ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 მიხო  მოსულიშვილი
თოვლიანი დღის ნათელში           გაზიარება გადმოწერა
მიხო მოსულიშვილი

მოთხრობა-მენიპეა

ფიოდორ ანდრიანოვიჩი:

1943 წლის დასაწყისში, ალბათ, მარტი იქნებოდა, ტყვეთა ერთი ნაწილი პოლონეთის ბანაკ კრუშინოში ჩაგვიყვანეს და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც იქ გავიცანი, ფორეს ეძახდნენ მოკლედ, მაგრამ მე სრული სახელით მოვიხსენიებდი ხოლმე და ეს სიამოვნებდა.
კი, თავადაც ფიოდორ ანდრიანოვიჩს მეძახდა.
ტყვეობაში ჩავარდნილი და ერთ ბედქვეშ მყოფი სამხედრო ტყვეები მალე უგებენ ერთიმეორეს და ჩვენ შორისაც ასე მოხდა...
კრუშინოს საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის, ობერშტურმფიურერ ფალკენშტაინის სიმხეცეზე გაუგონარი არაკები დადიოდა და ჩვენც, ახალჩამოყვანილები, საგანგებოდ გაგვაფრთხილეს უკვე გამოცდილმა ტყვეებმა.
ობერშტურმფიურერი ჰანს ფონ ფალკენშტაინი საზღვაო ქვეითების პოლკში მსახურობდა, კონიაკის სმისას სხვა ოფიცრებთან ფიურერზე წამოსცდენია, ეგ დაგვაქცევსო და პოლონეთში უკრეს თავი, კრუშინოს ტყვეთა ბანაკის უფროსად. ეტყობა, ამაზე იყო გამწარებული.
ჰოდა, ერთ დილასაც სამუშაოდ რომ გაგვიყვანეს, ატყდა გერმანული ნაგაზების ყეფა და ბადრაგის ჯარისკაცებმაც სასწრაფოდ ფორმის სწორებას მიჰყვეს ხელი.
მალე ბარაკის გვერდიდან მაღალი გერმანელი ოფიცერი გამოვიდა, საბელით მოყავდა ასე სამიოდე თვის შავი გერმანული დოგი, მხიარულად რომ აქიცინებდა გრძელ კუდს და ფეხებში ედებოდა უკან ადევნებულ ორ ოფიცერსა და პირადი დაცვის სამ ავტომატიან ჯარისკაცს.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა მიჩურჩულა:
_ ამბობენ, ჰიტლერსაც ამისთანა დოგები ჰყავსო.
_ რატომ? _ დავინტერესდი მე.
_ ბისმარკს ჰბაძავს, იმას უყვარდა ამ ჯიშის ძაღლები.
ობერშტურმფიურერი დაკვირვებით ამოწმებდა ნამუშევარს _ თხრილები გაგვყავდა.
კაი ხანს იარა აქეთ-იქით, ზოგს მათრახი გადაუჭირა, ზოგსაც დახვრეტით დაემუქრა.
მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი გვერდიგვერდ ვმუშაობდით და რომ მოგვიახლოვდა, ორივეს ფერი გადაგვივიდა სახეზე.
მოგვიახლოვდა ფალკენშტაინი და მაინცდამაინც ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის წინ შეჩერდა _ ალბათ, იმისმა მოშვებულმა წვერმა თუ მიიქცია ყურადღება.
_ სადაური ხარ? _ შეეკითხა ბანაკის უფროსი.
_ აქაური არა ვარ, _ მიუგო კითხულმა და მუხლზე შემხტარ დოგს თავზე გადაუსვა ხელი.
_ აჰ, აქაური არა ხარ?! _ ავად გაიცინა ოფიცერმა და უცებ დაუღრიალა, _ ფრიდას მოეშვი და აბა, ახლავე დაიჩოქე!
დოგის მოსაფერებლად დახრილი ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი წელში გაიმართა და აღარც განძრეულა. მხოლოდ თვალი თვალში გაუყარა გერმანელს.
მეგონა, მთელი საუკუნე უყურებდნენ ერთმანეთს _ თითქოს თვალებით იბრძვიანო.
მერე ბანაკის უფროსმა მათრახი მოიმარჯვა, ჰაერში ააწივლა და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს გადაუჭირა.
შეშინებული ფრიდა პატრონის ფეხებთან მიიყუჟა და აწკმუტუნდა.
არც კი შერხეულა-მეთქი, ვიდრე ამას გავიფიქრებდი, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა გოლიათური მკლავი გამართა და ისეთი ალიყური აჭამა ბანაკის უფროსს, რომ ვიდრე გულაღმა დასცემდა ორმოდან ახალამოყრილ მიწაზე, მანამდე სილაგაწნულს მათრახი გაეშვა ხელიდან და თხრილში ჩაუვარდა.
მოჯადოებულივით ვიდექით ყველანი და აყეფებულ ლეკვს ვუყურებდით, იმის გაფიქრებისაც კი გვეშინოდა, რა უნდა მომხდარიყო ახლა. ავტომატშემართულ ჯარისკაცებს ხელები უკანკალებდათ დაძაბულობისგან.
ერთ თანმხლებ ოფიცერს კი ოფლის წვეთი გამოუვიდა საფეთქელზე, ძირს ჩამოუგორდა და გიმნასტურის იმ სახელოზე დაეცა მუქად, რომელშიც შემართული `ვალტერი~ ეკავა.
ძლივს წამოდგა ბანაკის უფროსი. თანმხლებმა ოფიცერმა თავისი ცხვირსახოცი მიაშველა, რადგან მემათრახე ბანაკის უფროსს ცხვირიდან სდიოდა სისხლი.
_ ეს რა არის?! _ უღრიალა ქვეშევრდომს და სახეში მიარტყა ცხვირსახოცი, _ ჩემი მათრახი!
მეორე ოფიცერი სასწრაფოდ გადახტა თხრილში და მათრახი ამოუტანა.
ამასობაში ბანაკის უფროსმა თავისი ცხვირსახოცი ამოიღო, სისხლი მოიწმინდა. მერე ავტომატშემართულ ჯარისკაცებს ანიშნა, უკან დაიხიეთო, თან გააფთრებულმა შეხედა ტყვეს და `პარაბელუმისკენ~ წაღებული, აკანკალებული ხელი შუა გზაზე გაუჩერდა _ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ალალად უღიმოდა.
მერე ტყვემ ფრიდა აიყვანა ხელში, რაზეც ყეფა შეწყვიტა ლეკვმა, მოეფერა, აკოცა და ისევ ძირს დასვა.
მაშინ ვიგრძენი, როგორ დაჯაბნა უიარაღო კაცმა კბილებამდე შეიარაღებული ბანაკის უფროსი.
_ ვაჟკაცი ყოფილა, _ იმ ღამით დასაძინებლად რომ ვწვებოდით, მაშინ მითხრა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა.
მაშინვე კარგად ვერ მივხვდი და მერე კი ვიაზრე, რომ სილის გამწვნელი ტყვის დახვრეტა ბანაკის უფროს, ობერშტურმფიურერ ჰანს ფონ ფალკენშტაინისთვის ლაჩრობა იქნებოდა. კაცი ნამდვილი ბარონი იყო, ვიღაც თვითმარქვია ცრუდიმიტრი კი არა.
ახლა კი უნდა გითხრათ, რომ 1943 წელს საბჭოთა არმიის მიერ სტალინგრადსა და კურსკის რკალთან მოპოვებულმა გამარჯვებებმა ფაშისტური ბლოკის ქვეყნებს თავზარი დასცა.
ბენიტო მუსოლინი მიხვდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა. საკუთარი ტყავის გადასარჩენად იგი ფელტირეში შეხვდა ადოლფ ჰიტლერს და ნებართვა სთხოვა, რომ იტალია მეორე მსოფლიო ომიდან გამოსულიყო, მაგრამ ცივი უარი მიიღო. პირიქით, ფიურერი საომარი ოპერაციების გააქტიურებას მოითხოვდა ფრონტებზე.
იტალიაში დაბრუნების შემდეგ მუსოლინი იძულებული გახდა, თანხმობა განეცხადებინა დიდი ფაშისტური საბჭოს მოწვევაზე, რომელმაც 1943 წლის 24 ივლისს ცხრამეტი ხმით შვიდის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია მუსოლინის გადადგომის შესახებ.
მოკავშირეთა გადმოსხდომის შემდეგ ჯერ სიცილიაზე და მერე ნეაპოლის რაიონში, სექტემბერში, იტალიამ ზავს მოაწერა ხელი, გერმანიის მხარეზე ომიდან გამოვიდა, მერე კი თავად გერმანიას გამოუცხადა ომი.
სამაგიეროდ, ფაშისტურმა შენაერთებმა აპენინების ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და ცენტრალური მხარეების ოკუპაცია განახორციელეს.
გამოცხადდა უმკაცრესი საოკუპაციო რეჟიმი. ჩრდილოეთ იტალიის სამოქალაქო ხელისუფლება დაექვემდებარა მილანში მყოფ გერმანიის გენერალურ კონსულს. აიკრძალა ყოველგვარი შეკრება, გაფიცვა. მოსახლეობას იძულებით მიერეკებოდნენ გერმანიაში სამუშაოდ, ამწყვდევდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.
მოკლედ, ჰიტლერმა გადაწყვიტა, ცოცხალი ძალისა და სურსათის წყაროდ ექცია იტალია.
