიციელმა და მივხვდი _ სახუმაროდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. ჯიბეები `ამომაფხეკინა~ და როდესაც ნახა, რომ საეჭვო არაფერი მქონდა, ყველაფერი დამიბრუნა და კვლავ უხეშად მიბრძანა _ არ გაინძრეო!.. აღელვებისგან ვერც კი ვამჩნევდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო... ჯონი და ის ორი ესპანელი მუშაც საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. ჯონს პატარა ცელოფანის პაკეტი უპოვეს, რომელშიც მომწვანო ფერის ბალახი ეყარა. მარიხუანა!.. ჩემი მეწყვილე მოსაწევით რომ ირთობდა ხოლმე თავს, ეს კი ვიცოდი, მაგრამ ასე გაუფრთხილებლად თუ ჩაიდებდა ჯიბეში ნარკოტიკს, ნამდვილად არ მეგონა. ამ ფაქტმა ისედაც გაცეცხლებული პოლიციელები კიდევ უფრო გააშმაგა _ თავიანთი მანქანებიდან ორი გაწვრთნილი ნაგაზი გადმოიყვანეს და ჩვენი მანქანის ძირისძირობამდე ჩხრეკა დაიწყეს. ნარკოტიკებს ვერსად მიაგნეს. ნახევარსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი პოლიციელი ნაგაზთან ერთად ძარიდან გადმოხტა და კაბინის კარი გამოაღო. ძაღლმა კაბინაში ახტომისთანავე ისეთი ყეფა ატეხა, რომ მივხვდი _ ნარკოტიკებზე გაწვრთნილმა ნაგაზმა იპოვა ის, რასაც ეძებდა. განცვიფრებული და გაოგნებული შევყურებდი პოლიციელებს, როცა მათ ჩემი სავარძლის ქვემოდან მოზრდილი პაკეტი გამოიღეს. გახსნეს და დავინახე, როგორ გადმოიყარა თეთრი ფხვნილი... ძვირად ღირებული ჰეროინი ასფალტზე იყრებოდა. მე კი ვგრძნობდი, როგორ მეკარგებოდა მეტყველების უნარი...
იქ, სადაც ყველა `უცოდველია~...
წარმოიდგინეთ, რა გუნებაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერების (თანაც _ ჰეროინის!) შენახვა-გადაზიდვაში... როგორ მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და როგორ მოვხვდი დაკითხვის მაგიდასთან, ვერაფრით ვიხსენებ. ჩემ წინ იჯდა ამერიკელი პოლიციელი და მკაცრი გამომეტყველებით მისვამდა ფორმალურ კითხვებს.
_ რა გვარი ხარ?
ვუპასუხე.
_ რამდენი წლისა ხარ?
ვუპასუხე.
_ დაბადების ადგილი?
_ იცით, მე არაფერ შუაში ვარ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოხვდა ის პაკეტი მანქანაში... მე...
_ არ მაინტერესებს, თქვენ რა იცით. კითხვებზე გამეცით პასუხი... სად შეიძინეთ ნარკოტიკი და სად გადაგქონდათ? _ თვალი თვალში გამიყარა მან.
_ მე ხომ გითხარით, არაფერი ვიცი-მეთქი...
_ მეხუმრებით? ნახევარი კილო ჰეროინი გედოთ კაბინაში და არ იცით, იქ საიდან მოხვდა?! _ ირონიულად ჩაიცინა.
_ ნამდვილად არ ვიცი! გეფიცებით, არ ვიცი, იქ საიდან გაჩნდა!.. _ ალბათ ძალიან გულწრფელად გამომივიდა.
_ გეტყობა, მაგარი გაიძვერა ხარ!.. არა უშავს, მაინც ალაპარაკდები.
...საკანში ხუთ პატიმართან ერთად ვიმყოფებოდი: მათ შორის, 2 ზანგი იყო, 3 _ თეთრკანიანი. მისალმებაზე არ მიპასუხეს, მანიშნეს _ ფეხზე რას დგახარ, დაჯექიო. ეტყობა, ისეთი შეშლილი სახე მქონდა, რომ ნახევარი საათი მაინც, არავინ დამლაპარაკებია. საკანში სამარისებური სიჩუმე იდგა. ბოლოს ერთმა ზანგმა ვერ მოითმინა და `გამეხუმრა~:
_ ხომ მშვიდობაა გარეთ?..
კითხვა ვერ გავიგე და გავამეორებინე. მანაც დამარცვლით წარმოთქვა:
_ კიდევ იჭერენ ხალხს?
_ მე კი დამიჭირეს და სხვების არაფერი ვიცი, _ წავიბუტბუტე ძლივს გასაგონად.
პატიმრებს გაეცინათ. ასე დაიწყო გაცნობის პროცესი.
_ რისთვის დაგიჭირეს? _ მკითხა ერთ-ერთმა თეთრკანიანმა.
_ არაფრის გულისთვის _ უბრალოდ, რაღაც გაუგებრობაა და მეტი არაფერი, _ გამოვცოცხლდი და ჩემი სიმართლის მტკიცება დავიწყე.
_ ე-ე, აქ ყველანი ანგელოზები ვართ, ყველანი უდანაშაულოები... ჰო, რას მიყურებ, აქ ყველა უცოდველია!.. _ თქვა და საკანში გულიანი ხარხარი ატყდა.
მივხვდი _ ცხოვრებამ დიდი გამოცდის წინაშე დამაყენა!
ცემას უნდა გაუძლოო, _
მითხრეს და... მეც გავუძელი!..
ახლა ჩემს თანასაკნელებს გაგაცნობთ. ერთ-ერთი ზანგი ათლეტური აღნაგობის იყო, თანაც საკუთარ ძალაში დარწმუნებული, ყველას ზემოდან უყურებდა; მეორე _ ჩია და გამხდარი. 3 თეთრკანიანს შორის ერთი აშკარად ლოთი გახლდათ _ სახე შეშუპებოდა და ისეთი უაზრო გამოხედვა ჰქონდა, მგონი, რომ გვიყურებდა, ვისკის ბოთლებად აღგვიქვამდა... დანარჩენი ორი სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა; თავიანთ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილი და გარეთ რა ხდებოდა, სულ არ აინტერესებდათ...
არც მახსოვს, როგორ ჩამეძინა ულეიბო და უხეშ საწოლზე. ღამით რამდენჯერმე გამეღვიძა, მაგრამ თვალი არც გამიხელია _ არ მინდოდა, გამოვფხიზლებულიყავი... დილით კი, ახალგაღვიძებულზე, საციხო `საბრძოლო ნათლობა~ მივიღე: რაღაც უბრალო წალაპარაკება (თუმცა _ არა შემთხვევითი...) ნამდვილი მუშტი-კრივით დამთავრდა.
...ზანგ პატიმრებთან კამათი მომიხდა. სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ ჩიამ უეცრად, პირდაპირ სახეში მთხლიშა მუშტი. გონება გადამეკეტა. წამოვხტი, ორივე ხელი შევკარი და პირდაპირ თავში მივარტყი თავდამსხმელს. მაგრამ დარტყმა სუსტი გამომივიდა და... ჩიამ მუშტები დამაყარა. მერე, გოლიათი ზანგიც წამოვიდა... მისი მუშტი რომ მომხვდა, თავით კედელს მივასკდი და... გონებაც დავკარგე.
თვალი რომ გავახილე, ჯეკი (გოლიათი ზანგი) დავინახე, ლოყაზე ხელს მიტყაპუნებდა. გარშემო ყველაფერი კარუსელივით ტრიალებდა... მაგრამ თანდათან ნორმას ვუბრუნდებოდი, რომ იტყვიან, ჭკუაზე მოვდიოდი... ჯეკიც შებრუნდა, თავისი საწოლისკენ წავიდა და ჩიას გვერდით ჩამოჯდა. ისხდნენ და ცინიკურად მიყურებდნენ. აშკარად კმაყოფილები იყვნენ თავიანთი `ნამუშევრით~. დანარჩენი პატიმრებისკენ გავიხედე. ლოთი იწვა და თვალები ჭერისათვის უაზროდ მიეშტერებინა. დანარჩენი ორი, ჩემზე უფრო დამფრთხალი იყურებოდა. ბოლოს, ეტყობა, სინდისმა შეაწუხა და ერთ-ერთი მომიახლოვდა.
_ მე ბობი მქვია, `კოკა-კოლის~ საამქროში ვმუშაობ, ჩემს უფროსს თავი გავუტეხე და იმიტომ ვარ აქ... ასეა _ შენზე ძლიერს თუ არ დაემორჩილები, ყოველთვის დამარცხდები... _ დაიწყო ფილოსოფოსობა და ჭკუის დარიგება.
გაოცებით შევხედე და მივუგე: თუ რამის თქმა გინდა, პირდაპირ მითხარი-მეთქი.
ბობმაც მითხრა:
_ ეტყობა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ამ ველურებს ნამდვილად ვერ გაუმკლავდები, ამიტომ რასაც გიბრძანებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო. ციხეს თავისი კანონები აქვს!
_ მაგათ ვუჩვენებ სეირს!.. _ მუქარით წამოვიწიე.
_ გეყოფა ახლა. მალე ზედამხედველები მოვლენ და ხმა არ ამოიღო, თავი შეიკავე. შენთვის ასე აჯობებს... _ ბოლო სიტყვები ჩურჩულით მითხრა და მივხვდი, რომ ეს საწყალი მაგრად დაებეჩავებინათ ზანგებს.
ბობმა ფეხზე წამომაყენა, ჩემს საწოლთან მიმიყვანა და რაღაც ჭუჭყიანი სველი ჩვარი დამადო. ბოღმა მახრჩობდა, როგორი ამბავია _ ვიღაც ნაგავი პატიმრისთვის გალახვა უნდა შემერჩინა?! არა, ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი!.. შურისძიებაზე ფიქრი ტვინს მიხვრეტდა და ჯეკს თვალებით ვბურღავდი. კარგად ხედავდა, რა ცეცხლი გიზგიზებდა ჩემს სულში. უეცრად წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. რაღაც კიდევ მითხრა ამრეზილმა, მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა ჩემამდე დარჩენილი, რომ მოულოდნელად წამოვვარდი, რაც ძალა და ღონე მქონდა, წიხლი მოვიქნიე და პირდაპირ ფეხებშუა `ვჭედე~... ატყდა, მაგრამ რა ატყდა! ეს გოლიათი ისე აღრიალდა, მეგონა, კედლები ჩამოინგრეოდა. მისმა არაადამიანურმა ბღავილმა ადგილზე გამაქვავა და ეს დიდი შეცდომა იყო... ჯეკი სიმწრისგან იატაკზე იკლაკნებოდა და მისი ცქერით გართულმა ვერ შევამჩნიე, როგორ მომეპარა ჩია ზანგი უკნიდან... თავში რაღაც მძიმე საგანი მომხვდა...
ჭელცომე ტო Aმერიცა
როგორც მერე შევიტყვე, 3 დღე უგონოდ ვწოლილვარ რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩემი ახალი ქუთაისელი მეგობარი დიმა ბაზელი, წნორელი გივი და ათამდე ქართველი ბიჭი შრომის ბირჟიდან, მთელი ეს პერიოდი თურმე საავადმყოფოსთან ტრიალებდნენ და ამით მედპერსონალიც გაუოცებიათ.
იმდენად დიდი ტრავმა მქონდა, რომ ქირურგები თავიდან იმასაც შიშობდნენ _ ვაითუ, სრულ ჭკუაზე ვეღარ იყოსო... ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად დამთავრდა... ხოლო როცა თვალი გავახილე, ღიმილიც ვერ შევიკავე: მშვენიერი, ქერათმიანი გოგონა მადგა თავს და როცა დარწმუნდა, რომ გონზე მოვედი, ღვთაებრივი ხმით მითხრა: ჭელცომე ტო Aმერიცა _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაშიო!..
ლამაზ მედდას მადლობა გადავუხადე და... ახლაღა მივხვდი, სად ვიყავი. გოგონას ღიმილით გათამამებულმა წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნურას უკაცრავად: წვეთოვანი სისტემა მიეერთებინათ და მკლავში ნემსი მქონდა ჩარჭობილი...
ვინაიდან სიარული ჯერ კიდევ არ შემეძლო, გამომძიებელმა რამდენჯერმე პალატაში მომაკითხა. ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდა, პასუხებსაც ერთნაირს ვაძლევდი. საქმე წინ არ იძვროდა. არადა, როგორი დასამტკიცებელი იყო, რომ ჩემს მანქანაში, ჩემი სკამის ქვეშ საგულდაგულოდ შენახული, ჰეროინით სავსე პარკი შემთხვევით მოხვდა და რომ ჰეროინი ცხოვრებაში არასოდეს მინახავს?!.
ლაბირინთიდან გამოსავლის ძიებაში
დიმა ბაზელი ციბრუტივით ტრიალებდა. ძალიან უნდოდა, როგორმე დამხმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთ დღეს დაიწყო:
_ აქედან გასასვლელი ორი გზა არსებობს: პირველი ის არის, რომ ვიღაცამ შენს სახელზე თავდებში 40 ათასი დოლარი გადაიხადოს. მეორე კიდევ, ის, რომ მაგარი ადვოკატი უნდა დავიქირაოთ. ადვოკატის აყვანაც ერთი ამდენი დაჯდება...
_ ეჰ, ჩემო დიმა! ორი კი არა _ ერთადერთი გამოსავალი გვქონია: ფული გვინდა, თანაც _ ბევრი!
_ სამწუხაროდ, ასეა! _ დამეთანხმა დიმა.
_ ედმონდი ხომ არ გინახავს? _ ახლაღა გამახსენდა ჩვენი ფირმის მფლობელი.
_ ვნახე. არ არის დარწმუნებული, რომ ამ საქმეში სუფთა ხარ... სამაგიეროდ, ჩვენმა ბიჭებმა თქვეს, ფულს მოვაგროვებთო... _ განაგრძო დიმამ.
_ საიდან უნდა მოაგროვოთ ამხელა თანხა?! რაღაც გროშებს ძლივს აგზავნით საქართველოში.
_ ეგ კიდევ არაფერი. ისეთი ადვოკატი გვჭირდება, რომელიც საქმეს აუცილებლად მოიგებს, თორემ ფულიც იკარგება და... _ დიმამ აღარ გააგრძელა.
_ მერე სად ვიპოვოთ ეს ადვოკატი?
_ მოდი, ნიკს დავურეკოთ. თან გადავყევით მაგის სიდედრს. ჩვენს ხელში დალია სული, შვილებივით ვუპატრონეთ. თან, ნიკმა ხომ თვითონაც გვითხრა _ თუ დაგჭირდებით, დამირეკეთო.
_ ნიკი, ნიკი... _ უაზროდ ვიმეორებდი ამ სახელს. _ მერე უხერხული არ იქნება?
_ არა! ხვალვე წავალ და ყველაფერს ავუხსნი. ნიკი აუცილებლად დაგვეხმარება!..
სასამართლოს მოლოდინში _
ოლბანის სახალხო ციხეში
იმ დღის შემდეგ, დიმა სამი კვირა აღარ გამოჩენილა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველამ ბედის ანაბარა მიმატოვა... ერთხელ დილით კი, ბადრაგი დამადგა თავს, თანაც სამკაციანი ჯგუფი: ეტყობა, ნამდვილი ჩხუბისთავის რეპუტაცია მქონდა მოპოვებული... განმიმარტეს, რომ ნიუ-იორკის შტატის ციხეში უნდა გადავეყვანე.
_ კი, მაგრამ ჯერ სასამართლო არ ყოფილა და ციხეში რისთვის მიგყავართ?! _ გავაპროტესტე.
_ ჩვენ მხოლოდ ბრძანებას ვასრულებთ და არავითარ განმარტებას არ ვიძლევით! _ ცივად მიპასუხა ერთ-ერთმა.
_ იცით თუ არა, რომ ამით თქვენ უხეშად არღვევთ ადამიანის უფლებებს?!. _ გამახსენდა, რომ ამერიკაში ყველას ადამიანის უფლებათა დაცვა აკერია პირზე.
_ მოკეტე ახლა და შენი უფლებები იქ დაიცავი, სადაც მიგაბრძანებთ!.. _ ისე დამიბრიალა თვალები ერთ-ერთმა, რომ მივხვდი, კამათს აზრი არ ჰქონდა.
ცოტა ხანში, ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი ადიმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ოლბანის სახალხო ციხეში ამოვყავი თავი.
ამერიკაში სამი სახეობის საპატიმროა _
ფედერალური, სახალხო და საიმიგრაციო
ფედერალურ ციხეში ე.წ. ინტელექტუალური დამნაშავეები _ ბანკირები, სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები სხედან, რომელთაც ბრალი ედებათ დიდი ოდენობით თანხის გატაცება-მითვისებაში, ასევე ისინიც, ვინც სახელმწიფო საიდუმლოება გასცა. სახალხო ციხეში ჩვეულებრივი პატიმრები _ ჩვეულებრივი კრიმინალური დამნაშავეები ხვდებიან. საიმიგრაციო ციხეში კი ის უცხოელები, რომელთა უმაღლესი სასჯელის ზომა, დეპორტაცია _ ქვეყნიდან გაძევებაა. ჩემდა გასაოცრად, საიმიგრაციოს ნაცვლად, სახალხო ციხეში მიმიყვანეს, საიდანაც ალბათ სამშობლოს კარგა ხანს ვეღარ ვიხილავდი...
ადმინისტრაციულ კორპუსში საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გავიარე. თავიდან ბოლომდე გამაშიშვლეს და ისე მათვალიერებდნენ, თითქოს ადამიანის ანატომიას ჩემს სხეულზე სწავლობდნენ ან სულაც უცხოპლანეტელი ვიყავი. ჩემს ტანსაცმელს დეზინფექცია ჩაუტარეს, ამიტომ კარგა ხანს, ქლორის თუ ტარაკნების წამლის სუნი უდიოდა... რკინის ფირფიტა ჩამომკიდეს, რომელზეც ჩემი პირადი ნომერი _ 196647 ეწერა. ეს შენი ნომერია და კარგად დაიმახსოვრე, _ გამაფრთხილეს, _ ამ ნომრით გამოგიძახებთ ხოლმეო...
ნომერი იოლად დავიმახსოვრე. ალბათ იმიტომ, რომ პირველი ოთხი ციფრი ჩემი დაბადების წელს ემთხვეოდა, ბოლო ორი კი, იმ სკოლის ნომერი იყო, რომელშიც ვსწავლობდი. ამ ფირფიტამ კიდევ ერთხელ შემაჯახა მწარე სინამდვილესთან. თუმცა, იხტიბარს არ ვიტეხდი და ისევ ადამიანის უფლებათა დარღვევას `ვაწვებოდი~... ეტყობა, ჩემმა ბუზღუნმა შედეგი გამოიღო და ერთ დღესაც, ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში შემიყვანეს. იქ ხანში შესული, მკაცრი გამომეტყველების კაცი დამხვდა. ყოველგვარი შესავლის გარეშე, ცივად მითხრა: `მომახსენეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაში გვდებთ ბრალს. იქნებ განმიმარტოთ, რაშია საქმე?~
თავიდან დავიბენი, მაგრამ მერე, ძალა მოვიკრიბე და ომახიანად გამოვთქვი ჩემი პრეტენზია:
_ სასამართლო ჯერ არ ყოფილა და პირდაპირ ციხეში რატომ მომიყვანეთ?
_ ამას ჩვენ არ ვწვეტთ. პრეტენზიები სასამართლოზე შეგიძლიათ გამოთქვათ, რომელიც თქვენს საბოლოო ბედსაც გადაწყვეტს...
_ ახლობლებთან დარეკვა მინდა, მოვითხოვე და უარი მივიღე...
_ აი, მაგას კი ვერ შეგისრულებთ!.. თქვენი საქმე ძიებაშია და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მძიმე დანაშაულში გედებათ ბრალი!
_ აბა, რა უნდა ვქნა, ვის მივმართო? _ წამოვიძახე სასოწარკვეთილმა.
_ არ მესმის, რას ითხოვთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ _ ამერიკის მართლმსაჯულება უდანაშაულოს არ დასჯის, დაელოდეთ სასამართლოს... _ დაასრულა მან და ფეხზე წამოდგა.
Pლჰფდცნდექ^ პტვკზრ!&&
ადმინისტრაციული შენობიდან ამჯერად, მხოლოდ ერთ ზედამხედველს მივყავდი. არც ხელბორკილი მეკეთა და რომ არა გულზე დაკიდებული ნომრიანი ფირფიტა, შემეძლო, თავი ცოტა ხნით მაინც თავისუფალ ადამიანად წარმომედგინა. არადა, თავისუფლების ფასს თურმე ყველაზე მეტად ციხეში გრძნობ კაცი...
ძირითად დარბაზში შევედით. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, სად ციხე და სად დარბაზიო, მაგრამ დამერწმუნეთ, მართლაც ასე იყო. მე ციხე უზარმაზარ დარბაზად აღვიქვი, რომლის შუაში რკინის მაგიდები იდგა, გარშემო შემომსხდარი ოფიცრებით. დარბაზის განაპირა მხარეებზე სტანდარტული გისოსებიანი საკნები ჩაემწკრივებინათ. პირველი შეგრძნება იქ მისვლისას ისეთი იყო, თითქოს ფეშენებელურ ზოოპარკში მოვხვდი, ზოოპარკში, სადაც საშინელი მტაცებელი ცხოველები იყვნენ გამომწყვდეული... და მე მათი დათვალიერება უნდა დამეწყო... სამწუხაროდ, სულ მალე მეც `მტაცებელ ცხოველთა~ რიგებში ჩამწერეს და გალიაში გამომაწყვდიეს.
თავდაპირველად, როცა ოფიცერთან ერთად ამ დარბაზში შევედი, ყრუ გუგუნმა ლამის სმენა წამართვა. გალიების ბინადარნი ახმაურდნენ... მაგრამ ხმაური მაშინვე შეწყდა, როგორც კი შუა დარბაზში მსხდომ ოფიცრებს მივუახლოვდი, უფრო მეტიც _ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო _ პატიმართა საკრებულოს ახალი წევრი ემატებოდა... ჩემი სახით! ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა გისოსებიდან მრავალი წყვილი თვალი...
უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. გალიაში გამომწყვდეული `ცხოველები~ ნადირის გუმანით მამოწმებდნენ.
_ თეთრკანიანთან ერთად გინდა საკანში თუ შავკანიანთან? _ მკითხა ახმახმა ოფიცერმა, რომელმაც ჩემი ნომერი დავთარში ჩაინიშნა.
_ თეთრკანიანთან, რა თქმა უნდა! _ რიხიანად ვუპასუხე იმით გახარებულმა, რომ ჩემი სურვილის მიხედვით მირჩევდნენ `პარტნიორს~.
_ ჰოდა, მიგაბრძანებთ შავკანიანთან!.. და შენი ხმა არ გავიგო!.. _ მუქარის ტონით მითხრა, მაგრამ უკვე იმდენად შეჩვეული ვიყავი მეციხოვნეებისგან უხეშ დამოკიდებულებას, რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია. ხმის ამოუღებლივ დაველოდე მოვლენათა განვითარებას.
ოფიცერმა რაღაც ქაღალდზე მომაწერინა ხელი (წესიერად არც დამიხედავს და არც წამიკითხავს), გასაღებების ასხმულა აიღო და მანიშნა _ გამომყევიო. მეორე სართულზე ავედით. ეტყობა, ძალიან დაბნეული და დამფრთხალი სახე მქონდა. საკნებს რომ ჩავუვლიდით, პატიმრები რეპლიკებს მესროდნენ. უმეტესობა დამცინოდა. ჩემი სახით გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებს გასართობი გაუჩნდათ. ისინიც არ მალავდნენ ემოციებს... ასე ვიქეცი უჩვეულო სპექტაკლის `მთავარ გმირად~.
მთა მთას არ შეხვდება, თორემ...
დათრგუნვილი ჩემს წილ `ბალანდას~ ვიღებდი რკინის მათლაფიდან და სრულიად მოულოდნელად _ `ეი, ზემლიაკ!~ _ დამიძახა ვიღაცამ. ჭკუიდან თუ არ შევიშლებოდი, არ მეგონა. ახლა რუსული ენა ჩემთვის მშობლიურად ქცეულიყო. გაფართოებული თვალებით, მხსნელად მოვლენილი ანგელოზივით ვუყურებდი რუს პატიმარს, რომელიც იმ დღეს საკნებში სადილს არიგებდა. ვუყურებდი და გაოგნებულს ხმა ვერ ამომეღო.
_ ვერ მიცანი, არა? მე კიდევ, გუშინ რომ მოგიყვანეს, საკნიდან დაგინახე და მაშინვე გამახსენდი, _ კეთილად მიღიმოდა მაღალი, ქერა, რუსი მამაკაცი.
_ კი, მაგრამ მე რომ ვერაფრით გიხსენებთ? _ როგორც იქნა, ამოვღერღე.
_ ბრუკლინი, რესტორანი @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#, კისა... _ დაიწყო ჩამოთვლა ქერამ.
_ მერე?..
_ რა მერე? მეც იქ ვიყავი ხოლმე, თითქმის ყოველ საღამოს. შენ გიტარაზე უკრავდი, შუფუტინსკის სიმღერებს მღეროდი, თანაც სულ კისასთან ტრიალებდი, რესტორნის დედოფალთან! მაშინ ძალიან მშურდა შენი!.. _ ისევ გამიღიმა რუსმა პატიმარმა.
ამასობაში, ეტყობა, ოფიცერი მიხვდა, რომ საუბარი გავაბით და ქვემოდან დაიღრიალა: Lეტ`ს გო (დაუჩქარე, ნუ ჩერდები)!
_ ახლა უნდა ავახვიო, თორემ, ხომ ხედავ, რა დღეშია ეს ამერიკელი ფაშისტი. გასასეირნებლად რომ გამოგიყვანენ ეზოში, იქ შევხვდებით. აბა, კარგად! _ მითხრა უცნობმა ნაცნობმა და ჩემს საკანს მოშორდა.
ვიდექი გისოსებთან და უაზროდ დავყურებდი წვნიანით სავსე მათლაფას. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ კიდევ უფრო ამაფორიაქა, კიდევ ერთხელ შუბლით შემაჯახა მწარე სინამდვილეს. ვიდექი და ადგილიდან დაძვრა ვერ მომეხერხებინა.
ფიქრებიდან მსუბუქმა მუჯლუგუნმა გამომიყვანა. ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგი ახლოს მოსულიყო და მათლაფაზე მანიშნებდა _ ეტყობა, შენ არ მოგწონს და მომეციო. ანგარიშმიუცემლად მივაწოდე. მოხუცმა პატიმარმა ხელის სწრაფი მოძრაობით მათლაფა ხელიდან გამომტაცა და თავისი საწოლისკენ გააქანა. მოუხერხებლად ჩამოჯდა, პირდაპირ მიიყუდა პირთან და ხმაურიანად ამოხვრიპა წვნიანი. მერე კმაყოფილი სახით გადმომხედა, საწოლზე არხეინად წამოგორდა, თვალი ჩამიკრა და აღიღინდა. ვიფიქრე, მგონი, ამას ფსიქიკაში ყველაფერი რიგზე არ უნდა ჰქონდეს-მეთქი, ერთდროულად სიბრალულის გრძნობაც გამიჩნდა მისდამი და შიშიც დამეუფლა. უეჭველად უნდა დამედგინა, ვისთან მქონდა საქმე.
_ ბაბუ, ძალიან გიყვარს ჭამა, არა? _ თანაგრძნობით ჩავეკითხე საწოლზე წამოგორებულს.
_ ჰო, აბა რა! შენი წილიც მომეცი ხოლმე, _ უცერემონიოდ გამომიცხადა. ორი დღე ერთ საკანში ვისხედით და მხოლოდ ახლა შემოვიდა კონტაქტში.
_ კარგი, გაჭმევ, როცა არ მენდომება ან არ მომეწონება... _ დავყაბულდი და ჩემი `პირობებიც~ გავაცანი.
_ არა, შენ ვერ გაიგე: როცა არ მოგეწონება კი არა, ყოველთვის უნდა მომცე საჭმელი. შენ რად გინდა? მერეც მოასწრებ ჭამას, მე კიდევ, მალე უნდა მოვკვდე... _ მოისაწყლა თავი.
_ რა დროს სიკვდილია, ყოჩაღად გამოიყურები! _ ვცადე, გამემხნევებინა.
_ არ მომცემ საჭმელს და იცოდე, ბილს ვეტყვი! _ უეცრად შეტევაზე გადმოვიდა ბერიკაცი. ამ მუქარამ სულ მთლად ამირია გონება:
_ აბა, ერთი კარგად გაიმეორე, ვის ეტყვი?
_ ვის და ბილს!
_ ვინ არის ბილი?
_ რომ გაიგებ, მერე გვიან იქნება!.. _ ისევ მკაცრი ტონით გამომიცხადა და კედლისკენ გადაბრუნდა. ამით მიმანიშნა _ `აუდიენცია~ დამთავრებულიაო.
კვლავ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან. მოხუცი ზანგის საქციელმა რაღაც ეჭვები კი გამიჩინა, მაგრამ ახლა ამ ეჭვებისთვის ნაკლებად მეცალა. ახლა იმ რუს პატიმარზე ვფიქრობდი, ჩემი დანახვა რომ ძალიან გაუხარდა და ერთი სული მქონდა, სასეირნოდ როდის გამიყვანდნენ, რომ შევხვედროდი და მისი წყალობით მაინც გამეგო დაწვრილებით ამერიკული ციხის კანონები...
ამასობაში შეუმჩნევლად გაირბინა რამდენიმე საათმა. სადილის დროც მოვიდა. მეგონა, ის რუსი პატიმარიც მოჰყვებოდა ურიკას, მაგრამ ამჯერად სხვები მოვიდნენ. სენდვიჩის მოზრდილი ნაჭრები და ფორთოხლის წვენი დაგვირიგეს. მოხუცი ზანგი მკვირცხლად წამოხტა და თავისი ულუფა აიღო. მეც მშვიდად გამოვართვი სენდვიჩი მორიგე პატიმარს, ტოლჩაში ფორთოხლის წვენი ჩამისხეს. ნახევარი იქვე დავლიე და ჩემი საწოლისკენ გავემართე. სენდვიჩი ძალიან მიყვარს. ის-ის იყო, პირისკენ წავიღე, რომ მოხუცი ზანგი მომვარდა და ხელიდან გამომგლიჯა. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
_ ეე, ბაბუ, რას შვრები, საჭმელს მაწერ?!. _ წამოვიყვირე.
_ ხომ გითხარი, შენი წილი მე უნდა მომცე-მეთქი! _ აგდებულად მიპასუხა ზანგმა. გამომწვევად ეჭირა ორივე ხელში სენდვიჩები, ხან ერთს ჩაკბეჩდა, ხან _ მეორეს და საწოლზე ჩამომჯდარი, ფეხებს ჰაერში არხეინად ათამაშებდა... როგორი საქმეა? რომ ვეჩხუბო, არავინ გამამართლებს, მოხუცს მოერია და დაჩაგრაო, იტყვიან. არადა, ვერც ვერაფრით დავამტკიცებდი, რომ საჭმელს მართმევდა!..
_ ბაბუ, გამოდის, რომ ჩემი საჭმელი სულ შენ უნდა მოგცე? _ დავიწყე მოხუცის ხელახალი `დაკითხვა~.
_ ჰო, ჰო, ასეა! _ დაუფიქრებლად მიპასუხა, თან პირი არ გაუჩერებია.
_ მერე, მე რა ვჭამო?
_ რაც გინდა, ის ჭამე, რა ჩემი საქმეა?! _ აგდებულად მიპასუხა.
_ იქნებ, უფრო თავაზიანად აგეხსნა, ბებერო!.. _ უკვე ვბრაზდებოდი.
_ რა გამიჭირე საქმე, ბიჭო, შენ! ხომ გითხარი, ბილს ვეტყვი-მეთქი! _ ისევ დამემუქრა.
_ ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, ვინ არის ეს შენი ბილი? _ წამოვვარდი საწოლიდან და ის-ის იყო, ზანგს უნდა ვცემოდი, რომ ღრიალი მორთო:
_ ბილ! ბილ!!! ეს რუსი საჭმელს მართმევს, უთხარი რამე!
მოხუცი გაჰყვიროდა და გვერდითი საკნისკენ იხედებოდა.
_ ეე, რუსო, შენი!.. ჭკუაზე მოდი, თორემ, ნეკნებს დაგამტვრევ!.. _ მომესმა მეზობელი საკნიდან ვიღაცის ხრინწიანი ხმა. გაცეცხლებულმა ისიც კარგად შევამჩნიე, რომ ზანგმა სენდვიჩები ბოლომდე ვერ `აითვისა~... მერე, მშვიდად დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა და თავი მოიმძინარა...
აშკარა იყო, პატიმრები რაღაც ბინძურ თამაშში მითრევდნენ, მაგრამ ვერ გამერკვია, რას მთავაზობდნენ. რაც მთავარია, იქაური თამაშის წესები არ ვიცოდი. ბოლო იმედად ის რუსი პატიმარი დამრჩა, რომელსაც სასეირნოდ გასვლისას უნდა შევხვედროდი. სამწუხაროდ, იმ დღეს არავის გახსენებია ჩემი სუფთა ჰაერზე გაყვანა. ვიჯექი საწოლზე და სევდიანად ვუყურებდი ხან ზურგშექცეულ ზანგს, ხან კიდევ, მოპირდაპირე მხარეს საკნებში გამომწყვდეულ პატიმრებს.
...არც საღამოს მომიწია ჭამამ. ქათმის შემწვარი ბარკლები და მოხარშული ბრინჯი მოხუცმა ერთიანად `მოხვეტა~ (ორივე წილი), ქორივით გადაეფარა და გამგელებულმა დაიწყო ჭამა. ამდენი მოულოდნელობისგან ისე ვიყავი განცვიფრებული, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ მქონდა. წყნარად ვიჯექი ბედს შეგუებულივით და ვუყურებდი, რას იზამდა ეს გათავხედებული მოხუცი ზანგი. მან კი, ვითომც აქ არაფერიაო, ხორცი ბოლომდე მიირთვა, ბრინჯს კი, ნაგვის ყუთში გადაუძახა.
დღემ ისე ჩაიარა, რომ ფორთოხლის წვენის გარდა, პირში არაფერი ჩამსვლია. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ცალკე შიმშილი მაწუხებდა, ცალკე _ იმაზე დარდი, რომ არ ვიცოდი, რა განაჩენს მიმზადებდა ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგისა და ვიღაც თავზეხელაღებული ბილის ალიანსი. დროდადრო მოხუცს შევავლებდი თვალს, რომელიც გაჭიმული იწვა და არხეინად ხვრინავდა...
როგორც იქნა, გათენდა. საუზმის დროც დადგა. წინასწარ გულში ვიმეორებდი ფრაზებს, რომლებიც ღორმუცელა ზანგისთვის უნდა მეთქვა, თუ იგი კვლავ დააპირებდა ჩემთვის ულუფის წართმევას. მაგრამ როცა საუზმე ჩამოატარეს, მოხუცმა მშვიდად აიღო თავისი წილი, გადმომხედა და `დიდსულოვნად~ მითხრა:
_ გეყოფა გუშინდელი შიმშილი, აიღე შენი წილი, _ და დასძინა: _ აი, შემდეგ კი, როგორც მოიქცევი, ისე იქნება შენი საქმე...
_ კი, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს, კარგად ვიქცევი თუ ცუდად? _ ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილმა ვკითხე.
_ ვინ და ფულმა! ფულმა და ბილმა... მოკლედ, შეხვდები და იქ გადაწყდება! _ ცივად მომიჭრა ზანგმა და მივხვდი, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, მეტს მაინც არაფერს მეტყოდა.
`კანონი~ ყველა ციხეში კანონობს!..
ოლბანის სახალხო ციხეს, ისევე, როგორც ყველა საპყრობილეს ნებისმიერ ქვეყანაში, თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები ჰქონდა. დღეში სამჯერადი კვება იყო. სხვათა შორის, იმაზე უკეთესად გვანაყრებდნენ, ვიდრე საბჭოთა სანატორიუმებში. მენიუში ხილი და ტკბილეულიც კი იყო ჩართული... კვირაში ორჯერ, ახალი გაზეთები შემოჰქონდათ. წიგნის მოთხოვნაც შეიძლებოდა. კვირაში სამჯერ, საკნის კარი იღებოდა და პატიმრებს შეეძლოთ, რამდენიმე საათით თავისუფლად ევლოთ... სწრაფად ივსებოდა ხოლმე საპატიმროს ეზო `თავისუფალი~ ტუსაღებით. ვინ კალათბურთს თამაშობდა, ვინ _ ფეხბურთს, ვინ _ ბადმინტონს, ვინ უბრალოდ დარბოდა ან სულაც ბოლთას სცემდა. კრივისა და ჭიდაობის მოყვარულიც მრავლად იყო...
ინტერესით ვათვალიერებდი ყველაფერს. რატომღაც მეგონა, ყველამ იცოდა, რომ ახალი ვიყავი და თუ ჩემს გაცნობას მოისურვებდნენ, მოვიდოდნენ და მკითხავდნენ, ვინ ვიყავი, საიდან და რატომ მოვხვდი აქ. მეც ჩემს დარდს გავუზიარებდი მათ და ვინ იცის, იქნებ, რომელიმეს რაღაც გზაც ესწავლებინა ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოსასვლელად... მაგრამ ნურას უკაცრავად, თითოეულს საკუთარი თავი გასჭირვებოდა და შენი აკაკი გეგენავა არავის ენაღვლებოდა.
პატიმრები ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილიყვნენ. თვალის ერთი გადავლებაც საკმარისი იყო, მიხვედრილიყავი, ვინ ქურდი იყო, ვინ ნარკომანი, ვინ კიდევ _ ცისფერი. ცისფერების ჯგუფი ისეთი კაშკაშა ფერებით იყო აჭრელებული, თავიდან ისიც კი ვიფიქრე, საკონცერტო ნომერს ხომ არ ამზადებენ-მეთქი. მერე კი, ცისფერების გვერდით ქალებიც შევნიშნე. თან გამიკვირდა და თან გამიხარდა, მამაკაცებთან ერთად ეზოში ქალებიც რომ სეირნობდნენ. ქართულმა სისხლმა თავისი გაიტანა და მეც ქალებისკენ წავედი. გარკვეული დისტანციიდან ღრმა დეკოლტეები და მოკლე კაბები ერთობ გამომწვევი ჩანდა, მაგრამ როცა მათ მივუახლოვდი, თქვენს მტერს, რაც მე დამემართა: არაფერი ისეთი ამაზრზენი არ ყოფილა, როგორიც ქალის ტანსაცმელში ექსტრავაგანტურად გამოწყობილი, თან ერთად თავმოყრილი ბევრი ცისფერი... მათ ჯგუფთან მიახლოება და გველნაკბენივით უკან გამოქცევა ერთი იყო. საბედნიეროდ, ცისფერებს ჩემი არც მისვლა შეუნიშნავთ და არც უკან გამოქცევა. ისე იყვნენ ერთმანეთის ალერსში გართული, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდნენ...
უკან გამოვბრუნდი და ნაცნობ რუსს დავუწყე ძებნა, მაგრამ ამ არეულობაში ვინმეს პოვნა იოლი ნამდვილად არ იყო.
მოულოდნელად ჩემ წინ ვაი-უშველებელი ატყდა. 6 პატიმარი ერთს სცემდა. ის თავიდან კი უწევდა წინააღმდეგობას, თითოეულს თავისი მუშტის დარტყმაც აგემა და წიხლიც, მაგრამ ბოლოს მაინც მიწაზე აღმოჩნდა. ისე გამეტებით ურტყამდნენ, რომ ცოტა ხანში, წაქცეულს ხელის განძრევის თავიც აღარ ჰქონდა, ბოლოს კი ისე გაითიშა, ძნელი გასარკვევი იყო, სუნთქავდა თუ არა. `მეორე მხარესაც~ მოჰბეზრდა მომაკვდავის თუ მკვდრის ცემა და სასწრაფოდ გაშორდნენ. დარჩა საცოდავი, მტვრიან მიწაზე, მზის გულზე უპატრონოდ დაგდებული. კაციშვილი არ გაჰკარებია... ყველაზე განსაცვიფრებელი ის იყო, რომ არც ზედამხედველებს მიუქცევიათ ამ ინციდენტისთვის ყურადღება. არადა, ზედამხედველი საკმაოზე მეტიც იყო. ისინი ზემოდან გადმოჰყურებდნენ ეზოს, ეს ჩხუბიც მშვენივრად დაინახეს, მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა, თითქოს მათ მოვალეობაში მოჩხუბართა გაშველება არ შედიოდა...
მხარზე ვიღაცის ხელის დადებამ გამომაფხიზლა. თავი ავწიე და ისეთი შავი მამაკაცი შემრჩა ხელში, კინაღამ გული წამივიდა. თანაც, ხელი ისეთი ძალით ჩამავლო მხარში და ისეთი აგრესიული ჩანდა, რომ გავიფიქრე _ ეჰ, კაკო, შენი აღსასრულის დროც დადგა...
_ შენ ხარ ის რუსი, ძია ჯოს საჭმელს რომ არ აძლევდა? _ მკითხა ზანგმა.
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა, მით უმეტეს, რომ შევამჩნიე _ ჩვენკენ ის ჯგუფი მოემართებოდა, რომელიც წეღან სასტიკად გაუსწორდა ერთ პატიმარს... მაგრამ არც ბეხლეწი დალოდებია ჩემს პასუხს და ახალი კითხვა დამისვა:
_ საიდან ხარ?
ვერ გეტყვით, შიშმა თუ თავდაცვითმა ინსტინქტმა მაიძულა, გონება მომეკრიბა და ჩემი შესაძლებლობების მობილიზება მომეხდინა. ჯარისკაცივით გავიჭიმე და გარკვევით, საკუთარ თავში დაჯერებულმა ვუპასუხე:
_ ბრუკლინელი ვარ, `ჩარჩის~ უბნის იანკების მეგობარი... _ ჩემს მეზობლად მცხოვრები ზანგები ვახსენე _ `ძველი ბიჭები~, რომლებთანაც ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა ავაწყვე...
_ ბილს იცნობ? _ მკითხა ზანგმა.
_ ბილს როგორ არ ვიცნობ?.. _ ამოვისუნთქე: კვარტლის ყოჩზე მეკითხებოდა, რომელიც 3 თვის წინ გავიცანი და დავუმეგობრდი კიდეც.
_ ძალიან კარგი, მაშინ ერთმანეთს გავუგებთ. ისე, მეც ბილი მქვია, _ გამიღიმა და ისეთი თეთრი კბილები გამოაჩინა, ლამის თვალთ დამიბნელდა.
_ გინდა, ციხეში წყნარი ცხოვრება გქონდეს? _ ახალი კითხვა შემაგება ბილიმ.
_ რა თქმა უნდა!
_ სიმშვიდე ფული ღირს, ხომ იცი?!. შენს გადასახადს გადაიხდი და _ მორჩა, ხელს ვერავინ გახლებს. ისე, ბილის ხათრით, ცოტა შეღავათი გექნება.
_ რამდენია გადასახადი?
_ ამას ჯო გეტყვის! _ მოკლედ მომიჭრა და ზურგი მაქცია. თავის ამფსონებთან ერთად სწრაფად გამეცალა. ეტყობა, კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა გასარჩევ-მოსაგვარებელი...
ბიძია ჯო ალაპარაკდა
როცა სეირნობიდან დავბრუნდი, ჩემდა გასაოცრად, საკანი ცარიელი დამხვდა. ალბათ, ჯო ეზოში `საქვეყნო~ საქმეებს აგვარებდა... მივწექი ციხის კვალობაზე საკმაოდ კომფორტულ საწოლზე და ჩემს უიმედო მდგომარეობაზე ფიქრს დავუბრუნდი. ახლა ჩემი ბედი ამ მოხუც ზანგს უნდა გადაეწყვიტა, რომელმაც თავიდანვე ამითვალწუნა... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. როგორც ჩანს, პირველი გასეირნების შთაბეჭდილებებმა თავისი ქნა და გადაღლილს ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, ვხედავ _ ჯო თავის საწოლზე ზის და კეთილად მიღიმის. ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. საწოლზე ჩამოვჯექი და მოხუცს მივაშტერდი. ისიც ადგა, ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი ძმაკაცურად დამკრა და მითხრა:
_ მაგარი ბიჭი ყოფილხარ. ნურაფერზე იდარდებ. აქ პრობლემები არ გექნება. თითსაც ვერავინ დაგაკარებს!.. _
მოხუცმა თვალი ჩამიკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. სასწაული თუ გინდათ, ეს იყო: მოხუცი ჯო, რომელიც ორი დღე სისხლს მიშრობდა, რომ იტყვიან, 180 გრადუსით შემოტრიალდა. ბუზღუნა, ჭირვეული, ბოროტი ბერიკაცი მოულოდნელად კეთილშობილ, სათნო ადამიანად გადაიქცა.
