ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 გიორგი  კაკაბაძე
შეშლილი, შეშლილი სამყარო           გაზიარება გადმოწერა
გიორგი კაკაბაძე

რეცენზია მაკა მიქელაძისა და ბესო ხვედელიძის ერთობლივ რომანზე `იხვის ტოლმა~

შეშლილობის თემა ლიტერატურაში არაერთ ავტორს დაუმუშავებია, მაგრამ მე რატომღაც ორი გამახსენდა: ფრიდრიხ დიურენმატის (1921-1990) პიესა `ფიზიკოსები~ და კენ კიზის (1935-2001) რომანი `ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა~. ორივე 1962 წელსაა დაწერილი და ორივეში მთავარი გმირი ფსიქიატრიული კლინიკის ექთანს კლავს, მაგრამ მათი მსგავსება ამით ამოიწურება, რადგან განსხვავება გაცილებით მნიშვნელოვანია. თუკი დიურენმატის პიესაში მეცნიერები შეშლილობას მოიმიზეზებენ და უზნეო და სასტიკ საზოგადოებას ფსიქიატრიულ კლინიკაში ემალებიან, კიზის რომანში სრულიად სხვაგვარადაა საქმე: იქ თავად ფსიქიატრიულია დესპოტური სამყაროს მოდელი და ერთგვარი სატუსაღო, სადაც სისტემა პიროვნებას ეწინააღმდეგება. ნაწარმოებში ამ სისტემის მთელ ბოროტებას უფროსი მედდა _ მისს გნუსენი განასახიერებს, ხოლო ადამიანები იმ საცდელი თაგვებივით არიან, რომლებზედაც სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებენ.
დიდი ხანია, რაც ფსიქიატრები თვით შემოქმედის ფენომენითა და შემოქმედებასა და შეშლილობას შორის ურთიერთკავშირითაც დაინტერესდნენ. თითქოს აღარც კი გვინდა დავიჯეროთ, რომ დანტე, შექსპირი, ლეონარდო და ვინჩი, ბეთჰოვენი... ჩვეულებრივი მოკვდავნი იყვნენ; ამავე დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით, სურვილითა და შესაბამისი საქციელით იქმნიდნენ შეშლილის რეპუტაციას: ჰოლდერლინი, სალვადორ დალი და სხვები. როგორც უნდა იყოს, ამ საკითხით დაინტერესებულ ცნობილ იტალიელ ფსიქიატრსა და პუბლიცისტს ჩეზარე ლამბროზოს (1835-1909) თავის ცნობილ ნაშრომში `გენიალურობა და შეშლილობა~ ამ ორ ცნებას შორის რეალური ზღვრის გავლება უჭირს.
პიროვნებასა და სამყაროს ურთიერთკავშირი რთული ამოსაცნობია. კაცობრიობის მიერ განვლილმა გზამ დაადასტურა, რომ საყოველთაო პროგრესი ადამიანის სულიერი თავისუფლებისა და ბედნიერების გარანტი ვერ გახდა. ამიტომ, როდესაც სოფელი მოგიძულებს, მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ აღგიქვამს იგი შენ, შეშლილად თუ ნორმალურად, მაგრამ როდესაც შენთვის გაუცხოვდება მთელი სამყარო, უკვე სულერთია, სად ამოყოფ თავს: დიდი ქალაქის ფეშენებელურ უბანში თუ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პატარა შენობაში.
რომანი ირონიული სახელწოდებით `იხვის ტოლმა~ ფსიქიატრიულის თემაზე დაწერილი საყურადღებო ლიტერატურული ექსპერიმენტია. თავისთავად ორი მწერლის მიერ შექმნილი ნაწარმოები ლიტერატურისათვის უცხო არაა, მაგრამ ამჯერად უცნაურ სინთეზთან გვაქვს საქმე:
ექიმ ფსიქიატრის ტექსტი პროფესიონალი ფსიქოლოგის _ მაკა მიქელაძის დაწერილია.