იტალიის ანტიფაშისტური პარტიები გაერთიანდნენ ეროვნული გათავისუფლების კომიტეტში და ხალხს ფაშიზმისადმი წინააღმდეგობისკენ მოუწოდეს.
დაიწყო პარტიზანული ომი, რომელშიც ათასობით საბჭოთა მოქალაქემ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ იმ დროს იტალიის ტერიტორიაზე აღმოვჩნდით, როგორც სამხედრო ტყვეები.
1944 წლის დასაწყისში სამხედრო ტყვეების ერთი ნაწილი, რომელშიც მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც ვიყავით, საფრანგეთიდან ჩრდილოეთ იტალიაში გადაგვიყვანეს, პარტიზანებისგან დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად _ ხიდები იქნებოდა, ლიანდაგები, გზები თუ სატელეფონო ბოძები.
აქ პარტიზანული მოძრაობა იყო გაჩაღებული. იტალიელი პარტიზანები დიდ ზიანს აყენებდნენ ფაშისტებს _ სპობდნენ სამხედრო ტექნიკას, ცოცხალ ძალას, კომუნიკაციებს.
ჯერ უდინოს პროვინციაში ვიყავით, მერე ტურინის.
ჩვენებმა სწრაფად აუღეს ალღო შექმნილ მდგომარეობას. მალე ტყვეთა მოზრდილი ჯგუფი ბანაკიდან გაიქცა და პარტიზანებს შეუერთდა. რაკი ახალჩაყვანილები ვიყავით, გამქცევებმა ჩვენი შემოწმება ვერ მოასწრეს, არ გვენდნენ, არ წაგვიყვანეს და შეგვატოვეს გააფთრებულ ფაშისტებს.
ამის შემდეგ ბანაკში რეპრესიები გაძლიერდა.
გერმანელები მიხვდნენ, რომ ბევრი ტყვის ერთად ყოფნა საშიში იყო და ერთი ნაწილი, რომელშიც კვლავ მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც მოვხვდით, ნოვარის პროვინციაში გადაისროლეს.
1944 წლის შემოდგომაზე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც დაუკავშირდა იტალიელ პარტიზანთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელსაც, ვგონებ, `არმანდოს~ უწოდებდნენ.
როგორ დაუკავშირდა და, ესეც სასაცილო ამბავია.
მოკლედ, ჩვენ იმ დროს ნოვარის პროვინციის ერთ პატარა ქალაქში ვიყავით, სახელი კარგად აღარ მახსოვს, მგონი, სტრეზა ერქვა და ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროზე იყო შეფენილი ლამაზად.
სტრეზას გერმანელი სამხედრო მეზღვაურების კარგად შეიარაღებული რაზმი იცავდა გენერალ კრუმერის მეთაურობით. დღედაღამ თვალი ეჭირათ ჩვენზე და ერთობ გულმოდგინედ გვდარაჯობდნენ.
იქაურ ოფიცერთა შორის იყო ჩვენი ძველი ნაცნობი _ ობერშტურმფიურერი ჰანს ფალკენშტაინი, რომელსაც ათი თვის მეტად საყვარელი შავი დოგი ჰყავდა, სახელად ფრიდა. აბა, საყვარელი თუ იყო, მე ჯერ რა ვიცოდი _ კრუშინოს ტყვეთა ბანაკიდან პატარა ლეკვი მახსოვდა.
თავიდან ჩაგვიყვანეს სტრეზაში და პლაცზე მოგვაწყვეს, რომ სია ამოეკითხათ. იქ იყვნენ გერმანელი ოფიცრები და გერმანულნაგაზიანი ჯარისკაცები. იქვე იდგა ჰანს ფონ ფალკენშტაინიც თავისი დოგიანად.
დაინახა თუ არა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა, _ ამ ძაღლს ხომ ვიცნობთ მე და შენო, _ ასე მიჩურჩულა.
კითხულობენ ამ ჩვენს სიას და ეს დოგი ვერ ისვენებს, ჩვენკენ მოიწევს. ფალკენშტაინი არ უშვებს და შეუტრიალდება ძაღლი და იმ ჭუჭყიანი თათებით შეახტება ხოლმე კიტელზე. კიდევ და კიდევ. ეს გერმანული ნაგაზები კიდევ _ აქ რაღაც ხდებაო _ და ჩვენ გვიყეფენ. მოკლედ, გნიასია ისეთი, საკუთარი გვარები აღარ გვესმის, ისედაც, გერმანული ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის გარდა არავინ ვიცით და არ გინდა, გაარჩიო?
მერე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი მომიყვა, რომ ფალკენშტაინს გაბრაზებია ბანაკის უფროსი კრუმერი:
_ ეს შენი ძაღლი რა დღეშია, რა დაემართა?!
_ არ ვიცი, _ მხრები აუჩეჩია ბარონ ფონ ფალკენშტაინს.
_ აბა, მაშ გაუშვი, _ ბრძანება გაუცია გენერალ კრუმერს.
ეს ლაპარაკი ხომ არ მესმის და ფალკენშტაინმა რომ ფრიდა აუშვა, გული გამისკდა _ რამდენი შემთხვევა იყო, როცა გერმანელებმა ადამიანებზე დაგეშილი ძაღლები მიუშვეს და დააგლეჯინეს ტყვეები. თანაც, ეს ფრიდა უკვე ათი თვისაა, დოგები ხომ დიდები იზრდებიან და იმ ნაგაზებზე თუ მეტი არა, არც ნაკლები სიდიდისაა და ძალა იმათზე გაცილებით მეტი აქვს, ალბათ.
რაღა ბევრი გავაგრძელო, გაუშვა ფალკენშტაინმა და ულამაზესი კამარებით პირდაპირ ჩვენკენ გამოვარდა ფრიდა, არც ერთ ტყვესთან არ შეჩერებულა, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩთან მოირბინა, აუქიცინა კუდი, სამჯერ შემოურბინა გარშემო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა ჯერ ყურადღება არ მიაქცია.
აბა, თუ არ მიყურებო და, წამოიყალყა და არ შეახტა?!
მაშინ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც მოეფერა, თავზე გადაუსვა ხელი და რაღაცა უჩურჩულა გერმანულად.
გაგიჟდა სიხარულისაგან ძაღლი, დაიწყო წკმუტუნი და აღარ სცილდება ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს. ურბენს გარშემო და ეთამაშება.
იცნო.
რა არის მაინც კაი ჭკვიანი ძაღლი, არა?
_ ამ ტყვეს კრუშინოს ტყვეთა ბანაკიდან ვიცნობ, ჰერ გენერალო, _ უთქვამს ბარონ ფონ ფალკენშტაინს, _ ეტყობა, ჩემმა ფრიდამაც დაიმახსოვრა და ახლა იცნო.
მოკლედ, იმ დღის მერე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს შედარებით მეტი თავისუფლება მისცეს, ფრიდა დაჰყავდა ხოლმე აქეთ-იქით.
არა, ქალაქში, რა თქმა უნდა, არ უშვებდნენ, მაგრამ ჩვენსავით არ ამუშავებდნენ და ბანაკში პროვიანტის შემომტან იტალიელებსაც ელაპარაკებოდა ხოლმე.
ისე, ჩრდილოეთ იტალიაში უმეტესობამ იცოდა გერმანული. და ამ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩსაც კიდევ ენების სწავლის ნიჭი ჰქონდა, რამდენიმე თვეში უკვე იტალიურადაც ლაპარაკობდა, მთლად კარგად ვერა, მაგრამ მაინც აგებინებდა ხოლმე.
ჰოდა, ასე გაიგო, რომ მაღლა მთებში იტალიელი პარტიზანები მოქმედებდნენ. მერე მათთან მისასვლელი მთის ბილიკების ნახაზიც რომ იშოვა, პარტიზანებთან გაქცევა გადავწყვიტეთ.
ბანაკის მთელი პერიმეტრის დაცვის გეგმა დახაზა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა და ზუსტად დავადგინეთ, როგორ უნდა მოგვეხსნა მცველები და მთაში გავქცეულიყავით. მცველების მოხსნა საძნელო არ იყო, რომ გავიქცეოდით, მერე იყო საშიში, ადამიანზე დაგეშილი ნაგაზებით რომ დაგვედევნებოდნენ გერმანელები.
ბევრჯერ გადავწყვიტეთ გაქცევა, მაგრამ ყოველთვის გადავდებდით ხოლმე, რადგან ხელსაყრელ შემთხვევას ველოდით.
1944 წლის 7 სექტემბერს, იმ დღეს რა დამავიწყებს, გერმანელ მეზღვაურებს დიდი ღრეობა უნდა გაემართათ გენერალ კრუმერის დაბადების დღის აღსანიშნავად. ეს ამბავი ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა წინასწარ გაიგო ჰანს ფალკენშტაინისგან, რომელთანაც ხშირად ლაპარაკობდა ხოლმე, სხვა ოფიცრების თვალში ვითომ როგორც ფრიდას მომვლელი და სინამდვილეში კი იმ გერმანელ ბარონს დაუმეგობრდა.
მოვიდა და მუშაობისას მახარა ეს ამბავი.
_ მოსაღამოვდება თუ არა, ჩვენი ბიჭები წამოიყვანე, ყველა, ვინც სანდოა და დანარჩენი ბარაკში ვილაპარაკოთ.
გულის ფანცქალით ველოდით დაღამებას.
როგორც იქნა, მოსაღამოვდა და ბარაკში შევიკრიბეთ.
_ ამაზე ხელსაყრელ დროს ვეღარ ვნახავთ! ამაღამ გერმანელებს იარაღი უნდა ავყაროთ და თავს ვუშველოთ! _ გვითხრა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა.