_ რა მოხდა, ბიძია ჯო, ვეღარ გცნობთ, შეიცვალა რამე? _ ვკითხე უნდობლად.
_ არაფერი, უბრალოდ გავიგეთ, ვინცა ხარ და ეგ არის! _ მოკლედ მომიჭრა მოხუცმა ზანგმა.
_ მაინც როგორ გაიგეთ?
_ მთელი ცხოვრება მაგის მეტი კი არაფერი მიკეთებია. მით უმეტეს, ციხეში არაფერი იმალება...
_ ბილს შევხვდი... ვილაპარაკეთ... _ დავიწყე მე.
_ ვიცი, ყველაფერი ვიცი, _ მშვიდად მიპასუხა.
_ ბიძია ჯო გეტყვის, რამდენი გექნება გადასახდელიო... _ ვთქვი და სმენად ვიქეცი.
_ შენ როგორ ფიქრობ, რამდენი უნდა გადაიხადო? _ კითხვითვე მიპასუხა.
_ რა ვიცი, აბა...
_ არაფერიც არ უნდა გადაიხადო, იცხოვრე შენთვის და უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემს!.. _ სულმთლად დაიშაქრა მოხუცი.
რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა? _ ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
_ ვერაფერი გავიგე... _ წავიბუტბუტე.
_ რა ვერ გაიგე, კაცო?! შენ თურმე ისეთ ხალხს იცნობ, მაგარი ვინმე ყოფილხარ... მოკლედ, შენისთანა კაცს ციხეში აწი ვეღარავინ შეაწუხებს.
ასე გამომადგა ოლბანის ციხეში ბრუკლინელ ავტორიტეტებთან ნაცნობობა...
ბიძია ჯო _ BEB-ი ანუ სხვის
ზურგს უკან მდგომი პატიმარი
ჯოს დიდი განათლება არ ჰქონია მიღებული, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს. იმდენჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში, რომ მიკვირს, 75 წლამდე როგორ მიაღწია. თანაც ამ 75-დან 40 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. ციხე ჯოს სახლი უფრო იყო, ვიდრე საპყრობილე _ იქ ყოველ კუთხე-კუნჭულს იცნობდა. ვინ იცის, რამდენი ციხის უფროსი შეიცვალა `მის ხელში~, რამდენი მკვლელი და გარეწარი დასვეს ელექტროსკამზე, რამდენი ზედამხედველი `მოარჯულეს~ პატიმრებმა და რამდენი უდანაშაულო იხსნეს განსაცდელისგან... როცა მას ვუსმენდი, მეც იმედი მიჩნდებოდა _ იმის იმედი, რომ როგორმე ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი და იქიდან გავაღწევდი...
დიახ, საკმაოდ არაორდინარული პატიმარი გახლდათ ბიძია ჯო. რვაჯერ იყო ნასამართლევი და ერთი ამდენჯერ, თავდებით გამოშვებული. ამის შესახებ პირველად რომ მითხრა, ყურადღება არც მიმიქცევია, მიუნჰაუზენად ჩავთვალე. მაგრამ მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მოხუც ზანგს ტყუილების თქმა არ უყვარდა. ისიც ჰყოფნიდა, რომ სწორედ `პროფესიონალური მატყუარობისთვის~ იჯდა... და როცა კიდევ ერთხელ დაიწყო თავის ნასამართლეობათა ჩამოთვლა, ცოტა არ იყოს, სულელური გამომეტყველებით ავათვალიერე. ჯოს გულიანად გაეცინა და მკითხა:
_ გაგიკვირდა, არა? ჩემნაირი ბოროტმოქმედი ალბათ, კინოშიც არ გინახავს...
_ არ გეწყინოთ, ბიძია ჯო, მაგრამ ამდენი ნასამართლევობა რა ამბავია?! _ განცვიფრება ვერ დავფარე.
_ ჩემო კაკო, შენ ასე ნუკი მიყურებ _ მე პროფესიონალი BEB-ი ვარ. ასეთი ცხოვრების გზა ავირჩიე.
_ რა ხართ, ბიძია ჯო? ვერ გავიგე, _ ჩავეკითხე მოხუცს.
_ რა ვარ და BEB-ი _ კაცი, რომელიც სხვისი მაგივრად ჯდება ციხეში.
_ კი, მაგრამ კაცი თუ ნორმალური ხარ, სხვის მაგივრად ციხეში როგორ უნდა ჩაჯდე?! _ ახლა კი, მართლა ვეღარ დავფარე აღშფოთება.
_ შენ ან მართლა იდიოტი ხარ, ან კიდევ თავს ისულელებ... _ უეცრად გამომლანძღა მოხუცმა. სახეზე აშკარად შეეტყო გაღიზიანება. მეც ცოტა არ იყოს, ვიწყინე მისი უხეშობა და საერთოდ დავკარგე ლაპარაკის ხალისი... უხერხული სიჩუმე ისევ ზანგმა დაარღვია.
_ კარგი, ახლა, კაკო, ჰო, ნუ მებუტები. რა ცხვირი ჩამოუშვი?! მომისმინე და ვეცდები, აგიხსნა, რას ნიშნავს BEB-ობა...
ჯოსკენ შევბრუნდი და სმენად ვიქეცი. მოხუცმაც განაგრძო:
_ ამქვეყნად ისეთი ადამიანებიც არსებობენ, თანაც _ არა ერთეულები, _ რომლებიც ფულის საშოვნელად ათასგვარ კომბინაციას იგონებენ. თითოეული კომბინაცია, ბუნებრივია, რისკთან არის დაკავშირებული, რასაც შეიძლება, დაპატიმრებაც მოჰყვეს. ჰოდა, ციხეს და საკნების ხეხვას რომ აარიდონ თავი, ამისათვის მათ სჭირდებათ სანდო კაცი, რომელიც ყველა დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს. თუ კომბინაცია წარმატებით დამთავრდა, ხომ კარგი, თუ არა და, ის კაცი (ანუ BEB-ი), ვინც საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, ციხეში მიდის. სამაგიეროდ, მის ოჯახს ნამდვილი დამნაშავე (ანუ მაქინატორი) ყველაფრით უზრუნველყოფს. საქმე ისე კეთდება, რომ კომბინატორი არსად ფიგურირებს _ ყველა საქმიან დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა და მას ვერავინ ვერაფერში შეედავება... აი, ეს არის მთელი ფილოსოფია!..
ჯოს სიტყვებში ეჭვს მართლაც ვერ შეიტანდი. ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჯო კი თხრობას განაგრძობდა:
_ მარტო 6 უზარმაზარი ფირმის მთავარი მენეჯერი ვიყავი. პატარა კაცს კი არ ელაპარაკები!.. _ ხუმრობის ხასიათზე დადგა იგი.
_ მერე ის დაკარგული წლები, ციხეში რომ გაატარე, არ გენანება?
_ მენანება და მერე როგორ! მაგრამ რას ვიზამ _ ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ისე, იმასაც გეტყვი, რომ თავიდან ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. რაც მთავარია, იმ მხრივ დამშვიდებული ვიყავი, რომ ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო და არაფერი აკლდა. პატიოსანი შრომით ასეთ პირობებს, თავიც რომ მომეკლა, ვერ შევუქმნიდი. 3 ქალიშვილი მყავს და სამივემ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. წელიწადში თითოეულს 30-50 ათას დოლარს მარტო სწავლისთვის ვუხდიდი(!). ახლა სამივენი კარგად ცხოვრობენ, საკუთარი სახლები აქვთ და მე და ჩემი ცოლიც მშვენიერ ვილაში ვცხოვრობთ.
_ აბა, ეგ რა გამოვიდა? თქვენ ხომ სულ აქა ხართ...
_ ეგ უშენოდაც მშვენივრად ვიცი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ხანდახან, როცა განვლილ წლებს ვიხსენებ, ძალიან მენანება აქ გატარებული ყოველი დღეც კი, არათუ მთელი 40 წელი. არა, არ შეიძლება, კაცმა ფულისა და სასახლეებისთვის ცხოვრებისეული, ადამიანური ღირებულებები გაწიროს... ეტყობა, ჩემში სატანა იყო ჩაბუდებული, რომლის განდევნა ვერა და ვერ მოვახერხე...
_ მაინც როგორ გახდით პროფესიონალი BEB-ი და რატომ ვერ შეძელით ამ საქმიანობის შეწყვეტა?
_ აბა, როგორ გითხრა. ბავშვობა ბრუკლინის ყველაზე მიყრუებულ უბანში, კანარისში გავატარე. ჩემს მშობლებს, ჩემ გარდა, კიდევ 7 შვილი ჰყავდათ. ყოველთვის რაღაც გვაკლდა მე და ჩემს და-ძმებს. წერა-კითხვა ძლივს ვისწავლე ხეირიანად და ცოტაც, ანგარიში. მერე იძულებული გავხდი, სწავლა შემეწყვიტა. 12 წლისა, ლუკმაპურის საშოვნელად მამას ხან სად მივყავდი და ხან სად. თავიდან, კეთილსინდისიერად ვმუშაობდი. ზოგჯერ მშენებლებს ვეხმარებოდი, მტვირთავიც ვიყავი, მიწის მთხრელიც და რა ვიცი, რაც რაიმე მძიმე სამუშაო იყო ჩვენს რაიონში, სულ მე და ჩემი ოჯახის წევრები ვასრულებდით. ბოლოს, მომბეზრდა უბადრუკი ცენტებისთვის წელის წყვეტა და ქურდბაცაცობას მივყავი ხელი. პირველ ხანებში მიმართლებდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩავვარდი. ის-ის იყო, ბრუკლინის ყველაზე დიდი მაღაზიიდან მოპარული ფეხსაცმლით გამოვედი, რომ დაცვამ ჩამავლო. 16 წლის ვიყავი, პირველად რომ შემაგდეს ციხეში. 2 წელი მომისაჯეს. ამნისტიამ მომიწია, 6 თვეში თავისუფალი ვიყავი. ერთი-ორი წელი ციხის შიშით თვალი არაფრისკენ გამიპარებია. მერე კი... მერე, მტვირთავად მუშაობით ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ყაჩაღობა დავიწყე. გვიან ღამით ვესხმოდი თავს მსხვერპლს _ ზოგს ჩანთას ვტაცებდი, ზოგს სათამაშო რევოლვერით ვაშინებდი და ჯიბეებს ვუცარიელებდი. ისევ ჩამავლეს. მაშინ 20 წლის ვიყავი. როგორღაც შევძელი მსაჯულთა მოხიბვლა და მხოლოდ ერთი წელი მომისაჯეს. ჰოდა, იქ გავიცანი ერთი შუახნის პატიმარი, რომელიც BEB-ი იყო. ისე დამიმეგობრდა და იმ ერთ წელიწადში ისე შემასწავლა თავისი `პროფესიის~ ყველა საიდუმლო, რომ ნამდვილი BEB-ი გავხდი. პირველი კლიენტიც მან მიშოვა... მას აქეთ თითქმის სულ ციხეში ვარ. მართალია, ჩემი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამ ყოფას ისევ სიღარიბე სჯობია...
ისე საინტერესოდ ჰყვებოდა ჯო თავისი მართლაც არაორდინარული ცხოვრების ეპიზოდებს, რომ იმ დღეს, გასასეირნებლადაც კი არ გავსულვართ. ჯო `აღსარების~ ხასიათზე იყო, მეც ყურადღებით და თანაგრძნობით ვუსმენდი...
როგორც იქნა, შევხვდი სტიოპას...
პატიმრის კვალობაზე, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა. ჩემი და ჯოს დამეგობრებამ სასურველი შედეგი გამოიღო _ საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. არც იქაური საპატიმროს ყოფითი პრობლემები მაწუხებდა _ გადასახადს არ ვიხდიდი და არც ყოჩები მაწუხებდნენ... ერთადერთი საფიქრალი დამრჩენოდა _ როგორმე დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა და ციხიდან თავი დამეღწია. დიდ იმედს ვამყარებდი იმ რუს პატიმარზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა, მერე კი ვეღარსად ვიპოვე. როდესაც მორიგი გასეირნებისას ისევ ვერსად მოვკარი მას თვალი და საკანში გაღიზიანებული დავბრუნდი, ჩემი გაჭირვების შესახებ ჯოს შევჩივლე:
_ აქ ერთი რუსი პატიმრის ნახვა მინდოდა, სად გაქრა, ვერ გამიგია...
_ ვისი, სტიოპასი? _ მკითხა მოხუცმა.
_ სახელი არ ვიცი.
_ ჰო, ეგ სტიოპაა _ აქ მეტი რუსი არ არის. დიდი გარეწარი ვინმეა. ოღონდაც ფული არ გადაიხადოს და ყველაფერზე თანახმაა. ახლაც, რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად წყალგაყვანილობის შესაკეთებლად ჰყავთ წაყვანილი... რაში გჭირდება ეგ წუწურაქი? ეჭვი მეპარება, რამეში გამოგადგეს...
_ ვიფიქრე, იქნებ სტიოპა მაინც დაუკავშირდეს ჩემს ახლობლებს-მეთქი...
_ შენც ნახე, რა, პრობლემა! ბილს ვეტყვი და მობილურს გათხოვებს. ოღონდ, ღამით უნდა დარეკო. ტელეფონი აკრძალულია ციხეში...
სრულიად მოულოდნელად, ვახშმის ჩამოტარებისას, საკანს სტიოპა მოადგა.
_ Pტვკზრ, შენ კიდევ აქა ხარ?.. _ გაუკვირდა.
_ ასე გამოდის _ ჩემს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებ... _ წავიბუტბუტე.
_ მერე რას უცდი?! კისას ვერ გააგებინე? აუცილებლად დაგეხმარება, რაც მაგას ადვოკატი მეგობრები ჰყავს!.. შენ ისე უყვარხარ, რომ არა მგონია, უარი გითხრას... ისე, როგორ შეეჩვიე აქაურობას? ეს მურიანები ფულს არ გთხოვენ? _ ამრეზით გაიხედა ჯოს.¬
_ ჰო, მოვილაპარაკეთ... _ ვუპასუხე ორაზროვნად.
_ ასი წელი, ჩემგან ცენტსაც ვერ მიიღებენ. ეგღა მაკლია, ამ მურიანებს დავუჩოქო! მირჩევნია, `ბალანდა~ ვარიგო და ორმოები ვთხარო, ვიდრე ამათ ვათქმევინო _ სტიოპას ფულს ვართმევთო...
ჯო თავისი საწოლიდან წამოდგა, სტიოპას თავისი ულუფა გამოართვა, მერე ტოლჩა აიღო და სთხოვა _ ცოტა მეტი `კოკა-კოლა~ დამისხიო. სტიოპამაც უყოყმანოდ აუვსო ჭურჭელი. მოხუცმა ჯერ პირისკენ წაიღო, მაგრამ უეცრად, ხელი მოიქნია და პირდაპირ სახეში შეასხა სტიოპას. თან გინებაც მიაყოლა: _ Fუცკ ყოუ! _ და ისე აუღელვებლად წავიდა თავისი საწოლისკენ, თითქოს უჩვეულო არაფერი მომხდარა. სტიოპას კი წურწურით ჩამოსდიოდა ცხვირ-პირიდან ტკბილი სითხე...
უიმედობა ღრუბელივით იფანტება...
საღამოს, სეირნობიდან დაბრუნებულს, საკანში ნამდვილი სიურპრიზი მელოდა: მოხუც ზანგს ხელში ვერცხლისფერი, პატარა მობილური ტელეფონი ეჭირა და კმაყოფილი სახით მიყურებდა... გამოგიტყდებით, ტელეფონის ნომრებს მაინცდამაინც კარგად ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ამჯერად გონება დავძაბე და იმ მომენტში თითქმის ყველა ნომერი გამახსენდა, რაც კი ამერიკაში ვინმეს ჩაუწერინებია ჩემთვის.
პირველ რიგში, დიმა ბაზელს დავუკავშირდი. ძალიან გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება, თან განცვიფრება ვერ დაფარა: ვიცი, რომ ავჭალის კოლონიიდან ადვილია დარეკვა, მაგრამ ამერიკის ციხიდან თუ დამირეკავდი, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდიო. დიმამ მითხრა, რომ თვეზე მეტია, ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. ამ ხნის მანძილზე ოლბანში ორჯერ ჩამოსულა, მაგრამ რად გინდა?! _ ციხის უფროსის მისაღებშიც კი არ შეუშვიათ. მერე კი `ჩვენს ამერიკელ სიძეზე~ (ასე ვეძახდით ჩვენი გარდაცვლილი დიასახლისის, სვეტას ქალიშვილის, ნატაშას ქმარს) დაიწყო ლაპარაკი და ლამის ატირდა კაცი.
_ მაგის ამერიკელი დედაც!.. _ სიბრაზეს ვერ ფარავდა დიმა. _ რომ მივედი მაგ აყლაყუდა ნიკთან, თავიდან ვითომ გაუხარდა ჩემი ნახვა, მაგრამ შენი ამბის მოყოლა რომ დავიწყე და ოლბანის ციხე ვახსენე, ბოლომდე არც მომისმინა და ცივი უარი მტკიცა!..
_ მაინც რა გითხრა ამისთანა, ასე რამ გაგამწარა?
_ ამერიკის ხელისუფლებამ (ხელისუფლებაში ამჯერად, მართლმსაჯულებას გულისხმობდა. _ ავტ.) იცის, რასაც აკეთებს და არა მგონია, ეგ შენი აკაკი მართალი იყოსო... _ გადმომცა დიმამ ნიკის ნათქვამი და ისევ შეიკურთხა.
_ მერე მაგ ცივსისხლიან პედერასტს ვერ აუხსენი, რომ უდანაშაულო ვარ? _ ვიღრიალე მთელი ხმით...
დიმას ვთხოვე, კისასთან მისულიყო, რადგან იმედი მქონდა, რომ უეჭველად დამეხმარებოდა. ვთხოვე, გადაეცა, რომ დატრიალებულიყო, მოენახა ადვოკატი, გადაეხადა მისთვის ფული, რომელსაც მერე აუცილებლად დავუბრუნებდი... მომყავდა არგუმენტები, რომელიც დიმას უნდა გამოეყენებინა ჩემს გასამართლებლად... დიდხანს ვიქაქანე და როცა ტელეფონი გავთიშე, ქანცგაწყვეტილი დავეშვი იატაკზე. მოხუცი ზანგი მიყურებდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა:
_ არ მეგონა, ასეთი გიჟი თუ იყავი! _ მითხრა და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაატრიალა.
ამ დროს, საკანს ზედამხედველი მოადგა, ხმაურით გააღო კარი და მიბრძანა _ ტელეფონი მომეციო. ჯოსკენ გავიხედე. მან უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მანიშნა, კამათი არ გაბედოო... თვითონ უხალისოდ მივიდა საწოლთან, დაწვა და კედლისკენ იბრუნა პირი. როგორც ჩანს, იცოდა, შემდგომ რაც მოჰყვებოდა ზედამხედველის მოსვლას.
უსიტყვოდ დავმორჩილდი ბრძანებას და ზედამხედველს მობილური გავუწოდე. კარგად გავაცნობიერე, თუ რაოდენ დაუდევრად მოვიქეცი _ ციხის დაუწერელი კანონიც დავარღვიე და რაც მთავარია, ბილის ტელეფონი ჩამომართვეს... ამას ისიც მოჰყვა, რომ ცოტა ხანში, ჩემს საკანს სამი შეიარაღებული ზედამხედველი მოადგა. გამომიძახეს, ბორკილები დამადეს და... კარცერში მიკრეს თავი.
მშვიდობით, ბიძია ჯო!..
3 დღე-ღამე უზომოდ გაიწელა. მაგრამ როცა კარცერიდან დავბრუნდი, პირველი, რითიც დავინტერესდი, მობილურის დაკარგვაზე ბილის რეაქცია იყო.
_ მაგას ნუ დარდობ, _ მიპასუხა ჯომ, _ მაგ საკითხს მოგიგვარებ... ბოლოს და ბოლოს, ციხიდან მალე გახვალ, ახალს იყიდი და გამოუგზავნი... გაუხარდება... _ მითხრა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
კარცერიდან გამოსვლის შემდეგ მე და ჯო კიდევ უფრო დავახლოვდით. სასეირნოდ ერთად დავდიოდით, საკანშიც თითქმის სულ ვსაუბრობდით... მალე, მისი ოჯახის ყველა წევრს დაუსწრებლად ვიცნობდი. მეც გავაცანი ჩემი ოჯახი. მგონი, მასაც ენატრებოდა ჩემი პატარა ბიჭუნა, რომელიც ხეირიანად არც მიცნობდა...
აშკარა იყო, რომ ჯოს ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. ციხის ექიმი მოვიდოდა ხოლმე, გასინჯავდა, გააქნევდა თავს, გამოუწერდა წამლებს და წავიდოდა. წამლებს კი ვასმევდი, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ერთხელ ღამით კი, ძილში ჯოს მისუსტებული ხმა ჩამესმა. ძლივს გასაგონად მეძახმდა:
_ აკაკი, მოდი ჩემთან, მოდი, მომეხმარე...
დაფეთებული წამოვვარდი, შუქი ავანთე. ჯოს მთლად დაჰკარგვოდა ფერი, დამფრთხალი აცეცებდა თვალებს.
_ რა მოგივიდა, ბიძია ჯო? აქა ვარ, ნუ გეშინია... _ ვუთხარი, კარისკენ გავიხედე და ზედამხედველს დავუძახე, რომ ექიმი მოეყვანა...
ციხის ექიმმა მოხუცი გასინჯა და ჩემს კითხვაზე _ ეშველება თუ არა რამე? _ მი¬პასუხა _ ახლა მხოლოდ უფლის წყალობა სჭირდება, მისი წუთები დათვლილიაო...
მარტო დავრჩი მომაკვდავთან. ასეთი უმწეო, მგონი, ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ...
_ აკაკი... _ დამიძახა მოხუცმა. მის საწოლთან გავჩნდი და სმენად ვიქეცი.
_ ძალიან ცოდვილი კაცი ვარ, აკაკი! ციხიდან რომ გახვალ, აუცილებლად მიდი ჩემს ოჯახში და ჩემი ბოდიში გადაეცი. უთხარი, რომ ძალიან მიყვარდა ყველანი...
გათავისუფლება
ჯოს გარდაცვალების შემდეგ, ჩემმა საქმემ სწრაფად წაიწია წინ. ბილმა ახალი მობილური მომიტანა. ყოველ საღამოს ვრეკავდი დიმასთან და ისიც ახალ-ახალ სასიხარულო ცნობებს მაწვდიდა.
კისა, ჩემი ძველი, კეთილი მფარველი, ერთ ცნობილ რუს ადვოკატთან მისულა. იმ ადვოკატს თურმე, მეც გავხსენებივარ _ `ზოლოტოე კოლცოში~ შევხვედრივართ ერთმანეთს. მას საფუძვლიანად შეუსწავლია ჩემი საქმე. საქართველოშიც გამოუგზავნია მოთხოვნა, ჩემი წარსულის შესახებ ამომწურავი ცნობები რომ მიეღო.
სულ მალე, თბილისიდან მიუღია მასალები, რომლებიც ადასტურებდა, რომ არც ნარკოტიკებთან მქონია შეხება და არც რაიმე კრიმინალურ ამბავში გავხვეულვარ ოდესმე. ამასობაში, ის ნარკოდილერი დააპატიმრეს, რომელმაც ჩემს მანქანაში, სავარძლის ქვეშ ნარკოტიკი ჩადო... დიმა დაწვრილებით მომიყვა ყველაფერ ამის შესახებ და მითხრა _ ორ კვირაში მაინც გარეთ გამოხვალო.
ადგილს ვეღარ ვპოულობდი. იმ ორ კვირაში ათასჯერ მოვკვდი და დავიბადე. ბოლო ღამეს, ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია. მოუთმენლად ველოდი გათენებას... დილის 10 საათზე ზედამხედველმა საკნის კარი გამოაღო, რაღაც ქაღალდების დასტა გამომიწოდა და საზეიმოდ (თუ მე მომეჩვენა?) მითხრა:
_ თავისუფალი ხარ. აჰა, შენი საბუთები!
...ჩემს საკანს შევავლე თვალი. ერთბაშად ამომიტივტივდა გონებაში იქ გატარებული ორი გრძელი თვე... ჩემი ბარგი-ბარხანა ავკრიბე და ზედამხედველს გავყევი. მივდიოდი უზარმაზარ დარბაზში, რომლის ორივე მხარეს საკნები ჩამწკრივებულიყო და ვგრძნობდი პატიმრების სევდიან მზერას... შენობიდან გავედით და სწრაფად გავიარეთ ეზო. მერე ხმაურით გაიღო უზარმაზარი რკინის კარი...
გაზაფხული ძალაში შესულიყო. გაოგნებული ვიდექი. ჩემს ზურგს უკან ციხე იყო, წინ _ ტრიალი მინდორი. კაციშვილი არ ჩანდა. ახლა უფრო შემომაწვა მარტოობის განცდა. ვიდექი და არ ვიცოდი, საით წავსულიყავი.
მოულოდნელად შევამჩნიე, რომ მანქანა მიახლოვდებოდა. ცოტა ხანიც და ძველი `ფორდი~ ჩემ წინ გაჩერდა. მანქანაში იმაზე მეტნი ისხდნენ, ვიდრე ველოდი. საჭესთან დიმა ბაზელი მოკალათებულიყო, გვერდით კი _ ჩემი ძველი კეთილი მეგობარი, წნორელი გივი ეჯდა. უკანა სავარძელზე რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა, რომლებიც, როგორც მერე გავიგე, თურმე, ძალზე განიცდიდნენ ჩემს ამბავს.
`ბანკეტი~ კისას რესტორანში
საღამოს, `ზოლოტოე კოლცოში~ კისამ ჩემი გათავისუფლების აღსანიშნავად სუფრა გაშალა. წნორელი გივი, რა თქმა უნდა, თამადა იყო და მის ომახიან სადღეგრძელოებს ლამის მთელი დარბაზი აღფრთოვანებაში მოჰყავდა. კისა კი არ დადიოდა _ დაფრინავდა, წნორელ ლომს თვალს არ აშორებდა და ისიც არ აკლებდა ყურადღებას. ეტყობა, ორივეს უხაროდა `ძველი სიყვარულის~ გახსენება... ერთი სული მქონდა, გამეგო, ვინ იყო ის ადვოკატი, რომელმაც პატიმრობიდან დამიხსნა.
_ კისა, ბოლოს და ბოლოს, აღარ გამაცნობ იმ ადვოკატს, რომელმაც გადამარჩინა? მადლობა ხომ უნდა გადავუხადო! თანაც, ისიც ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი დაჯდა ჩემი გამოხსნა. ჰონორარი ხომ უნდა გადავუხადო...
_ ყველაფერი მოგვარებულია, აკაკი. ასე რომ, შეგიძლია, დამშვიდდე და ქეიფი გააგრძელო. კისა ძველ მეგობრებს არ ივიწყებს!.. _ მუსიკის ხმაურში ძლივს მესმოდა მისი ლაპარაკი და ამ მოულოდნელმა განცხადებამ ერთიანად ამაფორიაქა.
_ როგორ, კისა, ადვოკატს ფული ხომ უნდა გადავუხადო?!
_ ხომ გითხარი, საქმე მოგვარებულია-მეთქი!
_ ესე იგი, შენი ვალი მქონია. მითხარი რამდენი მიეცი?
ჩემმა შეკითხვამ კისა გაამხიარულა:
_ ჩემო აკაკი, შენ ისევ ისეთი გულუბრყვილო ყოფილხარ. როგორ გგონია _ კისა ერთ პატარა ფურცელში ფულს გადაიხდიდა?.. მოდი, რა, ყველაფერი დაივიწყე, დრო გავატაროთ _ ყოველდღე ხომ არ გიშვებენ ციხიდან! _ ამ სიტყვებზე, ხელკავი გამომდო და საცეკვაო მოედნისკენ მიბიძგა...
ჩემი ძმები _ ზანგები...
ორი თვის მანძილზე ამერიკულ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, თავისუფალ ცხოვრებასთან შეგუება მომიხდა. თან, მას შემდეგ, რაც თავს გადამხდა, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი. განსაკუთრებით ფერადკანიანებს ვუფრთხოდი. ის ნარკოდილერებიც ხომ ფერადკანიანები იყვნენ, რომელთა გამოც ამხელა ხათაბალაში გავეხვიე... ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ლამის მთელი კვირა, შინიდან ვერ გამოვაღწიე. მოდიოდნენ ქართველი ბიჭები და გადარჩენას მილოცავდნენ. დაახლოებით ხომ ხვდებით, მოლოცვას რაც მოჰყვებოდა და... გროვდებოდა ოთახის ერთ კუთხეში სხვადასხვა სასმლის ბოთლები. გივიმ შოტლანდიური ვისკიც მოიტანა და ნაღდი გერმანული ძეხვიც (მაგის ამბავი ხომ იცით _ ახლა ვიღაც ფრაუ გაუცნია...); იყო ერთი ჰარიჰარალო ჩემი და დიმა ბაზელის ბინაში... მაგრამ ქეიფსაც ხომ აქვს დასასრული და მეც დავაღწიე თავი მეგობრების გარემოცვას _ ემიგრანტული ცხოვრება თავისას მოითხოვდა. ჩემი პატიმრობის შესახებ თბილისში არაფერი იცოდნენ, ჩემიანებს ყოველთვიურად დიმა ბაზელი უგზავნიდა თანხას...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ციხიდან გამოსვლიდან 10 დღის შემდეგ, ბრუკლინის `ჩარჩის~ კვარტალში ამოვყავი თავი. ჩემი ძველი ნაცნობები, ბილის `თამადობით~, თავ-თავიანთი საყვარელი მაღაზიის წინ იდგნენ. როგორც ყოველთვის, ახლაც ლუდს წრუპავდნენ და მოსაწევს აბოლებდნენ. კაცმა რომ თქვას, ისეთი `თავისუფლება~, როგორიც ამერიკაში აქვთ ნარკომანებს, სხვაგან ალბათ წარმოუდგენელია: დღისით, მზისით, ისე არხეინად ახვევენ წამალს პაპიროსის ქაღალდში და ისე კაიფობენ, როგორც ერთ დროს, მე და ჩემი მეგობრები სახინკლეში დავდიოდით და ერთ კათხა ლუდში 50-50 გრამ არაყს ვურევდით ხოლმე...
ფერადკანიანი `ძველი ბიჭების~ ყოჩი, ბილი ცოტა არ იყოს, უხასიათოდ მომეჩვენა. თავიდან ვერ მიცნო, ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მერე, ერთბაშად თვალები გაუბრწყინდა და ხმამაღლა შეჰყვირა:
_ სალუტ, რუსო! გამოხვედი? მომილოცავს!.. _ მომიახლოვდა და ზანგების წესისამებრ, ჯერ ერთ მხარზე მაკოცა, მერე _ მეორეზე და ბოლოს, ისე მაგრად ჩამიკრა გულში, რომ სუნთქვა შემეკრა (სამაგიეროდ, ეს რიტუალი იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან, ბილის ნამდვილი მეგობარი ვიყავი)... დანარჩენებმა უბრალოდ, ჟესტებით მიმანიშნეს, რომ ჩემი ნახვა გაუხარდათ.
_ მიდი, მოგვიყევი. რაღაც ისეთი სახე გაქვს, მგონი, ყველაფერი კარგად ვერ იყო ციხეში. არ დაგვიმალო, ზედმეტი ხომ არაფერი გაკადრეს ოლბანში?.. _ კითხვები მომაყარა ბილიმ.
_ ზედმეტს ვინ რას გამიბედავდა?! შენი ძმაკაცი და სეხნია, ბილი `მიცავდა~... დიდ ყურადღებას მაქცევდა. შენი სახელი რომ ვუხსენე, ლამის გადამყვა...
_ ბილი? კი, მაგარი ვინმეა. თუმცა, მთლად კარგად ვერ უნდა იყოს... მაგრამ უსამართლოდ არავის დასჯის. ორი წლის წინ, მაიამიში ვიჯექით ერთად... _ და იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ `აიყვანა ხელში~ მთელი ციხე ორმა ბილმა, როგორი საქმის გარჩევები, ჩხუბები, შერიგებები ხდებოდა... ვუსმენდი და თან არც ვუსმენდი. ახლა არავითარი სურვილი არ მქონდა, კვლავ ციხეზე მეფიქრა. ბილს არ გამოჰპარვია ჩემი უხასიათობა. თან რაღაც უცნაურად მაკვირდებოდა.
_ რა ხდება? რაღაც შეცვლილი მეჩვენები, _ ეჭვიანად შემომხედა, _ ციხემ ხომ არ შეგაშინა? თუ ადამიანების აღარ გჯერა? ნუ გეშინია, ასე იცის ციხემ, მალე გაგივლის...
თითქოს ჩემს გულში ჩაძვრა ერთი უბრალო ამერიკელი ზანგი, რომლისთვისაც ყველაფრის საზომი ქუჩური კანონები გახლდათ...
_ არა, უბრალოდ, ცოტა დაღლილი ვარ, _ ვუპასუხე მშვიდად.
ბილი ისევ გადამეხვია და საზეიმოდ გამოაცხადა:
_ ლუდის ბარში გეპატიჟებით, წავიდეთ, დრო გავატაროთ!..
ისევ საკუთარი ადგილის ძიებაში...
მეორე დღეს, დილაადრიანად მივედი Aლლპოინტ Aმერიცა-ში. კომპანიის ეზოში ისევ ჩვეული ჟრიამული იდგა. მეპატრონის, ედმონდის კაბინეტთან ისე მივედი, ვერავინ შემამჩნია (ყველა საკუთარი საქმით იყო გართული); როგორც კი დავაპირე კაბინეტის კარის შეღება, ზურგიდან ახალგაზრდა ქალის სასიამოვნო ხმა მომესმა:
_ სად მიდიხართ? მანდ შესვლა აკრძალულია!
მოვიხედე და ძველი ნაცნობი შემრჩა ხელთ _ კომპანიის მეპატრონის მდივანი ლანა, რომლის წყალობითაც მოვხვდი თავის დროზე აქ. მან უცებ ვერ მიცნო, მაგრამ როცა მისკენ სახით მივბრუნდი, ჩვეული ღიმილი შემომაფრქვია:
_ თქვენ ხართ, აკაკი? სად იყავით, რომ აღარ ჩანდით? _ გაიკვირვა მან. მე სულელს კი მეგონა, ჩემი თავგადასავალი ნახევარმა ამერიკამ მაინც იცოდა... მაგრამ ახლა გამიხარდა კიდეც, რომ ეს ასე არ იყო და ლანას არხეინად ვუპასუხე _ ფლორიდაში, დასასვენებლად ვიყავი-მეთქი წასული.
_ რა კარგია! _ აღფრთოვანება ვერ დაფარა ლანამ. _ მეც სიამოვნებით წავიდოდი ცოტა ხნით ფლორიდაში!
_ მაგის დროც დადგება! _ თავმომწონედ ჩავილაპარკე და ლანას მომხიბვლელი ღიმილიც დავიმსახურე.
_ დღეს ბოსი ხასიათზე ვერ არის, გაითვალისწინე... _ ჩამჩურჩულა ლანამ.
...ედმონდი თავისი კაბინეტის კუთხეში იდგა და კედლის გასწვრივ მდგარ დიდ აკვარიუმში მოცურავე თევზებს აპურებდა.
_ გამარჯობა, ბატონო ედმონდ! _ ვცადე, ომახიანი მისალმება გამომსვლოდა. ბოსი უხალისოდ მოტრიალდა და გაოცება ვერ დაფარა.
_ აკაკი, გაგათავისუფლეს? როგორ მოახერხე?..
_ ფრთები გამოვისხი და გალიიდან გამოვფრინდი... _ რატომღაც ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
_ მომილოცავს! გულახდილად რომ გითხრა, არ მეგონა, თუ ასე მალე დააღწევდი თავს ციხეს. ეტყობა, მართლა უდანაშაულო იყავი, _ გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და მანიშნა, დაჯექიო.
_ ალბათ ძვირი დაგიჯდებოდა გათავისუფლება, არა?
_ არა, უბრალოდ, მეგობრები დამეხმარნენ, თანაც _ `სუფთა~ ვიყავი! _ ამაყად დავძინე.
_ მეც ვიფიქრე, რომ მართალი იქნებოდი, მაგრამ ახალი გაცნობილი მყავდი და თავს ვერ გამოვიდებდი შენთვის!.. _ გულახდილად მითხრა ბოსმა, რომელსაც თავის გასამართლებლად, მშვენიერი `საბუთიც~ ჰქონდა: ჯონი, რომელიც ჩემთან ერთად დაიჭირეს, მართლა ნარკომანი აღმოჩნდა და მისთვის თურმე, სამწლიანი პატიმრობა მიუსჯიათ...
_ მერე, რა ეშველება ახლა ჯონს? _ გულუბრყვილოდ ვიკითხე.
_ რა უნდა ეშველოს _ მოიხდის სასჯელს და გამოუშვებენ. თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება, ვადამდე ადრეც გაათავისუფლონ.
ვუსმენდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ თავისუფალი ვიყავი...
_ ახლა რას აპირებ? _ აშკარა დაინტერესება შევატყვე.
_ მუშაობა მინდა. თქვენი დახმარების იმედი არ დამიკარგავს. იქნებ... იქნებ, ისევ მიმიღოთ?
_ რატომაც არა! _ დაუფიქრებლად მიპასუხა. _ რაღაც გაუგებრობის გამო რატომ უნდა დაიჩაგრო?! უფრო მეტიც _ გაცდენილ დღეებსაც ნაწილობრივ აგინაზღაურებ...
ეს ნამდვილი ღვთის წყალობა იყო. საქმის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი.
_ ერთი კვირაა, რაც 5 ახალი ტრაილერი შევიძინეთ, _ განაგრძო ბოსმა. _ ერთ-ერთ მათგანზე დაგსვამ და იმუშავე. წამოდი, მე თვითონ გიჩვენებ მანქანას.
ეზოში `ვოლვოს~ მარკის 5 ახალთახალი ტრაილერი იდგა.
_ აი, ამ ხუთიდან ერთ-ერთი შენია! _ გამომიცხადა კომპანიის მეპატრონემ. თავი სიზმარში მეგონა. _ ხვალ დილით ადრე მოგიწევს მოსვლა. კონტეინერი უნდა დაიცალოს და ტვირთი ბოსტონსა და დეტროიტში გადაიზიდოს...
კომპანიიდან გამოსული მართლაც, ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ვიფიქრე _ სად წავიდე-მეთქი? _ და უცებ ჯო გამახსენდა, ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგი, რომელმაც ჩემს ხელში დალია სული და ჩემი დაპირება _ ციხიდან რომ გავალ, შენს ოჯახს მოვინახულებ-მეთქი...
ერთი საათის შემდეგ, ბრუკლინის გარეუბანში, მშვენიერი ორსართულიანი სახლის წინ ვიდექი.
_ შენ, ეი, იანკი, აქ რა გინდა?!.
მივხვდი, ვიღაცა სწორედ მე მომმართავდა, თან _ ძალზე აგდებული ტონით. გვერდზე გავიხედე და ასე, 14-ოდე წლის ორი ზანგი ბიჭი შემრჩა ხელში. საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ და აგრესიულად მიყურებდნენ...
უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მაგრამ არაფერი მიპასუხია, თითქოს ვერ მივხვდი, რომ მე მკითხეს.
_ შენ გეუბნები, რა გაშტერებული იყურები? ენა გადაყლაპე თუ ინგლისური დაგავიწყდა?.. _ შემომიტია ერთ-ერთმა.
_ მე... _ მოულოდნელობისგან ენა დამება.
_ აქ რა გინდა? თეთრებს აქ არაფერი ესაქმებათ!..
რას წარმოვიდგენდი, თუ ჯოს სახლთან ასეთ შეხვედრას მომიწყობდნენ?!. პასუხის მოძებნა ვერ მოვასწარი, როცა ჯოს სახლის კარი ხმაურით გაიღო და მოხუცი, ფუშფუშა ზანგი ქალი გამოვიდა და მოზარდებს დაუცაცხანა:
_ აბა, ახლავე მოშორდით აქედან! თქვენი შიშით ვეღარავინ მოსულა სტუმრად!..
ქალმა `პატარა ბანდიტებთან~ ურთიერთობის გარკვევას გადამარჩინა...
_ მე აკაკი მქვია, ბიძია ჯოსთან ვმეგობრობდი, იქ, ციხეში... _ ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყე. ჯერ გაკვირვებული ჩამაშტერდა, მერე უცებ თვალზე ცრემლი მოადგა და ჩუმი ხმით მითხრა:
_ მოდი, შინ შემოდი... ე.ი. შენ ის კაცი ხარ, რომელზეც საწყალი ჯო მწერდა _ ახალი მეგობარი მყავს, შვილივით მივლისო?..
კეთილი ჯულია და მისი აშარი ქალიშვილი
ჩემმა დანახვამ ძალზე იმოქმედა ჯოს ქვრივზე. მოხუცი ჯულია ისე ცახცახებდა ნერვიულობისგან, რომ არ ვიცოდი, როგორ დამეწყნარებინა. გამოიტანა მოზრდილი საოჯახო ალბომი და ლამის მეც ამატირა. მიყვებოდა, როგორ გაიცნო მაღალი, სიმპათიური ჯო ზანგების უბანში, სადაც მოხდენილ გოგოს `არევა~ დაუპირეს აბეზარმა ბიჭებმა. ოთხი დაკუნთული ზანგი გალახა ჯომ, თუმცა თვითონაც გვარიანად მიჟეჟესო. ცხვირ-პირდამტვრეული შინ წაუყვანია ჯულიას, მედდის კურსები ახალი გავლილი მქონდა და პირველი პრაქტიკა ჯოზე გავიარეო. ერთ თვეში დაქორწინებულან. 3 თვის შემდეგ კი, ჯო დაუჭერიათ BEB-ობისთვის (მსხვილი ბიზნესმენების აფერას საკუთარ თავზე იწერდა)... და დაიწყო ერთფეროვანი დღეები... გამოვიდოდა ციხიდან ჯო, გაივლიდა რამდენიმე თვე და ისევ საპატიმრო...
_ ჯო ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებდა. ჩვენი ერთგული იყო. თვითონ ლამის მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა, ჩვენ კი არაფერი მოგვკლებია.
ცოტა გული რომ მოიოხა, ჯულიამ ჩემს გასამასპინძლებლადაც მოიცალა. სუფრა უამრავი ნუგბარით აავსო, შეკვეთილი უზარმაზარი (და უგემრიელესი) პიცაც მოატანინა და შოტლანდიური ვისკიც გახსნა...
`იდილია~ მოულოდნელად დაირღვა, როცა ოთახში ასე, ორმოცს მიტანებული, სოლიდური გარეგნობის სათვალიანი ქალი შემოვიდა. მივხვდი, ბიძია ჯოს ერთ-ერთი ქალიშვილი იყო.
_ ეს აკაკია, სანდრა. მამაშენთან ერთად იჯდა ოლბანის ციხეში.
წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი ჯოს ქალიშვილს, მან კი ისე ცივად გამომიწოდა ხელი და სახელიც ისე გაურკვევლად წაიბუტბუტა, მივხვდი, ჩემი გამოჩენა მაინცდამაინც არ გახარებია. ეს ჯულიასთვისაც ცხადი გახდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ისე განაგრძო ლაპარაკი, ვითომც აქ არაფერიო. მეც მხარი ავუბი. სანდრა კი, მონუსხულივით იჯდა და ხმის ამოუღებლად გვისმენდა. მერე მოულოდნელად, თვალი გამისწორა და გამომძიებელივით ჩამეკითხა:
_ შენ რატომღა იჯექი ციხეში? შენც BEB-ი ხარ თუ კაცის მკვლელი?
_ ეს რა შეკითხვაა, სანდრა? _ სცადა სიტუაციის განმუხტვა ჯულიამ.
_ რა, არა მაქვს უფლება, ვიცოდე, ჩემს სახლში ვინ მოდის?
_ რაღაც გაუგებრობა მომიხდა და შემთხვევით აღმოვჩნდი ოლბანში... _ ვუპასუხე, თითქოს ჯულიას შენიშვნა არც გამიგონია.
_ შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად! თანაც, არც უცოდველ კაცს ჰგავხარ!.. პირდაპირ გვითხარი, რა გინდა, რისთვის მოხვედი აქ! _ ეს ისე ამრეზით იყო ნათქვამი, ძლივს შევიკავე თავი, რომ უკმეხად არ მეპასუხა.
_ მე თქვენი არაფერი მინდა! უბრალოდ, ბიძია ჯოს უკანასკნელ თხოვნას ვასრულებ!.. _ ვუპასუხე და ავდექი: _ ჩემი წასვლის დროა, ქალბატონო ჯულია, კარგად ბრძანდებოდეთ. სიკეთეს გისურვებთ. კეთილი ადამიანი ბრძანდებით და არასოდეს დამავიწყდებით.