შეიძლება ითქვას, რომ ბესო ხვედელიძემ მას თავისი შემოქმედების განსჯა და შესაბამისი ფსიქიატრიული დასკვნების გაკეთება მიანდო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს რომანში ორი განსხვავებული ან ურთიერთგამომრიცხავი ტექსტი არსებობდეს. პირიქით, მათი ემოციური ტონი და თხრობის ხასიათი ადეკვატურია. ასე რომ, ისინი ერთ მშვენიერ, სინთეზურ კომპოზიციას ქმნიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე წუთიდან ორივე ტექსტი წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას და მხოლოდ ერთმანეთთან კონტექსტში მოიაზრება.
კიდევ ერთი საინტერესო ხერხი: რომანი ფოტოებითაა გაფორმებული (გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის პირადი ფოტოარქივი). ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ ტექსტის აბსურდულ ხასიათს. ამის გამო ეს ლიტერატურული ექსპერიმენტი შეიძლებოდა ფოტორომანადაც მონათლულიყო.
წიგნის პრეზენტაციის დროს მაკა მიქელაძემ რომანის სათაურთან დაკავშირებით განაცხადა:
`ტექსტის ძირითადი ნაწილი, `წმინდა ქართული ვირუსი~, ფსიქიატრის მიერ შექმნილ პროლოგსა და ეპილოგში ტოლმასავითაა გახვეულიო. გარდა ამისა, სათაურს კიდევ ერთი დატვირთვაც აქვს, იგი ნაწარმოების კვანძის გახსნაში გვეხმარება:
იხვის ტოლმა ის კერძია, რომლის შესახებაც ყველას სმენია, მასზე ყოველდღიურ საუბარში ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ მისთვის გემო არავის გაუსინჯავს, იმიტომ, რომ ასეთი კერძი რეალურად არ არსებობს, იგი აბსტრაქტული სივრცის საკუთრებაა. შეუთავსებლის შეთავსება და არარსებულის არსებობა რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ იგი აბსურდულ ხასიათს ატარებს. რომანში `იხვის ტოლმა~ კი აბსურდი რეალობად გასაღებული ის ფორმაა, რომელიც საღი აზროვნების ხაზგასასმელად გამოიყენეს ავტორებმა.
მთავარი გმირი კოკა ბესო ხვედელიძის კიდევ ერთი რომანის `გაფრინდინელას~ პერსონაჟიცაა. როგორც ჩანს, მწერლისათვის პიროვნების კონფლიქტი სოციუმთან იმდენად მტკივნეული თემაა, რომ მას ახალ რომანში ახალი სათქმელით დაუბრუნდა. ამიტომ მეც ზოგიერთ დასკვნას ძველი რომანის ტექსტზე დაყრდნობით გავაკეთებ.
რომანის მოქმედება ფსიქიატრიულში ხდება. ექიმ მარიშკა მიშველაძისა და მისი პაციენტის კოკა ინაშვილის წერილების საშუალებით მკითხველი მათ სულიერ სამყაროში შეღწევას და იმავდროულად შემოქმედის ფსიქოლოგიურ თავისებურებებში გარკვევას ახერხებს. აბსურდის პოეტიკა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ანალიზის ჟანრია, ამიტომ იგი პერსონაჟებს არა მხოლოდ მეტაფორიდან აბსურდზე თავისუფალი გადასვლის, არამედ საკუთარ თავში ჩახედვისა და თავს მოხვეული მდგომარეობის მიზეზებში გარკვევის საშუალებასაც აძლევს.
რომანის მეორე გმირის _ ფსიქიატრიულის ექიმის მარიშკა მიშველაძის გამოჩენა თავიდანვე ბადებდა ეჭვს, რომ აქ ორი სამყაროს დაპირისპირება უნდა მომხდარიყო: ექიმისა და პაციენტის, ქალისა და კაცის, შეშლილობისა და ნორმის, მაგრამ კოკას მსგავსად მარიშკაც ცხოვრებაში გზააბნეული და დაკარგული პიროვნებაა, ამიტომ მათ რეალური დაპირისპირების მიზეზი არ აქვთ.