სულ რჩეულ-რჩეული, უკვე გამოცდილი მებრძოლები ვიყავით და ვინ დაიხევდა უკან. თანაც საქმეს ის უფრო აიოლებდა, რომ გერმანელებმა დარაჯად ერთი კაცი დაგვიტოვეს, გვარად კრიბიო, სახელად ანჯელინო. ეს კაცი იტალიელი კი იყო, მაგრამ ფაშისტური პარტიის წევრი გახლდათ და გერმანელებთან მსახურობდა. ოღონდ, როგორც ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს ეუბნებოდა, გერმანელებს მას შემდეგ აღარ თანაუგრძნობდა, რაც ჩრდილოეთ იტალია დაიპყრეს.
ჰოდა, ეს ანჯელინო კრიბიო მოგვეხმარა, თავისი იარაღი მოგვცა და იქით გაგვიძღვა, სადაც გერმანელები ღრეობდნენ, დიდ დარბაზში.
მოკლედ, ფაშისტები გონს რომ მოეგნენ, უკვე იარაღაყრილნი და გათოკილები იყვნენ.
არა, ის დარაჯი არ მოგვიკლავს, ანჯელინო კრიბიო, მაგრამ არც გერმანელებთან დარჩენა უნდოდა და ამიტომ თან წავიყვანეთ.
ქალაქ სტრეზადან ხუთიოდე კილომეტრი გავიარეთ აღმართებში.
უხმაუროდ და ჩუმად მივდიოდით.
მარშრუტი წინასწარ ვიცოდით, მაგრამ სიბნელეში გზის გაგნება კაცს თავის სოფელშიც გაუჭირდება, არამცთუ უცხო ქვეყანაში. ამიტომ პატარა მანძილის გავლას დიდი დრო მოვანდომეთ.
რაზმს მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი მივუძღოდით შემართული ავტომატებით.
სოფელ ჯენეზიასთან იტალიელი პარტიზანი, `არმანდოს~ მეთაური ედო დელგრატო შეგვხვდა.
მაშინ ბნელოდა და აბა, როგორ უნდა დამენახა.
მერე კი ვნახე, რომ ედო დელგრატო საშუალო ტანისა და წითური პირისახის კაცი იყო, გაბურძგნილი წვერით და ის წვერი რომ გაეპარსა, არ იქნებოდა მთლად ურიგო ბიჭი, თუკი, რასაკვირველია, ხმას არ ამოიღებდა _ წვეტიანი და ეკლებიანი, ჩახრინწული ხმა ჰქონდა, უსიამოვნო. მერე და მერე, `ჩაო ბელა, ჩაო ბელას...~ რომ ვმღეროდით ხოლმე სადმე მოფარებულში, პარტიზანულ კოცონთან, ედო დელგრატოს ერთ ბოთლ ღვინოს დამატებით ვაძლევდით ხოლმე, ოღონდ იმას არ ემღერა.
მოკლედ, მოგვესალმა ედო დელგრატო და ლაპარაკი დაუწყო ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს.
მაინც არაფერი მესმოდა, ამიტომ უკან გამოვბრუნდი და მოშორებით მყოფ ბიჭებს დავუძახე, რომლებიც გულის ფანცქალით გველოდნენ.
მერე ედო დელგრატო წინ გაგვიძღვა და `რემო სერვადეის~ 118-ე ბრიგადის ერთ-ერთ ბატალიონში მიგვიყვანა, რომელსაც `პეპინო~ ერქვა.
გარიბალდელთა პარტიზანული ბატალიონები შედგებოდა ორმოცი-ორმოცდაათი კაცისგან, რომლებიც რაზმებად იყოფოდა. ამ რაზმების შემადგენლობა მაშინ მატულობდა, როცა ტყვეობიდან გამოქცეული პარტიზანები შემოუერთდებოდნენ ხოლმე.
ჰო, ტყვეობიდან გამოქცეული რამდენიმე ათეული კაცი ვიყავით, ალბათ, სამოცდაათამდე მაინც.
მალე დაგვანაწილეს კიდეც.
ჩვენ `არმანდოში~, ედო დელგრატოს რაზმში მოვხვდით...
_ ყველა მართლაც შესანიშნავი მებრძოლია, _ ამბობდა ბრიგადის კომისარი, მეტსახელად ჩირო, _ ვეფხვივით მამაცი და გაბედული!..
და მართლაც, იმ დროს ეს დიდი ძალა იყო, მით უმეტეს, იარაღიც არ გვაკლდა, რომელიც გერმანელებს ავყარეთ.
ჩვენი მოსვლიდან ოთხი დღის შემდეგ, ესე იგი 12 სექტემბერს, პარტიზანული რაზმის მეთაურობამ განიზრახა, ფაშისტების ტყვეობიდან გვეხსნა ქალაქ ომენიის ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი პარტიზანები, რომლებსაც გერმანელები წამებით დახოცვას უპირებდნენ. მათ შორის იყვნენ სოფელ ჯენეზიასთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილი პარტიზანები და იტალიელი ათმეთაური ედო დელგრატო.
სარისკო საქმე იყო.
ომენიაში ფაშისტები ბლომად იყვნენ. დაზვერვის ცნობის თანახმად, ჰოსპიტლის შენობას დღედაღამ გერმანელთა გაძლიერებული რაზმი იცავდა.
ოპერაციის შესრულება დაგვევალა პარტიზანთა ექვსკაციან ჯგუფს, თავისი იტალიელი მეგზურით.
ჩვენი რაზმი გვიან ღამით გავიდა დავალების შესასრულებლად.
ჩამოვიარეთ მთის კალთები და შეუმჩნევლად შევედით ქალაქ ომენიაში.
ჰოსპიტლის შენობას მაღალი გალავანი ერტყა.
ღამის მყუდროებაში მკაფიოდ ისმოდა გერმანელი გუშაგის ჩექმების ხმა.
_ თქვენ აქ იყავით და ჩემს ნიშანს დაელოდეთ, _ ჩურჩულით გვითხრა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა, ფრთხილად წამოდგა და ჭიშკრისკენ წავიდა.
ჰო, იმისი ნიშანი ადვილი გამოსაცნობი იყო, ბუსავით უნდა დაეძახა.
კარგა ხანს ვუგდებდით ყურს ღამის სიჩუმეს, მაგრამ არაფერი გაგვიგონია.
ბუმ რომ დაიძახა, სწრაფად წამოვდექით და ჩვენც ჭიშკრისკენ გავიქეცით.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი გერმანელი ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილიყო, მისი ავტომატი ეჭირა და თავად `გუშაგობდა~.
_ ნამდვილი გუშაგი მოგუდე? _ დავინტერესდი მე.
_ არაო, _ გაიცინა, _ ხელყუმბარა ჩავარტყი თავში და მოფარებულში გადავათრიე!..
ჩვენ სწრაფად შევცვივდით ეზოში, უხმაუროდ განვაიარაღეთ გერმანელები და დაჭრილები წამოვიყვანეთ.
ედო დელგრატო ფეხში იყო დაჭრილი, აღმართებში სიარული რომ გაუჭირდა, ხან ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა მოიკიდა ზურგზე და ხანაც _ მე. ასე ვატარეთ, ვიდრე სამშვიდობოს ავაღწევდით. პირველად ასე ვიხსენით სიკვდილისგან.
პირველი პარტიზანული ნათლობის შემდეგ, სადაც ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა და საზრიანმა მებრძოლმა, პარტიზანული შტაბის მეთაურობამ გადაწყვიტა მისი დაწინაურება `არმანდოს~ მეთაურად, მაგრამ ამ ჩემმა მეგობარმა უარი თქვა:
_ ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ, არც იტალიური ენა ვიცი საკმარისად და ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ!..
1944 წლის სექტემბერში ცხარე ბრძოლები გაჩაღდა დომოდოსოლას მისადგომებთან.
სექტემბრის პირველ ნახევარში `რემო სერვადეის~ 118-ე ბრიგადის ბატალიონ `პეპინოს~ რაზმები _ `არმანდო~, `ვალდოსოლა~ და `რედი~ _ თავს დაესხნენ პიედიმულერის გარნიზონს. ფაშისტებმა მოახერხეს ალყის გარღვევა და ავტომანქანებით გაიქცნენ ვილადოსოლოს მიმართულებით.
პანტო დელა მაზონასთან გარიბალდელებმა შეძლეს მათთვის გზის მოჭრა. გერმანელებმა დიდი ზარალი ნახეს _ დაკარგეს სამი ავტომანქანა, ექვსი მსუბუქი ტყვიამფრქვევი და ბრძოლის ველზე დატოვეს ოცდაათი მოკლული, ხოლო ცოცხლად დარჩენილებმა თან გაიყოლეს ვილადოსოლოს გარნიზონი და დომოდოსოლოს მიაშურეს.
სულ მალე დავიწყეთ მზადება დომოდოსოლოზე იერიშისათვის.
დომოდოსოლოს გარნიზონი ექვსასი კაცისგან შედგებოდა, თანაც მათ დასახმარებლად სხვადასხვა რაიონიდან უკვე მოეშურებოდნენ დამხმარე ძალები.
ამ დროს მეთაურობამ ოთხ პარტიზანს, მათ შორის _ მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს, საბრძოლო დავალება მოგვცა _ უნდა აგვეფეთქებინა დომოდოსოლოსკენ მიმავალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნოვარის პროვინციასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდის მწყობრიდან გამოყვანა.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი და კიდევ სამი პარტიზანი დიდი სიფრთხილით მივუახლოვდით იმ ხიდს და დიდხანს ვზვერავდით.