ბოსტონისკენ მიმავალ გზაზე...
დილის 7 საათი არც იქნებოდა, სამსახურში რომ გამოვცხადდი. კონტეინერები უკვე დაეტვირთათ, მე მხოლოდ ტრაილერისთვის უნდა მიმება და შორეულ გზას დავდგომოდი.
_ აკაკი, კონტეინერში ორი შემკვეთის ტვირთია. ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში წიგნები და კომპიუტერები უნდა მიიტანო, დეტროიტში კი, ერთ-ერთი ოჯახის ავეჯს ჩაიტან. საკმაოდ ძვირად ღირებული ტვირთია და ფრთხილად იარე, არ იჩქარო... _ დამარიგა შეფმა.
_ მარტო მივდივარ?
_ რა თქმა უნდა, შენ ხომ ნამდვილი პროფესიონალი ხარ! _ გამამხნევა ედმონდმა.
_ კი, მაგრამ ამდენი ტვირთი ადგილზე მე უნდა გადმოვტვირთო?! _ გავოცდი.
ედმონდმა ირონიულად გაიღიმა და ამიხსნა:
_ როცა ადგილზე ჩახვალ, ამ ნომრებზე (ფურცელი გადმომცა) დარეკავ და მუშებიც 5 წუთში შენთან გაჩნდებიან. შენ მხოლოდ საჭე გეხება... აჰა, ეს რუკაც (პატარა რუკა მომცა), აქ ყველა ავტოსტრადის ნომრებია, თუ დაიბნევი, ჩახედავ და გზას გაიგნებ. ესეც მობილური ტელეფონი. მართალია, შენს ტრაილერს გადამცემიც აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეფერხებაა და მაშინ მობილურს გამოიყენებ. შეიძლება, დეტროიტიდან პირდაპირ ახალ შეკვეთაზე გაგაგზავნოთ.
უფროსს ხელი ჩამოვართვი, კაბინაში შევხტი და მანქანა დავქოქე. ჩემი ტრაილერი მძიმედ დაიძრა. სულ მალე, გადამცემში ედმონდის ხმა გაისმა:
_ აკაკი, სულ დამავიწყდა _ 95-ე გზის მე-10 მილზე, ავტოგასამართ სადგურთან ერთი პროფესორი დაგხვდება. ცოტა უცნაური კაცია, ჩემს წიგნებს და კომპიუტერებს ვერავის ვანდობო, _ თქვა... მოკლედ, თან წამოგყვება. აბა, კარგად!
ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ბოსტონამდე სულ მარტო არ მომიწევდა მგზავრობა, მეორე მხრივ კი, შიშმა შემიპყრო _ ამხელა გზაზე დამოუკიდებლად პირველად მივდივარ და იმ პროფესორმა გამოუცდელობა არ შემატყოს-მეთქი...
მისტერ პოლი და... შოთა რუსთაველი
ძალზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ ამჯერად უბრალოდ ბოსტონში კი არ მივდიოდი, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმულ ჰარვარდის უნივერსიტეტში მომიწევდა `ფეხის დადგმა~, იმ უნივერსიტეტში, რომელიც ამერიკის არაერთ პრეზიდენტს ჰქონია დამთავრებული...
ავტოგასამართ სადგურთან შუახნის, საშუალო ტანის, სათვალიანი მამაკაცი შევნიშნე. ელეგანტური, ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, შესაფერისი ჰალსტუხი ეკეთა და მარჯვენა ხელში ისე ჩაებღუჯა მომცრო ჩანთა, თითქოს შიშობდა, არავის წაერთმია. წითური, ჭაღარაშერეული ბლანჟე მკაცრ და ზედმეტად სერიოზულ გამომეტყველებას აძლევდა. ტრაილერი დავამუხრუჭე. პროფესორი ხმაურმა მგონი, შეაშინა კიდეც.
კაბინის კარი გამოვაღე და მივიპატიჟე:
_ გამარჯობა, თქვენ ის პროფესორი ბრძანდებით, არა, ბოსტონში რომ უნდა წამოხვიდეთ?
_ გამარჯობა. დიახ, ბოსტონში მოვდივარ. როგორც მივხვდი, ჩემი წიგნები და კომპიუტერები თქვენს მანქანაშია.
პროფესორმა ტრაილერის მაღალ კიბეზე ფეხის დადგმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. უხერხულად გაიღიმა და ისევ მოებღაუჭა ტრაილერის სახელურს.
_ ერთი წუთით, ახლავე მოგეხმარებით! _ ვუთხარი და კაბინიდან გადმოვხტი. პროფესორს ხელი შევაშველე და ისევ ჩემს ადგილას მოვკალათდი. მან მადლობა გადამიხადა და ისე გამიღიმა, მივხვდი, ძალზე ჭკვიან და კეთილშობილ ადამიანთან მომიწევდა მოგზაურობა...
_ ახლა ერთმანეთი გავიცნოთ. მე პოლი მქვია, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ. სამართლის ისტორიის კურსს ვკითხულობ. ეს წიგნები ლონდონიდან გამოვიწერეთ, ძალიან საინტერესო ლიტერატურაა... წარმოშობით ირლანდიელი ვარ... თქვენ, თქვენ რა გქვიათ? _ მორიდებით მკითხა ჩემმა თანამგზავრმა.
_ აკაკი.
_ რა უცნაური სახელია, საიდან ხართ? _ გაუკვირდა პროფესორს.
_ საქართველოდან... _ ვუპასუხე და გავიფიქრე _ დაიწყება ახლა ახსნა-განმარტების მორიგი `სეანსი~ _ რუსეთი, ატლანტა და... რომ არც ამერიკული ჯორჯიიდან ვარ და არც რუსი...
_ ოო! შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ყოფილხართ, დიდებული ქვეყნიდან!.. _ აღფრთოვანებით წამოიძახა ამერიკელმა პროფესორმა.
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა და გაოცებულმა გავხედე ჩემს თანამგზავრს. წამით ისიც დამავიწყდა, რომ საჭეს ვეჯექი და პროფესორის სიტყვებმა გამომაფხიზლა:
_ თუ ღმერთი გწამთ, წინ იყურეთ, რომ ბოსტონამდე მშვიდობიანად ჩავიდეთ. თქვენს შოთა რუსთაველზე კი შეგვიძლია, მთელი გზა მშვიდად ვილაპარაკოთ... _ დასძინა მან და გამიღიმა...
`ბოსტონის ჩაის სმა~
პროფესორი პოლ სტიუარტი საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი აღმოჩნდა. ძალზე ცნობისმოყვარე კაცი გახლდათ, ყველაფერი აინტერესებდა _ დაწყებული იმით, თუ რამ `გადმომაფრინა~ ამერიკაში, დამთავრებული იმით, როგორი ძრავა ჰქონდა ჩემს ტრაილერს, რამდენ საწვავს ხარჯავს და ა.შ.
მიხაროდა, რომ პროფესორმა ბევრი რამ იცოდა `ვეფხისტყაოსნის~ ავტორის ქვეყანაზე. ისიც მითხრა _ ქვეყანა, რომელსაც XII საუკუნეში, ჰომეროსის დონის მწერალი ჰყავდა, დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოსო... სტიუარტმა სტალინის შესახებაც ბევრი რამ იცოდა, მითხრა _ რუსეთს უძლეველი იმპერია შეუქმნაო... თქვენს შევარდნაძეს კი, გერმანელები ყოველდღე, მადლობას უნდა ეუბნებოდნენ, ბერლინის კედელი რომ დაანგრევინაო...
ბატონმა პოლმა, პოლიტიკაზე საუბრით რომ იჯერა გული, ისევ ლიტერატურას დაუბრუნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველ მწერალთაგან მხოლოდ შოთა რუსთაველს იცნობდა. თუმცა, პროფესორი რის პროფესორია, კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი რომ არ მოძებნოს და ახლა ჩემი გამოცდა გადაწყვიტა:
_ აკაკი, თქვენ თუ იცნობთ რომელიმე ამერიკელ მწერალს?
გამეცინა.
_ რა გაცინებს? _ გაოცება ვერ დაფარა პროფესორმა.
_ წამიკითხავსო _ არ ეთქმის, _ მარკ ტვენის ნაწარმოებებზე გავიზარდე!.. ტომ სოიერივით ვცელქობდი და ჰეკლბერი ფინივით `ვყაჩაღობდი~. კიდევ, ასტრიდ ლინდგრენი მიყვარდა ძალიან _ შვედი მწერალი ქალი, რომელიც დიდხანს ამერიკელი მეგონა და მარკ ტვენს ვადარებდი. არ ვიცი, ამერიკელი ბავშვები ვის ნაწარმოებებზე იზრდებიან, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის ამ ორი მწერლის გმირები ისეთივე ახლობელი იყვნენ, როგორებიც ქართული ხალხური ზღაპრების. სხვათა შორის, ქართველებს საოცარი ხალხური ეპოსი გვაქვს... მერე ამ გმირებს ჩემს ცხოვრებაში განუმეორებელი მულტიპლიკატორის დისნეის ანიმაციური ფილმები შეემატა და მოგვიანებით _ მაინ რიდის მიერ აღწერილი ფანტასტიკური თავგადასავლები...
მერე, სიტყვამ მოიტანა და ცნობილი `ბოსტონის ჩაის სმა~ ვახსენე.
_ შენ ამერიკის ისტორიასაც იცნობ? _ კვლავ გამოცოცხლდა პოლი.
_ დიახ, ასე თუ ისე, ვიცი, რომ ინგლისის ჩრდილოამერიკული კოლონიები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ამ დროს, ბოსტონის ნავსადგურში გემებიდან აურაცხელი ჩაი გადაყარეს...
_ ჰო, ეს ცნობილი ფაქტია, _ სიტყვა ჩამომართვა პროფესორმა. _ ინგლისის მთავრობამ 1773 წელს, ოსტ-ინდოეთის კომპანიას ამერიკაში ჩაის უბაჟოდ შეტანის ნება დართო. ამან ბუნებრივია, კოლონიზატორები გააბრაზა; ამ შეხლა-შემოხლას ის მოჰყვა, რომ პატრიოტული ორგანიზაციის _ `თავისუფლების შვილების~ წევრებმა კოლონიზატორების გემებიდან ამერიკელებისთვის მისაყიდ ძვირად ღირებული ჩაი ზღვაში გადაუძახეს და ატლანტის ოკეანის სანაპირო სურნელოვან ჩაის `აუზს~ დაემსგავსა...
_ და დაიწყო პოპულარული `ბოსტონის ჩაის სმა~, არა? _ დავასრულე პროფესორის ნაამბობი.
_ მე მგონი, ამ ტრაილერზე დროს უქმად კარგავ, წამოდი ჩვენთან, ჰარვარდის უნივერსიტეტში ისწავლე... _ მოულოდნელად შემომთავაზა პროფესორმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტში
ბოსტონიდან სულ რაღაც 5 მილში (8-9 კმ) პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია. პატარა _ ამერიკული განზომილებით, თორემ ამ ქალაქში ახლა 150 ათასამდე მცხოვრებია. თანაც, ქალაქს კემბრიჯი ჰქვია. როგორც ჩანს, თავის დროზე, ბრიტანელებმა თავიანთი უძველესი საუნივერსიტეტო ქალაქის სახელი დაარქვეს. XIII საუკუნიდან მოყოლებული, ეს უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუნდაც ის რად ღირს, რომ იქ ნიუტონსა და დარვინს უსწავლიათ!.. დღეს, ამერიკულ კემბრიჯში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტიც სახელგანთქმულია. ერთი იქაური პედაგოგი, ელიოტი ამერიკის პრეზიდენტიც კი გახდა...
პირველი, რამაც გამაოცა, ის იყო, რომ ქალაქის ქუჩებში ტროლეიბუსი დავინახე.
_ ბატონო პოლ, მეჩვენება თუ მართლა ტროლეიბუსია? ამერიკა და ტროლეიბუსი?!
_ დიახ, ასეა! ბოსტონი ერთადერთი ამერიკული ქალაქია, სადაც ტროლეიბუსი დადის. ბოსტონი ბრიტანელების დაარსებულია და ხომ მოგეხსენებათ მათი კონსერვატიზმი... _ მიპასუხა მან.
_ მერე ვინ სარგებლობს ტროლეიბუსით? თუ არ ვცდები, ყოველ ამერიკელს ორი თუ არა, ერთი მანქანა მაინც ჰყავს.
_ ბოსტონი სტუდენტური ქალაქია. კემბრიჯიც აქვეა...
ამასობაში მივედით კიდეც ამერიკულ კემბრიჯში და ჰარვარდის უნივერსიტეტიც გამოჩნდა. პროფესორი გამოცოცხლდა, თითქოს 20 წლით გაახალგაზრდავდა. ტრაილერი პირდაპირ ბიბლიოთეკასთან მიმაყენებინა.
_ ბატონო პოლ, ახლავე მუშებს დავურეკავ და გადმოტვირთვაში მოგვეხმარებიან, _ ვუთხარი პროფესორს და მობილური ტელეფონი მოვიმარჯვე.
_ არ გინდა, აკაკი, სტუდენტები მომეხმარებიან. შენ მანამდე დაისვენე, შემდეგ კი ბიბლიოთეკას დაგათვალიერებინებ, _ პროფესორი ეზოში შეკრებილი სტუდენტებისაკენ გაემართა.
...ჰარვარდის უნივერსიტეტი რამდენიმე დიდი, სამსართულიანი კორპუსისგან შედგება. ეს კორპუსები მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. მთელ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საოცარი სიმშვიდე და წესრიგია... ვიჯექი კაბინაში და ინტერესით ვიყურებოდი იმ შენობებისკენ, რომლის კედლებშიც ამერიკელთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი იყო განთავსებული.
რამდენიმე წუთში ოცდაათამდე ახალგაზრდა გამოჩნდა ჩემს ტრაილერთან. იქვე იყო პროფესორი პოლი, თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად. ნეტავ, გენახათ, როგორ დაჰფოფინებდნენ წიგნებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, სიფრთხილით გადმოჰქონდათ მანქანიდან... გადმოტვირთვასაც მალე მორჩნენ და პროფესორმა, დაპირებისამებრ, ბიბლიოთეკაში შემიპატიჟა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მდიდარი და ცნობილი წიგნთსაცავია მთელ ამერიკაში. როგორც ბატონმა პოლმა ამაყად გამომიცხადა, ის არაფრით ჩამოუვარდება აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას.
თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ლამის მთელი სტუდენტობა გავატარე, მაგრამ ჰარვარდში მართლაც განსაცვიფრებელი პირობები იყო შექმნილი წიგნების დასაცავად: სპეციალური განათება, ტემპერატურა, უახლესი კომპიუტერული ტექნიკა... ბატონმა პოლმა უნიკალური წიგნების საცავში შემიყვანა. მეგონა, ცხრაკლიტულში მოვხვდი, ისე იყო ჩარაზული იქაურობა. ამ წიგნთსაცავში უძველესი ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები მოეთავსებინათ. აქ იყო ინგლისური, არაბული, სპარსული, იაპონური, რუსული და რა ვიცი, კიდევ სადაური _ ალბათ მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეგროვილი უძველესი წიგნები და ხელნაწერები... ბატონმა პოლმა ერთ-ერთ კარადასთან მიმიყვანა, რომელსაც `კავკასია~ ეწერა და თაროდან სქელტანიანი წიგნი გადმოიღო. თვალებს არ ვუჯერებდი _ ეს იყო თბილისში პირველ ქართულ სტამბაში ვახტანგ მეექვსის მიერ გამოცემული `ვეფხისტყაოსანი~, რომელიც 1712 წლით იყო დათარიღებული!..
_ როგორ მოხვდა `ვეფხისტყაოსნის~ პირველი ნაბეჭდი გამოცემა თქვენს ბიბლიოთეკაში? _ ვკითხე პროფესორს.
_ ვერაფერს გეტყვი _ ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ აქ უფრო ძველი წიგნები და ხელნაწერებიც გვაქვს. აი, თუნდაც, III საუკუნით დათარიღებული, `ყურანის~ ხელნაწერი, `სახარების~ ხელნაწერი... ჩვენ ვამაყობთ ამით და ბედნიერები ვართ, რომ ასეთ სიმდიდრეს ვფლობთ...
წიგნთსაცავიდან ფრიად აღელვებული გამოვედი _ ამერიკაში, ჩემი ქვეყნიდან ასე შორს, თითქმის სამი საუკუნის წინ დაბეჭდილი `ვეფხისტყაოსანი~ ვიხილე... კიდევ უფრო გამიძლიერდა ნოსტალგია... ლამის ცრემლი მომერია და ჩემი სისუსტის დასაფარავად პროფესორს ვკითხე:
_ ბატონო პოლ, ამ საცავში, ჩემ გარდა, თუ ყოფილა ვინმე ქართველი?
პროფესორს გაეღიმა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა:
_ როგორ არა?! ბევრი ქართველი ყოფილა აქ. წელს დოდონა კიზირია იყო, არკანზასის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი. მიხარია, რომ ქალბატონი დოდონა მშვენივრად იცნობს ამერიკულ ლიტერატურას.
...პროფესორს მადლობა გადავუხადე და ტრაილერს დავუბრუნდი. ამ დროს, ჩემი მობილური აწკრიალდა. კომპანიის უფროსი ამჯერად, უკვე მესამედ მირეკავდა. მითხრა _ დროა, ჰარვარდიდან წამოხვიდე, დეტროიტში ახალი შეკვეთა გელოდებაო. ასე რომ, ჩემი ამერიკული ოდისეა გრძელდებოდა...
რითი სჯობს ამერიკულ გზებს
ქართული ტრასები...
მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა, რამაც მასობრივი უიმედობა გამოიწვია. ამგვარად, ამერიკელები 80 წლის წინ, ზუსტად იმ დღეში ყოფილან, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. დადიოდნენ თურმე უმუშევარი ამერიკელები შტატიდან შტატში... რთულ ვითარებაში ჩავარდნილი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა პროექტებთან ერთად, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ინიციატივით შემუშავდა გრანდიოზული გეგმა, რომელიც შტატების მთელ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საავტომობილო გზების მშენებლობას ისახავდა მიზნად. ამ დიდი პროექტის წყალობით, ლამის მოსახლეობის ნახევარი დასაქმდა. მთელი 10 წლის განმავლობაში, შტატებში გზების მასობრივი მშენებლობა მიმდინარეობდა. მილიონობით ადამიანმა შვება იგრძნო. ხოლო თუ ეკონომისტებს დავუჯერებთ, ამერიკაში გზათა მასშტაბური მშენებლობის პროექტმა ქვეყანა არა მარტო გადაარჩინა, არამედ მისი ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დააყენა.
მართლაც, როდესაც გაჰყურებ ათ-თორმეტრიგიან ჩქაროსნულ ტრასებს (ჰიგჰწაყ), რომელიც ათიათასობით მილზეა გაჭიმული, განცვიფრებული რჩები... თუმცა, ამ სარკესავით გაკრიალებული ავტოსტრადების გამო, ერთი (თანაც ძალზე მნიშვნელოვანი) პრობლემა მაინც აწუხებს მოსახლეობას: სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის ჰიგჰწაყ-ზე რაც კი ავარიები ხდება, მათგან 70%-ს მძღოლების... ჩაძინება იწვევს. არც არის გასაკვირი: ამ გზებზე ვერსად გადაეყრებით ოღროჩოღრო მონაკვეთსა თუ ჩვენებურ `იამკას~ (ორმოს), შესაბამისად, არც მანქანა ჯაყჯაყებს; ჰოდა, მონოტონური, მსუბუქი რყევა იავნანასავით მოქმედებს მძღოლებზე და მათაც ეძინებათ (ჩვენს მძღოლებს ამ მხრივ თავი ქუდში აქვთ: ისე ჯაყჯაყებენ, რა დააძინებთ?!). ამიტომ ბოლო დროს, გზისპირებს ტრაქტორის მუხლუხებით გავლებული, ერთი მეტრის სიგანის ზოლი მიჰყვება, რაც მასზე გადასვლისას ავტომობილს `აფხიზლებს~.
ამერიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, რომ შორ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა ხშირად დაისვენონ. წარმოიდგინეთ, მკაცრი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელები კატეგორიულად უკრძალავენ თავიანთ მძღოლებს საჭესთან 8 საათზე მეტხანს ჯდომას. ამიტომ ტრაილერის მძღოლები ტრასაზე ხშირად ისვენებენ. დასასვენებელი ადგილი, მოსაცდელი სადგური ანუ ე.წ. ჭაიტ სტატიონ კი, ტრასაზე უამრავია. ეს გახლავთ მინიდაბები, სადაც ავტოგასამართი სადგური, სასტუმრო, რესტორნები (იაფფასიანიც), აუზები, საუნები და ათასგვარი გასართობი ადგილია თავმოყრილი. თუმცა, სანამ ასეთ დაბამდე მიაღწევდე, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერსად გაჩერდებით, ვერც სადმე გადაუხვევთ: გზები რკინის ან ბეტონის მოაჯირითაა შემოფარგლული. გზისპირა მოლზე ან ხეივანში გადასვლა რომ მოინდომოთ, ვერც შეძლებთ. თანაც მოაჯირს რომც გადაახტეთ, 10-15 წუთში საგზაო პოლიციელი ან უბრალოდ, გზის მომსახურე პერსონალი მოგაკითხავთ, გაჩერების მიზეზს გკითხავთ, თუ რაიმე გიჭირთ, დაგეხმარებათ, თუ არა და, ზრდილობიანად გეტყვით, აქ გაჩერება აკრძალულიაო და უახლოესი ჭაიტ სტატიონ-ისკენ მიგითითებთ. მძღოლი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება და იმის ილუზია, რომ ამხელა გზაზე რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მცდარია. ცალკე საუბრის თემაა ტრასაზე დაწესებული ჯარიმები მათთვის, ვინც მანქანიდან რაიმე საგანს გადმოაგდებს. მახსოვს, ერთხელ როგორ მიჰყავდათ საგზაო პოლიციელებს ბორკილებდადებული ფერადკანიანი მძღოლი. თანაც ისე უხეშად ექცეოდნენ, ვიფიქრე, ნაღდად ტერორისტი შეიპყრეს-მეთქი. თურმე, ნუ იტყვით, ჩვეულებრივი მძღოლი ყოფილა, რომელსაც ტრასაზე უბრალოდ, `კოკა-კოლის~ ბოთლი მოუსვრია მანქანის ფანჯრიდან...
ჰო, მართლა, ამერიკაში ავტომობილით მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ საწვავისა და საკვებისთვის გათვალისწინებული ხარჯის გარდა, გზის ფასიან მონაკვეთებზე ფულის გადახდაც მოგიწევთ (ჩვენ ერთი რიკოთის გვირაბი გვაქვს ფასიანი და ისიც გვიკვირს). ზოგჯერ იმდენი გადასახადი იყრიდა თავს, რომ საგონებელში ვვარდებოდი. ამ თანხას კომპანია იხდიდა, თორემ, დამოუკიდებლად რომ მემგზავრა, ჩემი შემოსავალი ამდენ გადასახადს არ ეყოფოდა.
ასე და ამგვარად, ამერიკაში მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა.
გზა დეტროიტისკენ და
გაუგებრობა ჭაიტ სტატიონ-ში ...
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს პოლ სტიუარტს თბილად დავემშვიდობე, ბოსტონიდან უპრობლემოდ გამოვედი და დეტროიტისკენ მიმავალ გზას დავადექი. მიხაროდა, ამ ქალაქში რომ მიწევდა ჩასვლა, რადგან იქ ვახო შუბლაძე მეგულებოდა _ ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვისთან ერთადაც ჩავედი შეერთებულ შტატებში. თუ გახსოვთ, ერთხანს ერთად ვიყავით, მერე ის დეტროიტში გაემგზავრა, მე კი ნიუ-იორკში დავრჩი. კარგა ხნის უნახავი მყავდა და ერთი სული მქონდა, როდის შევხვდებოდი. მაგრამ რა სწრაფადაც არ უნდა მევლო, 800 მილს 14 საათზე ნაკლებ დროში ვერაფრით დავფარავდი. თანაც, ვერც შეუსვენებლივ ვივლიდი. აუცილებლად მომიწევდა ჭაიტ სტატიონ-ებში შევლა. ერთი დეტალიც: თუ მსგავს ადგილებში მსუბუქი მანქანების მძღოლები უსისტემოდ აჩერებენ ავტომობილებს, ტრაილერების მძღოლები დაუწერელი კანონისამებრ მოქმედებენ _ ეს ვეებერთელა მანქანები ისე ლამაზადაა ჩამწკრივებული, რომ მათი ცქერა ერთ რამედ ღირს. საერთოდ, ტრაილერის მძღოლები, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულ კასტას წარმოადგენენ. ისევე, როგორც მეზღვაურები, მონადირეები, პოლიციელები... უმალ ცნობენ ერთმანეთს, რადგან მსგავსი მანერებიც კი აქვთ. ჰოდა, ჩავთვალე, რომ რადგან ტრაილერის საჭეს ვეჯექი, უკვე შემეძლო, მათი ერთობის წევრად მეგრძნო თავი, მაგრამ მოვტყუვდი...
მძღოლების სასაუზმო დარბაზში შევედი და დახლთან მივედი. შევუკვეთე საუზმე, მინერალურ სასმელთან ერთად და მის მოლოდინში ერთ-ერთ მაგიდას მივუჯექი. ყურადღებით მიმოვათვალიერე დარბაზი. მძღოლები ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ. ისიც შევნიშნე, ვინც ჩემ შემდეგ შემოვიდა, ყველას ხმამაღლა მიესალმა, მერე საუზმე შეუკვეთა და საუბარში ჩაერთო. უშუალოები, მხიარულები ჩანდნენ. აშკარად ეტყობოდათ, ერთმანეთს იცნობდნენ. თანაც, ჩემდა გასაოცრად, ლამის ყველას მიართვეს საუზმე, მე კი ვიჯექი ბაიყუშივით და შეკვეთის შესრულებას ველოდი... თავიდან ვერ შევამჩნიე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც თამაშის წესებს ვარღვევდი. შეკვეთა არა და არ ჩანდა. აშკარად უხერხულად ვიგრძენი თავი. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და დახლთან მივედი.
_ ბოდიში, ძალიან დიდი ხანია, გელოდებით, მალე იქნება ჩემი შეკვეთა?
_ უი, უკაცრავად მისტერ, სულ დამავიწყდა... ცოტა ხანიც მოითმინეთ, ახლავე მოგიტანთ... _ თითქოს თავაზიანად მითხრა და გამიღიმა კიდეც ქერა მიმტანმა გოგონამ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ დიდად არ უნაღვლია თავისი უყურადღებობა...
როგორც იქნა, მაღირსეს საუზმე და მოშიებულმა, თან ოფიციანტის უყურადღებობით განაწყენებულმა, ისეთი ტემპი ავიღე, კაცი იფიქრებდა, მთელი კვირა არაფერი უჭამიაო... როცა ცოტა სული მოვითქვი, მივხვდი, რომ დისკომფორტს განვიცდიდი, რომ კაფეში მარტოოდენ სასაუზმოდ არ შემოვსულვარ, იმედი კი გამიცრუვდა... თანაც, სასაუზმიდან რომ გამოვედი, დახლიდარს ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის _ ფული გამომართვა და თავისი საქმე განაგრძო. იქიდან გამოყოლილი განწყობა დიდხანს გამყვა. მით უმეტეს, რომ მომდევნო ჭაიტ სტატიონ-შიც იგივე გამეორდა.
ჩემი `ზემლიაკი~ აშოტა
ახლა მთლად უხალისოდ შევდიოდი სასაუზმეებში. მახსოვს, ერთხელაც ვზივარ და მივირთმევ ჰოთდოგს, ზედ ფორთოხლის წვენს ვაყოლებ და ერთი სული მაქვს, როდის გავაღწევ იქიდან. ამ დროს ეზოში გაბმული სიგნალით შემოგრიალდა კიდევ ერთი ტრაილერი. მძღოლი მკვირცხლად გადმოხტა კაბინიდან და ეზოში მყოფ კოლეგებს მხიარულად მიესალმა. უფრო მეტიც, სათითაოდ ჩამოუარა და ხელი ჩამოართვა ყველას. მის გარშემო უმალ ხალისიანი ატმოსფერო შეიქმნა. მძღოლები შემოეხვივნენ, რაღაც ამბების მოყოლაც დაიწყეს.
ალბათ ძველი მძღოლია და ყველა კარგად იცნობს-მეთქი, _ გავიფიქრე და ყურადღებით შევათვალიერე. აშკარად კავკასიელი იყო. სასაუზმეში რომ შემოვიდა, იქაც უჩვეულო სიცოცხლე შემოიტანა. ოფიციანტ ქალს ყურში რაღაც წასჩურჩულა და ისიც გულიანად აკისკისდა. საუზმესთან ერთად ლუდიც შეუკვეთა, თანაც ბევრი. რამდენიმე ბოთლი თავის მაგიდასთან დატოვა (ოთხნი ისხდნენ), დანარჩენი კი იქვე, სხვა მაგიდებთან მსხდომ მძღოლებს ჩამოურიგა... 15-ოდე წუთის შემდეგ, მეც შემამჩნია. რატომღაც შევატყვე, რომ დაინტერესდა ჩემი პერსონით. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი, ეს უცხო კაცი ამდენ ხანს რას მიყურებს, ცისფერი ხომ არ ვგონივარ-მეთქი?! უცნობი კავკასიელის დაჟინებული მზერით შეწუხებულმა, თავი უხერხულად ვიგრძენი. საუზმე დამთავრებული არც მქონდა, როცა წამოვდექი და დარბაზიდან გასვლა დავაპირე. ჩემი ადგომა და მისი მოახლოება ერთი იყო.
_ ჰაიეს? (სომეხი ხარ?), _ მკითხა.
_ ჩკა (არა!)! _ სომხურადვე ვუპასუხე და გავიღიმე. რომ იტყვიან, `ზემლიაკთან~ მქონდა საქმე.
_ აბა, ვინა ხარ? _ ეს უკვე რუსულად მკითხა. თან მანიშნა, დაჯექი, ერთმანეთი გავიცნოთო...
აშოტა (ასე ერქვა ჩემს ახალ ნაცნობს), ლენინაკანელი სომეხი აღმოჩნდა. 1988 წელს, როცა სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა, მთელი მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენილა. რამდენიმე წელი ოჯახს სხვადასხვა ადგილას უცხოვრია. ბოლოს, ამერიკაში წასვლა გადაუწყვეტიათ. 1992 წელს ჩამოსულან აშშ-ში და ქალაქ სირაკუზში დასახლებულან. აშოტას, ჩემსავით, ტრაილერის მძღოლის კურსები გაუვლია (ოღონდ ჩემგან განსხვავებით, ორი წელი აბარებდა გამოცდებს) და მას აქეთ მძღოლად მუშაობს. დააქვს ტვირთი ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი შტატიდან _ მეორეში.
...თბილისში ერთხელ ვარ ნამყოფი ექსკურსიაზე თანაკლასელებთან ერთად და ძალიან მომეწონაო. მეც ექსკურსიაზე ვარ ნამყოფი ერევანში-მეთქი, _ ვუპასუხე. აშოტამ მითხრა _ ქართველებს დიდ პატივს ვცემ, თქვენ არა ხართ ის ხალხი, ვისაც ვინმე იოლად წამოარტყას თავშიო...
ვისხედით ახლა მე და აშოტა და გია დანელიას ფილმის გმირებივით ტკბილად ვლაპარაკობდით. მე ვალიკო ვიყავი `მიმინოდან~, აშოტა კიდევ _ რუბიკა... მოკლედ, ვუამბე ჩემი ამერიკული თავგადასავალი. არც ოლბანის ციხე დამვიწყებია და არც კეთილი რუსი ებრაელი ქალი, რომელმაც პატიმრობიდან დამიხსნა. ისიც მიამბობდა ათას რაღაცას. განსაკუთრებით ის ახარებდა, რომ მისი შვილები, ავეტიკა და ანჟელა პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდნენ, რომ ცოლი, ჟანა `კუკლასავით~ ჰყავდა შინ დასმული და არ ამუშავებდა. ეგღა გვაკლია სომხებს და ქართველებს, ცოლები ვამუშაოთო! _ ამაყად წარმოთქვა... ბოლოს, ვერ მოვითმინე და იმ ცივ ურთიერთობაზე შევჩივლე, რომელიც ამ ჭაიტ სტატიონ-ებში სტუმრობისას მხვდებოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
_ მაგის მეტი დარდი არ მოგცეს ღმერთმა, აკაკი!.. _ დამამშვიდა აშოტამ. _ უბრალოდ, გეტყობა, რომ ეს საქმე ახალი დაწყებული გაქვს და არ იცი, როგორ მოიქცე...
_ იქნებ, მასწავლო, აშოტ, _ გამიხარდა.
_ უბრალო ამბავია... ტრაილერის მძღოლები თვეობით მგზავრობენ. ზოგს ოჯახიც არ ჰყავს... ასეთი ხალხი, ხომ იცი, ადამიანურ ურთიერთობებს დანატრებულია. მათ თუ იოტისოდენ ყურადღებას მიაქცევ, ათმაგად გადაგიხდიან. ამათ უნდა გაუღიმო, თითქოს დიდი ხანია, იცნობ, მეგობრად ჩათვალო და ყველაფერი კარგად იქნება!.. _ აშოტამ გამიღიმა და ლუდი ჩემთვისაც შეუკვეთა.
_ არა, აშოტ, ლუდს ვერ დავლევ, საჭესთან ვზივარ... _ გავაპროტესტე. მან კი გაოცებულმა შემომხედა:
_ აქ ვინცა ვართ, ყველა საჭესთან ვზივართ!..
როგორ ვეჩხუბე და შევურიგდი აშოტას
მართლაც, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მორიგი რეისისას სომეხ აშოტასთან ერთად შუაგულ ამერიკაში, ლარივით გაჭიმული, მრავალზოლიანი გზის პირას, კომფორტულ სასაუზმეში ლუდს დავლევდი და ამერიკულ ცხოვრებაზე საუბარს გავაბამდი. თუმცა, ეს არც იყო საუბარი _ ეს უფრო ერთგვარი საკონსულტაციო დიალოგი იყო. აშოტა დიდი მონდომებით, უშურველად მიზიარებდა საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას: გულდაგულ მაცნობდა უამრავ ნიუანსს, რომელიც ჩემი პროფესიის კაცს გამოადგებოდა (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტრაილერის მძღოლობა იგულისხმება, თორემ, ჩემი `გეპეის~ დიპლომი აღარც მახსოვს, სად მქონდა შენახული). ამ ლაპარაკში 3 საათი ისე გავიდა, ვერც გავიგეთ. ოფიციანტს შემოჰქონდა და შემოჰქონდა ქარვისფერი ლუდით სავსე კათხები. ვცდილობდი, ბევრი არ დამელია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა; თვითონაც ვერ ვხვდებოდი, როგორი საოცარი სისწრაფით იცლებოდა კათხები. ვგრძნობდი, რომ ალკოჰოლი უკვე სასიამოვნოდ `მიღიტინებდა~...
_ აშოტ, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა, ამდენი ლუდი რომ გაქვს დალეული, საჭესთან როგორ დაჯდები? _ შუა ლაპარაკში შევაჩერე...
_ ამერიკაში საჭესთან ჯდომისას, ცოტას თუ დალევ, არა უშავს, პრობლემა არ შეგექმნება _ რა თქმა უნდა, თუ პროფესიონალი ხარ და არაფერს დაეჯახები... _ მშვიდად მიპასუხა.
_ შენ რა, არ იცი, ნიუ-იორკში ახალი კანონი რომ მიიღეს? თუ პოლიციელმა გაგაჩერა და ნასვამი აღმოჩნდი, უფლება აქვს, ავტომანქანა ჩამოგართვას... _ გამახსენდა, რომ სულ ახალი წაკითხული მქონდა ამ კანონის შესახებ.
_ მაგრამ ნიუ-იორკი ხომ მთელი ამერიკა არ არის!.. _ ისევ ოლიმპიური სიმშვიდით მიპასუხა აშოტამ და დასძინა: _ ბოლოს და ბოლოს, თუ არ გინდა, რომ საჭესთან ნასვამი დაჯდე, ადექი და დაისვენე. მე შენ გეტყვი და ტრაილერში დასაძინებელი ადგილი არა გაქვს... დაისვენე და მერე გააგრძელე გზა.
_ კომპანიის უფროსმა რომ გაიგოს? _ ბავშვივით გავიოცე.
_ როგორ გეტყობა, რომ პრაქტიკული აზროვნება არა გაქვს. უფრო სწორად _ გიჭირს დადგენილი ნორმებისგან გადახვევა. არადა, ხომ შეგიძლია, რამე მოიგონო _ ვთქვათ, ვითომ თავი აგტკივდა, ან გაცივდი, ან სულაც ფეხი იღრძე და რა ვიცი, მიზეზს რა გამოლევს?! უცბად არ გაიგოს შენი კომპანიის უფროსმა, აქ რას აკეთებ... _ ეშმაკურად გამიღიმა აშოტამ.
_ ალბათ მართალი ხარ, აშოტ, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია... _ ვუპასუხე.
_ არ გეწყინოს, მაგრამ სომხები მაინც უფრო მოხერხებული ხალხი ვართ, ვიდრე თქვენ, ქართველები. ამიტომაც, არსად არ ვიკარგებით!.. _ ამაყად გადმომხედა აშოტამ.
_ ებრაელებზეც? _ ვიპოვე გამოსავალი.
_ შენც მაგარი ხარ!.. რაღა ებრაელებს ეცი?! ეგ სულ სხვა სალაპარაკო თემაა... მაგათთან პაექრობა არც ისე ადვილია. თანაც, ხომ იცი _ ერთმანეთს ვერიდებით. ამიტომაცაა, რომ ერთად არ ვცხოვრობთ! _ ისევ ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა აშოტა.
_ ერთი კარგად ამიხსენი, მართლა ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა. როგორ თუ ერთად არ ცხოვრობთ? _ სმენად ვიქეცი, მეგონა, აშოტა რაღაცას მატყუებდა.
_ ახლავე აგიხსნი, აკაკი: აი, თუნდაც, ნიუ-იორკი გაიხსენე, ბევრი სომეხი შეგხვედრია?.. _ მეც გონებაში აღვიდგინე ყველა ნიუ-იორკელი ნაცნობი და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მათ შორის, სომეხი ვერავინ აღმოვაჩინე (რას აღმოვაჩენდი, რაც არ ყოფილა?!.).
_ ტყუილად ნუ იჭყლეტ ტვინს _ სომეხი არ შეგხვდებოდა ანდა, თუ ნახავდი, ისიც გამვლელს ან რამდენიმე დღით ჩამოსულს და არა ნიუ-იორკში მცხოვრებს. ნიუ-იორკში და მთლიანად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბიზნესი ებრაელების ხელშია, სომხებს იქ არაფერი ესაქმებათ. სამაგიეროდ, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი და მთლიანად დასავლეთი სანაპირო ჩვენი _ სომხებისაა. იქ უკვე ებრაელები აღარ გვეცილებიან!.. _ კმაყოფილი სახით მითხრა აშოტამ.
_ ეე, რაებს მიჰქარავ?! ანგლოსაქსებს რას უშვრები? ისინი სადღა არიან, აღარაფერს აკეთებენ? სომხებს და ებრაელებს გიყურებენ ხელებში?!. _ ირონიულად ვიკითხე და მივხვდი, როგორ ვემსგავსებოდით მე და აშოტა გიორგი დანელიას `მიმინოს~ გმირებს _ ვალიკოსა და რუბიკას... თითქოს ფიქრს მიმიხვდაო, აშოტასაც გაეცინა და დაიწყო:
_ კაკოჯან, `ტი ტოლკა ნე აბიჟაისია~, მაგრამ ფული და კაპიტალი სომხების და ებრაელების ხელშია! ფული კიდევ, ხომ იცი, ყველაფერს აკეთებს!
რატომღაც ძალიან გავღიზიანდი. ქართველები, ამ ვიღაც აშოტას აზრით, აღარაფერს წარმოვადგენდით. ავიფოფრე:
_ იცი, რას გეტყვი, აშოტ?! მე ჩემი ქართველობა ყველაფერს მირჩევნია, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი ფული და სიმდიდრე!..
_ ვაა, კაკოჯან, რა ვთქვი ახლა ისეთი, ასე რომ გეწყინა? არ იცი, რომ ამ ქვეყანაზე მარტო შენი კაცობით შორს ვერ წახვალ, რომ მთავარი მაინც ფულია, ფული! აი, როცა ბევრი ფული გაქვს, მაშინ გაფასებენ და გცნობენ... რას იზამ, ასეა! შენ კი სულ ტყუილად ბრაზობ!.. _ აქეთ შემომიტია აშოტამ.
ავფორიაქდი. კიდევ რამდენიმე წუთი დავყავი სასაუზმეში, მერე უცბად წამოვხტი და გავვარდი დარბაზიდან. ათიოდე წუთის შემდეგ აშოტაც გამოვიდა.
_ შენ რა ფიცხი ყოფილხარ, კაკო! მე ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი, მეტი არაფერი. თანაც, შენს წყენინებას სულაც არ ვაპირებდი. რა გვაქვს ერთმანეთთან გასაყოფი?! მოდი, შევრიგდეთ! _ მითხრა და ხელი გამომიწოდა. აღარც მე გავჯიუტებულვარ... მერე აშოტამ თავისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა, ჩაილაპარაკა _ მგონი, მართლა მაგრად დავთვერი, წავალ, ცოტას წავუძინებო, _ და მირჩია, _ წადი, შენც დაიძინე და საქმეს მერე მიხედეო!
აშოტა ფეხარეული წავიდა თავისი ტრაილერისკენ. მეც ჩემს მანქანას მივაშურე, კაბინაში ავძვერი, მოსასვენებელ კუთხეში მოვკალათდი და დასაძინებლად მოვემზადე...
ჩემი ტრაილერი
არ შემიძლია, ორიოდე სიტყვით მაინც არ `წარმოგიდგინოთ~ ის ავტომანქანა, რომელზეც თითქმის წელიწად-ნახევარი ვიმუშავე და რომლითაც თითქმის მთელი ამერიკა შემოვიარე (შტატებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). ალბათ მამაკაცების უმეტესობა დამეთანხმება იმაში, რომ მანქანამ ძალიან იცის მიჩვევა. ცხოვრებაში რამდენიმე საკუთარი მანქანა მყოლია და ყოველთვის, როცა რაღაც მიზეზის გამო მათთან `გამოთხოვება~ მიწევდა, სევდისმომგვრელი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ახლობელ არსებას ვშორდებოდი... სატვირთო ავტომობილი, რომელიც გადმომცეს, Vოლვო-ს ფირმის იყო, მწვანე ფერის, სრულიად ახალი. კაბინა ისე იყო აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკის მიღწევებით, რომ ზოგჯერ, თვითმფრინავში მეგონა თავი. მანქანა კი არ მიდიოდა _ მიფრინავდა. არანაკლებ სასიამოვნო იყო მანქანაში დასვენება. მძღოლის სავარძლის უკან პატარა ოთახი იყო მოწყობილი, დიახ, დიახ, ოთახი _ ჩვენებური `ხრუშჩოვკის~ ერთოთახიანი ბინისხელა, რომელშიც განთავსებული გახლდათ: ორი საწოლი, მაგიდა, მაცივარი, ტელევიზორი (ორმოცდაათამდე არხს იჭერდა), პატარა გაზქურა, პირსაბანი, ცხელი და ცივი წყლით... მანქანაში ასევე იყო ტუალეტი. ხშირად მინახავს ტრაილერის მძღოლები, რომელთაც თავიანთი მეუღლეები ან მეგობარი ქალები დაჰყავდათ თან; ლამის ყველა ყოფითი პრობლემა მოხსნილი ჰქონდათ _ მე თქვენ გეტყვით და, შუქი არ ექნებოდათ თუ საჭმელს ვერ გაიცხელებდნენ!.. აი, ასეთ კომფორტულ ოთახში ვიჯექი ახლა, ბევრი ლუდისგან შეჭიკჭიკებული და ის-ის იყო, გამოძინებულმა, თვალი გავახილე, რომ ტელეფონიც აწკრიალდა _ კომპანიის უფროსი, ედმონდი მირეკავდა.
_ კაკო, სადა ხარ? დეტროიტში უკვე გელოდებიან! _ უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.
_ ბატონო ედმონდ, ჩამეძინა და მაგვიანდება. _ აბა, ხომ არ ვეტყოდი, ლუდით გამოვიბრუჟე-მეთქი.
_ ჰო, კარგი. დეტროიტში რომ ჩახვალ, დამირეკე, _ მითხრა და ტელეფონი გათიშა. წამოვხტი. თურმე, ნუ იტყვით და, მთელი 10 საათი მძინებია. ათიოდე წუთში მოვწესრიგდი, საჭეს მივუჯექი, მანქანა დავქოქე და პირდაპირ ცენტრალურ გზაზე გავედი.