კოკას წერილებიდან ირკვევა, რომ მისი მთავარი პრობლემა მენტალიტეტის შეცვლაა, მისთვის მიუღებელია დამკვიდრებული ფასეულობები. სამყარო, რომლის გამოც მან შეშლილის ნიღაბი აიფარა და თავი ფსიქიატრიულს შეაფარა, ალოგიკური და ქაოსურია (მასში ადვილად ამოიცნობა ჩვენი სოციუმის მოდელი). ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ადამიანებმა სახლები მიატოვეს და პირადი ცხოვრება ქუჩაში გამოაძევეს. აქ ანდერგრაუნდი სულიერ მდგომარეობადაა წარმოდგენილი. რომანი ბადებს შეკითხვას: იქნებ მენტალიტეტი თავად საზოგადოებას შეეცვალა და არა პიროვნებას, იქნებ მან გადაუხვია განვითარების ბუნებრივ გზას?
სამყაროს იმ სტილიზებულ სურათში, რომელსაც კოკა და მარიშკა აღიქვამენ, არეულია არა მხოლოდ დრო და მოვლენები, არამედ პერსონაჟთა საქციელი, ლოგიკა, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული: `ბუნებაში ხომ ყველაფერი მოძრაობს, ერთმანეთს ეჯახება, იწყება, მთავრდება.
თუ შენ ხარ ლენინი, მაშინ აუცილებლად შეიცავ ანიჩკა კაპლანს, თუ შენ ხარ შალომ ჩელე, მაშინ _ ანფისა კალამბუროვას. თუ შენ გქვია ზოსო, შეიძლება გერქვას იონაც. თუ შენ გქვია ლოლა, აუცილებელი არ არის გაიქცე, შეგიძლია წახვიდე. თუ მე მესმის `ჰანი~, ვიღაცა ტირის `ააააანს~, თუ მე ვკვდები სიმსივნით, შენ აღარ გივითარდება კარიესი~... და ასე შემდეგ.
ყოველგვარი კანონზომიერების მიუხედავად, პერსონაჟები მეგობრობენ, ერთმანეთს ებრძვიან, ქორწინდებიან, შორდებიან, იცვლიან სქესს, საცხოვრებელს, მსოფლმხედველობას... თითქოს ეპიზოდური გმირებიც: `რომის პაპი~, `რიჩარდ ლომგული~ `იულიუს კეისარი~ და სხვები ფსიქიატრიული კლინიკის პოტენციური პაციენტები არიან; ანუ დიურენმატისა და კიზის პოლისებისაგან განსხვავებით, სადაც გამიჯნულია ცხოვრების საშიში და უსაფრთხო ზონები, რომანში `იხვის ტოლმა~ ორ სამყაროს შორის ზღვარი წაშლილია. აქ ძნელი გამოსაცნობია გენიალურობა და შეშლილობა. ტოტალური ძალადობის სტიქიაში მოხვედრილი ადამიანი სრულიად დაუცველია უბედურებისაგან.
რომანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა შიშის თემას, როგორც პიროვნების ინსტინქტურ-ემოციურ რეაქციას მოახლოებული საფრთხის წინაშე. შიში იწვევს როგორც შინაგან, ფსიქოლოგიურ, ისე გარეგნულ, სოციალურ შედეგებს. ამიტომ თავის გადარჩენის ბუნებრივი მოთხოვნილება და განცდები პერსონაჟების არაერთმნიშვნელოვან საქციელს განაპირობებს. დაუზუსტებელია თვითონ საფრთხის ფორმაც და ისიც, საიდან შეიძლება იგი მოდიოდეს. სივრცეში, რომელსაც ნაწარმოები ასახავს, გუშინდელი მეგობარი ხვალინდელი მტერია, ან პირიქით. ეს ავტორებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ ბოროტების ერთგვარი კონცეფცია:
ბოროტება მოუხელთებელია და ანონიმური. როდესაც გვგონია, რომ მის არსს ჩავწვდით, იგი ფორმას იცვლის, ხელიდან გვისხლტება და ახალი, გამოუცნობი სახით გვევლინება. ეს ჩვენი დროისა და ყოფის აჩქარებული კინოკადრია, რომელშიც დროდადრო თვალს მოვკრავთ მშობლიური სოცრეალიზმის ნაცნობ ფრაგმენტებს.