ამ ხიდს მე და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი კარგად ვიცნობდით, მის გამაგრებაზე საკმაოდ ბევრი გვამუშავეს ფაშისტებმა, როცა ტყვედ ვიყავით.
იმ ხიდს შეიარაღებული გერმანელები იცავდნენ.
კარგა ხნის შემდეგ ჩვენს საპირისპირო მხარეზე შეგროვდნენ და ხიდის ყურეზე ჩამოსხდნენ. ალბათ, სადილობას აპირებდნენ.
_ ახლა კი დროა, _ გვითხრა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა, _ ხოხვით მივუახლოვდები ხიდს. თქვენ თვალი ადევნეთ გერმანელებს. თუ შემამჩნიეს, მაშინვე ცეცხლი გაუხსენით.
მერე კიდევ ერთხელ შეამოწმა ხელყუმბარების შეკვრა, ლაღად გაგვიღიმა და უხმაუროდ დაეშვა ხშირი ბუჩქებით დაფარულ ფერდობზე.
მღელვარებით ვადევნებდით თვალს.
საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი, მაგრამ ისე მარჯვედ ეფარებოდა ბუჩქებს, რომ რამდენჯერმე ჩვენც დავკარგეთ თვალიდან.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაისმა გამაყრუებელი აფეთქების ხმა და ძეხვითა და პურით პირგამოტენილი, განცვიფრებული გერმანელების ცხვირწინ ხიდი მდინარეში ჩაინგრა.
ოპერაცია წარმატებით შევასრულეთ და გამარჯვებული დავბრუნდით ბანაკში.
სხვათა შორის, ტყუილია, რომ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა იტალიური არ იცოდა. უცებ აუღო ალღო და ორიოდე თვეში უკვე გამართულად ლაპარაკობდა.
და როცა კომისარ ჩიროს ჩვენი ოპერაციის წარმატებაზე მოახსენებდა, მოულოდნელი რაღაც მოხდა.
მაშინ ტყეში ვიყავით დაბანაკებული და ხშირ-ხშირად ვიცვლიდით ადგილებს, რომ გერმანელების მზვერავებს ჩვენი მიგნება გასჭირვებოდათ.
ჰოდა, საიდანაც შავი დოგი შემოვარდა და კუდის ქიცინით გარშემო რამდენჯერმე შემოურბინა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს.
რასაკვირველია, ფრიდა იყო.
პარტიზანებმა მაშინვე იარაღზე იტაცეს ხელი, მზვერავებიც გაუშვეს, მაგრამ საეჭვო არაფერი იყო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც თავზე მოეფერა.
_ ფრიდა, ფრიდა! _ შეუძახა და თამაში დაუწყო.
სიხარულისგან გაგიჟდა, მთლად გადაირია ფრიდა. ჯერ შორ მანძილზე ურბენდა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს, თანაც თავბრუდამხვევი სიჩქარით. მერე დაღლილმა ენა გადმოაგდო და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის ფეხებთან დაჯდა.
ტყვეთა ბანაკში ყოფნისას ხომ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი უვლიდა და ეტყობა, ისე შეუყვარდა, რომ აქაც მოაკითხა.
სასაცილო რა იყო, იცით? _ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ამბობდა:
_ ამას ჩემი ლაპარაკი ესმის, ოღონდ გერმანულად უნდა ველაპარაკო და ყველაფერს იგებს.
ადამიანისა და ძაღლის მეგობრობა როგორ არ მინახავს, მაგრამ იმისთანა, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩსა და ფრიდას რომ ჰქონდათ, არსად.
ჰოდა, სანამ ვიბრძოდით, მოაკითხავდა ფრიდა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს, ჩვენთან იქნებოდა რამდენიმე დღე და მერე ისევ დაიკარგებოდა ერთი-ორი კვირით.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ედო დელგრატოს გასაგონად იტყოდა ხოლმე:
_ ეს ძაღლი ერთი კარგი გერმანელი ბარონისა არის, ადოლფ ჰიტლერი რომ ეზიზღება, მაგრამ თავის მხედრულ ვალს ვერ ღალატობს. და ფრიდა რომ მოდის ჩემთან, მეშინია, თან არ მოიყოლოს იმისი ჯარისკაცები.
რა თქმა უნდა, ბარონ ფალკენშტაინს გულისხმობდა.
ერთხელ საჭირო გახდა გერმანელი მოენის ხელში ჩაგდება, მაგრამ კომისარ ჩიროს მიერ დაგეგმილი რამდენიმე ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა.
ბოლოს ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა ითავა ეს საქმე. რაკი გერმანული შესანიშნავად იცოდა, იშოვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და ქალაქ სტრეზასკენ გასწია, საიდანაც გამოიქცა რამდენიმე კვირის წინ.
ამ ოპერაციის მთელი სირთულე ქალაქში შეუმჩნევლად შესვლა იყო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა ამ მიზნით ტერეზინა მოტა დაიხმარა, ჩვენი მოკავშირე სოფელ კომნაგოდან.
ტერეზინას თავის მშვენიერ წაბლისფერ თმაზე ორნაირი თავსაფარი ჰქონდა წაკრული და `გერმანელ ოფიცერს~ ორასი-სამასი მეტრით მიუძღოდა წინ. თუ რამე საშიშროება მოელოდა, თეთრ თავსაფარს მოიხსნიდა და წითელის ამარა დარჩებოდა, თუ არა და _ ისევ თეთრს მოიხვევდა.
ასე შეუმჩნევლად შევიდა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ქალაქში. აქ იმდენი საშიშროება აღარ ელოდა. მაღალი იყო, თანაც ქერა და ისედაც ჰგავდა გერმანელს.
კარგა ხანს ისეირნა ქუჩებში შესაფერისი მომენტის შესარჩევად.
ბოლოს ლუდის ჯიხურთან მივიდა, სადაც გერმანელი ოფიცერი იდგა, ობერლეიტენანტი.
ამან, _ `ჰაილ, ჰიტლერო!~ _ შეუძახა, ხელის აწევით მიესალმა და გამყიდველს ერთი კათხა ლუდი მოსთხოვა. მერე ნელ-ნელა დაიწყო სმა, თან ირიბად გადახედავდა ხოლმე იმ ოფიცერს, რომელიც სამხედრო მეზღვაურთა გარნიზონიდან აღმოჩნდა.
ობერლეიტენანტიც გულმოდგინედ დააკვირდა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს და როგორც იქნა, იცნო თავიანთი ყოფილი ტყვე.
დაყოვნება აღარ შეიძლებოდა.
ვიდრე გერმანელი ოფიცერი პირის გაღებას მოასწრებდა, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა `ვალტერი~ მიადო მკერდზე და კაი გერმანულით უთხრა:
_ თქვენთვის ომი დამთავრდა, ჰერ ობერლეიტენანტო! ხმას ამოიღებთ თუ არა, მაშინვე დაგხვრეტთ! არაფერი შეიმჩნიოთ, ჯიხურში შემომყევით!..
შევიდნენ.
_ ოდნავ რომ გვერდზე გაიხედოთ ან ხმა ამოიღოთ, მაშინვე მოგკლავთ და თავსაც მოვიკლავ! _ ასე დაემუქრა.
ცოტა ხნის შემდეგ ლუდის ჯიხურში განიარაღებული, თანაც ფერდაკარგული ოფიცერი და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ერთად გამოვიდნენ გარეთ, მხიარული სალამი მისცეს იქვე ჩავლილ სამჯარისკაციან პატრულს, მერე იმ ოფიცრის მანქანაში ჩასხდნენ, გზად ქალაქის შესასვლელთან მომლოდინე ორთავსაფრიანი ტერეზინაც ჩაისვეს და წამოვიდნენ.
ეს მოენე, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა რომ მოიყვანა, ბარონი გოტფრიდ ფონ ფალკენშტაინი იყო, ობერშტურმფიურერ ჰანს ფონ ფალკენშტაინის ძმისშვილი. ბიძამისს ჩაუწყვია საქმე, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე არ გაეშვათ ახალგაზრდა გოტფრიდი და სტრეზას გარნიზონში ჩამოუყვანია თავისთან.
როცა მისი დაკითხვები დამთავრდა, ედო დელგრატომ წინადადება შემოიტანა, უნდა დავხვრიტოთო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა და მე გავუწიეთ წინააღმდეგობა:
_ არავითარ შემთხვევაში, პატიოსანი სიტყვა უნდა ჩამოვართვათ და ლოზანაში უნდა გავუშვათ, შვეიცარიაში!..
ამაზე ძალიან გაბრაზდა ედო დელგრატო და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს პირდაპირ დაადო ხელი:
_ განა არ ვიცი, ის დოგი რომ დადის შენთან, ყელზე შებმული ბარათებიც მოაქვს ხოლმე და შენც პასუხებს უწერ. ეგ ძაღლი ხომ ამ ჩვენი ტყვის ბიძისაა და იმათი ჯაშუში ხარ!
ეს მეტად სერიოზული ბრალდება იყო და კომისარ ჩიროს გარდა ყველამ ეჭვით გადახედა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს.
იმან კი მხოლოდ გაიცინა და მხოლოდ ეს თქვა:
_ საღამომდე დავიცადოთ...
საღამოს კი უცნაური ამბავი მოხდა.