დეტროიტში, ვახოსთან...
მთელი ღამე შეუსვენებლივ ვიარე. დილის 8 საათზე უკვე დეტროიტში ვიყავი. ეს ქალაქი მიჩიგანის შტატის ადმინისტრაციული ცენტრია. დეტროიტი მიჩიგანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო წარმოების ერთ-ერთ უდიდეს ცენტრად ითვლება. სწორედ იქ ააშენა სახელგანთქმულმა ჰენრი ფორდმა თავისი პირველი ქარხანა, სადაც მსოფლიოში პირველად, კონვეიერული სისტემით ავტომობილების გამოშვება დაიწყო. იქვეა განთავსებული `ჯენერალ მოტორსის~ უმსხვილესი საწარმოები. ყოველდღიურად დეტროიტში ასობით `ლინკოლნი~, `დოჯი~, `კრაისლერი~, `ბიუიკი~ და მრავალი სხვა ძალზე პოპულარული მარკის ავტომობილები იწყობა. ყოველწლიურად იმართება მსოფლიოში უდიდესი ავტოსალონი. თანაც, დეტროიტში უდიდესი ნავსადგურიცაა და მრავალი ფაბრიკა-ქარხანა მუშაობს. ასე რომ, ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. თანაც, ეს ქალაქი იმითაცაა გამორჩეული, რომ მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, ქუჩებიც გაწკრიალებულია და არც ისეთი ხალხმრავლობაა, როგორიც ორმილიონიან ქალაქს შეეფერება.
...ამერიკის ქალაქებისა და დაბების უმეტესობა ერთი სისტემითაა განაშენიანებული. მე მას ჭადრაკისებურს დავარქმევდი: ქუჩები და პროსპექტები ერთმანეთს ჯვარედინად კვეთს. ისინი დანომრილია, ამდენად, ბევრ ქუჩას, სახელწოდების ნაცვლად, ნომერი აქვს. რაც შეეხება ქუჩის დასახელებებს _ ამერიკის ქალაქებში ყოფილი პრეზიდენტების სახელობის ქუჩები ჭარბობს. ასე რომ, ბევრგან შეგიძლიათ გაისეირნოთ ლინკოლნის, ვაშინგტონის, კენედის, ფრანკლინის ქუჩებზე. სხვათა შორის, ამერიკულ ქალაქებში საკმაოდ იოლია ორიენტირება და ყველაზე დაბნეული მძღოლიც კი უპრობლემოდ გაიკვლევს გზას.
ამრიგად, დეტროიტში იოლად მივაგენი ავეჯის პატრონის სახლს. ისეთი გაბრწყინებული სახით შემხვდა, ვიფიქრე, ჩემი ძველი ნაცნობი ხომ არ არის-მეთქი?
_ არ მეგონა, ასე მალე თუ ჩამოხვიდოდით. მე და ჩემს მეუღლეს ორი ღამეა, იატაკზე გვძინავს, _ შემომჩივლა ახალგაზრდა მამაკაცმა.
_ არა უშავს, იოგები სულ იატაკზე იძინებენ და როგორი ჯანმრთელები არიან?!. _ ვცადე გახუმრება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. როგორც ჩანს, ჩვენს კლიენტს მართლაც, გვარიანად დაეჟეჟა გვერდები იატაკზე წოლისგან.
_ ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ იმ თქვენს იოგებს!.. რამდენ ხანში გადმოტვირთავთ ჩემს ავეჯს? _ მოუთმენლობა ვერ დაფარა მან.
_ ახლავე დავურეკავ მუშებს და 3-4 საათში ავეჯი უკვე ბინაში გექნებათ, _ დავამშვიდე და ჩვენს კომპანიას დავუკავშირდი. ნახევარ საათში, 4 მუშა მოვიდა და გადმოტვირთვა დაიწყო. კონტეინერი თითქმის სავსე იყო. ასე რომ, დასასვენებლად საკმაო დრო მქონდა. თუმცა, ვერაფრით მოვისვენე. ერთი სული მქონდა, ჩემს მეგობარს, ვახო შუბლაძეს როდის შევხვდებოდი... ბოლოს, ავდექი და დავურეკე. ისიც ნახევარ საათში მოვიდა.
_ აჰა, დეტროიტშიც ჩამოაღწიე, ხომ? ვინა ხარ ახლა შენ _ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი? რა გვანერვიულე, ბიჭო, რა გინდოდა იმ ოლბანის ციხეში?!. _ მომაყარა ვახომ, მერე გადამეხვია და თავისი უშველებელი ტორები ისე მომიჭირა, კინაღამ წელში გადამტეხა.
_ ეე, ბიჭო, არ დამახრჩო! ოლბანის ციხეს გადავურჩი და ახლა შენ გინდა, მომკლა?! _ ძლივს ამოვიღე ხმა.
_ როგორა ხარ, კაკო? რომ იცოდე, როგორ გამახარე! _ ემოციებს ვერ ფარავდა ვახო. თანაც, ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა აღტაცებული, რომ მუშებმა ავეჯის გადატვირთვა შეწყვიტეს და შემოგვეხვივნენ _ რა ხდებაო? თავიდან ეგონათ, რომ ვჩხუბობდით. როცა დარწმუნდნენ, რომ მეგობრები ვიყავით, თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ...
ვახოს სპორტული აღნაგობის ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცი _ წყნეთელი გიორგი და უკრაინელი, ჩასკვნილი ბიჭი, ტარასა მოჰყვნენ.
_ იმ დღის შემდეგ, რაც დარეკე და მითხარი _ დეტროიტში მოვდივარო, _ მგონი, არც მძინებია: ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი... ისე, მაგარი ჩალიჩა ხარ _ ამხელა მანქანა როგორ გაშანსე? _ ვახო ისე უვლიდა მანქანას გარშემო, იფიქრებდი, ტრაილერს პირველად ხედავსო. როცა დათვალიერებით იჯერა გული, ისევ მომიბრუნდა:
_ აბა, ჰე! წავედით, გველოდებიან, დაგვიძველდა პურმარილი, _ ჩამჭიდა ხელი და თავისი მანქანისკენ წამიყვანა.
_ დაიცა, ვახო, საით მექაჩები?! ტრაილერს ასე ხომ ვერ დავტოვებ! თან, ბოსთანაც უნდა დავრეკო.
_ ბოსს უთხარი, ძმაკაცთან მივდივარ-თქო და თავი დაგანებოს!
მოვლენები ჩემდა სასიკეთოდ წარიმართა: კომპანიის უფროსმა მითხრა _ ხვალამდე თავისუფალი ხარო. ეს იმას ნიშნავდა, რომ დილით დეტროიტში დათქმულ მისამართზე უნდა მივსულიყავი და იქიდან ჩიკაგოში გავემგზავრებოდი. ასე რომ, თითქმის მთელი დღე ჩემს განკარგულებაში იყო.
როგორც იქნა, მუშებმა ავეჯი გადმოტვირთეს და მეც და ჩემი ტრაილერიც გავთავისუფლდით. პატრონმა მუშებს ანგარიში გაუსწორა და ბოლოს, რაღაც წიგნი მომაწოდა.
_ ეს რა არის? _ ხელში იუმორისტული ამბების კრებული შემრჩა.
_ გამომართვით, გამოგადგებათ: სხვა დროს გეცოდინებათ, როდის უნდა იხუმროთ... ყოველ შემთხვევაში, ჩემსავით გაწამებულ კაცს აღარ აიგდებთ მასხრად!.. _ გამიღიმა ამერიკელმა და ძლივს გაიმართა წელში.
გულიანად გამეღიმა. კლიენტს დავემშვიდობე და ჩემი ტრაილერით ვახოს მანქანას გავყევი...
ამერიკული მოულოდნელობები
ანუ სტუმრად დეტროიტულ `ჯოჯოხეთში~...
რაც დრო გადიოდა, მით უფრო მაოცებდა ამერიკა _ ეს უზარმაზარი, მართლაც მოულოდნელობებით აღსავსე ქვეყანა.
მოგეხსენებათ, ამერიკის კონტინენტის მოსახლეობა, საუკუნეთა განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იქ ჩასული ადამიანების შედეგად იზრდებოდა...
თურმე ნუ იტყვით და, მე რომ ამერიკა ჯერ ქრისტეფორე კოლუმბის და მერე ამერიგო ვესპუჩის აღმოჩენილი მეგონა, მთლად სწორად არ ვყოფილვარ ინფორმირებული _ ამერიკის პირველ აღმომჩენად ნორმანი ლეივ ერიქსონი ყოფილა აღიარებული... მოკლედ, ამერიკელები ორჯერ ზეიმობენ კონტინენტის აღმოჩენას: 9 ოქტომბრის დღესასწაული ერიქსონის სახელს უკავშირდება (X-XI საუკუნეების მიჯნა), ხოლო 12 ოქტომბერი _ ქრისტეფორე კოლუმბისას, როგორც ამერიკის ხელახლა აღმომჩენისას (1492-1503).
კონტინენტზე ყველაზე დიდი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც 7,8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფოებრივი `ათვლა~ 1776 წლიდან იწყება, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ასე რომ, თუ 4 ივლისს შეერთებულ შტატებში მოხვდებით, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას დიდი ზეიმის მოწმე გახდებით _ დამოუკიდებლობის დღე, ზეიმების მოყვარული ამერიკელებისთვის სრულიად გამორჩეულია...
ახლა მცირე ხნით, ისევ იქაურ მოსახლეობას დავუბრუნდეთ, რომლის ფორმირებაში მთავარი როლი იმიგრაციას ეკუთვნის. მას XVII საუკუნიდან მიუღია მასობრივი ხასიათი. ინგლისელებს, ირლანდიელებს, ფრანგებსა და ჰოლანდიელებს XIX საუკუნეში გერმანელები და იტალიელები შემატებიან, შემდეგ უკვე _ რუსები და ევროპის სხვა ქვეყნების მცხოვრებნი. ამერიკაში დღეს 6 მილიონზე მეტი ებრაელი ცხოვრობს (თუმცა, ეს არცთუ ისე დიდი ციფრია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა გასული საუკუნის დასასრულს 250 მილიონს აღწევდა). ყველაზე მცირე ალბათ აბორიგენი მოსახლეობაა _ ინდიელები, რომელთა დიდი ნაწილი რეზერვაციებში ცხოვრობს და თავის ტრადიციებს ინარჩუნებს (მომდევნო სტატიებში მათთან შეხვედრებზეც გიამბობთ). მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, მეოცე საუკუნეში, შეერთებულ შტატებში ადამიანთა დინებამ კიდევ უფრო მასობრივი ხასიათი მიიღო. ევრაზიაში მიმდინარე გაუთავებელმა ომებმა და პოლიტიკურმა გადატრიალებებმა პირდაპირი გავლენა იქონია ამერიკაზე. პოლიტიკურ ემიგრანტთა დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებში პოულობდა თავშესაფარს და სამუდამოდ მკვიდრდებოდა ოკეანის გაღმა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ და მისი ყოფილი რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკურმა სიძნელეებმა ემიგრანტთა ახალი ნაკადი წარმოქმნა. ეს ნაკადი `ტრადიციისამებრ~, შეერთებული შტატებისკენ მიედინებოდა. თუმცა, თავს იჩენდა ერთი განსხვავება ძველსა და ახალ იმიგრაციულ პროცესს შორის: თუ საუკუნის წინ, არცთუ ისე ძნელი იყო ამ ქვეყანაში დასახლება, ახლა იქ საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს უამრავი ბარიერი ხვდებოდათ და ისინიც იძულებული ხდებოდნენ, შეერთებული შტატების დროებითი მცხოვრების სტატუსით დაკმაყოფილებულიყვნენ. ამ დროებით იმიგრანტთა შორის, მეც გახლდით და ათასობით ჩემი თანამემამულეც, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მხვდებოდნენ. მართალია, ყოველთვის მიხაროდა, როცა რომელიმე ქართველს ან საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად გადმოხვეწილ სხვა ეროვნების ადამიანს წავაწყდებოდი, მაგრამ ამ სიხარულს ხშირ შემთხვევაში, სევდაც ახლდა თან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოდან ჩამოსულებს სხვებისგან განსხვავებულად ტანჯავდა ნოსტალგია და მეორეც, მათი უმეტესობა უმძიმესი შრომის ფასად ღებულობდა არცთუ ისე დიდ გასამრჯელოს.
ვახოს სამფლობელოში...
დავუბრუნდეთ ჩემს `მოგზაურობას~. როცა ტრაილერი გადმოტვირთეს, წინ მიმავალ ვახოსა და მის მეგობრებს ჩემი მანქანით გავყევი უკან. სანამ ფართო ქუჩები იყო, არანაირი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ დაიწყო მოსახვევები და დაიწყო ჩემი წამებაც _ მოსახვევებს ვიწრო ქუჩებიც მოჰყვა და... რომ იტყვიან, კუს ნაბიჯებით მიმყავდა უზარმაზარი მანქანა. ზოგიერთ მოსახვევში უბრალო მანევრს 5-10 წუთს ვანდომებდი. ბოლოს, ნერვებმაც მიმტყუნა, სიგნალს მთელი ძალით დავაჭირე ხელი და წინ მიმავალი ვახოს მანქანაც ადგილზე გაქვავდა.
_ თუ ძმა ხარ, ვახო, ნუღარ მაწვალებ. ეს სად მიმაჩანჩალებ?! მოდი, რა, სადმე დავაყენებ ამ ტრაილერს.
_ არა, კაკო, წამოდი, გეხვეწები. ამ მანქანით მინდა, რომ მოხვიდე ჩემს სახლთან, მინდა, ყველას გავაცნო შენი თავი... _ ლამის ტირილი დაიწყო ვახომ.
_ შენ, ბიჭო, ავად ხომ არა ხარ?! ტრაილერს ვტოვებ, მე კი არ ვრჩები!
_ არა, არა, ტრაილერით წამოდი, რა. ხომ გითხარი, ქართველები უნდა გაგაცნო, _ თავისას არ იშლიდა ვახო.
_ ისე გამაცანი, მერე, ეს ტრაილერი რაღად გინდა?! ვერ ხედავ, რომ მოსახვევებში ვეღარ ვეტევი?!
_ იქნებ, რამენაირად მოახერხო! _ პოზიციას არ თმობდა ვახო.
_ არა, ძმაო, არ გამოვა! შეიძლება, ისეთ ადგილას გავეჩხირო, რომ მერე საერთოდაც ვეღარ შევძლო ამხელა `მახინის~ გამოყვანა! _ ისე კატეგორიულად ვთქვი, რომ ჩემმა მეგობარმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გამიბედა და უკმაყოფილოდ დამთანხმდა _ რაც გინდა, ის ქენიო.
_ ვახო, შენი სახლი აქედან შორს არის? _ ვკითხე.
_ იქნება ერთი 5-6 მილი.
_ და სულ ასეთი ვიწრო ქუჩებია?
_ კი, ვიწრო ქუჩებია, _ უხალისოდ დამიკრა კვერი.
_ აბა, ძმაო, ამის ნერვები ნამდვილად არა მაქვს. სადმე უნდა გავაჩერო! _ ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, ტრაილერი იქვე, პატარა მაღაზიასთან დავაყენე, კარი ჩავკეტე და მაღაზიის მეპატრონესთან მივედი. უცერემონიოდ გავუწოდე 30 დოლარი და ვთხოვე, სანამ დავბრუნდებოდი, მანქანისთვის ყურადღება მიექცია.
მეპატრონემ სიამოვნებით გამომართვა ფული და ტრაილერი ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, მაინც შემეშინდა ქუჩაში უპატრონოდ ტრაილერის დატოვება, ვიფიქრე _ სიფრთხილეს თავი არ სტკივა-მეთქი. როგორც მერე დავრწმუნდი, ამერიკაში ვინმესთვის მანქანის ჩაბარება ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.
ჩავუჯექი ვახოს და მის ძმაკაცებს მსუბუქ მანქანაში და გზა გავაგრძელეთ. ცოტა არ იყოს, უხასიათოდ მომეჩვენა და ვკითხე:
_ რა მოგივიდა, ვახო? რაღაც უხასიათოდ ხარ.
ვახომ ვითომ ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამი. ამან კიდევ უფრო გამაოცა და შეკითხვა გავუმეორე.
_ რომ გაიგო, შენ ჩამოხვიდოდი, იმის შემდეგ ენა არ გაუჩერებია. მაგარი ძმაკაცი გყავს, სულ შენს ქებაში იყო. თან სულ ამბობდა, ტრაილერზე ზისო. ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ქართველებს კი არ სჯეროდათ: თბილისელ კაცს ტრაილერზე ვინ დასვამდაო?.. ამიტომ უნდოდა, რომ ტრაილერით წამოჰყოლოდი, _ ამიხსნა გიორგიმ.
_ კი, მაგრამ რა იყო ამაში დაუჯერებელი?
_ აქაურ ქართველებს ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება გვიწევს, რომ ტრაილერი ცოტა არ იყოს, მიუწვდომელ ოცნებად გვეჩვენება. ვახოსაც უნდოდა, შენით თავი მოეწონებინა, _ დანანებით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
_ არა უშავს, ტრაილერი არც ისე შორს დავტოვეთ, წამოვიყვანოთ თქვენი მეზობლები `ექსკურსიაზე~ და ეგ იქნება! _ ვიპოვე გამოსავალი.
_ თქვენ რა, მეტი სახუმარო ვერაფერი მოძებნეთ?! უბერავთ, რა!.. _ გაგვიბრაზდა ვახო.
ქართველები ამერიკაშიც ქართველობენ...
ის ადგილი, სადაც ვახო შუბლაძე ცხოვრობდა, დეტროიტის გარეუბნად ითვლებოდა, თუმცა ქალაქის ძველი უბანი უფრო ეთქმოდა. ძირითადად, 2-3-სართულიანი მანსარდიანი სახლები იყო და თითოეულს პატარა, მოვლილი ეზო ერთვოდა თან.
_ აი, აკაკი, ჩემი სახლი! _ ამაყად მითხრა ვახომ და 3-სართულიან, აივნებიან შენობაზე მიმითითა. ეზოში ძველებური მოდელის 3 მსუბუქი ავტომანქანა იდგა.
_ ვახო, არ გინდა, ასეთი სახლი თბილისში გქონდეს? _ ამ სიტყვებით ვაპირებდი ჩემი აღფრთოვანების გამოხატვას.
_ არც აქ მაწყენდა, ჩემი რომ იყოს, _ ცივი წყალი გადამასხა და თავის `სამფლობელოში~ შემიძღვა.
ვახომ, დეტროიტში რომ ჩავიდა, მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. უფროსი, პოლონელი ჰყავდა, ვახო კიდევ, ერთი პოლონელი გოგონას წყალობით, პოლონურს `ამტვრევდა~ და... დამეგობრდნენ კიდეც. ეს პოლონელი მშენებლობის ბიზნესით იყო დაკავებული, ქალაქში ბევრ ვინმეს იცნობდა და მოახერხა კიდეც მათი დახმარებით ვახოსთვის შედარებით მსუბუქი სამუშაოს გამონახვა.
ახლა ვახოს საკმაოდ პრესტიჟული სამუშაო ჰქონდა _ იგი რამდენიმე სახლის მეთვალყურე იყო. ვახოს ფუნქციებში შედიოდა ამ სახლების წესრიგში მოყვანა _ წყალგაყვანილობასა და ელექტროგაყვანილობაზე მეთვალყურეობა, დასუფთავებისა და ნაგვის გატანის ორგანიზაცია. მას უნდა ეკონტროლებინა აგრეთვე ბინის ქირის გადახდა, სატელეფონო და საფოსტო მომსახურების სფეროში არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ხელქვეითებიც ჰყავდა _ დამლაგებლები, ხელოსნები, მძღოლები, დაცვის თანამშრომლები. გარდა იმისა, რომ სათანადო გასამრჯელოს იღებდა, უზრუნველყოფილი იყო ბინით და არც მომსახურების ხარჯებს (შუქი, წყალი, ბინის ქირა) იხდიდა. უფრო მეტიც, ავტომანქანაც ემსახურებოდა და საწვავიც უფასოდ ეძლეოდა.
ვახო ოთხ 3-სართულიან სახლს პატრონობდა, რომელშიც 40-მდე ოჯახი ცხოვრობდა. მათი უმეტესობა, ახალჩამოსული იმიგრანტი იყო. ამ სახლებში ქართველებიც ცხოვრობდნენ. თავად ვახოს, მშვენიერი ოროთახიანი ბინა ჰქონდა.
როგორც კი მის ბინაში შევედით, თავი საქართველოში წარმოვიდგინე, ისეთი ნაცნობი და მონატრებული სურნელი ტრიალებდა _ საცივის და ხაჭაპურის... ოთახში მოზრდილი სუფრა იყო გაშლილი. რა აღარ ეწყო მასზე _ ჩვენებური, ჩემთვის ასეთი სანატრელი: თონის პური, საცივი, მხალეული, მჭადი, ბოლოკი, შებრაწული გოჭი... ღიმილი ვერ შევიკავე...
_ აბა, რა გეგონა, დეტროიტში ჩამოსულს, ჰამბურგერებსა და ჩიპსებს დაგახვედრებდი? ჯერ სადა ხარ?! ისეთი ღვინო დაგალევინო, რო!..
ვახო მაგნიტოფონთან მივიდა. ძველთბილისურმა, ქალაქურმა მელოდიამ განწყობა კიდევ უფრო გამიხალისა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ვახო ორ შუახნის მანდილოსანს შემოუძღვა. ორივეს წინსაფარი ეკეთა და ფქვილიანი ხელები ჰქონდა.
_ მოდით, მოდით, დეიდა მარო, დეიდა ნათელა, ჩემი ძმაკაცი გაიცანით! _ ჩემკენ მოჰყავდა ქართველი ქალები ვახოს.
_ გვაპატიე, შვილო, ეს გადარეული რომ შეგიჩნდება და აღარ მოგეშვება... ხაჭაპურს ვაცხობ და ფქვილიანი ხელებით შენს გასაცნობად წამომიყვანა... _ მომიბოდიშა ქალბატონმა მარომ.
_ მე კიდევ, ხინკალს ვაკეთებ, მეც ფქვილიანი ხელები მაქვს... _ ახლა ქალბატონმა ნათელამაც მომიბოდიშა.
_ არა უშავს, რას ამბობთ, ძალიან გამიხარდა თქვენთან შეხვედრა. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამ შუაგულ ამერიკაში ქართველი მანდილოსნები ჩემს პატივსაცემად ხინკალს და ხაჭაპურს თუ მოამზადებდნენ, ვერაფრით წარმოვიდგენდი.
თავი სიზმარში მეგონა. ვახო გვერდით მომიჯდა და მითხრა:
_ კაკო, ცოტა ხანსაც მოვიცადოთ, მოვლენ, თან ჩემს ბოსსაც მოიყვანენ. კარგი კაცია. მინდა, შენც გაგაცნო.
_ ყოჩაღ, ვახო, მაგრად მორგებიხარ დეტროიტს. მოიცა, მოიცა, ეს ქალბატონები სად გაიცანი? _ დავინტერესდი.
_ შენ ის მკითხე, ამ ქალაქში ვის აღარ გადავყრივარ!.. _ მომეჩვენა, რომ ეს გაღიზიანებულად თქვა.
_ რა გინდა, ძმაო, სამდურავი რა გეთქმის?! ბინის ქირას შენ არ იხდი, ხაჭაპური და ხინკალი შენ არ გენატრება... პირდაპირ სამოთხეში ხარ!
_ სამოთხე კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია, მომბეზრდა ყველაფერი. დავიღალე, კაკო, ჩემს სახლში მინდა. ჩემი ქუთაისი მთელ ამერიკას მირჩევნია. ყველაფერს თავი უნდა დავანებო და წავიდე აქედან, _ ცოტაც და, თვალზე ცრემლი მოადგებოდა.
_ ბიჭო, შენ ხომ არ გაგიჟდი?! წახვალ და მერე ვინ არჩენს შენს ოჯახს?.. ცოტა ხანს გაუძელი, რაღაც თანხა დააგროვე, რომ მერე რაიმე საქმეს მოჰკიდო ხელი იმ შენს ქუთაისში და მერე წადი. ისე, ამაზე კარგი ადგილი სად უნდა ნახო?!
_ ეს გარედან ჩანს ასე, თორემ... შენ გგონია, მართლა სარფიანი საქმე მიჭირავს ხელში? ვინც კი გაჭირვებული ჩამოდის დეტროიტში, ყველა მე მაკითხავს: რატომღაც დარწმუნებული არიან, რომ ბინის პრობლემას მოვუგვარებ.
_ ვის გულისხმობ?
_ ვის და ქართველებს!
_ მერე მაგას რა სჯობია, შენიანს რომ დაეხმარები?!.
_ გაჭირვებული ქართველი რომ მოგაკითხავს ამერიკაში და გთხოვს, დამეხმარეო, უარს როგორ ვეტყვი?! რამდენისთვის გამიმართავს ხელი, რამდენს უცხოვრია ჩემს ბინაში თვეობით!.. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ გაგაგიჟებენ... მოდიან, მეუბნებიან _ გვინდა, ბინა ვიქირავოთო. ვცდილობ, საუკეთესო ვარიანტი შევურჩიო, შედარებით იაფად, მაგრამ ქირის გადახდის დრო რომ მოდის, `ითესებიან~... სამსახურს ხომ არ დავკარგავ!.. ჰოდა, ვიხდი ჩემი თანამემამულეების ბინის ქირას... _ დაასრულა გულდაწყვეტილმა ვახომ.
_ დავიჯერო, აქ ვინც ჩამოდის, ყველა ასეთია?
_ ღმერთმა დაგვიფაროს! მაშინ ხომ ქართველობაზე მთლად უნდა ავიღოთ ხელი!.. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ერთი თვის ბინის ქირის გამო, კაცობაზე ამბობენ უარს. არადა, კიდეც მეცოდებიან: რა ქნან, ვერ უღებენ ალღოს ამერიკული ცხოვრების წესს...
მერე მომიბრუნდა და დასძინა:
_ მაგრამ რომ იცოდე, კარგი ბიჭიც ბევრია დეტროიტში. ცოტაც მოითმინე და რამდენიმე მათგანს შენც გაგაცნობ...
ამ დროს, კარზე ზარი დაირეკა. დეტროიტში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებთან შესახვედრად მოვემზადე.
ხაშს... დეტროიტშიც აკეთებენ
ამ 20-25 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამერიკაში ვიყავიო, როგორც უცხოპლანეტელს, ისე დავაცქერდებოდით. კომუნისტური გადასახედიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ხსენებაც კი, შეიძლება ითქვას, ტაბუდადებული იყო. ხალხში ერთი ასეთი ამბავიც დადიოდა: ბესო ჟღენტი, ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, მწერალთა ჯგუფთან ერთად მივლინებით გაუგზავნიათ შტატებში (ასეთი მივლინება, სხვათა შორის, იმ პერიოდში თითზე ჩამოსათვლელი იყო). დაბრუნებულა სახელგანთქმული საბჭოთა კრიტიკოსი `კაპიტალისტური ბარბაროსული სახელმწიფოდან~ და ბუნებრივია, შთაბეჭდილებები უნდა გაეზიარებინა მწერალთა და მკითხველთა ფართო წრისათვის. ჰოდა, დგას ეს ჩვენი კრიტიკოსი მაღალ ტრიბუნაზე და ლანძღავს `ძირგამომპალ კაპიტალიზმს~. დარბაზიდან ასეთი შეკითხვაც დაუსვეს:
_ ბატონო ბესო, ამერიკულ ოჯახში თუ იყავით სტუმრად?
_ გახლდით, როგორ არ გახლდით. ერთმა საცოდავმა ზანგმა მიგვიწვია...
მერე კრიტიკოსი რეალურ მოგონებას მიეცა, ხმას ოდნავ დაუწია და განაგრძო:
_ ჰო, შეხედავდი, ერთი საცოდავი ზანგი იყო. მაგრამ იმხელა სახლი ჰქონდა, იმხელა სახლი, ჩვენ ყველანი დავეტეოდით შიგ. მერე, უზარმაზარი მაცივარი გამოვაღე და შიშით მაშინვე მივხურე _ ისე იყო გამოტენილი სურსათით, რომ თვალები ამიჭრელდა...
ბატონი ბესო დარბაზის მხიარულმა რეაქციამ დააბრუნა რეალობაში...
დიახ, ვიცოდით და არც ვიცოდით ამერიკული ცხოვრების წესის და საერთოდ, ოკეანის გაღმა მდებარე სახელმწიფოს შესახებ...
დღეს კი, ამერიკაში კი არა, ავსტრალიასა და აფრიკის ქვეყნებშიც `შინაურულად~ გრძნობენ თავს ჩვენებურები. შტატებში ყველაზე კომპაქტურად ნიუ-იორკში არიან `ჩასახლებული~. ქართველთა სიმრავლით განსაკუთრებით ნიუ-იორკის `რუსული~ უბანი _ ბრაიტონ-ბიჩი გამოირჩევა. იმ ორ წელიწადში, რაც იქ გავატარე, ბევრი `იქაური~ ქართველი გავიცანი. მაგრამ ხშირად მხვდებოდნენ ჩემთვის უცნობი ქართველებიც.
ნიუ-იორკისგან განსხვავებით, დეტროიტში ქართველები ცოტანი იყვნენ და ერთმანეთსაც საკმაოდ კარგად იცნობდნენ. ხშირად იყვნენ ერთად და რომ იტყვიან, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ _ ერთ დიდ ოჯახში ცხოვრობდნენ. ჩემი მეგობრის, ვახო შუბლაძის ოროთახიანი ბინა ქართველების შეხვედრის ადგილი იყო და რაც მთავარია, ამ ბინაში ხშირად იშლებოდა ქართული სუფრა, ქართული კერძებით და სადღეგრძელოებით...
მოკლედ, ვიჯექი ახლა ვახოს ნავსაყუდელში და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი. თანაც, ყველას ან სასმელი მოჰქონდა, ან კიდევ რაიმე გემრიელი საჭმელი. ასე რომ, სულ მალე სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა... ვახო ყოველ ახალმოსულს ისეთი პატივით წარუდგენდა ჩემს თავს, რომ უხერხულობისგან არ ვიცოდი, სად დავმალულიყავი. თუმცა, სულ ცოტა ხანში, სტუმრებთან საერთო ენა გამოვნახე. ხომ მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა ყველას ნაცნობია და ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა?!. ვახომ თავისი საკმაოდ მომხიბვლელი პოლონელი გელფრენდიც გამაცნო, რომელიც, ისე იქცეოდა, როგორც ჩვენებური პატარძალი... მერე ვახოს ფირმის შეფიც მოვიდა _ პოლონელი ინჟინერ-მშენებელი, რომელსაც ჟუჟაკი ერქვა და რატომღაც ყველანი ჟუჟიკს ეძახდნენ. ჟუჟიკი საკმაოდ შინაურულად გრძნობდა თავს და როგორც შემდეგ გავიგე, ამგვარ წვეულებას თურმე არასოდეს აკლდებოდა; ძალიან მოსწონს ქართული სუფრა და ქართული სადღეგრძელოებისას ხშირად ტირის კიდეცო, _ მითხრეს. ჟუჟიკს დალევა უყვარდა და სასმისებს ბოლომდე ცლიდა... მერე ისიც გავიგე, რომ თურმე, ვახოს ჰბრალდებოდა პოლონელის `გალოთება~. ხშირად ამ საყვედურით ჟუჟიკის ცოლი მოდიოდა თურმე, მაგრამ ვახო რის ვახო იქნებოდა, რომ მასთანაც არ მოეკვარახჭინებინა საქმე?! რამდენიმე ასეთი `მოხტომის~ შემდეგ, ჟუჟიკი და მისი ცოლი ჩახუტებულები წავიდნენ შინ _ ჟუჟიკი უკვე გამოფხიზლებული, ხოლო მისი ცოლი _ გვარიანად ჩაბუჟბუჟებული... უფრო მეტიც _ დილაადრიან, ეს ქალბატონი უცერემონიოდ მოუძღოდა მეუღლეს წინ, `პახმელიაზე~ გამოსასვლელად. როცა დავინტერესდი _ აქ რატომღა მოდიოდნენ-მეთქი? _ მიპასუხეს _ იმიტომ რომ ჩვენთან ხაში ეგულებათო... ხაშის ხსენებაზე, სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რადგან დეტროიტში მართლაც წარმოუდგენელი იყო, დილაადრიანა მისულიყავი რომელიმე რესტორანში და ოფიციანტს ვეება მათლაფით ცხელი ხაში მოერთმია, დანაყილი ნივრითა და ლავაშით... ამიტომაც არ დავიჯერე და ვახოს ვკითხე:
_ ვახო, თუ ძმა ხარ, შენ მაინც მითხარი სიმართლე _ დეტროიტში მართლა აკეთებენ ხაშს?
_ კი არ აკეთებენ, არამედ ვაკეთებინებთ! _ მიპასუხა ვახომ.
_ ??
_ როცა ვქეიფობთ, მეორე დღისთვის ვუთანხმდებით ხოლმე ჩინურ რესტორანს, ხაშის მასალა მიგვაქვს და ისინიც გვიხარშავენ. დილით კი, ჩვენთან ერთად სიამოვნებით შეექცევიან, _ დამიკონკრეტა ვახომ.
_ შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ, ძმაო! აგიწყვია საქმე და ეგ არის! _ აღფრთოვანება ვერ დავფარე.
_ ჯერ სადა ხარ?!. ამერიკაში უნდა გავხსნა ხაშის მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ერქმევა _ `ვახო და მეხაშეები~.
_ მოიცა, მოიცა, ამდენ მეხაშეს სად ნახავ?
_ სად და ცოტანი არიან ჩინელები, ზანგები, კორეელები?.. შენ საქმე უთხარი და წყალში ჩადგებიან!
_ ისე ოპტიმისტურად ხარ განწყობილი, მგონი, გამილიონერებას აპირებ და თუ ძმა ხარ, არ დაგავიწყდე!..
_ მაგაზე ნუ იდარდებ, ხაში არ მოგაკლდება, _ დამაიმედა ვახომ.
...ჩვენს სუფრას, ცხადია, ვახო თამადობდა. რადგან მე მეორე დღეს ტრაილერით გამგზავრება მომიწევდა, სასმელს არავინ მაძალებდა. მაგრამ ჩვენებური სუფრის ამბავი ხომ მოგეხსენებათ _ მონატრებული მქონდა ქართული გარემო, ქართული კერძები, თანამემამულეთა წრეში ყოფნა... ასე რომ, ქართული სუფრის ლაზათმა თავისი ქნა და მეც ნელ-ნელა ვეპარებოდი ღვინოს... პირველი სადღეგრძელო, რა თქმა უნდა, საქართველოსი იყო. ბუნებრივია, რომ უცხოეთში ყოფნისას ამ სადღეგრძელოს მართლაც სულ სხვა გრძნობით წარმოვთქვამთ... დალია თუ არა ვახომ სამშობლოს სადღეგრძელო, ჟუჟიკი ფეხზე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.
_ ეე, დაიწყო ახლა ამან მისებური შებერვა!.. _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გიორგიმ. გიორგი წყნეთელი იყო, ჩასკვნილი, ზორბა ტანის, მხარბეჭიანი. ვიფიქრე, სპორტსმენი იქნება-მეთქი და მართლაც, ძიუდოში სპორტის ოსტატი ყოფილა.
ჟუჟიკს სოსო გამოექომაგა:
_ რა გინდა, გაახაროს თავისი ჭია, რას გიშლის?!
_ ვიცი მე, ძა-ან გრძელი ჭია რომ ჰყავს და მაგაზე ვდარდობ... _ ჩაიბურტყუნა გიორგიმ.
_ რატომ არის გიორგი ასეთი აგრესიული? _ ვიკითხე.
_ რატომ, ჩემო აკაკი, და ამ პოლონელს, თუ გინდა, 10 ლიტრი დაულევია, მაგას არ ვიდარდებ, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ჩვარივით გადაეკიდება სკამზე... არ გინდა მერე, მაგის სახლამდე მიტანა?!.
_ მერე ნუ წავიყვანთ, აქ დავტოვოთ. დილით გამოფხიზლდება და თვითონვე წავა, _ შევთავაზე გამოსავალი.
_ რამდენჯერმე დავტოვეთ, მაგრამ აგვავსო საყვედურებით მაგისმა ცოლმა. ვახოს ხათრით, თორემ, სულაც არ მადარდებს ეგ ჟუჟიკი და მისი ცოლი. უბრალოდ, ვახოსთვის ამ პოლონელს ბევრი სიკეთე გაუკეთებია...
_ ე.ი. დღესაც, პოლონელის ზურგზე მოკიდება მოგიწევს?
_ ალბათ. თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს რთული მისია თავიდან ავიცილოთ: თუ ჟუჟიკის ცოლი, სიმკა მოვა, მეც მეშველება და ჟუჟიკსაც: მარტო მანქანამდე `მივიტან~ და მორჩა, მერე სიმკამ იმტვრიოს თავი, _ გამიღიმა გიორგიმ.
_ სიმკა როგორი ქალია? _ ინტერესი ვერ დავიოკე.
_ მაგარი ვინმეა. ჟუჟიკზე სამჯერ მეტსა სვამს, მაგრამ სასმელი არ ეკიდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, მოვიდეს და შენ თვითონ გაიცნობ, _ მიპასუხა გიორგიმ და ჭიქა შემივსო.
საქართველოზე შეყვარებული პოლონელი
ამასობაში, ჟუჟიკს მოზრდილი ბოკალი მოუტანეს და ღვინით შეუვსეს. ჟუჟიკი ვაჟკაცურად წამოიმართა, თავმომწონედ მოავლო სუფრასთან მსხდომთ თვალი და იკითხა:
_ მეგობრებო, ხომ იცით, მე ვინა ვარ?
_ როგორ არ ვიცით, ბატონო ჟუჟიკ! _ გაისმა აქეთ-იქიდან.
_ ჰოდა, მე, პოლონელ კაცს, ისევე მიყვარს ქართველები, როგორც ჩემი პოლონელები. ჩემმა უმცროსმა მეგობარმა, ვახომ შემაყვარა საქართველო. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ შეგხვდით, ქართველებს. ახლა მე თქვენზე ნაკლებად კი არ მიყვარს საქართველო... გაისად აუცილებლად ჩავალ თქვენს ქვეყანაში, მოვინახულებ, ვახო თუ არ იქნება თბილისში, მის მშობლებთან მივალ და მოვესიყვარულები...
ჟუჟიკი კარგა ხანს ლაპარაკობდა აღტაცებული ტონით. ისეთი გრძნებით წარმოთქვამდა ჩემი სამშობლოს სადღეგრძელოს, რომ ლამის გული ამიჩუყდა... ვახოსკენ გავიხედე. გაბადრული სახით გვიყურებდა, ხან მე და ხან პოლონელს. თითქოს უნდოდა, ეთქვა _ ნახე, რა მაგარი მეგობარი მყავს, საქართველო როგორ შევაყვარეო!.. ჟუჟიკმა სულმოუთქმელად დაცალა უზარმაზარი ბოკალი, გადმოაბრუნა და _ ასე მტერი დაგეცალოთო! _ დააყოლა ჩვენებურად. ვახომ ისევ თავმომწონედ გადმომხედა და _ ჩემი სკოლააო, _ დასძინა...
სუფრა ტრადიციულ რეჟიმში `ჩაჯდა~. ვლაპარაკობდით ათას რამეზე, რაც სამშობლოდან გადმოხვეწილ ადამიანებს აწუხებს, მით უმეტეს _ ჩვენ, ქართველებს, რომელთა უმეტესობას ოჯახები, ახალშერთული ცოლები და ჩვილი ბავშვები, მოხუცი, საპატრონო მშობლები და გზაზე დასაყენებელი შვილები გვყავდა მიტოვებული და თვეში ან კვარტალში ერთხელ, ჩვენ მიერ წვალებით ნაშოვნ ფულს ვუგზავნიდით... გვტანჯავდა ნოსტალგია, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავით...
...გიორგის წინასწარმეტყველება ახდა: ცოტა ხანში, ჟუჟიკი უაზრო თვალებით მიყურებდა. ჯერ ვიფიქრე _ რაღაცის თქმა უნდა-მეთქი, _ მაგრამ მერე მივხვდი, რომ ბახუსი მორეოდა. შემეცოდა, გიორგის ვთხოვე, მომხმარებოდა, სავარძელში `გადავასვენეთ~ და ცოტა ხანში, ჩემი მეგობრის შეფი ტკბილ სიზმარში ჩაიძირა. გიორგიმ კიდევ ერთხელ ინატრა _ ნეტავ, სიმკა მოვიდესო!..
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა.
_ სიმკა მოვიდა! _ აღტაცებით წამოიძახა გიორგიმ და მართლაც _ ოთახში მაღალი, ტანსრული ქალბატონი შემოვიდა. მხიარულად მიესალმა ყველას, ნაღვლიანად გადახედა თავის ჩაძინებულ მეუღლეს და ჩვენს კომპანიას შემოუერთდა.
ცოტა ხანში, სიმკა ძალზე გაამხიარულა მშვენიერმა შუშხუნა ღვინომ და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს სადღეგრძელოც თავის ქმარზე არანაკლები პათოსით დალია... სუფრის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: ვინ გემრიელ ქართულ კერძებს სთავაზობდა შემოსწრებულ ქალბატონს, ვინ _ ნამცხვარს, ვინ კიდევ _ ხილის წვენს... ვიჯექი ჩემს თანამემამულეებთან და ბავშვივით მიხაროდა, რომ აქ, დეტროიტში საშუალება მომეცა, მცირე ხნით მაინც მეგრძნო თავი ბედნიერად, მელაპარაკა ქართულად, მეცქირა ქართული სახეებისთვის. საშუალება მომეცა, მომესმინა საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული პოლონელის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო და რატომღაც სურვილი გამიჩნდა, განსხვავებული სასმისი ამეღო ხელში და დამელია იმ სიყვარულის სადღეგრძელო, რომელმაც ამ გადასაკარგავში გადმოგვხვეწა ქართველები და რომელიც ისევ სამშობლოში დაგვაბრუნებდა...
მსუბუქი გაძარცვა... ტრაილერში
მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ვახოსთან ჩემი სტუმრობის ვადა. იმდენი სიამოვნება განვიცადე, რომ ვერც გავიგე, დრო როგორ გავიდა. როცა საათს დავხედე, თვალებს არ დავუჯერე _ დილის 4 საათი იყო...
ვახომ თავისი მანქანით მიმიყვანა მოშორებით დაყენებულ ჩემს ტრაილერთან, დამემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ დეტროიტში კვლავ მოვხვდებოდი და ვინახულებდი. ახლა მარტო მე კი არა, აქ მთელი ჩემი საძმაკაცო გელოდებაო...
დილის 9 საათზე უკვე საწყობში უნდა ვყოფილიყავი. დასვენება უნდა მომესწრო. ის-ის იყო, საწოლს მივუახლოვდი, რომ კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა. ვიფიქრე, ალბათ ვახოს რაღაცის თქმა დაავიწყდა და უკან მობრუნდა-მეთქი. გავაღე კარი და მის ნაცვლად, ჩვენი სუფრის ერთ-ერთი წევრი შემრჩა ხელში. ფეხზე ძლივს იდგა...
_ აუ, კაკო, თუ ძმა ხარ, შენს მანქანაში დავიძინებ... მაგარი ნასვამი ვარ. სამსახურში ადრე უნდა მივიდე და შინ წასვლას ვეღარც მოვასწრებ...
იმდენად დაღლილი ვიყავი, არც დავინტერესებულვარ, ჩემს ტრაილერთან როგორ მოხვდა.
_ პრობლემა არ არის, მაგრამ იცოდე, 8 საათზე უკვე უნდა გავიდე...
_ აუ, შენ მართლა მაგარი ვინმე ყოფილხარ!.. _ ისე უაზროდ იმეორებდა ამ `აუ, აუ~-ს, რომ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა და ვიფიქრე _ მგონი, ამას ყველაფერი რიგზე ვერა აქვს-მეთქი...
როგორც ადრე აღვნიშნე, ჩემი ტრაილერის მოსასვენებელ კაბინაში ორი კაცი კი არა, მთელი ოჯახი დაიძინებდა... დაუპატიჟებელ სტუმართან ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაღვიძარა დავაყენე და მაშინვე დავწექი.