ავტორები მიმართავენ გროტესკულ პაროდიას, რათა გამოააშკარაონ დამკვიდრებული შეხედულებები და ცრუმორალისტური სენტენციები, რომელთაც რეალურად არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, რადგან ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მასის ძირითად წარმმართველ და მამოძრავებელ ძალას კვლავ ინსტინქტები წარმოადგენს. ტექსტში აბსურდამდეა დაყვანილი ადამიანის მცდელობა, რომ რაიმეს კანონის სახე და ფორმა მისცეს. ავტორთა ამოცანაა მეტი ეთიკური შეუსაბამობისა და ყოფითი შეუთავსებლობის აღმოჩენა და ჩვენება, რა სულიერ დრამამდე შეიძლება მივიდეს საზოგადოება, თუკი აბსურდული იდეები სამყაროში განხორციელების გზებს მოძებნიან. ალბათ ამიტომაცაა, რომ საბოლოოდ რომანში ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდება ფეოდალური, მონათმფლობელური და პირველყოფილი წყობილებისაკენ. სულ ბოლოს კი ღმერთი ქაღალდის ხელსახოცში გახვეულ ერთ მუჭა ქართულ მიწას აიღებს და `რაღაც უგზო-უკვლოდ სანატრელისა და თბილის ძერწვას შეუდგება~ და ალბათ ყველაფერი თავიდან დაიწყება.
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, თითქოს რომანში მივიწყებული იყოს ნუგეშის, იმედისა და გადარჩენის თემა. ამ თვალსაზრისით საინტერესო მხატვრული სახეა ექიმი მარიკა მიშველაძე. მისი რთული სულიერი მდგომარეობის დასახასიათებლად ყველაზე მეტად ემილი დიკინსონის სიტყვები დაგვეხმარება, რომელსაც ერთგან უთქვამს:
`არ ვიცი, საიდან მოვა განთიადი, ამიტომ ყველა კარს ვაღებ.~
ერთი შეხედვით მკაცრი და გაუმხელელი სევდით გულჩათხრობილ ექიმს `არარსებულის მოლოდინში~ სულის ყველა კარი აქვს გაღებული. ამიტომ მეოცნებე და თავისუფლებისმოყვარე კოკას გამოჩენა მას საკუთარი მუსიკის გაღვიძებასა და საკუთარი ადგილის მოძებნაში დაეხმარება.
`გესმის, უფლის ციხეში ვართ ყველანი~ _ აცნობიერებს საბოლოოდ ქალი და ხვდება, რომ კოკას ილუზიური სამყაროს _ `როზენბურგის~ მსგავსად, მასაც აქვს ადგილი, რომელიც მისთვის ბედნიერების აბსტრაქტული და იმავდროულად რეალური სიმბოლოა; სიმბოლო, რომელიც იხვის ტოლმასავით ნაცნობიცაა და მიუწვდომელიც. მართალია `როზენბურგისაგან~ განსხვავებით უფლისციხე რეალურად არსებული გეოგრაფიული ადგილია, მაგრამ ეს სიტყვა ომონიმის გამოყენების უფლებას გვაძლევს და კონკრეტულის გარდა აბსტრაქტულ მნიშვნელობასაც იძენს.
ამის შემდეგ კი უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის სულიერი საზღვრების დადგენის ყველა მცდელობა ამაოა, რადგან ჩვენ, ყველანი, უფლის ციხეში, უზენაესის მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და საბოლოოდ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, სად იწყება შეშლილობა და სად მთავრდება ნორმა; ან კიდევ ბარიერის რომელ მხარეს აღმოჩნდებიან დიდ სამყაროში დაკარგული მოხეტიალე სულები.