ჯერ ფრიდამ მოირბინა და როგორც სჩვეოდა, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს შემოურბინა რამდენჯერმე, მერე ისევ უკან გავარდა მთელი სიჩქარით და ცოტა ხანში სამოქალაქოტანსაცმლიან კაცთან ერთად დაბრუნდა.
მოვიდა ის კაცი, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს მიესალმა და ჰკითხა:
_ გოტფრიდი სად არის?
წავიდა კითხული და ჩვენი მოენე გამოუყვანა.
_ აი, ახლა კი ორივე ერთად უნდა დავხვრიტოთ, _ გაიხარა ედომ.
მაგრამ ჩირომ გადაუწურა წყალი:
_ ორივე ლოზანაში უნდა გავაცილოთ ამაღამვე, რადგან ბარონის პატიოსან სიტყვას იძლევიან, რომ აღარ იომებენ.
_ თანაც ჩვენც თავდებად ვუდგებით! _ დავძინეთ მე და ფორემ.
და ედო დელგრატომ სიმწრით მოიკვნიტა ენა.
ბიძა-ძმისშვილს ლოზანისკენ რომ ვუშვებდით, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი დადარდიანდა.
_ ამ ჩვენი ფრიდას საქმე როგორ იქნება, ბარონო? _ შეეკითხა ჰანსს.
_ თავად ვისთანაც ისურვებს, იმასთან დარჩეს, _ მიუგო გერმანელმა და სხვა თემაზე გადავიდა, _ თქვენ რომ კრუშინოს ტყვეთა ბანაკში სილა გამაწანით, თუ იცით, რატომ არ დაგხვრიტეთ?
_ რატომ? _ დაინტერესდა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩიც.
_ იმიტომ, რომ აი, ასე გადამიხდიდით სამაგიეროს, _ გაუღიმა ბარონმა და დასძინა, _ ომი რომ დამთავრდება, აუცილებლად უნდა მინახულოთ ხეხილით უხვ კრონენბურგში, სადაც ჩვენი საგვარეულო ციხე-კოშკია.
ასე გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ბიძა-ძმისშვილი ლოზანისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
_ ნეტავ ახლა ფრიდა რას იზამს? _ ჩვენ შეგვეკითხა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი და ინტერესით დააკვირდა ძაღლს.
ფრიდა იჯდა და ხან მიმავლებს გასცქეროდა წკმუტუნით, ხანაც ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს უყურებდა და კუდს უქიცინებდა. მერე წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა წასულებისკენ, შედგა, უკან მობრუნდა, სამჯერ შემოურბინა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს, წამოიყალყა, მკერდზე შეახტა, სახე გაულოკა და უკან აღარ მოუხედავს, ტყეში მიფარებულ მგზავრებს დაედევნა.
ერთხელ შემთხვევით ედო დელგრატოს ლაპარაკი მოვისმინე. ერთი წაბლის ხის ძირში, რომელზედაც მე ვიყავი ასული წაბლის საჭმელად, ბოლთას სცემდა და რაკი მარტო ეგონა თავი, თავის თავს ელაპარაკებოდა:
`ვინ არიან ეს მოთრეულები? ვითომ მართლა კარგი მეომრები და ვაჟკაცები, როგორც აქ ბევრი მიედ-მოედება?
დიდი არაფერი!
მაგათზე ნაკლები მებრძოლები არც ჩვენ ვართ.
ომენიის ჰოსპიტლიდან რომ გაგვათავისუფლეს დასახვრეტად განწირული ტყვეები და ამ პორე მუზოლიშრივილს ჩემს ადგილზე დაუპირეს დანიშვნა, პირველად მაშინ გავბრაზდი.
ვინ მიგდია ვიღაც გადამთიელი ტყვედყოფილი, რომ თავზე დამასვან. ვითომ რაო, მაგას ჩემზე მეტად უყვარს იტალია თუ ჩემზე მეტად სძულს ფაშისტები?
გამოქცევისას ივაჟკაცაო.
იმ გამოქცევისას არ იყო, რომ ანჯელინო კრიბიო მოგვიყვანა, პირსისხლიანი ფაშისტი ვირთაგვა? კაცი, რომელიც გერმანელების სამსახურში იდგა, მაგრამ რომ გაიგო, ნეაპოლთან მოკავშირეები გადმოსხდნენო, სასწრაფოდ მიატოვა ჩასაძირად განწირული ხომალდი და ჩვენ შემოგვიერთდა. არაფრით დამახვრეტინეს ის ნაბიჭვარი და ახლა იძულებული ვარ, მოთვალთვალე მივუჩინო ხოლმე ანდა მე თავად ვუთვალთვალო.
ამ ფალკენშტაინების საქმეზეც როგორ მოიქცა, როგორ გააშვებინა ჩიროს ბიძა-ძმისშვილი შვეიცარიაში. მე კი ვუმტკიცებდი _ დავხვრიტოთ, ჩირო, ნუ გავუშვებთ. გადავლენ ლოზანაში და ისევ ჩვენს წინააღმდეგ მომართავენ-მეთქი იარაღს.
ვინ დაგიჯერა?
კომისარს ვიღაც გადამთიელი და ჩამოთრეული პორე მუზოლიშრივილისა უფრო სჯერა, ვიდრე ჩემი.
რატომ უნდა შეჰყვარებოდა ნათალე მოტას ქალიშვილს მაინცდამაინც ეს ცხრა მთას იქიდან ჩამოთრეული კაცი, პორე მუზოლიშრივილი, რატომ?
ვითომ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი გერმანული იცის?
არა, მაინც რამ მოაწონა.
ჯერ მარტო, იმისთანა სახელი და გვარი აქვს, ენას მოიტეხს კაცი, ვიდრე იტყოდეს.
განა არ ვიცი, ღამღამობით ჩვენი სადგომიდან გაიპარება ხოლმე და ტერეზინა მოტასთან მიდის სტუმრად. ერთხელ მე თვითონ ავედევნე და ჩუმად ვუსმინე იმათ ლაპარაკს. თავის სამშობლოზე ზღაპრებით აბრუებს. ჰპირდება, თან უნდა წაგიყვანოო. ის ჩემი სოფელიო, სახელი ვერ დავიმახსოვრე, ისიც ენის მოსატეხი ორი სიტყვაა, იქაურობა ისე ჰგავს ამ შენს სოფელ კომნაგოს, გაგიკვირდებაო.
და ამ სულელ ტერეზინასაც ყველაფერი სჯერა.
ის კი არ იცის, რომ დამთავრდება ომი თუ არა, ეს თავისი სატრფო ისე გაეპარება, აქეთ აღარც მოიხედავს.
_ გამომყევი ცოლად და წაგიყვან-მეთქი, ტერეზინა, ჩემს პიზაში, _ ვუთხარი ერთხელ, _ დახრილ კოშკს გაჩვენებ, ქალაქურად ვიცხოვრებთ, ათი შვილი გვეყოლება და ვიქნებით ბედნიერები!
და იცით, რა მითხრა?
`პიზის კოშკს უშენოდაც მანახვებს პორე!~
არა, მაინც ვინ არიან ეს მოთრეულები?
ვინ არიან?
ვინ არიან და, პირსისხლიანი ველურები!
ადოლფ ჰიტლერზე ნაკლებად პირსისხლიანი ნადირია მაგათი იოსებ სტალინი?
ვინ არიან ეს მოთრეულები?
ვინ არიან და, მხოლოდ საზარბაზნე ხორცი, და მეტი არაფერი!~
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს რომ მოვუყევი ეს ამბავი, გაიცინა და მითხრა:
_ ყველა კაცისმკვლელს ხომ არ მივაქცევთ ყურადღებას.
მერე ჩემი საპროტესტო პასუხი აღარ მაცალა და განაგრძო:
_ და თუკი მაინცდამაინც მივაქცევთ, უფრო მეტი სიკეთე უნდა გავუკეთოთ, რომ ადამიანობის დაბრუნებაში დავეხმაროთ.
აი, ასეთი უცნაური კაცი იყო ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი.
მოკლედ გიამბობთ იმ საბრძოლო ეპიზოდზე, როცა ადამიანობის დაბრუნებაში დასახმარებლად მეორედ გადაარჩინა ჩვენი ათმეთაური ედო დელგრატო და, რასაკვირველია, ჩვენც ყველანი.
გერმანელებმა ისარგებლეს მკაცრი ზამთრით, ყველაზე მძიმე პერიოდი რომ იყო ჩვენთვის და გადაწყვიტეს, საბოლოოდ გავენადგურებინეთ.
პირველ დეკემბერს, განთიადისას, `რემო სერვადეის~ 118-ე ბრიგადის მეთვალყურეებმა შეამჩნიეს გერმანელთა კოლონები, რომლებიც აგრანოსა და არმენოს მხრიდან გარიბალდელთა ნაწილების განლაგებას უახლოვდებოდნენ.
ბრიგადის ნაწილები სოფელ მატარონეს ფერდობზე განლაგდნენ და მოემზადნენ გერმანელთა შეტევის მოსაგერიებლად, მაგრამ ფაშისტებმა ვერ შეძლეს გარიბალდელებზე მოულოდნელი თავდასხმა და უკანვე გაბრუნდნენ.
მეორე დილით, ორ დეკემბერს, გერმანელთა ოთხი რაზმი გარს შემოერტყა და სროლა აუტეხა ცალკე მყოფ პარტიზანულ შენაერთს, რომელსაც იტალიელი ჩინკვანტო მეთაურობდა.