...მაღვიძარის წკრიალზე თვალი ძლივს გავახილე და ზოზინით წამოვიმართე. გვერდით საწოლს გადავხედე და გამიკვირდა, ჩემი სტუმარი კაბინაში არ იყო. ეტყობა, ყოჩაღი ბიჭია, ამერიკულ რეჟიმს მიეჩვია და დროზე ადგა-მეთქი, გავიფიქრე. თურმე, სადა ხარ?! როდესაც ჩემი შარვალი ძირს დაგდებული დავინახე, მაშინვე მივხვდი, ვისთანაც მქონია საქმე: ჯიბეში ხელი ჩავყავი და... ცარიელი საფულე შემრჩა ხელში... მართალია, იქ სულ 150 დოლარი მედო (ვფრთხილობდი და მთელ ფულს ერთად არ ვინახავდი), მაგრამ ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, რომ მთელი 10 წუთი შოკირებული ვიჯექი. ვერაფრით ამეხსნა, როგორ იკადრა ჩემმა ახალგაცნობილმა თანამემამულემ ჩემი ასე გამწარება...
ამ დროს, მობილური აწკრიალდა. ხაზზე ვახო იყო.
_ კაკო, თუ ისევ დეტროიტში ხარ, იქნებ, `ჩვენებური~ ხაში გაგესინჯა? _ როხროხებდა ნაბახუსევი ვახო.
_ არა, ვახო, ახლა საწყობში მივდივარ, ტრაილერს დამიტვირთავენ და ჩიკაგოში უნდა დავუბერო. ხაში სხვა დროისთვის გადავდოთ, _ მხოლოდ ეს ვუთხარი, თუმცა, დროც რომ მქონოდა, ვეღარ წარმომედგინა წუხანდელ თანამეინახეებთან ახალი შეხვედრა... ეტყობა, ვახომაც შემატყო ხმაში უგუნებობა და სანამ არ გამომკითხა, რა შემემთხვა, არ მომეშვა...
_ მაგის დედა!.. ფეხებით ჩამოვკიდებ!.. _ გაცეცხლებულმა წამოიძახა და გამწარებულმა ტელეფონი გათიშა.
გზა ჩიკაგოსკენ...
საწყობი, სადაც ტრაილერი მივაყენე, ავეჯის სულაც არ იყო. ამჯერად, ქაღალდის მოზრდილი რულონები უნდა გადამეტანა. მომცრო, ძრავიანი ურიკებით სულ რაღაც 2 საათში დატვირთეს ჩემი ტრაილერის უზარმაზარი ძარა და მეც მზად ვიყავი გასამგზავრებლად. ედმონდიც დამიკავშირდა და ამიხსნა, რომ ჩიკაგოში 2 დღით დარჩენა მომიწევდა, სანამ სხვა შეკვეთას მომცემდნენ. ედმონდმა მთხოვა, რომ ზედმეტად არ მევლო ქალაქში, თან `განმიმარტა~ _ ჩიკაგო ნიუ-იორკი არ გეგონოსო...
ამ გაფრთხილებამ, ცოტა არ იყოს, დამაინტრიგა _ ნეტავ, ეს გაფრთხილება რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი?.. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი, რომ ჩემი თვალით მენახა ყველაფერი...
დეტროიტიდან ჩიკაგომდე კარგა გვარიანი მანძილი _ 400 მილი (ხომ გახსოვთ, ერთი მილი 1,85 კილომეტრს უდრის) უნდა გამევლო. არ იყო მთლად სასიამოვნო ამხელა გზაზე მარტო წასვლა...
უხალისოდ დავძარი ტრაილერი. რატომღაც ჩვეულებრივზე ნელი სიჩქარით დავადექი გზას. თან მგზავრთა მოსაცდელ ადგილებს ისე ვათვალიერებდი, როგორც ახალი კლიენტის მომლოდინე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.
...ერთ-ერთ გაჩერებაზე, ტრაილერის ნაცნობი მძღოლი მომადგა, ახალგაზრდა ბიჭთან ერთად.
_ ეი, რუსო, საით მიდიხარ? _ მკითხა გაღიმებულმა. ესპანელი იყო და მისთვის ყველა ყოფილი საბჭოელი, რუსი იყო.
_ ჩიკაგოში, _ ვუპასუხე და ფორთოხლის წვენისა და საუზმის ასაღებად კაფეში შევედი. ისინიც შემომყვნენ. შეუკვეთეს ჰამბურგერები და `კოკა-კოლა~.
_ იქნებ, ეს ბიჭიც წაიყვანო? ჩიკაგოში მიდის. თან, გზაში მარტო არ იქნები, არ მოიწყენ.
_ ანეკდოტები თუ იცის, წავიყვან.
_ ეი, ამიგო, იცი ანეკდოტები? _ მიუბრუნდა ესპანელი ბიჭს.
_ არა... _ დაიბნა ჩემი მომავალი თანამგზავრი, _ სამაგიეროდ, კარგად ვმღერი... _ და მორიდებით მიგვითითა შეფუთულ ნივთზე _ როგორც ჩანს, რაღაც სიმებიანი ინსტრუმენტი იყო.
_ კარგი, წავიყვან! _ მოვიღე მოწყალება. თუმცა, ბიჭს მაინც ეჭვის თვალით გადავხედე: წინა დღის ინციდენტით გამოწვეული უსიამოვნო განცდა ჯერაც არ გამნელებოდა... მაგრამ ჩემი ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მუსიკოსი ტომი ჩიკაგოში სამუშაოდ მიდიოდა.
_ საიდან ხარ, ტომ? _ მანქანა დავძარი თუ არა, მაშინვე დავიწყე `ანკეტის შევსება~.
_ კოლორადო სპრინგსიდან. გაგიგონია? _ კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა.
_ როგორ არ გამიგონია! ზამთრის ოლიმპიადა მანდ არ გაიმართა? _ ტომს ესიამოვნა ჩემი პასუხი და ახლა აქეთ მკითხა ჩემი წარმოშობის შესახებ. უკომენტაროდ ვუპასუხე _ ჯორჯიიდან ვარ-მეთქი, _ და მანაც `დაიჯერა~, თუმცა, დროდადრო, გაოცებული ამათვალიერებდა ხოლმე, მისთვის უცნობ აქცენტზე მოლაპარაკეს...
_ ჩიკაგოში იოლია ფულის შოვნა? _ ჩემთვის უფრო საინტერესო თემაზე გადავიტანე საუბარი.
_ აბა, რა, ჩიკაგოში კეთდება, თუ კეთდება ფული! _ აღტკინებული ხმა ჰქონდა ფულის მაძიებელს და რატომღაც გავიფიქრე, რომ ახლა ორივენი რაღაცით ვგავდით ერთმანეთს.
_ მაინც რით უფრო შეიძლება ფულის შოვნა ჩიკაგოში?
_ ჩიკაგოში ბევრი მშენებლობაა... უამრავი რესტორანია... სამუშაო საკმარისად არის _ მთავარია, არ იზარმაცო.
_ კიდევ? _ ჯიუტად გავუმეორე კითხვა არაორდინარული პასუხის მოლოდინში.
_ მეტი რაღა გინდა?! ცოტა რამ ჩამოვთვალე? _ გაუკვირდა ტომს.
_ შენს შტატში, რა, მშენებლობები არ არის თუ რესტორნები დაიხურა? ეგეთ სამსახურს ხომ იქაც იშოვი!
_ არა, ჩვენთან მართლა არ არის ამდენი სამუშაო. ასე რომ იყოს, აქ რა წამომიყვანდა?.. კოლორადოში წელიწადში 8 თვე ზამთარია, დარჩენილ 4 თვეში კი, ხეტყეს ვამზადებთ და მაგით ვცხოვრობთ. ძალიან ერთფეროვანი და უინტერესოა ხის მოჭრა და დამზადება. თანაც, იმდენს ვშოულობთ, რომ საჭმელსა და ტანსაცმელზე ძლივს გვყოფნის... _ ამას მიყვებოდა ამერიკელი, რომელსაც ჩემი წარმოდგენით, ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გასჭირვებოდა, იმიტომ, რომ ამერიკელი იყო!.. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ არ მატყუებდა:
_ რა გინდა ახლა, ტომ, მაგით რომ მითხრა?.. შენ, ამერიკაში დაბადებულ კაცს, ისე გიჭირს, რომ სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ჩიკაგოში მოდიხარ სეზონურად, რაიმე სამუშაო რომ მოძებნო? _ უნდოდ გავხედე.
_ დიახ, რა გაგიკვირდა? შენ გგონია, ამერიკელებს არ უჭირთ?.. მოიცა, შენ არ მითხარი, ჯორჯიიდან ვარო?.. _ ახლა კი მიხვდა ტომი, თუ რატომ მქონდა უცნაური აქცენტი. მეც იძულებული გავხდი, მომეთხრო ჩემი ქართული წარმომავლობის შესახებ. ტომმა კი დაწყებული საუბარი განაგრძო:
_ ...ჰო, ჩვენც გვიჭირს, ამერიკელებს. თანაც, ჩემნაირი, იცი, რამდენია? ეტყობა, შენ ნიუ-იორკით ზომავ ამერიკას. მაგრამ ყველა ხომ დიდ ქალაქში არ ცხოვრობს!.. მოხუცი მშობლები მყავს, ვერ ვტოვებ. თანაც ჩემი წინაპრები ყველანი კოლორადოში არიან დაბადებული.
_ მაგარი პატრიოტი ყოფილხარ, ტომ!.. სხვა დიდ ქალაქში რატომ არ მიდიხარ, ჩიკაგო რატომ აირჩიე?
_ ჩიკაგო ქალაქთა ქალაქია! რა თქმა უნდა, სხვა დიდ ქალაქებშიც იშოვება ფული, მაგრამ ჩიკაგო სულ სხვაა. რატომ, ამის ახსნა ძნელია, ეს თვითონ უნდა ნახო...
ამასობაში ტრასაც ნელ-ნელა გაფართოვდა. თუ მანამდე ორზოლიანი იყო, ჩიკაგოსთან მიახლოებისას, ზოლების რაოდენობა მატულობდა და როცა შორიდან მონაცრისფრო, უზარმაზარი სახლები გამოჩნდა, გზაზე 12 ზოლი დავთვალე. მართალია, ამერიკის ტრასები ჩემთვის უკვე არ იყო უცხო, მაგრამ უჩვეულო შიშმა შემიპყრო. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს წყალუხვ მდინარეს მივუყვებოდი, რომელიც უამრავი, ბორბლებიანი, უცხო მოძრავი სხეულით იყო სავსე. ჩემი `ხომალდი~ კი, თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქროდა.
_ ტომ, ეს რა ხდება?! იძულებული ვარ, სხვებს არ ჩამოვრჩე და 80 მილით მივქრივარ! ასეთი სიჩქარით არასოდეს მიმგზავრია...
_ მთავარია, ღერძულა ხაზი არ გადაკვეთო. შენ პირველი არა ხარ, ვისაც შიში იპყრობს ჩიკაგოსთან მიახლოებისას...
თავი ხელში ავიყვანე და ქალაქში შევგრიალდი. მაგრამ თურმე, ეს შთაბეჭდილება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩიკაგოში მელოდა.
...დაბნეულმა პირველსავე შემხვედრს ვთხოვე, სასურველი ქუჩისკენ გზა ესწავლებინა. მან უნდოდ შემომხედა, მერე კი ჯიბეზე მანიშნა, ფული გაამზადეო. გაოცებულმა ტომს გამოვხედე. მხრები აიჩეჩა: რას იზამ, ჩიკაგოში ვართო!..
ბავშვობაში ჩემთვის და ჩემი თანატოლი ბიჭებისთვის ამერიკა ყოველთვის საიდუმლოებით მოცულ, მიუწვდომელ და გასაოცარ, უზარმაზარ კუნძულთან ასოცირდებოდა. მაშინ ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. და კიდევ: ჩვენს წარმოსახვაში ამერიკა განგსტერებითა და მაფიოზებით განთქმული ტეხასი, ჩიკაგო, ყავისა და თამბაქოს პლანტაციებში ჩაკარგული, ბიძია თომას ქოხი, შემოტმასნილჯინსიანი კოვბოები და პრერიებში გაჭრილი მუსტანგები იყო...
ჩემი ტრაილერი უკვე ჩიკაგოს ქუჩებში მიიკვლევდა გზას. თუმცა, ეს გზა კი არა, ერთი დიდი ლაბირინთი იყო, რომელში გარკვევაც არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. მაგრამ ამაზე _ ცოტა მოგვიანებით. ახლა კი მინდა, მოკლედ მოგითხროთ ჩიკაგოს შესახებ.
ჩიკაგო თვალის ერთი გადავლებით
ეს ქალაქი ნიუ-იორკის შემდეგ, ფართობითა და მოსახლეობით მეორეა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი ილინოისის შტატის ადმინისტრაციული ცენტრია და მიჩიგანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ჩიკაგო აშშ-ის ერთ-ერთ მსხვილ სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.
ამერიკაში ხშირად გაიგონებთ ასეთ ხუმრობას _ ჩიკაგო შეერთებული შტატების `ქალაქთა ბოსიაო~. ბევრს მიაჩნია, რომ ის ნიუ-იორკსაც კი ეჯიბრება. მაგალითად, თუ ნიუ-იორკში 10 ბირჟაა, ჩიკაგოში აუცილებლად 20 მაინც იქნება, თუ ნიუ-იორკში სტადიონს აშენებენ, ჩიკაგოშიც წამოიწყებენ მსგავსი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც ცოტათი მაინც დაჯაბნის ნიუ-იორკისას. ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენების _ ტყუპის აშენებიდან ორ წელიწადში, ჩიკაგოშიც აღიმართა უზარმაზარი შენობა, რომელიც ტყუპზე ორი სართულით მაღალი იყო... საინტერესოა ამ ორ ქალაქს შორის არსებული გასხვავება: თუ ნიუ-იორკი ემიგრანტების ქალაქია, ჩიკაგოში ძირითადად, ამერიკის პროვინციებიდან გადასული ადამიანები ცხოვრობენ. ჩიკაგო XX საუკუნის ტიპური ურბანიზაციის `პირმშოა~. პირველი გრძნობა, რომელიც იქ მოხვედრისას გეუფლება, ის არის, რომ ჯადოსნურ, ფერადოვან და ხმაურიან სამყაროში აღმოჩნდი, რომელშიც ყველა და ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით მოძრაობს. ყველა სადღაც გარბის, ყველას ეჩქარება... ბუნებრივია, ისევე, როგორც ყველა ამერიკელის თვალებში, ჩიკაგოელთა სახეებზეც აღბეჭდილა სწრაფვა იმისაკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
მე და ტომი დავმეგობრდით
ახლა კი ისევ მივუბრუნდეთ ჩიკაგოს ქუჩებში ჩვენს `მოგზაურობას~. როდესაც საწყობთან გავაჩერე და კაბინიდან ჩამოხტომა დავაპირე, ტომმა მადლობა გადამიხადა და ხელი გამომიწოდა. ჯერ ვიფიქრე, მემშვიდობება-მეთქი, მაგრამ მერე დავინახე _ ტომი მგზავრობის საფასურს მაწვდიდა.
_ რა არის ეს, ტომ, ფულს რისთვის მაძლევ?
_ მგზავრობის საფასურია. მადლობელი ვარ, მხიარულად ვიმგზავრეთ.
_ არა, ტომ, ფულს არ ავიღებ. ამისთვის კი არ წამომიყვანიხარ.
ტომი ჯერ გაოცებული მიყურებდა, მერე ეტყობა, მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და გულწრფელად შემომთავაზა:
_ მაშინ, იქნებ, რამეში დაგეხმარო? ღამე სად უნდა გაათენო? გინდა, ჩემთან წამოდი?
_ მადლობელი ვარ, ტომ... აგერ, ვერ ხედავ, რამხელა საძინებელი მაქვს!
_ მაშინ, საღამოს მაინც მოდი ღამის კლუბში _ იქ ბანჯოზე ვუკრავ. ჩემი სტუმარი იქნები, ვახშმის საფასურს მე გადავიხდი.
როცა დავთანხმდი, შვებით ამოისუნთქა, ფურცელზე მისამართი დამიწერა, ამიხსნა კიდეც, როგორ უნდა მივსულიყავი იქ და საღამომდე დამემშვიდობა.
ტრაილერი სწრაფად გადმოტვირთეს. საბუთები მოვაწესრიგე და საქმისგან გავთავისუფლდი. შემდეგ ახალი დავალების მისაღებად მობილური ტელეფონით კომპანიას დავუკავშირდი. მითხრეს, რომ ჯერჯერობით, ჩიკაგოდან არანაირი შეკვეთა არ მიუღიათ და რამდენიმე დღე იქ დავრჩენილიყავი. ცხადია, კომპანიის ინტერესებში არ შედიოდა, რომ უქმად მევლო უზარმაზარი ტრაილერით, რომელიც საწვავს `ნთქავდა~...
ფათერაკები ტაქსისტებთან
ტრაილერი ავტომობილების სადგომზე დავაყენე და ცოტა თავი მოვიწესრიგე. უკვე ბნელოდა, ქუჩებში ხეტიალს, ღამის კლუბში წასვლა ვამჯობინე. მით უმეტეს, რომ ახალგაცნობილმა მეგობარმა დამპატიჟა.
_ ეი, შენ, რამდენი დღით აყენებ აქ მანქანას? _ ავტოსადგომის მეთვალყურე მოხუცი ზანგი მიახლოვდებოდა.
_ ზუსტად არ ვიცი, ალბათ 2-3 დღით.
_ საიდან ჩამოხვედი?
_ ნიუ-იორკიდან.
_ ქირა წინასწარ უნდა გადაიხადო... _ მკაცრად მითხრა მან.
_ რატომ წინასწარ? ყოველდღე გადავიხდი.
_ ეგრე არ გამოვა. თანაც ქირაც უნდა გადაიხადო და ბიჭების წილიც... _ დააზუსტა მან.
_ ვინ ბიჭების? რა წილი? _ მართლა ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი.
_ გეტყობა, რომ ჩიკაგოში პირველად ხარ... _ ყურადღებით შემათვალიერა მოხუცმა ზანგმა.
_ ჰო, პირველად ვარ...
_ ჰოდა, ის გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ, პრობლემებს გადაეყრები...
_ რამდენია გადასახადი? _ უხალისოდ დავემორჩილე. ასე თუ ისე, ამერიკის ავტოსადგომებში დადგენილ სადღეღამისო ქირაზე წარმოდგენა მქონდა _ 5-დან 15 დოლარამდე მერყეობდა. მაგრამ მოხუცმა 40 დოლარი მომთხოვა. გასაოცარი კიდევ ის იყო, რომ ე.წ. `ბიჭების~ წილი ორჯერ მეტს შეადგენდა...
სასწრაფოდ დავუკავშირდი ედმონდს და აღშფოთებულმა ავუხსენი სიტუაცია. შეფმა, ჩემდა გასაოცრად, მშვიდად მითხრა _ რასაც გთხოვენ, გადაუხადე _ ქირაც და ბიჭების წილიცო; ისიც დასძინა _ არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდე ადგილობრივ `ძველ ბიჭებთან~ კონფლიქტშიო... ასეც მოვიქეცი.
ღამის კლუბი, სადაც ტომმა მიმიწვია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. ვიფიქრე, თავს `ფუფუნების~ უფლებას მივცემ-მეთქი და ტაქსის დავუქნიე ხელი... მძღოლის გვერდით დაჯდომა მოვინდომე, მაგრამ მან უკანა სავარძელზე მიმითითა. ამ უჩვეულო ბრძანებას დავემორჩილე და... ჩავჯექი თუ არა, თავი პატარა საპყრობილეში წარმოვიდგინე: ჩემსა და მძღოლს შორის გამჭვირვალე, პლასტიკური `კედელი~ აღმართულიყო. ამ `კედელს~ პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ფული უნდა მიმეწოდებინა მძღოლისთვის.
_ გამარჯობა! ამ მისამართზე მიმიყვანე, _ შევეცადე, მძღოლს გამოვლაპარაკებოდი. მას სალამზე არც უპასუხია, ერთი ამრეზით გადმომხედა და მანქანა დაძრა. ალბათ, ვერ გამიგო-მეთქი, ვიფიქრე და თავიდან დავიწყე:
_ კარგი ქალაქია ჩიკაგო... მომწონს...
მძღოლმა ცინიკურად ჩაიღიმა და ისევ არაფერი მიპასუხა. რაღას ვიზამდი _ `მოვკეტე~...
ამასობაში, ღამის კლუბთანაც მივედით. მრიცხველს თვალი შევავლე _ 4 დოლარამდე `დაუწერია~. მძღოლს 20-დოლარიანი გავუწოდე, მანქანიდან გადმოვედი და დაველოდე, სანამ ხურდას მომცემდა, კარიც ღიად მქონდა დატოვებული. მაგრამ ჩიკაგოელი ტაქსისტი სულაც არ აპირებდა ჩემთვის ხურდის დაბრუნებას და მხოლოდ იმას ელოდა, როდის მივკეტავდი კარს. როცა მიხვდა, რომ ამას ვერ ეღირსებოდა, საზიზღარი ამერიკული სლენგით მომმართა:
_ რა იყო? რამე ხომ არ გინდა?
_ ხურდა... ხურდა არ მეკუთვნის?
_ მოგიყვანე, სადაც მითხარი, შენ ფული გადამიხადე _ მეტი რაღა გინდა?!.
_ ხურდა!..
_ ფული ხომ შენ თვითონ მომეცი!.. _ და ტაქსისტი `დაიქოქა~ _ ნამდვილი შოფრული ლექცია ჩამიტარა იმის შესახებ, რომ: მე ჩიკაგოში ვიმყოფებოდი და ამ ქალაქის კანონები უნდა დავიცვა: ჩიკაგო ძვირი ქალაქია და მშრომელი ხალხის, მით უმეტეს, ზანგების (მძღოლი შავკანიანი იყო) დაჩაგვრა არ შეიძლება; თუ ტაქსისტს ფულს აჩუქებ, მერე აღარ უნდა წაართვა, _ და რა ვიცი, კიდევ რამდენი სისულელე თქვა... ხურდის დაბრუნებას კი, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებდა. ვიფიქრე _ ახლა მანქანიდან გადმოვათრევ და მივჟეჟავ-მეთქი... ალბათ, ისიც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და უეცრად, მანქანა ადგილიდან მოწყვიტა... ერთი მამაპაპურად შევიკურთხე, მაგრამ ვინ გაცადა გულის მოოხება?! ახლა მეორე ტაქსი მომადგა და სიგნალით გამაყრუა. მაგრამ იმას მაინც არც გაემტყუნებოდა _ მე ხომ შუა ქუჩაში ვიდექი!..
ამ უსიამოვნო ინციდენტმა ხასიათი იმდენად მომიშხამა, რომ ერთი პირობა, ისიც ვიფიქრე _ კლუბში შესავლას, კარგი გამოძინება ხომ არ აჯობებს-მეთქი?.. მცირე ხანს, ფეხს ვითრევდი, მაგრამ ბოლოს აზრი შევიცვალე და სწორადაც მოვიქეცი...
ღამის კლუბში, ბანჯოს თანხლებით
ღამის კლუბი, სადაც ტომმა დამპატიჟა, საკმაოდ პატარა, მაგრამ მყუდრო და სასიამოვნო გახლდათ. დარბაზი ნახევრად ჩაებნელებინათ. ტომი თავის მუსიკოს მეგობრებთან ერთად მომცრო სცენაზე იდგა და მორიგი გამოსვლისთვის ემზადებოდა... აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ღამის კლუბი ტომის ძირითადი სამუშაო ადგილი არ იყო. დღისით ის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, საღამოობით კი კლუბში უკრავდა.
ტომი და მისი მეგობრები დიდად არც ჯაზს წყალობდნენ, არც ბლუზს და არც როკს _ ისინი ჩოუნტრყ მუსიც-ის მიმდევრები იყვნენ. რეპერტუარში ძირითადად, ამერიკული ფოლკლორული სიმღერები და ფერმერთა საყვარელი მელოდიები ჰქონდათ. ტომი ბანჯოზე უკრავდა. მან დარბაზში შესვლისთანავე შემამჩნია, თავისკენ მიხმო და მეგობრები გამაცნო. ისე გულთბილად შემხვდნენ, რომ მივხვდი _ ტომს უკვე მოესწრო ჩემ შესახებ მოყოლა... მერე მან ერთ-ერთ მაგიდასთან მიმიყვანა, რომელსაც 3 მშვენიერი გოგონა უჯდა. კოქტეილს წრუპავდნენ და მხიარულად მუსაიფობდნენ. თავი უხერხულად ვიგრძენი...
_ გაიცანი, აკაკი, ეს ჯესიკაა, ჩემი გელფრენდი. ესენი კი, ჩემი მეგობრები არიან _ მონიკა და ქეთრინი. თითო-ოროლა რეპლიკა და ტომმა ჩემი თავი გოგონებს `გადააბარა~, თვითონ კი სცენას დაუბრუნდა.
მალე დარბაზს ჩოუნტრყ-ის ჰანგები მოეფინა. გოგონებს გადავხედე. მონიკას თვალი ვერ მოვწყვიტე. რაღაცით მგონი, ლევინსკის ჰგავდა. იმ ლევინსკის, თვით ბილ კლინტონსაც რომ აურია თავგზა...
ოციოდე წუთში აღარც მახსოვდა ჩიკაგოელი ტაქსის მძღოლისგან მოყენებული წყენა. მიხაროდა, რომ ჩემს ტრაილერთან არ დავბრუნდი და ტომის ბარს ვესტუმრე...
გოგონებს ლუდი შევთავაზე. სიამოვნებით დამთანხმდნენ...
ესეც შენი ოკეანისგაღმელი ქალები!..
ამ ქალაქში გატარებულ 3 დღეში აღარც მახსოვს, რამდენჯერ აღმოვჩნდი არაორდინარულ სიტუაციაში. თანაც `საფრთხე~ მაშინ იჩენდა თავს, როცა მეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თუნდაც იმ პატარა კაფეში მომხდარ ერთ ამბავს მოგიყვებით, სადაც ჩემმა ახალგაცნობილმა თანამგზავრმა, ტომმა მიმიწვია.
მისი გელფრენდი, ჯესიკა შავგვრემანი, მაღალი გოგონა იყო. თანაც, მზე ისე მოჰკიდებოდა, თავიდან, მულატი მომეჩვენა. მოკლე ბრიჯი და ცისფერი, ზურგზე ერთიანად მოშიშვლებული მაისური კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მის ქალურ ფორმებს. არანაკლებ სექსუალურად გამოიყურებოდა მონიკა, რომელიც შეხედვისთანავე ბილ კლინტონის სკანდალურ თანაშემწეს მივამსგავსე. ისეთი ვნებიანი გამოხედვა ჰქონდა, ქვეყნად რომ ყველაფერს დაგავიწყებს. აი, მესამე, ქეთრინი კი მათგან საგრძნობლად განსხვავდებოდა _ არც მათსავით გამომწვევად ეცვა და არც რაიმე სამკაული ეკეთა. ტუჩებიც კი არ ჰქონდა შეღებილი. ლუდს ბოთლიდან მიირთმევდა და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა...
ჯესიკასა და მონიკას ყურადღება მთლიანად სცენას დაეპყრო...
ვიჯექი მათ გვერდით და ამერიკელ ქალებზე ვფიქრობდი.
...ვისაც ინტერნეტში გაცნობის საიტებზე `უხეტიალია~ ან კიდევ ამერიკულ მედიაში თვალი მიუდევნებია განცხადებებისთვის, უთუოდ შეამჩნევდა, როგორი მონდომებით ეძებენ ამერიკელი სასიძოები საცოლეებს თავიანთი ქვეყნის ფარგლებს მიღმა. გნებავთ, რუსული პრესა აიღეთ: ხშირად წააწყდებით განცხადებას, როცა ოკეანისგაღმელი მამაკაცი დსთ-ის სივრცეში ეძებს მოსიყვარულე, ერთგული ბუნების ქალს, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს... იმასაც გეტყვით, რომ ამერიკაში ყოფნისას, თავად გავხდი მოწმე იმისა, თუ რა საოცარი სისწრაფით მოახერხა ერთმა ახალჩამოსულმა რუსმა გოგონამ მდიდარი და საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცის მოხიბვლა, თანაც ისე, რომ ორ კვირაში იქორწინეს კიდეც...
სხვათა შორის, ერთ ჩემს ამერიკელ ნაცნობ მამაკაცს ვკითხე, თუ რატომ `გაურბიან~ თავიანთ თანამემამულე ქალებს, რამ გაუცივათ გული მათ მიმართ და იცით, რა მიპასუხა? _ XX საუკუნის დასასრულს, ჩვენი ქალების უმეტესობა უხეში და აუტანელი გახდა, სინაზე და მოკრძალება დაჰკარგა, ფემინიზმმა ფართოდ მოიკიდა ფეხი და ამიტომაც, ამერიკელი მამაკაცი სიყვარულსა და ცხოვრების თანამგზავრს ქვეყნის მიღმა ეძებსო...
მაგრამ ახლა, როცა ბარში ვიჯექი და მონიკას გამომწვევი მკერდისკენ ვაპარებდი თვალს, სულაც არ მედარდებოდა, რატომ იწუნებდნენ ამერიკელები თავიანთ ქალებს... ოღონდ, ეგ იყო, საუბარი ვერა და ვერ ავაწყვე. ხან მუსიკას შევეხე, ხან კოქტეილი მოვიწონე, ხან ლამაზ თვალებსა და ხანაც ტომის ვირტუოზულ ოსტატობაზე ვთქვი ორიოდე სიტყვა, მაგრამ რად გინდა? ამაოდ დავშვრი _ გოგონები თითქოს კიდეც მისმენდნენ და არც მისმენდნენ... მეც სხვა რაღა დამრჩენოდა? იძულებული ვიყავი, სასმელში `ჩამეხრჩო~ მათი უყურადღებობით გამოწვეული სევდა. თუმცა, სასმელზე არც ისინი ამბობდნენ უარს და შემოჰქონდა და შემოჰქონდა ოფიციანტს ლუდი სავსე მაღალი, თხელი ჭიქები, რომლებიც თვალსა და ხელს შუა იცლებოდა...
ბარში წყვილები ცეკვავდნენ. ტომი და მისი მეგობრები სევდიან მელოდიას უკრავდნენ, მულატი გოგონა დაკარგულ სიყვარულს `მისტიროდა~... ძალიან მინდოდა, მონიკასთან მეცეკვა. წამოვდექი და საცეკვაოდ გავიწვიე. ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერც გაიგო, რა ვუთხარი და რაღაც ქეთრინს გადაულაპარაკა. წყენა არ შევიმჩნიე და ჯესიკას ჩავჭიდე ხელი. წინააღმდეგობა არ გაუწევია, შევატყვე, დიდად არ სიამოვნებდა ჩემთან ცეკვა. მაგრამ ბოლოს, მაინც მოვახერხე მისი გამხიარულება _ ცეკვა-ცეკვით სცენასთან ახლოს მივიყვანე და მორიგი მუსიკალური პაუზისას, ტომის გვერდით აღმოვჩნდით...
ცოტა ხნის შემდეგ, ისევ გავბედე და მონიკას ვთხოვე საცეკვაოდ გასვლა.
_ არ გეწყინოთ, მაგრამ მამაკაცებთან არ ვცეკვავ... _ ცივად მომიშორა და ქეთრინს მიუბრუნდა, რომელიც რაღაცას ისეთი გაცხარებით უხსნიდა, რომ სიტყვების ნახევარი ვერც გავარჩიე. ისევ ჯესიკასკენ მივტრიალდი, საკმაოდ კარგად ცეკვავდა და ვიფიქრე _ სანამ ტომი უკრავს, მანამდე ვიცეკვებთ-მეთქი. მაგრამ სწორედ ამ დროს ტომი მოგვიახლოვდა და უცერემონიოდ ამაცალა ხელიდან თავისი გელფრენდი... ისევ ლუდს მივუბრუნდი... მერე ოფიციანტს ნაყინი შევუკვეთე და როცა მან უკარება ამერიკელ გოგონას ბანანითა და კივით მორთული ნაყინი მოუტანა, მოულოდნელად, ქეთრინის ცივი ხმა გაისმა:
_ მოგწონს მონიკა?
ამ შეკითხვას ნამდვილად არ მოველოდი და უხერხულად გამეცინა. ისიც კი გავიფიქრე, როგორც იქნა, ამ ნაყინით ყინულის გალღობა შევძელი-მეთქი და ორიგინალური პასუხიც მოძებნა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა და უბრალოდ, დავუდასტურე.
_ მართლა ძალიან მოგწონს? _ ახლა უკვე გესლი გაურია ხმაში ქეთრინმა.
ვიფიქრე, ქალურ შურს რამდენი შესძლებია-მეთქი და ვცადე, სიტუაცია განმემუხტა:
_ მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ თქვენც მშვენიერი გოგონა ხართ...
ბოლო სიტყვები, ცოტა არ იყოს, გაუბედავად ვთქვი.
_ მონიკა მე მიყვარს და გირჩევ, წყნარად იჯდე!.. _ ხმაში მუქარა გაურია ქეთრინმა და პაუზის შემდეგ, დასძინა: _ ვიცი, რომ ტომის მეგობარი ხარ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს...
მოულოდნელად, გონება გამინათდა. მივხვდი, ვისთან მქონია საქმე... წამით ჩემ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა... საოცარი სურვილი გამიჩნდა, ეს ლამაზი მონიკა და მისი ეჭვიანი `საყვარელი~ ერთმანეთისთვის თავებით მეხეთქებინა...
ამასობაში, საცეკვაო მოედნიდან ჯესიკა და ტომი დაბრუნდნენ.
_ კაკო, რა ფერი გადევს? ცუდად ხომ არა ხარ? _ მკითხა ტომმა.
_ ტომ! ეს ვისთან მომიყვანე?! _ შევუტიე მოულოდნელად.
_ რა იყო, მოხდა რამე?
_ ესენი ვინ არიან, გამაგებინე!
_ აჰ, კაკო, მაპატიე, სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ლესბოსელები არიან...
_ შენი ჯესიკა?.. _ ვერ დავასრულე კითხვა, მაგრამ ტომი მშვენივრად მიხვდა, რას ვგულისხმობდი.
_ ახლა უკვე _ აღარ, მაგრამ ძველ მეგობრებს ვერ ღალატობს... _ მშვიდად მიპასუხა ტომმა...
კიდევ ერთი მოხუცი ჯო
კლუბიდან ისევ ტაქსით ვბრუნდებოდი ავტოსადგომზე, მაგრამ რაკიღა კარგად (უფრო სწორად _ მწარედ) მახსოვდა წინა ტაქსის მძღოლთან მომხდარი ინციდენტი, ამჯერად ხმას არ ვიღებდი.
_ რა მოხდა, კარგი დრო ვერ გაატარე? _ ლაპარაკის ხასიათზე იყო მძღოლი.
_ ჰო, რა, უფერული ბარია, _ ვუპასუხე უხალისოდ.
_ არა უშავს, ჩიკაგო ისეთი ქალაქია, აქ ნამდვილად არ მოიწყენ. თუ გინდა, კარგ ადგილას წაგიყვან, _ გამიღიმა მძღოლმა.
_ მაინც რას მთავაზობ? _ დავინტერესდი.
_ რასაც ისურვებ: ქალები, მოსაწევი, დასალევი... მთავარია, ფული გადამიხადო.
_ ფული რომ მქონდეს, უშენოდაც ვიპოვი მაგ ყველაფერს. სადაც გითხარი, იქ მიმიყვანე! _ იმ საღამოს დაგროვილი მთელი ჯავრი ლამის იყო, ამ ტაქსისტზე ვიყარე.
_ შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ თუ დაგჭირდები, დამიკავშირდი, _ იხტიბარი არ გაიტეხა მძღოლმა და თავისი სავიზიტო ბარათი შემომაჩეჩა.
ავტოსადგომიც გამოჩნდა. მრიცხველი 4 დოლარს უჩვენებდა. 10-დოლარიანი მივაწოდე და მანქანიდან გადმოვედი.
_ დიდი მადლობა, სერ!.. დამიკავშირდი, ისეთ ადგილებში წაგიყვან, მთელი ცხოვრება გემახსოვრება!..
ჭკუამხიარულმა მძღოლმა ცოტა ხასიათი გამომიკეთა. მაღაზიაში შევედი, ვისკი, ლუდი, `კოკა-კოლა~, ძეხვისა და შვეიცარიული ყველის ბუტერბროდები ვიყიდე და ავტოსადგომის მეთვალყურის ჯიხურს მივადექი.
_ რა გინდა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხა? _ გაოცებით მკითხა მოხუცმა ზანგმა.
_ რა უნდა მინდოდეს?.. მოდი, ერთმანეთი გავიცნოთ!.. _ ვუთხარი და პარკიდან ვისკის ბოთლი ამოვიღე.
მოხუცმა ბოთლს შეხედა, მერე მე გადმომხედა, მერე ისევ ბოთლს დააკვირდა და გულიანად გამიღიმა. ჯიხურის კარი გააღო და შემიპატიჟა. უცერემონიოდ ჩამომართვა ბოთლი, მაგიდაზე დადგა და თვალით სკამზე მანიშნა _ დაჯექიო. მომცრო კარადა გამოაღო, თეფშები და ჭიქები გადმოიღო და ჩემ პირდაპირ დივანზე მოხერხებულად მოკალათდა.
_ რა გქვია, ძიაკაცო? _ ვკითხე.
_ ჯო!
_ აუ, ეს რა მითხარი?! შენ ისეთი კაცის სახელი გქვია, რაც არ უნდა მაწყენინო, მაინც მოგეფერები... _ ბიძია ჯო და მასთან ციხეში გატარებული ორი გრძელი თვე გამახსენდა... სადღეგრძელოების ხასიათზე მოვედი, ვისკით სავსე ჭიქა ავიღე და დავიწყე:
_ ბიძია ჯო, ეს შენ გაგიმარჯოს, ამ შუაღამისას რომ არ გძინავს და ჩემს ტრაილერს ყარაულობ.
_ მარტო შენსას კი არა _ ვერ ხედავ, რამდენი მანქანა მაბარია!.. _ ამაყად მიპასუხა.
_ ჰოდა, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!
_ გმადლობ, შვილო, _ მიპასუხა, გადაჰკრა და მკითხა _ რა გქვია და სადაური ხარო?
მეც ვუპასუხე და ისიც ვკითხე, საქართველოზე რაიმე თუ გაგიგონია-მეთქი? მოხუცი ჩაფიქრდა, მაგრამ რაც არ იცოდა, რას გაიხსენებდა?! ბოლოს, მაინც იპოვა გამოსავალი და გაბადრული სახით მიპასუხა:
_ მართალი გითხრა, არ ვიცი, სად არის საქართველო, მაგრამ ეტყობა, ძალიან კარგი ქვეყანაა, რადგან შენისთანა კარგი ადამიანის სამშობლოა.
_ მერე, ბიძია ჯო, შენ რა იცი, მე კარგი ვარ თუ ცუდი? წესიერად არც მიცნობ!
_ 10 წელია, ამ სადგომზე ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში, ამ ჯიხურში, ჩემი ერთი-ორი მეგობრის გარდა, არავინ შემოსულა. აქ ხალხი ისე მიდი-მოდის, შეიძლება, გამარჯობაც არ გითხრან. შენ კი მოხვედი და მე მადღეგრძელებ. ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს?!. _ აღტაცებას ვერ ფარავდა მოხუცი ზანგი.
მოხუცი ჯო: `ჩემი სიმღერა
უკვე ნამღერი მაქვს...~
ახლაც ხშირად მეკითხებიან _ ამერიკაში ყოფნისას ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდაო? თავდაპირველად, დაუზარებლად ვიხსენებდი ბრუკლინს, ნიუ-იორკს, ჩიკაგოს, თვალუწვდენელ, ლარივით გაჭიმულ მრავალმწკრივიან გზებს, ცათამბჯენებსა და ეგზოტიკურ ღამის ბარებს. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა იყო, რასაც ბუნებრივია, თან სდევდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები, მაგრამ უმთავრესი, რაც ამერიკაში ცხოვრების წლებმა შემმატა, ის გახლდათ, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე...
ავტოსადგომის მეთვალყურე მოხუცი ზანგი ჯო გულღია კაცი აღმოჩნდა. ლესბოსელების გარემოცვიდან თავქუდმოგლეჯით გამოქცეულს, ახლა ისე მინდოდა დალევა, როგორც არასდროს. მოხუცი ზანგიც ტოლს არ მიდებდა და თვალის დახამხამებაში გამოვცალეთ ერთი ბოთლი ვისკი: მე პათოსით წარმოთქმული მორიგი სადღეგრძელო ჯერ დამთავრებული არ მქონდა, რომ ის თავმომწონედ მიჩვენებდა ბოლომდე დაცლილ ჭიქას...
_ ბიძია ჯო, ეტყობა, ძალიან გწყურებია, კიდევ ერთი ბოთლის მოტანა მომიწევს, _ ვთქვი და წასვლა დავაპირე.
_ შენ რატომ? მე აქ რას ვაკეთებ?! ვისკის მე მოვიტან! შენ მხოლოდ სადღეგრძელოები თქვი, კარგად გამოგდის, _ მხარზე ხელი დამკრა დარაჯმა.
_ შენ რატომ არ ამბობ სადღეგრძელოს, ბიძია ჯო? არ გიყვარს? _ ვკითხე.
_ მე ერთი უბრალო კაცი ვარ, ბევრი არ მომეთხოვება. თანაც ჩემი ცხოვრების სიმღერა უკვე ნამღერია... ახალი სიმღერა და ახალი სადღეგრძელო თქვენი საქმეა _ ახალგაზრდების... _ სევდიანად თქვა მან და გაოცებულმა შევამჩნიე, რომ თვალებზე ცრემლები მოადგა.
_ აბა, ეგეთები არ იყოს, ბიძია ჯო! მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ერთად გვემხიარულა, თქვენ კიდევ...
_ ეჰ, მაინც მომიწია სადღეგრძელოს თქმამ... მოდი, ცხოვრებას გაუმარჯოს, რომელიც მიუხედავად ბევრი ტკივილისა, მაინც ასეთი კარგია!.. მომავალ თვეში, 75-ის გავხდები, მაგრამ კიდევ მინდა სიცოცხლე... _ მოხუცი გაჩუმდა, თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ სულმოუთქმელად გადაკრა.
უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მე მოლხენას ვაპირებდი, მოხუცი დარაჯი კი საოცრად დარდიანი იყო. ვიფიქრე, სიტუაციას განვმუხტავ-მეთქი და შვილების სადღეგრძელო წამოვიწყე:
_ ბიძია ჯო, მოდი, ამ ჭიქით შვილებს დაგილოცავთ, ალბათ შვილიშვილებიც გეყოლებათ... ადამიანი ხომ შვილებისა და შვილიშვილებისთვის ცოცხლობს. აი, მე ოკეანის გაღმიდან ჩამოვედი ამერიკაში და იცით, რატომ? ჩემმა პატარამ რომ ჩემზე უკეთ იცხოვროს, ჩემსავით რომ არ გაუჭირდეს.
მეგონა, ამ სიტყვებით მოხუცს გულს ავუჩვილებდი, თანაც უცებ ისე მომაწვა შვილის ნახვის სურვილი, რომ ლამის მეც ავტირებულიყავი... მაგრამ ჯოს სახეზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებულა. ვიფიქრე, ალბათ ინგლისურად სწორად ვერ გამოვთქვი, რასაც ამწუთას განვიცდიდი-მეთქი. ჯო გაქვავებული იჯდა და რაღაცას ჩაშტერებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, შემომხედა, ჭიქა აიღო და ჩუმად, ძლივს გასაგონად დაიწყო:
_ აკაკი, შენს შვილს დავლოცავ, ჩემები კი... დალოცვას არ იმსახურებენ... 6 შვილი მყავს _ 4 ბიჭი და 2 გოგო. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ღამე ჩემთვის არ იყო და უქმე დღე... ვცილობდი, კარგი ცხოვრება ჰქონოდათ... ამ 10 წლის წინ, მეუღლე მომიკვდა. დავრჩი მარტო. ვიფიქრე _ ხანდახან მაინც მომხედავენ-მეთქი. ერთი, დედის დასაფლავებაზე მოვიდნენ და მორჩა! წელიწადში ერთხელაც კი არ გამიხსენებენ. ბოლოს, ამ 2 წლის წინ მომიკითხა უმცროსმა ვაჟმა, ათიოდე წუთით შემოიარა... გოგოები ხანდახან თუ დამირეკავენ და ეგ არის. ახლა, გეკითხები, უცხოელო, _ ეს არის ცხოვრება? არა! მე შვილები არა მყავს!..
შემეცოდა მოხუცი და მინდოდა, რამე სანუგეშო მეთქვა მისთვის, მაგრამ ძალზე ბანალურად გამომივიდა:
_ სულ ასე ხომ არ იქნება! მიხვდებიან შეცდომას და აუცილებლად მოვლენ...
_ რას მოვლენ? აღარც ვახსოვარ!.. ჰოდა, ვზივარ ამ ჯიხურში და ველოდები, როდის მომაკითხავს სიკვდილის ანგელოზი...
მოხუცი ზანგი მძიმედ წამოდგა, სათვალე გაისწორა, ცარიელ ბოთლს შეავლო თვალი, ახალს მოვიტანო, _ ჩაილაპარაკა და გავიდა.
რეკეტიორები
10 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ ჯიხურში ათლეტური აღნაგობის 2 ზანგი შემოვიდა. არც კარზე დაუკაკუნებიათ და არც მომსალმებიან შემოსვლისას... უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. მაშინვე მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. ბრუკლინის ქუჩებში ზანგებთან ურთიერთობამ და ციხეში გატარებულმა დრომ საიმისო გამოცდილება კი შემძინა, რომ ერთი დანახვისთანავე მივმხდარიყავი, რა კატეგორიის ხალხთან მქონდა საქმე. არ შევმცდარვარ: ჩემ წინ რეკეტიორები იდგნენ. სწორედ მათთვის გამომართვა მოხუცმა დარაჯმა `არაოფიციალური~ გადასახადი.
_ ბებერი სად არის? _ გამოცრა ერთ-ერთმა.
_ მაღაზიაში გავიდა, მალე მოვა, _ მოჩვენებითი სიმშვიდით ვუპასუხე.
_ დროს ატარებთ, არა?!. _ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა, შემდეგ უცერემონიოდ აიღო ლუდის ბოთლი და მიიყუდა. მეორე, ბუტერბროდს დასწვდა...
ამასობაში ჯოც შემოვიდა. ორი ბოთლი ვისკი, ლუდი, `კოკა-კოლა~ და რამდენიმე პაკეტი დაახვავა მაგიდაზე.
_ ჯოს გაუმარჯოს! დაბადების დღე ხომ არა გაქვს? _ თითქმის ერთხმად წამოიძახეს რეკეტიორებმა.
_ გამარჯობა, _ უხალისოდ უპასუხა ჯომ.
_ მოხუცო, სასწრაფოდ გვჭირდება ფული, ბოსი გველოდება! _ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ ახალმოსულები.
ჯო მეორე ოთახში გავიდა და ფული გამოიტანა. უცებ გადათვალეს.
_ ეს არ გვეყოფა, დაამატე! _ გაისმა ბრძანება.
_ იმას გაძლევთ, რაც გუშინ შემოვიდა, მეტი არა მაქვს! _ მშვიდად უპასუხა ჯომ.
_ როგორ? იმ ტრაილერის მძღოლმა არ გადაიხადა? მე თვითონ ვნახე, გუშინ რომ დააყენეს! _ თქვა ერთმა და ფანჯრიდან ჩემს ტრაილერზე მიუთითა.
_ მას არ ეკუთვნის გადახდა! _ ჯომ ჩემკენ გამოიხედა. გაოცებისგან ფერი დავკარგე: მე ხომ გუშინვე გადავუხადე მოხუცს დამატებით 40 დოლარი! ვერ გავიგე, რაში დასჭირდა დარაჯს ტყუილის თქმა.
_ ...ტრაილერი ამ კაცისაა, ის კი ჩემი მეგობარია! _ დასძინა პაუზის შემდეგ ჯომ.
_ შენი ტრაილერია?! _ აი, ჩემთვისაც მოიცალეს... ისე ვიყავი გაოგნებული, რომ ხმა ვერ ამოვიღე.
_ რას იზამ, მეგობრებს ჩვენც ვცემთ პატივს... _ უხალისოდ თქვა ერთ-ერთმა და ამხანაგს ანიშნა _ წავიდეთო. თან გვითხრეს, ნახევარ საათში გამოგივლითო...
როცა წავიდნენ, ჯომ შემომხედა და მკითხა:
_ გაგიკვირდა, არა, სიმართლე რომ არ ვთქვი?.. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ და ზედმეტი რატომ უნდა გადაიხადო?.. _ დასძინა მან, ჯიბიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე ჩემ წინ დადო.
_ აკაკი, რასაც ახლა ეს ბიჭები აკეთებენ, ჩემთვის განვლილი ეტაპია. მაგათ ასაკში ჩემი მომრევი არავინ მეგონა... ოღონდ, მათგან განსხვავებით, ნარკოტიკისგან თავი შორს მეჭირა. თუ ასე გააგრძელეს, წასულია ამათი საქმე.
...იმ ერთ საღამოს, უამრავი რამ გადამხდა თავს ჩიკაგოში. ტვინი არეული მქონდა და თავიც საშინლად მტკიოდა. ერთი სული მქონდა, ჩემს ციხესიმაგრეში (ასე ვეძახდი ტრაილერს) ავსულიყავი და დამესვენა. როგორც იქნა, საწოლზე მოვეწყვე და თვალები დავხუჭე. დღის 12 საათამდე მკვდარივით მეძინა...
ვის ჩაგრავენ ჩიკაგოელი მაწანწალები
მობილური ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ჩემი შეფი ედმონდი რეკავდა:
_ როგორ ხარ, აკაკი? მუშაობა არ მოგენატრა?
_ სად უნდა წავიდე, მისტერ ედმონდ? _ პირდაპირ საქმეზე გადავედი.
_ ჯერ არსად _ შეკვეთები იგვიანებს. ტელეფონი არ გამორთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, საქმე გამოჩნდეს...
გამიხარდა კიდეც, რომ ჯერ სამუშაო არ მქონდა, ვიფიქრე _ ჩიკაგოს დავათვალიერებ და კალათბურთის მატჩზეც წავალ-მეთქი: წინა დღეს შემთხვევით გავიგე, რომ `ნიუ-ჯერსისა~ და `ჩიკაგო ბულზის~ მატჩი იმართებოდა და შესაძლებლობა მეძლეოდა, ქართველი ვოვა სტეფანიას თამაში მენახა.
...დიდი ამერიკული ქალაქი რატომღაც ყველა ერთნაირი მგონია. ფართო გზები, მრავალსართულიანი სახლები, რეკლამებით აჭრელებული მაღაზიები, მდიდრული სალონები, მოვლილი გაზონები და ხეები, მანქანებისა და ხალხის სიმრავლე... დავდიოდი ჩიკაგოს ქუჩებში და არანაირ აღფრთოვანებას არ ვგრძნობდი. ეს სიმდიდრე და მკვეთრი, კაშკაშა ფერები ჩვეულებრივი მოვლენა იყო დიდი ქალაქისთვის. მაგრამ აშკარა იყო განსხვავება მათხოვრებს შორის: ნიუ-იორკში, ბოსტონსა და დეტროიტში მაწანწალა საცოდავი თვალებით გიყურებს და ისე გთხოვს მოწყალებას, თუ რაიმე მიეცი, მადლობას გიხდის. ჩიკაგოელი მათხოვარი პირდაპირ შეტევაზე გადმოდის... მახსოვს, ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში როგორ გამაჩერა გამურულ-გაბურძგნილმა კაცმა და ერთი დოლარი მთხოვა. არც დავფიქრებულვარ, ისე მივეცი. ვიფიქრე, მადლობას მეტყვის-მეთქი. მან კიდევ ერთი დოლარი მოითხოვა. როცა უარი ვუთხარი, არც აცია, არც აცხელა _ ქურთუკში მწვდა და ისე შემაჯანჯღარა _ როგორ თუ ფულს არ მაძლევო?! _ გაოცებისგან გავშეშდი. ვერა და ვერ მოვიშორე _ ჯიუტად მექაჩებოდა სახელოზე. ხელი უხეშად გავიქნიე. ტროტუარზე გაიშხლართა და აღრიალდა (მერე მივხვდი _ პროვოკაცია მომიწყო). ხმაურზე ხალხი მოგროვდა, საიდანღაც პოლიციელიც გამოჩნდა. გაოგნებისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. პოლიციელმა მანიშნა _ წადი, შენს საქმეს მიხედეო, _ და მათხოვარს მიუბრუნდა...
200 მეტრიც არ მექნებოდა გავლილი, რომ მეორე მათხოვარი გამომიხტა. უკვე გამოცდილებამიღებულმა, ყურადღება რომ არ მივაქციე, ისეთი საშინელი სიტყვებით გამომლანძღა, ლამის ცუდად გავხდი.
მათხოვრების თავხედობამ ძალიან გამანერვიულა. გავივლიდი ასიოდე მეტრს და ახალი მაწანწალა გამომეცხადებოდა. ვერაფრით მივხვდი, რა მჭირდა, რით ვიზიდავდი ამ `ფენას~ (ვხედავდი, სხვები უპრობლემოდ მიდი-მოდიოდნენ ქუჩაში). არადა, არ მინდოდა, ავტოსადგომზე დაბრუნება. ერთ-ერთ კაფეში შევედი. ცხელი შოკოლადი და ნამცხვარი შევუკვეთე, თან მობილურზე ჯოს ნომერი ავკრიბე. მოხუცმა მაშინვე მიპასუხა და მეც ავუხსენი ჩემი გასაჭირი. ჯომ გულიანად გაიცინა და მკითხა:
_ ერთი ეს მითხარი, აკაკი, ქუჩაში რა სიჩქარით დადიხარ?
_ როგორ თუ რა სიჩქარით? ჩვეულებრივად, ვსეირნობ, _ ვუპასუხე.
_ ჰოდა, რომ სეირნობ, ამიტომაც გაწუხებენ მათხოვრები: ხვდებიან, ჩამოსული რომ ხარ და უნდათ, რაიმე წაგგლიჯონ. ცოტა ტემპს მოუმატე და არავინ გაგაჩერებს.
გავითვალისწინე ჯოს რჩევა, თანაც, მათხოვარს რომ დავინახავდი, ნაბიჯს ავუჩქარებდი...
კომერცია... ეკლესიაში
როცა უცხო ქვეყანაში იმყოფებოდი, თანაც თავს მოგზაურად აღიქვამ, ბუნებრივია, იმ ქვეყნის შესახებ ყველაფერი გაინტერესებს. რაც მეტს ვიგებდი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, მით მეტ გაუცხოებას ვგრძნობდი. როცა ამის გამო ნოსტალგიამ შემომიტია, ეკლესიაში შესვლა დავაპირე. ვიცოდი, ამერიკაში რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარი არსებობდა, მაგრამ სად, ვერავინ მითხრა. ვიფიქრე, არა უშავს, რომელიმე კათოლიკურ ეკლესიაში შევალ და ორგანს მაინც მოვუსმენ-მეთქი.
ჩიკაგომდე, ერთხელ უკვე ვყოფილვარ კათოლიკურ ეკლესიებში. შოუდ ქცეულ ლოცვასაც დავესწარი _ სასულიერო პირი შთამბეჭდავად გალობდა... ერთხელ, რომელიღაც სექტის კრებაზე მოვხვდი. იქ შეკრებილთ რომ შევხედე, ლამის გული წამივიდა: ყველა მათგანს სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ჯერ ვიფიქრე _ ალბათ, ერთმანეთს დაერივნენ-მეთქი, _ მაგრამ მერე დავინახე, თუ როგორ მივიდა ერთ-ერთი სექტანტი მაგიდასთან, რომელზეც დაკლული ცხვარი იდო, იქვე სისხლით სავსე თასში როგორ ჩაყო ორივე ხელი და მერე სისხლით `გაილამაზა~ სახე...
ჩიკაგოს კათოლიკური ეკლესია დიდი არ იყო, მაგრამ სკამები ისე კომპაქტურად დაეწყოთ, უამრავ ადამიანს დაიტევდა. არც ორგანი ჩანდა და არც მუსიკოსები. სამაგიეროდ, ყოველ კუთხეში იდგა მოზრდილი შესაწირი ყუთი სხვადასხვა წარწერით: `ბიზნესის გამარჯვებისათვის~, `კრედიტის აღებისათვის~, `მშვიდი მოხუცებულობისათვის~ და ა.შ. კედლები შევათვალიერე; მაცხოვარი და ღვთისმშობელი ზოგან თეთრკანიანი იყო, ზოგან _ შავკანიანი, ზოგან კიდევ _ ყვითელკანიანი... ერთ ადგილას 15-ოდე კაცი შეკრებილიყო და ვიღაცას ელოდა. ორმოცდაათს მიტანებული სიმპათიური მამაკაცი შედარებით ახალგაზრდებს გატაცებით უხსნიდა რაღაცას.
_ უნიკალური პიროვნებაა, რაც ამ ეკლესიაში მასთან სიარული დავიწყე, წარმატებას წარმატებაზე ვაღწევ, დამიჯერეთ, _ ამბობდა იგი.
_ მეც იმდენი რამ მსმენია მის შესახებ, ალბათ, ის თუ მიხსნის განსაცდელისგან, _ მორიდებულად ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
_ მალე გამოვა და ნახავ, რამხელა შვებას იგრძნობ, _ გაამხნევა `აგიტატორმა~ და იქით გაიხედა, საიდანაც `მხსნელი~ უნდა მოვლენოდათ.
არა, ნამდვილად არ ვაპირებდი ამ შენობიდან ისე წასვლას, რომ ის `ყოვლისშემძლე~ ღვთისმსახური არ მენახა... მართლაც, ათიოდე წუთში, ჯგუფს შავმოსასხამიანი სასულიერო პირი მიუახლოვდა, ყველას პირჯვარი გადასწერა, მერე პატარა სცენაზე ავიდა და ლოცვების კითხვა დაიწყო. ის-ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ მღვდელმა ლოცვების კითხვა დაამთავრა და მრევლი სცენისკენ დაიძრა. ყველა ცდილობდა, ღვთისმსახურთან რაც შეიძლება ახლოს მისულიყო.
_ შვილებო... _ დაიწყო `ქადაგება~ შავმოსასხამიანმა, _ მოხარული ვარ, რომ ჩვენს ეკლესიაში მოხვედით და წირვას ესწრებით. უფალი არავის ივიწყებს და ყოველთვის გქონდეთ მისი იმედი. ვიცი, რომ ბედნიერი ცხოვრება გინდათ. ამისთვის კი ბევრი ფულია საჭირო. ბევრი ფული ძნელი საშოვნელია, მაგრამ თუ მოხვალთ აქ და მოიტანთ შესაწირს თქვენი მომავალი საქმისთვის, მერწმუნეთ, ერთიასად აგინაზღაურდებათ...
იქაურობა ბირჟას უფრო ჰგავდა, სადაც ბიზნესის შესახებ ლექციას კითხულობდნენ. ღმერთმანი, მართლაც ასე იყო: ღვთისმსახური განუმარტავდა მრევლს, როგორ უნდა მიეღწიათ წარმატებისთვის სავაჭრო თუ საფინანსო საქმიანობაში, მოჰყავდა იმის მაგალითები, როგორ გადალახეს მისი მრევლის წევრებმა ფინანსური პრობლემები, იშველიებდა ეკონომიკურ ტერმინებს, მაგრამ... გამუდმებით უბრუნდებოდა შესაწირის თემას და ხაზს უსვამდა იმას, რომ რაც უფრო დიდი იქნებოდა შესაწირი, მით უფრო გარანტირებული იყო მათი წარმატება... დროდადრო, რომელიმე მორწმუნე მივიდოდა ყუთთან და მასში მწვანე ბანკნოტებს ჩაყრიდა. თვალი იმასაც შევასწარი, თუ როგორი კმაყოფილებით გადახედავდა ხოლმე გულუხვ მრევლს შავმოსასხამიანი...
მოგვიანებით შევიტყვე, რომ კათოლიკურ ეკლესიაში კი არა, რომელიღაც სექტის ტაძარში ამომიყვია თავი და რომ ჩიკაგოში ეს მოძრაობა დღითი დღე სულ უფრო პოპულარული ხდებოდა... უხალისოდ დავტოვე `ეკლესია~. ეზოში ჩემი ყურადღება ახალთახალმა, ვერცხლისფერმა `როლს-როისმა~ მიიპყრო, რომელსაც ეკლესიის მსახურები აპრიალებდნენ. მითხრეს _ ეს მანქანა შავმოსასხამიანი მღვდლის საკუთრებააო...
`ლევი~ ბილეთებით ამერიკაშიც ვაჭრობენ
კალათბურთი შტატებში პოპულარობით მხოლოდ ბეისბოლს თუ ჩამორჩება. ამიტომ მატჩზე ბილეთის შოვნა ყოველთვის პრობლემაა. მეც, ჩემი აზრით, თადარიგი დავიჭირე და ადრე მივედი სპორტული დარბაზის სალაროსთან, რათა ცოცხლად მენახა ჩემი თანამემამულის, ვოვა სტეფანიას თამაში.
სალარო დაკეტილი დამხვდა. წარწერა კი იუწყებოდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. უხალისოდ გამოვბრუნდი და წამოვლასლასდი. უეცრად, საიდანღაც ახალგაზრდა ზანგი გაჩნდა.
_ თუ ბილეთი გინდა, შემიძლია დაგეხმარო, _ უცერემონიოდ გამომიცხადა. _ იაფფასიანები გამითავდა _ შუა რიგების ბილეთები დამრჩა, 200 დოლარად მოგცემ!
_ რამდენად?!
_ 150 ღირს _ აბა, ხომ არ გაჩუქებ! _ მიპასუხა გაოცებულმა.
_ ძვირია, _ ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_ თუ არ გინდა, კი არ გეხვეწები. კლიენტის მეტი რაა?! უფრო ძვირადაც გავყიდი! _ სწრაფად მომაყარა, შეტრიალდა და წავიდა.
_ დამიკელი, რა! _ დავადევნე.
_ გამორიცხულია! _ არც შემოუხედავს, ისე მიპასუხა და იქვე მოაჯირზე შემოსკუპდა.
ბილეთის ფასი კი მეძვირა, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი თანამემამულის ნახვა, რომ ზანგს დავუძახე.
_ მომეცი. რაც არის _ არის, ავიღებ, ოღონდ _ ხომ ნაღდია?
_ ეს ჩიკაგოა!.. _ ხმაში წყენა გაერია.
_ ჩიკაგოში რომ ვარ, იმიტომ გეკითხები...
_ თუ გინდა, იყიდე, თუ არა და _ შემეშვი!..
ორი 100-დოლარიანი უსიტყვოდ გავუწოდე და ნანატრი ბილეთი გულდაგულ შევინახე. თამაშის დაწყებამდე 3 საათზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს დრო, რომ დიდ სპორტულ სანახაობას დავსწრებოდი...
ყველაფერს ბედი უნდა!..
მობილური აწკრიალდა. ედმონდი მირეკავდა.
_ აკაკი, შეკვეთა მივიღეთ და დროზე უნდა წახვიდე!
_ სად უნდა წავიდე? _ ვიკითხე და თან გულში ჩემს ბედს ვწყევლიდი.
_ მანდვე, ჩიკაგოშია. მიხვალ ბირჟაზე და მენის შტატის დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდები. როგორც კი მიხვალ, დამირეკე და ფასზე მოველაპარაკები. აბა, მანქანა დაქოქე და რაც შეიძლება მალე მიდი.
ხასიათი წამიხდა, მაგრამ რას ვიზამდი? შეკვეთა ჩემი მიზეზით რომ ჩაშლილიყო, კარგი დღე არ დამადგებოდა. თანაც, დილითვე გამაფრთხილა _ ტრაილერთან ახლოს იყავი, შეკვეთა რომ მივიღოთ, დრო არ დაკარგოო. სანუკვარი მატჩის მოლოდინში არც ტრაილერი მახსოვდა და არც ჩემი ბოსი.
ტაქსი გავაჩერე და მძღოლს ვთხოვე, რაც შეიძლება მალე მივეყვანე ავტოსადგომზე. ჩემმა ახალმა `მეგობარმა~, ბიძია ჯომ რომ დამინახა, გაოცებულმა მკითხა _ რა ხდება, რა გიჟივით მორბიხარო?!
_ ჯო, ბოსმა დამირეკა, სასწრაფოდ საქონლის ბირჟაზე უნდა მივიდე. არადა, წესიერად გზაც არ ვიცი... მომეცით გადახდის ჩეკი და მივდივარ... _ თან უკვე მანქანას ვქოქავდი. ჯომ, მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით, უცებ გააფორმა და გადმომცა საბუთები.
_ ყოჩაღ, მოხუცო, ბევრ ახალგაზრდას აჯობებ! _ შევაქე ბერიკაცი და დასამშვიდობებლად ხელი გავუწოდე.
_ მეც მოვდივარ ბირჟაზე. მოკლე გზები ვიცი და სწრაფად მიგიყვან, _ შემომძახა და კაბინაში ამობობღდა.
_ მერე აქ ვინ დარჩება?
_ მაგაზე ნუ დარდობ, ახლახან ძველი მეგობარი მომივიდა და ყველაფერს ის მიხედავს. აბა, წავედით! _ გამიღიმა ჯომ და ტრაილერიც დავძარი.
საქონლის ბირჟა ავტოსადგომიდან 40 წუთის სავალზე ყოფილა. ჯო რომ არ მყოლოდა გვერდით, მის მიგნებას ალბათ 2 საათს მაინც მოვანდომებდი.
_ იშოვე კალათბურთის ბილეთი? _ მკითხა გზაში ჯომ.
_ ჰო, თანაც გადამყიდველთან... _ ვუპასუხე.
_ გამოდის, რომ თამაშს ვერ ნახავ _ ე.ი. ფული ტყუილად გადაგიყრია...
_ რას იზამ? კალათბურთისთვის, სამსახურს ხომ ვერ დავკარგავ!
_ ბედი არ გქონია! _ თანამიგრძნო ჯომ.
უხმოდ დავეთანხმე. თუმცა, უკვე იმას ვდარდობდი, რომ ბირჟაზე არ დამეგვიანა და კომპანიაში პრობლემა არ გამჩენოდა...
ჩიკაგოს საქონლის ბირჟაზე
ჩიკაგოს საქონლის ბირჟა შინაური ცხოველების სავაჭრო ცენტრი აღმოჩნდა, რომელიც უდიდესია არა მარტო შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ უზარმაზარი, თვალუწვდენელი მინდორი, რომელიც სავსეა ცხენებით, ხარებით, ძროხებით, ცხვრებით, ხბოებით, ბატკნებით... იქაურობას პირველად რომ შევავლე თვალი, გაოცება ვერ დავფარე. შუა ჩიკაგოში ნამდვილად არ ველოდი ფერმერთა თავშეყრის ადგილს. თანაც, ყველაფერი ძალზე ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო: სხვადასხვა ჯიშის ცხოველი შემოღობილ ტერიტორიებზე ჰყავდათ. საკვები და წყალი არც ერთს არ აკლდა. სპეციალურ დაფებზე ამა თუ იმ ცხოველის მახასიათებლები და ფასები იყო გამოკრული, იქვე მეპატრონეც იდგა. ბირჟაზე უამრავი მყიდველი ირეოდა.
როგორც იქნა, ვიპოვე მენის შტატის წარმომადგენლობა. კოვბოის ფორმაში გამოწყობილმა ფერმერმა ძველი ნაცნობივით ჩამომართვა ხელი და მითხრა:
_ კიდევ კარგი, რომ მოხვედით, თორემ, უკვე სხვა კომპანიაში უნდა დამერეკა... მე ჯეკი ვარ.
_ მე აკაკი ვარ, ეს კიდევ _ ჩემი მეგობარი ჯოა.
_ ძალიან კარგი. ახლა საქმეს მივხედოთ. 10 ძროხა და 5 ცხენი უნდა გადავიყვანოთ მენში, თანაც _ რაც შეიძლება სწრაფად. რა დაჯდება?
_ იცით, საფინანსო საკითხებზე ჩემს ბოსს უნდა მოელაპარაკოთ.
ედმონდის ნომერი ავკრიბე და მობილური კოვბოის მივაწოდე. ლამის 20 წუთი გაგრძელდა მათი მოლაპარაკება. ამერიკელი რა მდიდარიც არ უნდა იყოს, თითოეულ ცენტს მაინც უფრთხილდება... როგორც იქნა, ჩემი ბოსი და კოვბოი მორიგდნენ და მეც შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ ახლა ერთი სადარდებელი გამიჩნდა: როგორ უნდა აეყვანათ ეს ცხოველები ტრაილერში და მერე, როგორ უნდა გამერეცხა ძარა... ამასობაში მობილურმაც დარეკა. ედმონდის მორიგი ინსტრუქტაჟის დრო იყო:
_ აკაკი, ბირჟის ავტოსადგომზე ცხოველებისთვის სპეციალურ მისაბმელს იქირავებ. მენში რომ ჩახვალ, დამირეკე. გასაგებია?
_ გასაგებია. როდის უნდა წავიდე? _ გამახსენდა კალათბურთის მატჩი.
_ ზუსტად არ ვიცი, კლიენტს მოელაპარაკე, მგონი, ხვალ, _ მიპასუხა ბოსმა და... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა: ე.ი. კალათბურთის მატჩზე დასწრების შანსი გამიჩნდა!
`შორია საქართველომდე...~
კლიენტს მივუახლოვდი.
_ მისტერ ჯეკ, როდის უნდა გავემგზავროთ? _ თითქოს სასხვათაშორისოდ ვიკითხე.
_ ხომ გითხარით, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი იქნება-მეთქი, _ ცივად მომიჭრა კლიენტმა და ზურგი შემაქცია.
ნამდვილად არავითარი სურვილი აღარ მქონდა, მისთვის მეთხოვა _ დღეს ჩემი თანამემამულე თამაშობს და იქნებ, რამდენიმე საათით გადავდოთ გამგზავრება-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემს თანამგზავრ მოხუც ზანგს არ დაუყრია ფარ-ხმალი _ უთქმელად მიმიხვდა გულისნადებს.
_ ერთი წუთით!.. _ მითხრა და კოვბოის დაედევნა.
_ მე კარგად ვიცი, ბიზნესი რაც არის, მაგრამ ამერიკელებმა უცხოელებსაც უნდა გავუგოთ!.. _ მოხუცი ჯო ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი მესმოდა.
_ თქვენ რაღა გინდათ? _ გაოცდა ფერმერი.
_ დღეს კალათბურთის მატჩია... _ მშვიდად დაიწყო ჯომ.
_ მერე, მე რა შუაში ვარ?
_ იქნებ, იქნებ... გამგზავრება რამდენიმე საათით გადაგედოთ... თუ, რა თქმა უნდა, ძალიან არ გეჩქარებათ... მაშინ, მძღოლი კალათბურთის მატჩს დაესწრებოდა... _ თვალით ჩემკენ ანიშნა.
_ დაესწრებოდა?.. ტრაილერში ხომ აქვს ტელევიზორი, სანამ გავალთ, იქ უყუროს.
_ დღეს მისი თანამემამულე თამაშობს...
_ მაშინ მე სხვა კომპანიას დავუკავშირდები, თქვენ კი კალათბურთზე წადით, _ მშვიდად უთხრა კოვბოიმ. არა, საქმის ჩაშლას ედმონდი ნამდვილად არ მაპატიებდა...
_ ჩვენ უბრალოდ, ის გითხარით, რაც გვაწუხებდა, თორემ, აკაკის საქმე არასოდეს ჩაუგდია, _ სევდიანად უთხრა მოხუცმა.
_ ეს სხვა ლაპარაკია! _ პასუხი მოუწონა ფერმერმა და თავის საქონელს მიაშურა. მე კი სასაქონლო ბირჟის ავტოსადგომზე გადავედი და პირუტყვისთვის განკუთვნილი მისაბმელი ვიქირავე. ისე, ამერიკელები მართლა კომფორტის მოყვარული ხალხია _ ეს მისაბმელი მოძრავი მიკროფერმა გახლდათ, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილი... მივაბი ეს `ფერმა~ ჩემს ტრაილერს და ზედ იმ ადგილთან მივაგორე, სადაც კოვბოი იდგა. ღილაკს თითი დავაჭირე და ავტომატური რკინის ხიდი, თვითმფრინავის ტრაპივით დაეშვა მიწაზე. ამ ხიდით ცხოველები ძარაზე ავიყვანეთ, იქ კი, თითოეული სპეციალურ `კუპეში~ მოვათავსეთ... სულ რაღაც 20 წუთში, გასამგზავრებლად მზად ვიყავით.
ჯეკმა კიდევ ათიოდე წუთი საბუთების მოწესრიგებას მოანდომა. მერე დავემშვიდობე და კაბინაში მოვკალათდი. უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ კალათბურთის მატჩის 200-დოლარიან გამოუყენებელ ბილეთს სუვენირად ჩავიტანდი საქართველოში და ძრავა ავამუშავე... მოულოდნელად ჯეკმა თავისთან მიხმო. ძრავა უხალისოდ გამოვრთე და კაბინიდან გადმოვხტი.
_ რომელი ქვეყნიდან ხარ? _ მკითხა ჯეკმა.
ცოტა არ იყოს, გაოცებულმა ვუპასუხე.
_ რა მანძილია აქედან შენს სამშობლომდე?
_ იქნება ასე, 8 ათასი მილი...
_ ის შენი თანამემამულე მართლა დღეს თამაშობს?
ინსტინქტურად ჯიბიდან ბილეთი ამოვიღე.
_ მე არც ისეთი დესპოტი ვარ, როგორიც შენ და იმ მოხუც ზანგს გგონივართ... მოდი, ხვალ დილის 6 საათზე გავიდეთ ჩიკაგოდან. საქონელი უკვე დაბინავებულია, საკვებიც საკმარისად აქვს... თან ქალაქშიც გავისეირნებ _ დიდი ხანია, ჩიკაგოში არ ვყოფილვარ. ერთი სიტყვით, ხვალ ადრიანად გავალთ... _ გამიღიმა და დამემშვიდობა. საათს დავხედე. მატჩის დაწყებამდე 40 წუთი იყო დარჩენილი...
სტეფანიას ნაცვლად სოსო გავიცანი
ჩიკაგოს ის სპორტული დარბაზი, სადაც შეხვედრა იმართებოდა, ჩვენი სპორტის სასახლისხელა იყო, შეიძლება, ოდნავ დიდიც. მაყურებლის ტევა არ იყო. ძლივს მივაღწიე ჩემს ადგილამდე. დარბაზში საზეიმო განწყობილება სუფევდა. კაშკაშა ფერები და რიტმული მუსიკა ავსებდა იქაურობას... ფოიედან მოყოლებული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ნახევრად შიშველი, მოხდენილი გოგონები გხვდებოდა _ ზოგი ბილეთს გიმოწმებდა, ზოგი გზას გასწავლიდა, უმეტესობა კიდევ, სახელდახელო დახლთან იდგა და ათასგვარ სასმელსა თუ ნუგბარს გთავაზობდა, თანაც ისე, რომ ძნელი იყო, უარი გეთქვა... მეც ცდუნებას ვერ გავუძელი და მიუხედავად იმისა, რომ არ მშიოდა, თითქმის ყველა გოგონასგან ვიყიდე ცოტ-ცოტა რაღაც და დარბაზში დატვირთული შევედი.
ჩემს სკამთან ჭიპმოხატულმა გოგონამ მიმიყვანა და ისე ვნებიანად გამიღიმა, კინაღამ დამავიწყდა, სად ვიყავი...
თავდაპირველად, დარბაზში ასატანი ხმაური იდგა, მაგრამ როგორც კი მოედანზე კალათბურთელები გამოჩნდნენ, ისეთი კაკოფონია ატყდა, მეგონა, ქვეყანა იქცეოდა. ამ აურზაურს უამრავი დოლის ბრახუნი და რიტმული, მაგრამ უსაშველოდ ხმამაღალი მუსიკა ემატებოდა.
...თამაში დაიწყო. მოედანზე ორი სახელგანთქმული გუნდი _ `ნიუ-ჯერსი ნეთსი~ და `ჩიკაგო ბულზი~ ერკინებოდა ერთმანეთს. სპეციალისტის თვალით ნამდვილად ვერ შევაფასებდი ამ მატჩს, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო _ კარგად ვხედავდი, რა ენერგიისა და დაძაბულობის ფასად უჯდებოდა თითოეულ მოთამაშეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. ამ ორთაბრძოლაში, სპორტსმენებთან ერთად, თითქოს გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.
...მოედანზე ამერიკული კალათბურთის ლეგენდები _ სკოტი პიპენი და დენის როდმანი იმყოფებოდნენ. ისე გამიხარდა, თითქოს მთელი ცხოვრება მათი თამაშის ნახვაზე ვოცნებობდი. არც უმაგისობა იყო, მაგრამ იმ დღეს, იქ საგანგებოდ ვოვა სტეფანიას სანახავად მივედი, რომელიც მოედანზე არა და არ გამოჰყავდათ. ყურადღებით შევათვალიერე სათადარიგო სკამი და იქ მჯდომი სტეფანია დავინახე, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს მატჩის მსვლელობას. გამიხარდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმ მატჩში სტეფანია მოედანზე არ გამოუყვანიათ. ძალიან დამწყდა გული. ერთი პირობა, გავიფიქრე _ მოდი, მოედანზე ჩავალ და სათადარიგო სკამზე მჯდომ სტეფანიას ხელს მაინც ჩამოვართმევ-მეთქი, მაგრამ აბეზარი გულშემატკივრებისგან კალათბურთელთა დასაცავად ჩამწკრივებულ კუნთმაგარ ბიჭებს რომ შევავლე თვალი, განზრახვაზე ხელი ავიღე... მერე ვიფიქრე _ იქნებ, თამაშის შემდეგ მაინც მოვახერხო ავტობუსთან მისვლა და ქართველი კალათბურთელის ნახვა-მეთქი?.. ამ დროს, მეზობელი ტრიბუნიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ის უცნობი ქართველი იყო. ერთმანეთს შორიდან მივესალმეთ და შესვენებისას შევხვდით კიდეც.
_ არ მითხრა ახლა, რომ ქართველი არა ხარ... _ ქუთაისური კილოთი მომმართა საოცრად გახარებულმა.
_ არა, ძმაო, _ გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
_ სოსო! _ გამეცნო ქუთაისელი. _ დიდი ხანია, ამერიკაში ხარ?
_ მეორე წელია უკვე.
_ შენ `სულ ახალი~ ყოფილხარ _ მე უკვე 6 წელია, აქაურობას `ვეჭიდავები~. ამათი დედაც ვატირე!.. _ მწარედ თქვა ქუთაისელმა და მერე იმით დაინტერესდა, თუ რას ვსაქმიანობდი. რომ ვუთხარი, ტრაილერზე ვმუშაობ და შტატიდან შტატში ვმოგზაურობ-მეთქი, გაუკვირდა:
_ მაგარი ვინმე ყოფილხარ! როგორ მოახერხე ტრაილერზე მოწყობა?
_ ხალხი კოლუმბიის უნივერსიტეტში ეწყობა და ეგ რა გასაკვირია?!
_ რა ვიცი, ძმაო, მე ამ ქალის გადამკიდეს, ყველაფერი გვერდზე დამრჩა... _ და ერთი ჩაფუშფუშებული `ლამაზმანისკენ~ გამახედა. ერთიანად ჩამრგვალებული, ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი ჩვენკენ იყურებოდა და თან გემრიელად ილუკმებოდა...
_ ორი წელია, ამ `კალაბოკას~ დავდევ, რასაც ვშოულობ, მაგას ვახარჯავ... _ შემომჩივლა სოსომ.
_ როგორ თუ დასდევ?! _ ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა.
_ აბა, შენა ხარ, რა!.. როგორ და, ხელი მინდა, რომ მომიწეროს, მაგრამ არ შვრება! ჩვენი ქალები ხომ, პირიქით იქცევიან _ ჯერ ხელის მოწერას გთხოვენ და მერე გიწვებიან. ამერიკელები კიდევ, ლოგინში ისე ჩაგიგორებენ, არც დაფიქრდებიან, აი, დაქორწიბაზე კი, თავს იგიჟებენ.
_ ცოლად გინდა, მოიყვანო? _ შემეცოდა ჩემი თანამემამულე.
_ მოყვანილი არ მყავს?! მაგრამ ხელს არ მიწერს!
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ `საპატარძლოც~ მოგვიახლოვდა, უფრო სწორად _ მოგოგმანდა.
_ საყვარელო, სად დამეკარგე? _ განაზებული ხმით ჰკითხა მან სოსოს.
_ გაიცანი _ ეს აკაკია, ჩემი თანამემამულე.
ხელი ჩამოვართვი.
_ მე ჯასტი მქვია. ძალიან მიხარია, რომ სოსოს თანამემამულეს შევხვდი. ჰოთდოგი არ გინდა? ძალიან გემრიელია... _ ასე გამეცნო ჯასტი, მერე ღია ფერის ჩანთიდან 3 მოზრდილი ჰოთდოგი ამოიღო, ერთი მე გამომიწოდა, მეორე _ სოსოს და ერთიც თავად მოიმარჯვა. შევთანხმდით, რომ მატჩის შემდეგ, რომელიმე კაფეში დავმსხდარიყავით.
სიურპრიზი ჩინურ რესტორანში
_ მოდი, რა, სოსო, ჩინურ რესტორანში შევიდეთ, _ ეს ჯასტის სურვილი იყო.
_ დღეს ხომ უკვე ვიყავით ჩინურ რესტორანში! დისკოთეკაზე არ ჯობია? _ შეეწინააღმდეგა ქუთაისელი.
_ არა, არა! შეიძლება, აკაკიმ არც იცის, რა გემრიელ კერძებს ამზადებენ ჩინელები. ცეკვას მირჩევნია, კარგად ვივახშმოთ, _ ისე თქვა ჯასტიმ, თითქოს მთელი დღე არაფერი ეჭამა.
_ ჭამა ისე უყვარს, ერთ ჰამბურგერში გამცვლის, მაგრამ რა ვქნა, ამის გამო ხომ არ დავშორდები!.. _ შემომჩივლა სოსომ.
_ ისე, ერთად ცხოვრობთ?
_ აბა, რა! მდიდარმა ბიძამ მემკვიდრეობა დაუტოვა. მაგრამ რად გინდა _ ხელის მოწერამდე ვერა და ვერ მივიყვანე.
_ რას გეუბნება?
_ სიყვარულს საბუთი არ სჭირდებაო. მეც, ეს შანსი ხელიდან რომ არ გავუშვა, ყველა სურვილს ვუსრულებ: მოქალაქეობის მიღება მინდა და... ხომ იცი, რაც ღირს ფიქტიური ქორწინება?..
_ დაანებე, ძმაო, თავი! გოგოები გამოილია?! _ ვერ დავფარე გაღიზიანება.
_ გოგოების მეტი რა არის, მაგრამ ხელი რომ მოგიწერონ, ბევრი ფული უნდა გადაუხადო. მე არც ფული მაქვს და არც ბინა...
_ აბა, ამას როდემდე უნდა ელოლიავო?
_ რას იზამ! უმსხვერპლოდ არაფერი გამოდის!
...ჩინურ რესტორანში მართლაც, ჩინებულად გვიმასპინძლეს. იმდენი ეგზოტიკური კერძი მოიტანეს, კაცს თავგზა აერეოდა. ყველა ვერც გავსინჯე. აი, ჯასტიმ კი კარგად მოილხინა... სასმელს ნაკლებად ეტანებოდა. მთელი საღამოს მანძილზე, შამპანურით სავსე ერთი ფუჟერიც არ დაულევია ბოლომდე. სამაგიეროდ, არც ენა გაუჩერებია და არც პირი. ძალზე მხიარული ქალი აღმოჩნდა და ჩვენებური სადღეგრძელოებიც საოცრად მოეწონა.
_ ქართველები ძალიან მიყვარხართ, _ `გამოგვიტყდა~ ბოლოს, პუტკუნა ამერიკელი საპატარძლო. მერე კი, რატომღაც გრძნობების გაზიარებისა და გულის გადაშლის ხასიათზე მოვიდა.
_ სოსო მართლა მიყვარს. ისიც ვიცი, რომ ამერიკის მოქალაქეობა უნდა და ამიტომ დამდევს. თუმცა, რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ მასაც გაუჩნდა რაღაც გრძნობა ჩემ მიმართ. თანაც, დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამიტომ მინდა, სიურპრიზად გამცნოთ: ხვალ ხელს მოვაწერთ და სოსო ამერიკელი ქალის ქმარი გახდება! აკაკი, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი მეჯვარე იყოთ?..
მართლა დამწყდა გული, რომ დილაადრიანად ჩიკაგო უნდა დამეტოვებინა...
_ არა უშავს, აკაკი, სამაგიეროდ, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები, _ დამამშვიდა სოსომ. _ ეს რა კარგ ფეხზე შემხვდი! ჩიკაგოში რომ ჩამოხვალ, იცოდე, მეწყინება, ჩვენთან რომ არ მოხვიდე, _ სიხარულს ვერ ფარავდა სოსო.
შარიანი თანამგზავრის გვერდით
ჯეკ ლარსენი, ჩემი კლიენტი, ცივი და არაკომუნიკაბელური თანამგზავრი აღმოჩნდა. არადა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის _ ტრაილერით 1500 მილი გაიარო და გვერდით ეს ბაიყუში გეჯდეს... ჯერ იყო და, დილის 6 საათზე ისეთი ბრახაბრუხი ატეხა ტრაილერის კარზე, რომ ფეთიანივით წამოვხტი. თავიდან ვერ გავარკვიე, რა ხდებოდა. მაღვიძარა შვიდის ნახევარზე მქონდა დაყენებული, ვიფიქრე, ნახევარ საათში ავდგები, ყავის დალევასაც მოვასწრებ და შვიდისთვის, კოვბოისაც მზად დავხვდები-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა?!. ეგ კი არა, სანამ გამოვფხიზლდებოდი და ჩავიცვამდი, ბრახუნი არ შეუწყვეტია.
_ რა ხდება, სერ, ხანძარი ხომ არ გაჩნდა?.. _ ბუზღუნით გავაღე კარი.
_ გუშინ ხომ შევთანხმდით, რომ ადრე გავიდოდით! შენ კი მზად არა ხარ. ნუ გავიწყდება, რომ ფულს გიხდი!
მივხვდი, დიდი შარიანი ვინმე იყო. მეც, მეტი რა გზა მქონდა?! სასწრაფოდ მივუჯექი საჭეს და ძრავა ავამუშავე.
_ მოიცა, მოიცა, ჯერ სად მიდიხარ?! პირუტყვს უნდა დავხედო _ იქნებ, რძე აქვთ მოსაშორებელი.
თავიდან ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ეს რძის მოშორება. ანგარიშმიუცემლად გავყევი, ძარა გავაღე და კლიენტს `ფერმაში~ შევყევი. ძროხებისა და ცხენების დანახვაზე თითქოს გარდაისახა _ მისი სიმკაცრე ერთბაშად გაქრა. თითოეულ ცხოველს მოეფერა, მზრუნველ და ყურადღებიან პატრონად იქცა. ზოგს თივა დაუყარა, ზოგს _ მშრალი საკვები რაღაც ყუთებიდან. ყველა ძროხას ცური შეუმოწმა. მერე საიდანღაც რამდენიმე მომცრო ბიდონი მოიტანა და რამდენიმე ძროხა გამოწველა. თანაც, ამას ისე სწრაფად აკეთებდა, განცვიფრებული დავრჩი. ბიდონები რძით აავსო, რძის ნაწილი ორლიტრიან ბოთლებში გადაასხა, დანარჩენი იქვე შეინახა, ერთი ბოთლი კი მე შემომთავაზა:
_ დალევ?
_ არა, გმადლობ, _ ცხოვრებაში არ დამილევია ახალმოწველილი რძე.
_ როგორც ჩანს, რძის არც გემო იცი და არც ფასი... _ უცერემონიოდ გამომიცხადა და ბოთლი მიიყუდა. ალბათ ნახევარი ლიტრი მაინც დალია. კმაყოფილმა ტუჩები მოიწმინდა და ლამის მიბრძანა _ ეს ბოთლები მაცივარში შეინახე და წავიდეთო. უხალისოდ შევასრულე მისი დავალება და საჭეს მივუჯექი.
რით სჯობს აუდუღარი რძე ჰამბურგერს
ჩიკაგოდან ისე გამოვედით და მთელი საათი ისე ვიარეთ, რომ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. იჯდა ეს უჟმური ფერმერი ქანდაკებასავით და გზას გაჰყურებდა. მაგრამ მოულოდნელად, სიჩუმე ფერმერმა დაარღვია:
_ ძალიან კარგი! ჩვენ ალბათ გავუგებთ ერთმანეთს, _ მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მან.
_ რას გულისხმობთ? _ ნამდვილად ვერ მივხვდი, ამით რის თქმას აპირებდა.
_ დავრწმუნდი, რომ პროფესიონალი მძღოლი ხარ. ახლა შემიძლია, მშვიდად ვიჯდე და რაც მთავარია, ჩემი პირუტყვი არ იწვალებს...
_ საკუთარ თავზე მეტად, პირუტყვზე ზრუნავთ... _ რატომღაც გამეცინა.
_ რას ხედავ ამაში სასაცილოს?! მე მეცხოველეობის ბიზნესს ვეწევი და ეს არის ჩემთვის მთავარი საქმე, _ ისეთი ტონით თქვა, რომ ლაპარაკის სურვილი სულ გამიქრა... პაუზა ამჯერად, ნახევარი საათი გაგრძელდა. გავიფიქრე _ ამასთან ორი დღე რა იმგზავრებს-მეთქი?!
_ მოგეწონა კალათბურთის მატჩი? _ კვლავ მოულოდნელად ალაპარაკდა ჯეკი.