ეს ჩინკვანტო ადრეც ცნობილი იყო თავისი ავანტიურისტული საქციელით და გარიბალდელთა ხელმძღვანელობას მისი დაპატიმრება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ჩინკვანტო მძიმე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა, უღალატა თავისიანებს და ყველანი გაგვცა _ გერმანელებმა ორი დეკემბრის საღამოსთვის უკვე იცოდნენ, რომ ედო დელგრატოს რაზმი `არმანდო~ სოფელ კომნაგოში, ნათალე მოტას ოჯახს უნდა ესტუმროს...
რას ამბობ, სოფელ კომნაგოს რა დამავიწყებს?!
ქალაქ ლეზას გაშორდები თუ არა, მარჯვნივ უნდა გადაუხვიო და ტყით დაბურულ გზას გაუყვე.
ეს გზა სულ მაღლა-მაღლა მიიწევს, მიმოხვეულად.
აი, ასე ივლი, ივლი და სოფელი კომნაგოც გამოჩნდება.
სწორედ ამ სოფელში შევხვდით 1944 წლის ორი დეკემბრის საღამოს.
დაღლილები და მშივრები ვიყავით.
პირდაპირ ქალაქ არონადან ვბრუნდებოდით, სადაც ფაშისტების ეშელონი ავაფეთქეთ.
ეშელონი ავაფეთქეთ! _ სათქმელად არის ადვილი, თორემ...
სოფელ კომნაგოში ერთგული მეგობრის, ნათალე მოტას ოჯახი გვეგულებოდა: თვითონ ნათალე, მისი მეუღლე და ქალიშვილი ტერეზინა.
სულ თექვსმეტნი ვიყავით. ჩვენს რაზმს `არმანდო~ ერქვა და იტალიელი ედო დელგრატო მეთაურობდა.
ტერეზინა?
ედო დელგრატოს რომ უყვარდა, უკვე ყველანი ვატყობდით.
ტერეზინა პარტიზანების მოკავშირე იყო და ბევრ პასუხსაგებ დავალებას ასრულებდა, ოღონდ უფრო ხრისტოფორ ნიკოლაევიჩთან ერთად.
ხშირად ვიკრიბებოდით მოტას სახლში.
ზოგჯერ გვიან ღამემდე ვრჩებოდით.
ვმღეროდით ჩვენს პარტიზანულ სიმღერას _ `ჩაო ბელა, ჩაო ბელა...~
ვსვამდით ნათალე მოტას წითელ ღვინოს, ვიხსენებდით სამშობლოსა და ახლობლებს.
ვნატრობდით, ნეტავი მალე დამთავრდეს ეს ომიო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი?
ტერეზინა მოტას ელაპარაკებოდა ხოლმე.
თავის სოფელზე უყვებოდა. გაგიკვირდება, ისე ძალიან წააგავს ამ შენს კომნაგოსო.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი პატარა ბიჭი რომ ყოფილა, თურმე დედამისი ჩასვამდა ტაშტში და ალუმინის ტოლჩით ასხამდა წინასწარ მომარაგებულ ცხელ წყალს ვედროებიდან. პატარა ხრისტოფორს კი ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ ამოხტომას რომ დააპირებდა ტაშტიდან, დედა ალუმინის ტოლჩას ჩასცხებდა ხოლმე თავში.
_ ჩემს სოფელში რომ წაგიყვან, პირველ რიგში ის ალუმინის ტოლჩა უნდა გაჩვენო, როგორ არის შეღუნულ-შემოღუნული, _ იცინოდა ხოლმე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი.
იმ ორი დეკემბრის საღამოსაც ძალიან მხიარული იყო, სულ იცინოდა და ჩვენც გვაცინებდა.
იმათ ქვეყანაში ნიღბების კარნავალური თეატრის გამართვა სცოდნიათ, `ბერიკაობა~ რქმევია. და, თურმე, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი წარმოდგენებში მთავარი ბერიკა იყო ხოლმე, ესე იგი ყველაზე დიდი ხუმარა.
ეს დაახლოებით ისეთივე წარმოდგენა ყოფილა, როგორც იტალიელების ჩომმედია დელლ’არტე.
და მართლაც, ისეთი საქციელი ჰქონდა ამ ჩემს მეგობარს, ხან არლეკინს გვახსენებდა, ხანაც ბრიგელას, ზოგჯერ _ კაპიტანს ანდა სულაც პანტალონეს.
ალბათ, ღვთისგან ჰქონდა ბოძებული არტისტული ნიჭი.
სულ მოლოდინში ვიყავით, _ აბა, ახლა რას იტყვის, ახლა როგორ მოიქცევაო, გამოცნობაც ბევრჯერ მიცდია, მაგრამ ყოველთვის მოულოდნელად იქცეოდა. მოულოდნელად და ლაღად.
მოკლედ, დიდი ოხუნჯი და კვიმატი ვინმე იყო ეს ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი. ყველაზე მეტად ის ამხიარულებდა, რომ ედო დელგრატოს თავისი გვარი ვერ ასწავლა ვერანაირად. ჯერ ხომ `მუზოლირიშვილი~ ჩაუწერა საბუთებში და ჩვენც ასევე ვეძახდით. მერე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა თავისი გვარი გააიტალიურა და გამოაცხადა, მოსულინი ვარო. ედომ კიდევ `მოსულინი~ ისე გაიგო, როგორც `მუსოლინი~ და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ლამის გაიგუდა სიცილით, _ ბარემ ბენიტოსაც დავირქმევ და პარტიზანებისკენ გადმოსული დიდი დუჩე ვიქნებიო.
არა, ხანდახან სერიოზულიც იყო.
_ ომი რომ დამთავრდება, აუცილებლად თან წაგიყვან, ჩემს სამშობლოში, _ არწმუნებდა ხოლმე ტერეზინა მოტას.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა წასასვლელად მოვემზადეთ.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი არა ჩქარობდა.
რამდენჯერმე გვთხოვა, ცოტა ხნით კიდევ დავრჩეთო.
ბოლოს მოტების ოჯახს გამოვემშვიდობეთ და ტყეს მივაშურეთ.
_ ჩაო ბელა, ჩაო ბელა, ჩაო... _ ასე წაუმღერა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა ტერეზინას, აკოცა და ჩვენ გამოგვედევნა.
ორი დეკემბრის ღამე იყო და ძალიან ციოდა.
საღამოს სოფელ კოლონიის ბოლოს, ვენახები რომ მთავრდება და ტყე იწყება, იქ მდებარე პატარა სახლში დავბინავდით, რომელიც თივით იყო სავსე. იტალიელები `ბაიტას~ ეძახიან ასეთ ქვითნაშენ ქოხებს, რომლებსაც მეტყევეები და მწყემსები ღამის სათევად იყენებდნენ.
დაღლილები ვიყავით და გადავწყვიტეთ, იქ გამოგვეძინა.
რა ვიცოდით, რომ მეორე დილას ეს ბაიტა თავშესაფრის ნაცვლად ჩვენთვის ხაფანგად იქცეოდა.
ინათა თუ არა, დავინახეთ, რომ გერმანელებს ჩვენი თავშესაფრისთვის ალყა შემოერტყათ.
ყველანი მივხვდით, რომ ჩვენი საქმე ცუდად იყო, მაგრამ უბრძოლველად დანებებას არ ვაპირებდით.
მერე სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა.
ბევრი გერმანელი გამოვასალმეთ სიცოცხლეს, მაგრამ ტყვიები გამოგველია და ყველას უეჭველი სიკვდილი გველოდა.
ფაშისტები თანდათან ავიწროებდნენ ალყას და რაზმის მეთაურს მოითხოვდნენ.
ბევრი ჩვენგანი დაჭრილი იყო.
გერმანელები ისევ და ისევ იმეორებდნენ თავიანთ მოთხოვნას:
_ თუ მეთაური ცოცხლად ჩაგვბარდება, დანარჩენებს სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ამოგხოცავთ!..
ერთმანეთს გადავხედეთ.
ვერც რაზმის მეთაური ედო დელგრატო და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ბედავდა ადგილიდან დაძვრას, რადგან გერმანელებთან გასვლა უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა, წამებით სიკვდილს.
და სწორედ მაშინ, როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ჯერ ედო დელგრატოსთან მივიდა, მხარზე ღიმილით დაჰკრა ხელი და იმან რომ გაჭირვებული სახით ახედა, ღიმილით უთხრა:
_ მართალია, შენ მეთაური ხარ, მაგრამ მე ხომ თვით დიადი დუჩე ბენიტო მუსოლინი ვარ!
_ შენ ბენიტო მუსოლინი კი არა, ჩომმედია დელლ’არტე-ს ერთი საცოდავი ტაკიმასხარა ხარ! _ შეუღრინა მეთაურმა, _ სიკვდილის შიშით აკანკალებული არლეკინი და მეტი არაფერი!
ამაზე ხრისტოფორ ნიკოლაევიჩს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ გაიცინა და თამამად წავიდა ტყვიებით დაცხრილული კარისკენ, გამოაღო და გერმანელებმაც შეწყვიტეს კანტიკუნტი სროლა.
_ ასეც ვიცოდი! _ ჩაილაპარაკა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა და მერე სათითაოდ ჩამოგვიარა ყველას, იარაღს გვართმევდა და ღია კარში ისროდა.
ჩვენი განიარაღება რომ დაამთავრა, თავადაც ღია კარისკენ გასწია ღიმილ-ღიმილით.
_ სად მიდიხარ, პორე! _ ანჯელინო კრიბიოს ხმაში შეშფოთება იგრძნობოდა.