_ ძალიან. ნამდვილი პროფესიონალების თამაში იყო. დიდხანს არ დამავიწყდება.
_ შენმა თანამემამულემ როგორ ითამაშა?
_ არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
_ მერე, მაგის გულისთვის მოიკალი თავი? გამგზავრება რომ არ გადაგვედო, ახლა ნახევარი გზა გავლილი გვექნებოდა! _ ისევ დამაყვედრა, რომ ჩემ გამო ნახევარი დღით დაუგვიანდა წასვლა.
_ მე სულაც არ ვნანობ. მართალია, ვოვა სტეფანიას არ უთამაშია, მაგრამ საუცხოო მატჩი იყო.
_ არ მესმის იმ ადამიანების, ვინც დროს უთმობს ფეხბურთს, კალათბურთს, კაზინოსა და ათასგვარ გასართობს. დრო ადამიანმა უქმად არ უნდა დახარჯოს, უნდა ცდილობდეს, რამე აკეთოს... _ ეს უკვე დიდაქტიკას ჰგავდა, რომელიც ნამდვილად არ მჭირდებოდა.
_ გინდათ, თქვათ, რომ კაცმა დრო სულ შრომაში უნდა ატაროს?.. მაგრამ ხომ უნდა დაისვენოს! ხომ უნდა გაერთოს!
_ გეტყობა, რომ მუშაობას, საქმეს შენც ზერელედ უყურებ. ეს სიზარმაცეა!.. _ შემომიტია კოვბოიმ.
_ ზარმაცი რომ ვიყო, ოკეანის გაღმიდან აქ კი არ ჩამოვიდოდი სამუშაოდ! _ იქით შევუტიე ამერიკელს. ისიც ეტყობა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და აღარაფერი მიპასუხა. ახლა უკვე მთელი 3 საათი ვიარეთ უბრად. მისკენ გახედვის სურვილიც კი არ მქონდა. რადიომიმღები ჩავრთე და რომელიღაც არხზე ვუსმენდი მუსიკალურ პროგრამას. გზად ჭაიტ სტატიონ _ სატვირთო მანქანების მძღოლების დასასვენებელი ადგილი გამოჩნდა. გამახსენდა, რომ მშიოდა.
_ სერ, მოდი, ვისაუზმოთ და ლუდიც დავლიოთ, მე გეპატიჟებით, _ ვუთხარი კლიენტს და პასუხს არც დაველოდე, პირდაპირ ავტოსადგომისკენ შევუხვიე. ჩემს წინადადებას ამრეზით შეხვდა, აშკარა იყო, წამოსვლას არ აპირებდა.
_ არ მშია. ერთი, მაცივრიდან რძე გამომიღე, პურიც მაქვს და ჩემი საუზმეც ეგ არის, _ მიპასუხა.
_ რძე რას გეყოფათ? ასეთი ავტოსადგომების სასაუზმეებში ჩინებულად წვავენ ხორცს... _ გავიბრძოლე, რომ როგორმე დამეთანხმებინა.
_ არა, შენ წადი. ოღონდ, ძარა გამიღე, პირუტყვსაც დავხედავ.
რაღას ვიზამდი? ფართოდ გამოვაღე ძარის კარი და სასაუზმისკენ გავეშურე.
შემდგომშიც, ამ გრძელ გზაზე, რამდენჯერმე შევჩერდით სასაუზმესთან. მე ჩამოვდიოდი და გემრიელად გეახლებოდით, ამერიკელი კოვბოი კი აუდუღარი რძით იკლავდა შიმშილს. ერთი პირობა, ისიც კი ვიფიქრე _ ჩემთან ერთად სუფრასთან დაჯდომას თაკილობს-მეთქი, _ მაგრამ ეს ეჭვი მაშინ გამიქარწყლდა, როცა მორიგი საუზმობისას, ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი გამომელაპარაკა.
_ ეგ ბედოვლათი შენ გადაგყავს? _ მკითხა და ფანჯრიდან ჯეკზე მიმანიშნა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ 3 თვის წინ, მეც გადავუყვანე ჩიკაგოდან ძროხები. ეგეთი ძუნწი კაცი არსად შემხვედრია.
_ ძუნწი? მე კიდევ მეგონა _ იმდენი ფული არ ჰქონდა, რომ სასაუზმეში წამოსულიყო. და საერთოდაც, ვფიქრობდი, რომ ფერმერის დამხმარე მუშა იყო, რომელიც უბრალოდ, პატრონის დავალებას ასრულებდა, _ გავუმხილე თანამოსაუბრეს ჩემი ვარაუდი.
_ რას ამბობ! ეგ კაცი ძალიან მდიდარია. მაგაზე დიდი ფერმა მგონი, მენის შტატში არავის აქვს. მაგრამ რად გინდა! ნახევრად მშიერი დადის. არადა, იმდენი ფული აქვს, ათას ჩვენნაირს შეინახავს.
_ რა ვიცი, მილიონერობის მაგას არაფერი ეტყობა და...
მძღოლმა ჩემს სიტყვებზე გულიანად გადაიხარხარა:
_ როგორ გეტყობა, რომ ამერიკას კარგად არ იცნობ?..
ოჰ, ეს ძუნწი მილიონერი!..
ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჯეკ ლარსენი მდიდარი კაცი იყო, ძალიან დამაინტრიგა და თუ ცოტა ხნის წინ, თანამგზავრს თითქმის არ ვცემდი ხმას, ახლა ვცდილობდი, ლაპარაკში ჩამეთრია, მაგრამ ჯეკი ვერა და ვერ ავიყოლიე. მორიგი გაჩერებისას კი, პირდაპირ შეტევაზე გადავედი.
_ მისტერ ჯეკ, სასაუზმეში რატომ არ დადიხართ?
_ ჩემი რძე მირჩევნია, _ მიპასუხა მშვიდად.
_ კი, მაგრამ სულ რძე და რძე არ გბეზრდებათ? თუ იმდენად გიყვართ, რომ თქვენს ფერმაშიც მხოლოდ რძეს მიირთმევთ ხოლმე?
_ რატომ მხოლოდ რძეს? ფერმაში ყველიც მაქვს, არაჟანიც, ხაჭოც. ხშირად, პირუტყვსაც ვკლავთ და ხორციც ბევრი გვაქვს, _ აუღელვებლად ამიხსნა ფერმერმა.
_ დიდი ფერმა გაქვთ?
_ ფერმა 5 ადგილას მაქვს, თითოეულში მარტო 500 ძროხაა, ცხენი კი _ 50-მდეა, _ დაიწყო ჩამოთვლა.
_ თქვენ მართლა მდიდარი ფერმერი ყოფილხართ. არ გიჭირთ ამდენი პირუტყვის მოვლა?
ჯეკს ესიამოვნა ჩემი აღფრთოვანება, მაგრამ მაინც უნდობლად შემომხედა.
_ რასაც მივაღწიე, ყველაფერს _ ჩემი შრომით! არავისი საქმე არ არის, მდიდარი ვარ თუ ღარიბი. მე ჩემი ბიზნესი მაქვს და მასში ჩარევას არავის ვურჩევ!..
_ საწყენად არ მითქვამს _ უბრალოდ, დავინტერესდი თქვენი საქმიანობით, _ თითქოს უკან დავიხიე.
_ რით დაინტერესდი _ ბანკში რამდენი მიდევს თუ თვეში რამდენი მრჩება სუფთა მოგება?.. მე შენ გკითხე _ ხელფასი რამდენი გაქვს-მეთქი?.. ჰოდა, შენც ნუ მაწუხებ, მიდი, წინ იყურე! ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს.
ჯეკთან კონტაქტის დამყარების მცდელობა კრახით დამთავრდა და კვლავ უსიამოვნო სიჩუმემ დაისადგურა. ისევ რადიომიმღები ჩავრთე. ამჯერად, ეთერში რეპი ჟღერდა.
_ გამორთე, რა, ვერ ვიტან ამ სისულელეს! _ მითხრა გაღიზიანებულმა.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის, დეილ კარნეგის წიგნის (`როგორ მოვიპოვოთ მეგობრები~) შეგონებანი გამახსენდა. გონებაში აღვიდგინე ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკაში წამოსვლის წინ `ვსწავლობდი~.
_ მისტერ ჯეკ, მე შეიძლება, მეცხოველეობის ბიზნესში ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ საუკეთესო პირუტყვი გყავთ... _ ჯეკმა მშვიდად შემომხედა და მივხვდი, რომ მიზანში გავარტყი.
_ შენ ჩემი ფურები არ გინახავს! ფერმაში რომ მივალთ, აი, მაშინ შეაფასებ!.. _ კმაყოფილებით თქვა ჯეკმა.
_ ამათზე უკეთესები ვერც კი წარმომიდგენია, _ ჩავილაპარაკე.
_ თითქმის 10 წელია, ფერმერთა გამოფენებზე პრიზებს არავის უთმობენ. ჩემი ფურები 5-6 გალონ რძეზე ნაკლებს არ იწველიან. სამი კიდევ 10 გალონსაც იწველის! გალონი ხომ იცი, რამდენია _ 3,8 ლიტრი! _ განმიმარტა ჯეკმა.
მორიგ ავტოსადგომთან კი საოცრება მოხდა: ჯეკმა თავად მითხრა, გავჩერდეთო და კაბინიდანაც პირველი ჩავიდა. უხვი საუზმეც შეუკვეთა და ჩემი ულუფის საფასურიც თავადვე გადაიხადა... მოკლედ, მენის შტატის ნორფოლკის დასახლებაში ისე ჩავედით, რომ მე და ჯეკი ლამის დავმეგობრდით. ასე რომ, დეილ კარნეგის წიგნი მართლა გამომადგა!..
ჯეკის სამფლობელოში
მენის შტატი არც ისე დიდია, მაგრამ იმ 7 შტატს შორისაა, საიდანაც დაიწყო აშშ-ის სახელმწიფოებრივი ისტორია. ამ შტატში არ არის დიდი ქალაქები და მსხვილი სამრეწველო საწარმოები, არც მსოფლიოში სახელგანთქმული უნივერსიტეტები. სამაგიეროდ, იქ დასახლდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი. იქაურები განსაკუთრებული სიამაყით უსვამენ ხაზს თავიანთ ამერიკელობას...
ჯეკმა ისიც მიამბო, თუ როგორ ჩამოსულა მისი წინაპარი XVII საუკუნეში ნორვეგიიდან და ნორფოლკში დასახლებულა. ისინი თავიდანვე მეცხოველეობას მისდევდნენ და ეს მათი საგვარეულო ბიზნესი ყოფილა.
...ტრაილერი ნორფოლკში შევიდა. იქაურობა სულ სხვაგვარი წარმომედგინა: რატომღაც მეგონა, მჭიდროდ დასახლებულ სოფელში ამოვყოფდი თავს, იქ კი სახლები ერთმანეთისგან ისე შორიშორ იდგა, რომ თვალს ძლივს მიაწვდენდი. მინდვრები და გორაკები მწვანე ბალახს დაეფარა. უამრავი პირუტყვი მშვიდად ძოვდა. რამდენიმე კოვბოისაც მოვკარი თვალი, გაღიმებულები გვიქნევდნენ ხელს. ჯეკიც ესალმებოდა მათ, თან მახსენებდა, სიგნალი მიმეცა... არა და არ უჩანდა ბოლო მინდვრებს. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთ გორაკთან შევუხვიეთ და გზას ავუყევით.
_ აი, ჩემი ფერმა და ჩემი სახლი. კეთილი იყოს შენი მობრძანება! _ ჯეკმა სახლისკენ კი არა, სასახლისკენ გამახედა. ამ დიდი, მშვენიერი სახლისგან მოშორებით კი, ასეთივე დიდი ფერმის შენობები იდგა.
გაოცებული ვუყურებდი ჯეკის საცხოვრებელს, რომელიც ძველებური მომეჩვენა და არც შევმცდარვარ _ ლარსენები მათი წინაპრების მიერ XVIII საუკუნეში აშენებულ მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდნენ.
ლარსენი სტუმართმოყვარე კაციც აღმოჩნდა...
ერთ-ერთ ფერმასთან მივედით, რომელიც ფერმას კი არა, სააგარაკო ვილას უფრო ჰგავდა. გაოგნებული ვათვალიერებდი გემოვნებით მოწყობილ კარ-მიდამოს.
_ აკაკი, კარი გაგვიღე, პირუტყვია დასაბინავებელი, _ გამომაფხიზლა ჯეკის შეძახილმა. პატრონის გვერდით ათამდე მუშას მოეყარა თავი. ტრაილერის კარი ფართოდ გამოვაღე. ჯეკმა მუშებს დავალებები მისცა და ჩემთვის `მოიცალა~. მე კი უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. კომპანიის უფროსს დავურეკე, ედმონდმა მორიგი შეკვეთის შესახებ მაუწყა _ ამჯერად, ბუფალოში უნდა წავსულიყავი, იქიდან კი, ოჰაიოს შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, კოლუმბუსში გადამეტანა ტვირთი.
_ აბა, მისტერ ჯეკ, კარგად ბრძანდებოდეთ! _ ხელი გავუწოდე მილიონერს.
_ ჯერჯერობით ვერ დაგემშვიდობები, _ მითხრა ჩვეული კატეგორიულობით.
_ როგორ? ბუფალოში უნდა გავემგზავრო, შეკვეთა მივიღე.
_ რა დროს ბუფალოა?! ჩემთან უნდა ვივახშმოთ!
პასუხს არც დაელოდა და ძველი მეგობარივით ხელკავით სასახლისკენ წამიყვანა.
_ მისტერ ჯეკ, ხომ იცით, ბიზნესის ამბავი _ შორი გზა მაქვს გასავლელი.
_ ბიზნესს მე მასწავლი?!. ღამე ხომ უნდა გაათენო შენს ტრაილერში. ჰოდა, დარჩი ჩემთან, დაისვენე, დილით კი, ადრიანად დაადგები გზას. შენ რომ გგონია, მთლად ისეთი უგულოც კი არა ვარ...
ამ სიტყვების შემდეგ, მართლაც არ შემეძლო დარჩენაზე უარის თქმა.
მილიონერის საგვარეულო გალერეა
ჯეკ ლარსენის სასახლე მის წინაპარს XVIII საუკუნეში აუშენებია. საოცარი გემოვნებით იყო შეხამებული ერთიმეორესთან მარმარილო და წითელი ხის მასალა, თითქმის ყოველ კუთხეში იდგა მდიდრული და უჩვეულო ფორმის შანდლები. ვეებერთელა ფანჯრებზე ძველმოდური მძიმე ფარდები ეკიდა. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ დარბაზებსა და ოთახებს ათასგვარი სტატუეტი თუ რარიტეტული ნივთი ამშვენებდა.
ჯეკი დამატარებდა თავის სამფლობელოში ზუსტად ისე, როგორც გიდები დაატარებენ ცნობისმოყვარე ტურისტებს მუზეუმებში და თავის წინაპრებზე მიყვებოდა. ბოლოს, ერთ დიდ დარბაზში შემიყვანა, რომელიც სურათების გალერეას უფრო ჰგავდა.
_ აი, ჩემი წინაპრები. თითქმის ყველა აქ არის.
მთელი კედლები ოქროსვარაყიან ჩარჩოებში ჩასმული პორტრეტებით იყო დაფარული. სურათებს შორის თეთრპარიკიანი ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ალღოიანი კაცი ყოფილხარო, _ მითხრა ჯეკმა, _ ეს მამაკაცი პირველი ლარსენი ყოფილა, რომელიც ნორვეგიიდან ჩამოსულა და ნორფოლკში დასახლებულა. მასაც ჩემი მასპინძელივით ჯეკი რქმევია. დიდ ჯეკს `კვალდაკვალ~ მიჰყვებოდნენ მისი ძმები, შვილები, მათი მეუღლეები, ქალიშვილები, შვილიშვილები...
ბოლოს ლარსენმა კედლის ერთ ცარიელ ადგილზე მიმითითა და მითხრა:
_ ამ ადგილას ჩემს სურათს დაჰკიდებენ, როცა ამ ქვეყნიდან წავალ. ჩემმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს, როგორი ვიყავი. მაგრამ ჩემი შვილების გადამკიდეს, ალბათ არაფერი მეღირსება!.. _ სინანულით წარმოთქვა მან.
_ რას გულისხმობთ? _ დავინტერესდი.
_ 3 ზრდასრული შვილი მყავს, სამივე ოცდაათს გადასცდა და შვილიშვილებს კი ვერა და ვერ ვეღირსე. არც ერთს არ უნდა დაქორწინება. არადა, ამხელა ქონებას ვის უტოვებენ, ვერ გამიგია... თუმცა, ჩემს პრობლემებს შენ რას გახვევ თავს?! წამოდი, ვივახშმოთ. მალე ჩემი ქალიშვილიც შემოგვიერთდება, _ მითხრა და თანამედროვე სტილში მოწყობილ მოზრდილ სასადილო ოთახში შემიძღვა. ეს ოთახი იმითაც იყო გამორჩეული, რომ შეგეძლო, აივანზე გასულიყავი, საიდანაც, როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანდა მთელი ნორფოლკი. სწორედ ამ აივანზე ვისხედით მე და ჯეკი და ლინდას, მის ქალიშვილს ველოდით, რომელიც იგვიანებდა. ჯეკმა მომიბოდიშა და მთხოვა, ცოტაც კიდევ მომეთმინა. მეც ვიდექი და ინტერესით ვათვალიერებდი ლარსენების სამფლობელოს... მოულოდნელად, მხედარი შევამჩნიე, რომელიც ცხენს ისე ოსტატურად მოაჭენებდა, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ჯიშიან ულაყზე გამოცდილი მოჯირითე იჯდა, თანაც _ ძალზე მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი. ერთი პირობა, შემეშინდა კიდეც, ეს ლამაზი გოგო უნაგირიდან არ გადმოვარდეს-მეთქი, მაგრამ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა.
ვახშამი მილიონერთან
...ლინდა ლარსენი ისე შემოჯირითდა ეზოში და ისე მოხერხებულად ჩამოქვეითდა ცხენიდან, რომ თვალის შევლებაც ძლივს მოვასწარი. ჯეკი ქალიშვილს ეზოში შეეგება. მამა-შვილი ერთხანს საუბრობდა. მე ვიჯექი და ისევ ველოდი...
სუფრა 3 კაცზე გაეშალათ, თანაც ისე ლამაზად, ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავდა. დროდადრო ჩასუქებული მულატი ქალი შემოდიოდა ნაირ-ნაირი სინითა და ლანგრით.
_ მისის, ხომ ვერ მეტყვით, ეს ლარსენები ვინ არიან? _ ვცადე, მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა ჯეკზე.
_ საკმაოდ მდიდარი და პატივცემული ხალხია. ამ სასადილო ოთახში მისტერ ჯეკი ყველას როდი იწვევს. ეტყობა, თქვენ მისი კეთილგანწყობა დაიმსახურეთ... _ გამიღიმა მსახურმა.
ჯეკი და მისი ქალიშვილი სასადილო ოთახში გამოსასვლელ ტანსაცმელში გამოწყობილები შემოვიდნენ. თავი უხერხულად ვიგრძენი: ისევ ჯინსის შარვალი და ბოტასი მეცვა. ძალაუნებურად შარვალზე დავიხედე. მათ არ გამოჰპარვიათ ჩემი რეაქცია, ორივეს გაეღიმა. ჯეკმა კი პირდაპირ მითხრა:
_ ნუ გერიდებათ. ვიცით, რომ პირდაპირ სამუშაოდან მოხვედით... გაიცანით, ეს ჩემი ქალიშვილია, ლინდა...
ცისფერთვალება ლინდა მართლაც, ისეთი მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორიც ცხენზე ამხედრებული წარმოვიდგინე. გაღიმებულმა გამომიწოდა ხელი და სუფრასთან მიმიწვია.
სუფრაზე იმდენი თეფში და დანა-ჩანგალი ეწყო, რომ დავიბენი კიდეც. აშკარა იყო, მეც ამ არისტოკრატებივით უნდა მესადილა. იხტიბარი არ გავიტეხე, `მომლოდინე პოზიცია~ დავიკავე _ როგორც მასპინძლები მიირთმევდნენ, მეც იმის მიხედვით ვმოქმედებდი. ისე თავისუფლად ვიცვლიდი თეფშებს, დანა-ჩანგალსა და სასმისებს, თვითონაც მიკვირდა.
_ მამამ მითხრა, რომ საქართველოდან ყოფილხართ, _ დაიწყო ლინდამ.
_ დიახ, თქვენ გაგიგონიათ საქართველოს შესახებ? _ ვკითხე დაინტრიგებულმა.
_ კი, მსმენია თქვენს ქვეყანაზე. თანაც, დაგნი იუელი თბილისში გარდაიცვალა...
_ ვი-ინ? _ დამასწრო ჯეკმა და შვებით ამოვისუნთქე, რადგანაც არც მე ვიცოდი, ვინ იყო დაგნი იუელი.
_ მამა, შენ ეს ნამდვილად უნდა იცოდე. დაგნი იუელი ცნობილი ნორვეგიელი მწერალია, საქართველოში მოგზაურობდა და თბილისში გარდაიცვალა, სასტუმროში, უცნაურ ვითარებაში. თბილისშივეა დაკრძალული... _ აუხსნა ლინდამ მამას ის, რის შესახებაც მეც არაფერი მსმენოდა.
მერე მამა-შვილი რაღაც წვრილმანზე ცოტა წაკინკლავდნენ და ჯეკმა მცირე ხნით დაგვტოვა. ლინდამ ჩაილაპარაკა:
_ მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, მამა ყველაფერზე იოლად ღიზიანდება. შვილებს კი გვიჭირს მისი გაგება.
_ თქვენი ძმები სად არიან? _ ვცადე, სხვა თემაზე ყურადღების გადატანა.
_ უფროსი სიეტლშია, ცნობილი პროგრამისტია, უმცროსი კი, ნიუ-იორკში სწავლობს, თეატრალურ ხელოვნებას ეუფლება.
_ საინტერესოა. შეიძლება, ცნობილი ფერმერის შვილი ცნობილი მსახიობი გახდეს!..
_ შეიძლება, მაგრამ მამას ეს ვერ აუტანია: ლარსენი და მსახიობი ვის გაუგიაო?! _ ამბობს.
_ თქვენ რას საქმიანობთ?
_ მე ჰარვარდი დავამთავრე, ლიტერატორი ვარ.
_ სხვათა შორის, ჰარვარდის ბიბლიოთეკაში ვიყავი ამ ცოტა ხნის წინ. იქ ერთი პროფესორი, პოლ სტიუარტი გავიცანი, _ გამახსენდა ჩემი ნაცნობი პროფესორი.
_ მართლა? ბატონი სტიუარტი ჩემი ლექტორი იყო. საინტერესო კაცია... ისე, სად თქვენ და სად _ პოლი... _ გაუკვირდა ლინდას.
_ ნიუ-იორკიდან ბოსტონამდე დიდი ბიბლიოთეკა გადავუტანე და სამდღიან `ტურნეში~ დავმეგობრდით.
_ ალბათ, თქვენი ტრაილერით ბევრს მოგზაურობთ და ბევრ ადამიანსაც ხვდებით...
_ საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ, ქვეყანასაც ვათვალიერებ და ამერიკელებსაც ვეცნობი. მარტო ტვირთის გადამზიდი კი არა, მოგზაურიც ვარ, _ მოვიწონე თავი.
_ მერე, მოგწონთ ამერიკა?
_ ძალიან მომწონს. ხოლო თქვენსავით მშვენიერ ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება რომ მეძლევა, განსაკუთრებით მახარებს ხოლმე.
როგორც ჩანს, ლინდა ჩემგან კომპლიმენტს არ მოელოდა და გაოცებულმა შემომხედა. მერე გულიანად გადაიკისკისა და კომპლიმენტისთვის მადლობაც გადამიხადა.
ცოტა ხანში, სასადილო ოთახში ჯეკი დაბრუნდა.
_ ვატყობ, საერთო ენა გამოგინახავთ, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან და ჩვეული მანერით, ჩემზე `ზრუნვა~ ითავა:
_ აკაკი, ხვალ ადრე ხარ წასასვლელი. წამოდი, საძინებელს გაჩვენებ, მოისვენე.
დამჯერი ბავშვივით წამოვდექი და ჩემს უცნაურ მასპინძელს გავყევი.
საძინებელი აპარტამენტს უფრო ჰგავდა _ ოთახში იმხელა ტახტი იდგა, რომ მგონი, 5 კაციც თავისუფლად მოთავსდებოდა. ეს ტახტიც და საერთოდ, მთელი ავეჯი, ძველებური გახლდათ, თანაც ძვირფასი და გემოვნებით შერჩეული. ერთადერთი, რაც აქ გაგრძნობინებდა, რომ თანამედროვე ამერიკელის სახლში იყავი, ბოლო მოდელის ფართოეკრანიანი `სონის~ ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი და უახლესი კომპიუტე¬რი იყო. ჯეკმა ინტერნეტით სარგებლობის უფლებაც მომცა, რამაც ძალზე გამახარა, რადგან თბილისში რამდენიმე იმეილის გაგზავნის შესაძლებლობა მექნებოდა...
ბუფალო
მიუხედავად იმისა, რომ ნორფოლკელი მილიონერის, ჯეკ ლარსენის სამფლობელოდან დილაადრიან წამოვედი და სწრაფადაც ვიარე, ბუფალოში მხოლოდ დღის 3 საათზე ჩავედი. გამიკვირდა კიდეც, 300-ოდე მილის გავლას ამდენი ხანი როგორ მოვანდომე-მეთქი? მაგრამ მერეღა მივხვდი, რაშიც იყო საქმე _ ნორფოლკიდან ბუფალომდე მთელი გზა მიხვეულ-მოხვეული და მთაგორიანი გახლდათ. თანაც, როგორც არ უნდა მომენდომებინა, გრძელ დაღმართებზე უზარმაზარ ტრაილერს დიდი სიჩქარით ვერ ვატარებდი...
პირდაპირ ვიტყვი _ ქალაქი ბუფალო არ მომეწონა. კრიტიკული მკითხველი ალბათ ირონიულად გაიღიმებს _ ბუფალოელებმა თუ იციან ამის შესახებო?.. მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ქალაქი არც თავად იქაურებს ეხატებათ გულზე. ასეთი მოუვლელი და თითქოს უპატრონოდ მიტოვებული ქალაქი შეერთებულ შტატებში მეორე არ შემხვედრია. ნახევრად გაძარცული, გამოხუნებული სახლები, ღარიბული ეზოები, მოუვლელი ქუჩები და ბაღები... ხალხიც კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდა... ეს, რაც ერთი შეხედვით დავინახე. მოგვიანებით ისიც მითხრეს, რომ ერთ დროს ინდუსტრიული ქალაქი ახლა გაკოტრებისკენ მიექანებოდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა იქაურობას და ბედის საძიებლად ამერიკის სხვა რეგიონებში გადადიოდა.
ჩემი მორიგი კლიენტი, რომლის შეკვეთითაც, ცელოფანის საამქროს დანადგარები კოლუმბუსში უნდა გადამეტანა, ორთოდოქსი ებრაელი აღმოჩნდა, თანაც _ ნამდვილი პედანტი.
_ მე დილით გელოდით, რატომ დაიგვიანეთ? _ ისე შემომიღრინა, თითქოს მისი ქვეშევრდომი ვყოფილიყავი.
_ პირდაპირ ნორფოლკიდან მოვდივარ, არსად გავჩერებულვარ, _ ვუპასუხე მორჩილად. წითური ებრაელი მაინც უკმაყოფილოდ მიყურებდა.
_ დღეს პარასკევია, სადაცაა, შაბაში (ებრაული წესით, დღესასწაულის წინ სამუშაოს შეწყვეტა. _ ავტ.) დაიწყება, ხვალ კიდევ _ შაბათია. ასე რომ, დანადგარების ჩატვირთვას სულერთია, ვერ მოვასწრებთ...
ახლაღა გამახსენდა, ებრაელები პარასკეობით დღის 4 საათიდან რომ წყვეტდნენ ყოველგვარ საქმიანობას და შაბათისთვის ემზადებოდნენ...
კლიენტი მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა (ბოლოს და ბოლოს, რა ვალდებული ვიყავი, მისი რელიგიური ტრადიციების გამო, დღე-ნახევარი დამეკარგა?!) და უფრო შერბილებული ტონით მკითხა:
_ რა ვქნათ?
_ დაგელოდებით, სერ, და კვირას დავტვირთოთ.
_ კარგი იყო, დილით მოგვესწრო ყველაფერი, მაგრამ რა გაეწყობა... მაშ, კვირას შევხვდებით, _ დასძინა მან, დამემშვიდობა და თავისი საამქროსკენ წავიდა.
გეზი ნიაგარის ჩანჩქერისკენ ავიღე...
დღე-ნახევარი წინ მქონდა. მოსადუნებლად და თავის შესაქცევად პირველად, ლუდის ბარი ავირჩიე. ხვალ კი, ვიფიქრე, იმის შესაძლებლობა მომეცემოდა, კიდევ ერთი ფურცელი ჩამეწერა მოგზაურის ჩემეულ დღიურში. უცებ გამახსენდა, რომ არცთუ ისე შორს, ნიაგარის ჩანჩქერი იყო. ბარმენს მოვუხმე, კიდევ მოვატანინე ლუდი და ვკითხე:
_ ნიაგარის ნახვა მინდა და როგორ ფიქრობ _ ხვალ მოვასწრებ? თანაც კარგი იქნება, თუ მეგზურს მაპოვნინებთ...
_ მაგაზე ადვილი რა არის?! ჰარი!.. ჰარი, მოდი, კლიენტი გიშოვე! _ უხმო მან ბარის კუთხეში მჯდარ ჭაღარათმიან მოხუც მამაკაცს, რომელსაც წითელ ცხვირზე ეტყობოდა, რომ კარგა ხანია, `დამეგობრებოდა~ ბახუსს...
ჰარი თავისი სკამიდან წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით მოგვიახლოვდა.
_ ამ ყმაწვილს ნიაგარის ჩანჩქერის ნახვა უნდა.
_ რამდენს იხდის? _ ჰკითხა ჰარიმ ბარმენს ისე, თითქოს მე შორს ვიყავი და ვერ გავიგონებდი...
_ რამდენს ითხოვ? _ არ დავაცალე ბარმენს პასუხის გაცემა.
_ წასვლა, დათვალიერება და უკან დაბრუნება... სულ 40 დოლარი დაგიჯდება.
_ შორია აქედან?
_ 15 მილი იქნება, რა...
_ თანახმა ვარ.
შევთანხმდით, რომ დილის 8 საათზე, ავტოსადგომთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.
...ჰარის ძველი მოდელის `კადილაკი~ 8 საათზე დათქმულ ადგილას მელოდა. `ასაკი~ ეტყობოდა, საღებავიც ალაგ-ალაგ გადაცლილი ჰქონდა, მაგრამ ბუფალოელი მეგზური იხტიბარს მაინც არ იტეხდა _ ისე საგულდაგულოდ აპრიალებდა და მხიარულად ღიღინებდა, თითქოს მის წინ უახლესი მარკის `მერსედესი~ იდგა. აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
_ აკაკი, მოგზაურობისთვის მზად ხარ? _ გადმომძახა მხიარულად.
_ რა თქმა უნდა!
ბუფალოდან ნიაგარის დასახლებამდე (ასე უწოდებენ ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარე, სასტუმროებისა და კაფეების კომპლექსს) სულ რაღაც 10 მილი იყო გასავლელი. მორყეული `კადილაკი~ ისეთი გრუხუნით მიდიოდა, მეგონა, სადაცაა, დაიშლება-მეთქი. ჰარის გზაში ბევრი არ ულაპარაკია, მაგრამ რომც ელაპარაკა, მაინც ვერაფერს გამაგებინებდა სალონში აუტანელი ხმაურის გამო...
ჩრდილოეთ ამერიკის ულამაზესი ჩანჩქერი ნიაგარა, კანადისა და შეერთებული შტატების საზღვარზეა და ორივე ქვეყანას ეკუთვნის. უფრო სწორად, ჩანჩქერის მარცხენა ნაკადი კანადისაა, ხოლო მარჯვენა _ შტატების. `ნიაგარა~ ინდიელების ენაზე `ხმაურიან წყალს~ ნიშნავს და მართლაც, ისეთი ხმაურიანია, რომ 10 კილომეტრის რადიუსშიც კი არ აძინებს ტურისტებს. დიახ _ ტურისტებს, თორემ, ადგილობრივი მოსახლეობა ალბათ, ვეღარც გაძლებს ამ ხმაურის გარეშე...
დიდებული სანახავია ნიაგარის ჩანჩქერი. თუ გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალი კამკამა მწვანე ფერისაა, შემოდგომით ნარინჯისფერია, ზამთარში კი _ იყინება! არა, მთლიანად კი არ იყინება, არამედ ჩანჩქერის გვერდითი ნაპირები ყინულის უზარმაზარ ლოლუებად დაეკიდება და გასაოცარ სანახაობას ქმნის. რამდენჯერმე მომხდარა ისე, რომ მთლიანად გაყინულა ჩანჩქერი და ამ დროს, ადგილობრივი მოსახლეობა თურმე, უჩვეულოდ გრძნობდა თავს _ იმის გამო, რომ ჩანჩქერის ხმა აღარ ისმოდა...
ნიაგარის ჩანჩქერთან თურმე, ყოველწლიურად, 16 მილიონი(!) ტურისტი მიდის. ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებოდნენ, ეს რომ არ გაეთვალისწინებინათ!.. იქ ტურისტული ბიზნესი ყვავის. დღისით, წყლის შხეფებისგან ულამაზესი ცისარტყელები ამოიმართება ხოლმე, ღამით კი უზარმაზარი პროჟექტორების შუქზე ზღაპრული ფერებით ივსება იქაურობა...
ტურისტული ფირმების გარდა, ნიაგარის ჩანჩქერი ენერგოკომპანიებსაც იზიდავს. წყლის ვარდნით წარმოქმნილი ენერგია იაფი დენის გამომუშავების წყაროცაა და ჩანჩქერის სიახლოვეს რამდენიმე მოძრავი ჰიდროელექტროსადგური დგას.
ჩანჩქერი განსაკუთრებით ამერიკელებს იზიდავს, ვინაიდან შტატებში სჯერათ _ თუ ჩანჩქერის წყლით ერთხელ მაინც არ დასველდი, ნამდვილ ამერიკელად არ ჩაითვლები. ამიტომ `დასველების რიტუალს~ ყველა ამერიკელი ასრულებს. და რადგან მეც გახლდით ამ რიტუალის მონაწილე ანუ ნიაგარის ჩანჩქერში გალუმპული, ამიტომაც მეც უნდა ჩავითვალო ამერიკელად...
`ექსკურსიამძღოლი~ ჰარი
ჩვენი ძველი `კადილაკი~ ერთ-ერთ კაფე-ბარს მიადგა.
_ მოდი, ცოტა დავისვენოთ და დათვალიერება მერე დავიწყოთ... _ მითხრა ჰარიმ და ისე, რომ პასუხისთვის არც დაუცდია, შენობაში შევიდა. ბარში ოვაციებით შეხვდნენ. მოხდენილმა, წაბლისფერთმიანმა გოგონამ, რომელსაც მგონი, არაფერი ეცვა, ორი დიდი ბოკალი ლუდი ყოველგვარი შეკვეთის გარეშე მოგვიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა, ჰარის თვალი ჩაუკრა, მე კიდევ, ისე ამათვალიერა, ერთბაშად გამოვცოცხლდი...
_ როგორია? _ გადმომხედა ჰარიმ და რხევა-რხევით მიმავალ ოფიციანტს თვალი გააყოლა.
_ მაგარია! _ არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვიძახე.
_ აქ მაგაზე უკეთესებიც არიან. შენ მთავარია, მოინდომო და ყველას აქ მოგიყვან!.. _ წაიტრაბახა ჰარიმ და ბოკალს დაეწაფა.
_ თქვენ აქ ყველას იცნობთ?
_ ყველას! ანდა რა გასაკვირია? მთელი ცხოვრება ამ ჩანჩქერთან გავატარე! _ ფანჯრიდან გაიხედა და ჩუმი ხმით დაიწყო ლაპარაკი _ გულის გადაშლის ხასიათზე მოვიდა:
_ პირველად რომ მოვედი აქ, 4 წლის ვიყავი. მას შემდეგ, 60 წელი გავიდა და ლამის ყოველდღე მოვდივარ. ამ ხნის მანძილზე, ათასი რამ გადამხდა. ბევრი სიხარული არ მქონია ცხოვრებაში, პრობლემა კი _ რამდენიც გინდა... თან სულ მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში დღეს თუ არა ხვალ მაინც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ყველაფერი. ვცდილობდი, შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ რა? ვერაფერს მივაღწიე. წლები ისე გავიდა, ვერც კი ვიგრძენი და სიბერესაც მივუკაკუნე... არაფერი ყოფილა სიცოცხლე! შეხედე ამ ჩანჩქერს. ისევ ისე მოდის წყალი, როგორც 60 წლის წინ, პირველად რომ დავინახე და თვალებგაფართოებულმა შევძახე _ დიდი წყალი ცაში აფრენილა-მეთქი!.. ტურისტებიც ისევ მოდიან და მიდიან... ამ ბოლო დროს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩანჩქერთან უკანასკნელად მოვდივარ... მე წავალ ამ ქვეყნიდან და ჩანჩქერი ისევ ძველებურად გადმოეშვება მაღლიდან, ჩემს არყოფნას ვერავინ გაიგებს... _ ატირებას ცოტაღა აკლდა. შევეცადე, გამემხნევებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
_ აკაკი, მარტო მოგიწევს ჩანჩქერზე წასვლა. ვაპირებდი, გამოგყოლოდი, მაგრამ ახლა არ შემიძლია... რომელიმე ტურისტულ ჯგუფს გაჰყევი, ასე უფრო გაგიადვილდება. მე ცოტას დავისვენებ. და კიდევ, აუცილებლად გაითვალისწინე ერთი რამ _ ხიდზე არ გადახვიდე: ხომ იცი, ჩანჩქერის იქითა მხარე კანადას ეკუთვნის?! აქედან კი გადახვალ უპრობლემოდ, მაგრამ უკან დაბრუნებისას შეიძლება, მებაჟეებმა აღარ შემოგიშვან; კაცმა არ იცის, რას `აღმოგიჩენენ~ საბუთებში, უცხოელი რომ ხარ, იმიტომ... იცოდე, მოუთმენლად გელოდები. ბუფალოში უშენოდ წასვლას არ ვაპირებ!.. _ მითხრა ჰარიმ და ლუდის ახალი ბოკალი შეუკვეთა.
არც ისე ადვილი ყოფილა
ნიაგარაზე `გაამერიკელება~
ნიაგარის ჩანჩქერის დათვალიერება ძნელი საქმე ნამდვილად არ არის. გზის მაჩვენებლები და ფირნიშები იმდენად თვალსაჩინოა, ძალიანაც რომ გინდოდეს, არ დაიკარგები. ტურისტული ჯგუფიც ბევრია, რომელსაც გიდი ახლავს. მეც, ჰარის დარიგებისამებრ, ერთ-ერთ ჯგუფს ავედევნე. არა, მართლა მწერალი უნდა იყო, რომ შეძლო სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ჩანჩქერთან მიახლოებისას გრძნობ კაცი. პირველი, ეს გახლავთ უჩვეულო განცდა იმისა, რომ ამ განუწყვეტელ ხმაურში უზარმაზარი, მზის სხივებით აფერადებული წყლის შხეფების ფონზე, თითქოს სადღაც იკარგები, თითქოს ვიღაც გიახლოვდება და უზარმაზარ, უმშვენიერეს მორევში გითრევს. გინდა, გაჰყვე და გეშინია კიდეც... ამ შიშის გამჟღავნება არ მინდოდა, მაგრამ მოგვიანებით, გულზე მომეშვა, როცა მითხრეს, რომ ჩანჩქერთან ყოფნისას შიში, ყველასათვის ჩვეული შეგრძნება ყოფილა...
გიდმა იმთავითვე გამოგვიცხადა _ ვისაც სუსტი გული გაქვთ, კატერში ნუ ჩასხდებითო (კატერს პირდაპირ ჩანჩქერის ძირში უნდა გაევლო). მანამდე კი, სასიამოვნო `ნათლობა~ გველოდა: `გაამერიკელება~ ვისაც სურდა, ჩანჩქერის შხეფებში უნდა დასველებულიყო. ამაზე უარი არავის უთქვამს. რა თქმა უნდა, მეც სიამოვნებით `მოვინათლე~ ამერიკელად _ თავიდან ფეხებამდე გავილუმპე (ივნისი იდგა, მაგრამ ჩანჩქერის წყალი უსაშველოდ ცივი იყო). მაგრამ ეს ყველაფერი მონაგონი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ გადავიტანე...
კატერში ჩაჯდომაზე ბევრმა უარი თქვა. გაბედულებს კი ცელოფანის ქურთუკები დაგვირიგეს, თან გაგვაფრთხილეს, მოაჯირისთვის ხელი არ გაგვეშვა და უსაფრთხოების ქამრებიც საიმედოდ შეგვეკრა.
...როგორც იქნა, ჩვენი კატერი ჩანჩქერის ძირისკენ დაიძრა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით წყლის ნაკადს, მით უფრო მატულობდა შხეფები. ისედაც გალუმპული, ახლა თავით ფეხამდე გასაწური გავხდი, თხელმა ქურთუკმა ვერ მიშველა. ამასობაში, უფრო მივუახლოვდით ჩანჩქერს. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!.. წყლის ნაკადი პირდაპირ ჩვენ გვეცემოდა, თითქოს თავში უროს გირტყამენო, ისეთი შეგრძნება მქონდა... ოკეანის შტორმში მოხვედრისას ალბათ ამაზე მეტად არ შემეშინდებოდა... ეს სამიოდე წუთი გაგრძელდა, მაგრამ მეგონა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი... როგორც იქნა, გამოვაღწიეთ და თავისუფლად ამოვისუნთქე. ჩემს თანამგზავრებს გადავხედე და... სახეზე ფერი არც ერთს არ ედო, თუმცა აშკარად ეტყობოდათ _ უხაროდათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ.
არა, სხვა დროს რომ მოვხვდე ნიაგარის ჩანჩქერზე, კატერს სათოფეზეც აღარ გავეკარები!..
კანადაში გადასასვლელ ხიდთანაც მივედით. ამ ხიდით ბევრი ტურისტი შემოდის ამერიკაში. მათ შორის, არაერთი არალეგალური ემიგრანტია, ვინც ამ გზით ცდილობს შტატებში შეღწევას და ხშირ შემთხვევაში, ახერხებს კიდეც. მე, რა თქმა უნდა, შარის თავი არ მქონდა და `კანადური~ ნიაგარის ნახვაზე არც მიოცნებია.
ამასობაში, მოსაღამოვდა კიდეც. მართალია, დავიღალე, დავსველდი, შიშიც გადავიტანე, მაგრამ არაფერს ვნანობდი, თანაც _ `ამერიკელიც~ გავხდი... მოკლედ, დიდებული რამ არის ნიაგარის ჩანჩქერი...
კაფეში დაბრუნებულმა, ჰარის დავუწყე ძებნა. `კადილაკს~ კი მივაკვლიე, მაგრამ მოხუცი არსად ჩანდა. ბოლოს, იმ მომხიბვლელ ოფიციანტ გოგონას ვკითხე, ხომ არ იცოდა, სად იყო ჰარი. მანაც მეორე სართულზე მიმითითა და ოთახის ნომერიც მითხრა. ფრთხილად დავაკაკუნე. ჰარიმ გამომძახა _ შემოდიო. დივანზე არხეინად გაწოლილიყო და ხელში ისევ ლუდის ბოთლი ეჭირა... გამიღიმა და ვიღაც გლორიას გასძახა. ისეთი გოგო შემოვიდა, მის დანახვაზე, ადგილზე გავშეშდი.
_ შენთვის ავარჩიე. ხომ მაგარი გემოვნება მაქვს?! _ ჰარიმ ეს ჩუმად მითხრა, ისე, რომ გლორიას არ გაეგონა. _ მე წავედი, ბარში დაგელოდები, _ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა და მძიმე ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა.
_ რა მოგიტანოთ? _ გამიღიმა გრძელფეხება გლორიამ და დააზუსტა: _ შემიძლია, 2 საათი დაგითმოთ...
არ გამიპროტესტებია. არც ფასი მიკითხავს...
მშვენიერი გოგო იყო გლორია...
ბუფალოში გვიან ღამით ჩავედით. ჰარი ისეთი გალეშილი იყო, რომ მე მომიწია საჭესთან დაჯდომამ... ჩასვლისას, გავაღვიძე. გულითადად დამემშვიდობა და მითხრა _ იცოდე, ბუფალოში მეგობარი გყავსო...
შფოთიანი გზა ბუფალოდან კოლუმბუსამდე
ნიაგარის ჩანჩქერთან გატარებულმა თავბრუდამხვევმა დღემ, რომელსაც მშვენიერ გლორიასთან ურთიერთობაც და ღამით ბუფალომდე მგზავრობაც დაემატა, თავისი ქნა: ტრაილერის კომფორტულ საძინებელში მოკალათებულმა თვალი ვერ გავახილე, სანამ კაბინის კარზე ბრახუნი არ ატყდა. ავტოსადგომის დარაჯი ჩემზე არანაკლებ დაფეთებული ჩანდა.
_ იმ ებრაელმა ლამის პოლიცია გამოიძახოს! გაგიჟებულია, ასეთი მოუწესრიგებელი მძღოლი ჯერ არ შემხვედრიაო, _ ამბობს. ჩქარა წამოდი! მე დარაჯი ვარ, მაღვიძარა კი არა!
მის ბუზღუნში უცებ ჩავიცვი შარვალი, სწრაფად დავქოქე მანქანა და გიჟივით შევვარდი იმ ეზოში, სადაც ჩემი ტრაილერი უნდა დაეტვირთათ.
ებრაელი კლიენტი ადგილს ვერ პოულობდა, ბაქანზე წინ და უკან დადიოდა და ცოტა აკლდა, რომ არ აღრიალებულიყო. იქვე, ათიოდე მუშა იდგა გადასატვირთ დანადგარებთან და მგონი, ათივე თავბედს იწყევლიდა _ ეს ვის გადავეყარეთო!..
_ ასე, შორს ვერ წავალთ! _ შემაგება კლიენტმა მკაცრი ტონით ნათქვამი საყვედური. _ ჯერ იყო და, ორი დღის წინ დაიგვიანეთ. ახლა ისევ მაკარგვინებთ დროს!..
_ ბოდიში... ბოდიში... _ ვიმეორებდი უაზროდ. ან კი სხვა რა უნდა მეთქვა? მართალი იყო ეს კაცი!..
_ დრო ფულია! კარგად დაიმახსოვრე! _ `შემახსენა~ კლიენტმა და განკარგულება გასცა, რომ მუშებს მანქანის დატვირთვა დაეწყოთ.
მძიმე და მოუხერხებელი ჩარხების გადატანას ბევრი დრო დასჭირდა. სიტუაციას კიდევ უფრო ის ძაბავდა, რომ ჩემი კლიენტი სულ თავზე ადგა მუშებს და წუთით მოსვენებას არ აძლევდა. როგორც მერე შევიტყვე, მუშებთან საათობრივ ანაზღაურებაზე ყოფილა გარიგებული და ზედმეტი თანხის გადახდა არ უნდოდა...
ბოლოს და ბოლოს, ნაშუადღევს, ტრაილერი გასამგზავრებლად მზად იყო. ისაკი მომიახლოვდა და მკითხა:
_ შენთან ერთად ტრაილერით რომ ვიმგზავრო, ხომ შეიძლება?
_ რა თქმა უნდა! რა პრობლემაა?! _ გამიხარდა კიდეც, ამხელა გზაზე მგზავრობა მარტოს რომ არ მომიწევდა.
კონფლიქტი კლიენტთან
თბილისში, ბავშვობიდან უამრავ ებრაელს ვიცნობდი, ბევრთან ვმეგობრობდი კიდეც და ახლაც ვმეგობრობ (მათი უმეტესობა ახლა ისრაელშია და ხშირად მახსენებენ თავს). შტატებშიც ხომ, ბრუკლინში ყოფნისას, კარგა ხანს, რუსი ებრაელების გარემოცვაში ვცხოვრობდი. რესტორან @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-ს მეპატრონის, კისასა და მისი მეგობრების დახმარებით ოლბანის ციხესაც დავაღწიე თავი... ჩემი ახლანდელი ბოსი, ედმონდიც ებრაელი იყო, მაგრამ ამის გამო მასთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ისაკთან რვასაათიანი მგზავრობა კი ლამის კოშმარული სიზმარივით შემორჩა ჩემს მეხსიერებას...
ბუფალოდან გასულები არ ვიყავით, როცა ჩემმა თანამგზავრმა კონტაქტის დამყარება სცადა:
_ საიდან ხარ? _ მკითხა.
_ საქართველოდან.
_ ეს სადაა?
_ საქართველო, კავკასია, ყოფილი საბჭოთა კავშირი... ახლა ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელია.
_ პირველად მესმის, _ ჩემთვის ძალზე გამაღიზიანებელი უცოდინარობა გამოიჩინა ისაკმა. ვცადე, რაც შეიძლება მარტივად მიმენიშნებინა, თუ რომელი ქვეყნიდან ვიყავი და დაუფიქრებლად ვუთხარი:
_ სტალინი ხომ იცით? საქართველო მისი სამშობლოა.
_ რა-ა?!. _ ისეთი ამრეზით შემომხედა, ებრაელი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ფაშისტების აგენტად უმუშავია-მეთქი... მან კი, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა: _ იმ ერის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, რომელსაც სტალინი ეკუთვნის, საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას!..
_ ვერ გავიგე, მაგით რისი თქმა გინდათ?
_ სტალინმა იმდენი ებრაელი გაჟუჟა, არც მისი სახელის ხსენება მინდა და არც მისი სამშობლოსი!
მაქსიმალურად შევიკავე თავი ემოციების გამომჟღავნებისგან და ვცადე, ამეხსნა ამ უვიცისთვის უბრალო რამ:
_ სისტემა იყო ისეთი, მარტო ებრაელები კი არა, თითქმის ყველა ერის ათასობით წარმომადგენელი დაიღუპა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში. არც თვითონ ქართველებისთვის დაუკლია...
_ თქვენ ისტორია არ გცოდნიათ! _ გაცეცხლებულმა განაგრძო მან. _ სტალინი ებრაელებზე იყო გადამტერებული და უნდა გრცხვენოდეთ, რომ მას რაღაც სისტემით იცავთ!
გაოგნებულმა ერთხანს, ხმა ვერ ამოვიღე, მერე კი ვიფეთქე:
_ ეს რომ ჰიტლერზე გეთქვათ, კიდევ მესმის, მაგრამ სტალინმა... სტალინი რომ არ ყოფილიყო, ფაშისტები სულ გაგჟუჟავდნენ!.. გარდა ამისა, ერთი კაცის გამო, მთელი ერის შეურაცხყოფა, უღირსი საქმეა და მეტი არაფერი!
ამ კამათმა იმდენად ამანერვიულა, რომ მივხვდი _ აუცილებლად უნდა გავჩერებულიყავი და სული მომეთქვა.
როგორმე ტრაილერების მორიგ სადგომამდე უნდა მიმეღწია, რომ დამესვენა. კაბინაში კარგა ხნით, სიჩუმემ დაისადგურა. ამასობაში ტრაილერების სადგომსაც მივადექით. მანქანა ხმაურით დავამუხრუჭე. არც გამიფრთხილებია, ისე ჩავედი და სასაუზმეში შევედი. უხალისოდ ავიღე მოზრდილი ჰამბურგერი და თავს ერთი ბოთლი ლუდის დალევის უფლებაც მივეცი...
როცა კაბინაში დავბრუნდი, ისაკი თავის ადგილზე იჯდა. სიბრაზემ არა და არ გადამიარა. ნერვებს ვერაფრით გავუმკლავდი. რომ წარმოვიდგინე, კიდევ დიდხანს მომიწევდა ამ კრეტინთან ერთად მგზავრობა, თავში სისხლი მომაწვა. მოულოდნელად, მივუბრუნდი და ვუთახარი:
_ მისტერ ისაკ, გთხოვთ, ჩაბრძანდეთ ტრაილერიდან. კოლუმბუსში შევხვდებით!..
გაოცებულმა შემომხედა, ამას ნამდვილად არ ელოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი სახე მქონდა, რომ მიხვდა _ მისგან წინააღმდეგობა უფრო გამაცეცხლებდა და მხოლოდ საცოდავად მკითხა:
_ მერე, აქედან რითი წავიდე?
_ ავტობუსს გაჰყვებით. შეგიძლიათ, მსუბუქი მანქანა გააჩეროთ ან არ ვიცი, რაიმე სხვა... პრობლემა არ არის, რაღაცას უეჭველად იპოვით... _ ვცდილობდი, რაც შეიძლება მშვიდი ტონით მელაპარაკა. მასაც პირველმა შიშმა გაუარა და ისევ შეტევაზე გადასვლა სცადა:
_ მე შენს უფროსს დავურეკავ და სამსახურიდან დაგითხოვენ!
_ თუ გინდა, ამერიკის პრეზიდენტს დაურეკე!.. _ არხეინად ვუპასუზე. _ ხელშეკრულებაში არ მიწერია, რომ ტვირთის პატრონიც მე უნდა წავიყვანო. მე ტვირთი გადამაქვს, მხოლოდ ტვირთი! თუ შეიძლება, ნუ მაყოვნებთ, ჩაბრძანდით! _ და ცინიკურად დავძინე: _ შეკვეთა დათქმულ დროში უნდა შევასრულო...
ისაკი ზანტად გადავიდა მანქანიდან და ჩემი მოულოდნელი გადაწყვეტილებით გაოგნებული, ნელი ნაბიჯით გაუყვა გზისპირს. მერე, ერთ ადგილზე გაჩერდა, გამომხედა და სანამ არ წავედი, ტრაილერისთვის თვალი აღარ მოუშორებია. კარგა ხანს, სარკიდან ვუყურებდი, როგორ იდგა და გზას გასცქეროდა.
...რამდენიმე წუთი ვიარე. ტრასა გადატვირთული არ იყო და ვიფიქრე, რომ ჩემი კლიენტი ისევ გზაზე იდგა და ამაოდ ელოდა ტრანსპორტს. ცოტა ხანში წრიული მოძრაობის მაჩვენებელი დავინახე, საჭე დავატრიალე და უკან მოვბრუნდი.
...ისაკი სადაც დავტოვე, ისევ იქ დამხვდა. ტრაილერი რომ გაჩერდა, ისე გამოიქცა ჩემკენ, კაცი იფიქრებდა, ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეხვდნენო.
...ერთი საათი ისე ვიარეთ, ისაკს ხმა არ ამოუღია. არც მე მეხატებოდა გულზე ჩემი იძულებითი თანამგზავრი და საჭეს ისე ვატრიალებდი, თითქოს გვერდით არავინ მეჯდა. ბოლოს, ეტყობა, ისაკმა თავმოყვარეობას სძლია და ჩუმი ხმით იკითხა:
_ ეს ქართველები ყველანი ასეთი ფიცხები ხართ?
არ მიპასუხია. ვაგრძნობინე, რომ არად ვაგდებდი. ეტყობა, ამან მეტისმეტად შეულახა პატივმოყვარეობა და ახლა უკვე ხმამაღლა განაგრძო ლაპარაკი:
_ რა მოგივიდა, ლაპარაკი დაგავიწყდა?
ისევ არ გამიცია ხმა.
_ რომ იცოდე, ვისთან ერთად მგზავრობ, ასე არ მოიქცეოდი. რასაც შენ იწონი, ათი იმდენი ნაღდი ფული მიდევს სეიფში, საბანკო ანგარიშებზე აღარაფერს ვამბობ! _ თქვა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
_ მერე რა? გქონდეს, მე რა ხეირი?!
_ მდიდრებს პატივს სცემენ, შენ კიდევ როგორ დამამცირე?! უკანასკნელი მათხოვარივით მომექეცი!..
_ არ გელაყბათ ზედმეტი და უბატონოდ ხმას არ გაგცემდით!
_ ასეთ ტონს შეჩვეული არა ვარ! _ ლამის იყვირა ისაკმა. გული მიეცა, რომ დავბრუნდი, ალბათ იფიქრა _ სამსახურის დაკარგვით შევაშინეო და მთელი ლექცია წამიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა სცემდნენ პატივს ღარიბები მდიდრებს (ცხადია, ღარიბებში მე მგულისხმობდა)... ამასობაში, მოსაცდელიც გამოჩნდა. მანქანა დავაყენე, ძრავა გამოვრთე, მთელი ტანით შევბრუნდი ისაკისკენ და პირდაპირ მივახალე:
_ ეი, შენ, ფულის ტომარავ! ან გაჩერდები და კოლუმბუსამდე ხმას აღარ ამოიღებ, ან არა და, ისევ ჩამოგსვამ მანქანიდან და აღარ დავბრუნდები, გასაგებია!
ისაკს ნირი წაუხდა. სავარძელში მოიკუნტა და გაისუსა. ვგრძნობდი, ერთი სული ჰქონდა, აფეთქებულიყო, მაგრამ ვერ ბედავდა...
ნახევარ საათში მობილურზე კომპანიის ბოსმა, ედმონდმა დამირეკა. არც მომსალმებია, პირდაპირ მკითხა:
_ აკაკი, სად არის კლიენტი?
_ მანქანაში ზის.
_ ჰოო? მაშინ ყურმილი მიეცი, შენ მერე მოგელაპარაკები!.. _ მომიჭრა ცივად.
ისაკმა და ჩემმა ბოსმა კარგა ხანს ილაპარაკეს. სამწუხაროდ, ვერაფერი გავიგე, ელემენტარული მიზეზის გამო _ ისინი ივრითზე ლაპარაკობდნენ. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მე მლანძღავდნენ. იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ კარგი არაფერი მელოდა...
გზა განვაგრძე. ისაკი არხეინად გამოიყურებოდა. ვერ მოვითმინე და ვკითხე:
_ ედმონდს თქვენ აცნობეთ, რომ მანქანიდან ჩამოგსვით?
_ აბა, რა გეგონა?! ვეტყოდი, ალერსიანად მომექცა-მეთქი?!.
სასწრაფოდ, ნიუ-იორკში!
როგორც იქნა, კოლუმბუსამდე ჩავაღწიეთ. იქ, სადაც დანადგარები უნდა გადმოეტვირთათ, მუშები დაგვხვდნენ. კიდევ კარგი, საკმაოდ სწრაფად გადმოტვირთეს ჩარხები და ტრაილერი გამითავისუფლეს. ისაკი აღარც დამლაპარაკებია. თუმცა კი რამდენჯერმე, ნიშნის მოგებით გადმომხედა, თითქოს მეუბნებოდა _ ნახავ, რასაც მიიღებო!.. ეზოდან ტრაილერი რომ გამოვიყვანე, ჩვეულებისამებრ გავიფიქრე _ ახლა კოლუმბუსს დავათვალიერებ-მეთქი, _ მაგრამ გამახსენდა, რომ ედმონდისთვის უნდა დამერეკა და გულიც კარგს არაფერს მიგრძნობდა.
_ მისტერ ედმონდ, ტრაილერი უკვე თავისუფალია. რას მიბრძანებთ?
_ ტრაილერი ავტოსადგომზე დააყენე, საბუთები აიღე, ავტობუსზე დაჯექი და წამოდი. სასწრაფოდ გამოემგზავრე!
_ როგორ, შეკვეთები აღარ არის?
_ შეკვეთები კი არა, სამსახურიდან გათავისუფლებ. ხელფასს გადაგიხდი და თავისუფალი ხარ. დანარჩენს აქ გეტყვი. დროზე წამოდი! _ მითხრა ბოლოს და ტელეფონი გამორთო.
ისაკმა თავისი დანაპირები შეასრულა _ სამსახურს მაკარგვინებდა...
ამერიკაში ღომის, საცივისა და
წითელი ღვინის იმედად...
კოლუმბუსიდან ნიუ-იორკამდე მგზავრობას 20 საათი მოვანდომე. მიუხედავად იმისა, რომ გზა დამქანცველი იყო, დაღლა არ მიგრძნია. ანდა რა დამღლიდა, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. რა თქმა უნდა, სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა. რომ გამახსენდებოდა, რამდენი ვიწვალე, სატვირთო მანქანაზე სამუშაოდ რომ მოვხვედრილიყავი, საშინლად მწყდებოდა გული. მაგრამ შეურაცხყოფილად უფრო ვგრძნობდი თავს. ვიღაც გაზულუქებული, ფულით გაყოყოჩებული ისაკის ამბიციების გამო, სამსახური უნდა დამეკარგა. თანაც, არაფრის გამო ვისჯებოდი... მთელი გზა ათასგვარი ვარიანტი მოვსინჯე, ხან რას ვფიქრობდი და ხან რას. ბოლოს, ტვინის ჭყლეტამ შედეგი გამოიღო _ გამოსავალიც ვიპოვე...
ნიუ-იორკში საღამოს ჩავედი. იმის მაგივრად, რომ შინ წავსულიყავი, რესტორან @Pჯკჯნჯტ რჯკმწჯ#-სკენ ავიღე გეზი. მომხიბვლელი კისა, ჩემი ძველი კეთილი ნაცნობი, ჩვეულებისამებრ სიხარულით შემხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო ჩემთვის მაინც გამონახა. კაბინეტში შემიყვანა, მიმტან გოგონას ვისკისა და ფორთოხლის წვენის მოტანა უბრძანა, გვერდით მომიჯდა და შინაურულად გამომკითხა, რას ვსაქმიანობდი. საუბრისას შემატყო, რომ მთლად ჩვეულ ფორმაში ვერ ვიყავი.
_ აკაკი, შენ რაღაც გაწუხებს, რატომ არ მეუბნები?
_ რა ვიცი, კისა, რამდენი ხანია, არ მინახავხარ. ხომ იტყვი _ აკაკის მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ძალიან უჭირსო... _ შორიდან მოვუარე. მერე კი, როცა მის კეთილგანწყობაში დავრწმუნდი, ყველაფერი გულახდილად ვუამბე.
_ რით შემიძლია, დაგეხმარო? _ მკითხა პირდაპირ.
_ შენი შეფ-მზარეული, კუზმა `მათხოვე~...
სახეზე კითხვის ნიშანი გამოესახა...
_ თუ გახსოვს, ქართული კერძების მომზადება ვასწავლე.
თანხმობის ნიშნად, თავი დამიქნია.
_ ჰოდა, შენი ნებართვით, კუზმას, საცივი და ღომი უნდა გავაკეთებინო, ხვალ.
_ მერე, ეს შენ საქმეს როგორ უშველია?
_ საცივი და ღომი ჩემს ბოსს უნდა მივართვა...
_ Yე ნს ლფტიმ! Nჯკმრჯ უჰეპბყ ვჯუ \'ნჯ გჰბლევფნმ!&& _ გადაიკისკისა კისამ. _ შენ ფიქრობ, რომ საცივით ბოსის გულს მოიგებ და სამსახურს შეინარჩუნებ?! იქნებ, რამე სხვა მოგვეფიქრებინა?
_ მე ამას ვცდი. თუ გამიმართლა, ხომ კარგი, თუ არა და, მოსახდენი მაინც მოხდება, _ უფრო საკუთარ თავს ვუთხარი, ვიდრე კისას. ვისკით ლამის პირამდე ავავსე მოზრდილი ბოკალი, სულმოუთქმელად გადავკარი და კისას გავხედე...
საცივი იმ საღამოსვე მოვამზადეთ. ღომი კი, გადავწყვიტეთ, დილით გაგვეკეთებინა, რომ ცხლად მიმერთმია ბოსისთვის. შინ გვიან ღამით მივედი. დიმა ბაზელს გაუკვირდა ჩემი დანახვა. არ მელოდა: გამგზავრებისას ვუთხარი _ ალბათ, რამდენიმე თვე ვერ მნახავ-მეთქი. როცა ყველაფერი ვუამბე, ძალიან ეწყინა _ სამსახურიდან რომ დაგითხოვონ, რა გეშველებაო?!
თავის გადარჩენის ახლებური `მეთოდი~
ჩემი გეგმა მარტივი იყო. ქართული კერძებით უნდა მომეხიბლა ბოსი და თავი გადამერჩინა. რატომ გადავწყვიტე ასე, ახლავე მოგახსენებთ.
კომპანია Aლლპოინტ Aმერიკა-ს მფლობელი ედმონდი საქმიანი კაცი, მომთხოვნი შეფი გახლდათ და მასთან ბევრს უჭირდა საერთო ენის გამონახვა. მაგრამ ერთი სისუსტე ჰქონდა _ გურმანი გახლდათ. ე.წ. `ლანჩთაიმის~ დროს მასთან ვერავინ ბედავდა დალაპარაკებას...
კომპანიის ოფისში იმ დროს მივედი, როდესაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი `ლანჩთაიმამდე~. ადმინისტრაციაში მომუშავე გოგონებში სიმპათიით ვსარგებლობდი. ყოველი რეისის შემდეგ, როცა ოფისში შევიდოდი, მათ მიმართ ყურადღებას გამოვხატავდი, ათასგვარი ნუგბარით და ორიგინალური სუვენირით ვანებივრებდი. განსაკუთრებით შეფის პირად მდივანს, ვნებიან მულატ გოგონას ვათამამებდი. ლანა ჩემს დანახვაზე ლამის აცეკვდებოდა ხოლმე. იმ დღესაც, ჯერ გოგონებს ჩამოვურიგე ტკბილეული, მერე ლანას დავუდე მაგიდაზე მისი საყვარელი შოკოლადის მთელი შეკვრა, შემდეგ კი, ღიმილად ქცეულ, საოცრად სექსუალურ `მულატკას~ კომპლიმენტი ვუთხარი _ ცოლიანი რომ არ ვიყო, შენს თავს არავის დავუთმობდი-მეთქი, _ და საქმეზე გადავედი _ საგანგებოდ შეფუთული საცივი, ღომი და შავი ღვინო გადავეცი და ვუთხარი _ ედმონდს ლანჩზე შეუტანე-მეთქი...
_ ეს რა არის, ასეთი ცხელი?
_ ოო, ლანა, ეს ის არის, რამაც უნდა გადამარჩინოს. ამიტომ ახლა შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ლანამ ვერაფერი გაიგო და გაოცებულმა ამომხედა.
_ ლანა, ბოსი სადმე წასვლას ხომ არ აპირებს?
_ არა მგონია.
_ რომ იცოდე, რა ცუდადაა ჩემი საქმე, _ შევჩივლე ლანას. _ ბოსი ჩემს დათხოვნას აპირებს, უნდა დამეხმარო!
_ ვინ გითხრა? _ სინანულით მკითხა ლანამ.
_ თვითონ... ამიტომ ახლა შენი დახმარება მჭირდება. ამ შეკვრაში ქართული კერძებია. შესვენებაზე შეუტანე, საუკეთესო ჭურჭელზე გაუწყვე. ღვინისთვისაც ყველაზე ლამაზი ბოკალი დაუდგი... მე თუ მიკითხა, შესვენების შემდეგ შევალ...
ოფისიდან სასწრაფოდ გამოვედი და ქუჩაში უაზრო ხეტიალს მოვყევი. მოგვიანებით ბოსთან შეხვედრა მელოდა, რომელზეც ჩემი ხვალინდელი დღე იყო დამოკიდებული.
ბოსის კაბინეტში
ოფისში დაახლოებით ერთ საათში დავბრუნდი.
_ რას აკეთებს, ბოსი ლანა? _ ვკითხე მულატ გოგონას.
_ არ ვიცი, შედი და ნახავ... მიდი, მიდი, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება!.. _ გამამხნევა მან.
ედმონდი მაგიდასთან იჯდა, რაღაცას კითხულობდა. ხმაურზე თავი ასწია და გაოცებულმა შემათვალიერა. ჩემდაუნებურად, გვერდით მდგარი მომცრო მაგიდისკენ გავიხედე, სადაც ჩემი ნობათი უნდა ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ედმონდს საცივისა და ღომისთვის ხელი არ ეხლო...
`ეეჰ, კაკო, კაკო, შენი საქმე ვერ არის კარგად!~ _ გავიფიქრე.
_ როგორც იქნა, მოაღწიე აქამდე, გამაგებინე, რა გინდა ჩემგან? _ მკაცრი ტონით მკითხა ედმონდმა.
_ რას გულისხმობთ, სერ? _ გულუბრყვილოდ ვკითხე.
_ რით დავიწყო _ კოლუმბუსის შემთხვევით თუ ამ... ლანჩით? _ ედმონდმა ბოლო სიტყვაზე გააკეთა მახვილი და გვერდულად გახედა ქართულ დელიკატესებს.
_ ლანჩით დაიწყეთ, ბოს, უეჭველად მოგეწონებათ... _ ერთბაშად გავმხიარულდი.
_ ხუმრობ, არა?!. მე კიდევ, სულ არ მეხუმრება. კომპანიას, სადაც შენ მუშაობ, მთელი ცხოვრება შევალიე. ამ მწვავე კონკურენციის პირობებში კი, ერთი ინციდენტის გამო, შეიძლება, ყველაფერი თავზე დამემხოს!.. კლიენტთან უტაქტოდ, მით უმეტეს _ აგრესიულად მოქცევა... _ მან ხელები გაშალა, თავი აქეთ-იქით აცეცა, საჭირო, ყველაზე ზუსტ სიტყვას ეძებდა, მაგრამ ამაოდ, ბოლოს თქვა: _ წარმოუდგენელია! _ მერე თვალი თვალში გამიყარა და ცივად დასძინა: _ დაშორება მოგვიწევს.
_ მისტერ ედმონდ, მე არც თქვენთან და არც არსად, უტაქტოდ და მით უმეტეს _ აგრესიულად არ მოვქცეულვარ. გეთანხმებით, რომ ის ფულის ტომარა ტრაილერიდან არ უნდა ჩამომესვა, მაგრამ ისე დამამცირა, ადგილზე რომ არ ჩავქოლე, მადლობა უნდა გადამიხადოს!.. თქვენ მართალი ხართ, კომპანიისთვის შეიძლება, უკეთესი იყო, თავი დამეხარა კლიენტისთვის, მაგრამ ადამიანის ღირსება ამაზე მაღლა დგას. თავს ასე იოლად არავის დავაჩაგვრინებ!.. ახლა კი, რაც გინდათ, ის ქენით, _ ამ სიტყვებზე, ფეხზე წამოვდექი, შევბრუნდი და კარისკენ გავეშურე.
არ ვიცი, ჩემგან ხვეწნა-მუდარას ელოდა და ასეთმა სიმტკიცემ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება თუ რამ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ედმონდიც უეცრად ფეხზე წამოიჭრა, დამედევნა და გამაჩერა.
_ მოიცა-მოიცა, რა დამცირებაზე ლაპარაკობ? ისაკს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
_ აბა, რა გეგონათ _ გეტყოდათ, კონფლიქტი ჩემი მიზეზით მოხდაო?..
წამით თვალები გაუნათდა _ თითქოს რაღაც საიდუმლო გავანდე... ჩაფიქრებულმა თქვა:
_ ჰო, მაგან იცის ხანდახან, უაზრო ფხუკიანობა... აზრს ვერ შეაცვლევინებ...
ედმონდი თავის სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა, სავარძელში ჩაჯდა, მერე საგანგებოდ წელში გასწორდა და ისევ მკაცრი შეფის ნიღაბი მოირგო.
_ აი, რას გეტყვი, ჩემო კარგო. თუ პირობას მომცემ, რომ აღარასდროს დაგავიწყდება პრინციპი _ კლინტი ყოველთვის მართალია! _ კიდევ ერთხელ ვცადოთ...
ასეთი პირობის მიცემა ჩემს წეღანდელ ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შეფის უკან დახევა იმდენად სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის, რომ ვუპასუხე:
_ ო’კეი, რა გაეწყობა _ კლიენტი ყოველთვის მართალია...
ბოსის კაბინეტიდან რომ გამოვედი, ლანას ღიმილიან სახეს შევეფეთე.
_ აკაკი, როგორ არის საქმე?
_ Iტ\'ს Oკაყ! _ ტინეიჯერივით წამოვიძახე (საქმე მაგრადაა-მეთქი). ლანამ ჩემი სიხარული გაიზიარა.
`იმ სიყვარულს არ უნდა უღალატო,
რომელიც სამშობლოში გელოდება!..~
ერთ სიხარულს მეორე დაემატა: კონფლიქტის მოგვარების შემდეგ პირველივე დავალებამ ქართველ კაცს შემახვედრა!
...კოლუმბუსის გარეუბანში მშვენიერ, სამსართულიან ვილას მივადექი. კარ-მიდამოს თვალის ერთი შევლებითაც ეტყობოდა, რომ შეძლებული პატრონი ჰყავდა. მუშებს ავეჯის ნაწილი უკვე ეზოში გამოეტანათ და ჩემს ტრაილერს ელოდნენ. ეზოში ახალგაზრდა, მოხდენილი ქერა ქალი ტრიალებდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ღიმილით მომესალმა.
_ ჰაი! მე ელენი მქვია. რა კარგია, რომ დროზე მოხვედით, ძალიან გვეჩქარება. ალბათ მალე მორჩებიან დატვირთვას.
ხელშეკრულების შევსება დავიწყეთ, ელენს შემკვეთის გვარი ვკითხე.
_ ანზორ შიხაშვილი. მერილენდში უნდა გადაიყვანოთ. ავეჯი კი, ჩრდილოეთ კაროლინაში მიგვაქვს, ჩემს სახლში, _ ამიხსნა ელენმა.
_ სად არის თავად შემკვეთი? ქართველია?
_ დიახ.
_ მეც ქართველი ვარ! _ გამოვუცხადე გახარებულმა.
ელენმა ფართო ღიმილი შემომაგება:
_ მართლა?! ბაბუა მისაღებ ოთახში ზის.
_ ბაბუათქვენია? გამოდის, რომ თქვენც ქართველი ხართ?
_ არა, მე ამერიკელი ვარ, ბაბუა მყავს ქართველი...
გული დამწყდა, ამ ამერიკელ ქართველს ქართველობა რომ არ უნდოდა... თავი დავუქნიე და ბატონი ანზორის ოთახისკენ წავედი. იქ, საიდანაც მუშებს შეფუთული ავეჯი გამოჰქონდათ, ერთადერთი ძველებური დივანი იდგა, რომელზეც ხანში შესული, ჭაღარა მამაკაცი იჯდა.
_ გამარჯობა, ბატონო ანზორ!.. _ მივესალმე ქართულად.
გაკვირვებული სახით შემომხედა, წამოდგა და ხელი ჩამომართვა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის უნახავ ახლობელს შევხვდი.
_ გამარჯობა, შვილო! აქ საიდან მოხვდი?! _ გაოცებასა და სიხარულს ვერ ფარავდა მოხუცი.
_ მე, მე... მოვხვდი, რა!.. _ სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
_ ხომ არაფერი გიჭირს, ხომ კარგად ხარ? _ ეს ისეთი სითბოთი იყო წარმოთქმული, რომ გავოცდი. მოხუცმა ჩემი ხელი გულზე მიიკრა და ხელი გადაუსვა. თანამემამულესთან მოულოდნელმა შეხვედრამ ძალზე ააღელვა. როგორც იქნა, გრძნობა მოთოკა, კვლავ დივანზე დაჯდა და გვერდით მომისვა. მერე ვიღაც ქალბატონს გასძახა, ყავა მოგვიდუღეო, უთხრა და მომიბრუნდა:
_ ნუ გაგიკვირდება ჩემი ასეთი აღელვება. ერთი სამშობლოდაკარგული კაცი ვარ. რომ იტყვიან, მარტო წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ, ყველაფერი გამომიცდია... სრულიად ახალგაზრდა წამოვედი საქართველოდან და მას შემდეგ, სიზმარშიც კი იშვიათად ვნახულობ ჩემს ქვეყანას. ჩემს წუთისოფელსაც ისე გავლევ, ალბათ სამშობლოში ჩასვლას ვეღარც ვეღირსები...
_ გული არ გაიტეხოთ, ბატონო ანზორ, სამშობლოს აუცილებლად მოინახულებთ... _ ახალგაცნობილი თანამემამულის გამხნევება ვცადე.
_ ეჰ, ჩემო კეთილო მეგობარო, ამის იმედს მხოლოდ უფალი თუ მომანიჭებს... ნეტავ, მალე წამიყვანოს თავისთან, რომ ყველაფრისგან დავისვენო... ძნელია, შვილო, 86 წელი მაწევს მხრებზე...
_ რას ამბობთ, ბატონო ანზორ, 86 წელი რა სადარდებელია?!. ჩემგან არ გესწავლებათ _ ქართველები 100 წელსაც მუდამ ადვილად `ახურდავებდნენ~!..
ანზორ შიხაშვილი წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან გახლდათ. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, 22 წლის ყოფილა. ერთი ლამაზი გოგო ჰყვარებია _ შემოდგომაზე ქორწილი უნდა გადაეხადათ. ომი რომ დაიწყო, ანზორი მაშინვე სამხედრო კომისარიატში გამოცხადებულა და უთხოვია _ ფრონტზე მოხალისედ წამიყვანეთო. კომისარს უთქვამს _ 6 თვის შემდეგ გაგიწვევთო, _ მაგრამ ანზორს მაინც თავისი გაუტანია. დღემდე ვერ მოუნელებია ის ტკივილი, რომელიც თავის საცოლეს მიაყენა. გოგონა თურმე, ემუდარებოდა _ დავქორწინდეთ და მერე წადი ფრონტზეო... _ არა, ჩემს სამშობლოს ახლა უჭირს და ერთ დღესაც ვერ დავიცდიო! _ უთქვამს და წასულა... ორიოდე თვეში ტყვედ ჩავარდნილა. მთელი ომი ტყვეობაში გაუტარებია. მერე ამერიკელთა სექტორში მოხვედრილა. ტყვედყოფილს საბჭოთა კავშირში დაბრუნების შეშინებია, ამდგარა და ამერიკაში წასულა. უნივერსიტეტიც იქ დაუმთავრებია, მეცნიერებას გაჰყოლია და კოლუმბუსის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს... აი, პირადი ცხოვრება კი, ვერ აუწყვია: სამჯერ დაქორწინებულა. პირველ ორ ცოლს გაჰყრია, მესამე კი გარდაცვლია. იმ მესამეს დღემდე მისტირის _ ჩემს ქართველ საცოლეს ჰგავდაო, _ მითხრა. შვილიც მას უჩუქებია ანზორისთვის, თვითონ კი, მშობიარობას გადაჰყოლია... მას მერე, ანზორს სხვა ქალზე აღარც უფიქრია. ეტყობა, უფალმა მომისაჯა მარტოობა, რადგან ის ქალი მივატოვე, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდიო, _ მითხრა... თუმცა, მარტო ეს სასჯელი არ უკმარებია მისთვის განგებას _ ათიოდე წლის წინ ავტოავარიაში ვაჟიშვილი დაღუპვია, მისგან კი ერთადერთი შვილიშვილი, ელენი დარჩენია. ელენი ჩრდილოეთ კაროლინაში ყოფილა გათხოვილი და ბაბუას, რომელიც თავის უზარმაზარ სახლში მარტო ცხოვრობდა, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. შვილიშვილის დაჟინებული თხოვნით, ანზორს კოლუმბუსის სახლი გაუყიდია. მოხუცს შვილიშვილთან ცხოვრება თავად არ მოუსურვებია _ არ მინდა, ტვირთად დავაწვეო, _ და მერილენდის მოხუცებულთა სახლში დაბინავება გადაუწყვეტია...
ამ სევდიანი ამბის მოყოლის შემდეგ, მოხუცი ჩემი ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდა. როდესაც გაიგო, რომ თბილისში მეუღლე და ქალიშვილი მელოდნენ, მამაშვილურად გადამხვია ხელი და მითხრა:
_ თავს უფლებას მივცემ და გეტყვი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახი და საყვარელი ქალი არ მიატოვო... აქ შეიძლება მილიონებიც იშოვო, მაგრამ იმ სიყვარულს არ უნდა უღალატო, რომელიც სამშობლოში გელოდება!..
მოხუცთა თავშესაფარში
კოლუმბუსიდან მერილენდამდე საკმაოდ შორია, მაგრამ ეტყობა, ამდენი ემოციისგან დაღლილს, საჭესთან ჯდომა მსიამოვნებდა. დღე-ნახევარი ამ მოგზაურობაში ისე გავიდა, ვერც გავიგე. დროდადრო ვჩერდებოდით, მსუბუქად წავიხემსებდით. ბატონ ანზორს საქართველოს შესახებ უამრავ ტყუილ-მართალს ვუამბობდი. ინტერესით მისმენდა...
მოხუცებულთა თავშესაფარი ულამაზეს ადგილას იყო აშენებული. ჩიტები ისე სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ, თავი ნაკრძალში მეგონა... ბილიკებზე ხანში შესული ადამიანები სეირნობდნენ. ზოგიერთები ძელსკამზე ჩამომსხდარიყვნენ. ზოგი მხნედ გამოიყურებოდა, ზოგიც მომსახურე პერსონალის თანხლებით იყო გამოსული. ყველას რაღაც შტრიხი აერთიანებდა _ სევდიანი გამოხედვა, რომელიც ადასტურებდა, რომ ოჯახური სითბო აკლდათ... მზერა ბატონი ანზორის ცრემლჩამდგარ თვალებზე გადავიტანე და მომეჩვენა, რომ ეს სევდა მასაც ჩაუდგა თვალებში...
თავშესაფრის ადმინისტრატორი, შუახნის სიმპათიური მამაკაცი, სამოთახიანი, გემოვნებით მოწყობილი ბინისკენ გაგვიძღვა. იქაურ ავეჯს მხოლოდ ანზორის საწერი მაგიდა და წიგნის რამდენიმე თარო შევმატეთ...
დამშვიდობების დროც დადგა. ბატონი ანზორი გარეთ გამოგვყვა. ტრაილერთან რომ მივედით, ელენს გადაეხვია და სამჯერ აკოცა. მერე ქალი შეტრიალდა და თავისი `შევროლესკენ~ გაეშურა. მოხუცმა პატარა მუყაოს კოლოფი გამომიწოდა და მითხრა, გახსენიო. კოლოფში მოზრდილი ოქროს ჯვარი და ძეწკვი იდო.
_ აკაკი, ამ ჯვარს მთელი სიცოცხლე ვატარებდი... ერთი თხოვნა მაქვს: საქართველოში რომ დაბრუნდები, არ დაიზარო და თეთრიწყაროს ეკლესიას შესწირე. იქნებ, ოდნავი შვება მაინც ვიგრძნო, ჩემი სამშობლოს სიყვარული ამით მაინც გამოვხატო...
აკანკალებული გადამეხვია, კეთილი მგზავრობა მისურვა და შენობაში ისე შევიდა, ჩემკენ აღარც გამოუხედავს. მეც ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას. ვიცოდი, ახლა ბატონი ანზორი ტიროდა...
პრეზიდენტების `აკვანი~
ამერიკის შეერთებულ შტატებში 53 შტატია. ზოგიერთი შტატი ორ ნაწილად იყოფა. ასეთებია ვირჯინიის და კაროლინის შტატები _ პირველი, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებადაა დაყოფილი, ხოლო მეორე _ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად.
ამჯერად აღმოსავლეთ ვირჯინიაში უნდა ჩავსულიყავი. გამიხარდა: ვირჯინიის შტატი ხომ გამორჩეულია ამერიკაში _ პრეზიდენტთა უმეტესობა იქ იყო დაბადებული. ვირჯინიაში ისიც მითხრეს _ ჩვენს შტატს პრეზიდენტების `აკვანს~ ეძახიანო. თურმე იქ დაბადებულა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი და შემდეგ, კიდევ 7 მომავალი პრეზიდენტი. იქ ჩასულ ტურისტებს აუცილებლად ათვალიერებინებენ პრეზიდენტების სახლ-მუზეუმებს. ასე რომ, ვირჯინია მუზეუმების შტატიცაა!..
მორიგი რეისით ერთ-ერთ ამერიკელ პოლიტიკოსს უნდა მოვმსახურებოდი.
ჯეფრი კერი (ჯორჯ ბუში-უმცროსის მოწინააღმდეგე, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ კერიში არ აგერიოთ) 50-ს მიტანებული მამაკაცი იყო. მთელი 8 წელი ვირჯინიის შტატის სენატის წევრი ყოფილა, ახლა კი აშშ-ის სენატორად აურჩევიათ და ვაშინგტონში გადადიოდა. მის შესახებ ინფორმაცია ედმონდმა მომაწოდა, თანაც მკაცრად გამაფრთხილა, მობილიზებული ვყოფილიყავი: ხუმრობა საქმე ხომ არ იყო _ ჩემი კლიენტი ამერიკელი სენატორი გახლდათ!
...რატომღაც მეგონა, რომ ჯეფრი კერის სახლი ყველასგან გამორჩეული იქნებოდა, მაგრამ მოვტყუვდი _ დანარჩენებისგან არაფრით განსხვავდებოდა. სამაგიეროდ, როგორც კი ჭიშკართან ტრაილერი მივაყენე, შეიარაღებულმა დაცვამ ალყაში მომაქცია. მცველებმა თავაზიანად მთხოვეს, კაბინიდან ჩამოვსულიყავი და ისე საფუძვლიანად გამჩხრიკეს, რომ შევშფოთდი კიდეც _ ვაითუ, რაიმე საეჭვო აღმომიჩინონ-მეთქი?.. ტრაილერიც საგულდაგულოდ შეამოწმეს. როცა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ზანგი მცველი მომიახლოვდა და გამეცნო:
_ ლეიტენანტი ჯორჯ სმიტი ვარ, ერთად მგზავრობა მოგვიწევს.
ლეიტენანტის თხოვნით, მანქანა ეზოში შევიყვანე. ეზოში უამრავი მტვირთავი დაგვხვდა, რომელსაც ავეჯი და სხვა ნივთები უკვე გამოეტანა სახლიდან. მათ სასწრაფოდ დაიწყეს ტრაილერის დატვირთვა.
ჯორჯმა მომიბოდიშა და გამაფრთხილა, კაბინიდან არ ჩამოხვიდეო. თუ მოგშივდება, საჭმელს მოგიტან, თუ არა და, იჯექი შენთვის და რადიოს მოუსმინეო. მოკლედ, სანამ მანქანას დატვირთავდნენ, სენატორის მცველებმა ტუსაღად მაქციეს...
ჯორჯი კაბინაში ჩემ გვერდით დაჯდა. როგორც მერე შევიტყვე, ის მანამდე არ უნდა მომშორებოდა გვერდიდან, სანამ ტვირთს ადგილზე არ მივიტანდით... სხვა რა გზა მქონდა? ბედს დავემორჩილე და კაბინიდან ინტერესით ვადევნებდი თვალს, თუ რა ხდებოდა გარეთ.
ცოტა ხნის შემდეგ, ეზოში სამთავრობო ლიმუზინი შემოვიდა. ვიფიქრე _ ახლა ვნახავ სენატორს-მეთქი, _ მაგრამ ლიმუზინიდან, მხიარული ჟივილ-ხივილით, 4 ბავშვი გადმოვიდა. სახლში შეცვივდნენ, ველოსიპედები გამოიტანეს და სეირნობა დაიწყეს. ტრაილერს გარს უვლიდნენ და აშკარად უშლიდნენ ხელს მტვირთავებს. მიუხედავად ამისა, მათ შენიშვნის მიცემას ვერავინ უბედავდა...
_ აი, ჩვენი სენატორიც მოვიდა! _ წამოიძახა ჯორჯმა, კაბინიდან ჩახტა და მისასალმებლად მოემზადა.
სენატორს ყურადღება არავისთვის მიუქცევია, საქმიანი ნაბიჯით პირდაპირ შინ შევიდა. მისი მოხდენილი მეუღლე კი, ყველას მოგვესალმა და თავისი შვილებისკენ წავიდა.
გათავისუფლება ამერიკული
სამთავრობო ინსტრუქციის ტყვეობიდან
`მოგზაურის დღიურებმა~ მგონი, პოპულარულიც გამხადა. რამდენჯერმე ბაზარში მიცნეს, ერთხელ ბენზინი უფასოდ ჩამისხეს _ `კოლეგა~ ხარ, ამერიკაში მძღოლად გიმუშავიაო... უბნის ბიჭები მთხოვენ, მეტი დაწერე ამერიკელ გოგონებზეო... ახლახან ერთი ძველუბნელი შემხვდა, მისაყვედურა: დავიჯერო, ცნობილ პიროვნებებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს არ შეხვედრიხარ? დაწერე მათზე, მაგრად მაინტერესებსო...
სამწუხაროდ, ამერიკაში ცნობილი და პოპულარული ადამიანებისთვის შორიდან თუ მომიკრავს თვალი. ერთადერთი, სენატორი ჯეფრი კერი გახლდათ, რომელთან შეხვედრაც იმით შემოიფარგლა, რომ მისი ტვირთი ტრაილერით ქალაქ შარლოტიდან ვაშინგტონში გადავიტანე...
ჩემი ტრაილერი სენატორის სახლთან ისე დაიტვირთა, რომ კაბინიდან ჩამოსვლის უფლებაც კი არ მომცეს. დაცვის ერთ-ერთი წევრი, შავკანიანი ჯონი გვერდით მომიჯდა და მანიშნა, დაცვის მანქანას გავყოლოდი. ამ ავტომობილს სპეციალური ციმციმა ჰქონდა ჩართული და ამით წინ მიმავალ ტრანსპორტს ანიშნებდა, გზა დაეთმო ჩვენთვის, თუმც