_ კიდევ ერთი ტაკიმასხარაობა უნდა გავმართო! _ გაიცინა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა, ყელზე ძაფით შებმული სათავისო ტყვია ჩამოიწყვიტა და თავისი `ვალტერი~ გადატენა, _ აბა, კარგად იყავით, ბიჭებო!
_ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩ! _ დავუძახე.
_ პორე! _ კვლავაც ერთხმად დაუყვირა რამდენიმე პარტიზანმა.
ჩვენკენ აღარ მოუხედავს, თამამად გადააბიჯა გარეთ, თოვლიანი დღის ნათელში.
კი, კი, თოვლიანი დღის ნათელში.
თოვლიანი დღის ნათელში...
რამდენიმე არეული ნაბიჯი რომ გადადგა და შეჩერდა, სისხლიანი ნაკვალევი დატოვა თოვლზე. მაშინღა დავაკვირდი და დავინახე, რომ მარჯვენა მხარი სულ სისხლიანი ჰქონდა. ზურგს უკან დამალულ მარჯვენა ხელში თავისი საყვარელი `პარაბელუმი~ ეჭირა.
მერე მართლაც ბენიტო მუსოლინივით მბრძანებლურად ასწია მარცხენა ხელი, მისი გამოჩენით გახარებულ და აყაყანებულ გერმანელთა აუდიტორიას სიჩუმისკენ მოუწოდა:
_ Aცჰტუნგ! Aცჰტუნგ! Aცჰტუნგ!
გაკვირვებული გერმანელები რომ დადუმდნენ, მიღებული ეფექტით კმაყოფილმა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა დაუყვირა:
_ მეთაური მე ვარ, მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია!
შემდეგ ზურგს უკან დამალული `ვალტერი~ გამოაჩინა და ერთბაშად შედგნენ მისკენ გამოსაქცევად მზადმყოფი ჯარისკაცები.
_ გაუმარჯოს იტალიას! გაუმარჯოს თავისუფლებას! _ სანამ პისტოლეტს საფეთქელზე მიიდებდა და ჩახმახს დასხლეტდა, ასე შესძახა უკანასკნელად.
როგორც მერე მიამბო თავად ტერეზინა მოტამ, ეს ამბავი რომ გაუგია, გაოგნებული მდგარა ერთხანს.
მერე კოლონიისკენ გაქცეულა.
ვეღარ იგონებდა, როგორ მიურბენია სოფლის განაპირას მდგარ ბაიტასთან.
ამ ქვის სახლაკს წინა მხარეს კარი და ორი ფანჯარა ჰქონდა, უკანა კედელი კი ფერდობს ებჯინებოდა.
ფანჯრები ჩამსხვრეული იყო, ხის კარი და სურომოდებული კედლები _ ტყვიით დაცხრილული.
ტერეზინას გამოჩენაზე ვიღაც უცნობებს სიბრალულით შეუხედავთ და განზე გამდგარან.
გზა დაუთმიათ.
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ქათქათა თოვლზე დავარდნილიყო და რამდენიმე ადგილას ის ქათქათა თოვლი წითლად შეეღება სისხლს. საფეთქელზე შავად მოუჩანდა ჭრილობა.
ტერეზინას დაუჩოქია და იარა მოუწმენდია მოკლულისთვის.
მერე უკივლია, ცხედარს დამხობია და ქვითინი დაუწყია...
ირგვლივ შემოჯარულ მთებსაც მგლოვიარე ქალებივით რამდენჯერმე გაუმეორებიათ ტერეზინას კივილი.
მერე ტერეზინას ხმის ექო მიწყნარებულა და უგრძნია, რომ ძალიან საშიში სიჩუმე ჩამოვარდნილა და თავი აუწევია.
ფრიდა, შავი გერმანული დოგი ფრიდა მდგარა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის ცხედართან და მკვდარს დაჰყურებდა.
თურმე ტერეზინას სულ ეხუმრებოდა ხოლმე ფორე:
_ ფრიდას უფრო ვუყვარვარ, ვიდრე შენ!
და ფრიდა რომ ფალკენშტაინებს გაჰყვა ლოზანაში, მერე ტერეზინა უგებდა ნიშნს:
_ ეგეც შენი ერთგული ფრიდა!
და აი, მართლაც როგორი ერთგული გამოდგა... საკვირველი იყო, საიდან გაიგო ძაღლმა იმ სიშორეზე, რომ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ცოცხალი აღარ იყო.
_ აქაურმა მოსახლეობამ რომ ჭკუა ისწავლოს, ამ მეთაურის ცხედარი სოფელ მეინეს შუაგულში დააგდეთ! _ ბრძანება გაუცია გერმანელების მეთაურ ოფიცერს და ჯარისკაცებს ბრძანების ასრულება რომ დაუპირებიათ, ფრიდას ღრენა და ყეფა დაუწყია ფორმიანებისთვის, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩთან არ ნდომებია მათი მიშვება. მერე ერთ ჯარისკაცს ავტომატის ჯერი უსვრია ჰაერში და ასე დაუფრთხია ძაღლი.
იმავე ღამით, სიცოცხლის რისკის ფასად იქაურებს ფორეს ნეშტი მეინეს სასაფლაოზე დაუკრძალავთ.
მერე ტერეზინასთვის ამბავი მიუტანიათ, ფრიდა სულ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის საფლავთან არის, არსად მიდის და არც ჩვენს მიწვდილ საჭმელს ჭამსო და უფრო უარესად მაშინ უტირია ტერეზინას.
რამდენჯერმე მამამისი წაუყვანია, იქნებ როგორმე ფრიდა ჩვენთან წამოვიყვანოთო, მაგრამ ახლოს არ უშვებდა თურმე არავის და არც საჭმელს ჭამდა.
და ერთ დილასაც მკვდარი უნახავთ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის საფლავზე.
დანარჩენი პარტიზანები?
ხრისტოფორ ნიკოლაევიჩის თავგანწირვის შემდეგ გერმანელებმა ტყვედ ჩავარდნილი თექვსმეტი პარტიზანი ქალაქ ბავენოს ციხეში ჩაგვამწყვდიეს.
რამდენჯერმე დაგვიპირეს დახვრეტა...
ერთი ქალაქიდან მეორეში გადავყავდით, ვიდრე 1945 წლის აპრილში პარტიზანებმა არ გაგვათავისუფლეს.
ასე გადავრჩით ყველანი.
ვინ?
ის ედო დელგრატო, ვინც პირველმა გადააგდო თავისი იარაღი იმ წყეული ბაიტას ღია კარიდან?
ედო დელგრატო დღესაც ცოცხალია და ამ ქვეყნად შენც რომ აღარ იქნები, მაშინაც ცოცხალი იქნება _ ასეთი სასჯელი დაადო მაღალმა ღმერთმა, იდიდოს მისი სახელი.

ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი:
მოიცადე, მოიცადე...
ეს ჩომმედია დელლ’არტე თავისი არლეკინით, სკარამუჩათი, კოლომბინათი, პანტალონეთი და ბრიგელათი ფიოდორ ანდრიანოვიჩ პოლეტაევმა გამართა, არა?
ჰო, ჰო, ფიოდორ ანდრიანოვიჩ პოლეტაევმა. ისე კი, რომ იცოდე, ამ იტალიელებმა ვერც მაგისი გვარი ვერ ისწავლეს და `პოეტანი~ შეარქვეს.
ფიოდორ პოეტანი.
ჰოდა, დაიწყებდა და აღარ გაჩერდებოდა, _ კრუშინოს ტყვეთა ბანაკიო, ბარონი ჰანს ფონ ფალკენშტაინი თავისი ძაღლი ფრიდათი და ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა ალიყური აჭამაო, მერე კი იმან არ დახვრიტაო, არა? მაგას რა ედარდება, მოყოლა კარგი იცის; თუმცა რატომ არ უნდა იცოდეს, გრაფი ტოლსტოი ჰყავდა, ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი ჰყავდა და კიდევ ვერცხლის საუკუნის რამდენიმე მწერალი თავისი ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვით, რომლებმაც ისეთი თხრობა იცოდნენ, როგორც მდინარე ვოლგა მოედინება _ ფართოდ, გაშლილად, აუჩქარებლად, დინჯად და, რაც მთავარია, გამოუცნობად. ვერც დაინახავ და ვერც მიხვდები, სიღრმეში რას მალავს.
ოჰ, რა ხუმარა ვიღაცაა ეს რიაზანელი მჭედელი! არა, რიაზანელი კი არა, კატინოელი მჭედელი. არის ასეთი სოფელი რიაზანის მახლობლად.
რაო, რა მითხარი?
ვოლგა რატომ გავიხსენე?
მართალი ხარ. რასაკვირველია, რიაზანს მდინარე ოკა ჩამოუდის, მაგრამ ისიც ხომ ვოლგას უერთდება სახელგანთქმულ ქალაქ გორკისთან. და საერთოდ, რუსეთში ყველა მდინარე ვოლგაა, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც სხვა სახელი ერქვას...
ფიოდორ ანდრიანოვიჩი თავისი გმირობის ამბავს მოგვიყვა, ოღონდ ისე, თითქოს იმას კი არა, მე მომეკლას თავი და ასე გადამერჩინოს ის თექვსმეტი კაცი.
სინამდვილეში კი აი, რა გადამხდა:
მე გენუის მახლობლად, ქალაქ ალესანდრიაში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში საფრანგეთიდან გადმომიყვანეს.
1944 წელს იტალიელების დახმარებით გავიქეცი იქიდან და ლიგურიის პარტიზანებს შევუერთდი.
ჯერ მესამე ოპერატიულ ზონაში ვიბრძოდი, მერე `ნინო ფრანკის~ ბატალიონში, რომელიც პარტიზანული დივიზიის `პინან ჩიკეროს~ ბრიგადა `ორესტეში~ შედიოდა.
მე ვმონაწილეობდი იტალიელ პარტიზანთა მრავალ საბრძოლო ოპერაციაში, როცა ფაშისტებს თავს ვესხმოდით გენუა-სარავალე-სკრივიას ავტოსტრადის რაიონში.
ამ დროს, ესე იგი, 1945 წლის ზამთარში, რა ხდებოდა, იცი?
ვერმახტის მეთაურობა ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას ლიგურიის მთიანი გზებით აგზავნიდა სამხრეთისკენ, რათა რომის დაცვა გაეძლიერებინა.
მთიანი გზებით იმიტომ, რომ მაშინ მოკავშირეები უკვე ნეაპოლში იყვნენ გადმომსხდარი და ზღვის გასწვრივ გზას იმათი თვითმფრინავები ბომბავდნენ.
ჩვენ ლიგურიის მთიან გზებს ვაკონტროლებდით, ჩასაფრებებს ვუწყობდით მტერს.
ნაცისტები კი ჩვენგან გზის გაწმენდას ცდილობდნენ და აქეთ გაძლიერებულ დამსჯელ რაზმებს აგზავნიდნენ.
1945 წლის 2 თებერვალს სწორედ ერთი ამისთანა ორმოცდაათკაციანი რაზმი აღმოაჩინა პარტიზანულმა პატრულმა მთიან სოფელ კანტალუპო-ლიგურეში.
დივიზიის მეთაურობამ გვიბრძანა, შეგვეჩერებინა მტერი და არ მიგვეცა სხვა სოფლების დაკავების საშუალება.
`ნინო ფრანკის~ ბატალიონის ერთ ოცკაციან რაზმს გერმანელებისთვის ზურგიდან და ფლანგიდან უნდა შემოევლო, მეორე კი, რომელიც ჩემიანად ათი პარტიზანისგან შედგებოდა, გერმანელებს გზაზე უნდა შეხვედროდა.
ჩვენსა და სოფელს შორის კილომეტრზე ნაკლები გზა იქნებოდა, სწორი, თოვლით დაფარული და ორივე გზისპირის გაყოლებაზე იშვიათი ბუჩქებით, ზამთრის სიცივისგან რომ გასცვენოდათ ფოთლები.
დაახლოებით დღის პირველ საათზე დავინახეთ, რომ კანტალუპოდან მტერი გამოვიდა. ჩვენს შესახვედრად მოდიოდნენ, გზის კიდეებზე ორრიგად დაწყობილები და ავტომატმომარჯვებულები.
ჩვენ ვუცდიდით, ვიმალებოდით და როცა საკმაოდ ახლოს მოვიდნენ, ცეცხლი გავუხსენით. მტერი გზის კიდეებზე გაიფანტა, თოვლში ჩაწვა და საპასუხო ცეცხლი გაგვიხსნა.
ორმხრივი სროლა დიდხანს გრძელდებოდა.
გერმანელები უკან არ იხევდნენ. ჩვენ კი გათვლილი გვქონდა, რომ უკან დახევისას ჩვენი ამხანაგების ჩასაფრებაში მოჰყვებოდნენ, რომლებმაც უკვე გზა მოუჭრეს.
მაშინ გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შეგვეტია და ორ ჯგუფად გავიყავით. ერთმა მოძრაობა დაიწყო გზის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, ხოლო მეორემ, რომელშიც ფიოდორიც შედიოდა, _ მარჯვენა ნაპირის გაყოლებით, მინდორზე, რომელიც ორი-სამი მეტრით მაღლა იყო გზიდან.
ბუჩქების ამოფარებით გერმანელებს ოც მეტრამდე მივუახლოვდით და თოვლზე დაწოლილებმა ისევ გავუხსენით ცეცხლი, მაგრამ გერმანელები კარგად დაფარულები აღმოჩნდნენ ჩვენი ტყვიებისგან.
ხელყუმბარები არ გვქონდა და საკმაოდ ცოტანი ვიყავით, პირდაპირ რომ შეგვეტია ანდა დიდხანს დავრჩენილიყავით გაცილებით მრავალრიცხოვან მტერთან ასე ახლოს.
იმ დროს, როცა თანამებრძოლები ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, მე მოულოდნელად წამოვხტი და გზაზე გადავხტი, პირდაპირ მტრის განკარგულებაში.
მარჯვენა ხელში მაღლა აწეული ავტომატი მეჭირა და იტალიური და გერმანული სიტყვების ერთმანეთში არევით ხმამაღლა ვყვიროდი:
_ თქვენ ალყაში ხართ! დაგვნებდით, თორემ ყველას კაპუტ!
განცვიფრებული გერმანელები წამოდგნენ, ხელები ასწიეს მაღლა, მაგრამ იმ წამებში, დანარჩენი მებრძოლები რომ ჩემკენ გამორბოდნენ, შორიდან ნასროლი მომხვდა და გულაღმა დავეცი გზაზე.
ფაშისტები მალე დანებდნენ პარტიზანებს, მხოლოდ რამდენიმე კაცი შეეცადა გაქცევას, მაგრამ წამოეწივნენ და ტყვედ აიყვანეს.
გერმანელები რომ განაიარაღეს, კომისრის მოადგილე კარლო, იგივე გ. ბ. ლაზანია, მაშინვე დაბრუნდა, რომ დამხმარებოდა: ეგონა, მხოლოდ დაჭრილი ვიყავი.
მაგრამ ტყვია ყელში მომხვდა.
მე მკვდარი ვიყავი და თოვლიანი დღის ნათელში ვიწექი.
კი, კი, თოვლიანი დღის ნათელში.
თოვლიანი დღის ნათელში...
სირბილისაგან ჯერ კიდევ ვარდისფერ სახეზე ღიმილი მქონდა შეყინული.
თვალები დახუჭული მქონდა.
მხოლოდ სისხლის ნაკადული მოდიოდა თოვლზე და თითქმის შეუმჩნეველი იყო პარტიზან-გარიბალდელის წითელ ყელსახვევზე, რომელსაც მეც სხვა პარტიზანებივით ყელზე მოხვეულს ვატარებდი...
აი, ქალბატონი ფრიდაც გვესტუმრა!
ფრიდა, გაჩერდი!
იდექი, ფრიდა!
თავი დაანებე!
თავი დაანებე, მე შენ გელაპარაკები!
ნუ ახტები ამ კაცს, მით უმეტეს, რომ ჩვენი სტუმარია. და, ალბათ, ყველაფერი გადაავიწყდა, რაც კი აქ მოისმინა. და არც შენზე, ჩემზე და ფიოდორ ანდრიანოვიჩზე დაწერს რამეს. ესეც შენ...
მოეშვი, ფრიდა!
ვის ველაპარაკები?!
აბა, ბაღში!
ჩქარა, ბაღში!
ფრიდა!
ისევ იქ დადე ეს პაპიე-მაშე!
ჩქარა!
ამ ყმაწვილს უკვე ეშინია შენი, აბა, ადრე სად ნახავდა შავი შუქისგან შექმნილ ძაღლს?!
მოოდი, ჩემო პაკიპუკა, ჩემო მშვენიერო, ჩემო ცელქო...
ჩემო ჭკვიანო!
ფრიდა, ისევ თავიდან დაიწყე?!
აბა, წამომყევი ბაღში...
ფრიდა, ვის ვეუბნები?
აბა, კარგად იყავი, ყმაწვილო...
და დაიმახსოვრე, არ უნდა იდარდო...
ფრიდა, დამიცადე!

ფიოდორ ანდრიანოვიჩი:
მაგას არ დაუჯერო.
სინამდვილეში ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მოგიყევი.
ხომ იცი, რა მასხარაა და ახლაც იხუმრა ხრისტოფორ ნიკოლაევიჩმა, ჰო, ჰო, ხრისტოფორ ნიკოლაევიჩ მოსულიშვილმა, თავისი გმირობა მე გადმომაბრალა და ჩემი კი თავად გადაიბრალა...
რაო, მეც ვხუმრობ?
არც მე მიომია ფორესთან ერთად?
ჰო, კარგი...
ისე კი, რომ იცოდე, სხვაობა დიდი არაფერია _ ორივენი იტალიის ეროვნული გმირები ვართ, ოქროს მედლის `მხედრული მამაცობისათვის~ კავალრები.
იტალიაში ამაზე უმაღლესი ჯილდო აღარ არსებობს და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარისკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს.
მაგრამ ხრისტოფორ ნიკოლაევიჩი ამბობს, იმ გენერლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენო, ოქროს მედლის კავალერი ჯარისკაცები ხომ, როგორც წესი, ცოცხლები აღარ არიან. ისინი ძალიან იოლად გაივლიან ოცივე საზვერეს და აი, ამისთანა, ღვთის დიდებული ხელით შექმნილ სავანეებში ცხოვრობენ. და ეს სავანეები, როგორც ხედავ, განათებულია... როგორ უნდა ვთქვა, რომ მიმიხვდე?.. თოვლიანი დღის ნათელით.
აი, ასე მოვდივართ თოვლიანი დღის ნათელში.
კი, კი, თოვლიანი დღის ნათელში.
თოვლიანი დღის ნათელში...